შპს ''სამაუწყებლო კომპანია მეცხრე ტალღა'' საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | 566 |
ავტორ(ებ)ი | შპს ,,სამაუწყებლო კომპანია მეცხრე ტალღა”, გერმანე სალია |
თარიღი | 21 ოქტომბერი 2013 |
თქვენ არ ეცნობით სარჩელის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ სარჩელის დოკუმენტი
განმარტებები სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის 30 დეკემბრის #821/6 გადაწყვეტილებით http://gncc.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=7070&info_id=112197 ირკვევა, რომ შპს ,,სამაუწყებლო კომპანია მეცხრე ტალღას” გაუგრძელდა მაუწყებლობის #B27 ლიცენზია. აღნიშნული გადაწყვეტილებიდან ირკვევა, რომ შპს. ,,სამაუწყებლო კომპანია მეცხრე ტალღის” ლიცენზიის სახეს წარმოადგენს კერძო მაუწყებლობა, ლიცენზიის სახეობაა - საერთო ტელემაუწყებლობა, ლიცენზია მოქმედებს 2021 წლის 31 დეკემბრამდე. შპს ,,სამაუწყებლო კომპანია მეცხრე ტალღა” მაუწყებლობს ქალაქ ფოთში. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერით შპს ,,სამაუწყებლო კომპანია მეცხრე ტალღის” ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებამოსილება გააჩნია შპს ,,სამაუწყებლო კომპანია მეცხრე ტალღის” დირექტორ გერმანე სალიას. ამგვარად, მოსარჩელე შპს ,,სამაუწყებლო კომპანია მეცხრე ტალღა” არის უფლებამოსილი, იდავოს ორგანული კანონის - საარჩევნო კოდექსის - 51-ე მუხლის მე-5 ნაწილის და ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 66-ე მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით, ვინაიდან სადავო ნორმები იჭრება მოსარჩელის, როგორც კერძო საერთო მაუწყებლის უფლებრივ სფეროში. ამგვარად, დაცულია ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლით დადგენილი ყველა მოთხოვნა და არ არსებობს ამავე კანონის მე-18 მუხლით აღნიშნული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საფუძველი. |
მოთხოვნის არსი და დასაბუთება
1.სადავო ნორმების მიმართება კონსტიტუციის 24-ე მუხლთანსაარჩევნო კოდექსის 51-ე მუხლის მე-5 ნაწილი და ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 66-ე მუხლის პირველი პუნქტი შეიცავენ იდენტურ მოთხოვნებს, ისინი აკისრებენ საერთო მაუწყებელს იმის ვალდებულებას, რომ მათ ეთერში უსასყიდლოდ განათავსონ წინასაარჩევნო რეკლამა ყოველ სამ საათში ერთხელ თითოეული საარჩევნო სუბიექტისათვის არანაკლებ 90 წამის ხანგრძლივობით. აღნიშნული ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველ პუნქტს. სადავო ნორმა საერთო მაუწყებელს ავალდებულებს, მისი რედაქციის ნების საწინააღმდეგოდ, ეთერში გაუშვას უფასო რეკლამა, სადაც მოცემულია განსაზღვრული ტიპის ინფორმაცია და გამოთქმულია კონკრეტული მოსაზრება. ამგვარად, სადავო ნორმა მაუწყებელს ავალდებულებს, თავისი სურვილის საწინააღმდეგოდ გამოთქვას მოსაზრება და გაავრცელოს ინფორმაცია. კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველ პუნქტში ნახსენებია ადამიანი, რაც გულისხმობს იმას, რომ ამ ნორმაში აღნიშნული უფლების სუბიექტი ფიზიკური პირია. მიუხედავად ამისა, იურიდიულ პირებზე კონსტიტუციის 24-ე მუხლით გარანტირებული დაცვა ვრცელდება კონსტიტუციის 45-ე მუხლის მეშვეობით. ეს უკანასკნელი მიუთითებს იმაზე, კონსტიტუციაში მოცემული ძირითადი უფლებანი და თავისუფლებანი, მათი შინაარსის გათვალისწინებით, ვრცელდება აგრეთვე იურიდიულ პირებზე. კანონით ნებადართულია საერთო სამაუწყებლო ლიცენზიის გაცემა იურიდიულ პირზე. ინფორმაციის მოპოვება და გავრცელება ასეთი მაუწყებლის სასიცოცხლო საქმიანობას წარმოადგენს. შესაბამისად, კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცული უფლების იურიდიულ პირზე გავრცელება არა მარტო შესაძლებელია იურიდიულ პირზე, არამედ ეს აუცილებელიც კი არის სამაუწყებლო საქმიანობის განმახორციელებელი იურიდიული პირის კონტექსტში. კონსტიტუციის 24-ე მუხლის მეორე პუნქტი ადგენს, რომ მასობრივი ინფორმაციის საშუალებები თავისუფალია. ეს კონსტიტუციური დებულება მიმართულია არა ყველა ფიზიკური ან იურიდიული პირისაკენ, ვინც ინფორმაციას იღებს ან ავრცელებს, არამედ მედიისაკენ. კონსტიტუცია ამ უკანასკნელს ანიჭებს იმის უფლებას, თავისუფლად გადაწყვიტოს, რა ინფორმაცია გაავრცელოს და რის გავრცელებაზე თქვას უარი. გარდა ამისა, კონსტიტუციის 24-ე მუხლის მეორე პუნქტის პირველი წინადადება იცავს მედიას იძულებისაგან, განახორციელოს ისეთი საქმიანობა, რასაც სახელმწიფო ითხოვს მისგან.
2. მაუწყებლის კონსტიტუციური უფლება, არ გაუშვას პოლიტიკური რეკლამა ეთერში ანუ უფლება არ ილაპარაკო იძულებითგამოხატვის თავისუფლება არა მარტო იცავს ადამიანს იძულებით გაჩუმებისაგან, არამედ ასევე იძულებითი ლაპარაკისაგან (Compelled speech). საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის თანახმად: ,,ყოველ ადამიანს აქვს უფლება, თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია, გამოთქვას და გაავრცელოს თავისი აზრი ზეპირად, წერილობით ან სხვაგვარი საშუალებით.” საქართველოს კონსტიიტუციის 24-ე მუხლის პირველი პუნქტი იცავს ადამიანის უფლებას, ლაპარაკის ან სხვა ტიპის ექსპრესიული, საკომუნიკაციო მოქმედების გზით გამოხატოს აზრი, გაავრცელოს ინფორმაცია. სიტყვის თავისუფლების არსი მდგომარეობს იმაში, რომ დაიცვას ადამიანი იძულებითი გაჩუმებისაგან. ეს არის გამოხატვის თავისუფლების პოზიტიური ასპექტი. მიუხედავად ამისა, გამოხატვის თავისუფლებას გააჩნია საპირისპირო, ნეგატიური ასპექტიც. კონსტიტუციის 24-ე მუხლი საუბრობს რა ადამიანის უფლებაზე (და არა ვალდებულებაზე), გაავრცელოს ინფორმაცია, გამოთქვას თავისი აზრი, კონსტიტუციის 24-ე მუხლი ასევე იცავს ადამიანს იძულებისაგან, გამოხატოს თავისი აზრი, გაავრცელოს ინფორმაცია კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით და საკუთარი სურვილით შეინარჩუნოს დუმილი. სადავო ნორმა იჭრება მაუწყებლის უფლებაში, შეინარჩუნოს დუმილი. სადავო ნორმა ითხოვს მაუწყებლისაგან, რეკლამის სახით უსასყიდლოდ გაავრცელოს ინფორმაცია იმის მიუხედავად, სურს თუ არა ამის გაკეთება. სახეზეა კანონმდებლის მხრიდან მაუწყებლის იძულება, ილაპარაკოს კონკრეტულ საკითხზე, როცა სპიკერს ამის სურვილი არ გააჩნია. როგორც ამერიკის უზენაესმა სასამართლომ რილის საქმეზე განაცხადა, სიტყვის თავისუფლების ცნება თავის თავში მოიცავს ადამიანის თავისუფლებას, აირჩიოს რა თქვას და რა არ თქვას (http://supreme.justia.com/cases/federal/us/487/781/) ამავე სასამართლომ საქმეზე ვული მეინარდის წინააღმდეგ საქმეზე განაცხადა, სისტემა სადაც ნებადართულია რელიგიური პროზელიტიზმი, პოლიტიკური და იდეოლოგიური მიზნის რეალიზაციისაკენ სწრაფვა, იმავდროულად გარანტირებულია თანმხვედრი უფლება, უარი განაცხადო ამგვარი რელიგიური, პოლიტიკური და იდეოლოგიური კონცეფციების მხარდაჭერაზე. უფლება - ილაპარაკო ან თავი შეიკავო საუბრისაგან - არის ინდივიდის აზროვნების თავისუფლების ნაწილი. კონსტიტუციასთან შეუსაბამოა, პირის იძულება - მონაწილეობა მიიღოს საზოგადოებისადმი ისეთი გზავნილის მიტანაში, რაც მას არ სურს (http://www.law.cornell.edu/supct/html/historics/USSC_CR_0430_0705_ZO.html). შეიძლება ითქვას, რომ სხვისი დაწერილი დევიზის მანქანაზე მიმაგრება და ტარება, ისევე როგორც სხვის მიერ შეკვეთილი და დამზადებული რეკლამის ეთერში გაშვება უფრო მეტად პასიური ქმედებაა, ვიდრე მაგალითად, ის შემთხვევა, როდესაც იეჰოვას მოწმეს სთხოვენ, ფიცის დადებას ან სავალდებულო ან სარეზერვო სამსახურის გავლას, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ქმედება ამ პირის რელიგიურ მრწამსს ეწინააღმდეგება. ფიცის დადების შემთხვევაში ადამიანი უფრო აქტიურ, ექსპრესიულ (გამოხატვით) ქმედებას ახორციელებს. პასიურ და აქტიურ გამოხატვით მოქმედებას შორის განსხვავება მხოლოდ ექსპრესიის ხარისხშია. როგორც აშშ-ს უზენაესმა სასამართლომ მეინარდის საქმეში განაცხადა, როგორც აქტიური, ისე პასიური გამოხატვის შემთხვევაში ადამიანს უწევს ფართო საზოგადოებამდე იმგვარი მესიჯის მიტანა, რასაც ის შესაძლოა, არ ეთანხმებოდეს ან რისი განსაჯაროებაც არ სურდეს. ამ დროს სახელმწიფო იჭრება ინდივიდის ინტელექტისა და სულიერების სფეროში, რაც კონსტიტუციით დაცულია ხელისუფლების ოფიციალური კონტროლისაგან. სადავო ნორმა ითხოვს მაუწყებლისაგან, მის სარგებლობაში არსებული საზოგადოებრივი სიკეთე - სიხშირე და საკუთრებაში არსებული ტექნიკა გამოიყენოს ისეთი მესიჯის გასავრცელებლად, რაც შედის სახელმწიფოს ინტერესებში (სამართლიანი არჩევნების ჩატარება). წინააღმდეგ შემთხვევაში, მაუწყებელს დაეკისრება ,,მაუწყებლობის შესახებ” კანონით დადგენილი სანქციები (,,საარჩევნო კოდექსის 51-ე მუხლის მე-15 ნაწილი). ის ფაქტი, რომ მედიის მიერ ამგვარი რეკლამის ჩვენება უამრავი მაყურებლის ინტერესებს ემსახურება, ვერ ხსნის იმას, თუ რატომ არ უნდა იქნეს დაცული ერთი მაუწყებლის (მისი მფლობელის) ინტერესები, რომელსაც არ სურს, თავისი სარგებლობაში არსებული მატერიალური სიკეთე იმ მესიჯის გასავრცელებლად იყოს გამოყენებული, რომლის გავრცელებაც მას არ სურს. გამოხატვის თავისუფლება იცავს ადამიანის უფლებას, ჰქონდეს უმრავლესობისაგან განსხვავებული ინტერესები და უარი განაცხადოს, იდეის გავრცელებაზე, თუ მას ეს არ სურს. მართალია, მაუწყებელს არავითარი პასუხისმგებლობა არ ეკისრება რეკლამის შინაარსზე, თუმცა არ შეიძლება იმის უარყოფა, რომ რეკლამის საზოგადოებამდე მიტანა კონკრეტული მაუწყებლის სიხშირის გამოყენებით ხდება და რეკლამა საზოგადოების მხრიდან არა მხოლოდ იმ პარტიასთან ასოცირდება, რომელმაც ის დაუკვეთა, არამედ იმ მედიუმთანაც, რომლის მეშვეობითაც ის საზოგადოებამდე მივიდა. კონსტიტუციური შემოწმების ხარისხი განსაკუთრებით მკაცრია მაშინ, როცა ადამიანის უფლება, შეინარჩუნოს დუმილი, იზღუდება იმ საკითხის შინაარსის გამო, რასთან დაკავშირებითაც სუბიექტს აზრის გამოთქმას ან ინფორმაციის გავრცელებას აიძულებენ. კონსტიტუციური შემოწმების ხარისხი გაცილებით ნაკლებია მაშინ, როცა სახელმწიფო გამოხატვის თავისუფლებაზე აწესებს შინაარსობრივად ნეიტრალური ტიპის შეზღუდვას (მაგალითად გამოხატვის თავისუფლების რეგულირება არა სათქმელის შინაარსის არამედ გამოხატვის დროის, ადგილისა და მანერის გამო). სადავო ნორმები აწესებენ შინაარსობრივი ტიპის შეზღუდვებს, ვინაიდან მაუწყებელს აიძულებენ, ეთერში განათავსონ პოლიტიკური შინაარსის და არა სხვა ტიპის (მაგალითად, ეკონომიკური, კულტურული) მასალები. თანაც შინაარსობრივი რეგულირება კიდევ უფრო ვიწროვდება იმით, რომ ვალდებულება ეხება ინფორმაციას კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების შესახებ. ასეთი შინაარსობრივი რეგულაციის არსებობისას საკონსტიტუციო სასამართლომ არა მარტო ის უნდა შეამოწმოს, არსებული საშუალება რამდენად ვარგისია მიზნის მისაღწევად, არამედ ისიც, ხომ არ არსებობს უფრო ნაკლებად შემზღუდველი საშუალებები, რითაც სახელმწიფო იმავე მიზანს მიაღწევდა გამოხატვის თავისუფლებისათვის ნაკლები ზიანის მიყენების გარეშე. რამდენად დაცულია ბალანსი გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვასა და ამით მისაღწევ მიზანს შორის. როგორც უფლება - ილაპარაკო, ისე უფლება - შეინარჩუნო დუმილი, არ არის აბსოლუტური. იმისათვის, რომ ეს უფლებები შეიზღუდოს, სახელმწიფომ უნდა დააკმაყოფილოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები: შეზღუდვა უნდა იყოს გათვალისწინებული კანონით, უნდა ემსახურებოდეს ერთ-ერთ ლეგიტიმურ მიზანს და უნდა იყოს აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში. შეზღუდვა გათვალისწინებულია კანონით - ,,მაუწყებლობის შესახებ” კანონით და საარჩევნო კოდექსით. შეზღუდვა ემსახურება სხვათა უფლებების დაცვას, კერძოდ შემზღუდველი ნორმა მიზნად ისახავს ამომრჩეველთა უფლების - იყოს ინფორმირებულ საარჩევნო სუბიექტების შესახებ- დაცვას. ნორმა ასევე ემსახურება კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის უფლებას - ამომრჩევლამდე მიიტანოს თავისი მესიჯი და ჩადგეს სხვა საარჩევნო სუბიექტთან თანაბარ მდგომარეობაში. აღნიშნულ სარჩელის დანარჩენ ნაწილში ვიმსჯელებთ ღონისძიების პროპორციულობის შესახებ და შევეცდებით, დავამტკიცოთ, რომ შეზღუდვა არ არის აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში. პირველ რიგში, შევეხებით იმ თავისებურებას, რაც დამახასიათებელია სახელმწიფოს მიერ სიხშირული მაუწყებლის გამოხატვის თავისუფლებაში მართლზომიერ ჩარევისათვის და რაც ბუნებრივია, განასხვავებს ინფორმაციის გავრცელების აღნიშნული მედიუმის კონსტიტუციურ შეზღუდვას ბეჭდური პრესის, ინტერნეტის, ჭერქვეშ ან გარეთ გავრცელებული ინფორმაციის ან გამოთქმული მოსაზრების შეზღუდვისაგან.
3. საეთერო მაუწყებლობასთან სახელმწიფო ჩარევის მასშტაბები და აუცილებლობამართალია, 1925 წელს, როდესაც პირველმა რადიოსადგურმა დაიწყო მაუწყებლობა, (http://radio1.ge/), საქართველოში არავინ ფიქრობდა იმაზე, უნდა არეგულიროს თუ არა სადგურის მიერ რადიოტალღების გამოყენება სახელმწიფომ. ინფორმაციის გავრცელების ეს მედიუმი იმ დროიდან სახელმწიფოს შემადგენელი ნაწილი და მისი პროპაგანდის საშუალებას წარმოადგენდა. სახელმწიფოს თავისი რადიოსადგურის, მოგვიანებით კი ტელემაუწყებლობის, სახით ჰქონდა მონოპოლია ინფორმაციის გავრცელებაზე, რასაც წერტილი დაუსვა საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვებამ. თუმცა ბევრად დემოკრატიულმა ქვეყნებმა გაიარეს ის ეტაპი, როდესაც სახელმწიფო არ ერეოდა რადიოსიხშირეებს გამოყენების პროცესში. ეს პროცესი აღწერა ამერიკის უზენაესმა სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში საქმეზე რედ ლაიონის სამუწყებლო კორპორაცია ფედერალური კომუნიკაციების კომისიის წინააღმდეგ (http://www.law.cornell.edu/supremecourt/text/395/367). 1927 წლამდე აშშ-ში რადიო სიხშირეთა განაწილებას აწარმოებდა კერძო სექტორი, რამაც გამოიწვია ქაოსი. მალე ნათელი გახდა ის, რომ სიხშირეები წარმოადგენენ იშვიათ და ამოწურვად რესურსს, რომელთა რაციონალური გამოყენების რეგულირება უნდა მომხდარიყო სახელმწიფოს მიერ. სახელმწიფოს მხრიდან კონტროლის გარეშე ერთ სიხშირეზე მაუწყებელი სიგნალები ერთმანეთს დაეჯახებოდნენ და სხვადასხვა ხმები წარმოშობდნენ გაუგებარ ხმაურს. არც ერთი ხმა არ იქნებოდა გასაგები და აღსაქმელი. კონკურენტებს შორის სიხშირეთა გადანაწილებისათვის შეიქმნა კომუნიკაციების კომისია, იმისათვის, რომ ამ პროცესში კომისიას ემოქმედა საზოგადოების კეთილდღეობის, საზოგადოებრივი ინტერესებისა და აუცილებლობიდან გამომდინარე. მას შემდეგ, რაც კერძო პირებს შორის სიხშირეთა გადანაწილების უფლებამოსილება დაეკისრა სახელმწიფოს, დღის წესრიგში დადგა საკითხი იმის შესახებ, თუ რის გამო უნდა გადაეცა სიხშირე სახელმწიფოს ერთ პირსათვის და უარი ეთქვა მეორისათვის. ძირითადი პრინციპები, რაც სიხშირით მოსარგებლე პირთა სელექციისას გამოიყენებოდა იყო ის, თუ მაუწყებლობის რომელი პრეტენდენტი უკეთ დაიცავდა საზოგადოების ინტერესებს და რამდენად ადეკვატურად ასახავდა საზოგადოებაში არსებულ განსხვავებულ ინტერესებსა და მოსაზრებებს. სიხშირე, ვინაიდან წარმოადგენს ამოწურვად რესურსს, ითვლება საზოგადოების საკუთრებად. თუკი ხელისუფლების წარმომადგენლები ან თავად მაუწყებლის სარედაქციო ჯგუფი სიხშირის გამოყენებით თავს დაესხმევა სხვა ადამიანს, ამ უკანასკნელს აქვს პასუხის გაცემის უფლება, ვინაიდან სიხშირე ერთნაირად წარმოადგენს საზოგადოების თითოეული წევრის კუთვნილებას და არ შეიძლება ადამიანის წინააღმდეგ მისსავე საკუთრებას იყენებდნენ, ისე რომ იმავე პირს არ ჰქონდეს ამავე სიკეთის იმგვარად გამოყენების შესაძლებლობა, როგორც ოპონენტები იყენებენ. ამერიკის უზენაესმა სასამართლომ აღნიშნულ მიდგომას რედ ლაიონის საქმეში სამართლიანობის დოქტრინა უწოდა. ეს მიდგომა აისახა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის #2 დადგენილებაში ,,მაუწყებელთა ქცევის კოდექსის დამტკიცების თაობაზე,” რომლის მე-19 მუხლის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია, ჯეროვანი სამართლიანობისა და პატივისცემის დაცვით მოეპყროს ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს. ამავე კოდექსის მე-20 მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, ,,პირს, რომლის მიმართ პროგრამაში ბრალდებები გამოითქვა, უნდა მიეცეს დროული და ჯეროვანი პასუხის გაცემის საშუალება.” პასუხის გაცემის უფლება ეფუძნება იმას, რომ გაზეთის ფურცლებისა და ინტერნეტ სივრცისაგან განსხვავებით, სიხშირეები, რითაც ხორციელდება ტელერადიო მაუწყებლობა, არის საზოგადოების თითოეული წევრის საკუთრება და, მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობის დაცვის ფარგლებში, სიხშირეების გამოყენება საზოგადოების ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს. როგორც რედ ლიონის საქმეში ამერიკის უზენაესმა სასამართლომ განაცხადა: ,,კომისია მოქმედებს საზოგადოებრივი ინტერესებით ლიცენზიების გაცემის, მისი მოქმედების განახლების და მოდიფიცირების მომენტში. კომისიამ უნდა აიძულოს მაუწყებელი, იმოქმედოს საზოგადოებრივი ინტერესების შესაბამისად. კომისიის უფლებამოსილება - უზრუნველყოს მედიის საქმიანობა საზოგადოებრივი ინტერესების შესაბამისად - არის საკმაოდ ფართო.” არ არსებობს იმაზე უფრო დიდი საზოგადოებრივი ინტერესი - ვიდრე საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობებისას იმ სუბიექტების შესახებ ინფორმაციის აუდიტორიისათვის თანაბარ პირობებში მიწოდებაა, ვინც სარგებლობს საზოგადოების მხარდაჭერით. საზოგადოება არ არის ჰომოგენური ერთობა, შესაბამისად, არც საზოგადოებრივი ინტერესები იქნება ერთგვაროვანი, პირიქით, საზოგადოება ერთმანეთისაგან განსხვავებული და ხშირად დაპირისპირებული ჯგუფებისაგან შედგება. რაც მაუწყებელს ევალება არის ის, რომ თანაბრად ასახოს და წარმოაჩინოს ეს განსხვავებული და მრავალფეროვანი ინტერესები იმ სიხშირეზე, რომელიც ამ არაერთგვაროვანი საზოგადოების თითოეული წევრის საკუთრებაა. ამგვარად, საარჩევნო კონტექსტში სატელევიზიო და რადიო სადგურების ვალდებულება - იმოქმედონ საზოგადოებრივი ინტერესების შესაბამისად - სხვა არაფერია თუ არა ყველა მხარის პოზიციის წარმოჩენა. სხვაგვარად: ,,ლიცენზიანტს შეუძლია, არ გააშუქოს ერთი კანდიდატის საარჩევნო კამპანია და ეთერი მთლიანად დაუთმოს სხვა კანდიდატს. კონკურენტების ეთერში გამოჩენის შესაძლებლობის წართმევით მაუწყებელს შეუძლია, სასურველ გავლენა მოახდენოს მისთვის მისაღები კანდიდატის წარმატებაზე, ვიდრე ეს ამ კანდიდატის თანაბარ ვითარებაში წარდგენის გზით მოხდებოდა” (რედ ლაიონის საქმე). საზოგადოებრივი ინტერესები არის მაუწყებლის საქმიანობის ლეგიტიმური შემზღუდველი, რაც აიძულებს მას, თავი შეიკავოს საზოგადოების საკუთრების გამოყენებით მიკერძოებული ნაბიჯის გადადგმისაგან. აშშ-ს უზენაესმა სასამართლომ რედ ლაიონის საქმეში ასევე განაცხადა: ,სამაუწყებლო სიხშირეები შეზღუდულია და ამის გამო ისინი საზოგადოების საკუთრებას წარმოადგენენ. ყველა ლიცენზიანტი, რომელსაც გაუმართლა და მაუწყებლობის ლიცენზია მოიპოვა, ვალდებულია, იმოქმედოს საზოგადოებრივი ინტერესების დასაკმაყოფილებად და ეკისრება ვალდებულება, წარმოადგინოს საზოგადოებრივი ინტერესების მქონე საკითხები სამართლიანად და მიუკერძოებლად.” აშშ-ს უზენაესმა სასამართლომ ხაზი გაუსვა იმასაც, რომ გამოხატვის თავისუფლება უფრო ნაკლებად არის დაცული ტელევიზიასა და რადიოში, ვიდრე ბეჭდურ მედიაში. სასამართლომ განაცხადა: ,,როდესაც ინდივიდების რაოდენობა, რომელთაც სურთ მაუწყებლობა, აჭარბებს იმ სიხშირეების რაოდენობას, რომელიც, მათ შორის, უნდა განაწილდეს მაუწყებლობის დასაწყებად, ამაოა, იმის თქმა, რომ მაუწყებლის გამოხატვის თავისუფლება ისევეა დაცული, როგორც იმ ინდივიდის, ვინც თავის აზრს გამოხატავს ზეპირი საუბრის, წერის და ბეჭდური სიტყვის მეშვეობით. თუკი მაუწყებლობისათვის დარჩენილია 10 სიხშირე და მაუწყებლობის დაწყება სურს 100 პირს, ყველა მათგანს აქვს ერთნაირი უფლება ლიცენზიაზე. მაგრამ იმისათვის, რომ რადიოს მეშვეობით კომუნიკაცია გასაგები იყოს, ამ 100-დან მხოლოდ ზოგიერთს უნდა მიეცეს ლიცენზია, ხოლო სხვები რადიოტალღებთან წვდომის გარეშე უნდა დარჩნენ. გამოხატვის თავისუფლების საწინააღმდეგო ის იქნებოდა, რომ რადიოს მეშვეობით გასაგები და აღქმადი კომუნიკაციის დასამყარებლად, ხელისუფლებას არ ჰქონდეს, მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიების გაცემის და ქაოსის გამომწვევი ერთი და იმავე სიხშირის რამდენიმე პირის მიერ ერთდროული გამოყენების შემთხვევების აღკვეთის შესაძლებლობა. დღეს მოცემულობა ისეთია, რომ რამდენიმე სადგურის მიერ ერთი და იმავე სიხშირის მაუწყებლობისათვის გამოყენება გაუგებარს ხდის სიხშირიდან ერთდროულად განხორციელებულ ყველა კომუნიკაციას, წარმოქმნის რა უსიამოვნო ხმებს რადიოტალღაზე.” (რედ ლიონის საქმე) კანონმდებელი აღჭურავს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას სამაუწყებლო ლიცენზიების გაცემის და მისი ჩამორთმევის უფლებით. გამოხატვის თავისუფლება არ გულისხმობს ლიცენზიაზე უფლებას ან რადიოსიხშირეების მონოპოლიზაციის შესაძლებლობას. კომისიას აქვს უფლება, უარი უთხრას რადიოსადგურს ლიცენზიის გაცემაზე საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის გამო და ეს არ ჩაითვლება გამოხატვის თავისუფლების დარღვევად. რამდენადაც გამოხატვის თავისუფლება დაცულია, პირი, რომელსაც ლიცენზია გადაეცა, არაფრით არ არის იმაზე უკეთესი, ვისაც ამ სიკეთეზე უარი ეთქვა. ლიცენზია იძლევა მაუწყებლობის უფლებას, მაგრამ ლიცენზიის ფლობა ან თანამოქალაქის გამორიცხვის გზით სიხშირეთა მონოპოლიზება არ არის კონსტიტუციური უფლება. კონსტიტუცია ხელს არ უშლის ხელისუფლებას, მოსთხოვოს ლიცენზიის მფლობელს, დაუშვას თავის სიხშირესთან სხვა ადამიანი ან დააკისროს ვალდებულება, საზოგადოების წარმომადგენელთა აზრების და მოსაზრებების წარმოსადგენად. არც იმის თქმა არ შეიძლება, რომ ტელერადიომაუწყებლობა სრულად არის მოკლებული კონსტიტუციის 24-ე მუხლით გარანტირებულ დაცვას. ამის საპირისპიროდ, მაუწყებელს მთავარი როლი ეკისრება გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობისას. რადისიხშირეთა სიმწირის გამო, ხელისუფლებას უფლება ეძლევა, შეზღუდვები დაუდგინოს ლიცენზიანტს იმ ადამიანების სასარგებლოდ, რომელთა აზრი უნდა იქნეს მოსმენილი ამ უნიკალური მედიუმის მეშვეობით. მაგრამ საზოგადოება ინარჩუნებს რადიოსა და ტელევიზიაში სიტყვის თავისუფლების დაცვის და კომუნიკაციის აღნიშნული საშუალების კონსტიტუციური მიზნების შესაბამისად ფუნქციონირების კოლექტიურ ინტერესს. სიტყვის თავისუფლება ტელევიზიასა და რადიოში მაუწყებელზე მეტად მაყურებლისა და მსმენელის უფლებაა. გამოხატვის თავისუფლების მიზანი არის იდეათა თავისუფლი ბაზრის შეუფერხებელი ფუნქციონირება, სადაც სწორი მოსაზრება მხოლოდ საწინააღმდეგო მოსაზრებებთან კონკურენციის გზით იმარჯვებს. ამის საპირისპიროდ, გამოხატვის თავისუფლების მიზანს არ წარმოადგენს, კონკურენციის გარეშე, სახელმწიფოს ან კერძო პირის მიერ იდეის თავსმოხვევა. გამონათქვამი, რომელიც ეხება საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საკითხს უფრო მეტია ვიდრე თვითგამოხატვა, ის საზოგადოების მართვის პროცესში მონაწილეობის საშუალებაა. საზოგადოების უფლება, ჰქონდეს წვდომა სოციალურ, პოლიტიკურ, ესთეტიკურ, მორალურ იდეებზე, არსებითი ხასიათისაა. ეს უფლება არ შეიძლება დაირღვევს კანონმდებლის ან კომისიის მიერ. გამოხატვის თავისუფლება არ ირღვევა იმით, რომ ლიცენზიის მფლობელს აიძულებენ, გამოიყენოს ამოწურვადი სიხშირეები საზოგადოების ინტერესების დასაცავად. ნებადართულია ლიცენზიის მფლობელის იძულება, სათანადო დრო და ყურადღება დაუთმოს საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საკითხს. ლიცენზიის გაცემა და მისი განახლება მიბმული უნდა იყოს ლიცენზიის მფლობელის ვალდებულებაზე - ადეკვატურად ასახაოს საზოგადოების ყველა ჯგუფის მოსაზრებები სადავო საკითხზე. ასეთი მიდგომა შესაბამისობაში მოდის კონსტიტუციური უფლების - გამოხატვის თავისუფლების მიზნებთან. ხელისუფლებამ გულგრილად არ უნდა შეხედოს იმას, თუ როგორ უკეტავს გზას ლიცენზიის მფლობელთა მცირე ჯგუფი ადამიანებს რადიოტალღების მეშვეობით მნიშვნელოვან საკითხზე საკუთარი მოსაზრების გასავრცელებლად. ლიცენზირება არ წარმოშობს ტელერადიო სადგურის საკუთრების უფლებას სიხშირეზე. ეს არის მხოლოდ დროებითი პრივილეგია. კომისია ლიცენზიას განსაზღვრული ვადით გასცემს იმის მიხედვით, თუ რამდენად აკმაყოფილებს კონკრეტული ტელერადიო სადგურის შემოთავაზებული პროგრამები საზოგადოების ინტერესებს. შეზღუდული რაოდენობის სამაუწყებლო სიხშირეების გათვალისწინებით, სახელმწიფოს აქვს ამ სპექტრის განაწილების უფლება. იმისათვის, რომ ლიცენზია უკეთ იყოს განაწილებული, კომისიამ მხედველობაში უნდა მიიღოს მრავალფეროვანი საზოგადოებრივი ინტერესები და პროგრამები, რასაც კონკურენტი სადგურები სთავაზობენ აუდიტორიას. თუკი საზოგადოების საჭიროებები იცვლება, ეს ცვლილება უნდა აისახოს ლიცენზიის განაწილების კრიტერიუმებშიც.
4. ძლიერი ფინანსური მდგომარეობის მქონე პოლიტიკური ჯგუფების დომინირების თავიდან აცილების მიზნის მიღწევათავდაპირველად, განვიხილოთ შერჩეული ღონისძიების ვარგისიანობა. რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში, მაუწყებელი ვალდებული რომ არ ყოფილიყო, განეთავსებინა კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის უფასო რეკლამები ეთერში. საარჩევნო კოდექსი და ,,მაუწყებლობის შესახებ” კანონი უფლებას ანიჭებს ყველა საარჩევნო სუბიექტს, ტელევიზიისა და რადიოს ეთერში განათავსონ ფასიანი პოლიტიკური რეკლამა. საარჩევნო კოდექსის 50-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტი, აცხადებს, რომ ტარიფები ყველა საარჩევნო სუბიექტებისათვის უნდა იყოს ერთნაირი. მიუხედავად ამისა, რამდენადაც არადისკრიმინაციული არ უნდა იყოს რეკლამის საფასური, განსაზღვრული ოდენობის თანხა თუკი ხელმისაწვდომია ერთი საარჩევნო სუბიექტისათვის, იმავე ოდენობის თანხა შეიძლება არ გააჩნდეს სხვა პარტიას, განსაკუთრებით ისეთ პოლიტიკურ ძალას, რომლსაც მწირი მატერიალური რესურსების მიუხედავად, საზოგადოებაში იმდენი მხარდაჭერა მაინც გააჩნია, რომ დააკმაყოფილოს კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტისათვის წაყენებული მოთხოვნები. მხარდაჭერის მიუხედავად, ფინანსური რესურსის არარსებობის გამო, კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტს, უფასო სარეკლამო დროის არ არსებობის პირობებში, შესაძლოა, არ ჰქონდეს იმის საშუალება, რომ თავისი სათქმელი მიიტანოს თავის ამომრჩევლამდე და რეკლამისათვის დამახასიათებელი დარწმუნების ტექნოლოგიის გამოყენებით გაზარდოს მხარდამჭერთა რაოდენობა. აშშ-ს უზენაესმა სასამართლომ ტორნილოს საქმეზე განაცხადა: ,,მედიის ძირითად მახასიათებელს წარმოადგენს ის, რომ მედია იქცა არაკონკურენტულ, უზარმაზარი ძალისა და გავლენის მქონე რესურსად, რომელსაც შეუძლია საზოგადოებრივი აზრით მანიპულირება და მოვლენათა განვითარების მსვლელობაში ცვლილების შეტანა.” თუკი მედია საშუალებებზე წვდომის წინაპირობა იქნება რეკლამებში დაბანდებული კაპიტალი, იქმნება საშიშროება, რომ მედიის და შესაბამისად, საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე გავლენების, კონცენტირება მოხდეს იმ ვიწრო პოლიტიკური ჯგუფებისა და პოლიტიკური იდეოლოგიების გარშემო, რომელიც ძლიერი ფინანსური ჯგუფების ინტერესებს უკეთ გამოხატავენ. შედეგად, მედიიდან განიდევნებიან საზოგადოებრივი ჯგუფები, რომლებსაც არ შესწევთ იმის უნარი, რომ ფინანსური დახმარება აღმოუჩინონ მათი ინტერესების დამცველ პოლიტიკურ ძალებს. დიდი კაპიტალი იქნება საზოგადოებრივ აზრზე მანიპულირების და იმ იდეების გამარჯვების შესაძლებლობა, რაც საზოგადოებას შესაძლოა, არც გაეზიარებინა, მას რომ ალტერნატიულ მოსაზრებებთან წვდომის შესაძლებლობა ჰქონოდა. როცა იდეათა თავისუფლ ბაზარზე შესასვლელად გადამწყვეტი ხდება დიდი ფული და არა იდეების კონკურენცია, მთელი მედია რესურსი კონცენტრირება ხდება ერთი და იმავე ინტერესების გარშემო. ეს ცვლილება იწვევს იმას, რომ მოქალაქეების ინფორმირების შესაძლებლობა და საზოგადოებრივი აზრის ფორმირება რამდენიმე პირს უვარდებათ ხელში. საარჩევნო რეკლამები რომ მხოლოდ ფასიანი იყოს, ნოყიერი ნიადაგი შეექმნებოდა, სარეკლამო დროის ყიდვის გზით მაუწყებლების მონოპოლიას. ამ მოსაზრებიდან გამომდინარე, ერთადერთ ეფექტურ გზას წარმოადგენს სახელმწიფოს აქტიური ჩარევა, რაც უზრუნველყოფს მედიის სამართლიანობასა და სიზუსტეს. გამოხატვის თავისუფლების მიზანი - საზოგადოების ინფორმირება - საფრთხეში ვარდება ,,იდეათა ბაზარის” მონოპოლიზების გამო. სახელმწიფოს ლეგიტიმურ მიზანს წარმოადგენს, გაატაროს ისეთი ღონისძიებები, რითაც თავიდან იქნება აცილებული, სარეკლამო დროის ყიდვის გზით მდიდრებისათვის პოლიტიკური უპირატესობის მოსაპოვება (ამერიკის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე კოლუმბიის სამაუწყებლო სისტემა - სი-ბი-ესი დემოკრატების ნაციონალური კომიტეტის წინააღმდეგ http://www.law.cornell.edu/supremecourt/text/412/94 ). აღნიშნული მიზანი უფრო უმტკივნეულოდაც შეიძლება იყოს მიღწეული, კერძოდ კი სამართლიანობის დოქტრინის გამოყენებით. კონსტიტუციურად მაუწყებელს არ ევალება, სარეკლამო დრო გამოიყენოს, როგორც პოლიტიკური ფორუმი, თუკი ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემებით უზრუნველყოფს ამომრჩეველს კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების შესახებ ინფორმაციით. მიუხედავად ამისა, თუკი მედია საშუალება გაყიდის საეთერო დროს კვალიფიციურ ან არაკვალიფიციურ სუბიექტზე, ამით ის ნებაყოფლობით გახსნის სარეკლამო დროში ფორუმს საარჩევნო სუბიექტებისათვის. სამართლიანობა ამ დროს მოითხოვს იმას, რომ საზოგადოებრივი სიკეთის - სამაუწყებლო სიხშირის გამოყენებისას, საზოგადოების ყველა წევრი ჩადგეს თანაბარ მდგომარეობაში. ამის გამო, საეთერო დრო არადისკრიმინაციული ტარიფით უნდა მიეყიდოს სხვა საარჩევნო სუბიექტსაც. სარეკლამო დროის შესაძენად ფინანსების არქონა, არ უნდა წარმოადგენდეს დაბრკოლებას კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტისათვის, რომელსაც გააჩნია განსაზღვრული რაოდენობის ამომრჩევლების მხარდაჭერა. ასეთ შემთხვევაში კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტებს, თუნდაც სადავო ნორმით დადგენილი წესით, უნდა ჰქონდეთ თანაბარი პირობებში უფასო სარეკლამო დროით სარგებლობის შესაძლებლობა. სადავო ნორმის პრობლემა არის ის, რომ ის არა ფაკულტატური, არამედ იმპერატიულია. სადავო ნორმით საარჩევნო საკითხებზე ინფორმაციის მიღების საჯარო ინტერესსა და მაუწყებლის ნეგატიური გამოხატვის თავისუფლებას შორის ბალანსი უკეთ იქნებოდა დაცული მაშინ, სადავო ნორმას რომ ჰქონდეს ფაკულტატური ხასიათი. სადავო ნორმა იმპერატიულია, ვინაიდან საერთო ლიცენზიის მფლობელს ავალდებულს, კენჭისყრამდე 50 დღით ადრე, ყველა შემთხვევაში, უპირობოდ განათავსოს კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების უფასო რეკლამები. ეს ნორმა ფაკულტატური იქნებოდა მაშინ, როცა საერთო მაუწყებელს, ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამების მიღმა, რომ არ ჰქონდეს საარჩევნო საკითხზე ინფორმაციის გავრცელების ვალდებულება, იმ დრომდე, ვიდრე მაუწყებელი ამ ვალდებულებას საკუთარი სურვილით, ნებაყოფლობით არ იკისრებს სარეკლამო დროის გაყიდვის გზით. სწორედ ეს უკანასკნელი პირობა შეიძლება გახდეს იმ მაუწყებელის მიმართ, რომელმაც რეკლამა ერთხელ უკვე გაყიდა, ყველა სხვა საარჩევნო სუბიექტებზე იმავე პირობებში სარეკლამო დროის გაყიდვის და კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტებზე უფასო სარეკლამო დროის გადაცემის საფუძველი. ნორმის ფაკულტატური ბუნება მის იმპერატიულ ხასიათთან შედარებით იქნებოდა მაუწყებლის ნეგატიურ გამოხატვის თავისუფლებაში ნაკლებ მტკივნეული ჩარევა და ამით, კონსტიტუციის 24-ე მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი ,,აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში” ერთ-ერთ პირობას დააკმაყოფილებდა.
5. საერთო მაუწყებლის ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამების როლი,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 55-ე მუხლის პირველი პუნქტი იმპერატიულად მოითხოვს საერთო მაუწყებლისაგან, საარჩევნო კამპანიის დროს წინასაარჩევნო დებატების გადაცემას. საარჩევნო კოდექსის 51-ე მუხლის მე-2 ნაწილი ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 55-ე მუხლისაგან განსხვავებით უფრო ფაკულტატურია, თუმცა უპირატესი, იმის გამო, რომ საარჩევნო კოდექსი ორგანული კანონია, ხოლო ,,მაუწყებლობის შესახებ” კანონი - ჩვეულებრივი. საარჩევნო კოდექსის 51-ე მუხლის მე-2 ნაწილის ადგენს, რომ თუ მაუწყებელი გადაწყვეტს, რომ საარჩევნო კამპანია თავის ეთერში გააშუქოს (მაუწყებლობის შესახებ კანონიდან ჩანს, რომ საერთო მაუწყებელი ვალდებულია, საარჩევნო კამპანია ყველა შემთხვევაში გააშუქოს), მასში არადისკრიმინაციულად მონაწილეობა უნდა მიიღოს ყველა საარჩევნო სუბიექტმა. უფრო დეტალურად აღნიშნულ საკითხს არეგულირებს მაუწყებელთა ქცევის კოდექსის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტი, სადაც აღნიშნულია: ,,კერძო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელი, რომელიც ახორციელებს საერთო მაუწყებლობას და აშუქებს არჩევნებს, ვალდებულია, კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტებსა და მათ კანდიდატებს თანაბარად დაუთმოს საეთერო დრო ისე, რომ მათ შეძლონ ამომრჩევლის ინფორმირება საკუთარი პოლიტიკური პროგრამის, პოზიციების და კვალიფიციურობის შესახებ.” ამავე დადგენილების 24-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, არჩევნების სამართლიანი და მიუკერძოებელი გაშუქების უზრუნველსაყოფად მაუწყებელმა საარჩევნო კამპანიის განმავლობაში კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტს უნდა მისცეს ყოველდღიურ ახალ ამბებში მნიშვნელოვან საკითხებზე კომენტარის გაკეთების საშუალება. იმავე მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნულია, რომ ,,კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების წინასაარჩევნო აქტივობა უნდა გაშუქდეს საფუძვლიანად და დაბალანსებულად ყოველდღიურ ახალ ამბებში და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამებში;” დადგენილების 24-ე მუხლის მე-5 პუნქტში აღნიშნულია, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დროს მაუწყებელმა უნდა გააშუქოს კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების პროგრამები და არ უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ მიმდინარე მოვლენების და პოლიტიკური პარტიების ან მათი კანდიდატების განცხადებების ეთერში გაშვებით. ,,მაუწყებელთა ქცევის კოდექსით” დადგენილი მოთხოვნებიდან გამომდინარე, საერთო მაუწყებელი არ დატოვებს აუდიტორიას საარჩევნო საკითხებზე ინფორმაციულ ვაკუუმში. საარჩევნო და, ზოგადად პოლიტიკურ საკითხებზე, ინფორმაციის გავრცელება საერთო მაუწყებლის არა მხოლოდ ,,მაუწყებელთა ქცევის კოდექსით” დადგენილი ვალდებულებაა, არამედ ასეთი მედია საშუალების სალიცენზიო პირობასაც წარმოადგენს. ამასთან, ქცევის კოდექსი და მასზე მაღლა მდგომი ნორმატიული აქტები აკისრებენ მაუწყებელს ვალდებულებას, თანაბარი დრო დაუთმონ ყველა კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტს. შესაბამისად, აღნიშნული ნორმატიული აქტები უფრო უმტკივნეულოდ, მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევის გარეშე, უზრუნველყოფენ იმავე მიზნის მიღწევას, რისთვისაც საქართველოს პარლამენტმა სადავო ნორმა მიიღო. ეს ლეგიტიმური საჯარო მიზნებია საარჩევნო საკითხებზე ამომრჩევლისათვის ინფორმაციის მიწოდება და კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების თანაბარ მდგომარეობაში ჩაყენება. თუკი ქცევის კოდექსის ზემოხსენებული ნორმები უზრუნველყოფენ იმავე მიზნის მიღწევას, რასაც სადავო ნორმა ემსახურება, კითხვის ნიშნის ქვეშ დგება სადავო ნორმის კონსტიტუციური საჭიროება, მით უმეტეს მაშინ, როცა სადავო ნორმა ითვალისწინებს მაუწყებლის სარედაქციო საქმიანობაში უხეშად ჩარევას და ზღუდავს პოლიტიკურ რეკლამაზე მაუწყებლის სარედაქციო კონტროლის შესაძლებლობას. ახალი ამბებში, საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამებში და საარჩევნო დებატებში საარჩევნო სუბიექტების გაშუქება სრულიად საკმარისია იმისათვის, რომ ამომრჩეველს სრული ინფორმაცია ჰქონდეს საარჩევნო სუბიექტების შესახებ და კვალიფიციურმა საარჩევნო სუბიექტებმა თანაბარ პირობებში მიაწვდინონ მათი სათქმელი ამომრჩეველს. აქვე გამოყოფენ რეკლამების განსაკუთრებულ როლს, რაც განასხვავებს მას ახალი ამბების და საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემებისაგან. ახალ ამბებზე და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მაუწყებელს, ხოლო რეკლამაზე - საარჩევნო სუბიექტს. ახალი ამბები და საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამა, რამდენად ობიექტურადაც არ უნდა ასახავდეს საარჩევნო სუბიექტის პროგრამას თუ კანდიდატის პიროვნებას, საბოლოო ჯამში, მაინც მაუწყებლის რედაქციის მესიჯია მაყურებელთან. რეკლამა თავად საარჩევნო სუბიექტის გზავნილია ამომრჩეველთან საკუთარი თავის შესახებ. თუკი მაუწყებლს აქვს თავისი პროგრამის რედაქტირების უფლება, მას არ შეუძლია აღნიშნული ქმედება განახორციელოს რეკლამასთან მიმართებაში. რეკლამის შინაარსს თავიდან ბოლომდე განსაზღვრავს თავად საარჩევნო სუბიექტი, მაშინ როცა ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური გამოშვების შინაარსის განსაზღვრის უფლებამოსილება გააჩნია შესაბამის რედაქციას. ამის მიუხედავად, არსებობს გადაცემის წამყვანის დაბალანსებულობის მოთხოვნა, რაც გამორიცხავს მაუწყებლის მიერ მომზადებული ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამების მიკერძოების რისკს. ასეთ პირობებში შესაძლოა, უფასო პოლიტიკურმა რეკლამამ აზრიც კი დაკარგოს. ამ დროს საარჩევნო რეკლამის სასარგებლოდ მოჰყავთ შემდეგი არგუმენტი: შესაძლოა, წამყვანი არ იყოს მიკერძოებული, არ გამოხატავდეს თავის პოზიციას, ახალი ამბების გამოშვებაც დაბალანსებული იყოს, მაგრამ მედიის მიერ განსახილველი საკითხის ნუსხიდან ამოღებული იყოს ისეთი თემა, რასთან დაკავშირებითაც თავისი პოზიციის ამომრჩევლამდე მიტანა საარჩევნო სუბიექტს აუცილებლად მიაჩნია. მაგალითად, მედიამ მოამზადოს სიუჟეტი იმის თაობაზე, როგორია პარტიის პოზიცია სოციალურ შემწეობებთან დაკავშირებით, მაგრამ არ ისაუბროს პარტიის საგარეო პოლიტიკაზე (რის შესახებ ინფორმაციის ამომრჩევლამდე მიტანა, საარჩევნო სუბიექტს აუცილებლად მიაჩნია). უფასო ან ფასიანი რეკლამის საჭიროებას იმით ხსნიან, რომ პროგრამებზე მაუწყებლის სარედაქციო კონტროლი ხშირად უქმნის საარჩევნო სუბიექტებს დაუკმაყოფილებლობის გრძნობას მაუწყებლის ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების მიმართ. მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობა, იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ საარჩევნო სუბიექტმა სრულად ვერ მიიტანოს თავისი სათქმელი ამომრჩევლამდე. წინასაარჩევნო რეკლამების შინაარსს განსაზღვრავს თავად საარჩევნო სუბიექტი და არა მაუწყებელი. ამ მოსაზრების საწინააღმდეგოდ, პარტიის მიერ ამომრჩევლებისათვის გასაგზავნ მესიჯში სარედაქციო ჩარევის მინიმუმადე დასაყვანად, საარჩევნო რეკლამის გარდა, საარჩევნო სუბიექტს რჩება წინასაარჩევნო დებატების და ქცევის კოდექსის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტით მინიჭებული უფლების გონივრული გამოყენების შესაძლებლობა. კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტს აქვს საეთერო დრო მაუწყებლის პროგრამაში, სადაც შეუძლია, ისაუბროს თავისი პროგრამის, პოზიციისა და კვალიფიციურობის თაობაზე. ამ შემთხვევაში საარჩევნო სუბიექტს შეუძლია, შეეხოს იმ საკითხსაც, რისი გაშუქების სურვილიც არა აქვს კონკრეტულ მედია საშუალებას. სასურველია, მაუწყებლის ქცევის კოდექსი მომავალში იმგვარად შესწორდეს, რომ საარჩევნო სუბიექტმა მოითხოვოს პირდაპირი ეთერი საკუთარი მოსაზრების სრულად სათქმელად, იმისათვის, რომ გამოირიცხოს მაუწყებლის მიერ პროგრამის რედაქტირების შესაძლებლობა. კანდიდატებს შორის დებატები არის საარჩევნო პროცესის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მოვლენა. ძალიან მნიშვნელოვანია, კანდიდატებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, გააგებინონ მათი აზრი ამომრჩეველს იმისათვის, რომ ამომრჩეველს შეეძლოს, ინფორმირებულად შეაფასოს კანდიდატის პიროვნული ღირსებები და მათი პოზიცია მნიშვნელოვან საზოგადოებრივ საკითხზე. კანდიდატის პოზიციისა და ღირსებების განხილვა დემოკრატიული პოლიტიკური სისტემის განუყოფელი ნაწილია. საარჩევნო სიტყვას განსაკუთრებით ღრმა და ფართო გავლენა შეიძლება, ჰქონდეს მისი სატელევიზიო დებატების გზით გავრცელების შედეგად. მოსახლეობის უმრავლესობა ეყრდნობა ტელევიზიებს, როგორც უპირველეს წყაროს, საარჩევნო ინფორმაციის მისაღებად. დებატები ითვლება კამპანიის ერთადერთ შემთხვევად, როდესაც მოსახლეობის დიდი ნაწილის ფოკუსირება ხდება არჩევნებზე. დებატები არის საარჩევნო კამპანიის ერთადერთი ფორმატი, რაც ამომრჩეველს სათანადო შესაძლებლობას აძლევს იმისათვის, რომ შეისწავლოს კანდიდატი და მისი საარჩევნო პროგრამა სიღმისეულად ნეიტრალურ ფორუმზე (არკანზასის საგანმანათლებლო კომისია ფორბსის წინააღმდეგ http://www.law.cornell.edu/supct/html/96-779.ZO.html). ამგვარად, სარეკლამო დროზე შეზღუდვის დაწესების ნაცვლად სახელმწიფოს ჰქონდა შესაძლებლობა, კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტებს შორის თანასწორობის უზრუნველსაყოფად და ამომრჩევლებისათვის ინფორმაციის მისაწოდებლად დაერეგულირებინა კანდიდატების მიერ საერთო მაუწყებლის ახალი ამბებში, საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამებში და პოლიტიკურ დებატებში მონაწილეობის მიღების ასპექტები. ამ მხრივ, სათანადო რეგულაციების დიდი ნაწილი უკვე გვხვდება ,,მაუწყებლობის შესახებ” კანონში, საარჩევნო კოდექსში და ,,მაუწყებელთა ქცევის კოდექსში.” რა თქმა უნდა, სახელმწიფოს შეეძლო, საზოგადოების და საარჩევნო სუბიექტების ინტერესების დასაცავად დამატებითი ვალდებულებები დაეწესებინა მაუწყებლის მიერ გადაცემულ დებატებთან დაკავშირებით, რაც შესაძლებლებს გახდიდა იმას, რომ საარჩევნო სუბიექტებს ეთქვათ ყველაფერი, რასაც თვლიდნენ საჭიროდ. იმისათვის, რომ ამომრჩეველმა იცოდეს მეტი საარჩევნო სუბიექტების და მათი საარჩევნო პროგრამის შესახებ, არ იყო საჭირო კერძო ტელევიზიისა და რადიოს სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევა და კანონმდებლის მიერ მაუწყებლისათვის იმის მითითება, რა ფორმით მიეტანა ამომრჩევლამდე კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის გზავნილი.
6. მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობის დაცვის აუცილებლობამაუწყებელი არ სარგებლობს გამოხატვის თავისუფლების იმავე ხარისხით, რითაც ბეჭდური და ინტერნეტგამოცემები, ვინაიდან ის მაუწყებლობს იმ სიხშირეზე, რაც საზოგადოების საკუთრებაა. ამის გამო მაუწყებელი უნდა ემსახურებოდეს საზოგადოების ინტერესებს. ეს არ გულისხმობს იმას, რომ მაუწყებელი, მისი რედაქცია ან ჟურნალისტები სრულად მოკლებულნი არიან გამოხატვის თავისუფლებას. არც ის არის სწორი, რომ საზოგადოების ინტერესმა ყოველთვის გადაწონოს მაუწყებლის თავისუფლება - მიიღოს სარედაქციო ხასიათის გადაწყვეტილებები. ეს რომ ასე არ იყოს, სიტყვის თავისუფლება სამაუწყებლო კომპანიებში ცარიელ სიტყვებად იქცეოდა. რა თქმა უნდა, საზოგადოების ინტერესი - მიიღოს კერძო მაუწყებლისაგან ინფორმაცია საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით - მნიშვნელოვანია და მაუწყებლის მიერ გასათვალისწინებელი, თუმცა ეს ინტერესები ვერ გახდება უპირობო მაუწყებლის იძულებისათვის, პოლიტიკურ პარტიას ან სხვა მესამე პირებს საზოგადოებრივი ინტერესის სახელით დაუთმონ ეთერი. კვალიფიციური სუბიექტები თავად იქცნენ რედაქტორებად, რომლებიც მაუწყებლების ნაცვლად, განსაზღვავენ, როგორ მიაწოდონ მათი გზავნილი ამომრჩეველს იმ სიხშირით, რომლის გამოყენების უფლებაც გააჩნია მაუწყებელს და იმ ტექნიკით, რომელიც კერძო სამეწარმეო პირის საკუთრებაშია. საჭიროა ბალანსის დაცვა საზოგადოების ინტერესს -მიიღოს ინფორმაცია კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების შესახებ - და მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობისა კერძო ინტერესს შორის. როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, რომ საზოგადოებრივი სიკეთით მოსარგებლე მაუწყებელმა უნდა დაიცვას საზოგადოებრივი ინტერესები, უნდა გვახსოვდეს შემდეგი: იმას, თუ როგორ უნდა იყოს დაცული საზოგადოების ინტერესი, უნდა განისაზღვრებოდეს მაუწყებელი დამოუკიდებელი სარედაქციო გადაწყვეტილებით კანონმდებლის, კომისიის და სხვა მესამე პირებისაგან ჩაურევლად. რილის საქმეში აშშ-ს უზენაესმა სასამართლომ განაცხადა: ,,კონსტიტუცია არაორაზროვნად ადასტურებს რედაქტორის გადაწყვეტილების დაცვის და იდეათა თავისუფლად გამოხატვის შესაძლებლობას, იმის მიუხედავად, რამდენად წინააღმდეგობრივი არიან ისინი. კონსტიტუცია სენსიტიურია მთავრობის მიერ მედიაზე დაწესებულ მოთხოვნებთან და შეზღუდვებთან დაკავშირებით - გაავრცელოს ისეთი ინფორმაცია, რასაც სხვა შემთხვევაში არ გაავრცელებდა. მედიის მიმართ ნებისმიერი მოთხოვნა, გაავრცელოს ისეთი მასალა, რომელზეც ჟურნალისტს საღი აზრი კარნახობს, რომ არ უნდა იქნეს გავრცელებული, არაკონსტიტუციურია. ” ლიცენზიის მფლობელს აქვს ფართო ჟურნალისტური თავისუფლება, აირჩიოს ის საშუალება, რომლითაც საზოგადოებრივი ინტერესებს დააკმაყოფილებს. მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ეთერი ფართოდ უნდა იქნეს გაღებული, რესპოდენტებისათვის, არასწორია. უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ მაუწყებლობა ნებაყოფლობითი ხასიათისაა. მაუწყებელი ფულს სდებს თავისი რეპუტაციის ამაღლებისათვის. არასწორია მაუწყებლის იძულება, იყოს ყველას იდეების გამტარი, ეთერში გაუშვას ყველაფერი, რასაც მოთხოვენ (აშშ-ს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე სი-ბი-ესი დემოკრატების ნაციონალური კომიტეტის წინააღმდეგ http://www.law.cornell.edu/supremecourt/text/412/94). ამ დებულებებიდან ნათელი ხდება, რომ კერძო მაუწყებელს აქვს ფართო ჟურნალისტური თავისუფლება, რაც უნდა შეესაბამებოდეს საზოგადოების წინაშე აღებულ ვალდებულებებს. ხელისუფლება მხოლოდ მაშინ ზღუდავს ამ ჟურნალისტურ თავისუფლებას, როდესაც საზოგადოების ინტერესები გადაწონიან მაუწყებლის კერძო ინტერესებს (სი-ბი-ესი დემოკრატების ეროვნული კომიტეტის წინააღმდეგ). ვინაიდან ფიზიკურად შეუძლებელია ყველა მოსაზრების ასახვა, სარედაქციო პოლიტიკის განხორციელების უფლება მიენიჭა მაუწყებელს. ამ უკანასკნელს აქვს მნიშვნელოვანი ჟურნალისტური თავისუფლება იმის თაობაზე, თუ როგორ ასახოს ყველა განსხვავებული იდეა. ეს ჟურნალისტური თავისუფლება შეიძლება, შეიზღუდოს წესებით, რაც მიზნად ისახავს სამართლიანობაზე საზოგადოების ინტერესების დაცვას. საყურადღებო ამ მხრივ არის ის, რომ ლიცენზიანტს არ შეუძლია, ეთერიდან მოხსნას საზოგადოებრივი ინტერესის მქონე მოსაზრებები მაუწყებლის კაპრიზების გამო (სწორედ ამიტომაც ეკისრება მაუწყებელს კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტებისათვის თანაბარი საეთერო დროის გამოყოფის ვალდებულება საარჩევნო დებატების კონტექსტში). როგორც საზოგადოებრივი ნდობით აღჭურვილი პირი, მაუწყებელი ვალდებულია, ასახოს საზოგადოების წარმომადგენლობითი იდეები და გაახმაუროს სადავო საკითხები, რაც მნიშვნელოვანია აუდიტორიისათვის. ეს გულისხმობს იმასაც, რომ ზოგიერთი მოსაზრება შეიძლება იყოს პარტიული. (სი-ბი-ესი დემოკრატების ეროვნული კომიტეტის წინააღმდეგ). ელექტრონული მედია სწრაფად გახდა მოსაზრებისა და ინფორმაციის გავრცელების მთავარი ფაქტორი. უამრავმა მაუწყებელმა წამოიწყო ამ მნიშვნელოვანი ფუნქციის განხორციელება. სახელმწიფო დადგა არჩევანის წინაშე: სრულ საკუთრებაში ჰქონოდა აღნიშნული საინფორმაციო საშუალება თუ კონტროლი განეხორციელებინა მასზე. სახელმწიფომ აირჩია მაუწყებლობის ლიცენზირების და სახელმწიფო რეგულირების მიდგომა. ამის მიზეზი იყო არა კერძო საკუთრების პატივისცემა, არამედ ის, რომ გაძლიერებულიყო ჟურნალისტის როლი. კომუნიკაციების კომისიას ეკრძალება სამაუწყებლო სიხშირეზე გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევა. სახელმწიფომ შეგნებულად თავი აარიდა, სამაუწყებლო ეთერის შინაარსის განსაზღვრის უფლებაში ჩარევას. ლიცენზიის მფლობელი არ არის მოქალაქეთა იდეების უბრალო გამტარი, რომელიც ყველაფერს უშვებს ეთერში, რაც საზოგადოებას სურს. სახელმწიფოს მიზანია უზრუნველყოს მაუწყებლობის ლიცენზიის მქონე პირების ჟურნალისტური თავისუფლება. მაუწყებელს ფართო უფლებამოსილება გააჩნია, თავად გადაწყვიტოს, როგორ შეასრულოს საზოგადოების ინტერესების დამცველის მოვალეობა. (სი-ბი-ესი დემოკრატების ეროვნული კომიტეტის ). აქედან გამომდინარე, სახელმწიფო საკანონმდებლო ორგანოს სახით, კონსტიტუციურად შეზღუდულია, რომ არ ჩაერიოს იმაში, თუ როგორ შეასრულებს საარჩევნო საკითხებზე მაუწყებელი მისთვის დაკისრებულ მოვალეობას - უფასო ხასიათის რეკლამების თუ ახალი ამბების გამოშვების, პოლიტიკური პროგრამების და დებატების სახით. სადავო ნორმით სახელმწიფო აკისრებს რა მაუწყებელს უფასო რეკლამების გაშვების ვალდებულებას, ამით ხელისუფლება სცილდება მაუწყებლის ტექნიკური ასპექტის რეგულირების უფლებამოსილების ფარგლებს და იჭრება მაუწყებლის პროგრამების შინაარსობრივი განსაზღვრის სფეროში. ამასთან, სადავო ნორმები პატივს არ სცემენ, მაუწყებლის ფართო არჩევანის შესაძლებლობას - ამომრჩეველთა ლეგიტიმური ინტერესი დააკმაყოფილოს ახალი ამბებისა და დებატების გზით და, იმავდროულად, ითხოვს მაუწყებლისაგან, საეთერო დრო გადასცეს კვალიფიურ საარჩევნო სუბიექტებს უფასო რეკლამის განთავსებისათვის. კანონმდებლი მაუწყებლის ნაცვლად წყვეტს იმას, რომ საზოგადოების ინტერესები გამოიხატება უფასო რეკლამის განთავსებაში. ამას შედეგად მოჰყვება მაუწყებლის ჟურნალისტური თავისუფლებისათვის ძირის გამოთხრა. მაუწყებელს აღარ აქვს იმის თავისუფალი შესაძლებლობა, განსაზღვროს რა გზით და რა საშუალების გამოყენებით უფრო უკეთესად დაკმაყოფილდება საზოგადოების ინტერესი - მიიღოს საარჩევნო სუბიექტების შესახებ ინფორმაცია. აქვე უფასო პოლიტიკური რეკლამისათვის დამახასიათებელია გარკვეული რისკები. კერძოდ, ის თუ ვის დაეკისრება პასუხისმგებლობა მის შინაარსზე. ,,მაუწყებლობის შესახებ” კანონის 63-ე მუხლის მე-3 პუნქტით მაუწყებელი პასუხს არ აგებს წინასაარჩევნო და სოციალური რეკლამების შინაარსზე. წინასაარჩევნო და სოციალური რეკლამების შინაარსზე პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ეკისრება შესაბამისი რეკლამის დამკვეთს. ,,რეკლამის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-15 პუნქტით სამაუწყებლო რეკლამა კომერციულ რეკლამასთან ერთად გულისხმობს სოციალურ და წინასაარჩევნო რეკლამასაც. ,,რეკლამის შესახებ” კანონის მე-17 პრიმა მუხლის თანახმად, სამაუწყებლო რეკლამაზე კონტროლის უფლებამოსილება ენიჭება კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას. მე-17 პრიმა მუხლის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისია იღებს გადაწყვეტილებას არასათანადო რეკლამის სრულად ან ნაწილობრივ შეჩერებაზე ან კონტრრეკლამის განხორციელებაზე; ,,რეკლამის შესახებ” კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, არასათანადო რეკლამად ითვლება: ,,არაკეთილსინდისიერი, არასარწმუნო, არაეთიკური, შეცდომაში შემყვანი ან სხვა რეკლამა, რომელშიც დარღვეულია მისი შინაარსის, დროის, ადგილის ან გავრცელების წესის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები.” კანონმდებლობა არავითარ შინაარსობრივ მოთხოვნებს არ ადგენს უფასო პოლიტიკურ რეკლამასთან დაკავშირებით, გარდა იმისა, რომ ასეთი რეკლამა შეიძლება შეიცავდეს მოწოდებას საარჩევნო სუბიექტის მხარდაჭერისაკენ ან არჩევისგან თავის შეკავებისაკენ (საარჩევნო კოდექსის მე-2 მუხლის ,,ჯ” ქვეპუნქტი). რა ხდება მაშინ, თუ უფასო წინასაარჩევნო რეკლამა ქსენოფობიური ან ჰომოფობიურია. ასეთი რეკლამა მაუწყებელთან მიმართებაში იქნებოდა არაეთიკური და გამოიწვევდა მაუწყებელთა ქცევის კოდექსის 31-ე და 32-ე მუხლების დარღვევას. ეს ქცევის კოდექსი არ ვრცელდება საარჩევნო სუბიექტებზე. ქცევის კოდექსის პირველი მუხლის მეორე და მესამე პუნქტები ცალსახად ადგენენ იმას, რომ აღნიშნული ნორმატიული აქტით დადგენილი მოთხოვნების ადრესატი მაუწყებელია. იმ პირობებში, როდესაც არ არის განჭვრეტადი ის, თუ რა ჩაითვლება არაეთიკურ ქცევად საარჩევნო სუბიექტებთან მიმართებაში, კომუნიკაციების ეროვნული კომისია ვერ შეაჩერებს საარჩევნო სუბიექტის ქსენოფობიურ და ჰომოფობიურ წინასაარჩევნო რეკლამას მაუწყებლის ეთერში და მას ვერ დაუპირისპირებს კონტრრეკლამას. ამგვარად, სადავო ნორმა დასაშვებად მიიჩნევს, საარჩევნო სუბიექტის, რომელიც მაუწყებლისაგან განსხვავებით არ ექვემდებარება რეგულირებას, მიერ სარეკლამო დროის საზოგადოებრივი ინტერესების საწინააღმდეგოდ გამოყენებასაც. სადავო ნორმა ლეგიტიმური მიზნის მიღწევის ნაცვლად იწვევს უკუშედეგს. როგორც ამერიკის უზენაესმა სასამართლომ გარეშე პირის ეთერში, მაუწყებლის სურვილის მიუხედავად, დაშვებასთან დაკავშირებით, სი-ბი-ესი დემოკრატების ეროვნული კომიტეტის წინააღმდეგ საქმეში მიღებულ გადაწყვეტილებაში განაცხადა: ,,საზოგადოების უფლება - მიიღოს ინფორმაცია, პირველ რიგში, პასუხისმგებლობას აკისრებს მაუწყებლებს, ანუ მათ, ვისაც გადაცემული აქვთ სამაუწყებლო სიხშირეები, რომელიც ბუნებაში მწირად მოიპოვება. ორი დაპირისპირებული ინტერესის დაბალანსებისას სახელმწიფომ სიტყვის თავისუფლების უზრუნველყოფა ლიცენზიის მფლობელის შიგნით უნდ მოახდინოს, ვიდრე ეს თავისუფლება გამოიტანოს მაუწყებლის გარეთ. სახელმწიფოს პოლიტიკა იქითკენ უნდა იყოს მიმართული, რომ მაუწყებელი პასუხს აგებდეს მაშინ, როდესაც ის არ აკმაყოფილებს საზოგადოების ლეგიტიმურ ინტერესებს, გამოხატულს კომისიის მიერ დადგენილ ნორმატიულ აქტებში. არავითარი მსგავსი პასუხისმგებლობა არ ეკისრება კერძო პირს, რომლის ერთადერთ მოთხოვნას წარმოადგენს მისი მოსაზრების ეთერში გაშვება. მოთხოვნა იმის თაობაზე, რომ დებატები საზოგადოებრივი ინტერესების მქონე საკითხზე უნდა იყოს ფართო და ღია, არ გულისხმობს იმას, რომ ,,საზოგადოების ინტერესების დამცველი მაუწყებელი,” მთელი თავისი პასუხისმგებლობით, უნდა ჩავანაცვლოთ პოლიტიკური პარტიებით, რომლებსაც სამაუწყებლო სიხშირის გამოყენებისას იმავე სახის პასუხისმგებლობა არ გააჩნიათ, რაც ლიცენზიის მფლობელს.” მაუწყებლის ეთერზე კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების წვდომის უზრუნველყოფის თაობაზე სადავო ნორმას გააჩნია სხვა ასპექტები, რასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა გააჩნია გამოხატვის თავისუფლების უზრუნველსაყოფად. მედიაზე ხელისუფლების მაკონტროლებელი როლის გაზრდა იწვევს საზოგადოებრივი ინტერესების მქონე საკითხზე შინაარსობრივი ცენზურის რისკს. სახელმწიფოს მხირდან მსგავსი შინაარსობრივი რეგულაციის დადგენა არღვევს ლიცენზიის მფლობელის უფლებას, მოახდინოს პროგრამების რედაქტირება. მართალია, მაუწყებლის მიერ საზოგადოების კუთვნილი რესურსის გამოყენება, ნებას აძლევს სახელმწიფოს, შეზღუდულად, მაგრამ მაინც, აკონტროლოს ლიცენზიის მფლობელი, მაგრამ ეს სახელმწიფოებრივი კონტროლი არ არის აბსოლუტური ხასიათის და მნიშვნელოვნად არის შეზღუდული კანონით. კონსტიტუციით სახელმწიფოს უფლება არა აქვს, გააკონტროლოს მაუწყებლის ყოველდღიური საქმიანობა. სახელმწიფო არ უნდა წყვეტდეს, განსაზღვრულ ინდივიდს ან ჯგუფს ექნება თუ არა სათანადო შესაძლებლობა თავისი მოსაზრების წარმოადგენისათვის და განსაზღვრული მოსაზრება რამდენად იქნება ეთერში გადაცემული. საზოგადოებრივი ინტერესების შესაბამისად, კომისიის პასუხისმგებლობას წარმოადგენს იმის განსჯა, ლიცენზიის მფლობელის საქმინობა მთლიანობაში რამდენად მიუთითებს, მის კეთილსინდისიერ ძალისხმევაზე, დააკმაყოფილოს საზოგადოების მოთხოვნა სრული და სწორი ინფორმაციის გავრცელების კუთხით. კომისიისათვის იმის პასუხისმგებლობის დაკისრება, რომ განსაზღვროს, რამდენად აქვს საზოგადოებას წვდომა მაუწყებლის ეთერზე, კომისიას უბიძგებს, გადაწყვტოს, ვისი მოსაზრება უნდა გაუშვას მაუწყებელმა ეთერში და რა დროს. ამ პირობებში მთავრობის ჩარევის საფრთხე იმდენად ძლიერია, რომ სახელმწიფოს მხრიდან მედიის შინაარსობრივი კონტროლის დაუშვებლობის პრინციპი ცარიელ სიტყვებად იქცევა. ამ დროს გამოხატვის თავისუფლება ეწირება სპეკულაციურ მიზნებს (სი-ბი-ესის საქმე). ამგვარად, საერთო მაუწყებლების იძულება, მაინც და მაინც უფასო რეკლამის სახით მიაწოდონ საარჩევნო სუბიექტების შესახებ ინფორმაცია მათ აუდიტორიას, ზომაზე მეტად ზღუდავს მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობას, რაც გულისხმობს მაუწყებლის უფლებას, დამოუკიდებლად აირჩიოს ის ფორმა, რითაც აუდიტორიას ინფორმაციას მიაწვდის. მოცემულ შემთხვევაში, ინფორმაციის ფორმას - უფასო რეკლამის სახით განსაზღვრავს არა მაუწყებლის რედაქცია, არამედ კანონმდებელი. მაშინ, როდესაც არსებობს ამომრჩევლების ინფორმირების ისეთი საშუალებები, როგორიცაა ახალი ამბები, საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამები და წინასაარჩევნო დებატები, კონსტიტუციურად გაუმართლებელია, უფასო წინასაარჩევნო რეკლამის ეთერში უპირობოდ განთავსების სახით მედიისათვის დამატებითი შეზღუდვის დაკისრება. ახალ ამბებზე და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემებზე მედია ინარჩუნებს სარედაქციო კონტროლის შესაძლებლობას, რაც ყველაზე უკეთესი საშუალებაა წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქებასთან დაკავშირებით მაუწყებლისათვის დაკისრებული საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის განსახორციელებლად. წინასაარჩევნო რეკლამები სცილდება მედიის სარედაქციო კონტროლის სფეროს, ამავე დროს მისი ეთერში განთავსება ხორციელდება მაუწყებლის სურვილის მიუხედავად და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, უფასო პოლიტიკური რეკლამის განთავსება იწვევს მედიის ფასიანი მომსახურების უსასყიდლოდ მიღებას. ერთდროულად ამ სამივე ასპექტის გათვალისწინებით, ორგანული კანონის - საარჩევნო კოდექსის - 51-ე მუხლის მე-5 ნაწილი და ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 66-ე მუხლის პირველი პუნქტი წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციის 24-ე მუხლთან. უფასო პოლიტიკური რეკლამის გაშვების ვალდებულების დაკისრება მაუწყებლისათვის, არ არის აუცილებელი საარჩევნო კამპანიის თაობაზე ამომრჩევლების ინფორმირებისათვის, იმის გათვალისწინებით, რომ არსებობს ახალი ამბების, საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამები და წინასაარჩევნო დებატები. ამავე დროს უფასო სარეკლამო დროის გამოყოფის მოთხოვნის მედიისათვის დაკისრებით საჯარო ლეგიტიმური მიზნის მიღწევა ხორციელდება გამოხატვის თავისუფლებაში ზომაზე მეტად ჩარევის გზით. ეს გამოიხატება მაუწყებლის სარედაქციო არჩევანისა და კომერციული ინტერესების სრულ იგნორირებაში.
7. მაუწყებლის კომერციული ინტერესი და საარჩევნო საკითხზე ამომრჩევლის ინტერესი2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისათვის, რეგისტრირებულია 7 კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტი (http://www.cec.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=231&info_id=13439). ეს გულისხმობს იმას, რომ საერთო სამაუწყებლო დროის საკმაოდ დიდი ნაწილი უნდა დაიხარჯოს უსასყიდლო ხასიათის მომსახურებისათვის, რაც სერიოზული ტვირთია ნაკლები შემოსავლების მქონე სამაუწყებლო კომპანიებისათვის. ,,მაუწყებლობის შესახებ” კანონის მე-2 მუხლის ,,ლ” ქვეპუნქტის თანახმად, კერძო მაუწყებლობა წარმოადგენს კერძო სამართლის კომერციული პირის მიერ განხორციელებულ საქმინობას. სამოქალაქო კოდექსის 24-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, იურიდიული პირი, რომლის მიზანია სამეწარმეო (კომერციული) საქმიანობა, აგრეთვე მისი ფილიალი, უნდა შეიქმნას „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. ,,მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობის მიზანს წარმოადგენს მოგების მიღება. ,,მაუწყებლობის შესახებ” კანონის მე-2 მუხლის ,,ჯ” ქვეპუნქტის თანახმად, საერთო მაუწყებელად ითვლება, არანაკლებ ორი თემატიკის, მათ შორის ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის პროგრამებით მაუწყებლობა. კომერციული იურიდიული პირი ირჩევს რა საერთო მაუწყებლობის თემატიკას, იმედოვნებს მოგების მიღებას. ეს, პირველ რიგში, გულისხმობს იმასაც, რომ სარეკლამო დროსთან და ტექნიკის გამოყენებასთან დაკავშირებით, მაუწყებელს გააჩნია კომერციული ინტერესი. მაშინ როდესაც მაუწყებელს არ გააჩნია მნიშვნელოვანი შემოსავლები და ამის მიუხედავად, იძულებულია, თავისი მატერიალური და ადამიანური რესურსი მოაცდინოს სამ საათში ერთხელ შვიდი საარჩევნო სუბიექტის სასარგებლოდ უფასო საქმიანობაზე, მაუწყებლი კარგავს კომერციულ ინტერესებს სამაუწყებლო საქმიანობის მიმართ. გარდა ამისა, 7 საარჩევნო სუბიექტისათვის სამ საათში ერთხელ არანაკლებ 90 წამი საკმაოდ დიდი დროა მაუწყებლისათვის, რაც შესაძლოა, უფრო წარმატებული და კომერციულად მომგებიანი პროექტების ეთერში გაშვებისათვის ყოფილიყო გამოყენებული, რომ არა სადავო ნორმით დაკისრებული ვალდებულება. აღნიშნული ტვირთის გამო კომერციულმა საერთო მაუწყებელმა საარჩევნო პერიოდში შესაძლოა, მიიღოს მაუწყებლობის შეჩერების გადაწყვეტილება. მაუწყებლობის შეჩერების რისკი საკმაოდ რეალურია საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას, სწორედ იმ მნიშვნელოვან ეტაპზე, როდესაც საზოგადოებრივი აზრის ფორმირება მიმდინარეობს. საარჩევნო კოდექსის 50-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საერთო მაუწყებლები ვალდებულნი არიან, საჯაროდ გამოაცხადონ პოლიტიკური რეკლამისათვის გამოყოფილი დროის თაობაზე არჩევნებამდე 50 დღით ადრე. ფინანსური ზარალის თავიდან ასაცილებლად, მაუწყებელს შეუძლია, სწორედ ამ დღისათვის შეაჩეროს მაუწყებლობა. ლიცენზიის ჩამორთმევის სანქციის გარეშე, ,,მაუწყებლობის შესახებ” კანონის 74-ე მუხლის თანახმად, ლიცენზიის მფლობელს შეუძლია მაუწყებლობის შეჩერება ზედიზედ სამი თვის ვადით. ამგვარად, არჩევნებამდე 50-ე დღეს ლიცენზიანტი შეწყვეტს მაუწყებლობას, იმისთვის, რომ თავიდან აიცილოს საქმიანობა, რაც არ არის სარგებლის მომტანი. ხოლო კენჭისყრის შემდეგ ლიცენზიანტი აღადგენს ჩვეულ მაუწყებლობას. სადავო ნორმით დადგენილი შეზღუდვის გამო ყველა საერთო კომერციულმა მაუწყებელმა, რომ საქმიანობა შეაჩეროს, ამომრჩეველთა ინფორმირების მონოპოლია რჩება საზოგადოებრივ მაუწყებელს, აჭარის ტელევიზიასა და რადიოს, რომლებსაც გარანტირებული აქვთ საბიუჯეტო დაფინანსება. უფასო სარეკლამო დროის გამოყოფის მოთხოვნაც პირველი არხისა და აჭარის ტელევიზიისათვის არავითარ მატერიალურ ტვირთს არ წარმოადგენს. სადავო ნორმით დაწესებული შეზღუდვა იწვევს გამოხატვის თავისუფლებაზე ე.წ. ,,მსუსხავ ეფექტს:” კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტებისათვის უფასო სარეკლამო დროის გამოყოფის ვალდებულების შეუსრულებლობისათვის სანქციის დაკისრებისაგან თავის არიდების მიზნით კომერციული ტელე და რადიოსადგურები სრულად წყვეტენ მაუწყებლობას და ამომრჩეველს ყოველგვარი ინფორმაციის გარეშე დატოვებენ. გამოხატვის თავისუფლებაზე ე.წ. ,,მსუსხავი ეფექტის” არსი განმარტა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2013 წლის 14 მაისის გადაწყვეტილებაში საქმეზე ალექსანდრე ბარამიძე, ლაშა ტუღუში, ვახტანგ ხმალაძე და ვახტანგ მაისაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ გადაწყვეტილების მე-2 თავის მე-8 პარაგრაფში: ,,საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლით დაცული უფლება „მსუსხავ ეფექტს” განიცდის, თუ პირი, მოსალოდნელი სანქციის შიშით, იძულებულია, თავი შეიკავოს უფლების სრულყოფილად განხორციელებისაგან და თვითშეზღუდვა აისახება გამოხატვის თავისუფლების ნორმატიულად შეუზღუდავ ნაწილზეც. „მსუსხავი ეფექტის” გავლენით ნორმის ზემოქმედება გამოხატვის თავისუფლების რეალიზებაზე შესაძლებელია, გასცდეს მისი რეგულირების სფეროს და ფაქტობრივად შეზღუდოს ის ურთიერთობები, რომელთა მოწესრიგებაც კანონმდებლის მიზანს არც კი წარმოადგენდა. გამოხატვის თავისუფლების სფეროს ამგვარად რეგულირებამ შესაძლებელია, გამოიწვიოს საზოგადოების გაუმართლებელი ჩაკეტვა, მისი მოქმედების თავისუფლების თვითშეზღუდვა, აიძულოს ადამიანები, მოახდინონ თვითცენზურა გამოხატვის თავისუფლებით დაცული სფეროს იმ ნაწილში, რომლის შეზღუდვის აუცილებლობაც არ არსებობს, რაც, თავისთავად, ამ უფლების არათანაზომიერად შეზღუდვის ტოლფასია.” აშშ-ს უზენაესმა სასამართლომ რილის საქმეში განაცხადა: ,,არ არის სწორი იმის თქმა, რომ ეკონომიკური რეალობა აძლევს, მედიას იმის ფუფუნების შესაძლებლობას, რომ თავისი სივრცე უსასყიდლოდ დაუთმოს განსაზღვრული ქრონომეტრაჟის მასალას. მსგავსი ტიპის ჩარევები კონტრპროდუქტიულია, ვინაიდან მედია საშუალებებს აიძულებს, რესურსები წაიღოს სხვა და არა საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საკითხზე საზოგადოების ინფორმირების მიმართულებით.” ამავე სასამართლომ ლემანის საქმეში http://www.law.cornell.edu/supct/html/historics/USSC_CR_0418_0298_ZO.html განაცხადა: ,,სარეკლამო სივრცე არ წარმოადგენს საჯარო ფორუმს. მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის ღია სივრცე - ქუჩა, პარკი და სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილი, სადაც ყველა ადამიანს შეუძლია საკუთარი მოსაზრების გამოთქმა. სარეკლამო სივრცე არც შეზღუდულ საჯარო ფორუმს წარმოადგენს. ზოგადად სარეკლამო დრო, ისევე როგორც ბილბორდი და საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეკლამისთვის ფასადი გათვალისწინებულია კომერციული საქმინობისათვის. აღნიშნულ დროსა და სივრცეში სახელმწიფო, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო თუ კერძო პირი ეწევა სამეწარმეო საქმიანობას. საზოგადოებრივი ტრანსპორტის მფლობელებს, ისევე გაზეთის, ტელევიზიის და რადიოს მფლობელებს არ უნდა ჰქონდეთ ვალდებულება, მიიღონ ყველა ტიპის რეკლამის განთავსებაზე შემოთავაზება. მათ უნდა ჰქონდეთ თავისუფლება, გონივრული, მოგების მიღებაზე ორიენტირებული არჩევანი გააკეთონ რეკლამის სახეობასთან დაკავშირებით. შემოსავალს, რომლის გამომუშავებაც ხდება გრძელვადიანი კომერციული რეკლამის განთავსების გზით, საფრთხე ექმნება რეკლამის გამავრცელებელისათვის მოკლევადიანი საარჩევნო რეკლამის განთავსების ვალდებულების დაკისრების გზით.”
8. საკუთრების უფლებასაქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეში ოთარ კვენეტაძე და იზოლდა რჩეულიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ მიღებული განჩინების მე-2 პუნქტში განაცხადა: ,,საკუთრების ცნება ავტონომიური შინაარსისაა. იგი არ შემოიფარგლება მხოლოდ ფიზიკურ საგნებზე საკუთრების უფლებით. ზოგიერთი სხვა უფლება და სარგებელი, რომელიც ქმნის ქონებას, ქონებრივი ხასიათის ზიანის ანაზღაურების მოთხოვნას, ასევე ქონებრივი ღირებულებები, მათ შორის უფლება მოთხოვნაზე, რაც კანონიერი მოლოდინის საფუძველზე წარმოიშობა და პირის საკუთრების ეფექტურ გამოყენებას განაპირობებს, შესაძლოა, განხილული იქნეს როგორც საკუთრება და უფლება საკუთრებაზე.” ამგვარად, სარგებელი, რომლის მიღების გონივრული მოლოდინიც მაუწყებელს საკუთარი ქონების კომერციული მიზნით გამოყენებისათვის გააჩნია, იკარგება სადავო ნორმით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების გამო. შესაბამისად, სადავო ნორმები ასევე იჭრებიან საკუთრების უფლებით დაცულ სფეროში. საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური. სარგებლის მიღების გონივრული მოლოდინის დაკარგვა უნდა მოხდეს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების გამო. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეში ზაურ ელაშვილი, სულიკო მაშია, რუსუდან გოგია, საქართველოს სახალხო დამცველი და სხვები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ გადაწყვეტილების მე-15 პუნქტში მიუთითა იმ შემთხვევებზე, როდესაც სახეზეა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროება. საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ კანონმდებელი “აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის” შეიძლება, მოქმედებდეს, როდესაც მას ამოძრავებს საზოგადოებისათვის ან მისი ნაწილისათვის დადებითი შედეგების მომტანი მიზნები. თუ რა აუცილებელი საზოგადოებივი საჭიროება ამოძრავებდა სახელმწიფოს, როდესაც ზღუდავდა მაუწყებლის საკუთრების უფლებას, ამის შესახებ უკვე ვისაუბრეთ. ეს არის ამომრჩევლის ინფორმირება და კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტებს შორის თანასწორობის დაცვა. ზემოთ, ასევე გვქონდა საუბარი, რამდენად დაცულია ბალანსი ამომრჩევლების ინფორმირების ინტერესს, რასაც შეზღუდვა ემსახურება და იმ ფინანსურ ტვირთს, რასაც ეს ვალდებულება საერთო მაუწყებელს აკისრებს. იმის გათვალისწინებით, რომ მედიის ქონების იძულებით გამოყენებას ვერ გადაწონის აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების დაცვის ლეგიტიმური მიზანი, სადავო ნორმა ასევე ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მეორე პუნქტებს. |
სარჩელით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა