საქართველოს მოქალაქეები - მერი გიორგაძე და ფიქრია მერაბიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | გადაწყვეტილება |
ნომერი | N 2/4/735 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - თამაზ ცაბუტაშვილი, ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, |
თარიღი | 21 ივლისი 2017 |
გამოქვეყნების თარიღი | 21 ივლისი 2017 22:11 |
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში – სხდომის თავმჯდომარე;
ირინე იმერლიშვილი – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
მანანა კობახიძე – წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი – წევრი.
სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქეები - მერი გიორგაძე და ფიქრია მერაბიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 31 ოქტომბრის კანონის 127-ე მუხლის მე-6 პუნქტის მე-2 და მე-3 წინადადებების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილეები: მოსარჩელის წარმომადგენლები - თეონა ზაქარეიშვილი, ოლღა შერმადინი და მაგდა ჯიმშელეიშვილი; საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელი − ქრისტინე კუპრავა.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. 2016 წლის 15 მარტს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №735) მომართეს საქართველოს მოქალაქეებმა - მერი გიორგაძემ და ფიქრია მერაბიშვილმა. საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად გადმოეცა 2016 წლის 16 მარტს. 2016 წლის 13 ივნისის № 2/3/735 საოქმო ჩანაწერით, №735 კონსტიტუციური სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განსახილველად მიიღო სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საჯარო სამსახურის შესახებ“ 1997 წლის 31 ოქტომბრის საქართველოს კანონის 127-ე მუხლის მე-6 პუნქტის მე-2 და მე-3 წინადადებების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტთან მიმართებით. საქმის არსებითი განხილვა გაიმართა 2016 წლის 20 ივლისს.
2. №735 კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ვ“ ქვეპუნქტები, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე მუხლი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი, მე-10 მუხლის პირველი პუნქტი და მე-16 მუხლი.
3. „საჯარო სამსახურის შესახებ“ 1997 წლის 31 ოქტომბრის საქართველოს კანონის 127-ე მუხლი აწესრიგებს საჯარო სამსახურთან დაკავშირებული დავების სასამართლო გზით გადაწყვეტას. აღნიშნული მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით, სასამართლოს მიერ სამსახურიდან განთავისუფლებაზე ან გადაყვანაზე გაცემული აქტის ბათილად ცნობა არ იწვევს მოხელის სამსახურში დაუყოვნებლივ აღდგენას, თუ, სასამართლო გადაწყვეტილების შესაბამისად, დაწესებულება ვალდებულია, ახალი აქტი გამოსცეს სამსახურიდან განთავისუფლებასთან ან გადაყვანასთან დაკავშირებულ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ. ამავე მუხლის სადავო წინადადებები კი ადგენს, რომ „მოხელის მიერ მოთხოვნილი განაცდური ხელფასი ამ კანონის 112-ე მუხლით დადგენილი ოდენობით ანაზღაურდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულება მოხელეს აღადგენს სამსახურში. სხვა შემთხვევაში განაცდური ხელფასი არ ანაზღაურდება“.
4. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, „ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან“.
5. №735 კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 4 თებერვლის №35 ბრძანებით, მერი გიორგაძე გათავისუფლდა ამავე მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსის თანამდებობიდან რეორგანიზაციის თანმდევი თანამდებობრივი შტატების შემცირების გამო, ხოლო საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის 2014 წლის 16 მაისის №07-16/455 ბრძანებით, ფიქრია მერაბიშვილი გათავისუფლდა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთ-ცენტრალური სამსახურის ინსპექტირების განყოფილების მთავარი ინსპექტორის თანამდებობიდან.
6. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, ორივე მოსარჩელემ სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანებები შესაბამის, განსჯად სასამართლოში გაასაჩივრა. სასამართლოებმა ნაწილობრივ დააკმაყოფილეს მათი მოთხოვნა - საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად ცნეს გათავისუფლების ბრძანებები და დაავალეს ადმინისტრაციულ ორგანოებს საქმის ფაქტობრივი გარემოებების ყოველმხრივი გამოკვლევის შედეგად ახალი გადაწყვეტილების მიღება. რაც შეეხება ზიანის ანაზღაურების საკითხს, სასამართლოებმა „საჯარო სამსახურის შესახებ“ 1997 წლის 31 ოქტომბრის კანონის 127-ე მუხლის მე-6 პუნქტზე მითითებით განმარტეს, რომ მოხელის მიერ მოთხოვნილი განაცდური ხელფასი ამავე კანონის 112-ე მუხლით დადგენილი წესით ანაზღაურდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულება მოხელეს აღადგენს სამსახურში. შესაბამისად, ზიანის ანაზღაურების ნაწილში მოსარჩელეთა მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა. მათი საკასაციო საჩივრები კი საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დაუშვებლად ცნო.
7. მოსარჩელეთა განმარტებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 31 ოქტომბრის კანონი აქტის უკანონოდ ცნობას/ბათილობას ორ სხვადასხვა შედეგს უკავშირებს. სასამართლოს მიერ პირის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობას შესაძლოა, შედეგად მოჰყვეს დაუყოვნებლივი აღდგენა ან ადმინისტრაციული ორგანოს დავალდებულება, ჩაატაროს ადმინისტრაციული წარმოება ახალი აქტის გამოსაცემად, საკითხის სრულყოფილად გამოკვლევისა და შესწავლის მიზნით. როდესაც ადმინისტრაციულ ორგანოს საკითხი დამატებითი შესწავლის მიზნით უბრუნდება, სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანიდან ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებისა და ახალი აქტის გამოცემამდე პერიოდში განთავისუფლებული მოხელის სტატუსი გაურკვეველია. ერთი მხრივ, აქტი, რომლითაც მოხელე გათავისუფლდა ბათილია, ხოლო, მეორე მხრივ, არ არსებობს აქტი, რომელიც მოცემულ საკითხს მოაწესრიგებს. შესაბამისად, ზიანის/განაცდურის ანაზღაურებას კანონმდებელი უკავშირებს დათქმას მოხელის სამსახურში აუცილებელ აღდგენასთან დაკავშირებით.
8. კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 31 ოქტომბრის კანონის 127-ე მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით, მართალია, არსებობს სასამართლოს მიერ ბათილად ცნობილი უკანონო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, მაგრამ ზიანის/განაცდურის ანაზღაურების საკითხი დამოკიდებულია სპეციალურ დათქმაზე, კერძოდ, პირის სამსახურში აღდგენის ფაქტის დადგომაზე. მოსარჩელეთა განმარტებით, ზიანის, მათ შორის, განაცდურის ანაზღაურების საკითხი შეუძლებელია დავუკავშიროთ მოხელის სამსახურში აღდგენის ფაქტს, რადგან, მიუხედავად იმისა, აღდგება თუ არა მოხელე სამსახურში, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ უკანონო აქტის გამოცემით მიყენებული ზიანი უკვე არსებობს და, შესაბამისად, მისი ანაზღაურების ვალდებულებაც დამდგარია.
9. ამასთან, მოსარჩელეთა აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია გათვალისწინებულ იქნეს ისეთი შემთხვევა, როდესაც სასამართლოს დავალებით, საკითხის გადასაწყვეტად ჩატარებული გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ დადგინდება, რომ მოხელე გათავისუფლდა უკანონოდ და წესით ის უნდა აღდგეს სამსახურში, თუმცა ობიექტური მიზეზების გამო ეს შეუძლებელია (მაგალითად, მოხდა რეორგანიზაცია და ადმინისტრაციული ორგანოს საშტატო ნუსხაში პირის შტატი საერთოდ აღარ არსებობს). სადავო ნორმის მიხედვით, უფლებადარღვეული მოხელე განაცდურის/ზიანის ანაზღაურების შესაძლებლობას კარგავს სწორედ იმიტომ, რომ კომპენსაციის მიღება შეუძლებელია თანამდებობაზე აღდგენის ფაქტისგან დამოუკიდებლად.
10. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოსარჩელეებმა დამატებით განაცხადეს, რომ, მიუხედავად იმისა, დარღვევა, რომლის გამოც სასამართლო აქტს ბათილად ცნობს, პროცესუალურია თუ მატერიალური, ზიანის ანაზღაურობის მოცულობა იდენტური უნდა იყოს, რადგან ორივე შემთხვევაში დგინდება აქტის უკანონობა და ზიანი სწორედ აქტის უკანონობის გამო დადგა. გარდა ამისა, გათავისუფლებული პირისთვის მნიშვნელობა არ აქვს მის მიმართ გამოცემული უკანონო აქტი რომელი საფუძვლით იქნა ბათილად ცნობილი, რადგან მის მიმართ უარყოფითი შედეგი ნებისმიერ შემთხვევაში უკვე დამდგარია, იქნება ეს მატერიალური თუ არამატერიალური ზიანი.
11. მოსარჩელეთა მტკიცებით, სადავო ნორმით გათვალისწინებული პროცედურით, აქტის ბათილობა მოქალაქის დაცვის საშუალებას წარმოადგენს და არა ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიცემულ მეორე შანსს, გამოასწოროს პირველ ჯერზე დაშვებული შეცდომა. გარდა ამისა, პირი მიიჩნევა საჯარო მოხელედ, სანამ ის კანონიერად არ გათავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან და ამ მომენტამდე უნდა შეუნარჩუნდეს სოციალური დაცვის ყველა ის გარანტია, რომელიც თან ახლავს მის სტატუსს. მოსარჩელეებს მიაჩნიათ, რომ მოხელემ ნებისმიერ შემთხვევაში უნდა მიიღოს კომპენსაცია სამსახურიდან არაკანონიერად გათავისუფლებისას, მიუხედავად იმისა, თუ რა შინაარსის იქნება სასამართლოს დავალებით ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ახალი აქტი, აღადგენს ის მოხელეს დაკავებულ თანამდებობაზე, თუ არა.
12. მოპასუხის - საქართველოს პარლამენტის განცხადებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 31 ოქტომბრის კანონის 127-ე მუხლის მე-5 პუნქტი ადგენს არაკანონიერად გათავისუფლებული მოხელის სამსახურში დაუყოვნებლივ აღდგენის ზოგად წესს, რომლიდანაც გამონაკლისს ამავე მუხლის მე-6 პუნქტი წარმოადგენს. მოპასუხემ განმარტა, რომ 127-ე მუხლის მე-6 პუნქტს ორგვარი შედეგი შეიძლება მოჰყვეს: ა) ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ახალი აქტით, საქმესთან დაკავშირებული საკმარისი საფუძვლებით პირი კვლავ გათავისუფლდეს სამსახურიდან და, შესაბამისად, ის ვერ მიიღებს კომპენსაციას, თუმცა მას არ ერთმევა შესაძლებლობა, სასამართლოს წესით უკვე ახალი აქტის კანონიერებაზე იდავოს; ბ) პირი აღდგეს სამსახურში და, შესაბამისად, მიიღოს კომპენსაციაც.
13. საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლის განმარტებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 31 ოქტომბრის კანონის 127-ე მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებს შორის რეალურად განმასხვავებელი ფაქტორი ისაა, რომ პირველ შემთხვევაში გარემოებების გამოკვლევა და მოხელის აღდგენის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება სასამართლოშივე სრულდება, ხოლო მეორე შემთხვევაში მოხელის აღდგენა დამოკიდებულია ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციაზე, გამოსცეს ახალი აქტი. შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის არსებითად გადაწყვეტა და გამოკვლევა არ სრულდება აქტის ბათილად ცნობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებით. სასამართლო ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებს, შეისწავლოს და გამოიკვლიოს საქმესთან დაკავშირებული გარემოებები და ამის შემდგომ თავად მიიღოს გადაწყვეტილება, აღადგენს თუ არა პირს თანამდებობაზე.
14. მოპასუხის განმარტებით, ზოგადი წესიდან, სადავო ნორმის სახით, გამონაკლისის დაწესება გამოწვეული იყო როგორც საჯარო სამსახურის, ასევე საჯარო მოხელის ინტერესების დაცვით. მოპასუხე აღნიშნავს, რომ, ვინაიდან სასამართლოსთვის მნიშვნელოვანია საკითხის მაქსიმალურად საფუძვლიანად შესწავლა, გარკვევა, რეალურად აღნიშნული გარემოებები საქმეში არსებობის შემთხვევაში მოახდენდა თუ არა გავლენას გადაწყვეტილების მიღებაზე, სადავო ნორმით ხდება კომპენსაციის მიღების გადავადება, რადგან აქტის ბათილად ცნობის შემდგომაც კი საკითხი სრულყოფილად შესწავლილი არ არის, ასევე არ არის ცნობილი, რა შედეგი გამოიწვია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ პროცედურული ნორმების დარღვევამ.
15. მოპასუხემ ყურადღება გაამახვილა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს ახალ კანონზე და აღნიშნა, რომ კანონის ამ რედაქციით გათვალისწინებულია უფლების დაცვის უფრო მაღალი სტანდარტები და, შესაბამისად, აღმოიფხვრება ყველა ის ბუნდოვანება, რომელზეც მოსარჩელე მიუთითებს. კერძოდ, უფრო ნათელი გახდება სამსახურში აღდგენისა და განაცდური ხელფასის მიღების საკითხები, ასევე, შესაძლებელი გახდება პირის მოხელეთა რეზერვში ჩარიცხვა და შემდგომ მის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ №735 კონსტიტუციური სარჩელის არსებითი განხილვის დასრულების შემდეგ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს 2015 წლის 27 ოქტომბრის კანონის 127-ე მუხლის შესაბამისად, 2017 წლის 1 ივლისიდან ძალადაკარგულად გამოცხადდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 31 ოქტომბრის კანონი. შესაბამისად, ძალადაკარგულია აღნიშნულ კანონში მოთავსებული სადავო ნორმაც. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, იმ შემთხვევაში, როცა „სადავო ნორმის ძალადაკარგულად ცნობა/გაუქმება ხდება საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის განხილვის დასრულების შემდეგ, (როდესაც სასამართლო იმყოფება სათათბირო ოთახში), არ არსებობს საკანონმდებლო საფუძველი საქმის შეწყვეტისთვის“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-5). შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო შეაფასებს სადავო ნორმის კონსტიტუციურობას.
2. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, „ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან“. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, „ამ ნორმით გათვალისწინებულია როგორც მატერიალური, ასევე, პროცესუალური ხასიათის კონსტიტუციური გარანტიები. 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი ყველას ანიჭებს უფლებას, მოითხოვოს და მიიღოს ზარალის ანაზღაურება სახელმწიფო სახსრებიდან. გარდა ამისა, ყველასთვის არის უზრუნველყოფილი სამართლებრივი დაცვის საშუალება - სასამართლოსათვის მიმართვა. ნათლად არის დადგენილი ანაზღაურების მასშტაბებიც – ზარალი სრულად უნდა ანაზღაურდეს. ამ სახით ჩამოყალიბებული კონსტიტუციური ნორმა კანონმდებელს უტოვებს თავისუფალი მოქმედების ვიწრო არეალს, რაც, უპირატესად, კონსტიტუციური მოთხოვნების დაცვით პროცედურული საკითხების მოწესრიგებას მოიცავს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 7 დეკემბრის №2/3/423 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2).
3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს „კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის უპირველეს მიზანს წარმოადგენს დაზარალებული პირის ინტერესების დაცვა მიყენებული ზარალის ანაზღაურების გზით. სახელმწიფო რესურსის მასშტაბის, მოცულობის და ბუნების გათვალისწინებით, სახელმწიფოს მხრიდან არამართლზომიერ ქმედებათა განხორციელება ხშირ შემთხვევებში გაცილებით მეტი საფრთხის შემცველია კერძო სუბიექტების მხრიდან განხორციელებულ ანალოგიური სახის ქმედებასთან შედარებით. ამიტომ მიყენებული ზარალის ანაზღაურების ვალდებულების დაწესება ხელს უწყობს სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და თანამდებობის პირთა თვითნებობის და ძალაუფლების უკანონოდ გამოყენების პრევენციას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 31 ივლისის №2/3/630 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე თინა ბეჟიტაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2).
4. სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი მოითხოვს, რომ სათანადო რეაგირების გარეშე არ დარჩეს სახელმწიფო ორგანოებისა და თანამდებობის პირების არცერთი უკანონო ქმედება. აუცილებელია, არსებობდეს ხელმისაწვდომი და ეფექტური მექანიზმი, რომლის მეშვეობითაც სახელმწიფო ორგანოებისა და თანამდებობის პირების მიერ უკანონო ქმედების ჩადენის შემთხვევაში პირი შეძლებს უფლებებში აღდგენას და მიყენებული მატერიალური თუ არამატერიალური ზარალის ანაზღაურებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა მხოლოდ დეკლარაციულ ხასიათს მიიღებს და მოწყვლადი გახდება სახელმწიფო ორგანოებისა და თანამდებობის პირების მიერ უკანონო ქმედებების ჩადენის მიმართ.
5. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკით დადგენილია სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან მიყენებული ზარალის ანაზღაურების წინაპირობები. „საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი ზარალის ანაზღაურების უფლებას რამდენიმე წინაპირობის არსებობას უკავშირებს: 1. უნდა არსებობდეს სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა სახელით მოქმედი პირის ქმედებით პირისათვის ზარალის მიყენების ფაქტი; 2. ხსენებულ პირთა ქმედების უკანონო ხასიათი დადგენილი უნდა იყოს სათანადო წესით; 3. პირისათვის მიყენებული ზარალი გამოწვეული უნდა იყოს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტში მითითებული სუბიექტების უკანონო ქმედებით და უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი უკანონო ქმედებასა და დამდგარ ზარალს შორის“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 31 ივლისის №2/3/630 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე თინა ბეჟიტაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-3). სწორედ აღნიშნული წინაპირობების კუმულატიურად არსებობის შემთხვევაშია სახეზე საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული ზარალი და მისი ანაზღაურების საფუძველი.
6. ამდენად, განსახილველ საქმეზე უნდა შეფასდეს სადავო ნორმით გათვალისწინებული ურთიერთობა და დადგინდეს, არსებობს თუ არა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული წინაპირობები. უპირველეს ყოვლისა, უნდა გაირკვეს სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა ან მოსამსახურეთა უკანონო ქმედებისა და ზარალის მიყენების ფაქტის არსებობა.
7. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა გამორიცხავს პირის შესაძლებლობას, მიიღოს ზარალის ანაზღაურება სახელმწიფო სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლების შემთხვევაში. კერძოდ, სადავო ნორმების საფუძველზე, როდესაც სასამართლო ბათილად ცნობს პირის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ უკანონო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს (შემდგომში - ინდ. აქტი), აღნიშნული ინდ. აქტის გამოცემით მიყენებული ზიანის ანაზღაურება დამოკიდებულია იმ გარემოებაზე, აღდგება თუ არა იგი სამსახურში. მოსარჩელეებს შექმნილი ვითარება კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ მიაჩნიათ. მათი მტკიცებით, მიუხედავად იმისა, აღდგება თუ არა მოხელე სამსახურში, ზიანი უკვე დამდგარია და, შესაბამისად, წარმოშობილია მისი ანაზღაურების კონსტიტუციურსამართლებრივი ვალდებულებაც.
8. მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლიანობის შესამოწმებლად აუცილებელია, მხედველობაში იქნეს მიღებული სადავო ნორმის დანიშნულება პირის სახელმწიფო სამსახურიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობების მოწესრიგებაში. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 31 ოქტომბრის კანონის 127-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, სასამართლოს მიერ სამსახურიდან განთავისუფლებაზე ან გადაყვანაზე გაცემული ბრძანების, განკარგულების ან გადაწყვეტილების ბათილად ცნობა არ იწვევს მოხელის დაუყოვნებლივ აღდგენას სამსახურში, თუ სასამართლო გადაწყვეტილების შესაბამისად, დაწესებულება ვალდებულია, გამოსცეს ახალი ბრძანება, განკარგულება ან გადაწყვეტილება სამსახურიდან განთავისუფლებასთან ან გადაყვანასთან დაკავშირებულ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ. ამავე პუნქტის სადავო წინადადებების მიხედვით კი, „მოხელის მიერ მოთხოვნილი განაცდური ხელფასი ამ კანონის 112-ე მუხლით დადგენილი ოდენობით ანაზღაურდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულება მოხელეს აღადგენს სამსახურში. სხვა შემთხვევაში განაცდური ხელფასი არ ანაზღაურდება“. ამავე კანონის 112-ე მუხლის მიხედვით, სამსახურიდან უკანონოდ განთავისუფლებული მოხელე უფლებამოსილია, მოითხოვოს განთავისუფლების უკანონოდ ცნობა, განთავისუფლების საფუძვლის შეცვლა და თანამდებობრივი სარგო.
9. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 31 ოქტომბრის კანონის 127-ე მუხლის მე-5 პუნქტი განსაზღვრავს ზოგად წესს, რომლის თანახმადაც, სასამართლოს მიერ პირის სამსახურიდან განთავისუფლებაზე გამოცემული აქტის უკანონობის დადგენა იწვევს მოხელის დაუყოვნებლივ აღდგენას. ამავე მუხლის მე-6 პუნქტი, ზოგადი წესიდან გამონაკლისს ადგენს, რომლის მიხედვითაც, ინდ. აქტის ბათილობა სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ხდება და სასამართლო ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ახალი აქტი სამსახურიდან განთავისუფლებასთან დაკავშირებულ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე.
10. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლო უფლებამოსილია, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდ. აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი აქტი, თუკი მიიჩნევს, რომ ინდ. აქტი გამოცემულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე. სწორედ აღნიშნული საპროცესო გადაწყვეტილება უსწრებს წინ სადავო ნორმის გამოყენებას. შესაბამისად, სადავო ნორმა აწესრიგებს ისეთ შემთხვევას, როდესაც სასამართლო გადაწყვეტილებით დგინდება, რომ პირის გათავისუფლების შესახებ გამოცემული ინდ. აქტი მიღებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე.
11. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. შესაბამისად, აშკარაა, რომ სადავო ნორმით გათვალისწინებულ შემთხვევებში, საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების არასათანადო გამოკვლევის პირობებში მოხდა პირის გათავისუფლება სამსახურიდან, რაც წარმოადგენს კანონის მოთხოვნათა დარღვევას.
12. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „საჯარო მოხელის სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლება წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტში ჩამოთვლილ სუბიექტთა მიერ ჩადენილი უკანონო ქმედების შედეგს. შესაბამისად, კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკის ან/და თვითმმართველობის ორგანოებს ეკისრება პირის უკანონოდ გათავისუფლების ყველა შემთხვევაში, იმისდა მიუხედავად, გათავისუფლებისას დაირღვა თუ არა მატერიალური თუ საპროცესო ნორმების მოთხოვნები, უკანონობა უკავშირდება გათავისუფლების საფუძვლის უკანონობას თუ გათავისუფლების პროცედურის მარეგულირებელი ნორმების უხეშ დარღვევას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 31 ივლისის №2/3/630 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე თინა ბეჟიტაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-6).
13. ამგვარად, სადავო ნორმა მიემართება ისეთ შემთხვევებს, როდესაც საჯარო მოხელის გათავისუფლება ხდება უკანონოდ. კერძოდ, პირის სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია პროცედურული დარღვევით - საქმის გარემოებათა გამოკვლევის გარეშე. შესაბამისად, სახეზეა შესაბამისი დაწესებულების უკანონო აქტი, რომელიც წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული სუბიექტის მიერ ჩადენილ უკანონო ქმედებას.
14. ამასთანავე, სადავო ნორმა აწესრიგებს შემთხვევას, როდესაც პირის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ მიღებული აქტის უკანონობა, კერძოდ კი, ის ფაქტი, რომ პირი თანამდებობიდან გათავისუფლდა პროცედურული დარღვევით, საქმის გარემოებების სათანადო შესწავლის გარეშე დგინდება სასამართლოს გადაწყვეტილებით. სწორედ სასამართლოს გადაწყვეტილებით ხდება აღნიშნული აქტის ბათილობის ცნობა და დაწესებულების დავალდებულება, მიიღოს ახალი გადაწყვეტილება საქმის გარემოებათა შესწავლის შედეგად. შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული სუბიექტების უკანონო ქმედება დადგენილია სათანადო წესით.
15. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განსახილველ შემთხვევაში არსებობს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული ზარალის ანაზღაურების პირველი წინაპირობა - სათანადო წესით დადგენილია, რომ სახელმწიფო ორგანოს მიერ მიღებულია უკანონო აქტი პირის სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე. აღნიშნულ წინაპირობასთან ერთად უნდა შემოწმდეს, მიადგა თუ არა პირს ზარალი და არსებობს თუ არა მიზეზობრივი კავშირი უკანონო აქტსა და დამდგარ ზარალს შორის.
16. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „საჯარო მოხელეს სამსახურში დანიშვნისას წარმოეშობა გონივრული მოლოდინი, რომ გარანტირებულად მიიღებს თანამდებობრივ სარგოს, გარდა მისი მართლზომიერად, კანონიერ საფუძველზე გათავისუფლების შემთხვევისა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 31 ივლისის №2/3/630 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე თინა ბეჟიტაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-6). შესაბამისად, ის ანაზღაურება, რომელსაც მოხელე ვერ იღებს სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლების გამო, წარმოადგენს ზარალს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის მიზნებისთვის.
17. სადავო ნორმის თანახმად, უკანონოდ განთავისუფლებული მოხელის მიერ მოთხოვნილი განაცდური ხელფასი ანაზღაურდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულება მოხელეს აღადგენს სამსახურში. სადავო ნორმით იძულებითი განაცდური ხელფასის პირისათვის ანაზღაურება დაკავშირებულია მის სამსახურში აღდგენასთან. იძულებით განაცდური ხელფასი წარმოადგენს იმ ანაზღაურებას, რომელსაც მოხელე ვერ იღებს სამსახურიდან უკანონოდ განთავისუფლების გამო. შესაბამისად, სადავო ნორმით მოწესრიგებულ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული ზარალის მიყენების ფაქტიც.
18. როგორც აღინიშნა, პირისთვის მიყენებულ ზარალთან ერთად აუცილებელია, დადგინდეს მიზეზობრივი კავშირის არსებობაც. კერძოდ, მიზეზობრივი კავშირი გულისხმობს, რომ დამდგარი შედეგი - ზარალი უნდა იყოს უშუალოდ სახელმწიფო ორგანოს უკანონო ქმედებით (აქტით) გამოწვეული და არ დადგებოდა, რომ არა შესაბამისი ორგანოს უკანონო ქმედება (აქტი).
19. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 31 ოქტომბრის კანონის 127-ე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში სასამართლო ინდ. აქტს ბათილად ცნობს სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ვინაიდან ადმინისტრაციულმა ორგანომ იგი მიიღო საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო ბათილად ცნობს პირის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ მიღებულ აქტს, საკითხი სრულყოფილად შესწავლილი არ ხდება. კერძოდ, არ ხდება იმის დადგენა, არსებობდა თუ არა პირის გათავისუფლების სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, საქმის ამ ეტაპზე, დამატებითი გამოკვლევის ჩატარების გარეშე, შეუძლებელია იმის დადგენა, დადგებოდა თუ არა სხვა სამართლებრივი შედეგი სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული პირისთვის, თუკი ადმინისტრაციული ორგანო გადაწყვეტილებას მიიღებდა საქმის სრულყოფილი გამოკვლევის შედეგად.
20. სასამართლოს მიერ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად აქტის ბათილად ცნობის შემდგომ, შესაბამისი სახელმწიფო დაწესებულება ვალდებულია, დაადგინოს, არსებობდა თუ არა პირის გათავისუფლების საფუძველი და გადაწყვეტილება მიიღოს საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევის შედეგად. როგორც აღინიშნა, სადავო ნორმა მიუთითებს, რომ განაცდური ხელფასი ანაზღაურდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირი აღდგება სამსახურში.
21. ამგვარად, უნდა დადგინდეს, რა შემთხვევებში არ იღებს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციული ორგანო პირის სამსახურში აღდგენის შესახებ. უპირველეს ყოვლისა, ასეთი შემთხვევა სახეზეა მაშინ, როდესაც ადმინისტრაციული ორგანო (დაწესებულება) საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევის შედეგად დაასკვნის, რომ პირის გათავისუფლების სამართლებრივი საფუძველი არსებობდა და პირი არ უნდა აღდგეს სამსახურში. ასეთ შემთხვევებში ხელფასის მიუღებლობა გამოწვეული არ არის ადმინისტრაციული ორგანოს მიზეზით, ვინაიდან პირის სამსახურიდან გათავისუფლება საქმისთვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოების შესწავლის პირობებშიც მოხდებოდა. შესაბამისად, აშკარაა, რომ არ არსებობს მიზეზობრივი კავშირი განაცდური ხელფასის მიუღებლობასა და უკანონო აქტს შორის. აქტის უკანონობა განაპირობა არა იმ გარემოებამ, რომ პირის გათავისუფლებას რეალურად არ გააჩნდა შესაბამისი მატერიალურსამართლებრივი საფუძვლები, არამედ იმან, რომ პროცესუალურად ამ საფუძვლების გამოკვლევა და დადგენა არ განხორციელდა სრულყოფილად.
22. როგორც აღინიშნა, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციურსამართლებრივი გარანტიის დანიშნულებაა, რომ პირს გააჩნდეს ეფექტური, ქმედითი მექანიზმი, რათა აინაზღაუროს სახელმწიფო ორგანოებისა და თანამდებობის პირების უკანონო ქმედებებით მიყენებული მატერიალური და არამატერიალური ზარალი. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის მიზანი არ გულისხმობს პირისათვის რაიმე კომპენსაციის მიცემას იმ შემთხვევაში, როდესაც არ დასტურდება, რომ არსებობს მიზეზობრივი კავშირი დამდგარ ზარალსა და სახელმწიფო ორგანოსა თუ თანამდებობის პირის მიერ ჩადენილ უკანონო ქმედებას შორის.
23. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ისეთ შემთხვევებში, როდესაც სახელმწიფო დაწესებულება საქმის გარემოებების სრულყოფილი შეფასების შედეგად მივა დასკვნამდე, რომ არსებობდა პირის სახელმწიფო სამსახურიდან გათავისუფლების მატერიალურსამართლებრივი საფუძველი, არ იკვეთება მიზეზობრივი კავშირი დამდგარ ზარალსა და პირის თანამდებობიდან უკანონო გათავისუფლებას შორის. ასეთ შემთხვევაში პირის მიერ ხელფასის მიუღებლობა ვერ შეფასდება როგორც სახელმწიფო ორგანოების უკანონო ქმედებით მიყენებული ზარალი საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის მიზნებისთვის.
24. მოსარჩელე მხარე სადავო ნორმის არაკონსტიტუციურობის სამტკიცებლად აპელირებდა იმ შემთხვევაზე, როდესაც საქმის ხელახალი, სრულყოფილი გამოკვლევის შედეგად დადგინდება, რომ მოხელის გათავისუფლება მოხდა მატერიალურსამართლებრივი საფუძვლის გარეშე, თუმცა სამსახურში აღდგენა შეუძლებელია ობიექტური მიზეზების გამო. მაგალითად, თუ აღარ არსებობს მისი თანამდებობა ან/და სტრუქტურული ერთეული, რომელშიც ეს პირი მუშაობდა, შესაძლოა, ობიექტურად ვერ მოხერხდეს პირის სამსახურში აღდგენა.
25. როგორც აღინიშნა, სადავო ნორმა განაცდურის ანაზღაურების საკითხს უკავშირებს მოხელის სამსახურში აღდგენის ფაქტს და არა იმ გარემოების დადგენას, არსებობდა თუ არა პირის გათავისუფლების მატერიალურსამართლებრივი საფუძველი. მოხელის სამსახურიდან გათავისუფლებიდან სასამართლოს დავალების შედეგად ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მისი აღდგენის საკითხის განხილვის მომენტამდე, როგორც წესი, დროის გარკვეული პერიოდი გადის. შესაძლებელია, ამ დროში ფაქტობრივი მდგომარეობა მნიშვნელოვნად შეიცვალოს და უსაფუძვლოდ გათავისუფლებული მოხელის სამსახურში აღდგენა შეუძლებელი გახადოს. ამდენად, სადავო ნორმაში მითითებული სამსახურში აღდგენის ფაქტი შესაძლოა, უსაფუძვლოდ გათავისუფლების ყველა შემთხვევაში არ დადგეს და არსებობდეს შემთხვევები, როდესაც დადგინდება, რომ პირი უსაფუძვლოდ განთავისუფლდა, თუმცა რიგი ობიექტური გარემოებების გამო შეუძლებელია მისი სამსახურში აღდგენა.
26. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმა ზღუდავს განაცდურის მიღების უფლებას იმ შემთხვევაშიც, როდესაც დაწესებულების მიერ საქმის სრულყოფილი გამოკვლევის შედეგად დადგინდება, რომ არ არსებობდა პირის განთავისუფლების კანონიერი საფუძველი. შესაბამისად, დაწესებულებას პირი უკანონოდ რომ არ გაეთავისუფლებინა, იგი გააგრძელებდა საქმიანობას დაკავებულ თანამდებობაზე და მიიღებდა თანამდებობრივ სარგოს. ამგვარად, ასეთ შემთხვევებში სახეზეა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული ზარალის ანაზღაურების კომპონენტი - მიზეზობრივი კავშირი დაწესებულების უკანონო აქტსა და მიყენებულ ზარალს - იძულებით განაცდურს შორის.
27. სადავო ნორმით განსაზღვრულ ამ შემთხვევასთან მიმართებით, როდესაც დადგინდება, რომ არ არსებობდა პირის სამსახურიდან განთავისუფლების საფუძველი, სახეზეა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული ზარალის ანაზღაურების ყველა წინაპირობა. კერძოდ, ამ დროს არსებობს სახელმწიფო ორგანოს უკანონო ქმედება - აქტი პირის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, დამდგარი ზარალი - განაცდური ხელფასი და მიზეზობრივი კავშირი უკანონო ქმედებასა და ზარალს შორის. შესაბამისად, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 31 ოქტომბრის კანონის 127-ე მუხლის მე-6 პუნქტის მე-2 და მე-3 წინადადებები, რომლებიც პირის მიერ განაცდური ხელფასის მიღების აუცილებელ წინაპირობად განსაზღვრავს სამსახურში აღდგენას, დასახელებულ შემთხვევებში ზღუდავს პირის უფლებას, მოითხოვოს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სრული ანაზღაურება.
28. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი „იმპერატიულად ადგენს მიყენებული ზარალის სრულად ანაზღაურების ვალდებულებას. მისი მოქმედება არ შემოიფარგლება რომელიმე კონკრეტულ სფეროში მიყენებული ზარალის ანაზღაურების საკითხის მოწესრიგებით და მისი რეგულირების სფეროში ექცევა ნებისმიერი ზარალი, რომელიც გამოწვეულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და თვითმმართველი ერთეულების თანამდებობის პირთა ქმედებით. საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული ზარალის სრული ანაზღაურების ვალდებულება გულისხმობს არა კონკრეტული სუბიექტის (თუნდაც კანონმდებლის მიერ) მიერ წინასწარ დადგენილი ზღვრული ოდენობით, არამედ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში პირისათვის რეალურად მიყენებული ზარალის სრული მოცულობით ანაზღაურების ვალდებულებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 31 ივლისის №2/3/630 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე თინა ბეჟიტაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-12). შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის მოთხოვნაა, რომ პირს სრული მოცულობით აუნაზღაურდეს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და თვითმმართველი ერთეულების ორგანოთა და თანამდებობის პირთა უკანონო ქმედებით გამოწვეული ზარალი. აღნიშნული უფლების შეზღუდვა დასაშვებია, გარკვეულ შემთხვევებში, როდესაც არსებობს მნიშვნელოვანი ლეგიტიმური მიზანი. მაგალითად, „როდესაც ზიანის ანაზღაურების ხარჯი იმდენად მძიმე ტვირთად აწვება სახელმწიფო ბიუჯეტს, რომ მისი ანაზღაურება საფრთხეს უქმნის სახელმწიფოს ფუნქციონირებას, ფისკალურ და ეკონომიკურ უსაფრთხოებას, შესაძლებელია მსჯელობა ზიანის ანაზღაურების უფლების შეზღუდვაზე, გადახდის განაწილვადებისა თუ სხვა ფორმებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 31 ივლისის №2/3/630 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე თინა ბეჟიტაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-21).
29. მოპასუხის განმარტებით, სადავო ნორმით კომპენსაციის მიღების უფლების გადავადება რაციონალურია, რადგან დეტალების საფუძვლიანი გამოკვლევის შემთხვევაში შეიძლება დადასტურდეს, რომ პირი მართლაც ვერ აკმაყოფილებს კანონის მოთხოვნებს და გათავისუფლებულია მატერიალურად გამართული გარემოებების გამო, შესაბამისად, არც იმსახურებს კომპენსაციას. როგორც ირკვევა, სადავო ნორმა ითვალისწინებს განაცდური ხელფასის მიღების უფლების შეზღუდვას იმ შემთხვევებშიც, როდესაც დგინდება, რომ არ არსებობდა პირის განთავისუფლების საფუძველი. ამავე დროს, მოპასუხეს არ წარმოუდგენია და არც საქმის განხილვისას გამოვლენილა რაიმე ლეგიტიმური მიზანი, რომელიც გაამართლებდა პირისათვის სახელმწიფოსაგან მიყენებული ზიანის სრულად ანაზღაურების უფლების შეზღუდვას, იმ შემთხვევებში, როდესაც საჯარო დაწესებულების მიერ საქმის სრულყოფილი შესწავლის შედეგად დადგინდება, რომ არ არსებობდა პირის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი.
30. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 31 ოქტომბრის კანონის 127-ე მუხლის მე-6 პუნქტის მე-2 და მე-3 წინადადებები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტს.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტისა და მე-2 პუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 25-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-6 პუნქტების, 27-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-4, მე-7, მე-8, მე-11 და მე-13 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 24-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 30-ე, 31-ე, 32-ე და 33-ე მუხლების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. კონსტიტუციური სარჩელი №735 („საქართველოს მოქალაქეები - მერი გიორგაძე და ფიქრია მერაბიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) დაკმაყოფილდეს და არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 31 ოქტომბრის კანონის 127-ე მუხლის მე-6 პუნქტის მე-2 და მე-3 წინადადებები საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტთან მიმართებით.
2. გადაწყვეტილება ძალაშია საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან.
3. გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
4. გადაწყვეტილების ასლი გაეგზავნოს მხარეებს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს უზენაეს სასამართლოს და საქართველოს მთავრობას.
5. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე და გაეგზავნოს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის წევრები:
თეიმურაზ ტუღუში
ირინე იმერლიშვილი
მანანა კობახიძე
თამაზ ცაბუტაშვილი