საქართველოს მოქალაქეები - გელა ტარიელაშვილი, გიორგი კვირიკაძე, ვლადიმერ გასპარიანი, ივანე მაჭავარიანი და სხვები (სულ 9 მოსარჩელე) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N733 |
ავტორ(ებ)ი | გელა ტარიელაშვილი, გიორგი კვირიკაძე, ვლადიმერ გასპარიანი, ივანე მაჭავარიანი, ალექსანდრე თავართქილაძე, ანდრო ბროლაძე, გიორგი ათუაშვილი, მამუკა კვარაცხელია, ალექსანდრე ხუციშვილი |
თარიღი | 7 მარტი 2016 |
თქვენ არ ეცნობით სარჩელის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ სარჩელის დოკუმენტი
განმარტებები სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
არ არსებობს “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ" საქართველოს კანონის მე–18 მუხლით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, რომელიც სარჩელის განსახილველად არ მიღების წინაპირობა იქნებოდა. კერძოდ:
ა) ფორმით და შინაარსით შეესაბამება ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ" კანონის მე-16 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს;
ბ).სარჩელი შემოტანილია უფლებამოსილი პირის მიერ; გ)სარჩელში მითითებული საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი;
დ) სარჩელში მითითებული საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ;
ე) კანონით არ არის დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა და შესაბამისად, არც მისი არასაპატიო მიზეზით გაშვების საკითხი დგება დღის წესრიგში;
ვ) სადავო კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტის კონსტიტუციურობაზე სრულფასოვანი მსჯელობა შესაძლებელია ნორმატიული აქტების იერარქიაში, მასზე მაღლა მდგომი იმ ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე მსჯელობის გარეშე, რომელიც კონსტიტუციური სარჩელით გასაჩივრებული არ არის; |
მოთხოვნის არსი და დასაბუთება
კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ არის გახდილი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის“ (შემდეგში სსკ) 260-ე მუხლის პირველი ნაწილი და მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები. კერძოდ, სადავო ნორმებით, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საწყისი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების პირადი მოხმარების მიზნით შეძენა შენახვისთვის სასჯელის სახედ და ზომად განისაზღვრება 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების პირადი მოხმარების მიზნით შეძენა/შენახვა (ან/და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ნებისმიერი ოდენობით, წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ, პირადი მოხმარების მიზნით შეძენა შენახვა) ისჯება 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთით. სარჩელში ასევე სადავოდ არის გახდილი „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ საქართველოს კანონის“ დანართი N2-ის (შემდგომში დანართი N2) 29-ე, 33-ე, 76-ე, 79-ე, 91-ე, 94-ე 109-ე, 116-ე და 189-ე ჰორიზონტალური გრაფები და მათში განსაზღვრული კონკრეტული ნარკოტიკული საშუალებების ოდენობები, რაც შემდგომში განაპირობებს აღნიშნული ნარკოტიკული საშუალების შეძენა/შენახვისათვის გამოსაყენებელი სასჯელის სახესა და ზომას. (იხ. ზემოაღნიშნული ჰორიზონტალური გრაფები):
მოსარჩელეებს მიაჩნიათ, რომ სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის და მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შინაარსი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 და მე-16 მუხლებს, მე-17 მუხლის პირველ და მეორე პუნქტებს და მე-18 მუხლის პირველ პუნქტს. ასევე, დანართი N2-ის ზემოთმოყვანილი ჰორიზონტალური გრაფები და მათში განსაზღვრული ოდენობები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 და 16-ე მუხლებს; მე-17 მუხლის პირველ და მეორე პუნქტებს და მე-18 მუხლის პირველ პუნქტს. შესაბამისად, მოსარჩელეები სწორედ ზემოაღნიშნულ ნორმებთან მიმართებით ითხოვენ სადავო ნორმების კონსტიტუციურობის განხილვას.
წარმოდგენილ საქმეში 9 მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნაა გაერთიანებული და ყველა მათგანს სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალების პირადი მოხმარების მიზნით შეძენა შენახვისათვის აქვთ შეფარდებული სისხლისსამართლებრივი სანქციები. გელა ტარიელაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლომ 2013 წლის 23 მაისის გადაწყვეტილებით (საქმის ნომერი - 1/514-13) დამნაშავედ ცნო სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, კერძოდ ნარკოტიკული საშუალება „მორფინის ჰიდროქლორიდის“ (საქმის განაჩენში ნარკოტიკული საშუალების ოდენობა არაა დაზუსტებული, თუმცა მისი ოდენობა, კანონის ჩანაწერიდან გამომდინარე, უნდა იყოს 0.04 გრამიდან 0.4 გრამამდე) პირადი მოხმარების მიზნით შეძენა/შენახვისათვის და სასჯელის სახედ განუსაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. გიორგი კვირიკაძე თბილისის საქალაქო სასამართლომ 2014 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილებით (საქმის ნომერი - N1/3272-14) დამნაშავედ ცნო სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (აღნიშნული მუხლის 2015 წლის 8 ივლისამდე არსებული რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, კერძოდ დიდი ოდენობით - 0.2640 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ პირადი მოხმარების მიზნით შეძენა/შენახვისათვის და სასჯელის სახით განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. ვლადიმერ გასპარიანი თბილისის საქალაქო სასამართლომ 2015 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილებით (საქმის ნომერი - 1516-15) დამნაშავედ ცნო სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით (აღნიშნული მუხლის 2015 წლის 8 ივლისამდე არსებული რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, კერძოდ, დიდი ოდენობით - 0.0149 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ პირადი მოხმარების მიზნით შეძენა/შენახვისათვის და სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლისა და 6 თვის ვადით, საიდანაც 2 წელი და 6 თვე განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით (მხარეთა შორის გაფორმდა საპროცესო შეთანხმება). ივანე მაჭავარიანი თბილისის საქალაქო სასამართლომ 2013 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებით (საქმის ნომერი - 1/271-13) დამნაშავედ ცნო სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (აღნიშნული მუხლის 2015 წლის 8 ივლისამდე არსებული რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, კერძოდ, დიდი ოდენობით - 0.00172 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ლიზერგიდის“ პირადი მოხმარების მიზნით შეძენა/შენახვისათვის და სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 წლისა და 6 თვის ვადით. ალექსანდრე თავართქილაძე თბილისის საქალაქო სასამართლომ 2013 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილებით (საქმის ნომერი - 1/4091-13) დამნაშავედ ცნო სსკ-ის 273-ე და 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით (აღნიშნული მუხლის 2015 წლის 8 ივლისამდე არსებული რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, კერძოდ, ნარკოტიკული საშუალების უკანონო მოხმარებისათვის და დიდი ოდენობით - 0.0047 გრამი ნარკოტიკული საშუალება „დეზომორფინის“ პირადი მოხმარების მიზნით შეძენა/შენახვისათვის და მსჯავრდებულს სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით (მხარეთა შორის გაფორმდა საპროცესო შეთანხმება). ალექსანდრე ხუციშვილი თბილისის საქალაქო სასამართლომ 2014 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით (საქმის ნომერი - 1/378-14) დამნაშავედ ცნო სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (აღნიშნული მუხლის 2015 წლის 8 ივლისამდე არსებული რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, კერძოდ, დიდი ოდენობით - 0.000012574 გრამი ნარკოტიკული საშუალება „დეზომორფინის“ და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისთვის საკმარისი ოდენობით - 0.024919725 გრამი ნარკოტიკული საშუალება „კოდეინის“ პირადი მოხმარების მიზნით შეძენა/შენახვისათვის და მსჯავრდებულს სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით, საიდანაც ერთი წელი და 6 თვე განესაზღვროს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით (მხარეთა შორის გაფორმდა საპროცესო შეთანხმება). ანდრო ბროლაძე გორის რაიონულმა სასამართლომ 2014 წლის 27 მაისის გადაწყვეტილებით (საქმის ნომერი - 1.179-4) დამნაშავედ ცნო სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (აღნიშნული მუხლის 2015 წლის 8 ივლისამდე არსებული რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, კერძოდ, დიდი ოდენობით - 0.00028 გრამი ნარკოტიკული საშუალება „მეტამფეტამინის“, ასევე დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „დეზომორფინის“ პირადი მოხმარების მიზნით შეძენა შენახვისათვის და მსჯავრდებულს სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით, საიდანაც ერთი წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით (მხარეთა შორის გაფორმდა საპროცესო შეთანხმება). მამუკა კვარაცხელია თბილისის რაიონულმა სასამართლომ 2015 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილებით (საქმის ნომერი - 1/1610-15) დამნაშავედ ცნო სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (აღნიშნული მუხლის 2015 წლის 8 ივლისამდე არსებული რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, კერძოდ, 3.48 გრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება AB-CHMINACA პირადი მოხმარების მიზნით, წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ შეძენა/შენახვისათვის და მსჯავრდებულს სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლისა და 6 თვის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობითად (მხარეთა შორის გაფორმდა საპროცესო შეთანხმება). აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების ოდენობებს კანონი საერთოდ არ განსაზღვრავს (მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ნივთიერებები მრავალგვარია და კონკრეტული ტიპის ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების რაიმე ოდენობას შესაძლოა აბსოლუტურად განსხვავებული ნარკოლოგიური თუ სამედიცინო ეფექტი ჰქონდეს, ვიდრე იგივე ოდენობის, თუმცა სხვა ქიმიური ელემენტების მქონე ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებას. მოცემულ საქმეში არსებული ნარკოტიკული საშუალება - AB-CHMINACA ასევე არ გვხვდება ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებათა კანონით განსაზღვრულ ჩამონათვალში (ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ საქართველოს კანონის დანართში), თუმცა ეს ნივთიერება მიეკუთვნება კანაბინომიმეტურად მოქმედ ქიმიურ ნაერთთა კლასს და მოსარჩელეც სწორედ აქედან გამომდინარე დაექვემდებარა სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას. გიორგი ათუაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლომ 2016 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილებით (საქმის ნომერი - 1/4955-15) დამნაშავედ ცნო სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, კერძოდ, დიდი ოდენობით - 0.26087 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ პირადი მოხმარების მიზნით შეძენა/შენახვისათვის, დიდი ოდენობით - 0.3483 გრამი ნარკოტიკული საშუალება „მეთადონის“ პირადი მოხმარების მიზნით შეძენა/შენახვისათვის, ასევე დიდი ოდენობით - 0.2215 გრამი ნარკოტიკული საშუალება „კანაფის ფისის“ პირადი მოხმარების მიზნით შეძენა შენახვისათვის და მსჯავრდებულს სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლისა და 6 თვის ვადით (მხარეთა შორის გაფორმდა საპროცესო შეთანხმება). როგორც ზემოაღნიშნულიდან ჩანს, ყველა მოსარჩელეს მიმართ დამდგარია გამამტყუნებელი განაჩენი სხვადასხვა ტიპის ნარკოტიკული საშუალების პირადი მოხმარების მიზნით შეძენა შენახვის დანაშაულზე და მათ განსხვავებული ვადებით აქვთ სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა შეფარდებული. ზოგიერთ მოსარჩელესთან ასევე გაფორმებულია საპროცესო შეთანხმება, რის შედეგადაც სასჯელის სახედ განსაზღვრულია კანონით დადგენილ მინიმუმზე ნაკლები სასჯელი, ასევე ზოგიერთ მოსარჩელეს სასჯელი ნაწილობრივ ან მთლიანად პირობითად აქვს ჩათვლილი, თუმცა აღნიშნული მათ არ ართმევს უფლებას, იდავონ იმ ნორმების კონსტიტუციურობაზე, რა მუხლების საფუძველზეც მათ ბრალი მსჯავრი დაედოთ. შესაბამისად, წარმოდგენილ საქმეში ცხრავე მოსარჩელე არის უფლებამოსილი სუბიექტი. ამავდროულად, ვინაიდან შესაძლოა მოსარჩელეების საქმეებში მეორდებოდეს კონკრეტული ნარკოტიკული საშუალება განსხვავებული ოდენობებით, მოსარჩელეების პოზიციით, სასამართლომ უნდა შეაფასოს კონკრეტული ნარკოტიკული საშუალებების უდიდესი ოდენობებისთვის არსებული სამართლებრივი რეგულაციების კონსტიტუციურობა. კონკრეტული ნარკოტიკული საშუალებების ოდენობები (მოსარჩელეების სისხლის სამართლის საქმეებიდან გამომდინარე) კი ასეთია: მორფინი - 0.4 გრამამდე - მოსარჩელე გელა ტარიელაშვილი; ჰეროინი - 0.2640 გრამი - მოსარჩელე გიორგი კვირიკაძე, ბუპრენორფინი - 0.0149 გრამი - მოსარჩელე ვლადიმერ გასპარიანი, ლიზერგიდი - 0.000172 გრამი - მოსარჩელე ივანე მაჭავარიანი, დეზომორფინი - 0.0047 გრამი - ალექსანდრე თავართქილაძე, მეტამფეტამინი - 0.00028 გრამი - მოსარჩელე ანდრო ბროლაძე, მეთადონი - 0.3483 გრამი და კანაფის ფისი - 0.2215 გრამი - მოსარჩელე გიორგი ათუაშვილი, კოდეინი - 0.024919725 გრამი - მოსარჩელე ალექსანდრე ხუციშვილი, AB-CHMINACA – 3.48 გრამი - მოსარჩელე მამუკა კვარაცხელია.
კონსტიტუციის მე-14 მუხლის მიხედვით, „ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა.“ საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთხელ აღუნიშნავს ამ ჩანაწერის განსაკუთრებული მნიშვნელობის შესახებ არსებულ კონსტიტუციურ სისტემაში. სადავო ნორმების მე-14 მუხლთან მიმართების შემოწმებისთვის უნდა შეფასდეს, ადგილი ხომ არ აქვს არსებითად თანასწორი პირების მიმართ დიფერენცირებულ მოპყრობას (ან პირიქით). მოცემულ საქმეში, მოსარჩელეების პოზიციით, ისინი არიან არსებითად თანასწორები იმ პირებისა, რომლებსაც შესაბამისი ექსპერტიზის შედეგად დაუდგინდათ იგივე ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი, რომლის შეძენა/შენახვისთვისაც სარჩელის სუბიექტებს აქვთ მსჯავრი დაკისრებული. ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისთვის ზემოაღნიშნულ პირებზე, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ვრცელდება ადმინისტრაციულ სამართლებრივი პასუხისმგებლობა და მათ მიმართ სახდელად განისაზღვრება 500 ლარი. მოსარჩელეები აგრეთვე არიან იმ პირების თანასწორები, რომლებსაც ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრათ სხვა ტიპის ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით (იმ ნარკოტიკული საშუალებების, რომლებისთვისაც ქართული კანონმდებლობა ითვალისწინებს ასეთ ოდენობას) პირადი მოხმარების მიზნით შეძენა/შენახვისათვის. მოსარჩელეების არგუმენტაციით, მათ მიმართ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეებში არსებული ნარკოტიკული საშუალებები არის მეტად მცირე რაოდენობის (მორფინი - 0.4 გრამამდე; ჰეროინი - 0.2640 გრამი, ბუპრენორფინი - 0.0149 გრამი, ლიზერგიდი - 0.000172 გრამი, დეზომორფინი - 0.0047 გრამი, მეტამფეტამინი - 0.00028 გრამი, მეთადონი - 0.3483 გრამი, კანაფის ფისი - 0.2215 გრამი, კოდეინი - 0.024919725 გრამი, AB-CHMINACA – 3.48 გრამი), შესაბამისად, ამ ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა/შენახვა არ უნდა ექცეოდეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ფარგლებში, რადგან ქართული კანონმდებლობით მცირე ოდენობით ნარკოტიკული საშუალების პირადი მოხმარების მიზნით შეძენა/შენახვა, ან მისი მოხმარება წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას. ამის მაგალითია მარიხუანა, რომლის 5 გრამამდე შეძენა/შენახვისთვისაც პირს არ ეკისრება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. კანონმდებლის მიერ საკითხის ამგვარი მოწესრიგება ემყარება იმ ლოგიკას, რომ პირველ ჯერზე ნარკოტიკული საშუალების მოხმარება, ან მისი იმ ოდენობით შეძენა/შენახვა, რაც ცალსახად მიუთითებს პირადი მოხმარების მიზანზე, არ წარმოადგენს იმ საშიშროების მატარებელ ქმედებას, რომ მასზე გავრცელდეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელეები და ზემოაღნიშნული პირები (ვისაც ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრათ იგივე ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისთვის, ან სხვა ტიპის ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით შეძენა/შენახვისათვის) არიან არსებითად თანასწორები, კანონი რადიკალურად განსხვავებულ მიდგომებს ავრცელებს მათზე. თუკი მოსარჩელეების ქმედება (პირადი მოხმარების მიზნით ნარკოტიკული საშუალების შეძენა/შენახვა) ექცევა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ფარგლებში, თანაც იმგვარად, რომ ამ ქმედებაზე სანქციის სახით განსაზღვრულია 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა, იმავე ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისთვის, ან სხვა ტიპის ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით შეძენა/შენახვისთვის ქართული კანონმდებლობა ითვალისწინებს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას 500 ლარიანი სანქციით, ან 15 დღემდე პატიმრობით. ასეთ პირობებში კი სადავო ნორმა პირდაპირ მიმართებაშია საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის შინაარსთან.
სადავო ნორმები პირდაპირ მიემართება პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებას, რადგან მათი მეშვეობით კონკრეტული ნარკოტიკული საშუალებების უმცირესი რაოდენობით პირადი მოხმარების მიზნით შეძენა/შენახვაც ექცევა სისხლის სამართლის რეგულირების ფარგლებში და ამ ქმედებისთვის გათვალისწინებულია უკიდურესი სასჯელის ზომა - თავისუფლების აღკვეთა შესაბამისი ვადით (6 წლამდე, ან 5-დან 8 წლამდე). მოსარჩელეთა სისხლის სამართლის საქმეებში არსებული ოდენობების ნარკოტიკული საშუალების პირადი მოხმარების მიზნით შეძენა/შენახვის კრიმინალიზება და მასზე შესაბამისი სანქციის განსაზღვრა წარმოადგენს პირის თავისუფლებაში, მის პირად ცხოვრებაში ხისტ ინტერვენციას, რითაც ცალსახად ილახება პიროვნული განვითარების უფლება და უფლების ამგვარი შელახვა, მისი ინტენსივობიდან გამომდინარე, მოითხოვს განსაკუთრებულ ლეგიტიმურ მიზანს. მსგავსი თანაზომიერად მნიშვნელოვანი მიზანი კი ამ შემთხვევაში სახეზე არაა.
საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ადამიანის პატივი და ღირსება ხელშეუვალია. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ამ ნორმის შესაბამისად, მთავარი ღირებულება არის ადამიანი, როგორც თვითმყოფადი, თავისუფალი და სხვა ადამიანების თანასწორი სუბიექტი. ადამიანის ღირსების დაცვა არის ის, რაც უპირობოდ ეკუთვნის ყველა ადამიანს სახელმწიფოსაგან. ადამიანის ღირსების პატივისცემა გულისხმობს ყოველი ადამიანის პიროვნულ აღიარებას, რომლის ჩამორთმევა, ან შეზღუდვა დაუშვებელია. სახელმწიფოსთვის ადამიანი არის უმთავრესი მიზანი, პატივისცემის ობიექტი, მთავარი ფასეულობა და არა მიზნის მიღწევის საშუალება და ექსპლოატაციის ობიექტი“. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 ოქტომბრის N2/2-389 გადაწყვეტილება „საქართველოს მოაქალაქე მაია ნათაძე და სხვები საქართველოს პარლმენტისა და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ“ II.30) კონკრეტული ქმედების კრიმინალიზაციის დროს და ამ ქმედებისთვის ასევე უმკაცრესი სანქციის, თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრისას „სახელმწიფოს ძალიან დიდი სიფრთხილე მართებს ... სახელმწიფო არ შეიძლება ადამიანის თავისუფლებაში (მის უფლებებში) ჩაერიოს ობიექტურად საჭიროზე მეტი დოზით, რადგან შედეგად მიზნად გადაიქცევა ადამიანის შეზღუდვა და არა მისი დაცვა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება N1/4/592 საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II – 32). სადავო ნორმები უმცირესი ოდენობის ნარკოტიკული საშუალების პირადი მოხმარების მიზნით შეძენა/შენახვასაც განიხილავს კრიმინალურ აქტად და მათზე აწესებს უკიდურესი სასჯელის ზომას - თავისუფლების აღკვეთას. წარმოდგენილ საქმეში არსებული ზოგიერთი ნარკოტიკული საშუალების უმცირესი რაოდენობით შეძენა/შენახვისთვის კი სასჯელის ზომა 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთაა. სადავო ნორმები უშუალოდ მიემართება კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ პუნქტს, რადგან სახელმწიფო მის ხელთ არსებულ უმკაცრეს ინსტრუმენტს - სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას - იყენებს მხოლოდ იმ მიზნით, რომ მოახდინოს კონკრეტული ქმედების დასჯადობა (თუნდაც ეს ქმედება მიიჩნეოდეს ასოციალურად, მაგრამ ის არანაირ უშუალო თუ აბსტრაქტულ ზიანს არ უქმნის სხვა პირებს) ზოგადი პრევენციის მიზნით. კონკრეტული პიროვნების ინსტრუმენტალიზა ზოგადი აბსტრაქტული მიზნის მისაღწევად, ისე რომ ამ პირის წინარე ქმედება არ ქმნიდა მნიშვნელოვან სოციალურ თუ კრიმინოგენულ საფრთხეს, პირდაპირ შემხებლობაშია პატივისა და ღირსების უფლებასთან. აღნიშნულ უფლებებში ჩარევის ინტენსივობა იზრდება მით უფრო, თუკი ამ ქმედებისთვის სახელმწიფო ითვალისწინებს სასჯელის უმკაცრეს ზომას - თავისუფლების აღკვეთას.
თავის 2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილებაში საქმეზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ „აშკარად არაპროპორციულ სასჯელებს, რომლებიც არ შეესაბამებიან დანაშაულის ხასიათს და სიმძიმეს, არა მარტო აქვთ მიმართება სასტიკი, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობისა და სასჯელის კონსტიტუციურ აკრძალვასთან, არამედ არღვევენ კიდეც ამ კონსტიტუციურ დანაწესს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება N1/4/592 საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II – 25). სადავო ნორმები უმცირესი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების პირადი მოხმარების მიზნით შეძენა/შენახვისათვის ითვალისწინებს 6 წლამდე, ან 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას იმის მიხედვით, კონკრეტული ნივთიერებისთვის კანონმდებლობა ითვალისწინებს თუ არა მცირე და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საწყის ოდენობებს. მსგავსი ინტენსივობის სანქცია ცალსახად მიმართული უნდა იყოს მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი საშიშროების შემცველი ქმედებისაკენ, ამავდროულად, უნდა არსებობდეს გონივრული მოლოდინი, რომ სასჯელის შეფარდებით მიღწეული იქნება მისივე მიზნები და მხოლოდ ქმედების ჩამდენის დასჯის პრიმიტიული მიზნით არ დაკმაყოფილდება სისხლის სამართლის მართლმსაჯულება. სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული სანქციები არ მიემართება განსაკუთრებული, სერიოზული საზოგადოებრივი საფრთხის შემცველ ქმედებას, ხოლო მათი გამოყენებით სასჯელის ვერც ერთი მიზნის მიღწევის გონივრული მოლოდინი ვერ ჩნდება. შესაბამისად, სადავო ნორმები პირდაპირ მიემართება როგორც ადამიანის პატივისა და ღირსების ხელშეუვალობას, ისე ამგვარი სასჯელის გამოყენების აკრძალვის კონსტიტუციურ პრინციპებს, რადგან, როგორც აღინიშნა, არ არსებობს ის ლეგიტიმური საფუძვლები, რომელიც ადეკვატურად დაასაბუთებდა და გაამართლებდა სადავო ნორმებით გათვალისწინებული უფლებების ავტომატურ რეჟიმში შეზღუდვას.
საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლით გარანტირებული თავისუფლების ხელშეუხებლობა იმდენად წონადი ძირითადი უფლებაა, რომ სახელმწიფოს მხრიდან მასში ჩარევა მხოლოდ განსაკუთრებულ, ultima ratio ღონისძიებად უნდა განიხილებოდეს. კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტი ზოგადად ადგენს თავისუფლების ხელშეუვალობის უფლებას. აღნიშნული უფლება არაა აბსოლუტური და მასში ჩარევა შესაძლებელია კონკრეტული გარემოებების არსებობისას და ასეთ შემთხვევებზე მე-18 მუხლის შემდგომი პუნქტები განსხვავებულ გარანტიებს ითვალისწინებს (სასამართლოს გადაწყვეტილება, კანონით გათვალისწინებული შემთხვევები, თავისუფლების უფლების შეზღუდვა მხოლოდ უფლებამოსილი პირის მიერ და დაკავებული პირის სასამართლოში წარდგენის სავალდებულოობა). ცხადია, მე-18 მუხლის პირველი ნაწილით გარანტირებული უფლება არ უნდა შემოვფარგლოთ იმ კონსტიტუციური გარანტიებით, რომლებიც მუხლის ქვედა პუნქტებშია განსაზღვრული. მაგალითად, ისეთ შემთხვევებშიც კი, როდესაც, არსებობს პირისათვის თავისუფლების აღკვეთის თაობაზე სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც თავის მხრივ, ემყარება კონკრეტულ კანონს, შესაძლოა ადგილი ჰქონდეს თავისუფლების ხელშეუვალობის უფლების დარღვევას, თუკი ამ უფლებაში ჩარევა მოხდა დაუსაბუთებლად და არასაკმარისი ლეგიტიმური მიზნით. მოსარჩელეების აზრით, განსახილველ საქმეში სწორედ მსგავსი ვითარებაა შექმნილი, როდესაც სადავო ნორმები იძლევიან მე-18 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უფლებაში ჩარევის შესაძლებლობას. შესაბამისად, სადავო ნორმებით განსაზღვრულ უფლებრივ შეზღუდვებსა და კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულ თავისუფლების ხელშეუვალობის უფლებას შორის არსებობს ცალსახა მიმართება და საჭიროა შეფასდეს, რამდენად პროპორციული და დასაბუთებულია უფლებაში ჩარევა.
დანართი N2-ში გაწერილია თითოეული ნარკოტიკული საშუალების მცირე, საშუალო (იგივე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისთვის საწყისი ოდენობა), დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობები. აქედან გამომდინარე, სწორედ აღნიშნული კანონი აძლევს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლს კონკრეტულ შინაარსს, რადგან მისი საშუალებით ხდება აღმოჩენილი ნარკოტიკული საშუალების კლასიფიცირება შესაბამის ოდენობად. აღსანიშნავია, რომ დანართი N2 „მეთადონისთვის“ და „ჰეროინისთვის“ არ ითვალისწინებს მცირე ოდენობას და მათი უმცირესი რაოდენობით აღმოჩენაც კი მიიჩნევა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისთვის საკმარის ოდენობად, ხოლო იგივე დანართი მთელი რიგი ნარკოტიკული საშუალებებისთვის არ ითვალისწინებს არათუ მცირე, არამედ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისთვის საწყის ოდენობასაც და ამ ნარკოტიკული საშუალებების უმცირესი რაოდენობაც კი მიიჩნევა დიდ ოდენობად. კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით საინტერესოა სწორედ ის შემთხვევები, როდესაც დანართი N2 კონკრეტული ნარკოტიკული საშულებისთვის არ ითვალისწინებს მცირე ან/და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საწყის ოდენობებს. საკითხის ამგვარი რეგულირებით კანონი კონკრეტული ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით შეძენა/შენახვისათვის პირს აკისრებს იმაზე მძიმე პასუხისმგებლობას, ვიდრე იგივე ოდენობის ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისთვის სახდელდადებულ პირებს (ამ შემთხვევაში ხდება ადმინისტრაციული სანქციის გამოყენება). ზოგადი წესებით, დანართ N2-ში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალებების ნუსხის მე-3 ვერტიკალურ გრაფაში მითითებულ ოდენობამდე (ოდენობის ჩათვლით) ითვლება მცირე ოდენობად, მე-3 ვერტიკალურ გრაფაში მითითებულ ოდენობაზე მეტი, მე-4 ვერტიკალურ გრაფაში მითითებულ ოდენობამდე (მითითებული ოდენობის ჩათვლით), ითვლება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საწყის ოდენობად, მე-4 ვერტიკალურ გრაფაში მითითებულ ოდენობაზე მეტი, მე-5 ვერტიკალურ გრაფაში მითითებულ ოდენობამდე (მითითებული ოდენობის ჩათვლით) ითვლება დიდ ოდენობად, ხოლო მე-5 ვერტიკალურ გრაფაში მითითებულ ოდენობაზე მეტი ითვლება განსაკუთრებით დიდ ოდენობად. თუმცა, აღნიშნული ზოგადი წესიდან კანონი არაერთ ნარკოტიკულ საშუალებაზე ავრცელებს განსხვავებულ რეგულაციებს და ქვედა ცხრილში სწორედ ასეთი ნარკოტიკული საშუალებების ნაწილის ოდენობებია მოყვანილი და შესაბამისად, მოსარჩელეებიც აპელირებენ სწორედ მათ შესაძლო წინააღმდეგობაზე კონსტიტუციის მე-14 მუხლთან.
როგორც აღინიშნა, „მეთადონისა“ და „ჰეროინისთვის“ დანართი N2 არ ითვალისწინებს მცირე ოდენობას და მათი 0.2 გრამამდე რაოდენობა მიიჩნევა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისთვის საკმარის ოდენობად, 0.2-დან 1-გრამამდე ოდენობა აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებებისთვის მიიჩნევა დიდ ოდენობად, ხოლო 1 გრამზე მეტი უკვე წარმოადგენს განსაკუთრებით დიდ ოდენობას. რაც შეეხება დანარჩენ 3 ნარკოტიკულ საშუალებას, კერძოდ „დეზომორფინს“, „ლიზერგიდსა“ და „მეტამფეტამინს“, აღნიშნულ ნარკოტიკული საშუალებების ნებისმიერი ოდენობა 1 გრამამდე ითვლება დიდ ოდენობად, ხოლო 1 გრამზე მეტი - უკვე წარმოადგენს განსაკუთრებით დიდ ოდენობას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ნათელია, რომ სადავო ნორმები პირდაპირ მიემართება კონსტიტუციის მე-14 მუხლს, რადგან მათი მეშვეობით ხდება კონკრეტული ნარკოტიკული საშუალებების უმცირესი ოდენობების კლასიფიცირება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისთვის საკმარის, ან დიდ ოდენობად, რასაც თან სდევს შესაბამისი სისხლისსამართლებრივი სანქცია (თავისუფლების აღკვეთა 6 წლამდე, ან 5-დან 8 წლამდე ვადით). ხოლო ის პირები, ვისაც იგივე ნარკოტიკული საშუალების მოხმარება დაუდგინდათ, ან აღმოჩნდათ სხვა ნარკოტიკული საშუალება მცირე ოდენობით, ექცევიან ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ქვეშ შესაბამისი სანქციით.
ზემოთ უკვე განვიხილეთ, თუ როგორ განისაზღვრება კონკრეტული ნარკოტიკული საშუალების ოდენობები ნუსხის შესაბამისი ვერტიკალური გრაფებით. აღნიშნულ ცხრილში ჩამოთვლილია ყველა ის ნარკოტიკული საშუალება (შესაბამისი ნომრით და ოდენობებით), რომელთა ოდენობებიც და თანმდევი სანქციებიც მოცემულ საქმეში წარმოადგენს დავის საგანს. მოსარჩელეების პოზიციით, სწორედ აღნიშნული დანართი და მასში განსაზღვრული ოდენობები აძლევს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლს კონკრეტულ შინაარსს. კერძოდ, განსაზღვრავს, რომელი ნარკოტიკული საშუალების რა ოდენობა უნდა კვალიფიცირდეს მცირე, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისთვის საწყის, დიდ და განსაკუთრებით დიდ ოდენობად. დანართი N-2-ით განსაზღვრული ოდენობები პირდაპირ ებმის პირისათვის სისხლისსამართლებრივი სანქციის შეფარდებას, უფრო სწორად, აღნიშნული ოდენობები პირდაპირ განაპირობებენ სსკ-ის 260-ე მუხლით დასაკისრებელ სანქციას. შესაბამისად, აღნიშნული სადავო ნორმებიც პირდაპირ მიმართებაშია კონსტიტუციის მე-16, მე-17-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან და მე-18 მუხლის პირველ პუნქტთან, რადგან მათ საფუძველზე ხდება პირის თავისუფალი განვითარების უფლების შეზღუდვა, საზოგადოებრივად ნაკლებიად საშიში ქმედების კრიმინალიზება და ამ ქმედების სუბიექტის მიმართ არაადეკვატურად მკაცრი სანქციების გამოყენება, აგრეთვე თავისუფლების ხელშეუვალობის უფლებაში შეჭრა.
სადავო ნორმების კონსტიტუციურ უფლებებთან წინააღმდეგობის შეფასებამდე, მნიშვნელოვანია უფრო ზოგადად მიმოვიხილოთ საკითხის სისხლისსამართლებრივი რეგულირება. პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ არსებული კანონმდებლობის ზოგადი ლოგიკით, ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით პირადი მოხმარების მიზნით შეძენა/შენახვა არ წარმოადგენს სისხლისსამართლებრივ დანაშაულს და ის მიიჩნევა ადმინისტრაციულ გადაცდომად. კანონმდებლობის ამგვარი ლოგიკა სწორედ იმით არის განპირობებული, რომ მცირე ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ფლობა, რა დროსაც არაა დადასტურებული მისი გასაღების, ან რაიმე ფორმით საზოგადოებაში გავრცელების მიზანი, არ წარმოადგენს მნიშვნელოვანი საფრთხის მატარებელ, და შესაბამისად, სისხლის სამართლისთვის საინტერესო აქტს. ასეთ პირობებში, სისხლის სამართლის დანაშაულსა და ადმინისტრაციულ გადაცდომას შორის ზღვარი დამოკიდებულია როგორც კონკრეტული ნარკოტიკული საშუალების ნარკოლოგიურ თუ სამედიცინო თვისებებზე, ისე მის ოდენობაზე და შესაძლოა, მისი მიღების/მოპოვების გზებზეც. ჩამოთვლილი ფაქტორები მეტ/ნაკლებად თანაბარი მნიშვნელობისაა და შეცდომა იქნება, თუკი ყურადღება გამახვილდება მხოლოდ ნარკოტიკული საშუალების ბუნებაზე, ან პირიქით, აქცენტი დაისმება მხოლოდ ოდენობაზე, იმის მიუხედავად, რა ნარკოტიკულ საშუალებაზეა საუბარი. ქართული კანონმდებლობის თანახმად, ნარკოტიკული დანაშაული მოქცეულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-9 კარში, სადაც ერთიანდება საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები. აღნიშნული კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ნარკოტიკული საშუალების შეძენა/შენახვა მხოლოდ იმ მომენტიდან იძენს სისხლისსამართლებრივ მნიშვნელობას, როდესაც ამ ქმედებით საფრთხე დაემუქრება საზოგადოებრივ წესრიგსა და უსაფრთხოებას. სხვანაირად რომ ვთქვათ, ნარკოტიკული დანაშაულის (მათ შორის ნარკოტიკული საშუალების მოხმარების) დასჯადობის მიზანი არაა პირის ინდივიდუალური არჩევანის შეზღუდვა, მოიხმაროს, ან არ მოიხმაროს ნარკოტიკული საშუალება, ან კონკრეტული ინდივიდის ჯანმრთელობაზე ზრუნვა, არამედ საზოგადოებრივი ჯანმრთელობა და უსაფრთხოება. აქედან გამომდინარე, მხოლოდ პირადი მოხმარება, ან პირადი მოხმარებისთვის ნარკოტიკული საშუალების ფლობა არ წარმოადგენს იმ ინტენსივობისა და საშიშროების მატარებელ ქმედებას, რომ მასზე გავრცელდეს სისხლისსამართლებრივი რეჟიმი. მიუხედავად იმისა, რომ ქართული კანონმდებლობა ფორმალურად ზემოაღნიშნულ ლოგიკას ემყარება, შინაარსობრივად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებსა და სისხლის სამართლის დანაშაულს შორის არსებული ზღვარი აბსოლუტურად საწინააღმდეგო პრინციპებზე დგას. ამის დასტურია „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც რიგი ნარკოტიკული საშუალებებისთვის არ ითვალისწინებს მცირე, ან სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისთვის საწყის ოდენობას და მათი უმცირესი რაოდენობაც კი მიიჩნევა დიდ ოდენობად, რასაც თან სდევს შესაბამისი სისხლისსამართლებრივი სანქცია (5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა). სხვა ნარკოტიკულ საშუალებებზე განსაზღვრული მცირე და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საწყისი ოდენობები კი იმდენად მცირეა, რომ ეს რეგულაციაც წინააღმდეგობაში მოდის ნარკოტიკული საშუალების შეძენა/შენახვის კრიმინალიზაციის ზემოაღნიშნულ ზოგად ლოგიკასთან.
კონსტიტუციის მე-14 მუხლის შესაძლო დარღვევაზე მსჯელობისას სასამარლომ უნდა შეაფასოს, ხომ არ აქვს არსებითად თანასწორ პირთა მიმართ განსხვავებულ მოპყრობას ადგილი, ან პირიქით. მოცემულ საქმეში მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ ისინი იმ პირების არსებითად თანასწორნი არიან, ვისაც ადმინისტრაციული სახდელი დაეკისრა იმ ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისთვის, რომლის შეძენა/შენახვისთვისაც მოსარჩელეებს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრათ. მოსარჩელეები აგრეთვე არსებითად თანასწორებად მიიჩნევენ იმ პირებს, რომლებსაც ადმინისტრაციული სახდელი დაეკისრათ სხვა ტიპის ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით პირადი მოხმარების მიზნით შეძენა/შენახვისათვის. მოსარჩელეების პოზიცია ემყარება იმ არგუმენტს, რომ მათ მიმართ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეებში არსებული ნარკოტიკული საშუალება რეალურად იმდენად მცირე ოდენობისაა, რომ ლოგიკურად შეუძლებელია მათი გავრცელების, ან სხვა პირებზე გადაცემის საფრთხეებზე საუბარი. უკიდურეს შემთხვევაში, თუკი მაინც არსებობს აღნიშნული საფრთხე, ის ზედმეტად აბსტრაქტული და ზოგადია. შესაბამისად, თუკი ზოგადად კანონმდებლობით ადმინისტრაციულ გადაცდომებში ექცევა მცირე ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა/შენახვა (იგულისხმება აღნიშნული ქმედების ერთჯერადად განხორციელება), ეს პრინციპი უნდა გავრცელდეს ყველა ნარკოტიკულ საშუალებაზე და კონკრეტული ნარკოტიკული საშუალების პირადი მოხმარების მიზნით შეძენა/შენახვა მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა მოექცეს სისხლის სამართლის რეგულირების ფარგლებში, თუკი აღნიშნული ნარკოტიკული საშუალების ოდენობა (თავად ნარკოტიკული საშუალების ბუნების გათვალისწინებით) ობიექტურად იძლევა დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ არსებობს მისი სხვა პირისათვის გადაცემის, ან საზოგადოებაში რაიმე ფორმით გავრცელების გონივრული და ხელშესახები რისკი. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მაგალითად მარიხუანის შეძენა/შენახვასთან დაკავშირებით არსებული რეგულაციები ცალსახად ზემოაღნიშნულ ლოგიკას ემყარება, რადგან მარიხუანას 5 გრამამდე (აღნიშნული ოდენობა საკმარისია ამ ნარკოტიკული საშუალების რამდენჯერმე მოხმარებისთვის) ოდენობით შეძენა/შენახვა ითვლება ადმინისტრაციულ გადაცდომად და მხოლოდ 5 გრამს ზევით ამ ნივთიერების შეძენა შენახვა ექცევა სისხლის სამართლის ფარგლებში. ცხადია, შესაძლოა არც 5 გრამი იყოს ის ოდენობა, სადაც უნდა გაივლოს ასეთი მკაფიო ზღვარი სისხლისსამართლებრივ დანაშაულსა და ადმინისტრაციულ გადაცდომას შორის, მაგრამ ამ შემთხვევაში მინიმუმ კანონმდებლის გონივრულ მცდელობას მაინც აქვს ადგილი, რომ აკრძალული ნივთიერების შეძენა შენახვაზე არ დააწესოს აშკარად არაპროპორციული და გაუმართლებლად მზღუდავი მექანიზმები. მოცემულ შემთხვევაში, ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ ქართული კანონმდებლობით კონკრეტული ნივთიერების მოხმარება ექცევა ადმინისტრაციულ გადაცდომათა ფარგლებში, ხოლო კონკრეტული ტიპის ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება სისხლის სამართლით დასჯად სფეროში. ის ფაქტი, რომ მოსარჩელეებმა არ/ვერ მოიხმარეს მათთვის აღმოჩენილი ნარკოტიკული საშუალება და ამის გამო მათ დაეკისრათ იმაზე მკაცრი სანქცია, ვიდრე ამ ნივთიერებების მოხმარების შემთხვევაში დაეკისრებოდათ, ცალსახად მიუთითებს კანონის არაადეკვატურ სიმკაცრეზე მხოლოდ პირთა ერთი კატეგორიის მიმართ.
კონსტიტუციის მე-16 მუხლის დაცვის სფეროში ექცევა პიროვნების თავისუფლად მოქმედების შესაძლებლობა. ცხადია, სახელმწიფო ვერ წაახალისებს კონკრეტული პიროვნებისათვის სასურველ ყველა ქმედებას, მეტიც, სახელმწიფოს შეუძლია დააწესოს ამა თუ იმ ქმედების შემზღუდველი მექანიზმები იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად ანტისოციალურია თავისი ბუნებით ეს ქმედება და რა საფრთხეების მატარებელია ის გარეშე პირთათვის თუ ზოგადი საზოგადოებრივი წესრიგისათვის. „ამავდროულად, კანონმდებლის მიერ ამა თუ იმ ქმედების კრიმინალიზება ვერ გახდება იმის საფუძველი, რომ ასეთი ქმედების განხორციელების შესაძლებლობა ავტომატურად გამოირიცხოს კონსტიტუციით დაცული სფეროდან. მართალია, სახელმწიფო მიხედულების ფართო ზღვრით სარგებლობს სისხლის სამართლის პოლიტიკის განსაზღვრისას, მაგრამ მისი მოქმედების არეალი და ფარგლები უსაზღვრო არ არის, ის ნებისმიერი ქმედების განხორციელებისას უპირობოდ შეზღუდულია კონსტიტუციით და, პირველ რიგში, ადამიანის უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით.“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება N1/4/592 საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II – 70). მართალია, სახელმწიფოს ექსკლუზიური კომპეტენციაა აღკვეთოს კონკრეტული ქმედებისაგან მომდინარე საფრთხეები, და ამ მიზნით, შექმნას ეფექტური საკანონმდებლო ბაზა, მაგრამ „მეორე მხრივ, სახელმწიფოს მიხედულების ფარგლები ვერ იქნება უსაზღვრო. როგორი სერიოზულიც არ უნდა იყოს სახელმწიფოს მოტივაცია და რაოდენ მნიშვნელოვანი სიკეთეების დასაცავად არ უნდა იღებდეს კონკრეტულ რეგულაციას, ის არ თავისუფლდება პასუხისმგებლობისგან, იმოქმედოს მკაცრად კონსტიტუციით დადგენილ ფარგლებში და უპირობოდ შეიბოჭოს ადამიანის ფუნდამენტური უფლებებით. დემოკრატიულ და სამართლებრივ სახელმწიფოში არ არსებობს მიზანი, ინტერესი, ადამიანის უფლებების დაცვის უმთავრესი მიზნის ჩათვლით, რომლის საპირწონედ სახელმწიფო აღიჭურვება ლეგიტიმური უფლებით, დაარღვიოს თუნდაც ერთეული პირების თავისუფლების უფლება.“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება N1/4/592 საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II – 33). განსახილველ საქმეში უმცირესი რაოდენობით კონკრეტული ნარკოტიკული საშუალებების (მორფინი - 0.4 გრამამდე; ჰეროინი - 0.2640 გრამი, ბუპრენორფინი - 0.0149 გრამი, ლიზერგიდი - 0.000172 გრამი, დეზომორფინი - 0.0047 გრამი, მეტამფეტამინი - 0.00028 გრამი, მეთადონი - 0.3483 გრამი, კანაფის ფისი - 0.2215 გრამი, კოდეინი - 0.024919725 გრამი, AB-CHMINACA – 3.48 გრამი), პირადი მოხმარების მიზნით შეძენა/შენახვის კრიმინალიზება წარმოადგენს პირთა თავისუფლებაში არაპროპორციულ ჩარევას, რადგან ამ შემთხვევაში სისხლისსამართლებრივი მბოჭავი მექანიზმების გამოყენება არ წარმოადგენს ultima ratio შემთხვევას. სისხლისსამართლებრივი მექანიზმის გამოყენებას არაპროპორციულად და დაუსაბუთებლად მით უფრო აქცევს ის სანქციები, რომლებსაც ითვალისწინებს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილები. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზოგადად ნარკოტიკული საშუალების (განსაკუთრებით კი იმ ნარკოტიკული საშუალებების, რომლებიც ხასიათდებიან დამოკიდებულების განვითარების მაღალი ხარისხით) მოხმარების პრევენციისთვის მხოლოდ რეპრესიული მექანიზმი, მით უფრო თავისუფლების აღკვეთა, არ წარმოადგენს ეფექტურ და შედეგიან რეაგირებას და ხშირ შემთხვევაში ეს მიდგომა კონტრპროდუქტიულია. შესაბამისად, უმცირესი ოდენობის ნარკოტიკული საშუალებების სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის გავრცელება, მით უფრო, ზოგიერთი ნარკოტიკული საშუალების უმცირესი რაოდენობის ავტომატურად დიდი ოდენობის კატეგორიაში მოქცევა, წარმოადგენს პირის თავისუფლებაში, მისი თავისუფალი განვითარების უფლებაში აშკარა ჩარევას, რადგან აღნიშნული მიდგომით სახელმწიფო პირს აცხადებს კრიმინალად და მასზე ავრცელებს შესაბამის სამართლებრივ რეჟიმს, რაც გულისხმობს თავისუფლების აღკვეთას (რაც ცალსახად მნიშვნელოვანი ხელისშემშლელი ფაქტორია თავისუფალი განვითარებისათვის) და შემდგომი ნასამართლევის სტატუსის ქონას. აქ ასევე გასათვალისწინებელია ნასამართლობის მქონე პირთა აღქმა საზოგადოების მხრიდან, რაც ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორი შეიძლება იყოს პიროვნების თავისუფალი განვითარებისათვის. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ თავისუფალი განვითარების უფლება მათ შორის გულისხმობს ადამიანების უფლებას, „ისარგებლონ საზოგადოების და სამართლის განვითარების, პროგრესული, ჰუმანური აზროვნების პოზიტიური შედეგებით. პირმა პასუხი უნდა აგოს რეალურად საზოგადოებრივად საშიში ქმედების ჩადენისთვის, ამასთან, იმ წესითა და ფარგლებში, რაც ობიექტურად აუცილებელი და საკმარისია კონკრეტული სამართალდარღვევისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნების მისაღწევად” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილება N1/6/557,571,576 საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ვალერიან გელბახიანი, მამუკა ნიკოლაიშვილი და ალექსანდრე სილაგაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-62-64). ამა თუ იმ ქმედების დასჯადობა მხოლოდ ირელევანტური საფუძვლებით, ან კონკრეტულ საზოგადოებაში გაბატონებული მორალურ-ეთიკური ღირებულებების გამო, სწორედ ზემოაღნიშნულ უფლებასთან მოდის წინააღმდეგობაში.
კონსტიტუციის მიზნებისთვის, „ღირსების დაცვა გულისხმობს სოციალურ მოთხოვნილებას ადამიანის პატივისცემაზე. ეს არის ფუნდამენტური კონსტიტუციური პრინციპი, რომელსაც ეყრდნობა და უკავშირდება ძირითადი კონსტიტუციური უფლებები... სახელმწიფო საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ პუნქტს არღვევს მაშინ, როდესაც ფუნდამენტური უფლებების დარღვევის გზით (შედეგად), მიზნად ისახავს ადამიანის დამცირებას, მისი მიზნის მიღწევის საშუალებად გამოყენებას ან/და მისი ფაქტობრივი ქმედება ასეთ შედეგს გარდაუვლად იწვევს.“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება N1/4/592 საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II – 16) როგორც აღინიშნა, კონკრეტული ნივთის შეძენა/შენახვის აკრძალვა, მისი სოციალური საშიშროებიდან გამომდინარე, სახელმწიფოს ექსკლუზიური კომპეტენციაა. ამავდროულად, სახელმწიფომ უნდა დაასაბუთოს, რომ სისხლისსამართლებრივი სასჯელის დაწესება კონკრეტულ ქმედებაზე წარმოადგენს იმ მიზნის მიღწევის ეფექტურ და პროპორციულ საშუალებას, რა მიზანიც ჰქონდა ქმედების ინკრიმინირებას. ნარკოტიკული საშუალებების შეძენა/შენახვისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის გასაზღვრა ძირითადად უკავშირდება საზოგადოებრივ ჯანრმთელობას. ამავდროულად, როდესაც საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე მიმდინარეობს მსჯელობა, ცალსახად უნდა გაიმიჯნოს ერთმანეთისგან უშუალოდ მომხმარებელთან, მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საფრთხე იმ საშიშროებისგან, რომელსაც საზოგადოებისთვის ქმნის ნარკოტიკული საშუალების გამავრცელებელი. პირველ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს შესაძლოა ჰქონდეს ლეგიტიმური მიზანი და ინტერესი, რომ ჯანმრთელობის საფრთხე არ დაემუქროს თავად ნარკოტიკული საშუალების მფლობელს, მაგრამ მის მიმართ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის გამოყენება, მით უფრო სასჯელის უკიდურესი ზომით - თავისუფლების აღკვეთით, ცალსახად პრობლემურია, რადგან ქართული კანონმდებლობით თვითდაზიანება, ან თვითდაზიანების მცდელობა არ წარმოადგენს დასჯად ქმედებას (მანამ, სანამ ამით უშუალო საფრთხე არ დაემუქრება გარეშე პირებს, ან ზოგად წესრიგს). ამავდროულად, სახელმწიფოს შეუძლია გამოიყენოს უფრო მეტად პროპორციული ღონისძიებები. მაგალითისათვის, „თუკი საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველსაყოფად ან რაიმე სხვა ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად აუცილებელია ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ მყოფ პირთა ცალკეული ქმედების აკრძალვა, სახელმწიფო უფლებამოსილია, სწორედ ამგვარი ქმედებები აკრძალოს, მსგავსად ალკოჰოლური ზემოქმედებისას ავტომობილის მართვის აკრძალვისა, რაც უფლებების შეზღუდვის უფრო მსუბუქ საშუალებას წარმოადგენს (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება N1/4/592 საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II – 11). მსგავსი რეგულირების ერთადერთი დასაბუთება შესაძლოა იყოს იგივე ქმედების (ნარკოტიკული საშუალების მოხმარება, ან მისი იმ ოდენობით შენახვა, რაც ცალსახად განკუთვნილია პირადი მოხმარებისთვის) გენერალური, ზოგადი პრევენცია. „ბუნებრივია, რომ ზოგადი პრევენციის მიზნის უგულებელყოფა არ შეიძლება, მეტიც მას ნამდვილად აქვს საზოგადოებაში მაგალითის დატვირთვა და პოზიტიური როლი კრიმინალური ქმედების შემცირებისა და საზოგადოების მშვიდი, ჰარმონიული განვითარებისთვის. თუმცა სახელმწიფოს იძულების ღონისძიების გამოყენებისას უნდა ჰქონდეს ზოგადი პრევენციის ზემოაღნიშნული პოზიტიური შედეგების გამოწვევის პასიური მოლოდინი, სახელმწიფომ არ შეიძლება პირი დასაჯოს მხოლოდ იმის გამო, რომ სხვამ არ ჩაიდინოს იგივე ქმედება. არ შეიძლება პირის დასჯის მიზანი იყოს მხოლოდ და მხოლოდ სხვა პირების „დაშინება“, გაფრთხილება და ამ გზით სხვების მიერ იგივე დანაშულის ჩადენის რისკების მინიმალიზება. ანუ მხოლოდ ზოგადი პრევენცია ვერ იქნება საკმარისი და თვითკმარი პირის მიმართ ნებისმიერი სასჯელის გამოყენებისთვის, რადგან ასეთი მიდგომით ადამიანი გადაიქცევა სახელმწიფოს ხელში საზოგადოების „დაშინების იარაღად“, იძულების ღონისძიების გამოყენების მუქარის შიშველ ობიექტად, რაც გამორიცხულია და დაუშვებელი სამართლებრივ სახელმწიფოში“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება N1/4/592 საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II – 52). განსახილველ საქმეში ნარკოტიკული საშუალების იმ ოდენობის კრიმინალიზებით, რაც ცალსახად მიუთითებს პირადი მოხმარების მიზანზე, და ამ ქმედებისთვის სასჯელის უმკაცრესი ზომის - თავისუფლების აღკვეთის გამოყენებით სახელმწიფო არღვევს პრინციპს, რომ ქმედების ინკრიმინირება თანმდევი სასჯელით გამოიყენოს როგორც ultima ratio. სასჯელი, როგორც ერთგვარად სოციალური კონტროლის მექანიზმი, სახელმწიფო იძულების ყველაზე მკაცრი ღონისძიებაა, ამიტომ კონკრეტული ქმედებისთვის სასჯელის დაწესებისას კანონმდებელი შეზღუდულია იმის დემონსტრირების ვალდებულებით, რომ სასჯელის მის მიერ შერჩეული ღონისძიება არის ეფექტური და პროპორციული. განსახილველ შემთხვევაში კი სხვაგვარ მიდგომასთან გვაქვს საქმე და სასჯელი გამოიყენება როგორც სხვა პირებზე ზეგავლენის, მათი დაშინების მიზნით, რა დროსაც ხდება კონკრეტული ადამიანების, მათი თავისუფლების, პატივისა და ღირსების შელახვა არამხოლოდ იმით, რომ მათ სახელმწიფო ანიჭებს კრიმინალის, საზოგადოებრივად საშიში პირის სტატუსს, არამედ იმითაც, რომ ამ ადამიანების მიმართ გამოიყენება სასჯელის უმკაცრესი ზომა, თავისუფლების აღკვეთა.
როგორც აღინიშნა, სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლი ნარკოტიკული საშუალების შეძენა/შენახვისთვის სასჯელის სახით განსხვავებულ სასჯელებს ითვალისწინებს იმის მიხედვით, თუ რა ოდენობის ნარკოტიკული საშუალებაა აღმოჩენილი: სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისთვის საკმარისი ოდენობისთვის - 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა, დიდი ოდენობისთვის - 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა; ხოლო განსაკუთრებით დიდი ოდენობისთვის - 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა. ცხადია, ბრუნვიდან ამოღებული ნივთის შეძენა/შენახვისათვის პასუხისმგებლობის ზომის განსაზღვრისას მნიშვნელოვან კრიტერიუმს წარმოადგენს მისი რაოდენობა - ამ შემთხვევაში ნარკოტიკული საშუალების ოდენობა. თუმცა, როგორც ზემოთ აღინიშნა, მხოლოდ ნარკოტიკული საშუალების ოდენობა (თუ ის არ უტოლდება კრიტიკულ ზღვარს, როდესაც მაღალი ალბათობით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ამ ოდენობის ნარკოტიკული საშუალება არაა განკუთვნილი პირადი მოხმარებისთვის) არ შეიძლება დაედოს საფუძვლად პირისათვის პასუხისმგებლობის არსებითად დამძიმებას. კანონი უნდა იძლეოდეს შესაძლებლობას, საქმის ინდივიდუალური მახასიათებლების გათვალისწინებით, სასამართლომ შეარჩიოს სასჯელის ის ფორმა და ზომა, რაც ადეკვატური და შესაფერისია ჩადენილი ქმედების სოციალურ/კრიმინოგენულ საშიშროებასთან. ამავდროულად, როდესაც სასჯელის ზომა დაკავშირებულია ოდენობებთან, ოდენობის ზრდის პარალელურად, სასჯელის დამძიმება უნდა ხდებოდეს მეტად ფრთხილი, მოქნილი გრადაციით. წინააღმდეგ შემთხვევაში, ოდენობებზე ზედმეტად მკაცრმა და ხისტმა ბმამ შესაძლოა წარმოშვას არსებითი უთანასწორობა სასჯელის ზომის განსაზღვრისას. ამის ნათელი მაგალითია დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობისთვის დღეს არსებული რეგულირება, როდესაც ნარკოტიკული საშუალების ოდენობებს შორის უმცირესი სხვაობა არსებით გავლენას ახდენს როგორც დანაშაულის კატეგორიაზე, ისე სანქციის ზომაზე (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა/შენახვა წარმოადგენს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულს და მისთვის გათვალისწინებულია 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა, როცა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა შენახვა წარმოადგენს მძიმე დანაშაულს და მისთვის მაქსიმალური სანქციის ზომა 8 წელია). ნარკოტიკული საშუალების პირადი მოხმარების მიზნით შეძენა/შენახვის დანაშაულზე, როგორც გარკვეული საზოგადოებრივი საშიშროების მატარებელ ქმედებაზე, ზემოთ უკვე იყო საუბარი და სარჩელის ამ ნაწილში მხოლოდ ამ ქმედებისთვის გათვალისწინებულ სისხლის სამართლის სანქციის ფორმასა და ზომაზე გამახვილდება ყურადღება. სადავო ნორმები სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისთვის საკმარისი, ან უფრო დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალების შეძენა შენახვას განიხილავს იმდენად საშიშ დანაშაულად, რომ მისთვის სასჯელის სახედ ითვალისწინებს მხოლოდ თავისუფლების აღკვეთას. როგორც უკვე არაერთხელ აღინიშნა, მხოლოდ ნარკოტიკული საშუალების რაოდენობა არ შეიძლება გახდეს პირისათვის განსაკუთრებულად მკაცრი სანქციის შეფარდების საფუძველი. მით უფრო გაუმართლებელია სანქციის უკიდურესი ზომის, თავისუფლების აღკვეთის გამოყენება ნარკოტიკული საშუალების პირადი მოხმარების მიზნით შეძენა/შენახვისათვის, თუკი მისი ოდენობა ლოგიკურად მიუთითებს, რომ შეძენა/შენახვა გამიზნული იყო პირადი მოხმარებისთვის. საკითხზე მსჯელობისას ასევე გასათვალისწინებელია კონკრეტული ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ინტენსივობაც (მაგალითად, „დეზომორფინის“ შემთხვევაში, პირის მიერ მისი მოხმარება დღის განმავლობაში შესაძლოა რამდენიმეჯერ ხდებოდეს). სახელმწიფოს მიერ დანაშაულად მიჩნეული ქმედებისთვის შეფარდებული სასჯელის კონსტიტუციურობაზე მსჯელობისას, მნიშვნელოვანია შეფასდეს როგორც სასჯელის ბუნება და ზომა, აგრეთვე ის, თუ რამდენად მიიღწევა ამ ზომისა და ფორმის სანქციით ზოგადად სასჯელის მიზნები. საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დეტალურად აქვს ნამსჯელი სასჯელის მიზნებზე და ცალკეულ მიზნებს შორის არსებულ ურთიერთკავშირზე. გადაწყვეტილებაში ცალსახადაა აღნიშნული, რომ სასჯელი არამხოლოდ უნდა ისახავდეს კონკრეტულ ლეგიტიმურ მიზანს, არამედ მისით მიღწევადი უნდა იყოს ეს ლეგიტიმური მიზანი და სასჯელის შეფარდება არ უნდა წარმოადგენდეს კანონმდებლის თუ სამართალშემფარდებლის თვითმიზანს. ამ შემთხვევაში სამართლიანობის აღდგენა, მსჯავრდებულის რესოციალიზაცია და ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, როგორც სასჯელის მიზნები, არათუ მიუღწეველია, არამედ საერთოდ ბუნდოვანია, რამდენად ისახავს ამ მიზნებს ნარკოტიკული საშუალების პირადი მოხმარების მიზნით შეძენა/შენახვისათვის თავისუფლების აღკვეთა. პირის რესოციალიზაცია არაა ავტომატური პროცესი, რაც თავისთავად ახლავს სასჯელის მოხდას. მით უფრო საეჭვო ხდება რესოციალიზაცია ისეთ ვითარებაში, როდესაც პირის ქმედება რეალურად მხოლოდ საკუთარი თავისთვისვე იყო სახიფათო. თვითსაფრთხისთვის კონკრეტული პირის დასჯისას, მისი იზოლაციაში მოქცევისას, უნდა იყოს ნათელი და ცალსახა არგუმენტი თავისუფლების აღკვეთის გამოყენების სასარგებლოდ. თავისუფლების აღკვეთა არაა რეაგირების ფორმა, რომელიც პირს ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისთვის თავის დანებებისკენ უბიძგებს. პირიქით, თავისუფლების აღკვეთის პირობებში უფრო მეტი რისკია იმისა, რომ პირის სოციალიზაცია გაუარესდება, რადგან ამ გზით ის წყდება საზოგადოებრივ ცხოვრებას და სანაცვლოდ უშუალო კონტაქტი აქვს სხვადასხვა კატეგორიის დამნაშავესთან. მიუღწეველია ახალი დანაშაულის თავიდან აცილების მიზანიც, რადგან ერთი მხრივ, თუკი პირის ქმედება მხოლოდ მასსავე უქმნიდა საფრთხეს, მის მიერ სხვა, გარეშე პირთა მიმართ რაიმე დანაშაულის ჩადენის ალბათობა იმდენად აბსტრაქტულია, რომ დაუშვებელია ამ აბსტრაქტული შესაძლებლობის გამო პირის იზოლირება. ხოლო თუკი ასეთი სასჯელი მიზნად ისახავს კონკრეტულად ნარკოტიკული დანაშაულის შემცირებას (მოხმარება, ან პირადი მოხმარების მიზნით შეძენა/შენახვა), თავისუფლების აღკვეთა ამ შემთხვევაშიც არაგონივრული სანქციაა, რადგან როგორც აღინიშნა, იზოლირებით არათუ მცირდება, არამედ პირიქით, შესაძლოა გაიზარდოს პირის მოტივაცია, მოიხმაროს ნარკოტიკული საშუალება. რაც შეეხება სამართლიანობის აღდგენას, აღნიშნული მიზანიც მხოლოდ ნაწილობრივ შეიძლება იქნეს მიღწეული, რადგან ამ შემთხვევაში დანაშაულს არ ჰყავს უშუალო, კონკრეტული დაზარალებული. საზოგადოებრივი თუ მართლწესრიგის ნორმების დარღვევის გამო პირის ამგვარი მკაცრი მეთოდით დასჯა მხოლოდ იმისთვის, რომ აღდგეს სამართლიანობა მთლიან საზოგადოებასა და ასოციალური ქმედების ჩამდენ პირს შორის, არის მეტად სახიფათო მიზანი და მუდმივად არსებოს საფრთხე, რომ ამგვარი მიზნის ქვეშ სახელმწიფო არაპროპორციულად გამოიყენებს ძალადობრივ მექანიზმებს. „სამართლებრივ სახელმწიფოში კანონზომიერია მოლოდინი, რომ სასჯელი, თავისი შინაარსით, ფორმით, თვისობრივად და არსებითად გასცდება შურისძიების პრიმიტიულ სურვილს, რომელსაც არაფერი აქვს საერთო სამართალთან და რომელიც ობიექტურად ვერ შეუწყობს ხელს ვერც ადამიანების, საზოგადოების დაცულობას, ვერც დანაშაულის შემცირებას და ვერც დამნაშავე პირის რესოციალიზაციას, საბოლოოდ ვერ შეუწყობს ხელს ვერც სამართლის პროგრესულ და მისი დანიშნულების შესაბამის განვითარებას და ვერც საზოგადოების წევრების ჰარმონიულ თანაარსებობას, შედეგად, ვერ უზრუნველყოფს იმ სამართლებრივ წესრიგს, რომლის დაცვისთვისაც უნდა გამოიყენებოდეს სახელმწიფოს იძულების უკიდურესი საშუალებები.“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება N1/4/592 საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II – 43). შესაძლოა, სახელმწიფომ კონკრეტულ ნივთიერებებზე დააწესოს შეზღუდვები, ან საერთოდ აკრძალოს მათი თავისუფალი მიმოქცევა, მაგრამ აღნიშნული ნივთიერებების უკანონო მოხმარებისთვის, ან მოხმარების მიზნით შეძენა შენახვისთვის განსაზღვრული სანქციები უნდა იყოს გონივრული. „არ შეიძლება ადამიანი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის პირისპირ დადგეს იმის გამო, რომ, მაგალითად, არასწორი პრეპარატი დალია ექიმის დანიშნულების გარეშე ან გადაამეტა საჭირო დოზას. ასეთი ლოგიკით, თვითმკვლელობის მცდელობის შემდეგ თუ პირი გადარჩა, ის ასევე უნდა ისჯებოდეს თავისუფლების აღკვეთით, რათა საკუთარ თავს კვლავ არ მიაყენოს ზიანი. საკუთარი ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების თავიდან აცილების მიზნით სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით პირის თავისუფლების აღკვეთა აუხსნელი და გაუმართლებელია. ... განსაკუთრებით ისეთ შემთხვევაში, როდესაც პირი დამოკიდებული ხდება კონკრეტულ ნივთიერებაზე/საშუალებაზე, მის მიმართ სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება გაუგებარი და გაუმართლებელია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება N1/4/592 საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II – 82). როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ნარკოტიკული საშუალების პირადი მოხმარების მიზნით შეძენა/შენახვისთვის თავისუფლების აღკვეთა სასჯელის ვერც ერთ ძირითად მიზანს ვერ აღწევს სრულყოფილად. ასეთი სანქცია ემსახურება მხოლოდ ზოგადი პრევენციის მიზანს, რომ სხვამაც არ ჩაიდინოს იგივე ქმედება და საკუთარ ჯანმრთელობას ზიანი არ მიაყენოს. „მხოლოდ ზოგადი პრევენციის მიზანი, კონსტიტუციური გამაშუალებლის, ანუ პროპორციულობის გარეშე, მიემართება კონკრეტულ ინდივიდს და აქცევს მას ძალაუფლების ობიექტად, რადგან, სასჯელი ლეგიტიმაციას არ იღებს ქმედებისგან, მას არ ამართლებს პირის ქმედებიდან მომდინარე საშიშროება. ამგვარად, ადამიანი იქცევა ინსტრუმენტად სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში, რაც გარდაუვლად იწვევს მისი ღირსების ხელყოფას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება N1/4/592 საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II – 83). კანონმდებლობა არ უნდა იძლეოდეს „სანიმუშო“ სასჯელების გამოყენების შესაძლებლობას, რომლის ერთადერთი მიზანიც იქნება ერთის მკაცრად დასჯის ხარჯზე სხვების დაშინება, მათი ნების დათრგუნვა. ასეთ დროს სასჯელი მისივე მიზნებისგან ობიექტურად აცდენილი ხდება და ემსგავსება შურისძიებას, რა დროსაც ყოველგვარი რაციონალური ფონი დაკარგული აქვს გამოყენებულ რეპრესიულ მექანიზმს. ამგვარი სასჯელი არათუ უვარგისი საშუალებაა მისი მიზნების მისაღწევად, არამედ პირიქით, შეიძლება კონტრპროდუქტიულიც იყოს და გამოიწვიოს/აამაღლოს ის რისკები, რომელთა თავიდან ასაცილებლადაც არის შემოღებული. ასეთი მიდგომა ცალსახად არღვევს პროპორციულობის პრინციპს და იწვევს დაუსაბუთებლად მკაცრ დასჯას. ისეთი ქმედებისათვის, რომელიც მხოლოდ ამ ქმედების ავტორს უქმნის საფრთხეს, თავისუფლების აღკვეთა ცალსახად არაკონსტიტუციურია, რადგან ასეთი სასჯელი იმდენად შეუსაბამოა ჩადენილ ქმედებასთან, რომ ის ცალსახად უტოლდება პატივისა და ღირსების შემლახავ სასჯელს.
„ადამიანის თავისუფლება არ არის აბსოლუტური და მასში ჩარევა შესაძლებელია მკაცრი კონსტიტუციურსამართლებრივი მოთხოვნების გათვალისწინებით, რომელიც იცავს ნებისმიერ ადამიანს შესაძლო სახელისუფლებო თვითნებობისაგან. კონსტიტუციურ სამართლებრივი შემოწმების სიმკაცრის ხარისხს ზრდის ის გარემოებაც, რომ ფიზიკური თავისუფლების შეზღუდვა და განსაკუთრებით კი მისი ყველაზე ინტენსიური ფორმა - თავისუფლების აღკვეთა აფერხებს და ზოგჯერ სრულიადაც გამორიცხავს ადამიანის მიერ სხვა უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზაციას. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 6 აპრილის #2/1/415 გადაწყვეტილება, II.პ.3) კონსტიტუციის მე-18 მუხლით გარანტირებული უფლება არაა აბსოლუტური, თუმცა უფლებაში განხორციელებული ნებისმიერ ჩარევა უნდა განიხილებოდეს როგორც ultima ratio. ამავდროულად, როგორც აღინიშნა, იმისათვის რომ ჩარევა ჩაითვალოს დასაბუთებულად და კონსტიტუციურად, მხოლოდ იმ კრიტერიუმების დაკმაყოფილება შესაძლოა არც იყოს საკმარისი, რასაც კონსტიტუციის მე-18 მუხლის შემდგომი პუნქტები ითვალისწინებს. კერძოდ, კანონის საფუძველზე, სასამართლოს მიერ მიღებული აქტით პირისათვის თავისუფლების უფლების შეზღუდვაც შესაძლოა იყოს არაკონსტიტუციური, თუკი კანონი, რომლის საფუძველზეც იქნა სასამართლოს გადაწყვეტილება მიღებული, დაუსაბუთებლად ხსნიდა კარს უფლებაში ჩარევისთვის. მოცემულ შემთხვევაში სწორედ მსგავს ვითარებასთან გვაქვს საქმე, როდესაც სადავო ნორმა (სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილი და მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები) კონსტიტუციური უფლების შეზღუდვას ითვალისწინებს ისეთი ქმედებისათვის, რომელიც არაა მაღალი საზოგადოებრივი საშიშროების შემცველი. სხვანაირად, კანონით კონკრეტული ქმედებისთვის, მის სოციალურ თუ კრიმინოგენულ საშიშროებასთან შეუსაბამოდ მკაცრი სანქციაა გათვალისწინებული. მნიშვნელოვანია, რომ ის ლეგიტიმური მიზანი, რაც შეიძლება ჰქონდეს უფლებაში ჩარევას, ასევე მეტად ბუნდოვანია და ნაკლებადაა მოსალოდნელი, რომ მიიღწევა. როგორც აღინიშნა, კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტი უნდა განვიხილოთ მისი ავტონომიური მნიშვნელობით, ამ მუხლის შემდგომი პუნქტებისგან დამოუკიდებელად. შესაბამისად, პირველი პუნქტით გარანტირებული თავისუფლების ხელშეუვალობის უფლებაში ნებისმიერი ჩარევა უნდა შეფასდეს იმის მიხედვით, რამდენად დასაბუთებულია ჩარევა, არის თუ არა ის ლოგიკური გამოძახილი (თუ პრევენციული ზომა) პირის წინარე ან მოსალოდნელი ქმედების მიმართ და რამდენად მიიღწევა ის მიზნები, რაც უფლებაში ჩარევას შესაძლოა ჰქონდეს. ამასთან, რაც უფრო მძიმე ფორმით ხდება უფლების შეზღუდვა, დაცვის უფრო მეტი გარანტიის არსებობა მოეთხოვება სახელმწიფოს. ამ შემთხვევაში, ცალ3სახაა, რომ პირისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა შესაძლოა გამოყენებული იყოს მხოლოდ კანონის საფუძველზე, თუმცა უშუალოდ აღნიშნული კანონიც უნდა იყოს დასაბუთებული და მის საფუძველზე არ უნდა ხდებოდეს იმ პირთა უფლებაში ჩარევა, რომლებიც არ არიან მაღალი საზოგადოებრივი საფრთხის მატარებელნი და რომლების თავისუფლების რეჟიმში ყოფნაც ავტომატურად არ მიანიშნებს გარეშე პირთათვის საფრთხის შექმნაზე. სარჩელის წინა ნაწილებში უკვე იყო მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად არაპროპორციული და შეუსაბამოა სადავო ნორმებით გათვალისწინებული სასჯელი ჩადენილ ქმედებასთან მიმართებით. მოსარჩელეებს ასევე მიაჩნიათ, რომ იგივე ლოგიკით, სადავო ნორმები წინააღმდეგობაშია კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველ პუნქტთან. სადავო ნორმების საფუძველზე ხდება ერთ-ერთი უმთავრესი უფლების, თავისუფლების უფლების ხანგრძლივი პერიოდით შეზღუდვა, რასაც თავისთავად უარყოფითი გავლენა აქვს პირის მიერ სხვა უფლებებით სარგებლობაზეც. ამავდროულად, უფლების შეზღუდვას არ აქვს მკაფიო და მიღწევადი ლეგიტიმური მიზანი, რითიც მოხდებოდა უფლებაში შეჭრის დასაბუთება. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული სანქციები, რომელთა გამოყენების შედეგიც არის პიროვნების თავისუფლების უფლების რადიკალური და ხანგრძლივი ფორმებით შეზღუდვა, წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველ პუნქტთან. |
სარჩელით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა