შპს ''სამაუწყებლო კომპანია მეცხრე ტალღა'' საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N1/2/566 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - კონსტანტინე ვარძელაშვილი, ქეთევან ერემაძე, მაია კოპალეიშვილი, |
თარიღი | 26 თებერვალი 2014 |
კოლეგიის შემადგენლობა:
1. კონსტანტინე ვარძელაშვილი – სხდომის თავმჯდომარე;
2. ქეთევან ერემაძე – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
3. მაია კოპალეიშვილი - წევრი.
სხდომის მდივანი: ლილი სხირტლაძე.
საქმის დასახელება: შპს „სამაუწყებლო კომპანია მეცხრე ტალღა" საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი" 51–ე მუხლის მე-5 პუნქტისა და „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 66–ე მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 24-ე და 45-ე მუხლებთან, ასევე 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
I აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 21 ოქტომბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1566) მიმართა შპს „სამაუწყებლო კომპანია მეცხრე ტალღამ". საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტის მიზნით გადაეცა 2013 წლის 23 ოქტომბერს.
2. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2014 წლის 19 თებერვალს.
3. №566 კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის საფუძველია: საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი და 89-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ" ქვეპუნქტი, ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე" ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა" ქვეპუნქტი, ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ" საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
4. მოსარჩელე სადავოდ ხდის საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი" 51–ე მუხლის მე-5 პუნქტისა და „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 66–ე მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 24-ე და 45-ე მუხლებთან, ასევე 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
5. საქართველოს ორგანული კანონის «საქართველოს საარჩევნო კოდექსი» 51-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, «საერთო მაუწყებელი, აგრეთვე მაუწყებელი, რომელიც საკუთარ ეთერში განათავსებს წინასაარჩევნო რეკლამას, ვალდებული არიან, უსასყიდლოდ და არადისკრიმინაციულად გამოყონ დრო ყოველ 3 საათში 90 წამის ოდენობით თითოეული კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტისათვის. გამოუყენებელი დროის შემდგომ დამატება სხვა კუთვნილი დროისათვის დაუშვებელია». «მაუწყებლობის შესახებ» საქართველოს კანონის 66-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, «საერთო მაუწყებელი, აგრეთვე სხვა მაუწყებელი, რომლებიც საკუთარ ეთერში განათავსებენ წინასაარჩევნო რეკლამას, ვალდებული არიან, მათი მომსახურების ზონაში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროს უსასყიდლოდ და არადისკრიმინაციულად, მაგრამ 3 საათში არანაკლებ 90 წამისა, განათავსონ ყველა კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის მიერ წარმოდგენილი წინასაარჩევნო რეკლამა”.
6. საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად: ”ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია, გამოთქვას და გაავრცელოს თავისი აზრი ზეპირად, წერილობით ან სხვაგვარი საშუალებით", ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, მასობრივი ინფორმაციის საშუალებები თავისუფალია; მე-3 პუნქტის თანახმად, ”სახელმწიფოს ან ცალკეულ პირებს არა აქვთ მასობრივი ინფორმაციის ან მისი გავრცელების საშუალებათა მონოპოლიზაციის უფლება”, ხოლო მე-4 პუნქტში მოცემულია ამ უფლების შეზღუდვის კონსტიტუციურსამართლებრივი საფუძვლები. საქართველოს კონსტიტუციის 45-ე მუხლის მიხედვით, კონსტიტუციაში მითითებული ძირითადი უფლებანი და თავისუფლებანი, მათი შინაარსის გათვალისწინებით, ვრცელდება აგრეთვე იურიდიულ პირებზე. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტის მიხედვით, ”საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება." ამავე მუხლის მე-2 პუნქტში კი მოცემულია საკუთრების ძირითადი უფლების შეზღუდვის კონსტიტუციურსამართლებრივი საფუძველი.
7. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ საქართველოს ორგანული კანონის «საქართველოს საარჩევნო კოდექსი» 51-ე მუხლის მე-5 პუნქტი და „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 66-ე მუხლის პირველი პუნქტი შეიცავენ იდენტურ მოთხოვნებს, კერძოდ, ისინი საერთო მაუწყებლებს აკისრებენ ვალდებულებას, ეთერში უსასყიდლოდ განათავსონ წინასაარჩევნო რეკლამა, ყოველ სამ საათში თითოეული საარჩევნო სუბიექტისთვის არანაკლებ 90 წამის განმავლობაში, რაც წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის დასახელებულ მუხლებთან.
8. მოსარჩელე, პირველ რიგში, მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველ პუნქტში ნახსენებია სიტყვა „ადამიანი", რაც აღნიშნული უფლების სუბიექტად ფიზიკურ პირს მოიაზრებს. თუმცა იურიდიულ პირებზე კონსტიტუციის 24-ე მუხლით გარანტირებული დაცვა ვრცელდება კონსტიტუციის 45-ე მუხლის საფუძველზე. გარდა ამისა, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტი მიმართულია უშუალოდ მედიისკენ, ანიჭებს რა მას უფლებას, თავისუფლად გადაწყვიტოს, თუ რა ინფორმაცია გაავრცელოს და რის გავრცელებაზე განაცხადოს უარი. შესაბამისად, შპს „სამაუწყებლო კომპანია მეცხრე ტალღა" სარგებლობს საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლით დაცული ძირითადი უფლებით.
9. მოსარჩელის განმარტებით, ერთი მხრივ, კონსტიტუციის 24-ე მუხლი განამტკიცებს ადამიანის უფლებას, გაავრცელოს ინფორმაცია, გამოთქვას თავისი აზრი, ხოლო, მეორე მხრივ, იცავს პირის უფლებას, შეინარჩუნოს დუმილი. სადავო ნორმების საფუძველზე კი კანონმდებელი აიძულებს მაუწყებელს, ისაუბროს საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ, ავალდებულებს რა მას, რეკლამის სახით, უსასყიდლოდ გაავრცელოს ინფორმაცია იმის მიუხედავად, სურს თუ არა ამის გაკეთება.
10. სასარჩელო მოთხოვნაში აღნიშნულია, რომ გამოხატვის თავისუფლება იცავს ადამიანის უფლებას, ჰქონდეს უმრავლესობისგან განსხვავებული ინტერესები და უარი განაცხადოს იდეის გავრცელებაზე, თუ მას ეს არ სურს. დამატებით, მოსარჩელე აღნიშნავს, რომ, მართალია, მაუწყებელს არავითარი პასუხისმგებლობა არ ეკისრება რეკლამის შინაარსზე, თუმცა არ შეიძლება იმის უარყოფა, რომ რეკლამის საზოგადოებამდე მიტანა კონკრეტული მაუწყებლის სიხშირის გამოყენებით ხდება და რეკლამა საზოგადოების მხრიდან არა მხოლოდ იმ პარტიასთან ასოცირდება, რომელმაც ის დაუკვეთა, არამედ იმ მედიუმთანაც, რომლის მეშვეობითაც ის საზოგადოებამდე მივიდა.
11. მოსარჩელე მხარის განმარტებით, სადავო ნორმით საარჩევნო საკითხებზე ინფორმაციის მიღების საჯარო ინტერესსა და მაუწყებლის გამოხატვის თავისუფლებას შორის ბალანსი უკეთ იქნებოდა დაცული იმ შემთხვევაში, თუკი ნორმას ფაკულტატური ხასიათი ექნებოდა. სადავო ნორმა იმპერატიულია, ვინაიდან საერთო ლიცენზიის მფლობელს ავალდებულებს, კენჭისყრამდე 50 დღით ადრე, ყველა შემთხვევაში, უპირობოდ განათავსოს კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების უფასო რეკლამები. მოსარჩელის აზრით, სადავო ნორმა ფაკულტატური და, შესაბამისად, კონსტიტუციური იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ საერთო მაუწყებელს, ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამების მიღმა არ ექნებოდა საარჩევნო საკითხზე ინფორმაციის გავრცელების ვალდებულება იმ დრომდე, ვიდრე მაუწყებელი ამ ვალდებულებას ნებაყოფლობით არ იკისრებდა სარეკლამო დროის გაყიდვის გზით.
12. გარდა ამისა, კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ საერთო მაუწყებლისთვის სარეკლამო დროის გამოყოფის ვალდებულების დაწესების ნაცვლად, სახელმწიფოს აქვს შესაძლებლობა, კანდიდატების მიერ საერთო მაუწყებლის საეთერო დროში მონაწილეობის მიღების ასპექტები ისე მოაწესრიგოს, რომ კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტებს შორის თანასწორობის უზრუნველყოფა და ამომრჩევლისთვის ინფორმაციის მიწოდება ძირითადი უფლებების შელახვის ხარჯზე არ მოხდეს - კერძოდ, უზრუნველყოს საარჩევნო სუბიექტების მონაწილეობა საერთო მაუწყებლის ახალ ამბებს, საზოგადოებრივ პროგრამებსა და პოლიტიკურ დებატებში. ამდენად, მოსარჩელის აზრით, მაუწყებლის მიმართ საარჩევნო სუბიექტებისთვის სარეკლამო დროის გამოყოფის ვალდებულება არ წარმოადგენს აუცილებელ ჩარევას 24-ე მუხლით დაცული უფლების სფეროში, ვინაიდან სახელმწიფოს შეეძლო იმავე მიზნის მიღწევა სხვა უფრო ნაკლებად მზღუდავი საშუალებით იმგვარად, რომ არ ჩარეულიყო მაუწყებლობის სარედაქციო დამოუკიდებლობაში.
13. მოსარჩელე ასევე აღნიშნავს, რომ კანონმდებლობა შინაარსობრივ მოთხოვნებს არ ადგენს უფასო პოლიტიკურ რეკლამასთან დაკავშირებით და მისთვის უცნობია, თუ რა მოხდება მაშინ, როდესაც უფასო წინასაარჩევნო რეკლამა ქსენოფობიური ან ჰომოფობიური შინაარსის მატარებელი იქნება. მოსარჩელის აზრით, ასეთ შემთხვევებში რეკლამა არაეთიკურად ჩაითვლება და მაუწყებლის მხრიდან გამოიწვევს „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის" 31-ე და 32-ე მუხლების დარღვევას. შესაბამისად, სადავო ნორმის გამოყენება შესაძლებელია მოხდეს როგორც მაუწყებლის, ისე საზოგადოებრივი ინტერესების საწინააღმდეგოდაც.
14. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მაშინ, როდესაც მაუწყებელს არ გააჩნია მნიშვნელოვანი შემოსავლები და, ამის მიუხედავად, იძულებულია, თავისი მატერიალური და ადამიანური რესურსი მოაცდინოს სამ საათში ერთხელ შვიდი საარჩევნო სუბიექტის სასარგებლოდ უფასო საქმიანობაზე, მაუწყებელი კარგავს კომერციულ ინტერესს სამაუწყებლო საქმიანობის მიმართ. აღნიშნული ტვირთის გამო, კომერციულმა საერთო მაუწყებელმა საარჩევნო პერიოდში შესაძლოა მიიღოს მაუწყებლობის შეჩერების გადაწყვეტილება, რათა კანონით გათვალისწინებულ სანქციებს თავი აარიდოს. აქედან გამომდინარე, მოსარჩელის განმარტებით, სადავო ნორმებით დაწესებული შეზღუდვა ახდენს ე.წ. „მსუსხავ ეფექტს" გამოხატვის თავისუფლებაზე: კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტებისთვის უფასო სარეკლამო დროის გამოყოფის ვალდებულების შეუსრულებლობისათვის სანქციის დაკისრებისგან თავის არიდების მიზნით, კომერციული ტელე და რადიოსადგურები სრულად შეწყვეტენ მაუწყებლობას.
15. კონსტიტუციურ სარჩელში ასევე აღნიშნულია, რომ გამოხატვის თავისუფლების გარდა, სადავო ნორმები წინააღმდეგობაში მოდიან საკუთრების ძირითად უფლებასთან, ვინაიდან სარგებელი, რომლის მიღების გონივრული მოლოდინიც მაუწყებელს საკუთარი ქონების კომერციული მიზნის გამოყენებისთვის გააჩნია, იკარგება სადავო ნორმით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების გამო.
16. საკუთარი არგუმენტების გასამყარებლად მოსარჩელე მხარე დამატებით იშველიებს ამერიკის უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას სადავო საკითხებთან მიმართებით.
II სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღება, თუ ის აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ" საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე" ქვეპუნქტის შესაბამისად, მოსარჩელემ კონსტიტუციურ სარჩელში უნდა მოიყვანოს ის მტკიცებულებები, რომლებიც, მისი აზრით, ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას. აღნიშნული ნორმების მოთხოვნათა შეუსრულებლობის შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლო „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ" საქართველოს კანონის მე–18 მუხლის „ა" ქვეპუნქტის საფუძველზე, კონსტიტუციურ სარჩელს არ მიიღებს არსებითად განსახილველად. კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის ის (კონსტიტუციური სარჩელი) არაერთ მოთხოვნას უნდა აკმაყოფილებდეს, მათ შორის, „აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას" (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე ,,საქართველოს მოქალაქეები შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ"; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 17 ივნისის №2/2/438 განჩინება საქმეზე ,,საქართველოს მოქალაქე ვახტანგ ცქიფურიშვილი საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ").
2. მოსარჩელე ითხოვს «მაუწყებლობის შესახებ» საქართველოს კანონის 66-ე მუხლის პირველი პუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობას. აღნიშნული ნორმის თანახმად: «საერთო მაუწყებელი, აგრეთვე სხვა მაუწყებელი, რომლებიც საკუთარ ეთერში განათავსებენ წინასაარჩევნო რეკლამას, ვალდებული არიან, მათი მომსახურების ზონაში მიმდინარე საარჩევო კამპანიის დროს უსასყიდლოდ და არადისკრიმინაციულად, მაგრამ 3 საათში არანაკლებ 90 წამისა, განათავსონ ყველა კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის მიერ წარმოდგენილი წინასაარჩევნო რეკლამა». მოსარჩელეს მიაჩნია, რომ „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 66-ე მუხლის პირველი პუნქტი და საქართველოს ორგანული კანონის «საქართველოს საარჩევნო კოდექსი» 51-ე მუხლის მე-5 პუნქტი შეიცავენ იდენტურ მოთხოვნებს, კერძოდ, ისინი საერთო მაუწყებელს აკისრებენ უპირობო ვალდებულებას, ეთერში უსასყიდლოდ განათავსოს წინასაარჩევნო რეკლამა, ყოველ სამ საათში თითოეული კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტისთვის არანაკლებ 90 წამის განმავლობაში, რაც იწვევს მისი კონსტიტუციური უფლებების დარღვევას.
3. ნიშანდობლივია, რომ მოსარჩელის აზრით, ნორმა არაკონსტიტუციურია იმის გამო, რომ ის იმპერატიულია და საერთო მაუწყებელს უპირობოდ უწესებს ზემოაღნიშნულ ვალდებულებებს. ამასთან, ნორმა კონსტიტუციური იქნებოდა, თუ საერთო მაუწყებელს არ ექნებოდა საარჩევნო საკითხზე ინფორმაციის გავრცელების ვალდებულება იმ დრომდე, ვიდრე მაუწყებელი ამ ვალდებულებას ნებაყოფლობით არ იკისრებდა სარეკლამო დროის გაყიდვის გზით.
4. საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ სასარჩელო მოთხოვნა ამ ნაწილში მოსარჩელის მიერ სადავო ნორმით დადგენილი რეგულირების არაზუსტ აღქმას ეფუძნება. კერძოდ, «მაუწყებლობის შესახებ» საქართველოს კანონის 66-ე მუხლის პირველი პუნქტის ანალიზი ცხადყოფს, რომ სადავო ნორმა ყველა კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის მიერ წარმოდგენილი წინასაარჩევნო რეკლამის მაუწყებლის ეთერში განთავსების ვალდებულებას მათი (მაუწყებლის) მომსახურების ზონაში მიმდინარე საარჩევო კამპანიის დროს უსასყიდლოდ და არადისკრიმინაციულად (3 საათში არანაკლებ 90 წამისა), ერთნაირი წინაპირობით უყენებს ყველა მაუწყებელს, მათ შორის, საერთო მაუწყებელსაც – კერძოდ კი, მათ ეს ვალდებულება უჩნდებათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი საკუთარ ეთერში განათავსებენ წინასაარჩევნო რეკლამას. მაშასადამე, სადავო ნორმით გათვალისწინებული ვალდებულება უჩნდება მხოლოდ იმ მაუწყებლებს, რომლებიც საკუთარ ეთერში განათავსებენ წინასაარჩევნო რეკლამას. შესაბამისად, ნებისმიერი მაუწყებელი, მათ შორის, საერთო მაუწყებელიც ამ ნორმის სუბიექტი და მის (ნორმის) მიერ დადგენილი ვალდებულების შესრულებაზე პასუხისმგებელი ხდება მხოლოდ ნებაყოფლობით.
5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის მიერ აღწერილი პრობლემა არათუ გამომდინარეობს «მაუწყებლობის შესახებ» საქართველოს კანონის 66-ე მუხლის პირველი პუნქტიდან, არამედ პირიქით – სადავო ნორმა სწორედ მოსარჩელის იმ მოთხოვნებს პასუხობს, რომელთა დაკმაყოფილების შემთხვევაშიც, მოსარჩელის აზრით, ნორმა კონსტიტუციური იქნებოდა. მაშასადამე, აშკარაა, რომ მოსარჩელე არასწორად აღიქვამს სადავო ნორმიდან მომდინარე შეზღუდვას და უთითებს სადავო ნორმის იმგვარ შინაარსზე, რომელიც მას არ გააჩნია. ამგვარად, არგუმენტაცია, რომელიც ამ თვალსაზრისით არის წარმოდგენილი, არ მიემართება სადავო ნორმის რეალურ შინაარსს.
6. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №566 კონსტიტუციური სარჩელი, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება "მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 66-ე მუხლის პირველი პუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 24-ე და 45-ე მუხლებთან, ასევე 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ" საქართველოს კანონის მე–18 მუხლის „ა" ქვეპუნქტისა და მე–16 მუხლის პირველი პუნქტის „ე" ქვეპუნქტის საფუძველზე.
7. მოსარჩელე ასევე ითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 45-ე მუხლთან მიმართებით, რომლის თანახმადაც: «კონსტიტუციაში მითითებული ძირითადი უფლებანი და თავისუფლებანი, მათი შინაარსის გათვალისწინებით, ვრცელდება აგრეთვე იურიდიულ პირებზე».
8. საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს კონსტიტუციის 45-ე მუხლის შინაარსისა და კონსტიტუციური დავების განხილვისას მისი მნიშვნელობის თაობაზე არაერთგზის მიუთითა. კერძოდ: «კონსტიტუციის აღნიშნული ნორმა არ ახდენს რომელიმე უფლების დეკლარირებას, არ განსაზღვრავს ამა თუ იმ უფლების ნორმატიულ შინაარსს და ფარგლებს. მისი მიზანი არის კონსტიტუციის სხვა მუხლებით დეკლარირებული ადამიანის ძირითადი უფლებების და თავისუფლებების, მათი არსის გათვალისწინებით, იურიდიულ პირებზე გავრცელებისათვის კონსტიტუციური საფუძვლის შექმნა და, შესაბამისად, ხელისუფლების დავალდებულება, უზრუნველყოს იურიდიული პირები ძირითადი უფლებებით და თავისუფლებებით სარგებლობისა და მათი დაცვის კონსტიტუციური გარანტიებით.
მაშასადამე, ეს ნორმა ეხება არა რომელიმე უფლების შინაარსის, არამედ კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების დამატებითი სუბიექტის განსაზღვრას. შესაბამისად, იურიდიული პირები, საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვისას, ვერ მიუთითებენ საქართველოს კონსტიტუციის 45-ე მუხლზე, როგორც იურიდიული პირის კონსტიტუციური უფლების მარეგლამენტირებელ ნორმაზე და ვერც მასთან მიმართებით რომელიმე ნორმატიული აქტის არაკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვენ. მათ შეუძლიათ, მიუთითონ აღნიშნულ მუხლზე, როგორც იურიდიული პირების ამა თუ იმ კონსტიტუციური უფლების სუბიექტად მიჩნევისთვის დამატებით კონსტიტუციურ საფუძველზე» (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განჩინება №1/1/564 საქმეზე „შპს „მაგთიკომი" საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ", II, 14-15).
9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სადავო ნორმების შინაარსობრივი მიმართება საქართველოს კონსტიტუციის 45-ე მუხლთან. შესაბამისად, №566 კონსტიტუციური სარჩელი, სასარჩელო მოთხოვნის ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად არმიღების "საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ" საქართველოს კანონის მე-18 მუხლის "ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი – კონსტიტუციური სარჩელი ფორმით და შინაარსით არ შეესაბამება ამავე კანონის მე-16 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს.
10. საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ №566 კონსტიტუციური სარჩელი, სხვა მხრივ, აკმაყოფილებს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ" საქართველოს კანონის მე–16 მუხლის პირველი და მე–2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის მე–18 მუხლით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად არმიღების რომელიმე საფუძველი.
III სარეზოლუციო ნაწილი
ხელმძღვანელობს რა საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ" ქვეპუნქტით, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე" ქვეპუნქტით, 21-ე მუხლის მეორე პუნქტით, 271 მუხლის პირველი პუნქტით, 31-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა" ქვეპუნქტით, 43-ე მუხლის მე-5, მე-7 და მე-8 პუნქტებით, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ" საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე" ქვეპუნქტით, მე-17 მუხლის მე-5 პუნქტით, მე-18 მუხლის „ა" და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად №566 კონსტიტუციური სარჩელი (შპს "სამაუწყებლო კომპანია მეცხრე ტალღა" საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს ორგანული კანონის "საქართველოს საარჩევნო კოდექსი" 51-ე მუხლის მე-5 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლთან და 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით;
2. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №566 კონსტიტუციური სარჩელი (შპს "სამაუწყებლო კომპანია მეცხრე ტალღა" საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს ორგანული კანონის "საქართველოს საარჩევნო კოდექსი" 51-ე მუხლის მე-5 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 45-ე მუხლთან მიმართებით;
3. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №566 კონსტიტუციური სარჩელი (შპს "სამაუწყებლო კომპანია მეცხრე ტალღა" საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება "მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 66-ე მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 24-ე და 45-ე მუხლებთან, ასევე 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
4. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
5. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
6. საოქმო ჩანაწერი გაეგზავნოს მხარეებს.
კოლეგიის შემადგენლობა:
კონსტანტინე ვარძელაშვილი
ქეთევან ერემაძე
მაია კოპალეიშვილი