საქართველოს მოქალაქე გივი შანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N732 |
ავტორ(ებ)ი | გივი შანიძე |
თარიღი | 4 მარტი 2016 |
თქვენ არ ეცნობით სარჩელის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ სარჩელის დოკუმენტი
განმარტებები სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
სარჩელი აკმაყოფილებს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს ამავე კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული სარჩელის განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საფუძვლები. 1. მოსარჩელე არის უფლებამოსილი პირი (სუბიექტი). მოსარჩელე გივი შანიძე რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 2 თებერვლის დადგენილებით, ცნობილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარებისათვის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის და შეეფარდა ადმინმისტრაციული სახდელი ჯარიმა 500 ლარის ოდენობით. ამის შემდეგ ადმინისტრაციულ სახდელშეფარდებულმა გივი შანიძემ, განმეორებით უკანონოდ მოიხმარა ნარკოტიკული საშუალება ტეტრაჰიდროკანაბინოლი (მარიხუანა), რაც ნარკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე დაუდგინდა 2015 წლის 7 აგვისტოს. 2015 წლის 25 აგვისტოს, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს განაჩენით გივი შანიძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით. გივი შანიძეს დანიშნული სასჯელი საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად და სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 01 (ერთი) წელი. გივი შანიძეს საქართველოს სსკ-ის 44-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 50 (ორმოცდაათი) საათის ვადით. 2015 წლის 29 ნოემბერს გივი შანიძე დაკავებულ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ფაქტზე. გივი შანიძეს 2015 წლის 29 ნოემბერს, ნარკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე დაუდგინდა ტეტრაჰიდროკანაბინოლის (მარიხუანა)ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარების ფაქტი. აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო 2015 წლის 10 დეკემბერს და გივი შანიძეს ბრალი წარედგინა საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით. მოსარჩელე გივი შანიძეს მიმდინარე ბრალდების საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენის დადგომის შემთხვევაში გარდაუვლად ემუქრება თავისუფლების აღკვეთის შეფარდება გასაჩივრებული ნორმის საფუძველზე. შესაბამისად, გასაჩივრებული ნორმის მოქმედება მოსარჩელის მიმართ გამოიწვევს მისი კონსტიტუციური უფლებების შელახვას. მოსარჩელეს კონსტიტუციით დაცულ უფლებებსა და ინტერესებს პირდაპირი ზიანი შეიძლება მიადგეს გასაჩივრებული ნორმის განგრძობადი მოქმედებით. ამრიგად, მოსარჩელს აქვს დემონსტრირებადი კონსტიტუციური ინტერესი გამოიყენოს კონსტიტუციით მისთვის მინიჭებული საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის უფლება და იდავოს იმ ნორმის კონსტიტუცურობაზე, რომლის გამოყენებაც მოსარჩელის აზრით განგრძობითად არღვევს მის კონსტიტუციურ უფლებებს და არსებობს მნიშვნელოვანი საფრთხე, რომ მისთვის ამ მუხლის საფუძველზე თავისუფლების აღკვეთის შეფარდება შელახავს მის კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებს.
2. სარჩელში მითითებული ყველა საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადია. მოსარჩელე ითხოვს ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობის შემოწმებას საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით გათვალისწინებულ ადამიანის უფლებებთან მიმართებით, რაც პირდაპირ მიეკუთნება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს იურისდიქციას საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად.
3. სარჩელში მითითებული ყველა სადავო საკითხი არ არის გადაწყვეტილი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეში „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით (შემდეგში: „წიქარიშვილის საქმე“), საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის საწინააღმდეგოდ მიიჩნია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას პირადი მოხმარების მიზნებისთვის მარიხუანას შეძენისა და შენახვის გამო. წინამდებარე სარჩელი მიუხედავად იმისა რომ ეყრდნობა საკონსტიტუციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილების დასაბუთებას, შინაარსობრივად განსხვავებულია მისგან. გასაჩივრებული ნორმა არ არის შინაარსობრივად იდენტური საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ წიქარიშვილის საქმეში გაუქმებული ნორმისგან და არ არის უბრალოდ დამძლევი ნორმა. გასაჩივრებული ნორმა შეეხება სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას მარიხუანას მოხმარებისთვის, განსხვავებით მოხმარების მიზნით შეძენა შენახვისგან, რომელიც წიქარიშვილის საქმეში იყო სადავო. ასევე, მოსარჩელის მოთხოვნა მარიხუანას მოხმარებისთვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობის გარდა, ზოგადად ამ ქმედებისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის კონსტიტუციასთან წინააღმდეგობის მტკიცებას მოიცავს, რისი შეფასებაც საკონსტიტუციო სასამართლოსგან დამატებით მსჯელობას მოითხოვს.
4. სარჩელში მითითებული ყველა საკითხი მოწესრიგებულია საქართველოს კონსტიტუციით.
5. არ არსებობს გასაჩივრებული ნორმის ზემდგომი ნორმატიული აქტი, რომლის კონსტიტუციურობაზეც მსჯელობა აუცილებელია გასაჩივრებული ნორმის კონსტიტუციურობის სრულფასოვანი შეფასებითვის. |
მოთხოვნის არსი და დასაბუთება
I. გასაჩივრებული ნორმის შინაარსიმოსარჩელე სადავოდ ხდის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის იმ ნორმატიულ შინაარსს, რომლის მიხედვითაც ტეტრაჰიდროკარაბინოლის (მარიხუანა) ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარებისთვის იმ პირს, რომელსაც იმავე ქმედებისთვის ადმინისტრაციული სახდელი აქვს შეფარდებული ან იმავე დანაშაულისთვის არის ნასამართლევი, შეიძლება შეეფარდოს თავისუფლების აღკვეთა ერთ წლამდე ვადით. შესაბამისად, გასაჩივრებული ნორმა დანაშაულად აცხადებს მარიხუანას განმეორებით მოხმარებას. მოსარჩელე სადავოდ ხდის როგორც მარიხუანას განმეორებითი მოხმარებისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაწესებას, ისე ამ დანაშაულისთვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას. მარიხუანა საქართველოს კანონმდებლობით მიეკუთვნება ბრუნვისათვის მკაცრად შეზღუდულ ნარკოტიკულ საშუალებას, რომლის სამედიცინო მიზნით გამოყენებაც აკრძალულია. შესაბამისად, მარიხუანას მოხმარების საკანონმდებლო აკრძალვა ფაქტობრივად ბლანკეტურია და გამორიცხავს მარიხუანას კანონიერ მოხმარებას ნებისმიერი პირადი მიზნით, იმისდა მიუხედავად, რეკრეაციულია თუ სამედიცინო. [იხილეთ, ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ საქართველოს კანონის დანართი №1, სია №1] მოსარჩელე სადავოდ ხდის 273-ე მუხლის იმ ნორმატიულ შინაარსს, რომლითაც ის სისხლისამართლებრივ პასუხისმგებლობას და თავისუფლების აღკვეთის სახით სასჯელს აწესებს ტეტრაჰიდროკანაბინოლის მოხმარებაზე, რამდენადაც აღნიშნული მუხლი მის მიმართ სწორედ ამ შინაარსით იქნა გამოყენებული. იმისათვის რომ უფლებამოსილ სუბიექტად ჩაითვალოს, მოსარჩელე ვერ გასცდება იმ ნორმატიული შინაარსის ფარგლებს, რომელიც მის მიმართ არღვევს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით გათვალისწინებულ უფლებებს ან ქმნის მათი დარღვევის საფრთხეს. მოსარჩელის მიერ გასაჩივრებული ნორმა შეიძლება უფრო ფართო იყოს და მოსარჩელის გარემოებების მსგავს ფაქტობრივ გარემოებებშიც იწვევდეს კონსტიტუციის საწინააღმდეგო სამართლებრივი შედეგების დადგომას, თუმცა მოსარჩელე ამ უკანასკნელი შედეგების კონსტიტუციურობაზე დავის საშუალებას მოკლებულია. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ხსენებული შეზღუდვა ვრცელდება სარჩელის დასაშვებობისა და არსებითად განსახილველად მიღების საკითხების გადაწყვეტის სტადიაზე. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ საქმის არსებითად განხილივისა გადაწყვეტის ეტაპზე, სასამართლომ საკუთარ მსჯელობაში თავი არ უნდა შეიზღუდოს მხოლოდ თავდაპირველი სასარჩელო მოთხოვნით- ტეტრაჰიდროკანაბინოლით და იმსჯელოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის გასაჩივრებული ნორმატიული შინაარსის გამოყენების შესაძლებლობის კონსტიტუციურობაზე კანაფის სხვა პროდუქტებთან მიმართებითაც, რომლებიც ჩამოთვლილია ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ საქართველოს კანონის დანართი №1 -ის №1 -ში. (ტეტრაჰიდროკანაბინოლები მოცემულია აღნიშნული სიის 157-ე ჰორიზონტალურ გრაფაში. სიაში ასევე მოცემულია კანაფი (CANNABIS)- 82-ე ჰორიზონტალური გრაფა, კანაფის ექსტრაქტი და ნაყენი (EXTRACTS AND TINCTURS OF CANNABIS) – 83-ე ჰორიზონტალური გრაფა, კანაფის ზეთი (CANNABIS OIL)- 84-ე ჰორიზონტალური გრაფა, კანაფის ფისი (CANNABIS RESIN)- 85-ე ჰორიზონტალური გრაფა). ამ მხრივ დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მარიხუანას მოხმარება არ შემოიფარგლება მხოლოდ გამომშრალი მარიხუანას მოწევის გზით ინჰალაციით და მოიცავს საკვები სახით მიღებასაც. საკვები სახით მიღება განსაკუთრებით გავრცელებულია კანაფის და მისი პროდუქტების სამედიცინო მიზნით გამოყენების დროს. (იხილეთ, კანადის უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილება საქმეზე R. v. Smith, 2015 SCC 34, [2015] 2 S.C.R. 602, რომელიც სწორედ სამედიცინო მიზნებისთვის კანაფის პროდუქტების გამოყენებას შეეხება). მსჯელობა კანაფის სხვა პროდუქტების მიმართ შესაძლოა არ აისახოს ამ სარჩელზე სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში, მაგრამ მნიშვნელოვანი იქნება სამოტივაციო ნაწილში განვითარებული დასაბუთებისთვის და obiter dictum-ის სტატუსით უფრო ნათელს გახდის სასამართლოს არგუმენტებს მომავალში საკონსტიტუციო სამართალწარმოების მონაწილეებისათვის. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის შინაარსი ფართოა და ითვალისწინებს ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის მცირე ოდენობით, ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ განმეორებითი მოხმარებისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას. მოსარჩელე სადავოდ არ ხდის აღნიშნული ნორმის მოქმედებას სხვა ნარკოტიკული საშუალებების, მისი ანალოგებისა და პრეკურსორების მიმართ, გარდა ტეტრაჰიდროკანაბინოლისა. მოსარჩელეს ასევე მიაჩნია, რომ კანაფისა და მისი პროდუქტებისგან განსხვავებით, სხვა ნარკოტიკული საშუალებებზე 273-ე მუხლის მოქმედების საკითხზე მსჯელობა არსებითად არ უკავშირდება ამ სარჩელის გადაწყვეტას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლი ასევე აწესებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას პირადი მოხმარებისათვის ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის მცირე ოდენობით უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვისთვის. მოსარჩელე მოცემულ სარჩელში არ დავობს 273-ე მუხლის ამ შინაარსზე, მათ შორის იმ ნაწილშიც, რაც ტეტრაჰიდროკანაბინოლს შეეხება, შემდეგის გათვალისწინებით: მოსარჩელე არ არის ამ ნაწილში უფლებამოსილი სუბიექტი, რამდენადაც ის არ გაუსამართლებიათ და ბრალი არ წარუდგენითა პირადი მოხმარებისთვის ტეტრაჰიდროკანაბინოლის უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვისთვის. ასევე, რამდენადაც 273-ე მუხლის ეს ნორმატიული შინაარსი „წიქარიშვილის საქმეზე“ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამძლევი ნორმაა, მისი გაუქმება უნდა მოხდეს სხვა სასარჩელო წარმოებაში, არსებითი განხილვის გარეშე, კანონით დადგენილი პროცედურით და არა ამ სარჩელის ფარგლებში.
II. გასაჩივრებული ნორმის შეუსაბამობა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლთან.საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით: „ადამიანის პატივი და ღირსება ხელშეუვალია.“ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეში „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ განმარტა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლით დაცული ღირსების კონსტიტუციური პრინციპის ცენტრალური და ფუძემდებლური მნიშვნელობა ღირებულებათა კონსტიტუციური წესრიგისთვის. ადამიანის ღირსების პატივისცემის ფუნდამენტური პრინციპი განსაზღვრავს და აფუძნებს ადამიანის, როგორც უფლებების მქონე სუბიექტის სტატუსს, რომელიც საჯარო ხელისუფლებისგან ადამიანის მიმართ განსაკუთრებულ დამოკიდებულებას მოითხოვს, კრძალავს რა ადამიანის განხილვას ობიექტად, ნებისმიერი საჯარო-პოლიტიკური თუ მორალური მიზნის მიღწევის საშუალებად მის გამოყენებას. ამ მხრივ ღირსება მნიშვნელოვანწილად „უფლებაა დამოკიდებულებაზე“- რომელიც საჯარო ხელისუფლებას ადამიანის მიმართ მოპყრობისას, განსაკუთრებით კი მის მიმართ კანონის საფუძველზე იძულების გამოყენებისას მკაცრ შეზღუდვებს აწესებს [Waldron J., Dignity, Rank and Rights, Oxford, 2012; Dworkin R., Justice for Hedgehogs, Massachusetts, 2011]. „უფლება დამოკიდებულებაზე“ ცხადია არ ამოწურავს ღირსების როგორც უფლებისა და კონსტიტუციური პრინციპის შინაარსს, თუმცა მისი მნიშვნელოვან ღერძს ქმნის. ღირსება აფუძნებს რა ადამიანის როგორც უფლებების სუბიექტის სტატუსს, აღნიშნული უფლებების საფუძვლადაც გვევლინება. ამრიგად, ნებისმიერი ადამიანის უფლების დარღვევა შესაძლოა ღირსების კონსტიტუციური პრინციპის დარღვევაც იყოს. ღირსებას, როგორც „უფლებას საჯარო ხელისუფლების მხრიდან განსაკუთრებულ დამოკიდებულებაზე“ „.... სახელმწიფო ... არღვევს მაშინ, როდესაც ფუნდამენტური უფლებების დარღვევის გზით (შედეგად), მიზნად ისახავს ადამიანის დამცირებას, მისი მიზნის მიღწევის საშუალებად გამოყენებას ან/და მისი ფაქტობრივი ქმედება ასეთ შედეგს გარდაუვლად იწვევს.“ [საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება №1/4/592, საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, პარაგრაფი 16.] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიხედვით, კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის ამგვარი კავშირი განსაკუთრებით ძლიერია მე-17 მუხლის მეორე პუნქტთან, რომლის თანახმადაც: „დაუშვებელია ადამიანის წამება, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობა და სასჯელის გამოყენება“. ამ უკანასკნელი აბსოლუტური უფლებების დარღვევა საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობით გარდაუვლად იწვევს მე-17 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღირსების უფლების დარღვევასაც. 17 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია შეაფასოს სასჯელის კონსტიტუციურობა, შესაბამისად გადაწყვიტოს საკანონმდებლო ორგანოს მიერ სისხლის პოლიტიკის განსაზღვრის უფლებამოსილების კონსტიტუციურ ფარგლებში განხორციელების საკითხი. ღირსების ფუნდამენტური კონსტიტუციური პრინციპის საფუძველზე დადგენილ შეფასების შინაარსობრივ მასშტაბთან ერთად, საკონსტიტუციო სასამართლო ხელმძღვანელობს ხელისუფლების დანაწილების კონსტიტუციური პრინციპითაც, რომელიც ერთი მხრივ ითვალისწინებს პარლამენტის დისკრეციას სისხლის სამართლის პოლიტიკის განსაზღვრაში, მეორე მხრივ კი აყალიბებს სასამართლოს კონსტიტუციური უფლებამოსილების ფარგლებს, აღნიშნული უფლებამოსილების განხორცილების კონსტიტუციური კონტროლისას. [საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება №1/4/592, საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, პარაგრაფები 35-36. ] 17 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე სასჯელის კონსტიტუციურობის შემოწმებისას, საკონსტიტუციო კონტროლს პირველ რიგში ექვემდებარება სისხლის სამართლის პოლიტიკის ის ნაწილი, რომელიც პარლამენტს სასჯელის დაწესების უფლებამოსილებას აძლევს. რამდენადაც ქმედებისთვის სასჯელის დაწესება აუცილებლობით მოითხოვს ამ ქმედების დანაშაულად გამოცხადებას (კრიმინალიზაციას) სასჯელის კონსტიტუციურობის შესახებ მსჯელობა გვერდს ვერ აუვლის თავად ქმედების კრიმინალიზაციის შეფასებასაც კონსტიტუციის საფუძველზე. პირველ რიგში შეფასებადია ის ლეგიტიმური მიზნები, რომელიც ამა თუ იმ ქმედების დანაშაულად გამოცხადება ემსახურება, ასევე იმის შეფასებაც, თუ რამდენად გონივრულია და ვარგისია სისხლის სამართლის ინსტრუმენტები ამ ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად, რამდენად წარმოადგენენ ისინი აუცილებელ საშუალებას და ამოწურულია თუ არა სხვა ნაკლებად მზღუდავი საშუალებები იმავე მიზნების მისაღწევად. [საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება №1/4/592, საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, პარაგრაფი 37.] დასაბუთება რომელიც ქმნის ქმედების დანაშაულად გამოცხადების გონივრულ გამართლებას რელევანტურია სასჯელის გამართლების შეფასებისასაც. ზოგადად შესაძლებელია, რომ ქმედების დანაშაულად გამოცხადება იმდენად იყოს მოკლებული გონივრულ საფუძველს და თვითნებური იყოს, რომ მისთვის დაწესებული ნებისმიერი სასჯელი 17 მუხლის მე-2 პუნქტით აკრძალულ კატეგორიაში ხვდებოდეს. „წიქარიშვილის საქმეში“ საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის საწინააღმდეგოდ მიიჩნია გამომშრალი მარიხუანას 70 გრამამდე პირადი მოხმარების მიზნით შეძენა, შენახვისთვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება. საკონსტიტუციო სასამართლოს აღნიშნული კონსტიტუციური დასაბუთება ვრცელდება ამ სარჩელში გასაჩივრებული ნორმის კონსტიტუციურობის შეფასებაზეც. სსკ- 273-ე მუხლის იმ ნორმატიული შინაარსის, რომელიც მარიხუანას მოხმარებისთვის სასჯელის სახით პატიმრობის გამოყენებას ითვალისწინებს, კონსტიტუციის მე-17 მუხლის მოთხოვნებთან დაწვრილებით შეფასებამდე, აუცილებელია განიმარტოს, თუ რატომ არის „წიქარიშვილის საქმის“ დასაბუთება გამოყენებადი აქ გასაჩივრებული ნორმის კონსტიტუციურობის შეფასებისას. წიქარიშვილის საქმეში სასამართლოს შეფასების საგანი არ ყოფილა მარიხუანას მოხმარებისთვის დაწესებული სასჯელის კონსტიტუციურობა. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ შეძენა და შენახვა რომლისთვისაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა იყო გასაჩივრებული ცალსახად პირადი მოხმარების მიზნით იყო შემოსაზღვრული და გამიჯნული იყო იმავე ქმედებებისგან, რომელთაც გასაღების ან სხვა მიზანი ჰქონდა. სასამართლომ ჩათვალა, რომ მარიხუანას პირადი მოხმარების თავიდან არიდება და ამ გზით საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვა, გახლდათ პირადი მოხმარების მიზნით შეძენის ან შენახვისთვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის დაწესების მთავარი მიზანი, რომელიც ცალსახად არათანაზომიერი და არაგონივრული იყო იმის გათვალისწინებით, რომ მხოლოდ ადამიანის მიერ საკუთარი თავისათვის ზიანის მიყენების თავიდან არიდებას ემსახურებოდა მიზნად. კონსტიტუციური პრინციპების არათანმიმდევრული განმარტება იქნებოდა, თუ ადამიანის მიერ საკუთარი თავისათვის შესაძლო ზიანის მიმყენებელი ქმედების მოსამზადებელი ქმედებებისთვის (შეძენა, შენახვა) სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენებას კონსტიტუციასთან შეუსაბამოდ მივიჩნევდით, ხოლო თავად იმ ქმედებისთვის კი, რომლითაც ადამიანი საკუთარ თავს შესაძლო ზიანს უშუალოდ აყენებს და რომლის თავიდან ასაცილებლადაც მოხდა მისი მოსამზადებელი ქმედებების კრიმინალიზაცია (თავად მოხმარების აქტი) თავისუფლების აღკვეთით დასჯას კონსტიტუციურად ჩავთვლიდით. შესაბამისად, ექიმის დანიშნულების გარეშე, მარიხუანას მცირე ოდენობით უკანონო მოხმარებისთვის ამ ქმედებისთვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული ან ნასამართლევი პირისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული „არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახველი სასჯელის გამოყენების“ აკრძალვას და არღვევს მე-17 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ადამიანის ღირსების ფუნდამენტურ კონსტიტუციურ უფლება-პრინციპს. „წიქარიშვილის საქმეში“ დადგენილი სტანდარტით, კონსტიტუციის მე-17 მუხლის მეორე პუნქტით კონკრეტული სასჯელის შეფასებისას სასამართლო ხელმძღვანელობს თანაზომიერების კონსტიტუციური პრინციპით მისი როგორც „ფართო“ ისე „ვიწრო“ მნიშვნელობით. [საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო „წიქარიშვილის საქმეში“ პროპორციულობის მის მიერ გამოყენებულ სტანდარტებს ამ სახელებით არ მოიხსენიებს, თუმცა ისინი ცალკე აქვს ჩამოყალიბებული და შეფასებული და მათ შორის განსხვავება ცხადია. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს აღნიშნული სტანდარტები არსებითად მსგავსია გერმანიის ფედერალური საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, მსგავს გადაწყვეტილებაში გამოყენებული სტანდარტებისა. იხილეთ, გერმანიის ფედერალური საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე სენატის 1994 წლის 9 მარტის გადაწყვეტილება BVerfGE 90, 145, შემდეგში: „გერმანიის კანაფის აკრძალვის საქმე“. აღნიშნულ საქმეში ფედერალური საკონსტიტუციო სასამართლო იყენებს აკადემიურ სამართლებრივ ლიტერატურაში მიღებულ პროპორციულობის კონსტიტუციური პრინციპის ანალიტიკურ გამიჯვნას მისი „ვიწრო“ და „ფართო“ მნიშვნელობებით. მოსარჩელის არგუმენტის უფრო მწყობრად და ცხადად გადმოცემისთვის აღნიშნულ ანალიტიკურ გამიჯვნას ამ სარჩელშიც გამოვიყენებთ.] „ფართო მნიშვნელობით“ სასჯელის თანაზომიერების შეფასებისას სასამართლო ამოწმებს არის თუ არა კონკრეტული ქმედების კრიმინალიზაცია ლეგიტიმური მიზნების მიღწევის გონივრული და უკიდურესად აუცილებელი გზა და მიიღო თუ არა კანონმდებელმა მხედველობაში სათანადო ფაქტორები მისი დანაშაულად გამოცხადებისას, კერძოდ ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებისა და რისკების სიმძიმის გონივრული შეფასება და სასჯელის სახით იმგვარი პასუხისმგებლობის დაწესება, რომელიც ეფექტურად შეძლებს ამ საფრთხეების თავიდან არიდებას და შეუსაბამოდ შემზღუდავი არ იქნება. სასჯელის კონკრეტული ზომა არა მხოლოდ უნდა ემსახურებოდეს იმ ლეგიტიმური მიზნების მიღწევას, რომლებიც კანონმდებელმა საფუძვლად დაუდო ქმედების კრიმინალიზაციას, არამედ სასჯელის ზოგად მიზნებთანაც უნდა იყოს შესაბამისობაში. [საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება №1/4/592, საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, პარაგრაფი 40.] „ვიწრო მნიშვნელობით“ პროპორციულობის შეფასებისას კი სასამართლო ამოწმებს სასჯელის პროპორციულობას დანაშაულის სიმძიმესთან და დანაშაულით გამოწვეულ ზიანთან მიმართებით. „ვიწრო მნიშვნელობით“ პროპორციულობის შეფასების კიდევ ერთი ელემენტი არის სასჯელის დაკისრებისას მოსამართლის მიერ თანაზომიერების პრინციპის გამოყენების შესაძლებლობა, სასჯელის ინდივიდუალიზაცია კონკრეტული საქმის გარემოებებისა და ბრალდებულის პიროვნების მიხედვით ისე რომ დაკმაყოფილდეს სასჯელის პროპორციულობის კონსტიტუციური მოთხოვნები. [საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება №1/4/592, საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, პარაგრაფი 38] გასაჩივრებული ნორმა აწესებს არაპროპორციულ სასჯელს პროპრორციულობის როგორც „ფართო“ ისე „ვიწრო“ მნიშვნელობით და არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 17 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებს.
2.1. მარიხუანას განმეორებითი მოხმარების დანაშაულად გამოცხადება და სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის არაპროპორციულობა პროპორციულობის პრინციპის „ფართო მნიშვნელობით“სისხლის სამართლის პოლიტიკის განხორციელებისას „სახელმწიფოს ევალება ადამიანისთვის, საზოგადოებისთვის, სახელმწიფოსთვის საფრთხის შემქმნელი რისკების სწორად შეფასება, პროგნოზირება, რეალური საფრთხეების ობიექტურად აწონვა და მათ ასაცილებლად ან გასანეიტრალებლად გონივრული, უკიდურესად აუცილებელი, ამასთან, საკმარისი ღონისძიებების გამოყენება.“ „ამ დროს, პირველ რიგში, მხედველობაშია მისაღები დანაშაულის ბუნება და სამართლებრივი ინტერესი, რომელსაც ზიანს აყენებს კონკრეტული ქმედება.“ [საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება №1/4/592, საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, პარაგრაფი 32.] აღნიშნულის შეფასება კი შეუძლებელია თავად ქმედების კრიმინალიზაციის მიზნების შეფასების გარეშე. გასაჩივრებული ნორმა სისხლის სამართლის წესით სჯის მარიხუანას მოხმარებას განმეორებით იმ პირის მიერ, ვისაც ამ ქმედებისთვის უკვე დაკისრებული ჰქონდა ადმინისტრაციული ან სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა. შესაბამისად, ნორმის მიზანი არის უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდების გზით, თავიდან აიცილოს მარიხუანას განმეორებითი მოხმარება. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მარიხუანას მოხმარების შედეგები მიმართულია მხოლოდ ინდივიდუალური მომხმარებლისკენ და მისი სოციალური შედეგი, თუ სხვა ადამიანებზე გავლენა იმდენად უმნიშვნელოა, რომ არარსებულად შეიძლება ჩაითვალოს. ამრიგად ერთადერთი ლეგიტიმური მიზანი, რომელიც შეიძლება სახელმწიფომ განმეორებითი მოხმარების კრიმინალიზაციისა და სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის დაწესების გასამართლებლად შეიძლება მოიყვანოს თავად ინდივიდუალური მომხმარებლის ჯანმრთელობის დაცვაა მარიხუანას მოხმარების შესაძლო უარყოფითი გავლენისგან. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიხედვით, სისხლის სამართლის პოლიტიკის განსაზღვრისას, საფრთხე რომელსაც ნარკოტიკული საშუალების, კონკრეტულად კი მარიხუანის მომხმარებელი უქმნის საკუთარ ჯანმრთელობას არ არის საკმარისი იმისთვის, რომ სახელმწიფოს მიერ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ლეგიტიმური მიზნის ამოქმედება გაამართლოს. „ჯანმრთელობის დაცვის ლეგიტიმური მიზნის შემოწმებისას სასამართლომ უნდა განასხვავოს საფრთხე, რომელიც უკავშირდება მომხმარებლის ჯანმრთელობას და საფრთხე, რომელსაც გამავრცელებელი უქმნის სხვის ჯანმრთელობას. ცალსახაა, რომ სახელმწიფო არ უნდა ერეოდეს ადამიანის თავისუფლებაში მხოლოდ იმიტომ, რომ ის ირაციონალურ ქმედებას ახორციელებს. ასეთი ჩარევა გამართლებული რომ იყოს, საჭიროა, მან მიაღწიოს გარკვეულ სიმწვავეს, სხვებს უქმნიდეს რეალურ და სერიოზულ საფრთხეს.“ [საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება №1/4/592, საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, პარაგრაფი 74.] მარიხუანას მოხმარების დროს ინდივიდუალური მომხმარებლის მიერ არათუ სხვებისთვის „რეალური და სერიოზული“ საფრთხის, არამედ თავად მომხმარებლის ჯანმრთელობისთვის სერიოზული ზიანის საფრთხის მტკიცებულებაც კი არ არსებობს. „წიქარიშვილის საქმეში“ წარმოდგენილი არგუმენტებისა და ექსპერტთა მოსაზრებების შეფასების შემდეგ სასამართლომ დაასკვნა რომ: „მარიხუანის მოხმარებით ჯანმრთელობისთვის გამოწვევად ზიანის ხარისხთან დაკავშირებით არსებობს აზრთა სხვადასხვაობა და საკონსტიტუციო სასამართლოსთვის რთული იქნება ამ საფრთხის ზუსტად განსაზღვრა. თუმცა აშკარაა, რომ მარიხუანის მოხმარება შესაძლოა ნეგატიურ გავლენას ახდენდეს ადამიანის ჯანმრთელობაზე. ამავე დროს, ეს საფრთხე (რომელიც მარიხუანის მოხმარებამ შეიძლება შეუქმნას მომხმარებელს) არის უფრო მსუბუქი სხვა ე.წ. მძიმე ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების შედეგად გამოწვევად ზიანთან შედარებით. ექსპერტმა დ. ანდღულაძემ აღნიშნა, რომ მარიხუანა, სხვა ნარკოტიკებისგან განსხვავებით, არ იწვევს ფიზიკურ დამოკიდებულებას. ამასთან, მიუხედავად მისი უარყოფითი გავლენისა ფსიქიკაზე, ასეთი ზემოქმედება არის სხვა ე.წ. მძიმე ნარკოტიკული საშუალებების უმრავლესობასთან შედარებით გაცილებით უფრო მსუბუქი. მარიხუანა ასევე შედარებადია ლეგალურად დაშვებული ნივთიერებების (სიგარეტი, ალკოჰოლი) მოხმარებით გამოწვეულ საფრთხესთან. ამავე ექსპერტის (ანდღულაძე) განმარტებით, ალკოჰოლის მავნედ მოხმარების შემთხვევაში არანაკლები ფსიქო-ფიზიკური და სამართლებრივი სირთულეები იქმნება.“ [საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება №1/4/592, საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, პარაგრაფი 79.] შესაბამისად, მარიხუანას განმეორებით მოხმარებისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაწესება ემსახურება მხოლოდ ადამიანის მიერ საკუთარი ჯანმრთელობისათვის შესაძლო ზიანის მიყენების თავიდან აცილებას, რაც სისხლის სამართლის პოლიტიკის მიზნებისთვის არ შეიძლება განვიხილოთ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ლეგიტიმური მიზნის ნაწილად. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო გამორიცხავს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ლეგიტიმური მიზნის პატერნალისტურ განმარტებას სისხლის სამართლის პოლიტიკის განხორციელებისას. აღსაღნიშნავია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო სისხლის სამართლის პოლიტიკის მიღმა არ გამორიცხავს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ლეგიტიმური მიზნის პატერნალისტურ განმარტებას და სხვა სამართლებრივი და რეგულაციური ინსტრუმენტების გამოყენებას ადამიანის მიერ საკუთარი ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენების თავიდან ასაცილებლად. სასამართლოს მაგალითად ფარმაცევტული ბაზრის რეგულირება მოჰყავს და მკაცრად გამიჯნავს მას სისხლისსამართლებრივი პოლიტიკის ინსტრუმენტებისგან, განსაკუთრებით კი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის დაწესებისგან. „ცხადია, ხელისუფლებას აქვს კონსტიტუციური ვალდებულება, კონკრეტული ქმედებების რეგულირების გზით მოახდინოს იმ რისკების გამორიცხვა/მინიმალიზება, რომლებიც შეცდომის დაშვების შედეგად ქმნის, განაპირობებს ადამიანის მიერ საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენების საფრთხეს. მაგალითად, სახელმწიფო შეიძლება ახდენდეს ცალკეულ მედიკამენტებზე თავისუფალი ხელმისაწვდომობის რეგულირებას, რათა ადამიანმა შეცდომით არ მიიღოს სამედიცინო პრეპარატი, რომელიც საბოლოოდ მას ზიანს მიაყენებს. თუმცა არ შეიძლება ადამიანი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის პირისპირ დადგეს იმის გამო, რომ, მაგალითად, არასწორი პრეპარატი დალია ექიმის დანიშნულების გარეშე ან გადაამეტა საჭირო დოზას. ასეთი ლოგიკით, თვითმკვლელობის მცდელობის შემდეგ თუ პირი გადარჩა, ის ასევე უნდა ისჯებოდეს თავისუფლების აღკვეთით, რათა საკუთარ თავს კვლავ არ მიაყენოს ზიანი. საკუთარი ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების თავიდან აცილების მიზნით სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით პირის თავისუფლების აღკვეთა აუხსნელი და გაუმართლებელია.“ [საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება №1/4/592, საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, პარაგრაფი 82.] მარიხუანას მოხმარების შედეგები იმდენად ცალსახად არის მიმართული მხოლოდ მომხმარებლის პიროვნებისა და მისი ჯანმრთელობისკენ, რომ შეუძლებელია ის თავისი ხასიათით ანტისოციალურად ჩავთვალოთ, ანუ ქმდებად რომელმაც „მაღალი ალბათობით, შეიძლება გამოიწვიოს რეალური საფრთხე ასეთი ქმედების განხორციელების მომენტში, პოტენციურად შეუქმნას საფრთხე სხვათა ჯანმრთელობას ან საზოგადოებრივ წესრიგს.“ „წიქარიშვილის საქმეში“ სასამართლოს დასაბუთებიდან ცხადია, რომ ერთადერთი საფრთხე, რომელსაც მარიხუანას მოხმარება წარმოშობს, მომხმარებლის ჯანმრთელობისთვის შესაძლო ზიანია. ხაზგასასმელია, რომ „წიქარიშვილის საქმეში“ მარიხუანას პირადი მოხმარების მიზნით შეძენისა და შენახვისთვის თავისუფლების აღკვეთა იყო გასაჩივრებული. სასამართლოს მსჯელობაში გადამწყვეტი სწორედ კანონმდებლის მიერ ამ ქმედებების აკრძალვის მიზანი -პირადი მოხმარების პრევენცია იყო. თუმცა, სასამართლომ გაითვალისწინა, რომ ნარკოტიკული საშუალებების შეძენას და შენახვას ჰქონდა სოციალური განზომილება და ამ ქმედებების შესაძლო სოციალური შედეგები სხვათა ჯანმრთელობისა და საზოგადოებრივი წესრიგისთვის საფრთხეების სახით, შეიძლებოდა პოტენციურად ყოფილიყო სისხლის სამართლის პოლიტიკის განხორციელების ობიექტი. სწორედ ამის გათვალისწინებით არ მიიჩნია სასამართლომ სსკ 260-მუხლით გათვალისწინებული ნარკოტიკული ნივთიერების შეძენისა და შენახვის ზოგადი აკრძალვა ლეგიტიმური მიზნის არმქონედ და პირადი მოხმარების მიზნის გარეშე აღნიშნული ქმედებების ანტისოციალური/დანაშაულებრივი ხასიათიც არ დაუყენებია ეჭქვეშ (საგულისხმოა, რომ ამას არც მოსარჩელე წიქარიშვილი ამტკიცებდა). სასამართლოს მსჯელობიდან ცხადია, რომ მხოლოდ მოხმარების პრევენციის მიზანი ვერ იქნება მიმართული საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და წესრიგის დაცვისა თუ სისხლის სამართლის პოლიტიკის სხვა ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად, დანაშაულად გამოცხადებული ქმედების სოციალური საფრთხეების დემონსტრირების გარეშე. ამრიგად, მარიხუანას განმეორებითი მოხმარების კრიმინალიზაცია, პროპორციულობის შეფასების პირველივე საფეხურზე ვერ აკმაყოფილებს კონსტიტუციის მოთხოვნებს. მარიხუანას განმეორებითი მოხმარების კრიმინალიზაცია მიზნად ისახავს რა მხოლოდ მომხმარებლის მიერ საკუთარი ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების პრევენციას სასჯელის მუქარის მეშვეობით, არ ემსახურება სისხლის სამართლის პოლიტიკის განხორციელებისთვის კონსტიტუციით დასაშვებ არც ერთ ლეგიტიმურ მიზანს. რამდენადაც არ ემსახურება კონსტიტუციით დასაშვებ ლეგიტიმურ მიზანს, გასაჩივრებული ნორმის მიერ მარიხუანას განმეორებითი მოხმარების კრიმინალიზაცია არაგონივრული და თვითნებურია. შესაბამისად, ასეთი ნორმის მიერ დაწესებული ნებისმიერი სასჯელიც იმთავითვე არაგონივრულად და თვითნებურად შეგვიძლია მივიჩნიოთ, განსაკუთრებით კი კონსტიტუციური თავისუფლების ისეთი მძიმედ შემზღუდავი სასჯელი, როგორც თავისუფლების აღკვეთაა. 2.1.1. გასაჩივრებული ნორმით გათვალისწინებული თავისუფლების აღკვეთის შეუსაბამობა სასჯელის ზოგად მიზნებთანმაშინაც კი, თუ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო არ გაიზიარებს მოსარჩელის არგუმენტს, რომ მარიხუანას მოხმარების კრიმინალიზაცია მოკლებულია ლეგიტიმურ მიზანს, არაგონივრულია და თვითნებურია და შესაბამისად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 და პირველ პუნქტებს, გასაჩივრებული ნორმის საფუძველზე სასჯელის სახით დაწესებული თავისუფლების აღკვეთის შეფასება „ფართო გაგებით“ პროპორციულობის ანალიზის შემდეგ საფეხურსაც ვერ დაძლევს. კერძოდ, გასაჩივრებული ნორმით დაწესებული თავისუფლების აღკვეთა არ შეესაბამება სასჯელის ზოგად მიზნებს და უსარგებლოა მათ მისაღწევად. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიხედვით, სასჯელის ზოგადი მიზნებია: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. გასაჩივრებული ნორმით დაწესებული სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით არა მხოლოდ არ ემსახურება არც ერთ ლეგიტიმურ მიზანს, არამედ სწორედ ამიტომაც, არსებითად უვარგისია სასჯელის რომელიმე ზოგადი მიზნის მისაღწევად. 2.1.1.1. „სამართლიანობის აღდგენა“სისხლის სამართლის კონტექსტში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო სამართლიანობის აღდგენის მიზანს შემდეგნაირად განმარტავს: „ვინაიდან თავისუფლება ყველასათვის ერთნაირი სიკეთეა და გულისხმობს საზოგადოების თითოეული წევრის თანაბარ შესაძლებლობას, შანსს განვითარებასა და თვითრეალიზაციაზე, ყველა, ვინც ამ თავისუფლებით ბოროტად ისარგებლებს, ზღვარს გადააბიჯებს, სხვის თავისუფლებას (ამა თუ იმ უფლებას) ხელყოფს, სამართლიანობა მოითხოვს, აღდგეს თავდაპირველი წონასწორობა და სამომავლოდაც საფრთხის ქვეშ არ იდგეს ყველას ერთნაირი უფლება თავისუფლებაზე. ასეთი წონასწორობის, ბალანსის დასაცავად ხელისუფლება სხვადასხვა ზომებს მიმართავს და საჭიროების შემთხვევაში იძულებითი ღონისძიების უმკაცრეს ზომასაც (სასჯელს). მაშასადამე, სასჯელით სამართლიანობის აღდგენის მიზანი გულისხმობს სწორედ მართლწესრიგში ბალანსის აღდგენასა და შენარჩუნებას.“ [საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება №1/4/592, საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, პარაგრაფი 45.] მარიხუანას მოხმარება მხოლოდ მომხმარებლის ჯანმრთელობას ეხება ვერ დააზიანებს ვერც სხვათა ჯანმრთელობას და ვერც სხვა ადამიანების თავისუფლებას შელახავს. შესაბამისად, რამდენადაც არ შეიძლება არსებობდეს სხვა ადამიანების თავისუფლების ხელყოფა მარიხუანას პირადი მოხმარების შედეგად, შეუძლებელია ვისაუბროთ ხელყოფილი უფლებებისა და მართლწესრიგში წონასწორობისა აღდგენის მიზანზეც. 2.1.1.2. „ახალი დანაშაულის თავიდან არიდება“ - სპეციალური პრევენციასპეციალური პრევენციის მიზანია „დამნაშავისათვის ახალი დანაშაულის ჩადენის შესაძლებლობის მოსპობა[]“, რომლის „...ლოგიკა შემდეგ დაშვებას ეფუძნება: ა)როდესაც დამნაშავე ისეთი მაღალი საფრთხის შემცველია, რომ საზოგადოების დაცვის მიზნით მიზანშეწონილია მისი თავისუფლების აღკვეთა, საზოგადოებისგან მისი იზოლირება კანონზომიერად ამცირებს საზოგადოებისთვის იგივე პირის მიერ ზიანის მიყენების რისკს (თუმცა პირმა საპატიმროშიც შეიძლება ჩაიდინოს დანაშული); ბ) ამასთან, პირი პირადად განიცდის რა საკუთარ თავზე დანაშაულის ჩადენის სამართლებრივ შედეგებს, სახელმწიფოს იძულებითი ღონისძიების ნეგატიურ ეფექტებს, ეს გარემოება გამაფრთხილებელ ზეგავლენას მოახდენს მის მომავალ ქცევაზე. თუმცა, ცხადია, სასჯელი არ არის პირის მიერ მომავალში დანაშულის ჩადენის გამორიცხვის აბსოლუტური გარანტია.“ [საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება №1/4/592, საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, პარაგრაფი 49.] მარიხუანას განმეორებითი მოხმარების თავისუფლების აღკვეთით დასჯა სრულად შეუსაბამოა სპეციალური პრევენციის ლოგიკასთან. პირველ რიგში, გაურკვეველია, თუ რატომ არის მარიხუანას მომხმარებელი საზოგადოებისთვის ისეთი მაღალი საფრთხის შემცველი, რომ მისი იზოლირება არის აუცილებელი. ასევე ბუნდოვანია, თუ საზოგადოებისთვის რა ზიანის მიყენებას აღკვეთს მარიხუანას მომხმარებლის იზოლირება, მაშინ როდესაც ერთადერთი მეტ-ნაკლებად მოსალოდნელი განმეორებითი ქმედება, ამ უკანასკნელის მხრიდან მარიხუანას განმეორებითი მოხმარებაა, რომელსაც შესაძლო შედეგები მხოლოდ მის ჯანმრთელობაზე აქვს და არა საზოგადოებაზე და მის რომელიმე წევრზე. ამრიგად, მარიხუანას განმეორებით მოხმარებისთვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის დაწესებას არავითარი გონივრული კავშირი სპეციალური პრევენციის მიზანთან არ გააჩნია. 2.1.1.3. „ახალი დანაშაულის თავიდან არიდება“ - ზოგადი პრევენციამარიხუანას განმეორებითი მოხმარებისთვის თავისუფლების აღკვეთის სასჯელად დაწესება ვერც ზოგადი პრევენციის მიზანს აღწევს ამ მიზნის კონსტიტუციურად დასაშვები მნიშვნელობით. ზოგადი პრევენციის ფუნქცია გულისხმობს, რომ „...კონკრეტული ქმედებისთვის პირის დასჯა არის დემონსტრირება, დეკლარირება იმისა, რომ ყველას, ვინც მსგავს ქმედებას ჩაიდენს, ემუქრება იგივე სასჯელი, შედეგად, მას აქვს ერთგვარი წინაღობის ძალა დანაშაულის ჩადენის ყველა პოტენციური მსურველის მიმართ.“ [საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება №1/4/592, საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, პარაგრაფი 51.] ზოგადი პრევენციის ლოგიკა მარიხუანას მოხმარების დასჯის შემთხვევაში მოკლებულია შინაარსს, რადგან მიმართულია ისეთი ქმედების განმეორების თავიდან აცილებისკენ, რომლის შესაძლო უარყოფითი შედეგი მხოლოდ მოქმედი პირის მიმართ დგება და საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა თუ წესრიგის მიმართ საფრთხეს არ მოიცავს. ასევე არაგონივრულია იმის მტკიცება, რომ მარიხუანას მოხმარების პრევენციით პოტენციურად უფრო საშიში, მარიხუანათი უკანონო ვაჭრობასთან დაკავშირებული დანაშაულების თავიდან არიდებაა. აღნიშნული მტკიცება ეფუძნება მცდარ დაშვებას, რომ სასჯელის შიშით მარიხუანას მოხმარება შემცირდება, ხოლო შემცირებული მოთხოვნა ასევე შეამცირებს მოწოდებასაც და შესაბამისად მარიხუანათი უკანონო ვაჭრობაც შემცირდება. წამყვანი ეკონომისტების კვლევები აჩვენებს, რომ ნარკოტიკულ საშუალებებზე მოთხოვნა-მიწოდება არ არის ელასტიური და შესაბამისად მოლოდინი, მოთხოვნის იძულებითი შემცირების გზით, მიწოდების შემცირებაზე გონივრულ გამართლებას მოკლებულია. [Becker G.S., Murphy K.M., Grossman M., The Market for Illegal Goods: The Case of Drugs, http://faculty.chicagobooth.edu/kevin.murphy/teaching/Market%20for%20Illegal%20Goods-JPE.pdf , 1.03.2016] გონივრული გამართლების არარსებობა მარიხუანას მომხმარებისთვის დაწესებულ სასჯელს თვითმიზნურად აქცევს და ზოგადი პრევენიის მიზნის კონსტიტუციის საწინააღმდეგო გამოყენებით, მარიხუანას მომხმარებელს „სახელმწიფოს ხელში ადამიანთა დაშინების იარაღად“ აქცევს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო კატეგორიულად კრძალვს სასჯელის დაწესებას მხოლოდ ზოგადი პრევენციის მიზნით: „ადამიანი არ შეიძლება იყოს სისხლის სამართლის პოლიტიკის ინსტრუმენტი და დანაშაულთან ბრძოლის საშუალება, ადამიანი არის მიზანი, რომელზე ორიენტირებითაც მოქმედებს ხელისუფლება, მათ შორის, სისხლის სამართლის პოლიტიკის შემუშავების პროცესშიც, უფრო ზუსტად კი, სისხლის სამართლის პოლიტიკის შემუშავებაც სწორედ ამ მიზანს უნდა ემსახურებოდეს.“ [საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება №1/4/592, საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, პარაგრაფი 54.] მარიხუანას განმეორებით მოხმარებისთვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის დაწესებით, კანონმდებელი მარიხუანას მომხმარებლის სწორედ ამგვარ ობიექტივიზაციას ახდენს, განიხილავს რა მას მხოლოდ საკუთარი ნარკოპოლიტიკის მიზნების მიღწევის საშუალებად. ზოგადი პრევენციის მიზანი ვერ შესრულდება, რადგან სახელმწიფო უპირველესად მოცემული ქმედების დანაშაულად გამოცხადებისას მოქმედებს არაგონივრულად. სასჯელიც შესაბამისად არაგონივრულია და მას არ შეუძლია სასჯელის მიზნების ერთობლიობაში მიღწევა. სასჯელის მიზნები კი სწორედ ერთობლიობაში მიიღწევა, იმდენად რამდენადაც ისინი მჭიდროდ არიან ერთმანეთთან და ქმედების კრიმინალიზაციის გონივრულ გამართლებასთან დაკავშირებულნი. „სასჯელის ზოგადი ნეგატიური პრევენციის ფუნქცია, ცხადია, მნიშვნელოვანია და ის მუშაობს, მაგრამ მისი მიზნობრივი ქმედითობა მიღწევადია მხოლოდ მაშინ, თუ კონკრეტული ქმედებისთვის დაკისრებულ სასჯელს აქვს ობიექტური საფუძველი და უნარი, უზრუნველყოს სამართლიანობის აღდგენის, რესოციალიზაციის და სპეციალური პრევენციის ფუნქცია. ამ ფუნქციებთან ბუნებრივი თავსებადობის გარეშე, მხოლოდ ზოგადი პრევენციის მიზანზე ორიენტირებით სასჯელის დაწესება ან გამოყენება არღვევს ბალანსს, რომელსაც უნდა ეფუძნებოდეს და ემსახურებოდეს სასჯელის დანიშვნა ზოგადად.“ [საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება №1/4/592, საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, პარაგრაფი 53.] მარიხუანას მოხმარების კრიმინალიზაცია მიზანში იღებს ადამიანის ქმედებას, რომლის შედეგიც მხოლოდ საკუთარი თავისათვის შესაძლოა ზიანია. საზოგადოებრივი საფრთხის არსებობის მტკიცებულებების არქონა სახელმწიფოს ხელს არ უშლის მიზანში ამოიღოს კერძო პირის სრულად საკუთარი თავისკენ მიმართული ქცევა და მის სასჯელის მეშვეობით აღკვეთას ესწრაფოს. როდესაც სასჯელის მიზანი მხოლოდ საზოგადოების დაშინებაა და სასჯელი რაციონალურ საფუძველსაა მოკლებული, ის ვერც სასჯელის სხვა ფუნქციებს შეასრულებს.
2.1.1.4. დამნაშავის რესოციალიზაციადამნაშავის ინტეგრირება საზოგადოებაში სასჯელის ერთ-ერთი მთავარი ზოგადი მიზანია. „რესოციალიზაციის მიზანი გულისხმობს სასჯელის მეშვეობით დამნაშავის საზოგადოებაში საყოველთაოდ აღიარებული თანაცხოვრების წესებისადმი შეგუებას, სასჯელის მოხდის შედეგად საზოგადოებაში ჩამოყალიბებული მართლზომიერი ქცევის წესებისა და პირობებისადმი პირის ადაპტაციას. თუმცა სასჯელის მეშვეობით ამ მიზნის მიღწევის შესაძლებლობა საეჭვო იქნება საამისოდ შესაბამისი პირობების გარანტირების გარეშე. შესაძლოა, სწორედაც რომ საწინააღმდეგო შედეგი დადგეს: პატიმრობის შედეგად პირის საზოგადოებაში ნორმალური ცხოვრების წესისა და უნარისგან კიდევ უფრო მეტი დისტანცირება მოხდეს.“ [საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება №1/4/592, საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, პარაგრაფი 47.] მარიხუანას განმეორებითი მოხმარებისთვის თავისუფლების აღკვეთის გამოყენება სწორედ საპირისპირო შედეგებს გვაძლევს. სახელმწიფოსთვის შეუძლებელია მიაღწიოს დამნაშავის რესოციალიზაციის მიზანს, თუ მისთვის საკუთარი ქმედების დანაშაულად გამოცხადებისა და სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის შეფარდების გონივრული გამართლების მიცემა არ შეუძლია. მოსარჩელე გივი შანიძეს გასაჩივრებული ნორმის გამოყენებით თავისუფლების აღკვეთის შეფარდების რეალური საფრთხე ელის, თუმცა მისთვის გაუგებარია, თუ როგორ შეძლებს მისთვის თავისუფლების აღკვეთა სამართლიანობის ან სხვათა დარღვეული უფლებების აღდგენას, რა საფრთხეებს აარიდებს მისი თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ყოფნა საზოგადოებას და როგორ მოახერხებს თავისუფლების აღკვეთა მისი სოციალური ქცევის უზრუნველყოფას, მაშინ როდესაც გონივრულად აუხსნელია თუ რა იყო ანტისოციალური მარიხუანას მოხმარებაში, რომლის ყველა შედეგიც მხოლოდ საკუთარ თავზე მიიღო. მაშინ როდესაც სახელმწიფოს ზოგადი კონსტიტუციური სტანდარტებით არ შეუძლია დაასაბუთოს მარიხუანას განმეორებითი მოხმარებისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის და სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გონივრულობა, ის ვერ შეძლებს ზემოქმედება მოახდინოს „დამნაშავის“ სუბიექტურ პერსპექტივაზეც. სასჯელის კონსტიტუციური პრინციპების შესაბამისი და გონივრული გამართლება ტოვებს იმედს, რომ დროთა განმავლობაში „დამნაშავეც“ გაიზიარებს ამ გონივრულ გამართლებას, რაც მისი უკან საზოგადოებრივ წესრიგში სრულფასოვანი დაბრუნების საწინდარი იქნება. როდესაც ამგვარი გონივრული გამართლება ობიექტურად და იმთავითვე არ არსებობს, მაშინ „დამნაშავისთვის“ მისთვის შეფარდებული სასჯელი ყოველთვის დარჩება უსამართლოდ, თვითნებურად და რეპრესიულად. ასეთ დროს ვერ ვიტყვით, რომ „დამნაშავის“ ასეთი პერსპექტივა გონივრულ საფუძველსაა მოკლებული. თვითნებური სასჯელი მოქალაქეთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ნაცვლად მათ გაუცხოებას იწვევს და კონსტიტუციური სისტემის ლეგიტიმაციას უქმნის საფრთხეს. მოსარჩელე გივი შანიძემ გასაჩივრებული ნორმის საფუძველზე უკვე დაკარგა სამუშაო ადგილი, მისთვის პედაგოგიური საქმიანობის უფლების ჩამორთმევის გამო. ის ამჟამად მოხალისეობრივ საფუძველზე ასრულებს მსგავს სამუშაოს, რისი შესაძლებლობაც მალე შეიძლება მოესპოს თავისუფლების აღკვეთის შეფარდებით. აღნიშნულ სასჯელს მის მიმართ არა რესოციალიზაციის არამედ საზოგადოებისგან შემდგომი გარიყვის ფუნქცია ექნება.
2.2. მარიხუანას მოხმარებისთვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის შეფარდების არაპროპორციულობა პროპორციულობის პრინციპის „ვიწრო მნიშვნელობით“„ვიწრო მნიშვნელობით“ პროპორციულობის შეფასებისას მნიშვნელოვანია განისაზღვროს თუ რამდენად იძლევა სასჯელი მისი აღსრულებისას ინდივიდუალურ საქმეებში პროპორციულობის პრინციპის დაცვის შესაძლებლობას. „მოცემულ შემთხვევაში სასჯელის კონსტიტუციურობის შეფასება ეფუძნება შემდეგ გარემოებებს: 1) მოწმდება აშკარა არაპროპორციულობა დანაშაულის სიმძიმესა და მისთვის გათვალისწინებულ სასჯელს შორის - კანონმდებლობით ამა თუ იმ ქმედებისთვის დაკისრებული სასჯელი გონივრულ და პროპორციულ დამოკიდებულებაში უნდა იყოს კონკრეტული დანაშაულით გამოწვევად ზიანთან, რომელიც ადგება/შეიძლება მიადგეს პირებს/საზოგადოებას. ... 2) კანონი უნდა იძლეოდეს შესაძლებლობას, მოსამართლემ სასჯელის დაკისრებისას გაითვალისწინოს კონკრეტული საქმის გარემოებები, ქმედებით გამოწვეული ზიანი, დამნაშავის ბრალეულობის ხარისხი და სხვა, რათა ფაქტობრივად გამოირიცხოს ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში ყველა რელევანტური ფაქტორის/გარემოების გაუთვალისწინებლად არაპროპორციული სასჯელის შეფარდება.“ [საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება №1/4/592, საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, პარაგრაფი 38] „ვიწრო მნიშვნელობით“ პროპორციულობის პირველი ნაწილის შეფასებისას მნიშვნელოვანია თავისუფლების აღკვეთის ხანგძლივობა, თუმცა არა გადამწყვეტი. ხანგძლივი სასჯელი უვადო თავისუფლების აღკვეთის ჩათვლით არ არის თავისთავად არაკონსტიტუციური, თუ ის გონივრულია და პროპორციულია დანაშაულთან მიმართებით. „...ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივი ვადა, უვადო პატიმრობაც კი, თავისთავად არ გულისხმობს არაადამიანურ, სასტიკ მოპყრობას და სასჯელს. შესაძლოა, ხანგრძლივი თავისუფლების აღკვეთა (15, 20 წელი), ისევე როგორც უვადო პატიმრობა, არა მხოლოდ არ არღვევდეს, არამედ შემხებლობაშიც კი არ იყოს აღნიშნულ უფლებასთან, მაშინ როდესაც გაცილებით უფრო ხანმოკლე თავისუფლების აღკვეთა მიჩნეულ იქნეს ადამიანისადმი არაჰუმანურ მოპყრობად და სასტიკ სასჯელად. მაშასადამე, თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობის, როგორც კრიტერიუმის სრულად უგულებელყოფა, ამ დროს არ შეიძლება, თუმცა თავისთავად ხანგრძლივობა ყოველთვის და ავტომატურად ამ უფლების დარღვევას არ იწვევს. ხანგრძლივი და უვადო თავისუფლების აღკვეთა გათავისუფლების შანსის (შესაძლებლობის) გარეშე განიხილება არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობად. იმავდროულად, გათავისუფლების შესაძლებლობის არსებობა ვერ გამოდგება სასჯელის არაადამიანურ და დამამცირებელ სასჯელად მიჩნევის გამორიცხვისთვის, თუ სასჯელი მკვეთრად არაპროპორციულია ჩადენილი ქმედებისა.“ [საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება №1/4/592, საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, პარაგრაფი 24] შესაბამისად, თავისთავად ის ფაქტი, რომ გასაჩივრებული ნორმა ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას, შედარებით მცირე, ერთ წლამდე ვადით, არ გამორიცხავს მის შეფასებას 17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით. თავისუფლების აღკვეთა ერთ წლამდე ვადით მარიხუანას განმეორებითი მოხმარებისთვის არაპროპორციულია თავად ქმედების სიმძიმიდან და საზოგადოებრივი საშიშროების უმნიშვნელო ხარისხიდან გამომდინარე. მარიხუანას მოხმარება არ იწვევს საზოგადოებრივ შედეგებს და საფრთხეს არ უქმნის სხვათა ჯანმრთელობას და საზოგადოებრივ წესრიგს. შესაბამისად მისი დასჯა თავისუფლების აღკვეთით არ ემყარება გონივრულ გამართლებას, არ გააჩნია ლეგიტიმური მიზანი და გონივრული კავშირი სასჯელის ზოგად მიზნებთან. აღნიშნულის გამოსწორება არც მოსამართლის მიერ არის შესაძლებელი. გასაჩივრებული ნორმის გამოყენებისას ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიმართ მოსამართლეს რჩება დისკრეცია გამოიყენოს უფრო მსუბუქი სასჯელი, მათ შორის პირობითი მსჯავრი. თუმცა, მოსარჩელე გივი შანიძის მიმართ მიმდინარე ბრალდების საქმეზე მოსამართლეს აღარ რჩება კანონიერი შესაძლებლობა გამოიყენოს სხვა სასჯელი გარდა თავისუფლების აღკვეთისა, რადგან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, გამოსაცდელი ვადის განმავლობაში განმეორებით განზრახ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, მოსამართლეს არ აქვს დისკრეცია გამოიყენოს პირობითი მსჯავრი. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ „წიქარიშვილის საქმის“ მსგავს გადაწყვეტილებაში [გერმანიის ფედერალური საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე სენატის 1994 წლის 9 მარტის გადაწყვეტილება BVerfGE 90, 145] გერმანიის ფედერალურმა საკონსტიტუციო სასამართლომ კონსტიტუციურად სცნო სსკ-ს 260-ე მუხლის მსგავსი ნორმები იმ საფუძვლით, რომ პროპორციულობის პრინციპი „ვიწრო გაგებით“ დაცული იყო იმ საქმეებში, სადაც ბრალდებულს პირადი მოხმარების მიზნით, მცირე ოდენობით მარიხუანას დამზადებას, შეძენას ან შენახვას სდებდნენ ბრალად. ფედერალური საკონსტიტუციო სასამართლოსთვის წარმოდგენილი სტატისტიკით, ასეთი საქმეების უმეტესობაში ან პროკურატურა წყვეტდა სისხლისსამართლებრივ დევნას ან სასამართლო, ან უკიდურეს შემთხვევაში იყენებდა არასაპატიმრო სასჯელებს. გერმანიის შემთხვევაში, გასაჩივრებული კანონი ამის ნათელ და განჭვრეტად საფუძველს იძლეოდა და მისი აღსრულების პრაქტიკა შესაბამისობაში იყო პროპორციულობის კონსტიტუციურ მოთხოვნებთან, რასაც ვერ ვიტყვით საქართველოზე სადაც პროპორციულობის პრინციპის დაცვის შესაძლებლობას არც თავად მკაცრი კანონმდებლობა და არც კიდევ უფრო მკაცრად აღსრულებული სისხლის სამართლებრივი ნარკოპოლიტიკა იძლევა. ისევე როგორც “წიქარიშვილის საქმეში“ 260-ე მუხლის შემთხვევაში, გასაჩივრებული ნორმაც მოსამართლეს არ უტოვებს შესაძლებლობას გამოიყენოს უფრო მსუბუქი სასჯელი. მოსამართლეს მაინც ფართო დისკრეცია რჩება გამოიყენოს თავისუფლების აღკვეთა იმ დანაშაულზე, რომელსაც საზოგადოებრივი ზიანი არ გამოუწვევია და არც შეიძლებოდა გამოეწვია. შესაბამისად გასაჩივრებული ნორმა არღვევს პროპროციულობის პრინციპს „ვიწრო მნიშვნელობითაც“ და კანონმდებლის მიერ არაადამიანური და სასტიკი სასჯელის გამოყენებაა საქართველოს კონსტიტუციის 17 მუხლის მე-2 პუნქტის დარღვევით. 2.3. გასაჩივრებული ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებს.მოსარჩელე ამტკიცებს რომ: ა) მარიხუანას განმეორებითი მოხმარებისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაწესება არ ემსახურება ლეგიტიმურ მიზანს, თვითნებურია და მისთვის დაწესებული ნებისმიერი სასჯელი უტოლდება საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის დარღვევით არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახველი სასჯელის გამოყენებას. ბ) მარიხუანას განმეორებითი მოხმარებისთვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობა არ ემსახურება გონივრულ გამართლებას, არის თვითნებური და თვითმიზნური სასჯელი, რომელიც არ შეესაბამება სასჯელის არც ერთ ზოგად მიზანს, ახდენს მარიხუანას მომხმარებლის გამოყენებას სისხლისსამართლებრივი პოლიტიკის ინსტრუმენტად და შესაბამისად არის საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის დარღვევით არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახველი სასჯელის გამოყენება. გ)არაადამიანური და სასტიკი სასჯელის გამოყენებით, გასაჩივრებული ნორმა ლახავს საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მოსარჩელის ფუნდამენტურ კონსტიტუციურ უფლებას მისი ღირსების პატივისცემაზე.
III. გასაჩივრებული ნორმის შეუსაბამობა საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან.საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლი განამტკიცებს პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებას. თავისუფალი განვითარების უფლება მოიცავს როგორც ეთიკურ ავტონომიას და მის განხორციელებას აზრისა და ინტელექტუალურ სფეროში, ასევე მის საფუძველზე ცხოვრებისა და მოქმედების თავისუფლებასაც. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით: „კონსტიტუციის მე-16 მუხლი უზრუნველყოფს პირის უფლებას, თავისუფლად მოახდინოს თვითიდენტიფიცირება, დამოუკიდებლად განსაზღვროს საკუთარი იდენტობა, ცხოვრების წესი და სტილი, ინდივიდუალური განვითარების და სხვა პირებთან ურთიერთობის გზები და ფორმები, თავისი მორალური, სოციალური, ინტელექტუალური თუ სხვა მოთხოვნილებების და ინტერესების დაკმაყოფილების საშუალებები.“ [საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილება № 2/1/536, საქმეზე “საქართველოს მოქალაქეები - ლევან ასათიანი, ირაკლი ვაჭარაძე, ლევან ბერიანიძე, ბექა ბუჩაშვილი და გოჩა გაბოძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ” პარაგრაფი 56.] თავისუფალი განვითარების უფლება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით ქმნის ბუნებითი თავისუფლების რეზიდუალურ კონსტიტუციურ გარანტიას, რომელიც იცავს თავისუფლების ყველა იმ კონსტიტუციურ ინტერესს, რომელიც სპეციფიკურად არ არის დაცული რომელიმე სხვა კონსტიტუციური უფლებით. [საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილება № 2/4/532,533, საქმეზე საქართველოს მოქალაქეები - ირაკლი ქემოკლიძე და დავით ხარაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ პარაგრაფი 5; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილება № 2/1/536, საქმეზე “საქართველოს მოქალაქეები - ლევან ასათიანი, ირაკლი ვაჭარაძე, ლევან ბერიანიძე, ბექა ბუჩაშვილი და გოჩა გაბოძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ” პარაგრაფი 57] შესაბამისად, თავისუფალი განვითარების უფლებით დაცული სფერო მნიშვნელოვნად ფართოა და მოიცავს ადამიანის განვითარების ფიზიკურ, ფსიქიკურ, ინტელექტუალურ და სოციალურ ასპექტებს. თავისუფალი განვითარების უფლების ამ ფართო სფეროში ექცევა როგორც საკუთარ ფიზიკურ განვითარებასთან, სხეულთან და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მოქმედებები და გადაწყვეტილებები, მკურნალობისა და საკუთარ სხეულსა და ჯანრმთელობაზე ზრუნვის გადაწყვეტილებების ჩათვლით, ასევე გადაწყვეტილებები რეკრეაციულ სფეროში. ადამიანს აქვს ფართო შესაძლებლობა თავად განსაზღვროს ის საქმიანობა ან მოქმედება, რომელიც მისთვის სიკეთის მომტანია ამ ცნების ყველაზე ფართო მნიშვნელობით, რომელიც როგორც მატერიალურ-ფიზიკურ ისე ფსიქიკურ-ინტელექტუალურ სფეროებს მოიცავს. თუ ეთიკური ავტონომია მის შიდა, მხოლოდ საკუთარი პიროვნებისკენ მიმართულ ნაწილში აბსოლუტურია და ჩარევას არ ექვემდებარება, მისი ქმედებაში გამოხატული ნაწილი, რომელსაც სხვა ადამიანების მიმართაც შეიძლება ჰქონდეს შედეგები შესაძლოა საჯარო ხელისუფლების მხრიდან შეზღუდვას დაექვემდებაროს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებში, სადაც სასამართლო მე-16 მუხლის განმარტებას აყალიბებს სასამართლო აღნიშნავს, რომ მე-16 მუხლი არ ითვალისწინებს აბსოლუტურ უფლებას. ეს ნიშნავს რომ მე-16 მუხლის დაცული სფერო სრულად არ არის აბსოლუტური, თუმცა არ გამორიცხავს, რომ მე-16 მუხლით დაცული თავისუფლების ნაწილი კატეგორიულად არ ექვემდებარება სახელმწიფოს მხრიდან ჩარევას, განსაკუთრებით სისხლის სამართლის ინსტრუმენტების გზით. მე-16 მუხლით გათვალისწინებული რეზიდუალური კონსტიტუციური თავისუფლება, რომელიც არ ექვემდებარება ამომწურავ განმარტებას [საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილება № 2/4/532,533, საქმეზე საქართველოს მოქალაქეები - ირაკლი ქემოკლიძე და დავით ხარაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ პარაგრაფი 4], შეუძლებელია სრულად შეუზღუდავი იყოს, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ადამიანი საზოგადოებისგან ატომიზებული და იზოლირებული არ არის და მისი თავისუფლების მნიშვნელოვან ნაწილს საზოგადოებრივი განზომილება და ეფექტები აქვს. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ადამიანის თავისუფლების სფერო არ მოიცავს შიდა, სახელმწიფოსგან შეუვალ ნაწილს, რომლის შიგნით ადამიანის მოქმედებსაც საზოგადოებრივი განზომილება არ გააჩნია და საზოგადოების მიმართ შედეგებს არ იწვევს. გონივრულია ვივარაუდოთ, რომ ის ფაქტი, რომ აღნიშნული საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მე-16 მუხლის განმარტებისას ცხადად არ უთქვამს განპირობებულია იმით, რომ იმ მცირე რაოდენობის საქმეებიდან, რომლებიც მე-16 მუხლით დაცულ თავისუფლებას შეეხებოდა, არც ერთში თავისუფლების შიდა, ჩარევისგან კატეგორიულად დაცული ნაწილი არ გვხვდებოდა. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით გათვალისწინებული რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლების მაგალითზე, საკონსტიტუციო სასამართლოს უკვე აქვს პრაქტიკა, თუ როგორ შეიძლება პრინციპული განცალკევება თავისუფლების „შიდა“, ჩარევისგან დაცულ და „გარე“ სოციალური ეფექტების მქონე სფეროებს შორის. [საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილება № 1/1/477, საქმეზე საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.] მოსარჩელე საკონსტიტუციო სასამართლოს სთხოვს აღნიშნული მიდგომა აირჩიოს ამ სარჩელის გადაწყვეტისასაც, კონსტიტუციის მე-16 მუხლის განმარტებისას. თავისუფლების კონსტიტუციური მნიშვნელობიდან გამომდინარე საჯარო ხელისუფლების მიერ ნებისმიერი ჩარევა განსაკუთრებულ გამართლებას მოითხოვს. ჩარევის გამართლების ტვირთი განსაკუთრებით მძიმეა მაშინ, როდესაც სახელმწიფო მის ხელთ არსებულ იძულების ერთ-ერთ ყველაზე ინტენსიურ საშუალებას, სისხლის-სამართლებრივ აკრძალვას და სასჯელს იყენებს. საჯარო ხელისუფლებისთვის შეუძლებლის ზღვარზე გადის მონახოს მნიშვნელოვანი ლეგიტიმური მიზანი ისეთი ქმედების შეზღუდვისთვის, რომელიც სრულად საკუთარი თავისკენაა მიმართული და საზოგადოებრივ შედეგებს არ იწვევს. სახელმწიფო მოკლებულია შესაძლებლობას თავისთავადი მორალური შეფასებები მისცეს ქმედებებს მათი შედეგებისგან განცალკევებით. სახელმწიფოსთვის ამგვარი უფლებამოსილების მინიჭება საფუძველს გამოაცლიდა და აზრს დაუკარგავდა ეთიკურ ავტონომიას- ადამიანთა ცხოვრებას სრულად სახელმწიფოს სავალდებულო ეთიკურ გადწყვეტილებაზე დამოკიდებულს გახდიდა: კითხვაზე „როგორც ვიცხოვრო?“ ან „რა არის კარგი ცხოვრება ან კარგად ცხოვრება?“ ადამიანს სახელმწიფოს მიერ იძულებით თავსმოხვეული პასუხების გაცემა მოუწევდა. შესაბამისად, მარიხუანას მოხმარების დასჯა თავისუფლების აღკვეთით, „წმინდა მორალისტური“ არგუმენტით- რომ ის თავისთავად მიუღებელი ან ამორალურია, ასევე „პატერნალისტური“ არგუმენტით- რომ ის თავიდან გვაცილებს ადამიანის მიერ საკუთარი თავისათვის ზიანის მიყენებას [Feinberg J., Harmless Wrongdoing: Moral Limits of Criminal Law Volume 4, Oxford, 1990] კონსტიტუციურად კატეგორიულად გაუმართლებელია. იმისათვის რომ ლეგიტიმურად ჩაითვალოს, თავისუფალი განვითარების უფლებით დაცული თავისუფლების სფეროს შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ სხვა ადამიანებზე და საზოგადოებაზე კონკრეტული ქმედების პირდაპირი და არაპირდაპირი საფრთხეების თავიდან აცილების მიზნით. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განსაზღვრავს ლეგიტიმური მიზნების წრეს რომლის საფუძველზეც შესაძლებელია თავისუფალი განვითარების უფლებაში ჩარევის გამართლება. ყველა აღნიშნულ მიზანს საჯარო და საზოგადოებრივი განზომილება გააჩნია და ემსახურება სხვათა უფლებების დაცვას ან საჯარო ინტერესებს მიღწევას. „ინდივიდის მიერ კონსტიტუციის მე-16 მუხლით დაცული უფლების რეალიზაცია არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს სხვათა უფლებებს, კონსტიტუციურ წესრიგსა და ლეგიტიმურ საზოგადოებრივ ინტერესებს.“ შესაბამისად, შეუძლებელია ვამტკიცოთ, რომ ქმედება რომლის პირდაპირი შედეგებიც მხოლოდ მოქმედი ადამიანის მიმართ დგება, შესაძლოა სხვათა უფლებებს უქმნიდეს საფრთხეს ან ისეთი საზოგადოებრივი ეფექტი ჰქონდეს, რომ კონსტიტუციურ წესრიგს ან ლეგიტიმურ საჯარო ინტერესებს შეეწინააღმდეგოს. თავისთავად ლეგიტიმური საჯარო ინტერესები ზოგადობის და ობიექტურობის ისეთ მაღალ დონეზეა ჩამოყალიბებული, რომ მათი დაცვა ყველა ადამიანის გონივრულ ინტერესებშია. შესაბამისად, იმ ქმედებების აღკვეთა, რომელებიც ადამიანების სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან საზოგადოებრივ მშვიდობასა და უსაფრთხოებას უქმნის საფრთხეს ყველა ადამიანის, საზოგადოების ყველა წევრის ინტერესშია, ან გვაქვს გონივრული საფუძველი აღნიშნულის მტკიცებისთვის. საპირისპირო შემთხვევასთან გვაქვს საქმე, როდესაც ქმედება, თუნდაც საფრთხის შემცველი ან ზიანის მომტანი მხოლოდ საკუთარი პიროვნებისკენ არის მიმართული და მის მიმართ წარმოშობს შედგებს. ამრიგად, იმის მტკიცება, რომ ადამიანის მიერ საკუთარი თავისათვის ზიანის შესაძლო მიყენების თავიდან არიდება ყველას ინტერესშია, გონივრულობას მოკლებულია, განსაკუთრებით ეთიკური ავტონომიის იმ ფართო სფეროს გათვალისწინებით, რომელიც ადამიანებს კონსტიტუციურად გარანტირებული აქვთ. თავისუფალი განვითარების უფლებით დაცული თავისუფლების სფერო აბსოლუტური ვერ იქნება იმ ნაწილში, სადაც მისი განხორციელება პირდაპირ ან არაპირდაპირ საზოგადოებრივ შედეგებს წარმოშობს. თუმცა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობიდან ლოგიკურად გამომდინარეობს დასკვნა, რომელიც მსგავსი უფლების განმარტებისას გერმანიის ფედერალურ საკონსტიტუციო სასამართლოს ეკუთნის. [„სახელმწიფომ ინდივიდს უნდა დაუტოვოს შიდა სივრცე საკუთარი პიროვნების თავისუფალი და საკუთარი პასუხისმგებლობით განვითარებისთვის. ამ სივრცეში ადამიანის საკუთარი თავის ბატონია. სახელმწიფო ამ სფეროში იჭრება, როდესაც ზოგიერთ გარემოებაში იღებს ზომებს, რაც არ უნდა ღირებულებითად ნეიტრალური იყოს ისინი, რომლებიც ადამიანის თავისუფალ განვითარებას ხელს უშლის.“ [„მიკროაღწერის საქმე“ 27 BVerfGE, I (1969)] კერძოდ, თავისუფალი განვითარების უფლების „შიდა ცენტრალური ნაწილი“, მისი ექსკლუზიურად ინდივიდისკენ მიმართული ნაწილი აბსოლუტურია და ჩარევას არ ექვემდებარება.
3.1. მოსარჩელე არ ითხოვს უფლებას მარიხუანათი ინტოქსიკაციაზე, ის ითხოვს კონსტიტუციური თავისუფლების აღიარებას და დაცვასმოსარჩელეს სრულად აქვს გაცნობიერებული, რომ საკონსტიტუციო სასამართლოსგან კონსტიტუციის მე-16 მუხლით გათვალისწინებული თავისუფლების განმარტების საკმაოდ რთული და დელიკატური სამუშაოს შესრულებას ითხოვს. სწორედ ამიტომ, მოსარჩელე საჭიროდ თვლის კიდევ უფრო დააზუსტოს საკუთარი მოთხოვნის შინაარსი, განსაკუთრებით კი იმაზე ყურადღების გამახვილებით, თუ რას არ მოიცავს მისი მოთხოვნა. მოსარჩელე არ ითხოვს რომ კონსტიტუციის მე-16 მუხლში ამოვიკითხოთ მარიხუანათი ინტოქსიკაციის ფუნდამენტური უფლება, რომლის ყველა ასპექტი და რომლის განხორციელებისთვის საჭირო ყველა მოქმედება კატეგორიულად იქნება დაცული სახელმწიფოს ჩარევისგან. მოსარჩელეს ასევე არ დავობს თავისუფლების უსაზღვრო განმარტების სასარგებლოდ, არც იმას ამტკიცებს რომ თავისუფლება „შეუზღუდავი მოქმედების ნებართვაა“ (“Liberty as License”). მოსარჩელეს მიაჩნია რომ მისი მე-16 მუხლით გათვალისწინებული თავისუფლება ყველაზე უზრუნველყოფილი კონსტიტუციური წესრიგის ფარგლებშია. მოსარჩელე იზიარებს გერმანიის ფედერალური საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებას, რომ: „ადამიანის სახე, რომელსაც ბაზისური კანონი ითვალისწინებს, არ გულისხმობს იზოლირებულ, სუვერენ ინდივიდს; არამედ, ბაზისურმა კანონმა გადაწყვეტილება მიიღო ინდივიდისა და საზოგადოების ურთიერთდამოკიდებულების სასარგებლოდ, პიროვნების ინდივიდუალური ღირებულების შელახვის გარეშე.“ [„საინვესტიციო დახმარების საქმე I”, 4 BVerfGE 7, 1954] მოსარჩელეს მიაჩნია, რომ აღნიშნული განმარტება ფუნდამენტურ თანხმობაშია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს იურისპრუდენციასთან კონსტიტუციური თავისუფლებისა და ღირებულებათა კონსტიტუციური წესრიგის განმარტების ნაწილში. მოსარჩელისთვის ასევე ცხადია, რომ თუ მარიხუანას მოხმარების მნიშვნელობას კიდევ უფრო არ დავაზუსტებთ და მასში მოვიაზრებთ ყველა იმ მოქმედებას, რომელიც მოხმარებისთვის შეიძლება იყოს საჭირო (შეძენა, შენახვის ჩათვლით) შეუძლებლის ზღვარზე იქნება იმის მტკიცება რომ მოხმარება თავისუფლების შიდა, ჩარევისგან კატეგორიულად დაცული სფეროს ნაწილია, რამდენადაც ასე ფართო განმარტების პირობებში ქმედებების ერთობლიობას სოციალური განზომილება, შედეგები და რისკებიც ექნება. აღნიშნული პრობლემა იდგა როგორც „გერმანიის კანაფის აკრძალვის საქმეში“ გერმანიის ფედერალურ საკონსტიტუციო სასამართლოს, ისე კანადის უზენაეს სასამართლოს მალმო-ლევინის საქმეში [R. v. Malmo-Levine; R. v. Caine, [2003] 3 SCR 571]. ამ სასამართლოებს მნიშვნელოვანი პრობლემა ჰქონდათ ეღიარებინათ მარიხუანას მოხმარება როგორც თავისუფლების ჩარევისგან კატეგორიულად დაცული ნაწილი. ამაზე გერმანიის ფედერალურმა საკონსტიტუციო სასამართლომ განაცხადა, რომ არ არსებობს „ფუნდამენტური უფლება ნარკოტიკულ ინტოქსიკაციაზე“ როგორც თავისუფალი განვითარების უფლების ნაწილი. კანადის უზენაესმა სასამართლომ კი მალმო-ლევინის არგუმენტის საპასუხოდ, რომ მარიხუანას მოხმარება მისი ავტონომიური ცხოვრებისეული არჩევანი და ცხოვრების წესია დაასკვნა, რომ კანადის უფლებათა და თავისუფლებათა ქარტიით ჩარევისგან თანაბრად დაცული არ არის ყველა ცხოვრებისეული არჩევანი თუ ცხოვრების წესი. კანადის უზენაესმა სასამართლომ დამატებით უარი განაცხადა „ზიანის პრინციპის“ გამოყენებაზე კონსტიტუციური თავისუფლების განმარტებისთვის. სასამართლომ მიიჩნია, რომ „ზიანის პრინციპი“, რომლის მიხედვითაც ხელისუფლების მხრიდან იძულების გამოყენება მხოლოდ სხვა ადამიანებისთვის ზიანის მიყენების აღსაკვეთად დაიშვება, არ არის საკმარისად ცხადი, რომ სამართლებრივად გამოყენებადი იყოს, განსაკუთრებით კი სისხლის სამართლებრივი პოლიტიკის განხორციელებაში საკანონმდებლო ორგანოს ფართო დისკრეციის საპირწონედ. სასამართლოების მსგავსი მიდგომა თავად მოსარჩელეთა სტრატეგიითა და გასაჩივრებული კანონების შინაარსითა და სტრუქტურით იყო განპირობებული, რომლებიც მარიხუანას მოხმარებას არ გამიჯნავდნენ მოხმარებასთან მჭიდროდ დაკავშირებული ისეთი მოსამზადებელი ქმედებებისგან როგორიცაა შეძენა, შენახვა ან დამზადება. შესაბამისად ხსენებული სასამართლოები ვერ მოაქცევდნენ მოხმარებას და მის მოსამზადებელ ქმედებებს პირადი თავისუფლების აბსოლუტურად დაცულ სფეროში, იმის გათვალისწინებით, რომ მოხმარების მოსამზადებელ ქმედებებს საზოგადოებრივი განზომილებაც და სხვა ადამიანთა მიმართ ზიანის რისკებიც ახლავს, რაც მათ მოწესრიგებას საჯარო ხელისუფლების მიერ შესაძლებელს ხდის. მოცემულ საქმეში თავად გასაჩივრებული ნორმის შინაარსი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში მოცემული ნარკოტიკული დანაშაულების სისტემური განმარტება, საშუალებას გვაძლევს მარიხუანას მოხმარების აქტი გამოვაცალკევოთ ყველა სხვა მოქმედებისგან, რომელიც მას უკავშირდება ან წინ უძღვის. გასაჩივრებული ნორმით, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საფუძველია თავად მარიხუანას მოხმარების აქტი, რომლის მთავარი მტკიცებულებაც ორგანიზმში ტეტრაჰიდროკანაბინოლის არსებობის დადასტურებაა საექსპერტო დასკვნის საფუძველზე. იმისათვის რომ ადამიანს პასუხისმგებლობა დაეკისროს, სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის მიზნებისთვის არარელვენატურია, თუ რა მოქმედებები უძღოდა წინ მოხმარების აქტს ან თავად რა ფორმა ჰქონდა ან რა გარემოებებში შედგა მოხმარება. სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საფუძველი და ერთ-ერთი მთავარი ელემენტი-დანაშაულის ობიექტური ნაწილი, არის ინდივიდის იზოლირებული ქმედება- მოხმარების აქტი, რომელიც ექსპერტიზის მიერ დასტურდება ორგანიზმში ტეტრაჰიდროკნაბინოლის არსებობის დადგენით. მცდელობა რომ მოსარჩელის მოთხოვნა გაგებულ იქნეს როგორც მოთხოვნა მარიხუანათი ინტოქსიკაციის ფუნდამენტურ უფლებაზე, გაუმართლებელი იქნება საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული წესრიგისთვის და ფუნამენტური ღირებულებებისთვის. მსგავსი სტრატეგია უარყო აშშ-ს უზენაესმა სასამართლომ საქმეში ლოურენსი ტეხასის წინააღმდეგ [Lawrence v. Texas, 539 U.S. 558 (2003)] კონსენსუალური ჰომოსექსუალიზმის კრიმინალიზაციასთან მიმართებით. ამ საქმეში განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლეები, მსგავსად უზენაესი სასამართლოს უმრავლესობისა ამ საკითხზე მიღებულ წინა პრეცედენტში [ბოუერსი ჰარდვიკის წინააღმდეგ- Bowers v. Hardwick, 478 U.S. 186 (1986)] საკითხს ასე სვამდნენ: „არსებობს თუ არა კონსტიტუციური უფლება ჰომოსექსუალურ სოდომიაზე?“ რასაც შემდეგ უარყოფითად სცემდნენ პასუხს. ლოურენსის საქმეში სასამართლოს უმრავლესობის კითხვა იყო, იცავდა თუ არა კონსტიტუციური თავისუფლება მათ შორის ადამიანის თავისუფლებას ჰქონოდა კონსენსუალური ჰომოსექსუალური ურთიერთობები. საკითხის ისე დასმით თითქოს საქმე ჰომოსექსუალური სექსის კონსტიტუციური უფლების რანგში აყვანზე იყო, ლოურენსის საქმეზე სასამართლოს უმრავლესობის აზრით, მოსარჩელეთა თავისუფლების დაკნინება და დაცინვა ხდებოდა, აღნიშნული კავშირის მხოლოდ ჰომოსექსუალურ აქტამდე დაყვანის გზით და იმ შესაძლო ეთიკური ღირებულების უარყოფით, რომელიც ასეთი ტიპის ურთიერთობას მოსარჩელეთა პიროვნებისთვის შეიძლება ჰქონოდა. მოცემულ საქმეშიც მოსარჩელე არ ითხოვს, რომ მარიხუანით ინტოქსიკაციის ფუნდამენტური უფლება საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლის საფუძველზე აქვს, რომლის ყველა ასპექტიც თანაბრად უნდა იყოს დაცული სახელმწიფოს ჩარევისგან. საუბარი უფლებაზე მარიხუანათი ინტოქსიკაციაზე გავრცელებული სტიგმებისა და სტერეოტიპების ტყვეობაში მოაქცევდა თავად მარიხუანას მოხმარების აქტს, რომლის ერთადერთ ღირებულებადაც ამ სტერეოტიპების მიხედვით სიამოვნების მიღება მიიჩნევა. აღნიშნული მიდგომა საერთოდ მხედველობის მიღმა ტოვებს იმას, რომ ადამიანებს მარიხუანას მოხმარებისას სხვადასხვა მიზანი შეიძლება ჰქონდეთ და მას განსხვავებულ ღირებულებას ანიჭებდნენ. ეთიკური ავტონომია გულისხმობს, რომ სახელმწიფოს არაფერი ესაქმება აღნიშნულ ღირებულებით მსჯელობებში და ადამიანი ვალდებული არაა თავისუფლების ფარგლებში განხორციელებული რომელიმე ქმედების ობიექტური ღირებულება ამტკიცოს. უფრო მეტიც, მაშინაც კი როდესაც სახელმწიფო თავისუფლების ავტონომიურ სფეროში ერევა, მისი გამართლება შესაზღუდი მოქმედების სახიფათო საზოგადოებრივ შედეგებს ეფუძნება და არა ამ ქმედების თავისთავად ღირებულებით შეფასებას. ცხადია, რომ როდესაც ჩარევა სისხლის სამართლებრივი წესით, კერძოდ ქმედების კრიმინალიზაციის მეშვეობით ხდება, კონკრეტული ქმედების აკრძალვას მისი მორალური დაგმობის ელემენტიც ახლავს, თუმცა აღნიშნული მორალური შეფასება მთლიანად ამ ქმედების საზოგადოებრივად საშიში შედეგების შეფასებას ეფუძნება და არ ქმედების როგორც ასეთის ღირებულებით შეფასებას. სახელმწიფოსთვის ქმედებების მათი შედეგებისგან განცალკევებით, თავისთავადი ღირებულებითი შეფასების და ამის საფუძველზე მათი აკრძალვის უფლებამოსილების მინიჭება დაასრულებდა ინდივიდის ეთიკურ ავტონომიას და სახელმწიფოს ტოტალიტარულ მორალურ პოლიციად გარდაქმნიდა. [“თავისუფლების გულს ქმნის უფლება თავად განსაზღვრო ყოფიერების, აზრისა და მნიშვნელობის, სამყაროსა და ადამიანური სიცოცხლის საიდუმლოს საკუთარი ცნებები. თუ [ადამიანებს] აღნიშნულ საკითხებზე რწმენა სახელმწიფოს იძულებით ჩამოუყალიბდებოდათ, ეს პიროვნულობის მახასიათებლების განსაზღვრას შეუძლებელს გახდიდა.“ - Planned Parenthood v. Casey, 505 U.S. 833 (1992)] როდესაც თავისუფალი განვითარების კონსტიტუციური უფლებიდან და კონსტიტუციურ ღირებულებათა წესრიგიდან გამომიდნარე ამ მიდგომას ავირჩევთ, დავინახავთ რომ მარიხუანას მოხმარებას ადამიანებისთვის მრავალი მიზანი შეიძლება ჰქონდეს და ღირებულებითი თვალსაზისისთაც განსხვავებული სტატუსი ეკავოს. მარიხუანას მოხმარებას შესაძლოა ჰქონდეს განტვირთვის, გართობის, სოციალიზაციის ასევე სამედიცინო მიზნებიც, როგორიცაა ძლიერი ტკივილისგან გათავისუფლება. ამ განსხვავებული მიზნებისა და ღირებულებების ამომწურავად ჩამოთვლა აუცილებელი არ არის იმის სამტკიცებლად, რომ ადამიანს უნდა ჰქონდეს თავისუფლება ამ მიზნების მიღწევისთვის სამოქმედოდ, სხვებისთვის გაუმართლებელი ზიანის მიყენების გარეშე. აღსაღნიშნავია, რომ მარიხუანას სამედიცინო მიზნით მოხმარება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში უფრო მეტ საზოგადოებრივ და სამართლებრივ აღიარებას იძენს, მარიხუანას დადებითი სამედიცინო ეფექტების შესახებ მზარდი სამეცნიერო მტკიცებულებებისა და აღნიშნული მიზნით მარიხუანას მოხმარების უარყოფითი საზოგადოებრივი ეფექტების პრაქტიკულად არარსებობის საფუძვლით. მნიშვნელოვანია ისიც, რომ საკუთარი ჯანმრთელობის შესახებ გადაწყვეტილების მიღება, მათ შორის მკურნალობის გზებზე და საშუალებებზე ადამიანის თავისუფლების ცალკე აღიარებული მნიშვნელოვანი ინტერესია, რომელში ჩარევაც საჯარო ხელისუფლების მხრიდან დამატებით გამართლებას მოითხოვს. [R. v. Smith, 2015 SCC 34, [2015] 2 S.C.R. 602] მარიხუანას მოხმარება და მასთან დაკავშირებული ქმედებები განსხვავებული ხარისხით ექცევა მე-16 მუხლით გათვალისწინებული თავისუფლების დაცულ სფეროში, იმის მიხედვით თუ რამდენად ფართოა მათი სოციალური ეფექტი და შესაძლო ზიანი საზოგადოებისთვის. შესაბამისად, მე-16 მუხლით გათვალისწინებული ანალიზისას სწორედ ეს ფაქტორი უნდა მივიღოთ მხედველობაში და თავისუფლების შიდა ჩარევისგან დამოუკიდებელი ნაწილი გავმიჯნოთ თავისუფლებისგან, რომელიც კონსტიტუციის საფუძველზე შეზღუდვას ექვემდებარება.
3.2. მარიხუანას მოხმარების აქტის გამიჯვნა სოციალური შედეგების და რისკების მქონე სხვა დაკავშირებული ქმედებებისგან და მისი მოქცევა მე-16 მუხლის კატეგორიულად დაცულ სფეროში.აღნიშნული მიდგომა, რომელიც სრულად ეფუძნება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არსებულ პრაქტიკას და ღირებულებათა კონსტიტუციური წესირიგის განმარტებას, სასამართლოს შესაძლებლობას მისცემს ჩამოაყალიბოს ნათელი, განჭვრეტადი და სამართლებრივად გამოყენებადი კონსტიტუციურ-სამართლებრივი სტანდარტები, რომლებიც სასამართლოს შესაძლებლობას მისცემს ერთი მხრივ განუხრელად დაიცვას ადამიანის კონსტიტუციური თავისუფლება და მეორეს მხრივ არ გასცდეს ხელსუფლების დანაწილების პრინციპის საფუძველზე დაკისრებულ კონსტიტუციურ მანდატს და საკანონმდებლო ორგანოს დისკრეცია სისხლის სამართლის პოლიტიკის სფეროში გაუმართლებლად არ შეზღუდოს. ამისთვის ცალკე უნდა შევაფასოთ: ა) თავად მოხმარების აქტი, რომელიც გასაჩივრებულ ნორმაში ქმნის დანაშაულის ობიექტურ მხარეს და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველს და რომლის პირდაპირი შედგები მათ შორის ჯანმრთელობისთვის შესაძლო უარყოფითი შედეგები მხოლოდ მომხმარებლის მიმართ დგება. მოხმარების აქტი შესაბამისად მიეკუთნება თავისუფლების აბსოლუტურად დაცულ „შიდა ნაწილს“, რომლის შეზღუდვაც სისხლის სამართლებრივი ინსტრუმენტებით დაუშვებელია; ბ) მოხმარების მოსამზადებელი და მასთან დაკავშირებული მოქმედებები, კერძოდ შეძენა, დამზადება, შენახვა. აღნიშნულ ქმედებებს აქვთ სოციალური ეფექტი და ახლავს საზოგადოებისთვის ზიანის რისკები. იმის გათვალისწინებით რომ პირადი მოხმარების მიზანს საზოგადოებრივი რისკები მინიმუმამდე დაყავს, თანაზომიერების პრინციპი მოითხოვს, რომ აღნიშნულ ქმედებებზე, თუ ისინი სისხლის სამართლის წესით იქნება მოწესრიგებული, სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება არ ხდებოდეს. ეს არ ნიშნავს, რომ სხვა სისხლის სამართლებრივი სანქციების გამოყენება თავისუფლების აღკვეთის გარდა ყოველთვის გამართლებული იქნება ან კონსტიტუცია მოითხოვს მათ გამოყენებას. საკანონმდებლო ორგანომ თანაზომიერების პრინციპის შესაბამისად უნდა ამტკიცოს, რომ ყოველ მოცემულ მომენტში სხვა სისხლის სამართლის სანქციების გამოყენება შეესაბამება პროპორციულობის პრინციპს და სხვა კონსტიტუციურ მოთხოვნებს. შესაბამისად, მარიხუანას მოხმარების მოსამზადებებელი ქმედებების მიმართ კონსტიტუცია არ გამორიცხავს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას, მაგრამ კატეგორიულად გამორიცხავს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის შეფარდებას. გ) მარიხუანათი ვაჭრობასთან და მის წარმოებასთან და ბრუნვასთან დაკავშირებული სხვა ქმედებები რომელთაც არ აქვთ პირადი მოხმარების მიზანი- აღნიშნული ქმედებების საზოგადოებაზე პირდაპირი შედეგებიდან და პირდაპირი ზიანის რისკებიდან გამომდინარე საკანონმდებლო ორგანოს დისკრეცია როგორც ამ ქმედებების კრიმინალიზაციის ისე მათთვის სასჯელის დაწესების ნაწილში საკმაოდ ფართოა და პროპორციულობის ზოგადი კონსტიტუციური პრინციპის ფარგლებში ხორციელდება. ეს არ ნიშნავს, რომ თავად კონსტიტუცია მოითხოვს ამ ქმედებების კრიმინალიზაციას ან საკანონმდებლო ორგანო ყოველთვის შეძლებს დააკმაყოფილოს პროპორციულობის კონსტიტუციური პრინციპის მოთხოვნები, იმის მიუხედავად რომ საფრთხეების შეფასების ნაწილში მას მნიშვნელოვანი დისკრეცია ექნება.
3.3.თავისუფლების აღკვეთის არაპროპორციულობა მოხმარებით გამოწვეულ შესაძლო არაპირდაპირ ზიანთან მიმართებითიმის მიუხედავად, გაიზიარებს თუ არა სასამართლო ზემოთმოყვანილ არგუმენტებს მარიხუანას მოხმარების აქტის თავისუფალი განვითარების უფლების აბსოლუტურად დაცულ სფეროში მოქცევის შესახებ, ნებისმიერი ლეგიტიმური მიზნით, იქნება ეს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის თუ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის, სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება დაარღვევს პროპორციულობის პრინციპს ქმედებასთან დაკავშირებული საზოგადოებივი საფრთხის მინიმალურობის და არაპირდაპირი ხასიათის გათვალისწინებით. მომხმარებლის ჯანმრთელობისათვის მარიხუანას განმეორებითი მოხმარების შესაძლო უარყოფითი შედეგის გარდა მარიხუანას განმეორებითი მოხმარების პირდაპირი უარყოფითი შედეგი, განსაკუთრებით კი სოციალური შედეგი არსებული სოციალური მეცნიერების მტკიცებულებებით არ დასტურდება. იმის გათვალისწინებით, რომ სასჯელის კონსტიტუციის მე-17 მუხლის თანახმად ანალიზისას უკვე ვამტკიცეთ, გასაჩივრებული ნორმით გათვალისწინებული სასჯელის არაპროპორციულობა, ხსენებული მსჯელობა მოქმედებს მე-16 მუხლთან მიმართებითაც. კონსტიტუციის ნორმები ერთმანეთისგან იზოლირებულად არ არსებობს და საკონსტიტუციო სასამართლოც მათ სწორედ სისტემურად, ურთიერთკავშირში და კონსტიტუციის ფუნდამენტური პრინციპების შუქზე განმარტავს. „წიქარიშვილის საქმეში“ მე-17 მუხლის მეორე პუნქტის განმარტებისას სასამართლომ ასევე იხელმძღვანელა მე-16 მუხლით დაცული თავისუფლების ინტერესითაც. სასამართლოს არ ჰქონდა შესაძლებლობა ცალკე ემსჯელა მე-16 მუხლთან მიმართებით, რადგან ეს სასარჩელო მოთხოვნის ნაწილი არ იყო,თუმცა სასამართლოს ცენტრალური არგუმენტი, რომ არ შეიძლება ადამიანს თავისუფლება აღუკვეთო იმ ქმედებისთვის რომელიც მხოლოდ მას აყენებს ზიანს შეუძლებელია მხოლოდ მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის რესურსით განევითარებინა, ისე რომ კონსტიტუციის მე-16 მუხლი არ ჰქონოდა მხედველობაში. შესაბამისად, მარიხუანას მოხმარებისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის და სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის დაწესება იმ შემთხვევაშიც კი თუ ჩაითვლება რომ ემსახურება ლეგიტიმურ მიზანს, არაპროპორციული იქნება კონსტიტუციის მე-16 მუხლის თანახმადაც.
მოსარჩელე ამტკიცებს რომ: ა) მარიხუანას მოხმარების აქტი შედის კონსტიტუციის მე-16 მუხლით გათვალისწინებული თავისუფალი განვითარების უფლების შიდა, ჩარევისგან აბსოლუტურად დაცულ სფეროში, შესაბამისად ამ ქმედებისთვის როგორც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ისე სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის დაწესება არღვევს საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლს; ბ) მაშინაც კი, თუ სასამართლო მიიჩნევს რომ მარიხუანას მოხმარების აქტი მიეკუთნება საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლით გათვალისწინებული თავისუფლების იმ სფეროს რომლის შეზღუდვაც შესაძლებელია ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად პროპორციულობის პრინციპის დაცვით, მარიხუანას მოხმარებისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის და სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის დაწესება არაპროპორციული იქნება და შესაბამისად შეეწინააღმდეგება კონსტიტუციის მე-16 მუხლს. |
სარჩელით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: კი
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: კი
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა