საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის მაია კოპალეიშვილის განსხვავებული აზრი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2017 წლის 17 ოქტომბრის N3/8/754 განჩინებაზე
დოკუმენტის ტიპი | განსხვავებული აზრი |
ნომერი | do3/8/754 |
კოლეგია/პლენუმი | პლენუმი - , , |
ავტორ(ებ)ი | მაია კოპალეიშვილი |
თარიღი | 17 ოქტომბერი 2017 |
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის მაია კოპალეიშვილის განსხვავებული აზრი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 ოქტომბრის N3/8/754 განჩინებასთან დაკავშირებით
გამოვხატავ რა კოლეგებისადმი – საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის წევრებისადმი პატივისცემას, ამავე დროს, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 47-ე მუხლის და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის შესაბამისად, გამოვთქვამ განსხვავებულ აზრს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2017 წლის 17 ოქტომბრის N3/8/754 განჩინებასთან დაკავშირებით.
1. წინამდებარე განსხვავებული აზრი სრულად ეყრდნობა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 მაისის N3/3/600 გადაწყვეტილებაზე თანდართულ ჩემს განსხვავებულ აზრს. აღნიშნულის გათვალისწინებით, წინამდებარე განსხვავებულ აზრში არ გავიმეორებ იმავე დასაბუთებას და მხოლოდ იმ კონკრეტულ საკითხზე გავამახვილებ ყურადღებას რომელიც 2017 წლის 17 ოქტომბრის N3/8/754 განჩინებით სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გახდა.
2. საკონსტიტუციო სასამართლომ კვლავ გაიმეორა იგივე მიდგომა საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლთან მიმართებით და საჯარო ხელისუფლების განხორციელების ისეთი მნიშვნელოვანი მექანიზმი, როგორიცაა ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს ფორმირება, სრულიად გამოიყვანა კონსტიტუციის 28-ე მუხლის არეალიდან. საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციურ სარჩელში დასმულ მოთხოვნას კვლავ ფორმალური განმარტების თვალსაზრისით მიუდგა და კვლავ გამორჩა თვალთახედვის არედან, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა ქმედითი მოდელის შექმნა უკავშირდება სწორედ მისი აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევითობას. მოქალაქეთა ჩართულობის დონე და საზოგადოების პასუხისმგებლობა ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების გადაწყვეტაში კიდევ უფრო მეტად იზრდება, როდესაც ისინი მონაწილეობენ ადგილობრივი თვითმმართველობის (ადგილობრივი საჯარო ხელისუფლების) ორგანოების (მათ შორის, აღმასრულებელი ორგანოების ხელმძღვანელი თანამდებობის პირების) არჩევნების გზით ფორმირებაში. ადგილობრივი თვითმმართველობა როგორც საჯარო ხელისუფლების შემადგენელი ნაწილი, ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის პოლიტიკურ სისტემაში. შესაბამისად, მიმაჩნია, რომ კონსტიტუციის სულისკვეთების საწინააღმდეგოა ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების ხელმძღვანელი თანამდებობის პირების - მერების/გამგებლების არჩევნების გამორიცხვა საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლით გარანტირებული საარჩევნო უფლებისგან.
3. N754 კონსტიტუციური სარჩელიდან გამოდინარე, ცხადია, რომ სადავო ნორმა ითვალისწინებს მოქალაქეთა მიერ აქტიური საარჩევნო უფლების ფარგლებში არჩეული პირის თანამდებობიდან გადაყენებას. ამომრჩევლის უფლება, ხმა მისცეს მისთვის სასურველ კანდიდატს არ წარმოადგენს თვითმიზანს. საარჩევნო პროცესის უმთავრესი მიზანი ამომრჩეველთა ნების რეალიზებაა, სხვაგვარად, ამომრჩეველი ხმას აძლევს კონკრეტულ პირს, რათა მან კონსტიტუციითა და კანონით დადგენილი წესით და ვადით დაიკავოს არჩევითი თანამდებობა. სწორედ ამაში ვლინდება დემოკრატიული სახელმწიფოს ფუნქციონირების ელემენტარული პრინციპი. არჩეული პირის თანამდებობიდან გადაყენება ანდა უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა ყოველთვის პოვებს ასახვას აქტიურ საარჩევნო უფლებაზე.
4. სადავო ნორმების საფუძველზე, მუნიციპალიტეტის საკრებულოს ენიჭება მერისთვის/გამგებლისთვის უნდობლობის გამოცხადების უფლებამოსილება, რაც იწვევს აღნიშნულ თანამდებობის პირთა უფლებამოსილების შეწყვეტას. ცხადია, რომ სადავო ნორმა ქმნის არჩეული მერის/გამგებლის თანამდებობიდან გადაყენების საფუძველს, რომელიც არ არის პირობადადებული რაიმე სამართლებრივი საფუძვლით და შეიძლება გამოყენებულ იქნეს ნებისმიერ დროს, მათ შორის, საკრებულოს პოლიტიკური ნების შესაბამისადაც. საკრებულოს მიერ მერის/გამგებლის თანამდებობიდან გადაყენების ამგვარი რეგულაცია მნიშვნელოვნად ზღუდავს პირის უფლებას, აირჩიოს მისთვის სასურველი ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური და აუფერულებს საარჩევნო უფლების არსს. ამდენად, ცხადია, რომ სადავო ნორმა ზღუდავს საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცულ უფლებას.
5. ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, მიმაჩნია, რომ N754 კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ გამხდარ ნორმებსა და საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლს შორის არსებობს შინაარსობრივი მიმართება. შესაბამისად, არ არსებობს N754 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საფუძველი.
მაია კოპალეიშვილი
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი