პოლიტიკური გაერთიანება „თავისუფალი საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N1/3/538 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - კონსტანტინე ვარძელაშვილი, ქეთევან ერემაძე, მაია კოპალეიშვილი, |
თარიღი | 28 მაისი 2013 |
კოლეგიის შემადგენლობა:
1.კონსტანტინე ვარძელაშვილი – სხდომის თავმჯდომარე, მომხსნენებელი მოსამართლე;
2. ქეთევან ერემაძე – წევრი;
3. მაია კოპალეიშვილი - წევრი.
სხდომის მდივანი: ლილი სხირტლაძე.
საქმის დასახელება: პოლიტიკური გაერთიანება „თავისუფალი საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით. ამავე კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველ პუნქტთან და მე-19 მუხლთან მიმართებით. ამავე კანონის მე-13 მუხლის მე-6 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 27 ივლისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №538) მიმართა პოლიტიკურმა გაერთიანებამ „თავისუფალმა საქართველომ“. №538 კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განხილვის საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადაეცა 2012 წლის პირველ აგვისტოს.
2. საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2013 წლის 28 მაისს.
3. კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის საფუძვლად მითითებულია საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტი, ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი, ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
4. მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით; ამავე კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველ პუნქტთან და მე-19 მუხლთან მიმართებით; ამავე კანონის მე-13 მუხლის მე-6 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან მიმართებით.
5. მოსარჩელის მტკიცებით, „შეკრებებისა და მანიფესტაციის“ შესახებ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტით არალეგიტიმურად იზღუდება კონსტიტუციით გარანტირებული უფლება. სადავო ნორმის მიხედვით, თვითმმართველობა უფლებამოსილია, განიხილოს შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების ადგილისა და დროის შეცვლის მიზანშეწონილობის საკითხი და რეკომენდაციით მიმართოს შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებისთვის პასუხისმგებელ პირს. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ აღნიშნული ნორმა გაუმართლებლად ზღუდავს კონსტიტუციით გარანტირებულ შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებით სარგებლობას. მაგალითად, თუ ადამიანებს სურთ პარლამენტის შენობის წინ გამართონ აქცია და გააპროტესტონ კანონი, რომელსაც პარლამენტი იმ მომენტში იღებს, მათთვის სხვა ადგილას და სხვა დროს აქციის ჩატარება აზრს მოკლებულია. შესაბამისად, სადავო ნორმით არაპროპორციულად იზღუდება კონსტიტუციური ნორმა. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ კონსტიტუციის თანახმად, გაფრთხილების აუცილებლობა წარმოიშობა იმ შემთხვევაში, თუ აქცია იმართება ხალხის ან/და ტრანსპორტის სავალ ნაწილზე, ხოლო სადავო ნორმა დამატებით შეზღუდვებს აწესებს და, ამდენად, საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებასთან მოდის წინააღმდეგობაში.
6. მოსარჩელე ასევე მიუთითებს, რომ სადავო კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით იზღუდება შეკრებისა და მანიფესტაციის გამართვის კონსტიტუციური უფლება. სადავო ნორმის მიხედვით, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ეკრძალებათ, იქონიონ ისეთი საგანი ან ნივთიერება, რომელიც გამოიყენება ან შეიძლება გამოყენებულ იქნეს შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა ან სხვა პირთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების მიზნით. აღნიშნული ნორმის საფუძველზე, სამართალდამცავებს შესაძლებლობა აქვთ, დააწესონ დამატებითი შეზღუდვები, ვინაიდან ჯანმრთელობის ზიანის მისაყენებელ საგნად შესაძლოა ჩაითვალოს დროშა (რადგან მას აქვს ტარი). მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ასეთ აკრძალვას კონსტიტუციის უხეშ დარღვევამდე მივყავართ. გარდა ამისა, მოცემულ აკრძალვაში შესაძლოა მოიაზრებოდეს "მაკრატელი, ქლიბი და სხვა ნივთები", რაც ასევე კონსტიტუციური უფლების გაუმართლებელ შეზღუდვას იწვევს. იმ შემთხვევაში, თუ კანონმდებელი მიზნად ისახავდა შეკრებისა და მანიფესტაციის მსვლელობისას შესაძლო ექსცესების თავიდან აცილებას, მას უფრო მკაფიოდ და ნათლად შეეძლო განემარტა, თუ რა სახის საგნისა თუ ნივთის ქონა ეკრძალებათ აქციის მონაწილეებს. აქედან გამომდინარე, სადავო ნორმა ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველ პუნქტს.
7. მოსარჩელე მხარე „შეკრებებისა და მანიფესტაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობას ასევე სადავოდ ხდის საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლთან მიმართებით. თუმცა სარჩელში არ არის მოცემული არგუმენტაცია, რომელიც კონსტიტუციის აღნიშნულ დებულებასთან სადავო ნორმის მიმართებას წარმოაჩენდა.
8. მოსარჩელის აზრით, სადავო კანონის მე-13 მუხლის მე-6 პუნქტით არათანაზომიერად იზღუდება კონსტიტუციური უფლება. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ აღნიშნული ნორმის საფუძველზე, იმ შემთხვევაში, თუ შეკრების ორგანიზატორმა ვერ შეძლო აქციაზე მყოფი რამდენიმე პირის მიერ განხორციელებული კანონსაწინააღმდეგო ქმედების აღმოფხვრა, შესაძლებელია აქცია მთლიანად შეწყდეს. თუკი კანონმდებელს ლეგიტიმური მიზანი ამოძრავებდა, მას შეეძლო აღნიშნული საკითხი დაერეგულირებინა იმგვარად, რომ დამრღვევის განეიტრალება და აქციიდან გაყვანის ვალდებულება დაეკისრებინა სამართალდამცველებისათვის, რის შემდეგაც აქცია მშვიდობიან რიტმში გაგრძელდებოდა. კონკრეტული დარღვევის აღმოფხვრაზე პასუხისმგებლობის ორგანიზატორისათვის დაკისრება გაუმართლებელია, რადგან ორგანიზატორი პასუხს აგებს იმაზე, რომ აქციამ კანონსაწინააღმდეგო ხასიათი არ მიიღოს, ხოლო აქციის ცალკეული მონაწილის უკანონო ქმედებაზე პასუხისმგებლობა სამართალდამცველების კომპეტენციას უნდა განეკუთვნებოდეს, ისე რომ, ამით ხელი არ შეეშალოს აქციის ნორმალურ მიმდინარეობას. აქედან გამომდინარე, სადავო ნორმა ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებს.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, იგი პასუხობდეს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „კონსტიტუციური სარჩელისადმი კანონმდებლობით წაყენებულ პირობათაგან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია დასაბუთებულობის მოთხოვნა. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებული უნდა იყოს. მოსარჩელემ კონსტიტუციურ სარჩელში უნდა მოიყვანოს ის მტკიცებულებანი, რომლებიც, მისი აზრით, ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას. თითქმის ანალოგიურია „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მოთხოვნა. კანონმდებლობის ამ ნორმების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლო, “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უარს ამბობს კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 19 ოქტომბრის განჩინება N2/6/475 საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე ძიმისტარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). `კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის #1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). N538 კონსტიტუციურ სარჩელში, სხვა ნორმებთან ერთად, მოსარჩელე სადავოდ ხდის „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით. შესაბამისად, იგი ვალდებულია, დაასაბუთოს, რომ სადავო ნორმით მის მიმართ დადგენილია შეზღუდვა, რომელიც შინაარსით მიემართება კონსტიტუციის ზემოთ ხსენებულ დებულებას.
2. „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „საზოგადოებრივი წესრიგის, სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანოების, საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების, ტრანსპორტის ნორმალური მუშაობის უზრუნველსაყოფად ადგილობრივი თვით მმართველობის აღმასრულებელი ორგანო უფლებამოსილია, გაფრთხილების მიღებიდან სამი დღის განმავლობაში, შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარებისათვის პასუხისმგებელი პირების თანდასწრებით განიხილოს შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების ადგილისა და დროის შეცვლის მიზანშეწონილობის საკითხი და წერილობით გადასცეს მათ რეკომენდაცია ამის შესახებ, თუ: ა) შეკრება ან მანიფესტაცია რეალურ საფრთხეს უქმნის საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ნორმალურ ფუნქციონირებას; ბ) სხვა აქციის (რომელზედაც გაფრთხილება უფრო ადრე იქნა შეტანილი ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოში) ჩატარება დაგეგმილია იმავე ადგილზე და იმავე დროს“. მოსარჩელე მხარე კონსტიტუციურ სარჩელში მიუთითებს, რომ კანონის აღნიშნული დანაწესი უფლებამოსილებას ანიჭებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, შეზღუდოს საქართველოს მოქალაქეები შეკრების ან/და მანიფესტაციის დროისა და ადგილის არჩევისას. მისი აზრით, ადგილობრივი თვითმმართველობის გადაწყვეტილებამ შესაძლებელია, უმრავლეს შემთხვევებში, აზრი დაუკარგოს პროტესტს.
3. საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტი უფლებამოსილებას ანიჭებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, რეკომენდაცია გასწიოს ამა თუ იმ შეკრების ან/და მანიფესტაციის ჩატარების ადგილისა და დროის შეცვლის მიზანშეწონილობის შესახებ. აღნიშნული დანაწესი არ გულისხმობს, რომ შეკრების ან/და მანიფესტაციის ჩატარების მსურველი პირები ვალდებული არიან, თვითმმართველობის ორგანოს მიერ მითითებულ დროსა და ადგილას შეიკრიბონ. თვითმმართველობის ორგანოს გადაწყვეტილებას აქვს სარეკომენდაციო და არა სავალდებულო ხასიათი და მისი გათვალისწინება დამოკიდებულია თავად შეკრების მსურველ პირთა ნებაზე. საქართველოს კანონი „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ ცხადად მიუთითებს, რომ შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარება არ საჭიროებს ნებართვას. კანონი ადგენს მხოლოდ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში გაფრთხილების წარდგენის ვალდებულებას იმ პირობებში, როდესაც შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება ტრანსპორტის სავალ ნაწილზე იმართება ან ტრანსპორტის მოძრაობას აფერხებს. აღნიშნული დანაწესის საწინააღმდეგო რეგულირება არც ზემოხსენებული სადავო ნორმით არის დადგენილი. აღნიშნულიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ სასარჩელო მოთხოვნა ამ ნაწილში ეფუძნება მოსარჩელის მიერ სადავო ნორმის შინაარსის არასწორ აღქმას. სადავო ნორმა არ ზღუდავს პირებს შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარების დროის ან/და ადგილის არჩევისას. არგუმენტაცია, რომელსაც მოსარჩელე მხარე ნორმის არაკონსტიტუციურობის სამტკიცებელად მიუთითებს, არ უკავშირდება სადავო ნორმის ნამდვილ შინაარსს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით, სარჩელი დაუსაბუთებელია და სახეზეა მისი არსებითად განსახილველად არმიღების „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა” ქვეპუნქტითა და მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
4. N538 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე ასევე აღნიშნავს, რომ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლს. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 აპრილის N2/482,483,487,502 გადაწყვეტილების თანახმად, საქართველოს კონსტიტუციის მე-19, 24-ე და 25-ე მუხლები, სიტყვის და აზრის გამოხატვის თავისუფლების უფლების განსხვავებულ ასპექტებს მოიცავენ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 აპრილის N2/482,483,487,502 გადაწყვეტილება საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება `მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის~, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება `საქართველოს კონსერვატიული პარტია~, საქართველოს მოქალაქეები _ ზვიად ძიძიგური და კახა კუკავა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, მოქალაქეები დაჩი ცაგურია და ჯაბა ჯიშკარიანი, საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-10). ამდენად, მოსარჩელე ვალდებულია, დაასაბუთოს სადავო ნორმასა და კონსტიტუციის მე-19 მუხლს შორის შინაარსობრივი მიმართება. თუმცა, მოსარჩელის არგუმენტაცია სადავო ნორმის მხოლოდ კონსტიტუციის 25-ე მუხლთან შეუსაბამობის მტკიცებით შემოიფარგლება. კერძოდ, მოსარჩელე აღნიშნავს, რომ სადავო ნორმით გათვალისწინებული შეზღუდვა, რომელიც შეკრებისა და მანიფესტაციის მონაწილეების მიერ გარკვეული საგნების თან ქონას შეეხება, შესაძლოა გავრცელდეს პირადი ხასიათის ნივთებზე ან/და შეკრებისა თუ მანიფესტაციისთვის განკუთვნილ ატრიბუტიკაზე (დროშა, ტრანსპარანტი და ა.შ.). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლთან მიმართებით, კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და სახეზეა მისი არსებითად განსახილველად არმიღების „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა” ქვეპუნქტითა და მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
5. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია მიიჩნევს, რომ N538 კონსტიტუციური სარჩელი სხვა მხრივ აკმაყოფილებს ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელების არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის რომელიმე საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 271 მუხლის პირველი პუნტის, 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-5 და მე-8 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის და მე-18 მუხლის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად კონსტიტუციური სარჩელი N538 (პოლიტიკური გაერთიანება „თავისუფალი საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით; ამავე კანონის მე-13 მუხლის მე-6 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან მიმართებით.
2. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად კონსტიტუციური სარჩელი N538 (პოლიტიკური გაერთიანება „თავისუფალი საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით, ამავე კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლთან მიმართებით.
3. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.
4. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
5. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
6. საოქმო ჩანაწერი გაეგზავნოთ მხარეებს.
კოლეგიის წევრები:
კონსტანტინე ვარძელაშვილი
ქეთევან ერემაძე
მაია კოპალეიშვილი