საქართველოს მოქალაქე ქართლოს ზაქარეიშვილი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/8/753 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - ლალი ფაფიაშვილი, მაია კოპალეიშვილი, მერაბ ტურავა, გიორგი კვერენჩხილაძე, |
თარიღი | 17 მაისი 2017 |
გამოქვეყნების თარიღი | 17 მაისი 2017 21:02 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ლალი ფაფიაშვილი - სხდომის თავმჯდომარე;
გიორგი კვერენჩხილაძე - წევრი;
მაია კოპალეიშვილი - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
მერაბ ტურავა - წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე ქართლოს ზაქარეიშვილი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „საქართველოს სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 15 ნოემბრის №108 დადგენილების მე-3 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მეორე პუნქტებთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 11 მაისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №753) მომართა საქართველოს მოქალაქე ქართლოს ზაქარეიშვილმა. №753 კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად 2016 წლის 13 მაისს გადაეცა საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას. საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის 2016 წლის 18 ნოემბრის №2-3/7/753 განჩინებით №753 კონსტიტუციური სარჩელი განსახილველად გადაეცა საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2017 წლის 28 მარტის №3/2/753 განჩინებით კონსტიტუციური სარჩელი №753 არ იქნა მიღებული არსებითად განსახილველად სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 69-ე მუხლის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით. სასარჩელო მოთხოვნის დანარჩენ ნაწილში №753 კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად 2017 წლის 30 მარტს გადაეცა საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2017 წლის 17 მაისს.
2. №753 კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მომართვის საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
3. „საქართველოს სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 15 ნოემბრის №108 დადგენილების მე-3 პუნქტის მიხედვით, „კომისიის უფლებამოსილების ვადა განისაზღვროს 2017 წლის პირველ იანვრამდე“.
4. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტი იცავს საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლებას, ხოლო მე-2 პუნქტი ითვალისწინებს აღნიშნულ უფლებათა შეზღუდვის საფუძვლებს.
5. კონსტიტუციური სარჩელიდან ირკვევა, რომ ქართლოს ზაქარეიშვილი ფლობს ათასი საბჭოთა მანეთის ღირებულების სახელმწიფო ობლიგაციებს, ასევე ხუთი ათასი საბჭოთა მანეთის ღირებულების ობლიგაციებს. მოსარჩელე მიუთითებს საქართველოს რესპუბლიკის 1992 წლის სახელმწიფო შინაგანი მომგებიანი სესხის პირობების მე-5 პუნქტზე, რომლის თანახმადაც, სესხის ობლიგაციაზე მთელი შემოსავალი გადაიხდევინება მოგების სახით. მოგების საერთო თანხა დადგენილია, საშუალოდ, სესხის ათწლიანი ვადით, წელიწადში 15%-ის გაანგარიშებით. სესხი ათწლიანი ვადის განმავლობაში იგებს მთელი ობლიგაციების 35%, ობლიგაციების დანარჩენი 65% სესხის ვადის გასვლის შემდეგ შეისყიდება მათი ნომინალური ღირებულებით. ამავე პირობების მე-8 პუნქტის თანახმად, მოგებახვედრილი და ასევე მოუგებელი ობლიგაციები, რომლებიც ექვემდებარება შესყიდვას ნომინალური ღირებულებით, გასანაღდებლად წარდგენილი უნდა იქნეს 2004 წლის 1 იანვრამდე. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ ისინი კარგავენ ძალას და გასანაღდებლად არ მიიღებიან. მოსარჩელის განცხადებით, ზემოაღნიშნული თარიღისთვის სახელმწიფომ არ შეასრულა დაკისრებული ვალდებულება, კერძოდ, არ შეუსყიდია მოუგებელი ობლიგაციები და არ გამოუვლენია მოგებული ობლიგაციები.
6. კონსტიტუციურ სარჩელში განმარტებულია, რომ „სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს რესპუბლიკის 1992 წლის შინაგანი მომგებიანი სესხის ობლიგაციების გამოშვებით წარმოქმნილი ვალდებულება სახელმწიფომ ვალად მიიჩნია, რომლის დაფარვა უნდა მომხდარიყო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 8 დეკემბრის №716 და №717 ბრძანებულებების შესაბამისად. №717 ბრძანებულების პირველი პუნქტის მიხედვით კი, შეწყდა საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1992 წლის 2 ნოემბრის №1030 დადგენილებით გამოშვებული სახელმწიფო შინაგანი მომგებიანი სესხის ობლიგაციების მოქმედების ვადა და დადგინდა სესხის დაფარვის უკანასკნელი თარიღი - 1998 წლის 1 სექტემბერი.
7. მოსარჩელის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ემინენტის მხრიდან ვალდებულების შესრულების დათქმული ვადები გასულია, მას ნაკისრი ვალდებულება არ შესრულებია.
8. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობა საქართველოს სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის უფლებამოსილების ვადას ყოველწლიურად ახანგრძლივებს იმგვარად, რომ საშინაო ვალი არც ერთ ჯერზე არ განუსაზღვრავს. მოსარჩელე მხარეს მიაჩნია, რომ სახელმწიფოს და მას შორის არსებობს ერთგვარი სესხის ხელშეკრულება, რომლის დაბრუნების ვადასაც მოვალე თვითნებურად და გამუდმებით ცვლის, რის გამოც, კრედიტორი, ანუ თავად მოსარჩელე ვერ იბრუნებს თავის თანხას. ამასთან, მოსარჩელის განმარტებით, არ არის რეგლამენტირებული, როგორ უნდა მოხდეს დასახელებული ვალის გასტუმრება, რაც, კიდევ ერთხელ, ადასტურებს, რომ „საქართველოს სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 15 ნოემბრის №108 დადგენილების მე-3 პუნქტი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მეორე პუნქტებს.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, საქმის განხილვის მომენტისათვის სადავო აქტის გაუქმება ან ძალადაკარგულად ცნობა იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას, გარდა ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ეს უკანასკნელი კი ადგენს, რომ „საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმის არსებითად განსახილველად მიღების შემდეგ, სადავო აქტის გაუქმებისას ან ძალადაკარგულად ცნობისას, თუ საქმე ეხება საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია, გააგრძელოს სამართალწარმოება და გადაწყვიტოს გაუქმებული ან ძალადაკარგულად ცნობილი სადავო აქტის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხი იმ შემთხვევაში, თუ მისი გადაწყვეტა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველსაყოფად“.
2. №753 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის „საქართველოს სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 15 ნოემბრის №108 დადგენილების მე-3 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მეორე პუნქტებთან მიმართებით. „„საქართველოს სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 15 ნოემბრის №108 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 9 დეკემბრის №531 დადგენილების პირველი მუხლის საფუძველზე, სადავო ნორმა ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით.
3. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, „სადავო ნორმის რედაქციის ცვლილება განიხილება სადავო ნორმის ძალადაკარგულად გამოცხადებად“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 10 აპრილის №2/1/520 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბენიამინ აბრამიძე საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 10 აპრილის №2/2/545 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ალბერტ ნურბეგიანი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“).
4. მოცემულ შემთხვევაში სადავო ნორმებში ცვლილება განხორციელდა კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტამდე, რაც „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას და რაც ასევე გამორიცხავს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ამავე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული საქმისწარმოების გაგრძელების შესაძლებლობას (იხ. საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 ივნისის განჩინება №1/3/559 საქმეზე „შპს „გამომცემლობა ინტელექტი“, შპს „გამომცემლობა არტანუჯი“, შპს „გამომცემლობა დიოგენე“, შპს „ლოგოს პრესი“, შპს „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“, შპს „საგამომცემლო სახლი ტრიასი“ და საქართველოს მოქალაქე ირინა რუხაძე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის წინააღმდეგ“; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 10 აპრილის №2/1/520 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბენიამინ აბრამიძე საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“).
5. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ №753 კონსტიტუციურ სარჩელზე „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, უნდა შეწყდეს სამართალწარმოება.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89–ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 39–ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43–ე მუხლის პირველი, მე-2, მე–5, მე-7, მე–8, მე-10 და მე-13 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 და მე-6 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. შეწყდეს სამართალწარმოება №753 კონსტიტუციურ სარჩელზე („საქართველოს მოქალაქე ქართლოს ზაქარეიშვილი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის წევრები:
ლალი ფაფიაშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე
მაია კოპალეიშვილი
მერაბ ტურავა