საქართველოს მოქალაქეები - მერი გიორგაძე და ფიქრია მერაბიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N735 |
ავტორ(ებ)ი | მერი გიორგაძე, ფიქრია მერაბიშვილი |
თარიღი | 15 მარტი 2016 |
თქვენ არ ეცნობით სარჩელის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ სარჩელის დოკუმენტი
განმარტებები სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
მერი გიორგაძისა და ფიქრია მერაბიშვილის კონსტიტუციური სარჩელი აკმაყოფილებს "საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ" საქართველოს კანონის მე-18 მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს. კერძოდ:
1. ფორმით და შინაარსით შეესაბამება "საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ"კანონის მე-16 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს;
2. მოსარჩელეები უფლებამოსილი არიან მიმართონ საკონსტიტუციო სასამართლოს, ვინაიდან, "საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ: ა) საქართველოს მოქალაქეებს, სხვა ფიზიკურ პირებს და იურიდიულ პირებს, თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი;
3. საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადია, ვინაიდან ,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ,, ორგანული კანონის მე-19 მუხლის მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების საფუძველზე უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის საკითხებთან მიმართებით მიღებული ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობის საკითხი;
4. კონსტიტუციური სარჩელი უნდა გახდეს საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობის საგანი, ვინაიდან, საჯარო სამსახურიდან უკანონო გათავისუფლებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების ინსტიტუტზე მსჯელობის მიუხედავად, სარჩელში მითითებული ყველა სადავო საკითხი გადაწყვეტილი არ არის საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ; 5. კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ გახდილი საკითხები ხვდება საქართველოს კონსტიტუციის 29-ე და 42-ე მუხლების რეგულირების სფეროში;
6. სადავო აქტს წარმოადგენს "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის ნორმა. შესაბამისად, არ არსებობს და ამდენად, გასაჩივრებული არ არის სადავო აქტზე იერარქიულად მაღლა მდგომი აქტი, რომლის კონსტიტუციურობაზე მსჯელობის გარეშეც შეუძლებელი იქნება სადავო ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე სრულფასოვანი მსჯელობა.
7. საკონსტიტუციო სამართალწარმოების მარეგულირებელი კანონმდებლობით განსაზღვრული და ამდენად, დარღვეული არ არის მისი შეტანის ვადა.
შესაბამისად, მოვითხოვთ წარმოებაში იქნას მიღებული მერი გიორგაძისა და ფიქრია მერაბიშვილის კონსტიტუციური სარჩელი, რადგან ფორმით და შინაარსით სრულად შეესაბამება ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ,, საქართველოს კანონის მე-18 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს.
|
მოთხოვნის არსი და დასაბუთება
მერი გიორგაძე და ფიქრია მერაბიშვილი ითხოვენ არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი ,,საჯარო სამსახურის შესახებ,, საქართველოს კანონის 127-ე მუხლის მე-6 პუნქტის ბოლო ორი წინადადება: ,,მოხელის მიერ მოთხოვნილი განაცდური ხელფასი ამ კანონის 112- ე მუხლით დადგენილი ოდენობით ანაზღაურდება მხოლოდ იმ შემთხვევაში , თუ დაწესებულებ ა მოხელეს აღადგე ნს სამსახურში . სხვა შემთხვევაში განაცდური ხელფასი არ ანაზღაურდება - საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ პუნქტთან, 42-ე მუხლის პირველ და მეცხრე პუნქტებთან მიმართებით. ვინაიდან:
1. 2011 წლის 27 ივნისიდან მოსარჩელე მერი გიორგაძე მუშაობდა ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსად. ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 04 თებერვლის N35 ბრძანებით, მერი გიორგაძე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან რეორგანიზაციის თანმდევი თანამდებობრივი შტატების შემცირების გამო. მერი გიორგაძემ სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა გამგებლის 2014 წლის 04 თებერვლის N35 ბრძანების ბათილად ცნობა, თანამდებობაზე აღდგენა და უკანონო გათავისუფლების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება. პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სარჩელი, სადაო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი მერი გიორგაძის გათავისუფლების შესახებ ბრძანება და დაევალა ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობას საქმის ფაქტობრივი გარემოებების სურლყოფილად გამოკვლევის შედეგად ახალი აქტის გამოცემა. რაც შეეხება განაცდურის საკითხს, სასამართლომ მიუთითა "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის 127-ე მუხლის მე-6 პუნქტზე და ამ ნაწილში მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრდა სააპელაციო წესით, სააპელაციო სასამართლომ უცვლელად დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრდა საკასაციო წესით, თუმცა უზენაესმა სასამართლომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად ცნო.
2.ფიქრია მერაბიშვილი 2013 წლის 14 მაისიდან მუშაობდა საქართველოს გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთ-ცენტრალურ სამსახურში სხვადასხვა თანამდებობაზე. 2014 წლის 18 თებერვლის N07-16/91 ბრძანებით ფიქრია მერაბიშვილი დაინიშნა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთ-ცენტრალური სამსახურის ინსპექტირების განყოფილების მთავარი ინსპექტორის თანამდებობაზე გამოსაცდელი ვადით 2014 წლის 18 თებერვლიდან 2014 წლის 18 მაისამდე. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის 2014 წლის 16 მაისის N07-16/455 ბრძანებით ფიქრია მერაბიშვილი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან 2014 წლის 18 მაისიდან. აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა ფიქრია მერაბიშვილმა სასამართლოში და მოითხოვა გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება. პირველი ინსტანციის სასამართლომ ფიქრია მერაბიშვილის სარჩელი არ დააკმაყოფილა, შესაბამისად აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრდა სააპელაციო წესით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი ფიქრია მერაბიშვილის გათავისუფლების ბრძანება სადაო საკითხის გადაუწყვეტლად და დაევალა ადმინისტრაციულ ორგანოს საქმის ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევის შედეგად ახალი აქტის გამოცემა. რაც შეეხება განაცდურის ნაწილს, სარჩელი ამ ნაწილშიც არ დაკმაყოფილდა "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის 127-ე მუხლის მე-6 პუნქტზე მითითებით. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა, თუმცა უზენაესმა სასამართლომ დაუშვებლად ცნო საკასაციო საჩივარი.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან ნათლად ჩანს, რომ თითოეული მოსარჩელის მიმართ სასამართლოებმა ნაწილობრივ დააკმაყოფილეს მოთხოვნები - საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად ცნეს გათავისუფლების ბრძანებები და დაავალეს ადმინისტრაციულ ორგანოებს საქმის ფაქტობრივი გარემოებების ყოველმხრივი გამოკვლევის შედეგად ახალი გადაწყვეტილების მიღება. რაც შეეხება ზიანის ანაზღაურების საკითხს, სასამართლოებმა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 127-ე მუხლის მე-6 პუნქტზე მითითებით განმარტეს, რომ მოხელის მიერ მოთხოვნილი განაცდური ხელფასი საჯარო სამსახურის შესახებ კანონის 112-ე მუხლით დადგენილი წესით ანაზღაურდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულება მოხელეს აღადგენს სამსახურში. შესაბამისად, ზიანის ანაზღაურების ნაწილში მოსარჩელეთა მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა.
“საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 127-ე მუხლის მე-6 პუნქტი ადგენს, რომ “სასამართლოს მიერ სამსახურიდან განთავისუფლებაზე ან გადაყვანაზე გაცემული ბრძანების, განკარგულების ან გადაწყვეტილების ბათილად ცნობა არ იწვევს მოხელის სამსახურში დაუყოვნებლივ აღდგენას, თუ, სასამართლო გადაწყვეტილების შესაბამისად, დაწესებულება ვალდებულია ახალი ბრძანება, განკარგულება ან გადაწყვეტილება გამოსცეს სამსახურიდან გათავისუფლებასთან ან გადაყვანასთან დაკავშირებულ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ. მოხელის მიერ მოთხოვნილი განაცდური ხელფასი ამ კანონის 112-ე მუხლით დადგენილი ოდენობით ანაზღაურდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულება მოხელეს აღადგენს სამსახურში. სხვა შემთხვევაში განაცდური ხელფასი არ ანაზღაურდება.”
მიგვაჩნია, რომ კანონმდებლის მიდგომა, რომლის მიხედვითაც, საჯარო მოხელისათვის უკანონო გათავისუფლებით მიყენებული ზიანის ანაზღაურება პირობადადებულია და დამოკიდებულია იმაზე დაწესებულება ახალი ადმინისტრაციული წარმოების შედეგად აღადგენს თუ არა პირს სამსახურში ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის 1-ლ პუნქტს, 42-ე მუხლის 1-ლ და მე-9 პუნქტებს.
კონსტიტუციის 29-ე მუხლის 1-ლი პუნქტი
საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად: საქართველოს ყველა მოქალაქეს უფლება აქვს დაიკავოს ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. ამავე მუხლის მე-2 პუნქტი კი ადგენს, რომ სახელმწიფო სამსახურის პირობები განისაზღვრება კანონით. სწორედ, „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონით წესრიგდება საჯარო სამსახურში მოხელის მიღება, განთავისუფლება და ყველა სხვა საკითხი, რომელიც საჯარო სამსახურში მუშაობის პერიოდში წარმოშობილ შრომით-სამართლებრივ ურთიერთობას უკავშირდება. აქვე, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ შრომით-სამართლებრივი ურთიერთობების გადაწყვეტისას, ადმინისტრაციული ორგანო “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონთან ერთად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისი ნორმებით ხელმძღვანელობს. ვინაიდან, სწორედ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი განსაზღვრავს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და აღსრულების [...] წესს. ამასთან მნიშვნელოვანია მივუთითოთ, რომ სწორედ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი უზრუნველყოფს ადმინისტრაციული ორგანოების მხრიდან ადამიანის უფლებების და თავისუფლებების, საჯარო საჯარო და კერძო ინტერესებს შორის ბალანსისა და კანონის უზენაესობის დაცვას (კოდექსის 1-ლი მუხლი).
წინამდებარე სარჩელის მიზნებისთვის, მნიშვნელოვანია განვიხილოთ „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის ის ნაწილი, რომელიც მოხელის საჯარო სამსახურში მიღებისა და განთავისუფლების წესს არეგულირებს.
საჯარო სამსახურში მოხელის მისაღებად აუცილებელი მოთხოვნები, რომლებიც “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის მე-2 თავითაა განსაზღვრული, შეიძლება ორ ძირითად მოთხოვნად გავაერთიანოთ. იმისათვის, რომ პირმა შეძლოს საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავება, ის: 1. უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე; 2. აკმაყოფილებდეს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
“საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 23-ე მუხლის მიხედვით, კანონით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა, მოხელე სამსახურში ვაკანტურ თანამდებობაზე მიიღება განუსაზღვრელი ვადით. ამავე კანონის 37-ე მუხლის 1-ლი პუნქტი კი ადგენს, რომ სამსახურში მიღების დღიდან, სამსახურიდან განთავისუფლების დღემდე მოხელეს უფლება აქვს მიიღოს შრომითი გასამრჯელო (ხელფასი). მოსამსახურის შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიას და კანონით გათვალისწინებულ დანამატებს. მოცემულ საკითხთან დაკავშირებით მნიშნელოვანია, საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 31 ივლისის №2/3/630 გადაწყვეტილება საქმეზე თინა ბეჟიტაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ , სადაც სასამართლო განმარტავს, რომ: „საჯარო მოხელის მიერ შრომითი გასამრჯელოს მიღება მჭიდროდ არის დაკავშირებული სამსახურებრივ უფლებამოსილებათა შესრულებასთან. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საჯარო მოსამსახურეს უფლება აქვს, შრომითი გასამრჯელო მიიღოს სამსახურში დანიშვნის დღიდან სამსახურიდან განთავისუფლების დღემდე. გასამრჯელოს მიღება არ არის დამოკიდებული სამუშაოს შესრულების ხარისხზე, მის შედეგებსა თუ სხვა ფაქტორებზე. ეს შემოსავალი პირისთვის გარანტირებულია საჯარო მოხელის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, მისი მხრიდან, სამსახურებრივი ფუნქციების ბრალეული შეუსრულებლობის არარსებობისას. შესაბამისად, საჯარო მოხელეს სამსახურში დანიშვნისას წარმოეშობა გონივრული მოლოდინი, რომ გარანტირებულად მიიღებს თანამდებობრივ სარგოს, გარდა მისი მართლზომიერად, კანონიერ საფუძველზე გათავისუფლების შემთხვევისა".
ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ მოხელემ მიიღოს შრომითი გასამრჯელო და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ბენეფიტები, მან უნდა შეასრულოს კანონმდებლობით, მათ შორის „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის მე-4 თავით (სამსახურეობრივი მოვალეობანი) გათვალისწინებული ვალდებულებები. თავის მხრივ, აღნიშნული ნორმების დაცვა საჯარო მოხელეს აძლევს იმის ვარაუდის საფუძველს, რომ იქნება დასაქმებული, მიიღებს გასამრჯელოს და ღირსეულად წარმართავს მომავალს.
“საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის მე-10 თავი მოიცავს მოხელის სამსახურიდან განთავისუფლების საკითხებს და ადგენს მოხელის სამსახურიდან განთავისუფლების საფუძველებს. ამავე კანონის, 112-ე მუხლი კი მიუთითებს, რომ სამსახურიდან უკანონოდ განთავისუფლებული მოხელე უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს განთავისუფლების უკანონოდ ცნობა, განთავისუფლების საფუძვლის შეცვლა და თანამდებობრივი სარგო. “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 127-ე მუხლი კი ადგენს სასამართლოს გზით დავის გადაწყვეტის წესებს. აღნიშნული მუხლით, განსაზღვრული უფლებების რეალიზაცია საპროცესო კანონმდებლობით (საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო და სამოქალაქო საპროცესო კოდექსი) დადგენილი წესით ხორციელდება. რაც შეეხება მოთხოვნების რიგითობასა და მოცულობას, ის დამოკიდებულია მოსარჩელის (განთავისუფლებული მოხელის) ინტერესზე. ამ კუთხით კანონმდებლობა რაიმე სახის შეზღუდვას არ ითვალისწინებს, რაც შესაძლებელს ხდის სასამართლოს წინაშე ერთი ან რამდენიმე მოთხოვნის დაყენებას. აქვე მნიშვნელოვანია განვიხილოთ, “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 127-ე მუხლის მე-5 პუნქტი, რომლის მიხედვით, სასამართლოს მიერ სამსახურიდან განთავისუფლებაზე ან გადაყვანაზე გაცემული ბრძანების, განკარგულების ან გადაწყვეტილების არაკანონიერად აღიარების შემთხვევაში, მოხელე ექვემდებარება დაუყონებლივ აღდგენას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა იგი უარს ამბობს აღდგენაზე.
მოცემული მუხლის ანალიზი ცხადყოფს, რომ სასამართლოს მხრიდან შესაბამისი აქტის ბათილად ცნობა უკანონოდ განთავისუფლებული მოხელის აღდგენის საკმარის საფუძველს წარმოადგენს, ვინაიდან ადმინისტრაციული კანონმდებლობის შესაბამისად აქტის უკანონობა დგინდება სწორედ მისი ბათილად ცნობით. ამასთან, საინტერესო და მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ კანონმდებელი ცალსახად მიუთითებს არა უბრალოდ აღდგენის შესაძლებლობაზე, არამედ პირის დაუყონებლივ აღდგენაზე. თავის მხრივ, დაუყოვნებლივი აღდგენა გულისხმობს მყისიერ შედეგს და არ არის დამოკიდებული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის ფაქტზე ან სხვა გარემოებებზე. დაუყოვნებლივი აღდგენის ინსტიტუტს არეგულირებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლი, რომელიც ადმინისტრაციული სამართალწარმოების დროს გამოიყენება ადმინისტრაციულ საპროცესო კანონმდებლობასთან ერთად. შეჯამებისთვის შეგვიძლია ვთქვათ, რომ “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 127-ე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით:
1. სასამართლოს მიერ გათავისუფლების ბრძანების უკანონოდ აღიარება იწვევს პირის სამსახურში აღდგენას და შესაბამისად განაცდურის ანაზღაურებას. 2. აღდგენა უნდა მოხდეს დაუყონებლივ, სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის მიუხედავად.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 127-ე მუხლის მე-6 პუნქტი კიდევ ერთ შესაძლებლობას ითვალისწინებს. კერძოდ, სასამართლოს მიერ სამსახურიდან განთავისუფლებაზე ან გადაყვანაზე გამოცემული ბრძანების, განკარგულების ან გადაწყვეტილების ბათილად ცნობა არ იწვევს მოხელის სამსახურში დაუყოვნებლივ აღდგენას, თუ სასამართლო გადაწყვეტილების შესაბამისად, დაწესებულება ვალდებულია ახალი ბრძანება, განკარგულება ან გადაწყვეტილება გამოსცეს სამსახურიდან განთავისუფლების ან გადაყვანასთან დაკავშირებით გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ. მარტივად რომ ვთქვათ, იგულისხმება შემთხვევა, როდესაც სასამართლოს გადაწყვეტილება ეფუძნება ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილს და სასამართლო საქმეს ადმინისტრაციულ ორგანოს წარმოებაში უბრუნებს. მსგავს შემთხვევაში, „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 127-ე მუხლის მე-6 პუნქტი ადგენს, რომ მოხელის მიერ მოთხოვნილი განაცდური ხელფასი ანაზღაურდება მხოლოდ მაშინ, თუ დაწესებულება მოხელეს აღადგენს სამსახურში. სხვა შემთხვევაში განაცდური ხელფასი არ ანაზღაურდება. შედეგად ვიღებთ შემდეგ სურათს:
1. სასამართლოს მიერ ხდება გათავისუფლების ბრძანების, განკარგულების ან გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; 2. ბათილად ცნობა არ იწვევს მოხელის სამსახურში აღდგენას; 3. დაწესებულება ვალდებულია ახალი ბრძანება, განკარგულება ან გადაწყვეტილება გამოსცეს სამსახურიდან განთავისუფლების ან გადაყვანასთან დაკავშირებით ფაქტობრივ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ; 4. მოხელის მიერ მოთხოვნილი განაცდური ხელფასი ანაზღაურდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულება მოხელეს აღადგენს სამსახურში. სხვა შემთხვევაში განაცდური ხელფასი არ ანაზღაურდება.
შესაბამისად, “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 127-ე მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები მოხელის სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ ბრძანების გაუქმებას ორ ერთმანეთისაგან განსხვავებულ შედეგს უკავშირებს. ამასთან, 127-ე მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილ შემთხვევებში, უკანონო განთავისუფლების გამო მოცდენილი ხელფასის მიღების საკითხი პირდაპირ დაკავშირებულია განთავისუფლებული პირის სამსახურში აღგენის ფაქტთან, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცდური საერთოდ არ ანაზღაურდება.
საჯარო მოხელის მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს ის გარემოება სასამართლოში დავის განხილვისა და გადაწყვეტილების აღსრულების ვადების გათვალისწინებით, გათავისუფლების საფუძვლის კანონიერების გადაწყვეტა შეიძლება წლების განმავლობაში გაგრძელდეს. მაგალითისათვის მოსარჩელე მერი გიორგაძის გათავისუფლება 2014 წლის 4 თებერვალს მოხდა, ხოლო სასამართლო გადაწყვეტილების შესაბამისად დაწესებულების მიერ ახალი ადმინისტრაციული აქტი 2015 წლის 17 ნოემბერს იქნა გამოცემული.
დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ გასაჩივრებული ნორმის მოქმედების პირობებში:
1. მოხელის უკანონო მოცდენისა და განაცდური ხელფასის ანაზღაურების კუთხით ”საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი აქტის უკანონოდ ცნობას/ბათილობას ორ სხვადასხვა შედეგს უკავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ სამართლებრივად ორივე შემთხვევაში სახეზე გვაქვს უკანონო ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი. 2. სასამართლოს მიერ გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობას შესაძლოა შედეგად მოჰყვეს დაუყოვნებლივი აღდგენა ან ადმინისტრაციული ორგანოს დავალდებულება ჩაატაროს ადმინისტრაციული წარმოება ახალი აქტის გამოსაცემად, საკითხის სრულად გამოკვლევისა და შესწავლის გზით. იმ შემთხვევაში, როცა ადმინისტრაციულ ორგანოს საკითხი დამატებითი შესწავლის მიზნით უბრუნდება, სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანიდან, ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებისა და ახალი აქტის გამოცემამდე პერიოდში განთავისუფლებული მოხელის სტატუსი გაურკვეველია. ერთი მხრივ, აქტი რომლითაც გათავისუფლება განხორციელდა ბათილია, ხოლო მეორე მხრივ არ არსებობს აქტი, რომელიც მოცემულ საკითხს მოაწესრიგებს. შესაბამისად, ზიანის/განაცდურის ანაზღაურებას კანონმდებელი უკავშირებს დათქმას, მოხელის სამსახურში აუცილებელ აღდგენასთან დაკავშირებით.
საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლი ნებისმიერ მოქალაქეს აძლევს საშუალებას ეკავოს ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობა, თუ ის აკმაყოფლიებს კანონის მოთხოვნებს. კონსტიტუციის 29-ე მუხლის 1-ლ პუნქტთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 23 მაისის გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. აღნიშნულ გადაწყვეტილებაში განმარტებულია:
“საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს დაიკავოს ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს“. [...]კონსტიტუციის აღნიშნული დებულება მოიცავს არა მხოლოდ კონკრეტული თანამდებობის დაკავების, არამედ ამ თანამდებობრივი უფლებამოსილების შეუფერხებლად განხორციელებისა და თანამდებობიდან უსაფუძვლოდ გათავისუფლებისაგან დაცვის გარანტიებს” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 11 აპრილის #1/2/569 გადაწყვეტილება საქმეზე “საქართველოს მოქალაქეები - დავით კანდელაკი, ნატალია დვალი, ზურაბ დავითაშვილი, ემზარ გოგუაძე, გიორგი მელაძე და მამუკა ფაჩუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II, 1). ამდენად, კონსტიტუციის 29-ე მუხლი სახელმწიფოს ავალდებულებს, დაადგინოს სახელმწიფო თანამდებობაზე საქმიანობის გონივრული პირობები და გაუმართლებლად არ შეზღუდოს მოქალაქის უფლება, მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფო მართვაში, განახორციელოს საჯარო მნიშვნელობის ფუნქცია. “...სახელმწიფო თანამდებობის დაკავების უფლების დაცვით, საქართველოს კონსტიტუცია ესწრაფვის, ერთი მხრივ, უზრუნველყოს მოქალაქეთა თანაბარი დაშვება სახელმწიფო სამსახურში გონივრული და კონსტიტუციური მოთხოვნების შესაბამისად, ხოლო, მეორე მხრივ, დაიცვას სახელმწიფო მოსამსახურე მის საქმიანობაში გაუმართლებელი ჩარევისგან, რათა მან შეძლოს კონსტიტუციითა და კანონით მასზე დაკისრებული მოვალეობების ჯეროვნად შესრულება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 11 აპრილის #1/2/569 გადაწყვეტილება საქმეზე “საქართველოს მოქალაქეები - დავით კანდელაკი, ნატალია დვალი, ზურაბ დავითაშვილი, ემზარ გოგუაძე, გიორგი მელაძე და მამუკა ფაჩუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II, 7). [...] მაშასადამე, საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლი იცავს მოქალაქის უფლებას, ჰქონდეს თავისუფალი წვდომა სახელმწიფო სამსახურზე, ამასთან, გულისხმობს საჯარო სამსახურში დასაქმებული პირის თანამდებობასთან დაკავშირებულ კონსტიტუციურ გარანტიებს - არ იქნეს დაუსაბუთებლად გათავისუფლებული სამსახურიდან, იყოს დაცული ყოველგვარი გარე ჩარევისგან. “
მიგვაჩნია, რომ გასაჩივრებული ნორმა ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 29-ე მუხლის 1-ლ პუნქტს, რადგან წარმოადგენს დაუსაბუთებელ და უსაფუძვლო ჩარევას საჯარო მოხელის შრომით უფლებებში. საკანონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით (2015 წლის 31 ივლისის #2/3/630 გადაწყვეტილება საქმეზე თინა ბეჟიტაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ): „საჯარო მოხელეს სამსახურში დანიშვნისას წარმოეშობა გონივრული მოლოდინი, რომ გარანტირებულად მიიღებს თანამდებობრივ სარგოს, გარდა მისი მართლზომიერად, კანონიერ საფუძველზე გათავისუფლების შემთხვევისა". „საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 127-ე მუხლის მე-6 პუნქტის ჩანაწერი, რომელიც უკანონო გათავისუფლებით მიყენებული ზიანის ანაზღაურებას უკავშირებს დაწესებულების მიერ მოხელის სამსახურში აღდგენას, აკნინებს საჯარო მოხელის სტატუსს და შეუსაბამოდ ზღუდავს მის უფლებას უპირობოდ მიიღოს ანაზღაურება, როგორც სოციალური დაცვის გარანტია, სამსახურში დანიშვნის დღიდან მისი კანონიერ საფუძველზე გათავისუფლებამდე. მიგვაჩნია, რომ იმ შემთხვევაში თუკი სასამართლო დაადგენს საჯარო მოხელის გათავისუფლების შესახებ ადმინისტრაციული აქტის უკანონობას, საჯარო მოხელე უნდა აღდგეს თავის უფლებებში და ჰქონდეს შესაძლებლობა ისარგებლოს საჯარო მოხელისათვის გათვალისწინებული სოციალური დაცვის გარანტიებით. არსებული მდგომარეობით, შეიძლება სასამართლოს მიერ დადგინდეს გათავისუფლების შესახებ ბრძანების უკანონობა, თუმცა ამის შემდეგ საჯარო მოხელეს კიდევ წლობით ადგებოდეს უკანონო გათავისუფლებით გამოწვეული მატერიალური და მორალური ზიანი, რაც წინააღმდეგობაშია კონსტიტუციის 29 (1) მუხლთან.
კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი
საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის მიხედვით, “ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.” „საკონსტიტუციო სასამართლომ 2015 წლის 31 ივლისის # 2/3/630 გადაწყვეტილებაში (საქართველოს მოქალაქე თინა ბეჟიტაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) აღნიშნა: „საჯარო მოხელის სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლება წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტში ჩამოთვლილ სუბიექტთა მიერ ჩადენილი უკანონო ქმედების შედეგს. შესაბამისად, კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკის ან/და თვითმმართველობის ორგანოებს ეკისრება პირის უკანონოდ გათავისუფლების ყველა შემთხვევაში, იმისდა მიუხედავად, გათავისუფლებისას დაირღვა თუ არა მატერიალური თუ საპროცესო ნორმების მოთხოვნები, უკანონობა უკავშირდება გათავისუფლების საფუძვლის უკანონობას თუ გათავისუფლების პროცედურის მარეგულირებელი ნორმების უხეშ დარღვევას. [...] „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, საჯარო მოხელე თანამდებობაზე ინიშნება და თანამდებობიდან თავისუფლდება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტით. შესაბამისად, საჯარო მოხელის გათავისუფლების შემთხვევაში ზიანის ანაზღაურების ვალდებულება წარმოიშობა, როდესაც არსებობს გათავისუფლების აქტის ბათილობის საფუძველი. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 60(1) მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები“. კოდექსი განმარტავს იმ პროცედურულ დარღვევებსაც, რომლებიც შეიძლება აქტის ბათილად ცნობას დაედოს საფუძვლად. ასეთ საფუძვლად დასახელებული მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მიიჩნევა „...სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება“.
როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს მითითებული გადაწყვეტილებიდან ჩანს, კანონმდებლობა პირის თანამდებობიდან განთავისუფლების აქტის ბათილობის ორი სახის საფუძველს გამოყოფს: 1. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობის მატერიალური საფუძვლები - აქტი არ ემყარება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საჯარო მოსამსახურის თანამდებობიდან განთავისუფლების საფუძვლებს; 2. ფორმალური საფუძვლები - აქტი გამოცემულია კანონით დადგენილი პროცედურული ნორმების არსებითი დარღვევით. გადაწყვეტილებაში საკონსტიტუციო სასამართლომ ნათლად განმარტა, რომ „ზიანის ანაზღაურების ვალდებულება სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკის ან/და თვითმმართველობის ორგანოებს ეკისრება პირის უკანონოდ გათავისუფლების ყველა შემთხვევაში, იმისდა მიუხედავად, გათავისუფლებისას დაირღვა თუ არა მატერიალური თუ საპროცესო ნორმების მოთხოვნები, უკანონობა უკავშირდება გათავისუფლების საფუძვლის უკანონობას თუ გათავისუფლების პროცედურის მარეგულირებელი ნორმების უხეშ დარღვევას.“ შესაბამისად, ზიანის ანაზღაურებისათვის საკმარისად უნდა ჩაითვალოს საერთო სასამართლოების მიერ აქტის ბათილად ცნობა, მიუხედავად მისი მატერიალური თუ პროცესუალური საფუძვლების უკანონობისა. მოცემული მსჯელობის მიუხედავად, დღეს მოქმედი საჯარო სამსახურის შესახებ კანონის 127-ე მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით, მართალია სახეზეა სასამართლოს მიერ ბათილად ცნობილი უკანონო ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი, მაგრამ ზიანის/განაცდურის ანაზღაურების საკითხი დამოკიდებულია სპეციალურ დათქმაზე, კერძოდ პირის სამსახურში აღდგენის ფაქტის დადგომაზე.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2015 წლის 31 ივლისის N2/3/630 გადაწყვეტილებაში, რომლის საფუძველზეც “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 112-ე მუხლის ნორმატიული შინაარსი არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი, ასევე მოგვცა უმნიშვნელოვანესი განმარტება ზიანის ანაზღაურების მოცულობასთან დაკავშირებით. მითითებულ გადაწყვეტილებაში სასამართლო განმარტავს: „უკანონოდ განთავისუფლებული მოხელისათვის მიყენებული ზარალი შესაძლოა სხვადასხვა სახით იყოს გამოხატული, მათ შორის, არამატერიალური ფორმით. უკანონოდ განთავისუფლებული პირი, გარდა იმისა, რომ ვერ იღებს იძულებითი გაცდენის პერიოდში ნავარაუდებ ანაზღაურებას, განიცდის მის მიმართ განხორციელებული უკანონობის თანმხლებ უარყოფით შედეგებსაც, რაც ცალკეულ შემთხვევაში, შესაძლოა გამოხატულ იქნეს, საზოგადოების ან/და პოტენციური დამსაქმებლების მხრიდან, მის მიმართ უარყოფით დამოკიდებულებაში, რაც ნეგატიურად აისახება განთავისუფლებული მოხელის როგორც ქონებრივ მდგომარეობაზე, ასევე მის სამსახურებრივ რეპუტაციაზე. შესაბამისად, უკანონოდ განთავისუფლება შესაძლოა პირს აყენებდეს როგორც ქონებრივ, ასევე მორალურ ზიანს, რაც წარმოადგენს ზარალს, რომლის ანაზღაურებაც გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტით.“
შესაბამისად, ზიანის, მათ შორის განაცდურის ანაზღაურების საკითხი შეუძლებელია დავუკავშიროთ მოხელის სამსახურში აღდგენის ფაქტს, რადგან მიუხედავად იმისა, აღდგება თუ არა მოხელე სამსახურში, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ უკანონო აქტის გამოცემით მიყენებული ზიანი უკვე სახეზეა და შესაბამისად მოცემული ზიანის ანაზღაურების ვალდებულებაც დამდგარია. ამასთან, მნიშვნელოვანია მივუთითოთ ისეთი შემთხვევა, როდესაც ობიექტური მიზეზების გამო მოხელის სამსახურში აღდგენა შეუძლებელია, მაგალითად სასამართლო დავის პერიოდის განმავლობაში მისთვის განკუთვნილი შტატის გაუქმების გამო. ასეთ დროს, მიუხედავად იმისა, რომ განთავისუფლება უკანონო იყო, ცხადია, ადმინისტრაციული წარმოების გზით საჯარო მოხელის აღდგენა შეუძლებელია, 127-ე მუხლის მე-6 პუნქტის დღეს მოქმედი რედაქციის მიხედვით კი უფლებადარღვეული მოხელე განაცდურის/ზიანის ანაზღაურების შესაძლებლობას კარგავს. ვფიქრობთ, აღნიშნული გარემოება ნათლად ადასტურებს 127-ე მუხლის მე-6 პუნქტის მოქმედი რედაქციის წინააღმდეგობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის 1-ლ და მე-9 პუნქტებთან, რაც სასამართლოსადმი მიმართვას და სახელმწიფოს მიერ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით ანაზღაურებას გულისხმობს. ვინაიდან, ფაქტობრივად ასეთ დროს შეუძლებელი იქნება სასამართლო წესით პირისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება, მაშინ, როდესაც საკითხის ამგვარ რეგულაციას (აღდგენის მიუხედავად ზიანის ანაზღაურების შესაძლებლობა) საჯარო სამსახურის შესახებ კანონი ითვალისწინებს. თუმცა ითვალისწინებს მხოლოდ იმ შემთხვევისათვის, როდესაც სასამართლო პირდაპირ ავალებს ადმინისტრაციულ ორგანოს მოხელის სამსახურში აღდგენას. ის ფაქტი, რომ 127-ე მუხლის მე-6 პუნქტის შემთხვევაში სასამართლო თავად არ წყვეტს მოხელის სამსახურში აღდგენის საკითხს, ვერ ჩაითვლება საკმარის არგუმენტად იმის დასასაბუთებლად, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არ აუნაზღაუროს უკანონო აქტის გამოცემით მიყენებული ზიანი მოსარჩელეს, რადგან ზიანის ანაზღაურების საკითხი დაკავშირებულია არა აღდგენის საკითხის არსებითად გადაწყვეტასთან, არამედ თავად აქტის უკანონობის დადგენასთან. მიგვაჩნია, რომ სასამართლოს მიერ აქტის ბათილად ცნობა არის საკმარისი, იმისათვის, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ უკანონო ქმედებით(აქტი) მიყენებული ზიანისათვის სათანადო პასუხისმგებლობა დაეკისროს თავად ადმინისტრაციულ ორგანოს, რაც გამოიხატება, საჯარო მოხელისათვის ზიანის ანაზღაურებაში, რასაც პირდაპირ ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი. პირის უკანონოდ განთავისუფლების შემთხვევაში, დაკმაყოფილებულია კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, ზიანის ანაზღაურების ვალდებულების წარმოშობისათვის საჭირო ყველა აუცილებელი პირობა. კერძოდ: 1. სახელმწიფო მოხელე მოქმედებს უკანონოდ; 2. უკანონობის ფაქტი დადასტურებულია სასამართლოს მიერ მიღებული და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით; 3. სახეზეა ასევე ზიანი, რომელიც გამოიხატება უკანონო განთავისუფლების შედეგად მიუღებელ შემოსავალში; 4. არსებობს დასახელებულ ქმედებასა და შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირი, ვინაიდან სწორედ უკანონო განთავისუფლების ბრძანება იწვევს პირისთვის მატერიალური ზარალის წარმოშობას.
აღსანიშნავია, რომ “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 127-ე მუხლში საქართველოს პარლამენტმა 2011 წლის 5 მაისს შეიტანა ცვლილება, რომელის მიხედვითაც აღნიშნულ მუხლს დაემატა მე-5 და მე-6 პუნქტები იმ რედაქციით რაც დღეს მოქმედებს. კანონპროექტის თანდართული განმარტებითი ბარათის მიხედვით, მოცემული ცვლილების საჭიროება შემდეგნაირად განიმარტა: “საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის მოქმედი რედაქცია (იგულისხმება 2011 წლის 5 მაისამდე) პირის დაუყოვნებლივ აღდგენას უკავშირებს სასამართლოს მიერ მისი გათავისუფლების (გადაყვანის) შესახებ ბრძანების, განკარგულების ან გადაწყვეტილების არაკანონიერად ცნობას [...] ამასთან, მითითებული კანონის მოქმედი რედაქცია არ ითვალისწინებს გამონაკლისს მოხელის სამსახურში დაუყოვნებლივ აღდგენასთან დაკავშირებით, რომელიც იარსებებს იმ შემთხვევაში, თუ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით მოხელის განთავისუფლების (გადაყვანის) ბრძანება, განკარგულება ან გადაწყვეტილება ბათილად იქნება ცნობილი სადავო საკითხის გადაუწყვეტლად (საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლი).[...]” მოცემული განმარტებითი ბარათის შესაბამისად კანონპროექტის მიზანს წარმოადგენდა: “დაწესებულების მიერ მოხელის სამსახურში აღდგენასთან დაკავშირებული პროცედურების იმგვარად ჩამოყალიბება, რომ სასამართლოს მიერ სამსახურიდან განთავისუფლებაზე (გადაყვანაზე) გამოცემული ბრძანების, განკარგულების ან გადაწყვეტილების ბათილად ცნობამ არ გამოიწვიოს მოხელის სამსახურში დაუყონებლივი აღდგენა, თუ ამავე სასამართლოს გადაწყვეტილებით დაწესებულება ვალდებულია გამოსცეს ახალი ბრძანება, განკარგულება ან გადაწყვეტილება.” განმარტებით ბარათში საუბარი არ არის ზიანის ანაზღაურების საკითხის შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ ცვლილების შემდგომ დამატებული მე-6 პუნქტი მოცემული საკითხის მოწესრიგებას შეეხება და ის არსებითად განსხვავებულ მიდგომას აყალიბებს, ვიდრე, ამავე კანონის 112-ე მუხლი. გარდა დაუყოვნებლივი აღდგენის საკითხისა, კანონმდებელმა განაცდურის/ზიანის მიღების საკითხიც პირდაპირ დაუკავშირა სწორედ ადმინისტრაციული წარმოების შედეგს. შესაბამისად, თუ ადმინისტრაციული ორგანო მიიღებს გადაწყვეტილებას მოსარჩელის სამსახურში აღდგენასთან დაკავშირებით, მხოლოდ ამ შემთხვევაში აქვს შესაძლებლობა მოხელეს მოითხოვოს განაცდურის/ზიანის ანაზღაურებაც. მაშინ როდესაც კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის განმარტების შესაბამისად, განაცდურის/ზიანის ანაზღაურება დამოკიდებულია არა რომელიმე ორგანოს მიერ სამომავლოდ მისაღები გადაწყვეტილების შინაარსზე, არამედ უკვე დამდგარ შედეგზე, კერძოდ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული აქტის სასამართლოს მხრიდან უკანონოდ ცნობის ფაქტზე, რომელიც დროში წინ უნდა უსწრებდეს განაცდურის/ზიანის მოთხოვნის წარმოშობას.
კონსტიტუციის 42-ე მუხლის 1-ლი პუნქტი
საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ყველა ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. კონსტიტუციის ამ ნორმის შინაარსი განმარტებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ. კერძოდ, სასამართლომ 2014 წლის 24 დეკემბრის N577 გადაწყვეტილებაში განმარტა: „საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით აღიარებული სასამართლო დაცვის ძირითადი უფლება ფორმალურად სასამართლოსადმი მიმართვის შესაძლებლობას ნიშნავს, ხოლო შინაარსობრივად - ადამიანის უფლებების სრულყოფილ სამართლებრივ დაცვას უზრუნველყოფს. სრულყოფილი დაცვა კი, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს კანონმდებლის ვალდებულებას, შექმნას ისეთი ნორმატიული წესრიგი, რომელიც უზრუნველყოფს პირის უფლებას დროულ, სამართლიან და ეფექტიან სასამართლოზე, რათა პირმა სრულყოფილად შეძლოს მისი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა სასამართლოსადმი მიმართვის გზით. საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთხელ აღნიშნა სასამართლოსადმი მიმართვის უფლების სრულყოფილი რეალიზაციის მნიშვნელობა სამართლებრივი და დემოკრატიული სახელმწიფოსთვის.” ამასთან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2009 წლის 27 აგვისტოს გადაწყვეტილებაში N434 განმარტა: „საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტში არაორაზროვნად იკითხება, რომ ადამიანს უფლება აქვს, ყველა თავისი უფლების და თავისუფლების დასაცავად მიმართოს სასამართლოს, ამასთან განურჩევლად იმისა, ეს უფლება კონსტიტუციითაა აღიარებული, კანონით, თუ საერთაშორისო აქტებით. ნებისმიერი უფლებით სრულად სარგებლობის უზრუნველყოფის უმნიშვნელოვანესი გარანტია ზუსტად მისი სასამართლოში დაცვის შესაძლებლობაა. თუკი არ იქნება უფლების დარღვევის თავიდან აცილების ან დარღვეული უფლების აღდგენის შესაძლებლობა, სამართლებრივი ბერკეტი, თავად უფლებით სარგებლობა დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ. შესაბამისად, ამა თუ იმ უფლების დასაცავად სასამართლოსადმი მიმართვის აკრძალვა ან არათანაზომიერი შეზღუდვა არღვევს არა მხოლოდ სამართლიანი სასამართლოს უფლებას, არამედ იმავდროულად შეიცავს საფრთხეს თავად იმ უფლების უგულვებელყოფისა, რომლის დასაცავადაც სასამართლოსადმი მიმართვაა აკრძალული (შეზღუდული).”
2010 წლის 28 ივნისის #1/466 გადაწყვეტილებაში საკონსტიტუციო სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ: „სამართლიანი სასამართლოს უფლება არ გულისხმობს მხოლოდ ფორმალურ ან ნომინალურ შესაძლებლობას მიმართო სასამართლოს. აუცილებელია ეფექტური ღონისძიების არსებობა, როდესაც გვხვდება შესაბამისი უფლება და ამ შემთხვევაში პირს უნდა ჰქონდეს ფაქტზე რეაგირების ეფექტური, ქმედითი და არა ილუზორული მექანიზმი”
მიგვაჩნია, რომ გასაჩივრებული ნორმის მოქმედების პირობებში, სახელმწიფოს მხრიდან უკანონო გათავისუფლებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით სასამართლოსათვის მიმართვის უფლება დეკლარაციული ხასიათისაა და ვერ უზრუნველყოფს მოსაჩელის დარღვეულ უფლებაში აღდგენას, მათ შორის განაცდურის/ზიანის მიღების ნაწილში. დღეის მდგომარეობით, საერთო სასამართლოებს გასაჩივრებული ნორმა ართმევს შესაძლებლობას უკანონოდ განთავისუფლებულ საჯარო მოხელეებს მიაკუთვნონ ზიანის ანაზღაურება, რაც ამ უფლების დასაცავად სასამართლოსადმი მიმართვას ფაქტობრივად აზრს უკარგავს.
იმისათვის, რომ კიდევ უფრო ნათლად წარმოჩინდეს თუ როგორ შეიზღუდა პირის უფლება აინაზღაუროს უკანონო გათავისუფლებით მიყენებული ზიანი სახელმწიფოსგან გასაჩივრებული ნორმის ამოქმედებით, მნიშვნელოვანად მიგვაჩნია, მიმოვიხილოთ მოცემული მუხლის ამოქმედებამდე და ამოქმედების შემდგომ საერთო სასამართლოების პრაქტიკა. ამ მიზნით, მოვიხმობთ საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას გასაჩივრებული ნორმის ამოქმედებამდე და მისი ამოქმედების შემდეგ:
გასაჩივრებული ნორმის ამოქმედებამდე არსებული სასამართლო პრაქტიკა
საქართველოს უზენაესმა სასამართლოს 2007 წლის 1 აგვისტოს გადაწყვეტილებაში (საქმე N ბს-906-867(კ-06)) შემდეგი მსჯელობაა მოცემული: „...ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის საფუძველზე ბათილად ცნობილი არაკანონიერი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემიდან ახალი ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემამდე პერიოდში მოსარჩელე ვერ განიხილება პირად, რომელმაც დაკარგა საჯარო მოხელისა და სამხედრო მოსამსახურის სტატუსი, მას აღნიშნული სტატუსი მთელი ამ პერიოდის განმავლობაში შენარჩუნებული აქვს და «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 37.1 მუხლით განსაზღვრული მოხელისათვის ხელფასის ანაზღაურების პერიოდში წყვეტა არ არის. შემდგომში მოხელის სამუშაოზე დარჩენისა თუ მისი განთავისუფლების საკითხი უკვე სამომავლო საკითხია, რომელიც უნდა გადაწყდეს საქართველოს თავდაცვის მინისტრის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით და რომელიც გამოცემულ უნდა იქნეს ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების გზით, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევისა და შესწავლის შედეგად და შესაბამისად, უნდა იყოს დასაბუთებული. ბათილად ცნობილი არაკანონიერი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემიდან ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე პერიოდი ვერ მოექცევა სამოხელეო ურთიერთობების მიღმა და სამართლებრივი სიცარიელე მოხელის, ისევე როგორც სამხედრო მოსამსახურის სტატუსთან მიმართებაში ამ შემთხვევაში ვერ იქნება. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში სადავო საკითხი, რომელიც სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით არსებითად არ არის გადაწყვეტილი და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის საფუძველზე საჭიროებს ხელახალ გამოკვლევას, არის მხოლოდ მოსარჩელის სამუშაოზე აღდგენის და არა მისთვის იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურების საკითხი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ახალი გადაწყვეტილების მიღების გზით ნაწილობრივ აკმაყოფილებს სარჩელს იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში.”
მსგავსი მსჯელობაა მოცემული საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილებაშიც (N¹ბს-474-454(კ-10)): „იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურება ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-4 პუნქტით აღიარებულ შრომით უფლებების დაცვისა და შრომის ანაზღაურების პრინციპებს. ამდენად, სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებულ მოხელეს კანო ნი აძლევს უფლებას, მოითხოვოს იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურება. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2005 წლის 6 დეკემბრის ¹ბს-1230-805(კ-05) და 2005 წლის 28 ნოემბრის ¹ბს-1043-625(კ-05) განჩინებებზე. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის განმარტებით «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 112-ე მუხლის შესაბამისად, იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურება უნდა მოხდეს, პირის სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ ბრძანების (განკარგულების, დადგენილების) გამოცემიდან ახალ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე. ამასთან, ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე ითვლება, რომ მოხელე, კანონით დადგენილი წესით, სამსახურიდან განთავისუფლებული არ არის, რის გამოც მას მიეცემა იძულებითი განაცდური ხელფასი, იმ ხელფასის შესაბამისად, რომელსაც იგი იღებდა სადავო ბრძანების (განკარგულების, დადგენილების) გამოცემამდე. ამდენად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ იმ პირობებში როდესაც, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებებით, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილი- სის მერიის ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობის 2005 წლის 13 აპრილის ¹240/1-09 და 2006 წლის 26 დეკემბრის ¹614/1-03 განკარგულებები, მოსარჩელისათვის იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურებაზე უარის თქმა საფუძველს მოკლებულია. “
გასაჩივრებული ნორმის ამოქმედების შემდეგ არსებული სასამართლო პრაქტიკა კი ასეთია:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილებაში (საქმე Nბს-498-493(3კ-11)) სასამართლომ დააკმაყოფილა საკასაციო საჩივარი „საჯარო სამსახურის შესახებ” კანონში განხორციელებული ცვლილებებიდან გამომდინარე. მოცემულ საქმეზე, სააპელაციო სასამართლომ განმარტა: „ «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 112-ე მუხლის აღმჭურველი ნორმა არ განასხვავებს იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას იმისდა მიხედვით, აღდგენილი იქნება თუ არა მოხელე წინანდელ სამსახურში და არსებით მნიშვნელობას ანიჭებს სამსახურიდან მოხელის უკანონოდ გათავისუფლებას, რამდენადაც სასამართლო გადაწყვეტილებით დადასტურდა მოხელის გათავისუფლების უკანონობა და ბათილად იქნა ცნობილი ამის თაობაზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, განაცდურის ანაზღაურებისათვის აღარ აქვს მნიშვნელობა, აღდგენილი იქნება თუ არა მოხელე წინანდელ სამსახურში, რადგან მისი სამსახურში იძულებითი არყოფნა გამოწვეული იყო სწორედ დაწესებულების ადმინისტრაციის უკანონო მოქმედებით და შესაბამისად, ამ შემთხვევაში არ არსებობდა ხელფასის გაუცემლობის საფუძველი. [...] საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს უზენაეს სასამართლოში ჩამოყალიბებული პრაქტიკის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ სწორად იქნა გამოყენებული «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 112-ე მუხლი, რომლის თანახმად, მოპასუხეს დაეკისრა ს. ზ-ის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის ანაზღაურება. თუმცა, აქვე საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს შემდეგ გარემოებაზე: სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისა და საკასაციო საჩივრის წარდგენის შემდგომ 5.05.11 წ. «საჯარო სამსახურის შესახებ »საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე [...] 127-ე მუხლს დაემატა შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი: სასამართლოს მიერ სამსახურიდან განთავისუფლებაზე ან გადაყვანაზე გაცემული ბრძანების, განკარგულების ან გადაწყვეტილების ბათილად ცნობა არ იწვევს მოხელის სამსახურში დაუყოვნებლივ აღდგენას, თუ სასამართლო გადაწყვეტილების შესაბამისად, დაწესებულება ვალდებულია ახალი ბრძანება, განკარგულება ან გადაწყვეტილება გამოსცეს სამსახურიდან განთავისუფლებასთან ან გადაყვანასთან დაკავშირებულ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ. მოხელის მიერ მოთხოვნილი განაცდური ხელფასი ამ კანონის 112-ე მუხლით დადგენილი ოდენობით ანაზღაურდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულება მოხელეს აღადგენს სამსახურში. სხვა შემთხვევაში განაცდური ხელფასი არ ანაზღაურდება. [...] «ნორმატიული აქტების შესახებ» საქართველოს კანონის 47.1 მუხლის თანახმად,ნორმატიულ აქტს უკუძალა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის დადგენილი ამ ნორმატიული აქტით. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულშემთხვევაში ადგილი აქვს სწორედ ასეთ შემთხვევას, რამდენადაც, როგორც აღინიშნა,კანონის მე-2 მუხლში საგანგებოდ არის აღნიშნული, რომ ეს კანონი ამოქმედდა გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდა მანამდე წარმოშობილ ურთიერთობაზე.[..]აღნიშნული მუხლის მოთხოვნებიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ კანონი ადმინისტრაციულ ორგანოს არსებულ ვითარებაში არ ავალებს იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას, ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება არ ეწინააღმდეგება კანონს, რის გამოც სასამართლო მოკლებულია მატერიალურ და პროცესუალურ საფუძველს დააკმაყოფილოს მოთხოვნა იძულებითი ანაზღაურების გაცემის თაობაზე. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სახეზეა გასაჩივრებული გადაწყვეტილების იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილში გაუქმებისა და საქმეზე ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღების კანონისმიერი საფუძველი.” ანალოგიური მსჯელობაა მოცემული მოსარჩელეთა მიმართ მიღებულ გადაწყვეტილებებში/განჩინებებში.
ზემოთ მოყვანილი სასამართლო პრაქტიკის ანალიზი იძლევა საშუალებას დავასკვნათ, რომ 2011 წლამდე არსებული პრაქტიკით გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობა საკმარისი იყო იმისთვის, რომ საჯარო დაწესებულებას განაცდურის ანაზღაურების ვალდებულება დაკისრებოდა და ეს საჯარო მოხელის ფუნდამენტურ უფლებად მიიჩნეოდა. საკონსტიტუციო სარჩელის დაკმაყოფილების შემხვევაში საერთო სასამართლოები კვლავ შეძლებენ დაუბრუნდნენ პრაქტიკას, რომელიც მიგვაჩნია, რომ კონსტიტუციასთან შესაბამისი იყო.
აქვე მნიშვნელოვანი და საინტერესოა მივუთითოთ, რომ შრომის კოდექსის 32-ე მუხლის 1-ლი ნაწილი პირდაპირ ადგენს, რომ “თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენის დროს დასაქმებულს შრომის ანაზღაურება მიეცემა სრული ოდენობით.” ამასთან, იმავე კოდექსის, 38-ე მუხლის მე-8 ნაწილი მიუთითებს “ სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით.” აღნიშნულს საკითხთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია მივუთითოთ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილება საქმეზე №ას-886-836-2015 , რომელშიც საკასაციო პალატამ მიუთითა: “საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ [...] იძულებით მოცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურების შესახებ სარჩელის მოთხოვნა, როგორც მეორადი მოთხოვნა, წარმოადგენს უკანონოდ გათავისუფლების შესახებ ბრძანების თანმდევ სამართლებრივ შედეგს.” აღნიშნული უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებების ანალიზი ცხადყოფს, რომ კერძო სამართლებრივ ურთიერთობებში უკანონო გათავისუფლების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თანმდევ შედეგს წარმოადგენს ზიანის ანაზღაურება განაცდურის სახით. უზენაესი სასამართლოს განმარტებებიდან კარგად ჩანს, რომ ზიანის ანზღაურების ვალდებულება დაკავშირებულია არა პირის სამსახურში აღდგენასთან, არამედ სასამართლოს მიერ გათავისუფლების გადაწყვეტილების ბათილობის, უკანონობის ფაქტის დადგენასთან. სწორედ, უკანონო გადაწყვეტილება გათავისუფლების შესახებ არის მიზეზობრივ კავშირში დამდგარ ზიანთან, რომელიც ადგება უკანონოდ გათავისუფლებულ პირს, ვინაიდან მას ერთმევა შესაძლებლობა კანონის მოთხოვნათა დაცვით იმუშაოს და მიიღოს შესაბამისი შრომითი გასამრჯელო. ყოველივე ზემოაღნიშნულის მიხედვით, შეიძლება ითქვას, რომ უკანონო განთავისუფლების დროს ზიანის(განაცდურის) ანაზღაურების კუთხით, უფლების დაცვისა და რეალიზაციის უფრო მყარ გარანტიებს ქმნის შრომის კოდექსი, ვიდრე “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონი, რომელიც ზიანის ანაზღაურებას გარკვეულ სამომავლო პირობებს უქვემდებარებს. მიგვაჩნია, რომ საჯარო მოხელე, რომლის როლიც უმნიშვნელოვანესია სახელმწიფო ორგანოების ნორმალურ ფუნციონირებაში, არ უნდა იყო კერძო სფეროში დასაქმებულ პირებზე ნაკლებად დაცული. პირიქით, სახელმწიფო მუდმივად უნდა ისწრაფოდეს საჯარო მოხელეთა შრომითი უფლებების დასაცავად მყარი სამართლებრივი გარანტიების შექმნისაკენ.
აღსანიშნავია, რომ უკანონოდ გათავისუფლებული პირის უფლება, მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე, გათვალისწინებულია რიგი საერთაშორისო სამართლებრივი აქტებითაც. მათ შორის - სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-7 მუხლით; შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) 1982 წლის C 158 კონვენციის (Termination of Employment Convention) მე-10 მუხლი სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებულ პირს ანიჭებს უფლებას სასამართლოს მიერ მისთვის სამართლიან და ადეკვატურ კომპენსაციაზე, ხოლო 1963 წლის რეკომენდაციის R 118 (Termination Of Employment Recommendation) მე-6 პარაგრაფი ითვალისწინებს სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული პირის უფლებას მიუღებელ ხელფასზე. საქართველოსა და ევროკავშირს, ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის 2014 წლის 27 ივნისს დადებული შეთანხმების 228-ე და 229-ე მუხლები აღიარებენ და იცავენ შრომის საერთაშორისოდ დამკვიდრებულ, მათ შორის შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) მიერ დადგენილ სტანდარტებს, განამტკიცებენ თითოეული დასაქმებული პირისათვის ღირსეული შრომის უფლების საკანონმდებლო იმპლემენტაციის ვალდებულებას სახელმწიფოთათვის. “ საქართველოსა და ევროკავშირს, ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის 2014 წლის 27 ივნისს დადებული შეთანხმების 228-ე და 229-ე მუხლები აღიარებენ და იცავენ შრომის საერთაშორისოდ დამკვიდრებულ, მათ შორის შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) მიერ დადგენილ სტანდარტებს, განამტკიცებენ თითოეული დასაქმებული პირისათვის ღირსეული შრომის უფლების საკანონმდებლო იმპლემენტაციის ვალდებულებას სახელმწიფოთათვის.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მიგვაჩნია, მიუხედავად იმისა, დაუყოვნებლივი აღსრულებით აღდგება მოხელე სამსახურში თუ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებას დაავალებს სასამართლო შესაბამის ორგანოს, განაცდური/ზიანის ანაზღაურების საკითხი უნდა დადგეს სასამართლო მიერ ადმინისტრაციული აქტის უკანონოდ გამოცხადებისთანავე. შესაბამისად, უკანონო ბრძანებით მიყენებული ზიანი მოხელეს უნდა აუნაზღაურდეს და ზიანის ანაზღაურება არ უნდა იყოს დამოკიდებული პირის სამსახურში აღდგენასთან.
აქვე აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო რესურსის მასშტაბის, მოცულობის და ბუნების გათვალისწინებით, სახელმწიფოს მხრიდან არამართლზომიერ ქმედებათა განხორციელება ხშირ შემთხვევებში გაცილებით მეტი საფრთხის შემცველია კერძო სუბიექტების მხრიდან განხორციელებულ ანალოგიური სახის ქმედებასთან შედარებით. ამიტომ მიყენებული ზარალის ანაზღაურების ვალდებულების დაწესება ხელს შეუწყობს სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და თანამდებობის პირთა თვითნებობის და ძალაუფლების უკანონოდ გამოყენების პრევენციას (საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე №2/3/630, 2015 წლის 31 ივლისი). გასაჩივრებული ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაში შემცირდება როგორც სახელმწიფო ორგანოების მხრიდან მოხელეთა დაუსაბუთებელი გათავისუფლებების რიცხვი, ისე ადმინისტრაციული წარმოების ვადები. შედეგად უზრუნველყოფილი იქნება საჯარო მოხელეთა შრომითი უფლებების უკეთესი დაცვა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მივიჩნევთ, რომ კონსტიტუციური სარჩელი სრულად უნდა დაკმაყოფილდეს. “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 127-ე მუხლის მე-6 პუნქტის ბოლო ორი წინადადება, რომელთა საფუძველზეც იზღუდება უკანონოდ განთავისუფლებული პირისათვის ზიანის ანაზღაურება სამსახურში მის აღდგენამდე, ცნობილი უნდა იქნეს არაკონსტიტუციურად საქართველოს კონსტიტუციის 29-ე და 42-ე მუხლის 1-ლ და მე-9 პუნქტებთან მიმართებით. ვინაიდან, ავიწროვებს საქართველოს კონსტიტუციით დაცულ სასამართლოსთვის მიმართვის უფლებას და ამდენად არ შეესაბამება მას. საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლის თანახმად კი, საქართველოს კონსტიტუცია ქვეყნის უზენაესი კანონია და ყველა სხვა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას.
|
სარჩელით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა