საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების - თეიმურაზ ტუღუშის, ირინე იმერლიშვილის და გიორგი კვერენჩხილაძის განსხვავებული აზრი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2021 წლის 23 ივლისის №3/1-3/1264 საოქმო ჩანაწერთან დაკავშირებით
დოკუმენტის ტიპი | განსხვავებული აზრი |
ნომერი | do3/1-3/1264 |
კოლეგია/პლენუმი | პლენუმი - , , |
ავტორ(ებ)ი | თეიმურაზ ტუღუში, ირინე იმერლიშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე |
თარიღი | 23 ივლისი 2021 |
გამოქვეყნების თარიღი | 9 აგვისტო 2021 18:05 |
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების - თეიმურაზ ტუღუშის, ირინე იმერლიშვილის და გიორგი კვერენჩხილაძის განსხვავებული აზრი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2021 წლის 23 ივლისის №3/1-3/1264 საოქმო ჩანაწერთან დაკავშირებით
1. გამოვხატავთ რა ჩვენი კოლეგებისადმი – საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის წევრებისადმი პატივისცემას, ამავე დროს, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 47-ე მუხლის შესაბამისად, გამოვთქვამთ განსხვავებულ აზრს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2021 წლის 23 ივლისის საოქმო ჩანაწერთან დაკავშირებით.
2. №3/1-3/1264 საოქმო ჩანაწერით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა გაიზიარა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის მანანა კობახიძის შუამდგომლობა საქმის პლენუმზე განხილვის თაობაზე. კერძოდ, პლენუმმა მიიჩნია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის შუამდგომლობა კოლეგიის განსჯადი საქმის პლენუმისთვის გადაცემის თაობაზე იყო დასაბუთებული და კონსტიტუციური სარჩელი №1264, თავისი შინაარსით, წარმოშობდა საქართველოს კონსტიტუციის განმარტების იშვიათ ან/და განსაკუთრებით მნიშვნელოვან სამართლებრივ პრობლემას.
3. უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ პლენუმისათვის საქმის გადაცემა ეფუძნება კოლეგიის/კოლეგიის წევრის მოსაზრებას, რომლის თანახმადაც, საქმე საქართველოს კონსტიტუციის განმარტების ან/და გამოყენების იშვიათ ან/და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სამართლებრივი პრობლემის გადაწყვეტას საჭიროებს. ხსენებული თავისთავად გულისხმობს, რომ პლენუმისათვის გადასაცემი საქმე, თავისი არსით, გამორჩეული უნდა იყოს სხვა საქმეებისაგან, რომელთაც კოლეგია რუტინულად წყვეტს. ამდენად, პლენუმისათვის საქმის გადაცემის საფუძვლად არ გამოდგება არგუმენტები, რომლებიც მიუთითებს, რომ რომელიმე კონსტიტუციური უფლება არის განსამარტი ან/და ბევრი საკითხია გადასაწყვეტი. შუამდგომლობა უნდა ასაბუთებდეს საქმის გამორჩეულობას. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქმის პლენუმისთვის განსახილველად გადაცემა თვითნებურ ხასიათს იღებს და შესაძლოა, გამოყენებულ იქნეს ნებისმიერ სარჩელზე, სხვადასხვა ფაქტორებით ნაკარნახევი მოსამართლეთა შეხედულებიდან (მაგალითად, ის, რომ იგი არ ეთანხმება კოლეგიის ფარგლებში საკითხის სავარაუდო გადაწყვეტას) და არა თავად საქმის მნიშვნელობიდან გამომდინარე.
4. მოცემულ შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე წერილობით შუამდგომლობაში საქართველოს კონსტიტუციის განმარტების ან/და გამოყენების იშვიათი ან/და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სამართლებრივი პრობლემის არსებობას ასაბუთებს ორი არგუმენტით: 1. სადავო საკითხების გადაწყვეტა საკონსტიტუციო სასამართლოსაგან მოითხოვს იმის შეფასებას, თუ ინფორმაციათა რა კატეგორიას მოიცავს „სისხლის სამართლის საქმეში არსებული ცნობები“ და არის თუ არა ამგვარი ინფორმაციის გავრცელება დაცული საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისი დებულებით, აღნიშნული კი წარმოშობს საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი, მე-2 და მე-5 პუნქტების სრულყოფილი და ამომწურავი განმარტების საჭიროებას; და 2. საკონსტიტუციო სასამართლოს მოუწევს უმნიშვნელოვანესი სამართლებრივი საკითხების სისტემური ანალიზი და სადავო საკითხების გადაწყვეტა იმგვარად, რომ არ დაირღვეს სამართლიანი ბალანსი კონსტიტუციით დაცულ სხვადასხვა ფუნდამენტურ უფლებებს შორის. სასამართლომ უნდა იმსჯელოს ისეთ ფუნდამენტურ საკითხებზე, როგორებიცაა – გამოხატვის თავისუფლება, ინფორმაციის მიღების/გავრცელების უფლება, საქმის ღია სასამართლო სხდომაზე განხილვის უფლება, პირადი ცხოვრების და პერსონალური მონაცემების დაცვის უფლება, ისევე, როგორც უნდა განახორციელოს ბალანსის დადგენა, ერთი მხრივ, ინფორმაციის მიღების/გავრცელების თავისუფლებასა და ბრალდებული პირის დაცვის უფლებას, ხოლო, მეორე მხრივ, სისხლის სამართლის დანაშაულის ეფექტურად გამოძიების საჯარო ლეგიტიმურ მიზანს შორის.
5. უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ გაზიარებულ შუამდგომლობაში დასაბუთებული არ არის, კონკრეტულად რაში გამოიხატება განსახილველი საქმის სირთულე, რა განაპირობებს კონსტიტუციის განმარტების იშვიათ/განსაკუთრებით მნიშვნელოვან სამართლებრივ პრობლემას. წერილობით შუამდგომლობაში მითითებულია მხოლოდ ის, რომ კონსტიტუციური სარჩელის გადაწყვეტა მოითხოვს ერთმანეთისგან თვისობრივად განსხვავებულ, კომპლექსულ საკითხებზე მსჯელობას. თავის მხრივ, გადასაწყვეტ საკითხთა მრავალფეროვნება ავტომატურად არ მიუთითებს მის სირთულეზე, საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე შესაძლოა, დასმული იყოს ერთმანეთისაგან რადიკალურად განსხვავებული მრავალი საკითხი, თუმცა დამატებითი დასაბუთების გარეშე, მხოლოდ საკითხთა რაოდენობითი მდგენელი არ მიუთითებს გადასაწყვეტი საქმის სირთულესა ან/და განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე. შუამდგომლობაში ასევე მხოლოდ აბსტრაქტულად არის მითითება გადასაწყვეტი საქმის კომპლექსურობაზე, თუმცა კონკრეტულად რაში გამოიხატება საქმესთან დაკავშირებული იმგვარი სამართლებრივი სირთულის/მნიშვნელობის არსებობა, რომელიც მოითხოვს კონსტიტუციური სარჩელის პლენუმისათვის გადაცემას, ახსნილი არ არის.
6. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა ასევე გაიზიარა წერილობითი შუამდგომლობის ავტორის არგუმენტი, რომლის თანახმადაც, დასახელებულ საქმეზე შესაფასებელია იმგვარი საკითხები, რომელთან დაკავშირებითაც სასამართლოს პრაქტიკაში აქამდე მსჯელობა არ ყოფილა. კერძოდ, ინფორმაციათა რა კატეგორიას მოიცავს „სისხლის სამართლის საქმეში არსებული ცნობები“ და არის თუ არა ამგვარი ინფორმაციის გავრცელება დაცული საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლით, ეს კი წარმოშობს საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი, მე-2 და მე-5 პუნქტების სრულყოფილი და ამომწურავი განმარტების საჭიროებას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგია, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, კონსტიტუციური სარჩელის განხილვის/გადაწყვეტისას მოქმედებს როგორც საკონსტიტუციო სასამართლო. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგია ისევეა მნიშვნელოვან განმარტებებსა და გადაწყვეტილებათა მიღებაზე უფლებამოსილი, როგორც პლენუმი და კოლეგიის განსჯადი საქმის პლენუმის მიერ განხილვის საფუძველი ვერ იქნება მხოლოდ იმ გარემოებაზე მითითება, რომ შესაბამისი კონსტიტუციური დებულებების შინაარსი საკონსტიტუციო სასამართლოს წინარე აქტებში არ არის განმარტებული. წარმოუდგენელია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე დამდგარი ყველა საკითხი უკვე გადაწყვეტილი იყოს წინარე აქტებით, არსებობდეს ზუსტი და ამომწურავი პასუხები გადასაწყვეტ მოცემულობასთან მიმართებით. ხშირ შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლოს უწევს მსჯელობა სრულიად ახალ, მის პრაქტიკაში ჯერ არშეფასებულ/გადაუწყვეტელ საკითხებთან დაკავშირებით, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ამგვარ საქმეთა განხილვა a priori საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის კომპეტენციაა. უფრო მეტიც, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 212 მუხლი კონსტიტუციური სარჩელის პლენუმისათვის გადაცემის საფუძვლად expressis verbis მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის განმარტების ან/და გამოყენების იშვიათ ან/და განსაკუთრებით მნიშვნელოვან სამართლებრივ პრობლემაზე და, ამ მხრივ, ორგანული კანონის დასახელებული ნორმის გამოყენების თვითკმარი საფუძველი ვერ იქნება ამა თუ იმ სამართლებრივ პრობლემაზე პირველად მსჯელობის საჭიროება.
7. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის 2021 წლის 16 ივლისის შუამდგომლობა, ისევე როგორც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის №3/1-3/1264 საოქმო ჩანაწერი, ეფუძნება მსჯელობას, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმისათვის საქმის გადაცემა გამართლებულია, მათ შორის, იმითაც, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოუწევს სამართლიანი ბალანსის დადგენა, ერთი მხრივ, ინფორმაციის მიღების/გავრცელების თავისუფლებასა და ბრალდებული პირის დაცვის უფლებას, ხოლო, მეორე მხრივ, სისხლის სამართლის დანაშაულის ეფექტურად გამოძიების საჯარო ლეგიტიმურ მიზანს შორის. საგულისხმოა, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სადავო ნორმის კონსტიტუციურობის შეფასება, თავისთავად, გულისხმობს სამართლიანი ბალანსის დადგენას ურთიერთდაპირისპირებულ ინტერესებს, ლეგიტიმურ საჯარო მიზნებს შორის. უფრო მეტიც, ყოველ ჯერზე, არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან საკითხის თანაზომიერების პრინციპის შესაბამისად გადაწყვეტის კონსტიტუციური ვალდებულება. ამ მხრივ, დასახელებული საქმე არ წარმოადგენს არც სიახლეს და არც რაიმე გამონაკლისს საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიების მიერ განხილულ სხვა საქმეებთან შედარებით. სხვადასხვა ძირითად უფლებებს შორის გონივრული/სამართლიანი ბალანსის პოვნა ამოსავალია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე მდგარი საკითხების აბსოლუტური უმრავლესობის გადასაწყვეტად. ამდენად, გაუგებარია, რას ეფუძნება ჩვენი კოლეგების გადაწყვეტილება, რომ ზემოხსენებულ ლეგიტიმურ მიზნებს შორის ბალანსის დადგენა, რაიმე კუთხით, იშვიათი სამართლებრივი პრობლემაა და საჭიროებს პლენუმის მიერ მსჯელობას.
8. ამასთანავე, აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ №1264 კონსტიტუციური სარჩელის ფარგლებში განსახილველი საკითხი, ძირითადად, შეეხება გამოხატვის თავისუფლებასა და სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლებას, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაში ერთ-ერთ ყველაზე ფართოდ გამოყენებად და ხშირად განმარტებულ უფლებებს წარმოადგენს. იმავდროულად, №1264 კონსტიტუციური სარჩელიდან, ისევე, როგორც საქმის განხილვის არსებითი სხდომიდან, არ გამოკვეთილა ისეთი სამართლებრივი პრობლემის ან სხვაგვარი გარემოების არსებობა, რომელიც მიუთითებდა, რომ საქმის გადაწყვეტა შესაძლოა, კონსტიტუციის განმარტების განსაკუთრებით მნიშვნელოვან სამართლებრივ პრობლემასთან იყოს დაკავშირებული.
9. ამავე დროს, შუამდგომლობის ავტორი მიუთითებს საქმის გადასაწყვეტად გამოხატვის თავისუფლების ამომწურავი განმარტების საჭიროებაზე. ზოგადად, საკონსტიტუციო სასამართლო, როგორც წესი, კონკრტულ საქმეზე არ ახდენს ამა თუ იმ უფლების ამომწურავ განმარტებას. უფლების შინაარსი და ფარგლები განიმარტება, კონკრეტულ საქმეზე გადასაწყვეტი საკითხის გათვალისწინებით. არც №1264 კონსტიტუციური სარჩელის გადაწყვეტა მოითხოვს გამოხატვის თავისუფლების ყველა ასპექტის განმარტებას. უფრო მეტიც, ხსენებული უფლების ფართო და მრავლისმომცველი შინაარსიდან გამომდინარე, წარმოუდგენელიც კია ერთი კონკრეტული საქმის ფარგლებში მისი სრულყოფილი განმარტება. შესაბამისად, გაურკვეველია, რას დაეფუძნა წარდგინების ავტორი და სასამართლო, როდესაც ხსენებულ საქმეზე გამოხატვის თავისუფლების ამომწურავი განმარტების საჭიროებაზე მიუთითეს.
10. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, სამართლებრივი სირთულისა და მნიშვნელობის თვალსაზრისით არაფრით გამორჩეული კოლეგიის საქმე გახდა პლენუმის განსჯადი შუამდგომლობის ავტორისა და პლენუმის შემადგენლობის მიერ სათანადო დასაბუთების გარეშე. მსგავსი დასაბუთებით, სასამართლოს პლენუმს შეიძლება გადაეცეს კოლეგიის ნებისმიერი საქმე. თითოეული მათგანი მოითხოვს კონსტიტუციის ამა თუ იმ ნორმის განმარტებას და უფლების შეზღუდვასა და შეზღუდვის შედეგად დაცულ სიკეთეს შორის სამართლიანი ბალანსის დადგენას.
11. საქმის განსახილველად პლენუმისთვის გადაცემა, თავისთავად, იწვევს საქმის გადაწყვეტის დროის გახანგრძლივებას. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა თავიდან უნდა განიხილოს საქმე არსებითად, პლენუმის თითოეულმა წევრმა უნდა შეისწავლოს იგი და მოემზადოს გადაწყვეტილების მისაღებად. აღნიშნული პროცესი ობიექტურად საკმაოდ ხანგრძლივ დროს მოითხოვს, რაზეც მიუთითებს კიდეც საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა. №1264 კონსტიტუციური სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში დარეგისტრირდა 2017 წლის 16 ოქტომბერს, ხსენებულ საქმეზე კოლეგია უკვე მუშაობს 3 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, გადაწყვეტილების მისაღებად სათათბირო ოთახში იმყოფება 2018 წლის 13 დეკემბრის შემდეგ. აღნიშნულიდან გამომდინარე, არსებითი განხილვის დასრულების შემდეგ, როდესაც სასამართლოს კოლეგია არის სათათბირო ოთახში გადაწყვეტილების მიღების ეტაპზე, საქართველოს კონსტიტუციის განმარტების ან/და გამოყენების იშვიათი ან/და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სამართლებრივი პრობლემის გადაწყვეტის საჭიროების გამო, კოლეგიის განსახილველი საქმის პლენუმისთვის გადაცემის საკითხის გადაწყვეტა განსაკუთრებულ სიფრთხილეს საჭიროებს. ბუნებრივია, რიგ შემთხვევებში შესაძლოა, ობიექტურად არსებობდეს პლენუმისთვის საქმის გადაცემის საჭიროება არსებითი განხილვის დასრულების შემდეგაც კი. თუმცა, ხსენებული უნდა ეფუძნებოდეს საქმის განსაკუთრებულობასთან დაკავშირებულ არგუმენტაციას. ამავე დროს, მინიმალური ხარისხით მაინც უნდა იყოს სარწმუნო, რომ საქმის პლენუმისათვის გადაცემის არგუმენტები მოსამართლეს გაუჩნდა არსებითი განხილვის დასრულების შემდეგ. სათანადო დასაბუთების არარსებობის პირობებში, ერთი მხრივ, არ მიიღწევა საქმის პლენუმისთვის განსახილველად გადაცემის ინსტიტუტის არსებობის მიზანი, ხოლო, მეორე მხრივ, ვიღებთ საქმის გადაწყვეტის გაჭიანურებას, რაც, ბუნებრივია, უარყოფითად აისახება სასამართლოს ეფექტურობაზე, ავტორიტეტსა და სანდოობაზე.
12. ამდენად, წინამდებარე განსხვავებული აზრის ავტორები მივიჩნევთ, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს №1264 კონსტიტუციური სარჩელი არ უნდა მიეღო საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმზე განსახილველად.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრები:
ირინე იმერლიშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე
თეიმურაზ ტუღუში