გელა ტარიელაშვილი, გიორგი კვირიკაძე, ვლადიმერ გასპარიანი, ივანე მაჭავარიანი და სხვები (სულ 9 მოსარჩელე) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დოკუმენტის ტიპი | გადაწყვეტილება |
ნომერი | N1/6/733 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, ვასილ როინიშვილი, გიორგი თევდორაშვილი, |
თარიღი | 6 მარტი 2025 |
გამოქვეყნების თარიღი | 6 მარტი 2025 16:08 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი – სხდომის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე – წევრი;
გიორგი თევდორაშვილი – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი.
სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.
საქმის დასახელება: გელა ტარიელაშვილი, გიორგი კვირიკაძე, ვლადიმერ გასპარიანი, ივანე მაჭავარიანი და სხვები (სულ 9 მოსარჩელე) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მიმართებით:
ა) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც ითვალისწინებს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენებას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის №2 დანართის 116-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მორფინის (0,4 გრამამდე) პირადი მოხმარების მიზნით შეძენა/შენახვისათვის;
ბ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც ითვალისწინებს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენებას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოტიკული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის №2 დანართის 29-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის (0,0149 გრამამდე) პირადი მოხმარების მიზნით შეძენა/შენახვისათვის;
გ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის (2020 წლის 4 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობა, რომელიც ითვალისწინებს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენებას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოტიკული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის №2 დანართის 109-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მეტამფეტამინის (0.00028 გრამამდე) პირადი მოხმარების მიზნით შეძენა/შენახვისათვის;
დ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის (2021 წლის 10 მარტამდე მოქმედი ნორმატიული შინაარსი) კონსტიტუციურობა, რომელიც ითვალისწინებს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენებას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოტიკული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის №2 დანართის 91-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება ლიზერგიდის (0.000172 გრამამდე), ამავე დანართის 94-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მეთადონის (0,3483 გრამამდე) და ამავე დანართის 189-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის (0,2640 გრამამდე) პირადი მოხმარების მიზნით შეძენა/შენახვისათვის;
ე) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის (2021 წლის 10 მარტამდე მოქმედი ნორმატიული შინაარსი) კონსტიტუციურობა, რომელიც ითვალისწინებს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენებას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის №2 დანართის 33-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება დეზომორფინის (0.0047 გრამამდე) პირადი მოხმარების მიზნით დამზადება, შეძენა/შენახვისთვის;
ვ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის (2020 წლის 30 ივლისამდე მოქმედი ნორმატიული შინაარსი) კონსტიტუციურობა, რომელიც ითვალისწინებს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენებას „ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ“ საქართველოს კანონის №2 დანართის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სინთეზური ჰიბრიდული კანაბინოიდის, კანაბინომიმეტურად მოქმედ ქიმიურ ნაერთთა კლასს მიკუთვნებული, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება AB-CHMINACA-ს წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ პირადი მოხმარების მიზნით შეძენა/შენახვისათვის.
საქმის განხილვის მონაწილეები: მოსარჩელე მხარის წარმომადგენელი – გურამი იმნაძე; მოპასუხე მხარის, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები – ქრისტინე კუპრავა და ნინო ქოჩიაშვილი; ექსპერტები – შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ გენერალური დირექტორის მოადგილე, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ნარკოლოგიური ექსპერტიზის სამმართველოს უფროსი, ექიმი-ნარკოლოგი, ექსპექტი-ნარკოლოგი – გური მენაბდიშვილი; დამოკიდებულების კვლევითი ორგანიზაცია „ალტერნატივა ჯორჯიას“ ხელმძღვანელი, ექიმი-ნარკოლოგი – დავით ოთიაშვილი; მოწმე – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს ქიმიური ექსპერტიზის განყოფილების უფროსი, მთავარი ექსპერტი – ალექსანდრე დადიანიძე.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 7 მარტს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №733) მომართეს გელა ტარიელაშვილმა, გიორგი კვირიკაძემ, ვლადიმერ გასპარიანმა, ივანე მაჭავარიანმა და სხვებმა (სულ 9 მოსარჩელემ). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 22 ივნისის №1/13/733 საოქმო ჩანაწერით, კონსტიტუციური სარჩელი ნაწილობრივ იქნა მიღებული არსებითად განსახილველად. №733 კონსტიტუციური სარჩელის არსებითი განხილვის სხდომა, ზეპირი მოსმენით, გაიმართა 2018 წლის 21 ივნისს.
2. №733 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი და მე-15 და მე-16 მუხლები.
3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნა ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვს წლამდე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნა ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე, ხოლო მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით კი, პირველი და მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედებები: ა) ჩადენილი დიდი ოდენობით, ბ) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე.
4. №733 კონსტიტუციურ სარჩელში, მოსარჩელე მხარე სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის მე-17 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით. აღნიშნული კონსტიტუციური დებულებით დაცული იყო ადამიანის პატივი და ღირსება, დაუშვებელი იყო ადამიანის წამება, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობა და სასჯელის გამოყენება.
5. „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს საქართველოს კონსტიტუციური კანონის პირველი მუხლის საფუძველზე, საქართველოს კონსტიტუცია ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრიდან მოქმედი რედაქციის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „ადამიანის ღირსება ხელშეუვალია და მას იცავს სახელმწიფო“, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება“.
6. კონსტიტუციურ სარჩელზე თანდართული მასალებიდან ირკვევა, რომ მოსარჩელეები, საერთო სასამართლომ, სხვადასხვა დროს ცნო დამნაშავეებად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის. კერძოდ, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 23 მაისის №1/514-13 განაჩენით, გელა ტარიელაშვილი დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის (ნარკოტიკული საშუალება „მორფინის ჰიდროქლორიდის“ უკანონო შეძენა, შენახვა) და სასჯელის ზომად და სახედ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 6 ნოემბრის №1/3272-14 განაჩენით, გიორგი კვირიკაძე დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის (ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის უკანონო შეძენა, შენახვა) და სასჯელის ზომად და სახედ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლის ვადით. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 28 აპრილის №1516-15 განაჩენით, ვლადიმერ გასპარიანი დამნაშავედ იქნა ცნობილი, მათ შორის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით (2015 წლის 8 ივლისამდე არსებული რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის (ნარკოტიკული საშუალება ბუპრენოფრინის დიდი ოდენობით პირადი მოხმარების მიზნით შეძენა/შენახვა) და სასჯელის ზომად და სახედ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლისა და 6 თვის ვადით, საიდანაც 2 წელი და 6 თვე განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდა (მხარეთა შორის გაფორმდა საპროცესო შეთანხმება). თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 31 ივლისის №1/271-13 განაჩენით, ივანე მაჭავარიანი დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2015 წლის 8 ივლისამდე არსებული რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის (ნარკოტიკული საშუალება ლიზერგიდის განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შეძენა, შენახვა) და სასჯელის ზომად და სახედ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 წლისა და 6 თვის ვადით. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 11 ნოემბრის №1/4091-13 განაჩენით, ალექსანდრე თავართქილაძე დამნაშავედ იქნა ცნობილი, მათ შორის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით (2015 წლის 8 ივლისამდე არსებული რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის (ნარკოტიკული საშუალების დეზომორფინის დიდი ოდენობით უკანონოდ დამზადება, შეძენა, შენახვა) და სასჯელის ზომად და სახედ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით (მხარეთა შორის გაფორმდა საპროცესო შეთანხმება). თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 27 თებერვლის №1/378-14 განაჩენით, ალექსანდრე ხუციშვილი დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის (ნარკოტიკული საშუალება დეზომორფინის დიდი ოდენობით შეძენა, შენახვა და ნარკოტიკული საშუალება კოდეინის შეძენა, შენახვა) და სასჯელის ზომად და სახედ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით, საიდანაც ერთი წელი და 6 თვე განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სასჯელის მოხდა (მხარეთა შორის გაფორმდა საპროცესო შეთანხმება). გორის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 27 მაისის განაჩენით, ანდრო ბროლაძე დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2015 წლის 8 ივლისამდე არსებული რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის (ნარკოტიკული საშუალება მეტამფეტამინის დიდი ოდენობით უკანონო შეძენა, შენახვა და ნარკოტიკული საშუალება დეზომორფინის დიდი ოდენობით შეძენა/შენახვა) და სასჯელის ზომად და სახედ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით, საიდანაც ერთი წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სასჯელის მოხდა (მხარეთა შორის გაფორმდა საპროცესო შეთანხმება). თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 10 აპრილის №1/1610-15 განაჩენით, მამუკა კვარაცხელია დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2015 წლის 8 ივლისამდე არსებული რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის (ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება AB-CHMINACA-ს წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ შეძენა, შენახვა) და სასჯელის ზომად და სახედ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლისა და 6 თვის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობითად (მხარეთა შორის გაფორმდა საპროცესო შეთანხმება). თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 25 იანვრის №1/4955-15 განაჩენით, გიორგი ათუაშვილი დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის (ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის დიდი ოდენობით შეძენა, შენახვა; ნარკოტიკული საშუალება მეთადონის დიდი ოდენობით შეძენა, შენახვა; ნარკოტიკული საშუალება კანაფის ფისის დიდი ოდენობით შეძენა, შენახვა) და სასჯელის ზომად და სახედ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლისა და 6 თვის ვადით (მხარეთა შორის გაფორმდა საპროცესო შეთანხმება).
7. მოსარჩელეების არგუმენტაციით, მათ მიმართ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეებში არსებული ნარკოტიკული საშუალებები არის მეტად მცირე ოდენობის. შესაბამისად, ამ ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა/შენახვა არ უნდა ექცეოდეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ფარგლებში. ზოგადად, ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით პირადი მოხმარების მიზნით შეძენა/შენახვა არ წარმოადგენს სისხლისსამართლებრივ დანაშაულს და ის მიიჩნევა ადმინისტრაციულ გადაცდომად. კანონმდებლობის ამგვარი ლოგიკა სწორედ იმითაა განპირობებული, რომ მცირე ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ფლობა, რა დროსაც არ არის დადასტურებული მისი გასაღების ან რაიმე ფორმით საზოგადოებაში გავრცელების მიზანი, არ წარმოადგენს მნიშვნელოვანი საფრთხის მქონეს და, შესაბამისად, სისხლის სამართლისათვის საინტერესო აქტს. ასეთ პირობებში, სისხლის სამართლის დანაშაულსა და ადმინისტრაციულ გადაცდომას შორის ზღვარი დამოკიდებულია როგორც კონკრეტული ნარკოტიკული საშუალების ნარკოლოგიურ თუ სამედიცინო თვისებებზე, ასევე მის ოდენობაზე და შესაძლოა მისი მიღების/მოპოვების გზებზეც.
8. მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ ნარკოტიკული დანაშაულის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის IX კარში მოქცევა, სადაც ერთიანდება საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები, კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ნარკოტიკული საშუალების შეძენა/შენახვა მხოლოდ იმ მომენტიდან იძენს სისხლისსამართლებრივ მნიშვნელობას, როდესაც ამ ქმედებით საფრთხე ემუქრება საზოგადოებრივ წესრიგსა და უსაფრთხოებას. ნარკოტიკული დანაშაულის (მათ შორის, ნარკოტიკული საშუალების მოხმარების) დასჯის მიზანი არ არის პირის ინდივიდუალური არჩევანის შეზღუდვა, მოიხმაროს ან არ მოიხმაროს ნარკოტიკული საშუალება, ან კონკრეტული ინდივიდის ჯანმრთელობაზე ზრუნვა, არამედ საზოგადოებრივი უსაფრთხოება. აქედან გამომდინარე, მხოლოდ პირადი მოხმარება ან პირადი მოხმარებისთვის ნარკოტიკული საშუალების ფლობა არ წარმოადგენს იმ საშიშროების ქმედებას, რომ მასზე გავრცელდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.
9. არსებითი განხილვის სხდომაზე მოსარჩელე მხარემ განმარტა, რომ მოპასუხის მიერ დასახელებული საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და უსაფრთხოების დაცვის ლეგიტიმური მიზანი ვერ მიიღწევა სადავო ნორმებით დადგენილი შეზღუდვით. მოსარჩელე მხარის განმარტებით, სტატისტიკური მონაცემების შესაბამისად, საპატიმრო დაწესებულების დატოვების შემდგომ პირები კვლავ უბრუნდებიან ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარებას, რაც მიუთითებს ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებელ სუბიექტებთან მიმართებით სასჯელის დაწესების არაეფექტიანობაზე. მოსარჩელე მხარემ ასევე აღნიშნა, რომ, როგორც წესი, ინდივიდუალური მომხმარებლის როლი ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის ხელშეწყობის პროცესში არის ძალიან მცირე, თითქმის უმნიშვნელო. იმავდროულად, მისი განმარტებით, ზოგიერთი სადავო ნარკოტიკული საშუალება, მაგალითად, დეზომორფინი, მზადდება კუსტარულად, რომელიც გამორიცხავს პირდაპირ კავშირს კრიმინალურ სუბკულტურასთან. შესაბამისად, უკანონო ბრუნვაში უშუალოდ მონაწილეობის რისკი კიდევ უფრო დაბალია. რაც შეეხება ნარკოტიკული საშუალების მომხმარებლისგან მომდინარე საფრთხეებს, მოსარჩელე მხარის მითითებით, არავითარი კვლევა ან სტატისტიკური მონაცემები არ ცხადყოფს, ან არ აჩენს რაიმე ტიპის პირდაპირ კორელაციას ნარკოტიკის მომხმარებელსა და სხვა ტიპის დანაშაულებს შორის. ამავდროულად, მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ პირს, რომელიც მოიხმარს ნარკოტიკულ საშუალებას a priori არ უყალიბდება მასზე დამოკიდებულება და, შესაბამისად, აბსტინენციის მდგომარეობა. ამდენად, შეუძლებელია ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელი პირისგან უპირობოდ მომდინარე მომეტებულ საზოგადოებრივ საშიშროებაზე საუბარი. შესაბამისად, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები არ ემსახურება დასახელებული ლეგიტიმური მიზნების მიღწევას.
10. მოსარჩელის პოზიციით, სადავო ნორმების ერთადერთი მიზანი შესაძლოა, იყოს იმავე ქმედების (ნარკოტიკული საშუალების მოხმარება ან მისი იმ ოდენობით შენახვა, რაც ცალსახად განკუთვნილია პირადი მოხმარებისთვის) გენერალური, ზოგადი პრევენცია, თუმცა სახელმწიფომ არ შეიძლება პირი დასაჯოს მხოლოდ იმის გამო, რომ სხვა პირმა არ ჩაიდინოს იგივე ქმედება. ნარკოტიკული საშუალების იმ ოდენობის შეძენა/შენახვის კრიმინალიზებით, რაც ცალსახად მიუთითებს პირადი მოხმარების მიზანზე და ამ ქმედებისთვის სასჯელის უმკაცრესი ზომის - თავისუფლების აღკვეთის გამოყენებით, სახელმწიფო არღვევს პრინციპს, რომ ქმედების ინკრიმინირება თანმდევი სასჯელით გამოიყენოს როგორც ultima ratio.
11. მოსარჩელე მხარეს მიაჩნია, რომ კანონმდებლობა არ უნდა იძლეოდეს „სანიმუშო“ სასჯელების გამოყენების შესაძლებლობას, რომლის ერთადერთი მიზანი ერთი პირის მკაცრად დასჯის ხარჯზე სხვების დაშინება იქნება. მსგავს შემთხვევაში, სასჯელი მისივე მიზნებისგან ობიექტურად აცდენილი ხდება და ემსგავსება შურისძიებას, რა დროსაც ყოველგვარი რაციონალური ფონი დაკარგული აქვს გამოყენებულ რეპრესიულ მექანიზმს. ამგვარი სასჯელი არათუ უვარგისი საშუალებაა ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად, არამედ, პირიქით, შეიძლება კონტრპროდუქტიულიც იყოს და გამოიწვიოს/აამაღლოს ის რისკები, რომელთა თავიდან ასაცილებლადაც არის იგი შემოღებული. ამდენად, მოსარჩელე მხარის მოსაზრებით, ქმედებისათვის, რომელიც მხოლოდ მის ავტორს უქმნის საფრთხეს, თავისუფლების აღკვეთა ცალსახად არაკონსტიტუციურია და ერთმნიშვნელოვნად უტოლდება პატივისა და ღირსების შემლახავ სასჯელს.
12. ამავდროულად, მოსარჩელემ არ უარყო, რომ ნარკოტიკული ნივთიერების წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ შეძენა-შენახვა შესაძლოა, აღიქმებოდეს მომეტებული სოციალური რისკის მქონე ქმედებად, თუმცა მანვე აღნიშნა, რომ ჯგუფის შეკრება გამსაღებელთან კომუნიკაციის ორგანიზებისთვის ხდება. გასათვალისწინებელია ის, რომ ნარკოტიკის გამსაღებელთან შეიძლება ყველას არ სურდეს კომუნიკაცია ან/და არ ჰქონდეს პირდაპირი კომუნიკაციის რესურსი. შესაბამისად, ამგვარი შემთხვევები არ განსხვავდება ერთი ინდივიდის მიერ პირადი მოხმარების მიზნით შეძენა-შენახვის ქმედების შემადგენლობისგან და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ამ ქმედების განხორციელება არ ცვლის ქმედების შემადგენლობის სიმძიმეს.
13. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ სადავო ნორმები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებს (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია).
14. არსებითი განხილვის სხდომაზე მოსარჩელე მხარემ, კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა ნარკოტიკული საშუალება კოდეინის (0,024919725 გრამამდე) და კანაფის ფისის (0,22 გრამამდე) მითითებული ოდენობების პირადი მოხმარების მიზნით შეძენა-შენახვისთვის დაწესებული სასჯელის არაკონსტიტუციურად ცნობის ნაწილში. შესაბამისად, მოსარჩელე მხარე აღარ ითხოვს ზემოაღნიშნული ნარკოტიკული საშუალებების მითითებული ოდენობით შეძენა/შენახვისთვის დაწესებული სანქციის – თავისუფლების აღკვეთის, არაკონსტიტუციურად ცნობას.
15. მოსარჩელე მხარე, საკუთარი არგუმენტაციის, გასამყარებლად მიუთითებს საზღვარგარეთის ქვეყნების გამოცდილებასა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე.
16. მოპასუხე მხარე აღნიშნავს, რომ ნარკოდანაშაულთან ბრძოლის უმთავრეს ლეგიტიმურ მიზანს წარმოადგენს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცნების ქვეშ მოიაზრება მომხმარებლის ჯანმრთელობის დაცვა და საზოგადოების დაცვა ინფექციური დაავადებების გავრცელებისგან, რომლებიც ნარკოტიკული საშუალების ინტრავენურ მოხმარებას შეიძლება მოჰყვეს შედეგად. მოპასუხე მხარე აღნიშნავს, რომ მართალია პირის ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანის ხარისხი დამოკიდებულია როგორც მომხმარებლის ინდივიდუალურ თავისებურებებზე, ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობაზე, აგრეთვე მოხმარების ხანგრძლივობაზე, თუმცა თავისთავად ნარკოტიკული ნივთიერებებიდან მომდინარე საფრთხეების გამორიცხვა და უგულებელყოფა არ შეიძლება. მოპასუხე მხარის განმარტებით, საზოგადოებრივი უსაფრთხოების ლეგიტიმური მიზანი მოიცავს სადავო ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებით გამოწვეული საფრთხეების აცილებას და დასახელებული ოდენობების თავისებურებიდან გამომდინარე ნივთიერებათა გასაღების პრევენციას. მოპასუხე მხარე მიუთითებს, რომ გასაჩივრებული ოდენობები არ წარმოადგენს ერთჯერადი მოხმარების დოზებს, რაც ქმნის ამ ნივთიერებების საზოგადოებაში გავრცელების რისკს. იმავდროულად, მოპასუხე განმარტავს, რომ გასაჩივრებული ნარკოტიკული ნივთიერებები მძიმე ნარკოტიკული ნივთიერებებია. ამგვარი ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებლები, ნარკოტიკული შიმშილის დროს, მიდრეკილნი არიან აგრესიული ქცევისკენ და დანაშაულის ჩადენისკენ. აღნიშნული კი, სახელმწიფოს ავალდებულებს, ქმედითი მექანიზმების გატარებით, დაიცვას საზოგადოებრივი მართლწესრიგი და უსაფრთხოება.
17. მოპასუხე მხარის პოზიციით, სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთის გამოყენება წარმოადგენს დასახელებული ლეგიტიმური მიზნების მიღწევის თანაზომიერ საშუალებას. ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვასთან დაკავშირებული დანაშაულისთვის თავისუფლების აღკვეთის მიზანია ამ საშუალებების უკანონო ბრუნვის შემცირება, აღნიშნული ბრუნვის ხელშემწყობი პირების იზოლირება საზოგადოებისგან, რაც, საბოლოოდ, საზოგადოების კეთილდღეობის, მოქალაქეთა ჯანმრთელობაზე ზრუნვის პოზიტიური ვალდებულების შესრულების, ნარკომანიის გავრცელების თავიდან აცილების, საზოგადოებრივი და სახელმწიფო ინტერესების დაცვისა და ნარკოტიკული საშუალებების გავრცელების პრევენციისკენაა მიმართული.
18. საქმის არსებით განხილვაზე მოწვეულმა ექსპერტებმა შეაფასეს სადავოდ გამხდარი ნარკოტიკული საშუალებების მახასიათებლები და წარმოდგენილი დოზების მოსახმარად გამოყენებადი ოდენობები. ექსპერტების განმარტებით, ნარკოტიკული საშუალება ლიზერგიდი არსებობს ქაღალდის პატარა მარკერების სახით. ერთ მარკაზე, რომელიც ერთჯერად დოზად უნდა იქნეს მიჩნეული, მოთავსებულია 50-100 მიკროგრამი ლიზერგიდი. ექსპერტების აღნიშვნით, სარჩელში მითითებული ოდენობა უახლოვდება 1-1,5 მარკაზე არსებულ ოდენობას, რაც, საშუალო მომხმარებლისთვის, დაახლოებით წარმოადგენს ერთჯერადად მისაღებ დოზას, ხოლო იმ პირისთვის, ვინც ტოლერანტულია აღნიშნული ნარკოტიკული საშუალების მიმართ, ერთჯერადად მისაღები დოზა წარმოდგენილ ოდენობაზე მეტი იქნება. ექსპერტების განმარტებით, ლიზერგიდს ახასიათებს საკმაოდ მაღალი ტოლერანტობა, რაც გულისხმობს იმას, რომ სასურველი შედეგის მისაღებად მომხმარებლებს უწევთ დოზის გაორმაგება და გასამმაგება. ექსპერტებმა, ასევე მიუთითეს, რომ ლიზერგიდი პრაქტიკულად არ იწვევს დამოკიდებულების ჩამოყალიბებას მისი ხანგრძლივი მოხმარების შემთხვევაშიც კი. სპეციფიური ეფექტის მისაღებად, ლიზერგიდს მოიხმარენ საკმაოდ ხანგრძლივი ეპიზოდების შემდეგ, ხოლო მისი მიღების მიზანი ჰალუცინაციების გამოწვევა და რამდენიმე საათიან მოგზაურობაში წასვლაა. აღნიშნული ნივთიერების მოხმარების შემდეგ, პირს უჩნდება უმოქმედობის და მაგალითად, ფილმის ყურების სურვილი. ამდენად, ექსპერტებისთვის ძნელად წარმოსადგენია, აღნიშნული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ პირი გახდეს აგრესიული და დანაშაულის ჩადენისკენ მიდრეკილი.
19. ნარკოტიკული საშუალება მეტამფეტამინის გასაჩივრებულ ოდენობასთან (0.00028 გრამამდე) დაკავშირებით, ექსპერტებმა მიუთითეს, რომ იგი არის იმდენად მცირე, რომ მოხმარებისთვის უვარგისია. ექსპერტებმა განმარტეს, რომ ნარკოტიკული საშუალება მეტამფეტამინის ერთჯერადი მოხმარების დოზა საშუალოდ 100-200 მილიგრამია და შესაძლებელია მისი დღეში 2-ჯერ მოხმარება. საშუალო მომხმარებლის დღიური დოზა 300 მილიგრამს შეადგენს, ხოლო მაღალი ტოლერანტობის მქონე მომხმარებლისთვის დღიური დოზა 800 მილიგრამია. ამდენად, მათი განმარტებით, გასაჩივრებული ოდენობა (0.00028 გრამამდე), სავარაუდოდ, არის მოხმარების შემდეგ შპრიცში დარჩენილი ანაფხეკი.
20. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოწვეული მოწმე ალექსანდრე დადიანიძის განმარტებით, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება AB-CHMINACA მიეკუთვნება სინთეზური კანაბინოიდის ჯგუფს, თუმცა 2-დან 200-ჯერ უფრო ძლიერია ვიდრე ტეტრაჰიდროკანაბინოლი. მოწმის განმარტებით, ძალიან მცირე დოზაც კი შესაძლებელია გამოიყენოს რამდენიმე ადამიანმა. მოწმე აღნიშნავს, რომ ამ ნივთიერების დოზირება პრაქტიკულად შეუძლებელია, ამიტომ საფრთხილოა მისი გამოყენება. მისი მითითებით, დაფიქსირებულა გარდაცვალების შემთხვევებიც აღნიშნული ნივთიერების მოხმარების შემდგომ. მოწმე აღნიშნავს, რომ AB-CHMINACA ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებაა და მასთან დაკავშირებით შედარებით ნაკლები სამეცნიერო კვლევები არსებობს, ვიდრე სხვა გასაჩივრებულ ნარკოტიკულ საშუალებებთან მიმართებით და, შესაბამისად, არ არსებობს ზუსტი ინფორმაცია მის დოზირებასთან დაკავშირებით. უფრო მეტიც, მისი მოსაზრებით, ეს, ფაქტობრივად, შეუძლებელიცაა, ვინაიდან ამ ერთ ბირთვზე (AB-CHMINACA-ზე) შესაძლებელია, დაახლოებით აიგოს საშუალოდ 200-250 ნივთიერება. მოწმის განმარტებით, დღეს არსებული ინფორმაციის საფუძველზე, შეიძლება ითქვას, რომ ამ ნივთიერების მოსაწევად გამოსაყენებელ დოზად ითვლება 1 მილიგრამი.
21. ექსპერტმა დავით ოთიაშვილმა განმარტა, რომ ნარკოტიკული საშუალება მორფინის რეგულარული მიღების, ისევე, როგორც სხვა ოპიოიდების შემთხვევაში, პირს უყალიბდება ტოლერანტობა და საშუალო მომხმარებლისთვის ორი დღის დოზამ შესაძლებელია, შეადგინოს 0.25 გრამი მორფინი. დამოკიდებული ადამიანი კი სარჩელში წარმოდგენილი მორფინის ოდენობას (0,4 გრამი) მოიხმარს ორ დღეში, დღეში ორი დოზის მიღებით. შესაბამისად, დამოკიდებული ადამიანისთვის 0,4 გრამი მორფინი წარმოადგენს მაქსიმუმ 4 მოხმარების დოზას. ნივთიერებას ახასიათებს 6 საათიანი მოქმედების ხანგრძლივობა და შესაძლებელია დღეში რამდენიმეჯერ იქნას გამოყენებული.
22. ექსპერტების მითითებით, ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინი მიიღება როგორც პერორალური, ასევე ინტრავენური გზით. როგორც ექსპერტმა გური მენაბდიშვილმა აღნიშნა, ჩანაცვლებითი თერაპიის პაციენტები მოიხმარენ საშუალოდ 6-დან 10 მილიგრამამდე ბუპრენორფინს პერორალური გზით, ხოლო ექსპერტ დავით ოთიაშვილის განმარტებით, არალეგალურ ბრუნვაში მისი ინტრავენურად მოხმარების ერთჯერადი დოზა შეადგენს მაქსიმუმ 8 მილიგრამს. ამდენად, სარჩელში წარმოდგენილი ოდენობა 0.0149 გრამამდე ბუპრენორფინი პერორალური მიღების შემთხვევაში შესაძლებელია იყოს საშუალოდ 1,5 ან ორი მოხმარების დოზა, ხოლო ინტრავენური მოხმარების შემთხვევაში – საშუალოდ ორი მოხმარების დოზა. როგორც ექსპერტმა გური მენაბდიშვილმა განმარტა, ბუპრენორფინს პირი დღეში რამდენჯერმე მოიხმარს თუ მას აქვს ამის შესაძლებლობა. ექსპერტების მითითებით, ბუპრენორფინის მოხმარების შემთხვევაში დამოკიდებულების ჩამოყალიბებას მეტი დრო სჭირდება, ვიდრე მაგალითად ჰეროინზე დამოკიდებულების ჩამოყალიბებას, თუმცა იგი იწვევს ფიზიკურ დამოკიდებულებას.
23. ექსპერტმა დავით ოთიაშვილმა აღნიშნა, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ პერორალურად მოსახმარი ნარკოტიკული საშუალება მეთადონის საშუალო დოზად რეკომენდირებულია 60-დან 120 მილიგრამი დღეში. მისი შეფასებით, სარჩელში წარმოდგენილი მეთადონის (0.3483 გრამამდე) ოდენობა მოხმარების ერთჯერად დოზაზე მეტია. ექსპერტ გური მენაბდიშვილის განმარტებით, ინტრავენურად მიღების შემთხვევაში, სარჩელში წარმოდგენილი მეთადონის სადავო ოდენობა არის საკმაოდ მაღალი დოზა. ექსპერტების განმარტებით, მეთადონს 24 საათიანი ხანგრძლივობის მოქმედების პერიოდი აქვს და, ამავდროულად, სხვა ოპიოიდებისგან განსხვავებით, დოზის გადაჭარბების მაღალი რისკით ხასიათდება.
24. ექსპერტ დავით ოთიაშვილის განმარტებით, ჰეროინი არის ერთ-ერთი ძლიერმოქმედი ოპიოიდი, რომელსაც ახასიათებს დამოკიდებულების ჩამოყალიბების ძლიერი პოტენციალი და ხასიათდება დოზის გადაჭარბების მაღალი რისკით, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც კომბინირებულია ალკოჰოლთან. ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი მიიღება ინტრავენური გზით, რეგულარული მომხმარებლისთვის ერთჯერადად მისაღები დოზა შეადგენს 50-100 მილიგრამს, ხოლო დღიურმა საშუალო დოზამ შეიძლება, შეადგინოს 200 მილიგრამი. ექსპერტის მითითებით, ჰეროინის მოქმედების ხანგრძლივობა 6-8 საათს გრძელდება, რის გამოც იგი პირმა შესაძლებელია, დღეში ორჯერ მოიხმაროს. ექსპერტი მიიჩნევს, რომ სარჩელში წარმოდგენილი ოდენობა საშუალო მომხმარებლის დღიური დოზა (ორი მოხმარება) ან ოდნავ უფრო მეტია.
25. ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ ნარკოტიკული საშუალება დეზომორფინი, ჰეროინის მსგავსად, ერთ-ერთი ძლიერი ნარკოტიკული საშუალებაა და ყველაზე მძიმე შედეგის მომტანია გასაჩივრებულ ნარკოტიკულ საშუალებათა შორის. ექსპერტ დავით ოთიაშვილის განმარტებით, ნარკოტიკული საშუალება დეზომორფინის ერთჯერადად მოსახმარ დოზას წარმოადგენს 0.001 გრამი დეზომორფინი. მისი მითითებით, საშუალო მომხმარებელი, სარჩელში წარმოდგენილ ოდენობას (0.0047 გრამამდე) მოიხმარს 2 დღეში, დღეში ორჯერ მიღების შემთხვევაში.
26. საქმის არსებით განხილვაზე მოწვეული ექსპერტების შეფასებით, ნარკოტიკული საშუალებების მორფინის, ჰეროინის, დეზომორფინის, მეტადონის და ბუპრენორფინის წარმოდგენილი სადავო ოდენობები ნამდვილად არის ერთი მოხმარებისთვის საჭირო ოდენობებზე მეტი. ექსპერტების განმარტებით, ზემოაღნიშნული ნარკოტიკული საშუალებები განეკუთვნება ოპიოიდების ჯგუფის ნარკოტიკულ საშუალებებს, ე. წ. დეპრესანტებს, რომელთაც აქვთ დამთრგუნველი ზეგავლენა ადამიანის ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე. აღნიშნული ნარკოტიკულ საშუალებები ხასიათდება დამოკიდებულების ჩამოყალიბების პოტენციალით. ექსპერტ დავით ოთიაშვილის განმარტებით, სადავო ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების შემთხვევაში, არსებობს პირის მხრიდან აგრესიული ქცევის საფრთხე. მსგავსად, ექსპერტ გური მენაბდიშვილის მითითებით, ოპიოიდების ჯგუფის აბსტინენციის მდგომარეობა ხასიათდება აგრესიის გამოვლენით და, შესაძლებელია, პირმა ოჯახის წევრებსაც კი ავნოს. ამდენად, ექსპერტების პოზიციით, ნარკოტიკული საშუალებების - ჰეროინის, დეზომორფინის, მეთადონის, მორფინის და ბუპრენორფინის მოხმარება იწვევს როგორც დამოკიდებულების ჩამოყალიბებას, ასევე პირის მხრიდან აგრესიულ ქცევას.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. საქართველოს კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილებები
1. მოსარჩელე მხარე სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის მე-17 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით. „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს საქართველოს კონსტიტუციური კანონის პირველი მუხლის საფუძველზე, საქართველოს კონსტიტუცია ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. შესაბამისად, მოსარჩელეების მიერ მითითებული კონსტიტუციური დებულებები ძალადაკარგულია. ამდენად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო სადავო ნორმების კონსტიტუციურობას შეაფასებს მოქმედი კონსტიტუციის იმ დებულებებთან მიმართებით, რომელთაც მსგავსი/იდენტური შინაარსი გააჩნიათ.
2. საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული იყო ადამიანის პატივისა და ღირსების ხელშეუვალობა, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტი ადგენდა, რომ დაუშვებელია ადამიანის წამება, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობა და სასჯელის გამოყენება. საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციით, ადამიანის ღირსებას იცავს საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველი პუნქტი, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს, რომ „დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება“.
3. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განსახილველ საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლო სადავო ნორმების კონსტიტუციურობას შეაფასებს საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
2. სადავო ნორმების ძალადაკარგულობა
4. განსახილველ საქმეზე, მოსარჩელე მხარე, მათ შორის, ითხოვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის იმ ნორმატიული შინაარსის (2020 წლის 4 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) არაკონსტიტუციურად ცნობას, რომელიც ითვალისწინებს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენებას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის №2 დანართის 109-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მეტამფეტამინის (0.00028 გრამამდე) შეძენა-შენახვისათვის.
5. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოწვეული ექსპერტების პოზიციის გამოკვლევის შედეგად, ნათელი გახდა, რომ ნარკოტიკული საშუალება მეტამფეტამინის გასაჩივრებული ოდენობა (0.00028 გრამამდე) წარმოადგენს მოხმარებისათვის უვარგის ოდენობას. ამდენად, მოსარჩელე მხარის მოთხოვნას წარმოადგენს სადავო ნორმის იმ ნორმატიული შინაარსის არაკონსტიტუციურად ცნობა, რომელიც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს მოსახმარად გამოუსადეგარი ოდენობით (0.00028 გრამამდე) ნარკოტიკული საშუალება მეტამფეტამინის შეძენა-შენახვისათვის.
6. აღსანიშნავია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2020 წლის 4 ივნისის №1/19/1265,1318 განჩინებით ძალადაკარგულად ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის სიტყვების „ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას მოსახმარად გამოუსადეგარი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენისა და შენახვისთვის. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნული განჩინებით შეაფასა ნებისმიერი ის ნარკოტიკული საშუალება, რომელსაც არ გააჩნია მცირე და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საწყისი ოდენობები და თავისუფლების აღკვეთა არაკონსტიტუციურად მიიჩნია მოსახმარად გამოუსადეგარი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენისა და შენახვისათვის.
7. კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის დროს მოქმედი „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 109-ე ჰორიზონტალური გრაფა არ განსაზღვრავდა ნარკოტიკული საშუალება მეტამფეტამინის მცირე და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საწყის ოდენობას, რაც იმას გულისხმობდა, რომ დასახელებული ნარკოტიკული საშუალების ნებისმიერი ოდენობა, რომელიც არ წარმოადგენდა განსაკუთრებით დიდ ოდენობას, განურჩევლად იმისა, იყო თუ არა ვარგისი მოსახმარად, ექცეოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული აკრძალვის ქვეშ. შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის სადავო გამხდარ ნორმატიულ შინაარსს და მოსარჩელე მხარის მიერ იდენტიფიცირებულ არაკონსტიტუციურ შეზღუდვას საფუძველი გამოეცალა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 4 ივნისის №1/19/1265,1318 განჩინებით, ამავე შეზღუდვის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ძალადაკარგულად გამოცხადებით. ამდენად, განსახილველი დავის გადაწყვეტის მომენტისათვის, სადავო ნორმა, არ ითვალისწინებს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას ნარკოტიკული საშუალება მეტამფეტამინის 0,00028 გრამამდე ოდენობით შეძენა-შენახვისათვის.
8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ №733 კონსტიტუციურ სარჩელზე სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის იმ ნორმატიული შინაარსის (2020 წლის 4 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობას, რომელიც ითვალისწინებს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენებას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის №2 დანართის 109-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მეტამფეტამინის (0.00028 გრამამდე) შეძენა-შენახვისათვის, საქმე უნდა შეწყდეს.
9. აღსანიშნავია, აგრეთვე ისიც, რომ საქმის არსებითი განხილვის შემდგომ ცვლილება განხორციელდა რიგ სადავო ნორმებში. კერძოდ, „„ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2020 წლის 25 ივნისის №6499-IIს საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, №2 დანართის ცხრილით გათვალისწინებულ ჩამონათვალს „ნარკოტიკული საშუალებები“ 243-ე გრაფაში დაემატა ნარკოტიკული საშუალება AB-CHMINACA (აბ-ჩმინაკა). აღნიშნული კანონი ძალაში შევიდა 2020 წლის 30 ივლისს. „„ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2021 წლის 5 მარტის №324-IVმს-Xმპ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ა“ პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის №2 დანართის ცხრილით გათვალისწინებული ნარკოტიკული საშუალება დეზომორფინის მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობები. ამავე კანონის პირველი მუხლის „ა.გ“, „ა.დ“ და „ა.ზ“ ქვეპუნქტებით, ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის №2 დანართის ცხრილით გათვალისწინებული ნარკოტიკული საშუალებების ლიზერგიდის, მეთადონისა და ჰეროინის მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობები. აღნიშნული კანონი ძალაში შევიდა 2021 წლის 10 მარტიდან.
10. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, სადავო ნორმის რედაქციის ცვლილება განიხილება სადავო ნორმის ძალადაკარგულად გამოცხადებად (იხ. მაგალითად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 ივნისის №1/3/559 განჩინება საქმეზე „შპს „გამომცემლობა ინტელექტი“, შპს „გამომცემლობა არტანუჯი“, შპს „გამომცემლობა დიოგენე“, შპს „ლოგოს პრესი“, შპს „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“, შპს „საგამომცემლო სახლი ტრიასი“ და საქართველოს მოქალაქე ირინა რუხაძე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის წინააღმდეგ“).
11. მოცემულ შემთხვევაში, სადავო ნორმებში ცვლილებები განხორციელდა საქმის არსებითი განხილვის დასრულების შემდეგ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არსებული პრაქტიკის თანახმად, როდესაც „სადავო ნორმის ძალადაკარგულად ცნობა/გაუქმება ხდება საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის განხილვის დასრულების შემდეგ (როდესაც სასამართლო იმყოფება სათათბირო ოთახში), არ არსებობს საკანონმდებლო საფუძველი საქმის შეწყვეტისთვის“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-5). აღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა შეაფასოს ძალადაკარგული სადავო ნორმების კონსტიტუციურობის საკითხი.
3. საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის დაცული სფერო და სასჯელის შეფასების კონსტიტუციური სტანდარტები
12. საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, „ადამიანის ღირსება ხელშეუვალია და მას იცავს სახელმწიფო“. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „თავისუფლების სამართლებრივ მასშტაბს ადამიანის ღირსება ქმნის, ამიტომ თავისუფალი ადამიანების საზოგადოება იმ სახელმწიფოთა უპირატესობაა, სადაც ადამიანის ღირსება ღირებულებათა სისტემის საფუძველია. ღირსება არის თითოეული ადამიანის თვითმყოფადობის საფუძველი და თანაბარი გარანტია, იყოს სხვებისგან განსხვავებული საკუთარ უნარებზე, შესაძლებლობებზე, გემოვნებაზე, განვითარების გზის ინდივიდუალურ არჩევანზე დამოკიდებულებით.“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-11).
13. კონსტიტუციის მიზნებისთვის ღირსების დაცვა გულისხმობს სოციალურ მოთხოვნილებას ადამიანის პატივისცემაზე. ეს არის ფუნდამენტური კონსტიტუციური პრინციპი, რომელსაც ეყრდნობა და უკავშირდება ძირითადი კონსტიტუციური უფლებები. ამასთან, სახელმწიფო საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველ პუნქტს არღვევს მაშინ, როდესაც ფუნდამენტური უფლებების დარღვევის გზით (შედეგად), მიზნად ისახავს ადამიანის დამცირებას, მისი მიზნის მიღწევის საშუალებად გამოყენებას ან/და მისი ფაქტობრივი ქმედება ასეთ შედეგს გარდაუვლად იწვევს (იხ.საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-16,17).
14. თავის მხრივ, საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს, რომ „დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება“. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „საქართველოს კონსტიტუციის აღნიშნული ნორმა ადამიანებს აბსოლუტურად იცავს ამავე ნორმით აკრძალული ქმედებებისგან. ანუ კონსტიტუციური აკრძალვა ადამიანის წამების, არაჰუმანური, სასტიკი, პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობისა და სასჯელის გამოყენების თაობაზე ადამიანების აბსოლუტური უფლებებია, რაც ნიშნავს იმას, რომ კონსტიტუცია უპირობოდ გამორიცხავს ამ უფლებებში ჩარევას. ნიშანდობლივია, რომ ეს აკრძალვა ვრცელდება ომის და საგანგებო მდგომარეობის დროსაც. შესაბამისად, არ არსებობს ლეგიტიმური მიზანი, დაუძლეველი ინტერესი, როგორი მნიშვნელოვანიც არ უნდა იყოს ის (ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის დაცვა, ტერორიზმთან ბრძოლა, სახელმწიფო უსაფრთხოება და სხვა), რომლის დასაცავადაც შესაძლებელი იქნებოდა ამ უფლებებში ჩარევის გამართლება. კონსტიტუციამ პოტენციური კონფლიქტი ... [ღირსების უფლებით] დაცულ სიკეთესა და კონსტიტუციით დასაცავ ნებისმიერ სხვა ღირებულ ინტერესს შორის, რომლის დაცვის მუდმივი ვალდებულებაც ქვეყნის ხელისუფლებას აქვს, იმთავითვე და უპირობოდ გადაწყვიტა ადამიანის ღირსების სასარგებლოდ. ცხადია, ხელისუფლება არ თავისუფლდება კონსტიტუციური ვალდებულებისგან, დაიცვას მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესები, კონსტიტუციით გათვალისწინებული ლეგიტიმური მიზნები (სახელმწიფო უსაფრთხოება, ტერიტორიული მთლიანობა, სხვათა უფლებები, სამართლიანი მართლმსაჯულების განხორციელება და სხვა), თუმცა ვერც ერთი ამ სიკეთის დაცვა ვერ გაამართლებს ადამიანის წამებას, არაჰუმანურ და სასტიკ მოპყრობას, პატივისა და ღირსების შემლახველ ქმედებას ან სასჯელს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-19).
15. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „აშკარად არაპროპორციულ სასჯელებს, რომლებიც არ შეესაბამებიან დანაშაულის ხასიათს და სიმძიმეს, არა მარტო აქვთ მიმართება სასტიკი, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობისა და სასჯელის კონსტიტუციურ აკრძალვასთან, არამედ არღვევენ კიდეც ამ კონსტიტუციურ დანაწესს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-25).
16. ამასთანავე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისად, სასჯელის პოლიტიკის სფეროში კანონმდებელს საკმაოდ ფართო მიხედულება აქვს. კანონმდებელი უფლებამოსილია, ქვეყნის კრიმინოგენური მდგომარეობის, დანაშაულთან ბრძოლის სფეროში არსებული გამოწვევების შესაბამისად შეიმუშაოს სასჯელის პოლიტიკა და დააწესოს ამა თუ იმ დანაშაულის საზოგადოებრივი საშიშროების შესატყვისი სასჯელის ზომები. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო აფასებს სასჯელის პროპორციულობას მხოლოდ იმ უკიდურეს შემთხვევაში, როდესაც აშკარაა დისპროპორცია სასჯელის ზომასა და დანაშაულის სიმძიმეს შორის. ამდენად, იმისთვის, რომ შესაძლებელი იყოს სასჯელის არაპროპორციულობაზე მსჯელობა ... [საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან], სასჯელი დანაშაულებრივ ქმედებასთან მიმართებით უნდა იყოს უფრო მეტი, ვიდრე „უბრალოდ გადამეტებული“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის№1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38).
17. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „კანონმდებლის მიხედულება ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესაბამისად სათანადო სასჯელის განსაზღვრის სფეროში არ არის შეუზღუდავი. საკონსტიტუციო სასამართლოს, როგორც საკონსტიტუციო კონტროლის ორგანოს დანიშნულებაა, შემოსაზღვროს ამ სფეროში კანონმდებლის თავისუფალი მოქმედების სივრცე. საქართველოს კონსტიტუცია ადგენს იმ ჩარჩოს და მინიმალურ მოთხოვნებს, რასაც კანონმდებლის მიერ გათვალისწინებული სასჯელი, მისი სიმკაცრე უნდა აკმაყოფილებდეს. აუცილებელია, სასჯელი ადეკვატურად შეესატყვისებოდეს საზოგადოებრივი საშიშროების შემცველი ქმედების სიმძიმეს. იმ პირობებში, როდესაც სასჯელის სიმკაცრე აშკარად აჭარბებს ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხს, ეჭვქვეშ დგება დაწესებული სასჯელისა და მისი ლეგიტიმური მიზნების პროპორციული დამოკიდებულება. აშკარად მკაცრი და არაგონივრული სასჯელი ზედმეტად შორდება სასჯელის ლეგიტიმურ მიზნებს, ხდება თვითმიზანი და ადამიანის ობიექტივიზაციის საფუძველი. ასეთი ტიპის სასჯელები იწვევს ადამიანის ობიექტად განხილვას და უნდა შეფასდეს როგორც არაადამიანური. სწორედ აქ მთავრდება სასჯელის პოლიტიკის თავისუფლად განხორციელების სივრცე და კანონმდებელი იჭრება კონსტიტუციით აბსოლუტურად აკრძალულ სფეროში“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს №1/6/770 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-13).
18. ყოველივე ზემოხსენებულის შესაბამისად, სასჯელის პროპორციულობის შეფასებისას, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაადგინოს, რამდენად შეესაბამება გამოყენებული სადამსჯელო ღონისძიების სიმკაცრე დანაშაულის სიმძიმეს, მის საზოგადოებრივ საშიშროებას. „ამ თვალსაზრისით უაღრესად მნიშვნელოვანია, სადამსჯელო ღონისძიებასა და სასჯელის მიზნებს შორის ურთიერთმიმართების დადგენა. სწორედ სასჯელის მიზნები და აკრძალული ქმედებით გამოწვეული საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხი აძლევს კანონმდებელს სადამსჯელო ღონისძიების გამოყენებისა და, ზოგადად, სასჯელის პოლიტიკის შემუშავების ლეგიტიმაციას. შესაბამისად, აშკარად არაპროპორციული, არაადამიანური სასჯელის იდენტიფიცირებისათვის მნიშვნელოვანია განისაზღვროს გამოყენებული სადამსჯელო ღონისძიების მიზნები და აკრძალული ქმედებით გამოწვეული საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხსა და სასჯელის სიმკაცრეს შორის ურთიერთმიმართება. იმ შემთხვევაში, თუ აკრძალული ქმედების საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხი არის იმდენად დაბალი, რომ ვერ ამართლებს მკაცრი სადამსჯელო ღონისძიების გამოყენებას, აშკარა ხდება, რომ სახეზეა არაადამიანური სასჯელი“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს №1/6/770 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-14).
4. სადავო ნორმების შინაარსისა და შესაფასებელი მოცემულობის განსაზღვრა
19. მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას, რომელიც ითვალისწინებს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენებას ნარკოტიკული საშუალება მორფინის (0.4 გრამამდე) პირადი მოხმარების მიზნით შეძენა/შენახვისთვის და ამავე კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის (სარჩელის შემოტანის მომენტისთვის მოქმედი ნორმატიული შინაარსი) კონსტიტუციურობას, რომელიც ითვალისწინებს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენებას ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის (0.0149 გრამამდე), ნარკოტიკული საშუალება ლიზერგიდის (0.000172 გრამამდე), ნარკოტიკული საშუალება მეთადონის (0.3483 გრამამდე), ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის (0.2640 გრამამდე) პირადი მოხმარების მიზნით შეძენა/შენახვისთვის, ნარკოტიკული საშუალება დეზომორფინის (0.0047 გრამამდე) პირადი მოხმარების მიზნით დამზადება, შეძენა/შენახვისთვის, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება AB-CHMINACA-ს წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ პირადი მოხმარების მიზნით შეძენა/შენახვისთვის.
20. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას ნარკოტიკული საშუალების, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საწყისი ოდენობით შეძენა-შენახვისათვის. აღნიშნული მუხლის მე-2 ნაწილით დასჯადია ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა, შენახვა. ამავე კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით კრიმინალიზებულია ისეთი ქმედება, როგორიცაა დიდი ოდენობითა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ნარკოტიკული საშუალების/ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების დამზადება, შეძენა და შენახვა.
21. „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ნარკოტიკული საშუალება განიმარტება, როგორც − ბუნებრივი ან სინთეზური წარმოშობის ნივთიერება, ამ ნივთიერების შემცველი მცენარე ან პრეპარატი, რომელიც გაეროს შესაბამისი კონვენციების საფუძველზე შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნარკოტიკულ საშუალებათა I და II სიაში. „ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-3 მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება არის ამ კანონის დანართებით განსაზღვრული ნივთიერება ან მინარევი, რომელსაც მოხმარების შემთხვევაში ადამიანის სხეულში ფსიქოაქტიური ზეგავლენის გამოწვევა შეუძლია და რომელიც არ არის განსაზღვრული „ნარკოტიკულ საშუალებათა შესახებ“ 1961 წლის ერთიანი კონვენციითა და „ფსიქოტროპულ ნივთიერებათა თაობაზე“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1971 წლის კონვენციით. „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ყ“ პუნქტის თანახმად, დამზადებად მიიჩნევა ყველა პროცესი, გარდა წარმოებისა და მომზადებისა, რომელთა საშუალებითაც შეიძლება მიღებულ იქნეს სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერება, აგრეთვე მცენარის, ნივთიერების ან პრეპარატის უცხო მინარევებისაგან გაწმენდა, მისგან სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების გამოყოფა, ამ ნივთიერების კონცენტრაციის შეცვლა. ამავე მუხლის ჰ13 პუნქტის თანახმად, შეძენად კვალიფიცირდება სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების დაუფლება, ხოლო ამავე მუხლის ჰ11 პუნქტის მიხედვით, შენახვა, ეს არის ნებისმიერი გამიზნული ქმედება, რომელიც დაკავშირებულია სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების ფაქტობრივ ფლობასთან შენობაში, სამალავში ან სხვაგვარად, თუ ეს ქმედება დაკავშირებული არ არის მის გადატანასთან, მიუხედავად შენახვის ხანგრძლივობისა. სისხლის სამართლის კოდექსის 27-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაული ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებითაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად.
22. „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №1-ის 45-ე გრაფის თანახმად, მორფინი მიეკუთვნება ბრუნვისთვის შეზღუდულ ნარკოტიკულ საშუალებათა რიცხვს. დასახელებული კანონის დანართი №2-ის 116-ე ჰორიზონტალური გრაფისა და ამავე დანართის შენიშვნის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მორფინის სადავოდ გამხდარი ოდენობა – 0,4 გრამამდე წარმოადგენს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საწყის ოდენობას. „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №1-ის მე-10 გრაფის თანახმად, ბუპრენორფინი მიეკუთვნება ბრუნვისთვის შეზღუდულ ნარკოტიკულ საშუალებათა რიცხვს. დასახელებული კანონის დანართი №2-ის 29-ე ჰორიზონტალური გრაფისა და ამავე დანართის შენიშვნის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ბუპრენორფინის სადავოდ გამხდარი ოდენობა – 0.0149 გრამამდე წარმოადგენს დიდ ოდენობას. „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №1-ის პირველი გრაფის თანახმად, ლიზერგიდი მიეკუთვნება ბრუნვისთვის მკაცრად შეზღუდულ ნარკოტიკულ საშუალებათა რიცხვს. დასახელებული კანონის დანართი №2-ის 91-ე ჰორიზონტალური გრაფისა (2021 წლის 10 მარტამდე მოქმედი რედაქცია) და ამავე დანართის შენიშვნის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ლიზერგიდის სადავოდ გამხდარი ოდენობა – 0.000172 გრამამდე წარმოადგენს დიდ ოდენობას. „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №1-ის მე-40 გრაფის თანახმად, მეთადონი მიეკუთვნება ბრუნვისთვის შეზღუდულ ნარკოტიკულ საშუალებათა რიცხვს. დასახელებული კანონის დანართი №2-ის 94-ე ჰორიზონტალური გრაფისა (2021 წლის 10 მარტამდე მოქმედი რედაქცია) და ამავე დანართის შენიშვნის პირველი პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტის (სარჩელის შემოტანის დროისთვის მოქმედი რედაქციით) თანახმად, მეთადონის სადავოდ გამხდარი ოდენობა – 0.3483 გრამამდე წარმოადგენს დიდ ოდენობას. „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №1-ის 181-ე გრაფის თანახმად, ჰეროინი მიეკუთვნება ბრუნვისთვის მკაცრად შეზღუდულ ნარკოტიკულ საშუალებათა რიცხვს. დასახელებული კანონის დანართი №2-ის 189-ე ჰორიზონტალური გრაფისა (2021 წლის 10 მარტამდე მოქმედი რედაქცია) და ამავე დანართის შენიშვნის პირველი პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტის (სარჩელის შემოტანის დროისთვის მოქმედი რედაქციით) თანახმად, ჰეროინის სადავოდ გამხდარი ოდენობა – 0.2640 გრამამდე წარმოადგენს დიდ ოდენობას. „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №1-ის 56-ე გრაფის თანახმად, დეზომორფინი მიეკუთვნება ბრუნვისთვის მკაცრად შეზღუდულ ნარკოტიკულ საშუალებათა რიცხვს. დასახელებული კანონის დანართი №2-ის 33-ე ჰორიზონტალური გრაფისა (2021 წლის 10 მარტამდე მოქმედი რედაქცია) და ამავე დანართის შენიშვნის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დეზომორფინის სადავოდ გამხდარი ოდენობა – 0.0047 გრამამდე წარმოადგენს დიდ ოდენობას. „ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის შესაბამისად AB-CHMINACA სარჩელის შემოტანის მომენტისთვის მოქმედი რედაქციით მიეკუთვნება სინთეზური ჰიბრიდული კანაბინოიდის, კანაბინომიმეტურად მოქმედ ქიმიურ ნაერთთა კლასს მიკუთვნებულ ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებათა რიცხვს.
23. აღნიშნულიდან გამომდინარე, ცხადი ხდება, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას აწესებს ნარკოტიკული საშუალება მორფინის (0.4 გრამამდე) შეძენა/შენახვისათვის. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილი (სარჩელის შემოტანის მომენტისთვის მოქმედი ნორმატიული შინაარსი) სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას აწესებს ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის (0.0149 გრამამდე), ლიზერგიდის (0.000172 გრამამდე), მეთადონის (0.3483 გრამამდე), ჰეროინის (0.2640 გრამამდე) შეძენა/შენახვისათვის, ნარკოტიკული საშუალება დეზომორფინის (0.0047 გრამამდე) დამზადება, შეძენა/შენახვისთვის და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება AB-CHMINACA-ს წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ შეძენა/შენახვისთვის. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მოსარჩელეები მიუთითებენ პირადი მოხმარების (და არა რეალიზაციის) მიზნებისთვის დასახელებული ოდენობების ნარკოტიკული საშუალებების დამზადებისთვის, შეძენა/შენახვისათვის დაწესებული სასჯელის არაპროპორციულობაზე.
24. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მოცემული დავის ფარგლებში, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ შესაფასებელ მოცემულობას წარმოადგენს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების კონსტიტუციურობა ნარკოტიკული საშუალებების – მორფინის (0.4 გრამამდე ოდენობით), ბუპრენორფინის (0.0149 გრამამდე ოდენობით), ლიზერგიდის (0.000172 გრამამდე ოდენობით), მეთადონის (0.3483 გრამამდე ოდენობით), ჰეროინის (0.2640 გრამამდე ოდენობით), პირადი მოხმარების მიზნით, შეძენისა და შენახვის, ნარკოტიკული საშუალება დეზომორფინის (0.0047 გრამამდე ოდენობით) პირადი მოხმარების მიზნით, დამზადება, შეძენისა და შენახვის გამო და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება AB-CHMINACA-ს წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ პირადი მოხმარების მიზნით, შეძენისა და შენახვის გამო.
25. როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სტანდარტების მიხედვით, სასჯელი იმ შემთხვევაში ჩაითვლება აშკარად არაპროპორციულად, თუ აკრძალული ქმედებიდან მომდინარე საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხი და სადამსჯელო ღონისძიების სიმკაცრე აშკარად არათანაზომიერ დამოკიდებულებაში იქნება ერთმანეთთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, უნდა შეფასდეს სადავო ნორმით გათვალისწინებული სამართალდარღვევის სიმძიმისა და გამოყენებული სასჯელის ურთიერთმიმართება. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, სასჯელის პროპორციულობის შეფასებისას, „პირველ რიგში, უნდა დადგინდეს სადავო ნორმით გათვალისწინებული ქმედების კრიმინალიზების მიზნები. ხოლო ამის შემდეგ უნდა გაირკვეს, ამ ქმედებისთვის გათვალისწინებული სასჯელის კონკრეტული ზომა არის თუ არა დასახელებული ლეგიტიმური მიზნების ვარგისი და პროპორციული საშუალება და უზრუნველყოფს თუ არა თავად სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობას“ („საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38).
5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის (2021 წლის 10 მარტამდე მოქმედი ნორმატიული შინაარსი) კონსტიტუციურობა, რომელიც ითვალისწინებს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენებას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 91-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება ლიზერგიდის (0.000172 გრამამდე) პირადი მოხმარების მიზნით შეძენა/შენახვისათვის
26. როგორც აღინიშნა, საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლით გათვალისწინებული სტანდარტების მიხედვით, სასჯელი ჩაითვლება აშკარად არაპროპორციულად, თუ აკრძალული ქმედებისათვის დამახასიათებელი საზოგადოებრივი საშიშროება და სადამსჯელო ღონისძიების სიმკაცრე აშკარად არათანაზომიერ დამოკიდებულებაშია ერთმანეთთან. ამრიგად, განსახილველ შემთხვევაში, თანაზომიერების პრინციპის გამოყენებით, უნდა შეფასდეს სადავო ნორმებით გათვალისწინებული დანაშაულის სიმძიმისა და გამოყენებული სასჯელის (თავისუფლების აღკვეთა) ურთიერთმიმართება.
27. ნარკოტიკული საშუალებების ბრუნვის წინააღმდეგ საბრძოლველად კანონმდებლობა ითვალისწინებს სხვადასხვა რეპრესიულ მექანიზმს. განსხვავებულია როგორც დასჯადი ქმედებების შინაარსი, ასევე გამოყენებული სასჯელის ზომები. შესაბამისად, კონკრეტული სადამსჯელო ღონისძიება შესაძლოა, სხვადასხვა ხარისხით იყოს მიმართული ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის შემცირების მიზნის მიღწევისკენ. სწორედ აკრძალული ქმედების ხასიათის შეფასებით არის შესაძლებელი იმის დადგენა, რა საზოგადოებრივი საფრთხის აცილებას და, შესაბამისად, რა სამართლებრივი სიკეთის დაცვას ემსახურება გამოყენებული სადამსჯელო ღონისძიება. აღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობის შეფასებისას, პირველ რიგში, უნდა დადგინდეს, რა მიზანს ემსახურება კონკრეტულად ნარკოტიკული საშუალების, ლიზერგიდის (0.000172 გრამამდე) პირადი მოხმარების მიზნით შეძენა-შენახვისათვის სასჯელის დაწესება. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, სასჯელის პროპორციულობის შეფასებისას „პირველ რიგში, უნდა დადგინდეს სადავო ნორმით გათვალისწინებული ქმედების კრიმინალიზების მიზნები. ხოლო ამის შემდეგ უნდა გაირკვეს ამ ქმედებისთვის გათვალისწინებული სასჯელის კონკრეტული ზომა არის თუ არა დასახელებული ლეგიტიმური მიზნების ვარგისი და პროპორციული საშუალება და უზრუნველყოფს თუ არა თავად სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობას“ („საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38).
5.1. ნარკოტიკული საშუალება ლიზერგიდის (0.000172 გრამამდე) პირადი მოხმარების მიზნით, შეძენა-შენახვისთვის სასჯელის დაწესების მიზნები
28. ზოგადად, ლიზერგიდის, ისევე როგორც სხვა ნარკოტიკული საშუალებების, შეძენა-შენახვისათვის სასჯელის დაწესება მიზნად ისახავს ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის პრევენციას. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ნარკოტიკული საშუალებების ლეგალური ბრუნვიდან ამოღება არ წარმოადგენს სახელმწიფოს თავისთავად, თვითკმარ მიზანს. „ამა თუ იმ ნივთიერების/საშუალების თავისუფალი ბრუნვიდან ამოღების ამოცანა თავისთავად ვერ ჩაითვლება ლეგიტიმურ მიზნად. ლიზერგიდის, ისევე როგორც სხვა ნარკოტიკული საშუალებების გავრცელების პრევენცია კონსტიტუციით დაცული სიკეთის - ადამიანის ჯანმრთელობის, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას უნდა უკავშირდებოდეს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-73).
29. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, „ზოგადად ნარკოტიკული საშუალებების ბრუნვის რეგულირების (შეზღუდვის, აკრძალვის) ლეგიტიმური მიზნებია ჯანმრთელობის დაცვა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ნარკოდანაშაულთან ბრძოლა, მათ შორის, საპატიმრო სასჯელების დაწესებით, ემსახურება ნარკოდანაშაულის რიცხვის ზრდის თავიდან აცილებას, სხვა დანაშაულისა და ასოციალური ქცევის პრევენციას, შედეგად საზოგადოების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის დაცვას/გაუმჯობესებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-67). შესაბამისად, „სახელმწიფო უფლებამოსილია, არეგულიროს ნარკოტიკული საშუალებების ბრუნვა მათი მოხმარებისგან მომდინარე ჯანმრთელობის დაზიანების თუ სხვა საფრთხეებისგან საზოგადოების დაცვის მიზნით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის №1/13/732 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გივი შანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-22).
30. განსახილველ შემთხვევაშიც, ლიზერგიდის (0.000172გრამამდე ოდენობით), პირადი მოხმარების მიზნით, შეძენა-შენახვისათვის სასჯელის დაწესება მიზნად ისახავს ჯანმრთელობის დაცვას (როგორც უშუალოდ ნარკოტიკული საშუალების მომხმარებლის, ასევე მთლიანად საზოგადოების) და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ნორმის კონსტიტუციურობას თითოეულ დასახელებულ მიზანთან მიმართებით ცალ-ცალკე შეაფასებს.
5.2. ლეგიტიმურ მიზნებსა და უფლებაშემზღუდველ ღონისძიებას შორის კავშირი
5.2.1. თავისუფლების აღკვეთის გამოყენება მომხმარებლისა და საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვის მიზნით
31. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წინარე პრაქტიკით განხილული საქმეების ფარგლებში დადგენილი აქვს, რომ ზოგადად, ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება ზიანს აყენებს ადამიანის ჯანმრთელობას (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის №1/13/732 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გივი შანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 30 ივლისის №1/3/1282 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ზურაბ ჯაფარიძე და ვახტანგ მეგრელიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 14 ივლისის №1/9/701,722,725 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ჯამბულ გვიანიძე, დავით ხომერიკი და ლაშა გაგიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 13 ივლისის №1/8/696 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ლაშა ბახუტაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარეს ეჭვქვეშ არ დაუყენებია ის გარემოება, რომ ლიზერგიდის მოხმარება ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის. საქმის არსებით განხილვაზე მოწვეულმა ექსპერტებმა დაადასტურეს, რომ ზემოაღნიშნული ნივთიერების მოხმარება ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველია.
32. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „ამა თუ იმ ქმედების მიმართ სასჯელის დაწესებას შემაკავებელი ეფექტი აქვს და მისი ჩადენის პრევენციას ემსახურება. შესაბამისად, ნარკოტიკული საშუალების მოხმარების დასჯადობა თავად მისი მომხმარებლის ჯანმრთელობის დაცვისკენ არის მიმართული. აშკარაა, რომ ამა თუ იმ ნივთიერების მოხმარების მართლსაწინააღმდეგოდ გამოცხადება და მისი მოხმარებისთვის სასჯელის დაწესებას გააჩნია შემაკავებელი ეფექტი მოხმარების მიმართ“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს №1/6/770 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-34). ამ თვალსაზრისით, საკონსტიტუციო სასამართლოსთვის ნათელია კავშირი ლიზერგიდის პირადი მოხმარების მიზნით შეძენა-შენახვის დასჯადობასა და უშუალოდ აღნიშნული ნარკოტიკული საშუალების მომხმარებლის ჯანმრთელობის დაცვას შორის.
33. თავისუფლების აღკვეთა დაკავშირებულია ადამიანის თავისუფლების კონსტიტუციით გარანტირებული უფლების შეზღუდვასთან. იგი ინდივიდის ფიზიკურ თავისუფლებაში ჩარევის ყველაზე მძიმე ფორმას წარმოადგენს. შესაბამისად, თავისუფლების აღკვეთის მზღუდავი ღონისძიების სიმკაცრიდან გამომდინარე, მაქსიმალურად დასაბუთებული უნდა იყოს, რომ მისი გამოყენება ხდება მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ინტერესების დასაცავად. „თავისუფლების აღკვეთა წარმოადგენს რა ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ზოგადად, სახელმწიფოს პოლიტიკა უნდა იყოს მისი უკიდურეს შემთხვევაში გამოყენებაზე ორიენტირებული. ამასთან, უნდა იგულისხმებოდეს არა მხოლოდ მოსამართლის მიერ მისი ასეთი მიდგომით გამოყენება, არამედ კანონის დონეზეც ამა თუ იმ ქმედებისთვის სასჯელის სახით პატიმრობის მხოლოდ იმ შემთხვევაში გათვალისწინება, როდესაც ეს ობიექტურად აუცილებელია ქმედების სიმძიმის, გამოწვევადი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნების და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, როდესაც თუ არა საზოგადოებისგან პირის იზოლირება, შეუძლებელი იქნება მისგან პოტენციურად მომდინარე სხვა საფრთხეების განეიტრალება და სასჯელის მიზნების მიღწევა. ამასთან, მაშინაც კი, როდესაც პირის ქმედების რეგულირება აუცილებელია, თუ პასუხისმგებლობის სხვა ზომები/სახეები ობიექტურად საკმარისია კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის მიზნების მისაღწევად, კანონი უნდა უბიძგებდეს სამართალშემფარდებელს, სწორედ არასაპატიმრო ალტერნატივების გამოყენებისკენ“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-96).
34. ნარკოტიკული საშუალებების პირად მოხმარებასთან დაკავშირებულ დანაშაულებთან მიმართებით, უპირველეს ყოვლისა, უნდა შეფასდეს, რამდენად თავსდება უშუალოდ მომხმარებლის ჯანმრთელობის დაცვის მიზნით მისთვის სასჯელის დაწესება საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ ღირებულებათა წესრიგში. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, სრულწლოვანი პირის დასჯა თავისუფლების აღკვეთით საკუთარი ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების გამო გაუმართლებელია. „საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენების საფრთხის გამო პირისთვის თავისუფლების აღკვეთა ემსახურება მხოლოდ ზოგადი პრევენციის მიზანს, რომ სხვამაც არ ჩაიდინოს იგივე ქმედება და საკუთარ ჯანმრთელობას ზიანი არ მიაყენოს. მხოლოდ ზოგადი პრევენციის მიზანი, კონსტიტუციური გამაშუალებლის ანუ პროპორციულობის გარეშე მიემართება კონკრეტულ ინდივიდს და აქცევს მას ძალაუფლების ობიექტად, რადგან სასჯელი ლეგიტიმაციას არ იღებს ქმედებისგან, მას არ ამართლებს პირის ქმედებიდან მომდინარე საშიშროება. ამგვარად, ადამიანი იქცევა ინსტრუმენტად სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში, რაც გარდაუვლად იწვევს მისი ღირსების ხელყოფას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის№1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-83). „ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კონსტიტუციის შეუსაბამოა პირისთვის თავისუფლების აღკვეთა ისეთი ქმედების გამო, რომელიც მხოლოდ ამ ქმედების ავტორს უქმნის საფრთხეს და არ არის მიმართული (არ შეიძლება იყოს მიმართული) სხვათა უფლებების დარღვევისკენ. უმიზნო და, შესაბამისად, გაუმართლებელია სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის დაკისრება პირისთვის ისეთი ქმედების გამო, რომელიც მხოლოდ მის ჯანმრთელობას შეიძლება აყენებდეს ზიანს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის№1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-84). შესაბამისად, განსახილველ საქმეზეც, სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის დაწესებას ვერ გაამართლებს სახელმწიფოს მიზანი − ამ გზით დაიცვას პირი საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენებისგან.
35. ამავდროულად, სადავო ნორმით დადგენილი ღონისძიების ეფექტი მხოლოდ უშუალოდ მომხმარებლის ჯანმრთელობის დაცვით არ შემოიფარგლება. „ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვა კომპლექსურ ღონისძიებებს მოიცავს. აღნიშნულ პროცესს თან ახლავს სხვადასხვა ხელშემშლელი და ხელშემწყობი ფაქტორები. ამ ბრუნვის მონაწილეა როგორც ნარკოტიკული საშუალების დამამზადებელი, მწარმოებელი, მომყვანი, ასევე მისი გამსაღებელი, შემძენი და მომხმარებელი. ბრუნვის ნებისმიერი მონაწილე, გარკვეული ხარისხით, ხელს უწყობს ამ ნივთიერებების უკანონო ბრუნვას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს №1/6/770 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-35). ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებლები, აგრეთვე ამგვარი ნივთიერებების აშკარად პირადი მოხმარების მიზნით შემძენი და შემნახველი პირები მონაწილეობენ აკრძალული ნივთიერებების ბრუნვაში და ხელს უწყობენ მას. ნარკოტიკული საშუალების შეძენით, მისი მომხმარებლები ქმნიან „საბაზრო მოთხოვნას“, რაც ასეთი ნივთიერებების უკანონო ბრუნვის მამოძრავებელი ძალაა. შესაბამისად, ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისა და პირადი მოხმარების მიზნით დამზადების, შეძენისა და შენახვისთვის სასჯელის დაწესებას ნარკოტიკული საშუალების გასაღების შემაკავებელი ეფექტი აქვს და, საბოლოდ, აღნიშნული ნივთიერებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ განხორციელებული ღონისძიებაა. ამასთანავე, ცალკე აღებული, აშკარად მოხმარების მიზნით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ფაქტი, მისი გავრცელების დაბალი რისკებიდან გამომდინარე, აკრძალულ ნივთიერებებთან დაკავშირებულ სხვა ქმედებებთან შედარებით, შესაძლოა, ნაკლები საფრთხის შემცველი იყოს, თუმცა ეს ვერ გამორიცხავს იმ გარემოებას, რომ ამ ქმედებებისათვის დაწესებული სასჯელი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისკენ მიმართული ღონისძიებაა.
36. საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთხელ აღნიშნა, რომ ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის აღკვეთა მნიშვნელოვან ლეგიტიმურ მიზანს წარმოადგენს და სახელმწიფო უფლებამოსილია, დასახელებული მიზნის მისაღწევად მიიღოს ზომები, მათ შორის, უკანონო ბრუნვის ხელშემწყობი ქმედებების აკრძალვისა და სასჯელის დაწესების გზით. „ამავე დროს, თითოეული აკრძალული ქმედების მიმართ დაწესებული სასჯელი და მისი სიმკაცრე უნდა შეესატყვისებოდეს იმ საზოგადოებრივ საშიშროებას, რომელსაც ეს ქმედება წარმოშობს. მნიშვნელოვანია, ავტონომიურად შეფასდეს უკანონო ბრუნვის ხელშემწყობი აკრძალული ქმედება და მისთვის დამახასიათებელი საზოგადოებრივი საშიშროება, აგრეთვე სადამსჯელო ღონისძიების სიმკაცრე და მისი პროპორციულობა სასჯელის მიზნებთან“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს №1/6/770 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-52). ამდენად, უნდა შეფასდეს ზემოაღნიშნული მიზნის მისაღწევად გამოყენებული ღონისძიებით (თავისუფლების აღკვეთით) რამდენად თანაზომიერად ხდება პირის თავისუფლებაში ჩარევა.
37. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს, ერთი მხრივ, ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა პირადი მოხმარების მიზნით, ხოლო, მეორე მხრივ, აღნიშნული ქმედება განხორციელებული გასაღების მიზნით. პირადი მოხმარების მიზნით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა აჩენს მისი გასაღებისა და ბრუნვაში მოქცევის მხოლოდ მინიმალურ, ჰიპოთეტურ რისკებს. „პირადი მოხმარებისათვის განკუთვნილი ნივთიერება, როგორც წესი, უშუალოდ მოხმარებისთვის არის გამიზნული. შესაბამისად, ამ მხრივაც, დაბალია დასახელებული ქმედებით სხვა პირთა ჯანმრთელობისათვის საფრთხის მიყენების რისკები“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს №1/6/770 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-54). ცხადია, ეს ყოველივე არ გამორიცხავს სახელმწიფოს ლეგიტიმურ შესაძლებლობას, აღკვეთოს ამ ნივთიერებების გასაღებისა და ბრუნვაში მოქცევის მიზნით მათი შეძენა-შენახვა, თუმცა გასაღების მიზნის დადასტურების გარეშე იმ ოდენობის ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა, რომელიც არ აჩენს მისი გავრცელების ავტომატურ რისკს, თავისთავად, არ მიუთითებს ამ ნარკოტიკული საშუალების ბრუნვაში ხელახლა მოქცევისა და სხვა პირებისათვის ხელმისაწვდომობის საფრთხეზე.
38. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა შეაფასოს, ლიზერგიდის სადავოდ გამხდარი ოდენობა რამდენად ქმნის მისი გასაღების ავტომატურ საფრთხეს.
39. საქმის არსებით განხილვაზე მოწვეული ექსპერტების განმარტებით, ნარკოტიკული საშუალება ლიზერგიდი არსებობს ქაღალდის პატარა მარკერების სახით. ერთ მარკაზე, რომელიც ერთჯერად დოზად მიიჩნევა, მოთავსებულია 50-100 მიკროგრამი ლიზერგიდი. ექსპერტების აღნიშვნით, სარჩელში მითითებული ოდენობა უახლოვდება 1-1,5 მარკაზე არსებულ ოდენობას, რაც, საშუალო მომხმარებლისთვის, დაახლოებით, არის ერთჯერადად მისაღები დოზა, ხოლო იმ პირისთვის, ვინც ტოლერანტულია აღნიშნული ნარკოტიკული საშუალების მიმართ, ერთჯერადად მისაღები დოზა წარმოდგენილ ოდენობაზე მეტი იქნება. ექსპერტების განმარტებით, ლიზერგიდს ახასიათებს საკმაოდ მაღალი ტოლერანტობა, რაც გულისხმობს იმას, რომ სასურველი შედეგის მისაღებად მომხმარებლებს უწევთ დოზის გაორმაგება და გასამმაგება.
40. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ 0.000172გრამამდე ოდენობის ლიზერგიდი a priori ვერ ჩაითვლება იმ ოდენობად, რომელიც არ არის განკუთვნილი მხოლოდ პირადი მოხმარებისთვის და რომელიც ავტომატურად ქმნის მისი გავრცელებისა და, ამ გზით, სხვა პირთა ჯანმრთელობისთვის საფრთხის შექმნის რისკებს. ამდენად, მინიმალურია ის დადებითი ეფექტი, რასაც სახელმწიფო აღწევს დასახელებული ქმედების ამსრულებლისთვის თავისუფლების აღკვეთით. შესაბამისად, 0.000172გრამამდე ოდენობის ლიზერგიდის პირადი მოხმარების მიზნით შეძენა-შენახვისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება ვერ იქნება გამართლებული სხვა პირთა ჯანმრთელობის დაცვის მიზნით.
5.2.2. თავისუფლების აღკვეთის გამოყენება მომხმარებლისა და საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვის მიზნით
41. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, საზოგადოებრივ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკები უკავშირდება ისეთ ნარკოტიკულ საშუალებებს, რომელთა მოხმარებაც იწვევს მასზე დამოკიდებულების სწრაფად ჩამოყალიბებას ან/და აგრესიული ქმედებების განხორციელებას. „ისეთი ნარკოტიკული საშუალების მოხმარება, რომელიც ადვილად იწვევს შეჩვევას ან რომლის მოხმარების შემთხვევაში პირი ხდება აგრესიული და სჩადის ძალადობრივ ქმედებებს, შეიცავს რისკებს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისათვის. აბსტინენციის პირობებში ნარკოტიკული საშუალების მომხმარებლები მიდრეკილი არიან დანაშაულისა თუ სხვა ანტისოციალური ქმედებების ჩადენისკენ“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს №1/6/770 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-42). „ისეთი ნივთიერებების მოხმარება, რომლებიც ხასიათდება სწრაფი შეჩვევით ან რომელთა მოხმარება იწვევს პირის მიერ აგრესიულ ქმედებებს, საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ წესრიგს, სხვა პირების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. ამგვარ ნივთიერებებთან მიმართებით აშკარაა, ერთი მხრივ, ის მყისიერი საფრთხე, რასაც აგრესიის გამომწვევი ნარკოტიკული საშუალებების უკანონო მოხმარება წარმოშობს, მეორე მხრივ კი, ანტისოციალური, არამართლზომიერი ქმედებების ჩადენის რისკი, რომელსაც ძლიერი აბსტინენციის მდგომარეობა იწვევს. ხელშესახებია აგრესიული ქმედებების ჩადენის გამომწვევი ნივთიერებების მოხმარების დასჯის მომეტებული საზოგადოებრივი ინტერესი. ასეთ შემთხვევაში სასწორზეა საზოგადოების უსაფრთხოება და მაღალი სახელმწიფოებრივი ინტერესი, დაცული იყოს საზოგადოების თითოეული წევრის სიცოცხლე და ჯანმრთელობა ნებისმიერი პირის მიერ გამოხატული ძალადობრივი და ანტისოციალური ქმედებებისაგან“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს №1/6/770 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-57).
42. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაში შეფასებული აქვს რიგი ნარკოტიკული საშუალების ეფექტი და ის საფრთხეები, რომელიც მის მოხმარებას მოჰყვება საზოგადოებრივი უსაფრთხოებისათვის. მაგალითად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შეფასებული აქვს ნარკოტიკული საშუალება მარიხუანას (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის №1/13/732 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გივი შანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 30 ივლისის №1/3/1282 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები − ზურაბ ჯაფარიძე და ვახტანგ მეგრელიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“), კანაფის სხვა პროდუქტებისა (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 14 ივლისის №1/9/701,722,725 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ჯამბულ გვიანიძე, დავით ხომერიკი და ლაშა გაგიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) და დეზომორფინის (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 13 ივლისის №1/8/696 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ლაშა ბახუტაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) მოხმარებით გამოწვეული საფრთხეები. მოცემულ შემთხვევაში, ლიზერგიდის მოხმარებით გამოწვეული საზოგადოებრივი საშიშროება სწორედ ამ ნივთიერების თვისებების ანალიზის შედეგად უნდა დადგინდეს.
43. №733 სარჩელის არსებით განხილვაზე მოწვეულმა ექსპერტებმა შეაფასეს ლიზერგიდის მოხმარებით გამოწვეული ის ეფექტები, რომელიც საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ უსაფრთხოებას. მოწვეულმა ექსპერტებმა განმარტეს, რომ ლიზერგიდი პრაქტიკულად არ იწვევს დამოკიდებულების ჩამოყალიბებას მისი ხანგრძლივი მოხმარების შემთხვევაშიც კი. ამავდროულად, ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ, სპეციფიკური ეფექტის მისაღებად, ლიზერგიდს მოიხმარენ საკმაოდ ხანგრძლივი ეპიზოდების შემდეგ. ექსპერტებმა განმარტეს, რომ ლიზერგიდის მიღების მიზანი ჰალუცინაციების გამოწვევა და რამდენიმე საათიან მოგზაურობაში წასვლაა. ძირითად, აღნიშნული ნივთიერების მოხმარების შემდეგ, პირს უჩნდება უმოქმედობის და ისეთი აქტივობებით დაკავების სურვილი, როგორიც ფილმის ყურებაა. ექსპერტები ძნელად წარმოსადგენად მიიჩნევენ აღნიშნული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ პირის აგრესიულად გახდომას და დანაშაულის ჩადენისკენ მიდრეკილების ჩამოყალიბებას.
44. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო, ექსპერტთა განმარტებების საფუძველზე, მიიჩნევს, რომ ჰიპოთეტურია დასკვნა, რომ ლიზერგიდის მოხმარება აბსტინენციის ჩამოყალიბებასა და აბსტინენციის მდგომარეობაში მყოფი პირის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოპოვების მიზნით დანაშაულის ჩადენას გამოიწვევს. იმის გათვალისწინებით, რომ ლიზერგიდის მოხმარება არ იწვევს მასზე დამოკიდებულების სწრაფად ჩამოყალიბებას, ასევე მისი ზემოქმედების ქვეშ, როგორც წესი, პირი არ ხდება აგრესიული და დანაშაულის ჩადენისკენ მიდრეკილი, კონსტიტუციურ სარჩელში მითითებული ოდენობით ლიზერგიდის პირადი მოხმარების მიზნით შეძენა-შენახვისთვის სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთის დაწესება ვერ ჩაითვლება საზოგადოებრივი უსაფრთხოების მიზნის მიღწევის გამოსადეგ საშუალებად.
45. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი (2021 წლის 10 მარტამდე მოქმედი ნორმატიული შინაარსი), რომელიც ითვალისწინებს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენებას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 91-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება ლიზერგიდის (0.000172 გრამამდე) პირადი მოხმარების მიზნით შეძენა-შენახვისათვის, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებს.
6. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის (2020 წლის 30 ივლისამდე მოქმედი ნორმატიული შინაარსი) კონსტიტუციურობა, რომელიც ითვალისწინებს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენებას „ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სინთეზური ჰიბრიდული კანაბინოიდის, კანაბინომიმეტურად მოქმედ ქიმიურ ნაერთთა კლასს მიკუთვნებული, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება AB-CHMINACA-ს წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ პირადი მოხმარების მიზნით შეძენა/შენახვისთვის
46. საკონსტიტუციო სასამართლომ წინამდებარე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის 28-ე−29-ე პუნქტებში განიხილა, ზოგადად, ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვისათვის სასჯელის დაწესებების მიზნები. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, მოცემულ შემთხვევაშიც, ზემოაღნიშნული ფსიქოაქტიური საშუალების პირადი მოხმარების მიზნით დამზადება, შეძენა/შენახვისათვის სასჯელის დაწესების მიზნებს წარმოადგენს ჯანმრთელობის დაცვა (როგორც უშუალოდ ნარკოტიკული საშუალების მომხმარებლის, ასევე მთლიანად საზოგადოების) და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა. სადავო არ არის ის გარემოება, რომ ზემოაღნიშნული სადავო ფსიქოაქტიური საშუალება ზიანს აყენებს ადამიანის ჯანმრთელობას, რაც, თავის მხრივ, დაადასტურეს საქმის არსებით განხილვაზე მოწვეულმა ექსპერტებმა. ამავე დროს, სასამართლომ უკვე არაერთხელ მიუთითა, რომ ნარკოტიკული საშუალების მომხმარებლის მიმართ სასჯელის გამოყენებას ვერ გაამართლებს მხოლოდ მისი ჯანმრთელობის დაცვის ინტერესი (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის №1/13/732 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გივი შანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-50). ამდენად, სანქციის სახით - თავისუფლების აღკვეთის პროპორციულობის შეფასებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული სამართალდარღვევის გავლენა ნარკოტიკული საშუალებების ბრუნვის ხელშეწყობაზე და, შესაბამისად, საზოგადოების ჯანმრთელობის დაზიანებაზე.
47. ვინაიდან, საკონსტიტუციო სასამართლო შეზღუდულია სასარჩელო მოთხოვნით, მოცემული დავის ფარგლებში იგი შეაფასებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის მხოლოდ იმ ნორმატიულ შინაარსს, რომელიც სარჩელში სადავოდ არის გამხდარი მოსარჩელის მიერ. კერძოდ, კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოსარჩელისთვის, სისხლის სამართლის საქმიდან გამომდინარე, პრობლემურია სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთის დაწესება 3.48 გრამი AB-CHMINACA-ს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ პირადი მოხმარების მიზნით შეძენა-შენახვისთვის. შესაბამისად, მოცემული დავის ფარგლებში, უნდა შეფასდეს კონკრეტული ქმედებისთვის, 3,48 გრამი AB-CHMINACA-ს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ პირადი მოხმარების მიზნით შეძენა/შენახვისთვის დაწესებული სანქციის − თავისუფლების აღკვეთის პროპორციულობა.
48. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, ნარკოტიკული საშუალებების ოდენობის ზრდასთან ერთად იზრდება მათზე ხელმისაწვდომობა და პოტენციურ მომხმარებელთა რაოდენობა, რაც, საბოლოო ჯამში, ხელს უწყობს ნარკოტიკულ საშუალებათა უკანონო ბრუნვას. ნარკოტიკული საშუალებების ერთი მოხმარებისათვის საჭიროზე მეტი ოდენობით შეძენისა და შენახვის შემთხვევაში იზრდება როგორც ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვაში მონაწილეობის ხარისხი, ისე − უშუალოდ ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ალბათობაც. ნარკოტიკული საშუალებების ერთ ოდენობაზე მეტის შემძენი და შემნახველი პირები უფრო მეტად ზრდიან მოთხოვნას ნარკოტიკულ საშუალებაზე, შესაბამისად, უფრო მეტად ასაზრდოებენ ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვას და აფერხებენ სახელმწიფოს ლეგიტიმურ ღონისძიებებს ნარკოტიკული საშუალებების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს №1/6/770 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-66, 67). ამგვარი საზოგადოებრივი საშიშროების გამომწვევი ქმედებების დასჯა და პრევენცია ნარკოტიკული საშუალებების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელოვანი კომპონენტია და ნამდვილად ღირებულ ლეგიტიმურ ინტერესს ემსახურება. ასეთი ტიპის საზოგადოებრივი საშიშროების პრევენციისთვის სახელმწიფო უფლებამოსილია, გამოიყენოს ისეთი მკაცრი პასუხისმგებლობის ზომები, როგორიც არის თავისუფლების აღკვეთა. ქმედებიდან მომდინარე საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხის გათვალისწინებით, თავისუფლების აღკვეთა, მისი სიმკაცრის მიუხედავად, ვერ ჩაითვლება აშკარად არაპროპორციულ სასჯელის ზომად (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს №1/6/770 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-71).
49. ამდენად, „როდესაც ნარკოტიკული საშუალების რაოდენობა იმდენად დიდია, რომ ობიექტურად აჩენს რეალურ საფრთხეს მისი არა მხოლოდ პირადი მოხმარებისთვის, არამედ რეალიზაციის მიზნებისთვის შეძენა/შენახვის თაობაზე, მაშინ სახელმწიფო უფლებამოსილია, დააწესოს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-89).
50. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოწვეული მოწმე ალექსანდრე დადიანიძის განმარტებით, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება AB-CHMINACA მიეკუთვნება სინთეზურ კანაბინოიდის ჯგუფს, თუმცა 2-დან 200-ჯერ უფრო ძლიერია ვიდრე ტეტრაჰიდროკანაბინოლი. მოწმის განმარტებით, ძალიან მცირე დოზაც კი შესაძლებელია გამოიყენოს რამდენიმე ადამიანმა. ამიტომ საფრთხილოა მისი გამოყენება. დაფიქსირებულა გარდაცვალების შემთხვევებიც აღნიშნული ნივთიერების ზედოზირებისას. მოწმის მითითებით, არსებული კვლევების საფუძველზე, ცნობილია, რომ ამ ნივთიერების მოსაწევად გამოსაყენებელ დოზად ითვლება 1 მილიგრამი. სარჩელში წარმოდგენილი სადავო ოდენობა კი შეადგენს 3.48 გრამს, რაც საკმაოდ მაღალი დოზაა და, საკონსტიტუციო სასამართლოს შეფასებით, ობიექტურად შეიძლება აჩენდეს რეალიზაციის რეალურ საფრთხეს.
51. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ AB-CHMINACA-ს მაღალი ოდენობიდან გამომდინარე, გონივრულია ვარაუდი, რომ იგი არ არის გათვლილი მხოლოდ პირადი მოხმარების მიზნებისთვის და არსებობს მისი გავრცელების რისკი. ცხადია, როდესაც ფსიქოაქტიური ნივთიერების რეალიზაციის საფრთხე სახეზეა, არსებობს საფუძველიც სახელმწიფოს ჩარევისათვის, შესაბამისი პასუხისმგებლობის დაწესების გზით. როგორც უკვე აღინიშნა, ფსიქოაქტიური ნივთიერების გავრცელებიდან მომდინარე საზოგადოებრივი საშიშროების პრევენციისთვის, სახელმწიფო უფლებამოსილია, გამოიყენოს ისეთი მკაცრი პასუხისმგებლობის ზომები, როგორიც არის თავისუფლების აღკვეთა, რაც ვერ ჩაითვლება აშკარად არაპროპორციულ სასჯელის ზომად.
52. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი (2020 წლის 30 ივლისამდე მოქმედი ნორმატიული შინაარსი), რომელიც ითვალისწინებს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენებას „ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სინთეზური ჰიბრიდული კანაბინოიდის, კანაბინომიმეტურად მოქმედ ქიმიურ ნაერთთა კლასს მიკუთვნებული, მოსარჩელის მიერ სარჩელით სადავოდ გამხდარი ოდენობით (3.48 გრამი) ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება AB-CHMINACA-ს წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ პირადი მოხმარების მიზნით შეძენა/შენახვისთვის არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მოთხოვნებს.
7. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც ითვალისწინებს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენებას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 116-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მორფინის (0.4 გრამამდე) პირადი მოხმარების მიზნით შეძენა/შენახვისთვის; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის (2021 წლის 10 მარტამდე მოქმედი ნორმატიული შინაარსი) კონსტიტუციურობა, რომელიც ითვალისწინებს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენებას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართ №2-ის 29-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის (0.0149 გრამამდე), ამავე დანართის 94-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მეთადონის (0.3483 გრამამდე) და 189-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის (0.2640 გრამამდე) პირადი მოხმარების მიზნით შეძენა/შენახვისთვის და ამავე დანართის 33-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება დეზომორფინის (0.0047 გრამამდე) პირადი მოხმარების მიზნით დამზადება, შეძენა/შენახვისთვის
53. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მოთხოვნებს იმგვარი ნარკოტიკული საშუალებების შეძენის, შენახვის ან/და დამზადებისათვის, რომლებიც ხასიათდება სწრაფი შეჩვევით ან რომელთა მოხმარება იწვევს პირის მიერ აგრესიულ ქმედებებს, საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ წესრიგს, სხვა პირების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. ამგვარ ნივთიერებებთან მიმართებით აშკარაა, ერთი მხრივ, ის მყისიერი საფრთხე, რასაც აგრესიის გამომწვევი ნარკოტიკული საშუალებების უკანონო მოხმარება წარმოშობს, მეორე მხრივ, კი ანტისოციალური, არამართლზომიერი ქმედებების ჩადენის რისკი, რომელსაც ძლიერი აბსტინენციის მდგომარეობა იწვევს. ხელშესახებია აგრესიული ქმედებების ჩადენის გამომწვევი ნივთიერებების მოხმარების დასჯის მომეტებული საზოგადოებრივი ინტერესი. ასეთ შემთხვევაში, სასწორის პინაზეა საზოგადოების უსაფრთხოება და მაღალი სახელმწიფოებრივი ინტერესი, დაცული იყოს თითოეული საზოგადოების წევრის სიცოცხლე და ჯანმრთელობა ნებისმიერი პირის მიერ გამოხატული ძალადობრივი და ანტისოციალური ქმედებებისაგან. შესაბამისად, ამგვარი საფრთხეების აღკვეთის მიზნით, სახელმწიფოს გაცილებით მაღალი ლეგიტიმაცია აქვს, დააწესოს სადამსჯელო ღონისძიებები, გამოიყენოს შემაკავებელი მექანიზმები და, ამ გზით, მოახდინოს მათი პრევენცია. იმავდროულად, მსგავსი ნარკოტიკული საშუალებების ერთი მოხმარებისათვის საკმარისზე მეტი ოდენობით შეძენა, შენახვა ან/და დამზადება უფრო მეტ საფრთხეებს შეიცავს, ვიდრე მათი ერთჯერადი მოხმარებისათვის საკმარისი ოდენობის შეძენა, შენახვა ან/და დამზადება. შესაბამისად, ხსენებული ქმედებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება ასევე ვერ იქნება მიჩნეული აშკარად არაპროპორციულ სასჯელად (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს №1/6/770 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-57, 58, 60).
54. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოწვეული ექსპერტების შეფასებით, ნარკოტიკული საშუალებების მორფინის, ჰეროინის, დეზომორფინის, მეთადონის და ბუპრენორფინის წარმოდგენილი სადავო ოდენობები ნამდვილად არის ერთი მოხმარებისთვის საჭირო ოდენობაზე მეტი. ექსპერტების განმარტებით, ზემოაღნიშნული ნარკოტიკული საშუალებები განეკუთვნება ოპიოიდების ჯგუფის ნარკოტიკულ საშუალებებს, ე. წ. დეპრესანტებს, რომელთაც აქვთ დამთრგუნველი ზეგავლენა ადამიანის ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებები ხასიათდება დამოკიდებულების ჩამოყალიბების პოტენციალით. ექსპერტ დავით ოთიაშვილის მითითებით, სადავო ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების შემთხვევაში, არსებობს პირის მხრიდან აგრესიული ქცევის საფრთხე. მსგავსად, ექსპერტ გური მენაბდიშვილის პოზიციით, ოპიოიდების ჯგუფის აბსტინენციის მდგომარეობა ხასიათდება აგრესიის გამოვლენით და შესაძლებელია, პირმა ოჯახის წევრებსაც კი ავნოს. ამდენად, ნარკოტიკული საშუალებების − ჰეროინის, დეზომორფინის, მეთადონის, მორფინის და ბუპრენორფინის მოხმარება იწვევს როგორც დამოკიდებულების სწრაფ ჩამოყალიბებას, ასევე პირის მხრიდან აგრესიულ ქცევას.
55. როგორც უკვე აღინიშნა, ისეთი ნარკოტიკული საშუალების მოხმარება, რომელიც იწვევს შეჩვევას ან რომლის მოხმარების შემთხვევაში პირი ხდება აგრესიული და ჩადის ძალადობრივ ქმედებებს, შეიცავს რისკებს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისათვის. შესაბამისად, ამგვარი ნივთიერებების დამზადების, შეძენისა და შენახვისთვის სასჯელის დაწესება საზოგადოების უსაფრთხოების დაცვისკენ არის მიმართული. ასეთი ტიპის საზოგადოებრივი საშიშროების პრევენციისთვის, სახელმწიფო უფლებამოსილია, გამოიყენოს ისეთი მკაცრი პასუხისმგებლობის ზომა, როგორიცაა თავისუფლების აღკვეთა. იმავდროულად, როგორც ექსპერტების განმარტებებიდან დადგინდა, წარმოდგენილი სადავო ოდენობები ნამდვილად არის ერთი მოხმარებისთვის საჭირო ოდენობებზე მეტი, რაც უფრო მეტ საფრთხეს შეიცავს, ვიდრე მათი ერთჯერადი მოხმარებისათვის საკმარისი ოდენობის შეძენა, შენახვა ან/და დამზადება. ამდენად, აკრძალული ქმედებიდან მომდინარე საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხის გათვალისწინებით, თავისუფლების აღკვეთა, ვერ ჩაითვლება აშკარად არაპროპორციულ სასჯელის ზომად.
56. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო ადგენს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენებას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 116-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მორფინის (0.4 გრამამდე) პირადი მოხმარების მიზნით შეძენა-შენახვისთვის; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი (2021 წლის 10 მარტამდე მოქმედი ნორმატიული შინაარსი), რომელიც ითვალისწინებს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენებას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართ №2-ის 29-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის (0.0149 გრამამდე), ამავე დანართის 94-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მეთადონის (0.3483 გრამამდე) და 189-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის (0.2640 გრამამდე) პირადი მოხმარების მიზნით შეძენა-შენახვისთვის და ამავე დანართის 33-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება დეზომორფინის (0.0047 გრამამდე) პირადი მოხმარების მიზნით დამზადება, შეძენა/შენახვისთვის არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებს.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-5 პუნქტის, „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს საქართველოს კონსტიტუციური კანონის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2, მე-5, მე-8 და მე-11 პუნქტების, 25-ე მუხლის პირველი, მე-3 და მე-6 პუნქტების, 27-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 29-ე მუხლის მე-2 და მე-7 პუნქტების, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და მე-2 პუნქტის, 43-ე და 45-ე მუხლების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. კონსტიტუციური სარჩელი №733 („გელა ტარიელაშვილი, გიორგი კვირიკაძე, ვლადიმერ გასპარიანი, ივანე მაჭავარიანი და სხვები (სულ 9 მოსარჩელე) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი (2021 წლის 10 მარტამდე მოქმედი ნორმატიული შინაარსი), რომელიც ითვალისწინებს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენებას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის №2 დანართის 91-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება ლიზერგიდის (0,000172 გრამამდე) პირადი მოხმარების მიზნით შეძენა/შენახვისათვის.
2. კონსტიტუციური სარჩელი №733 („გელა ტარიელაშვილი, გიორგი კვირიკაძე, ვლადიმერ გასპარიანი, ივანე მაჭავარიანი და სხვები (სულ 9 მოსარჩელე) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) არ დაკმაყოფილდეს სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით:
ა) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას, რომელიც ითვალისწინებს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენებას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის №2 დანართის 116-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მორფინის (0,4 გრამამდე) პირადი მოხმარების მიზნით შეძენა/შენახვისთვის;
ბ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის (2020 წლის 30 ივლისამდე მოქმედი ნორმატიული შინაარსი) კონსტიტუციურობას, რომელიც ითვალისწინებს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენებას „ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ“ საქართველოს კანონის №2 დანართის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სინთეზური ჰიბრიდული კანაბინოიდის, კანაბინომიმეტურად მოქმედ ქიმიურ ნაერთთა კლასს მიკუთვნებული, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება AB-CHMINACA-ს (3,48 გრამი) წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ პირადი მოხმარების მიზნით შეძენა/შენახვისთვის;
გ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის (2021 წლის 10 მარტამდე მოქმედი ნორმატიული შინაარსი) კონსტიტუციურობას, რომელიც ითვალისწინებს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენებას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის №2 დანართის 94-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მეთადონის (0,3483 გრამამდე) და 189-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის (0,2640 გრამამდე) პირადი მოხმარების მიზნით შეძენა-შენახვისთვის და ამავე დანართის 33-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება დეზომორფინის (0,0047 გრამამდე) პირადი მოხმარების მიზნით დამზადება, შეძენა/შენახვისთვის;
დ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას, რომელიც ითვალისწინებს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენებას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის №2 დანართის 29-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის (0,0149 გრამამდე) პირადი მოხმარების მიზნით შეძენა/შენახვისათვის.
3. შეწყდეს საქმე №733 კონსტიტუციურ სარჩელზე („გელა ტარიელაშვილი, გიორგი კვირიკაძე, ვლადიმერ გასპარიანი, ივანე მაჭავარიანი და სხვები (სულ 9 მოსარჩელე) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის (2020 წლის 4 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობას, რომელიც ითვალისწინებს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენებას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის №2 დანართის 109-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მეტამფეტამინის (0,00028 გრამამდე) შეძენა/შენახვისათვის.
4. გადაწყვეტილება ძალაშია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან.
5. გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
6. გადაწყვეტილების ასლი გაეგზავნოს მხარეებს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს მთავრობასა და საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
7. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე და გაეგზავნოს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი
ევა გოცირიძე
გიორგი თევდორაშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე