საქართველოს მოქალაქეები - გიორგი მამალაძე, გიორგი ფანცულაია და მია ზოიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N2/10/1264 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - თამაზ ცაბუტაშვილი, ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, |
თარიღი | 27 ივლისი 2018 |
გამოქვეყნების თარიღი | 20 დეკემბერი 2016 18:47 |
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში – სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
ირინე იმერლიშვილი – წევრი;
მანანა კობახიძე – წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი – წევრი.
სხდომის მდივანი: მანანა ლომთათიძე.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქეები - გიორგი მამალაძე, გიორგი ფანცულაია და მია ზოიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: ა) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან, მე-17 მუხლის პირველ პუნქტთან, 24-ე მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებთან, 42-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან, მე-5 პუნქტის პირველ წინადადებასთან და მე-6 პუნქტთან მიმართებით;
ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის, პატიმრობის კოდექსის 77-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 79-ე მუხლის მე-2 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით;
გ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 374-ე მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებთან, 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელეები - გიორგი ფანცულაია და მია ზოიძე; მოსარჩელე მხარის წარმომადგენლები - ზაზა ზანგურაშვილი და თეიმურაზ სვანიძე; მოპასუხის, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები - თინათინ ერქვანია და გიორგი ჩიფჩიური; მოწმე - დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორი თამარ მესხია.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 16 ოქტომბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1264) მიმართეს საქართველოს მოქალაქეებმა - გიორგი მამალაძემ, გიორგი ფანცულაიამ და მია ზოიძემ. საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად გადაეცა 2017 წლის 18 ოქტომბერს. საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენით, გაიმართა 2018 წლის 20 და 21 თებერვალს.
2. №1264 კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, „პროკურორი/გამომძიებელი ვალდებულია უზრუნველყოს, რომ გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია არ გახდეს საჯარო. ამ მიზნით ის უფლებამოსილია სისხლის სამართლის პროცესის მონაწილე დაავალდებულოს, მისი ნებართვის გარეშე არ გაამჟღავნოს საქმეში არსებული ცნობები, და გააფრთხილოს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ“. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს სასამართლოს უფლებამოსილებას, მართლმსაჯულებისა და მხარეთა ინტერესებიდან გამომდინარე, მხარის შუამდგომლობით ან საკუთარი ინიციატივით გამოძიებისა და საქმის სასამართლო განხილვის ნებისმიერ სტადიაზე მიიღოს გადაწყვეტილება საქმის მონაწილეთა ან/და სასამართლო სხდომის დარბაზში მყოფ პირთა მიმართ განსახილველი საქმის გარკვეული მონაცემების საჯაროდ გავრცელებისაგან დაცვის შესახებ. აღნიშნული მოთხოვნის დარღვევა იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 182-ე მუხლის სადავოდ გამხდარი მე-3 ნაწილი ადგენს სხდომის დახურვის საფუძვლებსა და წესს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 374-ე მუხლი აწესებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის მასალების ან გამოძიების მონაცემის გახმაურებისათვის იმ პირის მიმართ, ვინც კანონით დადგენილი წესით გაფრთხილებული იყო მისი გახმაურების აკრძალვის შესახებ.
4. პატიმრობის კოდექსის 77-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ბრალდებული სარგებლობს 1 თვის განმავლობაში არა უმეტეს 4 ხანმოკლე პაემნის უფლებით. აღნიშნული უფლება შეიძლება შეიზღუდოს გამომძიებლის ან პროკურორის დადგენილების საფუძველზე. ამავე კოდექსის 79-ე მუხლის მე-2 ნაწილი კი ადგენს გამომძიებლის ან პროკურორის უფლებამოსილებას, მოტივირებული გადაწყვეტილებით შეზღუდოს პატიმრობის დაწესებულებაში მყოფი ბრალდებულის მიმოწერისა და სატელეფონო საუბრის უფლება.
5. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი განამტკიცებს კანონის წინაშე თანასწორობის უფლებას. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტი ადამიანის პატივსა და ღირსებას ხელშეუვალ უფლებებად აცხადებს. საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულია გამოხატვის თავისუფლება, მე-4 პუნქტი კი განსაზღვრავს ამ უფლების შეზღუდვის საფუძვლებს. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით განმტკიცებულია სამართლიანი სასამართლოსა და დაცვის უფლებები. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის პირველი წინადადება ადგენს, რომ არავინ არ აგებს პასუხს იმ ქმედობისათვის, რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა, ხოლო მე-6 პუნქტი ითვალისწინებს ბრალდებულის უფლებას, მოითხოვოს თავისი მოწმეების ისეთსავე პირობებში გამოძება და დაკითხვა, როგორიც აქვთ ბრალდების მოწმეებს.
6. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ მოსარჩელე გიორგი მამალაძე მსჯავრდებული პირია, ხოლო მოსარჩელეები - გიორგი ფანცულაია და მია ზოიძე - მისი ადვოკატები სისხლის სამართლის საქმეზე. მოსარჩელეები მიუთითებენ, რომ გიორგი მამალაძის მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე მათზე გავრცელდა სადავო ნორმები. კერძოდ, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოსარჩელეებს აეკრძალათ საქმესთან დაკავშირებული ნებისმიერი ცნობის გასაჯაროება. ამასთან, მოსარჩელეების სურვილის საწინააღმდეგოდ, სასამართლო სხდომები სრულად დაიხურა. მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ სადავო ნორმები არღვევს მათ კონსტიტუციურ უფლებებს.
7. მოსარჩელეები ყურადღებას ამახვილებენ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის შინაარსზე. მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ გარკვეულ შემთხვევაში, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, გამომძიებლის/პროკურორის მიერ ინფორმაციის გამჟღავნებისაგან დაცვას აქვს ლეგიტიმური მიზნები, მაგალითად, ისეთ შემთხვევებში, როდესაც ბრალდებული ჯერ კიდევ იძებნება ან ჩადენილია ჯგუფური დანაშაული და დაკავებული არ არის ყველა პირი, ასევე მაშინ, როდესაც გამოძიების შესახებ მონაცემების გაუხმაურებლობა ემსახურება სახელმწიფო საიდუმლოების ან კონფიდენციალური ინფორმაციის, მესამე პირების პირადი მონაცემებისა და კომერციული საიდუმლოების დაცვას. თუმცა მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ სადავო ნორმა არ ითვალისწინებს რაიმე სტანდარტს, რომლის მიხედვითაც მოხდება პროცესის მონაწილის გამოხატვის თავისუფლების ან/და სხვა უფლებების შეზღუდვა. სადავო ნორმა არ ავალდებულებს პროკურორსა და გამომძიებელს, მოახდინონ ინფორმაციის დიფერენცირება მისი ტიპის, მნიშვნელობისა და რელევანტურების გათვალისწინებით. შესაბამისად, სადავო ნორმის საფუძველზე, პროცესის მონაწილეს, ბლანკეტურად, განუსაზღვრელი ვადით ეკრძალება ყველა ტიპის ინფორმაციის გამჟღავნება.
8. მოსარჩელეების აღნიშვნით, პროკურორი/გამომძიებელი თავად განსაზღვრავს იმ გარემოებებს, როდესაც კონფიდენციალურობის დაცვა საჭირო არ არის, სადავო ნორმის საფუძველზე კი ამგვარი ინფორმაციის გასაჯაროება მას თავად არ ეკრძალება. გარდა ამისა, მოსარჩელე მხარე ასევე მიუთითებს, რომ ბუნდოვანია სადავო ნორმის სიტყვები: „არ გახდეს საჯარო“. მოცემულ ფორმულირებაში არ ჩანს, თუ რამდენად ფართოდ უნდა განიმარტოს ეს სიტყვათშეთანხმება და რა იგულისხმება საჯაროობაში. პირს უჩნდება საფუძვლიანი შიში, რომ არ გათქვას ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც კონკრეტულ გამოძიებას ეხება, რაც მსუსხავი ეფექტის მატარებელია და იმაზე მეტად ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას, ვიდრე ეს ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად არის საჭირო.
9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილი არ არის განჭვრეტადი, ვერ აკმაყოფილებს კანონის ხარისხის მოთხოვნებს და არათანაზომიერად ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას. აღნიშნულზე დაყრდნობით, მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ სადავო ნორმა არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებთან და 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით.
10. მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილი ასევე არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 პუნქტით გარანტირებულ სამართლიანი სასამართლოსა და დაცვის უფლებებს. კერძოდ, მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ ადვოკატს ხსენებული ნორმის საფუძველზე გამოხატვის თავისუფლება ეზღუდება იმგვარად, რომ ვეღარ ახორციელებს ეფექტურ დაცვას. დაცვის მხარეს არ შეუძლია ბრალდების მხარის განცხადებების კვალდაკვალ, საჯაროდ გაავრცელოს ინფორმაცია ბრალდებულის ინტერესების გათვალისწინებით, დაიცვას მისი პატივი, ღირსება და საქმიანი რეპუტაცია, უდანაშაულობის პრეზუმფცია და სხვა.
11. მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-3 პუნქტით გარანტირებული დაცვის უფლება ვრცელდება ადვოკატებზეც, როგორც დაცვის უფლების განმახორციელებელ პირებზე და იგი არ შემოიფარგლება მხოლოდ სასამართლო პროცესზე დაცვით. მოსარჩელე მხარის პოზიციით, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-3 პუნქტი მოიცავს დაცვის უფლებას, მათ შორის, საჯარო გამოსვლებში და ნებისმიერი იმ ქმედების განხორციელებისას, როდესაც ადვოკატი მოქმედებს დაცვის მიზნით. ამასთან, სადავო ნორმით შეიძლება შეიზღუდოს არა მხოლოდ პირის გამოხატვის თავისუფლება, არამედ ხელი შეუშალოს მას რიგი საპროცესო მოქმედებების განხორციელებაში. მაგალითად, სადავო ნორმის გამო შესაძლოა, დაცვის მხარემ ვერ ჩაატაროს ექსპერტიზა ბრალდების მხარესთან შეთანხმების გარეშე. ბრალდების მხარის ინფორმირების შემთხვევაში კი შეუძლებელი გახდება დაცვის სტრატეგიის აგება. ამასთან, პირი ასევე ვერ სარგებლობს სასამართლოს მეგობრის ინსტიტუტით. გარდა ამისა, მოსარჩელე მხარის განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ პირი გაუთქმელობის ვალდებულებას ხელს არ მოაწერს, მას საქმის მასალები არ გადაეცემა. აღნიშნული კი არღვევს დაცვის უფლებას და უგულებელყოფს მხარეთა შეჯიბრებითობისა და თანასწორობის პრინციპს.
12. მოსარჩელე მხარის პოზიციით, სადავო ნორმა ასევე ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-6 პუნქტით გარანტირებულ მოწმის თანაბარ პირობებში დაკითხვის პრინციპს. მოსარჩელეების მითითებით, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-6 პუნქტში მითითებული მოწმის დაკითხვის უფლება, კონსტიტუციაში მოცემული ტერმინების ავტონომიური შინაარსიდან გამომდინარე, ასევე მოიცავს მოწმის გამოკითხვის უფლებასაც. დაცვის მხარეს კი, კონსტიტუციის ხსენებული მუხლის საწინააღმდეგოდ, არ აქვს შესაძლებლობა, ბრალდების მხარის მსგავსად გამოკითხოს მოწმეები. კერძოდ, მაგალითად, მოსარჩელე მხარეს გაუთქმელობის ვალდებულებიდან გამომდინარე, არ აქვს უფლებამოსილება, მოწმეს გამოკითხვისას მიუთითოს საქმეში არსებულ ცნობებზე და, ამგვარად, მოახდინოს მოწმის ეფექტურად, ბრალდების მხარის მსგავსად, გამოკითხვა. მოსარჩელეების მითითებით, ყოველი გამოკითხული პირი, პოტენციურად, შესაძლოა, გახდეს მოწმე ძირითად სასამართლო პროცესზე. ამიტომ, თუ დაცვის მხარეს შეეზღუდება გამოკითხვის ეტაპის სრულყოფილად ჩატარების უფლება, შეიზღუდება ამ პირის მოწმედ დაკითხვის უფლებაც.
13. მოსარჩელე მხარის პოზიციით, სადავო ნორმის საფუძველზე სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევას ასევე განაპირობებს ის გარემოება, რომ გამომძიებლის/პროკურორის გადაწყვეტილება ინფორმაციის გაუთქმელობის ვალდებულების დაკისრებასთან დაკავშირებით არ საჩივრდება. მოსარჩელის განმარტებით, აუცილებელია, არსებობდეს სასამართლო კონტროლი პროცესის მონაწილისთვის კონსტიტუციური უფლების შეზღუდვის შემთხვევაში.
14. მოსარჩელეები მიუთითებენ, რომ სადავო ნორმა ასევე არღვევს კანონის წინაშე თანასწორობის უფლებას. მოსარჩელე მხარე შესადარებელ ჯგუფებად გამოყოფს ბრალდებულს/მსჯავრდებულს, მის ადვოკატსა და პროცესის სხვა მონაწილეებს და აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული ცნობების გამჟღავნების ინტერესი ხსენებულ სუბიექტებს განსხვავებულად აქვთ. სადავო ნორმა კი მათზე ერთიან სტანდარტს ავრცელებს ე.წ. გაუთქმელობის ვალდებულებების დაკისრების კონტექსტში და, ამგვარად, არსებითად უთანასწორო სუბიექტებს თანასწორად ეპყრობა.
15. მოსარჩელე მხარის პოზიციით, სადავო ნორმა ასევე ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ პუნქტს, ვინაიდან სადავო რეგულაციით, პირს ეზღუდება გამოხატვის თავისუფლება იმგვარად, რომ იგი ვერ ახერხებს საკუთარი პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის საჯაროდ დაცვას. ამასთან, სადავო ნორმის სუბიექტს არ გააჩნია შესაძლებლობა, დაიცვას საკუთარი პატივი და ღირსება სასამართლოს მეშვეობით მტკიცებულებების წარდგენის გზით, ვინაიდან ამგვარი მტკიცებულებები წარმოადგენს საქმის მასალებს და მისი გასაჯაროება აკრძალულია. მოსარჩელე მხარე დამატებით განმარტავს, რომ რეგულაციიდან მომდინარე შეზღუდვა, მისი ინტენსივობის გამო, პირს აქცევს სამართლის ობიექტად.
16. მოსარჩელე მხარე ასევე არაკონსტიტუციურად მიიჩნევს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის მე-2 ნაწილს, პატიმრობის კოდექსის 77-ე მუხლის პირველ ნაწილსა და 79-ე მუხლის მე-2 ნაწილს, ვინაიდან ხსენებული ნორმების საფუძველზე, ბრალდებულს ეზღუდება საქმეში არსებული ინფორმაციის გამჟღავნება, გარე სამყაროსთან კომუნიკაციის უფლება, თუმცა უფლების შეზღუდვის ინტენსივობის მიუხედავად, არ არსებობს ამგვარი გადაწყვეტილებების გასაჩივრების შესაძლებლობა, რაც, მოსარჩელეთა პოზიციით, არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულ სამართლიანი სასამართლოს უფლებას.
17. სისხლის სამართლის კოდექსის 374-ე მუხლთან დაკავშირებით მოსარჩელეები მიუთითებენ, ვინაიდან სადავო ნორმა მიმთითებელი ნორმაა, მისი შინაარსის კონსტიტუციურობა დამოკიდებულია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის კონსტიტუციურობაზე. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში ამ უკანასკნელი ნორმის არაკონსტიტუციურობასთან დაკავშირებით არსებული არგუმენტაციის გამო, ასევე არაკონსტიტუციურია ხსენებული ნორმაც. კერძოდ, სადავო ნორმა ახდენს ქმედების კრიმინალიზებას იმგვარად, რომ არ არის განჭვრეტადი მისი ფარგლები და, ამგვარად, განაპირობებს გამოხატვის თავისუფლების საჭიროზე მეტად შეზღუდვას.
18. მოსარჩელე მხარე ასევე არაკონსტიტუციურად მიიჩნევს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილს. მათი არგუმენტაციით, სასამართლო იღებს განჩინებას სხდომის დახურვის შესახებ იმგვარად, რომ არ ევალება მიღებული განჩინების დასაბუთება, ამასთან, განჩინება არ საჩივრდება და მხარეს არ აქვს მინიჭებული პროცედურული გარანტიები, იშუამდგომლოს პროცესის გახსნის თაობაზე, რაც არღვევს სამართლიანი სასამართლოს უფლებას. მოსარჩელე მხარე ასევე არაკონსტიტუციურად მიიჩნევს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე სხდომის დახურვის შესაძლებლობას პერსონალური მონაცემების, პროფესიული ან კომერციული საიდუმლოების დაცვის მიზნით მაშინ, როდესაც პირი თანახმაა, გაამჟღავნოს ზემოთ ჩამოთვლილთაგან ნებისმიერი მონაცემი საჯარო სხდომაზე.
19. მოსარჩელე მხარემ განმწესრიგებელ სხდომაზე შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა იმ ნაწილში, რომელიც შეეხებოდა: ა) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის პირველ პუნქტთან; ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 182-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-4-მე-10 ნაწილების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან; გ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 374-ე მუხლის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან და მე-18 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
20. მოსარჩელე მხარე „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, ითხოვს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის შეჩერებას, რომელიც ბრალდებულს/მსჯავრდებულს და მის ადვოკატს ავალდებულებს, პროკურორის/გამომძიებლის ნებართვის გარეშე არ გაამჟღავნოს საქმეში არსებული ცნობები. მოსარჩელე მხარე ასევე შუამდგომლობს, შეჩერდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 374-ე მუხლის მოქმედება იმ ნორმატიული შინაარსით, რომელიც ითვალისწინებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრებას იმ შემთხვევაში, თუ ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა ან/და მისმა ადვოკატმა დაარღვიეს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულება და გამომძიებლის/პროკურორის ნებართვის გარეშე გაამჟღავნეს საქმეში არსებული ცნობები. მოსარჩელე მხარის პოზიციით, ნორმის მოქმედება მას გამოუსწორებელ ზიანს აყენებს, რადგან ხსენებული ნორმები მას უზღუდავს, ერთი მხრივ, გამოხატვის თავისუფლებას, ხოლო, მეორე მხრივ, მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე გარკვეული საპროცესო მოქმედებების განხორციელებას და სასამართლოს მეგობრის ინსტიტუტით სარგებლობას. მოსარჩელეთა განმარტებით, სადავო ნორმის მოქმედების პირობებში ისინი საჯაროდ ვერ საუბრობენ საქმეში არსებულ ცნობებზე, რის გამოც არსებობს მათზე ძალადობის განხორციელების რეალური საფრთხე.
21. მოსარჩელე მხარე საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და აშშ-ის უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე.
22. მოპასუხე მხარემ არ გაიზიარა მოსარჩელეთა არგუმენტაცია და მიუთითა, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის მოქმედება ვრცელდება მხოლოდ გამოძიების ეტაპზე. შესაბამისად, მოსარჩელე მხარის არგუმენტაცია, სადავო ნორმის საფუძველზე სამართლიანი სასამართლოსა და დაცვის უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით, დაუსაბუთებელია და მოსარჩელე მხარის მიერ მითითებული შეზღუდვები არ მომდინარეობს სადავო ნორმებიდან.
23. მოპასუხე მხარემ მიუთითა, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის საფუძველზე დაწესებული ვალდებულება შესაძლოა გასაჩივრდეს ზემდგომ პროკურორთან. მოპასუხის პოზიციით, სამართლიანი სასამართლოს უფლება არ გულისხმობს a priori ყველა გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობას და მიზანი მიღწეული იქნება, თუ იარსებებს გადაწყვეტილების გადასინჯვის შესაძლებლობა, რაც მოცემულ შემთხვევაში გარანტირებულია. მოპასუხე მხარემ ასევე მიუთითა, რომ სადავო ნორმა დამოუკიდებლად არ განაპირობებს ღირსების უფლების დარღვევას და მოსარჩელე მხარის არგუმენტაცია, საჯაროდ პატივისა და ღირსების დაცვის შეუძლებლობასთან დაკავშირებით არ მომდინარეობს სადავო ნორმიდან.
24. მოპასუხე მიიჩნევს, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის არაკონსტიტუციურად ცნობის თაობაზე მოსარჩელეთა არგუმენტაცია ვერ წარმოაჩენს შინაარსობრივ მიმართებას სადავო ნორმასა და საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლით გარანტირებულ გამოხატვის თავისუფლებას შორის. კერძოდ, მოპასუხე მხარის პოზიციით, მოსარჩელეები გამოხატვის თავისუფლების უფლების დარღვევაზე მსჯელობენ სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის ფარგლებში, ამგვარი არგუმენტაცია კი - არ გამოდგება გამოხატვის თავისუფლების უფლებასთან მიმართების დასასაბუთებლად.
25. მოპასუხე მხარის წარმომადგენლის პოზიციით, არ არსებობს შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით დაცულ უფლებას შორის. კერძოდ, ინფორმაციის გავრცელების აკრძალვის ლეგიტიმური ინტერესის დაცვის კონტექსტში პროცესის ყველა მონაწილე არსებითად თანასწორია და დაუშვებელია მათი განხილვა არსებითად უთანასწოროებად. შესაბამისად, სახეზე არ არის არსებითად უთანასწორო პირების მიმართ თანასწორად მოპყრობის ფაქტი.
26. მოპასუხე მხარემ სისხლის სამართლის კოდექსის 374-ე მუხლთან დაკავშირებით მიუთითა, რომ ხსენებულ ნორმას არ აქვს განჭვრეტადობის პრობლემა. აღნიშნული მუხლის მიზნებისათვის, გახმაურება ნიშნავს მესამე პირისათვის ინფორმაციის გადაცემას, რომელმაც შესაძლოა ზიანი მიაყენოს გამოძიების მიმდინარეობას და ეს არის განზრახი დანაშაული.
27. მოპასუხემ ასევე განმარტა, რომ სხდომის დახურვის შესახებ განჩინების მიღებისას სასამართლომ საჯაროდ უნდა გამოაცხადოს სხდომის დახურვის საფუძველი, რა დროსაც უწევს მსჯელობა და საკითხის დასაბუთება. ამასთან, მოპასუხე მხარემ მიუთითა, რომ პერსონალური მონაცემების დაცვის მოტივით, სხდომა არ დაიხურება, თუ პირი თანახმაა გასაჯაროვდეს მისი პერსონალური მონაცემები.
28. მოწმემ, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორმა თამარ მესხიამ განმარტა სადავო ნორმების მოქმედების ფარგლები და პრაქტიკაში გამოყენებასთან დაკავშირებული საკითხები. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის პირველ ნაწილთან დაკავშირებით მოწმემ მიუთითა, რომ გამოძიების მონაცემების გამჟღავნება თავისთავად გულისხმობს ინფორმაციის განდობას გარეშე პირებისთვის, რომელთაც ამ მონაცემთა გაცნობის კანონიერი საფუძველი არ აქვთ. ამასთან, გაუთქმელობის ვალდებულების წარმოშობისათვის საკმარისია კომუნიკაცია შედგეს პროცესის მონაწილესა და გამომძიებელს/პროკურორს შორის, აღნიშნული დამატებით არ მოითხოვს წერილობით გაფრთხილებას. მოწმემ ასევე მიუთითა, რომ გაუთქმელობის ვალდებულების არსებობა პირს არ უზღუდავს შესაძლებლობას, მოიპოვოს მტკიცებულებები, კერძოდ, ჩაატაროს ექსპერტიზა, გამოკითხოს მოწმე და სხვა. ინფორმაციის საჯაროდ გავრცელებასთან დაკავშირებით კი გადაწყვეტილებას იღებს გამომძიებელი/პროკურორი, რაც „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ექვემდებარება გასაჩივრებას ზემდგომ პროკურორთან. ამასთან, მოწმის განმარტებით, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილი ვრცელდება მხოლოდ საქმის გამოძიების ეტაპზე.
29. სისხლის სამართლის კოდექსის 374-ე მუხლთან დაკავშირებით მოწმემ მიუთითა, რომ ნორმის მიზანია დანაშაულის დროული აღკვეთა და გახსნა. იმ შემთხვევაში, თუ პირმა მონაცემები გამოძიების დასრულების შემდეგ გაახმაურა, იგი არ დაისჯება. ამასთან, გამონაკლისია შემთხვევა, როდესაც არსებობს სხვა, ცალკე წარმოებად გამოყოფილი საქმე, რის შესახებაც მიიღება დადგენილება, რომელიც გადაეცემა მხარეს. ამასთან, მოწმემ განმარტა, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 374-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული არის განზრახი. აღნიშნული დანაშაულის შემადგენლობა არ მოიცავს დაცვის უფლების რეალიზების ფარგლებში მტკიცებულების მოპოვების მიზნით განხორციელებულ ქმედებებს. მოცემული სადავო ნორმის მიხედვით, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დგება იმ შემთხვევაში, თუ კანონით დადგენილი წესით გაფრთხილებულმა პირმა განზრახ გაამჟღავნა გამოძიების მონაცემები და ამავდროულად დაზიანდა გამოძიების ინტერესები. ამასთან, პასუხისმგებლობა არ დადგება იმ შემთხვევაში თუ ეს მონაცემები უკვე გამჟღავნებული იყო.
30. მოწმის განმარტებით, თუ თავად გამომძიებელმა ან პროკურორმა მიიღო გადაწყვეტილება და გაახმაურა ისეთი მონაცემი, რომლის გავრცელებაც არ შეესაბამება საჯარო ინტერესს და აშკარად უშლის ხელს გამოძიებას, ეს სამოხელეო დანაშაულად დაკვალიფიცირდება და პირს დაეკისრება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.
31. მოწმის განმარტებით, გამოძიების მონაცემი არის ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულება, აგრეთვე ნებისმიერი მონაცემი, რომელიც საქმეში დევს. შეზღუდვა არ ვრცელდება დაცვის მხარის მიერ მოპოვებულ მტკიცებულებებზე. თუ აღმოჩნდა, რომ პარალელურ რეჟიმში დაცვის მხარემ, იგივე მონაცემი მოიპოვა, ჩაითვლება, რომ მტკიცებულება დაცვის მხარის მოპოვებულია და არა ბრალდების მხარის. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილთან დაკავშირებით მოწმემ განმარტა, რომ, თუ პირი თანახმაა, გამჟღავნდეს მისი პერსონალური მონაცემები, მისი პირადი ცხოვრების დაცვის მიზნით სხდომა ვერ დაიხურება.
32. მოწმემ დამატებით განმარტა, რომ პატიმრობის კოდექსის საფუძველზე პროკურორის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, პირის პაემნისა თუ გარე სამყაროსთან კომუნიკაციის უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით, „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, საჩივრდება ზემდგომ პროკურორთან.
33. №1264 კონსტიტუციურ სარჩელზე ა(ა)იპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ წარმოადგინა სასამართლოს მეგობრის წერილობითი მოსაზრება. სასამართლოს მეგობარი იზიარებს მოსარჩელეების პოზიციას, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის არაკონსტიტუციურობასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ სადავო ნორმა ვერ აკმაყოფილებს კანონის ხარისხის მოთხოვნებს და ბრალდების მხარეს აძლევს განუზომელ დისკრეციას, შეუზღუდოს დაცვის მხარეს გამოხატვის თავისუფლება და, ამასთან, ხელი შეუშალოს მას სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედების განხორციელებაში. სადავო რეგულაციის შესაბამისად, გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის გასაიდუმლოების ვალდებულება მოქმედებს მაშინაც, როდესაც ლეგიტიმურ მიზნებს საფრთხე არ ემუქრება და ინფორმაციის გამჟღავნება არ ხელყოფს რაიმე სიკეთეს. აღნიშნულის გათვალისწინებით, სადავო ნორმა არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებს, 42-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებს, მე-5 პუნქტის პირველ წინადადებას და მე-6 პუნქტს. სასამართლოს მეგობარი ასევე არაკონსტიტუციურად მიიჩნევს სისხლის სამართლის კოდექსის 374-ე მუხლს, რომელიც აწესებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას გამოძიების მონაცემების გახმაურების გამო.
34. სასამართლოს მეგობარი დამატებით მიუთითებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და პატიმრობის კოდექსის იმ დებულებებზე, რომელთა საფუძველზეც, პროკურორს და გამომძიებელს აქვთ უფლებამოსილება, შეზღუდონ ბრალდებულის პაემნისა და სატელეფონო საუბრის უფლება. სასამართლოს მეგობრის განმარტებით, ხსენებული ნორმები არღვევს სამართლიანი სასამართლოს უფლებას, რადგან აღნიშნულ საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილება არ საჩივრდება.
35. სასამართლოს მეგობარი ასევე იზიარებს მოსარჩელე მხარის არგუმენტაციას სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 182-ე მუხლის არაკონსტიტუციურობასთან დაკავშირებით და მიუთითებს, რომ ხსენებულ ნორმაზე დაყრდნობით, სასამართლოს შეუძლია, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე დახუროს სხდომა. ამასთან, სასამართლოს განჩინება სხდომის დახურვის თაობაზე არ საჩივრდება, აღნიშნული კი განაპირობებს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევას.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 და მე-18 მუხლებით დადგენილ მოთხოვნებს. აღნიშნული კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოსარჩელემ კონსტიტუციურ სარჩელში უნდა მოიყვანოს ის მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას, ანუ კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებული უნდა იყოს. აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლო „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციურ სარჩელს ან სასარჩელო მოთხოვნის შესაბამის ნაწილს არ მიიღებს არსებითად განსახილველად. საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-9). ამავე დროს, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი მიიჩნევა დაუსაბუთებლად და, შესაბამისად, არ მიიღება არსებითად განსახილველად.
2. №1264 კონსტიტუციურ სარჩელში სხვა ნორმებთან ერთად სადავოდ არის გამხდარი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. მოსარჩელეთა არგუმენტაციით, გამოხატვის თავისუფლების იმგვარი შეზღუდვა, როდესაც პირს არ ეძლევა საშუალება, დაიცვას მისი პატივი, ღირსება, საქმიანი რეპუტაცია, საჯაროდ უპასუხოს მისთვის წაყენებულ ბრალდებებს, გააკეთოს ახსნა-განმარტებები, არის პატივისა და ღირსების უფლების შემლახავი.
3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, ადამიანს ღირსების უფლება აქვს იმიტომ, რომ იგი ადამიანია „...და ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ გააჩნია საზოგადოების შეხედულებას მასზე ან მის სუბიექტურ თვითშეფასებას. ადამიანის ღირსების პატივისცემა გულისხმობს ყოველი ადამიანის პიროვნულ აღიარებას, რომლის ჩამორთმევა და შეზღუდვა დაუშვებელია. კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის ... მთავარი ღირებულება არის ადამიანი როგორც თვითმყოფადი, თავისუფალი და სხვა ადამიანების თანასწორი სუბიექტი. ადამიანის ღირსების დაცვა არის ის, რაც უპირობოდ ეკუთვნის ყველა ადამიანს სახელმწიფოსაგან. ღირსებაში იგულისხმება სოციალური მოთხოვნა სახელმწიფოს მხრიდან ადამიანის რესპექტირებაზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 ოქტომბრის №2/2/389 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე მაია ნათაძე და სხვები საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ“, II-30). აღსანიშნავია, რომ ღირსების უფლების ერთ-ერთი პრაქტიკული გამოხატულება, ადამიანის როგორც თავისუფალი ინდივიდის და ძირითადი უფლებების მქონე სუბიექტად მიჩნევაში მდგომარეობს. „უფლება სამართალსუბიექტობაზე წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული ღირსების უფლების განუყოფელ ელემენტს. აღნიშნული უფლების თანახმად, სახელმწიფოსთვის ადამიანი უნდა იყოს მთავარი ფასეულობა, კონსტიტუციური უფლებების სუბიექტი და არა მიზნის მიღწევის საშუალება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 28 ოქტომბრის №2/5/560 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ნოდარ მუმლაური საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-10).
4. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის არგუმენტაცია უკავშირდება გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას, კერძოდ, იმ გარემოებას, რომ სადავო ნორმით პირს შეზღუდული აქვს საჯაროდ განმარტებების გაკეთების შესაძლებლობა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო არ გამორიცხავს ისეთი შემთხვევების არსებობას, როდესაც გამოხატვის თავისუფლების მომეტებულმა შეზღუდვამ შესაძლებელია, გამოიწვიოს პირის სამართლის ობიექტად განხილვა. აღნიშნულის მიუხედავად, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ნებისმიერი ფაქტი არ არის თავისთავად ღირსების უფლებასთან შეფასებადი. მარტოოდენ იმ გარემოებაზე მითითება, რომ პირს შეზღუდული აქვს გამოხატვის თავისუფლება და საჯაროდ ვერ გამოთქვამს მოსაზრებებს, მათ შორის, საკუთარ თავთან დაკავშირებით, არ მიუთითებს სადავო ნორმების საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლით დაცულ უფლებასთან მიმართებაზე. არც კონსტიტუციურ სარჩელში და არც განმწესრიგებელ სხდომაზე არ ყოფილა წარმოდგენილი სათანადო არგუმენტაცია, რომელიც სასამართლოს ნათლად დაანახვებდა, რომ შეზღუდვის შედეგად პირის ობიექტად განხილვა ხდება და წარმოაჩენდა შინაარსობრივ მიმართებას სადავო ნორმასა და საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლით დაცულ ღირსების უფლებას შორის.
5. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1264 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
6. №1264 კონსტიტუციურ სარჩელში ასევე სადავოდ არის გამხდარი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით. მოსარჩელე მხარის განმარტებით, აღნიშნული ნორმა ბუნდოვანია, არ პასუხობს კანონის განჭვრეტადობის მოთხოვნებს და, შესაბამისად, არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის პირველი წინადადებით დაცულ უფლებას.
7. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის პირველი წინადადების თანახმად, „არავინ არ აგებს პასუხს იმ ქმედობისათვის, რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა“. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული კონსტიტუციური დებულება „ადგენს პირის პასუხისგებაში მიცემის საფუძვლებს, განამტკიცებს გარანტიას, რომ ნებისმიერი დანაშაული და სასჯელი მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული სისხლის სამართლის კანონში“ (საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 11 ივლისის №3/2/416 გადაწყვეტილება საქმეზე “საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-38). კონსტიტუციის ხსენებული გარანტია „[...]არა მხოლოდ განსაზღვრავს პასუხისმგებლობის დაკისრებისათვის შესაბამისი კანონის არსებობის აუცილებლობას, არამედ ადგენს პასუხისმგებლობის განმსაზღვრელი კანონის ხარისხობრივ სტანდარტებს. პასუხისმგებლობის დაწესებისას კანონმდებელი შებოჭილია განსაზღვრულობის პრინციპით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 14 მაისის №2/2/516,542 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ალექსანდრე ბარამიძე, ლაშა ტუღუში, ვახტანგ ხმალაძე და ვახტანგ მაისაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-29).
8. ამრიგად, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის პირველი წინადადება განსაზღვრავს პასუხისმგებლობის დამდგენი კანონის ხარისხობრივ სტანდარტებს. შესაბამისად, სადავო ნორმასა და საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის პირველი წინადადებით დადგენილ განსაზღვრულობის მოთხოვნას შორის შინაარსობრივი მიმართების წარმოსაჩენად, მოსარჩელემ უნდა დაასაბუთოს, რომ სახეზეა პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმა და არსებობს საფუძვლიანი ეჭვი მისი განუსაზღვრელობის შესახებ. შესაბამისად, უპირველეს ყოვლისა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაადგინოს, არის თუ არა გასაჩივრებული ნორმა პასუხისმგებლობის დამდგენი.
9. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, „სასჯელი, როგორც სახელმწიფო იძულების განსაკუთრებული ღონისძიება, არის სახელმწიფოს რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 11 ივლისის №3/2/416 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-46). ამასთან, „პირის პასუხისმგებლობის საკითხი მხოლოდ მაშინ შეიძლება დადგეს, თუ მას ბრალი პირადად, ინდივიდუალურად მიუძღვის მისი მოქმედების ან უმოქმედობისათვის“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 11 ივლისის №3/2/416 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-40).
10. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს პროკურორის/გამომძიებლის ვალდებულებას, უზრუნველყოს გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის დაცვა. ამავე დროს, ხსენებული ნორმა ადგენს პროკურორის/გამომძიებლის უფლებამოსილებას, სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეს აუკრძალოს საქმეში არსებული ცნობების გამჟღავნება და გააფრთხილოს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ. გამომძიებლის/პროკურორის ამგვარი უფლებამოსილება და სისხლის სამართლის პროცესის მონაწილის ვალდებულება, რომ არ გაავრცელოს საქმეში არსებული ცნობები, არ შეიძლება ჩაითვალოს პასუხისმგებლობის დაკისრებად. ამდენად, სადავო ნორმით განსაზღვრულია არა სახელმწიფოს რეაქცია ჩადენილ სამართალდარღვევაზე, არამედ პირის ვალდებულება, არ გაამჟღავნოს გარკვეული კატეგორიის ინფორმაცია. აღნიშნული სადავო ნორმა უშუალოდ არ განსაზღვრავს პასუხისმგებლობას პირის მიმართ ამ ვალდებულების დარღვევისათვის - საქმეში არსებული ცნობების უნებართვოდ გამჟღავნებისათვის. ამრიგად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილი არ არის პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმა, შესაბამისად, სახეზე არ არის მიმართება ხსენებულ ნორმასა და საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის პირველ წინადადებას შორის.
11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1264 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
12. მოსარჩელეები ასევე ითხოვენ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის მე-2 ნაწილის, პატიმრობის კოდექსის 77-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 79-ე მუხლის მე-2 ნაწილის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
13. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს სასამართლოს უფლებამოსილებას, მხარის შუამდგომლობით ან საკუთარი ინიციატივით, მიიღოს გადაწყვეტილება საქმის მონაწილეთა ან/და სასამართლო სხდომის დარბაზში მყოფ პირთა მიმართ განსახილველი საქმის გარკვეული მონაცემების საჯაროდ გავრცელებისაგან დაცვის შესახებ. აღნიშნული მოთხოვნის დარღვევა იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
14. პატიმრობის კოდექსის 77-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს ბრალდებულის მიერ ხანმოკლე პაემნით სარგებლობის წესს და ითვალისწინებს გამომძიებლის ან პროკურორის დადგენილების საფუძველზე პაემნის უფლების შეზღუდვის შესაძლებლობას. თავის მხრივ, ამავე კოდექსის 79-ე მუხლის მე-2 ნაწილი განსაზღვრავს გამომძიებლის ან პროკურორის მოტივირებული გადაწყვეტილებით ბრალდებულის სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვის შესაძლებლობას.
15. მოსარჩელის არგუმენტაციის მიხედვით, არ არსებობს აღნიშნული სადავო ნორმების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილებების, კერძოდ, საქმის გარკვეული მონაცემების საჯაროდ გავრცელებისაგან დაცვის (სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის მე-2 ნაწილი), ბრალდებულის პაემნის (პატიმრობის კოდექსის 77-ე მუხლის პირველი ნაწილი) და სატელეფონო საუბრის (პატიმრობის კოდექსის 79-ე მუხლის მე-2 ნაწილი) უფლებების შეზღუდვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრების შესაძლებლობა, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს.
16. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს“. აღნიშნული კონსტიტუციური დებულებით განმტკიცებულია სამართლიანი სასამართლოს უფლება. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „სამართლიანი სასამართლოს უფლება, პირველ რიგში, ნიშნავს სახელმწიფო ხელისუფლების ყველა იმ გადაწყვეტილების (ქმედების) სასამართლოში გასაჩივრებას და სამართლებრივ შეფასებას, რომელიც ადამიანის უფლებებს არღვევს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 ივნისის №1/466 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-14).
17. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუცია არა მხოლოდ აღიარებს და იცავს ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, არამედ განსაზღვრავს მათ შინაარსსა და მოცულობას. შესაბამისად, კონსტიტუციური უფლება არსებობს კანონის მიერ მისი აღიარების, დეკლარირების გარეშეც, ის არსებობასა და მოქმედებას განაგრძობს მაშინაც, როდესაც კანონმდებლობით ამ უფლების რეალიზაციის საფუძვლები არ არის განსაზღვრული. კონსტიტუციური უფლების შეზღუდვასთან მხოლოდ იმ შემთხვევაში გვექნება საქმე, როდესაც ამის შესაძლებლობას მოქმედი საკანონმდებლო აქტი ითვალისწინებს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 დეკემბრის №1/494 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ვლადიმერ ვახანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-11) .
18. ამავდროულად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „კონსტიტუციით აღიარებული სამართლიანი სასამართლოს უფლება არსებობს სწორედ კონსტიტუციით დამკვიდრებულ ინსტიტუციურ სისტემაში. კერძოდ, უფლება სამართლიან სასამართლოზე არ არის აბსტრაქტული და მოიაზრებს უფლების დაცვის შესაძლებლობას კონსტიტუციის ინსტიტუციური სისტემით განსაზღვრული სასამართლო ხელისუფლების ორგანოების მეშვეობით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 29 დეკემბრის №3/5/768,769,790,792 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი (დავით ბაქრაძე, სერგო რატიანი, როლანდ ახალაია, ლევან ბეჟაშვილი და სხვები, სულ 38 დეპუტატი), საქართველოს მოქალაქეები - ერასტი ჯაკობია და კარინე შახპარონიანი, საქართველოს მოქალაქეები - ნინო კოტიშაძე, ანი დოლიძე, ელენე სამადბეგიშვილი და სხვები, აგრეთვე, საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი (ლევან ბეჟაშვილი, გიორგი ღვინიაშვილი, ირმა ნადირაშვილი, პეტრე ცისკარიშვილი და სხვები, სულ 38 დეპუტატი) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-68).
19. საქართველოს კონსტიტუციის 82-ე მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ „სასამართლო ხელისუფლება ხორციელდება საკონსტიტუციო კონტროლის, მართლმსაჯულების და კანონით დადგენილი სხვა ფორმების მეშვეობით“, ხოლო 83-ე მუხლი სასამართლო ხელისუფლების განხორციელების უფლებამოსილებას გამიჯნავს და საკონსტიტუციო კონტროლის უფლებამოსილებას ანიჭებს საკონსტიტუციო სასამართლოს, მართლმსაჯულების განხორციელებას კი საერთო სასამართლოებს. იმავდროულად „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „მართლმსაჯულება არის სასამართლო ხელისუფლების განხორციელების ერთ-ერთი ფორმა და მას სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის სამართალწარმოებათა მეშვეობით ახორციელებენ საერთო სასამართლოები“. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარეობს საერთო სასამართლოების ზოგადი კომპეტენცია, განახორციელონ მართლმსაჯულება და მათი განსჯადი საქმეების ფარგლებში გადაწყვიტონ კანონიერების საკითხები, მათ შორის, შეაფასონ სახელმწიფო მოხელეთა და ორგანოების ქმედებების კანონიერება.
20. ამგვარად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, პირის უფლება, მოითხოვოს სახელმწიფო მოხელეთა უფლებაშემზღუდველი აქტების კანონიერების სასამართლოს მიერ შემოწმება, დაცულია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით. ამავე დროს, ამ უფლების შინაარსი და ფარგლები თავად კონსტიტუციითვეა განსაზღვრული და მისით სარგებლობა შესაძლებელია გასაჩივრების შესაძლებლობის საკანონმდებლო აქტით დადასტურების გარეშეც. შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით დაცულ შემზღუდველი ღონისძიების სასამართლოში გასაჩივრების უფლებასთან შინაარსობრივი მიმართების დასასაბუთებლად, მოსარჩელემ უნდა მიუთითოს იმ უფლებაშემზღუდველ ნორმატიულ აქტზე, რომელიც მას ართმევს შესაძლებლობას, მიმართოს სასამართლოს მის მიმართ გამოყენებული შემზღუდველი ღონისძიების კანონიერების შესამოწმებლად. ამგვარი ნორმატიული აქტის არარსებობის პირობებში პირს შესაძლებლობა აქვს, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, მიმართოს სასამართლოს საკუთარი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დასაცავად.
21. მოსარჩელეთა მიერ მითითებული სადავო ნორმები არ შეიცავს აკრძალვას სასამართლოსადმი მიმართვისა და ამ გზით პირის მიმართ მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერების შემოწმების შესახებ. მოსარჩელე მხარის მიერ მითითებული ნორმები განსაზღვრავს უშუალოდ გადაწყვეტილებების მიღების წესსა და საფუძვლებს და არ აწესრიგებს მოცემული გადაწყვეტილებების გასაჩივრებასთან დაკავშირებულ საკითხებს. შესაბამისად, კონსტიტუციურ სარჩელში არ არის დასაბუთებული შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმებსა და საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცულ უფლებას შორის.
22. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1264 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის მე-2 ნაწილის, პატიმრობის კოდექსის 77-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 79-ე მუხლის მე-2 ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
23. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეები - გიორგი ფანცულაია და მია ზოიძე სხვა ნორმებთან ერთად ითხოვენ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ, მე-3 და მე-6 პუნქტებთან მიმართებით, ასევე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
24. მოსარჩელეთა პოზიციით, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილი ხელს უშლის მათ ადვოკატებს, განახორციელონ კვალიფიციური დაცვა, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-3 პუნქტით გარანტირებულ დაცვის უფლებას. ამასთან, დასახელებულ მოსარჩელეებს არ წარმოუდგენიათ დასაბუთება, თუ რატომ ეწინააღმდეგება აღნიშნული სადავო ნორმა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ და მე-6 პუნქტებს, ასევე, ხსენებულ მოსარჩელეებს არც ის დაუსაბუთებიათ, თუ რა განაპირობებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 182-ე მუხლის მე-3 პუნქტით მათი უფლებების დარღვევას.
25. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, „დაცვის უფლების არსი იმაში მდგომარეობს, რომ პირს, რომლის მიმართაც გარკვეული პროცესუალური ზომები ტარდება, უნდა გააჩნდეს შესაბამის პროცედურასა და მის შედეგზე ეფექტური ზეგავლენის მოხდენის შესაძლებლობა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 11 აპრილის №1/2/503,513 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ლევან იზორია და დავით-მიხეილი შუბლაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-55). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, პირს ... უნდა ჰქონდეს საკუთარი თავის დასაცავად პოზიციის პირადად გამოხატვის ან/და დამცველით უზრუნველყოფის უფლება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2006 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება №1/3/393,397 საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ონისე მებონია და ვახტანგ მასურაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2).
26. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის ანალიზიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-3 პუნქტით აღიარებული უფლება არის იმ პირის დაცვის გარანტია, ვის მიმართაც „გარკვეული პროცესუალური ზომები ტარდება“. პირი, ვის მიმართაც ტარდება რიგი პროცესუალური ზომები (სისხლის სამართლის საქმეზე - ბრალდებული) აღჭურვილი უნდა იყოს სათანადო გარანტიებით, რომ გავლენა მოახდინოს შესაბამის პროცედურასა და მის შედეგზე. ამ პროცესში ადვოკატის როლი აღნიშნული პირის უფლებების ეფექტიანი დაცვის უზრუნველყოფაში გამოიხატება. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-3 პუნქტი განამტკიცებს უშუალოდ იმ პირის უფლებას, ვის მიმართაც ხორციელდება პროცედურები და არ მოიცავს ადვოკატის კონსტიტუციურ უფლებას, რომ ეფექტიანად განახორციელოს მისი მარწმუნებლის დაცვა.
27. ამრიგად, მოსარჩელეებმა, საქართველოს მოქალაქეებმა - გიორგი ფანცულაიამ და მია ზოიძემ ვერ წარმოაჩინეს შინაარსობრივი მიმართება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის პირველ ნაწილსა და მათ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-3 პუნქტით დაცულ უფლებას შორის. ამასთანავე, როგორც აღინიშნა, მათ საერთოდ არ წარმოუდგენიათ არგუმენტაცია აღნიშნულ ნორმასა და საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ და მე-6 პუნქტებს შორის მიმართების თაობაზე. ასევე, მოსარჩელეებს არ მოუყვანიათ მტკიცებულებები ამავე კოდექსის 182-ე მუხლის მე-3 პუნქტის არაკონსტიტუციურობასთან დაკავშირებით.
28. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კონსტიტუციური სარჩელი №1264 მოსარჩელეების - საქართველოს მოქალაქეების გიორგი ფანცულაიასა და მია ზოიძის სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ, მე-3 და მე-6 პუნქტებთან მიმართებით, ასევე სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
29. საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, სხვა მხრივ, №1264 კონსტიტუციური სარჩელი აკმაყოფილებს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის რომელიმე საფუძველი.
30. მოსარჩელეები „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე ითხოვენ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის შეჩერებას, რომელიც ბრალდებულს/მსჯავრდებულს და მის ადვოკატს ავალდებულებს, პროკურორის/გამომძიებლის ნებართვის გარეშე არ გაამჟღავნოს საქმეში არსებული ცნობები. მოსარჩელეები აგრეთვე ითხოვენ, შეჩერდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 374-ე მუხლის მოქმედება იმ ნორმატიული შინაარსით, რომელიც ითვალისწინებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრებას იმ შემთხვევაში, თუ ბრალდებულმა ან/და მისმა ადვოკატმა დაარღვიეს საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულება და გამომძიებლის/პროკურორის ნებართვის გარეშე გაამჟღავნეს საქმეში არსებული ცნობები.
31. მოსარჩელე მხარის პოზიციით, ნორმის მოქმედება მათ გამოუსწორებელ ზიანს აყენებს, რადგან ხსენებული ნორმები უზღუდავს, ერთი მხრივ, გამოხატვის თავისუფლებას, ხოლო, მეორე მხრივ, გარკვეული საპროცესო მოქმედებების განხორციელებას და სასამართლოს მეგობრის ინსტიტუტით სარგებლობას სისხლის სამართლის პროცესის მიმდინარე საქმეზე. ამასთან, მოსარჩელეთა განმარტებით, სადავო ნორმის მოქმედების პირობებში ისინი ვერ საუბრობენ საჯაროდ საქმეში არსებულ ცნობებზე, რის გამოც არსებობს მათ მიმართ ძალადობის განხორციელების რისკი.
32. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია, შეაჩეროს სადავო აქტის ან მისი სათანადო ნაწილის მოქმედება, თუ მიიჩნევს, რომ მის მოქმედებას შეუძლია ერთ-ერთი მხარისათვის გამოუსწორებელი შედეგები გამოიწვიოს. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების ინსტიტუტი არის „...საკონსტიტუციო სამართალწარმოების უმნიშვნელოვანესი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს მოსარჩელის უფლებების პრევენციულ დაცვას იმ შემთხვევაში, თუ არსებობს საფრთხე, რომ სადავო ნორმის მოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს მისთვის გამოუსწორებელი შედეგი“ (საკონსტიტუციო სასამართლოს №1/1/569 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - დავით კანდელაკი, ნატალია დვალი, ზურაბ დავითაშვილი, ემზარ გოგუაძე, გიორგი მელაძე და მამუკა ფაჩუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-37).
33. ამასთან, „გამოუსწორებელი შედეგის დადგომა ნიშნავს ისეთ ვითარებას, როდესაც ნორმის მოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს უფლების შეუქცევადი დარღვევა და დამდგარი შედეგის გამოსწორება შეუძლებელი იქნება ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაშიც კი. ამასთან, პირს ასეთი შედეგის თავიდან აცილების სხვა სამართლებრივი შესაძლებლობა არ გააჩნია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 20 მაისის №1/3/452,453 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2).
34. მოსარჩელეები მიუთითებენ, რომ გამოუსწორებელ ზიანად შესაძლოა ჩაითვალოს ის გარემოება, რომ სადავო ნორმის მოქმედების პირობებში ისინი ვერ საუბრობენ საჯაროდ საქმეში არსებულ ცნობებზე, რის გამოც არსებობს მათ მიმართ ძალადობის განხორციელების რისკი. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში არ იკვეთება პირდაპირი კავშირი სადავო ნორმასა და შესაძლო ძალადობის საფრთხეს შორის. დემოკრატიულ საზოგადოებაში ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა კანონით უნდა იყოს დაცული იმისგან დამოუკიდებლად, რა საკითხზე ისაუბრებს იგი ან რა კატეგორიის საქმეებში მონაწილეობს ბრალდებულის თუ ადვოკატის სახით. მოსარჩელეთა მიერ მითითებული სადავო ნორმა შეეხება გამოძიების მონაცემების გახმაურებას დაუშვებლობას და მონაცემთა გახმაურებისათვის იმ პირების პასუხისმგებლობას, ვინც კანონით დადგენილი წესით იყო გაფრთხილებული. სადავო ნორმები არ უშვებს რომელიმე პირის შესაძლებლობას, რომ მართლსაწინააღმდეგო ძალადობა განახორციელოს მოსარჩელეებზე. სადავო ნორმები არც სამართალდამცავი ორგანოების ვალდებულებას გამორიცხავს, რომ კანონით დადგენილი წესით აღკვეთონ მოსარჩელეების მიმართ განხორციელებული ძალადობის ნებისმიერი შემთხვევა. ამ პირობებში მოსარჩელეთა არგუმენტაცია იმის თაობაზე, რომ სადავო ნორმები გამორიცხავს მათ შესაძლებლობას, საჯაროდ ისაუბრონ საქმის მასალების შესახებ და ამ გზით დაიცვან თავი შესაძლო ძალადობის ფაქტებისაგან, არ არის საკმარისი იმის დასასაბუთებლად, რომ სადავო ნორმები შეიცავს მოსარჩელეთა მიმართ გამოუსწორებელი შედეგის დადგომის რისკებს. შესაბამისად, არ დგინდება მოსარჩელეთა მიერ დასახელებულ საფრთხეებსა და სადავო ნორმას შორის პირდაპირი კავშირი.
35. მოსარჩელეები აგრეთვე მიუთითებენ იმ გარემოებაზე, რომ სადავო ნორმების საფუძველზე, მათ ეზღუდებათ ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების განხორციელების შესაძლებლობა და თუ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო არ შეაჩერებს სადავო ნორმების მოქმედებას, შესაძლოა, ისე შევიდეს ძალაში ერთ-ერთი მოსარჩელის მიმართ მიღებული გამამტყუნებელი განაჩენი, რომ მას არ მიეცეს შესაბამისი საპროცესო მოქმედებების სათანადოდ განხორციელების საშუალება. აღსანიშნავია, რომ მოსარჩელე არ მიუთითებს კონკრეტულ სამართლებრივ შედეგებზე, რომლის გამოსწორებაც ვერ მოხდება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში. სათანადოდ არ არის დასაბუთებული, თუ რატომ ვერ აღადგენს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობა მოსარჩელის დარღვეულ უფლებას. მოსარჩელის წარმომადგენლების მსჯელობაში არ იკვეთება ობიექტური გარემოებები, რაც ხაზს გაუსვამდა უფლებათა შეუქცევადი დარღვევის საფრთხეს. აღსანიშნავია, რომ სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების შესახებ შუამდგომლობის დასასაბუთებლად მოსარჩელეს წარმოდგენილი არ აქვს არგუმენტაცია იმასთან დაკავშირებით, რომ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი მისთვის საბოლოო ხასიათის და, შესაბამისად, გამოუსწორებელი შედეგის მატარებელია (Mutatis Mutandis იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 13 თებერვლის №1/2/696 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ლაშა ბახუტაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
36. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89–ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე–19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31–ე მუხლის მე–2 პუნქტის, 39–ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43–ე მუხლის პირველი, მე-2, მე–5, მე–8, მე-10 და მე-13 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის, მე–18 მუხლის, 21–ე მუხლის პირველი პუნქტის და 22–ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-6 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად კონსტიტუციური სარჩელი №1264 („საქართველოს მოქალაქეები - გიორგი მამალაძე, გიორგი ფანცულაია და მია ზოიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“):
ა) საქართველოს მოქალაქე გიორგი მამალაძის სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება:
ა.ა) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან, 24-ე მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებთან, 42-ე მუხლის პირველ, მე-3 და მე-6 პუნქტებთან მიმართებით;
ა.ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით;
ა.გ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 374-ე მუხლის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებთან და 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით.
ბ) საქართველოს მოქალაქეების - გიორგი ფანცულაიასა და მია ზოიძის სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება:
ბ.ა) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან და 24-ე მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებთან მიმართებით;
ბ.ბ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 374-ე მუხლის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებთან და 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით.
2. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად კონსტიტუციური სარჩელი №1264 („საქართველოს მოქალაქეები - გიორგი მამალაძე, გიორგი ფანცულაია და მია ზოიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“):
ა) საქართველოს მოქალაქე გიორგი მამალაძის სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება:
ა.ა) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ პუნქტთან და 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით;
ა.ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის მე-2 ნაწილის, პატიმრობის კოდექსის 77-ე მუხლის პირველი ნაწილის და 79-ე მუხლის მე-2 ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით;
ბ) საქართველოს მოქალაქეების - გიორგი ფანცულაიასა და მია ზოიძის სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება:
ბ.ა) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ პუნქტთან, 42-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან, მე-5 პუნქტის პირველ წინადადებასთან და მე-6 პუნქტთან მიმართებით;
ბ.ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის, პატიმრობის კოდექსის 77-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 79-ე მუხლის მე-2 ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით;
3. არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელე მხარის მოთხოვნა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების თაობაზე.
4. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.
5. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
6. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
7. საოქმო ჩანაწერი გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის წევრები:
თეიმურაზ ტუღუში
ირინე იმერლიშვილი
მანანა კობახიძე
თამაზ ცაბუტაშვილი