საქართველოს მოქალაქე გივი შანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N1/14/732 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - ლალი ფაფიაშვილი, მერაბ ტურავა, გიორგი კვერენჩხილაძე, |
თარიღი | 12 ივლისი 2017 |
გამოქვეყნების თარიღი | 12 ივლისი 2017 11:55 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ლალი ფაფიაშვილი - სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
გიორგი კვერენჩხილაძე - წევრი;
მერაბ ტურავა - წევრი.
სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე გივი შანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სიტყვების „ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“ იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 4 მარტს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №732) მიმართა საქართველოს მოქალაქე გივი შანიძემ. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადაეცა 2016 წლის 7 მარტს. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენით, გაიმართა 2017 წლის პირველ ივნისს.
2. №732 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში სსკ) 273-ე მუხლის მოქმედი რედაქცია წარმოდგენილია შემდეგი სახით – „პირადი მოხმარებისათვის ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის მცირე ოდენობით უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული ან ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ, ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე. შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა არ უნდა იყოს ამ ქმედებისათვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლით განსაზღვრული ჯარიმის ორმაგ ოდენობაზე ნაკლები (ძალადაკარგულია ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის“).
4. №732 კონსტიტუციურ სარჩელზე თანდართული მასალიდან ირკვევა, რომ მოსარჩელე გივი შანიძე რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 2 თებერვლის №4-54-15 დადგენილებით ცნობილ იქნა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენად და ადმინისტრაციული სახდელის სახედ და ზომად დაეკისრა ჯარიმა 500 ლარის ოდენობით. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 25 აგვისტოს №1/162-2015 (საქმე №110100115001075184) განაჩენით მოსარჩელე ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 273-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 თვის ვადით, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად და სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა ერთი წელი. ამასთანავე, სსკ-ის 44-ე მუხლით დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 50 საათის ვადით. 2015 წლის 29 ნოემბერს გივი შანიძეს ნარკოლოგიურ სამსახურში შემოწმებისას კვლავ დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალების, ტეტრაჰიდროკანაბინოლის (მარიხუანა) ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარების ფაქტი, რაზეც ამავე წლის 10 დეკემბერს დაიწყო გამოძიება და მოსარჩელეს ბრალი წარედგინა სადავო ნორმის საფუძველზე.
5. №732 კონსტიტუციური სარჩელით მოსარჩელე საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან, ასევე მე-16 მუხლთან მიმართებით სადავოდ ხდიდა სსკ-ის 273-ე მუხლის იმ ნორმატიულ შინაარსის კონსტიტუციურობას, რომელიც ითვალისწინებს როგორც მარიხუანის განმეორებით მოხმარებისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაწესებას, ასევე ამ დანაშაულისთვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას, აგრეთვე სსკ-ის 273-ე მუხლის სიტყვების: „ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება” და „ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე” კონსტიტუციურობას. განმწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელემ შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი სსკ-ის 273-ე მუხლის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას მარიხუანის განმეორებით უკანონოდ მოხმარებისთვის იმ პირის მიერ, რომელსაც შეფარდებული ჰქონდა ადმინისტრაციული ან სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.
6. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ მარიხუანის პირადი მოხმარების სამართლებრივი შეზღუდვა ეწინააღმდეგება პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებას.
7. მოსარჩელის მტკიცებით, მარიხუანის მოხმარებას შესაძლოა ჰქონდეს განტვირთვის, გართობის, სოციალიზაციის, სამედიცინო მიზნები და ადამიანს უნდა ჰქონდეს თავისუფლება, სხვებისთვის გაუმართლებელი ზიანის მიყენების გარეშე იმოქმედოს ამ მიზნების მისაღწევად.
8. მოსარჩელის განმარტებით, თავისუფალი განვითარების უფლების სფეროში ექცევა როგორც საკუთარ ფიზიკურ განვითარებასთან, სხეულთან და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მოქმედებები და გადაწყვეტილებები, მკურნალობის, საკუთარ სხეულზე და ჯანმრთელობაზე ზრუნვის გადაწყვეტილებების ჩათვლით, ასევე გადაწყვეტილებები ინტელექტუალური განვითარებისა და რეკრეაციულ სფეროში.
9. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ თავისუფალი განვითარების უფლების ფარგლებში ადამიანს აქვს შესაძლებლობა თავად განსაზღვროს ის საქმიანობა ან მოქმედება, რომელიც მისთვის სიკეთის მომტანია და ამ პროცესში სახელმწიფო მოკლებულია შესაძლებლობას, ქმედებებს მათი შედეგებისგან განცალკევებით, მორალური შეფასებები მისცეს.
10. მოსარჩელე ამტკიცებს, რომ მარიხუანის მოხმარება შედის კონსტიტუციის მე-16 მუხლით გათვალისწინებული თავისუფალი განვითარების უფლების შიდა, ჩარევისგან აბსოლუტურად დაცულ სფეროში. მოსარჩელის აზრით, ეთიკური ავტონომია გულისხმობს, რომ ადამიანი ვალდებული არ არის თავისუფლების ფარგლებში განხორციელებული რომელიმე ქმედების ობიექტური ღირებულება ამტკიცოს. მოსარჩელე მხარის მტკიცებით, თავისუფლების ავტონომიურ სფეროში ჩარევის გასამართლებლად სახელმწიფო ეფუძნება შესაზღუდი მოქმედებების სახიფათო საზოგადოებრივ შედეგებს და არა ამ ქმედებების ღირებულებით შეფასებებს.
11. მოსარჩელე აცხადებს, რომ ისეთი ქმედების დასჯას, რომელიც მხოლოდ საკუთარი თავისკენ არის მიმართული და არ იწვევს საზოგადოებრივ შედეგებს, შეუძლებელია, გააჩნდეს ლეგიტიმური მიზანი. შესაბამისად, მარიხუანის მოხმარებისთვის დასჯა მორალისტური და პატერნალისტური არგუმენტით ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლს.
12. კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე ითხოვს სპეციალისტის სახით სასამართლო პროცესზე დავით ზედელაშვილის მოწვევას.
13. კონსტიტუციური სარჩელით მოსარჩელე შუამდომლობდა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სადავო ნორმის შეჩერების თაობაზე, თუმცა საქმის განმწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელემ აღნიშნულ მოთხოვნაზე უარი თქვა.
14. მოსარჩელე მხარე, თავისი არგუმენტების გასამყარებლად, იშველიებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და საერთაშორისო პრაქტიკას.
15. პარლამენტის წარმომადგენლის განცხადებით, საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლით უზრუნველყოფილი დაცვა სუბსიდიურია. მოსარჩელე სადავო ნორმის კონსტიტუციურობაზე დავისას უნდა ეყრდნობოდეს საქართველოს კონსტიტუციის სპეციალურ ნორმას (lex specialis), რომელიც კონკრეტულ უფლებას იცავს.
16. მოპასუხე მხარე სადავო ნორმას საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიზანს უკავშირებს და აღნიშნავს, რომ მხოლოდ ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების შემდგომ ხდება პირი აღნიშნული ნორმის სუბიექტი. მოპასუხის აზრით, სასჯელის მიზანი არ არის პირისთვის ტანჯვის მიყენება, არამედ არის საფრთხეების პრევენცია, რაც მოცემულ შემთხვევაში მარიხუანის მოხმარებით საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენებაში ვლინდება.
17. მოპასუხის განმარტებით, საკონსტიტუციო სასამართლო სასჯელის ყველა ზომის კონსტიტუციურობაზე მსჯელობაუნარიანი არ არის. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ქმედების დეკრიმინალიზაციის შემთხვევაში არსებობს რისკი, საკონსტიტუციო სასამართლო იქცეს პოზიტიურ კანონმდებლად. მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტის დისკრეცია არ არის უსაზღვრო სისხლისსამართლებრივი პოლიტიკის განსაზღვრისას, სასამართლოს ჩარევა უნდა მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც სადავო ნორმით საქართველოს კონსტიტუციით დაცულ უფლებაში ჩარევა „მაქსიმალურად ინტენსიურია“.
II
სამოტივაციო ნაწილი
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია მიიჩნევს, რომ №732 კონსტიტუციური სარჩელი აკმაყოფილებს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის რომელიმე საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის, მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის, მე-18 მუხლის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის და 22-ე მუხლის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად კონსტიტუციური სარჩელი №732 („საქართველოს მოქალაქე გივი შანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.
3. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
4. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
5. საოქმო ჩანაწერი გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
ლალი ფაფიაშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე
მერაბ ტურავა