საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N1/15/1628 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, ვასილ როინიშვილი, გიორგი თევდორაშვილი, |
თარიღი | 16 დეკემბერი 2021 |
გამოქვეყნების თარიღი | 28 დეკემბერი 2021 12:05 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი – სხდომის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე - წევრი;
გიორგი თევდორაშვილი- წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე.
სხდომის მდივანი: მანანა ლომთათიძე.
საქმის დასახელება: საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტსა და 33-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 22 ივლისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1628) მომართა საქართველოს სახალხო დამცველმა. №1628 კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადმოეცა 2021 წლის 23 ივლისს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2021 წლის 16 დეკემბერს.
2. №1628 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი.
3. „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ საერთაშორისო დაცვის თაობაზე შესაბამისი საბოლოო გადაწყვეტილებით განისაზღვრება, რომ უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი საერთაშორისო დაცვას არ საჭიროებს, მასზე აღარ გავრცელდება ამავე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების დებულება.
4. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, „არავინ აგებს პასუხს ქმედებისათვის, რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა. კანონს, თუ იგი არ ამსუბუქებს ან არ აუქმებს პასუხისმგებლობას, უკუძალა არა აქვს.“ საქართველოს კონსტიტუციის 33–ე მუხლის მე-3 პუნქტი ადგენს: „საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული ნორმების შესაბამისად, კანონით დადგენილი წესით საქართველო თავშესაფარს აძლევს სხვა სახელმწიფოს მოქალაქეებსა და მოქალაქეობის არმქონე პირებს.“
5. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, თუ უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად იმოქმედებს ანუ საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოსვლისას დაუყოვნებლივ გამოცხადდება ხელისუფლების ორგანოში, წარადგენს სათანადო განმარტებას დასჯადი ქმედების ჩადენის მიზეზთან დაკავშირებით და მოითხოვს საერთაშორისო დაცვას, მას მიენიჭება თავშესაფრის მაძიებელი პირის სტატუსი და ცნობა, თუმცა განცხადების განხილვისა და საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, თუ პირს უარი ეთქვა საერთაშორისო დაცვის მინიჭებაზე, იგი დაექვემდებარება სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოსვლისთვის. შესაბამისად, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ პირის ქმედების დანაშაულად მიჩნევისა და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებისთვის გადამწყვეტია არა თავად თავშესაფრის მაძიებელი პირის მოქმედება და პასუხისმგებლობის გამომრიცხავი გარემოებები, არამედ ის, თუ შემდგომში როგორ გადაწყვეტილებას მიიღებს შესაბამისი სახელმწიფო ორგანო.
6. მოსარჩელე აპელირებს, რომ ქმედება, რომელმაც კონკრეტულ ვითარებაში დაკარგა დანაშაულებრივი ხასიათი, აღარ უნდა იყოს სისხლისსამართლებრივი შეფასების ობიექტი. მხარის განმარტებით, პირს თავშესაფრის მაძიებლის სტატუსის მინიჭებით, ეძლევა საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად ყოფნის უფლება და მის მიმართ აღარ ხორციელდება სისხლისსამართლებრივი დევნა, თუმცა ამასთანავე აუცილებელია, რომ საერთაშორისო დაცვის მოთხოვნაზე უარის შემთხვევაშიც ჩადენილი ქმედებისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის კვლავ ამოქმედება დაუშვებელი იყოს.
7. კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია, რომ გასაჩივრებული ნორმის მოქმედების პირობებში, პირმა, რომელიც საერთაშორისო დაცვის მიღების მოთხოვნით საქართველოს ტერიტორიაზე შემოდის, არ იცის მის მოქმედებას სახელმწიფო მიიჩნევს თუ არა დასჯად ქმედებად და დააკისრებს თუ არა სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას. პირისთვის უცნობია, როგორი იქნება კანონის მასზე და მის მოქმედებებზე გავრცელების სამართლებრივი შედეგები. განცხადების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის კვლავ დაკისრება ლახავს პირის ლეგიტიმურ მოლოდინებს, რამდენადაც თავშესაფრის მაძიებელი პირის მიერ, საკუთარი ინიციატივით, უკანონო ქმედების შესახებ დაუყოვნებლივ გაცხადება სწორედ იმ იმედით ხდება, რომ მას ამ ქმედებისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა აღარ დაეკისრება. აქედან გამომდინარე, მხარის განმარტებით, სადავო ნორმა, ერთი მხრივ, ქმედებისთვის post factum აწესებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, ხოლო, მეორე მხრივ, უგულებელყოფს კანონის განჭვრეტადობისა და სანდოობის პრინციპებს, რითაც არღვევს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტით დადგენილ პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმის უკუძალის აკრძალვისა და განჭვრეტადობის პრინციპებს.
8. მოსარჩელე მხარე ასევე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმას მზღუდავი ეფექტი აქვს თავშესაფრის მოთხოვნის კონსტიტუციურ უფლებაზე, გამომდინარე იქიდან, რომ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების წინაპირობად განსაზღვრავს თავშესაფრის მოთხოვნაზე განცხადების წარდგენას, თუმცა უშუალოდ პასუხისმგებლობის დაკისრებას შესაძლებლად ხდის აღნიშნული მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობისას. მოსარჩელე ყურადღებას ამახვილებს, რომ, როდესაც პირისთვის ცხადად არ არის უზრუნველყოფილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების გარანტია და მისგან დამოუკიდებელი, ხშირად გაურკვეველი მიზეზებით იგი შეიძლება მაინც დაექვემდებაროს დასჯას, მან შეიძლება წინასწარვე, საერთოდ, უარი თქვას თავშესაფრის მოთხოვნაზე, ამიტომაც სადავო შეზღუდვას მზღუდავი ეფექტი გააჩნია თავშესაფრის მიღების კონსტიტუციურ უფლებასთან მიმართებით და, შესაბამისად, არღვევს კონსტიტუციის 33-ე მუხლის მე-3 პუნქტს.
9. მოსარჩელე, თავისი არგუმენტაციის გასამყარებლად, დამატებით იშველიებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკას, აგრეთვე საერთაშორისო დოკუმენტებს სადავო საკითხთან დაკავშირებით.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღება, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. ამ მხრივ, ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მოთხოვნას განამტკიცებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტი, რომლის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს“. ამავე კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი განისაზღვრება კონსტიტუციურ სარჩელში იმ მტკიცებულებათა წარმოდგენის ვალდებულება, რომლებიც ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). ამავდროულად, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). თავის მხრივ, მოსარჩელეს სწორად უნდა ჰქონდეს გაგებული საქართველოს კონსტიტუციის იმ ნორმების შინაარსი, რომლებთან მიმართებითაც ის აყენებს სადავო ნორმის კონსტიტუციურობის საკითხს (საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 ოქტომბრის №2/4/420 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ცისანა კოტაევა და სხვები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-7). აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებულია, ერთი მხრივ, დაასაბუთოს, რომ სახეზეა სადავო ნორმიდან მომდინარე უფლებრივი შეზღუდვა და, მეორე მხრივ, წარმოაჩინოს ამგვარი შეზღუდვის მიმართება მის მიერ სწორად იდენტიფიცირებულ კონსტიტუციურ დებულებასთან. წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი ჩაითვლება დაუსაბუთებლად და არ მიიღება არსებითად განსახილველად.
2. №1628 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარე სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს, მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტთან მიმართებით, რომლის თანახმად, „არავინ აგებს პასუხს ქმედებისათვის, რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა. კანონს, თუ იგი არ ამსუბუქებს ან არ აუქმებს პასუხისმგებლობას, უკუძალა არა აქვს.“ გასაჩივრებული ნორმის მიხედვით, თუ საერთაშორისო დაცვის თაობაზე შესაბამისი საბოლოო გადაწყვეტილებით განისაზღვრება, რომ განმცხადებელი პირი საერთაშორისო დაცვას არ საჭიროებს, მასზე აღარ გავრცელდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების დებულება. მოსარჩელე მხარის განმარტებით, თავშესაფრის მაძიებელი პირის განცხადების დაუკმაყოფილებლობის შემდგომ, მის მიერ ჩადენილი ქმედებებისთვის სისხლისსამართლებრივი დევნის კვლავ გაგრძელება დაუშვებელია და ეწინააღმდეგება პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმის უკუძალის აკრძალვისა და განჭვრეტადობის კონსტიტუციურ პრინციპებს.
3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკით დადგენილია, რომ კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტი გამორიცხავს პირისათვის პასუხისმგებლობის დაკისრებას ისეთი ქმედების გამო, რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა, რაც კანონიერების პრინციპის უზოგადესი მოთხოვნაა. კონსტიტუციური დებულების ფარგლებში, ერთი მხრივ, აუცილებელია, რომ სისხლისსამართლებრივად დასჯადი ნებისმიერი ქმედება სისხლის სამართლის კანონმდებლობით იყოს გათვალისწინებული, მეორე მხრივ, კი, ხსენებული კანონი ყველასათვის ხელმისაწვდომი და მკაფიოდ ფორმულირებული, განსაზღვრული იყოს იმ ხარისხით, რომ სამართლის ნორმის ადრესატს გააჩნდეს საკუთარ ქმედებაში სისხლისსამართლებრივი წესით აკრძალული ქმედების ნიშნებისა და ამავე ქმედების სამართლებრივი შედეგების განჭვრეტის შესაძლებლობა (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 11 ივლისის №3/2/416 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-38,39).
4. შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტთან მიმართების წარმოსაჩენად, მოსარჩელეები, პირველ რიგში, ვალდებული არიან, დაასაბუთონ, რომ მათ ან, სახალხო დამცველის შემთხვევაში, სხვა პირებს, გასაჩივრებული რეგულაციით პასუხისმგებლობა ეკისრებათ ნორმის ამოქმედებამდე განხორციელებული ქმედებისათვის, რაც დაარღვევს კანონიერების პრინციპის უზოგადეს მოთხოვნებს, როგორებიცაა „არ არსებობს დანაშაული კანონის გარეშე“ და „არ არსებობს სასჯელი კანონის გარეშე“. კონსტიტუციურ სარჩელში კი მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია რელევანტური არგუმენტაცია, რომლითაც დამტკიცდებოდა, რომ სადავო ნორმით ცალკეულ პირებს პასუხისმგებლობა ეკისრებათ იმგვარი ქმედებისთვის, რაც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა. მეტიც, კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ გამხდარი ნორმა საერთოდ არ ადგენს პასუხისმგებლობას რაიმე ქმედებისთვის.
5. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარე სადავოდ მიიჩნევს არა, მაგალითად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლით ინკრიმინირებულ სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის უკუძალისა და კანონის ხარისხობრიობის საკითხს, არამედ თავშესაფრის მაძიებელი პირისთვის განცხადების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, თავად მის მიერ ჩადენილი ქმედებებისთვის სისხლისსამართლებრივი დევნის კონსტიტუციურობას. თავის მხრივ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, სახელმწიფოს მიერ განმტკიცებულ ნებისმიერ რეგულაციას, რომელიც პიროვნების ინდივიდუალური უფლებისა თუ თავისუფლების კონკრეტულ სფეროს ზღუდავს, მიმართება გააჩნია უშუალოდ აღნიშნული მატერიალური უფლების მარეგლამენტირებელ კონსტიტუციურ დებულებასთან (mutatis mutandis იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის №1/13/732 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გივი შანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). შესაბამისად, ზოგადად, ამა თუ იმ ქმედებისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების კონსტიტუციურობა ვერ შეფასდება in abstracto საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველ წინადადებასთან და სასარჩელო მოთხოვნის ამგვარად დაყენება ეფუძნება მოსარჩელეთა მიერ კონსტიტუციური დებულების შინაარსის არასწორ აღქმას.
6. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია მიიჩნევს, რომ №1628 კონსტიტუციური სარჩელი, სხვა მხრივ, აკმაყოფილებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის პირველი პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად №1628 კონსტიტუციური სარჩელი („საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 33-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით.
2. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1628 კონსტიტუციური სარჩელი („საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტთან მიმართებით.
3. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.
4. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
5. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
6. საოქმო ჩანაწერი გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი
ევა გოცირიძე
გიორგი თევდორაშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე