საქართველოს მოქალაქე დავით ხარაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | 533 |
ავტორ(ებ)ი | დავით ხარაძე |
თარიღი | 27 ივნისი 2012 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;
ბ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;
გ. ,,ფსიქიატრიული დახმარების შესახებ” საქართველოს კანონი.
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-12 მუხლის მე-5 ნაწილის შემდეგი სიტყვა ,,ან სულით ავადმყოფობის,” საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1289-ე მუხლის პირველი ნაწილის შემდეგი სიტყვები: ,,დაიცვან მისი უფლებები და ინტერესები,”საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1290-ე მუხლი, სამოქალაქო კოდექსის 1292-ე მუხლი,საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის მე-5 ნაწილის სიტყვები: ,,აგრეთვე ქმედუუნაროდ ცნობილ მოქალაქეთა” საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1293-ე მუხლის პირველი ნაწილი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 323-ე მუხლის მე-2 ნაწილის შემდეგი სიტყვები: ,,რის გამოც მას არ შეუძლია შეიგნოს თავისი მოქმედების მნიშვნელობა ან განაგოს იგი,” საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის შემდეგი სიტყვები: ,,სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ აღიარებული პირის ნების გამოვლენა” საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-12 მუხლის მე-6 ნაწილი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 327-ე მუხლის მე-2 ნაწილი, ,,ფსიქიატრიული დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მეორე პუნქტის სიტყვები: ,,თუ ექიმ-ფსიქიატრთა კომისია მიიჩნევს, რომ პაციენტს ფსიქიკური აშლილობის გამო არ შეუძლია განაგოს თავისი მოქმედება და შეიგნოს მისი მნიშვნელობა.”,,ფსიქიატრიული დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,თ” ქვეპუნქტის შემდეგი სიტყვები: ,,და კერძო-სამართლებრივ ურთიერთობებში; | საქართველოს კონსტიტუციის მე-14, მე-16, 39-ე მუხლის საფუძველზე სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტის მე-16 მუხლს; 42-ე მუხლის პირველ პუნქტს |
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1120-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ე” ქვეპუნქტი: ,,სულით ავადმყოფობის” | საქართველოს კონსტიტუციის მე-14 და 36-ე მუხლი |
,,ფსიქიატრიული დახმარების შესახებ” კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ” ქვეპუნქტი | საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველი და მეორე პუნქტი |
,,ფსიქიატრიული დახმარების შესახებ” კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ” ქვეპუნქტი სიტყვა ,,ქმედუუნაროა” | საქართველოს კონსტიტუციის 16 მუხლი, 24-ე მუხლის პირველ პუნქტს და 41-ე მუხლის პირველ პუნქტი |
,,ფსიქიატრიული დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტი, ამავე კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტისა და საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ი” | საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ და მეორე პუნქტი |
,,ფსიქიატრიული დახმარების შესახებ” კანონის მე-10 მუხლის პირველ პუნქტის სიტყვა ,,ქმედუუნარო” და ამავე კანონის მე-14 მუხლის მეორე პუნქტის შემდეგი სიტყვები ,,ქმედუუნარობის შემთხვევაში | საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლი |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი და 89-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტი, ,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი, ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
აღნიშნულ საქმეში მოსარჩელეს წარმოადგენს მოქალაქე დავით ხარაძე. საქმეს თან ერთვის 2006 წლის 25 აგვისტოს ქალაქ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის საქმეზე #2/7968-06 2006 წლის 25 აგვისტოს მიღებული გადაწყვეტილება. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე თამაზ ჯალიაშვილმა, განმცხადებელ თემურ ხარაძის მონაწილეობით, სასამართლოს მთავარ სხდომაზე უდავო წარმოების წესით განიხილა მისივე განცხადება ძმის, დავით ხარაძის ქმედუუნაროდ აღიარების შესახებ.
სასამართლომ გადაწყვიტა: თემურ ხარაძის განცხადება დაკმაყოფილდეს, განმცხადებლის ძმა - დავით აბელის ძე ხარაძე, დაბადებული 1969 წლის 22 დეკემბერს, აღიარებული იქნას ქმედუუნაროდ.
ქალაქ თბილისის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საქალაქო სამსახურის კომისიის თვმჯდომარის მოადგილის, გ.სანიკიძის მიერ 10.10.06 გაცემული #2520/12 ცნობიდან ირკვევა, რომ თეიმურაზ ხარაძე დაინიშნა მისი ძმის, დავით ხარაძის კანონიერ მეურვედ.
ამგვარად, სადავო ნორმების დიდმა ნაწილმა უშუალოდ შელახეს, მოსარჩელე დავით ხარაძის მეორე თავით გარანტირებული უფლებები, ხოლო გასაჩივრებული ნორმების მეორე ნაწილი ქმნის შესაძლებლობას, რომ მომავალში უშუალოდ დაარღვიონ მოსარჩელის უფლებები. ამგვარად, სარჩელი სრულად აკმაყოფილებს ,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის, ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საფუძველი.
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
1) ცალკეული სადავო ნორმების არსი
აღნიშნულმა მუხლმა ქმედუუნარო პირების კატეგორიას მიაკუთვნა სულით ავამყოფობის (შემდგომში ,,სულიერი აშლილობა”) მქონე პირები. ქმედუუნარობა არის ტერმინი ,,ქმედუნარიანობის” ანტონიმი. თავად ქმედუნარიანობის არსი მოცემულია სამოქალაქო კოდექსის მე-12 მუხლის პირველ ნაწილში. აღნიშნული გულისხმობს: ფიზიკური პირის უნარს, თავისი ნებითა და მოქმედებით სრული მოცულობით შეიძინოს და განახორციელოს სამოქალაქო უფლებები და მოვალეობები (ქმედუნარიანობა). აქედან გამოდინარე, სადავო ნორმამ სულიერი აშლილობის მქონე პირები მიაკუთვნა იმ პირთა ჯგუფს, რომელსაც არა აქვთ უნარი, შეიძინონ და განახორციელონ სამოქალაქო უფლებები და მოვალეობები. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, პირი, რომელსაც ახასიათებს სულიერი აშლილობის ნებისმიერი ფორმა, ავტომატურად მოკლებულია შესაძლებლობას, თავისი ნებით და მოქმედებით შეიძინოს და განხორციელოს სამოქალაქო უფლებები და მოვალეობები. ცხადია, სულიერი აშლილობა გარკვეულ გავლენას ახდენს ადამიანის შესაძლებლობაზე, მიიღოს დამოუკიდებელი გადაწყვეტილება. ეს მდგომარეობა ზღუდავს ადამიანის უნარს, მიიღოს თავისუფალი გადაწყვეტილება, გამოხატოს ნება, რასაც არ გამოხატავდა გონებრივი ჩამორჩენილობა რომ არ ყოფილიყო სახეზე. სულიერმა აშლილობამ ცალკეულ შემთხვევაში შესაძლოა შეუძლებელი გახადოს, ინტერესის ადეკვატურად აღქმა და მისი სათანადო გამოხატვა. აღნიშნული კატეგორიის პირთა შეზღუდულობა, ადეკვატურად გამოხატონ მათი სამართლებრივი ნება, ცალკეულ შემთხვევაში სახელმწიფოს მხრიდან შესაძლოა ამართლებდეს დაცვის ღონისძიების გამოყენებას, რაც მიზნად ისახავს სამართლებრივი ურთიერთობის დაუცველი მონაწილის ინტერესის უზრუნველყოფას, მაშინ როცა შესაძლებლობების შეზღუდვის გამო აღნიშნული პირი, სამართლის სხვა სუბიექტებთან შედარებით არათანაბარ მდგომარეობაშია ჩაყენებული და არსებობს საფრთხე, რომ ეს უკანასკნელი სამართლებრივი ურთიერთობის სხვა სუბიექტების ხელში მანიპულაციის ობიექტადაც იქცეს.
ამგვარად, არავინ აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ სამოქალაქო კოდექსის მიერ დაწესებული დამცავი ღონისძიების აუცილებლობას. მაგრამ მეორე საკითხია თავად აღნიშნული ნორმით რეგულირებული ფარგლები და ის, თუ რამდენად პასუხობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი დამცავი ღონისძიება იმ მიზნებს, რისთვისაც ის იქნა შემოღებული და რამდენად აუცილებელია საქართველოს კანონმდებლობის მიერ შემოთავაზებული ქმედუუნარო პირების დაცვის ღონისძიება.
პირველ რიგში, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მხედველობაში უნდა მივიღოთ, თავად მე-12 მუხლის მე-5 ნაწილის შინაარსი, ნორმის რეგულირების ფარგლები. აღნიშნულმა ნორმამ შემოიტანა ქმედუუნარობის ცნება, რაც ტერმინ ,,ქმედუნარიანობის” საწინააღმდეგოდ გულისხმობს სამოქალაქო უფლებებისა და მოვალეობების დამოუკიდებლად შეძენის და განხორციელების დაუშვებლობას. მე-12 მუხლის მე-5 ნაწილი გულისხმობს ყველა სამოქალაქო უფლებასა და მოვალეობას, ყოველგვარი განსხვავების გარეშე. სამოქალაქო კოდექსის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტთან კავშირში უნდა წავიკითხოთ სამოქალაქო კოდექსის კიდევ ერთი გასაჩივრებული ნორმა, 58-ე მუხლის პირველი ნაწილი, რაც ბათილად აცხადებს სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ აღიარებული პირის ნების გამოვლენას. ეს უკანასკნელი წარმოადგენს მე-12 მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი აკრძალვის, გონებრივი ჩამორჩენილობის საფუძველზე ქმედუუნარო პირის მიერ უფლების დამოუკიდებლად განხორციელების სამართლებრივ შედეგს. მხედველობაში უნდა მივიღოთ ის გარემოება, რომ როგორც მე-12 მუხლის მე-5 პუნქტით, ისე 58-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი აკრძალვა ეხება ყველა სამოქალაქო უფლებასა და მოვალეობას, ისევე როგორც პირის მიერ გამოვლენილ ნებისმიერი შინაარსის ნებას. აკრძალვა ვრცელდება ისეთ რთულ სამოქალაქო გარიგებაში ადამიანის მონაწილეობაზე, როგორიცაა მაგალითად ლიზინგის ან ფრენშაიზინგის ხელშეკრულების დადება, ასევე წვრილმანი საყოფაცხოვრებო გარიგების დადება ან პირადი არაქონებრივი უფლებების განხორციელება.
კანონმდებლობა არ ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ უმეტეს შემთხვევაში სულიერი აშლილობის მქონე პირებს, მართალია შეზღუდული აქვთ ცალკეული ქმედებების აღქმის და მისი ადეკვატურად გამოხატვის უნარი, არ შეუძლიათ გადაწყვეტილება მიიღონ ერთ საკითხზე, მაგრამ სრულიად არ კარგავენ უნარს, სათანადოდ აღიქვან, ნათლად გამოხატონ თავისი ნება, გადაწყვეტილება მიიღონ სხვა შედარებით მარტივ საკითხთან დაკავშირებით. ,,ადამიანს აშკარად გამოკვეთილი მენტალური ჩამორჩენილობით შეუძლია გადაწყვეტილება მიიღოს ისეთ საკითხთან დაკავშირებით, როგორიცაა საჭმლის ჭამა, ტანსაცმლის ტარება, გადაადგილება. იმავდროულად ზოგს შესაძლოა არ შეეძლოს გადაწყვეტილების მიღება კბილის ამოღებასთან დაკავშირებით. ეს მიდგომა ცნობილია როგორც ადამიანის გადაწყვეტილების მიღების უნარებთან დაკავშირებით ფუნქციური მიდგომა.”
კანონმდებელი მხედველობაში არ იღებს იმ გარემოებას, რომ თავად სულიერი აშლილობის მქონე პირებს შორის შეიძლება იყოს განსხვავება. მაგალითად, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მე-10 პერიოდული გადახედვის თანახმად(http://www.who.int/classifications/icd/en/GRNBOOK.pdf), შიზოფრენიას სიმძიმის ხარისხის მიხედვით განასხვავებენ: განგრძობად, ეპიზოდურს პროგრესირებადი დეფექტით, ეპიზოდურს სტაბილური დეფექტით, დროგამოშვებითი რემისიით, არასრული რემისიით და სხვა. ამ კატეგორიის პირებში, განსაკუთრებით განგრძობადი შეზოფრენიის შემთხვევაში, არ არის გამორიცხული ადამიანი მოკლებული იყოს, გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას ყველა საკითხთან დაკავშირებით სამუდამოდ. მაგრამ არ არის გამორიცხული და შესაბამისად, გამართლებული შეიძლება იყოს, სამეურვეო პირის ნების მთლიანად ჩანაცვლება მეურვის ნებით, მაგრამ სხვა კატეგორიის შიზოფრენიის შემთხვევაში შესაძლოა ადამიანები ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით ინარჩუნებდნენ გადაწყვეტილების მიღების უნარს. თუმცა სადავო ნორმა არ ითვალისწინებს ამგვარ განსხვავებას, შიზოფრენიის ნებისმიერი ხარისხის მქონე პირს, ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინების გარეშე, ართმევს ყველა გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარს. ეს სტატუსი პირს უნარჩუნდება რემისიის პერიოდშიც, როდესაც მას სრულად აქვს შესაძლებლობა მიიღოს ადეკვატური გადაწყვეტილებები. სადავო ნორმების ზემოქმედების ქვეშ მოხვედრა გულისხმობს პირის მიერ კანონის საფუძველზე მინიჭებული ქმედუუნარობის სტატუსის გამო, ადმინისტრაციული ან სასამართლო ორგანოების მიერ ადამაინის ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინების გარეშე, ყველა სამოქალაქო უფლებებისა და მოვალეობის დამოუკიდებელი განხორციელების უფლების ავტომატურ ჩამორთმევას, ყველა საკითხზე ნების დამოუკიდებელი გამოვლენის შესაძლებლობის აკრძალვას.
სამოქალაქო კოდექსის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტი, ისევე როგორც 58-ე მუხლი არ აძლევს აღნიშნული კატეგორიის პირებს რაიმე, თუნდაც მარტივ საკითხზე, გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას. ქმედუუნარო პირების სახელით ამგვარი გადაწყვეტილების მიღების უფლება, სადავო სამოქალაქო კოდექსის 1289-ე, 1290-ედა 1293-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, აქვთ მეურვეებს. სამოქალაქო კოდექსის 1293-ე მუხლის მიხედვით, ქმედუუნარო პირის სახელით ნებისმიერ გარიგებას დებს მეურვე, რაც ყველანაირად გამორიცხავს თავად სამეურვეო პირის მიერ მეურვის გარეშე, თუნდაც მისი წინასწარი ან შემდგომი თანხმობით რაიმე ტიპის გარიგების დადების შესაძლებლობას. ანუ მე-12 მუხლის მე-5 პუნქტით, 1289-ე, 1290-ედა 1293-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით ხდება გონებრივი ჩამორჩენილობის მქონე ქმედუუნარო პირის ნების ჩანაცვლება მეურვის ნებით. ეს უკანასკნელი ეწინააღმდეგება პიროვნების თვითგანვითარების უფლებიდან გამომდინარე ავტონომიურობის პრინციპს.
აღსანიშნავია, ისიც, რომ სამოქალაქო კოდექსი ითვალისწინებს შემთხვევას, როდესაც ქმედუნარიანობის შეზღუდვა ხდება მხოლოდ განსაზღვრულ უფლებებთან მიმართებაში. კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ მზრუნველობა შეიძლება დაუწესდეს სრულწლოვან პირს, რომელიც ბოროტად იყენებს ალკოჰოლს ან ნარკოტიკულ ნივთიერებებს და ამის გამო თავის ოჯახს მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში აყენებს. იგი უფლებამოსილია დადოს ქონების განკარგვის გარიგება, აგრეთვე განკარგოს ხელფასი, პენსია ან სხვა სახის შემოსავალი მხოლოდ მზრუნველის თანხმობით, გარდა წვრილმანი ყოფითი გარიგებების დადებისა. გარდა ამ ტიპის გარიგებისა, აღნიშნული კატეგორიის პირებს მე-15 მუხლის თანახმად, მზრუნველის გარეშე აქვთ იმგვარი გარიგების დადების უფლება, რომლითაც ისინი სარგებელს იღებენ. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ალკოჰოლისა და ნარკოტიკის მომხმარებელი, რომელიც ოჯახს მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში აყენებს, მხოლოდ ქონების, ხელფასის, პენსიის ან სხვა შემოსავლის განკარგვისას საჭიროებს მზრუნველის თანხმობას. სხვა უფლებებში ამ კატეგორიის პირები არ არიან შეზღუდული.
ალკოჰოლისა და ნარკოტიკის მომხმარებელებისაგან განსხვავებით, ცალკეული უფლებების დამოუკიდებლად განხორციელებას მოკლებული არიან ჭკუასუსტობისა და ფსიქიკური ავადმყოფობის გამო ქმედუუნაროდ ცნობილი პირები.
სამართლებრივი ქმედუნარიონობა ადამიანის პიროვნული და თავისუფლების მახასიათებელია. ქმედუნარიონობა იცავს ადამიანის ღირსებას, ისევე როგორც მის ავტონომიას - საკუთარი ცხოვრებისა და საკუთარ თავთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების უნარს.
სადავო ნორმები ქმედუუნარობის დასადგენად განსაზღვავენ დამატებით პირობებს, კერძოდ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 323-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ,,განცხადებაში მოქალაქის ქმედუუნაროდ აღიარების შესახებ უნდა აღინიშნოს გარემოებანი, რომლებიც ადასტურებენ ფსიქიკურ აშლილობას, რის გამოც მას არ შეუძლია შეიგნოს თავისი მოქმედების მნიშვნელობა ან განაგოს იგი.”
ამგვარად, ფსიქიკურად დაავადებული პირის მიერ საკუთარი მოქმედების მნიშვნელობის შეგნება და მისთვის ხელმძღვანელობა წარმოადგენს სამართლებრივ კრიტერიუმს, რომლითაც სასამართლო ადამიანს ქმედუუნაროდ აცხადებს. ექსპერტი, რომელიც ფსიქიკური აშლილობის საფუძველზე ადამაინის ქმედუნარიანობას ადგენს, მოეთხოვება პასუხი გასცეს კითხვას: რამდენად შეუძლია პირს შეიგნოს თავისი ქმედების მნიშვნელობა ან განაგოს იგი. აღნიშნულ კითხვაზე უარყოფითი პასუხი სასამართლოს მხრიდან პირის ქმედუუნაროდ აღიარების საფუძველს წარმოადგენს.
შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნული ნორმა არ არის ჩამოყალიბებული სათანადო სიზუსტით. კითხვა ზოგადი ხასიათისაა, ნორმა არ განმარტავს, რა სახის ქმედებას (ხელშეკრულების დადება, საცხოვრებელი ადგილის არჩევა, ქორწინება ა.შ.) უნდა აცნობიერებდეს და განაგებდეს პირი, ან რამდენად კომპლექსური შეიძლება ეს ქმედებები იყოს. სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ, არ არსებობს სამართლებრივი ტესტი იმისათვის, რომ განვსაზღვროთ, რამდენად ზუსტია იმ შემეცნებითი უნარის შემცირება, რამაც ქმედუნარიანობის სრული დაკარგვა გამოიწვია. კანონი ამ კუთხით აშკარად ხარვეზიანია, მას არ შეუძლია, დაიცვას გონებრივი ჩამორჩენილობის მქონე ადამიანები საკუთარი პიროვნების განვითარების უფლება (კონსტიტუციის მე-16 მუხლი) დარღვევისაგან.
თუკი სასამართლო დაადგენდა, რომ ადამიანს არ შეუძლია გააცნობიეროს თავისი ქმედების მნიშვნელობა ან განაგოს იგი ცხოვრების ერთ სფეროში, მას ქმედების დამოუკიდებელი განხორციელების შესაძლებლობა უნდა შეეზღუდოს ცხოვრების აღნიშნულ სფეროსთან მიმართებაში. პროპორციულობის მოთხოვნებს არ შეესაბამება, ამაზე შორს წასვლა და ქმედუნარიანობის შეზღუდვა ცხოვრების იმ სფეროში, სადაც ადამიანს აქვს შესაძლებლობა, განაგოს თავისი ქმედება და გააცნობიეროს მისი მნიშვნელობა. მიუხედავად ამისა, სადავო ნორმა, სხვა ევროპული ქვეყნების უმრავლესობის, აშშ-ს ზოგოერთი შტატისა და კანადისაგან კანონმდებლობისაგან განსხვავებით, არ იძლევა ადამიანის ქმედუნარიანობის ნაწილობრივი შეზღუდვის შესაძლებლობას. ამის ნაცვლად ადგენს სრულ ქმედუუნარობას.
შეზღუდული ქმედუნარიანობის შესაძლებლობა გათვალისწინებულია ნარკოტიკული ნივთიერების ან ალკოჰოლური სასმელების ბოროტად გამოყენების შემთხვევაში. ნაცვლად იმისა, რომ სასამართლომ თავი უნდა შეიკავოს, ისეთი მკაცრი ღონისძიების გამოყენებისაგან, როგორიცაა სრული ქმედუუნარობა, სასამართლო ირჩევს ადამიანისათვის გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილების პირდაპირ წართმევას განუსაზღვრელი დროის განმავლობაში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-12 მუხლის მე-6 ნაწილი: ქმედუუნაროდ აღიარებული პირის განკურნების ან ჯანმრთელობის მნიშვნელოვნად გაუმჯობესების შემთხვევაში სასამართლო აღიარებს მას ქმედუნარიანად.
აღნიშნული დებულება მიუთითებს, რომ პირის ქმედუუნაროდ ცნობა არ არის დროებითი მოვლენა. საქმე იმაშია, რომ ქმედუუნაროდ ცნობის მომენტიდან, გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, ადამიანი ახდენს განსაზღვრული უნარების განვითარებას. შიზოფრენიის შემთხვევაში არსებობს რემისიის პერიოდები. ადამიანი იბრუნებს ცხოვრების ისეთ სფეროში გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას, რაც ქმედუუნაროდ ცნობის მომენტში არ გააჩნდა.
რემისიის პერიოდთან დაკავშირებით სამედიცინო სფეროს წარმოამდგენლის შესაფასება პერიოდულად ავტომატურად უნდა იხილებოდეს სასამართლოს მიერ, რომელმაც უნდა დაადგინოს, რამდენად დაიბრუნა ადამიანმა გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი. ეს გარემოება სასამართლოს მხრიდან სათანადო სფეროში ადამიანის ქმედუნარიანობის აღდგენის საფუძველი უნდა გახდეს. თუმცა ვინაიდან ქართული კანონმდებლობა გონებრივი ჩამორჩენილობის მქონე ადამიანებისათვის არა შეზღუდულ ქმედუნარიანობას, არამედ აქვე შევნიშნავთ, რომ სამოქალაქო კოდექსის მე-12 მუხლის მე-6 ნაწილი სრულ განკურნებას ან ჯანმრთელობის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებას უკავშირებს ქმედუნარიანობის აღდგენას. უნდა ითქვას, რომ შიზოფრენიის სრულად განკურნება ხშირად შეუძლებელია, სამაგიეროდ, პაციენტს აქვს რემისიის პერიოდები, საკმარისია ამა თუ იმ სამოქალაქო უფლების ან მოვალეობის დამოუკიდებლად განსახორციელებლად.
ამიტომ ქმედუნარიანობის დადგენიდან განსაზღვრული დროის გასვლის შემდეგ აუცილებელია განვითარებული ახალი უნარის სასამართლო განხილვის საგანი გახდეს. ნაცვლად ამისა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 327-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ქმეუუნარობის თაობაზე სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გადასინჯვის ერთადერთ საფუძველს წარმოადგენს მე-12 მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული გარემოება, როდესაც პირი სრულიად განიკურნა ან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. ცხოვრების ერთ სფეროში დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღების უნარის დაბრუნება, სხვა სფეროში საკუთარი ქმედების გაცნობიერების და მისი ხელმძღვანელობის უნარის არ არსებობის მიუხედავად, არ წარმოადგენს სადავო ნომების შესაბამის სასამართლო გადაწყვეტილების გადასინჯვის საგანს.
1) სადავო ნორმების მიმართება კონსტიტუციის მე-14 მუხლთან
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეში შოთა ბერიძე და სხვები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საქმეში განაცხადა, კონსტიტუციის მე-14 მუხლში არსებული ნიშნების ჩამონათვალი, ერთი შეხედვით, გრამატიკული თვალსაზრისით, ამომწურავია, მაგრამ ნორმის მიზანი გაცილებით უფრო მასშტაბურია, ვიდრე მხოლოდ მასში არსებული შეზღუდული ჩამონათვალის მიხედვით დისკრიმინაციის აკრძალვა. კონსტიტუციის მე-14 მუხლით შეზღუდული შესაძლებლობა მით უმეტეს, გონებრივი ჩამორჩენილობა ან ფსიქიკური აშლილობა არ არის დისკრიმინაციის ნიშნად პირდაპირ მითითებული. მაგრამ იმის გამო, რომ მე-14 მუხლის მიზანი უფრო ფართოა, ვიდრე მისი გრამატიკული ფორმულირება, ნათელია ის გარემოება, რომ მე-14 მუხლი კრძალავს გონებრივი ჩამორჩენილობის გამო შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით დისკრიმინაციას.
სუბიექტების თვალსაზრისით, სადავო ნორმები დიფერენცირებულ მოპყრობას აფიქსირებენ, ერთი მხრივ, სულიერი აშლილობის გამო ქმედუუნარობის სტატუსის მქონე სრულწლოვან პირებს, რომელთაც ცხოვრების არც ერთ სფეროში განუსაზღვრელი დროით არა აქვთ დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღების უფლება, მეორე მხრივ, იმ პირებს შორის, რომლებსაც არა აქვთ შესაძლებლობა შეზღუდული, შეზღუდული აქვთ სხვა სახის შესაძლებლობები (მაგალითად, გადაადგილების ან მხედველობის უნარს მოკლებული პირები) და თვით სხვა გონებრივი ჩამორჩენილობის მქონე პირები, რომელთაც ჯერ არ მიუღიათ ქმედუუნარო პირთა სტატუსი. მეორე კატეგორიის სრულწლოვან პირებს აქვთ ცხოვრების ყველა სფეროში განუსაზღვრელი დროით გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების შესაძლებლობა.
ამგვარად, გამოვყოფთ ორ ნიშანს, რომელიც საფუძვლად უდევს სადავო ნორმებით სხვადასხვა კატეგორიის მქონე პირებს შორის დიფერენცირებულ მოპყრობას. პირველი, ეს არის გონებრივი ჩამორჩენილობის გამო შესაძლებლობის შეზღუდვა და მეორე ნიშანი, ეს არის ქმედუუნარო პირის სტატუსი.
შოთა ბერიძის საქმეში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განცხადა, რომ განსხვავებული მოპყრობა, რომელიც ეფუძნება გონივრულ და ობიექტურ კრიტერიუმებს, არ წარმოადგენს აკრძალულ დისკრიმინაციას.
როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, სადავო ნორმებით დადგენილი დიფერენციაციის შემთხვევაში რჩება ცხოვრების ისეთი სფეროები და პერიოდები, როდესაც ადამიანს შეწევს დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა და ვერ ახერხებს ამას, იმის გამო რომ განსაზღვრელი ვადის განმავლობაში ატარებს ქმედუუნარო პირის სტატუსს. ეს გარემოება წარმოადგენს სადავო ნორმებით დადგენილი დიფერენციაციის არაგონივრულობისა და არაობიექტურობის მანიშნებელ მნიშვნელოვან გარემოებას.
როგორც ვხედვათ, საჭირო გახდა სტატუსზე დაფუძნებული ქმედუნარიანობის არსის ზუსტი დადგენა, იმის გარკვევა, არსებობს თუ არა სტატუსზე დაფუძნებული ქმედუუნარობის ალტერნატიული საშუალებები, რომლებიც უფრო მეტად ან ნაკლებად შეიძლება მიჩნეული იქნენ დიფერენცირებული მოპყრობის გონივრულ და ობიექტურ საფუძვლად.
ცნობილია ქმედუუნარობის სამი მოდელი:
სტატუსზე დაფუძნებული (იგივე ინსტიტუციური) ქმედუნარიანობა - ჩვენს მიერ გასაჩივრებული ყველა სადავო ნორმა მთლიანად ეფუძნება ქმედუუნარობის აღნიშნულ მოდელს. ეს უკანასკნელი გულისხმობს ქმედუუნარობის სტატუსის მინიჭებით გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უფლების დაკარგვას ცხოვრების ყველა სფეროში. სტატუსის მინიჭებით კანონი ავტომატურ მოქმედებას იწყებს ცხოვრების ყველა სფეროში, რაც არანაირ შესაძლებლობას არ აძლევს სასამართლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას, ინდივიდუალურად შეაფასონ პირის ცალკეული უნარები. კანონმდებელი სტატუსის განსაზღვრით ავტომატურად ართმევს პირს ყველანაირი გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უფლებას. სასამართლოს რჩება ერთადერთი შესაძლებლობა, შეაფასოს ის გარემოება, რამდენად ექცევა კონკრეტული პირი კანონით დადგენილი სტატუსის და ამ სტატუსის განმსაზღვრელი კრიტერიუმის ზემოქმედების ქვეშ. როგორც კი სასამართლო ამ საკითხს გაარკვევს, კანონის ავტომატური მოქმედების შედეგად პირი განუსაზღვრელი ვადით კარგავს უფლებათა მთელ კომპლექსს. ინსტიტუციური ქმედუნარიანობის დადგენის დროს კრიტერიუმი, რაც ქმედუუნარობას ედება საფუძვლად არის ზოგადი უნარების არარსებობა (ჩვენს მიერ გასაჩივრებული სიტყვები ,,არ შეუძლია შეიგნოს თავისი მოქმედების მნიშვნელობა ან განაგოს იგი”). პოსტსაბჭოთა და ცალკეული აღმოსავლეთ ევროპული სახელმწიფოს გამოკლებით, ეს მიდგომა მსოფლიო ქვეყნების უმრავლესობის მიერ უარყოფილია.
შეფასებითი ქმეუუნარობა - შეფასებითი მიდგომა ეფუძნება ადამიანის მიერ ადრე მიღებულ გადაწყვეტილებებს ან გადაწყვეტილებათა ერთობლიობას. თუკი ადამიანი მიიღებს გადაწყვეტილებას, რაც არ იქნება მიჩნეული ,,ნორმალურად” ან ,,საზოგადოებრივად ფასეულად,” ამის შედეგად ადამიანი აღიარებული იქნება ქმედუუნაროდ. სუბიექტურობის შესაძლებლობა ამ დროს ძალიან ფართოა, ამიტომ ეს მოდელი უარყოფილია მთელ მსოფლიოში.
ფუნქციური ქმედუუნარობა - ეს მიდგომა ქმედუუნარობის შეფასებას ახდენს ,,სპეციფიკურ საკითხების საფუძველზე.” ეს მიდგომა შესაძლებლობას იძლევა, ქმედუუნარობა დადგინდეს კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით. ამის გამო, ერთ საკითხთან (მაგალითად ფინანსურ საკითხზე გადაწყვეტილების მიღების უნარი) დაკავშირებით ადამიანის გადაწყვეტილების მიღების უნარის შეფასება და ამგვარი შეფასების შედეგი აუცილებლად ისეთივე ვერ იქნება, როგორც სხვა საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების უნარის შეფასება (მაგალითად ადამიანური ურთიერთობის დამყარების უნარი). ეს მიდგომა უპირატესია, ვინაიდან ახლოს დგას ადამიანის უფლებათა სამართალთან.
ფუნქციური მოდელი ინსტიტუციურ ქმედუნარიანობასთან შედარებით უკეთესად პასუხობს დიფერენციაციის აუცილებლობის, გონივრულობისა და ობიექტურობის მოთხოვნებს, ვინაიდან დიფერენციაცია ხდება იმ სფეროში, იმ საკითხთან დაკავშირებით, სადაც ადამაინი ნამდვილად მოკლებულია გადაწყვეტილების მიღების უნარს. დიფერენციაცია არ ეხება საკითხებს, სადაც დამცავი ღონისძიებებით დიფერენცირებულ ჯგუფს გააჩნია ისეთივე ან მიახლოებული უნარები, რაც ყველა სხვა დანარჩენ ჯგუფებს.
2) სადავო ნორმების მიმართება კონსტიტუციის მე-16 მუხლთან
კონსტიტუციურ დებულებათა შორის სადავო ნორმები ყველაზე არაპროპორციულ ჩარევას, მაინც საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლით გარანტირებულ საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებაში ახდენენ. აღნიშნული მუხლის ფორმულირებიდან გამომდინარე, მე-16 მუხლის დაცვის ქვეშ ექცევა ადამაინურ ქმედებათა ფართო სპექტრი. სადავო ნორმები კი სწორედ ამგვარი ქმედებათა დამოუკიდებელი განხორციელების შესაძლებლობას გამორიცხავენ. ,,საკუთარი პიროვნების” ნაცვლად ადამიანის პიროვნების განვითარებაზე, სადავო ნორმებით, გადაწყვეტილებას იღებს სხვა ადამიანი, მეურვე, რომელიც პიროვნულ ცხოვრებასთან დაკავშირებულ განუსაზღვრელ საკითხებზე ხდება უფლებამოსილი.
კონსტიტუციის მე-16 მუხლის ადგილი საქართველოს კონსტიტუციაში მდგომარეობს იმაში, რომ აღნიშნული მუხლით დაცულია ადამიანის პიროვნების განვითარებისათვის აუცილებელი ყველა სხვა ძირითადი უფლებები, რაც პირდაპირ სახელდებით არ არის მოხსენიებული მეორე თავით გათვალისწინებულ სპეციალურ დებულებებში. ამავე დროს, როგორც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2008 წლის 19 დეკემბრის განჩინებაში ლევან სირბილაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, ასევე 2009 წლის 9 ივნისს დავით სართანია და ალექსანდრე მაჭარაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საქმეზე განჩინებებში აღნიშნა: ,,მე-16 მუხლით დაცულია პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისათვის განკუთვნილი საკითხები. კონსტიტუციის მე-16 მუხლით დაცული სფერო ნაწილობრივ ემთხვევა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით დაცულ სფეროს. ვინაიდან, მე-16 მუხლით დაცული სიკეთეები საკმაოდ ტევადია, საჭიროა განისაზღვროს ის პრინციპული დებულებები მაინც, რაც ექცევა მე-16 მუხლით დაცულ სფეროში.”
კონსტიტუციის მე-16 მუხლი, პირველ რიგში, იცავს ადამაინის პიროვნული თვითგამორკვევისა და ავტონომიურობის უფლებას, რაც მოიცავს, მათ შორის, ადამიანის უფლებას, დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება საკუთარ თავთან დაკავშირებით. მე-16 მუხლი მოიცავს ,,ინდივიდუალურ სფეროს, რომლის ფარგლებშიც ადამიანის შეუძლია საკუთარი პიროვნების განვითარება და სრულყოფა.” ქმედუუნარობის თაობაზე სასამართლო გადაწყვეტილება ართმევს ადამიანს შესაძლებლობას, დამოუკიდებლად იმოქმედოს ცხოვრების ყველა სფეროში: იმოგზაუროს, იმკურნალოს, ურთიერთობა იქონიოს მისთვის სასურველ ადამაინებთან და ორგანიზაციებთან, განხორციელოს კანონით აუკრძალავი სხვა მოქმედება მეურვის თანხმობის გარეშე.”
ამგვარად, აღნიშნული კონსტიტუციური დებულება იცავს ადამიანის უფლებას, დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება საკუთარი ცხოვრების ყველა სფეროსთან დაკავშირებით. ეს არის პიროვნული თვითგამორკვევისა და ავტონომიურობის პრინციპი. სადავო ნორმები აღნიშნული პრინციპების საწინააღმდეგოდ ახდენენ ადამიანის პიროვნების განვითარების უფლებაში ჩარევას იმით, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესიდან ქმედუუნაროდ აღიარებული პირის სრული გამორიცხვით, მის ნებას ანაცვლებენ მეურვის ნებით.
ავტონომიურობის დარღვევა არის სადავო ნორმებით განმტკიცებული ინსტიტუციონალური ქმედუნარიანობის შედეგი. აღნიშნული მიდგომის საწინააღმდეგოდ, ფუნქციური ქმედუნარიანობის დროს შენარჩუნებულია პიროვნული თვითგამორკვევისა და ავტონომიურობის შესაძლებლობა. ადამიანის უფლებები იზღუდება მაქსიმალურად აუცილებელი მოცულობით. ეს მკაცრად უპირისპირდება ქმედუნარიანობის ,,ყველაფერი ან არაფერი” მიდგომას, რასაც სამარადისოდ აწესებს ქმედუნარიანობის ინსტიტუციური მიდგომა.”
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ შტუკატუროვი რუსეთის წინააღმდეგ ფსიქიკური აშლილობის გამო სრული ქმედუუნარობის დადგენა შეაფასა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევად. ევროპულმა სასამართლომ განაცხადა, რომ ადამიანისათვის ქმედუნარიანობის სრული ჩამორთმევა იყო პიროვნების პირად ცხოვრებაში სერიოზული ჩარევა. სრულად ქმედუუნაროდ ცნობის შედეგად განმცხადებელი მთლიანად დამოკიდებული გახდა ოფიციალურ მეურვეზე ცხოვრების ყველა სფეროში. სრული ქმედუუნარობა მოქმედებს განუსაზღვრელი დროით.
შტუკატუროვის საქმეში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიუთითა 1999 წლის 23 თებერვალის ,,ქმედუუნარო სრულწლოვანების სამართლებრივი დაცვის თაობაზე პრინციპების შესახებ” ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის #R(99) რეკომენდაციაზე, როგორც საერთო ევროპულ სტანდარტზე. აღნიშნული რეკომენდაციის დაუცველობამ მოცემულ საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევა გამოიწვია.
რეკომენდაციის პირველი თავის პირველი პრინციპის პირველი პუნქტის შესაბამისად, აღნიშნული პრინციპები ეხება არასაკმარისი ან შეზღუდული პერსონალური უნარების სრულწლოვანთა დაცვას, მათ შესაძლებლობას აღიქვან, გამოხატონ ან იმოქმედონ ერთ-ერთ ან ყველა პერსონალურ და ეკონომიკურ ინტერესთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად. იმავე პრინციპის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ეს პრინციპები ეხება დაცვის ღონისძიებებს და ისეთ სამართლებრივ საშუალებებს, რაც შესაძლებლობას აძლევს სრულწლოვან პირს, ზემოხსენებული ინტერესების დასაცავად ისარგებლოს წარმომადგენელითა და დამხმარით.
როგორც შტუკატუროვის საქმეში იყო აღნიშნული, ქმედუანარიანობასა და სრულ ქმედუუნარობას შორის უნდა არსებობდეს გრადაცია. იმავე საქმეში სასამართლომ აღნიშნა, რომ ამ ორ სტატუსს შორის უნდა არსებობდეს მომიჯნავე სიტუაცია. მომიჯნავე სიტუაციაში იგულისხმება, ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით, ქმედუნარიანობის შეზღუდვა ფსიქიკური აშლილობისა და გონებრივი ჩამორჩენილობის მქონე პირებისათვის. ქმედუნარიანობის სხვადასხვა ხარისხს შორის გრადაციის აუცილებლობაზე საუბრისას, შტუკატუროვის საქმეში, ევროპულმა სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო ალკოჰოლისა და ნარკოტიკის მომხმარებლებისათვის ქმედუნარიანობის შეზღუდვის ფაქტი. რაც გულისხმობს იმას, რომ სულიერი აშლილობის და გონებრივი ჩამორჩენილობის შემთხვევაში ადამიანებს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში შეიძლება ჩამოერთვას ქმედუნარიანობა, როდესაც ადამაინს ცხოვრების არც ერთ სფეროში არა აქვს დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღების უნარი. სხვა შემთხვევაში, როცა ცალკეულ სფეროში ადამიანს შენარჩუნებული აქვს გადაწყვეტილების მიღების უნარი, ასეთი პირები უნდა იმყოფებოდნენ სრულ ქმედუუნარობასა და სრულ ქმედუნარიანობას შორის არსებულ მომიჯნავე სიტუცაში, ანუ მათ უნდა შეეზღუდოს ქმედუნარიანობა.
სწორედ აღნიშნულ გრადაციაზე საუბრობს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის #R(99) რეკომენდაცია ,,ქმედუუნარო სრულწლოვანების სამართლებრივი დაცვის თაობაზე პრინციპების შესახებ,” სადაც აღნიშნულია, რომ დაცვის ღონისძიება და სხვა სამართლებრივი საშუალება, რაც ხელმისაწვდომია სრულწლოვანი ქმედუუნარო პირისათვის პერსონალური და ეკონომიური ინტერესებისათვის, მოქნილობის თვალსაზრისით, უნდა იყოს საკმარისი, იმისათვის, რომ შესაფერისი სამართლებრივი რეაგირება განხორციელდეს შეზღუდული უნარის სხვადასხვა ხარისხსა და სხვადასხვა სიტუაციებთან დაკავშირებით (მე-2 პრინციპის პირველი პუნქტი) მე-3 პრინციპის პირველი პუნქტის შესაბამისად, კანონმდებლობით, რამდენადაც ეს შესაძლებელია, აღიარებული უნდა იქნეს, სხვადასხვა ხარისხის ქმედუუნარობის არსებობა (აქვე მივუთითებთ პირველი პრინციპის მეორე პუნქტზე, სადაც გარკვევით არის მითითებული აღნიშნული რეკომენდაცია ეხება გონებრივად ჩამორჩენილ და სხვა დაავადების მქონე სრულწლოვან ქმედუუნარო პირებს, ასე რომ ალკოჰოლიკებისა და ნარკოტიკის მომხმარებელებისათვის ქმედუნარიანობის განსხვავებულ გრადაციას არ ეხება აღნიშნული რეკომენდაცია). ქმედუუნარობის მოცულობა დროში შესაძლოა განსხვავებული იყოს. შესაბამისად, დამცავმა ღონისძიებამ არ უნდა გამოიწვიოს სამართლებრივი ქმედუნარიანობის სრული დაკარგვა, მიუხედავად ამისა, სამართლებრივი ქმედუნარიანობის შეზღუდვა შესაძლებელი უნდა იყოს, თუ ეს აუცილებლად იქნება მიჩნეული, დაინტერესებული პირის დასაცავად.
გრადაციის საუკეთესო მაგალითს წარმოადგენს უნგრეთის ძველი სამოქალაქო კოდექსი, რაც მნიშვნელოვნად შეიცვალა მას შემდეგ, რაც აღნიშნულმა სახელმწიფომ მოახდინა გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შესახებ კონვენციის რატიფიცირება. ამის შემდეგ უნგრეთმა კანონმდებლობაში კიდევ უფრო მეტად დახვეწა კონვენციის მე-12 მუხლიდან გამომდინარე ფუნქციური ქმედუნარიანობის კონცეფცია. თუმცა უნდა ითქვას, ისიც, რომ ეს მიდგომა უნგრეთის სამოქალაქო კანონმდებლობაში არსებობდა კონვენციის ძალაში შესვლამდეც. ეს მაგალითი განსაკუთრებით საინტერესოა საქართველოსათვის, რომელსაც არ მოუხდენია აღნიშნული კონვენციის რატიფიცირება, რაც სრულიად არ ნიშნავს იმას, რომ საქართველო თავისუფალდება კონსტიტუციის მე-16 მუხლიდან გამომდინარე, ადამიანის პიროვნული თვითგამორკვევის და ავტონომიურობის პატივისცემის ვალდებულებისაგან.
უნგრეთის ძველმა სამოქალაქო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პირი, რომლის უნარი - თავისი მოქმედებით გაუძღვეს საკუთარ საქმეებს - მუდმივად ან დროებით შეზღუდულია მენტალური მდგომარეობის, არაჯანსაღი ფსიქიკის ან პათოლოგიური მიდრეკილების გამო, სასამართლოს მიერ ენიშნება მეურვე, რომელიც ზღუდავს პირის ქმედუნარიანობას. ეს არის შემთხვევა, როდესაც მენტალური პრობლემების მქონე პირს ნაწილობრივ ეზღუდება ქმედუნარიანობა, ამის საპირისპიროდ უნგრეთის კანონმდებლობა ითვალისწინებს შემთხვევას, როდესაც ადამიანი მთლინად კარგავს ქმედუნარიანობას, კერძოდ, მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სრულწლოვანი პირი, რომლის მიერ საკუთარი მოქმედებით თავისი საქმეების გაძღოლის უნარი მთლიანად და სამუდამოდ დაკარგული აქვს მენტალური მდგომარეობის ან არაჯანსაღი ფსიქიკის გამო, სასამართლოს მიერ ენიშნებათ მეურვე, რომელიც ზღუდავს პირის ქმედუნარიონობას. ეს არის კარგი შემთხვევა, როდესაც ქმედუუნარობის დადგენისას ხდება გრადაცია გონებრივი ჩამორჩენილობისა და ფსიქიკური აშლილობისას იმ პირებს, რომელსაც მუდმივად ან დროებით შეზღუდული აქვთ გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა და იმ პირებს შორის, რომელსაც ამგვარი უნარი სრულიად დაკარგული აქვთ.
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის #R(99) რეკომენდაცია განსაზღვრავს საკითხებს, რასთან დაკავშირებითაც შესაძლოა შენარჩუნებული იქნეს დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღების უფლება, ეს საკითხებია: ჯანმრთელობასა და პირად კეთილდღეობასთან დაკავშირებული მცირე მნიშვნელობის და რუტინული საკითხები (მე-2 პრინციპის მე-8 მუხლი). დაცვის ღონისძიებამ ავტომატურად არ უნდა ჩამოართვას სრულწლოვან პირს ანდერძის შედგენის, ჯანდაცვის სფეროში ნებისმიერ ჩარევაზე თანხმობის ან უარის გამოხატვის, პერსონალური ხასიათის სხვა გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა იმ დროს, როდესაც ადამიანის უნარები იძლევიან ამის შესაძლებლობას (მე-3 პრინციპის მე-2 პუნქტი). უნგრეთის ძველი სამოქალაქო კოდექსის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, გონებრივი ჩამორჩენილობის და ფსიქიკური აშლილობის საფუძველზე შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე პირებს უფლება ჰქონდათ, დაედოთ ნებისმიერ გარიგება მეურვის წინასწარი თანხმობით ან მისი შემდგომი დადასტურების შემთხვევაში. იმავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მეურვის თანხმობას არ საჭიროებდა და შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე პირს უფლება ჰქონდა დამოუკიდებლად დაედო: პერსონალური ხასიათის ისეთი გარიგებები, რისი უფლებაც მინიჭებული იყო სამართლებრივი ნორმებით; მცირე მნიშვნელობის ხელშეკრულებები, რომლითაც ხდება მასი ყოველდღიური საჭიროებების დაკმაყოფილება; განეკარგა სამუშაოდან ხელფასის სახით მიღებული ფულადი შემოსავალი, აღნიშნული შემოსავლის ფარგლებში აეღო ვალდებულება, გაეფორმებინა კონტრაქტი, საიდანაც იღებდა სარგებელს.
კიდევ უფრო დიდ ინტერესს იწვევს ამერიკის შეერთებული შტატები. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ ქვეყანა არ არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა კონვენციის მონაწილე, მისდევს ქმედუუნარობის მიმართ ფუნქციური მიდგომას, რაც გამოიხატება ქმედუუნაროდ ცნობილი პირისათვის ცალკეული უფლებების დამოუკიდებლად განხორციელებაში.
ქმედუუნარობის განსაზღვრის თაობაზე ფლორიდის 2008 წლის #744.331 პროცედურის თანახმად, ხდება უფლებების კლასიფიკაცია ოთხ ჯგუფად. პირველი ეს არის უფლებები, რომელიც უნარჩუნდება ქმედუუნაროდ ცნობილი პირს და არ გადაეცემა მეურვეს. მეორე უფლებები, რომელიც ქმეუუნარო პირს ერთმევა და არ გადაეცემა მეურვეს, მესამე - უფლებები, რომლებიც ქმედუუნარო პირს ერთმევა და გადაეცემა მეუვეს, მეოთხე უფლებები, რომლიც ერთმევა ქმედუუნარო პირს, მაგრამ რომლის განხორციელებასაც მეურვე ვერ შეძლებს სასამართლოს წინასწარი თანხმობის გარეშე.
პირველ ჯგუფში შედის შემდეგი უფლებები: მეურვეობის ანგარიში და გეგმის განხილვის უფლება; ქმედუნარიანობის გადასინჯვის მოთხოვნის უფლება; უმოკლეს ვადაში ქმედუნარიანობის აღდგენის შესაძლებლობა; ჰუმანური და ღირსების შესაბამისად მოპყრობის, ასევე გულგრილობისა და ექსპლუატაციისაგან დაცვის უფლება; კვალიფიციური მეურვის უფლება; რამდენადაც შესაძლებელია, დარჩეს თავისუფალი, საკუთარი შეხედულებით აირჩიოს საცხოვრებელი ადგილი და ცხოვრების სათანადო პირობები; სათანადო განათლების უფლება; უფლება ჩაიბაროს თავისი ქონების მართვის შესახებ ანგარიში, თუ პიროვნებას დაკარგული აქვს საკუთრების მართვის უნარი; გაიაროს სათანადო სარეაბილიტაციო კურსები; დაცული იყოს დისკრიმინაციისაგან; ხელი მიუწვდებოდეს სასამართლოზე, ადვოკატზე, შეხვდეს სტუმრებს და იქონიოს მათთან კომუნიკაცია; შეატყობინონ ქმედუუნარობის დადგენის და მეურვეობასთან დაკავშირებული პროცედურების თაობაზე, თუკი პირი არ არის მოკლებული შესაძლებლობას აღიქვას შეტყობინება; დაიცვას პირადი ცხოვრება;
მეორე ჯგუფში შედის შემდეგი უფლებები: ქორწინების უფლება; თუკი პირს ჩამოერთმევა კონტრაქტის დადების უფლება, ქორწინების უფლების განსახორციელებლად პირს ესაჭიროება სასამართლოს თანხმობა; ხმის მიცემის უფლება; ტრანსპორტის მართვის უფლება; მოგზაურობის უფლება; დასაქმების და სამუშაოს შენარჩუნების უფლება.
მესამე ჯგუფში შედის შემდეგი უფლებები: ხელშეკრულების დადება; სარჩელის შეტანა და სასამართლოში წარმომადგენლობა; სახელმწიფო შეღავათის მიღება; ქონების მართვა; საჩუქრის მიღება; ქონების გამოყენება; სამედიცინო და მენტალური მკურნალობის ჩატარების თაობაზე დასკვნის მიცემა; გადაწყვეტილება მიიღოს სოციალური გარემოს ან სოციალური ცხოვრების სხვადასხვა ასპექტებთან დაკავშირებით;
მეოთხე ჯგუფში შედის შემდეგი უფლებები: სამეურვეო პირის დაწესებულებაში, დახურულ ინსტიტუციაში მოთავსება; სამეურვეო პირის მიმართ ექსპერიმენტული ბიოსამედიცინო ან ქცევით პროცედურების ჩატარება ან მათში მონაწილეობა (სასამართლო ამასთან დაკავშირებით თანხმობას გასცემს თუ: აღნიშნული ხელსაყრელია სამეურვეო პირისათვის და ემსახურება სიცოცხლის შენარჩუნებას, ემსახურება მენტალური და ფიზიკური ჯანმრთელობის გაუარესების თავიდან აცილებას, მიზნად ისახავს სამეურვეო პირის უნარების აღდგენასა და გაუმჯობესებას); ქორწინების შეწყვეტის თაობაზე განცხადების წარდგენა; სამეურვეო პირის სახელით სამეურვეო პირის მშობლის უფლების შეწყვეტის მოთხოვნა.
ქმედუუნარობის განსაზღვრისას სასამართლოს მიერ შექმნილი კომისია, რომელიც შედგება ფსიქიატრების, ექიმებისაგან და სადაც კონსულტაციისათვის შეიძლება მოწვეული იქნენ ფსიქოლოგები, გერონტოლოგები, სხვა ფსიქიატრები, სხვა ექიმები, რეგისტრირებული ექთნები, პრაქტიკანტი ექთნები, ლიცენზირებული სოციალური მუშაკები, დეტალურად პასუხი უნდა გასცენ შემდეგ კითხვას: რამდენად შეუძლია პირს, რომლის ქმეუუნარობაც დგინდება, შეზღუდვების გარეშე შეინარჩუნოს ქორწინების უფლება, ხმის მიცემის უფლება, ხელშეკრულების დადების უფლება, საკუთრების მართვის და განკარგვის უფლება, მართვის უფლება, საცხოვრებელი ადგილის არჩევის უფლება, მკურნალობის თაობაზე თანხმობის გაცემის უფლება, იმგვარი გადაწყვეტილების მიღების უნარი, რაც გავლენას ახდენს მის სოციალურ კავშირებზე.
აღნიშნული დასკვნის საფუძველზე სასამართლო იღებს ბრძანებას, სადაც აღინიშნება: ადამიანის ქმედუუნარობის ზუსტი არსი და სფერო, სფეროების ზუსტი ჩამონათვალი, სადაც ადამიანი უუნაროა მიიღოს ინფორმირებული გადაწყვეტილება, მოვლის მომსახურებით სარგებლობის, საკუთარი ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობის მოთხოვნების დაკმაყოფილების და უსაფრთხოების უზრუნველყოფის თაობაზე. ადამიანი ქმედუუნაროდ ითვლება მხოლოდ სასამართლოს ბრძანების ფარგლებში. ბრძანება უნდა მიუთითებდეს ქმედუუნარობის ფარგლებზე. ქმედუუნარო პირი ინარჩუნებს ყველა იმ უფლებას, რაც პირდაპირ არ არის ჩამორთმეული სასამართლოს ბრძანებით.
გარდა იმისა, რომ ქმედუუნარო პირს არა აქვს არც ერთ სფეროში დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა, კონსტიტუციის მე-16 მუხლით გარანტირებული ადამიანის პიროვნული თვითგამორკვევის და ავტონომიურობის უფლების დარღვევა გამოიხატება მეურვის უფლებამოსილებაში, ქმედუუნარო პირის მონაწილეობის გარეშე, მიიღოს ქმედუუნარო პირთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები. სამოქალაქო კოდექსის მე-12 მუხლის მე-5 ნაწილის ბოლო წინადადების შესაბამისად, ქმედუუნარო პირის უფლებებს ახორციელებს მისი კანონიერი წარმომადგენელი (მეურვე). აღნიშნული გულისხმობს იმას, რომ მეურვეს გააჩნია უფლებამოსილება, ნებისმიერ საკითხზე გადაწყვეტილება მიიღოს სამეურვეო პირის აზრის გათვალისწინების, მით უმეტეს, გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამეურვეო პირის მონაწილეობის გარეშე. ეს ნორმა ათავისუფლებს მეურვეს, სამეურვეო პირს მისთვის გასაგებად განუმარტოს სამართლებრივი მნიშვნელობის გადაწყვეტილების არსი. გადაწყვეტილების მიღებისას იმოქმედოს სამეურვეო პირის წარსული და ამჟამინდელი ნების ან სურვილის შესაბამისად. საქართველოს კანონმდებლობა გონებრივი ჩამორჩენილობის საფუძველზე ქმედუუნაროდ ცნობილ პირთან დაკავშირებით, მხოლოდ მეურვეს აკისრებენ გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილებას (სამოქალაქო კოდექსის მე-12 მუხლის მე-5 ნაწილი ქმედუუნარო პირის უფლებებს ახორციელს მეურვე;საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1289-ე მუხლის პირველი ნაწილი - მეურვე დაიცვან ქმედუუნარო პირის უფლებებსა და ინტერესებს;” საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1290-ე მუხლი: ,,მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ განსაზღვრული მეურვე და მზრუნველი, რომელიც დანიშნულ იქნა სამეურვეო/სამზრუნველო პირის კანონიერ წარმომადგენლად, განსაკუთრებული უფლებამოსილების გარეშე წარმოადგენს სამეურვეო/სამზრუნველო პირის უფლებებსა და ინტერესებს მესამე პირებთან ურთიერთობაში, მათ შორის, სასამართლოში; საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1293-ე მუხლის პირველი ნაწილი: ,,მეურვე კანონიერი წარმომადგენელია სამეურვეო პირისა და მისი სახელით, მისი ინტერესებიდან გამომდინარე, დებს ყველა აუცილებელ გარიგებას.).
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის #R(99) რეკომენდაციაში ასახულია ფუნქციური მიდგომა. აღნიშნული რეკომენდაცია ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ შტრუკატუროვის საქმეში საერთო ევროპულ სტანდარტად მიიჩნია. უფრო მეტიც, ადამიანის უფლებაზე დაფუძნებულ ფუნქციურ მიდგომისაკენ სწრაფვას აღმოვაჩენთ რეფორმის გზაზე მყოფი ევროპის საბჭოს რამდენიმე წევრი ქვეყნის პოზიტიურ სამართალში. აღსანიშნავია, რომ ეს რეფორმა არ შემოიფარგლება ევროპით და ნამდვილად გლობალური ხასიათი მიიღო. ფუნქციური მიდგომა აღიარებულია არა მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლით, არამედ საქართველოსათვის სავალდებულო ძალის მქონე სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა პაქტით. გარდა ამისა, ეს მიდგომა ამჟღავნებს ტენდენციას, რომ დამკვიდრდეს, როგორც საერთაშორისო ჩვეულებითი სამართალი. ამ კუთხით არავითარ სიახლეს არ წარმოადგენს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა კონვენციის მე-12 მუხლი, რომელიც კიდევ ერთხელ იმეორებს ფუნქციურ მიდგომას. საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლის და სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლლებათა პაქტის მე-16 მუხლის გამო ფუნქციური მიდგომის უზრუნველყოფა საქართველოსათვის სავალდებულოა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა კონვენციის რატიფიცირების გარეშეც. უბრალოდ, აღნიშნული კონვენცია უფრო დეტალურს ხდის იმ ინსტიტუტის არსს, რაც კონსტიტუციურად საქართველოსათვის ისედაც სავალდებულოა.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შესახებ კონვენციით გვერდზე გადადებულია ქმედუნარიანობის ინსტიტუციური მიდგომა და აშკარად ფუნქციური ქმედუნარიანობის პრინციპია განმტკიცებული. კერძოდ, მე-12 მუხლი ეხება შემთხვევებს, როდესაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს ესაჭიროება დახმარება საკუთარი ნებისა და სურვილების გამოსახატად. ამ შემთხვევაში სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება, უზრუნველყოს ამგვარ დახმარებაზე ხელმისაწვდომობა. იმისათვის, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ნება იქნას გარკვეული და ადეკვატურად გამოხატული, ამგვარ პირს უნდა დაენიშნოს დამხმარე, რომელიც მას ნების გამოხატვაში დაეხმარება, გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობას უზრუნველყოფს. კონვენციის მე-12 მუხლი ითვალისწინებს ადამიანის ნების გამოსახატავად დახმარების აღმოჩენას. დამხმარის მეშვეობით ხდება ინსტიტუციური ქმედუნარინობის მიდგომით არსებული მეურვის ინსტიტუტის ჩანაცვლება, რომელიც საკუთარ ნებას კი არ ანაცვლებს ქმედუუნარო პირის ნებით, არამედ ეხმარება მას ნების გამოხატვაში.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა კონვენციის მე-12 მუხლით გათვალისწინებული ქმედუნარიანობის მოდელი წარმოადგენს ტენდენციას იმასთან დაკავშირებით, რომ შშმპ მხარდაჭერილი უნდა იქნენ გადაწყვეტილების მიღების დროს. მათი გადაწყვეტილებები არ უნდა იქნეს ჩანაცვლებული სხვების გადაწყვეტილებებით. ქმედუნარიანობის ეს მიდგომა სრულ კონტრასტშია სადავო ნორმებით დადგენილ მოდელთან. სამართლებრივ ქმედუნარიანობაზე უფლება მოიცავს გადაწყვეტილების მიღების დროს დახმარებას. ეს მიდგომა შესაძლებლობას აძლევს შშმპს იცხოვროს და მონაწილეობა მიიღოს ინკლუზიურ საზოგადოებაში.
გადაწყვეტილების მიღებისას გადაწყვეტილება მიღებული უნდა იქნეს სამეურვეო პირის ინტერესების შესაბამისად. ამ პრინციპებს იზიარებენ სადავო ნორმებიც, კერძოდ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1289-ე მუხლის პირველი ნაწილი აკისრებს მეურვეს ვალდებულებას, იმოქმედოს სამეურვეო პირის ინტერესების შესაბამისად. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1293-ე მუხლის პირველი ნაწილი კი აკისრებს მეურვეს ვალდებულებას ყველა აუცილებელი გარიგება გააფორმოს სამეურვეო პირის ინტერესების შესაბამისად. მიუხედავად ამისა, აღნიშნული ნორმებიდან ბუნდოვანია ის, თუ რა იგულისხმება სამეურვეო პირის ინტერესებში. სადავო ნორმები შესაძლებლობას აძლევენ მეურვეს სამეურვეო პირის ინტერესები განსაზღვროს სუბიექტურად, სამეურვეო პირის ავტონომიურობისათვის გვერდის ავლით და თვით მისი სურვილისა და ნების წინააღმდეგაც კი. ეს უკანასკნელი კი საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლის სერიოზულ დარღვევას წარმოადგენს. ნორმის არაკონსტიტუციურობის მიზეზი მისი ბუნდოვანებაა, ვინაიდან არ განსაზღვრავს ტერმინ ,,სამეურვეო პირის ინტერესის” არსს. აღნიშნული ტერმინის განმარტებისას, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, კონსტიტუციის მე-16 მუხლით დადგენილი ავტონომიურობისა და ინდივიდის პიროვნული თვითგამორკვევის უფლება. კერძოდ, მაშინ როდესაც მეურვე განსაზღვრავს სამეურვეო პირის ინტერესებს, მხედველობაში უნდა იყოს მიღებული სამეურვეო პირის ამჟამინდელი და წარსული ნება და სურვილები. ამისათვის მეურვეს უნდა მოეთხოვებოდეს, ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით მისაღები გადაწყვეტილების სამეურვეო პირისათვის გასაგებად ახსნა და სამეურვეო პირის ნების მოსმენა. დამატებით თუ ეს შესაძლებელია ადამიანს ნება უნდა დაერთოს ან წახალისდეს, მონაწილეობა მიიღოს თავის თავთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების პროცესში ან ამისათვის განივითაროს სათანადო უნარები. მხედველობაში აუცილებლად მისაღებია ადამიანის წარსული და ახლანდელი სურვილები, ოჯახის წევრების, მომვლელების და პიროვნების კეთილდღეობით დაინტერესებული პირების მოსაზრებები, რამდენად შესაძლებელია ადამიანის ძირითადი თავისუფლებაში ჩარევა მოხდეს ნაკლებად შემზღუდველი ღონისძიებებით.
,,ქმედუუნარო სრულწლოვანების სამართლებრივი დაცვის თაობაზე პრინციპების შესახებ” ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის #R(99) რეკომენდაციის მე-8 პრინციპის პირველი პუნქტის შესაბამისად, დამცავი ღონისძიების დანიშვნისა და განხორციელებისას ქმედუუნარო სრულწლოვანი პირის ინტერესები და კეთილდღეობა უპირველესია; იმავე რეკომენდაციის მე-9 პრინციპის პირველი პუნქტის შესაბამისად, ქმედუუნარო პირის დამცავი ღონისძიების დადგენის ან განხორციელებისას, რამდენადაც ეს შესაძლებელია, დადგენილი უნდა იყოს მისი წარსული და ამჟამინდელი სურვილები და გრძნობები. მათ სათანადო ყურადღება უნდა მიექცეს და სათანადოდ უნდა იყოს დაცული. იმავე პრინციპის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ეს პრინციპი ასევე გულისხმობს იმას, რომ ადამიანი, რომელიც სრულწლოვან ქმედუუნარო პირს წარმოადგენს და ეხმარება მას, რამდენადაც ეს შესაძლებელია, უნდა მიაწოდოს სრულწლოვან ქმედუუნარო პირს ადეკვატური ინფორმაცია. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ხდება მასზე გავლენის მომხდენი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება, რომელზე აზრის გამოხატვა სრულწლოვან ქმედუუნარო პირს შეუძლია.
შშმპ კონვენციაზე მუშაობის მასალები მიუთითებენ იმაზე, უნივერსალური ქმედუნარიანობის მოდელი კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა იმის გამო, რომ არსებობდა საშიშრობა, იმასთან დაკავშირებით, რომ დახმარების მაღალი საჭიროების ადამიანების მოთხოვნილებები ადეკვატურად ვერ მოგვარდებოდა. ამგვარი საშიშროების გამო მე-3 პუნქტით სახელმწიფოს დაეკისრა ვალდებულება, დაედგინა დამხმარის თაობაზე დებულებები, ხოლო მე-12 მუხლის მე-4 პუნქტი შეიცავს უამრავ დამცავ ღონისძიებას დამხმარის უფლებამოსილების გადამეტების საწინააღმდეგოდ. მაღალი საჭიროების მქონე პირებს შესაძლოა სრულად წართმეოდათ უფლებასუბიექტურობა, დამხმარის თაობაზე მე-12 მუხლი რომ არ მიღებულიყო. მიუხედავად ამისა, შშმპ-ს დეფინციის და დამხმარის დანიშვნის თაობაზე დებულებების ერთობლივი წაკითხვა იძლევა საფუძველს დასკვნისათვის, რომ მე-12 მუხლი ფორმულირებულია იმისათვის, რომ მფარველობის ქვეშ მოაქციოს ყველა შშმპ. დამხმარის ფუნქცია შესაძლოა მდგომარეობდეს პერსონალურ დამხმარებაში ან შშმპ-ს სურვილების წერილობითი დეკლარირებაში. კანონმდებლობა ადგენს, რომ დახმარება უნდა ეფუძნებოდეს ნდობას. არათუ უნდა ეწინააღმდეგებოდეს, არამედ დაცული უნდა იყოს შშმპ-ს სურვილები.
3) სადავო ნორმების შესაბამისობა სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-16 მუხლი საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მეშვეობით
საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის თანახმად, საქართველოს კონსტიტუცია არ უარყოფს ადამიანისა და მოქალაქის სხვა საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებს, თავისუფლებებსა და გარანტიებს, რომლებიც აქ არ არის მოხსენიებული, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობენ კონსტიტუციის პრინციპებიდან.
საქართველოს კონსტიტუციაში პირდაპირ არ არის მოხსენიებული, მაგრამ არც უარყოფილია ყველა ადამიანის უფლება სამართალსუბიექტურობაზე. აღნიშნული უფლება გარანტირებულია საქართველოსათვის სავალდებულო ძალის მქონე სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-16 მუხლის თანახმად: ,,თითოეულ ადამიანს, სადაც არ უნდა იყოს ის, უფლება აქვს ცნონ მისი სუბიექტობის უფლება”’
სადავო ნორმების არაკონსტიტუციურობა მდგომარეობს იმაში, რომ ისინი ადამიანს ეპყრობიან არა როგორც უფლების მატარებელ ,,სუბიექტს”, არამედ ,,ობიექტს,” რომელსაც მართვა და მოვლა ესაჭიროება.
უფლება - კანონის წინაშე აღიარებული იყო სამართლის სუბიექტად - მოიცავს უფლებას არსებობაზე. აღნიშნული უფლება შესაძლებლობას აძლევს ადამიანს, იკისროს განსაზღვრული სამართლებრივი ვალდებულება, გააფორმოს კონტრაქტი, ჰქონდეს სასამართლოს წინაშე უფლების განხორციელების და რეალიზების საშუალება. ამგვარად, ყველა ადამაინს აქვს შესაძლებლობა, ჰქონდეს სამართლებრივი უფლებები და მოვალეობები. სახელმწიფო არ არის თავისუფალი დაუქვემდებაროს ადამიანი ,,სამოქალაქო სიკვდილს.” ეს უკანასკნელი გულისხმობს ადამიანისათვის სამართალსუბიექტურობის წართმევას. ადამიანისათვის სამართალსუბიექტურობის მთლინად ან ნაწილობრივ ჩამორთმევა, ჩაითვლება აღნიშნული დებულებების დარღვევად.
სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა პაქტით სამართალსუბიექტურობაზე უფლების მნიშვნელობას ხაზს უსვამს ის გარემოება, რომ აღნიშნული არის აბსოლიტური, შეუზღუდავი უფლება. სიცოცხლის უფლების შემდეგ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი უფლება, ვინაიდან სამართლის სუბიექტად აუღიარებლობა, გამორიცხავს სხვა უფლებების განხორციელების შესაძლებლობას.
სამართალსუბიექტად ადამიანის აღიარება ხელს უწყობს საერთაშორისო ინსტრუმენტებით გარანტირებული უფლებების განხორციელებას. ადამიანის უფლებები ყველა პიროვნების წილხვედრია. პერსონიფიცირებული აღიარება არის ამ უფლებებით სარგებლობის აუცილებელი წინაპირობა.
სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა პაქტით დადგენილი სამართალსუბიექტობის უფლების განმარტებისათვის უნდა მივმართოთ უფლებაუნარიანობისა და ქმედუნარიანობის არსს და ამ კონტექსტში განვიხილოთ სამართლის სუბიექტის სტანდარტები.
ადამიანის სამართალსუბიექტურობის დამხასიათებელ ელემენტს წარმოადგენს როგორც უფლებაუნარიანობა - ადამაინის შესაძლებლობა ჰქონდეს უფლებები და მოვალეობები, ისე ქმედუნარიანობა - განახორციელოს აღნიშნული უფლებები და მოვალეობები. გასაჩივრებული ნორმები იმით არის საინტერესო, რომ ქმედუნარიანობას განასხვავებს უფლებაუნარიანობისაგან. სადავო ნორმები გონებრივი ჩამორჩენილობის მქონე ადამიანების უფლებაუნარიანობის დეკლარირებით ცდილობს სიმბოლურად შეასრულოს სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა პაქტით დაკისრებული ვალდებულება. ეს მაშინ, როცა მოწყვლადი ჯგუფები, რომელთა უფლება კანონმდებლობით აღიარებულია, იმავე კანონით მოკლებული არიან აღნიშნული უფლებების განხორციელების შესაძლებლობას.
ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი დისკრიმინაციული კანონმდებლობის საწინააღმდეგოდ იმგვრად ადგენს სამართალსუბიექტურობის პრინციპს, რომ მოიცვას, როგორც უფლებაუნარიანობა, ისე ქმედუნარიანობა.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ კონვენციის პირველი პუნქტის თანახმად, აღნიშნული კონვენციის მიზანია: ,,ხელი შეუწყოს, დაიცვას და უზრუნველყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ყველა პირის ყველა უფლება და ძირითადი თავისუფლება. ეს მიზნები მხარდაჭერილია შშმპ კონვენციის სხვა დებულებებით, მათ შორის სამართლებრივ ქმედუნარიანობასთან დაკავშირებული დებულებით. კონვენციის მე-12 მუხლიც ამ მიზნების ჭრილში უნდა იქნეს წაკითხული.
კონვენციის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ხელახლა ადასტურებენ, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებს უფლება აქვთ, ყველგან აღიარებული იყვნენ სუბიექტებად კანონის წინაშე. ეს პუნქტი ეხება პირის უფლებაუნარიანობას და აღიარებს შშმპ-ს ქმედუნარიონობას.
მე-12 მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს: ,,მონაწილე მხარეები აღიარებენ, რომ შშმპ თანასწორ საფუძველზე სარგებლობს სამართლებრივი ქმედუნარიანობით ცხოვრების ყველა ასპექტთან მიმართებაში. მე-2 პუნქტი აფართოვებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების შესაძლებლობას, განახორციელოს თავისი უფლებები. აღნიშნული ვალდებულების არასაგამონაკლისო ხასიათი დასტურდება კონვენციაში ინდივიდუალური ავტონომიის, არადისკრიმინაციული მოპყრობის და შესაძლებლობათა თანასწორობის ზოგადი პრინციპების შემოტანით, რომლის შესრულებაც ეკისრება სახელმწიფოს. კონვენციის მონაწილე მხარეები კისრულობენ ვალდებულებას, არ გადადგან ისეთი ნაბიჯები, რითაც ზიანს მიაყენებნ აღნიშნულ პრინციპებს და იმავდროულად ეკისრებათ პოზიტიური ვალდებულება, მოახდინონ იმგვარი ძალისხმევის ინიცირება, რითაც ხელს შეუწყობენ ზემოხსენებული პრინციპების განხორციელებას.
ქმედუუნარობა უკავშირდება ადამიანს, რომელსაც აქვს ხანგრძლივი ფიზიკური, მენტალური, ინტელექტურლური და მგრძნობელობითი პრობლემები. შშმპ კონვენციამ პირდაპირ დაასახელა რა განსაზღვრული ჯგუფი, შეიმუშავა სტარტეგია იმისათვის, რომ გაეხადა ნათელი მათი დისკრიმინაციის მაღალი ხარისხი და მათი უფლებამოსილებით აღჭურვის სტრატეგიის შემუშავების აუცილებლობა დაედგინა. თუკი გამოვიკვლევთ ნაციონალურ სახელმწიფოების კანონმდებლობასა და პრაქტიკას, სწორედ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ეუბნებიან უარს ქმედუნარიანობაზე.
რა თქმა უნდა, სამართალსუბიექტურობა არ გულისხმობს ყველა შემთხვევაში უფლებების დამოუკიდებლად განხორციელების შესაძლებლობას. კანონმდებლობა უფლებების დამოუკიდებლად განხორციელების თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, შესაძლოა გამონაკლის ითვალისწინებდეს მცირეწლოვნებთან, არასრულწლოვნებთან, გონებრივი ჩამორჩენილობის და სულიერი აშლილობის მქონე პირებთან მიმართებაში. თუმცა ადამიანის სამართალსუბიექტურობას სერიოზული ზიანი ადგება მაშინ, როდესაც მას აქვს შესაძლებლობა სათანადო დახმარების მეშვეობით გამოავლინოს ნება, განახორციელოს და შეიძინოს სამოქალაქო უფლებები და მოვალეობები, მაგრამ ის ამას ვერ ახერხებს, ვინაიდან ხდება მისი ნების ჩანაცვლება მეურვის ნებით, რომელიც სამეურვეო პირის სახელით ახორიცელებს მის უფლებებსა და ვალდებულებებს. ამ დროს სამეურვეო პირს წარმოეშობა უფლებები და მოვალეობები მისი ყოველგვარი მონაწილეობის, თვით მისი სურვილის გათვალისწინების გარეშეც და ზოგჯერ შესაძლოა მისი სურვილების საწინააღმდეგოდაც კი. ასეთ ვითარებაში ადამიანი გვევლინება არა სამართლის სუბიექტად, არამედ ობიექტად.
მაშინ როდესაც სრულწლოვან ქმედუუნარო პირს უფლებების ნაწილის განხორციელება შეუძლია მხოლოდ დამხმარის მეშვეობით, არსებობს უფლებები, რომელთა განხორციელება ამ უკანასკნელს დამოუკიდებლადაც შეუძლია. ქმედუუნარო სრულწლოვანებთან მიმართებაში მეურვეობის სახით დაწესებული დამცავი ღონისძიება უნდა იყოს მინიმალურად შემზღუდველი ანუ უნდა პასუხობდეს პროპორციულობის მოთხოვნებს. აღსანიშნავია, რომ სამართლებრივი ქმედუნარიანობის გარეშე შეუძლებელია კონსტიტუციური და საერთაშორისო ინსტრუმენტებით გათვალისწინებული სხვადასხვა უფლებით სარგებლობა. მაგალითად, ქმედუუნარო პირს აქვს ჯანმრთელობის უფლება, მაგრამ ვერ სარგებლობს ამ უფლებით, ვინაიდან მოკლებულია შესაძლებლობას აირჩიოს ან თანხმობა განაცხადოს მკურნალობაზე. ქმედუნარიანობის გარეშე ქმედუუნარო სრულწლოვანისათვის შეუძლებელი ხდება, მაგალითად ქორწინების უფლებით სარგებლობა. ამგვარად, სადავო ნორმები, რომლებიც იმპერატიულად და სრულად გამორიცხავენ, ქმედუუნარო პირის მიერ რაიმე უფლების დამოუკიდებლად განხორცილების შესაძლებლობას, ახორცილებენ ამგვარი ღონისძიების ქვეშ მოქცეული სუბიექტის სრულ სამოქალაქო სიკვდილს, რაც სრულიადაც არ პასუხობს მათი სამართალსუბიექტურობის უფლებას, რომელში ჩარევაც დასაშვებია, რამდენადაც ეს შესაძლებელია მინიმალურად შემზღუდველი ფორმით. სადავო ნორმებით გათვალისწინებული ჩარევა კი იმდენად არათანაზომადია, რომ იწვევნ ქმედუუნარო სრულწლოვანის სამოქალაქო სიკვდილს, რითაც ირღვევა საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მეშვეობით სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა მე-16 მუხლით გარანტირებული უფლება სამართალსუბიექტურობაზე.
4) კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-12 მუხლის მე-6 ნაწილი და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 327-ე მუხლის მე-2 ნაწილი ითვალისწინებენ ქმედუუნარობის თაობაზე გადაწყვეტილების გადასინჯვის ერთადერთ შემთხვევას, როდესაც ქმედუუნაროდ ცნობილი პირი განიკურნა ან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის მე-5 პუნქტის სიტყვების ,,აგრეთვე ქმედუუნაროდ ცნობილ მოქალაქეთა” კონსტიტუციურობა უნდა შეფასდეს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებაში, ვინაიდან აღნიშნული კონსტიტუციური დებულება სპეციალურია სადავო ნორმებისათვის. სადავო ნორმა ეხება იმას, რომ სასამართლოში ქმედუუნარო პირის ინტერესებს იცავს მისი მეურვე. სადავო ნორმა ეხება ქმედუუნარო პირის სასამართლოზე ხელმისაწვდომობას. მიუხედავად ამისა აღნიშნული ნორმის კონსტიტუციურობა შეფასებული უნდა იქმეს კონსტიტუციის ზემოხსენებული დებულებების შუქზეც. სადავო ნორმა აკეთებს აშკარა დიფერენციაციას ერთი მხრივ მცირეწლოვასა და მეორე მხრივ, ფსიქიკური აშლილობის საფუძველზე ქმედუუნაროდ ცნობილ პირს შორის. მაშინ როდესაც სამართლებრივად აღნიშნული ორი კატეგორიის პირი გათანაბრებულია ერთმანეთთან, სადავო ნორმა მხოლოდ მცირეწლოვნისათვის ითვალისწინებს სასამართლო პროცესში ჩაბმის შესაძლებლობას. სრულწლოვანი ქმედუუნარო პირისათვის აღნიშნული გამორიცხულია. ეს გარემოება მიუთითებს სრულწლოვანი ქმედუუნარო პირების მიმართ მე-14 მუხლით აკრძალულ მოპყრობას. ისევე როგორც სასამართლო პროცესის დროს დარღვეულია საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლით გარანტირებული საკუთარი პიროვნების განვითარების უფლება, ვინაიდან სრულწლოვანი ქმედუუნარო პირი, თუნდაც მეურვის წარმომადგენლობის დახმარების მიუხედავად ვერავითარ მონაწილეობას ვერ ღებულობს სასამართლო პროცესში, რომელმაც უნდა მიიღოს უშუალოდ აღნიშნულ პირთან დაკავშირებული გადაწყვეტილება. ასეთ პირობებში, სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა პაქტის მე-16 მუხლის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ ადამიანი ხდება კონკრეტული სამართალწარმოების ობიექტი და არა სუბიექტი, მაშინ როდესაც თუნდაც მეურვისა და მის მიერ დანიშნული წარმომადგენლელთან ერთად ადამიანს შესაძლოა ჰქონდეს სასამართლო პროცესში განსაზღვრული ხარისხით მონაწილეობის შესაძლებლობა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 327-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამომწურავად განსაზღვრავს იმ პირთა წრეს, რომელსაც შეუძლია ქმედუუნაროდ ცნობილი პირის განკურნების ან მისი ჯანმრთელობის მნიშვნელოვნად გაუმჯობესების შემთხვევაში მიმართოს სასამართლოს ადამიანისათვის ქმედუნარიანობის აღსადგენად. აღნიშნული სუბიექტები არიან: მეურვე, ფსიქიატრიულ-სამკურნალო დაწესებულება, ოჯახის წევრი. სადავო ნორმები ნათლად მიუთითებენ იმაზე, რომ ზემოხსენებულ სუბიექტების მიერ სასამართლოსათვის მიმართვის მომენტში ქმედუუნაროდ ცნობილი პირი განკურნებულია ან მისი ჯანმრთელობა მნიშვნელოვნად გაუჯობესებულია. აღნიშნული გარემოება დასტურდება ექსპერტის დასკვნით. აქედან გამომდინარე, თუკი ადამიანს იმავე ინსტიტუციური მიდგომიდან გამომდინარეც კი, ზოგადად, შეუძლია შეიგნოს თავისი ქმედების მნიშვნელობა და განაგოს იგი, გაუგებარია, რატომ ართმევენ სადავო ნორმები ქმედუუნაროდ ცნობილ პირს უფლებას, თავად მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს თავისი ქმედუნარიანობის სრულად აღდგენა. გამოჯანმრთელებული ადამიანის სასამართლოსათვის მიმართვის უფლება ერთგვარად შესაძლოა მეურვის, სამკურნალო დაწესებულების და ოჯახის წევრის მიერ საკუთარი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ დაცვის საშუალებაც კი იყოს. შესაძლოა აღნიშნულ სუბიექტებს გააჩნდეთ კონკრეტული ინტერესები იმასთან დაკავშირებით, რომ ადამიანმა დროულად არ აღიდგინოს საკუთარი ქმედუნარიანობა. კანონი კი სრულიად უძლურია ამგვარი სურვილების წინააღმდეგ. გარდა ამისა, კანონმდებელმა მეტი პატივისცემა უნდა გამოამჟღავნოს საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლით გარანტირებული ავტონომიურობისა და თვითგამორკვევის პრინციპთან მიმართებაში და მისცეს ადამიანს შესაძლებლობა, მაშინ როდესაც მას შესაბამისი უნარები უკვე გააჩნია, საკუთარ თავთან დაკავშირებით მიიღოს ისეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, როგორიცაა ქმედუნარიანობის აღდგენის მოთხოვნა.
ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 327-ე მუხლის მე-2 ნაწილი გამორიცხავს ქმედუუნარო პირის შესაძლებლობას, საკუთარი ქმედუნარიანობის აღსადგენად მიმართოს სასამართლოს, აღნიშნული წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან.
ქმედუნარიანობის დადგენის ან მისი აღდგენის პროცესში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, იმ ადამიანს, ვის ქმედუნარიანობაზეც გავლენას ახდენს შესაბამისი სასამართალწარმოება, ჯეროვნად ხელი მიუწვდებოდეს სასამართლოზე. ეს უფლება მოიცავს პირის შესაძლებლობას, უშუალოდ წარდგეს სასამართლოს წინაშე და წარუდგინოს მას თავისი ქმედუნარობასთან დაკავშირებული მტკიცებულებები. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე შტუკატუროვი რუსეთის წინააღმდეგ გამოტანილ გადაწყვეტილებაში აღნიშნა:
,,უამრავ საქმეში (რაც ეხებოდა ჰოსპტალში სავალდებულო მოთავსება), სასამართლომ დაადგინა, რომ სულიერი აშლილობის მქონე პირს უნდა მიეცეს უფლება პერსონალურად ან, როდესაც ეს აუცილებელია, წარმომადგენლის ფორმით მოუსმინონ სასამართლო სხდომაზე. ქმედუუნარობის საქმის წარმოების ნებისმიერი შედეგი იყო თანაბრად მნიშვნელოვანი განმცხადებლისათვის: ამ დროს ცხოვრების თითქმის ყველა სფეროში ადამიანის პერსონალური ავტონომია კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
უფრო მეტიც, პირი, რომლის ქმედუნარინობაც დგინდება, სამართალწარმოების პროცესში ორმაგ როლს ასრულებს: ის არის დაინტერესებული პირი და იმავდროულად სასამართლო განხილვის მთავარი ობიექტიც. ამიტომ მისი მონაწილეობა აუცილებელიც კი არის, არა მარტო იმიტომ რომ ადამიანს მისცენ საკუთარი მოსაზრებების წარდგენის შესაძლებლობა, არამედ ასევე უშუალო კონტაქტის მეშვეობით საქმის განმხილველ მოსამართლეს ადამიანის გონებრივ უნარებთან დაკავშირებით საკუთარი პერსონალური მოსაზრება ჩამოეყალიბების შესაძლებლობა მიეცეს.”
იმავე საქმეში სასამართლომ აღნიშნა, რომ პირი, რომლის ქმედუნარიანობაც დგინდება და რომელიც ავტონომიური და კონტაქტურია, სასამართლოს მოეთხოვება სულ მცირე ვიზუალური კონტაქტი მაინც იქონიოს მასთან. ასევე სასურველია სასამართლომ კითხვებიც დაუსვას ამგვარ ადამიანს. ადამიანის ქმედუნარინობასთან დაკავშირებით საქმის გადაწყვეტა მხოლოდ დოკუმენტური მტკიცებულებების საფუძველზე, იმ ადამიანისათვის, ვისი ქმედუნარიანობაც დგინდება, სასამართლოზე ხელმისაწვდომობის გამორიცხვით, არღვევს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პუნქტს.
5) ქორწინების უფლება
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2008 წლის 23 ივნისს საქმეზე სალომე წერეთელი-სტივენსონი პარლამენტის წინააღმდეგ გამოტანილ #2/2/425 გადაწყვეტილებაში მიუთითა: ,,საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლის პირველი პუნქტი უზრუნველყოფს ყველასთვის თავისუფლებას დაქორწინდეს მის მიერ არჩეულ პარტნიორზე.”
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1120-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ე” ქვეპუნქტის თანახმად, დაქორწინება არ დაიშვება იმ პირებს შორის, რომელთაგან თუნდაც ერთი ... სულით ავადმყოფობის (ფსიქიკური აშლილობის) გამო სასამართლოს მიერ ცნობილია ქმედუუნაროდ.
ქმედუუნარობასა და მეურვეობასთან დაკავშირებული სხვა დებულებებისაგან განსხვავებით, სადავო ნორმის არსი მდგომარეობს იმაში, რომ აღნიშნული უფლება ქმედუუნარო პირს ჩამორთმეული აქვს. ქმედუუნარო პირს შენარჩუნებული აქვს ნასყიდობის ხელშკრულების დადება, რასაც მისი სახელით ახორციელებს მეურვე, იგივეს ვერ ვიტყვით ქორწინების უფლებაზე.
სისტემური თვალსაზრისით აღნიშნული სადავო ნორმა პირდაპირ გამომდინარეობს ქმედუნარიანობასთან დაკავშირებით სამოქალაქო კოდექსის ზოგად ნაწილში მოცემული დებულებებიდან. საქმე იმაშია, რომ სამოქალაქო კოდექსი ერთმანეთისაგან განასხვავებს სრულ ქმედუუნარობას და შეზღუდულ ქმედუნარიანობას. სრულად ქმედუუნაროები აღნიშნული ნორმების თანახმად არიან 7 წელს მიუღწეველი პირები, ასევე გონებრივი ჩამორჩენილობის და ფსიქიკური აშლილობის გამო ქმედუუნაროდ ცნობილი სრულწლოვანები. შეზღუდულ ქმედუნარიან პირებს მიეკუთვნებიან 7-18 წლამდე ასაკის არასრულწლოვანები, ასევე ნარკოტიკული და ალკოჰოლური სასმელების ბოროტად გამომყენებელი პირები.
ძირითადი განსხვავება ქმედუუნარობის ამ ორ გრადაციას შორის მდგომარეობს იმაში, რომ შეზღუდული ქმედუნარიანობისათვის დამახასიათებელია სამზრუნველო პირის მიერ ნების გამოვლენა მზრუნველის თანხმობით. სრული ქმედუუნარობის გრადაცია ითვალისწინებს არა სამეურვეო პირის ნების გამოვლენისას თანხმობას, არამედ მის ნაცვლად მეურვის ნების გამოვლენას. ამგვრად, სამზრუნველო სისტემისაგან განსხვავებით სამეურვეო სისტემა ითვალისწინებს სამართლებრივ ურთიერთობებში მეურვის უშუალო მონაწილეობას სამეურვეო პირის თანამონაწილეობის სრული გამორიცხვით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსით მეურვეობის სისტემისათვის დამახასიათებელი ნების ჩანაცვლებითი ხასიათიდან გამომდინარე, შეუძლებელი ხდება ქმედუუნარო პირმა შეინარჩუნოს ქორწინების უფლება. ქორწინებას არის პერსონალური ხასიათის უფლება, რაც გულისხმობს წარმომადგენელის მეშვეობით აღნიშნული უფლების განხორციელების დაუშვებლობას. ვინაიდან მეურვეობის სისტემა გამორიცხავს სამეურვეო პირის ნების გამოვლენაზე თანხმობას, ხოლო ქორწინების სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე თავად მეურვე ვერ გამოავლენს ქორწინების წარმოშობისათვის აუცილებელ ნებას, კანონმდებელმა პირდაპირ აუკრძალა ქმედუუნაროდ აღიარებულ სრულწლოვანს ქორწინების უფლება.
ამგვარად, ქორწინების უფლებით მოსარგებლე პირთა წრიდან ქმეუუნარო პირების აბსოლუტური გამორიცხვა არა მხოლოდ 1120 მუხლის პირველი ნაწილის ,,ე” ქვეპუნქტის, არამედ საქართველოს კანონმდებლის მიერ არჩეული ქმედუუნარობის მიმართ სისტემური მიდგომის შედეგია. მიდგომისა, რომელიც არ აძლევს ქმედუუნარო პირს ამა თუ იმ უფლების უშუალოდ განხორციელების შესაძლებლობას თუნდაც დამხმარის მეშვეობით.
ანდრეას დიმოპულოსმა თავის ნაშრომში ,,ინტელექტუალური ჩამორჩენის მქონე პირთა ადამიანის უფლებების დაცვის საკითხები” აღნიშნა: ,,ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-12 მუხლის თანახმად: ,,საქორწინო ასაკს მიღწეულ მამაკაცსა და ქალს უფლება აქვთ დაქორწინდნენ და შექმნან ოჯახი იმ ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად, რომელიც ამ უფლების განხორციელებას არეგულირებს.”
ამ უფლების სუბიექტია საქორწინო ასაკს მიღწეული ყველა ქალი და მამაკაცი. ქორწინების უფლება გულისხმობს თავისუფალ არჩევანს, იქორწინო ან დარჩე დაუქორწინებელი. ქორწინება ეფუძნება მეუღლეთა მხრიდან თავისუფალ და სრულად გააზრებულ თანხმობას. აქედან გამომდინარე, გონებრივი ჩამორჩენის მქონე პირებს აქვთ ქორწინების უფლება, მაგრამ მხოლოდ თანხმობაზე თავისუფალი ნების გამოხატვის უნარის არსებობის ფარგლებში.
ქორწინების უფლება არ არის აბსოლუტური. მე-12 მუხლის ფორმულირება ,,ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად, რომელიც აღნიშნულ უფლებას არეგულირებს” საკმაოდ შემზღუდველია. სახელმწიფოს შეფასების ზღვარი საკმაოდ ფართოა. სახელმწიფოებს შეუძლიათ დაარეგულირონ დაქორწინების წესი და სამართლებრივი შედეგები, საკუთარი ეროვნული ტრადიციების შესაბამისად. ქორწინების უფლების განხორციელებაზე შორს მიმავალი შეზღუდვები შესაძლოა მომდინარეობდეს ეროვნული კანონმდებლობიდან. შეზღუდვები შესაძლოა ეხებოდეს ქორწინების ფორმალურ მხარეებს, ისეთებს როგორიცაა: საჯაროობა, ქორწინებაზე თანხმობა და ცერემონია. შეზღუდვა ასევე შესაძლოა დაწესებული იქნას, დაქორწინების ქმედუნარიანობაზე, იმის გამო, რომ ადამიანი მოკლებულია შესაძლებლობას, გამოხატოს თანხმობა.
მიუხედავად ამისა, როგორც აკადემიურ შრომებში ქორწინების უფლებაზე დაწესებულ შეზღუდვასთან მიმართებაში მართებულად არის აღნიშნული:
,,ფაქტია, რომ მე-12 მუხლი ქორწინების უფლებას უქვემდებარებს ეროვნულ კანონმდებლობის მხრიდან რეგულირებას, მიუხედავად ამისა, ქორწინების უფლებაზე დაწესებულმა შეზღუდვები არ უნდა იყოს ისეთი, რაც გავლენას მოახდენს უფლების არსზე. თუკი ქორწინების უფლებაზე უარს ეუბნებიან პირს, გონებრივი ჩამორჩენილობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, ან ფინანსური მდგომარეობის გამო, ეროვნული კანონმდებლობით დაწესებული შეზღუდვა არ შეიძლება იყოს გამართლებული, ვინაიდან გავლენას ახდენს ქორწინების უფლების არსზე. მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ის გარემოებაც, რომ ამ დროს ადამიანს აქვს ქორწინების თანხმობაზე თავისუფალი ნების გამოხატვის უნარი.
ამ გაგებით მე-12 მუხლიდან გამომდინარე შეზღუდვა არ გულისხმობს, ბლანკეტური აკრძალვის დაწესების შესაძლებლობას, ფსიქიკური მქონე პირის უფლებაზე დაქორწინდეს.
სამწუხაროდ, ნათელია, რომ ზოგიერთ ინტელექტუალური ჩამორჩენის მქონე პირს არა აქვს ინტელექტუალური შესაძლებლობა გააცნობიეროს ქორწინების მნიშვნელობა, შესაბამისად, მათ არ შეუძლიათ თანხმობა გასცენ ქორწინებაზე. მაგრამ გულისხმობს თუ არა ეს იმას, რომ მათ არ შეუძლიათ ქორწინება? შეიძლება თუ არა ფუნქციური ქმედუნარიანობის ტესტი დადგენილი იყოს კანონით, რომელიც ქორწინებაზე თანხმობის გაცემას არეგულირებს? აუცილებელია თუ არა სოციალური ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტის არსის გასაგებად მაღალი ხარისხის ცნობადობის არსებობა მოვითხოვოთ? ამ დროს შემოდის ადამიანის ღირსების პატივისცემის ცნება. ადამიანი შესაძლოა მოკლებული იყოს ქორწინების ინტელექტუალური აღქმის შესაძლებლობას, მაგრამ შესაძლოა უნდოდეს ის და ჰქონდეს უნარი, ჩაწვდეს ქორწინების სოციალურ და ემოციურ მნიშვნელობას. მხარეებს, რომლებსაც სურთ დაქორწინება, უკეთესად შეუძლიათ იმის განსაზღვრა, რამდენად შეეფერებიან ისინი ერთმანეთს, ვიდრე სხვას შეუძლია იმის გადაწყვეტა, თუ რამდენად შეუძლია წყვილს თავი გაართვას ქორწინებას და გახდეს ცოლ-ქმარი.
ქმედუუნარო სრულწლოვანი პირებისათვის ქორწინების უფლების მინიჭებისას მნიშვნელოვანია ასევე დადგინდეს, გარემოება იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად არსებობს სექსუალური ნების თავისუფლება: ,,ზოგადად, როდესაც ვსაუბრობთ ქორწინების უნარზე, ეს უკანასკნელი მოიცავს სექსუალურ ურთიერთობაზე თანხმობის მიცემის შესაძლებლობას.” აღნიშნული უნარის განსაზღვრისათვის საჭიროა გაირკვეს შემდეგი:
აქვს თუ არა პიროვნებას სათანადო ცოდნა და ცნობიერება სექსუალური აქტის არსისა და ხასიათის გასაგებად, უნარი გონივრულად განჭვრიტოს სექსუალური აქტის შედეგები, შესაძლებლობა იმისა აიჩიოს, იყოს თუ არა სექსით დაკავებული, სექსუალურ აქტის დამყარებაზე გამოთქვას თანხმობა ან უარი (ყველაზე მნიშვნელოვანია ის, თუ როგორ მოახდენს საკუთარ მეუღლესთან კომუნიკაციას).
სადავო ნორმებით, რომლითაც ხდება ადამიანის ქმედუნარიანობის შეფასება, არ ხდება აღნიშნული უნარების განსაზღვრა. უფრო მეტიც, კითხვაზე პასუხი: აქვს თუ არა პიროვნებას შესაძლებლობა შეიგნოს თავისი ქმედების მნიშვნელობა და განაგოს იგი - სრულიადაც არ საჭიროებს ქორწინებაზე გავლენის მომხდენი პიროვნული უნარების გამოკვლევას. მიუხედავად ამისა, სასამართლოს გადაწყვეტილება ადამიანის ქმედუუნაროდ ცნობის შესახებ პირდაპირ იწვევს ადამიანისათვის ქორწინების უფლების ჩამორთმევას.
სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, შეაფასოს ის გარემოება, რომ ცხოვრების ყველა სხვა ან უმეტეს სფეროში გადაწყვეტილების მიღების უნარს მოკლებულ პირს, რამდენად აქვს ქორწინებასთან დაკავშირებით გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა. მას შემდეგ, რაც სასამართლოს წარედგინება ექსპერტიზის დასკვნა, რომელშიც პირდაპირ არ არის პასუხი გაცემული შეკითხვაზე - რამდენად გააჩნია პირს დაქორწინებისა და ოჯახის შექმნის უნარი - სასამართლოს არ რჩება სხვა გამოსავალი, გარდა იმისა, რომ განუსაზღვრელი ვადით ადამიანი ცნოს ქმედუუნაროდ, რომლის გარდაუვალ შედეგსაც 1120-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ე” ქვეპუნქტის შესაბამისად, წარმოადგენს გონებრივი ჩამორჩენილობის გამო ქმედუუნარო პირისათვის, ქორწინებისა და ოჯახის შექმნისათვის საჭირო უნარის არსებობის მიუხედავად, ქორწინების უფლების ჩამორთმევა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ სამოქალაქო კოდექსის 1120-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ე” ქვეპუნქტი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლის პირველ პუნქტს და მე-14 მუხლს.
6) ქმედუუნარო პირის მკურნალობა
,,ფსიქიატრიული დახმარების შესახებ” კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ქმედუუნარო პირი მოკლებულია შესაძლებლობას, არათუ დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება საკუთარ მკურნალობასთან დაკავშირებით, არამედ რაიმე ფორმით მონაწილეობა მიიღოს ამ პროცესში. ამის ნაცვლად სადავო ნორმა ქმედუუნარო პირისათვის მკურნალობის ჩასატარებლად საკმარისად მიიჩნევს მისი კანონიერი წარმომადგენელის თანხმობას. მიგვაჩნია, რომ აღნიშნულ შემთხვევაში ადგილი აქვს საქართველოს კონტიტუციის მე-16 მუხლით გარანტირებული პიროვნული ავტონომიის და თვითგამორკვევის უფლების დარღვევას, ვინაიდან ქმედუუნარო პირი, განურჩევლად მისი ფსიქიკური მდგომარეობისა, მოკლებული ხდება შესაძლებლობას, რაიმე ფორმით მაინც მიიღოს მონაწილეობა მისთვის ფსიქიატრიული მკურნალობის ჩატარებასთან დაკავშირებით.
აღსანიშნავია ის გარემოება, რომ თავად ,,ფსიქიატრიული დახმარების შესახებ” კანონის ცალკეული დებულებები ამჟღავნებენ პატივისცემას ქმედუუნარო პირის ნების ავტონომიის პრინციპთან დაკავშირებით და ითვალისწინებენ ფსიქატრიულ მკურნალობასთან დაკავშირებულ საკითხების გადაწყვეტაში ქმედუუნარო პირის მონაწილეობის შესაძლებლობას. კერძოდ, ,,ფსიქიატრიული დახმარების შესახებ” კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტის შესაბამისად, ქმედუუნარო პირის კანონიერ წარმომადგენელს უფლება აქვს, უარი განაცხადოს ქმედუუნარო პირის მკურნალობასთან დაკავშირებით, თუმცა იმავე ნორმის შესაბამისად, პაციენტს, ქმედუუნარო პირს მისი ფსიქიკური მდგომარეობის გათვალისწინებით უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს გადაწყვეტილების მიღების პროცესში. მსგავს ჩანაწერს შეიცავს ,,ფსიქიატრიული დახმარების შესახებ” კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი, სადაც აღნიშნულია, რომ ქმედუუნარო პირს ფსიქიატრიული დახმარება უნდა გაეწიოს კანონიერი წარმომადგენლის თხოვნის ან/და ინფორმირებული თანხმობის საფუძველზე (გადაწყვეტილების მიღების პროცესში აუცილებელია პაციენტის მონაწილეობა მისი ასაკისა და ფსიქიკური მდგომარეობის გათვალისწინებით).
,,ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” კანონთან ერთად ზემოხსენებულ ორ ნორმა ქართულ კანონმდებლობაში ამკვიდრებს ქმედუნარიანობასთან დაკავშირებით ფუნქციურ მიდგომას. ზემოხსენებული ნორმები კატეგორიაულად არ გამორიცხავენ, ფსიქიატრიულ მკურნალობაზე უარის და ფსიქიატრიული დახმარების აღმოჩენაზე თანხმობასთან დაკავშირებით ქმედუუნარო პირის მიერ სამართლებრივად ნამდვილი ნების გამოვლენის შესაძლებლობას. უფრო მეტიც, ზემოხსენებული ორი ნორმა სავალდებულოდ მიიჩნევის იმას, რომ ქმედუუნარო პირმა მონაწილეობა მიიღოს მისთვის ფსიქიატრიულ მკურნალობაზე უარის და ფსიქიატრიულ დახმარების აღმოჩენასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების პროცესში, მაშინ როცა მისი ფსიქიკური მდგომარეობა იძლევა ამის შესაძლებლობას. ეს ნორმა სერიოზულ კითხვებს ბადებს სადავო ნორმით ქმეუუნარო პირის მიერ მისთვის ფსიქიატრიული მკურნალობის ჩატარებაზე თანხმობის მიცემის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების პროცესიდან გამორიცხვასთან დაკავშირებით. მაშინ როდესაც ქმედუუნარო პირს მისი ფსიქიკური მდგომარეობიდან გამომდინარე შესაძლოა ჰქონდეს ფსიქიატრიულ მკურნალობაზე უარისას ან ფსიქიატრიული დახმარების აღმოჩენასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებისას მონაწილეობის შესაძლებლობა, გაუგებარია რატომ ვერ სარგებლობს აღნიშნული პირი, იგივე შესაძლებლობით მისთვის ფსიქიატრიული მკურნალობის ჩატარებაზე თანხმობის გაცემისას.
აქვე უნდა შევნიშნოთ შემდეგი გარემოება, რომ შეუძლებელია სადავო მე-10 მუხლის პირველი პუნქტი წაკითხული იქნეს ამავე კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტთან და მე-8 მუხლის მე-2 პუნქტთან კავშირში. ,,ფსიქიატრიული დახმარების შესახებ” კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტი მკურნალობის ჩატარებაზე უარის თქმის უფლებას ანიჭებს ქმედუუნარო პირის კანონიერ წარმომადგენელს. აღნიშნული ნორმა ქმედუუნარო პირს, მხოლოდ იმის უფლებას ანიჭებს დაეთანხმოს ან უარყოს თავისი კანონიერი წარმომადგენლის ნება - მისთვის ფსიქიატრიული მკურნალობის შეწყვეტასთან დაკავშირებით. ანუ იმისათვის რომ ადგილი არ ჰქონდეს ადამიანისათვის ფსიქიატრიული მკურნალობის აღმოჩენას, ამისათვის მხოლოდ ქმედუუნარო პირის ნების გამოვლენა არ არის საკმარისი. გადამწყვეტი ამ დროს კანონიერი წარმომადგენლის ნებაა, რომლის გარეშეც არ შეწყდება ფსიქიატრიული მკურნალობა.
სადავო ნორმები კი სწორედ იმ შემთხვევას არეგულირებს, როდესაც კანონიერი წარმომადგენელი თანახმაა ქმედუუნარო პირისათვის ფსიქიატრიული მკურნალობის ჩატარებაზე. ასეთ პირობებში ,,ფსიქიატრიული დახმარების შესახებ” კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტი მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტთან კავშირში მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება იქნეს წაკითხული, თუკი კანონიერი წარმომადგენელი არ გასცემს ინფორმირებულ თანხმობას ქმედუუნარო პირის მკურნალობასთან დაკავშირებით. ეს უკანასკნელი სხვა არაფერია, თუ არა მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტით გათვალისწინებული უარი ფსიქიატრიულ მკურნალობაზე. მხოლოდ ამ შემთხვევაშია შესაძლებელი გადაწყვეტილების მიღებაში ქმედუუნარო პირის ჩართვა. კანონიერი წარმომადგენლის მიერ თანხმობის გაცემის შემთხვევაში ქმედუუნარო პირი ამგვარ შესაძლებლობას მოკლებულია.
ფსიქიატრიული დახმარება უფრო ფართო ცნებაა, ვიდრე მკურნალობა. ფსიქიატრიული დახმარება მოიცავს მკურნალობასაც, თუმცა ამასთან ერთად, ფსიქიატრიული დახმარება სხვა ღონისძიებებსაც გულისხმობს. ,,ფსიქიატრიული დახმარების შესახებ” კანონის მე-4 მუხლის ,,გ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ფსიქიატრიული დახმარება ნიშნავს: ,,ღონისძიებათა კომპლექსს, რომლის მიზანია ფსიქიკური აშლილობის მქონე პირის გამოკვლევა, მკურნალობა და დაავადების გამწვავების თავიდან აცილება, მისი სოციალური ადაპტაციისა და საზოგადოებაში რეინტეგრაციის ხელშეწყობა;” თუკი სადავო მე-10 მუხლის პირველი პუნქტი არეგულირებს ფსიქიატრიული მკურნალობის დროს თანხმობის გაცემის წესს, რაც არ ითვალისწინებს აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისას ქმედუუნარო პირის მონაწილეობას, მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი ეხება ფსიქიკური დახმარების აღმოჩენისას გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქმედუუნარო პირის აუცილებელ მონაწილეობას. მე-8 მუხლის მეორე პუნქტი და მე-10 მუხლის პირველი პუნქტი არის ზოგადი და სპეციალური ნორმის ურთიერთმიმართება, როდესაც სპეციალურ ნორმას ენიჭება უპირატესობა. მართლაც მე-8 მუხლის მეორე პუნქტი ყველა ზოგადად ფსიქიატრიული დახმარებისათვის კანონიერი წარმომადგენელის ინფორმირებულ თანხმობასთან ერთად ითვალისწინებს გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქმედუუნარო პირის აუცილებელ მონაწილეობას. ამ ზოგადი წესიდან, ფსიქიატრიული დახმარების ისეთი კერძო შემთხვევისათვის, როგორიცაა ფსიქიატრიული მკურნალობა, სადავო ნორმებით დადგენილია გამონაკლისი. ამ დროს მკურნალობის ჩასატარებლად კანონიერი წარმომადგენელის ინფორმირებული თანხმობაც საკმარისია და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქმედუუნარო პირის მონაწილეობაც აღარ მოითხოვება.
,,ქმედუუნარო სრულწლოვანების სამართლებრივი დაცვის თაობაზე პრინციპების” 1999 წლის 23 თებერვალის ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის #R(99)4 რეკომენდაციის პირველი თავის პირველი პრინციპის მეხუთე პუნქტის თანახმად ,,ჯანდაცვის სფეროში ჩარევა ნიშნავს ადამიანის ჯანმრთელობის საფუძველზე განხორციელებული პროფესიული მოქმედებას. აღნიშნული მოიცავს შემდეგი სახის ჩარევას: პრევენციულ მკურნალობა, დიაგნოზი, მკურნალობა, რეაბილიტაცია ან კვლევას.” ამავე რეკომენდაციის მე-5 თავის 22-ე პრინციპის პირველი პუნქტის თანახმად, როდესაც სპეციალურ ღონისძიებას დაქვემდებარებულ სრულწლოვანს აქვს შესაძლებლობა გასცეს სამედიცინო სფეროში ჩარევასთან დაკავშირებით თავისუფალი და ინფორმირებული თანხმობა, სამედიცინო ჩარევა ხორციელდება მხოლოდ მისი თანხმობით. თანხმობა შესაძლოა გამოთხოვილი იქნას იმ პირის მიერ ვინც უფლებამოსილია, განახორციელოს სამედიცინო ჩარევა. იმავე პრინციპის მეორე პუნქტის თანახმად, როდესაც სრულწლოვანს არა აქვს შესაძლებლობა გასცეს თავისუფალი და ინფორმირებული თანხმობა სამედიცინო ჩარევასთან დაკავშირებით, ამის მიუხედავად სამედიცინო ჩარევა შესაძლოა განხორციელდეს:თუ ეს პირისათვის პირდაპირი სარგებლის მომტანია ასეთ შემთხვევაში თანხმობას გასცემს პირის წარმომადგენელი, ხელისუფლება ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანო ან თანამდებობის პირი.
ამგვრად, ევროპული სტანდარტი არ გამორიცხავს ფსიქიატრიულ მკურნალობასთან დაკავშირებით, ქმედუუნარო პირისაგან თანხმობის მიღების შესაძლებლობას, როდესაც პირს აქვს თავისუფალი და ინფორმირებული თანხმობის გაცემის შესაძლებლობა. სადავო ნორმა, საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ ახდენს არაპროპორციულ ჩარევას ადამიანის ნების ავტონომიაში, იმგვარად, რომ გამორიცხავს მის ფსიქიატრიულ მკურნალობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების პროცესისაგან, მაშინ როდესაც ინდივიდუალურ შემთხვევებში ადამიანს შესაძლოა ჰქონდეს გაცნობიერებული აღნიშნული მკურნალობის არსი და ჰქონდეს ამასთან დაკავშირებით თავისუფალი ნების გამოვლენის შესაძლებლობა.
ზემოხსენებული პრინციპები ასევე თანაბრად ეხება ,,ფსიქიატრიული დახმარების შესახებ” კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ გარემოებას. აღნიშნული მუხლი მთლიანობაში ეხება ფსიქიატრიული დახმარების ისეთ სახეს, როგორციცაა ამბულატორიული დახმარება. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტიდან ცნობილი ხდება, რომ ამბულატორიული დახმარება მკურნალობასთან ერთად მოიცავს პირველად ფსიქიატრიულ გამოკვლევას და პაციენტზე მეთვალყურეობას.
სადავო ნორმის შესაბამისად, ქმედუუნარო პირის მონაწილეობის გარეშე, მის ნაცვლად კანონიერი წარმომადგენელი იღებს შემდეგ გადაწყვეტილებას: აირჩიოს ფსიქიატრიული დაწესებულება და ექიმი, სადაც ადამიანს ჩაუტარდება ამბულატორიული გამოკვლევა, კანონიერი წარმომადგენელი საკუთარი სურვილით იღებს გადაწყვეტილებას ნებისმიერ ეტაპზე შეწყვიტოს გამოკლევა ან/და მკურნალობა.
პირველადი გამოკველვის ნაწილში ქმედუუნარო პირს მიერ გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობს ,,ფსიქიატრიული დახმარების შესახებ” კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პირველადი ფსიქიკური გამოკვლევით დგინდება აქვს თუ არა ადამიანს ფსიქიკური აშლილობა. ბუნებრივია, როდესაც ჯერ კიდევ არ არის დადგენილი ის გარემოება, აქვს თუ არა ადამიანს ფსიქიკური აშლილობა, აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების არსებობის შემთხვევაში ნორმის ზემოქმედების ქვეშ ვერ მოექცევა ქმედუუნარო პირი. აქედან გამომდინარე, ამბულატორიული ფსიქიატრიული დახმარების ისეთ კომპონენტთან მიმართებაში, როგორიცაა პირველადი ფსიქიატრიული გამოკვლევა, ქმედუუნარო პირის თანხმობაზე საუბარი ყოველგვარ აზრს მოკლებულია.
სამაგიეროდ, სავსებით შესაძლებელია ქმედუუნარო პირს ჩაუტარდეს ამბულატორიული ფსიქიატრიული დახმარების ისეთი ღონისძიებები, როგორიცაა ამბულატორიული ფსიქიატრიული მკურნალობა და მეთვალყურეობა. ამ დროს ქმედუუნარო პირს არ გააჩნია შესაძლებლობა, თავად შეარჩიოს ან კანონიერი წარმომადგენელის მეშვეობით მონაწილეობა მიიღოს ფსიქიატრიული დაწესებულებისა და ექიმის შერჩევაში ან ამავე გზით შეწყვიტოს მკურნალობა. ამგვარი გადაწყვეტილება მიიღება ქმედუუნარო პირის მეურვის მიერ სამეურვეო პირის ყოველგვარი მონაწილეობის გარეშე. აღნიშნული ნორმები მოცემულ შემთხვევაშიც კი არ იღებს მხედველობაში იმ შესაძლებლობას, რომ ქმედუუნაროდ ცნობილ პირთა გარკვეულ ნაწილს შესაძლოა ჰქონდეს სამედიცინო ჩარევასთან დაკავშირებით ინფორმირებული და თავისუფალი თანხმობის გამოხატვის შესაძლებლობა. სადავო ნორმა ამას ბლანკეტურად, ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინების გარეშე გამორიცხავს.
პიროვნების საავადმყოფოში მოთავსებასთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე შტუკატუროვი რუსეთის წინააღმდეგ განაცხადა: ადამიანი დე იურე შესაძლებელია მოკლებული იყოს სამართლებრივ უნარს, საკუთარ თავთან დაკავშირებით მიიღოს გადაწყვეტილება. მიუხედავად ამისა, ეს სრულიადაც არ გულისხმობს იმას, რომ ის დე ფაქტო მოკლებული იყო შესაძლებლობას, გაიგოს სიტუაციის არსი. ამიტომ მოცემულ შემთხვევაში პაცეინტის მოსაზრების გაუთვალისწინებლობლობა, მხოლოდ და მხოლოდ მისი, როგორც ქმედუუნარო პირის სტატუსის გამო, დაუშვებელია.
აღსანიშნავია ის გარემოება, რომ კანონმდებელი თანმიმდევრულად და რადიკალურად არ გამორიცხავს ქმედუუნარო პირის მიერ სამედიცინო ჩარევის არსის გაგების შესაძლებლობას. ამ მხირვ ნამდვილად სანიმუშოა ,,ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” კანონის ცალკეული დებულებები. კერძოდ, აღნიშნული კანონის 110-ე მუხლის თანახმად, ,,ქმედუუნარო პირი შეიძლება იყოს სამედიცინო-ბიოლოგიური კვლევის ობიექტი 108-ე მუხლში მოცემული პირობებით, თუ იგი არ გამოხატავს რაიმე წინააღმდეგობას და მიღებულია მისი ნათესავის ან კანონიერი წარმომაგენლის ინფორმირებული თანხმობა. თუ ქმედუუნარო პირს აქვს გაგების უნარი, აუცილებელია მისი თანხმობაც.”
ამგვარად, თვით კანონმდებელიც კი არ გამორიცხავს იმის შესაძლებლობას, რომ ცალკეულ შემთხვევაში ქმედუუნარო პირს შესაძლოა ჰქონდეს სამედიცინო-ბიოლოგიური კვლევის (ეს ნიშნავს ადამიანზე ჩატარებულ ნებისმიერი ექსპერიმენტს, რომლის ერთადერთი ან ერთ-ერთი მიზანია ცოდნის გაღრმავება მედიცინის სფეროში) არსის გაცნობიერების შესაძლებლობა. ეს ნორმა არის ევროპის საბჭოს 1997 წლის ბიოლოგიურ და სამედიცნო მოქმედებასთან დაკავშირებით ადამიანის პიროვნული უფლებისა და ღირსების დაცვის კონვენციის გამოძახილი.
კანონმდებელი უშვებს იმის შესაძლებლობას, რომ ცალკეულმა ქმედუუნაროდ ცნობილმა პირმა გაიგოს ბიოსამედიცინო კვლევის არსი, გაუგებარია რატომ გამორიცხავს ყველა ქმედუუნარო პირთან მიმართებაში სადავო ნორმა იმის შესაძლებლობას, რომ ზემოხსენებული ქმედუუნარო პირი აცნობიერებდეს ამბულატორიული მკურნალობის შეწყვეტის აუცილებლობას ან ჰქონდეს ფსიქიატრიული დაწესებულების ან ექიმის შერჩევის უნარი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კანონმდებელი ახდენს, რა ამბულატორიულ ფსიქიატრიულ დახმარების აღმოჩენასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების პროცესიდან ქმედუუნაროდ ცნობილი ყველა პირის ბლანკეტურ გამორიცხვას, ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მე-16 მუხლს.
7) ნებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარება
თუკი ამბულატორიული მკურნალობა არ ითვალისწინებს განსაზღვრული დროის განმავლობაში პაციენტის დატოვებას სამკურნალო დაწესებულებაში, იგივეს ვერ ვიტყვით სტაციონარულ მკურნალობაზე. როგორც ,,ფსიქიატრიული დახმარების შესახებ” კანონის მე-15 მუხლის პირველ პუნქტშია აღნიშნული, სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარება გაეწევა პირს ლიცენზირებულ სტაციონარულ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში, ანუ სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარება თავის თავში მოიცავს პაციენტის დარჩენას შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში. განსაზღვრული გარემოებების არსებობის შემთხვევაში გარკვეული დროით ადამაინის მოთავსებამ ამა თუ იმ ინსტიტუციაში შესაძლოა გამოიწვიოს საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლით დაცულ სფეროში (თავისუფლების ხელშეუხებლობის უფლება) შეჭრა. რამდენად ხდება მოცემულ შემთხვევაში.
პირველ რიგში, საჭიროა დავადგინოთ სტაციონარული მკურნალობის არსი, რამდენად იზღუდება ამ დროს ადამიანის თავისუფლება?
კანონი არ ადგენს იმას, თუ რამდენ ხანს არის შესაძლებელი მოხდეს პიროვნების დატოვება სტაციონარულ დაწესებულებაში. ,,ფსიქიატრიული დახმარების შესახებ” კანონის მე-15 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, აკრძალულია პაციენტის სტაციონარში დაყოვნება იმაზე მეტი ხნით, ვიდრე ეს საჭიროა მისი გამოკვლევისა და მკურნალობისათვის. თუ რა დროა საჭირო სტაციონარში მოთავსებული პაციენტის გამოკველევის და მკურნალობისათვის, ამას განსაზღვრავს თავად ექიმ-ფსიქიატრთა კომისია სამედიცინო ჩვენების საფუძველზე საკუთარი გადაწყვეტილებით (,,ფსიქიატრიული დახმარების შესახებ” კანონის მე-17 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა’ ქვეპუნქტით) ან ნებისმიერ დროს ქმედუუნარო პირის შემთხვევაში მისი კანონიერი წარმომადგენელი (,,ფსიქიატრიული დახმარების შესახებ” კანონის მე-17 მუხლის მე-3 პუნქტის ,,გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში).
ადამიანის უფლებათა ევროპულმა საქმეზე მიურეი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ ორი საათის განმავლობაში ადამიანის დაკავება და ოჯახის წევრების ტერორისტულ საქმინობაში მონაწილეობის მიზნით დაკითხვა შეაფასა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის დარღვევად. საქმე გილანი და ქუინთონი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ ევროპულმა სასამართლომ არ განიხილა საქმე მე-5 მუხლის კონტექსტში იმის გამო, რომ ინდივიდუალურ შემთხვევაში ორი განმცხადებლის შეჩერება და ზედაპირული შემოწმებას არ გადაუმეტებია 30 წუთისათვის.
ამგვარად, პაციენტისათვის ნებაყოფლობითი სტაციონარული დახმარება (გამოკველევა და მკურნალობა) შეიძლება გაგრძელდეს როგორც ნახევარ საათზე მეტ ხანს, ორ საათს ისე რამდენიმე დღის განმავლობაში. ამ დროის განმავლობაში ადამიანი სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებაშია მოთავსებული.
გარდა იმისა, რომ ადამიანი განსაზღვრული დროის განმავლობაში სამკურნალო დაწესებულებაშია მოთავსებული, საინტერესოა, განისაზღვროს თავად ის პირობები, რაშიც სტაციონარულ ფსიქიატრიულ დახმარებას აღმოუჩენენ პირს. სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების პირობები მოცემულია მე-15 მუხლის მე-2 პუნქტით. კერძოდ, აღნიშნული ნორმის ,,ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, პაციენტის შესაძლებლობა, ისარგებლოს ტელეფონით ან სხვა საკომუნიკაციო საშუალებით, შეზღუდულია ფსიქიატრიული დაწესებულების შინაგანაწესით, ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, პირს უფლება აქვს მხოლოდ ხანმოკლე ვადით დატოვოს სტაციონარი, სტაციონარიდან გაწერის გარეშე, მისი ფსიქიკური მდგომარეობის გათვალისწინებით; გარდა ამისა, ,,ფსიქიატრიული დახმარების შესახებ” კანონის მე-მე-15 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ექიმს უფლება აქვს პაციენტს შეუზღუდოს წერილის გაგზავნისა და მიღების, ტელეფონითა და საკომუნიკაციო საშუალებებით სარგებლობის, განსაზღვრულ დროსა და ადგილას მნახველის მიღების, ხანმოკლე ვადით სტაციონარი დატოვების, პირველადი მოხმარების საგნების შეძენის და შენახვის, რელიგიური რიტუალების შესრულების, აუდიოვიზუალური ინფორმაციის მიღების, სპორტულ და კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეობის შესაძლებლობა, თვით ჰუმანურად მოპყრობის უფლებაც კი.
ამგვარად, ექიმს რჩება უფლება, სტაციონარში მაღალი სიხშირითა და ხარისხით ზედამხედველობა გაუწიოს ადამიანის ისეთი უფლებების განხორციელებას, როგორიცაა რელიგიური რიტუალების შესრულება, სპორტულ და კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეობა, ასევე ,,ფსიქიატრიული დახმარების შესახებ” კანონის მე-5 მუხლით გარანტირებული უფლებები.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ თავის 2009 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილებაში საქმეზე სახალხო დამცველი საქარველოს პარლამენტის წინააღმდეგ, განმარტა რა საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლით დაცული ადამიანის თავისუფლების ხელშეუხებლობის უფლების არსი, განაცხადა, რომ აღნიშნული უფლება ადამიანს შესაძლებლობას აძლევს, გადაადგილდეს ფიზიკურად, თავისი ნების შესაბამისად, იმყოფებოდეს ან არ იმყოფებოდეს რომელიმე ადგილზე. ადამიანის აღნიშნული უფლება სტაციონარული ფსიქიატრიული მომსახურების გაწევისას ზოგადი წესის თანახმად, იზღუდება ხანმოკლე დროით, სტაციონარული დაწესებულებიდან გაწერის გარეშე მისი დატოვებით, ხოლო გამონაკლის შემთხვევაში, უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ექიმის გადაწყვეტილებით ეს უფლებაც (სტაციონარი ხანმოკლე ვადით დატოვების შესაძლებლობა) კი იზღუდება. ამგვარად, სტაციონარული ფსიქიატრიული მომსახურებით მოსარგებელე პირს შეზღუდული აქვს უფლება, საკუთარი სურვილით იმყოფებოდეს განსაზღვრულ ადგილას.
გარდა ამისა, სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარებით მოსარგებლე პირს ეზღუდება გარე სამყაროსთან კომუნიკაციის შესაძლებლობა, კერძოდ შემდეგი უფლებები: წერილის გაგზავნისა და მიღების, ტელეფონითა და საკომუნიკაციო საშუალებებით სარგებლობის, განსაზღვრულ დროსა და ადგილას მნახველის მიღების და სხვა უფლებები.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში გილანი და ქუინთონი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ ხაზი გაუსვა იმ კრიტერიუმებს, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს თავისუფლების უფლებაში ჩარევა. ესენია: თავისუფლების აღკვეთის ადგილი, ზედამხედველობის საშუალება და სიხშირე, გარესამყაროსთან კონტაქტის ხარისხი და მასზე ზედამხედველობის ხარისხი, თავისუფლების შეზღუდვის ხანგრძლივობა. როგორც ზემოთ მივუთითეთ, სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების გაწევისას თავისუფლების უფლებაში ჩარევის ოთხივე პირობა სახეზეა.
ახლა უნდა განვსაზღვროთ საკითხი იმის თაობაზე: ხომ არ არსებობს იმ ადამიანის თანხმობა ვის თავისუფლებაში ჩარევაც ხდება სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების გაწევით და დაცვის რა პროცედურული გარანტიები არსებობს აღნიშნული შემზღუდველი ღონისძიების გამოყენებისას?
პირველ რიგში, ერთმანეთისაგან უნდა განვავსხვაოთ ნებაყოფლობითი და არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარება. ეს უკანასკნელი პროპორციული ღონისძიებაა, ვინაიდან ამ დროს შესაძლოა მართლაც არ არსებობს ადამაინის თანხმობა სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების ჩატარებაზე, მაგრამ ღონისძიება აშკარად პროპორციულია, ვინაიდან დახმარების დაყოვნება საფრთხეს შეუქმნის პაციენტის ან სხვის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას; პაციენტმა საკუთარი მოქმედებით შეიძლება მიიღოს ან სხვას მიაყენოს მნიშვნელოვანი მატერიალური ზარალი. გარდა ამისა, არანებაყოფლობითი სტაციონარული დახმარების აღმოჩენისას კონსტიტუციის მე-18 მუხლით დადგენილი წესით არსებობს სასამართლო კონტროლის შესაძლებლობა, ისევე როგორც სტაციონარში მოთავსების საჭიროების პერიოდული (სამ თვეში ერთხელ) კონტროლის შესაძლებლობა.
ჩვენი ინტერესის საგანს წარმოადგენს ე.წ. ,,ნებაყოფლობითი” სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების აღმოჩენა ქმედუუნარო პირებთან მიმართებაში. ,,ფსიქიატრიული დახმარების შესახებ” კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტი განსაზღვარვს პირის სტაციონარში ნებაყოფლობით მოთავსების საფუძვლებს. შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნული მუხლის ,,ა” და ,,ბ” პუნქტით გათვალისწინებული გარემოებები ნამდვილად აკმაყოფილებს ნებაყოფლობითობის მოთხოვნებს. კერძოდ, სრულწლოვანი ქმედუნარიანი პაციენტის სტაციონარში მოთავსება ხდება მისი თხოვნით ან ინფორმირებული თანხმობით. ხოლო 16 წლამდე პაციენტის კანონიერი წარმომადგენლის თხოვნითა და ინფორმირებული თანხმობით (გადაწყვეტილების მიღებისას აუცილებელია პაციენტის მონაწილეობა მისი ასაკისა და ფსიქიკური მდგომარეობის გათვალისწინებით).
სტაციონარში მოთავსების ,,ნებაყოფლობითობასთან” არანაირი საერთო არა აქვს ,,ფსიქიატრიული დახმარების შესახებ” კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ” ქვეპუნქტს, რომელიც პირისათვის სტაციონარში მოთავსებას ითვალისწინებს ქმედუუნარო პირის კანონიერი წარმომადგენლის თხოვნით და ინფორმირებული თანხმობით. 16 წლამდე ასაკს მიუღწეველი არასრულწლოვანის შემთხვევისაგან განსხვავებით, სადავო ნორმა არ მოითხოვს სტაციონარში მოთავსებისათვის ქმედუუნარო პირის გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობას. ქმედუუნარო პირს სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარება აღმოეჩინება ერთპიროვნულად მეურვის გადაწყვეტილებით. ამგვრად, ქმედუუნარო პირისათვის თავისუფლების აღკვეთა ხდება მისი ნების მიუხედავად იმ შემთხვევაშიც კი, როცა ქმედუუნარობის სტატუსის მქონე პირი საკმარისად ავტონომიურია იმ გარემოებასთან დაკავშირებით, გასცეს თანხმობა ან უკუაგდოს მის მიმართ თავისუფლების შემზღუდველი ღონისძიების გამოყენებასთან დაკავშირებით.
სადავო ნორმა შესაძლებლობას იძლევა ადამიანს თავისუფლება აღუკვეთონ მისი ნების საწინააღმდეგოდ, კერძო პირის, მეურვის გადაწყვეტილებით. ნორმა არ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთის საკითხთან დაკავშირებით ქმედუუნარო პირის შესაძლებლობას, დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება. აღსანიშნავია, ის გარემოება, რომ კანონმდებელი საბოლოო ჯამში უშვებს იმის შესაძლებლობას, რომ ქმედუუნარო პირს შეიძლება ჰქონდეს მისთვის სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების მეშვეობით თავისუფლების შეზღუდვის ღონისძიების გაცნობიერების უნარი. კერძოდ, ,,ფსიქიატრიული დახმარების შესახებ” კანონის მე-17 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სტაციონარში ნებაყოფლობითი მკურნალობისათვის მოთავსებული პაციენტის გაწერა ხდება: ქმედუუნარო პაციენტის კანონიერი წარმომადგენელის მოთხოვნით. ამ დროს გადაწყვეტილების მიღებისას აუცილებელია პაციენტის მონაწილეობა მისი ფსიქიკური მდგომარეობის გათვალისწინებით.
ამგვარად, პაციენტი მონაწილეობა აუცილებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც მისთვის თავისუფლების უფლების შემზღუდველი ისეთი ღონისძიების შეწყვეტა ხდება, როგორიცაა სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარება. მაგრამ პაციენტს არა აქვს შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღოს მის მიმართ იმავე ღონისძიების გამოყენებაში. კანონმდებლის ამგვარი მიდგომა სრულიად არალოგიკურია. ვინაიდან თუკი ამოვალთ ინსტიტუციური ქმედუუნარობის მიდგომიდან და ვიტყვით იმას, რომ ქმედუუნარო პირს არ გააჩნია გაცნობიერებული ნების გამოხატვის ცხოვრების რაიმე სფეროში და ამის გამო ის ვერც ვერანაირი გადაწყვეტილების მიღების პროცესში ვერ მიიღებს მონაწილეობას, მისთვის თავისუფლების აღკვეთასთან გათანაბრებული სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების აღმოჩენის ჩათვლით, მაშინ გაუგებარია კანონმდებლის პოზიცია, რატომ აძლევს ქმედუუნარო პირს, მისი ფსიქიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, იმის შესაძლებლობას, მონაწილეობა მიიღოს იმ ღონისძიების დამთავრების პროცესში, რომლის დაწყების შესახებ მისთვის აზრი არავის არ უკითხავს.
სადავო ნორმასთან კავშირში ვერნაირად ვერ იქნება წაკითხული ქმედუუნარო პირისათვის სტაციონარიდან გაწერის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში მისი მონაწილეობის შესაძლებლობა. ,,ფსიქიატრიული დახმარების შესახებ” კანონის მე-17 მუხლის მე-3 პუნქტის ,,გ” ქვეპუნქტით ქმედუუნარო პირს დამოუკიდებლად არა აქვს შესაძლებლობა, ბოლო მოუღოს მის მიმართ სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების აღმოჩენას. ამის თაობაზე გადამწყვეტია კანონიერი წარმომადგენელის ნება, რომელსაც მე-17 მუხლის მე-3 პუნქტის ,,გ” შესაბამისად, ქმედუუნარო პირი ან ეთანხმება ან უარყოფს. მაგრამ ქმედუუნარო პირს თავისი კანონიერი წარმომადგენელისაგან დამოუკიდებლად, მით უმეტეს მისი ნების საწინააღმდეგოდ, არ შეუძლია მოითხოვოს სტაციონარიდან გაწერა. ამგვარად, ქმედუუნარო პაციენტის ნება, არ იქნას მოთავსებული სტაციონარში თავისი სურვილის საწინააღმდეგოდ, ვერ იქნება ,,ფსიქიატრიული დახმარების შესახებ” კანონის მე-17 მუხლის მე-3 პუნქტის ,,გ” ქვეპუნტით ამგვარი პირისათვის მინიჭებული, სტაციონარიდან გაწერისას გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობის უფლებამოსილებიდან გამომდინარე. სტაციონარში პირი თავსდება კანონიერი წარმომადგენელის თანხმობის საფუძველზე, შესაბამისად, ქმედუუნარო პირი ამ დროს ვერ გამოიყენებს იმ უფლებამოსილებას (სტაციონარიდან გაწერისას გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობის უფლებამოსილებას), რომლის განხორციელებაც დამოკიდებულია თავად კანონიერი წარმომადგენელის ნებაზე (ქმედუუნარო პირი ვერ მოითხოვს სტაციონარიდან გაწერას კანონიერი წარმომადგენელის თანხმობის არ არსებობის შემთხვევაში).
სადავო ნორმა შორს დგას იმ შემთხვევისაგან, როდესაც ადამიანი შეიძლება თანხმობას გამოთქვამდეს სტაციონაში მოთავსებასთან დაკავშირებით. კანონიერი წარმომადგენელის თანხმობით ე.წ. ,,ნებაყოფლობითი სტაციონარული დახმარების” აღმოჩენისას შეიძლება არსებობდეს შემდეგი გარემოება:
1.ადამიანის ფსიქიკური მდგომარეობის, ცნობიერების იმ ხარისხით დაქვეითება, არ იძლევა მის მიერ სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების არსის სათანადოდ გააზრების და ნების გამოხატვის შესაძლებლობას. ასეთ შემთხვევაში პაციენტის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე გადაწყვეტილებას ბუნებრივია უნდა იღებდეს პაციენტის კანონიერი წარმომადგენელი. ასეთ შემთხვევაში ადამიანისათვის თავისუფლების აღკვეთა, რაც მის საუკეთესო ინტერესებს შეიძლება ემსახურებოდეს, შესაძლოა არც ჩაითვალოს თავისუფლების შეზღუდვად.
2. ფსიქიკური პრობლემების, ცხოვრების განსაზღვრულ სფეროში დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღების უნარის არ არსებობის მიუხედავად, ადამიანს იმ დონეზე მაინც შენარჩუნებული აქვს ავტონომიურობა, რომ თუნდაც სათანადო დახმარების მეშვეობით გაიზაროს სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების არსი და გამოხატოს ნება აღნიშნულ სახის დახმარების მიღებასთან დაკავშირებით. ასეთ შემთხვევაში თავისუფლების შეზღუდვა, სულ მცირე, ვერ იქნება ,,ნებაყოფლობითი,” ვინაიდან იმ პირის ნების მიუხედავად, ხშირად მისი ნების საწინააღმდეგოდ ხდება, ვისაც ნებაყოფლობით ფსიქიატრიულ დახმარებას აღმოუჩენენ.
ადამაინის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე შტუკატუროვი რუსეთის წინააღმდეგ მიღებულ გადაწყვეტილებაში განაცხადა: ,,განმცხადებელი სამართლებრივად მოკლებული იყო შესაძლებლობას, გამოეხატა თავისი აზრი. სასამართლო აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, მოკლებულია შესაძლებლობას, გაიზიაროს მთავრობის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ ქმედუუნარო პირის თანხმობა, დარჩენილიყო საავადმყოფოში ივარაუდებოდა იმის გამო, რომ საავადმყოფოში მისი მოთავსების გადაწყვეტილება მიიღო მისმა მეურვემ.”
აღსანიშნავია, რომ ევროპული სასამართლოს მოსაზრებების საწინააღმდეგოდ შტუკატუროვის საქმეში მოპასუხე რუსეთის მთავრობის პოზციის მსგავსია სადავო ნორმით დადგენილი ქმედუუნარო პირის ,,ნებაყოფლობითი” სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების ინსტიტუტი. შესაძლოა ქმედუუნარო პირი წინააღმდეგობას უწევდეს მისი მერუვის გადაწყვეტილებას სტაციონარში მოთავსებასთან დაკავშირებით, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ ქმედუუნარობის სტატუსის გამო კანონმდებელმა პირის სტაციონარში მოთავსება მიიჩნიოს ,,ნებაყოფლობითად,” თავისუფლებააშეზღუდული პირის ,,თანხმობით” გამოხატულად. ამგვარი მიდგომა არ შეესაბამება თავისუფლების უფლებაში ჩარევასთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომას, ვინაიდან პირის დე-იურე ქმედუუნარობა ავტომატურად არ გულისხმობს, იმას, რომ პირს დე-ფაქტო არა აქვს უნარი მიიღოს გადაწყვეტილება სტაციონარში მის მოთავსებასთან დაკავშირებით.
როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული მკურნალობა (რაც სხვა არაფერია თუ არა ქმედუნარიანი პირის სტაციონარული ფსიქიატრიული მკურნალობა), ხორციელდება სასამართლო კონტროლის გზით ,,ფსიქიატრიული დახმარების შესახებ” კანონის მე-18 და მე-19 მუხლების, ასევე საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. რაც შეეხება ქმედუუნარო პირის შემთხვევას, როგორც ავღნიშნეთ, არასწორია ამ შემთხვევის ნებაყოფლობითად განხილვა, ვინაიდან კანონმდებლობით არ მოითხოვება პაციენტის მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში, მაშინაც კი როცა მისი ფსიქიკური მდგომარეობა ამის შესაძლებლობას იძლევა. აქედან გამომდინარე, მაშინ როდესაც ხდება ადამიანის იძულებით მოთავსება ფსიქიატრიულ დაწესებულებაში განსაზღვრული, ხანგრძლივი ან თუნდაც განუსაზღვრელი ვადით (სადავო ნორმის შემთხვევაში საქმე გვაქვს სწორედაც, რომ განუსაზღვრლი ვადით პირის სტაციონარში მოთავსებასთან, ვინაიდან პაციენტის გამოწერა დამოკიდებულია ექიმ-ფსიქიატრთა სამედიცინო დასკვნაზე ან მეურვის ნებაზე), იმისათვის, რომ ეს ღონისძიება არ იყოს თვითნებური, საჭიროა თავისუფლების შეზღუდვაზე სასამართლო კონტროლის არსებობა. საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტი იმპერატიულად ადგენს, თავისუფლების აღკვეთა ან პირადი თავისუფლების სხვაგვარი შეზღუდვა დაუშვებელია სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე შტუკატუროვი რუსეთის წინააღმდეგ განაცხადა, რომ მეხსიერებადაკარგული პირის ფსიქიატრიულ ინსტიტუციაში იძულებითი მოთავსება განსაზღვრული ან ხანგრძლივი ვადით, პრინციპულად, რაღაც დონეზე წარმოშობს გონივრული ინტერვალით სასამართლო ხელისუფლების განმახორციელებელი ორგანოს ავტომატური პერიოდული კონტროლის უფლებას.
სასამართლო იზიარებს იმას, რომ სასამართლო კონტროლის ფორმა სხვადასხვა ადგილას შესაძლოა განსხვავებული იყოს, რაც დამოკიდებულია, თავისუფლების აღკვეთის ხასიათზე. სასამართლოს უფლებამოსილებას არ წარმოადგენს ამა თუ იმ სფეროში როგორი სასამართლო კონტროლის სისტემა იქნებოდა საუკეთესო და შესაბამისი.
მიუხედავად ამისა, ქმედუუნარო პირების ნებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების აღმოჩენის თაობაზე კანონიერი წარმომადგენელის გადაწყვეტილება არ არის სასამართლო კონტროლის საგანი. სასამართლო რაიმე ფორმით ან დროის რაიმე მონაკვეთში არ არის ჩართული სტაციონარში მოთავსების გზით პირისათვის თავისუფლების შეზღუდვის საკითხის გადაწყვეტაში.
უნდა აღინიშნოს, რომ ქმედუუნარო პირების სტაციონარში მოთავსების შემთხვევაში არათუ ავტომატური სასამართლო კონტროლის შესაძლებლობა არსებობს, აღნიშნული საკითხი თეორიულადაც კი შეუძლებელია სასამართლო განხილვის საგნად იქცეს. ქმედუუნარო პირი კანონიერი წარმომადგენელისაგან გარეშე მოკლებულია სასამართლოსათვის მიმართვის შესაძლებლობას (ამ შემთხვევაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევა არარელევანტურია. ეს უკანასკნელი ეხება იმ გარემოებას, როდესაც სასამართლოს მიმართავს ის ქმედუუნარო პირი, რომელსაც ჯერ კიდევ არ ჰყავს დანიშნული კანონიერი წარმომადგენელი. სადავო ნორმა კი ეხება ქმედუუნარო პირს, რომელსაც ჰყვას კანონიერი წარმომადგენელი. სხვაგვარად, ქმედუუნარო პირი სტაციონარში ვერც მოხვდება). პირის ინტერესებს სასამართლოში წარმოადგენს მისი მეურვე. ბუნებრივია, მეურვე სასამართლოში ვერ გაასაჩივრებს საკუთარ გადაწყვეტილებას ქმედუუნარო პირისათვის ნებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების აღმოჩენის თაობაზე. ასე, რომ კანონმდებლობა არ ითვალისწინებს სტაციონარში ქმედუუნარო პირის თავისუფლების შეზღუდვის დაცვის რაიმე სახის პროცედურულ გარანტიებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიგვიაჩნია, რომ ,,ფსიქიატრიული დახმარების შესახებ” კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ” ქვეპუნქტი წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონტიტუციის მე-18 მუხლის პირველ და მეორე პუნქტებთან.
8)ინფორმაცია ფსიქიატრიული დახმარების თაობაზე
,,ფსიქიატრიული დახმარების შესახებ” კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ” ქვეპუნქტის შესაბამისად, თუ პირი ქმედუუნაროა მის ნაცვლად, ქმედუუნარო პირის დაავადებისა და განზრახული ფსიქიატრიული დახმარების შესახებ ინფორმაცია მიეწოდება პაციენტის წარმომადგენელს, ხოლო მისი არ არსებობს შემთხვევაში მის ნათესავას.
ამგვარად, პაციენტი მოკლებულია შესაძლებლობას, მიიღოს ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მის შესახებ არსებული ინფორმაცია. კანონი კვლავაც არ აკეთებს დიფერენცირებას და არ გამოჰყოფს იმ ქმედუუნარო პირებს, რომლებსაც მათი ფსიქიკური მდგომარეობის გათვალისწინებით აქვთ შესაძლებლობა, აღიქვან აღნიშნული ინფორმაცია.
როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, ,,ფსიქიატრიული დახმარების შესახებ” კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტის თანახმად, ქმედუუნარო პირის ფსიქიატრიული მკურნალობის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს კანონიერი წარმომადგენელი, თუმცა ქმედუუნარო პირი მონაწილეობს მკურნალობის ჩატარების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში. მაშინ როდესაც ქმედუუნარო პირს არ ეცნობება იმ დაავადებისა და განზრახული ფსიქიატრიული დახმარების შესახებ, შეუძლებელი გახდება, ისარგებლოს ,,ფსიქიატრიული დახმარების შესახებ” კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილებით, მიიღოს ინფორმირებული გადაწყვეტილება თავის ფსიქიატრიულ მკურნალობაზე უართან დაკავშირებით.
აღსანიშანავია, რომ სადავო ნორმაში მოცემული ინფორმაციის ტიპი ფსიქიატრიულ დახმარებაზე ინფორმირებული თანხმობის მიღების საფუძველს წარმოადგენს. ,,ფსიქიატრიული დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ,,კ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ინფორმირებული თანხმობა განიმარტება, როგორც მისთვის დაავადებისა და სამედიცინო ჩარევის შესახებ სრული, ობიექტური, დროული და გასაგები ინფორმაციის მიწოდება. ამავე კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ინფორმირებული თანხმობა ფსიქიატრიული დახმარების აღმოჩენის საფუძველს წარმოადგენს.
ამგვარად იმისათვის, რომ ადამიანმა გადაწყვეტილება მიიღოს მისთვის აღმოსაჩენ ფსიქიატრიულ დახმარებაზე, საჭიროა მან სრული, ობიექტური, დროული და გასაგები ინფორმაცია მიიღოს დაავადების და განზრახული ფსიქიატრიული დახმარების თაობაზე. ამის გარეშე, ადამიანი, მათ შორის ქმედუუნარო პირი, მოკლებული იქნება შესაძლებლობას, სათანადოდ განახორციელოს მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება, მონაწილეობა მიიღოს მისთვის ფსიქიატრიულ დახმარების აღმოჩენის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
,,ქმედუუნარო სრულწლოვანების სამართლებრივი დაცვის თაობაზე პრინციპების” 1999 წლის 23 თებერვალის ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის #R(99)4 რეკომენდაციის 22-ე პრინციპის პირველი პუნქტის შესაბამისად, დაცვის სპეციალურ ღონისძიებას დაქვემდებარებულმა სრულწლოვანმა პირმა სამედიცინო სფეროში ჩარევასთან დაკავშირებით უნდა გასცეს ინფორმირებული თანხმობა. აღნიშნული ნორმა მიუთითებს იმის თაობაზე, რომ სამედიცინო ჩარევამდე ქმედუუნარო სრულწლოვანს უნდა მიეწოდოს სრული, ობიექტური და გასაგები ინფორმაცია მათ შორის დაავადებისა და სამედიცინო ჩარევის აუცილებლობის თაობაზე. აქ საუბარია თავად სრულწლოვან ქმედუუნარო პირზე და არა მის მეურვეზე. როგორც ვთქვით, ნებისმიერი ტიპის სამედიცინო ჩარევასთან დაკავშირებით აღნიშნული რეკომენდაცია აუცილებლად მიიჩნევს თავად ქმედუუნარო პირის ნების გამოვლენას.
სადავო ნორმა წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 16-ე მუხლთან, რომლითაც გათვალისწინებულია საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება. იმ დროს როცა ქმედუუნარო პირს უარს ეუბნებიან მის ჯანმრთელობასთან (პიროვნული უფლების შემადგენელი ნაწილი) დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდებაზე, ადამიანი, განსაკუთრებით კი სპეციალურ საჭიროებებს დაქვემდებარებული პირი, ვარდება უსუსრ მდგომარეობაში, რაც შეუძლებელს ხდის ადამიანის მიერ საკუთარ პიროვნებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებაში სათანადო მონაწილეობის მიღების შესაძლებლობას.
გარდა ამისა, სადავო ნორმა წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლთან, რომლითაც გარანტირებულია ადამიანის უფლება, თავისუფლად მიიღოს ინფორმაცია. ისევე როგორც საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველი ნაწილს, სადაც აღნიშნულია: ,,საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს კანონით დადგენილი წესით გაეცნოს სახელმწიფო დაწესებულებებში მასზე არსებულ ინფორმაციას”
აქვე საინტერესოა იმ ასპექტების განხილვა თუ რით განსხვავდება საქართველოს კონსტიტუციის 24-ე და 41-ე მუხლით დაცული სფერო და როგორ მიმართებაშია სადავო ნორმა, როგორც კონსტიტუციის 24-ე, ისე 41-ე მუხლთან.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეში საქართველოს სახალხო დამცველი და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ მიღებულ გადაწყვეტილებაში განაცხადა, საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლისაგან განსხვავებით, რომლითაც გარანტირებულია ინფორმაციის მიღება საყოველთაოდ ხელმისაწვდომი წყაროდან, 41-ე მუხლის ცენტრშია სახელმწიფო დაწესებულებაში არსებული ინფორმაცია.
სადავო ნორმასთან მიმართებაში საუბარი შეიძლება იყოს ინფორმაციაზე, რომელიც დაცულია ფსიქიატრიულ დაწესებულებაში. ფსიქიატრიული დაწესებულება თავისი მხრივ, შესაძლოა იყოს სახელმწიფო დაწესებულება (საჯარო სამართლის იურიდიული პირი), ისევე კერძო დაწესებულება. როდესაც საუბარია სახელმწიფო ფსიქიატრიულ დაწესებულებაში დაცულ ინფორმაციაზე, გამოყენებული უნდა იყოს საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლი, ხოლო როდესაც ინფორმაცია შეეხება კერძო ფსიქიატრიულ დაწესებულებას, გამოიყენება საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველი და მეოთხე პუნქტით.
9)გამონაკლისი არაჰუმანური მოპყრობის აბსოლუტური აკრძალვიდან
,,ფსიქიატრიული დახმარების შესახებ” კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, პაციენტს უფლება აქვს, ისარგებლოს ჰუმანური მოპყრობით, რომელიც გამორიცხავს მისი ღირსების შემლახავ ყოველგვარ მოქმედებას.” ამგვარად, აღნიშნული ნორმა იცავს ადამიანს ფსიქიატრიული დახმარების აღმოჩენისას არაჰუმანური და ღირსების შემლახავი მოპყრობისაგან.
,,ფსიქიატრიული დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 მუხლი ეხება პაციენტისათვის სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების აღმოჩენის საკითხს. აღნიშნული მუხლის მე-2 პუნქტი აკეთებს იმ უფლებების ჩამონათვალს, რაც გააჩნია სტაციონარში მოთავსებულ პირს. ,,ფსიქიატრიული დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ი” ქვეპუნქტის შესაბამისად, სტაციონარში მოთავსებულ პაციენტს: ,,ისარგებლოს ამ კანონის მე-5 მუხლით განსაზღვრული სხვა უფლებებით.”
,,ფსიქიატრიული დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად: ,,ექიმს უფლება აქვს, გამონაკლის შემთხვევაში, უსაფრთხოების მიზნით შეზღუდოს პაციენტის ზემოთ აღნიშნული უფლებები, რაც ფიქსირდება სამედიცინო დოკუმენტაციაში.”
ამგვარად, სადავო მე-15 მუხლის მე-3 პუნქტი ამავე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ი” ქვეპუნქტის შესაბამისად, შესაძლებლობას აძლევს ექიმს გამონალის შემთხვევაში, უსაფრთხოების მიზნით, სხვა უფლებებთან ერთად შეზღუდოს ,,ფსიქიატრიული დახმარების შესახებ” კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტით გარანტირებული ჰუმანური და ღირსების შემლახავი მოპყრობისაგან დაცვის უფლება.
ადამაინის უფლებათა ევროპულმა სასამართლოს დიდმა პალატამ 2010 წლის 1 ივნისს საქმეზე გაფგენი გერმანიის წინააღმდეგ საქმეში გამოტანილ გადაწყვეტილებაში კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ კონვენციის მე-3 მუხლი შეიცავს დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთ ყველაზე ფუნდამენტურ ფასეულობას. კონვენციის სხვა დებულებებისაგან განსხვავებით, მე-3 მუხლი არ შეიცავს რაიმე ნებადართულ გამონაკლისს ან გადახვევას მათ შორის კონვენციის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაშიც კი, როდესაც საგანგებო ვითარების გამო ერის სიცოცხლე საფრთხეშია. სასამართლო ადასტურებს, რომ ისეთ ძალიან რთულ ვითარებაშიც კი, როგორიცაა ტერორიზმისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, შესაბამისი პირის ქცევის მიუხედავად კონვენცია აბსოლუტურად კრძალავს წამებას, არაჰუმანურ და დამამცირებელ მოპყრობას ან დასჯას. ადამიანის მიერ სავარაუდოდ ჩადენილი სამართალდარღვევის სახეს არავითარი მნიშვნელობა არ გააჩნია მე-3 მუხლით დადგენილი მიზნებისათვის.
კონსტიტუციის მე-17 მუხლით ჰუმანური და ღირსების შემლახავი მოპყრობისაგან დაცვის უფლება აბსოლიტურია. ეს უკანასკნელი გულისხმობს იმას, რომ აღნიშნული უფლება შეუზღუდავია. სხვა კონსტიტუციური უფლებებისაგან განსხვავებით არ არსებობს რაიმე გამონაკლისი, რაც გაამართლებს აღნიშნული უფლების შეზღუდვას. საქართველოს კონსტიტუციის 46-ე მუხლის პირველი პუნქტი შეიცავს იმ კონსტიტუციური უფლებების ჩამონათვალს, რომელთა შეზღუდვა საქართველოს პრეზიდენტსა და პარლამენტს აქვს საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს. მათ შორის არ გვხდება კონსტიტუციის მე-17 მუხლი, რაც ამ მუხლით აღიარებული უფლების დაცვის აბსოლუტურ ხასიათზე მიუთითებს.
სადავო ნორმამ გაითვალისწინა გამონაკლისი შემთხვევა, უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიღწევის ლეგიტიმური მიზანი, რომლითაც სადავო ნორმა ამართლებს არაჰუმანურ და ღირსების შემლხავი მოპყრობის აკრძალვის უფლების შეზღუდვას. ეს გარემოება სადავო ნორმას ცალსახად არაკონსტიტუციურად ხდის.
რა თქმა უნდა, ფსიქიატრიული დაწესებულების უსაფრთხოების ლეგიტიმური მიზანი არის იმის საფუძველი, რომ ექიმმა განახორციელოს სათანადო შემზღუდველი ღონისძიებები. მიუხედავად ამისა, აღნიშნული ღონისძიების სიმკაცრის ინტენსივობა არ უნდა აღწევდეს იმ ზღვარს, როცა კონკრეტული შემზღუდველი ქმედება მიჩნეული იქნება არაჰუმანურ და ღირსების შემლახავ მოპყრობად.
2009 წლის 10 ნოემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ თავის #1/3/421,422 გადაწყვეტილებაში საქმეზე გიორგი ყიფიანი და ავთანდილ უნგიაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, ერთი ნორმა მეორე ნორმასთან ერთად წაკითხვის კონტექსტში არაკონსტიტუციურად სცნო.
მიგვაჩნია, რომ ,,ფსიქიატრიული დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტი იმ ნაწილში, რაც შეეხება ამავე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ი” ქვეპუნქტს და ამავე კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტს წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ და მეორე პუნქტებთან
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა