საქართველოს მოქალაქეები - კონსტანტინე კანდელაკი და გიორგი აბულაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N3/8/754 |
კოლეგია/პლენუმი | პლენუმი - ლალი ფაფიაშვილი, მაია კოპალეიშვილი, ზაზა თავაძე, თამაზ ცაბუტაშვილი, მერაბ ტურავა, ირინე იმერლიშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, |
თარიღი | 17 ოქტომბერი 2017 |
გამოქვეყნების თარიღი | 17 ოქტომბერი 2017 14:47 |
პლენუმის შემადგენლობა:
ზაზა თავაძე – სხდომის თავმჯდომარე;
ირინე იმერლიშვილი – წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე - წევრი;
მანანა კობახიძე - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
მაია კოპალეიშვილი - წევრი;
მერაბ ტურავა - წევრი;
თეიმურაზ ტუღუში – წევრი;
ლალი ფაფიაშვილი - წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი – წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქეები კონსტანტინე კანდელაკი და გიორგი აბულაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: ა) საქართველოს მოქალაქე კონსტანტინე კანდელაკის სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში - საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.გ“ ქვეპუნქტის, 26-ე მუხლის მე-6 პუნქტის სიტყვების „და უნდობლობის გამოცხადების“, 51-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და 73-ე მუხლის მე-4 პუნქტის სიტყვების „უნდობლობის გამოცხადების“ და „51-ე“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით; ბ) საქართველოს მოქალაქე გიორგი აბულაძის სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში - საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.გ“ ქვეპუნქტის, 26-ე მუხლის მე-6 პუნქტის სიტყვების „და უნდობლობის გამოცხადების“, 51-ე მუხლისა და 56-ე მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 16 მაისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №754) მიმართეს საქართველოს მოქალაქეებმა კონსტანტინე კანდელაკმა და გიორგი აბულაძემ. №754 კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადაეცა 2016 წლის 17 მაისს.
2. „„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2016 წლის 3 ივნისის №5161-რს ორგანული კანონის საფუძველზე, შეიცვალა „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტი და აღნიშნული ნორმის ამჟამად მოქმედი რედაქციის შესაბამისად, ორგანული კანონის ნორმის კონსტიტუციურობის საკითხს განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ ნორმების კონსტიტუციურობა, №754 კონსტიტუციური სარჩელის განხილვა და გადაწყვეტა წარმოადგენს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის კომპეტენციას. შესაბამისად, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 43-ე მუხლის მე-7, მე-8 და მე-10 პუნქტების საფუძველზე, საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 10 ნოემბრის №1-3/4/754 განჩინებით, კონსტიტუციური სარჩელი №754 („საქართველოს მოქალაქეები კონსტანტინე კანდელაკი და გიორგი აბულაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) განსახილველად გადაეცა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს. №754 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2017 წლის 17 ოქტომბერს.
3. №754 კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი და 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ” ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე” ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა” ქვეპუნქტი, 25-ე მუხლის 41 პუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
4. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.გ“ ქვეპუნქტი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოების საქმიანობის რეგულირებისა და კონტროლის სფეროს მიაკუთვნებს მუნიციპალიტეტის გამგებლისთვის/მერისთვის უნდობლობის გამოცხადების უფლებამოსილებას. ამავე კანონის 26-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, უნდობლობის გამოცხადების საკითხზე საკრებულო გადაწყვეტილებას იღებს ფარული კენჭისყრის საფუძველზე. აღნიშნული კანონის 51-ე მუხლი არეგულირებს გამგებლისთვის/მერისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურულ საკითხებს. ამავე კანონის 56-ე მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის მიხედვით, გამგებლის/მერის უფლებამოსილების შეწყვეტის ერთ-ერთი საფუძველია მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ უნდობლობის გამოცხადება. აღნიშნული კანონის 73-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თბილისის მერისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხი განისაზღვრება ამავე კანონის 51-ე მუხლის შესაბამისად.
5. საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლის პირველი პუნქტი ადგენს საქართველოს მოქალაქის უფლებას, 18 წლის ასაკიდან მიიღოს მონაწილეობა რეფერენდუმში, სახელმწიფო და თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში. უზრუნველყოფილია ამომრჩეველთა ნების თავისუფალი გამოვლინება.
6. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ მოსარჩელე კონსტანტინე კანდელაკი არის თვითმმართველი ქალაქის, თბილისის ამომრჩეველი. ხოლო მოსარჩელე გიორგი აბულაძე არის თვითმმართველი თემის, თეთრი წყაროს ამომრჩეველი. მათ 2014 წლის 15 ივნისის არჩევნებში მიიღეს მონაწილეობა და გამოიყენეს საკუთარი აქტიური საარჩევნო უფლება. არჩევნების შედეგად თბილისის მოსახლეობამ პირდაპირი წესით აირჩია მერი, ხოლო თეთრი წყაროს მოსახლეობამ - გამგებელი. მათთვის უნდობლობის გამოცხადების უფლებას სადავო ნორმები საკრებულოს ანიჭებს. შესაბამისად, არსებობს საფრთხე, რომ სადავო ნორმების საფუძველზე შეილახება მოსარჩელეთა კონსტიტუციური უფლება.
7. მოსარჩელეთა არგუმენტაციის მიხედვით, საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლით დაცულია საყოველთაო და თანასწორი საარჩევნო უფლება. აღნიშნული ნორმა კონსტიტუციის პრეამბულით გათვალისწინებული ფუძემდებლური დემოკრატიის პრინციპის და პირველი მუხლის მე-2 პუნქტით დაფუძნებული დემოკრატიული რესპუბლიკის, ისევე როგორც მე-5 მუხლით გარანტირებული სახალხო სუვერენიტეტის უფლებრივ ხორცშესხმას წარმოადგენს. შესაბამისად, 28-ე მუხლით დაცული სფერო ზემოაღნიშნული კონსტიტუციური პრინციპების კონტექსტში უნდა იქნეს განხილული.
8. მოსარჩელეების მითითებით, საქართველოს კონსტიტუციის 1011 მუხლის მე-2 პუნქტი თვითმმართველობის მხოლოდ წარმომადგენლობითი ორგანოს პირდაპირი წესით არჩევას ითვალისწინებს. თუმცა კანონმდებელს შეუძლია იმავე წესს დაუქვემდებაროს აღმასრულებელი ხელისუფლების არჩევაც. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც კანონმდებლის გადაწყვეტილებით, გამგებელი/მერი აირჩევა პირდაპირი წესით, აღნიშნული საკითხი უნდა დაექვემდებაროს კონსტიტუციის 28-ე მუხლის რეგულირებას. აღნიშნული გულისხმობს უფლებას როგორც თანამდებობის პირის არჩევაზე, ისე მისი თანამდებობაზე ყოფნის გარანტირებას. თუკი არჩევნების შედეგად ამომრჩევლის მიერ არჩეულ პირს არ მიეცემა შესაძლებლობა, შეასრულოს მასზე დაკისრებული ფუნქციები და აღნიშნული ფუნქციები განახორციელოს იმ ვადით, რომლითაც ის იქნა არჩეული, ამომრჩევლის მიერ არჩევნებში ნების გამოხატვა აზრს დაკარგავს და გაუმართლებლად შეიზღუდება მოსარჩელეთა და სხვა ამომრჩეველთა საარჩევნო უფლება.
9. მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ პირის, როგორც თანამდებობაზე არჩევის, ასევე მისი ამ თანამდებობიდან გადაყენების ასპექტი, კონსტიტუციის 28-ე მუხლით არის დაცული. შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლით დაცულ სფეროს უნდა დაექვემდებაროს პირისათვის თანამდებობის ჩამორთმევა, მიუხედავად იმისა, რა ფორმით მოხდება თანამდებობიდან გათავისუფლება.
10. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ აქტიური საარჩევნო უფლების შეზღუდვა დასაშვებია, მაგრამ იგი უნდა ემსახურებოდეს ლეგიტიმურ მიზანს, იყოს გამოსადეგი, აუცილებელი და პროპორციული. ამასთან, თანამდებობრივი პასუხისმგებლობა შეიძლება იყოს სამართლებრივი ან პოლიტიკური ტიპის. განსახილველ შემთხვევაში სადავო ნორმები ადგენს თანამდებობის პირის პოლიტიკური პასუხისმგებლობის ფორმას - უნდობლობას.
11. მოსარჩელეები აღნიშნავენ, რომ სადავო ნორმებით დაწესებული საარჩევნო უფლების შეზღუდვას შესაძლოა ჰქონდეს ერთადერთი ლეგიტიმური მიზანი - გამგებლის მიერ საკუთარი ამომრჩევლის ინტერესების საწინააღმდეგო მოქმედებისგან დაზღვევა. აღნიშნულს ადასტურებს ისიც, რომ უნდობლობის აღძვრის ინიციატორი შესაძლოა იყოს ელექტორატის 20%. თუმცა, ვინაიდან საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს საკრებულო, აღნიშნული პროცედურა არ გამორიცხავს გამგებლის გადაყენებას პოლიტიკურ ძალთა შორის გაუგებრობის გამო, ეს კი შესაძლოა სრულებით არ შეესაბამებოდეს კონსტიტუციით გათვალისწინებულ მიზნებს. შესაბამისად, არსებული ჩანაწერი, საკრებულოს მხრიდან აღნიშნული მექანიზმის ბოროტად გამოყენებისა და ლეგიტიმური მიზნების გვერდის ავლით უნდობლობის გამოცხადების შესაძლებლობას იძლევა, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლის პირველ პუნქტს.
12. მოსარჩელე მხარის არგუმენტაციით, იმპერატიული მანდატის მექანიზმი წარმოადგენს ლეგიტიმური მიზნის მისაღწევ ერთადერთ საშუალებას, რომელიც საარჩევნო უფლების შელახვას არ გამოიწვევდა. ასეთ შემთხვევაში თავად ამომრჩევლებს ექნებოდათ უფლება, გადაეყენებინათ გამგებელი დაკავებული თანამდებობიდან კენჭისყრით, იმავე უმრავლესობით, რაც საჭიროა კონკრეტული პირის ამ თანამდებობაზე ასარჩევად. მოსარჩელეების პოზიციით, ამგვარი რეგულირება ადგილობრივი თვითმმართველობის შემთხვევაში დასაშვებია, ვინაიდან ის კომპეტენციები, რომლითაც მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოები სარგებლობენ, არ არის, ერთი მხრივ, მწვავე პოლიტიკური შინაარსის მატარებელი, ხოლო, მეორე მხრივ, მასზე მეტწილად არსებობს სასამართლო კონტროლის ეფექტურად განხორციელების შესაძლებლობა. სწორედ ამიტომ, ბევრი ქვეყნის სამართლებრივი პრაქტიკა ითვალისწინებს მსგავს ინსტიტუტს.
13. მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ სადავო ნორმებით გათვალისწინებული შეზღუდვა არ შეესაბამება დასახელებულ ლეგიტიმურ მიზანს. გარდა ამისა, სადავო ნორმებით გათვალისწინებული შეზღუდვა არ წარმოადგენს უფლების ყველაზე ნაკლებად მზღუდავ საშუალებას. შესაბამისად, სადავო რეგულირება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლის პირველ პუნქტს და არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი.
14. მოსარჩელეები საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად მიუთითებენ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკასა და საერთაშორისო გამოცდილებაზე.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 და მე-18 მუხლებით დადგენილ მოთხოვნებს. აღნიშნული კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოსარჩელემ კონსტიტუციურ სარჩელში უნდა მოიყვანოს ის მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას ანუ კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებული უნდა იყოს. აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლო „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციურ სარჩელს ან სასარჩელო მოთხოვნის შესაბამის ნაწილს არ მიიღებს არსებითად განსახილველად. საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1).
2. №754 კონსტიტუციურ სარჩელში, სადავოდ არის გამხდარი საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ ის ნორმები, რომელთა საფუძველზეც, მუნიციპალიტეტების საკრებულოებს შეუძლიათ, უნდობლობა გამოუცხადონ და თანამდებობიდან გადააყენონ მუნიციპალიტეტის გამგებელი/მერი. მოსარჩელეთა აზრით, არსებობს საფრთხე, რომ სადავო ნორმების საფუძველზე, შეილახოს მათი, როგორც ამომრჩევლების, საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლით დაცული საარჩევნო უფლება.
3. მოსარჩელეები აღნიშნავენ, რომ, რადგან მუნიციპალიტეტის მერის/გამგებლის არჩევა ხდება ხალხის მიერ პირდაპირი წესით, აღნიშნული საკითხი ექცევა კონსტიტუციის 28-ე მუხლის რეგულირების სფეროში.
4. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, „საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლით დაცული სფეროს ფარგლები უნდა განისაზღვროს არჩევნების კონსტიტუციური ბუნების გათვალისწინებით და არა კანონმდებლის მიერ თავისუფალი მიხედულების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებებით. საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლით დაცული სფერო პასიური საარჩევნო უფლების კონტექსტში მიემართება მხოლოდ იმ თანამდებობებს, რომლებიც კონსტიტუციის მიხედვით ასარჩევად არის მიჩნეული“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 მაისის №3/3/600 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახა კუკავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-11).
5. აღსანიშნავია, რომ საქართველოს კონსტიტუცია ითვალისწინებს ადგილობრივი თვითმმართველობის მხოლოდ წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს დაკომპლექტებას პირდაპირი წესით ჩატარებული არჩევნების საფუძველზე. „საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლი ვერ დაიცავს იმ არჩევნებში მონაწილეობის უფლებას, რომლის გამართვის და ჩატარების საფუძველსაც თავად კონსტიტუცია არ წარმოადგენს. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლი არ ადგენს მერის/გამგებლის არჩევნების ჩატარების ვალდებულებას, ძირითადი კანონის ამ დებულებით ვერც მერის/გამგებლის თანამდებობის დაკავება იქნება დაცული“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 მაისის №3/3/600 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახა კუკავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-14). ვინაიდან საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლი არ იცავს საქართველოს მოქალაქის მიერ მუნიციპალიტეტის გამგებლის/მერის არჩევის უფლებას, არ არის გასაზიარებელი მოსარჩელის არგუმენტაცია გამგებლისათვის/მერისათვის უნდობლობის გამოცხადების მომწესრიგებელი ნორმების საფუძველზე მისი აქტიური საარჩევნო უფლების დარღვევასთან დაკავშირებით. შესაბამისად, კონსტიტუციურ სარჩელში არ არის დასაბუთებული შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმებსა და საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულ საარჩევნო უფლებას შორის.
6. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №754 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89–ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე–19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31–ე მუხლის მე–2 პუნქტის, 39–ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43–ე მუხლის პირველი, მე-2, მე–5, მე-7, მე–8, მე-10 და მე-13 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის, მე–18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, 21–ე მუხლის მე-2 პუნქტის და 22–ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-6 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. კონსტიტუციური სარჩელი №754 („საქართველოს მოქალაქეები კონსტანტინე კანდელაკი და გიორგი აბულაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინებას დაერთოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის მაია კოპალეიშვილის განსხვავებული აზრი.
4. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
პლენუმის შემადგენლობა:
ზაზა თავაძე
ირინე იმერლიშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე
მანანა კობახიძე
მაია კოპალეიშვილი
მერაბ ტურავა
თეიმურაზ ტუღუში
ლალი ფაფიაშვილი
თამაზ ცაბუტაშვილი
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის
მაია კოპალეიშვილის
განსხვავებული აზრი
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2017 წლის 17 ოქტომბრის N3/8/754 განჩინებაზე
გამოვხატავ რა კოლეგებისადმი – საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის წევრებისადმი პატივისცემას, ამავე დროს, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 47-ე მუხლის და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის შესაბამისად, გამოვთქვამ განსხვავებულ აზრს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2017 წლის 17 ოქტომბრის N3/8/754 განჩინებასთან დაკავშირებით.
1. წინამდებარე განსხვავებული აზრი სრულად ეყრდნობა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 მაისის N3/3/600 გადაწყვეტილებაზე თანდართულ ჩემს განსხვავებულ აზრს. აღნიშნულის გათვალისწინებით, წინამდებარე განსხვავებულ აზრში არ გავიმეორებ იმავე დასაბუთებას და მხოლოდ იმ კონკრეტულ საკითხზე გავამახვილებ ყურადღებას რომელიც 2017 წლის 17 ოქტომბრის N3/8/754 განჩინებით სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გახდა.
2. საკონსტიტუციო სასამართლომ კვლავ გაიმეორა იგივე მიდგომა საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლთან მიმართებით და საჯარო ხელისუფლების განხორციელების ისეთი მნიშვნელოვანი მექანიზმი, როგორიცაა ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს ფორმირება, სრულიად გამოიყვანა კონსტიტუციის 28-ე მუხლის არეალიდან. საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციურ სარჩელში დასმულ მოთხოვნას კვლავ ფორმალური განმარტების თვალსაზრისით მიუდგა და კვლავ გამორჩა თვალთახედვის არედან, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა ქმედითი მოდელის შექმნა უკავშირდება სწორედ მისი აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევითობას. მოქალაქეთა ჩართულობის დონე და საზოგადოების პასუხისმგებლობა ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების გადაწყვეტაში კიდევ უფრო მეტად იზრდება, როდესაც ისინი მონაწილეობენ ადგილობრივი თვითმმართველობის (ადგილობრივი საჯარო ხელისუფლების) ორგანოების (მათ შორის, აღმასრულებელი ორგანოების ხელმძღვანელი თანამდებობის პირების) არჩევნების გზით ფორმირებაში. ადგილობრივი თვითმმართველობა როგორც საჯარო ხელისუფლების შემადგენელი ნაწილი, ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის პოლიტიკურ სისტემაში. შესაბამისად, მიმაჩნია, რომ კონსტიტუციის სულისკვეთების საწინააღმდეგოა ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების ხელმძღვანელი თანამდებობის პირების - მერების/გამგებლების არჩევნების გამორიცხვა საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლით გარანტირებული საარჩევნო უფლებისგან.
3. N754 კონსტიტუციური სარჩელიდან გამოდინარე, ცხადია, რომ სადავო ნორმა ითვალისწინებს მოქალაქეთა მიერ აქტიური საარჩევნო უფლების ფარგლებში არჩეული პირის თანამდებობიდან გადაყენებას. ამომრჩევლის უფლება, ხმა მისცეს მისთვის სასურველ კანდიდატს არ წარმოადგენს თვითმიზანს. საარჩევნო პროცესის უმთავრესი მიზანი ამომრჩეველთა ნების რეალიზებაა, სხვაგვარად, ამომრჩეველი ხმას აძლევს კონკრეტულ პირს, რათა მან კონსტიტუციითა და კანონით დადგენილი წესით და ვადით დაიკავოს არჩევითი თანამდებობა. სწორედ ამაში ვლინდება დემოკრატიული სახელმწიფოს ფუნქციონირების ელემენტარული პრინციპი. არჩეული პირის თანამდებობიდან გადაყენება ანდა უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა ყოველთვის პოვებს ასახვას აქტიურ საარჩევნო უფლებაზე.
4. სადავო ნორმების საფუძველზე, მუნიციპალიტეტის საკრებულოს ენიჭება მერისთვის/გამგებლისთვის უნდობლობის გამოცხადების უფლებამოსილება, რაც იწვევს აღნიშნულ თანამდებობის პირთა უფლებამოსილების შეწყვეტას. ცხადია, რომ სადავო ნორმა ქმნის არჩეული მერის/გამგებლის თანამდებობიდან გადაყენების საფუძველს, რომელიც არ არის პირობადადებული რაიმე სამართლებრივი საფუძვლით და შეიძლება გამოყენებულ იქნეს ნებისმიერ დროს, მათ შორის, საკრებულოს პოლიტიკური ნების შესაბამისადაც. საკრებულოს მიერ მერის/გამგებლის თანამდებობიდან გადაყენების ამგვარი რეგულაცია მნიშვნელოვნად ზღუდავს პირის უფლებას, აირჩიოს მისთვის სასურველი ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური და აუფერულებს საარჩევნო უფლების არსს. ამდენად, ცხადია, რომ სადავო ნორმა ზღუდავს საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცულ უფლებას.
5. ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, მიმაჩნია, რომ N754 კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ გამხდარ ნორმებსა და საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლს შორის არსებობს შინაარსობრივი მიმართება. შესაბამისად, არ არსებობს N754 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საფუძველი.
მაია კოპალეიშვილი
საქართველოს საკონსტიტუციო
სასამართლოს წევრი