საქართველოს მოქალაქეები - მერი გიორგაძე და ფიქრია მერაბიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N2/3/735 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ოთარ სიჭინავა, ლალი ფაფიაშვილი, ზაზა თავაძე, თამაზ ცაბუტაშვილი, |
თარიღი | 13 ივნისი 2016 |
გამოქვეყნების თარიღი | 13 ივნისი 2016 20:58 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ზაზა თავაძე – სხდომის თავმჯდომარე;
ოთარ სიჭინავა – წევრი;
ლალი ფაფიაშვილი – წევრი; მომხსენებელი მოსამართლე.
თამაზ ცაბუტაშვილი – წევრი.
სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქეები - მერი გიორგაძე და ფიქრია მერაბიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დავის საგანი: „საჯარო სამსახურის შესახებ“ 1997 წლის 31 ოქტომბრის საქართველოს კანონის 127-ე მუხლის მე-6 პუნქტის მე-2 და მე-3 წინადადებების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 42-ე მუხლის პირველ და მე-9 პუნქტებთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. 2016 წლის 15 მარტს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №735) მომართეს საქართველოს მოქალაქეებმა- მერი გიორგაძემ და ფიქრია მერაბიშვილმა. საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად გადმოეცა 2016 წლის 16 მარტს.
2. კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის საფუძველს წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ და „ვ“ ქვეპუნქტები, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე მუხლი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი, მე-10 მუხლის პირველი პუნქტი და მე-16 მუხლი.
3. „საჯარო სამსახურის შესახებ“ 1997 წლის 31 ოქტომბრის საქართველოს კანონის 127-ე მუხლი აწესრიგებს საჯარო სამსახურიდან გათავისუფლების ან გადაყვანის სასამართლო გზით გადაწყვეტას. აღნიშნული მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, სასამართლოს მიერ სამსახურიდან განთავისუფლებაზე ან გადაყვანაზე გაცემული აქტის ბათილად ცნობა არ იწვევს მოხელის სამსახურში დაუყოვნებლივ აღდგენას, თუ, სასამართლო გადაწყვეტილების შესაბამისად, დაწესებულება ვალდებულია ახალი აქტი გამოსცეს სამსახურიდან განთავისუფლებასთან ან გადაყვანასთან დაკავშირებულ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ. სადავო წინადადებების თანახმად, „მოხელის მიერ მოთხოვნილი განაცდური ხელფასი ამ კანონის 112-ე მუხლით დადგენილი ოდენობით ანაზღაურდება მხოლოდ იმ შემთხვევაში , თუ დაწესებულება მოხელეს აღადგენს სამსახურში . სხვა შემთხვევაში განაცდური ხელფასი არ ანაზღაურდება.“
4. საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს დაიკავოს ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.“
5. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებს სამართლიანი სასამართლოს უფლებას, ხოლო მისი მე-9 პუნქტი ადგენს, რომ „ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან“.
6. №735 კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 4 თებერვლის №35 ბრძანებით, მერი გიორგაძე გათავისუფლდა ამავე მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსის თანამდებობიდან რეორგანიზაციის თანმდევი თანამდებობრივი შტატების შემცირების გამო. ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის 2014 წლის 16 მაისის №07-16/455 ბრძანებით ფიქრია მერაბიშვილი გათავისუფლდა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთ-ცენტრალური სამსახურის ინსპექტირების განყოფილების მთავარი ინსპექტორის თანამდებობიდან.
7. ორივე მოსარჩელემ გათავისუფლების ბრძანება გაასაჩივრა შესაბამისად განსჯად სასამართლოში. სასამართლომ ნაწილობრივ დაააკმაყოფილა მათი მოთხოვნა- საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად ცნეს გათავისუფლების ბრძანებები და დაავალეს ადმინისტრაციულ ორგანოებს საქმის ფაქტობრივი გარემოებების ყოველმხრივი გამოკვლევის შედეგად ახალი გადაწყვეტილების მიღება. რაც შეეხება ზიანის ანაზღაურების საკითხს, სასამართლოებმა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 127-ე მუხლის მე-6 პუნქტზე მითითებით განმარტეს, რომ მოხელის მიერ მოთხოვნილი განაცდური ხელფასი ამავე კანონის 112-ე მუხლით დადგენილი წესით ანაზღაურდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულება მოხელეს აღადგენს სამსახურში. შესაბამისად, ზიანის ანაზღაურების ნაწილში მოსარჩელეთა მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა. მათი საკასაციო საჩივრები კი სასამართლომ დაუშვებლად ცნო.
8. მოსარჩელეთა განმარტებით, გასაჩივრებული ნორმის მოქმედების პირობებში მოხელის უკანონო მოცდენისა და განაცდური ხელფასის ანაზღაურების კუთხით „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი აქტის უკანონოდ ცნობას/ბათილობას ორ სხვადასხვა შედეგს უკავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ სამართლებრივად ორივე შემთხვევაში სახეზე გვაქვს უკანონო ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი. სასამართლოს მიერ გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობას შესაძლოა შედეგად მოჰყვეს დაუყოვნებლივი აღდგენა ან ადმინისტრაციული ორგანოს დავალდებულება ჩაატაროს ადმინისტრაციული წარმოება ახალი აქტის გამოსაცემად, საკითხის სრულად გამოკვლევისა და შესწავლის გზით. როდესაც ადმინისტრაციულ ორგანოს საკითხი დამატებითი შესწავლის მიზნით უბრუნდება, სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანიდან ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებისა და ახალი აქტის გამოცემამდე პერიოდში განთავისუფლებული მოხელის სტატუსი გაურკვეველია. ერთი მხრივ, აქტი რომლითაც მოხელე გათავისუფლდა ბათილია, ხოლო მეორე მხრივ, არ არსებობს აქტი, რომელიც მოცემულ საკითხს მოაწესრიგებს. შესაბამისად, ზიანის/განაცდურის ანაზღაურებას კანონმდებელი უკავშირებს დათქმას მოხელის სამსახურში აუცილებელ აღდგენასთან დაკავშირებით.
9. მოსარჩელეთა მტკიცებით, „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 127-ე მუხლის მე-6 პუნქტის ჩანაწერი, რომელიც უკანონო გათავისუფლებით მიყენებული ზიანის ანაზღაურებას დაწესებულების მიერ მოხელის სამსახურში აღდგენას უკავშირებს, ზღუდავს საჯარო მოხელის თანამდებობრივი უფლებამოსილების შეუფერხებლად განხორციელების უფლებას. იმ შემთხვევაში თუკი სასამართლო დაადგენს საჯარო მოხელის გათავისუფლების შესახებ ადმინისტრაციული აქტის უკანონობას, საჯარო მოხელე უნდა აღდგეს თავის უფლებებში და ჰქონდეს შესაძლებლობა ისარგებლოს საჯარო მოხელისათვის გათვალისწინებული სოციალური დაცვის გარანტიებით. არსებული მდგომარეობით, შეიძლება სასამართლოს მიერ გათავისუფლების შესახებ ბრძანების უკანონობა დადგინდეს, თუმცა ამის შემდეგ საჯარო მოხელეს კიდევ წლობით ადგებოდეს უკანონო გათავისუფლებით გამოწვეული მატერიალური და მორალური ზიანი.
10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეებს მიაჩნიათ, რომ სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ პუნქტს.
11. კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 127-ე მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით, მართალია სახეზეა სასამართლოს მიერ ბათილად ცნობილი უკანონო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, მაგრამ ზიანის/განაცდურის ანაზღაურების საკითხი დამოკიდებულია სპეციალურ დათქმაზე, კერძოდ პირის სამსახურში აღდგენის ფაქტის დადგომაზე. მოსარჩელეთა განმარტებით, ზიანის, მათ შორის განაცდურის ანაზღაურების საკითხი შეუძლებელია დავუკავშიროთ მოხელის სამსახურში აღდგენის ფაქტს, რადგან მიუხედავად იმისა, აღდგება თუ არა მოხელე სამსახურში, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ უკანონო აქტის გამოცემით მიყენებული ზიანი უკვე არსებობს და შესაბამისად მისი ანაზღაურების ვალდებულებაც დამდგარია. ამასთან, მნიშვნელოვანია გათვალისწინებულ იქნეს ისეთი შემთხვევა, როდესაც ობიექტური მიზეზების გამო მოხელის სამსახურში აღდგენა შეუძლებელია. სადავო ნორმის დღეს მოქმედი რედაქციის მიხედვით კი უფლებადარღვეული მოხელე განაცდურის/ზიანის ანაზღაურების შესაძლებლობას კარგავს.
12. მოსარჩელე მხარის მტკიცებით, შეუძლებელი იქნება სასამართლო წესით პირისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება, მაშინ, როდესაც საკითხის ამგვარ რეგულაციას (აღდგენის მიუხედავად ზიანის ანაზღაურების შესაძლებლობა) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი ითვალისწინებს, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევისათვის, როდესაც სასამართლო პირდაპირ ავალებს ადმინისტრაციულ ორგანოს მოხელის სამსახურში აღდგენას. სასამართლოს მიერ აქტის ბათილად ცნობა საკმარისია, იმისათვის, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ უკანონო ქმედებით (აქტით) მიყენებული ზიანისათვის სათანადო პასუხისმგებლობა დაეკისროს თავად ადმინისტრაციულ ორგანოს, რაც გამოიხატება, საჯარო მოხელისათვის ზიანის ანაზღაურებაში. აღნიშნულს პირდაპირ ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი.
13. მოსარჩელეთა განმარტებით, გასაჩივრებული ნორმის მოქმედების პირობებში, სახელმწიფოს მხრიდან უკანონო გათავისუფლებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით სასამართლოსათვის მიმართვის უფლება დეკლარაციული ხასიათისაა და ვერ უზრუნველყოფს მოსაჩელის დარღვეულ უფლებაში აღდგენას, მათ შორის განაცდურის/ზიანის მიღების ნაწილში. გასაჩივრებული ნორმა საერთო სასამართლოებს შესაძლებლობას ართმევს უკანონოდ განთავისუფლებულ საჯარო მოხელეებს მიაკუთვნონ ზიანის ანაზღაურება, რაც ამ უფლების დასაცავად სასამართლოსადმი მიმართვას ფაქტობრივად აზრს უკარგავს.
14. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ და მე-9 პუნქტებს.
15. მოსარჩელე საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად იშველიებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, ასევე მიუთითებს საერთაშორისო სამართლებრივ დოკუმენტებზე.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს კანონმდებლობით, კერძოდ, ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 და მე-18 მუხლებით დადგენილ მოთხოვნებს. საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1).
2. №735 კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ არის გამხდარი „საჯარო სამსახურის შესახებ“ 1997 წლის 31 ოქტომბრის საქართველოს კანონის 127-ე მუხლის მე-6 პუნქტის მე-2 და მე-3 წინადადებების კონსტიტუციურობა როგორც საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, ასევე 42-ე მუხლის პირველ და მე-9 პუნქტებთან მიმართებით.
3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტების თანახმად, საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტი „...განამტკიცებს საქართველოს მოქალაქის უფლებას, დაიკავოს როგორც არჩევითი, ასევე დანიშვნითი თანამდებობა და ადგენს სახელმწიფო სამსახურის განხორციელების კონსტიტუციურ საფუძვლებს. ამასთან, კონსტიტუციის აღნიშნული დებულება მოიცავს არა მხოლოდ კონკრეტული თანამდებობის დაკავების, არამედ ამ თანამდებობრივი უფლებამოსილების შეუფერხებლად განხორციელებისა და თანამდებობიდან უსაფუძვლოდ გათავისუფლებისაგან დაცვის გარანტიებს.“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 11 აპრილის №1/2/569 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - დავით კანდელაკი, ნატალია დვალი, ზურაბ დავითაშვილი, ემზარ გოგუაძე, გიორგი მელაძე და მამუკა ფაჩუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). ხოლო „კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის უპირველეს მიზანს წარმოადგენს დაზარალებული პირის ინტერესების დაცვა მიყენებული ზარალის ანაზღაურების გზით.“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 31 ივლისის №2/3/630 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე თინა ბეჟიტაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2).
4. კონსტიტუციის 29-ე მუხლი სახელმწიფო სამსახურში შრომით საქმიანობასთან დაკავშირებით ქმნის კონსტიტუციურ გარანტიებს. მოცემული კონსტიტუციური წესრიგის პირობებში, მცდარი იქნებოდა შრომითი ურთიერთობის სრული სპექტრის კონსტიტუციის ამ მუხლით დაცულ სფეროში მოქცევა. ცალსახაა ის გარემოება, რომ კონსტიტუცია შრომითი ურთიერთობების გარკვეული სეგმენტის მოწესრიგებას, კერძოდ, თანამდებობიდან უსაფუძვლოდ გათავისუფლებისაგან დაცვის გარანტიებს უკავშირებს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტით დაცულ სფეროს.
5. ,,იმ შემთხვევაში, როდესაც რომელიმე ერთი უფლების ცალკეული უფლებრივი კომპონენტისთვის კონსტიტუციით გათვალისწინებულია სპეციალური რეგულაცია, უფლებაში ჩარევის განსხვავებული შინაარსი და ფარგლები, ეჭვგარეშეა, რომ ასეთ დროს ამ უფლებაში ჩარევის კონსტიტუციურობა შესაძლებელია და უნდა შეფასდეს მხოლოდ მის მარეგულირებელ სპეციალურ ნორმასთან მიმართებით, წინააღმდეგ შემთხვევში, შეუძლებელი იქნება კონსტიტუციურობის საკითხის სწორად გადაწყვეტა” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბრის №1/7/454 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ლევან სირბილაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-4).
6. №735 კონსტიტუციურ სარჩელში დავის საგანს წარმოადგენს წესი, რომლის მიხედვითაც მოხელის მიერ მოთხოვნილი განაცდური ხელფასი ანაზღაურდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულება მოხელეს აღადგენს სამსახურში. კონსტიტუციის 29-ე მუხლი არ მოიცავს სახელმწიფო სამსახურში უფლებამოსილების განხორციელების ყველა ასპექტს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თანამდებობრივი უფლებამოსილების შეუფერხებლად განხორციელებისა და თანამდებობიდან უსაფუძვლოდ გათავისუფლებისაგან დაცვის გარანტიების ის კონტექსტი, რომელიც შეეხება ამ უფლებებით სარგებლობის მატერიალურ გარანტიებს, უკავშირდება კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტს. შესაბამისად, სადავო ნორმით გათვალისწინებული წესი მიემართება უშუალოდ კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტით დაცულ სფეროს და მისი კონსტიტუციურობის საკითხი ვერ შეფასდება საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
7. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №735 კონსტიტუციური სარჩელი, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საჯარო სამსახურის შესახებ“ 1997 წლის 31 ოქტომბრის საქართველოს კანონის 127-ე მუხლის მე-6 პუნქტის მე-2 და მე-3 წინადადებების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და სახეზეა მისი არსებითად განსახილველად არმიღების „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტითა და მე–16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სამართლებრივი საფუძველი.
8. მოსარჩელეები გასაჩივრებულ ნორმას სადავოდ ხდიან კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებითაც. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, „ყველა ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს”. კონსტიტუციის აღნიშნული ნორმა განამტკიცებს სამართლიანი სასამართლოს უფლებას, რომელიც უნდა იყოს არა ილუზორული, არამედ ქმნიდეს პირის უფლების დაცვის რეალურ სამართლებრივ გარანტიას. მოსარჩელეს უნდა ჰქონდეს საკუთარი უფლებების, სასამართლოს მეშვეობით, დაცვის რეალური შესაძლებლობა. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 3 აპრილის №2/2/630 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქე თინა ბეჟიტაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-3). საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს არამარტო სასამართლოსადმი ფორმალურ ხელმისაწვდომობას, არამედ ასევე მოითხოვს, რომ საქმის განმხილველ სასამართლოს ჰონდეს უფლების დარღვევის ფაქტზე რეაგირების ეფექტური საშუალება. ამ უკანასკნელის არარსებობის შემთხვევაში, სამართლიან სასამართლოზე ხელმისაწვდომობა იქნება თეორიული, ფიქციური და არარეალური მექანიზმი უფლების დასაცავად“. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 5 ნოემბრის №3/531 გადაწყვეტილება საქმეზე „ისრაელის მოქალაქეები – თამაზ ჯანიაშვილი, ნანა ჯანიაშვილი და ირმა ჯანიაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-2).
9. საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლების თავისებურებას წარმოადგენს მისი ინსტრუმენტული ბუნება, კერძოდ, კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი არ განსაზღვრავს რომელიმე უფლების მატერიალურ შინაარსს, იგი ქმნის კონსტიტუციითა თუ კანონით დაცული, აღიარებული, რომელიმე უფლებისა თუ სამართლებრივი ინტერესის სასამართლოში დაცვის პროცესუალურ გარანტიას. სამართლიანი სასამართლოს უფლების ეფექტურობაში არ მოიაზრება სასამართლოს შესაძლებლობა, შექმნას ან გააფართოვოს მატერიალური უფლების ფარგლები, იგი მხოლოდ უკვე არსებული უფლების ეფექტური დაცვის შესაძლებლობაზე მიუთითებს.
10. სადავო ნორმა ადგენს განაცდური ხელფასის მიღების წინაპირობას. ამასთან, იგი მოსარჩელეს არ უქმნის რაიმე სახის დაბრკოლებას, სასამართლოსადმი მიმართვის გზით დაიცვას სადავო ნორმით მინიჭებული უფლება ამავე ნორმით აღიარებულ ფარგლებში, ასევე არ ადგენს როგორ და რა ტიპის გადაწყვეტილება უნდა მიიღოს სასამართლომ, სადავო ნორმა არ შეეხება არც სასამართლოს აღსრულების წესს. შესაბამისად, სადავო ნორმას არ გააჩნია შინაარსობრივი მიმართება კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №735 კონსტიტუციური სარჩელი, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საჯარო სამსახურის შესახებ“ 1997 წლის 31 ოქტომბრის საქართველოს კანონის 127-ე მუხლის მე-6 პუნქტის მე-2 და მე-3 წინადადებების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და სახეზეა მისი არსებითად განსახილველად არმიღების „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტითა და მე–16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სამართლებრივი საფუძველი.
12. კონსტიტუციური სარჩელი №735 სხვა მხრივ სრულად აკმაყოფილებს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–16 მუხლის პირველი და მე–2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის მე–18 მუხლით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად არმიღების რომელიმე საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89–ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31–ე მუხლისმე–2 პუნქტის, 39–ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43–ე მუხლის მე–5, მე-7 და მე–8 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის, მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის, მე-18 მუხლის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის და მე-2 პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად №735 კონსტიტუციური სარჩელი (საქართველოს მოქალაქეები - მერი გიორგაძე და ფიქრია მერაბიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება: „საჯარო სამსახურის შესახებ“ 1997 წლის 31 ოქტომბრის საქართველოს კანონის 127-ე მუხლის მე-6 პუნქტის მე-2 და მე-3 წინადადებების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტთან მიმართებით.
2. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №735 კონსტიტუციური სარჩელი (საქართველოს მოქალაქეები - მერი გიორგაძე და ფიქრია მერაბიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება: „საჯარო სამსახურის შესახებ“ 1997 წლის 31 ოქტომბრის საქართველოს კანონის 127-ე მუხლის მე-6 პუნქტის მე-2 და მე-3 წინადადებების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
3. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.
4. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
5. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
6. საოქმო ჩანაწერი გაეგზავნოს მხარეებს.
საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგია:
ზაზა თავაძე
ოთარ სიჭინავა
ლალი ფაფიაშვილი
თამაზ ცაბუტაშვილი