საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის - გიორგი კვერენჩხილაძის განსხვავებული აზრი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2021 წლის 16 დეკემბრის №1/20/1614 განჩინებასთან დაკავშირებით
დოკუმენტის ტიპი | განსხვავებული აზრი |
ნომერი | do1/20/1614 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - , , |
ავტორ(ებ)ი | გიორგი კვერენჩხილაძე |
თარიღი | 16 დეკემბერი 2021 |
გამოქვეყნების თარიღი | 28 დეკემბერი 2021 11:45 |
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის - გიორგი კვერენჩხილაძის განსხვავებული აზრი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2021 წლის 16 დეკემბრის №1/20/1614 განჩინებასთან დაკავშირებით
1. გამოვხატავ რა ჩემი კოლეგებისადმი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის წევრებისადმი პატივისცემას, ამავე დროს, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 47-ე მუხლის შესაბამისად, გამოვთქვამ განსხვავებულ აზრს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2021 წლის 16 დეკემბრის №1/20/1614განჩინებაში („ზვიად გოგიაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) გამოხატულ პოზიციასთან დაკავშირებით. ხსენებული განჩინებით საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ არსებითად განსახილველად არ მიიღო კონსტიტუციური სარჩელი (რეგისტრაციის №1614) იმ საფუძვლით, რომ სადავო საკითხი უკვე გადაწყვეტილია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 11 თებერვლის №1/1/1505,1515,1516,1529 გადაწყვეტილებით და, ამასთანავე, სასამართლო იზიარებს ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაში გამოთქმულ სამართლებრივ პოზიციას, რასაც არ ვეთანხმები.
2. სადავო ნორმების თანახმად („საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის 453 მუხლის პირველი პუნქტი და მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი), საქართველოს მთავრობას მიენიჭა იზოლაციისა და კარანტინის წესების დადგენის უფლებამოსილება, იმავდროულად, განისაზღვრა კონკრეტული საკარანტინე ღონისძიებები, რაც, მათ შორის, გულისხმობს პირთა მიმოსვლის რეგულირებას. №1614 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ სადავო ნორმებით საქართველოს მთავრობისთვის მიმოსვლის თავისუფლების შეზღუდვის უფლებამოსილების დელეგირება მოხდა კონსტიტუციის მოთხოვნების დარღვევით. კერძოდ, უფლებამოსილების დელეგირებისას საქართველოს პარლამენტს თავად არ განუსაზღვრავს გადაცემული უფლებამოსილების მიზანი, შინაარსი და ფარგლები. კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ გამხდარი საკითხი საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე შეაფასა 2021 წლის 11 თებერვლის №1/1/1505,1515,1516,1529 გადაწყვეტილებით და მიიჩნია, რომ სადავო ნორმები, მათ შორის, მიმოსვლის თავისუფლების შეზღუდვის უფლებამოსილების დელეგირება აკმაყოფილებდა საქართველოს კონსტიტუციის ფორმალურ მოთხოვნებს.
3. 2021 წლის 11 თებერვლის ზემოხსენებულ გადაწყვეტილებას თან ერთვის ჩემი განსხვავებული აზრი (do1/1/1505,1515,1516,1529), რომლითაც არ გავიზიარე სასამართლოს პოზიცია გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის მე-2 თავში განვითარებულ მსჯელობასთან დაკავშირებით, რომელიც შეეხებოდა საქართველოს პარლამენტის მიერ აღმასრულებელი ხელისუფლებისათვის, მათ შორის, მიმოსვლის თავისუფლების შეზღუდვის უფლებამოსილების დელეგირების საქართველოს კონსტიტუციასთან თავსებადობის შეფასებას. დღესაც ვიზიარებ მითითებულ განსხვავებულ აზრში ჩემს მიერ გამოთქმულ სამართლებრივ პოზიციას და მიმაჩნია, რომ სადავო ნორმების საფუძველზე საქართველოს მთავრობისთვის, მათ შორის, მიმოსვლის თავისუფლების შეზღუდვის უფლებამოსილების დელეგირება მოხდა საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნების დარღვევით. კერძოდ, სადავო ნორმებით გათვალისწინებული დელეგირების პირობებში არც ერთ პრინციპულ საკითხზე საქართველოს პარლამენტს გადაწყვეტილება თავად არ მიუღია. აღმასრულებელ ხელისუფლებას მიანდო არა თუ დეტალების, პროცედურების ან ტექნიკური ასპექტების განსაზღვრის უფლება, არამედ გადასცა პანდემიის/ეპიდემიის დროს საკუთარი შეხედულებისამებრ ძირითად უფლებათა არსისა და მათი შეზღუდვის პირობების განსაზღვრის სრული უფლებამოსილება.
4. დასახელებულ შემთხვევაში, საქართველოს პარლამენტმა აღმასრულებელ ხელისუფლებას მიანიჭა შესაძლებლობა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით შეზღუდოს მიმოსვლის თავისუფლება. უპირველესად, უნდა აღინიშნოს, რომ მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის იმ მუხლზე მითითება, რომლის შეზღუდვის უფლებამოსილებაც მიენიჭა აღმასრულებელ ხელისუფლებას, საკმარისი არ არის დელეგირების შინაარსის და ფარგლების იდენტიფიცირებისათვის. გადაადგილების თავისუფლება მრავალი უფლებრივი კომპონენტისგან შედგება და, სულ მცირე, საქართველოს პარლამენტს შეეძლო დაეკონკრეტებინა, თუ რა ასპექტის შეზღუდვის უფლებამოსილებას ანიჭებდა საქართველოს მთავრობას. ამგვარი დელეგირების პირობებში, საქართველოს მთავრობას, მაგალითისათვის, შეუძლია სრულად აკრძალოს გადაადგილება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და ამ შემთხვევაშიც კი იგი არ გასცდება დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებს, რაც გადაადგილების თავისუფლების ფუნდამენტური არსის რეგულირებაა და არა რომელიმე საკანონმდებლო გადაწყვეტილების აღსრულების პროცედურული ან ტექნიკური ნაწილი (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის გიორგი კვერენჩხილაძის 2021 წლის წლის 11 თებერვლის do1/1/1505,1515,1516,1529 განსხვავებული აზრი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 11 თებერვლის №1/1/1505,1515,1516,1529 გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, 17-18).
5. კვალავაც არ ვეთანხმები საკონსტიტუციო სასამართლოს შეფასებას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს მთავრობისთვის არ მომხდარა ფუნდამენტური მნიშვნელობის მქონე საკითხის მოწესრიგების უფლებამოსილების დელეგირება (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 16 დეკემბრის №1/20/1614განჩინება საქმეზე „ზვიად გოგიაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-6). მიმაჩნია, რომ აღნიშნული საკითხის გადაწყვეტის დროს სასამართლოს უნდა შეეფასებინა მასშტაბი, თუ რაოდენ განუსაზღვრელი საკანონმდებლო უფლებამოსილების დელეგირება მოხდა აღმასრულებელ ხელისუფლებაზე და რა რისკის მატარებელი შეიძლება იყოს ამგვარი ძალაუფლების კონცენტრაცია ხელისუფლების აღმასრულებელ შტოში, თუნდაც პანდემიის, ეპიდემიის ან სხვა კრიზისული ვითარებისას. იმავდროულად, სადავო ნორმების დროებითობაზე მითითება ნაკლებად სარწმუნო არგუმენტია დელეგირებული უფლებამოსილების არაფუნდამენტურად მიჩნევისათვის, რადგან ფუნდამენტურ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღება საკანონმდებლო ორგანოს მუდმივი/უცვლელი ვალდებულებაა, რომლის თუნდაც ერთი დღით სხვა ორგანოზე გადაცემითაც კი შესაძლოა დარღვეულ იქნეს კონსტიტუციური მოთხოვნები (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის გიორგი კვერენჩხილაძის 2021 წლის წლის 11 თებერვლის do1/1/1505,1515,1516,1529 განსხვავებული აზრი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 11 თებერვლის №1/1/1505,1515,1516,1529 გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, 20-21).
6. კვლავინდებურად ვერ გავიზიარებ ჩემი კოლეგების პოზიციას დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებულ აქტებზე სასამართლო კონტროლის მექანიზმზე (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 16 დეკემბრის №1/20/1614 განჩინება საქმეზე „ზვიად გოგიაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-5). მივიჩნევ, რომ იმისათვის, რათა სასამართლომ შეძლოს საკუთარი ფუნქციის - კანონქვემდებარე აქტების კანონიერების შემოწმების განხორციელება, აუცილებელია, რომ პარლამენტმა მადელეგირებელი აქტით სათანადოდ განსაზღვროს თუ რისი უფლებამოსილება, რა მიზნითა და ფარგლებით მიანიჭა აღმასრულებელს. მოცემულ შემთხვევაში კი, საქართველოს პარლამენტმა არა თუ მკაფიოდ არ განსაზღვრა საქართველოს მთავრობის სამოქმედო არეალი და კანონქვემდებარე აქტების კანონთან შესაბამისობის კრიტერიუმები, არამედ აღმასრულებელ ხელისუფლებას მიანიჭა საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებისგან, მათ შორის, კანონისგან განსხვავებული მოწესრიგების შემუშავების უფლებამოსილება. საკანონმდებლო უფლებამოსილების მსგავსი სახით დელეგირებით პარლამენტმა არა მხოლოდ საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებაზე თქვა უარი, არამედ სასამართლოს ხელისუფლებასაც შეუზღუდა აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლის უმნიშვნელოვანესი მექანიზმი (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის გიორგი კვერენჩხილაძის 2021 წლის წლის 11 თებერვლის do1/1/1505,1515,1516,1529 განსხვავებული აზრი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 11 თებერვლის №1/1/1505,1515,1516,1529 გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, 23-24).
7. ყოველივე ზემოხსენებულის გათვალისწინებით, კვლავ სრულად ვიზიარებ 2021 წლის 11 თებერვლის do1/1/1505,1515,1516,1529 ჩემს განსხვავებულ აზრში გამოხატულ სამართლებრივ შეფასებას იმის თაობაზე, რომ აღმასრულებელ ხელისუფლებას გადაეცა განუსაზღვრელი საკანონმდებლო უფლებამოსილება იმგვარად, რომ საქართველოს პარლამენტს არ მიუღია გადაწყვეტილებები პრინციპულ პოლიტიკურ-სამართლებრივ საკითხებთან მიმართებით. მოცემულ შემთხვევაში, საკანონმდებლო უფლებამოსილების დელეგირება წარმოადგენს არა კანონის აღსრულების საშუალებას, არამედ საქართველოს მთავრობისათვის ახალი საკანონმდებლო ბაზის შექმნის უფლებამოსილების მინიჭებას. მსგავსი დელეგირება კი უთანაბრდება საკანონმდებლო ორგანოს მიერ საკუთარი კონსტიტუციური კომპეტენციის განუხორციელებლობას, რაც შეუთავსებელია საქართველოს კონსტიტუციასთან და მასში განმტკიცებულ ძირითად პრინციპებთან. შესაბამისად, სადავო ნორმების საფუძველზე საქართველოს პარლამენტის მიერ აღმასრულებელი ხელისუფლებისათვის მიმოსვლის თავისუფლების შეზღუდვის უფლებამოსილების დელეგირება განხორციელდა საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნათა დარღვევით და მიგვაჩნია, რომ სადავო ნორმები არაკონსტიტუციურია.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე:
გიორგი კვერენჩხილაძე