ზვიად გოგიაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1614 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - , , |
ავტორ(ებ)ი | ზვიად გოგიაშვილი |
თარიღი | 21 ივნისი 2021 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონი
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ საქართველოს კანონის 453 მუხლის პირველი პუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომლის მიხედვითაც საქართველოს მთავრობას ან საქართველო მთავრობის მიერ განსაზღვრულ სამინისტროს აქვს უფლებამოსილება მათი ნორმატიული აქტით შეზღუდოს მიმოსვლის თავისუფლება |
მუხლი 14. მიმოსვლის თავისუფლება 1. ყველას, ვინც კანონიერად იმყოფება საქართველოში, აქვს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე თავისუფალი მიმოსვლის, საცხოვრებელი ადგილის თავისუფლად არჩევისა და საქართველოდან თავისუფლად გასვლის უფლება. ამ უფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ჯანმრთელობის დაცვის ან მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით. |
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ საქართველოს კანონის 453 მუხლის მეორე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რაც უკავშირდება მიმოსვლის თავისუფლების შეზღუდვას მთავრობის ან საქართველო მთავრობის მიერ განსაზღვრულ სამინისტროს მიერ მიღებული ნორმატიული აქტით. |
მუხლი 14. მიმოსვლის თავისუფლება 1. ყველას, ვინც კანონიერად იმყოფება საქართველოში, აქვს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე თავისუფალი მიმოსვლის, საცხოვრებელი ადგილის თავისუფლად არჩევისა და საქართველოდან თავისუფლად გასვლის უფლება. ამ უფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ჯანმრთელობის დაცვის ან მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით. |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მეოთხე პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი; ,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი, 31-ე და 311 მუხლები.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
ა) სარჩელი ფორმით და შინაარსით შეესაბამება „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის მოთხოვნებს;
ბ) სარჩელი შეტანილია უფლებამოსილი პირის მიერ:
,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ საქართველოს მოქალაქეებს თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი.
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ საქართველოს კანონის 453 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იზოლაციის ან/და კარანტინის წესს ადგენს საქართველოს მთავრობა ან საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული სამინისტრო. ამასთან, ამავე წესით განისაზღვრება შესაბამისი საკარანტინო ღონისძიებები, რომლებიც ამ წესის ნაწილს შეადგენს.
აღნიშნული ნორმის მიხედვით საქართველოს მთავრობას ეძლევა უფლებამოსილება, საპარლამენტო პროცედურის გარეშე, საკანონმდებლო პროცესს მიღმა შეზღუდოს გადაადგილების თავისუფლება. მოსარჩელები არიან არიან საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც სადავო ნორმის მოქმედების პირობებში ეზღუდებათ გადაადგილების თავისუფლება, ისინი ვერ სარგებლობენ საზოგადოებრივი ტრანსპორტით. ამასთან, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საქართველოს მთავრობის დადგენილებით გამოცხადებულია კომენდანტის საათი და აკრძალულია გადაადგილება საღამოს 11 საათიდან დილის 4 საათამდე პერიოდში. აღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელეები წარმოადგენენ უფლებამოსილ სუბიექტებს იდავონ კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ გამხდარ საკითხებთან მიმართებით.
გ) სარჩელში მითითებული საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი;
დ) სარჩელში მითითებული საკითხი გადაწყვეტილია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, თუმცა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანული კანონი იძლევა ზოგიერთი დავის ხელმეორედ გადაწყვეტის შესაძლებლობას. კერძოდ, 211 მუხლის მიხედვით, „თუ საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგია მიიჩნევს, რომ მისი პოზიცია, რომელიც გამომდინარეობს განსახილველი საქმიდან, განსხვავდება სასამართლოს მიერ ადრე გამოტანილ გადაწყვეტილებაში (გადაწყვეტილებებში) გამოხატული სამართლებრივი პოზიციისაგან, ან თუ განსახილველი საქმე თავისი შინაარსით წარმოშობს საქართველოს კონსტიტუციის განმარტების ან/და გამოყენების იშვიათ ან/და განსაკუთრებით მნიშვნელოვან სამართლებრივ პრობლემას, იგი უფლებამოსილია საქმის განხილვისა და გადაწყვეტის ნებისმიერ ეტაპზე დასაბუთებული განჩინებით საქმე განსახილველად გადასცეს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს“. იმდენად, რამდენადაც მიმდინარე სარჩელით დავის საგანს წარმოადგენს კანონის დათქმა, რომელიც წარმოშობს მნიშნელოვან კონსტიტუციურ-სამართლებრივ პრობლემას და საფრთხეს უქმნის ძალაუფლების ბალანსისა და ხელისუფლების დანაწილების პრინციპის ჯეროვნად აღსრულებაას, ვფიქრობთ, კოლეგიამ უნდა მიიჩნიოს იგი ხელმეორედ განხილვის ობიექტად და იმსჯელოს მისი კონსტიტუციურობის შესახებ. აღნიშნულს ამყარებას გარემოება, რომ გასაჩივრებული ნორმების შედეგად დადგენილი რეგულაციები დღემდე ძალაში რჩება და ხელისუფლების შტოებს შორის ბალანსის რღვევა, პირდაპირ აისახება ადმიანების ყოველდღიურ ცხოვრებაზე, მათ უფლებებსა და თავისუფლებებზე. აქედან გამომდინარე, სასამართლომ ჯეროვნად უნდა შეაფასოს სარჩელის არსი, დაიკავოს კანონის ობიექტური განმმარტებლის პოზიცია და განმარტოს კონსტიტუციით გარანტირებული პრინციპის უზენაესობა, რაც მდგომარეობს ხელისუფლების ცალკეული შტოსთვის მისთვის წინასწარ განსაზღვრული უფლებამოსილების შესრულებასა და მისგან ძალაუფლების უზურპაციის მცდელობის პრევენციაში;
ე) სარჩელში მითითებული საკითხი რეგულირდება კონსტიტუციის მე-14 მუხლით;
ვ) კანონით არ არის დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა აღნიშნული ტიპის დავისათვის და შესაბამისად, არც მისი არასაპატიო მიზეზით გაშვების საკითხი დგება დღის წესრიგში;
ზ) სარჩელში სადავოდ არის გამხდარი საკანონმდებლო აქტის კონკრეტული ნორმატიული შინაარსი
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
წინამდებარე კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ არის გამხდარი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ საქართველოს კანონის 453 მუხლის პირველი პუნქტი და ამავე მუხლის მეორე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი. „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის 453 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, „იზოლაციის ან/და კარანტინის წესს ადგენს საქართველოს მთავრობა ან საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული სამინისტრო.“
„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის 453 მუხლის პირველი პუნქტი საჩივრდება იმის გამო, რომ მთავრობაზე პარლამენტის მხრიდან დაუშვებელი ფორმითა და შინაარსით განხორციელდა საქართველოს კონსტიტუციით შეუსაბამო უფლებამოსილების დელეგირება, ხოლო „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის 453 მუხლის მეორე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი იმის გამო, რომ ამ მუხლში მითითებულია მთავრობის უფლებაზე, დააწესოს შეზღუდვები ადამიანების მიმოსვლაზე. ეს მაშინ, როცა პარლამენტს არ ჰქონდა უფლება, მთავრობისათვის მიენდო აღნიშნული კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვა.
· პირთა მიმოსვლა
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ საქართველოს კანონის 453 მუხლის პირველი ნაწილის და მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საქართველოს მთავრობას გააჩნია უფლებამოსილება შეზღუდოს საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის პირველი და მეორე პუნქტებით დაცული უფლება, რამაც გამოიწვია საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის N322 დადგენილების მე-2 მუხლით დაწესებული შეზღუდვების იმპლემენტაცია და საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის პირველი და მეორე პუნქტებით დაცულ უფლებაში ჩარევა.
საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლის მიხედვით, „საქართველოს პარლამენტი არის ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც ახორციელებს საკანონმდებლო ხელისუფლებას“. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის მიხედვით, „ამ უფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად“. გამოდის, კონსტიტუცია აღნიშნული უფლების შეზღუდვას უშვებს „მხოლოდ კანონის შესაბამისად“. აქედან გამომდინარე, კონსტიტუცია პირდაპირ განსაზღვრავს აღნიშნული უფლების შეზღუდვის წინაპირობებს, რაც როგორც აღნიშნულია, დასაშვებია მხოლოდ პარლამენტის მიერ მიღებული კანონით.
კონსტიტუციის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტში გადაადგილების თავისუფლების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით გამოყენებულია სიტყვები: „მხოლოდ კანონით.“ ეს ჩანაწერი არის კონსტიტუციის 67-ე მუხლის პირველი ნაწილში გამოყენებული ტერმინის იდენტური. ამ ნორმაში აღნიშნულია: „მხოლოდ კანონით შეიძლება გადასახადებისა და მოსაკრებლების სტრუქტურისა და შემოღების წესის, მათი განაკვეთების ან განაკვეთების ფარგლების დადგენა.“ სიტყვების „მხოლოდ კანონის“ საფუძველზე საკონსტიტუციო სასამართლომ ორ საქმეში (ლევან ალაფიშვილი და „კს ალაფიშვილი და ყავლაშვილი - საქართველოს ადვოკატთა ჯგუფი“ საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ, ასევე შპს „მადაი” და შპს “პალიასტომი 2004” საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის წინააღმდეგ), არაკონსტიტუციურად სცნო რეგულირებისა და მომსახურების საფასური მხოლოდ იმიტომ რომ ისინი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის და არა კანონის საფუძველზე იყო გამოცემული. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2015 წლის 15 სექტემბრის №3/2/646 გადაწყვეტილებაში საქმეზე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ მე-2 თავის მე-5 პუნქტში განაცხადა: „კონსტიტუციური ტერმინის განმარტებისას, სასამართლომ შეიძლება იხელმძღვანელოს უფლების არსით, რომელთან მიმართებაშიც არის გამოყენებული ესა თუ ის ტერმინი, კონსტიტუციური ნორმ(ებ)ის სტრუქტურით, კონსტიტუციის სხვა ნორმებში მოცემული მსგავსი ტერმინების შინაარსის ანალიზით და სხვა. “
აღნიშნულის გათვალისწინებით საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ საქართველოს კანონის 453 მუხლის პირველი ნაწილისა და მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომლითაც საქართველოს პარლამენტი საქართველოს მთავრობას ან მთავრობის მიერ განსაზღვრულ სამინისტროს გადასცემს პირთა მიმოსვლის უფლების შეზღუდვის უფლებამოსილებას, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის პირველ და მეორე პუნქტებს, რადგან ისინი ვერ აკმაყოფილებს უფლების შეზღუდვის ფორმალურ მოთხოვნებს.
· დელეგირების კონსტიტუციურ-სამართლებრივი ბუნება
საქართველოს პარლამენტის ბიბლიოთეკის განმარტების მიხედვით, სიტყვა დელეგირება „გულისხმობს პოლიტიკური ჯგუფის, ორგანიზაციის ან სახელწიფოს მიერ ამა თუ იმ პირის ან პირთა ჯგუფის ნდობით, უფლებებითა და ვალდებულებებით აღჭურვას გარკვეული სამუშაოს განსახორციელებლად.“ ჩვენს შემთხვევაში, დელეგატი, ანუ უფლების გადამცემი არის საქართველოს პარლამენტი, ხოლო ერთგვარი ნდობით აღჭურივილი პირი, საქართველოს მთავრობა. გასაჩივრებული ნორმების შესაბამისად, საქართველოს მთავრობას მიენიჭა უფლებამოსილება გადაწყვიტოს ის საკითხები, რაც უკავშირდება მოქალაქეების გადაადგილებას დღე-ღამის განსაზღვრულ მონაკვეთში. სინამდვილეში, საქართველოს მთავრობას აღნიშნული უფლებამოსილება კონსტიტუციით არ გააჩნია, რამდენადაც, კონსტიტუციის მიხედვით, მოქალაქეებისთვის გადაადგილების უფლების შეზღუდვა დაკავშირებული საკანონმდებლო პროცესთან. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს მთავრობა არ წარმოადგენს საქართველოს საკანონდებლო ორგანოს და მას არ გააჩნია კანონშემოქმედებითი, უფლების შემზღუდველი დისკრეცია, იგი ვერ ჩაითვლება აღნიშნული შემზღუდველი აქტის მართლზომიერ გამომცემად. ამდენად, საქართველოს მთავრობა ნაკლებად შეიძლება ჩაითალოს, როგორც ნდობით აღჭურვილი პირი აღნიშნული შეზღუდვის იმპლემენტაციის მიმართულებით.
ცხადია, კოვიდ-პანდემიასთან დაკავშირებული შეზღდვები თუ რეგულაციები მხოლოდ საქართველოში არ გამოიყენება და მსგავსი დავები მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში მიმდინარეობს. სწორედ ამიტომ, მოსარჩელე რამდენიმე მათგანზე, ერთგვარ დაახლოებულ საქმეებზე გააკეთებს აქცენტირებას.
როგორც ამერიკის შეერთებული შტატების უზენაეს სასამართლოს არაერთხელ განუმარტავს, „კონგრესისგან დაუშვებელია საკანონმდებლო უფლებამოსილების დელეგირება“[1]. „მტკიცედ ვაცხადებ, რომ საკანონმდებლო უფლებამოსილების დელეგირების მისაღები ფორმა არ არსებობს.“[2] აღნიშნული ფრაზები ლიტონი სიტყვები რომ არ არის, ეს ბოლო ერთი წლის განმავლობაში შეერთებულ შტატებში კარგად დადგინდა, სადაც, ვფიქრობთ კარანტინისა და იზოლაციის წესების გარშემო ყველაზე ფართო მსჯელობა გაიმართა და იგი დღესაც არ არის დასრულებული. ეს ეხება დავებს როგორც ცალკეულ შტატებში, ისე ფედერალურ სასამართლოებში.
აღსანიშნავია მიჩიგანის შტატის სასამართლოს განმარტებები გუბერნატორის მიერ, 2020 წლის გაზაფხულზე მიღებული შეზღუდვების შესახებ, რაც, შტატის აღმასრულებელმა ხელისუფლებამ, შტატის კანონმდებლების ჩაურევლად, ერთპიროვნულად გააკეთა. „გლობალური პანდემიის პასუხად, რომელსაც ადგილი აქვს როგორც ეროვნულ დონეზე, ისე შტატის შიგნით, მიჩიგანის გუბერნატორმა ბოლო 6 თვის განმავლობაში გამოსცა ბრძანებები, რომლებიც მიზნად ისახავდა საჯარო და კერძო შეკრებების აკრძალვას, ბიზნესის დახურვას და შეზღუდვების დაწესებას, სხვადასხვა ყოველდღიური საქმიანობისა თუ აქტივობის რეგულირებას ჩვენი შტატის მოქალაქეებისათვის, რათა თავიდან ყოფილიყო არიდებული მომაკვდინებელი ვირუსი“.[3]
თუმცა, იქვე სასამართლომ განმარტა ძალაუფლების დელეგირების კანონიერების წინაპირობები და ყოველივე ის უფლებამოსილება, რისი განხორციელებაც გუბერნატორს, ანუ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელს შეეძლო. სასამართლო აღნიშნა, რომ მოქმედება უნდა განხორცილდეს გადმოცემული ძალაუფლების ფარგლებში, რაც უნდა მომხდარიყო შესაბამისი პროცედურისა და გონიერების ფარგლებში. გონიერება ამ შემთხვევაში განიმარტება როგორც კონსტიტუციისთვის შესაბამისი პროცედურის დაცვა, რაც ნიშნავს საკანონმდებლო ორგანოს მიერ დადგენილი ნორმებისთვის ზედმიწევნით მიდევნებას.[4] ყოველივე აღნიშნულის შეუსრულებლობის გამო, მიჩიგანის გუბერნატორის დადგენილი რეგულაციები მიჩიგანის კონსტიტუციისთვის შეუსაბამოდ იქნა მიჩნეული.
აღნიშნული გადაწყვეტილება ხელისუფლების დანაწილების პრინციპს, როგორც თავისუფალი საზოგადოების ტირანიისგან თავდაცვის საშუალებას განმარტავს და მას კონსტიტუციური სახელმწიფოს ერთ-ერთ ფუნდამენტურ საყრდენად მიიჩნევს. მოსამართლე ციტირებს ისეთი იურისტებისა და სწავლულების შრომებს, როგორებიცაა გრაფი მონტსკიე, ლოკი, ჯეიმს მედისონი, კლინტონ როსიტერი, ანტონინ სკალია... „საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ძალაუფლების ერთი ადამიანის, მცირე ჯგუფის ან მემკვიდრეობით ან თვითდანიშვნით აკუმულირება, სამართლიანად მოიხსენიება, როგორც ტირანია“ (ფედერალიტები, წერილი N47); „თუკი აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლება ერთ ხელში იყრის თავს, იქ თავისუფლების ადგილი აღარ არის“ (ბარონი მონტესკიე, კანონთა გონი);
საინტერესო პენსილავიის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაც, რომელშიც აღინიშნა, რომ „მიუხედავად ხელისუფლების შტოების ხელში არსებული უფლებამოსილებებისა საგანგებო ვითარებების დროს, დაუშვებელია საკანონმდებლო შტო იყოს ზედმეტად დამთმობი. სწორედ ასეთ დროს შეიძლება მოხდეს ისე, რომ მოქალაქეები ამოვარდნენ ნორმალური კანონშემოქმედებითი პროცესიდან. ზედმეტი კითხვების გარეშე ცალსახაა, რომ დამფუძნებლებს სძულდათ ერთ ხელში კონცენტრირებული ძალაუფლება. ისინი გმობდნენ დეკრეტულ მმართველობას. თუკი შეკავება-გაწონასწორების მექანიზმის მძლავრი სისტემა არ არსებობს, რაც თავისუფლებათა ძირითადი განმაპირობებელია, კონსტიტუცია უბრალოდ ქაღალდზე დატანილ მელანს ემსგავსება. ეჭვგარეშეა, რომ გლობალური პანდემია მთავრობისთვის სერიოზულ გამოწვევებს წარმოშობს, თუმცა მასზე რეაგირების პროცესში ჩვენი კონსტიტუციურ თავისუფლებათა სისტემის რღვევა, დაუშვებელია. ამ შემთხვევაში, გუბერნატორს მინიჭებული აქვს უფლება, თითქოს უმნიშვნელოდ, მაგრამ მაინც ისაერგებლოს საკანონმდებლო შტოსთვის მახასიათებელი ფუნქციით. ასეთ დროს, საკანონმდებლო შტოს მხრიდან მსგავსი ერთგვარი თავმდაბლობის გამოჩენა, ხელისუფლების ბალანსის უმნიშვნელოვანესი სტანდატისგან გადახვევას ნიშნავს.”[5]
მითითებული განმარტება ცალსახად წააგავს საქართველოს პარლამენტის მიერ „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში დატანილ ერთგვარი ნებართვას, რომ აღმასრულებელმა ხელისუფლებამ თავად გადაწყვიტოს, თუ როგორ და რა ფორმით შეუზღუდავს ადამიანების გადაადგილების თავისულებას, პარლამენტის თანამონაწილეობის გარეშე. აქ საქართველოს პარლამენტმა გამოიჩინა გადამეტებული თავმდაბლობა, როდესაც, თავისი უფლებამოსილების განხორციელება, ხელისუფლების სხვა შტოს დააკისრა.
როგორცმოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძემ აღნიშნა, „სადავო ნორმებით გათვალისწინებული დელეგირების პირობებში, არც ერთ პრინციპულ საკითხზე საქართველოს პარლამენტს გადაწყვეტილება თავად არ მიუღია. აღმასრულებელ ხელისუფლებას მიანდო არა თუ დეტალების, პროცედურის ან ტექნიკური ასპექტების განსაზღვრის უფლება, არამედ გადასცა პანდემიის/ეპიდემიის დროს საკუთარი შეხედულებისამებრ ძირითად უფლებათა არსისა და მათი შეზღუდვის პირობების განსაზღვრის სრული უფლებამოსილება. მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს პარლამენტმა არა თუ მკაფიოდ არ განსაზღვრა საქართველოს მთავრობის სამოქმედო არეალი და კანონქვემდებარე აქტების კანონთან შესაბამისობის კრიტერიუმები, არამედ აღმასრულებელ ხელისუფლებას მიანიჭა საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებისგან, მათ შორის, კანონისგან განსხვავებული მოწესრიგების შემუშავების უფლებამოსილება. შესაბამისად, ნათელია, რომ პარლამენტმა კანონთა იმპლემენტაციისთვის კი არ მოახდინა უფლებამოსილების დელეგირება, არამედ სრულიად ახალი, მათ შორის არსებულისგან განსხვავებული საკანონმდელო სივრცის შექმნის უფლებამოსილება მიანიჭა აღმასრულებელ ხელისუფლებას (მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძის საწინააღმდეგო მოსაზრება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილებაზე №1/1/1505,1515,1516,1529 „პაატა დიასამიძე, გიორგი ჩიტიძე, ედუარდ მარიკაშვილი და ლიკა საჯაია საქართველოს პარლამენტის და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, პარაგრაფი 18)
ძალაუფლების ექსპანსია და უფლებამოსილებების ერთი პირის/ორგანოს ხელში თავმოყრა ქმნის ხელისუფლების უზურპაციის საფრთხეს, რაც შეუთავსებელია დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპთან. დემოკრატიული მმართველობა აშენებულია სწორედ ამგვარი სისტემის საწინააღმდეგოდ და ითვალისწინებს უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს - პარლამენტის უზენაესობას. დაუშვებელია უფლებამოსილების დელეგირების გზით იმგვარი ალტერნატიული სამართლებრივი რეჟიმის შექმნა, სადაც აღმასრულებელი ხელისუფლება, ფუნდამენტურ/პრინციპულ საკითხებთან დაკავშირებით, საკუთარი თავის კანონმდებელი იქნება და უკონტროლო სამართალშემოქმედების ფუნქციით აღიჭურვება. (მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძის საწინააღმდეგო მოსაზრება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილებაზე №1/1/1505,1515,1516,1529 „პაატა დიასამიძე, გიორგი ჩიტიძე, ედუარდ მარიკაშვილი და ლიკა საჯაია საქართველოს პარლამენტის და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, პარაგრაფი 9)
საქართველოს პარლამენტის მიერ საკანონმდებლო უფლებამოსილების გადაცემა აღმასრულებელ ხელისუფლებაზე რამოდენიმე ასპექტშია პრობლემატური. პირველ რიგში, იცვლება საქართველოს კონსტიტუციის მიერ დადგენილი სახელმწიფო ხელისუფლების არქიტექტონიკა და საქართველოს მთავრობა, გარდა აღმასრულებლისა, საკანონმდებლო ხელისუფლების ფუნქციასაც ითავსებს. ამასთან, გარდა იმისა, რომ საკანონმდელო საქმიანობა ხორციელდება პარლამენტთან შედარებით მეტად ბიუროკრატიული, ნაკლები ლეგიტიმაციის მქონე ორგანოს/პირის მიერ, ქცევის სავალდებულო წესების შემოღება არ ხდება სათანადო პროცედურული გარანტიებით, გამჭვირვალე პროცესითა და საზოგადოების მრავალმხრივი ჩართულობით, რაც თავისთავად ზრდის ერთპიროვნული და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებების მიღებისა და ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა საჭიროზე მეტად შეზღუდვის რისკს. სწორედ ამიტომ, საკანონმდებლო უფლებამოსილების დელეგირება უნდა ექცეოდეს მკაცრ ჩარჩოებში, რაც გულისხმობს, რომ უნდა განისაზღვროს არა მხოლოდ ის შინაარსობრივი საკითხები, რომელთა დელეგირებაც დაუშვებელია, არამედ დასაშვები დელეგირების ის სტანდარტებიც, რომელთა დაცვითაც უნდა განხორციელდეს უფლებამოსილების გადაცემა. კერძოდ, საკითხის მოწესრიგების უფლებამოსილების დელეგირებამდე აუცილებელია დელეგირების მიზნები, შინაარსი და დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების დასაშვები ფარგლები თავად უფლებამოსილების მიმნიჭებელი აქტით იყოს განსაზღვრული, რათა შესაბამისი ორგანო/თანამდებობის პირი არ გასცდეს მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებს ან/და არ გამოიყენოს მინიჭებული უფლებამოსილება იმ მიზნით/დანიშნულებით, რა მიზნითაც მას კანონშემოქმედებითი კომპეტენცია არ მინიჭებია. (მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძის საწინააღმდეგო მოსაზრება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილებაზე №1/1/1505,1515,1516,1529 „პაატა დიასამიძე, გიორგი ჩიტიძე, ედუარდ მარიკაშვილი და ლიკა საჯაია საქართველოს პარლამენტის და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, პარაგრაფი 11)
სამართალშემოქმედების კუთხით მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო სახელმწიფოს, ამერიკის შეერთებული შტატების უზენაეს სასამართლოში ზოგჯერ საკმაოდ ხისტია განსხვავებული მოსაზრებები სასამართლოს ხელში გარკვეული უფლებამოსილების გადასვლასთან დაკავშირებით, რის მოწინააღმდეგეებადაც „ორიგინალიზმის“ დოქტრინის წარმომადგენლები გამოდიან, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ კონსტიტუცია სწორედ ისე უნდა განიმარტოს, როგორც იგი დამფუძნებელთა პერიოდში იქნა მოაზრებული. ზ/ხსენებული ანტონინ სკალიას მოსაზრებით, მოსამართლეებს გარკვეული გზებით კარგი საქმის კეთება ნამდვილად შეუძლიათ, თუმცა, ხელისუფლების დანაწილების პრინციპისგან გადახვევა, კონსტიტუციას მაკულატურის გროვად აქცევს.[6] იდეურად, სწორედ მსგავს საკითხზე საუბრობს მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძე, რომელმაც ხაზი გაუსვა, რომ „გარკვეული საკითხების მოწესრიგების უფლებამოსილების დელეგირება, შესაძლოა, კარგი მმართველობის აუცილებელი ელემენტია, თუმცა ეს ვერ გახდება საკანონმდებლო ორგანოს მიერ საკუთარ ფუნქციებზე უარის თქმის მიზეზი ან საშუალება. კანონმდებელი ვალდებულია შეასრულოს საკუთარი კონსტიტუციური ფუნქცია და მიიღოს გადაწყვეტილებები ფუნდამენტურ საკითხებთან დაკავშირებით, მაქსიმალურად შეამციროს ძირითად უფლებებში გადამეტებული ჩარევის რისკი, თუმცა ამის საპირისპირო ვითარება იქმნება, როდესაც პარლამენტი ყოველგვარი ჩარჩოსა და კონკრეტიკის გარეშე ახდენს საკანონმდებლო უფლებამოსილების დელეგირებას და, ამ გზით, არა მხოლოდ იხსნის პასუხისმგებლობას ხელისუფლების რეალური წყაროს - ხალხის წინაშე, არამედ რისკის ქვეშ აყენებს მათი უფლებების სათანადოდ დაცვისა და რეალიზაციის ინტერესს.“ (მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძის საწინააღმდეგო მოსაზრება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილებაზე №1/1/1505,1515,1516,1529 „პაატა დიასამიძე, გიორგი ჩიტიძე, ედუარდ მარიკაშვილი და ლიკა საჯაია საქართველოს პარლამენტის და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, პარაგრაფი 13)
ამდენად, როგორი ხელსაყრელი ან ეფექტიანიც უნდა იყოს კონკრეტული უფლებამოსილების განხორციელება ხელსუფლების კონკრეტული შტოს მხრიდან, მან არ უნდა მოახდინოს კონსტიტუციის საბაზისო პრინციპების უზენაესობის ნიველირება, რის პრაქტიკამაც შესაძლოა, სამომავლოდ ბევრად უფრო სახიფათო შედეგები დააყენოს დემოკრატიული საზოგადოებისთვის, ვიდრე კონკრეტულ მომენტში წამოჭრილი ეპოდემიოლოგიური, ან ჯანმრთელობის დაცვის პრობლემაა. შეიძლება ითქვას, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში არსებული საჭიროებები შეიძლება ნამდვილად სასიკეთოდ გადაწყდეს ქმედებების სწრაფად განხორციელების პირობებში, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ერთგვარი „კეთილი საქმეების კეთება“ მისაღებია კონსტიტუციის დათქმებს მიღმა.
საინტერესოა გადაადგილების შეზღუდვასთან დაკავშირებული საკითხის სამეცნიერო, თეორიული გააზრებაც. როგორც პროფესორი ანა ფირცხალაშვილი თავის განმარტებაში მიმოსვლის თავისუფლებასთან დაკავშირებით აღნიშნავს, „მიმოსვლის თავისუფლება ადამიანის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თავისუფლებაა, რადგან თანამედროვეობაში მის გარეშე წარმოუდგენელია ისეთი ფუნდამენტურ უფლებათა განხორციელება, როგორიცაა, მაგალითად, ადამიანის ღირსება, თავისუფლება ან მისი თავისუფალი განვითარება. საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული მიმოსვლის თავისუფლება არის ფიზიკური პირის დაუბრკოლებელი გადაადგილების თავისუფლება, რომელიც მოიცავს საქართველოს ტერიტორიაზე პირის თავისუფალ გადაადგილებას ან, პირიქით, გადაადგილებაზე, მიმოსვლაზე უარის თქმას. დაცულ სფეროში თავსდება გადაადგილების თავისუფლება ნებისმიერი მიმართულებით, საშუალებითა და ფორმით, მიუხედავად მისი მიზნისა. მეცნიერებაში გაბატონებული აზრით, მიმოსვლის თავისუფლებით დაცული სფერო წარმოადგენს პირის ერთი ადგილიდან მეორესაკენ გადაადგილებას, მიუხედავად იმისა, თუ დროის რა პერიოდით ან რა მიზნით ისახავს სუბიექტი დანიშნულების ადგილზე დარჩენას.“
„აღნიშნული უფლების დაცულ სფეროში ჩარევა ხდება მაშინ, როცა სახელმწიფო ხელისუფლება სამართლებრივი აქტის საფუძველზე ახდენს ისეთ ინტერვენციას, რომელიც ხელს უშლის, ზღუდავს ან საერთოდ კრძალავს ამ მუხლით გარანტირებულ სიკეთეთა განხორციელებას. კონსტიტუციის 22-ე მუხლი (მიმდინარე რედაქციით მე-14 მუხლი) ითვალისწინებს კანონის დაკონკრეტებულ დათქმას. კონკრეტულად კი, კანონმდებელი ამ მუხლით დაცულ სფეროში ჩარევას ფორმალურად უშვებს მხოლოდ კანონის შესაბამისად, ხოლო მატერიალურად ჩარევა უნდა ემსახურებოდეს დემოკრატიული საზოგადოების არსებობისათვის აუცილებელი სახელმწიფო უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ჯანმრთელობის დაცვის, დანაშაულის თავიდან აცილების ან მართლმსაჯულების განხორციელების მიზანს.“[7]
იმდენად, რამდენადაც სადავო ნორმა მოკლებულია ფორმალურ კანონიერებას, რაც გულისხმობს უფლების შეზღუდვის მიზნით პარლამენტის მიერ კანონის მიღებას შესაბამისი საკანონმდებლო პროცესის დაცვით, აღნიშნული კანონი იმთავითვე კონსტიტუციისთვის შეუსაბამოდ უნდა ჩაითვალოს, რამეთუ დაკმაყოფილებული არ არის გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვისთვის აუცილებელი სტანდარტი.
2019 წლის 20 ივნისის გადაწყვტილებაში, ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესმა სასამართლომ უფლებამოსილების დელეგირების შესახებ განმარტა - „ჩვენს მზარდად კომპლექსურ საზოგადოებაში, რომელიც მზარდი პრობლემებითაა გაჯერებული, კონგრესმა ძალაუფლების დელეგირება მხოლოდ ფართო ზოგადი წესების შესაბამისად უნდა განახორციელოს. ამდენად ვადგენთ, რომ დელეგირება კონსტიტუციის შესაბამისია, თუკი იგი მიღებულია კონგრესის მიერ, საკანონმდებლო აქტის მეშვეობით და ახასიათებს განჭვრეტადობის პრინციპი, რათა ორგანომ ან პიროვნებად, რომელსაც იგი ენიჭება, კითხვის ნიშნების გარეშე მოიყვანოს იგი აღსრულებაში.[8]
ვფიქრობთ, მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძე სწორედ მსგავს საკითხს სვამდა, როცა მან ხაზი გაუსვა პარლამენტის მიერ მთავრობისთვის გადაცემული უფლებამოსილების ბუნდოვანებას, რამდენადაც, გასაჩივრებული ნორმა მოკლებულია როგორც განჭვრეტადობას, განსახორციელებელ ქმედებათა ზუსტ განსაზღვრებას და რაც ყველაზე მთავარია, პარლამენტის მხრიდან სპეციალურ რეგულირებას, რამაც, შეიძლება აღმასრულებელ ხელისუფლებას დასაშვებზე მეტი შესაძლებლობები გაუჩინოს.
შესაბამისად, ერთის მხრივ, გასაჩივრებულ კანონში პარლამენტმა ბუნდოვნად, არასაკმარისად განმარტა მთავრობისთვის გადაცემული უფლებამოსილება, რომელშიც აღნიშნული არ იყო არც ერთი კონკრეტული ღონისძიების შესახებ და ასეთი ბუნდოვანებით შექმნა ძალაუფლების მითვისების საფრთხე, ხოლო მეორეს მხრივ, მთავრობამ, ფართო საკანონმდებლო პროცესის გარეშე, რაც ერთგვარი საზოგადოებრივი კონსესუსის გამოხატულებაა, დატოვებული სივრცე თავის უფლებამოსილებათა გაზრდისთვის და ადამიანების უფლებებში ჩარევისთვის გამოიყენა.
ყოველივე ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე ვფიქრობთ, რომ გასაჩივრებული ნორმატიული აქტები მოკლებულია კონსტიტუციასთან შესაბამისობას, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი კონსესუსის გარეშეა მიღებული და ამდენად, არამართლზომიერად ზღუდავს მოსარჩელეების გადაადგილების უფლებას.
[1] იხ. Jump to essay-1United States v. Shreveport Grain & Elevator Co., 287 U.S. 77, 85 (1932). ხელმისაწვდომია აქ: https://tile.loc.gov/storage-services/service/ll/usrep/usrep287/usrep287077/usrep287077.pdf
[2] მოსამართლე ანტონინ სკალიას საწინააღმდეგო მოსაზრება საქმეზე, Mistretta v United States, 488 US 361, 419; 109 S Ct 647; 102 L Ed 2d 714 (1989)
[3] Midwest Institute of Health PLLC vs Governor of Michigan, გამოქვეყნებულია 2020 წლის 2 ოქტომბერს, გვ. 2,
[4] იქვე, C. Standards of the Delegated Power
[5] County of Butler v. Thomas W. Wolf, B. გუბერნატორის ბრძანებათა კონსტიტუციური გამოწვევები, პარაგრაფი 21, ხელმისავწდომია აქ: https://casetext.com/case/cnty-of-butler-v-wolf-1
[6] იხ, მოსამართლე სკალიას სიტყვა: https://www.youtube.com/watch?v=Ggz_gd--UO0&t=345s
[7] ავტორთა კოლექტივი, „ადამიანის ძირითადი უფლებანი და თავისუფლებანი“, გამომცემლობა „პეტინი“, თბილისი, 2013, გვ. 221
[8] Gundy v. United States, გადაწყვეტილია 2019 წლის 20 ივნისს, გვ. 17, ხელმისაწვდომი აქ: https://www.supremecourt.gov/opinions/18pdf/17-6086_2b8e.pdf
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა/კი
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა/კი
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა/კი
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა/კი
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა/კი