პოლიტიკური გაერთიანება „თავისუფალი საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N538 |
ავტორ(ებ)ი | პოლიტიკური გაერთიანება "თავისუფალი საქართველო" |
თარიღი | 27 ივლისი 2012 |
თქვენ არ ეცნობით სარჩელის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ სარჩელის დოკუმენტი
განმარტებები სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
სარჩელი აკმაყოფილებს ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის ,,ა“-,,ზ“ ქვეპუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს: 1. სარჩელი ფორმალურად გამართულია და შეიცავს კანონით სავალდებულო ყველა რეკვიზიტს; 2. შემოტანილია უფლებამოსილი პირების მიერ კონსტიტუციის მე-2 თავით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის გამო - სადაო ნორმებით ილახება ჩვენი, როგორც პოლიტიკური გაერთიანების კონსტიტუციით გარანტირებული უფლებები და თავისუფლებები; 3. სარჩელში მითითებული სადავო საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადია; 4. სადავო საკითხთან დაკავშირებით არ არსებობს საკონსტიტუციო სასამართლოს სხვა გადაწყვეტილება; 5. სარჩელი შემოტანილია კანონით დადგენილი ვადების დაცვით; 6. არ არსებობს სადავო აქტზე მაღლა მდგომი სხვა კანონი, რომლის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით მსჯელობა იქნებოდა საჭირო სადავო აქტის კონსტიტუციურობაზე სრულფასოვანი მსჯელობის უზრუნველყოფის მიზნით. ზ/ა გამომდინარე, არ არსებობს მისი სასამართლოში არსებითად განსახილველად არმიღების საფუძვლები. |
მოთხოვნის არსი და დასაბუთება
1.,,შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად: ,,1. საზოგადოებრივი წესრიგის, სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანოების, საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების, ტრანსპორტის ნორმალური მუშაობის უზრუნველსაყოფად ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო უფლებამოსილია, გაფრთხილების მიღებიდან სამი დღის განმავლობაში, შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარებისათვის პასუხისმგებელი პირების თანდასწრებით განიხილოს შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების ადგილისა და დროის შეცვლის მიზანშეწონილობის საკითხი და წერილობით გადასცეს მათ რეკომენდაცია ამის შესახებ“. საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების მიხედვით: ,,1. ყველას, გარდა იმ პირებისა, რომლებიც არიან სამხედრო ძალებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შემადგენლობაში, უფლება აქვს წინასწარი ნებართვის გარეშე შეიკრიბოს საჯაროდ და უიარაღოდ, როგორც ჭერქვეშ, ისე გარეთ. 2. კანონით შეიძლება დაწესდეს ხელისუფლების წინასწარი გაფრთხილების აუცილებლობა, თუ შეკრება ან მანიფესტაცია ხალხისა და ტრანსპორტის სამოძრაო ადგილას იმართება“. •სადავო ნორმით არალეგიტიმურად იზღუდება კონსტიტუციური ნორმა. კონსტიტუციით საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს (გარდა რამდენიმე გამონაკლისი შემთხვევისა) გარანტირებული აქვს საჯარო პროტესტის უფლება, რა დროსაც ეს უკანსაკნელი თავად ირჩევს პროტესტის გამოხატვისათვის მისთვის მისაღებ / ადექვატურ დროსა თუ ადგილს. სადაო ნორმაში ჩადებული კანონმდებლის ნება შეკრების ადგილის მიზანშეწონილობის საკითხის განხილვასთან დაკავშირებით ზღუდავს ზ/ა კონსტიტუციურ უფლებას, რაც უმრავლეს შემთხვევაში აზრს დაუკარგავს პროტესტს. მაგ: თუ მოქალაქეს სურს, რომ 2011 წლის 1 სექტემბერს 14.00 საათზე გაუკეთოს ორგანიზება შეკრებას საქართველოს პარლამენტის შენობის წინ იმ მიზნით, რომ დააფიქსიროს უარყოფითი დამოკიდებულება კანონთან დაკავშირებით, რომელსაც პარლამენტი იღებს ზ/ა დროს, ხოლო ხელისუფლება შეკრების ორგანიზატორებს მისცემს რეკომენდაციას შეკრების ჩატარებაზე ვერის პარკში 2011 წლის 3 სექტემბერს, პროტესტი და შეკრების ორგანიზება ბუნებრივად აზრს კარგავს. • სადავო ნორმით არაპროპორციულად იზღუდება კონსტიტუციური ნორმა. კონსტიტუციის თანახმად, გაფრთხილების აუცილებლობა წარმოიშვება იმ შემთხვევაში, თუ აქცია ხალხის ან/და ტრანსპორტის სავალ ნაწილზე. სადავო ნორმა კი აწესებს დამატებით შეზღუდვებს, რაც აშკარა წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციურ ნორმებთან. 2.,,შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ~ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად: ,,ბ) იქონიონ ისეთი საგანი ან ნივთიერება, რომელიც გამოიყენება ან შეიძლება გამოყენებულ იქნეს შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა ან სხვა პირთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების მიზნით“. საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით: ,,1. ყველას, გარდა იმ პირებისა, რომლებიც არიან სამხედრო ძალებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შემადგენლობაში, უფლება აქვს წინასწარი ნებართვის გარეშე შეიკრიბოს საჯაროდ და უიარაღოდ, როგორც ჭერქვეშ, ისე გარეთ“. • სადავო ნორმით არაადექვატურად იზღუდება კონსტიტუციური ნორმა. მოცემული დანაწესი კონსტიტუციით დაწესებულ შეზღუდვებთან ერთად სამართალდამცველებს აძლევს დამატებითი შეზღუდვების განხორციელების შესაძლებლობას. თუ დანაწესით კანონმდებელი მიზნად ისახავდა შეკრებისა და მანიფესტაციის მსვლელობისას შესაძლო ექსცესების თავიდან აცილებას, ამ შემთხვევაში უფრო მკაფიოდ და ნათლად შეეძლო განემარტა, თუ რა სახის საგნისა თუ ნივთის ქონა ეკრძალებათ აქციის მონაწილეებს. მოცემულ შემთხვევაში კანონმდებელს აშკარად სხვა მიზანი ამოძრავებდა, ვინაიდან სადაო ნორმის პირობებში ჯანმრთელობისათვის ზიანის მისაყენებელ საგნად შესაძლოა ჩაითვალოს დროშა (რადგან მას აქვს ტარი და აიკრძალოს აქციაში მონაწილეობა დროშების გამოყენებით. იმავდროულად, კონკრეტული დროშის მეშვეობით ხდება იმ ფაქტის გაანალიზება, თუ ვისი ორგანიზებულია ან/და ვინ მონაწილეობს აქციაში, შესაბამისად დროშის გამოყენების აკრძალვას სრულ ალოგიკურობამდე და კონსტიტუციის უხეშ დარღვევამდე მივყავართ) აქციის მონაწილე მანდილოსნის ჩანთაში აღმოჩენილი ფრჩხილების მაკრატელი, ქლიბი და ა.შ. 3. ,,შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ~ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად: ,,6. თუ ორგანიზატორმა ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილი ვალდებულება არ შეასრულა ან შეასრულა, მაგრამ ვერ აღმოფხვრა დარღვევა გონივრულ ვადაში, სამართალდამცავი ორგანოები დარღვევის აღმოსაფხვრელად, ტრანსპორტის სავალი ნაწილის გასახსნელად ან/და ტრანსპორტის მოძრაობის აღსადგენად გამოიყენებენ საერთაშორისო სამართლითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზომებს“. საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის 1-ლი და მე-3 პუნქტების მიხედვით: ,,1. ყველას, გარდა იმ პირებისა, რომლებიც არიან სამხედრო ძალებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შემადგენლობაში, უფლება აქვს წინასწარი ნებართვის გარეშე შეიკრიბოს საჯაროდ და უიარაღოდ, როგორც ჭერქვეშ, ისე გარეთ. 3. ხელისუფლებას შეუძლია შეკრების ან მანიფესტაციის შეწყვეტა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მან კანონსაწინააღმდეგო ხასიათი მიიღო“. სადავო ნორმით არალეგიტიმურად და არაადექვატურად იზღუდება კონსტიტუციური ნორმა. იმ შემთხვევაში, თუ შეკრების ორგანიზატორმა ვერ შეძლო აქციაზე მყოფი ორი პირის დაშოშმინება (რომლებიც შესაძლოა სულაც არ იზიარებენ პროტესტს და განზრახ, არეულობის გამოწვევას ისახავენ მიზნად), რომლებიც უცენზურო გამონათქვამებს იყენებენ, სადაო ნორმა საშუალებას აძლევს სამართალდამცავ ორგანოებს შეწყვიტონ მთლიანი აქცია და 2 დამრღვევის გამო შეკრების უფლება შეუზღუდონ დანარჩენ 500. 000 ადამიანს. • ზ/ა ნორმა არაპორპორციულია და იმ შემთხვევაში თუ კანონმდებელს ლეგიტიმური მიზანი ამოძრავებდა, შეეძლო მოცემული სიტუაცია კანონმდებლობით მოეწესრიგებინა მაგალითისათვის იმგვარად, რომ დამრღვევის განეიტრალების/აქციიდან გაყვანის ვალდებულება დაეკისრებინა სამართალდამცველებისათვის, რის შემდეგაც აქცია მშვიდობიან რიტმში გაგრძელდებოდა. დარღვევის აღმოფხვრაზე პასუხისმგებლობის ორგანიზატორისათვის დაკისრება გაუმართლებელია, რადგან ორგანიზატორი პასუხს აგებს იმაზე, რომ აქციამ კანონსაწინააღმდეგო ხასიათი არ მიიღოს ან/და არ გაისმას ტრიბუნიდან ისეთი მოწოდებები, რომელთაც კონსტიტუცია კრძალავს, ხოლო აქციის ცალკეული მონაწილის თვითინიციატივაზე/უკანონო ქმედებაზე პასუხისმგებლობა სამართალდამცველების კომპეტენციას უნდა განეკუთვნებოდეს, ისე რომ ამით ხელი არ შეეშალოს აქციის ნორმალურ მიმდინარეობას. თბილისსა და საქართველოს სხვა რეგიონებში 2007 წლიდან დღემდე ჩატარდა არაერთი მშვიდობიანი, საპროტესტო აქცია, რომლებშიც ვიღებდით მონაწილეობას მ.შ. ორგანიზატორის სტატუსით (ორგანიზატორი - კახა კუკავა). შესაბამისად, სადავო ნორმების შემოღებით შეილახა კონსტიტუციით გარანტირებული ჩვენი უფლებები და მომავალში მსგავსი აქციების ორგანიზებისას ზ/ა ნორმების არსებობის შემთხვევაში ჩვენი კანონიერი უფლებების რეალიზაციისას შეგვექმნება რიგი დაბრკოლებები. ყოველივე ზემოთთქმულიდან გამომდინარე, გთხოვთ: 1. ცნობილი იქნეს არაკონსტიტუციურად და შესაბამისად, - ძალადაკარგულად: ,,შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ~ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის 1-ლი პუნქტი; ,,შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ~ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი; ,,შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ~ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-6 პუნქტი. 2. საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ~ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, გთხოვთ, გვაცნობოთ გამწესრიგებელი სხდომის დანიშვნის შესახებ. |
სარჩელით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა