საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/12/1628 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, ვასილ როინიშვილი, გიორგი თევდორაშვილი, |
თარიღი | 15 მარტი 2023 |
გამოქვეყნების თარიღი | 17 მარტი 2023 11:07 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი – სხდომის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე – წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
გიორგი თევდორაშვილი – წევრი.
სხდომის მდივანი: მანანა ლომთათიძე.
საქმის დასახელება: საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 33-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილეები: მოსარჩელე მხარის წარმომადგენელი მიხეილ შარაშიძე; მოპასუხე მხარის – საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები – ქრისტინე კუპრავა, ლევან ღავთაძე და ნინო შარმანაშვილი; საჯარო დაწესებულების – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელები – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დირექტორი ლანა ცანავა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის სამმართველოს უფროსის მოადგილე თამთა ზაალიშვილი და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის მოსამსახურე მარიამ ჭიკაძე; საჯარო დაწესებულების – საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელი თეიმურაზ მიქაბერიძე.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 22 ივლისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1628) მომართა საქართველოს სახალხო დამცველმა. №1628 კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადმოეცა 2021 წლის 23 ივლისს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2021 წლის 16 დეკემბერს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 16 დეკემბრის №1/15/1628 საოქმო ჩანაწერით №1628 კონსტიტუციური სარჩელი ნაწილობრივ იქნა არსებითად განსახილველად მიღებული. №1628 კონსტიტუციური სარჩელის არსებითი განხილვის სხდომა, ზეპირი მოსმენით, გაიმართა 2023 წლის 23 და 24 თებერვალს.
2. №1628 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი.
3. „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ საერთაშორისო დაცვის თაობაზე შესაბამისი საბოლოო გადაწყვეტილებით განისაზღვრება, რომ უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი საერთაშორისო დაცვას არ საჭიროებს, მასზე აღარ გავრცელდება ამავე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების მექანიზმი/წესი.
4. საქართველოს კონსტიტუციის 33–ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული ნორმების შესაბამისად, კანონით დადგენილი წესით საქართველო თავშესაფარს აძლევს სხვა სახელმწიფოს მოქალაქეებსა და მოქალაქეობის არმქონე პირებს.
5. №1628 კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ თუ უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად იმოქმედებს ანუ საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოსვლისას დაუყოვნებლივ გამოცხადდება ხელისუფლების ორგანოებში, წარადგენს სათანადო განმარტებას დასჯადი ქმედების ჩადენის მიზეზთან დაკავშირებით და მოითხოვს საერთაშორისო დაცვას, მას მიენიჭება თავშესაფრის მაძიებელი პირის სტატუსი და ცნობა, თუმცა განცხადების განხილვისა და საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, თუ პირის მიმართ მიღებული იქნება გადაწყვეტილება საერთაშორისო დაცვის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ იგი დაექვემდებარება სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოსვლისთვის. მოსარჩელე მხარის პოზიციით, ზემოაღნიშნული ქმედებისთვის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობაში იგულისხმება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3221, 344-ე და 362-ე მუხლებით დადგენილი პასუხისმგებლობა – კერძოდ კი, „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის დარღვევით საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლისათვის, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისათვის და ყალბი დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადების, გასაღების ან გამოყენებისათვის. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირის ქმედების დანაშაულად მიჩნევისა და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებისთვის გადამწყვეტია არა თავად აღნიშნული პირის მოქმედება და პასუხისმგებლობის გამომრიცხავი გარემოებები, არამედ ის, თუ შემდგომში როგორ გადაწყვეტილებას მიიღებს შესაბამისი სახელმწიფო ორგანო.
6. საქართველოს სახალხო დამცველის განმარტებით, სადავო ნორმა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების წინაპირობად განსაზღვრავს თავშესაფრის მოთხოვნაზე განცხადების წარდგენას, თუმცა უშუალოდ პასუხისმგებლობის დაკისრებას შესაძლებელს ხდის აღნიშნული მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ როდესაც თავშესაფრის მაძიებელი ინდივიდისათვის ცხადად არ არის უზრუნველყოფილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების გარანტია და მისგან დამოუკიდებელი, ხშირად, გაურკვეველი მიზეზებით, იგი შეიძლება, დაექვემდებაროს დასჯას, მან შესაძლოა, წინასწარვე, საერთოდ უარი თქვას თავშესაფრის მოთხოვნაზე. სწორედ ამიტომ, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმით გათვალისწინებულ მოწესრიგებას მსუსხავი ეფექტი გააჩნია თავშესაფრის მიღების კონსტიტუციურ უფლებასთან მიმართებით და, შესაბამისად, არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 33-ე მუხლის მე-3 პუნქტს.
7. მოსარჩელე მხარე, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკასა და საერთაშორისოსამართლებრივ დოკუმენტებზე.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. №1628 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარეს წარმოადგენს საქართველოს სახალხო დამცველი. 2023 წლის 24 თებერვალს, საქმის არსებითი განხილვის მიმდინარეობისას, საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენელმა, მიხეილ შარაშიძემ, შუამდგომლობით მომართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს და უარი თქვა სასარჩელო მოთხოვნაზე.
2. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, მოსარჩელეს უფლება აქვს, უარი თქვას სასარჩელო მოთხოვნაზე. ამასთანავე, სასარჩელო მოთხოვნაზე უარის თქმა იწვევს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას.
3. ამრიგად, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტზე დაყრდნობით, №1628 კონსტიტუციურ სარჩელზე საქმე უნდა შეწყდეს.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. შეწყდეს საქმე №1628 კონსტიტუციურ სარჩელზე („საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი
ევა გოცირიძე
გიორგი თევდორაშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე