პოლიტიკური გაერთიანება „თავისუფალი საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | გადაწყვეტილება |
ნომერი | N1/3/538 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - კონსტანტინე ვარძელაშვილი, ქეთევან ერემაძე, მაია კოპალეიშვილი, |
თარიღი | 24 ივნისი 2014 |
კოლეგიის შემადგენლობა:
1. კონსტანტინე ვარძელაშვილი – სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
2. ქეთევან ერემაძე – წევრი;
3. მაია კოპალეიშვილი - წევრი.
სხდომის მდივანი: ლილი სხირტლაძე.
საქმის დასახელება: პოლიტიკური გაერთიანება „თავისუფალი საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით და ამავე კანონის მე-13 მუხლის მე-6 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელის წარმომადგენელი - რამინ პაპიძე; საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელი - თამარ მესხია.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 27 ივლისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №538) მიმართა პოლიტიკურმა გაერთიანებამ „თავისუფალმა საქართველომ“. №538 კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განხილვის საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადაეცა 2012 წლის პირველ აგვისტოს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს №1/3/538 საოქმო ჩანაწერით კონსტიტუციური სარჩელი მიღებულ იქნა არსებითად განსახილველად სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხებოდა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით და ამავე კანონის მე-13 მუხლის მე-6 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან მიმართებით.
2. საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის არსებითი განხილვის სხდომა ზეპირი მოსმენით გაიმართა 2013 წლის 20 სექტემბერს.
3. №538 კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის საფუძველია: საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტი, ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი, ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
4. „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ეკრძალებათ, „იქონიონ ისეთი საგანი ან ნივთიერება, რომელიც გამოიყენება ან შეიძლება გამოყენებულ იქნეს შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა ან სხვა პირთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების მიზნით“. ამავე კანონის მე-13 მუხლის მე-6 პუნქტი კი ადგენს, რომ, თუ ორგანიზატორმა ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილი ვალდებულება არ შეასრულა ან შეასრულა, მაგრამ ვერ აღმოფხვრა დარღვევა გონივრულ ვადაში, სამართალდამცავი ორგანოები დარღვევის აღმოსაფხვრელად, ტრანსპორტის სავალი ნაწილის გასახსნელად ან/და ტრანსპორტის მოძრაობის აღსადგენად გამოიყენებენ საერთაშორისო სამართლითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზომებს.
5. საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულია, რომ „ყველას, გარდა იმ პირებისა, რომლებიც არიან სამხედრო ძალებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შემადგენლობაში, უფლება აქვს წინასწარი ნებართვის გარეშე შეიკრიბოს საჯაროდ და უიარაღოდ როგორც ჭერქვეშ, ისე გარეთ“. ამავე მუხლის მე-3 პუნქტი კი ადგენს, რომ ხელისუფლებას შეუძლია შეკრების ან მანიფესტაციის შეწყვეტა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მან კანონსაწინააღმდეგო ხასიათი მიიღო“.
6. კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია, რომ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით იზღუდება შეკრებისა და მანიფესტაციის გამართვის კონსტიტუციური უფლება, რადგანაც აღნიშნული ნორმის საფუძველზე, სამართალდამცავებს შესაძლებლობა აქვთ, დააწესონ დამატებითი შეზღუდვები. მაგალითად, ჯანმრთელობისთვის ზიანის მიმყენებელ საგნად შესაძლოა ჩაითვალოს და აიკრძალოს დროშა, რადგან მას აქვს ტარი. მოსარჩელე განმარტავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ კანონმდებელი მიზნად ისახავდა შეკრებისა და მანიფესტაციის მსვლელობისას შესაძლო ექსცესების თავიდან აცილებას, მას უფრო მკაფიოდ და ნათლად უნდა განემარტა, თუ რა სახის საგნისა თუ ნივთის ქონა ეკრძალებათ აქციის მონაწილეებს.
7. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოსარჩელემ დამატებით მიუთითა, რომ სადავო ნორმა უნდა იყოს მეტად განჭვრეტადი, აღქმადი და მკაფიოდ გამოკვეთილი კანონმდებლის მიერ. ამავდროულად, კანონმდებლობით შეუძლებელია იმ ნივთიერებისა და საგნების ამომწურავი ჩამონათვალის გაკეთება, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის ზიანის მიყენების მიზნით, რადგანაც ნებისმიერი საგანი, რომელსაც მატერიალიზებული ფორმა აქვს, ხილვადი და ხელშესახებია ბუნებაში, შეიძლება აღნიშნული მიზნით იქნეს გამოყენებული.
8. ამავდროულად, თუნდაც ამომწურავად განისაზღროს იმ ნივთიერების ან საგნების ჩამონათვალი, რომელთა ქონა შეკრების და მანიფესტაციის დროს არ დაიშვება, სადავო ნორმა მაინც არაკონსტიტუციური იქნება, ვინაიდან იგი კრძალავს ნივთიერებას ან საგანს, რომელიც გამოიყენება ან შეიძლება გამოყენებული იქნეს სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების მიზნით, მიუხედავად იმისა, გამოიყენა თუ არა იგი შეკრებისა და მანიფესტაციის მონაწილემ ამ მიზნით. მოსარჩელის აზრით, სადავო ნორმის მოქმედების სფეროში შეიძლება მოექცეს შეკრებაში ან მანიფესტაციაში მონაწილე პირის ხელჩანთაში აღმოჩენილი ფრჩხილის ქლიბი ან მაკრატელი, რომელიც შესაძლებელია, აბსოლუტურად არ იყოს მიმართული ადამიანის ჯანმრთელობის და სიცოცხლის დასაზიანებლად, თუმცა გამოყენებულ იქნეს ამ მიზნით.
9. მოსარჩელე მხარის განმარტებით, თუკი შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილე რაიმე საგანს ან ნივთიერებას მართლსაწინააღმდეგოდ გამოიყენებს ვინმეს სიცოცხლის ან ჯანმრთელობის დაზიანების მიზნით, ეს ისედაც დასჯადია საქართველოს კანონმდებლობით. შესაბამისად, არ არსებობს დამატებითი ნორმის შემოღების საჭიროება, რომელიც სამართალდამცავ ორგანოებს გაუმართლებლად ფართო განმარტების შესაძლებლობას აძლევს და ამით არაკონსტიტუციურად ზღუდავს საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულ უფლებას.
10. მოსარჩელის აზრით, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-6 პუნქტი ასევე ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 25-ე მუხლს. მოსარჩელე უთითებს, რომ აღნიშნული ნორმის საფუძველზე, თუ შეკრების ორგანიზატორმა ვერ შეძლო აქციაზე მყოფი რამდენიმე პირის მიერ განხორციელებული კანონსაწინააღმდეგო ქმედების აღმოფხვრა, შესაძლებელია, აქცია მთლიანად შეწყდეს. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ, თუკი კანონმდებელს ლეგიტიმური მიზანი ამოძრავებდა, მას შეეძლო აღნიშნული საკითხი დაერეგულირებინა იმგვარად, რომ დამრღვევის განეიტრალება და აქციიდან გაყვანის ვალდებულება დაეკისრებინა სამართალდამცველებისათვის, რის შემდეგაც, აქცია მშვიდობიან რეჟიმში გაგრძელდებოდა.
11. მოსარჩელე მხარის მტკიცებით, კონკრეტული დარღვევის აღმოფხვრაზე პასუხისმგებლობის ორგანიზატორისათვის დაკისრება გაუმართლებელია, რადგან ორგანიზატორი პასუხს აგებს იმაზე, რომ აქციამ კანონსაწინააღმდეგო ხასიათი არ მიიღოს, ხოლო აქციის ცალკეული მონაწილის უკანონო ქმედების აღმოფხვრაზე პასუხისმგებლობა სამართალდამცველებს უნდა დაეკისროთ და ამან აქციის ნორმალურ მიმდინარეობას ხელი არ უნდა შეუშალოს.
12. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოსარჩელე მხარემ მიუთითა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლიდან გამომდინარე, სახელმწიფოს აქვს როგორც ნეგატიური, ასევე პოზიტიური ვალდებულებები. სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებაა შეკრებისა და მანიფესტაციის დაუბრკოლებლად, ექსცესების გარეშე მიმდინარეობა უზრუნველყოს. ამისგან განსხვავებით, სადავო ნორმა არა სახელმწიფოს, არამედ შეკრების და მანიფესტაციის ორგანიზატორს ავალდებულებს, უზრუნველყოს შეკრების ან მანიფესტაციის მიმდინარეობისას დარღვევების აღმოფხვრა.
13. მოსარჩელე მხარის მტკიცებით, როდესაც მრავალათასიანი დემონსტრაცია იმართება, შეუძლებელია, ორგანიზატორმა უზრუნველყოს შეკრებისა და მანიფესტაციის მონაწილე ერთეული პირების უკანონო ქმედების აღკვეთა. ასეთ შემთხვევაში, სწორედ სამართალდამცავ ორგანოებს უნდა ჰქონდეთ ვალდებულება, უზრუნველყონ ამ კონკრეტული სამართალდარღვევის აღმოფხვრა.
14. მოსარჩელე მხარის წარმომადგენლის შეფასებით, სადავო ნორმის არაკეთილსინდისიერი გამოყენების მაღალი რისკი არსებობს, ვინაიდან შესაძლებელია, რამდენიმე სამართალდამრღვევის გამო, იმ პირთა შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება შეიზღუდოს, რომლებიც კანონის სრული დაცვით მოქმედებდნენ. იმ შემთხვევაში, თუ ორგანიზატორის მიერ დარღვევა გონივრულ ვადაში ვერ აღმოიფხვრება, კანონმდებლობა შესაძლებელობას იძლევა, აქციის მიმდინარეობა სამართალდამცავი ორგანოების გადაწყვეტილებით შეწყდეს ან შეიზღუდოს. მოსარჩელე მხარისთვის გამართლებული და მისაღებია, რომ ორგანიზატორს ეკისრებოდეს ვალდებულება, მოუწოდოს აქციის მონაწილე პირებს დარღვევების შეწყვეტისკენ, თუმცა, მისი აზრით, არაკონსტიტუციურია ორგანიზატორს ამ დარღვევების აღმოფხვრის ვალდებულება დაეკისროს. აქედან გამომდინარე, სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებს.
15. მოპასუხე მხარის განმარტებით, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი განსაზღვრავს იმ საგნებს, რომელთა ტარებაც ეკრძალებათ შეკრებისა და მანიფესტაციის მონაწილეებს. შესაბამისად, ხდება შეკრებებში და მანიფესტაციებში მონაწილე პირების უფლების გარკვეულ ჩარჩოებში მოქცევა, რაც შეიძლება შეფასებული იქნეს როგორც საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული უფლების შეზღუდვა. თუმცა აღნიშნული შეზღუდვა საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ლეგიტიმური საჯარო მიზნების მიღწევას ემსახურება.
16. მოპასუხე მხარემ აღნიშნა, რომ სადავო ნორმა არ უნდა იქნეს განხილული სხვა მასთან კავშირში მყოფი ნორმებისგან იზოლირებულად. მოპასუხის მითითებით, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მესამე პუნქტის შესაბამისად, ამ კანონით აღიარებული და დაცული უფლებების შეზღუდვა უნდა იყოს საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის მეოთხე პუნქტით დაცული სიკეთეების მიღწევისაკენ მიმართული, კანონით გათვალისწინებული, დემოკრატიული საზოგადოებისათვის აუცილებელი, არადისკრიმინაციული და პროპორციული.
17. საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლის მტკიცებით, სადავო ნორმისა და მითითებული დებულების ერთობლივი წაკითხვის შედეგად, შესაძლებელია მივიჩნიოთ, რომ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელი უფლებამოსილია, შეკრებისა და მანიფესტაციის მონაწილეებს აუკრძალოს ისეთი საგნის ან ნივთიერების ტარება, რომელიც გამოიყენება ან შეიძლება გამოყენებულ იქნეს სხვა პირთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების მიზნით მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რეალურად არსებობს საშიშროება, რომ იგი საგანს ან ნივთიერებას, რომლის დანიშნულება არ არის სხვისთვის ზიანის მიყენება, ამ მიზნით გამოიყენებს. ამასთან, აღნიშნული აკრძალვა აუცილებელი უნდა იყოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის მეოთხე პუნქტში მითითებული ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად.
18. მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით, კანონმდებლობით აკრძალული ნივთიერებებისა და საგნების ამომწურავი ჩამონათვალის გაკეთება და სადავო ნორმის გაუქმება არ იქნება მიზანშეწონილი, რადგან შეიძლება არსებობდეს ისეთი საგნები, რომლებიც არ მოექცევა ასეთ ჩამონათვალში, თუმცა შესაძლებელია, გამოყენებული იქნეს ადამიანის ჯანმრთელობის და სიცოცხლისთვის ზიანის მისაყენებლად. შესაბამისად, სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაში, სამართალდამცავ ორგანოებს შეეზღუდებათ შესაძლებლობა, უზრუნველყონ წესრიგი და უსაფრთხოება.
19. ამასთან, მოპასუხე მხარის განმარტებით, კანონის განჭვრეტადობის პრინციპი მოითხოვს, რომ საკანონმდებლო რეგულაცია იყოს იმდენად მკაფიო, რომ ნებისმიერმა პირმა, რომლის უფლებაში ჩარევა ხდება, გონივრულ ფარგლებში შეძლოს თავისი ქცევის შესაძლო შედეგების განჭვრეტა. სწორედ ამ მითითებული პრინციპიდან გამომდინარე, უმჯობესია, კანონმდებლობით აკრძალული იყოს მანიფესტაციის დროს ისეთი საგნის ან ნივთიერების ტარება, რომელიც რეალურ და აშკარა საფრთხეს უქმნის შეკრებისა და მანიფესტაციის მონაწილეთა ან სხვა პირთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და საკუთრებას. აქედან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გათვალისწინებით, საქართველოს პარლამენტი უზრუნველყოფს, კანონის განჭვრეტადობის პრინციპის დაცვით, სადავო ნორმის ჩამოყალიბებას. თუმცა, მოპასუხე მხარის აზრით, სადავო ნორმა არსებული ფორმულირებითაც კონსტიტუციურია.
20. მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-6 პუნქტთან მიმართებით განმარტა, რომ აღნიშნული ნორმა არ არეგულირებს შეკრების ან მანიფესტაციის შეწყვეტის საფუძვლებს, შესაბამისად, მცდარია მოსარჩელის მითითება, რომ, თუ ორგანიზატორმა არ შეასრულა სადავო ნორმით გათვალისწინებული ვალდებულებები ან შეასრულა, მაგრამ ვერ აღმოფხვრა დარღვევა, შესაძლებელია აქცია მთლიანად შეწყდეს.
21. მოპასუხე მხარის განმარტებით, შეკრებისა და მანიფესტაციის შეწყვეტის საფუძვლები პირდაპირ არის მითითებული „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველ პუნქტში, ხოლო სადავო ნორმის თანახმად კი, სამართალდამცავი ორგანოები უფლებამოსილნი არიან, მიიღონ შესაბამისი ზომები მხოლოდ კონკრეტული დარღვევის აღმოსაფხვრელად, ტრანსპორტის სავალი ნაწილის გასახსნელად, ანდა ტრანსპორტის მოძრაობის აღსადგენად, რაც არ გულისხმობს შეკრების ან მანიფესტაციის შეწყვეტას. ამასთან, სადავო ნორმა არ ადგენს აქციის ორგანიზატორის მიმართ რაიმე სახის სამართლებრივ პასუხისმგებლობას და იგი დარღვევების არსებობის შემთხვევაში სამართალდამცავი ორგანოების მიერ განსახორციელებელ ქმედებებს განსაზღვრავს.
22. საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ სადავო ნორმა მითითებას აკეთებს იმ ზომებზე, რომლებიც გათვალისწინებულია საერთაშორისო სამართლითა და საქართველოს კანონმდებლობით. საქართველოს კანონმდებლობის არც ერთი მუხლი არ ადგენს სადავო ნორმით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეკრების ან მანიფესტაციის შეწყვეტის შესაძლებლობას. ხოლო, რაც შეეხება საერთაშორისო სამართალს, ეუთოს სახელმძღვანელო პრინციპებში მითითებულია, რომ შეკრებისა და მანიფესტაციების ჩატარების წესების არამასობრივად დარღვევისას, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები ვალდებული არიან, მოახდინონ კონკრეტული სამართალდამრღვევი პირის ან პირთა ჯგუფის იზოლირება შეკრების სხვა მონაწილეებისგან და განარიდონ შეკრების ადგილს.
23. მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა მიუთითა, რომ კონსტიტუციის 25-ე მუხლით გარანტირებული უფლების შეზღუდვა შესაძლებელია ისეთი პირობებით, რომლებიც აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში სახელმწიფო უშიშროების, ტერიტორიული მთლიანობის და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. სადავო ნორმით კი, ცალსახად ხდება უფლების შეზღუდვა სხვათა უფლებების დაცვისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ამასთან, სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლები უფლებამოსილი არიან, მხოლოდ უფლების პროპორციულად შემზღუდველი ზომები გამოიყენონ.
24. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოპასუხე მიიჩნევს, რომ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-6 პუნქტი შესაბამისობაშია საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველ და მესამე პუნქტებთან.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ყველას, გარდა იმ პირებისა, რომლებიც არიან სამხედრო ძალებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შემადგენლობაში, უფლება აქვს წინასწარი ნებართვის გარეშე შეიკრიბოს საჯაროდ და უიარაღოდ როგორც ჭერქვეშ, ისე გარეთ“. კონსტიტუციის აღნიშნული დებულება განამტკიცებს ადამიანთა უფლებას მშვიდობიან, საჯარო შეკრებაზე. იგი „უფლებით მოსარგებლე პირს (მისი პოლიტიკური, სოციალური, არტისტული, რელიგიური და ა.შ.) გრძნობებისა და შეხედულებების გამოხატვის შესაძლებლობას აძლევს. შეკრება და მანიფესტაცია შეიძლება იყოს პოლიტიკური საქმიანობის განუყოფელი ელემენტი, ემსახურებოდეს აზრის გამოხატვას, ინფორმაციის მიღებასა და გავრცელებას და ა.შ.“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 აპრილის №2/482,483,487,502 გადაწყვეტილება საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის“, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს კონსერვატიული პარტია“, საქართველოს მოქალაქეები – ზვიად ძიძიგური და კახა კუკავა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, მოქალაქეები დაჩი ცაგურია და ჯაბა ჯიშკარიანი, საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-4). გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიული საზოგადოების არსებობისთვის აუცილებელი და განუყოფელი ელემენტია. მისი დაცვა ნებისმიერი დემოკრატიული საზოგადოების უმნიშვნელოვანეს ამოცანას წარმოადგენს. შესაბამისად, გამოხატვის თავისუფლების უფლების დაცვა საზოგადოების თითოეული წევრის ინდივიდუალური ინტერესებისა და მისწრაფებების პატივისცემას ემსახურება და, ამდენად, სახელმწიფოს ანგარიშვალდებულებისა და დემოკრატიულობის ხარსიხს განსაზღვრავს.
2. გამოხატვის თავისუფლების დაცვის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე დემოკრატიულ საზოგადოებაში ფართო კონსენსუსი არსებობს. შესაბამისად, მისი რომელიმე ასპექტის შეზღუდვა უნდა იყოს მნიშვნელოვანი კონსტიტუციური სიკეთის დაცვისთვის აუცილებელი, დასაბუთებული და მკაცრად პროპორციული ქმედება. განსახილველ საქმეზე მოსარჩელე ყურადღებას ამახვილებს შეკრების კონსტიტუციური უფლების დაუსაბუთებელი შეზღუდვის რისკებზე, რომლებიც სადავო ნორმიდან მომდინარეობს, კერძოდ, იგი მიიჩნევს, რომ სადავო ნორმებით დადგენილია ისეთი შეზღუდვები, როგორიცაა შეკრების დროს დროშების გამოყენების აკრძალვა ან/და შეკრების მიმდინარეობისას გარკვეული პირების მიერ სამართალდარღვევის ფაქტების არამასობრივად ჩადენის გამო შეკრების შეწყვეტის შესაძლებლობა. ამგვარი შეზღუდვები შეკრების პროცესს რომ არ უნდა ახასიათებდეს, ამაზე არც მოპასუხე დავობს. თუმცა საქმის განხილვის პროცესში მხარეთა შორის შეუთანხმებლობის საგანს თავად სადავო ნორმების შინაარსი, გამოწვეული სამართლებრივი შეზღუდვები წარმოადგენდა. კერძოდ, მოპასუხე მხარემ აღნიშნა, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების შეზღუდვა სადავო ნორმებიდან საერთოდ არ მომდინარეობს.
3. ზემოხსენებულიდან გამომდინარე, მოცემული დავის ფარგლებში, საკონსტიტუციო სასამართლოს პირველად ამოცანას სადავო ნორმების შინაარსის განსაზღვრა წარმოადგენს. სასამართლომ უნდა გადაწყვეტოს, რამდენად შეიძლება სადავო ნორმები, კეთილსინდისიერი განმარტების პირობებში, მოსარჩელის მიერ მითითებული შინაარსით იქნეს გამოყენებული.
4. მოცემული დავის ფარგლებში, სადავოდ არის გამხდარი „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის ორი ნორმა, რომლებიც შეკრებებისა და მანიფესტაციების პროცესის ერთმანეთისაგან განსხვავებულ ასპექტებს არეგულირებს. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო თითოეული მათგანის კონსტიტუციურობას დამოუკიდებლად შეაფასებს.
5. „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი შეკრების მონაწილეებს შეკრების დროს ისეთი საგნებისა და ნივთიერებების ქონას უკრძალავს, რომლებიც გამოიყენება ან/და შესაძლებელია გამოყენებული იქნეს შეკრების მონაწილეთა ან/და სხვა პირთა ჯანმრთელობის ან სიცოცხლისათვის ზიანის მიყენების მიზნით. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ აღნიშნული სადავო ნორმა მკაფიოდ და ნათლად არ აყალიბებს აკრძალვის მოცულობას, შესაბამისად, შესაძლებელია, შეკრების დროს ისეთი ნივთის (ნივთების) მიტანა შეიზღუდოს, რომელიც ან უშუალო კავშირშია გამოხატვის თავისუფლების რეალიზებასთან (მაგალითად, დროშა, რომელსაც აქვს ტარი და ა.შ.) ან პირადი მოხმარების ნივთს წარმოადგენს (მაგალითად, ყავარჯენი, ხელჩანთაში არსებული მცირე ზომის მაკრატელი, ქლიბი და ა.შ). სასარჩელო არგუმენტაციიდან გამომდინარე, უდავოა, რომ მოსარჩელე სასამართლოსაგან არ ითხოვს შეკრების დროს გამოხატვის უფლებასთან კავშირში არმყოფი და ადამიანის ჯანმრთელობის დასაზიანებლად განკუთვნილი საგნებისა და ნივთიერებების მიტანის აკრძალვის კონსტიტუციურობის შეფასებას. მოსარჩელე კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის დარღვევას მშვიდობიანი შეკრების უფლების რეალიზებისათვის საჭირო ნივთების მიტანის აკრძალვაში ხედავს. ამავდროულად, იგი მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა სახელმწიფოს წარმომადგენლების მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების და მშვიდობიანი შეკრებისათვის ხელის შეშლის შესაძლებლობას იძლევა მხოლოდ იმიტომ, რომ შეკრების მონაწილეს აქვს გარკვეული ნივთები, რომლებიც თეორიულად შეიძლება ადამიანთათვის ზიანის მიყენების მიზნით იქნეს გამოყენებული.
6. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, აღნიშნული დავის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლო არ დგას ზოგადად შეკრების დროს გარკვეული ნივთების შეზღუდვის კონსტიტუციურობის საკითხის გადაწყვეტის წინაშე. სასამართლო შეაფასებს, სადავო ნორმის კეთილსინდისიერი განმარტების შემთხვევაში, რამდენად ქმნის იგი შეკრებასთან დაკავშირებული ნივთების მიტანის აკრძალვის საშუალებას, რამდენად ტოვებს იგი პოლიციის მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შესაძლებლობას და რამდენად იწვევს შეკრების უფლების რეალიზების შეფერხებას ადამიანების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაზიანების საფრთხის არარსებობის პირობებში.
7. სადავო ნორმა შეკრების მონაწილეთა მიერ ისეთი ნივთების ქონას კრძალავს, რომელიც გამოიყენება ან შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს შეკრების მონაწილეთა ან სხვა პირთა სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენების მიზნით. მოცემულ შემთხვევაში, ცალ-ცალკე უნდა განისაზღვროს სადავო ნორმაში მოცემული სიტყვების „გამოიყენება“ და „შესაძლებელია გამოყენებული იქნეს“ შინაარსი და ფარგლები. ტერმინი „გამოიყენება“ მიემართება თავად ნივთის ბუნებას. აღნიშნული ტერმინის მეშვეობით, კანონი უთითებს არა კონკრეტულ შემთხვევაში ნივთების ადამიანთა ჯანმრთელობის საზიანოდ გამოყენების ფაქტის არსებობაზე, არამედ ზოგადად ასეთი ნივთების შეკრებაზე არსებობისგან მომდინარე საფრთხეებზე. აღნიშნული საგნების და ნივთიერებების შეკრების დროს ქონის ფაქტი, პირის მიერ კონკრეტული საფრთხის შემცველი ქმედების განხორციელების გარეშე, თავისთავად ქმნის შეკრების მშვიდობიანი ხასიათის ხელშეშლის საფუძვლიან ეჭვს. სადავო ნორმის რეგულირების ფარგლებში მოქცეულია ისეთი ნივთები, რომლებიც არ მიეკუთვნება ამავე კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით აკრძალულ საგნებსა და ნივთიერებებს, თუმცა ამავე დროს არსებობს შეკრების პროცესში მისი ადამიანის ჯანმრთელობის დასაზიანებლად გამოყენების პრაქტიკა, რაც ქმნის გონივრულ საფუძველს, რომ შეკრების დროს მსგავსი საგნებისა და ნივთიერების ქონა შეკრებისათვის მშვიდობიანი ხასიათის დაკარგვის რეალურ რისკებს შეიცავს. მაგალითისთვის, ყოფილა შემთხვევები, როდესაც შეკრებამ ან მანფესტაციამ დაკარგა მშვიდობიანი ხასიათი და შეკრების მონაწილეებმა გამოიყენეს ქვები ადამიანების და ქონების დასაზიანებლად. აშკარაა, რომ ქვა, როგორც წესი, წარმოადგენს ისეთ ნივთს, რომელიც შეკრების პროცესში არა გამოხატვის, არამედ ძალადობის საშუალებაა და მისი შეკრებაზე ქონა აშკარად უკავშირდება ძალადობის განხორციელების მიზანს და არა გამოხატვის თავისუფლების რეალიზებას. ამავე დროს, შეუძლებელია, ქვა მივიჩნიოთ ისეთ ნივთად, რომელიც მოიაზრება „შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ საქართველოს კანონის“ მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, და „გ“ ქვეპუნტის რეგულირების ქვეშ. ქვა არ განეკუთვნება იარაღის რომელიმე სახეობას ან ფეთქებადი ნივთიერების ტიპს, მისი გამოყენება გამოხატვის მიზნით არ ექვემდებარება აბსოლუტურ აკრძალვას. მართალია მისი ძირითადი დანიშნულება სხვისთვის ზიანის მიყენება არ არის, თუმცა ქვების ამ მიზნით გამოყენების საშიშროება არსებობს. შესაბამისად, შესაძლოა არსებობდეს მათი შეკრებაზე მიტანის აკრძალვის საფუძველიც. სწორედ ამ ტიპის საგნების ქონის შეზღუდვას ემსახურება სადავო ნორმაში არსებული ტერმინი „გამოიყენება“, ანუ აქ საუბარია ისეთ შემთხვევებზე, როდესაც თავად ნივთების შეკრებაზე მიტანის ფაქტიდან გამომდინარე, ყველასათვის ნათელი ხდება შეკრების მშვიდობიანი ხასიათის საეჭვოობა. ქვისგან განსხვავებით, დროშა არ ასოცირდება ადამიანების დაზიანებისათვის გამოყენებად ნივთად. არაგონივრული იქნება სადავო ნორმის ისეთი განმარტება, რომლის თანახმადაც, იგი კრძალავს ზოგადად დროშის ქონას და მას, თავისი ბუნებიდან გამომდინარე, ისეთ ნივთად განიხილავს, რომელიც ადამიანისთვის ზიანის მისაყენებლად გამოიყენება.
8. შეკრების კონსტიტუციური უფლების შინაარსიდან გამომდინარე, იგი არა მხოლოდ ავალდებულებს სახელმწიფოს, ხელი არ შეუშალოს მშვიდობიანი შეკრების პროცესს, არამედ კონსტიტუცია ქმნის თავად ამ პროცესის მშვიდობიანად წარმართვის დაცვის ვალდებულებას. შეკრების მონაწილეთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, სახელმწიფო ვალდებულია, მიიღოს საჭირო ზომები, მათ შორის, შესაბამისი კანონმდებლობის შექმნისა და მისი ეფექტური იმპლემენტაციის გზით.
9. ზოგადად, კანონმდებელს მოეთხოვება, რაც შეიძლება კონკრეტულად და ცხადად მოახდინოს ნებისმიერი უფლების შეზღუდვის რეგლამენტაცია, თუმცა ეს, რა თქმა უნდა, არ გამორიცხავს ზოგადი ნორმების არსებობის საჭიროებას. ადამიანთა ყოფა-ცხოვრების დინამიკურმა ხასიათმა შეიძლება განაპირობოს ახალი, წინასწარ განუჭვრეტადი საფრთხის წარმოშობა ან გააქროს გარკვეული რისკები, რომლებიც წარსულში არსებობდა. უაღრესად ძნელი და, დიდი ალბათობით, შეუძლებელია იმ ნივთების ჩამონათვალის ამომწურავად განსაზღვრა, რომლებიც ადამიანთა დასაზიანებლად გამოიყენება დღეს ან შესაძლებელია ასეთი გამოყენება შეიძინოს მომავალში. აღნიშნულიდან გამომდინარე, კანონს, ხშირ შემთხვევებში, მოეთხოვება, იყოს ზოგადი ხასიათის, თუმცა ამავე დროს იგი არ უნდა ტოვებდეს ადამიანის უფლებების დამრღვევი განმარტების შესაძლებლობას. მოცემულ შემთხვევაში, არ შეიძლება ნორმა პრობლემატურად იქნეს მიჩნეული მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ იგი ზოგადი ხასიათისაა. წარმოუდგენელია, კანონმდებელს მოვთხოვოთ აკრძალული ნივთების კონკრეტული სიის შედგენა და გარემოებების შეცვლის პირობებში, ხსენებული სიის განახლება. მოცემულ შემთხვევაში, დანაწესი -„ნივთები რომელიც გამოიყენება ადამიანთა დასაზიანებლად“, იძლევა საკმარის ინდიკატორს, რათა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, როგორც შეკრების მონაწილემ, ისე სახელმწიფოს წარმომადგენლებმა ადეკვატურად შეაფასონ, რა იკრძალება და რა - არა. უდავოა, რომ მოსარჩელის მიერ დასახელებული შეკრების ორგანიზებისა და ჩატარებისათვის საჭირო ნივთები არ წარმოადგენს ნივთებს, რომლებიც მოიაზრება სადავო ნორმის დანაწესის „გამოიყენება“ ადამიანთა დასაზიანებლად რეგულირების ქვეშ.
10. სადავო ნორმაში მოცემული ტერმინი „შეიძლება გამოყენებულ იქნეს“, ტერმინ „გამოიყენებასგან“ განსხვავებით, არ შემოიფარგლება მხოლოდ ზოგადად ნივთის ბუნებაზე მითითებით. იგი აქცენტს აკეთებს თავად აღნიშნული საგნების გამოყენების ფაქტზე და ზოგადად შეკრების მონაწილის ქმედების ხასიათზე. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, ნორმის სრულყოფილი განმარტებისათვის იგი უნდა განიმარტოს როგორც სიტყვასიტყვითი მნიშვნელობით, ასევე სხვა ნორმებთან კონტექსტში, მისი მიზნისა და შინაარსის გათვალისწინებით. ნორმის კონსტიტუციურობის შეფასებისას მისი გონივრული განმარტება მოითხოვს, რომ „...სადავო ნორმა არ [უნდა] იქნეს განხილული სხვა, მასთან კავშირში მყოფი ნორმებისგან იზოლირებულად, რადგანაც ამგვარმა მიდგომამ საკონსტიტუციო სასამართლო შეიძლება მიიყვანოს მცდარ დასკვნებამდე...“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 ოქტომბრის N2/2-389 გადაწყვეტილება საქმეზე «საქართველოს მოქალაქე მაია ნათაძე და სხვები საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ»). აღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმის განმარტებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მიზნები და დანიშნულება, ისევე როგორც თავად მთლიანად კანონის სულისკვეთება.
11. „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მიზანსა და დანიშნულებას წარმოადგენს შეკრების დროს პირთა და მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი სიკეთეების უსაფრთხოების დაცვა. მისი პირველი პუნქტი მიუთითებს სამართალდარღვევის აშკარა, პირდაპირი და არსებითი საფრთხის შემცველი მოწოდებების აკრძალვაზე. ხოლო მეორე პუნქტი, შეკრების მშვიდობიანი ხასიათის უზრუნველსაყოფად, კრძალავს ისეთი ნივთების შეკრებაზე მიტანას, რომელთა გამოყენებაც ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის საფრთხის შემცველია. აღნიშნული სულისკვეთებიდან გამომდინარე, სადავო ნორმის მიზანიც შეკრების მშვიდობიანი ხასიათის უზრუნველყოფაა და მისი განმარტებაც ამ მიზნის გათვალისწინებით უნდა მოხდეს. გარკვეული ნივთების აკრძალვა უკავშირდება საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფას. ტერმინის „შეიძლება გამოყენებულ იქნეს“ უკავშირდება არა კონკრეტული ნივთის თავისთავად საფრთხის შემცველ ხასიათს, არამედ ისეთ შემთხვევებს, როდესაც შეკრების მონაწილის ქმედებები ქმნის საფუძვლიან ეჭვს, რომ იგი მის ხელთ არსებულ ნივთებს ადამიანთა დასაზიანებლად გამოიყენებს. მაგალითად, როგორც უკვე აღინიშნა, სადავო ნორმა არ ზღუდავს დროშის ან ტრანსპარანტის ქონას შეკრებისა და მანიფესტაციის მსვლელობისას. არაფერია კანონსაწინააღმდეგო იმაში, თუ შეკრებაზე დიდი რაოდენობით დროშები და ტრანსპარანატები იქნება გამოყენებული, არც სახელმწიფო გამოხატავს უარყოფით დამოკიდებულებას ამ ნივთების მიმართ. თუმცა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მისი შეკრებაზე მიტანის ფაქტი შეიძლება დაკავშირებული იქნეს სხვისთვის ზიანის მიყენებასთან, როდესაც დროშის ტარი ან მისი სხვა ნაწილი (წვეტი) საგანგებოდ არის მომზადებული ზიანის მისაყენებლად. შესაბამისად, იმ შემთხვევაში, როდესაც დროშის ტარის გამოყენებით პირის ჯანმრთელობის და ხელშეუხებლობის ხელყოფის რეალური საფრთხე არსებობს, სადავო ნორმა ადგენს სახელმწიფოს წარმომადგენელთა უფლებამოსილებას, აღკვეთონ საფრთხის შემცველი საგნების გამოყენება და არ დაელოდონ შეკრების მონაწილეთა მიერ უშუალოდ ძალადობის დაწყებას. მაშასადამე, შეკრების მონაწილეებს შეუძლიათ, თავისუფლად, სახელმწიფოსგან ყოველგვარი ჩარევის გარეშე, გამოიყენონ დროშა შეკრებაზე აზრის გამოხარტვის მიზნით. მათი აკრძალვა სადავო ნორმის საფუძველზე, შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდეს, როდესაც ადამიანთა დაზიანების მყისიერი, რეალური საფრთხე არსებობს. შესაძებელია მივუთითოთ სხვა ისეთი ტიპის საგნებზეც, რომელთაც ზოგადად უწყინარი ბუნება გააჩნია, თუმცა შეკრების მონაწილის ქმედებიდან გამომდინარე, შეიძლება, სადავო ნორმის საფუძველზე, მათი ქონა შეიზღუდოს. რა თქმა უნდა, სადავო ნორმა არ კრძალავს საკვები პროდუქტების (მაგალითად, კვერცხის) ან სკამის მიტანას, მათი ბუნებრივი დანიშნულებით გამოყენების მიზნით. თუმცა, იმ შემთხვეში თუ ამ საგნების გამოყენებით სხვა ადამიანის ხელშეუხებლობის ხელყოფის ან მისთვის დაზიანების მიყენების რეალური საფრთხე არსებობს, სადავო ნორმის საფუძველზე, ასეთი საგნები შეიძლება შეზღუდვას დაექვემდებაროს.
12. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, თავად ის ფაქტი, რომ სადავო ნორმის ყველაზე გონივრული განმარტება მის შინაარსს კონსტიტუციის შესაბამისად აქცევს, არ არის ყოველთვის საკმარისი ნორმის კონსტიტუციურობის სამტკიცებლად. აუცილებელია, რომ კეთისლინდისიერი განმარტების პირობებში, ნორმა არ იძლეოდეს არაკონსტიტუციური გამოყენების შესაძლებლობას. კონსტიტუციური დავის ფარგლებში, საკონსტიტუციო სასამართლომ „...უნდა შეაფასოს, ნორმის განსაზღვრულობა არის კი იმ ხარისხის, რომ მისი გამოყენების საფუძველზე, ცალსახად გამოირიცხოს კონსტიტუციური უფლების დარღვევის თუნდაც ერთეული შემთხვევა. ბუნებრივია, აქ არ იგულისხმება კანონის დარღვევის შედეგად უფლებაში გადამეტებული ჩარევის შემთხვევები. ამ საკითხებზე მსჯელობა სცილდება საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილების ფარგლებს. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს შემდეგ გარემოებას: ნორმა, მისი შინაარსის, მისივე ტექსტის ადეკვატურად, სწორად წაკითხვისას და შესაბამისად გამოყენებისას, იწვევს თუ არა კონსტიტუციური უფლების დარღვევის საფრთხეს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 დეკემბრის N1/3/407 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს მოქალაქე - ეკატერინე ლომთათიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-11). შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ პასუხი უნდა გასცეს კითხვას, რამდენად იძლევა ნორმა იმგვარი განმარტების შესაძლებლობას, რომლის პირობებშიც შესაძლებელი იქნება, თვითნებურად, ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ზიანის მიყენების საფრთხის არარსებობის პირობებში სახელმწიფოს წარმომადგენლებმა შეზღუდონ შეკრებასთან დაკავშირებული ნივთების თან ქონა.
13. უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ არაგონივრული იქნება სადავო ნორმის იმდაგვარი განმარტება, რომელიც შეზღუდვის ქვეშ მოაქცევდა ყველა იმ ნივთს, რომლის საშუალებით თეორიულად შესაძლებელია ადამიანების დაზიანება. სადავო ნორმა კეთილსინდისიერი განმარტების პირობებში არ ტოვებს იმის რესურსს, რომ სიტყვების „შეიძლება გამოყენებულ იქნეს“ რეგულირების სფერო დავუკავშიროთ მხოლოდ ნივთის ხასიათს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მომიტინგის ქმედებისაგან მოწყვეტით. წარმოუდგენელია სადავო ნორმის შინაარსი უკავშირდებოდეს ყოველდღიური მოხმარების, საყოფაცხოვრებო ხასიათის ნივთების აკრძალვას იმ საფუძვლით, რომ ისინი ჰიპოთეზურად შეიძლება გამოყენებული იქნეს ადამიანთა დასაზიანებლად. ნორმის კეთილსინდისიერი განმარტება მასში ასეთი შინაარსის ამოკითხვას გამორიცხავს. იმ შემთხვევაში, თუ ადამიანისთვის ზიანის მიყენების საფრთხის არარსებობის პირობებში შეკრების მონაწილეს შეეზღუდება მსგავსი ნივთების ქონა, მაშინ ეს კანონდარღვევა იქნება და არა აღნიშნული სადავო ნორმის საფუძველზე განხორციელებული ქმედება.
14. ამავე დროს უნდა აღინიშნოს, რომ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად: „ამ კანონით აღიარებული და დაცული უფლებების შეზღუდვა უნდა იყოს: ა) საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის მე-4 პუნქტით დაცული სიკეთეების მიღწევისაკენ მიმართული; ბ) კანონით გათვალისწინებული; გ) დემოკრატიული საზოგადოებისათვის აუცილებელი; დ) არადისკრიმინაციული; ე) პროპორციულად შემზღუდველი; ვ) ისეთი, რომ შეზღუდვით დაცული სიკეთე აღემატებოდეს შეზღუდვით მიყენებულ ზიანს“. აღნიშნული ნორმა განსაზღვრავს შეკრების უფლებისკენ მიმართული სახელმწიფოს წარმომადგენელთა დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების წესსა და პირობებს. შესაბამისად, წარმოადგენს პოლიციის სახელმძღვანელო პრინციპს როგორც სადავო ნორმის განმარტებისას, ისევე მის საფუძველზე ქმედების განხორციელებისას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად: „ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება“. კანონის აღნიშნული ნორმებით განსაზღვრული პრინციპები უაღრესად მნიშვნელოვანია სიტყვების „შეიძლება გამოყენებულ იქნეს“ განმარტებისას. უდავოა, რომ აღნიშნული შეზღუდვის მიზანს, შეკრებისთვის მშვიდობიანი ხასიათის უზრუნველყოფის გზით, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა წარმოადგენს. ამავე დროს კანონი უთითებს, რომ შეზღუდვა უნდა იყოს პროპორციული და შეზღუდვით დაცული სიკეთე უნდა აღემატებოდეს შეზღუდვით მიყენებულ ზიანს. აღნიშნულიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ იმისათვის, რათა სადავო ნორმის საფუძველზე პირებს აეკრძალოთ შეკრების დროს გარკვეული საგნების თან ქონა, აუცილებელია არსებობდეს გარკვეული სამართლებრივი სიკეთე, რომლის დაცვასაც სახელმწიფოს უფლებამოსილი პირის მოქმედება უზრუნველყოფს. ასეთი სამართლებრივი სიკეთის დაცვის საჭიროება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება გაჩნდეს, როდესაც არსებობს ამ სიკეთის ხელყოფის რეალური საფრთხე. კანონის ხსენებული დებულებები დამატებით გამორიცხავს სადავო ნორმის იმდაგვარი განმარტების შესაძლებლობას, რომლის თანახმადაც, იკრძალება გამოხატვის თავისუფლების რეალიზებისათვის საჭირო ნივთების შეკრებაზე მიტანა. ადამიანთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენების რეალური საფრთხის არსებობა აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს სახელმწიფოს უფლებამოსილი პირების მიერ სადავო ნორმის საფუძველზე ქმედების განხორციელებისათვის. ადმინისტრაციული ორგანოს ნებისმიერი ქმედება, რომელიც ამ პრინციპის დარღვევით განხორციელდება, კანონსაწინააღმდეგო იქნება. შესაბამისად, არ არსებობს სადავო ნორმის იმ შინაარსით განმარტებისა და გამოყენების შესაძლებლობა, რომელსაც მოსარჩელე პრობლემატურად მიიჩნევს.
15. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მოსარჩელის მიერ დასახელებული სადავო ნორმიდან მომდინარე პრობლემები ემყარება მხოლოდ და მხოლოდ მის მიერ ნორმის შინაარსის ჰიპოთეზურ განმარტებას. მოსარჩელეს არ წარმოუდგენია მტკიცებულებები პრაქტიკაში სადავო ნორმების არაკონსტიტუციური შინაარსით განმარტებისა და გამოყენების მაგალითების არსებობის შესახებ. ამავე დროს, არც საკონსტიტუციო სასამართლოსათვის არის ცნობილი შემთხვევები, როდესაც ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილი პირების ან საერთო სასამართლოს მოსამართლეთა მიერ სადავო ნორმის მოსარჩელის მიერ მითითებული შინაარსით განმარტება ან/და გამოყენება მოხდა. „არაერთ კანონში გვხვდება მეტნაკლები ხარისხით არამკაფიო ფორმულირებები, რომელთა განმარტება და გამოყენება ხშირად პრაქტიკაზეა დამოკიდებული. ამიტომ, ბუნებრივია, ნორმის ბუნდოვანებისას, მისი კონსტიტუციურობის გარკვევისთვის, დიდი მნიშვნელობა აქვს ნორმის გამოყენების პრაქტიკას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართოს 2007 წლის 26 დეკემბრის N1/3/407 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს მოქალაქე - ეკატერინე ლომთათიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-28). საკონსტიტუციო სასამართლოს მიდგომიდან გამომდინარე, ნორმის გამოყენების არაკონსტიტუციური პრაქტიკის არსებობა ნორმის არაკონსტიტუციურობას არ განაპირობებს. ასევე არც არაკონსტიტუციური ნორმის პრაქტიკაში კონსტიტუციის შესაბამისად გამოყენების ფაქტები მიუთითებს აპრიორი ნორმის კონსტიტუციასთან შესაბამისობაზე. თუმცა სადავო ნორმის „გამოყენების კონსტიტუციის ადეკვატური პრაქტიკა, ლოგიკურია რომ ნორმის კონსტიტუციურობის სასარგებლოდ მეტყველებს, რადგან ივარაუდება, რომ, თუკი გამონაკლისების გარეშე, ნორმის გამოყენება ხდება კონსტიტუციის შესაბამისად, ეს მიუთითებს მისი ერთგვაროვნად წაკითხვის შესაძლებლობაზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართოს 2007 წლის 26 დეკემბრის N1/3/407 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს მოქალაქე - ეკატერინე ლომთათიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-28). აღნიშნულიდან გამომდინარე, პრაქტიკაში სადავო ნორმის მოსარჩელის მიერ მითითებული შინაარსით გამოყენების ფაქტების არარსებობა წარმოადგენს დამატებით არგუმენტს მისი კონსტიტუციურობის სამტკიცებლად.
16. მოსარჩელე მხარე ასევე სადავოდ ხდის „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-6 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან მიმართებით. აღნიშნული ნორმის თანახმად, თუ შეკრების ორგანიზატორმა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილი „ვალდებულება არ შეასრულა ან შეასრულა, მაგრამ ვერ აღმოფხვრა დარღვევა გონივრულ ვადაში, სამართალდამცავი ორგანოები დარღვევის აღმოსაფხვრელად, ტრანსპორტის სავალი ნაწილის გასახსნელად ან/და ტრანსპორტის მოძრაობის აღსადგენად გამოიყენებენ საერთაშორისო სამართლითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზომებს“. მოსარჩელე მხარე აღნიშნულ ნორმას პრობლემატურად მიიჩნევს იმდენად, რამდენადაც თვლის, რომ მის საფუძველზე შეიძლება სახელმწიფოს წარმომადგენლებმა მოითხოვონ შეკრების შეწყვეტა იმ შემთხვევაში, თუ ორგანიზატორმა ვერ შეძლო აქციაზე მყოფი რამდენიმე პირის კანონსაწინააღმდეგო ქმედების აღმოფხვრა. ამავე დროს მოსარჩელე მიიჩნევს, რომ კანონმდებელი ლეგიტიმური მიზნის ფარგლებში იმოქმედებდა იმ შემთხვევაში, თუ კანონდამრღვევთა განეიტრალებას და აქციიდან გარიდებას დაავალებდა სამართალდამრღვევებს, რის შემდეგაც აქცია მშვიდობიან რეჟიმში გაგრძელდებოდა.
17. მოცემულ შემთხვევაში სადავო ნორმა საერთოდ არ მიუთითებს შეკრების შეწყვეტის მოთხოვნის უფლებამოსილებაზე. თუმცა იმ შემთხვევაში, თუ კანონიერად არის გადაკეტილი გზის სავალი ნაწილი, სახელმწიფოს მიერ მისი გახსნის მოთხოვნა ფაქტობრივად შეკრების შეწყვეტის ტოლფასია. შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ“ საქართველოს კანონის 111 მუხლიდან გამომდინარე, შეკრების მონაწილეთა მიერ ტრანსპორტის სავალი ნაწილის გადაკეტვა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შეკრების ჩატარება სხვაგვარად ვერ ხერხდება, შესაბამისად, ამ პირობებში ტრანსპორტის სავალი ნაწილის გახსნის მოთხოვნა შეკრების შეწყვეტას გამოიწვევს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ საქმის გადასაწყვეტად უნდა გაარკვიოს, რამდენად ადგენს სადავო ნორმა ტრანსპორტის სავალი ნაწილის გახსნის უფლებამოსილებას შეკრების მონაწილეთა მიერ არამასობრივი ხასიათის სამართალდარვევის ჩადენის შემთხვევაში.
18. იმისათვის, რომ სადავო ნორმამ დაიწყოს მოქმედება, აუცილებელია სახეზე იყოს ამავე კანონის მე-13 მუხლის მე-2 ან მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ორგანიზატორის ვალდებულების არშესრულების ან შესრულების და დარღვევის ვერაღმოფხვრის ფაქტი. მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები განსაზღვრავს ორი განსხვავებული ტიპის სამართალდაღვევის ფაქტებზე ორგანიზატორის მიერ რეაგირების ვალდებულებას. კერძოდ, მე-13 მუხლის მე-2 პუნქტი შეეხება კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-2 პუნქტის „ა“−„გ“ ქვეპუნქტების მოთხოვნათა არამასობრივად დარღვევის, ასევე ამავე კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა და მე-3 პუნქტის დარღვევის ფაქტებს. აღნიშნული დარღვევები წარმოადგენს საზოგადოებრივი წესრიგის საფრთხის შემცველ ქმედებებს, ისეთებს, როგორებიცაა: შეკრებაზე აკრძალული ნივთების მიტანა, ძალადობის რეალური საფრთხის შეცველი მოწოდებების გაკეთება და ა.შ. ამის საპირისპიროდ, მე-13 მუხლის მე-3 პუნქტი შეეხება ისეთ შემთხვევებს, როდესაც თვითნებურად, 111 მუხლისა და მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის დარღვევით ხდება მოძრაობის შეფერხება ან ტრანსპორტის სავალი ნაწილის დაკავება. სადავო ნორმა კი უთითებს, რომ, თუ არსებობს მე-11 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევა, პოლიცია დარღვევის აღმოსაფხვრელად, ტრანსპორტის სავალი ნაწილის გასახსნელად ან/და ტრანსპორტის მოძრაობის აღსადგენად იყენებს საერთაშორისო სამართლითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზომებს.
19. სადავო ნორმა ადგენს სხვადასხვა სამართლებრივ მექანიზმებს სხვადასხვა ტიპის დარღვევაზე რეაგირებისათვის. როგორც ზემოთ აღინიშნა, მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები უთითებენ ორი ტიპის დარღვევის შესახებ, შესაბამისად, ორი სახის მექანიზმი არსებობს მათ აღმოსაფხვრელად. ნორმის გონივრული განმარტების პირობებში აშკარაა, რომ დანაწესი „დარღვევის აღმოფხვრა“ მიემართება მე-13 მუხლის მე-2 პუნქტში არსებულ შემთხვევებს (როდესაც შეკრების მონაწილეებს თან აქვთ კანონით აკრძალული ნივთები, აკეთებენ რეალური საფრთხის შემცველ მოწოდებებს და ა.შ.). ხოლო ტრანსპორტის სავალი ნაწილის გახსნასა და მოძრაობის აღდგენასთან დაკავშირებული მექანიზმები მიემართება მე-13 მუხლის მე-3 პუნქტში მითითებულ შემთხვევებს, ანუ, როდესაც ხელოვნურად ხდება ტრანსპორტის მოძრაობის ხელშეშლა ან/და ტრანსპორტის სავალი ნაწილის გადაკეტვა მომიტინგეთა რაოდენობიდან გამომდინარე, მისი გადაკეტვის საჭიროების არარსებობის პირობებში. აღნიშნულიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ როდესაც ადგილი აქვს ცალკეული პირების მიერ შეკრებაზე აკრძალული საგნების ქონას ან სხვა ტიპის სამართალდარღვევას, სადავო ნორმა ადგენს პოლიციის უფლებამოსილებას, აღმოფხვრას აღნიშნული დარღვევები შეკრების პროცესის შეწყვეტის გარეშე, ანუ სადავო ნორმა ზუსტად ისე არეგულირებს შეკრების პროცესს, როგორც ამას მოსარჩელე მხარე მიიჩნევს სწორად. ცხადია, იმ შემთხვევაში, თუ აკრძალული ნივთების მიტანას ან გამოყენებას მასობრივი ხასიათი აქვს, კანონდარღვევის აღმოფხვრას შესაძლოა ფაქტობრივად შეკრების ან მანიფესტაციის შეწყვეტა მოჰყვეს. თუმცა, როგორც უკვე აღინიშნა, სადავო ნორმის ასეთი შინაარსი მოსარჩელეს კონსტიტუციასთან შეუსაბამოდ არ მიაჩნია. ხოლო გზის სავალი ნაწილის გახსნის უფლებამოსილება მისი კანონის დარღვევით გადაკეტვის შემთხვევაში არსებობს, ანუ ეს ის შემთხვევაა, როდესაც შეკრების ჩატარება მომიტინგეთა რაოდენობიდან გამომდინარე სხვაგვარადაც შესაძლებელია, შესაბამისად, ტრანსპორტის სავალი ნაწილის გახსნა შეკრების პროცესის შეწყვეტას არ იწვევს.
20. სადავო ნორმის სხვა შინაარსით წაკითხვა მისი არაკეთილსინდისიერი განმარტების შედეგი იქნება. „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის სულისკვეთების, ისევე როგორც მისი კონკრეტული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, აშკარად და არაორაზროვნად იკითხება, როდის არსებობს მომიტინგეთა მიერ გზის გადაკეტვის უფლება და როდის შეიძლება სახელმწიფოს წარმომადგენელთა მიერ გზის გახსნის მოთხოვნა. კერძოდ 111 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად: „შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა მიერ ტრანსპორტის სავალი ნაწილის ნაწილობრივ ან სრულად გადაკეტვის შემთხვევაში ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ტრანსპორტის სავალი ნაწილის გახსნის ან/და ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენის შესახებ, თუ შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობის გათვალისწინებით შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება სხვაგვარად შესაძლებელია“. კანონი ნათლად განსაზღვრავს იმ პრინციპს, როდესაც ტრანსპორტის სავალი ნაწილის გადაკეტვის უფლება არსებობს და, შესაბამისად, ყველა სხვა შემთხვევაში სახელმწიფო უფლებამოსილია, მოითხოვოს მისი გახსნა. სწორედ აღნიშნული სულისკვეთების გაგრძელებას წარმოადგენს სადავო ნორმა. იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს შეკრების მონაწილეთა საკმარისი რაოდენობა, რაც შესაბამისად გზის გადაკეტვის უფლებას წარმოშობს, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ შეკრების შეწყვეტის მექანიზმად გზის გახსნის მოთხოვნა ეწინააღმდეგება როგორც სადავო ნორმას, ისევე მასთან შინაარსობრივად დაკავშირებულ ნორმებსა და ზოგადად „შეკრებებისა და მანიფესტაციის შესახებ“ საქართველოს კანონის სულისკვეთებას.
21. შეკრების დროს ტრანსპორტის სავალი ნაწილის დაკავებასთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლომ იმსჯელა 2011 წლის 18 აპრილის №2/482,483,487,502 გადაწყვეტილებაში. სასამართლომ განსაზღვრა, როდის შეიძლება სახელმწიფომ ტრანსპროტის სავალი ნაწილის დაკავება შეზღუდოს, კერძოდ: „შეკრების (მანიფესტაციის) უფლებას უპირატესობა უნდა მიენიჭოს, თუ მისი რეალიზება სხვათა უფლებების შეზღუდვის გარეშე შეუძლებელია, როდესაც გზის სავალი ნაწილის გადაკეტვა ობიექტურ აუცილებლობას წარმოადგენს ...როდესაც მანიფესტაციის განხორციელების შესაძლებლობა სხვათა უფლებების შეულახავად და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის გარეშე არის შესაძლებელი იმ ადგილას, სადაც მანიფესტაციის პროტესტის ან მხარდაჭერის ადრესატი იმყოფება, ხელისუფლება უფლებამოსილია, შეზღუდოს შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება, თუ ის ქუჩის ბლოკირებაში, მის გადაკეტვაში გამოიხატება, რომელიც სხვათა უფლებების და თავისუფლებების დარღვევას იწვევს ან საზოგადოებრივ წესრიგს და უსაფრთხოებას უპირისპირდება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 აპრილის №2/482,483,487,502 გადაწყვეტილება საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის“, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს კონსერვატიული პარტია“, საქართველოს მოქალაქეები – ზვიად ძიძიგური და კახა კუკავა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, მოქალაქეები დაჩი ცაგურია და ჯაბა ჯიშკარიანი, საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38,39). შესაბამისად, სასამართლომ მიუთითა, რომ სახელმწიფო არ არის უფლებამოსილი, აუკძალოს შეკრების მონაწილეებს ტრანსპორტის სავალი ნაწილის გადაკეტვა იმ შემთხვევაში, როდესაც შეკრების უფლების ეფექტური რეალიზება სხვაგვარადაც შესაძლებელია. ამავე დროს სასამართლომ არაპროპორციულ შეზღუდვად მიიჩნია შეკრების მონაწილეთა მცირე რაოდენობის მიერ გზის გადაკეტვის შემთხვევაში სახელმწიფოს მიერ შეკრების შეწყვეტის მოთხოვნა. „ბუნებრივია, რომ ხელისუფლება, მისთვის კონსტიტუციითა და კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედებს, როდესაც კანონის დარღვევით მიმდინარე შეკრების მონაწილეებისაგან, შეკრების კანონთან შესაბამისობაში მოყვანას მოითხოვს ... თუმცა, მეორე მხრივ, ხელისუფლების ქმედება არ იქნება პროპორციული, თუ ის შეკრების (მანიფესტაციის) შეწყვეტას დაუყოვნებლივ, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 111 მუხლის პირველი, მე-2 ან/და მე-3 პუნქტების დარღვევისთანავე მოითხოვს. შეკრებაში (მანიფესტაციაში) მონაწილეთა მიერ გზის სავალი ნაწილის კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფით დაკავება ან ბლოკირება, შეკრების კანონთან შესაბამისობაში მოყვანის და არა დაუყოვნებლივ მისი შეწყვეტის საფუძველი უნდა გახდეს“(საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 აპრილის №2/482,483,487,502 გადაწყვეტილება საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის“, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს კონსერვატიული პარტია“, საქართველოს მოქალაქეები – ზვიად ძიძიგური და კახა კუკავა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, მოქალაქეები დაჩი ცაგურია და ჯაბა ჯიშკარიანი, საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-47,48). შესაბამისად, შეკრების დროს ტრანსპორტის სავალი ნაწილის დაკავების წესი ნათლადაა განსაზღვრული არა მხოლოდ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონით, ასევე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებითაც. აღნიშნული დამატებით გამორიცხავს სადავო ნორმის მოსარჩელის მიერ მითითებული შინაარსით განმარტების შესაძლებლობას.
22. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სადავო ნორმა შეიცავს მითითებას, რომ იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც არსებობს პოლიცის მიერ ძალის გამოყენების ლეგიტიმაცია, პოლიცია შეზღუდულია საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო სამართლის ნორმებით განსაზღვრული პრინციპებით. კერძოდ, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონი და სხვა ნორმატიული აქტები ჩამოთვლის იმ მექანიზმებს, რომელთა გამოყენების უფლებამოსილებაც პოლიციას საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით გააჩნია. მაგალითად, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19-35-ე მუხლები განსაზღვრავენ საპოლიციო ღონისძიებების სახეებსა და მათი განხორციელების წესს. სადავო ნორმის უმთავრეს დანიშნულებას წარმოადენს იმის განსაზღვრა, რომ შეკრების მშვიდობიანი ხასიათის უზრუნველყოფისას პოლიცია ვალდებულია, იმოქმედოს მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ძალის გამოყენების პროცესში დაიცვას შეკრებისა და მანიფესტაციების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტში რეგლამენტირებული პრინციპები და საერთაშორისო სამართლით დადგენილი ადამიანის უფლებათა სტანდარტები.
23. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ სადავო ნორმას სწორედ ის შინაარსი გააჩნია, რა ტიპის მოწესრიგების მიზანშეწონილობაზეც მიუთითებს მოსარჩელე. შეკრების ან/და მანიფესტაციის პროცესში ცალკეული პირების მიერ კანონის დარღვევის შემთხვევაში იგი ადგენს პოლიციის უფლებამოსილებასა და ვალდებულებას, მოახდინოს ასეთი დარღვევების აღმოფხვრა და შეკრებისა და მანიფესტაციის მშვიდობიანი ხასიათის უზრუნველყოფა. სადავო ნორმა არ ადგენს შეკრებისა და მანიფესტაციის შეწყვეტის უფლებამოსილებას, შესაბამისად, ამ შინაარსით იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტეს.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის და მე-2 პუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 25-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-2, მე-4, მე-7, მე-8 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 24-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 30-ე, 31-ე, 32-ე და 33-ე მუხლების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ დაკმაყოფილდეს კონსტიტუციური სარჩელი N538 (პოლიტიკური გაერთიანება „თავისუფალი საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით და ამავე კანონის მე-13 მუხლის მე-6 პუნქტის საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან მიმართებით კონსტიტუციურობის თაობაზე.
2. გადაწყვეტილება ძალაშია საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე მისი საჯაროდ გამოცხადების მომენტიდან.
3. გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
4. გადაწყვეტილების ასლი გაეგზავნოს მხარეებს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს უზენაეს სასამართლოს და საქართველოს მთავრობას.
5. გადაწყვეტილება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნდეს 15 დღის ვადაში.
კოლეგიის წევრები:
კონსტანტინე ვარძელაშვილი
ქეთევან ერემაძე
მაია კოპალეიშვილი