საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2/13/1460 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, ხვიჩა კიკილაშვილი, |
თარიღი | 10 დეკემბერი 2021 |
გამოქვეყნების თარიღი | 27 დეკემბერი 2021 15:32 |
კოლეგიის შემადგენლობა:
მანანა კობახიძე – სხდომის თავმჯდომარე;
ირინე იმერლიშვილი – წევრი;
ხვიჩა კიკილაშვილი – წევრი;
თეიმურაზ ტუღუში – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე.
სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.
საქმის დასახელება: საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №6 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №108 ბრძანების დანართი №1-ის მე-15 პუნქტისა და „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №3 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №109 ბრძანების დანართი №1-ის მე-15 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლთან და 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის პირველ და მე-2 წინადადებებთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 12 ნოემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1460) მომართა საქართველოს სახალხო დამცველმა. №1460 კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, გადმოეცა 2019 წლის 13 ნოემბერს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის 2020 წლის 11 დეკემბრის №2/6/1460 საოქმო ჩანაწერით, კონსტიტუციური სარჩელი ნაწილობრივ იქნა არსებითად განსახილველად მიღებული.
2. №1460 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტები, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტები, 34-ე მუხლი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი.
3. სადავო ნორმები დოკუმენტს (სასამართლოს განაჩენებისა და გადაწყვეტილებების ასლების, შესანახად ჩაბარებული ფულის, ნივთებისა და ფასეულობების ქვითრის გარდა (ერთ ეგზემპლარად), ასევე ბრალდებულის/მსჯავრდებულის გადაწყვეტილებით სხვა ოფიციალური დოკუმენტების, არაუმეტეს 100 ფურცლის გარდა) განსაზღვრავს როგორც ერთ-ერთ აკრძალულ ნივთს, რომლის შეძენა, შენახვა, ტარება, მოხმარება ან/და სარგებლობა ეკრძალებათ პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებულ ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს და იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლი განამტკიცებს პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებას. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის პირველი და მე-2 წინადადებების თანახმად, „დაცვის უფლება გარანტირებულია. ყველას აქვს უფლება სასამართლოში დაიცვას თავისი უფლებები პირადად ან ადვოკატის მეშვეობით, აგრეთვე კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში - წარმომადგენლის მეშვეობით“.
5. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, სადავო ნორმების მოქმედების პირობებში ნებისმიერი ტიპის პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებულ ბრალდებულს/მსჯავრდებულს შესაძლებლობა ერთმევა, ფლობდეს და დაწესებულებაში ინახავდეს ნებისმიერ არაოფიციალურ და 100 გვერდზე მეტ ოფიციალურ დოკუმენტაციას. ამასთან, მოსარჩელის განმარტებით, სადავო აქტები, ისევე, როგორც პატიმრობის კოდექსი, არ განსაზღვრავს „დოკუმენტის“ ცნებას. პენიტენციურ დაწესებულებებში დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით კი, დაწესებულებათა ადმინისტრაციების მიერ აღნიშნული ცნება განიმარტება ფართოდ და მასში მოიაზრება ნებისმიერი სახის ბეჭდური მასალა (გარდა წიგნისა და ჟურნალ-გაზეთებისა), მიუხედავად მისი ოფიციალური თუ არაოფიციალური ხასიათისა. აღნიშნული კი არ გამორიცხავს ადმინისტრაციის მხრიდან თვითნებობის შესაძლებლობას.
6. მოსარჩელის მტკიცებით, „დოკუმენტის“ ცნების პრაქტიკაში დამკვიდრებული ფართო გაგება იძლევა იმის თქმის შესაძლებლობას, რომ დოკუმენტთა გარკვეული კატეგორიის, კერძოდ, წერილობითი დოკუმენტის სახით სისხლის სამართლის საქმის, ადმინისტრაციული, სამოქალაქო და დისციპლინური სამართალწარმოების მასალების ასლების, ასევე, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებისა თუ სხვა ოფიციალური დოკუმენტური მასალის საკანში შენახვის აკრძალვით, ბრალდებულს/მსჯავრდებულს ერთმევა მათი სათანადოდ გაცნობის, დამუშავების, გაანალიზების, საკუთარი პოზიციისა და არგუმენტაციის ჩამოყალიბების შესაძლებლობა. შედეგად, ბრალდებული/მსჯავრდებული ვერ ახერხებს საკუთარი საპროცესო უფლებების (სასამართლოსათვის მიმართვის, დაცვის უფლების, მხარეთა თანასწორობის, შეჯიბრებითობის) სათანადოდ რეალიზაციასა და კანონიერი ინტერესების დაცვას. აღნიშნული კი არღვევს მისი დაცვის უფლების საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ გარანტიებს.
7. მოსარჩელე მხარის მითითებით, პენიტენციურ დაწესებულებაში დოკუმენტის ფლობის აკრძალვის ლეგიტიმურ მიზანს შესაძლოა, წარმოადგენდეს დაწესებულებაში არსებული წესრიგისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა, უფრო კონკრეტულად, ერთი მხრივ, დაწესებულების გარემოსათვის შეუთავსებელი და საფრთხის მატარებელი შინაარსის წერილობითი მასალის, მეორე მხრივ კი - დოკუმენტის, როგორც საფრთხის შემცველი ნივთის (სუბსტანციის) ბრალდებულის/მსჯავრდებულის ხელში მოხვედრის აღკვეთა. თუმცა იმ პირობებში, როდესაც სადავო აქტების თანახმად, პენიტენციურ დაწესებულებაში ნებადართულ ნივთთა კატეგორიაში მოაზრებულია წიგნები (გარკვეული შინაარსობრივი და რაოდენობრივი შეზღუდვებით), რომლებიც იდენტური საფრთხეების მატარებელია, მოსარჩელე მხარისთვის გაუგებარია, რატომ ექვემდებარება დოკუმენტური მასალა გაცილებით მკაცრ აკრძალვას. აღნიშნული, მოსარჩელის განმარტებით, იმთავითვე ეჭვქვეშ აყენებს ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად გამოყენებული შეზღუდვის პროპორციულობას.
8. მოსარჩელე განმარტავს, რომ ბრალდებულისთვის/მსჯავრდებულისთვის ნებისმიერი არაოფიციალური ხასიათის და შეზღუდული რაოდენობით ოფიციალური დოკუმენტაციის საკანში ფლობის აკრძალვით, პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებულ პირებს გაუმართლებლად ეზღუდებათ მოქმედების თავისუფლების ფარგლები, რაც, თავის მხრივ, ასევე ნეგატიურად აისახება მათი პიროვნების თავისუფალი განვითარების კონსტიტუციით გარანტირებული უფლების სათანადო რეალიზებაზე. სადავო ნორმებით დადგენილი შეზღუდვა წარმოადგენს ერთგვარ ხელოვნურ დაბრკოლებას, რომელიც პატიმარს, მინიმუმ, ურთულებს ან მისთვის საერთოდ შეუძლებელს ხდის საკუთარი ინტერესის სფეროში შემავალი კონკრეტული სამართლებრივი, პროფესიული თუ ზოგადსაგანმანათლებლო შინაარსის მასალის საფუძვლიანად გაცნობას, სათანადოდ დამუშავებას და, ამდენად, საკუთარი მორალური, სოციალური, ინტელექტუალური მოთხოვნილებების და ინტერესების დაკმაყოფილებას. მოსარჩელის მითითებით, დადგენილ შეზღუდვას ვერ აბალანსებს პენიტენციურ დაწესებულებათა ბიბლიოთეკები, რომელთა არსებობა თითოეული დაწესებულებისათვის გათვალისწინებულია კანონმდებლობით.
9. მოსარჩელე ასევე ყურადღებას ამახვილებს რესოციალიზაციაზე, როგორც სასჯელის ერთ-ერთ მიზანზე, რომლის განხორციელებაც მჭიდროდ უკავშირდება ინდივიდის პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებას. პიროვნული განვითარება კი, შესაბამის ინფორმაციაზე წვდომის არქონის პირობებში, ფაქტობრივად მიუღწეველია. შესაბამისად, მოსარჩელის მითითებით, პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებულ პირებს ზემოაღნიშნული მიზნის მიღწევის პროცესში სახელმწიფო მაქსიმალურად უნდა უწყობდეს ხელს, ხოლო ისეთ დროს, როცა სახელმწიფო არათუ ხელს უწყობს, არამედ გაუმართლებლად აბრკოლებს ამგვარი პირის მიერ ზემოაღნიშნული უფლებით სარგებლობას, ის არღვევს პიროვნების თავისუფალი განვითარების საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ მოთხოვნებს.
10. მოსარჩელე მხარე საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად დამატებით მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესაბამის პრაქტიკაზე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალსა და საერთაშორისოსამართლებრივ აქტებზე.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. №1460 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარეს წარმოადგენს საქართველოს სახალხო დამცველი. 2021 წლის 19 აპრილს საქართველოს სახალხო დამცველმა საქმის შეწყვეტის შუამდგომლობით მომართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს და უარი თქვა სასარჩელო მოთხოვნაზე.
2. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, მოსარჩელეს უფლება აქვს, უარი თქვას სასარჩელო მოთხოვნაზე. ამასთან, სასარჩელო მოთხოვნაზე უარის თქმა იწვევს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას.
3. ამდენად, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტზე დაყრდნობით, №1460 კონსტიტუციურ სარჩელზე საქმე უნდა შეწყდეს.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. შეწყდეს საქმე №1460 კონსტიტუციურ სარჩელზე („საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
მანანა კობახიძე
ირინე იმერლიშვილი
ხვიჩა კიკილაშვილი
თეიმურაზ ტუღუში