საქართველოს მოქალაქე გივი შანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | გადაწყვეტილება |
ნომერი | N1/13/732 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - ლალი ფაფიაშვილი, მაია კოპალეიშვილი, მერაბ ტურავა, გიორგი კვერენჩხილაძე, |
თარიღი | 30 ნოემბერი 2017 |
გამოქვეყნების თარიღი | 30 ნოემბერი 2017 17:37 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ლალი ფაფიაშვილი - სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
გიორგი კვერენჩხილაძე - წევრი;
მაია კოპალეიშვილი - წევრი;
მერაბ ტურავა - წევრი.
სხდომის მდივანი: მანანა ლომთათიძე.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე გივი შანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სიტყვების „ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“ იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის.
საქმის განხილვის მონაწილეები: მოსარჩელე მხარის წარმომადგენელი – იაგო ხვიჩია; საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები: ქრისტინე კუპრავა და გიორგი ჩიფჩიური; სპეციალისტები: თავისუფალი უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი – დავით ზედელაშვილი, ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ნარკოლოგიური მიმართულების უფროსი – ირინა ომნიაშვილი; მოწმე – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ნარკოლოგიური შემოწმების სამსახურის უფროსის მოადგილე – მანანა მაჩიტიძე.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 4 მარტს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №732) მიმართა საქართველოს მოქალაქე გივი შანიძემ. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადაეცა 2016 წლის 7 მარტს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენით, გაიმართა 2017 წლის პირველ ივნისს. 2017 წლის 12 ივლისის №1/14/732 საოქმო ჩანაწერით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განსახილველად მიიღო №732 კონსტიტუციური სარჩელი.
2. №732 კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის გასაჩივრებული რედაქცია წარმოდგენილი იყო შემდეგი სახით – „პირადი მოხმარებისათვის ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის მცირე ოდენობით უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული ან ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ, ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე“.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლით განმტკიცებულია პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება.
5. №732 კონსტიტუციურ სარჩელზე თანდართული მასალიდან ირკვევა, რომ მოსარჩელე გივი შანიძე რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 2 თებერვლის №4-54-15 დადგენილებით ცნობილ იქნა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენად და ადმინისტრაციული სახდელის სახედ და ზომად დაეკისრა ჯარიმა 500 ლარის ოდენობით. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 25 აგვისტოს №1/162-2015 (საქმე №110100115001075184) განაჩენით მოსარჩელე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 თვის ვადით, რაც ამავე კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად და 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა ერთი წელი. ამასთან, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 50 საათის ვადით. 2015 წლის 29 ნოემბერს გივი შანიძეს ნარკოლოგიურ სამსახურში შემოწმებისას კვლავ დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალების, ტეტრაჰიდროკანაბინოლის (მარიხუანა) ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარების ფაქტი, რაზეც ამავე წლის 10 დეკემბერს დაიწყო გამოძიება და მოსარჩელეს ბრალი წარედგინა სადავო ნორმის საფუძველზე.
6. მოსარჩელე მხარის განმარტებით, ნარკოტიკული საშუალება - მარიხუანის მოხმარება შესაძლოა მოხდეს როგორც სამედიცინო, ასევე რეკრეაციული მიზნით. მისი აზრით, პირის უფლება, თავად გადაწყვიტოს საკუთარ სხეულთან, ჯანმრთელობასთან, ფიზიკურ განვითარებასთან დაკავშირებული მოქმედებები, ისევე როგორც საკუთარი სურვილისამებრ შეარჩიოს განტვირთვისა და დასვენების მისთვის მისაღები ფორმა და საშუალება, დაცულია პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლების შიდა ჩარევისგან აბსოლუტურად დაცული სფეროთი. მისი თქმით, თავისუფალი განვითარების უფლების ფარგლებში ადამიანს აქვს შესაძლებლობა, თავად განსაზღვროს ის საქმიანობა ან მოქმედება, რომელიც მისთვის სასიკეთოა.
7. მოსარჩელის განცხადებით, თავისუფლების ავტონომიურ სფეროში ჩარევის გასამართლებლად სახელმწიფო უნდა დაეფუძნოს ქმედებიდან მომდინარე სახიფათო საზოგადოებრივ შედეგებს და არა ამ ქმედებების ღირებულებით შეფასებებს. მარიხუანის მოხმარება არ წარმოადგენს საზოგადოებრივი საფრთხის მატარებელ ქმედებას. მისი აზრით, ისეთი ქმედების სისხლისსამართლებრივი წესით დასჯას, რომელიც მხოლოდ საკუთარი თავისკენ არის მიმართული და არ იწვევს საზოგადოებისთვის საშიშ შედეგებს, არ გააჩნია ლეგიტიმური მიზანი. მარიხუანის მოხმარებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს მხოლოდ და მხოლოდ მომხმარებლის ჯანმრთელობას, რომელიც თავადვე იქნება პასუხისმგებელი დამდგარ შედეგზე. ეთიკური ავტონომიის საფუძველზე, ადამიანი ვალდებული არ არის საკუთარი თავისუფლების ფარგლებში განხორციელებული რომელიმე ქმედების ობიექტური ღირებულება ამტკიცოს. მარიხუანის მომხმარებლის დასჯა მხოლოდ მორალისტური და პატერნალისტური არგუმენტებით წინააღმდეგობაში მოდის პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებასთან და, შესაბამისად, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლს.
8. მოსარჩელე მხარის წარმომადგენელმა, საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე დამატებით განმარტა, რომ სარჩელში წარმოდგენილი ლოგიკა სადავო ნორმის არაკონსტიტუციურობის თაობაზე აგრეთვე მიემართება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის პირველ ნაწილს, რომლითაც დასჯადია ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის პირველადი მოხმარება. მოსარჩელის მიერ ერთმნიშვნელოვნად იქნა დაფიქსირებული, რომ კონსტიტუციური სარჩელის საბოლოო მიზანს წარმოადგენს არა მარიხუანის მოხმარების დეკრიმინალიზაცია, აღნიშნული ქმედების სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება და მისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაწესება, არამედ, ზოგადად, აღნიშნული ქმედების დასჯადობის არაკონსტიტუციურად ცნობა.
9. მოსარჩელე მხარე, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, იშველიებს ნარკოპოლიტიკის გლობალური კომისიის 2016 წლის ანგარიშს და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკას.
10. საქართველოს პარლამენტის პოზიციით, საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლი არ არის აბსოლუტური ხასიათის და ექვემდებარება კონსტიტუციურ-სამართლებრივ შეზღუდვებს. დაუშვებელია აღნიშნული ნორმის განმარტება მხოლოდ სახელმწიფოს ნეგატიური ვალდებულების კონტექსტში და მისი აღქმა იმგვარად, რომ პიროვნების თავისუფალი განვითარების ფარგლები უსაზღვროა.
11. მოპასუხე მხარის წარმომადგენელთა განმარტებით, კონკრეტული ქმედების სისხლის სამართლის წესით დასჯადობის მიზანი არის ის საბოლოო შედეგი, რომლის მიღწევისაკენ მიისწრაფის სახელმწიფო თავის მიერ დადგენილი იძულებითი ხასიათის ღონისძიებათა გამოყენებით. სადავო ნორმის მიზნებს წარმოადგენს ადამიანის ჯანმრთელობის დაცვა როგორც ცალკე ინდივიდების, ასევე მთლიანი მოსახლეობის ნარკოტიკული საშუალებებით გამოწვეული ზოგადი საფრთხეების, განსაკუთრებით, ახალგაზრდების ნარკოტიკული ნივთიერებებისადმი დამოკიდებულების პრევენცია.
12. პარლამენტის წარმომადგენელთა თქმით, დასახელებული მიზნების მისაღწევად კანონმდებელი აწესებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ისეთ ქმედებებზე, რომლებიც საზიანოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის. სადავო ნორმის არარსებობის შემთხვევაში სერიოზული საფრთხე შეექმნება ადამიანების ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას, რაც გავლენას იქონიებს საზოგადოების ეკონომიკურ, კულტურულ და პოლიტიკურ საფუძვლებზე.
13. პარლამენტის წარმომადგენელთა განმარტებით, მარიხუანა, მისთვის დამახასიათებელი თვისებების მიხედვით, წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალებას. იგი ზიანს აყენებს ადამიანის, განსაკუთრებით, არასრულწლოვნის ჯანმრთელობას. მარიხუანის გამოყენებას მოზარდ და ახალგაზრდა თაობაში გააჩნია სამედიცინო, ფსიქოლოგიური და კოგნიტური გვერდითი ეფექტები. მისი მოხმარება ცვლის გონების განვითარებას, ახდენს ნეგატიურ ზეგავლენას ტვინის სტრუქტურასა და ფუნქციებზე. ამასთან, არსებობს კვლევები, რომლებიც ცხადყოფს, რომ მარიხუანის მოხმარებას თან ახლავს საავტომობილო ავარიების გამოწვევის რისკი.
14. მოპასუხე მხარე აპელირებს კვლევის შედეგებზე, რომელიც 2016 წელს ჩაატარა საქართველოს პროკურატურამ და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებით. კვლევაში გამოკითხულ იქნენ ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისთვის მსჯავრდებული პრობაციონერები. აღნიშნული კვლევების თანახმად, იმ რესპოდენტთა 56,6 %-მა, რომლებმაც მოიხმარეს მარიხუანა, შემდგომში ასევე მოიხმარეს სხვა, უფრო მძიმე, ნარკოტიკული საშუალება. მოპასუხის განცხადებით, აღნიშნული მაჩვენებელი მოწმობს იმას, რომ მარიხუანის მოხმარება ასრულებს ერთგვარი კარიბჭის როლს სხვა, უფრო ძლიერი ნარკოტიკული საშუალების მოსახმარად.
15. საქართველოს პარლამენტის პოზიციით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, შეუძლია იმსჯელოს მარიხუანის მოხმარების ლეგალიზებაზე, მაგრამ იგი ვერ იმსჯელებს აღნიშნული ქმედების დეკრიმინალიზაციაზე.
16. მოპასუხე მხარე, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, იშველიებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკას, საზღვარგარეთის ქვეყნების კანონმდებლობას და სამეცნიერო დოქტრინას.
17. საქმეზე სპეციალისტად იქნა მოწვეული ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ნარკოლოგიური მიმართულების უფროსი – ირინა ომნიაშვილი. სპეციალისტის თქმით, მარიხუანის ქრონიკული მომხმარებელი, საბოლოოდ, მიდის იმ ფაზამდე, რომ აბსოლუტურად კარგავს ენერგეტიკის პოტენციალს. მარიხუანის სისტემატიურმა მოხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს პიროვნების დეგრადაცია, ინტელექტუალური ფუნქციების დაქვეითება, ქრონიკული შიზოფრენია, რაც შეესაბამება სრულ ქმედუუნარობას. სპეციალისტის თქმით, ალკოჰოლური თრობისა და მარიხუანით გამოწვეული თრობის ეფექტის კლინიკური სურათი განსხვავდება ერთმანეთისგან. მარტივი ალკოჰოლური თრობა, ჩვეულებრივ, არ იწვევს ჰალუცინაციებსა და დეპერსონალიზაციას, მაშინ როდესაც კანაბისის პროდუქტით გამოწვეული თრობა, როგორც წესი, იწვევს მსგავს სიმპტომებს. პათოლოგიური სიმპტომატიკა მარიხუანის მომხმარებელში უფრო გაღრმავებული და უფრო საშიშია, ვიდრე ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში მყოფი პირის. ამასთან, მარიხუანით გამოწვეული თრობის პერიოდში პირს შეიძლება გაუჩნდეს აგრესია და ჰქონდეს ბრუტალური ქმედებების სურვილი. ამასთან, ექსპერტმა აღნიშნა, რომ ლეტალური შედეგი ალკოჰოლის მომხმარებელში გაცილებით ხშირია, ვიდრე მარიხუანის შემთხვევაში.
18. საქმეზე მოწმედ მოწვეულმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ნარკოტიკული შემოწმების სამსახურის უფროსის მოადგილემ მანანა მაჩიტიძემ განაცხადა, რომ მარიხუანის მოხმარება, ერთი მხრივ, ზიანს აყენებს ადამიანის ჯანმრთელობას, მის შრომისუნარიანობასა და პროდუქტიულობას, ხოლო, მეორე მხრივ, ხელს უწყობს სხვა დანაშაულის ჩადენას. მისი თქმით, იმ მსჯავრდებულთა და ადმინსიტრაციულსახდელდადებულ პირთა 75%-ს, რომელთაც ჩაუტარდათ ნარკოლოგიური ექსპერტიზა, დაუდგინდათ მარიხუანის მოხმარება.
19. მოწმის თქმით, მარიხუანის მოხმარება ზრდის სხვა ნარკოტიკული საშუალებების მიმართ მიდრეკილებას. მარიხუანის მომხმარებელთა 25% მოიხმარს აგრეთვე სხვა სახის ნარკოტიკულ საშუალებას.
20. საქმეზე სპეციალისტად მოწვეულ იქნა თავისუფალი უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი დავით ზედელაშვილი. სპეციალისტმა ერთმანეთისგან გამიჯნა, ერთი მხრივ მარიხუანის მოხმარება და, მეორე მხრივ, მარიხუანასთან დაკავშირებული სხვა სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედებების ბუნება და მათგან მომდინარე საფრთხეები. მისი თქმით, მარიხუანის შეძენა და შენახვა შეიძლება წარმოშობდეს მისი გასაღების საფრთხეს. აღნიშნული საფრთხე ობიექტურად ვერ იარსებებს მარიხუანის მოხმარების შემთხვევაში. ეს უკანასკნელი მოქცეულია სახელმწიფოს ჩარევისგან აბსოლუტურად დაცულ ადამიანის პირადი ავტონომიის სფეროში. აღნიშნული ქმედება არ არის საზოგადოებრივი საშიშროების მატარებელი. შესაბამისად, მარიხუანის მოხმარების სისხლის სამართლის წესით დასჯადობა ეფუძნება მხოლოდ ადამიანის ქმედების ამორალურად შეფასებას, რაც გაუმართლებელია სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპიდან გამომდინარე. სპეციალისტის თქმით, სახელმწიფოს ეკრძალება, შევიდეს ეთიკური საკითხების განსჯაში. მისი აზრით, სახელმწიფო ნეიტრალური უნდა დარჩეს განსხვავებული შეხედულებების მიმართ კარგი ცხოვრების შესახებ და ადამიანებს უნდა მიეცეთ მაქსიმალური შესაძლებლობა, რომ იცხოვრონ და იმოქმედონ საკუთარი ნების შესაბამისად მანამ, სანამ მათი ქმედებით ზიანი არ მიადგება რომელიმე კონსტიტუციურ-სამართლებრივად აღიარებულ სიკეთეს. ამასთან, ეს ზიანი უნდა იყოს დადასტურებული, რათა სახელმწიფოს ჰქონდეს საზიანო შედეგის გამომწვევი ქმედების სისხლის სამართლის წესით დასჯადობის ლეგიტიმაცია.
21. სპეციალისტმა ასევე განმარტა, რომ სისხლის სამართლის პოლიტიკის განსაზღვრაში საქართველოს პარლამენტის დისკრეციის ზღვარს ადგენს ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები და, შესაბამისად, ამა თუ იმ ქმედების სისხლის სამართლის წესით დასჯადობის მიზანშეწონილობა ექვემდებარება კონსტიტუციურ შემოწმებას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან.
II
სამოტივაციო ნაწილი
ა. ძალადაკარგულ ნორმაზე მსჯელობა
1. სადავო ნორმის კონსტიტუციურობის შეფასებამდე აუცილებელია აღინიშნოს, რომ კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების შემდგომ, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის N1221-რს კანონით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში განხორციელდა მთელი რიგი ცვლილებები, რომლებიც, მათ შორის, შეეხო სადავო ნორმას. კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის 2017 წლის 26 ივლისის კანონის ამოქმედებამდე მოქმედი რედაქცია წარმოდგენილი იყო შემდეგი სახით – „პირადი მოხმარებისათვის ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის მცირე ოდენობით უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული ან ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ, ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე. შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა არ უნდა იყოს ამ ქმედებისათვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლით განსაზღვრული ჯარიმის ორმაგ ოდენობაზე ნაკლები (ძალადაკარგულია ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის)“.
2. დასახელებული ცვლილებათა პაკეტის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით – „ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის მცირე ოდენობით უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარება, ჩადენილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული ან ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ, ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე. შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა არ უნდა იყოს შესაბამისი ქმედებისათვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლით განსაზღვრული ჯარიმის ორმაგ ოდენობაზე ნაკლები“. ამასთანავე, ცვლილებათა პაკეტის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს დაემატა 2731 მუხლი, რომელიც დანაშაულებრივ ქმედებად ადგენს ნარკოტიკული საშუალება კანაფის (მცენარე) და მარიხუანის მცირე ოდენობით უკანონოდ შეძენას, შენახვას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებას, ჩადენილს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული ან ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ და განსაზღვრას სასჯელს აღნიშნული ქმედებისთვის.
3. ამრიგად, განხორციელებული ცვლილებების შედეგად, ისეთი ქმედება, როგორიცაა ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის განმეორებით მოხმარება, დასჯადია არა სადავო ნორმით, არამედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731 მუხლით.
4. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, საქმის განხილვის მომენტისათვის სადავო აქტის გაუქმება ან ძალადაკარგულად ცნობა იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას, თუ არ არსებობს ამავე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული საფუძველი, რომლის თანახმად, „საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმის არსებითად განსახილველად მიღების შემდეგ, სადავო აქტის გაუქმებისას ან ძალადაკარგულად ცნობისას, თუ საქმე ეხება საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია გააგრძელოს სამართალწარმოება და გადაწყვიტოს გაუქმებული ან ძალადაკარგულად ცნობილი სადავო აქტის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხი იმ შემთხვევაში, თუ მისი გადაწყვეტა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველსაყოფად“.
5. სადავო ნორმის ძალადაკარგულად ცნობამ ყველა შემთხვევაში შეიძლება არ გამოიწვიოს სადავოდ გამხდარი ნორმატიული შინაარსის გაუქმება. ნორმის გაუქმების შემდეგ, იგი შეიძლება ჩანაცვლებულ იქნეს სხვა ისეთი დებულებით, რომელიც სრულად ან ნაწილობრივ შეინარჩუნებს მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარ ნორმატიულ შინაარსს (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-6).
6. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-6 პუნქტის მიზანია, „არ მისცეს სამართალშემოქმედს შესაძლებლობა, ბოროტად ისარგებლოს სამართალშემოქმედებითი პროცესით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 23 დეკემბრის №1/1/386 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წინააღმდეგ“, II-4).
7. მოცემულ შემთხვევაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731 მუხლი მნიშვნელოვანწილად, არსებითად იმეორებს 273-ე მუხლის ძველი (გასაჩივრებული) რედაქციის ნორმატიულ შინაარსს და დასჯადად აცხადებს ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მრავალჯერად (არაერთგზის) მოხმარებას. საქართველოს პარლამენტის პოზიციით, აღნიშნული ქმედება აუცილებლად უნდა ისჯებოდეს სისხლის სამართლის წესით. შესაბამისად, კვლავაც არსებობს მოსარჩელეთა უფლების დარღვევის რისკი. მართალია, საკონსტიტუციო სასამართლო შეზღუდულია დავის საგნის ფარგლებით და, შესაბამისად, ვერ იმსჯელებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731 მუხლის რედაქციაზე, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი ნორმის ძალადაკარგულ რედაქციაზე მსჯელობა წარმოადგენს მოსარჩელის უფლების დაცვის ეფექტურ და პრევენციულ საშუალებას, ვინაიდან „საკონსტიტუციო სასამართლო მსჯელობს ზოგადად კონკრეტული საკითხის ნორმატიულ შინაარსზე და, შესაბამისად, იღებს გადაწყვეტილებას გასაჩივრებული დებულებით განპირობებული სავარაუდო პრობლემის ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციასთან შესაბამისობის თაობაზე. ... მაშასადამე, სასამართლო წყვეტს პრობლემას... შესაბამისად, კანონმდებლობაში იდენტური პრობლემის გამომწვევი ნორმის (ნორმების) შენარჩუნების შემთხვევაში, ის გადაწყვეტილების უგულებელმყოფელ და დამძლევ ნორმად ჩაითვლება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილება №1/3/534 საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ტრისტან მამაგულაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-34). „იმავდროულად, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-4 და 41 პუნქტების მიხედვით, დაუშვებელია ისეთი სამართლებრივი აქტის მიღება, რომელიც შეიცავს იმ შინაარსის ნორმებს, რომლებიც სასამართლომ უკვე ცნო არაკონსტიტუციურად. ამასთან, თუ სასამართლო დაადგენს, რომ სადავო ნორმატიული აქტი ან მისი ნაწილი შეიცავს იმავე შინაარსის ნორმებს, რომლებიც სასამართლომ უკვე ცნო არაკონსტიტუციურად, გამოაქვს განჩინება საქმის არსებითად განსახილველად მიუღებლობისა და სადავო აქტის ან მისი ნაწილის ძალადაკარგულად ცნობის შესახებ. შესაბამისად, ძალადაკარგული ნორმის კონსტიტუციურობის შეფასება ხელს შეუწყობს სადავო ნორმით გათვალისწინებული საფრთხეების სრულად აღმოფხვრას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-8). ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ხსენებული დავის გადაწყვეტა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველსაყოფად, შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო გააგრძელებს სამართალწარმოებას და შეაფასებს ძალადაკარგული სადავო ნორმის კონსტიტუციურობას.
ბ. უფლების დაცული სფერო/უფლებაში ჩარევა
8. საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლით გარანტირებულია პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება, „რაც, პირველ რიგში, გულისხმობს ადამიანის პიროვნული თვითგამორკვევისა და ავტონომიურობის უფლებას. სწორედ პიროვნულობა განსაზღვრავს ადამიანის არსს, მიუთითებს მის ინდივიდუალურ და სხვებისგან განმასხვავებელ მახასიათებლებზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის №2/1/536 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ლევან ასათიანი, ირაკლი ვაჭარაძე, ლევან ბერიანიძე, ბექა ბუჩაშვილი და გოჩა გაბოძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ“, II-54). „მითითებული კონსტიტუციური ნორმა თავისი არსით წარმოადგენს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა განხორციელების ფუნდამენტურ გარანტიას, უზრუნველყოფს რა ადამიანის პირადი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი და უზოგადესი ასპექტის, პიროვნების თავისუფალი განვითარების, ჩამოყალიბების, მისი ცხოვრების ინდივიდუალური წარმართვის თავისუფლებას სამართლიანი სახელმწიფოს ფარგლებში“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 9 თებერვლის №1/2/622 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ედიშერ გოგუაძე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წინააღმდეგ“, II-12).
9. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლით „...დაცულია პირის უფლება, აკონტროლოს საკუთარი თავის წარმოჩენა საზოგადოების თვალში და პიროვნული განვითარებისა და რეალიზაციისათვის აუცილებელი მოქმედებების განხორციელების თავისუფლება. პიროვნების ავტონომიურობის, მისი თავისუფალი და სრულყოფილი განვითარებისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება როგორც გარე სამყაროსთან ურთიერთობის დამოუკიდებლად განსაზღვრის თავისუფლებას, ასევე ინდივიდის ფიზიკურ და სოციალურ იდენტობას...“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 8 ოქტომბრის №2/4/532,533 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ირაკლი ქემოკლიძე და დავით ხარაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-3). „კონსტიტუციის მე-16 მუხლით დაცულია პირის ნებისა და ქმედების თავისუფლება როგორც კერძო, ასევე საჯარო სივრცეში“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 4 აგვისტოს №2/4/570 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნუგზარ ჯაყელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9).
10. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ „საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლს აქვს შემავსებელი ფუნქცია და იცავს პიროვნების თავისუფალი განვითარების უზოგადესი უფლების ისეთ ასპექტებს, რომლებიც არ არის დაცული აღნიშნული უფლების კონსტიტუციის სხვადასხვა მუხლებით გათვალისწინებულ ცალკეულ სეგმენტებში. შესაბამისად, სახელმწიფოს მიერ დადგენილი ნებისმიერი წესი, რომელიც პიროვნების ინდივიდუალურ განვითარებას, მისი ქმედებების ავტონომიურობას ან პიროვნების მიმართ საზოგადოებისა და სახელმწიფოს დამოკიდებულების, მისი არჩევანის შესაბამისად განსაზღვრის პრინციპს ზღუდავს, შემხებლობაშია საქართველოს კონსტიტუციით დაცულ ადამიანის პიროვნულ განვითარებასა და პირადი ცხოვრების უფლებებთან“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 9 თებერვლის №1/2/622 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ედიშერ გოგუაძე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წინააღმდეგ“, II-15).
11. საკონსტიტუციო სასამართლო შეზღუდულია რა სასარჩელო მოთხოვნით, აფასებს სადავო ნორმის მხოლოდ იმ ნორმატიულ შინაარსს და იმ ფარგლებში, რაც უშუალოდ მოსარჩელე მხარის მიერ იქნა გასაჩივრებული. კერძოდ, მოსარჩელის პრობლემა შეეხება მხოლოდ ნარკოტიკული საშუალება – მარიხუანის, ექიმის დანიშნულების გარეშე, მოხმარების სისხლისსამართლებრივ დასჯადობას. შესაბამისად, მოცემული დავის ფარგლებში არ ფასდება როგორც სხვა ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების, ასევე სადავო ნორმით აკრძალული სხვა ქმედებების (დამზადების, შეძენის, შენახვის) დასჯადობის კონსტიტუციურობა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სადავო ნორმით სისხლისსამართლებრივი წესით დასჯადია მარიხუანის განმეორებით მოხმარება. მაშასადამე, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა შეაფასოს ისეთი ქმედების სისხლის სამართლის წესით დასჯადობის კონსტიტუციურობა, როგორიცაა – მარიხუანის განმეორებითი, ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება.
12. მარიხუანის ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება, ძირითადად, ხორციელდება დასვენებისა და გართობის მიზნით. მოსარჩელე მხარის განმარტებით, მარიხუანის მოხმარება იწვევს რელაქსაციის შეგრძნებას და ხელს უწყობს დადებითი ემოციის წარმოქმნას. პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება ნებას რთავს ადამიანს, სახელმწიფოს ჩარევის გარეშე, გადაწყვიტოს, თუ რომელი ტიპის გასართობი თუ რეკრეაციული აქტივობით დაკავდება იგი. ეჭვგარეშეა, რომ ადამიანის გასართობი აქტივობები მიეკუთვნება მისი პირადი ავტონომიის სფეროს. შესაბამისად, პიროვნების ზემოქმედება საკუთარ თავზე და ამგვარად გართობის ან სიამოვნების მიღება თავისთავად ხვდება მისი თავისუფალი განვითარების სფეროში. საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პირის უფლება, თავად შეარჩიოს მისთვის სასურველი განტვირთვის სახე და განახორციელოს შესაბამისი აქტივობა, მათ შორის, მოიხმაროს მარიხუანა, წარმოადგენს პიროვნების პირადი ავტონომიით დაცულ სფეროს. ვინაიდან სადავო ნორმა სისხლისსამართლებრივად დასჯად ქმედებად მიიჩნევს მარიხუანის განმეორებით მოხმარებას, აშკარაა, რომ სახეზეა საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლით დაცულ სფეროში ჩარევა.
გ. ჩარევის გამართლება
13. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „პირის თავისუფალი განვითარების უფლება არ არის აბსოლუტური ხასიათის და ამ უფლებით სარგებლობა შეიძლება შეიზღუდოს, როდესაც ის ზიანს აყენებს სხვათა უფლებებსა და სხვა მნიშვნელოვან საზოგადოებრივ ინტერესებს. ამ მხრივ, მნიშვნელოვანია სახელმწიფოს როლი, რომელიც, ერთი მხრივ, ვალდებულია, შექმნას თავისუფალი სივრცე პიროვნების განვითარებისთვის და უზრუნველყოს ამ უფლების ეფექტური რეალიზაცია, ხოლო, მეორე მხრივ, იზრუნოს მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ინტერესების დაცვაზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 4 აგვისტოს №2/4/570 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნუგზარ ჯაყელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-13). „სახელმწიფომ უნდა აღიაროს, პატივი სცეს და უზრუნველყოს ქცევისა და განვითარების თავისუფლება იმგვარად, რომ არ მოხდეს სხვათა კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების არათანაზომადი და არასათანადო შეზღუდვა, კონსტიტუციური წესრიგის დარღვევა და ღირებული ლეგიტიმური მიზნების შელახვა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის №2/1/536 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ლევან ასათიანი, ირაკლი ვაჭარაძე, ლევან ბერიანიძე, ბექა ბუჩაშვილი და გოჩა გაბოძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ“, II-65).
14. აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლით გარანტირებული ადამიანის თავისუფალი განვითარების უფლება ექვემდებარება კონსტიტუციურ-სამართლებრივ შეზღუდვებს.
15. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „სამართლებრივ სახელმწიფოში ხელისუფლება შეზღუდულია უპირობო ვალდებულებით, ადამიანის თავისუფლებაში (მის ნებისმიერ უფლებაში) ჩაერიოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს გარდაუვალია და მხოლოდ იმდენად, რამდენადაც ეს ობიექტურად აუცილებელია. ასეთია ნებისმიერი სამართლებრივი სახელმწიფოს კონსტიტუციური წესრიგი. ბუნებრივია, რომ სახელმწიფო ამ ვალდებულებით განსაკუთრებით შეზღუდულია პასუხისმგებლობის მომწესრიგებელი კანონმდებლობის შექმნისას და გამოყენებისას. ასეთი კანონმდებლობა თავისთავად ხასიათდება ადამიანის თავისუფლებაში ინტენსიური ჩარევის კანონზომიერებით. ამიტომ ასევე კანონზომიერია ამ პროცესში სახელმწიფოს მომეტებული სიფრთხილის აუცილებლობა, რადგან სამართალი დაკარგავს თავის ფუნქციას, თუ ადამიანები დაისჯებიან ამისათვის შესაბამისი და აუცილებელი საფუძვლის გარეშე. ... ასევე, ცხადია, რომ არ შეიძლება სამართლის ჰუმანურობის ფუნქციის უგულებელყოფა, რადგან ის ხელს უწყობს არა მხოლოდ თავად სამართლის, არამედ საზოგადოების პროგრესულ განვითარებას. შესაბამისად, სამართლის ჰუმანურობის მიღწევა და ამ გზით მისი განვითარება მუდმივი მიზანია, რომლის ხელშეწყობა, უზრუნველყოფა სახელმწიფოს ვალდებულებაა, თუმცა, ბუნებრივია, იმ ზღვრამდე, ვიდრე ეს არ დაუპირისპირდება სამართლისა და კანონის სხვა მიზნებსა და ძირითად ფუნქციას. ... ადამიანებს უნდა შეეძლოთ, ისარგებლონ საზოგადოების და სამართლის განვითარების, პროგრესული, ჰუმანური აზროვნების პოზიტიური შედეგებით. პირმა პასუხი უნდა აგოს რეალურად საზოგადოებრივად საშიში ქმედების ჩადენისთვის, ამასთან, იმ წესითა და ფარგლებში, რაც ობიექტურად აუცილებელი და საკმარისია კონკრეტული სამართალდარღვევისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნების მისაღწევად“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილება №1/6/557,571,576 საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ვალერიან გელბახიანი, მამუკა ნიკოლაიშვილი და ალექსანდრე სილაგაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-62-64).
16. „სამართლებრივ სახელმწიფოში სისხლის სამართლის - ქმედების კრიმინალიზაციისა და მისი დასჯადობის ფუნქცია მხოლოდ მაშინაა წარმატებული, როდესაც ის გამოიყენება როგორც ultima ratio. საზოგადოების და ადამიანის ინტერესების დასაცავად სისხლისსამართლებრივი ნორმები უნდა გამოიყენებოდეს როგორც უკიდურესი საშუალება, როდესაც ამოწურულია სამართლებრივ სიკეთეთა დაცვის არასისხლისსამართლებრივი საშუალებები. ამ პროცესის წარმატებულობას უზრუნველყოფს ხელისუფლების მხრიდან შემდეგი პირობების კუმულაციურად დაკმაყოფილება: ა) კანონით დანაშაულად მხოლოდ ისეთი ქმედების მიჩნევა, რომელიც უმართლობის ხარისხის იმ მომეტებული რისკების მატარებელია, რომელთა განეიტრალება და ამ გზით საზოგადოების და ადამიანების დაცვა ობიექტურად სისხლის სამართლის სფეროს განეკუთვნება;…“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-37).
17. ამდენად, პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლების შეზღუდვის გამართლებისათვის დაცული უნდა იყოს თანაზომიერების პრინციპი. „თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნაა, რომ უფლების მზღუდავი საკანონმდებლო რეგულირება უნდა წარმოადგენდეს ღირებული საჯარო (ლეგიტიმური) მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას. ამავე დროს, უფლების შეზღუდვის ინტენსივობა მისაღწევი საჯარო მიზნის პროპორციული, მისი თანაზომიერი უნდა იყოს. დაუშვებელია ლეგიტიმური მიზნის მიღწევა განხორციელდეს ადამიანის უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-60). აღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა შეაფასოს მარიხუანის მოხმარების სისხლისსამართლებრივი წესით დასჯადობა რამდენად წარმოადგენს უფლების პროპორციულ შეზღუდვას.
გ. ა. ლეგიტიმური საჯარო მიზანი
18. მოპასუხის, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლების განმარტებით, სადავო ნორმის მიზანია ჯანმრთელობის დაცვა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ნათელია, რომ სახელმწიფოს, ზოგადად, გააჩნია საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ლეგიტიმური ინტერესი. მოპასუხის მიერ დასახელებული მიზნები – ჯანმრთელობის დაცვა, დანაშაულისა და სხვა ანტისოციალური ქცევის პრევენცია ნამდვილად წარმოადგენს ლეგიტიმურ მიზნებს, რომელთა მისაღწევადაც საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლით დაცული უფლება შეიძლება შეიზღუდოს.
19. სასამართლოს პრაქტიკით ასევე დადგენილია, რომ „ზოგადად, ნარკოტიკული საშუალებების ბრუნვის რეგულირების (შეზღუდვის, აკრძალვის) ლეგიტიმურ მიზნებს წარმოადგენს ჯანმრთელობის დაცვა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 14 ივლისის №1/9/701,722,725 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები ჯამბულ გვიანიძე, დავით ხომერიკი და ლაშა გაგიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ,“ II-11). „ნარკოდანაშაულთან ბრძოლა, მათ შორის, საპატიმრო სასჯელების დაწესებით, ემსახურება ნარკოდანაშაულის რიცხვის ზრდის თავიდან აცილებას, სხვა დანაშაულისა და ასოციალური ქცევის პრევენციას, შედეგად საზოგადოების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის დაცვას/გაუმჯობესებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-67).
20. „ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1988 წლის კონვენცია ხელმომწერ სახელმწიფოებს, მათ შორის, საქართველოს ავალდებულებს, იბრძოლონ ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ და სისხლისსამართლებრივი რეგულირების ქვეშ მოაქციონ ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის ხელშემწყობი, მასთან დაკავშირებული ქმედებები. გარდა ზემოთ დასახელებული მიზნებისა, კონვენციის შესავალში გაცხადებულია, რომ ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვას მოაქვს დიდი ფინანსური მოგება ტრანსნაციონალური დანაშაულებრივი ორგანიზაციებისთვის, რაც ძირს უთხრის ლეგალურ ეკონომიკას, სახელმწიფოთა სტაბილურობას, უსაფრთხოებასა და სუვერენობას.
21. აუცილებელია აღინიშნოს, რომ ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვასთან დაკავშირებულ ქმედებებს შორის, მათი საზოგადოებრივი საშიშროებიდან გამომდინარე, არსებობს ძირეული სხვაობა. ცხადია, ნარკოტიკული საშუალების გასაღება წარმოადგენს გაცილებით უფრო მაღალი საშიშროების მქონე ქმედებას, ვიდრე მისი მოხმარება. აღნიშნულზე მეტყველებს დასახელებული კონვენციის მიდგომაც. იგი არ მოითხოვს ისეთი ქმედების სისხლის სამართლის წესით დასჯას, როგორიცაა ნარკოტიკული საშუალების მოხმარება, ისეთი ქმედებებისგან განსხვავებით, როგორიცაა - ნარკოტიკული საშუალებების დამზადება, შეძენა, შენახვა და სხვა.
22. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, სახელმწიფო უფლებამოსილია, არეგულიროს ნარკოტიკული საშუალებების ბრუნვა მათი მოხმარებისგან მომდინარე ჯანმრთელობის დაზიანების თუ სხვა საფრთხეებისგან საზოგადოების დაცვის მიზნით.
გ.ბ. გამოსადეგობა
23. სადავო ნორმის კონსტიტუციურობის მტკიცებისას მოპასუხე მიუთითებს ორ, ერთმანეთისაგან განსხვავებულ ისეთ ლეგიტიმურ მიზანზე, როგორებიცაა საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვა და საზოგადოების უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ამავე დროს, სასამართლო პროცესზე დაკითხული სპეციალისტის და მოწმის მხრიდან გაჟღერდა მოსაზრება, რომ მარიხუანა არის ერთგვარი კარიბჭე სხვა ნარკოტიკების მოხმარებისათვის. შესაბამისად, მარიხუანის მოხმარების დასჯადად გამოცხადებით კანონმდებელი სხვა ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებასაც ამცირებს. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, საკონსტიტუციო სასამართლო ცალ-ცალკე შეაფასებს იმას, თუ რამდენად გამოდგება სადავო რეგულირება დასახელებული მიზნების მიღწევის საშუალებად.
გ.ბ.ა. საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვა
24. მარიხუანის მოხმარების აკრძალვასა და საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვას შორის კავშირის დასადგენად, პირველ რიგში, სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს ადამიანის ჯანმრთელობისადმი მარიხუანის მავნებლობის საკითხი. აღნიშნული მოითხოვს სპეციალურ ცოდნას, შესაბამისად, სასამართლო დაეყრდნობა საქმის არსებითი განხილვის დროს სპეციალისტების მიერ გამოთქმულ მოსაზრებებსა და გამოკვლეულ მტკიცებულებებს.
25. საქმეზე სპეციალისტად მოწვეულმა ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ნარკოლოგიური მიმართულების უფროსმა ირინა ომნიაშვილმა განაცხადა, რომ მარიხუანით გამოწვეული თრობის თანმდევი ეფექტებია: ქცევის და ფსიქიკის ადეკვატურობის დაკარგვა, პიროვნების დეპერსონალიზაცია და ჰალუცინაციები. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალების ქრონიკული მომხმარებელი თავის დროზე მიდის იმ ფაზამდე, რომ კარგავს ენერგეტიკის პოტენციალს. სპეციალისტის თქმით, მარიხუანის ქრონიკულმა მოხმარებამ ასევე შეიძლება გამოიწვიოს: „პიროვნების დეგრადაცია, ჭკუასუსტობა, ქრონიკული პარანოიდები ანუ ქრონიკული შიზოფრენიის მაგვარი მდგომარეობა“. ამასთან, სპეციალისტმა აღნიშნა, რომ არ არსებობს დადასტურებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მარიხუანის, თუნდაც გადამეტებულმა, მოხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს ფატალური შედეგი. ამასთან, მარიხუანის მოხმარებისადმი პირის ფიზიკური დამოკიდებულების ჩამოყალიბება საჭიროებს ძალიან დიდ დროს და დამოკიდებულია მომხმარებლის პიროვნულ მახასიათებლებზე, ხოლო ფსიქოლოგიური დამოკიდებულება შესაძლოა განვითარდეს უფრო ადრე – ქრონიკული მოხმარებიდან 2 წელიწადში. მანვე აღნიშნა, რომ მარიხუანის მოხმარებით გამოწვეული დელირიუმი დაახლოებით მსგავსია ალკოჰოლური თრობით გამოწვეული დელირიუმისა.
26. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მარიხუანის მოხმარებიდან მომდინარე საფრთხეების შეფასება მოუწია საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“. მოცემულ საქმეზე მოწმედ მოწვეული საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლის, ექიმი ნარკოლოგის ზაზა შენგელიას ინფორმაციით: „მარიხუანის მოხმარების ქცევით ეფექტებში შედის რელაქსაცია, ფსიქომოტორული აქტივობის დაქვეითება, ყურადღების კონცენტრაციის გაუარესება, დაშორების მანძილის შეფასების უნარის დარღვევა, ავტომობილების მართვის და სხვა მოქმედებების, რომლებიც თხოულობენ ყურადღებას, უნარის დაქვეითება, ეიფორია, კეთილდღეობის შეგრძნება, უდარდელი მდგომარეობა, განგაში, წუხილის და ხალისის მონაცვლეობის მდგომარეობა“. ამასთან, ზ. შენგელიამ მიუთითა, რომ ეს სიმპტომები დამახასიათებელია მარიხუანის მოხმარების პირველ ეტაპზე. „ხანგრძლივ მოქმედებაში მას უკვე ახასიათებს მოკლე და სწრაფი მეხსიერების გაუარესება, დასახული ამოცანის შესრულების უუნარობა, დროის, სივრცის აღქმის შეცვლა, ტკივილის ბარიერის დაქვეითება, ცვლილებები სექსუალურ-ემოციურ სფეროში“. განსაკუთრებით მძიმე შემთხვევაში კი, ამ საშუალების ხანგრძლივი და დიდი დოზით გამოყენებისას შეიძლება გამოიხატოს ჰალუცინაციები და ფსიქოზები. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის ალექსანდრე თორიას ინფორმაციით: „ყველა კანაბინოიდი ცხიმში ხსნადი ნივთიერებაა, შესაბამისად, იგი გროვდება ცხიმებად ქსოვილებში. მისი მიღების დროს ... იგი მიდის პირდაპირ ტვინში, ფილტვებში და სასქესო ორგანოებში, აგრეთვე უჯრედების მემბრანებში. შეაღწევენ რა უჯრედების მემბრანების გავლით თავის უჯრედების ბირთვში, კანაბინოიდები იწვევენ ქიმიური პროცესების და უჯრედოვანი მეტაბოლიზმის ცვლილებებს, არღვევენ დნმ-ის და უჯრედოვანი ცილების სინთეზის პროცესს, რის შედეგადაც უჯრედოვანი აქტიურობა მცირდება ან ჩერდება, რაც იწვევს ორგანიზმის შესაბამისი ფუნქციების დათრგუნვას“. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ბექა ძამაშვილის ინფორმაციით კი, მარიხუანა „იწვევს ფილტვების დაავადებებს, მეხსიერების დაქვეითებას, გონებრივი ჯანმრთელობის პრობლემებს და ხელს უშლის ფსიქიკურ განვითარებას. აგრეთვე დიდი ოდენობით მარიხუანის მოხმარებამ შესაძლოა გამოიწვიოს ისეთი სიმპტომები, როგორიც არის შფოთვა, დეპრესია, ფსიქოზური სიმპტომები და უარყოფითად იმოქმედოს სასუნთქ და გულსისძარღვთა სისტემებზე“. ექსპერტის - ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრის ხელმძღვანელის, ფსიქიატრის, ფსიქოთერაპევტის, ნარკოლოგის - დავით ანდღულაძის ინფორმაციით: „კანაბინოიდების გამოყენება იწვევს ფსიქიკურ და ქცევით აშლილობებს, რომელთაც შესაბამისი ადგილი უჭირავთ დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციაში _ „12-კანაბინოიდების მოხმარებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობანი“. კანაბისის მოხმარებისას ირღვევა აღქმის უნარი, კონკრეტულად, იცვლება დროის, საკუთარი სხეულის, გარემოს, სხეულის ზომების, განათების და სხვა აღქმა. არაბუნებრივად მკაფიო ხდება ფერები, ხმები. იცვლება აზროვნება, ემოცია. ვითარდება ეიფორია. კანაბისის გავლენის შეწყვეტის შემდეგ კი მომხმარებელი გრძნობს ემოციის დაქვეითებას, მცირდება ინტერესები, მოტივაცია. ზოგ შემთხვევაში ვითარდება დელირიუმი სმენითი ჰალუცინაციებით, დევნის ბოდვითი იდეებით, ზოგჯერ აგრესიით და სხვა გამოვლინებებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-77).
27. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ კანაფის პროდუქტების, მათ შორის, მარიხუანის მოხმარებით გამოწვეული საფრთხეები შეაფასა საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები ჯამბულ გვიანიძე, დავით ხომერიკი და ლაშა გაგიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“. აღნიშნული „საქმის განხილვისას დასახელდა კანაფიდან მომდინარე ისეთი ზოგადი საფრთხეები, როგორებიცაა: მეხსიერებისა და გონებრივი ჯანმრთელობის პრობლემები, მშობიარობის გართულებები, ისეთი ფსიქიატრიული გვერდითი მოვლენები, როგორებიცაა: ფსიქოზი, შიზოფრენია, პარანოია, ჰალუცინაციები, დეპრესია, აღგზნებადობა, შობადობის რისკის ქვეშ დაყენება ... „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა, ნარკოლოგმა გვანცა ფირალიშვილმა განმარტა, რომ კანაფის მოხმარებისას მისდამი ფიზიკური დამოკიდებულება ვითარდება გაცილებით უფრო ნელა, ვიდრე სხვა ნარკოტიკული საშუალებების შემთხვევაში. ამასთან, კანაფის ზედოზირების შემთხვევები არ იწვევს ფატალურ შედეგებს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 14 ივლისის №1/9/701,722,725 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ჯამბულ გვიანიძე, დავით ხომერიკი და ლაშა გაგიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-18,19).
28. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ უკვე დაადგინა, რომ მარიხუანის მოხმარება პოტენციურად ჯანმრთელობისთვის საფრთხის მატარებელია. „მიუხედავად იმისა, რომ როგორც ნარკოდამოკიდებულების ჩამოყალიბება, ისე კონკრეტული ზიანის დადგომა, ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანის ხარისხი დამოკიდებულია როგორც ყოველი მომხმარებლის ინდივიდუალურ თავისებურებებზე, ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობაზე, ისე მოხმარების ხანგრძლივობაზე, თავისთავად, ასეთი საფრთხეების გამორიცხვა, უგულებელყოფა არ შეიძლება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-76). საყურადღებოა რომ აღნიშნულ პოზიციას არ უარყოფს არც მოსარჩელე მხარე.
29. არსებითად იგივე განაცხადა საკონსტიტუციო სასამართლომ კანაფის პროდუქტების, მათ შორის, მარიხუანის მოხმარებით გამოწვეულ საფრთხეებთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ „...კანაფის პროდუქტის მოხმარება შესაძლოა ნეგატიურ გავლენას ახდენდეს ადამიანის ჯანმრთელობაზე. ამავე დროს, საფრთხე, რომელიც კანაფის მოხმარებამ შესაძლოა შეუქმნას მომხმარებელს, არის უფრო მსუბუქი სხვა ე.წ. მძიმე ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების შედეგად გამოწვევად ზიანთან შედარებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 14 ივლისის №1/9/701,722,725 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ჯამბულ გვიანიძე, დავით ხომერიკი და ლაშა გაგიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-19).
30. №732 კონსტიტუციური სარჩელის არსებითი განხილვის დროს არ წარმოჩენილა რაიმე ახალი, ხელშესახები, უტყუარი მონაცემები და მტკიცებულებები, რომლებიც ეჭვქვეშ დააყენებდა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ ზემოაღნიშნულ შეფასებებს იმ ზიანთან დაკავშირებით, რაც მარიხუანის მოხმარებით შეიძლება მიადგეს ადამიანის ჯანმრთელობას. ყველა მოწმე და სპეციალისტი ხაზს უსვამს, რომ მარიხუანის მოხმარების შედეგად ადამიანის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანი ნაკლებია სხვა, მძიმე ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების შედეგად ჯანმრთელობისათვის მიყენებულ ზიანთან შედარებით. ამავე დროს, ხშირ შემთხვევაში, ალკოჰოლისა და სიგარეტის მოხმარება შეიძლება მარიხუანის მოხმარებაზე მეტი საფრთხის შემცველიც კი იყოს. ექსპერტმა დ. ანდღულაძემ აღნიშნა, რომ მარიხუანა, სხვა ნარკოტიკებისგან განსხვავებით, არ იწვევს ფიზიკურ დამოკიდებულებას. ალკოჰოლის მავნედ მოხმარების შემთხვევაში არანაკლები ფსიქო-ფიზიკური და სამართლებრივი სირთულეები იქმნება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-79). აღნიშნულის მიუხედავად, ეჭვგარეშეა, რომ მარიხუანის ბრუნვის რეგულირება საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვის ლეგიტიმურ მიზანს ემსახურება.
31. საერთაშორისო სამეცნიერო კვლევებით დადასტურებულია, რომ მარიხუანის მოხმარება ზრდასრულებში არ წარმოადგენს მნიშვნელოვან რისკს პირის ჯანმრთელობისთვის, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ხდება ქრონიკული და გადამეტებული მოხმარება. მარიხუანის მოხმარება იწვევს ორგანიზმში ისეთ დროებით ცვლილებებს, როგორიცაა: პანიკა, მღელვარების დაქვეითება, აღგზნებულობა, სტრესი, კოგნიტური და მოტორული ფუნქციის თანდათანობითი დაქვეითება, რეალობის გაძლიერებული აღქმა (ფერი, სურნელი), ჰალუცინაციები. თუმცა აღსანიშნავია, რომ ეს სიმპტომები არის შექცევადი, გადის ნარკოტიკული თრობის შემდეგ და არ წარმოადგენს განმტკიცებულ ჯანმრთელობის რისკებს. რაც შეეხება ჯანმრთელობის ქრონიკულ მოშლას, მიდგომა არაერთგვაროვანია. კვლევების თანახმად, მარიხუანის მოხმარების მუდმივი ნეგატიური შედეგი მინიმალურია და მისი არსებობა საეჭვოა. მაგალითად, ხშირია მარიხუანის მომხმარებელთა რიგებში სასუნთქი გზების სიმსივნის არსებობა. თუმცა აღსანიშნავია, რომ მარიხუანის მომხმარებელთა უმეტესობა ეწევა თამბაქოსაც, შესაბამისად, პირდაპირი მიმართება ამ მხრივ მარიხუანის მოხმარებასა და სიმსივნის გამოწვევას შორის არ არის დადასტურებული. აგრეთვე, მკვლევართა ნაწილის თანახმად, მარიხუანა შეიცავს იმაზე ნაკლებ რესპირატორულ საფრთხეებს, ვიდრე სხვა მოსაწევი ნივთიერებები და ის უფრო ნაკლებად საფრთხის შემცველია, ვიდრე ალკოჰოლი. ანგარიშებში აღნიშნულია, რომ მარიხუანა გადამეტებულადაა შეფასებული და მინიმალურია მისი ინტოქსიკაციის შედეგები. ამავდროულად, კვლევებში არაა დამტკიცებული მიმართება მარიხუანის მოხმარებასა და ფიზიკურ და მენტალურ დარღვევებს შორის. აგრეთვე, არც ისაა გადაჭრით დამტკიცებული, რომ მარიხუანის მოხმარება იწვევს რეპროდუქციული და გულსისხლძარღვთა სისტემის დაზიანებას. ამრიგად, სასამართლო აღნიშნავს, რომ საერთაშორისო სამედიცინო კვლევების თანახმად, მარიხუანის მოქმედების ზიანი ჯანმრთელობაზე არის ნაკლები ან მსგავსი ისეთი ნივთიერების მოხმარებისა, რომელიც არაა აკრძალული, მაგალითად, ალკოჰოლი.
32. ზოგადად ნარკოტიკული საშუალების, მათ შორის, მარიხუანის ბრუნვის შეზღუდვა ემსახურება ადამიანების ჯანმრთელობისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას. თუმცა, ამავე დროს, უნდა შეფასდეს სადავო ნორმით გათვალისწინებული ღონისძიება - მარიხუანის მოხმარების დასჯადად გამოცხადება რამდენად წარმოადგენს ამ მიზნის მიღწევის ვარგის საშუალებას.
გ.ბ.ბ. საზოგადოების უსაფრთხოება
33. საზოგადოების უსაფრთხოების ლეგიტიმურ მიზანთან მიმართებით სასამართლომ უნდა შეაფასოს, რამდენად ქმნის მარიხუანის ზემოქმედების ქვეშ ყოფნის ფაქტი უსაფრთხოების დარღვევის მომეტებულ საფრთხეს. ამავე დროს, რამდენად რეალურია, რომ მარიხუანის მოხმარების მოთხოვნილებამ მისცეს ბიძგი საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას.
34. საქმეზე მოწვეული სპეციალისტის – ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ნარკოლოგიური მიმართულების უფროსის ირინა ომნიაშვილის თქმით, მარიხუანის ქრონიკულ მომხმარებელს შესაძლოა, მარიხუანით გამოწვეული ნარკოტიკული თრობის დროს განუვითარდეს ბრუტალური ქცევა, გახდეს აგრესიული და, შესაბამისად, საფრთხე შეუქმნას გარშემომყოფთ. აგრესიულ, ბრუტალურ ქცევასთან დაკავშირებით აუცილებელია აღინიშნოს, რომ იგი არ წარმოადგენს მარიხუანის მოხმარების თანმდევ ტიპურ ეფექტს. როგორც სამეცნიერო დოქტრინა და სპეციალისტთა განმარტებები ცხადყოფს, მარიხუანის შემადგენლობაში შედის ნარკოტიკული ნივთიერება ტეტრაჰიდროკანაბინოლი, რომელიც ამსუბუქებს შიშისა და მღელვარების შეგრძნებას და ხელს უწყობს პოზიტიური გრძნობების წარმოშობას. საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ მოწვეული ექიმ-ნარკოლოგის ზაზა შენგელიას განცხადებით, „მარიხუანის მოხმარების ქცევით ეფექტებში შედის რელაქსაცია, ... კეთილდღეობის შეგრძნება, უდარდელი მდგომარეობა, განგაში, წუხილის და ხალისის მონაცვლეობის მდგომარეობა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-77). აღნიშნული არ გამორიცხავს, რომ გამონაკლის შემთხვევაში, როდესაც პირი ქრონიკულად, დიდი დოზით მოიხმარს მარიხუანას, მას შეიძლება გაუჩნდეს აგრესიის შეგრძნება, მაგრამ ვერც სპეციალისტმა და ვერც მოპასუხე მხარემ ვერ წარმოადგინა კვლევა, რომ პირის ბრუტალურ, საზოგადოებისთვის საზიანო ქცევას განაპირობებს უშუალოდ მარიხუანის მოხმარება, სასამართლო ვერ გაიზიარებს მარიხუანის მოხმარებასა და აღნიშნულ საფრთხეს შორის პირდაპირი და გარდაუვალი კავშირის არსებობას.
35. საქმეზე მოწმედ მოწვეულმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ნარკოლოგიური შემოწმების სამსახურის უფროსის მოადგილე მანანა მაჩიტიძემ განაცხადა, რომ იმ მსჯავრდებულთა და ადმინისტრაციულსახდელდადებულ პირთა 75%-ს, რომელთაც ჩაუტარდათ ნარკოლოგიური ექსპერტიზა, დაუდგინდათ მარიხუანის მოხმარება. აღნიშნული მონაცემით დგინდება მხოლოდ ის ფაქტი, რომ სამართალდამრღვევთა დიდ ნაწილს უმართლობის ჩადენის წინაპერიოდში მოხმარებული ჰქონდა მარიხუანა, მაგრამ ეს a priori ვერ იქნება იმის დამადასტურებელი არგუმენტი, რომ მათ მიერ დანაშაულის ჩადენა მარიხუანის მოხმარებამ გამოიწვია.
36. არ არსებობს დადასტურებულ მეცნიერულ კვლევებზე ან ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე დაფუძნებული მტკიცებულება, რომლის საფუძველზე სასამართლო დაასკვნიდა, რომ მარიხუანის ზემოქმედების ქვეშ ყოფნა ქმნის პირის მიერ დანაშაულის ჩადენის, ან/და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის მომეტებულ საფრთხეს.
37. №732 სარჩელის არსებით განხილვაზე მოწვეულმა, ისევე როგორც №592, №701, №722 და №725 კონსტიტუციური სარჩელების განხილვისას დაკითხულმა მოწმეებმა და სპეციალისტებმა დაადასტურეს, რომ მარიხუანის მოხმარებამ მასზე შეჩვევა შეიძლება გამოიწვიოს მხოლოდ მისი ხანგძლივი დროის განმავლობაში ჭარბი ოდენობით მოხმარების შემთხვევაში. მარიხუანის პერიოდული, შედარებით ნაკლებ ინტენსიური გამოყენება შეჩვევას, მასზე დამოკიდებულების ჩამოყალიბებას არ იწვევს. ზოგადად, ხანგრძლივი პერიოდით და დიდი ოდენობით მოხმარების შემთხვევაში შეჩვევა შეიძლება გამოიწვიოს ალკოჰოლმაც. თუმცა ალკოჰოლის მოხმარების პრაქტიკა მეტყველებს იმაზე, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი მას მოიხმარს კულტურული ან/და გასართობი მიზნებისათვის, ხოლო ალკოჰოლზე დამოკიდებულება კი მხოლოდ ინდივიდუალურ შემთხვევაში ვითარდება. ამდენად, ალკოჰოლის მსგავსად, მარიხუანის შემთხვევაშიც ჰიპოთეტურია დასკვნა, რომ მისი მოხმარება აბსტინენციის ჩამოყალიბებას გამოიწვევს და აბსტინენციის მდგომარეობაში მყოფი პირის მიერ, ნარკოტიკული საშუალების მოპოვების მიზნით დანაშაულის ჩადენას. შესაბამისად, მარიხუანის მოხმარების ინდივიდუალური შემთხვევების დასჯადობა ვერ იქნება განხილული როგორც საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ვარგისი საშუალება.
38. მოპასუხე მხარის განცხადებით, მარიხუანის მოხმარება წარმოადგენს სხვა, უფრო მძიმე ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ერთგვარ კარიბჭეს. აღნიშნულის საილუსტრაციოდ ის იშველიებს 2016 წელს საქართველოს ტერიტორიაზე ჩატარებულ კვლევას, რომელიც ეყრდნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მულით მსჯავრდებულ პირთა მონაცემებს და, რომლის თანახმად, იმ რესპოდენტთა 56,6%, რომელთაც მოიხმარეს მარიხუანა, აცხადებს, რომ შემდგომში მოიხმარეს სხვა, უფრო მძიმე ნარკოტიკული საშუალება.
39. მოპასუხე მხარემ და მოწვეულმა მოწმე/სპეციალისტებმა ვერ წარმოადგინეს სარწმუნო მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა, რომ მარიხუანა თავისი ბიოლოგიური თუ ქიმიური თვისებებიდან გამომდინარე, იწვევს სხვა ნარკოტიკულ საშუალებაზე მოთხოვნილების ჩამოყალიბებას. მოპასუხის მიერ წარმოდგენილი კვლევის მონაცემები დამაჯერებლად არ მიუთითებს მარიხუანის და სხვა უფრო მძიმე ნარკოტიკული საშუალების მოხმარებას შორის კავშირის არსებობაზე. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო არ გამორიცხავს, რომ მარიხუანის ზოგიერთმა მომხმარებელმა შემდგომში სხვა, უფრო მძიმე ნარკოტიკული საშუალება მოიხმაროს, თუმცა აღნიშნულის გამომწვევი მიზეზი ვერ იქნება უშუალოდ მარიხუანა და მისი დამახასიათებელი თვისებები.
40. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მარიხუანის მოხმარებასთან დაკავშირებული სოციალურ-ეკონომიკური, კულტურული და ბიოლოგიური ფაქტორების როლზე. აღსანიშნავია, რომ სამეცნიერო-სამედიცინო კვლევებით ცალსახად არ არის დადასტურებული, რომ მარიხუანის მოხმარება იწვევს სურვილს, გასინჯო უფრო ძლიერი ნარკოტიკული საშუალება.
41. იმავდროულად, მარიხუანის მოხმარების დასჯადობა შესაძლოა უფრო მეტად უწყობდეს ხელს მარიხუანის მომხმარებლის მიერ სხვა ნარკოტიკულ საშუალებებზე გადასვლას. ამდენად, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის არგუმენტს, რომ მარიხუანის მოხმარების დასჯადობა ახდენს სხვა, უფრო მძიმე ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების პრევენციას.
გ.გ აუცილებლობა
42. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ მარიხუანის მოხმარების დასჯადობა წარმოადგენს მხოლოდ საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვის ლეგიტიმური მიზნის მიღწევის გამოსადეგ საშუალებას. შესაბამისად, ხსენებული მიზნის ფარგლებში სასამართლომ უნდა შეაფასოს სადავო ნორმით დადგენილი ღონისძიების აუცილებლობა.
43. ზოგადად, ნარკოტიკული საშუალებების ბრუნვის წინააღმდეგ სახელმწიფომ შეიძლება მიიღოს სხვადასხვა ზომები. მან შეიძლება გაატაროს რეპრესიული პოლიტიკა და სისხლისსამართლებრივი მექანიზმებით ებრძოლოს ნარკოტიკების უკანონო ბრუნვას ან შეიძლება ჰქონდეს მომხმარებელთა მკურნალობაზე, ნარკოტიკულ საშუალებაზე მოთხოვნის შემცირებაზე ორიენტირებული პოლიტიკა და ა.შ. საკონსტიტუციო სასამართლო ვერ შეაფასებს, თუ რომელი ღონისძიებაა უკეთესი, ან უფრო მეტად მიზანშეწონილი. სასამართლომ უნდა შეაფასოს სახელმწიფოს მიერ გამოყენებული რეგულირების შესაბამისობა კონსტიტუციასთან.
44. ნარკოტიკული საშუალების ბრუნვასთან ბრძოლა სისხლის სამართლის მექანიზმების გამოყენებით „ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერებების შესახებ“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1988 წლის კონვენციით მიჩნეულია ნარკოტიკული საშუალების ბრუნვასთან ბრძოლის ყველაზე ეფექტურ გზად. კონვენცია პირდაპირ ავალდებულებს ხელმომწერ მხარეებს სისხლისსამართლებრივი წესით დასაჯონ ნარკოტიკული საშუალებების ბრუნვასთან დაკავშირებული მთელი რიგი ქმედებები ნარკოტიკული საშუალების მოხმარების გარდა. იმავდროულად, აზრთა სხვადასხვაობა არსებობს იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად წარმოადგენს მარიხუანის ბრუნვის სისხლისსამართლებრივი წესით დასჯადობა მასთან ბრძოლის ყველაზე ეფექტურ საშუალებას.
გ. დ. ვიწრო პროპორციულობა
45. სადავო ნორმით ხდება ჩარევა პიროვნული ავტონომიის პრივატულ სფეროში. სახელმწიფო არა მხოლოდ სისხლისსამართლებრივად აკონტროლებს იმას, თუ რა შეიძლება მოიხმაროს ადამიანმა და რა არა, არამედ, იმავდროულად, სისხლისსამართლებრივ სანქციებს ადგენს კონკრეტული საშუალების პირადი მოხმარებისთვის.
46. ქმედების კრიმინალიზაციის საფუძველს წარმოადგენს მისი მომეტებული სოციალური საშიშროება. სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადია ისეთი ქმედებები, რომლებიც ზიანს აყენებს სხვა პირის ან საზოგადოებრივ, სამართლებრივად დაცულ სიკეთეებს (მაგ., დასჯადია სხვისი სიცოცხლის მოსპობა, სხვისი ჯანმრთელობის დაზიანება, სხვისი ნივთის განადგურება). საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობა ასევე იცნობს აბსტრაქტული საფრთხის დელიქტებს (აფეთქება, დაუხმარებლობა, განსაცდელში მიტოვება), რა დროსაც ქმედება იმდენად საშიშია თავისი ბუნებიდან, ხასიათიდან გამომდინარე, რომ ქმედების სისხლისსამართლებრივი წესით დასჯისთვის კანონმდებელი საჭიროდ არ თვლის უშუალოდ ზიანის დადგომას (მაგ., საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXI თავი „ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შექმნა“). ასეთი შემადგენლობის შექმნის დროს კანონმდებელი აღიარებს, რომ დასჯადი ქმედება აშკარა საფრთხეს უქმნის ამა თუ იმ სამართლებრივ სიკეთეს. აღნიშნულიდან გამომდინარე, პირადი ავტონომიის ამ ფორმით შეზღუდვისათვის სახელმწიფო მიზნად უნდა ისახავდეს კონკრეტული ქმედებიდან მომდინარე მნიშვნელოვანი საფრთხეების აღმოფხვრას.
47. ზოგადად, ამა თუ იმ ქმედების სისხლისსამართლებრივად დასჯადად გამოცხადება მიმართულია ამ ქმედების ჩადენის პრევენციისკენ. მარიხუანის მოხმარების აკრძალვა მიმართულია თავად მომხმარებლის ჯანმრთელობის დაცვისკენ. ამდენად, უნდა შეფასდეს, რამდენად კონსტიტუციურია სასჯელის დაწესება იმ მიზნით, რომ პირმა არ დააზიანოს საკუთარი ჯანმრთელობა.
48. მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვა, ჯანსაღი ცხოვრების წესი მნიშვნელოვანია საზოგადოების და სახელმწიფოს განვითარებისათვის. თუმცა ხსენებული შეიძლება წარმოადგენდეს სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობის სფეროს, ისევე როგორც, მაგალითად, საქართველოს კონსტიტუციის 341 მუხლი მიუთითებს მოზარდთა და ახალგაზრდობის ფიზიკური აღზრდის ხელშეწყობაზე. ამ მიზნით დამატებით სპეციალურ რეგულირებას შეიძლება დაექვემდებაროს მარიხუანის პროდუქციის რეკლამირება, არასრულწლოვანთა მიერ აღნიშნულ პროდუქტზე ხელმისაწვდომობა, საზოგადოების ინფორმირება მარიხუანის მოხმარებით გამოწვეულ შესაძლო შედეგებთან დაკავშირებით და სხვა.
49. მნიშვნელოვანია სისხლისსამართლებრივი მექანიზმების და საზოგადოებრივი უსაფრთხოების თუ საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის ზიანის შემცირების პრევენციულ მექანიზმებს შორის სწორი ბალანსის უზრუნველყოფა, შედეგზე და ზიანის შემცირებაზე ორიენტირებული და პრაქტიკული ეფექტის მქონე მიდგომების გამოყენება. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება ისეთი ქმედებისთვის, რომელიც არ უქმნის საფრთხეს სხვების ჯანმრთელობას, არ შეიძლება ჩაითვალოს სახელმწიფოს აუცილებელ და პროპორციულ ჩარევად ადამიანის პიროვნული განვითარების უფლებაში. პირის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა (მათ შორის, თუნდაც დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენება ან საპროცესო შეთანხმების დადება), ნასამართლეობა და, შესაბამისად, პირის სტიგმატიზაცია ვერ უზრუნველყოფს ექიმის დანიშნულების გარეშე მარიხუანის განმეორებითი მოხმარებისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის მიზნებს და პირის მიმართ სისხლისსამართლებრივ დევნას მიზნად აქცევს. საკუთარი ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების საფრთხის გამო სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა იმთავითვე მხოლოდ ზოგად პრევენციას ემსახურება, რომ სხვებმაც არ ჩაიდინონ ასოციალური და საკუთარი ჯანმრთელობისთვის ზიანის გამომწვევი ქმედება. რაც შეეხება სხვებისთვის ზიანის მიყენების საფრთხის თავიდან ასაცილებლად სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრებას, მაშინ, როდესაც ასეთი საფრთხე ჰიპოთეტურია, ან საერთოდ არ არსებობს (მაგალითად, განმარტოებით სახლში მარიხუანის მოხმარებისას), მხოლოდ ზოგად პრევენციას ემსახურება, რაც მოცემულ შემთხვევაში უფლებაში გაუმართლებელი ჩარევაა.
50. იმის სავალდებულოდ დადგენა, თუ რისი ჭამა, დალევა, მოწევა შეიძლება და ამ ქმედებისათვის სასჯელის დაწესება, წარმოადგენს პირადი ავტონომიით დაცულ სფეროში ჩარევის ისეთ ფორმას, რომლის განხორციელებაც შესაძლებელია მხოლოდ საჯარო ინტერესების დასაცავად. პიროვნების დასჯა მხოლოდ საკუთარი ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენების გამო, წარმოადგენს სახელმწიფოსგან გამოვლენილი პატერნალიზმის ისეთ ფორმას, რომელიც არ არის თავსებადი თავისუფალ საზოგადოებასთან. „ცალსახაა, რომ სახელმწიფო არ უნდა ერეოდეს ადამიანის თავისუფლებაში მხოლოდ იმიტომ, რომ ის ირაციონალურ ქმედებას ახორციელებს. ასეთი ჩარევა გამართლებული რომ იყოს, საჭიროა, მან მიაღწიოს გარკვეულ სიმწვავეს, სხვებს უქმნიდეს რეალურ და სერიოზულ საფრთხეს (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-74). ამდენად, სადავო ნორმით დადგენილი უფლების შეზღუდვას ვერ გაამართლებს სახელმწიფოს ინტერესი, დაიცვას პირი საკუთარი თავისათვის ზიანის მიყენებისაგან.
51. როგორც უკვე აღინიშნა, ზოგადად, მარიხუანის მოხმარების შეზღუდვა მნიშვნელოვან ლეგიტიმურ მიზნებს ემსახურება. თუმცა იმისათვის, რათა კონსტიტუციურად იქნეს მიჩნეული მოხმარების დასჯადობა, საჭიროა შეფასდეს თავად მარიხუანის მოხმარების ინდივიდუალური ფაქტიდან მომდინარე საფრთხეები. „შეზღუდვას/რეგულირებას შეიძლება ექვემდებარებოდეს ქმედება, რომელიც ანტისოციალურია თავისი ხასიათით და რომელმაც მაღალი ალბათობით, შეიძლება გამოიწვიოს რეალური საფრთხე ასეთი ქმედების განხორციელების მომენტში, პოტენციურად შეუქმნას საფრთხე სხვათა ჯანმრთელობას ან საზოგადოებრივ წესრიგს. ამასთან, ისიც ცხადია, რომ ანტისოციალურ ქმედებაზე სახელმწიფოს პასუხი უნდა მკაცრდებოდეს მხოლოდ ქმედებით გამოწვევადი საფრთხეების სიმწვავის, რეალურობის ხარისხის და მასშტაბის მიხედვით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-75).
52. მიუხედავად იმისა, რომ ყველა მომხმარებლის (ერთად აღებული) მიერ მარიხუანის მოხმარების ფაქტი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვაზე, როგორც წესი, მარიხუანის ინდივიდუალური მომხმარებლის როლი ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის ხელშეწყობის პროცესში არის ძალიან მცირე, თითქმის უმნიშვნელო.
53. მარიხუანის მოხმარება, სადავო ნორმით გათვალისწინებული სხვა დასჯადი ქმედებებისგან განსხვავებით (დამზადება, შეძენა, შენახვა), არ წარმოშობს მისი გასაღების საფრთხეს. იგი მიმართულია უშუალოდ მომხმარებელზე. შესაბამისად, დასახელებული ქმედებით საფრთხე ექმნება უშუალოდ მომხმარებლის და არა სხვა პირთა ჯანმრთელობას (მაგ.: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედებისგან განსხვავებით).
54. ქმედებისათვის დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თავად ამ ქმედებიდან მომდინარე საფრთხეების პროპორციული. პასუხისმგებლობის ხარისხი უნდა შეესაბამებოდეს ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვაში პირის როლს. როდესაც ეს როლი უმნიშვნელოა, უმნიშვნელოა ის საფრთხეებიც, რომლებსაც ესა თუ ის ქმედება ქმნის.
55. მარიხუანის აკრძალვა მორალური თვითდეგრადაციის მოტივით არ წარმოადგენს ღირებულ ლეგიტიმურ მიზანს. კონსტიტუცია უზრუნველყოფს პირის თავისუფლებას თავად განსაზღვროს საკუთარი ცხოვრებისეული გეგმები და მიზნები, განახორციელონ ისეთი ქმედებები, რომლებიც არ ვნებს სხვას. მიუხედავად იმისა, რომ მარიხუანის მოხმარება უკავშირდება გარკვეულ ნეგატიურ შედეგებს მომხმარებლისთვის, თუმცა მიიჩნევს, რომ ეს არჩევანი წარმოადგენს პირის პირად ავტონომიას, რაც დაცულია მისი თავისუფალი განვითარების უფლებით: შესაძლებლობა, საკუთარი პასუხისმგებლობით გადაწყვიტოს, გამოსცადოს ამ საშუალებების ეფექტები, მიუხედავად იმისა, რომ ის გარკვეული დოზით ნეგატიურად ზემოქმედებს მის ჯანმრთელობაზე. ამრიგად, მარიხუანის მოხმარების ისეთი შესაძლო შედეგები, როგორიცაა შრომისუნარიანობის დაქვეითება, აპათია და ჩაკეტილობა არ წარმოადგენს თავისუფალი განვითარების შეზღუდვის ლეგიტიმურ მიზნებს.
56. მარიხუანის განმეორებითი მოხმარება არ ქმნის ისეთ საზოგადოებრივ საფრთხეებს, რომელთა დასაცავადაც პირის სისხლისსამართლებრივი წესით დასჯა გამართლდებოდა. შესაბამისად, შეუსაბამოა პირისთვის კრიმინალის სტატუსის მინიჭება ისეთი ქმედების გამო, რომელიც მხოლოდ ამ პირის ჯანმრთელობას შეიძლება უქმნიდეს საფრთხეს და არ ქმნის სხვათა უფლებების დარღვევის მომეტებულ საფრთხეს.
57. ყოველივე ზემოხსენებულის საფუძველზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა არაკონსტიტუციურია მისი ბლანკეტურობის გამო. იგი ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე ადგენს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას მარიხუანის განმეორებითი მოხმარებისთვის განტვირთვისა და გართობის მიზნით, განურჩევლად იმისა, აღნიშნული ქმედება უქმნის თუ არა საფრთხეს საზოგადოებრივ წესრიგს, სხვა პირთა ჯანმრთელობას, ან სხვა სამართლებრივ სიკეთეს. შესაბამისად, გართობისა და რეკრეაციული მიზნით მარიხუანის მოხმარების სისხლის სამართლის წესით დასჯადობა არაკონსტიტუციურია პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებასთან მიმართებით. სადავო ნორმით გათვალისწინებული რეგულირება წარმოადგენს ადამიანის პირადი ავტონომიით დაცულ სფეროში არაპროპორციულ ჩარევას და, შესაბამისად, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლს.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის და მე-2 პუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 25-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების, 27-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-4, მე-7, მე-8, მე-11 და მე-13 პუნქტების, 45-ე მუხლის, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, მე-13 მუხლის მე-2 და მე-6 პუნქტების, 30-ე, 31-ე, 32-ე და 33-ე მუხლების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. დაკმაყოფილდეს კონსტიტუციური სარჩელი №732 („საქართველოს მოქალაქე გივი შანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) და არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სიტყვების „ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის.
2. არაკონსტიტუციური ნორმა ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი ამ გადაწყვეტილების საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან.
3. გადაწყვეტილება ძალაშია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან.
4. გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
5. გადაწყვეტილების ასლი გაეგზავნოს მხარეებს, საქართველოს პარლამენტს, საქართველოს პრეზიდენტს და საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
6. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე და გაეგზავნოს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის წევრები:
ლალი ფაფიაშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე
მაია კოპალეიშვილი
მერაბ ტურავა