საქართველოს მოქალაქე ქართლოს ზაქარეიშვილი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N3/2/753 |
კოლეგია/პლენუმი | პლენუმი - ლალი ფაფიაშვილი, მაია კოპალეიშვილი, ზაზა თავაძე, თამაზ ცაბუტაშვილი, მერაბ ტურავა, ირინე იმერლიშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, |
თარიღი | 28 მარტი 2017 |
გამოქვეყნების თარიღი | 28 მარტი 2017 12:39 |
პლენუმის შემადგენლობა:
ზაზა თავაძე – სხდომის თავმჯდომარე;
ირინე იმერლიშვილი – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი;
მანანა კობახიძე- წევრი;
მაია კოპალეიშვილი – წევრი;
ლალი ფაფიაშვილი – წევრი;
მერაბ ტურავა - წევრი;
თეიმურაზ ტუღუში – წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი – წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე ქართლოს ზაქარეიშვილი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 69-ე მუხლისა და „საქართველოს სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 15 ნოემბრის №108 დადგენილების მე-3 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მეორე პუნქტებთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 11 მაისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №753) მომართა საქართველოს მოქალაქე ქართლოს ზაქარეიშვილმა. №753 კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად 2016 წლის 13 მაისს გადაეცა საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას. საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის 2016 წლის 18 ნოემბრის №2-3/7/753 განჩინებით №753 კონსტიტუციური სარჩელი განსახილველად გადაეცა საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2017 წლის 28 მარტს.
2. №753 კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მომართვის საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
3. „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 69-ე მუხლის თანახმად, „საქართველოს ეროვნული ბანკისადმი არსებული საქართველოს მთავრობის დავალიანება (მიღებული კრედიტები და გადაფორმებული სავალო ვალდებულებები), რომელიც წარმოადგენს სახელმწიფო საშინაო ვალს, დაიფაროს 2030 წლის 16 მარტამდე საქართველოს მთავრობასა და საქართველოს ეროვნულ ბანკს შორის გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე, ისე, რომ ყოველწლიურად მოხდეს დავალიანების ერთი ნაწილის გადაფორმება საქართველოს ეროვნული ბანკისათვის განკუთვნილ ერთწლიან, ყოველწლიურად განახლებად სახელმწიფო სავალო ვალდებულებად – სახელმწიფო ობლიგაციად, ხოლო მეორე ნაწილისა – სხვადასხვა ვადის სახელმწიფო ობლიგაციებად ღია ბაზრის ოპერაციებისათვის, რომელთა დაფარვაც განხორციელდეს შესაბამისი წლების საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტებიდან“.
4. „საქართველოს სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 15 ნოემბრის №108 დადგენილების მე-3 პუნქტის მიხედვით, „კომისიის უფლებამოსილების ვადა განისაზღვროს 2017 წლის პირველ იანვრამდე“.
5. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტი იცავს საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლებას, ხოლო მე-2 პუნქტი ითვალისწინებს აღნიშნულ უფლებათა შეზღუდვის საფუძვლებს.
6. კონსტიტუციური სარჩელიდან ირკვევა, რომ ქართლოს ზაქარეიშვილი ფლობს ათასი საბჭოთა მანეთის ღირებულების სახელმწიფო ობლიგაციებს, ასევე ხუთი ათასი საბჭოთა მანეთის ღირებულების ობლიგაციებს. მოსარჩელე მიუთითებს საქართველოს რესპუბლიკის 1992 წლის სახელმწიფო შინაგანი მომგებიანი სესხის პირობების მე-5 პუნქტზე, რომლის თანახმადაც, სესხის ობლიგაციაზე მთელი შემოსავალი გადაიხდევინება მოგების სახით. მოგების საერთო თანხა დადგენილია, საშუალოდ, სესხის ათწლიანი ვადით, წელიწადში 15%-ის გაანგარიშებით. სესხი ათწლიანი ვადის განმავლობაში იგებს მთელი ობლიგაციების 35%, ობლიგაციების დანარჩენი 65% სესხის ვადის გასვლის შემდეგ შეისყიდება მათი ნომინალური ღირებულებით. ამავე პირობების მე-8 პუნქტის თანახმად, მოგებახვედრილი და ასევე მოუგებელი ობლიგაციები, რომლებიც ექვემდებარება შესყიდვას ნომინალური ღირებულებით, გასანაღდებლად წარდგენილი უნდა იქნეს 2004 წლის 1 იანვრამდე. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ ისინი კარგავენ ძალას და გასანაღდებლად არ მიიღებიან. მოსარჩელის განცხადებით, ზემოაღნიშნული თარიღისთვის სახელმწიფომ არ შეასრულა დაკისრებული ვალდებულება, კერძოდ, არ შეუსყიდია მოუგებელი ობლიგაციები და არ გამოუვლენია მოგებული ობლიგაციები.
7. კონსტიტუციურ სარჩელში განმარტებულია, რომ „სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს რესპუბლიკის 1992 წლის შინაგანი მომგებიანი სესხის ობლიგაციების გამოშვებით წარმოქმნილი ვალდებულება სახელმწიფომ ვალად მიიჩნია, რომლის დაფარვა უნდა მომხდარიყო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 8 დეკემბრის №716 და №717 ბრძანებულებების შესაბამისად. №717 ბრძანებულების პირველი პუნქტის მიხედვით კი, შეწყდა საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1992 წლის 2 ნოემბრის №1030 დადგენილებით გამოშვებული სახელმწიფო შინაგანი მომგებიანი სესხის ობლიგაციების მოქმედების ვადა და დადგინდა სესხის დაფარვის უკანასკნელი თარიღი - 1998 წლის 1 სექტემბერი.
8. მოსარჩელის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ემინენტის მხრიდან ვალდებულების შესრულების დათქმული ვადები გასულია, მას ნაკისრი ვალდებულება არ შეუსრულებია და სადავო ნორმით დადგინდა სახელმწიფო საშინაო ვალის დაფარვის გათვალისწინებული უკანასკნელი თარიღი - 2030 წლის 16 მარტი, რაც, თავის მხრივ, ზღუდავს მოსარჩელის საკუთრების უფლებას, რადგან კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს კრედიტორისთვის წარმოშობილ გონივრულ და ლეგიტიმურ მოლოდინებს. ამასთანავე, სადავო ნორმის შესაბამისად, ვალდებულების შესრულების თარიღის ამგვარად გადავადება მნიშვნელოვან ფინანსურ ზიანს აყენებს კეთილსინდისიერ კრედიტორს და გაუმართლებელ სარგებელს - მოვალეს.
9. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარეს მიაჩნია, რომ „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 69-ე მუხლი ეწინააღმდეგება კონსტიტუციით გარანტირებულ საკუთრების უფლებას.
10. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობა საქართველოს სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის უფლებამოსილების ვადას ყოველწლიურად ახანგრძლივებს იმგვარად, რომ საშინაო ვალი არც ერთ ჯერზე არ განუსაზღვრავს. მოსარჩელე მხარეს მიაჩნია, რომ სახელმწიფოს და მას შორის არსებობს ერთგვარი სესხის ხელშეკრულება, რომლის დაბრუნების ვადასაც მოვალე თვითნებურად და გამუდმებით ცვლის, რის გამოც, კრედიტორი, ანუ თავად მოსარჩელე ვერ იბრუნებს თავის თანხას. ამასთან, მოსარჩელის განმარტებით, არ არის რეგლამენტირებული, როგორ უნდა მოხდეს დასახელებული ვალის გასტუმრება, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ „საქართველოს სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 15 ნოემბრის №108 დადგენილების მე-3 პუნქტი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მეორე პუნქტებს.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 და მე-18 მუხლებით დადგენილ მოთხოვნებს. აღნიშნული კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოსარჩელემ კონსტიტუციურ სარჩელში უნდა მოიყვანოს ის მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას, ანუ კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებული უნდა იყოს. აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლო „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციურ სარჩელს ან სასარჩელო მოთხოვნის შესაბამის ნაწილს არ მიიღებს არსებითად განსახილველად. საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1).
2. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 69-ე მუხლი არღვევს მის საკუთრების უფლებას, რადგან კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ლეგიტიმურ მოლოდინს, მიიღოს კუთვნილი თანხა, რომელიც მან სახელმწიფოს „ასესხა“. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნის ამგვარად დაყენება გამოწვეულია მოსარჩელის მიერ სადავო ნორმის შინაარსის არასწორად აღქმით. კერძოდ, სადავო ნორმა შეეხება საქართველოს ეროვნული ბანკისადმი არსებულ საქართველოს მთავრობის დავალიანებას და მთავრობის მიერ მისი დაფარვის ვადას და არა იმ მოთხოვნის დაკმაყოფილების ვადას, რომელიც შეიძლება გააჩნდეს მოსარჩელე მხარეს სახელმწიფოს მიმართ. სადავო ნორმის იდენტური საკანონმდებლო ჩანაწერი ასევე გხვდება „სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონის 481 მუხლში, ხოლო სხვადასხვა ვალდებულებების სახელმწიფო საშინაო სავალო ვალდებულებებად აღიარებას შეეხება ამავე კანონის 48-ე მუხლი. აღნიშნული ნათლად წარმოაჩენს, რომ მოსარჩელის მიერ მითითებულ პრობლემასა და სადავო ნორმით დადგენილ რეგულირებას შორის კავშირი არ არსებობს. სადავო ნორმა შეეხება იმ დავალიანებას, რომელიც საქართველოს მთავრობას გააჩნია საქართველოს ეროვნული ბანკისადმი და არა კერძო პირებისგან აღებული სახელმწიფო ვალის გადახდის 2030 წლის 16 მარტამდე გადავადებას. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, №753 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
3. სასამართლო განმარტავს, რომ „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ორგანული კანონის ნორმის კონსტიტუციურობის საკითხს განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის პირველი წინადადება კი ადგენს, რომ „საქმეს, რომელიც მოიცავს როგორც პლენუმის, ისე კოლეგიის განსჯად საკითხებს, განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი“. N753 კონსტიტუციურ სარჩელზე სადავო იყო როგორც ორგანული კანონის, ასევე მთავრობის დადგენილების ნორმის კონსტიტუციურობა, შესაბამისად, ხსენებული სარჩელის განხილვა და გადაწყვეტა წარმოადგენდა საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განსჯად საკითხს.
4. ამავე დროს აღსანიშნავია, რომ „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად „... თუ საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი განმწესრიგებელ სხდომაზე გადაწყვეტს, რომ საქმე, რომელიც მოიცავს პლენუმის განსახილველ საკითხებს, არ მიიღება სასამართლოში არსებითად განსახილველად, იგი საქმის იმ ნაწილს, რომელიც კოლეგიის განსჯადია, დაუყოვნებლივ გადასცემს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, რომელიც მას 7 დღის ვადაში, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქმის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად გადასცემს კოლეგიას“. მოცემულ შემთხვევაში საქართველოს მთავრობის დადგენილების ნორმის კონსტიტუციურობის შეფასება კოლეგიის განსჯადი საკითხია. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საქართველოს სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 15 ნოემბრის №108 დადგენილების მე-3 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით N753 კონსტიტუციური სარჩელი უნდა გადაეცეს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს კოლეგიებს შორის გასანაწილებლად.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის პირველი და მე-4 პუნქტების, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-7 და მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის და 22-ე მუხლის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1.არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად კონსტიტუციური სარჩელი №753 („საქართველოს მოქალაქე ქართლოს ზაქარეიშვილი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 69-ე მუხლის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
2.სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საქართველოს სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 15 ნოემბრის №108 დადგენილების მე-3 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით, №753 კონსტიტუციური სარჩელი („საქართველოს მოქალაქე ქართლოს ზაქარეიშვილი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“) გადაეცეს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს კოლეგიებს შორის გასანაწილებლად.
3.განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
4.განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
პლენუმის შემადგენლობა:
ზაზა თავაძე
ირინე იმერლიშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე
მანანა კობახიძე
მაია კოპალეიშვილი
ლალი ფაფიაშვილი
მერაბ ტურავა
თეიმურაზ ტუღუში
თამაზ ცაბუტაშვილი