საქართველოს მოქალაქეები - გელა ტარიელაშვილი, გიორგი კვირიკაძე, ვლადიმერ გასპარიანი, ივანე მაჭავარიანი და სხვები (სულ 9 მოსარჩელე) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N1/13/733 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - ლალი ფაფიაშვილი, მაია კოპალეიშვილი, მერაბ ტურავა, გიორგი კვერენჩხილაძე, |
თარიღი | 22 ივნისი 2017 |
გამოქვეყნების თარიღი | 22 ივნისი 2017 21:39 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ლალი ფაფიაშვილი - სხდომის თავმჯდომარე;
გიორგი კვერენჩხილაძე - წევრი;
მაია კოპალეიშვილი - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
მერაბ ტურავა - წევრი.
სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქეები - გელა ტარიელაშვილი, გიორგი კვირიკაძე, ვლადიმერ გასპარიანი, ივანე მაჭავარიანი და სხვები (სულ 9 მოსარჩელე) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: 1)ა) საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან, მე-16 მუხლთან, მე-17 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან და მე-18 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც ითვალისწინებს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენებას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი N2-ის 79-ე გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება კოდეინის (0.024919725 გრამამდე) და ამავე დანართის 116-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მორფინის (0.4 გრამამდე) პირადი მოხმარების მიზნით შეძენა-შენახვისთვის.
ბ) საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან, მე-16 მუხლთან, მე-17 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან და მე-18 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც ითვალისწინებს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენებას:
ბ.ა) „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი N2-ის 29-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის (0.0149 გრამამდე), ამავე დანართის 76-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება კანაფის ფისის (0.22 გრამამდე), ამავე დანართის 91-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება ლიზერგიდის (0.000172 გრამამდე), ამავე დანართის 94-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მეთადონის (0.3483 გრამამდე), ამავე დანართის 109-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მეტამფეტამინის (0.00028 გრამამდე) და 189-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის (0.2640 გრამამდე) პირადი მოხმარების მიზნით შეძენა-შენახვისთვის.
ბ.ბ) „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი N2-ის 33-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება დეზომორფინის (0.0047 გრამამდე) პირადი მოხმარების მიზნით დამზადება, შეძენა-შენახვისთვის.
ბ.გ) „ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი N2-ის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სინთეზური ჰიბრიდული კანაბინოიდის, კანაბინომიმეტურად მოქმედ ქიმიურ ნაერთთა კლასს მიკუთვნებული, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება AB-CHMINACA-ს წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ პირადი მოხმარების მიზნით შეძენა-შენახვისთვის.
2) „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 29-ე, 33-ე, 76-ე, 79-ე, 91-ე, 94-ე, 109-ე, 116-ე და 189-ე ჰორიზონტალური გრაფების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან, მე-16 მუხლთან, მე-17 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან და მე-18 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 7 მარტს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №733) მიმართეს საქართველოს მოქალაქეებმა გელა ტარიელაშვილმა, გიორგი კვირიკაძემ, ვლადიმერ გასპარიანმა, ივანე მაჭავარიანმა და სხვებმა (სულ 9 მოსარჩელე). №733 კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადაეცა 2016 წლის 9 მარტს.
2. №733 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2017 წლის 22 ივნისს.
3. №733 კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი, მე-15 და მე-16 მუხლები.
4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში „სსკ“) 260-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნა ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვს წლამდე (ძალადაკარგულია პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება - გამომშრალი მარიხუანის პირადი მოხმარების მიზნისთვის უკანონო შეძენა-შენახვის გამო). ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნა ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე. ხოლო მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით კი, პირველი და მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედებები: ა) ჩადენილი დიდი ოდენობით, ბ) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე.
5. „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის (შემდგომში დანართი №2) 29-ე, 33-ე, 76-ე, 79-ე, 91-ე, 94-ე, 109-ე, 116-ე და 189-ე ჰორიზონტალური გრაფებში განსაზღვრულია შემდეგი ნარკოტიკული საშუალებები და აღნიშნულ ნივთიერებათა მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობები: ბუპრენორფინი, დეზომორფინი, კანაფის ფისი, კოდეინი (ფუძე და მარილები), ლიზერგინის მჟავა, მისი წარმოებულები და პრეპარატები, მათ შორის, ლიზერგიდი, მეთადონი (ფუძე და მარილები), მეტამფეტამინი (ფუძე და მარილები, მიუხედავად თანმხლები ნივთიერებების არსებობისა), მორფინი (ფუძე და მარილები) და ჰეროინი.
6. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი კანონის წინაშე ყველას თანასწორობის პრინციპს, მე-16 მუხლი კი თავისუფალი განვითარების უფლებას განამტკიცებს. მე-17 მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულია ადამიანის პატივისა და ღირსების ხელშეუვალობა, ხოლო მე-2 პუნქტი ადგენს, რომ დაუშვებელია ადამიანის წამება, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობა და სასჯელის გამოყენება. მე-18 მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულია ადამიანის თავისუფლების ხელშეუვალობის უფლება.
7. კონსტიტუციურ სარჩელზე თანდართული მასალიდან ირკვევა, რომ მოსარჩელეები სასამართლომ სხვადასხვა დროს ცნო დამნაშავედ სსკ-ის 260-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის. კერძოდ, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 23 მაისის №1/514-13 განაჩენით, გელა ტარიელაშვილი დამნაშავედ იქნა ცნობილი სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის (ნარკოტიკული საშუალება „მორფინის ჰიდროქლორიდის“ უკანონო შეძენა, შენახვა) და სასჯელის ზომად და სახედ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 6 ნოემბრის №1/3272-14 განაჩენით, გიორგი კვირიკაძე დამნაშავედ იქნა ცნობილი სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის (ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ უკანონო შეძენა, შენახვა) და სასჯელის ზომად და სახედ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლის ვადით. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 28 აპრილის №1516-15 განაჩენით, ვლადიმერ გასპარიანი დამნაშავედ იქნა ცნობილი, მათ შორის, სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით (2015 წლის 8 ივლისამდე არსებული რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის (ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენოფრინის“ დიდი ოდენობით პირადი მოხმარების მიზნით შეძენა/შენახვა) და სასჯელის ზომად და სახედ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლისა და 6 თვის ვადით, საიდანაც 2 წელი და 6 თვე განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდა (მხარეთა შორის გაფორმდა საპროცესო შეთანხმება). თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 31 ივლისის №1/271-13 განაჩენით, ივანე მაჭავარიანი დამნაშავედ იქნა ცნობილი სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2015 წლის 8 ივლისამდე არსებული რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის (ნარკოტიკული საშუალება „ლიზერგიდის“ განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შეძენა, შენახვა) და სასჯელის ზომად და სახედ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 წლისა და 6 თვის ვადით. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 11 ნოემბრის №1/4091-13 განაჩენით, ალექსანდრე თავართქილაძე დამნაშავედ იქნა ცნობილი, მათ შორის, სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით (2015 წლის 8 ივლისამდე არსებული რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის (ნარკოტიკული საშუალების „დეზომორფინის“ დიდი ოდენობით უკანონოდ დამზადება, შეძენა, შენახვა) და სასჯელის ზომად და სახედ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით (მხარეთა შორის გაფორმდა საპროცესო შეთანხმება). თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 27 თებერვლის №1/378-14 განაჩენით, ალექსანდრე ხუციშვილი დამნაშავედ იქნა ცნობილი სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის (ნარკოტიკული საშუალება „დეზომორფინის“ დიდი ოდენობით შეძენა, შენახვა და ნარკოტიკული საშუალება „კოდეინის“ შეძენა, შენახვა) და სასჯელის ზომად და სახედ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით, საიდანაც ერთი წელი და 6 თვე განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სასჯელის მოხდა (მხარეთა შორის გაფორმდა საპროცესო შეთანხმება). გორის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 27 მაისის განაჩენით, ანდრო ბროლაძე დამნაშავედ იქნა ცნობილი სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2015 წლის 8 ივლისამდე არსებული რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის (ნარკოტიკული საშუალება „მეტამფეტამინის“ დიდი ოდენობით უკანონო შეძენა, შენახვა და ნარკოტიკული საშუალება „დეზომორფინის“ დიდი ოდენობით შეძენა/შენახვა) და სასჯელის ზომად და სახედ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით, საიდანაც ერთი წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სასჯელის მოხდა (მხარეთა შორის გაფორმდა საპროცესო შეთანხმება). თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 10 აპრილის №1/1610-15 განაჩენით, მამუკა კვარაცხელია დამნაშავედ იქნა ცნობილი სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2015 წლის 8 ივლისამდე არსებული რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის (ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება „AB-CHMINACA-ს“ წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ შეძენა, შენახვა) და სასჯელის ზომად და სახედ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლისა და 6 თვის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობითად (მხარეთა შორის გაფორმდა საპროცესო შეთანხმება). თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 25 იანვრის №1/4955-15 განაჩენით, გიორგი ათუაშვილი დამნაშავედ იქნა ცნობილი სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის (ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ დიდი ოდენობით შეძენა, შენახვა; ნარკოტიკული საშუალება „მეთადონის“ დიდი ოდენობით შეძენა, შენახვა; ნარკოტიკული საშუალება „კანაფის ფისის“ დიდი ოდენობით შეძენა, შენახვა) და სასჯელის ზომად და სახედ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლისა და 6 თვის ვადით (მხარეთა შორის გაფორმდა საპროცესო შეთანხმება).
8. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ" საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე, მომხსენებელმა მოსამართლემ მოსარჩელეებთან წერილობით დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები. შესაბამისად, მოსარჩელეთა წარმომადგენელმა მიუთითა კონკრეტული ნარკოტიკული საშუალებები, ფსიქოტროპული ნივთიერებები, ფსიქოაქტიური ნივთიერებები და მათი ოდენობები, რომელთა პირადი მოხმარების მიზნით შეძენა, შენახვისა და დამზადებისათვის თავისუფლების აღკვეთის გამოყენების კონსტიტუციურობასაც შეეხება განსახილველი სასარჩელო მოთხოვნა. კერძოდ, მოსარჩელეთა წარმომადგენელმა დააკონკრეტა, რომ სასარჩელო მოთხოვნა შეეხება იმ ოდენობებს, რა ოდენობაზეც მიმდინარეობდა სისხლისსამართლებრივი სამართალწარმოება თითოეული მოსარჩელის მიმართ.
9. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ, ვინაიდან მოსარჩელეების საქმეებში ფიგურირებს ერთნაირი ნარკოტიკული საშუალებები განსხვავებული ოდენობებით, სასამართლომ უნდა შეაფასოს კონკრეტული ნარკოტიკული საშუალებების უდიდესი ოდენობებისთვის არსებული სამართლებრივი რეგულაციების კონსტიტუციურობა. კონკრეტული ნარკოტიკული საშუალებების ოდენობები (მოსარჩელეების სისხლის სამართლის საქმეებიდან გამომდინარე) კი ასეთია: მორფინი - 0.4 გრამამდე; ჰეროინი - 0.2640 გრამი; ბუპრენორფინი - 0.0149 გრამი; ლიზერგიდი - 0.000172 გრამი; დეზომორფინი - 0.0047 გრამი; მეტამფეტამინი - 0.00028 გრამი; მეთადონი - 0.3483 გრამი; კანაფის ფისი - 0.2215 გრამი; კოდეინი - 0.024919725 გრამი; CHMINACA – 3.48 გრამი.
10. მოსარჩელეების არგუმენტაციით, მათ მიმართ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეებში არსებული ნარკოტიკული საშუალებები არის მეტად მცირე რაოდენობის, შესაბამისად, ამ ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა/შენახვა არ უნდა ექცეოდეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ფარგლებში, ზოგადად, ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით პირადი მოხმარების მიზნით შეძენა/შენახვა არ წარმოადგენს სისხლისსამართლებრივ დანაშაულს და ის მიიჩნევა ადმინისტრაციულ გადაცდომად. კანონმდებლობის ამგვარი ლოგიკა სწორედ იმითაა განპირობებული, რომ მცირე ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ფლობა, რა დროსაც არ არის დადასტურებული მისი გასაღების ან რაიმე ფორმით საზოგადოებაში გავრცელების მიზანი, არ წარმოადგენს მნიშვნელოვანი საფრთხის მქონე და, შესაბამისად, სისხლის სამართლისთვის საინტერესო აქტს. ასეთ პირობებში, სისხლის სამართლის დანაშაულსა და ადმინისტრაციულ გადაცდომას შორის ზღვარი დამოკიდებულია როგორც კონკრეტული ნარკოტიკული საშუალების ნარკოლოგიურ თუ სამედიცინო თვისებებზე, ასევე მის ოდენობაზე და შესაძლოა, მისი მიღების/მოპოვების გზებზეც.
11. მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ ნარკოტიკული დანაშაულის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის IX კარში მოქცევა, სადაც ერთიანდება საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები, კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ნარკოტიკული საშუალების შეძენა/შენახვა მხოლოდ იმ მომენტიდან იძენს სისხლისსამართლებრივ მნიშვნელობას, როდესაც ამ ქმედებით საფრთხე დაემუქრება საზოგადოებრივ წესრიგსა და უსაფრთხოებას. ნარკოტიკული დანაშაულის (მათ შორის, ნარკოტიკული საშუალების მოხმარების) დასჯის მიზანი არ არის პირის ინდივიდუალური არჩევანის შეზღუდვა, მოიხმაროს ან არ მოიხმაროს ნარკოტიკული საშუალება ან კონკრეტული ინდივიდის ჯანმრთელობაზე ზრუნვა, არამედ საზოგადოებრივი უსაფრთხოება, აქედან გამომდინარე, მხოლოდ პირადი მოხმარება ან პირადი მოხმარებისთვის ნარკოტიკული საშუალების ფლობა არ წარმოადგენს იმ ინტენსივობისა და საშიშროების ქმედებას, რომ მასზე გავრცელდეს სისხლისსამართლებრივი რეჟიმი. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობა ფორმალურად ზემოაღნიშნულ ლოგიკას ემყარება, შინაარსობრივად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებსა და სისხლის სამართლის დანაშაულს შორის არსებული ზღვარი აბსოლუტურად საწინააღმდეგო პრინციპებზე დგას. ამის დასტურია „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც რიგი ნარკოტიკული საშუალებებისთვის საერთოდ არ ითვალისწინებს მცირე ან სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისთვის საწყის ოდენობას და მათი უმცირესი ოდენობაც კი მიიჩნევა დიდ ოდენობად, რასაც თან სდევს შესაბამისი სისხლისსამართლებრივი სანქცია.
12. მოსარჩელეთა აზრით, თუკი მცირე ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა/შენახვა (იგულისხმება აღნიშნული ქმედების ერთჯერადად განხორციელება), ზოგადად, ადმინისტრაციულ გადაცდომებში ექცევა, აღნიშნული ლოგიკა უნდა გავრცელდეს ყველა ნარკოტიკულ საშუალებაზე და კონკრეტული ნარკოტიკული საშუალების პირადი მოხმარების მიზნით შეძენა/შენახვა მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა მოექცეს სისხლის სამართლის რეგულირების ფარგლებში, თუკი აღნიშნული ნარკოტიკული საშუალების ოდენობა (თავად ნარკოტიკული საშუალების ბუნების გათვალისწინებით) ობიექტურად იძლევა დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ არსებობს მისი სხვა პირისათვის გადაცემის ან საზოგადოებაში რაიმე ფორმით გავრცელების გონივრული და ხელშესახები რისკი. ის ფაქტი, რომ მოსარჩელეებმა არ/ვერ მოიხმარეს მათთვის აღმოჩენილი ნარკოტიკული საშუალება და ამის გამო მათ დაეკისრათ იმაზე მკაცრი სანქცია, ვიდრე ამ ნივთიერებების მოხმარების შემთხვევაში დაეკისრებოდათ, ცალსახად მიუთითებს კანონის არაადეკვატურ სიმკაცრეზე მხოლოდ პირთა ერთი კატეგორიის მიმართ.
13. მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ ისინი იმ პირების არსებითად თანასწორნი არიან, ვისაც ადმინისტრაციული სახდელი დაეკისრა იმ ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისთვის, რომლის შეძენა/შენახვისთვისაც მოსარჩელეებს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრათ. ისინი აგრეთვე არსებითად თანასწორებად მიიჩნევენ იმ პირებს, რომლებსაც ადმინისტრაციული სახდელი დაეკისრათ სხვა ტიპის ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით პირადი მოხმარების მიზნით შეძენა/შენახვისათვის.
14. აღსანიშნავია, რომ დანართი №2 „მეთადონისთვის“ და „ჰეროინისთვის“ საერთოდ არ ითვალისწინებს მცირე ოდენობას და მათი უმცირესი რაოდენობით აღმოჩენაც კი მიიჩნევა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისთვის საკმარის ოდენობად, ხოლო იგივე დანართი მთელი რიგი ნარკოტიკული საშუალებებისთვის არ ითვალისწინებს არათუ მცირე, არამედ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისთვის საწყის ოდენობასაც და ამ ნარკოტიკული საშუალებების უმცირესი რაოდენობაც კი მიიჩნევა დიდ ოდენობად. საკითხის ამგვარი რეგულირებით კანონი კონკრეტული ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით შეძენა/შენახვისათვის პირს აკისრებს იმაზე მძიმე პასუხისმგებლობას, ვიდრე იგივე ოდენობის ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისთვის სახდელდადებულ პირებს (ამ შემთხვევაში ხდება ადმინისტრაციული სანქციის გამოყენება).
15. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ სადავო ნორმები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლს.
16. მოსარჩელეთა მითითებით, უმცირესი ოდენობის ნარკოტიკული საშუალებების შეძენა/შენახვისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის გავრცელება, მით უფრო, ზოგიერთი ნარკოტიკული საშუალების უმცირესი რაოდენობის ავტომატურად დიდი ოდენობის კატეგორიაში მოქცევა, წარმოადგენს პირის თავისუფალი განვითარების უფლებაში აშკარა ჩარევას, რადგან აღნიშნული მიდგომით სახელმწიფო პირს აცხადებს კრიმინალად და მასზე ავრცელებს შესაბამის სამართლებრივ რეჟიმს, რაც გულისხმობს თავისუფლების აღკვეთას (რაც ცალსახად მნიშვნელოვანი ხელისშემშლელი ფაქტორია თავისუფალი განვითარებისათვის) და შემდგომში ნასამართლევის სტატუსის ქონას. მოსარჩელე მხარის განმარტებით, გასათვალისწინებელია ნასამართლობის მქონე პირთა სტიგმატიზება საზოგადოების მხრიდან, რაც ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორი შეიძლება იყოს პიროვნების თავისუფალი განვითარებისათვის. პირმა პასუხი უნდა აგოს რეალურად საზოგადოებრივად საშიში ქმედების ჩადენისთვის, ამასთან, იმ წესითა და ფარგლებში, რაც ობიექტურად აუცილებელი და საკმარისია კონკრეტული სამართალდარღვევისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნის მისაღწევად. ამა თუ იმ ქმედების დასჯა კონკრეტულ საზოგადოებაში გაბატონებული მორალურ-ეთიკური ღირებულებების გამო არ შეესაბამება კონსტიტუციის სულისკვეთებას.
17. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ სადავო ნორმები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლს.
18. კონსტიტუციურ სარჩელში განმარტებულია, რომ სადავო ნორმების ერთადერთი მიზანი შესაძლოა იყოს იმავე ქმედების (ნარკოტიკული საშუალების მოხმარება ან მისი იმ ოდენობით შენახვა, რაც ცალსახად განკუთვნილია პირადი მოხმარებისთვის) გენერალური, ზოგადი პრევენცია, თუმცა სახელმწიფოს იძულების ღონისძიების გამოყენებისას უნდა ჰქონდეს ზოგადი პრევენციის ზემოაღნიშნული პოზიტიური შედეგების გამოწვევის პასიური მოლოდინი, სახელმწიფომ არ შეიძლება პირი დასაჯოს მხოლოდ იმის გამო, რომ სხვამ არ ჩაიდინოს იგივე ქმედება. ნარკოტიკული საშუალების იმ ოდენობის კრიმინალიზებით, რაც ცალსახად მიუთითებს პირადი მოხმარების მიზანზე და ამ ქმედებისთვის სასჯელის უმკაცრესი ზომის - თავისუფლების აღკვეთის გამოყენებით სახელმწიფო არღვევს პრინციპს, რომ ქმედების ინკრიმინირება თანმდევი სასჯელით გამოიყენოს როგორც ultima ratio.
19. მოსარჩელეთა მტკიცებით, სასჯელი, როგორც ერთგვარად სოციალური კონტროლის მექანიზმი, იძულების ყველაზე მკაცრი ღონისძიებაა, ამიტომ კონკრეტული ქმედებისთვის სასჯელის დაწესებისას კანონმდებელი შეზღუდულია იმის დემონსტრირების ვალდებულებით, რომ სასჯელის მის მიერ შერჩეული ღონისძიება არის ეფექტური და პროპორციული. განსახილველ შემთხვევაში კი სხვაგვარ მიდგომასთან გვაქვს საქმე და სასჯელი გამოიყენება როგორც სხვა პირებზე ზეგავლენის, მათი დაშინების მიზნით, რა დროსაც ხდება კონკრეტული ადამიანების, მათი თავისუფლების, პატივისა და ღირსების შელახვა არა მხოლოდ იმით, რომ მათ სახელმწიფო ანიჭებს კრიმინალის, საზოგადოებრივად საშიში პირის სტატუსს, არამედ იმითაც, რომ ამ ადამიანების მიმართ გამოიყენება სასჯელის უმკაცრესი ზომა, თავისუფლების აღკვეთა.
20. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ სადავო ნორმები ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ პუნქტს.
21. მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ ბრუნვიდან ამოღებული ნივთის შეძენა/შენახვისათვის პასუხისმგებლობის ზომის განსაზღვრისას მნიშვნელოვან კრიტერიუმს წარმოადგენს მისი რაოდენობა - ამ შემთხვევაში ნარკოტიკული საშუალების ოდენობა. თუმცა მხოლოდ ნარკოტიკული საშუალების ოდენობა (თუ ის არ უტოლდება კრიტიკულ ზღვარს, როდესაც მაღალი ალბათობითაა შესაძლებელი ვარაუდი, რომ ამ ოდენობის ნარკოტიკული საშუალება არ არის განკუთვნილი პირადი მოხმარებისთვის) არ შეიძლება დაედოს საფუძვლად პირისათვის პასუხისმგებლობის არსებითად დამძიმებას. კანონი უნდა იძლეოდეს შესაძლებლობას, საქმის ინდივიდუალური მახასიათებლების გათვალისწინებით, სასამართლომ შეარჩიოს სასჯელის ის ფორმა და ზომა, რაც ადეკვატური და შესაფერისია ჩადენილი ქმედების სოციალურ/კრიმინოგენულ საშიშროებასთან.
22. მოსარჩელე მხარეს მიაჩნია, რომ კანონმდებლობა არ უნდა იძლეოდეს „სანიმუშო“ სასჯელების გამოყენების შესაძლებლობას, რომლის ერთადერთი მიზანიც იქნება ერთის მკაცრად დასჯის ხარჯზე სხვების დაშინება, მათი ნების დათრგუნვა. ასეთ დროს სასჯელი მისივე მიზნებისგან ობიექტურად აცდენილი ხდება და ემსგავსება შურისძიებას, რა დროსაც ყოველგვარი რაციონალური ფონი დაკარგული აქვს გამოყენებულ რეპრესიულ მექანიზმს. ამგვარი სასჯელი არათუ უვარგისი საშუალებაა მისი მიზნების მისაღწევად, არამედ, პირიქით, შეიძლება კონტრპროდუქტიულიც იყოს და გამოიწვიოს/აამაღლოს ის რისკები, რომელთა თავიდან ასაცილებლადაც არის შემოღებული. ასეთი მიდგომა ცალსახად არღვევს პროპორციულობის პრინციპს და იწვევს დაუსაბუთებლად მკაცრ დასჯას. ქმედებისათვის, რომელიც მხოლოდ ამ ქმედების ავტორს უქმნის საფრთხეს, თავისუფლების აღკვეთა ცალსახად არაკონსტიტუციურია, რადგან ამგვარი სასჯელი იმდენად შეუსაბამოა ჩადენილ ქმედებასთან, რომ ერთმნიშვნელოვნად უტოლდება პატივისა და ღირსების შემლახავ სასჯელს.
23. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ სადავო ნორმები ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტს.
24. მოსარჩელეთა მტკიცებით, საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლით გარანტირებული თავისუფლების ხელშეუხებლობა იმდენად წონადი ძირითადი უფლებაა, რომ სახელმწიფოს მხრიდან მასში ჩარევა მხოლოდ განსაკუთრებულ, ultima ratio ღონისძიებად უნდა განიხილებოდეს და, ცხადია, მე-18 მუხლის პირველი ნაწილით გარანტირებული უფლება არ უნდა შემოვფარგლოთ იმ კონსტიტუციური გარანტიებით, რომლებიც მუხლის ქვედა პუნქტებშია განსაზღვრული. კერძოდ, კანონის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული აქტით პირისათვის თავისუფლების უფლების შეზღუდვაც შესაძლოა იყოს არაკონსტიტუციური, თუკი კანონი, რომლის საფუძველზეც იქნა სასამართლოს გადაწყვეტილება მიღებული, დაუსაბუთებლად ხსნიდა კარს უფლებაში ჩარევისთვის ან თუკი ამ უფლებაში ჩარევა მოხდა დაუსაბუთებლად და არასაკმარისი ლეგიტიმური მიზნით. მოსარჩელეების აზრით, განსახილველ საქმეში სწორედ მსგავს ვითარებასთან გვაქვს საქმე, როდესაც სადავო ნორმა (სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილი და მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები) კონსტიტუციური უფლების შეზღუდვას ითვალისწინებს ისეთი ქმედებისათვის, რომელიც არ არის მაღალი საზოგადოებრივი საშიშროების შემცველი.
25. მოსარჩელეები აღნიშნავენ, რომ კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტი განხილულ უნდა იქნეს მისი ავტონომიური მნიშვნელობით, ამ მუხლის შემდგომი პუნქტებისგან დამოუკიდებელად. შესაბამისად, პირველი პუნქტით გარანტირებული თავისუფლების ხელშეუვალობის უფლებაში ნებისმიერი ჩარევა უნდა შეფასდეს იმის მიხედვით, რამდენად დასაბუთებულია ჩარევა, არის თუ არა ის ლოგიკური გამოძახილი (თუ პრევენციული ზომა) პირის წინარე ან მოსალოდნელი ქმედების მიმართ და რამდენად მიიღწევა ის მიზნები, რაც უფლებაში ჩარევას შესაძლოა ჰქონდეს.
26. იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად არაპროპორციული და შეუსაბამოა სადავო ნორმებით გათვალისწინებული სასჯელი ჩადენილ ქმედებასთან მიმართებით, მოსარჩელეებს ასევე მიაჩნიათ, რომ სადავო ნორმები ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველ პუნქტს.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 და მე-18 მუხლებით დადგენილ მოთხოვნებს. აღნიშნული კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოსარჩელემ კონსტიტუციურ სარჩელში უნდა მოიყვანოს ის მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას, ანუ კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებული უნდა იყოს. აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლო „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციურ სარჩელს ან სასარჩელო მოთხოვნის შესაბამის ნაწილს არ მიიღებს არსებითად განსახილველად. საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის N1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1).
2. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ დანართი №2-ის 29-ე, 33-ე, 76-ე, 79-ე, 91-ე, 94-ე, 109-ე, 116-ე და 189-ე ჰორიზონტალური გრაფები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლს, მე-16 მუხლს, მე-17 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებს და მე-18 მუხლის პირველ პუნქტს. მოსარჩელე მხარის აზრით, სადავო ნორმა ადგენს დისკრიმინაციულ მოპყრობას, ასევე ლახავს თავისუფალი განვითარების უფლებას, რადგან ხდება მისი სტიგმატიზირება და აგრეთვე ეწინააღმდეგება მათი პატივის, ღირსების და თავისუფლების უფლებებს.
3. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ მოთხოვნის ამგვარად დაყენება ეფუძნება სადავო ნორმისა და კონსტიტუციის მოცემული დებულებების შინაარსის არასწორ აღქმას. მოსარჩელე პრობლემატურად მიიჩნევს გასაჩივრებული ჰორიზონტალური გრაფებით გათვალისწინებული ნარკოტიკული საშუალებების შეძენა/შენახვისთვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენებას. სადავოდ გამხდარი დანართი №2-ის შესაბამისი ჰორიზონტალური გრაფებით განსაზღვრულია კონკრეტული ნარკოტიკული საშუალებების დასახელებები და მათი მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობები. აღნიშნული სადავო ნორმები განსაზღვრავს მხოლოდ ოდენობებს და დამოუკიდებლად არ ადგენს არც აკრძალვას და არც რაიმე სახის სასჯელს, რომელსაც შემდგომ შესაძლოა, გავლენა ჰქონოდა პირის თანასწორობის, თავისუფლებისა და პირადი ცხოვრების კონსტიტუციურ უფლებებზე. აქედან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნის ამ ნაწილში გასაჩივრებულ ნორმებსა და შესაბამის კონსტიტუციის დებულებებს შორის შინაარსობრივი მიმართება დასაბუთებული არ არის და არსებობს მისი არსებითად განსახილველად არმიღების „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
4. როგორც უკვე აღინიშნა, მოსარჩელე მხარე ასევე ითხოვს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების სადავო ნორმატიული შინაარსის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით. მოსარჩელის აზრით, სადავო ნორმები ადგენენ დისკრიმინაციულ მოპყრობას და პირებს აყენებენ უთანასწორო მდგომარეობაში იმ პირებთან მიმართებით, რომლებსაც ადმინისტრაციული სახდელი დაეკისრათ იმავე ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისთვის, რომლის შეძენა/შენახვისთვისაც მოსარჩელეებს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრათ. ისინი აგრეთვე შესადარებელ ჯგუფად მიიჩნევენ პირებს, რომლებსაც ადმინისტრაციული სახდელი დაეკისრათ სხვა ტიპის ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით პირადი მოხმარების მიზნით შეძენა/შენახვისათვის.
5. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კონსტიტუციურ სარჩელში არ არის მოყვანილი შესაბამისი არგუმენტაცია, რომელიც დაარწმუნებდა სასამართლოს სადავო რეგულაციათა კონსტიტუციის მე-14 მუხლთან შინაარსობრივი მიმართების არსებობაში. თანასწორობის უფლებასთან შინაარსობრივი მიმართების დასასაბუთებლად აუცილებელია, მოსარჩელემ მიუთითოს, რომ სადავო ნორმა იწვევს დიფერენცირებულ მოპყრობას. ამის საპირისპიროდ, სადავო ნორმები ნეიტრალური შინაარსის არის და თანაბრად ვრცელდება ყველა პირზე, არ გამოყოფს რომელიმე პირს ან პირთა ჯგუფს. კერძოდ, სადავო ნორმები მოიცავს სამართალდარღვევათა შემადგენლობებს, რომელთა ჩადენაც თანაბრად აკრძალული და დასჯადია ყველა პირისთვის. ნორმები რომელიმე პირთა ჯგუფს არ უდგენს უკეთეს უფლებრივ მდგომარეობას და ამით არ ახდენს მოსარჩელეთა დიფერენცირებულ მოპყრობას. აღნიშნულიდან გამომდინარე, კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და ამავე კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
6. მოსარჩელეები ასევე მიიჩნევენ, რომ სსსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების სადავო ნორმატიული შინაარსი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლს და მე-18 მუხლის პირველ პუნქტსაც. მათი განმარტებით, უმცირესი ოდენობის ნარკოტიკული საშუალებების სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის გავრცელება, მით უფრო, ზოგიერთი ნარკოტიკული საშუალების უმცირესი რაოდენობის ავტომატურად დიდი ოდენობის კატეგორიაში მოქცევა წარმოადგენს აშკარა ჩარევას მათ თავისუფალი განვითარების უფლებაში. მოსარჩელე მხარის მტკიცებით, ჩადენილ ქმედებასთან მიმართებით სასჯელის არაპროპორციულობის გათვალისწინებით, სადავო ნორმები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველ პუნქტსაც.
7. სასარჩელო არგუმენტაციიდან გამომდინარე აშკარაა, რომ მოსარჩელეთა პრობლემის წყაროს სადავო ნორმით გათვალისწინებული სასჯელის ზომა და მისი არაპროპორციული ხასიათია. აღნიშნულ სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებული არგუმენტაცია კი მიემართება საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლს. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტით აკრძალულია „სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობა და სასჯელის გამოყენება“. აღნიშნული კონსტიტუციური დებულება კრძალავს სასტიკი, არაპროპორციული სასჯელის დაკისრებას. შესაბამისად, სასჯელის პროპორციულობის კონსტიტუციურსამართლებრივი სტანდარტები სწორედ საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტით არის განმტკიცებული. აღნიშნულიდან გამომდინარე, დასაბუთება სასარჩელო მოთხოვნის ამ ნაწილში შეეხება ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლთან მიმართებით და არ მიემართება საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლს და მე-18 მუხლის პირველ პუნქტს.
8. გარდა იმისა, რომ მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმებით გათვალისწინებული სასჯელი მეტისმეტად მკაცრია და ამის გამო გაუმართლებლად ლახავს მისი თავისუფალი განვითარების უფლებას, ის ასევე მიუთითებს, რომ დანაშაულებრივი ქმედების შემადგენლობა - ნარკოტიკული საშუალების პირადი მოხმარების მიზნით შეძენა/შენახვისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრება წარმოადგენს ჩარევას საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლით გარანტირებულ უფლებაში. განსახილველ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნის ამგვარად დაყენება ეფუძნება მოსარჩელის მიერ საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლის შინაარსისა და ფარგლების არასწორ აღქმას. საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლი იცავს პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებას სახელმწიფოს მხრიდან არასათანადო ზემოქმედებისაგან. აღნიშნული კონსტიტუციური უფლება არ ადგენს იმის სტანდარტებს, თუ როგორ უნდა განისაზღვროს სახელმწიფოს მიერ სისხლისსამართლებრივი პოლიტიკა, რომელი ქმედება უნდა ისჯებოდეს სისხლისსამართლებრივად და რომელი სხვა, თუნდაც ადმინისტრაციული კანონმდებლობით.
9. კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი არგუმენტაცია მიემართება არა ქმედების აკრძალვის კონსტიტუციურობას ზოგადად, არამედ მისი ჩადენისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაწესებას. ასეთ შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯის საგანი ვერ იქნება იმის დადგენა, კონსტიტუციურია თუ არა საკითხის მოწესრიგება კონკრეტული საკანონმდებლო აქტით - სისხლის სამართლის კოდექსით. საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან შინაარსობრივი მიმართების წარმოსაჩენად მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს, რომ მის პიროვნების თავისუფალ განვითარებას ზღუდავს უშუალოდ სადავო ნორმის შინაარსი. პირმა უნდა დაასაბუთოს მის მიმართ გამოყენებული სასჯელი ან სახელმწიფოს მიერ გამოვლენილი სხვაგვარი პასუხი რატომ წარმოადგენს მის თავისუფალი განვითარების უფლებაში ჩარევას და არა ის, თუ რატომ არის ესა თუ ის სამართალდარღვევა სისხლის სამართლის თუ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში მოქცეული. ის, თუ რომელი აქტით დაისჯება ან რომელი აქტით დაეკისრება სანქცია პირს, არ წარმოადგენს უფლების დაცული სფეროს ნაწილს. შესაბამისად, მხოლოდ საკითხის სისხლის სამართლის კოდექსით მოწესრიგებაზე მითითება არ არის საკმარისი საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან სადავო ნორმის შინაარსობრივი მიმართების წარმოსაჩენად.
10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №733 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან და მე-18 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და ამავე კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
11. მოსარჩელე მხარე ითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით იმ არგუმენტაციით, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების დასჯის მიზანი არ უნდა იყოს სხვების დაშინება და სასამართლოს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, სასჯელის ისეთი ფორმა შეარჩიოს, რომელიც ადეკვატური იქნება კონკრეტული დანაშაულისთვის, რასაც სადავო ნორმა არ ითვალისწინებს. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით მოსარჩელე არსებითად სასჯელის არაპროპორციულ ხასიათზე დავობს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო სასარჩელო მოთხოვნას დასაბუთებულად მიიჩნევს და არსებითი განხილვის ფორმატში შეაფასებს მხოლოდ იმ ნაწილში, რომელიც შეეხება სადავო ნორმით გათვალისწინებული კონკრეტული სასჯელების მიმართებას საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან.
12. საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, სხვა მხრივ, №733 კონსტიტუციური სარჩელი აკმაყოფილებს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–16 მუხლის პირველი და მე–2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის მე–18 მუხლით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად არმიღების რომელიმე საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის, მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის, მე-18 მუხლის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის და 22-ე მუხლის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად კონსტიტუციური სარჩელი №733 („საქართველოს მოქალაქეები - გელა ტარიელაშვილი, გიორგი კვირიკაძე, ვლადიმერ გასპარიანი, ივანე მაჭავარიანი და სხვები (სულ 9 მოსარჩელე) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით:
ა) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას, რომელიც ითვალისწინებს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენებას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი N2-ის 79-ე გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება კოდეინის (0.024919725 გრამამდე), ამავე დანართის 116-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მორფინის (0.4 გრამამდე) პირადი მოხმარების მიზნით შეძენა/შენახვისთვის.
ბ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას, რომელიც ითვალისწინებს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენებას:
ბ.ა) „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართ N2-ის 29-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის (0.0149 გრამამდე), ამავე დანართს 76-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება კანაფის ფისის (0.22 გრამამდე), ამავე დანართის 91-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება ლიზერგიდის (0.000172 გრამამდე), ამავე დანართის 94-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მეთადონის (0.3483 გრამამდე), ამავე დანართის 109-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მეტამფეტამინის (0.00028 გრამამდე) და 189-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის (0.2640 გრამამდე) პირადი მოხმარების მიზნით შეძენა/შენახვისთვის.
ბ.ბ) „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი N2-ის 33-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება დეზომორფინის (0.0047 გრამამდე) პირადი მოხმარების მიზნით დამზადება, შეძენა/შენახვისთვის.
ბ.გ) „ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი N2-ის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სინთეზური ჰიბრიდული კანაბინოიდის, კანაბინომიმეტურად მოქმედ ქიმიურ ნაერთთა კლასს მიკუთვნებული, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება AB-CHMINACA-ს წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ პირადი მოხმარების მიზნით შეძენა/შენახვისთვის.
2. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად კონსტიტუციური სარჩელი №733 („საქართველოს მოქალაქეები - გელა ტარიელაშვილი, გიორგი კვირიკაძე, ვლადიმერ გასპარიანი, ივანე მაჭავარიანი და სხვები (სულ 9 მოსარჩელე) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება:
ა) საქართველოს კონსტიტუციის მე-14 და მე-16 მუხლებთან, ასევე მე-18 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას, რომელიც ითვალისწინებს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენებას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი N2-ის 79-ე გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება კოდეინის (0.024919725 გრამამდე) და ამავე დანართის 116-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მორფინის (0.4 გრამამდე) პირადი მოხმარების მიზნით შეძენა/შენახვისთვის.
ბ) საქართველოს კონსტიტუციის მე-14 და მე-16 მუხლებთან, ასევე მე-18 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას, რომელიც ითვალისწინებს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენებას:
ბ.ა) „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი N2-ის 29-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის (0.0149 გრამამდე), ამავე დანართის 76-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება კანაფის ფისის (0.22 გრამამდე), ამავე დანართის 91-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება ლიზერგიდის (0.000172 გრამამდე), ამავე დანართის 94-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მეთადონის (0.3483 გრამამდე), ამავე დანართის 109-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მეტამფეტამინის (0.00028 გრამამდე) და 189-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის (0.2640 გრამამდე) პირადი მოხმარების მიზნით შეძენა/შენახვისთვის.
ბ.ბ) „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი N2-ის 33-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება დეზომორფინის (0.0047 გრამამდე) დამზადება, შეძენა/შენახვისთვის.
ბ.გ) „ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი N2-ის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სინთეზური ჰიბრიდული კანაბინოიდის, კანაბინომიმეტურად მოქმედ ქიმიურ ნაერთთა კლასს მიკუთვნებული ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება AB-CHMINACA-ს წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ პირადი მოხმარების მიზნით შეძენა/შენახვისთვის.
გ) „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი N2-ის 29-ე, 33-ე, 76-ე, 79-ე, 91-ე, 94-ე, 109-ე, 116-ე და 189-ე ჰორიზონტალური გრაფების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან, მე-16 მუხლთან, მე-17 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან და მე-18 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
3. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.
4. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
5. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
6. საოქმო ჩანაწერი გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
ლალი ფაფიაშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე
მაია კოპალეიშვილი
მერაბ ტურავა