ზვიად გოგიაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/20/1614 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, ვასილ როინიშვილი, გიორგი თევდორაშვილი, |
თარიღი | 16 დეკემბერი 2021 |
გამოქვეყნების თარიღი | 28 დეკემბერი 2021 11:20 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი – სხდომის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
გიორგი თევდორაშვილი – წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი.
სხდომის მდივანი: მანანა ლომთათიძე.
საქმის დასახელება: ზვიად გოგიაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის 453 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 21 ივნისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1614) მომართა ზვიად გოგიაშვილმა. №1614 კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადმოეცა 2021 წლის 23 ივნისს. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2021 წლის 16 დეკემბერს.
2. №1614 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე და 311 მუხლები და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის 453 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „იზოლაციის ან/და კარანტინის წესს ადგენს საქართველოს მთავრობა ან საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული სამინისტრო. ამ წესით შეიძლება განისაზღვროს შესაბამისი საკარანტინო ღონისძიებებიც, რომლებიც აღნიშნულ შემთხვევაში ამ წესის ნაწილია. აღნიშნული წესით ამ კანონით დადგენილისგან განსხვავებულად შეიძლება განისაზღვროს აგრეთვე ამ წესის აღმასრულებელი უწყებები და თანამდებობის პირები“. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად კი განსაზღვრულია, თუ რა ჩაითვლება ამავე მუხლის მიზნებისათვის საკარანტინო ღონისძიებებად, კერძოდ, საკარანტინო ღონისძიებებია, მათ შორის, „ამ კანონით ან/და ამ კანონის შესაბამისად მიღებული/გამოცემული ნორმატიული აქტით განსაზღვრული ღონისძიებები, რომლებიც დროებით გამოიყენება პანდემიის ან/და საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით საშიში ეპიდემიის დროს მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის მიზნით და შეიძლება გულისხმობდეს საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილისგან განსხვავებულ მოწესრიგებას, მათ შორის, შესაბამისი შეზღუდვების დროებით დაწესებას, საჯარო დაწესებულებების, აღმასრულებელ ხელისუფლებაში შემავალი სხვა დაწესებულებების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, სხვა იურიდიული პირების საქმიანობასთან/ადმინისტრირებასთან, საჯარო სერვისების მიწოდებასთან, პირთა მიმოსვლასთან, საკუთრებასთან, შრომასთან, პროფესიულ ან ეკონომიკურ საქმიანობასთან, უკანონო მიგრაციასთან/საერთაშორისო დაცვასთან ან/და სოციალური ღონისძიებების ჩატარების მიზნით პირთა თავშეყრასთან დაკავშირებით“.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ ყველას, ვინც კანონიერად იმყოფება საქართველოში, აქვს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე თავისუფალი მიმოსვლის, საცხოვრებელი ადგილის არჩევისა და საქართველოდან გასვლის უფლება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, „ამ უფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ჯანმრთელობის დაცვის ან მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით“.
5. მოსარჩელე მხარის განმარტებით, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის სადავო ნორმები ვერ აკმაყოფილებს საქართველოს კონსტიტუციით დადგენილი უფლების შეზღუდვის ფორმალურ მოთხოვნებს. კერძოდ, მოსარჩელის მითითებით, საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მიმოსვლის თავისუფლების შეზღუდვა დასაშვებია „მხოლოდ კანონის შესაბამისად“. კონსტიტუციური ჩანაწერი მიმოსვლის თავისუფლების „მხოლოდ კანონის შესაბამისად“ შეზღუდვის დასაშვებობასთან დაკავშირებით, გამორიცხავს საქართველოს პარლამენტის მიერ ამ უფლების შეზღუდვის უფლებამოსილების საქართველოს მთავრობისათვის დელეგირებას. ამასთან, მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ მიმოსვლის თავისუფლების შეზღუდვის უფლებამოსილების დელეგირების დასაშვებობის შემთხვევაშიც კი, სადავო ნორმებით დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლები ფართოა.
6. მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ საქართველოს პარლამენტს თავად არ მიუღია გადაწყვეტილება უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებულ ისეთ პრინციპულ საკითხებზე, როგორებიცაა - უფლების შეზღუდვის შინაარსი და ფარგლები, მისი სახე და ინტენსივობა. ამდენად, ფაქტობრივად საქართველოს პარლამენტი უარს ამბობს საკუთარი კონსტიტუციური კომპეტენციის განხორციელებაზე და გადაწყვეტილების მიღებას ისეთ საკითხებთან მიმართებით, რომლებიც ფუნდამენტურ გავლენას ახდენს კონსტიტუციურ უფლებებზე, სრულიად ანდობს საქართველოს მთავრობას, რაც საფრთხეს უქმნის დემოკრატიისა და ხელისუფლების დანაწილების პრინციპებს.
7. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები ვერ აკმაყოფილებს უფლების შეზღუდვის ფორმალურ მოთხოვნებს, რის გამოც, არღვევს საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განმტკიცებულ მიმოსვლის თავისუფლებას.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, კონსტიტუციური სარჩელი არ მიიღება არსებითად განსახილველად, თუ მასში მითითებული ყველა სადავო საკითხი უკვე გადაწყვეტილია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, გარდა „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2. განსახილველ საქმეზე მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის 453 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის იმ ნორმატიულ შინაარს, რომლითაც საქართველოს მთავრობას ან საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ სამინისტროს მიენიჭა მიმოსვლის თავისუფლების შეზღუდვის უფლებამოსილება. მოსარჩელე მხარის განმარტებით, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის სადავო ნორმები ვერ აკმაყოფილებს საქართველოს კონსტიტუციით დადგენილი უფლების შეზღუდვის ფორმალურ მოთხოვნებს. მოსარჩელე მიუთითებს, რომ პარლამენტმა იმგვარად მოახდინა საკითხის დელეგირება, რომ მას თავად არ განუსაზღვრავს უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ისეთი პრინციპული საკითხები, როგორებიცაა - უფლების შეზღუდვის შინაარსი და ფარგლები, მისი სახე და ინტენსივობა.
3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2021 წლის 11 თებერვლის №1/1/1505,1515,1516,1529 გადაწყვეტილებაში უკვე შეაფასა „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის 453 მუხლის პირველი პუნქტის პირველი და მეორე წინადადებებისა და ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა, მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით. კერძოდ, საკონსტიტუციო სასამართლომ იმსჯელა, თუ რამდენად აკმაყოფილებდა პარლამენტის მიერ მთავრობისთვის, მათ შორის, მიმოსვლის თავისუფლების შეზღუდვის უფლებამოსილების დელეგირება საქართველოს კონსტიტუციით დადგენილი უფლების შეზღუდვის ფორმალურ მოთხოვნებს და დაადგინა, რომ სადავო ნორმები არ ეწინააღმდეგებოდა კონსტიტუციის მოთხოვნებს.
4. საკონსტიტუციო სასამართლომ ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ კონსტიტუცია ექსპლიციტურად არ კრძალავს თავისუფალი მიმოსვლის უფლების შეზღუდვის უფლებამოსილების დელეგირებას. ამდენად, სასამართლომ მყარად დადგენილი პრაქტიკის საფუძველზე შეამოწმა, რამდენად აკმაყოფილებდა სადავო ნორმებით დადგენილი ფორმით საკანონმდებლო უფლებამოსილების დელეგირება საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებს, კერძოდ, საკმარისი სიცხადით იყო თუ არა განსაზღვრული დელეგირების მიზნები, შინაარსი და ფარგლები და ხომ არ ჰქონდა ადგილი საქართველოს კონსტიტუციით, პირდაპირ აკრძალული ან/და ფუნდამენტური მნიშვნელობის მქონე უფლებამოსილების აღმასრულებელ ხელისუფლებაზე დელეგირებას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 11 თებერვლის №1/1/1505,1515,1516,1529 გადაწყვეტილება საქმეზე „პაატა დიასამიძე, გიორგი ჩიტიძე, ედუარდ მარიკაშვილი და ლიკა საჯაია საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, II-45). აქვე საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ „დელეგირების მიზნის, ფარგლებისა და შინაარსის განსაზღვრა არ გულისხმობს კონკრეტიზაციის იმგვარ ხარისხს, რაც დამახასიათებელია უშუალოდ უფლებაშემზღუდველი რეგულაციისათვის. იმ შემთხვევაში, თუ კანონმდებელს მოეთხოვება, მადელეგირებელ აქტში დეტალურად გაწეროს უფლების ყოველგვარი შეზღუდვის ფორმები, სახეები და განსაზღვროს მათი მკაფიო შინაარსი, თავად უფლებამოსილების დელეგირება ფაქტობრივად აზრს დაკარგავს როგორც ტექნიკურ-პროცედურული საკითხების რეგულირებისაგან კანონმდებლის განტვირთვის, ისე სპეციალიზებული ცოდნის/გამოცდილების საფუძველზე და შემჭიდროებულ ვადებში გადაწყვეტილებათა მიღების თვალსაზრისით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 11 თებერვლის №1/1/1505,1515,1516,1529 გადაწყვეტილება საქმეზე „პაატა დიასამიძე, გიორგი ჩიტიძე, ედუარდ მარიკაშვილი და ლიკა საჯაია საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, II-46).
5. საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ სადავო ნორმებით, აღმასრულებელ ხელისუფლებას მიენიჭა იზოლაციისა და კარანტინის წესების განსაზღვრის უფლება კონკრეტული მიზნებით - ვირუსის გავრცელების პრევენციისა და მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისათვის. ამასთანავე, საკანონმდებლო აქტში, ერთი მხრივ, განმარტებულია იზოლაციისა და საკარანტინე ღონისძიებების შინაარსი, ხოლო, მეორე მხრივ, ჩამოთვლილია ის ძირითადი უფლებები, რომელთა შეზღუდვის უფლებაც ენიჭება აღმასრულებელ ხელისუფლებას. გარდა ამისა, განსაზღვრულია სხვა დამატებითი პრინციპები, რომელთა დაცვაც უნდა მოხდეს დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებისას, კერძოდ, შეზღუდვა უნდა იყოს საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისი მუხლით დაცული სიკეთეების მიღწევისკენ მიმართული, დემოკრატიული საზოგადოებისთვის აუცილებელი, არადისკრიმინაციული და პროპორციულად შემზღუდველი. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლოს შეფასებით, კანონმდებელმა საკმარისი სიცხადით განსაზღვრა უფლებამოსილების გადაცემის მიზანი, შინაარსი და ფარგლები, რაც იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებულ აქტებზე კონტროლის განმახორციელებელმა ორგანოებმა, მათ შორის, სასამართლომ, სათანადოდ შეაფასოს, თუ რამდენად თავსდება საქართველოს მთავრობის ქმედებები დელეგირების განზრახულ ფარგლებში და პასუხობს თუ არა იგი კანონის მოთხოვნებს (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 11 თებერვლის №1/1/1505,1515,1516,1529 გადაწყვეტილება საქმეზე „პაატა დიასამიძე, გიორგი ჩიტიძე, ედუარდ მარიკაშვილი და ლიკა საჯაია საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, II-47-53).
6. ამასთანავე, საკონსტიტუციო სასამართლომ შეაფასა, განხორციელდა თუ არა სადავო ნორმებით საქართველოს პარლამენტის ფუნდამენტური მნიშვნელობის მქონე საკითხის მოწესრიგების უფლებამოსილების დელეგირება. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, ფუნდამენტური მნიშვნელობისაა გადაწყვეტილებები, რომლებიც განსაზღვრავს ქვეყნის სოციალური, ეკონომიკური, კულტურული, სამართლებრივი თუ პოლიტიკური მიმართულებების ფუძემდებლურ პრინციპებს, გავლენას ახდენს ქვეყნის გრძელვადიანი განვითარების პერსპექტივებზე ან/და მძიმე ფორმით ერევა ინდივიდის ძირითად უფლებებში და ამგვარი საკითხები უნდა წესრიგდებოდეს უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს - პარლამენტის მიერ. საკონსტიტუციო სასამართლომ სადავო ნორმებთან დაკავშირებით მიუთითა, რომ ამ დელეგირების ფარგლებში, აღმასრულებელ ხელისუფლებას მიენიჭა არა პირთა გადაადგილებასთან ყოველგვარი შეზღუდვის შემოღებისა და თავად ამ უფლების არსის განსაზღვრის უფლებამოსილება, არამედ კონკრეტული მიზნების უზრუნველსაყოფად გარკვეული, დროებითი შეზღუდვების დადგენის კომპეტენცია. ამდენად, დელეგირებულ უფლებამოსილებათა არსის, მათი ინტენსივობის და დროებითი ხასიათის გათვალისწინებით, საკონსტიტუციო სასამართლოს პოზიციით, სადავო ნორმებით არ მომხდარა საქართველოს პარლამენტის მიერ ფუნდამენტური მნიშვნელობის საკანონმდებლო უფლებამოსილების გადაცემა აღმასრულებელი ხელისუფლებისათვის და, ამ კუთხით, სადავო ნორმები არ არღვევდა საქართველოს კონსტიტუციის ფორმალურ მოთხოვნებს (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 11 თებერვლის №1/1/1505,1515,1516,1529 გადაწყვეტილება საქმეზე „პაატა დიასამიძე, გიორგი ჩიტიძე, ედუარდ მარიკაშვილი და ლიკა საჯაია საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, II-54-58).
7. ამდენად, ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაში საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო ნორმების საფუძველზე, საქართველოს მთავრობისთვის, მათ შორის, მიმოსვლის თავისუფლების შეზღუდვის უფლებამოსილების დელეგირება არ მომხდარა საქართველოს კონსტიტუციით დადგენილი უფლების შეზღუდვის ფორმალური მოთხოვნების დარღვევით. №1614 კონსტიტუციური სარჩელით, მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის ზემოხსენებულ საქმეზე უკვე შეფასებულ და გადაწყვეტილ საკითხს. ამავდროულად, მოსარჩელეს არ წარმოუდგენია რაიმე დამატებითი არგუმენტაცია, რის შესახებაც სასამართლოს ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაში არ უმსჯელია, რაც საქმის არსებითი განხილვის ფორმატში შეფასების საჭიროებას შექმნიდა. ამრიგად, №1614 კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ გამხდარი საკითხი უკვე გადაწყვეტილია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ. ამასთანავე, სასამართლო იზიარებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 11 თებერვლის №1/1/1505,1515,1516,1529 გადაწყვეტილებაში გამოთქმულ სამართლებრივ პოზიციას.
8. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, №1614 კონსტიტუციური სარჩელი არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის, 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1614 კონსტიტუციური სარჩელი („ზვიად გოგიაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინებას დაერთოს მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძის განსხვავებული აზრი.
4. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი
ევა გოცირიძე
გიორგი თევდორაშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის - გიორგი კვერენჩხილაძის განსხვავებული აზრი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2021 წლის 16 დეკემბრის №1/20/1614 განჩინებასთან დაკავშირებით
1. გამოვხატავ რა ჩემი კოლეგებისადმი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის წევრებისადმი პატივისცემას, ამავე დროს, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 47-ე მუხლის შესაბამისად, გამოვთქვამ განსხვავებულ აზრს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2021 წლის 16 დეკემბრის №1/20/1614განჩინებაში („ზვიად გოგიაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) გამოხატულ პოზიციასთან დაკავშირებით. ხსენებული განჩინებით საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ არსებითად განსახილველად არ მიიღო კონსტიტუციური სარჩელი (რეგისტრაციის №1614) იმ საფუძვლით, რომ სადავო საკითხი უკვე გადაწყვეტილია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 11 თებერვლის №1/1/1505,1515,1516,1529 გადაწყვეტილებით და, ამასთანავე, სასამართლო იზიარებს ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაში გამოთქმულ სამართლებრივ პოზიციას, რასაც არ ვეთანხმები.
2. სადავო ნორმების თანახმად („საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის 453 მუხლის პირველი პუნქტი და მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი), საქართველოს მთავრობას მიენიჭა იზოლაციისა და კარანტინის წესების დადგენის უფლებამოსილება, იმავდროულად, განისაზღვრა კონკრეტული საკარანტინე ღონისძიებები, რაც, მათ შორის, გულისხმობს პირთა მიმოსვლის რეგულირებას. №1614 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ სადავო ნორმებით საქართველოს მთავრობისთვის მიმოსვლის თავისუფლების შეზღუდვის უფლებამოსილების დელეგირება მოხდა კონსტიტუციის მოთხოვნების დარღვევით. კერძოდ, უფლებამოსილების დელეგირებისას საქართველოს პარლამენტს თავად არ განუსაზღვრავს გადაცემული უფლებამოსილების მიზანი, შინაარსი და ფარგლები. კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ გამხდარი საკითხი საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე შეაფასა 2021 წლის 11 თებერვლის №1/1/1505,1515,1516,1529 გადაწყვეტილებით და მიიჩნია, რომ სადავო ნორმები, მათ შორის, მიმოსვლის თავისუფლების შეზღუდვის უფლებამოსილების დელეგირება აკმაყოფილებდა საქართველოს კონსტიტუციის ფორმალურ მოთხოვნებს.
3. 2021 წლის 11 თებერვლის ზემოხსენებულ გადაწყვეტილებას თან ერთვის ჩემი განსხვავებული აზრი (do1/1/1505,1515,1516,1529), რომლითაც არ გავიზიარე სასამართლოს პოზიცია გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის მე-2 თავში განვითარებულ მსჯელობასთან დაკავშირებით, რომელიც შეეხებოდა საქართველოს პარლამენტის მიერ აღმასრულებელი ხელისუფლებისათვის, მათ შორის, მიმოსვლის თავისუფლების შეზღუდვის უფლებამოსილების დელეგირების საქართველოს კონსტიტუციასთან თავსებადობის შეფასებას. დღესაც ვიზიარებ მითითებულ განსხვავებულ აზრში ჩემს მიერ გამოთქმულ სამართლებრივ პოზიციას და მიმაჩნია, რომ სადავო ნორმების საფუძველზე საქართველოს მთავრობისთვის, მათ შორის, მიმოსვლის თავისუფლების შეზღუდვის უფლებამოსილების დელეგირება მოხდა საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნების დარღვევით. კერძოდ, სადავო ნორმებით გათვალისწინებული დელეგირების პირობებში არც ერთ პრინციპულ საკითხზე საქართველოს პარლამენტს გადაწყვეტილება თავად არ მიუღია. აღმასრულებელ ხელისუფლებას მიანდო არა თუ დეტალების, პროცედურების ან ტექნიკური ასპექტების განსაზღვრის უფლება, არამედ გადასცა პანდემიის/ეპიდემიის დროს საკუთარი შეხედულებისამებრ ძირითად უფლებათა არსისა და მათი შეზღუდვის პირობების განსაზღვრის სრული უფლებამოსილება.
4. დასახელებულ შემთხვევაში, საქართველოს პარლამენტმა აღმასრულებელ ხელისუფლებას მიანიჭა შესაძლებლობა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით შეზღუდოს მიმოსვლის თავისუფლება. უპირველესად, უნდა აღინიშნოს, რომ მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის იმ მუხლზე მითითება, რომლის შეზღუდვის უფლებამოსილებაც მიენიჭა აღმასრულებელ ხელისუფლებას, საკმარისი არ არის დელეგირების შინაარსის და ფარგლების იდენტიფიცირებისათვის. გადაადგილების თავისუფლება მრავალი უფლებრივი კომპონენტისგან შედგება და, სულ მცირე, საქართველოს პარლამენტს შეეძლო დაეკონკრეტებინა, თუ რა ასპექტის შეზღუდვის უფლებამოსილებას ანიჭებდა საქართველოს მთავრობას. ამგვარი დელეგირების პირობებში, საქართველოს მთავრობას, მაგალითისათვის, შეუძლია სრულად აკრძალოს გადაადგილება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და ამ შემთხვევაშიც კი იგი არ გასცდება დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებს, რაც გადაადგილების თავისუფლების ფუნდამენტური არსის რეგულირებაა და არა რომელიმე საკანონმდებლო გადაწყვეტილების აღსრულების პროცედურული ან ტექნიკური ნაწილი (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის გიორგი კვერენჩხილაძის 2021 წლის წლის 11 თებერვლის do1/1/1505,1515,1516,1529 განსხვავებული აზრი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 11 თებერვლის №1/1/1505,1515,1516,1529 გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, 17-18).
5. კვალავაც არ ვეთანხმები საკონსტიტუციო სასამართლოს შეფასებას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს მთავრობისთვის არ მომხდარა ფუნდამენტური მნიშვნელობის მქონე საკითხის მოწესრიგების უფლებამოსილების დელეგირება (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 16 დეკემბრის №1/20/1614განჩინება საქმეზე „ზვიად გოგიაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-6). მიმაჩნია, რომ აღნიშნული საკითხის გადაწყვეტის დროს სასამართლოს უნდა შეეფასებინა მასშტაბი, თუ რაოდენ განუსაზღვრელი საკანონმდებლო უფლებამოსილების დელეგირება მოხდა აღმასრულებელ ხელისუფლებაზე და რა რისკის მატარებელი შეიძლება იყოს ამგვარი ძალაუფლების კონცენტრაცია ხელისუფლების აღმასრულებელ შტოში, თუნდაც პანდემიის, ეპიდემიის ან სხვა კრიზისული ვითარებისას. იმავდროულად, სადავო ნორმების დროებითობაზე მითითება ნაკლებად სარწმუნო არგუმენტია დელეგირებული უფლებამოსილების არაფუნდამენტურად მიჩნევისათვის, რადგან ფუნდამენტურ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღება საკანონმდებლო ორგანოს მუდმივი/უცვლელი ვალდებულებაა, რომლის თუნდაც ერთი დღით სხვა ორგანოზე გადაცემითაც კი შესაძლოა დარღვეულ იქნეს კონსტიტუციური მოთხოვნები (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის გიორგი კვერენჩხილაძის 2021 წლის წლის 11 თებერვლის do1/1/1505,1515,1516,1529 განსხვავებული აზრი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 11 თებერვლის №1/1/1505,1515,1516,1529 გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, 20-21).
6. კვლავინდებურად ვერ გავიზიარებ ჩემი კოლეგების პოზიციას დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებულ აქტებზე სასამართლო კონტროლის მექანიზმზე (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 16 დეკემბრის №1/20/1614 განჩინება საქმეზე „ზვიად გოგიაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-5). მივიჩნევ, რომ იმისათვის, რათა სასამართლომ შეძლოს საკუთარი ფუნქციის - კანონქვემდებარე აქტების კანონიერების შემოწმების განხორციელება, აუცილებელია, რომ პარლამენტმა მადელეგირებელი აქტით სათანადოდ განსაზღვროს თუ რისი უფლებამოსილება, რა მიზნითა და ფარგლებით მიანიჭა აღმასრულებელს. მოცემულ შემთხვევაში კი, საქართველოს პარლამენტმა არა თუ მკაფიოდ არ განსაზღვრა საქართველოს მთავრობის სამოქმედო არეალი და კანონქვემდებარე აქტების კანონთან შესაბამისობის კრიტერიუმები, არამედ აღმასრულებელ ხელისუფლებას მიანიჭა საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებისგან, მათ შორის, კანონისგან განსხვავებული მოწესრიგების შემუშავების უფლებამოსილება. საკანონმდებლო უფლებამოსილების მსგავსი სახით დელეგირებით პარლამენტმა არა მხოლოდ საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებაზე თქვა უარი, არამედ სასამართლოს ხელისუფლებასაც შეუზღუდა აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლის უმნიშვნელოვანესი მექანიზმი (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის გიორგი კვერენჩხილაძის 2021 წლის წლის 11 თებერვლის do1/1/1505,1515,1516,1529 განსხვავებული აზრი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 11 თებერვლის №1/1/1505,1515,1516,1529 გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, 23-24).
7. ყოველივე ზემოხსენებულის გათვალისწინებით, კვლავ სრულად ვიზიარებ 2021 წლის 11 თებერვლის do1/1/1505,1515,1516,1529 ჩემს განსხვავებულ აზრში გამოხატულ სამართლებრივ შეფასებას იმის თაობაზე, რომ აღმასრულებელ ხელისუფლებას გადაეცა განუსაზღვრელი საკანონმდებლო უფლებამოსილება იმგვარად, რომ საქართველოს პარლამენტს არ მიუღია გადაწყვეტილებები პრინციპულ პოლიტიკურ-სამართლებრივ საკითხებთან მიმართებით. მოცემულ შემთხვევაში, საკანონმდებლო უფლებამოსილების დელეგირება წარმოადგენს არა კანონის აღსრულების საშუალებას, არამედ საქართველოს მთავრობისათვის ახალი საკანონმდებლო ბაზის შექმნის უფლებამოსილების მინიჭებას. მსგავსი დელეგირება კი უთანაბრდება საკანონმდებლო ორგანოს მიერ საკუთარი კონსტიტუციური კომპეტენციის განუხორციელებლობას, რაც შეუთავსებელია საქართველოს კონსტიტუციასთან და მასში განმტკიცებულ ძირითად პრინციპებთან. შესაბამისად, სადავო ნორმების საფუძველზე საქართველოს პარლამენტის მიერ აღმასრულებელი ხელისუფლებისათვის მიმოსვლის თავისუფლების შეზღუდვის უფლებამოსილების დელეგირება განხორციელდა საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნათა დარღვევით და მიგვაჩნია, რომ სადავო ნორმები არაკონსტიტუციურია.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე:
გიორგი კვერენჩხილაძე