საქართველოს მოქალაქე ქართლოს ზაქარეიშვილი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2-3/7/753 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - თამაზ ცაბუტაშვილი, ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, |
თარიღი | 18 ნოემბერი 2016 |
გამოქვეყნების თარიღი | 18 ნოემბერი 2016 11:18 |
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში - სხდომის თავმჯდომარე;
ირინე იმერლიშვილი - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
თამაზ ცაბუტაშვილი - წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე ქართლოს ზაქარეიშვილი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 69-ე მუხლისა და „საქართველოს სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 15 ნოემბრის №108 დადგენილების მე-3 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მეორე პუნქტებთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 11 მაისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №753) მომართა საქართველოს მოქალაქე ქართლოს ზაქარეიშვილმა. №753 კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადმოეცა 2016 წლის 13 მაისს.
2. №753 კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მომართვის საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
3. „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 69-ე მუხლის თანახმად, „საქართველოს ეროვნული ბანკისადმი არსებული საქართველოს მთავრობის დავალიანება (მიღებული კრედიტები და გადაფორმებული სავალო ვალდებულებები), რომელიც წარმოადგენს სახელმწიფო საშინაო ვალს, დაიფაროს 2030 წლის 16 მარტამდე საქართველოს მთავრობასა და საქართველოს ეროვნულ ბანკს შორის გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე, ისე, რომ ყოველწლიურად მოხდეს დავალიანების ერთი ნაწილის გადაფორმება საქართველოს ეროვნული ბანკისათვის განკუთვნილ ერთწლიან, ყოველწლიურად განახლებად სახელმწიფო სავალო ვალდებულებად – სახელმწიფო ობლიგაციად, ხოლო მეორე ნაწილისა – სხვადასხვა ვადის სახელმწიფო ობლიგაციებად ღია ბაზრის ოპერაციებისათვის, რომელთა დაფარვაც განხორციელდეს შესაბამისი წლების საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტებიდან“.
4. „საქართველოს სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 15 ნოემბრის №108 დადგენილების მე-3 პუნქტის მიხედვით, „კომისიის უფლებამოსილების ვადა განისაზღვროს 2017 წლის პირველ იანვრამდე“.
5. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტი იცავს საკუთრების და მემკვიდრეობის უფლებას, ხოლო მე-2 პუნქტი ითვალისწინებს აღნიშნულ უფლებათა შეზღუდვის საფუძვლებს.
6. კონსტიტუციური სარჩელიდან ირკვევა, რომ ქართლოს ზაქარეიშვილი ფლობს ათასი საბჭოთა მანეთის ღირებულების სახელმწიფო ობლიგაციებს, ასევე ხუთი ათასი საბჭოთა მანეთის ღირებულების ობლიგაციას. მოსარჩელე მიუთითებს საქართველოს რესპუბლიკის 1992 წლის სახელმწიფო შინაგანი მომგებიანი სესხის პირობების მე-5 პუნქტზე, რომლის თანახმადაც, სესხის ობლიგაციაზე მთელი შემოსავალი გადაიხდევინება მოგების სახით. მოგების საერთო თანხა დადგენილია, საშუალოდ სესხის ათწლიანი ვადით, წელიწადში 15%-ის გაანგარიშებით. სესხი ათწლიანი ვადის განმავლობაში იგებს მთელი ობლიგაციების 35%, ობლიგაციების დანარჩენი 65% სესხის ვადის გასვლის შემდეგ შეისყიდება მათი ნომინალური ღირებულებით. ამავე პირობების მე-8 პუნქტის თანახმად, მოგებახვედრილი და ასევე მოუგებელი ობლიგაციები, რომლებიც ექვემდებარება შესყიდვას ნომინალური ღირებულებით, გასანაღდებლად წარდგენილი უნდა იქნეს 2004 წლის 1 იანვრამდე. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ ისინი კარგავენ ძალას და გასანაღდებლად არ მიიღებიან. მოსარჩელის განცხადებით, ზემოაღნიშნული თარიღისთვის სახელმწიფომ არ შეასრულა დაკისრებული ვალდებულება, კერძოდ, არ შეუსყიდია მოუგებელი ობლიგაციები და არ გამოუვლენია მოგებული ობლიგაციები.
7. „სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს რესპუბლიკის 1992 წლის შინაგანი მომგებიანი სესხის ობლიგაციების გამოშვებით წარმოქმნილი ვალდებულება სახელმწიფომ ვალად მიიჩნია, რომლის დაფარვა უნდა მომხდარიყო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 8 დეკემბრის №716 და №717 ბრძანებულებების შესაბამისად. №717 ბრძანებულების პირველი პუნქტის მიხედვით კი, შეწყდა საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1992 წლის 2 ნოემბრის №1030 დადგენილებით გამოშვებული სახელმწიფო შინაგანი მომგებიანი სესხის ობლიგაციების მოქმედების ვადა და დადგინდა სესხის დაფარვის უკანასკნელი თარიღი - 1998 წლის 1 სექტემბერი.
8. მოსარჩელის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ემინენტის მხრიდან ვალდებულების შესრულების დათქმული ვადები გასულია, მას ნაკისრი ვალდებულება არ შეუსრულებია და სადავო ნორმით დადგინდა სახელმწიფო საშინაო ვალის დაფარვის გათვალისწინებული უკანასკნელი თარიღი - 2030 წლის 16 მარტი, რაც, თავის მხრივ, ზღუდავს მოსარჩელის საკუთრების უფლებას, რადგან კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს კრედიტორისთვის წარმოშობილ გონივრულ და ლეგიტიმურ მოლოდინებს. ამასთანავე, სადავო ნორმის შესაბამისად, ვალდებულების შესრულების თარიღის ამგვარად გადავადება მნიშვნელოვან ფინანსურ ზიანს აყენებს კეთილსინდისიერ კრედიტორს და გაუმართლებელ სარგებელს - მოვალეს.
9. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ მთავრობის დადგენილებაში სადავო ცვლილებით, საქართველოს მთავრობა საქართველოს სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის უფლებამოსილების ვადას ყოველწლიურად ახანგრძლივებს იმგვარად, რომ საშინაო ვალი არც ერთ ჯერზე არ განუსაზღვრავს. ამასთან, მოსარჩელის განმარტებით, არ არის რეგლამენტირებული, როგორ უნდა მოხდეს დასახელებული ვალის გასტუმრება.
10. მოსარჩელე საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად იშველიებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკას.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მიერ №753 კონსტიტუციური სარჩელის განაწილების დროს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ხსენებული სარჩელის განხილვა და გადაწყვეტა წარმოადგენდა საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიის კომპეტენციას. შესაბამისად, №753 კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას ჰქონდა გადაცემული.
2. 2016 წლის 3 ივნისის „„საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის (№5161-რს; 03/06/2016, ვებგვერდი, 04/06/2016) საფუძველზე, შეიცვალა „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტი და აღნიშნული ნორმის ამჟამად მოქმედი რედაქციის შესაბამისად, ორგანული კანონის ნორმის კონსტიტუციურობის საკითხს განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი. ვინაიდან ამ კონკრეტულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს, მათ შორის „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის ნორმების კონსტიტუციურობა, №753 კონსტიტუციური სარჩელის განხილვა და გადაწყვეტა წარმოადგენს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის კომპეტენციას.
III
სარეზოლუციო ნაწილი
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 43-ე მუხლის მე-7, მე-8 და მე-10 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. კონსტიტუციური სარჩელი №753 („საქართველოს მოქალაქე ქართლოს ზაქარეიშვილი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“) განსახილველად გადაეცეს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს.
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის წევრები:
თეიმურაზ ტუღუში
ირინე იმერლიშვილი
თამაზ ცაბუტაშვილი