შპს ''სამაუწყებლო კომპანია მეცხრე ტალღა'' საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/1/566 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - კონსტანტინე ვარძელაშვილი, ქეთევან ერემაძე, მაია კოპალეიშვილი, |
თარიღი | 22 იანვარი 2015 |
კოლეგიის შემადგენლობა:
1. კონსტანტინე ვარძელაშვილი – სხდომის თავმჯდომარე;
2. ქეთევან ერემაძე – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
3. მაია კოპალეიშვილი - წევრი.
სხდომის მდივანი: ლილი სხირტლაძე.
საქმის დასახელება: შპს „სამაუწყებლო კომპანია მეცხრე ტალღა" საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს ორგანული კანონის "საქართველოს საარჩევნო კოდექსი" 51-ე მუხლის მე-5 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლთან და 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
I.
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 21 ოქტომბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №566) მიმართა შპს „სამაუწყებლო კომპანია მეცხრე ტალღამ". საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად გადაეცა 2013 წლის 23 ოქტომბერს.
2. საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2014 წლის 19 თებერვალს.
3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ 2014 წლის 26 თებერვლის №1/2/566 საოქმო ჩანაწერით კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღო სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს ორგანული კანონის "საქართველოს საარჩევნო კოდექსი" 51-ე მუხლის მე-5 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლთან და 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
4. №566 კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის საფუძველია: საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი და 89-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ" ქვეპუნქტი, ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე" ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა" ქვეპუნქტი, ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ" საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
5. საქართველოს ორგანული კანონის “საქართველოს საარჩევნო კოდექსის” 51-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, საერთო მაუწყებელი, აგრეთვე მაუწყებელი, რომელიც საკუთარ ეთერში განათავსებს წინასაარჩევნო რეკლამას, ვალდებულია უსასყიდლოდ და არადისკრიმინაციულად გამოყოს დრო, ყოველ 3 საათში 90 წამის ოდენობით, თითოეული კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტისათვის.
6. საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად: ”ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია, გამოთქვას და გაავრცელოს თავისი აზრი ზეპირად, წერილობით ან სხვაგვარი საშუალებით", ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, მასობრივი ინფორმაციის საშუალებები თავისუფალია; მე-3 პუნქტის თანახმად, ”სახელმწიფოს ან ცალკეულ პირებს არა აქვთ მასობრივი ინფორმაციის ან მისი გავრცელების საშუალებათა მონოპოლიზაციის უფლება”, ხოლო მე-4 პუნქტში მოცემულია ამ უფლების შეზღუდვის კონსტიტუციურ-სამართლებრივი საფუძვლები. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ”საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება". ამავე მუხლის მე-2 პუნქტში კი მოცემულია საკუთრების ძირითადი უფლების შეზღუდვის კონსტიტუციურ-სამართლებრივი საფუძველი.
7. მოსარჩელე განმარტავს, რომ საქართველოს ორგანული კანონის “საქართველოს საარჩევნო კოდექსის” 51-ე მუხლის მე-5 პუნქტი საერთო მაუწყებლებს აკისრებს ვალდებულებას, ეთერში უსასყიდლოდ განათავსონ წინასაარჩევნო რეკლამა, ყოველ სამ საათში თითოეული საარჩევნო სუბიექტისთვის არანაკლებ 90 წამის განმავლობაში, რაც, მოსარჩელის აზრით, წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლთან და 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან.
8. მოსარჩელის განმარტებით, ერთი მხრივ, კონსტიტუციის 24-ე მუხლი განამტკიცებს ადამიანის უფლებას, გაავრცელოს ინფორმაცია, გამოთქვას თავისი აზრი, ხოლო, მეორე მხრივ, იცავს პირის უფლებას, შეინარჩუნოს დუმილი. სადავო ნორმის საფუძველზე კი, კანონმდებელი აიძულებს მაუწყებელს, ისაუბროს საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ, ავალდებულებს რა მას, რეკლამის სახით, უსასყიდლოდ გაავრცელოს ინფორმაცია იმის მიუხედავად, სურს თუ არა ამის გაკეთება.
9. სასარჩელო მოთხოვნაში აღნიშნულია, რომ გამოხატვის თავისუფლება იცავს ადამიანის უფლებას, ჰქონდეს უმრავლესობისგან განსხვავებული ინტერესები და უარი განაცხადოს იდეის გავრცელებაზე, თუ მას ეს არ სურს. დამატებით, მოსარჩელე აღნიშნავს, რომ, მართალია, მაუწყებელს არავითარი პასუხისმგებლობა არ ეკისრება რეკლამის შინაარსზე, მაგრამ არ შეიძლება იმის უარყოფა, რომ რეკლამის საზოგადოებამდე მიტანა კონკრეტული მაუწყებლის სიხშირის გამოყენებით ხდება და რეკლამა საზოგადოების მხრიდან არა მხოლოდ იმ პარტიასთან ასოცირდება, რომელმაც ის დაუკვეთა, არამედ იმ მედიუმთანაც, რომლის მეშვეობითაც ის საზოგადოებამდე მივიდა.
10. მოსარჩელე მხარის განმარტებით, სადავო ნორმით საარჩევნო საკითხებზე ინფორმაციის მიღების საჯარო ინტერესსა და მაუწყებლის გამოხატვის თავისუფლებას შორის ბალანსი უკეთ იქნებოდა დაცული იმ შემთხვევაში, თუკი ნორმას ფაკულტატური ხასიათი ექნებოდა. ამის საწინააღმდეგოდ კი სადავო ნორმა იმპერატიულია, ვინაიდან საერთო ლიცენზიის მფლობელს ავალდებულებს, კენჭისყრამდე 50 დღით ადრე, ყველა შემთხვევაში უპირობოდ განათავსოს კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების უფასო რეკლამები. მოსარჩელის აზრით, სადავო ნორმა ფაკულტატური და, შესაბამისად, კონსტიტუციური იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ საერთო მაუწყებელს ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამების მიღმა არ ექნებოდა საარჩევნო საკითხზე ინფორმაციის გავრცელების ვალდებულება იმ დრომდე, ვიდრე მაუწყებელი ამ ვალდებულებას ნებაყოფლობით არ იკისრებდა სარეკლამო დროის გაყიდვის გზით.
11. გარდა ამისა, კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ საერთო მაუწყებლისთვის სარეკლამო დროის გამოყოფის ვალდებულების დაწესების ნაცვლად, სახელმწიფოს აქვს შესაძლებლობა, კანდიდატების მიერ საერთო მაუწყებლის საეთერო დროში მონაწილეობის მიღების ასპექტები ისე მოაწესრიგოს, რომ კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტებს შორის თანასწორობის უზრუნველყოფა და ამომრჩევლისთვის ინფორმაციის მიწოდება ძირითადი უფლებების შელახვის ხარჯზე არ მოხდეს. კერძოდ, უზრუნველყოს საარჩევნო სუბიექტების მონაწილეობა საერთო მაუწყებლის ახალ ამბებს, საზოგადოებრივ პროგრამებსა და პოლიტიკურ დებატებში. ამდენად, მოსარჩელის აზრით, მაუწყებლის მიმართ საარჩევნო სუბიექტებისთვის სარეკლამო დროის გამოყოფის ვალდებულება არ წარმოადგენს აუცილებელ ჩარევას 24-ე მუხლით დაცული უფლების სფეროში, ვინაიდან სახელმწიფოს შეეძლო იმავე მიზნის მიღწევა სხვა უფრო ნაკლებად მზღუდავი საშუალებით იმგვარად, რომ არ ჩარეულიყო მაუწყებლობის სარედაქციო დამოუკიდებლობაში.
12. მოსარჩელე ასევე აღნიშნავს, რომ კანონმდებლობა შინაარსობრივ მოთხოვნებს არ ადგენს უფასო პოლიტიკურ რეკლამასთან დაკავშირებით და მისთვის უცნობია, თუ რა მოხდება მაშინ, როდესაც უფასო წინასაარჩევნო რეკლამა ქსენოფობიური ან ჰომოფობიური შინაარსის მატარებელი იქნება. მოსარჩელის აზრით, ასეთ შემთხვევებში რეკლამა არაეთიკურად ჩაითვლება და მაუწყებლის მხრიდან გამოიწვევს „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის" 31-ე და 32-ე მუხლების დარღვევას. შესაბამისად, სადავო ნორმის გამოყენება შესაძლებელია მოხდეს როგორც მაუწყებლის, ისე საზოგადოებრივი ინტერესების საწინააღმდეგოდაც.
13. მოსარჩელე მიიჩნევს, მაშინ, როდესაც მაუწყებელს არ გააჩნია მნიშვნელოვანი შემოსავლები და, ამის მიუხედავად, იძულებულია, თავისი მატერიალური და ადამიანური რესურსი მოაცდინოს სამ საათში ერთხელ შვიდი საარჩევნო სუბიექტის სასარგებლოდ უფასო საქმიანობაზე, მაუწყებელი კარგავს კომერციულ ინტერესს სამაუწყებლო საქმიანობის მიმართ. აღნიშნული ტვირთის გამო, კომერციულმა საერთო მაუწყებელმა საარჩევნო პერიოდში შესაძლოა მიიღოს მაუწყებლობის შეჩერების გადაწყვეტილება, რათა კანონით გათვალისწინებულ სანქციებს თავი აარიდოს. აქედან გამომდინარე, მოსარჩელის განმარტებით, სადავო ნორმებით დაწესებული შეზღუდვა ახდენს ე.წ. „მსუსხავ ეფექტს" გამოხატვის თავისუფლებაზე: კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტებისთვის უფასო სარეკლამო დროის გამოყოფის ვალდებულების შეუსრულებლობისათვის სანქციის დაკისრებისგან თავის ასარიდებლად, კომერციული ტელე და რადიოსადგურები სრულად შეწყვეტენ მაუწყებლობას.
14. კონსტიტუციურ სარჩელში ასევე აღნიშნულია, რომ გამოხატვის თავისუფლების გარდა სადავო ნორმა წინააღმდეგობაში მოდის საკუთრების ძირითად უფლებასთან, ვინაიდან სარგებელი, რომლის მიღების გონივრული მოლოდინიც მაუწყებელს საკუთარი ქონების კომერციული მიზნის გამოყენებისთვის გააჩნია, იკარგება სადავო ნორმით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების გამო.
15. საკუთარი არგუმენტების გასამყარებლად მოსარჩელე მხარე დამატებით იშველიებს ამერიკის უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას სადავო საკითხებთან მიმართებით.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2014 წლის 26 თებერვლის №1/2/566 საოქმო ჩანაწერით №566 კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღო სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს ორგანული კანონის "საქართველოს საარჩევნო კოდექსი" 51-ე მუხლის მე-5 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლთან და 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
2. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმის არსებითად განსახილველად მიღების დროს სადავო ნორმა ძალაში იყო და მოქმედებდა. „საქართველოს საარჩევნო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2014 წლის 7 მარტის №2093-IIს საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, საქართველოს საარჩევნო კოდექსის 51-ე მუხლის მე-5 პუნქტი და, შესაბამისად, სადავო ნორმა ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. შედეგად, საქმის არსებითად განხილვის მომენტისათვის "საქართველოს საარჩევნო კოდექსის" სადავო 51-ე მუხლის მე-5 პუნქტის გასაჩივრებული რედაქცია გაუქმებულია და ძალა აქვს დაკარგული.
3. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქმის განხილვის მომენტისათვის სადავო აქტის გაუქმება ან ძალადაკარგულად ცნობა იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას, გარდა ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის მე-6 პუნქტი კი ადგენს, რომ “საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმის არსებითად განსახილველად მიღების შემდეგ, სადავო აქტის გაუქმებისას ან ძალადაკარგულად ცნობისას, თუ საქმე ეხება საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია გააგრძელოს სამართალწარმოება და გადაწყვიტოს გაუქმებული ან ძალადაკარგულად ცნობილი სადავო აქტის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხი იმ შემთხვევაში, თუ მისი გადაწყვეტა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველსაყოფად.”
4. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში უნდა დადგინდეს, რამდენად არსებობს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ„ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული სამართალწარმოების გაგრძელების საფუძვლები.
5. საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ მხოლოდ „მოქმედი ნორმა შეიძლება წარმოშობდეს ადამიანის კონსტიტუციით გარანტირებული უფლების დარღვევის რისკს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 დეკემბრის №1/494 განჩინება „საქართველოს მოქალაქე ვლადიმერ ვახანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). თუმცა, “სადავო ნორმის ძალადაკარგულად ცნობამ ყველა შემთხვევაში შეიძლება არ გამოიწვიოს სადავოდ გამხდარი ნორმატიული შინაარსის გაუქმება. ნორმის გაუქმების შემდეგ იგი შეიძლება ჩანაცვლებულ იქნეს სხვა ისეთი დებულებით, რომელიც სრულად ან ნაწილობრივ შეინარჩუნებს მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარ ნორმატიულ შინაარსს” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის №2/1/536 გადაწყვეტილება “საქართველოს მოქალაქეები - ლევან ასათიანი, ირაკლი ვაჭარაძე, ლევან ბერიანიძე, ბექა ბუჩაშვილი და გოჩა გაბოძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ”, II-3).
6. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკით, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-6 პუნქტის მიზანია, არ მისცეს სამართალშემოქმედს შესაძლებლობა, ბოროტად ისარგებლოს სამართალშემოქმედებითი პროცესით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 23 დეკემბრის №1/1/386 განჩინება „საქართველოს მოქალაქეები – შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წინააღმდეგ“, II-4). ამავდროულად, “ნორმის ძალადაკარგულად ცნობის შემთხვევაში საქმის განხილვის ავტომატური შეწყვეტა გამოიწვევს კონსტიტუციური კონტროლის აბსოლუტურ დამოკიდებულებას სამართალშემოქმედების დინამიკურ პროცესზე, რამაც შესაძლებელია არაგონივრულად გაართულოს საკონსტიტუციო სასამართლოში უფლების დაცვა და დაუშვას სამართალშემოქმედებითი პროცესით ბოროტად სარგებლობის შესაძლებლობა, ეს კი უარყოფითად აისახება კონსტიტუციის მეორე თავით გარანტირებული უფლებების ეფექტიან უზრუნველყოფაზე” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის №2/1/536 გადაწყვეტილება “საქართველოს მოქალაქეები - ლევან ასათიანი, ირაკლი ვაჭარაძე, ლევან ბერიანიძე, ბექა ბუჩაშვილი და გოჩა გაბოძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ,” II-4).
7. საკონსტიტუციო სასამართლო შეზღუდულია რა დავის საგნის ფარგლებით, შესაბამისად, ვერ იმსჯელებს საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად ჩამოყალიბებულ ახალ ნორმებზე. იმავდროულად, მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი ნორმის ძალადაკარგულ რედაქციაზე მსჯელობა წარმოადგენს მოსარჩელის უფლების დაცვის პრევენციულ საშუალებას, ვინაიდან საქართველოს „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-4 და 41 პუნქტების მიხედვით, დაუშვებელია ისეთი სამართლებრივი აქტის მიღება, რომელიც შეიცავს იმ შინაარსის ნორმებს, რომლებიც სასამართლომ უკვე ცნო არაკონსტიტუციურად. ამასთან, თუ სასამართლო დაადგენს, რომ სადავო ნორმატიული აქტი ან მისი ნაწილი შეიცავს იმავე შინაარსის ნორმებს, რომლებიც სასამართლომ უკვე ცნო არაკონსტიტუციურად, გამოაქვს განჩინება საქმის არსებითად განსახილველად მიუღებლობისა და სადავო აქტის ან მისი ნაწილის ძალადაკარგულად ცნობის შესახებ.
8. აღსანიშნავია, რომ “საკონსტიტუციო სასამართლო არსებითად განსახილველად მიღებული ნორმების კონსტიტუციურობის შეფასებისას, მსჯელობს ზოგადად კონკრეტული საკითხის ნორმატიულ შინაარსზე და, შესაბამისად, იღებს გადაწყვეტილებას გასაჩივრებული დებულებით განპირობებული სავარაუდო პრობლემის ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციასთან შესაბამისობის თაობაზე” (2013 წლის 4 აპრილის №1/2/534 საოქმო ჩანაწერი საქმეზე “საქართველოს მოქალაქეები - ტრისტან მამაგულაშვილი და ფირუზ ვანიევი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-22). “მაშასადამე, სასამართლო წყვეტს პრობლემას და, თუ ის სხვა ნორმებშიც მეორდება, ამ ნორმებს სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგად ეცლება ნორმატიული შინაარსი. შესაბამისად, კანონმდებლობაში იდენტური შინაარსის და პრობლემის გამომწვევი ნორმის (ნორმების) შენარჩუნების შემთხვევაში, ის გადაწყვეტილების უგულებელმყოფელ და დამძლევ ნორმად ჩაითვლება” (2013 წლის 11 ივნისის №1/3/534 გადაწყვეტილება საქმეზე “საქართველოს მოქალაქე ტრისტან მამაგულაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-34).
9. მოსარჩელე კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნავს, რომ სადავო ნორმით საარჩევნო საკითხებზე ინფორმაციის მიღების საჯარო ინტერესსა და მაუწყებლის გამოხატვის თავისუფლებას შორის ბალანსი უკეთ იქნებოდა დაცული იმ შემთხვევაში, თუკი ნორმას ფაკულტატური ხასიათი ექნებოდა. მოსარჩელის აზრით, სადავო ნორმა ფაკულტატური და, შესაბამისად, კონსტიტუციური იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ საერთო მაუწყებელს, ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამების მიღმა არ ექნებოდა საარჩევნო საკითხზე ინფორმაციის გავრცელების ვალდებულება იმ დრომდე, ვიდრე მაუწყებელი ამ ვალდებულებას ნებაყოფლობით არ იკისრებდა სარეკლამო დროის გაყიდვის გზით.
10. „საქართველოს საარჩევნო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2014 წლის 7 მარტის №2093-IIს საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, საქართველოს საარჩევნო კოდექსის 51-ე მუხლის მე-5 პუნქტი ადგენს, რომ “საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, აგრეთვე სათემო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელი ვალდებული არიან, მათი მომსახურების ზონაში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროს თავიანთ ეთერში ყოველ საათში (არა უმეტეს 60 წამით) უსასყიდლოდ და არადისკრიმინაციულად განათავსონ თითოეული კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის მიერ მათთვის წარდგენილი წინასაარჩევნო რეკლამა. არ შეიძლება სუბიექტის მიერ გამოუყენებელი დროის შემდგომ დამატება მისი კუთვნილი სხვა დროისათვის”. ამასთან, „საქართველოს საარჩევნო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2014 წლის 7 მარტის №2093-IIს საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, საქართველოს საარჩევნო კოდექსის 51-ე მუხლის 61 პუნქტის პირველი წინადადებით განისაზღვრა, რომ „მაუწყებელი, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებში აღნიშნული მაუწყებლებისა, ვალდებულია უსასყიდლოდ განათავსოს წინასაარჩევნო რეკლამა არჩევნების დღემდე ბოლო 30 დღის განმავლობაში, თუ მისი მომსახურების ზონაში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროს იგი განათავსებს „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 30-ე მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული საარჩევნო სუბიექტის ფასიან წინასაარჩევნო რეკლამას“.
11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოსარჩელე არ წარმოადგენს საქართველოს საარჩევნო კოდექსის 51-ე მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებში აღნიშნულ მაუწყებელს, იგი ვალდებული იქნება, უსასყიდლოდ განათავსოს წინასაარჩევნო რეკლამა არჩევნების დღემდე ბოლო 30 დღის განმავლობაში მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი მომსახურების ზონაში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროს იგი განათავსებს „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 30-ე მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული საარჩევნო სუბიექტის ფასიან წინასაარჩევნო რეკლამას.
12. ამგვარად, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ნორმის ცვლილების შემდეგ ჩამოყალიბებული ნორმები არ შეიცავს იმ ნორმატიულ შინაარს, რომელიც მოსარჩელეს არაკონსტიტუციურად მმიაჩნდა. შესაბამისად, არ არსებობს საქმის განხილვის გაგრძელების და ძალადაკარგულად ცნობილი სადავო ნორმის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის დადგენის სამართლებრივი ინტერესი.
13. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ საქმის განხილვის მომენტისათვის სადავოდ გამხდარი ნორმა ძალადაკარგულია. ამასთან, არ არსებობს საქმის განხილვის გაგრძელების „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-6 პუქტით განსაზღვრული სამართლებრივი საფუძველი. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტით და შეწყვიტოს საქმე №566 კონსტიტუციურ სარჩელზე.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-5, მე-7 და მე-8 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს :
1. შეწყდეს საქმე №566 კონსტიტუციურ სარჩელზე (შპს „სამაუწყებლო კომპანია მეცხრე ტალღა" საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინების ასლი გაეგზავნოს მხარეებს.
კოლეგიის შემადგენლობა:
კონსტანტინე ვარძელაშვილი
ქეთევან ერემაძე
მაია კოპალეიშვილი