საქართველოს მოქალაქეები - ირაკლი ქემოკლიძე და დავით ხარაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N2/3/532,533 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ოთარ სიჭინავა, ლალი ფაფიაშვილი, ზაზა თავაძე, თამაზ ცაბუტაშვილი, |
თარიღი | 1 მარტი 2013 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ზაზა თავაძე – სხდომის თავმჯდომარე;
ოთარ სიჭინავა – წევრი;
ლალი ფაფიაშვილი – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
თამაზ ცაბუტაშვილი - წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქეები ირაკლი ქემოკლიძე და დავით ხარაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: 1) №532 კონსტიტუციურ სარჩელზე: ა) საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-12 მუხლის მე-5 ნაწილის სიტყვის ,,ჭკუასუსტობის”, ამავე მუხლის მე-6 ნაწილის, 58-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების: ,,სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ აღიარებული პირის ნების გამოვლენა”, 1289-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების ,,დაიცვან მისი უფლებები და ინტერესები”, 1290-ე მუხლის, 1293-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის მე-5 ნაწილის სიტყვების: ,,აგრეთვე ქმედუუნაროდ ცნობილ მოქალაქეთა”, 323-ე მუხლის მე-2 ნაწილის სიტყვების ,,რის გამოც მას არ შეუძლია შეიგნოს თავისი მოქმედების მნიშვნელობა ან განაგოს იგი,”, ამავე კანონის 327-ე მუხლის მე-2 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14, მე-16, 39-ე მუხლებთან და 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. ბ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1120-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ე” ქვეპუნქტის სიტყვების ,,ან ჭკუასუსტობის”, კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 და 36-ე მუხლებთან მიმართებით.
2). №533 კონსტიტუციურ სარჩელზე: ა) საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-12 მუხლის მე-5 ნაწილის სიტყვების ,,ან სულით ავადმყოფობის”, ამავე მუხლის მე-6 ნაწილის, 58-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების ,,სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ აღიარებული პირის ნების გამოვლენა”, 1289-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების: ,,დაიცვან მისი უფლებები და ინტერესები”, 1290-ე მუხლის, 1292-ე მუხლის, 1293-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის მე-5 ნაწილის სიტყვების: ,,აგრეთვე ქმედუუნაროდ ცნობილ მოქალაქეთა”, 323-ე მუხლის მე-2 ნაწილის სიტყვების ,,რის გამოც მას არ შეუძლია შეიგნოს თავისი მოქმედების მნიშვნელობა ან განაგოს იგი,” ამავე კანონის 327-ე მუხლის მე-2 ნაწილის, “ფსიაქიატრიული დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის “თ” ქვეპუნქტის სიტყვების “და კერძო-სამართლებრივ ურთიერთობებში”, მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის სიტყვების “თუ ექიმ-ფსიქიატრთა კომისია მიიჩნევს, რომ პაციენტს ფსიქიკური აშლილობის გამო არ შეუძლია განაგოს თავისი მოქმედება და შეიგნოს მისი მნიშვნელობა” კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14, მე-16, 39-ე მუხლებთან და 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. ბ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1120-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ე” ქვეპუნქტის სიტყვების ,,სულით ავადმყოფობის”, კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 და 36-ე მუხლებთან მიმართებით. გ) “ფსიქიატრიული დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის “გ” ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით. დ) “ფსიქიატრიული დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის “გ” ქვეპუნქტის სიტყვის “ქმედუუნაროა” კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან, 24-ე და 41-ე მუხლების პირველ პუნქტებთან მიმართებით. ე) “ფსიქიატრიული დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტის, ამავე კანონის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის “ი” ქვეპუნქტისა და მე-3 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით. ზ) “ფსიქიატრიული დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის სიტყვის “ქმედუუნარო” და ამავე კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის სიტყვების “ქმედუუნარობის შემთხვევაში” კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 27 ივნისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №532) მომართა საქართველოს მოქალაქე ირაკლი ქემოკლიძემ. №532 კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადმოეცა 2012 წლის 2 ივლისს.
2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 27 ივნისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №533) მომართა საქართველოს მოქალაქე დავით ხარაძემ. №533 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისა და მისი №532 კონსტიტუციურ სარჩელთან გაერთიანების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადმოეცა 2012 წლის 2 ივლისს.
3. №532 და №533 კონსტიტუციური სარჩელების არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა ზეპირი მოსმენის გარეშე გაიმართა 2013 წლის პირველ მარტს.
4. №532 კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის საფუძველია საქართველოს კონსტიტუციის 42–ე მუხლის პირველი პუნქტი და 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–15 და მე–16 მუხლები.
5. №533 კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის საფუძველია საქართველოს კონსტიტუციის 42–ე მუხლის პირველი პუნქტი და 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–15 და მე–16 მუხლები.
6. №532 და №533 კონსტიტუციურ სარჩელებში მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის რიგ ნორმებს, რომლებიც არეგულირებენ სასამართლოს მიერ პირის ქმედუუნაროდ აღიარებასთან დაკავშირებულ პროცედურებს, მეურვის და მზრუნველის უფლება-მოვალეობებსა და ქმედუუნაროდ აღიარებულ პირთან დაკავშირებულ საკითხებს. კერძოდ, სადავო ნორმების თანახმად, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ განსაზღვრული მეურვე და მზრუნველი, რომელიც ინიშნება პირის კანონიერ წარმომადგენლად, განსაკუთრებული წარმომადგენლობის გარეშე წარმოადგენს სამეურვეო/ სამზრუნველო პირს მესამე პირებთან ურთიერთობაში, მათ შორის სასამართლოში, ასევე, ამ პირის სახელითა და მისი ინტერესებიდან გამომდინარე, დებს ყველა აუცილებელ გარიგებას. გარდა ამისა, სადავო ნორმების მიხედვით, სულით ავადმყოფობის ან ჭკუასუსტობის გამო, სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილ პირს ეკრძალება დაქორწინება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით.
7. №533 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე დამატებით სადავოდ ხდის “ფსიქიატრიული დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მთელ რიგ ნორმებს, რომლებიც არეგულირებენ ქმედუუნარო პაციენტის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოთავსების, მკურნალობის პროცედურებს და განსაზღვრავენ მის უფლება-მოვალეობებს.
8. №532 კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია, რომ 2008 წლის 7 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ ქმედუუნაროდ ცნო ირაკლი ქემოკლიძე, დაბადებული 1989 წლის 26 იანვარს და მის მეურვედ დაინიშნა მაია ასაკაშვილი. საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შემოტანილია ირაკლი ქემოკლიძის სახელით, ხოლო მის სასარგებლოდ ყველა საპროცესო ღონისძიებას საკონსტიტუციო სასამართლოში ახორციელებს მისი მეურვე.
9. №533 კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 25 აგვისტოს გადაწყვეტილებით (საქმე №2/7968-06) მოსარჩელე დავით ხარაძე აღიარებულ იქნა ქმედუუნაროდ და მის მეურვედ დაინიშნა თეიმურაზ ხარაძე.
10. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმების საფუძველზე, გონებრივი ჩამორჩენილობისა და სულით ავადმყოფობის მქონე პირებს სრულად ეკრძალებათ ისარგებლონ სამოქალაქო უფლებებით. მოსარჩელის მტკიცებით, კანონმდებლობა არ ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ, უმეტეს შემთხვევაში, გონებრივი ჩამორჩენილობისა და სულიერი აშლილობის მქონე პირებს, მართალია, არ შეუძლიათ გადაწყვეტილება მიიღონ გარკვეულ საკითხთან მიმართებით, თუმცა ისინი სრულად არ კარგავენ უნარს, სათანადოდ აღიქვან და ნათლად გამოხატონ თავიანთი ნება კონკრეტულ სამოქალაქო ურთიერთობებთან დაკავშირებით.
11. მოსარჩელე მხარის აზრით, კანონმდებელმა არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ თავად გონებრივი ჩამორჩენილობისა და სულიერი აშლილობის მქონე პირებს შორის არის არსებითი განსხვავება, კერძოდ, მაღალი ხარისხის გონებრივი ჩამორჩენილობის ან განგრძობადი შიზოფრენიის შემთხვევაში, შესაძლებელია, ადამიანი მოკლებული იყოს გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას ყველა საკითხთან დაკავშირებით სამუდამოდ, შესაბამისად, გამართლებულია სამეურვეო პირის ნების მთლიანად ჩანაცვლება მეურვის/მზრუნველის ნებით, მაგრამ სხვა კატეგორიის გონებრივი ჩამორჩენილობისა და სულიერი აშლილობის შემთხვევაში, შესაძლოა, ადამიანები ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით ინარჩუნებდნენ გადაწყვეტილების მიღების უნარს. სადავო ნორმები არ ითვალისწინებს ამგვარ განსხვავებას და გონებრივი ჩამორჩენილობისა და სულიერი აშლილობის ნებისმიერი ხარისხის მქონე პირს, ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინების გარეშე, ართმევენ ყველა გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარს, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას.
12. კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი კრძალავს გონებრივი ჩამორჩენილობისა და სულიერი აშლილობის გამო შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით დისკრიმინაციას. სადავო ნორმები ადგენს დიფერენცირებულ მოპყრობას ერთი მხრივ გონებრივად ჩამორჩენილ და სულიერი აშლილობის ქმედუუნარო სტატუსის მქონე სრულწლოვან პირებსა და სხვა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს შორის და მეორე მხრივ, გონებრივი ჩამორჩენილობისა და სულიერი აშლილობის მქონე ქმედუუნარო სტატუსის მატარებელ პირებსა და იმ პირებს შორის, რომელთაც აქვთ გონებრივი ჩამორჩენილობა ან სულიერი აშლილობა, მაგრამ არ მომხდარა მათი ქმედუუნაროდ აღიარება სასამართლოს მიერ. შესაბამისად, სადავო ნორმები ადგენენ განსხვავებულ მოპყრობას ორი ნიშნის საფუძველზე: გონებრივი ჩამორჩენილობისა და სულიერი აშლილობის გამო შესაძლებლობის შეზღუდვა და ქმედუუნარო პირის სტატუსი. მოსარჩელის მითითებით, სადავო ნორმების არსებული რედაქციის თანახმად, ქმედუუნარობის სტატუსის მინიჭებით, პირს ეკრძალება გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღება ცხოვრების ყველა სფეროში, რაც წარმოადგენს გაუმართლებელ ჩარევას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით დაცულ სფეროში. ამასთანავე, მოსარჩელის აზრით, განსხვავებული მოპყრობა გამართლებული იქნება იმ შემთხვევაში, თუ დიფერენციაცია მოხდება მხოლოდ იმ სფეროში და იმ საკითხთან დაკავშირებით, სადაც ადამიანი ნამდვილად მოკლებულია გადაწყვეტილების მიღების უნარს, რაც ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ უნდა დადგინდეს. აქედან გამომდინარე, სადავო ნორმები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით გარანტირებულ კანონის წინაშე თანასწორობის უფლებას.
13. მოსარჩელე მხარის მტკიცებით, სადავო ნორმები ასევე წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან, რომელიც განამტკიცებს ადამიანის უფლებას, დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება საკუთარი ცხოვრების ყველა სფეროსთან დაკავშირებით და განამტკიცებს პიროვნული თვითგამორკვევისა და ავტონომიურობის პრინციპებს. მოსარჩელის აზრით, სადავო ნორმები აღნიშნული პრინციპების საწინააღმდეგოდ ახდენენ ადამიანის პიროვნების განვითარების უფლებაში ჩარევას იმით, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესიდან ქმედუუნაროდ აღიარებული პირის სრული გამორიცხვით, მის ნებას ანაცვალებენ მეურვის/მზრუნველის ნებით. გადაწყვეტილება მიღებული უნდა იქნეს სამეურვეო პირის ინტერესების შესაბამისად. ამ პრინციპებს იზიარებს სადავო ნორმებიც, თუმცა, მიუხედავად ამისა, აღნიშნული ნორმებიდან ბუნდოვანია ის, თუ რა იგულისხმება სამეურვეო პირის ინტერესებში. სადავო ნორმები შესაძლებლობას აძლევს მეურვეს, სამეურვეო პირის ინტერესები განსაზღვროს სუბიექტურად, სამეურვეო პირის ავტონომიურობისათვის გვერდის ავლით და თვით მისი სურვილისა და ნების წინააღმდეგაც კი. ეს უკანასკნელი კი საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლის დარღვევას წარმოადგენს. მოსარჩელის აზრით, სადავო ნორმები ბუნდოვანია და არ განსაზღვრავს ტერმინ ,,სამეურვეო პირის ინტერესის” არსს. აღნიშნული ტერმინის განმარტებისას, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული კონსტიტუციის მე-16 მუხლით დადგენილი ავტონომიურობისა და ინდივიდის პიროვნული თვითგამორკვევის უფლება. კერძოდ, როდესაც მეურვე განსაზღვრავს სამეურვეო პირის ინტერესებს, გათვალისწინებულ უნდა იქნეს სამეურვეო პირის ამჟამინდელი და წარსული ნება და სურვილები. გონებრივი ჩამორჩენილობისა და სულიერი აშლილობის მქონე პირს შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს, მთელ რიგ შემთხვევებში, მონაწილეობა მიიღოს გადაწყვეტილების მიღების პროცესში და ამისათვის განივითაროს სათანადო უნარები, რათა ადამიანის ძირითად თავისუფლებაში ჩარევა განხორციელდეს ნაკლებად შემზღუდველი ღონისძიებებით. აქედან გამომდინარე, სადავო ნორმები წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან.
14. კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია, რომ საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის საფუძველზე, დაცულია ყველა ადამიანის უფლება სამართალსუბიექტურობაზე. აღნიშნული უფლება გარანტირებულია საქართველოსათვის სავალდებულო ძალის მქონე „სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ“ საერთაშორისო პაქტის მე-16 მუხლით, რომლის თანახმად: ,,თითოეულ ადამიანს, სადაც არ უნდა იყოს ის, უფლება აქვს ცნონ მისი სუბიექტობის უფლება”. მოსარჩელის მტკიცებით, სადავო ნორმების არაკონსტიტუციურობა მდგომარეობს იმაში, რომ მათ საფუძველზე ადამიანს ეპყრობიან არა როგორც უფლების მატარებელ ,,სუბიექტს”, არამედ ,,ობიექტს,” რომელსაც მართვა და მოვლა ესაჭიროება. პირის უფლება, კანონის წინაშე აღიარებული იყოს სამართლის სუბიექტად, შესაძლებლობას აძლევს მას, ჰქონდეს სამართლებრივი უფლებები და მოვალეობები. სამართალსუბიექტურობა არ გულისხმობს ყველა შემთხვევაში უფლებების დამოუკიდებლად განხორციელების შესაძლებლობას. კანონმდებლობა უფლებების დამოუკიდებლად განხორციელების თვალსაზრისით, შესაძლებელია, ითვალისწინებდეს გამონაკლისებს მცირეწლოვნებთან, არასრულწლოვნებთან, გონებრივი ჩამორჩენილობის და სულიერი აშლილობის მქონე პირებთან მიმართებაში, თუმცა სადავო ნორმებით გათვალისწინებული ბლანკეტური აკრძალვა არაპროპორციულად ზღუდავს სამართალსუბიექტობის უფლებას. აქედან გამომდინარე, სადავო ნორმები წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციის 39-ე მუხლთან.
15. მოსარჩელის მტკიცებით, სადავო ნორმების საფუძველზე პირს არა აქვს შესაძლებლობა, ისარგებლოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული სასამართლოსადმი მიმართვის უფლებით. სადავო ნორმების არსებული რედაქციის მიხედვით, ქმედუუნაროდ ცნობილი პირის განკურნების ან მისი ჯანმრთელობის მნიშვნელოვნად გაუმჯობესების შემთხვევაში, პირის ქმედუნარიანობის აღსადგენად სასამართლოსადმი მიმართვის უფლება აქვს: მეურვეს/მზრუნველს, ფსიქიატრიულ-სამკურნალო დაწესებულებასა და ოჯახის წევრს. მოსარჩელის აზრით, სადავო ნორმების საფუძველზე შესაძლებელია, ზემოხსენებულმა სუბიექტებმა ბოროტად ისარგებლონ თავიანთი უფლებით და პირს არ მისცენ საშუალება, აღიდგინოს ქმედუნარიანობა. მოსარჩელისთვის ასევე გაუგებარია, თუკი მოხდა პირის განკურნება ან მისი ჯანმრთელობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, რატომ არ უნდა ჰქონდეს მას უფლება, თავად მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს ქმედუნარიანობის აღდგენა. აქედან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმით დადგენილი შეზღუდვა წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან.
16. კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1120-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, პირს ჩამორთმეული აქვს ქორწინების უფლება. მოსარჩელის მითითებით, ზოგადად, გონებრივი ჩამორჩენილობისა და სულიერი აშლილობის მქონე პირის ნების ჩანაცვლება ხდება მეურვის ნებით, თუმცა ქორწინების უფლება წარმოადგენს პერსონალურ უფლებას და მისი სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე, მეურვე ვერ გამოავლენს ქორწინების წარმოშობისთვის აუცილებელ ნებას. მოსარჩელის აზრით, პირებს, რომელთაც სურთ დაქორწინდნენ, უკეთესად შეუძლიათ იმის განსაზღვრა, უნდათ თუ არა ოჯახის შექმნა, ხოლო გონებრივი ჩამორჩენილობისა და სულიერი აშლილობის მქონე პირისთვის აღნიშნული უფლების სრულად ჩამორთმევა არღვევს კონსტიტუციის 36-ე მუხლით გარანტირებულ ქორწინების უფლებას.
17. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ “ფსიქიატრიული დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ქმედუუნარო პირი მოკლებულია შესაძლებლობას, რაიმე ფორმით მონაწილეობა მიიღოს მისთვის ფსიქიატრიული მკურნალობის ჩატარებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რაც არღვევს მისი პიროვნული ავტონომიისა და თვითგამორკვევის პრინციპებს. მოსარჩელის მტკიცებით, სადავო ნორმა სრულად გამორიცხავს პირის მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში, მაშინ როდესაც, ინდივიდუალურ შემთხვევაში, პირს შესაძლებელია გაცნობიერებული ჰქონდეს ფსიქიატრიული მკურნალობის არსი და მასთან დაკავშირებით გამოავლინოს თავისუფალი ნება. მოსარჩელის აზრით, ანალოგიური შეზღუდვაა დაწესებული სადავო კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტთან დაკავშირებით, რომლის თანახმად, ქმედუუნარო პირის ნაცვლად კანონიერი წარმომადგენელი იღებს გადაწყვეტილებას, აირჩიოს ფსიქიატრიული დაწესებულება ამბულატორიული გამოკვლევისთვის და ნებისმიერ ეტაპზე შეწყვიტოს ქმედუუნარო პირის ფსიქიატრიული გამოკვლევა ან/და მკურნალობა. აქედან გამომდინარე, სადავო ნორმები წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან.
18. მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ სტაციონალური ფსიქიატრიული დახმარების შემთხვევაში ხდება პირის მოთავსება სტაციონალურ დაწესებულებაში და მას ეზღუდება გარე სამყაროსთან კომუნიკაციის შესაძლებლობა, კერძოდ მას არ შეუძლია წერილის გაგზავნა და მიღება, ტელეფონითა და საკომუნიკაციო საშუალებებით სარგებლობა და სხვა უფლებები. მოსარჩელის აზრით, ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს ნებაყოფლობითი და არანებაყოფლობითი სტაციონალური დახმარების შემთხვევები. არანებაყოფლობითი დახმარების შემთხვევაში, პირისთვის გარკვეული უფლებების შეზღუდვა პროპორციულ და ადეკვატურ ღონისძიებას წარმოადგენს, ვინაიდან დახმარების დაყოვნება საფრთხეს უქმნის პაციენტის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას. ამავდროულად, ამგვარი დახმარების შემთხვევაში, არსებობს საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლით დადგენილი სასამართლოს კონტროლის განხორციელების შესაძლებლობა. მოსარჩელის მტკიცებით, “ფსიქიატრიული დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის “გ” ქვეპუნტის საფუძველზე, სტაციონარში ნებაყოფლობითი მოთავსებისთვის საჭირო არ არის ქმედუუნარო პირის თანხმობა ან რაიმე ფორმით მისი მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში. შესაბამისად, ქმედუუნარო პირისთვის თავისუფლების აღკვეთა ხდება მისი ნების საწინააღმდეგოდ იმ შემთხვევაშიც, თუ მას აქვს საკმარისი უნარი, მიიღოს გადაწყვეტილება ამ საკითხთან დაკავშირებით. გარდა ამისა, სადავო კანონი უშვებს ქმედუუნარო პირის მონაწილეობას ამგვარი საკითხების გადაწყვეტის პროცესში, კერძოდ, მე-17 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, სტაციონარში ნებაყოფლობითი მკურნალობისთვის მოთავსებული პაციენტის გაწერა ხდება პაციენტის კანონიერი წარმომადგენლის მოთხოვნით, თუმცა გადაწყვეტილების მიღებისას აუცილებელია პაციენტის მონაწილეობა მისი ფსიქიკური მდგომარეობის გათვალისწინებით. შესაბამისად, თუ პაციენტს შეუძლია გადაწყვეტილება მიიღოს ფსიქიატრიული დახმარების შეწყვეტის შესახებ, გაუგებარია, რატომ არ შეიძლება მას ჰქონდეს შესაძლებლობა, ფსიქიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, გამოხატოს თავისი ნება სტაციონარში ნებაყოფლობითი დახმარების აღმოჩენის თაობაზე. აქედან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმით ირღვევა საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლით გარანტირებული ფიზიკური თავისუფლების უფლება.
19. მოსარჩელე მიუთითებს, რომ “ფსიქიატრიული დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის “გ” ქვეპუნტის თანახმად, პირის ქმედუნარიანობის შემთხვევაში, ფსიქიატრიული დახმარების შესახებ ინფორმაცია მიეწოდება პაციენტის წარმომადგენელს, ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში, მის ნათესავს. მოსარჩელე მხარის მტკიცებით, სადავო ნორმა არ აკეთებს დიფერენცირებას იმ ქმედუუნარო პირებს შორის, რომლებსაც მათი ფსიქიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, შესაძლებლობა აქვთ, ადეკვატურად აღიქვან აღნიშნული ინფორმაცია. ამასთანავე, მოსარჩელე აღნიშნავს, რომ სადავო კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის “ე” ქვეპუნქტის მიხედვით, ქმედუუნარო პირის ფსიქიატრიული მკურნალობის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს კანონიერი წარმომადგენელი, თუმცა ქმედუუნარო პირი მონაწილეობს მკურნალობის ჩატარების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში. შესაბამისად, ალოგიკურია, თუ პირს არ მიეწოდება ინფორმაცია დაავადების შესახებ, როგორ უნდა მიიღოს მონაწილეობა მკურნალობის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში. მოსარჩელის აზრით, საჭიროა, ქმედუუნარო პირს მიეწოდოს სრული და ობიექტური ინფორმაცია დაავადების შესახებ, რათა მან შეძლოს გადაწყვეტილების მიღება აღმოსაჩენ ფსიქიატრიულ დახმარებასთან დაკავშირებით. სადავო ნორმა არ ითვალისწინებს მსგავს შესაძლებლობას და იგი წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან. მოსარჩელე ასევე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლს, რომლითაც გარანტირებულია ადამიანის უფლება, თავისუფლად მიიღოს ინფორმაცია, ისევე, როგორც საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველ პუნქტს, რომლის თანახმად, საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს, კანონით დადგენილის წესით გაეცნოს სახელმწიფო დაწესებულებებში მასზე არსებულ ინფორმაციას. მოსარჩელე მიუთითებს, რომ სახელმწიფო ფსიქიატრიული დაწესებულების შემთხვევაში, სადავო ნორმას მიმართება აქვს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველ პუნქტთან, ხოლო კერძო ფსიქიატრიული დაწესებულების შემთხვევაში – 24-ე მუხლთან. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლს, 24-ე და 41-ე მუხლის პირველ პუნქტებს.
20. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ სადავო კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტის მიხედვით, პაციენტს უფლება აქვს, ისარგებლოს ჰუმანური მოპყრობით, რომელიც გამორიცხავს მისი ღირსების შემლახავ ყოველგვარ მოქმედებას. ამავე კანონის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის “ი” ქვეპუნქტის თანახმად, პაციენტს უფლება აქვს, ისარგებლოს ამ კანონის მე-5 მუხლით განსაზღვრული უფლებებით. მოსარჩელე უთითებს, რომ სადავო კანონის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, ექიმს უფლება აქვს, გამონაკლის შემთხვევაში, უსაფრთხოების მიზნით, შეზღუდოს პაციენტის ის უფლებები, რაც გარანტირებულია იმავე კანონის მე-5 მუხლით, მათ შორის, პირის უფლება, დაცული იყოს ღირსების შემლახავი მოპყრობისგან. მოსარჩელის მტკიცებით, საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლით გარანტირებულია ადამიანის ღირსების შემლახავი მოპყრობისგან დაცვის უფლება, რაც აბსოლუტური ხასიათისაა და შეზღუდვას არ ექვემდებარება. შესაბამისად, სადავო ნორმით გათვალისწინებული ფსიქიატრიული დაწესებულების უსაფრთხოების ლეგიტიმური მიზანი ვერ გახდება პირისთვის კონსტიტუციის მე-17 მუხლით გარანტირებული უფლების შეზღუდვის საფუძველი. აქედან გამომდინარე, “ფსიქიატრიული დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტი იმ ნაწილში, რომელიც შეეხება ამავე მუხლის მე-2 პუნქტის “ი” ქვეპუნქტსა და მე-5 მუხლის “ა” ქვეპუნქტს, წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან.
21. მოსარჩელე თავისი არგუმენტაციის გასამყარებლად ასევე იშველიებს საერთაშორისო სამართლებრივ აქტებს, სხვადასხვა ქვეყნის კანონმდებლობასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას სადავო საკითხებთან მიმართებით.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, „კონსტიტუციური უფლების შეზღუდვასთან მხოლოდ იმ შემთხვევაში გვექნება საქმე, როდესაც ამის შესაძლებლობას მოქმედი საკანონმდებლო აქტი ითვალისწინებს. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია, იმსჯელოს და შეაფასოს კონსტიტუციური უფლების დარღვევის რისკი უფლების შემზღუდველი ნორმის არსებობის შემთხვევაში, როდესაც კონსტიტუციური უფლებების განხორციელებისას ადამიანის თავისუფალი მოქმედების ფარგლების შემცირება ნორმატიული აქტით არის განპირობებული“(საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 დეკემბრის 1/494 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ვლადიმერ ვახანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). აღნიშნულიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ სასამართლომ არსებითად იმსჯელოს ამა თუ იმ ნორმის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით, აუცილებელია, რომ ეს ნორმა, ერთი მხრივ, წარმოადგენდეს მოქმედ ნორმატიულ აქტს, ხოლო, მეორე მხრივ, ჰქონდეს შემზღუდველი ხასიათი მოსარჩელის მიმართ. შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად, მოსარჩელე ვალდებულია, დაასაბუთოს, რომ სადავო ნორმა მის მიმართ შემზღუდველი ხასიათისაა.
2. №532 და №533 კონსტიტუციურ სარჩელებში მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1289-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების: „დაიცვან მისი უფლებები და ინტერესები“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14, მე-16, 39-ე მუხლებთან და 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1289-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „მეურვე და მზრუნველი მოვალენი არიან იზრუნონ სამეურვეო (სამზრუნველო) პირის რჩენისათვის, შეუქმნან მას აუცილებელი ყოფითი პირობები, უზრუნველყონ მოვლითა და მკურნალობით, დაიცვან მისი უფლებები და ინტერესები“. სადავო ნორმა განსაზღვრავს მეურვის ვალდებულებას, დაიცვას სამეურვეო პირის უფლებები და ინტერესები. აღნიშნული ნორმა მოსარჩელეს არ უკრძალავს რაიმე ქმედების განხორციელებას არ ზღუდავს მისი თავისუფლების ფარგლებს. სადავო ნორმა იმ ნორმების მსგავსია, რომლებიც მეურვის ისეთ ვალდებულებას განსაზღვრავენ, როგორიცაა ქმედუუნარო პირის რჩენა, აუცილებელი ყოფითი პირობების დაცვა და ა.შ. აღნიშნულიდან გამომდინარე აშკარაა, რომ სამოქალაქო კოდექსის 1289-ე მუხლი მოსარჩელეთა მიმართ აღმჭურველი ხასიათის ნორმაა და მისი მიზანი და არც მისი მოქმედების შედეგი მოსარჩელეთა მოქმედების თავისუფლების რაიმე ფორმით შეზღუდვას არ წარმოადგენს. №532 და №533 კონსტიტუციური სარჩელების სასარჩელო მოთხოვნა იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1289-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების: „დაიცვან მისი უფლებები და ინტერესები“ არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14, მე-16, 39-ემუხლებთან და 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნის ამ ნაწილში, სახეზეა, კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად არმიღების “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის “ა” ქვეპუნქტითა და მე-16 მუხლის პირველი პუნქტის “ე” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
3. №533 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე სადავოდ ხდის “ფსიქიატრიული დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტისა და მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის “ი” ქვეპუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით. “ფსიქიატრიული დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, პაციენტს უფლება აქვს, “ისარგებლოს ჰუმანური მოპყრობით, რომელიც გამორიცხავს მისი ღირსების შემლახავ ყოველგვარ მოქმედებას”, ხოლო მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის “ი” ქვეპუნქტის თანახმად, სტაციონარში მოთავსებულ პაციენტს უფლება აქვს, “ისარგებლოს ამ კანონის მე-5 მუხლით განსაზღვრული სხვა უფლებებით”. ხსენებული ნორმები პაციენტს აღჭურავს გარკვეული უფლებებით. ისინი არ ახდენენ მოსარჩელის ქმედების თავისუფლების რაიმე ფორმით შეზღუდვას. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა აღნიშნული სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ დაუსაბუთებელია და სასარჩელო მოთხოვნის ამ ნაწილში სახეზეა სარჩელის არსებითად განსახილველად არმიღების “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის “ა” ქვეპუნქტითა და მე-16 მუხლის პირველი პუნქტის “ე” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
4. №533 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე ასევე სადავოდ ხდის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1292-ე მუხლის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14, მე-16, 39-ე მუხლებთან და 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. სადავო ნორმის თანახმად “სულით ავადმყოფის მეურვე სამეურვეო პირის გამოჯანმრთელების შემთხვევაში მოვალეა სასამართლოში დაუყონებლივ აღძრას შუადგომლობა სამეურვეო პირის ქმედუნარიანად აღიარებისა და მისთვის მეურვეობის მოხსნის შესახებ”. სამოქალაქო კოდექსის 1289-ე მუხლის მსგავსად 1292-ე მუხლი ადგენს მეურვის ვალდებულებას. აღნიშნული ნორმა მოსარჩელეს არ უკრძალავს რაიმე ქმედების განხორციელებას და არ ზღუდავს მის თავისუფლებას. აქედან გამომდინარე, სადავო ნორმას უფლების შემზღუდველი ხასიათი არ აქვს. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა დაუსაბუთებელია. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1292-ე მუხლის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14, მე-16, 39-ე მუხლებთან და 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, სახეზეა, სარჩელის არსებითად განსახილველად არმიღების “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის “ა” ქვეპუნქტითა და მე-16 მუხლის პირველი პუნქტის “ე” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
5. მოსარჩელე მხარე №532 და №533 კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ ხდის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 323-ე მუხლის მე-2 ნაწილის სიტყვების “რის გამოც მას არ შეუძლია შეიგნოს თავისი მოქმედების მნიშვნელობა ან განაგოს იგი,” კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14, მე-16, 39-ე მუხლებთან და 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 323-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, “განცხადებაში მოქალაქის ქმედუუნაროდ აღიარების შესახებ უნდა აღინიშნოს გარემოებანი, რომლებიც ადასტურებენ ფსიქიკურ აშლილობას, რის გამოც მას არ შეუძლია შეიგნოს თავისი მოქმედების მნიშვნელობა ან განაგოს იგი”.
6. სადავო ნორმის არაკონსტიტუციურობის დასასაბუთებლად მოსარჩელე უთითებს, რომ საპროცესო კოდექსის აღნიშნული დებულებიდან გამომდინარე, ფსიქიკურად დაავადებული პირის მიერ საკუთარი მოქმედების მნიშვნელობის შეგნება და მისთვის ხელმძღვანელობა წარმოადგენს სამართლებრივ კრიტერიუმს, რომლითაც სასამართლო ადამიანს ქმედუუნაროდ ცნობს. ექსპერტს, რომელიც ფსიქიკური აშლილობის საფუძველზე ადამიანის ქმედუნარიანობას ადგენს, მოეთხოვება, პასუხი გასცეს კითხვას: რამდენად შეუძლია პირს შეიგნოს თავისი ქმედების მნიშვნელობა ან განაგოს იგი. აღნიშნულ კითხვაზე უარყოფითი პასუხი სასამართლოს მხრიდან პირის ქმედუუნაროდ აღიარების საფუძველს წარმოადგენს. შესაბამისად, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ამ სტანდარტის გამოყენებით პირის ქმედუუნაროდ ცნობა ეწინააღმდეგება კონსტიტუციას.
7. სარჩელში მოყვანილი არგუმენტაციიდან გამომდინარე, უდავოა, რომ მოსარჩელე მხარის მიერ მოთხოვნის ამგვარი ფორმულირება უკავშირდება მის მიერ სადავო ნორმის შინაარსის არასწორ აღქმას. იგი მიიჩნევს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის გასაჩივრებული დებულება ქმნის პირის ქმედუუნაროდ აღიარების საფუძველს. თუმცა, რეალურად, სადავო ნორმა განსაზღვრავს, რომ განცხადების ავტორმა უნდა მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც ადასტურებენ ჭკუასუსტის ან სულით ავადმყოფის მიერ გადაწყვეტილების მიღების შეუძლებლობას. აღნიშნული ნორმა საერთოდ არ უთითებს იმაზე, რომ მოსამართლემ პირის ქმედუუნაროდ მიჩნევისას უნდა იხელმძღვანელოს ამ ნორმაში მითითებული სტანდარტით.
8. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ადამიანს არ შეუძლია გააცნობიეროს თავისი ქმედების მნიშვნელობა ან განაგოს იგი ცხოვრების ერთ სფეროში, მას ქმედების დამოუკიდებელი განხორციელების შესაძლებლობა უნდა შეეზღუდოს მხოლოდ აღნიშნულ სფეროსთან მიმართებით. შესაბამისად, ადამიანის ქმედუუნარობის შეზღუდვისას, საკუთარი ქმედების მნიშვნელობის შეგნების სტანდარტს მოსარჩელე მხარეც ეთანხმება, მაგრამ მიიჩნევს, რომ ხსენებული მექანიზმის გამოყენება უნდა მოხდეს კონკრეტული სფეროების მიხედვით. უნდა არსებობდეს ქმედუუნარობის სტატუსის გრადაცია ჭკუასუსტობისა და სულით ავადმყოფობის ხარისხის გათვალისწინებით, კერძოდ, დეტალურად უნდა განისაზღვროს, თუ რომელი ქმედების მნიშვნელობის შეგნება შეუძლიათ ჭკუასუსტ და სულით ავადმყოფ პირებს და რომლის _ არა. გრადაციის არარსებობა განპირობებულია ქმედუუნარობის ერთიანი სტატუსის შემოღებით, რომელსაც სხვა საკანონმდებლო ნორმები ადგენენ და არა _ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 323-ე მუხლი.
9. “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებული უნდა იყოს. მოსარჩელემ კონსტიტუციურ სარჩელში უნდა მოიყვანოს ის მტკიცებულებანი, რომლებიც, მისი აზრით, ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას. თითქმის ანალოგიურია “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის “ე” ქვეპუნქტის მოთხოვნა. კანონმდებლობის ამ ნორმების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლო, “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის “ა” ქვეპუნქტის საფუძველზე, უარს ამბობს კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 19 ოქტომბრის განჩინება №2/6/475 საქმეზე “საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე ძიმისტარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”). ამასთანავე, კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის განჩინება №2/3/412 საქმეზე ,,საქართველოს მოქალაქეები შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 17 ივნისის განჩინება №2/2/438 საქმეზე ,,საქართველოს მოქალაქე ვახტანგ ცქიფურიშვილი საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ”).
10. მოცემულ შემთხვევაში, სადავო ნორმის არაკონსტიტუციურობის მტკიცებისას, მოსარჩელე მხარე უთითებს ნორმის ისეთ შინაარსზე, რომელიც მას არ აქვს. სარჩელში მითითებულიარგუმენტაცია, არ მიემართება სადავო ნორმის რეალურ შინაარსს. შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც ეხება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 323-ე მუხლის მე-2 ნაწილის შემდეგი სიტყვების: “რის გამოც მას არ შეუძლია შეიგნოს თავისი მოქმედების მნიშვნელობა ან განაგოს იგი,” კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14, მე-16, 39-ე მუხლებთან და 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით დაუსაბუთებელია და სახეზეა მისი არსებითად განსახილველად არმიღების “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის ,,ა” ქვეპუნქტითა და მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
11. მოსარჩელე მხარე №533 სარჩელში სადავოდ ხდის “ფსიქიატრიული დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის სიტყვებს “თუ ექიმ-სპეციალისტთა კომისია მიიჩნევს, რომ პაციენტს ფსიქიკური აშლილობის გამო არ შეუძლია განაგოს თავის მოქმედება და შეიგნოს მისი მნიშვნელობა”. “ფსიქიატრიული დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, “ფსიქიატრიული დაწესებულების ადმინისტრაცია ვალდებულია მიმართოს სასამართლოს პაციენტის ქმედუუნაროდ აღიარებისა და მისთვის კანონიერი წარმომადგენლის დანიშვნის მოთხოვნით, თუ ექიმ-ფსიქიატრთა კომისია მიიჩნევს, რომ პაციენტს ფსიქიკური აშლილობის გამო არ შეუძლია განაგოს თავისი მოქმედება და შეიგნოს მისი მნიშვნელობა”. შესაბამისად, სადავო ნორმა განსაზღვრავს ფსიაქიატრიული დაწესებულების ვალდებულებას, გარკვეულ შემთხვევებში მიმართოს სასამართლოს პაციენტის ქმედუუნაროდ აღიარების მოთხოვნით. სასარჩელო არგუმენტაციიდან გამომდინარე, გასაჩივრებული ნორმა მოსარჩელისათვის პრობლემატურია ზუსტად იმავე საფუძვლით, რა საფუძვლითაც ის სადავოდ ხდის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 323-ე მუხლის მე-2 ნაწილის სიტყვების “რის გამოც მას არ შეუძლია შეიგნოს თავისი მოქმედების მნიშვნელობა ან განაგოს იგი“, კონსტიტუციურობას. შესაბამისად, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ “ფსიქიატრიული დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი განსაზღვრავს პირის ქმედუუნაროდ ცნობის საფუძველს.
12. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 323-ე მუხლის მე-2 პუნქტის მსგავსად, “ფსიქიატრიული დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის სადავო სიტყვების არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნა უკავშირდება მოსარჩელის მიერ სადავო ნორმის შინაარსის არასწორ აღქმას. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ აღნიშნული ნორმა სასამართლოს მიერ პირის ქმედუუნაროდ ცნობის სტანდარტს ადგენს მაშინ, როდესაც იგი სამედიცინო დაწესებულების მიერ სასამართლოსათვის მიმართვის ვალდებულების განმსაზღვრელია. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნა იმ ნაწილში, რომელიც ეხება „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის სიტყვების “თუ ექიმ-სპეციალისტთა კომისია მიიჩნევს, რომ პაციენტს ფსიქიკური აშლილობის გამო არ შეუძლია განაგოს თავის მოქმედება და შეიგნოს მისი მნიშვნელობა” არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14, მე-16, 39-ე მუხლებთან და 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და სახეზეა მისი არსებითად განსახილველად არმიღების “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის ,,ა” ქვეპუნქტითა და მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
13. მოსარჩელე მხარე №532 და №533 კონსტიტუციურ სარჩელებში სადავოდ ხდის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-12 მუხლის მე-6 ნაწილს, რომლის თანახმადაც, “ქმედუუნაროდ აღიარებული პირის განკურნების ან ჯანმრთელობის მნიშვნელოვნად გაუმჯობესების შემთხვევაში სასამართლო აღიარებს მას ქმედუნარიანად”. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ პირის ქმედუუნაროდ ცნობის მომენტიდან გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, ადამიანი ახდენს განსაზღვრული უნარების განვითარებას. შიზოფრენიის შემთხვევაში არსებობს რემისიის პერიოდები, როდესაც ადამიანი იბრუნებს ცხოვრების ისეთ სფეროში გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას, რაც ქმედუუნაროდ ცნობის მომენტში არ ჰქონდა. შესაბამისად, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ რემისიის პერიოდთან დაკავშირებით სამედიცინო სფეროს წარმომადგენლის შეფასება პერიოდულად უნდა განიხილოს სასამართლომ და დაადგინოს, რამდენად დაიბრუნა ადამიანმა გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი.
14. მოცემულ შემთხვევაში, აშკარაა, რომ მოსარჩელის მიერ სამოქალაქო კოდექსის მე-12 მუხლის მე-6 ნაწილის არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნა ეფუძნება მის მიერ სადავო ნორმის შინაარსის არასწორ აღქმას. მოსარჩელე უთითებს, რომ სასამართლომ ქმედუუნარო პირის ქმედუნარიანად ცნობის შესახებ გადაწყვეტილება არა მხოლოდ მაშინ უნდა მიიღოს, როდესაც ეს პირი სრულად განიკურნა, არამედ იმ შემთხვევაშიც, როდესაც მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა და მას გარკვეული გადაწყვეტილებების მიღების უნარი დაუბრუნდა. ამის მსგავსად, სადავო ნორმა სასამართლოს მიერ პირის სტატუსის გადახედვის შესაძლებლობას იცნობს როგორც მისი სრულად განკურნების, ისე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების შემთხვევაში. მართალია, საქართველოს კანონმდებლობა არ იცნობს ქმედუნარიანობის ნაწილობრივ აღდგენის შესაძლებლობას, რასაც მოსარჩელე არაკონსტიტუციურად მიიჩნევს, თუმცა ეს აკრძალვა არ არის დადგენილი სამოქალაქო კოდექსის მე-12 მუხლის მე-6 ნაწილით, ქმედუუნარობის სტატუსის გადახედვის ამ ნორმით დადგენილი პროცედურა ისეთივეა, როგორსაც მოსარჩელე ითხოვს. შესაბამისად, თუ არსებობს ჯანმრთელობის გაუმჯობესების ფაქტი, სასამართლო უფლებამოსილია გადახედოს პირის სტატუსს. ვინაიდან პირის ნაწილობრივი ქმედუუნარობა, როგორც ასეთი, არ არსებობს, სასამართლო პირს ასეთ სტატუსს ვერ მიანიჭებს. მოსარჩელისათვის პრობლემატურია მხოლოდ ეს საკითხი, თუმცა, ქმედუუნარობის სახეები მე-12 მუხლის მე-6 ნაწილით არ არის მოწესრიგებული. სადავო ნორმა პირის სტატუსის შეცვლის წესს ადგენს, რომელიც შეესაბამება მოსარჩელის მოთხოვნებს. სხვადასხვა ხარისხით შეზღუდული ქმედუუნარობის არსებობის შემთხვევაში, მოსამართლე უფლებამოსილი იქნება მე-12 მუხლის მე-6 ნაწილის საფუძველზე, იმსჯელოს ერთი სახის ქმედუუნარობის მეორე სახის ქმედუუნარობით შეცვლის შესახებ და მოსარჩელის პრობლემაც არ იარსებებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ მოსარჩელის მიერ სამოქალაქო კოდექსის მე-12 მუხლის მე-6 ნაწილის არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნა უკავშირდება მის მიერ სადავო ნორმის შინაარსის არასწორად აღქმას. ქმედუუნარობის სტატუსის გადახედვის წესი სადავო ნორმით ზუსტად ისეა დადგენილი, როგორც ამას მოსარჩელე მოითხოვს, ხოლო ქმედუუნარობის გრადაციის არარსებობა რომელსაც მოსარჩელე პრობლემატურად მიიჩნევს გამომდინარეობს სამოქალაქო კოდექსის სხვა ნორმებიდან და არა ამ სადავო ნორმიდან, აღნიშნულიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნა იმ ნაწილში, რომელიც ეხება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-12 მუხლის მე-6 ნაწილის არაკონსტიტუციურად ცნობას კონსტიტუციის მე-14, მე-16, 39-ე მუხლებთან და 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია. სასარჩელო მოთხოვნის ამ ნაწილში სახეზეა სარჩელის არსებითად განსახილველად არმიღების “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის ,,ა” ქვეპუნქტითა და მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
15. მოსარჩელე მხარე №532 და №533-ე სარჩელებში მოითხოვს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-12 მუხლის მე-5 ნაწილის სიტყვების “ჭკუასუსტობის ან სულით ავადმყოფობის”; 58-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების “სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ აღიარებული პირის ნების გამოვლენა”, 1290-ე მუხლის; 1293-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის მე-5 ნაწილის სიტყვების “აგრეთვე ქმედუუნაროდ ცნობილ მოქალაქეთა”, 327-ე მუხლის მე-2 ნაწილის და “ფსიქიატრიული დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის “თ” ქვეპუნქტის სიტყვების: “და კერძო-სამართლებრივ ურთიერთობაში” არაკონსტიტუციურად ცნობას კონსტიტუციის 39-ე მუხლთან მიმართებით.
16. მოსარჩელე მხარის განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის 39–ე მუხლით დაცულია უფლება სამართალსუბიექტობაზე, რომელიც გარანტირებულია სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტის მე–16 მუხლით. სამართალსუბიექტურობის უფლება გულისხმობს შემდეგს - თითოეულ ადამიანს, სადაც არ უნდა იყოს ის, უფლება აქვს, ცნონ მისი სუბიექტობის უფლება. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციის 39–ე მუხლის „მიზანია უზრუნველყოს უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არ არის გათვალისწინებული კონსტიტუციით, მაგრამ გამომდინარეობს კონსტიტუციური პრინციპებიდან და ადამიანის უფლებების სფეროში სახელმწიფოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებებიდან. გარდა ამისა, საქართველოს კონსტიტუციის 39–ე მუხლთან დაკავშირებული პრაქტიკა ცხადყოფს, რომ აღნიშნული კონსტიტუციური ნორმა ასევე გამოიყენება იმ შემთხვევებში, როდესაც საერთაშორისო ხელშეკრულებით გარანტირებული უფლების შინაარსი არის უფრო ფართო, ვიდრე ამას კონსტიტუციის შესაბამისი მუხლი ითვალისწინებს.“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ივნისის №1/2/458 განჩინება, საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები დავით სართანია და ალექსანდრე მაჭარაშვილი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წინააღმდეგ“ II-22).
17. სასამართლო მიიჩნევს, რომ სამართალსუბიექტურობის უფლება დაცულია საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლით, როგორც ღირსების უფლების ელემენტი. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ამ ნორმის შესაბამისად, მთავარი ღირებულება არის ადამიანი, როგორც თვითმყოფადი, თავისუფალი და სხვა ადამიანების თანასწორი სუბიექტი. ადამიანის ღირსების დაცვა არის ის, რაც უპირობოდ ეკუთვნის ყველა ადამიანს სახელმწიფოსაგან. ღირსებაში იგულისხმება სოციალური მოთხოვნა სახელმწიფოს მხრიდან ადამიანის რესპექტირებაზე. ღირსება ადამიანს აქვს იქიდან გამომდინარე, რომ ის ადამიანია და ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ გააჩნია საზოგადოების შეხედულებას მასზე ან მის სუბიექტურ თვითშეფასებას. ადამიანის ღირსების პატივისცემა გულისხმობს ყოველი ადამიანის პიროვნულ აღიარებას, რომლის ჩამორთმევა და შეზღუდვა დაუშვებელია. სახელმწიფოსათვის ადამიანი არის უმთავრესი მიზანი, პატივისცემის ობიექტი, მთავარი ფასეულობა და არა მიზნის მიღწევის საშუალება და ექსპლუატაციის ობიექტი“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 10 ივნისის №2/2-389 გადაწყვეტილება, საქმეზე „საქართველოს მოქალაქე მაია ნათაძე და სხვები საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ“, II-30). ამდენად, კონსტიტუციის მე–17 მუხლის მიზანს წარმოადგენს ინდივიდის ღირსების დაცვა და ადამიანის სუბიექტობის მყარი გარანტიის დადგენა. ადამიანის ღირსება უპირველესად ადამიანის სუბიექტობის აღიარებას გულისხმობს.
18. როგორც უკვე აღინიშნა, მოსარჩელეს შეუძლია საქართველოს კონსტიტუციის 39–ე მუხლზე აპელირება იმ შემთხვევაში, როდესაც უფლება არ არის მოცემული საქართველოს კონსტიტუციაში ან კონსტიტუციური უფლების ფარგლები უფრო ვიწროა, ვიდრე ეს საერთაშორისო ვალდებულებებით არის გათვალისწინებული. კონსტიტუციური სარჩელები უკავშირდება ისეთ უფლებრივ ასპექტს, რომელიც დაცულია საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლით, შესაბამისად, ეს ასპექტი ვერ იქნება დაცული 39-ე მუხლით. აღნიშნულიდან გამომდინარე, სარჩელი იმ ნაწილში, რომელიც ეხება სადავო ნორმების კონსტიტუციურობას კონსტიტუციის 39-ე მუხლთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და სახეზეა მისი არსებითად განსახილველად არმიღების საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ კანონის მე-18 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტითა და მე-16 მუხლის პირველი პუნტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
19. მოსარჩელე მხარე ასევე სადავოდ ხდის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-12 მუხლის მე-5 ნაწილის სიტყვების “ჭკუასუსტობის ან სულით ავადმყოფობის”; 58-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების: “სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ აღიარებული პირის ნების გამოვლენა”; 1290-ე მუხლის; საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1293-ე მუხლის პირველი ნაწილის, “ფსიქიატრიული დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის “თ” ქვეპუნქტის შემდეგი სიტყვების: “და კერძო-სამართლებრივ ურთიერთობაში” არაკონსტიტუციურად ცნობას კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
20. “კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება). აღნიშნული დანაწესიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებულია, დაასაბუთოს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და “ფსიქიატრიული დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის ხსენებულ ნორმებს გააჩნია შინაარსობრივი მიმართება კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან.
21. კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცულია ადამიანის უფლება, თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. აღნიშნულიდან გამომდინარე, კონსტიტუციის ამ დებულებასთან შინაარსობრივი მიმართება შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ იმ სადავო ნორმებს, რომლებიც ზღუდავენ ქმედუუნარო პირის მიერ სასამართლოსათვის მიმართვას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის და “ფსიქიატრიული დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის ხსენებული სადავო ნორმები განსაზღვრავენ ქმედუუნარო პირის სტატუსს და მის მიერ სამოქალაქო სამართლებრივ ურთიერთობაში შესვლის აკრძალვას, თუმცა, აღნიშნული ნორმები საერთოდ არ არეგულირებენ ქმედუუნარო პირის მიერ სასამართლოსათვის მიმართვის წესებს. პირის საპროცესო ქმედუნარიანობა და უფლება, მიმართოს სასამართლოს, განსაზღვრულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის სხვა ნორმებით. შესაბამისად, სწორედ ის ნორმებია ქმედუუნარო პირის სასამართლოსათვის მიმართვის უფლების მარეგლამენტირებელი და არა საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და “ფსიქიატრიული დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის ხსენებული სადავო ნორმები. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც ეხება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-12 მუხლის მე-5 ნაწილის სიტყვების “ჭკუასუსტობის ან სულით ავადმყოფობის”; 58-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების: “სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ აღიარებული პირის ნების გამოვლენა”; 1290-ე მუხლის; საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1293-ე მუხლის პირველი ნაწილის, “ფსიქიატრიული დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის “თ” ქვეპუნქტის შემდეგი სიტყვების: “და კერძო-სამართლებრივ ურთიერთობაში” არაკონსტიტუციურად ცნობას კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, სახეზეა მისი არსებითად განსახილველად არმიღების „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტითა და მე-16 მუხლის პირველი პუნტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
22. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია მიიჩნევს, რომ №532 და №533 კონსტიტუციური სარჩელები, სხვა მხრივ, აკმაყოფილებს ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული, კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის რომელიმე საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-5 და მე-8 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების და მე-18 მუხლის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. მიღებული იქნეს არსებითად განსახილველად კონსტიტუციური სარჩელი №532 (საქართველოს მოქალაქე ირაკლი ქემოკლიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება:
ა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-12 მუხლის მე-5 ნაწილის სიტყვა ,,ჭკუასუსტობის,” 58-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების: ,,სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ აღიარებული პირის ნების გამოვლენა”, 1290-ე მუხლის, 1293-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის მე-5 ნაწილის სიტყვების: ,,აგრეთვე ქმედუუნაროდ ცნობილ მოქალაქეთა”, 327-ე მუხლის მე-2 ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 და მე-16 მუხლებთან მიმართებით.
ბ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის მე-5 ნაწილის სიტყვების: ,,აგრეთვე ქმედუუნაროდ ცნობილ მოქალაქეთა”, 327-ე მუხლის მე-2 ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
გ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1120-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ე” ქვეპუნქტის სიტყვების ,,ან ჭკუასუსტობის” კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 და 36-ე მუხლებთან მიმართებით.
2. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად კონსტიტუციური სარჩელი №532 (საქართველოს მოქალაქე ირაკლი ქემოკლიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება:
ა. სამოქალაქო კოდექსის მე-12 მუხლის მე-6 ნაწილის, 1289-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების „დაიცვან მისი უფლებების და ინტერესები“, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 323-ე მუხლის მე-2 ნაწილის სიტყვების: “რის გამოც მას არ შეუძლია შეიგნოს თავისი მოქმედების მნიშვნელობა ან განაგოს იგი,” კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14, მე-16, 39-ე მუხლებთან და 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
ბ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-12 მუხლის მე-5 ნაწილის სიტყვის ,,ჭკუასუსტობის”, 58-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების ,,სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ აღიარებული პირის ნების გამოვლენა” 1290-ე მუხლი, 1293-ე მუხლის პირველი ნაწილი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის მე-5 ნაწილის სიტყვები: ,,აგრეთვე ქმედუუნაროდ ცნობილ მოქალაქეთა” 327-ე მუხლის მე-2 ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლთან მიმართებით.
გ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-12 მუხლის მე-5 ნაწილის სიტყვა ,,ჭკუასუსტობის,” 58-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების: ,,სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ აღიარებული პირის ნების გამოვლენა”, 1290-ე მუხლის, 1293-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
3. მიღებული იქნეს არსებითად განსახილველად კონსტიტუციური სარჩელი №533 (საქართველოს მოქალაქე დავით ხარაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება:
ა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-12 მუხლის მე-5 ნაწილის სიტყვა ,,ან სულით ავადმყოფობის” 58-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების: ,,სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ აღიარებული პირის ნების გამოვლენა”, 1290-ე მუხლის, 1293-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის მე-5 ნაწილის სიტყვების: ,,აგრეთვე ქმედუუნაროდ ცნობილ მოქალაქეთა”, 327-ე მუხლის მე-2 ნაწილის, “ფსიქიატრიული დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,თ” ქვეპუნქტის სიტყვების ,,და კერძო-სამართლებრივ ურთიერთობებში კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 და მე-16 მუხლებთან მიმართებით.
ბ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის მე-5 ნაწილის სიტყვების: ,,აგრეთვე ქმედუუნაროდ ცნობილ მოქალაქეთა”, 327-ე მუხლის მე-2 ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
გ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1120-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ე” ქვეპუნქტის სიტყვების ,,ან ჭკუასუსტობის” კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 და 36-ე მუხლებთან მიმართებით.
დ. ,,ფსიქიატრიული დახმარების შესახებ” კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ” ქვეპუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით
ე. ,,ფსიქიატრიული დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ” ქვეპუნქტის სიტყვის ,,ქმედუუნაროა” კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთთან, 24-ე და 41-ე მუხლების პირველ პუნქტთან მიმართებით.
ვ. ,,ფსიქიატრიული დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
ზ. ,,ფსიქიატრიული დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველ პუნქტის სიტყვის ,,ქმედუუნარო” და მე-14 მუხლის მეორე პუნქტის სიტყვების ,,ქმედუუნარობის შემთხვევაში” კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთთან მიმართებით
4. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად კონსტიტუციური სარჩელი №533 (საქართველოს მოქალაქე დავით ხარაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება:
ა. სამოქალაქო კოდექსის მე-12 მუხლის მე-6 ნაწილის, 1289-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების „დაიცვან მისი უფლებების და ინტერესები“, 1292-ე მუხლის, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 323-ე მუხლის მე-2 ნაწილის სიტყვების: “რის გამოც მას არ შეუძლია შეიგნოს თავისი მოქმედების მნიშვნელობა ან განაგოს იგი,”, “ფსიქიატრიული დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მეორე პუნქტის სიტყვების ,,თუ ექიმ-ფსიქიატრთა კომისია მიიჩნევს, რომ პაციენტს ფსიქიკური აშლილობის გამო არ შეუძლია განაგოს თავისი მოქმედება და შეიგნოს მისი მნიშვნელობა.” კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14, მე-16, 39-ე მუხლებთან და 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
ბ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-12 მუხლის მე-5 ნაწილის სიტყვის ,,ან სულით ავადმყოფობის”, 58-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების ,,სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ აღიარებული პირის ნების გამოვლენა” 1290-ე მუხლი, 1293-ე მუხლის პირველი ნაწილი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის მე-5 ნაწილის სიტყვები: ,,აგრეთვე ქმედუუნაროდ ცნობილ მოქალაქეთა” 327-ე მუხლის მე-2 ნაწილის, ,,ფსიქიატრიული დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,თ” ქვეპუნქტის სიტყვების ,,და კერძო-სამართლებრივ ურთიერთობებში;” კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლთან მიმართებით.
გ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-12 მუხლის მე-5 ნაწილის სიტყვა ,,ან სულით ავადმყოფობის” 58-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების: ,,სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ აღიარებული პირის ნების გამოვლენა”, 1290-ე მუხლის, 1293-ე მუხლის პირველი ნაწილის, ,,ფსიქიატრიული დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,თ” ქვეპუნქტის სიტყვების ,,და კერძო-სამართლებრივ ურთიერთობებში;” კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
დ. “ფსიაქიატრიული დახმარების შესახებ” საქართევლოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტისა და მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ი” ქვეპუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
5. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.
6. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
7. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
8. საოქმო ჩანაწერი გაეგზავნოს მხარეებს.
კოლეგიის წევრები:
ზაზა თავაძე
ოთარ სიჭინავა
ლალი ფაფიაშვილი
თამაზ ცაბუტაშვილი