ა(ა)იპ "განათლების დამცველთა ასოციაცია" და მაკა გიორგაძე საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1685 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - , , |
ავტორ(ებ)ი | ა(ა)იპ "განათლების დამცველთა ასოციაცია", მაკა გიორგაძე |
თარიღი | 21 თებერვალი 2022 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. „მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 23 მაისის N241 დადგენილებით დამტკიცებული დანართი - „მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა“
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
„მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 23 მაისის N241 დადგენილებით დამტკიცებული დანართის - „მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის“ 38-ე მუხლის მე-4 პუნქტი: „იმ პრაქტიკოსი მასწავლებლების სამუშაო ადგილას, რომლებიც 2021-2022 სასწავლო წლის დაწყებამდე გავლენ საგნის ან/და პროფესიული უნარების გამოცდაზე და ვერ აიმაღლებენ სტატუსს (ამ მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, ვერ შეივსებენ/დააგროვებენ სტატუსის ამაღლებისთვის საჭირო 19 კრედიტქულას), სკოლის ადმინისტრაცია 2021-2022 სასწავლო წლის მეორე სემესტრის დაწყებამდე არაუგვიანეს 1 თვისა აცხადებს კონკურსს.“ „მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 23 მაისის N241 დადგენილებით დამტკიცებული დანართის - „მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის“ 38-ე მუხლის მე-4 პუნქტი: „იმ პრაქტიკოსი მასწავლებლების სამუშაო ადგილას, რომლებიც 2021-2022 სასწავლო წლის დაწყებამდე გავლენ საგნის ან/და პროფესიული უნარების გამოცდაზე და ვერ აიმაღლებენ სტატუსს (ამ მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, ვერ შეივსებენ/დააგროვებენ სტატუსის ამაღლებისთვის საჭირო 19 კრედიტქულას), სკოლის ადმინისტრაცია 2021-2022 სასწავლო წლის მეორე სემესტრის დაწყებამდე არაუგვიანეს 1 თვისა აცხადებს კონკურსს.“ |
საქართველოს კონსტიტუციის მე 9 მუხლის პირველი პუნქტი. ადამიანის ღირსება ხელშეუვალია და მას იცავს სახელმწიფო. საქართველოს კონსტიტუციის მე 11 მუხლის პირველი პუნქტი. ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით. საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლი. ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება. საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველი პუნქტი. ადამიანის თავისუფლება დაცულია. საქართველოს კონსტიტუციის მე-26 მუხლის პირველი პუნქტი. შრომის თავისუფლება უზრუნველყოფილია. ყველას აქვს სამუშაოს თავისუფალი არჩევის უფლება. უფლება შრომის უსაფრთხო პირობებზე და სხვა შრომითი უფლებები დაცულია ორგანული კანონით. საქართველოს კონსტიტუციის 34-ე მუხლის მე-3 პუნქტი. ადამიანის ძირითადი უფლების შეზღუდვა უნდა შეესაბამებოდეს იმ ლეგიტიმურ მიზნის მნიშვნელობას, რომლის მიღწევასაც იგი ემსახურება. |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მეოთხე პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი, ,, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი, 31-ე და 311 მუხლები.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
არ არსებობს წინამდებარე კონსტიტუციური სარჩელის საკონსტიტუციო სასამართლოში განსახილველად არ მიღების საფუძველი, კერძოდ:
1. კონსტიტუციური სარჩელი შემოტანილია საქართველოს კონტიტუციის მე - 60 მუხლის მეოთხე
პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით, აგრეთვე „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კომპეტენციის ფარგლებში. ამ კანონის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მითითებული კომპეტენციის ფარგლებში კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის უფლება აქვს, საქართველოს მოქლაქეებს სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებს თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი.
2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონის 313 „კონსტიტუციური სარჩელის განსახილველად არ მიღების საფუძვლები არ არსებობს, ვინაიდან იგი ფორმითა და შინაარსით შეესაბამება ამ კანონის 311 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს. საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ 311 მუხლის დადგენილი მოთხოვნის მიხედვით:
სარჩელი შედგენილია შესაბამისი სააპელაციო ფორმის მიხედვით. ხელმოწერილია ჩვენს მიერ, მასში დასახელებულია მოსარჩელე და მოპასუხე, მათი მისამართები, სადავო ნორმატიული აქტი, რომელიც არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, დასახელებულია მისი მიმღები და მითითებულია თარიღი, მტკიცებულებები, რომელიც ადასტურებენ კონსტიტუციური სარჩელის საფუძვლიანობას და ა.შ. სადავო საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადია, რადგან:
1.საკონსტიტუციო სასამართლოს მასზე არასდროს უმსჯელია;
2.კანონით არ არის დადგენილი სარჩელის შეტანის ვადა;
3) სარჩელში მითითებული საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი;
4) სარჩელში მითითებული საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ;
5) სარჩელში მითითებული საკითხი რეგულირდება კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველი პუნქტით, მე -11 მუხლის პირველი პუნქტით, მე-12 მუხლით, მე-13 მუხლის პირველი პუნქტით, 26-ე მუხლის პირველი პუნქტითა და 34-ე მუხლის მე-3 პუნქტით;
6) კანონით არ არის დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა აღნიშნული ტიპის დავისათვის და შესაბამისად, არც მისი არასაპატიო მიზეზით გაშვების საკითხი დგება დღის წესრიგში;
7) მოსარჩელეებს წარმოადგენენ სადავო ნორმის (N241 დადგენილებით დამტკიცებული დანართის 38-ე მუხლის მე-4 ნაწილი) ფარგლებში, ერთ-ერთი სკოლიდან გათავისუფლებული პრაქტიკოსი პედაგოგი, მაკა გიორგაძე, რომელიც დასაქმებული გახლდათ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა საზანოს N 3 საჯარო სკოლაში და განათლების დამცველთა ასოციაცია, რომელიც იცავს მასწავლებლთა, მათ შორის, სადავო დადგენილებით გათავისუფლებულ პრაქტიკოს მასწავლებელთა უფლებებს.
განათლების დამცველთა ასოციაციის წესდებით გათვალისწინებულ მიზნებს წარმოადგენს განათლების სისტემაში ყველა საფეხურის პედაგოგთა და მათ შორის, განათლების სისტემაში დასაქმებულთა კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვა; განათლების სისტემის ყველა საფეხურის პედაგოგთა და მათ შორის, სისტემაში დასაქმებულთა ღირსეული ანაზღაურებისთვის ბრძოლა; განათლების სისტემაში ბულინგის ყველა სახის ფორმის გამოვლენა და მისი აღმოფხვრისათვის ბრძოლა; პედაგოგთა პროფესიული განვითარების ახალი და მოქნილი მოდელების შემუშავება; ზოგადი განათლების შესახებ საკანონმდებლო ინიციატივებში ჩართულობა; კერძო სკოლებისა და კერძო სასწავლო დაწესებულებების საკანონმდებლო მხარდაჭერა და სხვა.
განათლების დამცველთა ასოციაციას თავის უფლებათა დასაცავად მომართეს სკოლაში დასაქმებულმა იმ პედაგოგებმა, რომლებიც საქართველოს მთავრობის N 241 დადგენილების საფუძველზე შეუწყდათ პედაგოგის სტატუსი და სკოლიდან გათავისუფლებულ იქნენ ან გათავისუფლების საფრთხე შეექმნათ. აღნიშნული დადგენილებით განისაზღვრა, რომ „იმ პრაქტიკოსი მასწავლებლების სამუშაო ადგილას, რომლებიც 2021-2022 სასწავლო წლის დაწყებამდე გავლენ საგნის ან/და პროფესიული უნარების გამოცდაზე და ვერ აიმაღლებენ სტატუსს (ამ მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, ვერ შეივსებენ/დააგროვებენ სტატუსის ამაღლებისთვის საჭირო 19 კრედიტქულას), სკოლის ადმინისტრაცია 2021-2022 სასწავლო წლის მეორე სემესტრის დაწყებამდე არაუგვიანეს 1 თვისა აცხადებს კონკურსს. აღნიშნული ნორმის ფარგლებში სკოლის ადმინისტრაციამ გამოცდაჩაუბარებელი პრაქტიკოსი პედაგოგის ადგილას გამოაცხადა კონკურსი და ახალი კადრის მიღების შემთხვევაში გამოცდაჩაუბარებელ მასწავლებლებს (მიუხედავად იმისა, რომ დადგენილების სადავო ჩანაწერი არ ითვალისწინებს გამოცდაჩაუბარებელ პედაგოგებთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას), შეუწყვიტა შრომითი ხელშეკრულება.
მოქმედი დადგენილების სადავო მუხლის საფუძველზე დასაქმებულ პედაგოგებს და მათ შორის მაკა გიორგაძეს, დაერღვათ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული, უპირველესად, შრომის უფლება, ნორმის მოქმედების ფარგლებში შეილახა პედაგოგთა ღირსება, თანასწორობის უფლება, პირის თავისუფლება, პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება და ადამიანის ის ძირითადი უფლებები, რომლის შეზღუდვა უნდა შეესაბამებოდეს ნორმის ლეგიტიმურ მიზნის მიღწევას.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს კონსტიტუციური სარჩელის წარმოებაში არმიღების სამართლებრივი საფუძვლები.
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
1. სადავო ნორმატიული შინაარსი
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 27 ივლისის N 379 დადგენილებით „მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 23 მაისის N 241 დადგენილებით დამტკიცებულ სქემაში შეტანილ იქნა ცვლილებები, სადაც, „მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის“ 38-ე მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდა შემდეგნაირად:
„იმ პრაქტიკოსი მასწავლებლების სამუშაო ადგილას, რომლებიც 2021-2022 სასწავლო წლის დაწყებამდე გავლენ საგნის ან/და პროფესიული უნარების გამოცდაზე და ვერ აიმაღლებენ სტატუსს (ამ მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, ვერ შეივსებენ/დააგროვებენ სტატუსის ამაღლებისთვის საჭირო 19 კრედიტქულას), სკოლის ადმინისტრაცია 2021-2022 სასწავლო წლის მეორე სემესტრის დაწყებამდე არაუგვიანეს 1 თვისა აცხადებს კონკურსს. აღნიშნული დადგენილების ეს ჩანაწერი არის არაკონსტიტუციური და არღვევს კონსტიტუციის არა ერთ და ორ, არამედ რამდენიმე მუხლს და შესაბამისად, ის უნდა გაუქმდეს.
N 379 -ე დადგენილებით შეიცვალა ასევე საქართველოს მთავრობის N 241 დადგენილებით დამტკიცებული სქემის 38- ე მუხლის პირველი პუნქტი და ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: პრაქტიკოსი მასწავლებელი (გარდა არაქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების/სექტორების პრაქტიკოსი მასწავლებელებისა), რომლებიც 2020 წლის 31 იანვრისთვის ასწავლიდა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და 2020 წლის 1 თებერვლიდან 2020 წლის 30 აპრილის ჩათვლით დარეგისტრირდა მასწავლებლის გამოცდაზე, უფლება აქვს, 2021-2022 სასწავლო წლის მეორე სემესტრის დაწყებამდე აიმაღლოს მასწავლებლის სტატუსი.“ აღნიშნული ჩანაწერი პედაგოგს აძლევს უფლებას და არა ვალდებულებას ეცადოს და აიმაღლოს მასწავლებლის სტატუსი, რომლის ფარგლებშიც ასევე, შეიძლება მოვიაზროთ ის პრაქტიკოსი მასწავლებლებიც, რომლებმაც შესაძლოა თავისი უფლების, არჩევანის ფარგლებში ვერ ან არ გავიდნენ გამოცდაზე და არ აიმაღლეს მასწავლებლის სატატუსი.
მაგრამ, ამავე მუხლის მე-4 პუნქტით იმ პრაქტიკოსი მასწავლებლის სამუშაო ადგილას, რომლებიც 2021-2022 სასწავლო წლის დაწყებამდე გავლენ საგნის ან/და პროფესიული უნარების გამოცდაზე და ვერ აიმაღლებენ სტატუსს, სკოლის ადმინისტრაცია 2021-2022 სასწავლო წლის მეორე სემესტრის დაწყებამდე არაუგვიანეს 1 თვისა აცხადებს კონკურსს.
ჩვენს შემთხვევაში, მაკა გიორგაძე და პრაქტიკოსი მასწავლებელები, რომლებიც წლების მანძილზე დასაქმებულნი იყვნენ სკოლებში ან კიდევ, ახალი მიღებული კადრები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში, სკოლის ადმინისტრაციის დავალდებულებით დარეგისტრირდნენ პედაგოგის გამოცდაზე 2021-2022 სასწავლო წლის დაწყებამდე და დააკლდათ სტატუსის მინიჭებისათვის განსაზღვრული კრედიტქულა, უმეტეს შემთხვევაში, ნახევარი ან ერთი კრედიტი, სკოლის დირექტორის ბრძანების საფუძველზე ან ზოგ შემთხვევაში, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველზე, გათავისუფლებულ იქნენ პედაგოგის თანამდებობიდან. თანაც, აქ ყურადღება უნდა მიექცეს იმ ფაქტსაც, რომ ამ მუხლის ქვეშ მოქცეულ პრაქტიკოს პედაგოგთა უმეტესი ნაწილი მეორედ ან პირველად გავიდნენ საგნობრივ თუ პროფესიული უნარების გამოცდაზე, მაშინ როდესაც, სხვა დანარჩენ გამოცდაჩაბარებულ პედაგოგებს გამოცდის ჩაბარების შანსი არაერთხელ, წლების განმავლობაში ჰქონდათ. ასევე, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ამ მუხლის ფარგლებში მოექცნენ ის პედაგოგებიც, რომელთაც ჩაბარებული აქვთ საგნობრივი გამოცდა და 2021-2022 სასწავლო წლის დაწყებამდე დარეგისტრირდენენ პროფესიული უნარების გამოცდაზე და ვერ ჩააბარეს პროფესიული უნარების გამოცდა, ან პირიქით, ჩაბარებული აქვთ პროფესიული უნარების გამოცდა და 2021-2022 სასწავლო წლის დაწყებამდე გავიდნენ და დააკლდათ კრედიტქულები საგნობრივ გამოცდაზე.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მუხლის ჩანაწერი ასეთია: იმ პრაქტიკოსი პედაგოგის ადგილას, რომლებიც 2021-2022 სასწავლო წლის დაწყებამდე დარეგისტრირდებიან საგნის ან/და პროფესიული უნარების გამოცდაზე და ვერ აიმაღლებენ სტატუსს, სკოლის ადმინისტრაცია 2021-2022 წლის მეორე სემესტრის დაწყებამდე აცხადეებს კონკურს. აქ არსად წერია, რას აკეთებს ან რა უნდა გააკეთოს სკოლის ადმინისტრაციამ გამოცდაჩაუბარებელ პედაგოგთან მიმართებით - შეწყვიტოს მასთან თუ არ შეწყვიტოს შრომითი ურთიერთობა. სკოლის ადმინისტრაცია/დირექტორები მოიქცნენ სხავადასხვანაირად: მაკა გიორგაძის შემთხვევაში სკოლის ადმინისტრაციამ ზეპირსიტყვიერად მიაწოდა ინფორმაცია სამუშაო ადგილიდან გათავისუფლების შესახებ, რომელიც დღემდე ელოდება გათავისუფლების ბრძანებას და მიუხედავად არაერთი თხოვნისა სკოლის დირექცია არ აბარებს ბრძანებას მას; ზოგმა გამოაცხადა კონკურსი და შეუწყვიტა შრომითი ხელშეკრულება გამოცდაჩაუბარებელ პედაგოგს; ზოგმა გამოაცხადა კონკურსი და გამოცდაჩაუბარებელი პედაგოგი გაათავისუფლა ბრძანების საფუძველზე, N241 -ე დადგენილებაზე დაყრდნობით; ზოგმა არ გამოაცხადა კონკურსი და შეინარჩუნა პატივისცემა „გამოცდჩაუბარებელი“ პედაგოგის მიმართ, დატოვა სკოლაში და დაელოდა ამ არაკონსტიტუციური მუხლის შეცვლას ან ახალი დადგენილების მიღებას; ზოგმა გამოაცხადა კონკურსი, მიიღო ახალი კადრი და „გამოცდაჩაუბარებელი“ პედაგოგი გადაიყვანა რამდენიმე (მინიმალურ) გაკვეთილზე, რათა არ დაეტოვებინა დასაქმების და შემოსავლების გარეშე; ზოგმა გამოაცხადა კონკურსი და რადგანაც ვერ მოხერხდა ახალი კადრის მოძიება, იძულებული გახდა დაეტოვებინა „გამოცდაჩაუბარებელი“ პედაგოგი ისევ თავის საგაკვეთილო ბადეზე; და ასევე, ზოგიერთი რაიონების სკოლის დირექტორებმა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გამოაცხადეს კონკურსები თავიან სკოლებში, კონკურსს დაუდეს პირობა, რომ მიიღებდნენ მხოლოდ იმ გამოცდაჩაბარებულ კადრს, რომელიც სხვა სკოლაში არ იქნებოდა დასაქმებული და ვინაიდან, რაიონებში რთულია ასეთი კადრის მოძიება (კადრების სიმცირის გამო, რადგან ვინც მოიძებნება უკვე დასაქმებულია სკოლაში), ამ პირობით გადაარჩინეს „გამოცდაჩაუბარებელი“ პედაგოგები შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისაგან.
გამოდის, რომ დადგენილების კონკრეტული ჩანაწერის ქოლგის ქვეშ სკოლის ადმინისტრაცია იძულებული გახდა იმოქმედოს თვითნებურად თავისი შეხედულებების, სინდისის, სამართლიანობის თუ უსამართლობის ფარგლებში. რაც იმას ნიშნავს, რომ ნორმა არ არის მკაფიოდ დადგენილი და ჩამოყალიბებული და შეუძლებელია მისი შინაარსის განსაზღვრა კეთილსინდისიერი წაკითხვის პირობებშიც კი.
სადავო ნორმა, გარდა იმისა, რომ სკოლის ადმინისტრაციას აყენებს არაკონსტიტუციური ქმედების წინაშე და აძლევს საშუალებას ნორმის ფარგლებში მოიქცნენ თვითნებურად, თავისი სინდისის და არა კანონის ფარგლებში, ლახავს იმ პრაქტიკოს პედაგოგთა უფლებებს, რომლებიც სადავო ნორმის ფარგლებში გათავისუფლებულ იქნენ დასაქმების ადგილებიდან, და რატომ:
დავიწყოთ იმით, რომ N 241-ე დადგენილების თავდაპირველი 2019 წლის 23 მაისის რედაქციით „მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ“ სახელწოდებაშივე განსაზღვრავს, იმას, რომ სქემა ემსახურება მასწავლებელთა პროფესიის განვითარებასა და კარიერულ წინსვლას. სქემის შესავალ ნაწილშივე მითითებულია, რომ ის ემსახურება ხარისხიანი განათლების დამკვიდრებას და ეფუძნება თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპს. ზოგად დებულებებში სქემის უმთავრესი მიზანია მოსწავლეთა შედეგების გასაუმჯობესებლად ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლება მასწავლებელთა სისტემური პროფესიული განვითარების გზით. ხოლო, სქემის ამოცანას მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის ერთიანი სისტემის დანერგვა წარმოადგენს, რომელიც უზრუნველყოფს პროფესიის პრესტიჟის ზრდას, საუკეთესო ახალი კადრების მოზიდვას, არსებული პედაგოგების კვალიფიკაციისა და მოტივაციის ამაღლებას. ხოლო, ამავე დადგენილების ახალი რედაქციით იცვლება „მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის“ ამოცანა და გვაძლევს შემდეგ რედაქციას: „სქემის ამოცანაა მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის ერთიანი სისტემის დანერგვა, რომელიც უზრუნველყოფს საუკეთესო კადრების შენარჩუნებას, არსებული მასწავლებლების მოტივაციისა და სტატუსის ამაღლებას.“ ახალი რედაქციით სქემის ამოცანა საუკეთესო კადრების შენარჩუნება და დანარჩენი „უვარგისი“ კადრების გაძევება გახდა (იხ. ახალი 30.12.2021 წლის რედაქცია).
N 241 დადგენილებით დამტკიცებული სქემის 38-ე მუხლის მე-4 პუნქტი არსობრივად ეწინააღმდეგება სქემის მიხედვით თავიდანვე განსაზღვრულ ამოცანას, მიზანსა და სქემის არსს. ჩანაწერმა გამოიწვია არა დადგენილებით თავდაპირველად განსაზღვრული მასწავლებელთა სისტემური პროფესიული განვითარება, კარიერული წინსვლა, პროფესიის პრესტიჟის ზრდა და არსებული პედაგოგების კვალიფიკაციისა და მოტივიციის ზრდა, არამედ მთლიანად „განდევნა“ პრაქტიკოსი მასწავლებელი სკოლის სისტემიდან, თან ისე თვითნებურად, რომ პედაგოგს აღნიშნული ცლილების საფუძველზე სამუდამოდ წაართვა ერთადერთი პროფესია და დაუკარგა თავისი პროფესიით დასაქმების შესაძლებლობა. სქემა არ განსაზღვრავს, როგორ შეძლებს გამოცდაჩაუბარებელი პრაქტიკოსი პედაგოგი კვლავ სკოლაში დაბრუნებას. ფაქტობრივად ეს შეუძლებელიც არის, ვინაიდან სკოლის ადმინისტრაცია მუხლის ფარგლებში ღებულობს ახალ კადრს, რომელიც იკავებს „გამოცდაჩაუბარებელი“ პედაგოგის ადგილს. აუცილებელია, სიტუაციის უკეთ დასანახად, მუხლის მოქმედების სამართლებრივი შედეგს დავაკვირდეთ რაიონებში, სადაც სულ რამდენიმე სკოლაა და „გამოცდაჩაუბარებელი“ პედაგოგი სამუდამოდ ემშვიდობება თავის დასაქმების ადგილს, რადგან შემდგომში, გამოცდის ჩაბარებით ის ვერ შეძლებს კვლავ იმავე სკოლაში დასაქმებას, ალტერნატივაც, რაიონებში, სკოლების სიმცირის გამო შეუძლებელია. ასევე, გამოდის, რომ სადავო ნორმის ფარგლებში, პედაგოგი კარგავს სახელმწიფოს მიერ გაცემული დიპლომით მინიჭებულ პედაგოგის პროფესიას, რომელიც დასტურდება სახელმწიფოს მიერ აღიარებული/აკრედიტირებული უნივერსიტეტების მიერ გაცემული დოკუმენტით, რომლის მიმართ კანონიერი ნდობა აქვთ თითოეულ პირს. აქედან გამომდინარე, ეს საკანონმდებლო ცვლილება პირდაპირ იწვევს პედაგოგთა პედაგოგის პროფესიის ჩამორთმევას, მათ არ შეუძლიათ სცადონ ბედი სხვა დასაქმების ადგილას, ვინაიდან პედაგოგის დასაქმების ადგილი მხოლოდ და მხოლოდ სკოლაა.
ნორმის არაკონსტიტუციურობა იკვეთება პედაგოგების განვითარების შესაძლებლობის წართმევაში, სადაც გამოცდის არსი მოცემული ნორმის ფარგლებში თავის მიზანს კარგავს. თითოეული გამოცდა მიმართულია პროფესიის სრულყოფის, მისი დაუფლების, პროფესიული თუ კარიერული ზრდისაკენ და არა პირიქით. გამოცდის ჩაუბარებლობამ არ შეიძლება გამოიწვიოს ერთადერთი პროფესიის ხელიდან გამოგდება, უკუსვლა, პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლების წართმევა, უმუშევრობის ზრდა, სოციალური პირობების გაუარესება და უპირველესად, პირის განვითარების მთავარი, ცხოვრებისეული მიზნის - დაუფლებული პროფესიის დაკარგვა. აღნიშნულმა ნორმამ პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის გამოცდის ჩაბარების კონკრეტული ვადის განსაზღვრით ჩაჭრა ყოველგვარი განვითარების შესაძლებლობა. ამასთან, გასათვალისწინებელია, გათავისუფლებულ პედაგოგთა ასაკი, ეს არის ძირითადად 38 წლიდან 55 წლამდე პირები, რომლებიც ფაქტიურად დარჩნენ ულუკმაპუროდ, ყოველგვარი სახელმწიფო ზრუნვის გარეშე.
აუცილებელია, აღნიშნული გარემოების მანკიერების უკეთ დასანახად, რომ წლების მანძილზე ან/და ახალად დასაქმებული პრაქტიკოსი პედაგოგისთვის ამ უკანასკნელი გამოცდის ჩაბარების შანსის მიცემა და ვერ ჩაბარების შემთხვევაში მისი სკოლიდან გაშვება იწვევს მისი ერთადერთი პროფესიის დაკარგვას და დისკრიმინირებულ მდგომარეობაში ჩაგდებს, სხვა პროფესიის პირებთან შედარებით, სიტუაცია შევადაროთ კონკრეტულ ვითარებას, თუ როგორ რეგულირდება მსგავი ურთიერთობა სხვა პროფესიის პირებთან. მაგალითად, იურისტები, უმაღლესი სასწავლებლის დასრულებით ეუფლებიან პროფესიას, ხოლო გამოცდის ჩაბარებით სპეციალიზირდებიან გარკვეული მიმართულებებით - აბარებენ ადვოკატის, მოსამართლის ან პროკურორის გამოცდებს. აღნიშნულიდან, რომელიმეს ვერ ჩაბარების შემთხვევაში იურისტს შეუძლია დასაქმდეს ნებისმიერ იურიდიულ ფირმაში - იურისტად, ის არ კარგავს თავის პროფესიას (როგორც ეს აღნიშნული დადგენილების სადავო მუხლით ხდება პედაგოგის შემთხვევაში). ადვოკატის გამოცდის ჩაუბარებლობის შემთხვევაში მას შეუძლია უსასრულოდ სცადოს ბედი ამ მიმართულებით ან გადავიდეს პროკურორის, გამომძიებლის ან კიდევ, სამოსამართლეო კვალიფიკაციაზე. აქედან გამომდინარე, გამოცდების ჩაბარებით იურისტი იძენს სპეციალობა/კვალიფიკაციას გარკვეული მიმართულებით და არა პროფესიას, შესაბამიად, ის არ კარგავს თავის პროფესიას გამოცდის ვერ ჩაუბარებლობით, არცერთ შემთხვევაში. ხოლო მასწავლებლებთან მიმართებით - გამოცდის ჩაბარების კონკრეტული ვადის დაწესებით სახელმწიფოს ნორმის კონსტიტუციურობის ზღვარი დაერღვა. სახელმწიფო მასწავლებელს ჯერ უნივერსიტეტის დასრულებით აძლევს პროფესიას და შემდგომ კვალიფიკაციის ასამაღლებელი გამოცდების „ვერ ჩაბარებით“ ართმევს მას, რომლის შემდგომ მასწავლებელს ყველა გზა ეჭრება თავისი პროფესიით დასაქმების. აი, აქ კარგავს თავდაპირველ მიზანს და ამოცანას სადავო დადგენილებით ნორმის ცვლილება, რამაც დისკრიმინაციული ხასიათი და არაკონსტიტუციური მიმართულება შეიძინა. მაშინ, როცა დადგენილების თავდაპირველი მიზანი იყო მოსწავლეთა შედეგების გასაუმჯობესებლად ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლება მასწავლებლის სისტემური პროფესიული განვითარების გზით. ხოლო სქემის ამოცანას მასწავლებლის პროფესიული განვითარება და კარიერული წინსვლის ერთიანი სისტემის დანერგვა წარმოადგენდა, რომელიც უზრუნველყოფდა პროფესიის პრესტიჟის ზრდას, საუკეთესო ახალი კადრების მოზიდვას, არსებული პედაგოგების კვალიფიკაციისა და მოტივაციის ამაღლებას. არსებულმა ცვლილებამ განვითარება დასჯით შეცვალა. მაშინ, როდესაც დადგენილების ზემოაღნიშნული მიზნები შესაძლებელია მიღწეულ იქნას სხვა, უფრო ჰუმანური საშუალებებით, რაც არ გამოიწვევს გარკვეული ჯგუფის ჩაგვრას, დისკრიმინაციას, ღირსების შელახვას, შრომით უფლებების წართმევას, პიროვნული განვითარების უფლების უგულვებელყოფასა და სხვა კონსტიტუციით გარანტირებული ძირითადი უფლებების ხელყოფას. ამ მიზნის მიღწევის საშუალება შეიძლება იყოს უკვე დასაქმებულ პედაგოგთა გადამზადება, გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობის მიცემა ვადის განსაზღვრის გარეშე, დატრენინგება და მრავალი სხვა.
აქედან გამომდინარე, სადავო ნორმის მოქმედებით ვდგებით შემდეგ ძირითადი პრობლემების წინაშე: 1. პირი, რომელიც ამთავრებს უნივერსიტეტს და მასზე გაიცემა სახელმწიფოს აკრედიტირებული უნივერსიტეტის მიერ ცოდნისა და კომპეტენციის დამადასტურებელი დიპლომი, რომლის მიმართ პირს აქვს ლეგიტიმური ნდობა, მთავრობის მიერ მიღებული ნორმატიული აქტით (გამოცდის ჩაბარების გარკვეული ვადის განსაზღვრით), საგამოცდო შედეგის წარუმატებლობის შემთხვევაში, ფაქტობრივად კარგავს სახელმწიფოს მიერ აღიარებული ცოდნის/კომპეტენციის დამადასტურებელ დიპლომს, შესაბამისად ის კარგავს თავის პროფესიას და პროფესიით დასაქმების შესაძლებლობას. 2. აღნიშნული სადავო ნორმის ფარგლებში სკოლის ადმინისტრაცია იძულებული ხდება, ნორმის ქოლგის ქვეშ, მოიქცეს თვითნებურად და, მიუხედავად იმისა, დადგენილებით განსაზღვრული არ არის როგორ დაასრულოს ურთიერთობა „გამოცდაჩაუბარებელ“ პედაგოგთან ის ან წყვეტს მასთან შრომით ხელშეკრულებას, ან უწერს გათავისუფლების ბრძანებას ან ინარჩუნებს „გამოცდაჩაუბარებელ“ კადრს. ამასთან, ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ თუ სკოლა კონკურსის საფუძველზე ვერ მოიძიებს ახალ კადრს იძულებული ხდება დატოვოს „გამოცდაჩაუბარებელი“ პრაქტიკოსი პედაგოგი დასაქმების ადგილას და დაკმაყოფილდეს მისი ცოდნით. ან კიდევ აცხადებს კონკურს და კონკურსის საფუძველზე იღებს გამოცდაჩაუბარებელ მასწავლებლობის მაძიებელს. აქედან გამომდინარე, სადავო ნორმით, უმეტეს შემთხვევაში, ლეგიტიმური მიზანი - სწავლის ხარისხის ამაღლება, ნაწილობრივაც კი არ მიიღწევა. 3. სადავო ნორმის ფარგლებში აზრს კარგავს გამოცდის არსი, რომლის მიზანიც არის და უნდა იყოს წინსვლისა და განვითარებისკენ სწრაფვა. ჩვენს შემთხვევაში გამოცდა გვევლინება, როგორც მახე, რაც არსობრივად ართმევს პირს მომავალში პროფესიული ზრდისა და თავისუფალი განვითარების უფლების შესაძლებლობას. 4. როგორც ზოგადი - განათლების ხარისხის ამაღლება, ისე კონკრეტული მიზნის, რაც გაწერილია „მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ“ დებულებაში მიღწევის ქვაკუთხედად არ შეიძლება გავხადოთ ჩაგვრა, განვითარების უფლების წართმევა, დისკრიმინაცია, დამცირება, ღირსების შელახვა, შრომის უფლების წართმევა, სასოწარკვეთა, უიმედობა, დაუცველობის შეგრძნება, პირთა დამცირება, რაც საერთო ჯამში ზეგავლენას ახდენს სოციალურ პირობების გაუარესებასა და უმუშევრობის ზრდაზე. მაშინ, როდესაც ძირითადი მიზნის - სწავლის ხარისხის ზრდა შესაძლებელია მიღწეული იქნას სხვა ათასგვარი საშუალებებით (პედაგოგთა გადამზადებით, დატრენინგებით, გამოცდის ჩაბარების შესაძლებლობის მიცემით, ვადის განსაზღვრის გარეშე), რაც არ გამოიწვევს ადამიანის კონსტიტუციით გარანტირებული ძირითადი უფლებების დარღვევას. ჩვენს შემთხვევაში სადავო ნორმის ფარგლებში არსად ჩანს სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულება იზრუნოს ყოველივე ამ სიკეთეთა დაცვაზე და სახელმწიფოს უნარი მიზნის მისაღწევად (რომელიც სადავო ნორმის ფარგლებში ფაქტიურად არც მიიღწევა) გამოიყენოს კონსტიტუციური უფლების ნაკლებმზღუდავი საშუალება.
2. საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველი პუნქტით დაცული უფლების სფერო
„ადამიანის ღირსება ხელშეუვალია და მას იცავს სახელმწიფო“[1]. ადამიანის ღირსება ყველა ძირითადი უფლების საფუძველია. ადამიანის უფლებათა ბუნებითი წარმოშობის აღიარება სწორედ ადამიანის ღირსების აღიარებას გულისხმობს. ადამიანს, რომ ღირსება აქვს, ამიტომ გააჩნია სიცოცხლის, თავისუფლების, თანასწორობის, ბედნიერების და ღირსეული სიცოცხლის უფლებები. სწორედ ადამიანის ღირსებაში ძევს უფლებათა ლეგიტიმურობის საფუძველი. ადამიანის უფლებათა არაერთ უნივერსალურ თუ რეგიონალურ სამართლებრივ აქტში ადამიანის ღირსებას სპეციფიური, სრულიად გამორჩეული როლი აქვს მიკუთვნებული ადამიანის უფლებათა შორის. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის პრეამბულის პირველივე დებულებაში გაცხადებულია, რომ დეკლარაცია ეყრდნობა „ადამიანის ხელშეუვალი, თანაარსი ღირსების, თანასწორობისა და განუყოფელი უფლებების აღიარებას“. დეკლარაციის პირველივე მუხლიც ადამიანის ხელშეუვალ ღირსებას ეძღვნება. ადამიანის ღირსების პირველადი, წარმმართველი და ფართო მნიშვნელობა კარგად არის გამოკვეთილი ძირითადი უფლებების შესახებ ევროპის კავშირის ქარტიაში. [2] სახელმწიფო ადამიანის ღირსებას იცავს ადამიანისთვის ღირსეული ცხოვრების პირობების შექმნით, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა მიიღოს განათლება, დაეუფლოს ამა თუ იმ პროფესიას, დასაქმდეს და გააჩნდეს კანონიერი შემოსავალი, რაც აუცილებელია პირადად მისი და მისი ოჯახის ღირსეული ცხოვრებისათვის.[3]
ადამიანი, როგორც გონიერი, დამოუკიდებელი და თავისუფალი მოცემულობა, არასოდეს უნდა იქცეს „მიზნის მიღწევის საშუალებად“, იგი ყოველთვის „მიზანი“ უნდა იყოს. ეს იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფოს ნებისმიერი საქმიანობა ცელკეულ ინდივიდებისა თუ მთელი საზოგადოების ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს.
ადამიანის ღირსება გააჩნია უკლებლივ ყველა ადამიანს ასაკის, ეროვნების, წარმოშობის, სქესის, ქონებრივი მდგომარეობისა და ნებისმიერი სხვა სტატუსის მიუხედავად.[4]
ადამიანის ღირსება უზრუნველყოფილია რამდენიმე ძირითადი მიმართულებით, როგორიცაა ადამიანის ფიზიკური და სულიერი ხელშეუხებლობა; ადამიანთა თანასწორობის უზრუნველყოფა; ადამიანისათვის ღირსეული ცხოვრების პირობების შექმნა. [5]
უსამართლო კანონი თუ სახელმწიფოს ნებისმიერი თვითნებობა ადამიანის ღირსებას ლახავს. საქართველოს მოქალაქეები ცხოვრობენ დემოკრატიულ სახელმწიფოში და გააჩნიათ ლეგიტიმური მოლოდინი სამართლის უზენაესობის დაცვისა, მოლოდინი იმისა, რომ სამართლიანი კანონები სამართლიანად და ადეკვატურად იქნება მათ მიმართ გამოყენებული და ისინი არ გახდებიან ხელისუფლების თვითნებობის მსხვერპლი. ქვეყანაში დამკვიდრებული სამართლებრივი სისტემა მოქალაქეებს არ უნდა უქმნიდეს დაუცველობის განცდას, რომელიც უიმედობასა და სასოწარკვეთას იწვევს. ადამიანს უნდა ჰქონდეს რწმენა, რომ მისი უფლებები და ინტერესები არ შეილახება უკანონოდ და უსამართლოდ, ხოლო ასეთის შემთხვევაში მის განკარგულებაში იქნება სამართლებრივი დაცვის საშუალებანი, რომლებსაც ის გამოიყენებს თავისი დარღვეული უფლებების აღდგენა-გამოსწორებისათვის.[6]
3. საქართველოს კონსტიტუციის მე - 11 მუხლის პირველი პუნქტით დაცული უფლების სფერო
„ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა“. აღნიშნული კონსტიტუციური დანაწესი ახდენს არა მხოლოდ კანონის წინაშე თანასწორობის ძირითადი უფლების რეგლამენტირებას, არამედ, ასევე წარმოადგენს კანონის წინაშე თანასწორობის ფუნდამენტურ კონსტიტუციურ პრინციპს, „რომელიც, ზოგადად, გულისხმობს ადამიანების სამართლებრივი დაცვის თანაბარი პირობების გარანტირებას. კანონის წინაშე თანასწორობის უზრუნველყოფის ხარისხი ობიექტური კრიტერიუმია ქვეყანაში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების უპირატესობით შეზღუდული სამართლის უზენაესობის ხარისხის შეფასებისათვის. ამდენად, ეს პრინციპი წარმოადგენს დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს როგორც საფუძველს, ისე მიზანს“. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება №1/1/493 საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები: „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-1; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 11 ივნისის №1/3/534 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ტრისტან მამაგულაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2).[7]
„საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის ძირითადი არსი და მიზანი არის „ანალოგიურ, მსგავს, საგნობრივად თანასწორ გარემოებებში მყოფ პირებს სახელმწიფო მოეპყროს ერთნაირად, არ დაუშვას არსებითად თანასწორის განხილვა უთანასწოროდ და პირიქით“.[8]
დემოკრატიულ საზოგადოებაში კანონის წინაშე თანასწორობა ერთ-ერთი უმთავრესი სამართლებრივი პრინციპია. ყველა ადამიანი განურჩევლად მისი რასობრივი, ენობრივი, სოციალური, მსოფლმხედველობრივი თუ სხვა კუთვნილებისა, ექვემდებარება ერთი და იმავე კანონს, რომ ეს კანონი თანაბრად უნდა იქნეს მათ მიმართ გამოყენებული. ადამიანის უფლებათა საყოვეთაო დეკლარაციის მე-7 მუხლის მიხედვით, ყველა ადმიანი თანსწორია კანონის წინაშე და გააჩნია თანაბარი სამართლებრივი დაცვა კანონის საფუძველზე.
კანონის წინაშე თანასწორობა მოითხოვს, რომ არცერთ ადამიანს ან ადამიანთა ჯგუფს არ შეიძლება უარი ეთქვას უფლებებთან მიმართებაში კანონით უზრუნველყოფილ ისეთივე დაცვაზე, რითაც სარგებლობენ სხვები მსგავს პირობებსა და გარემოებებში. კანონის წინაშე თანასწორობა გულისხმობს მხოლოდ ადამიანთა იურიდიულ თანასწორობას, როგორც სამართალშემოქმედების, ისე სამართალგამოყენების პროცესში სახელმწიფო სწორედ ამ პრინციპით უნდა ხელმძღვანელობდეს. (საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება N1/1/439 საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები: „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ II-2; საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილება N 1/1/477 საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-68; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 11 ივნისის N1/3/534 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალქე ტრისტან მამაგულაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ , II-5).[9]
„თანასწორობის ძირითადი უფლება სხვა კონსტიტუციური უფლებებისგან იმით განსხვავდება, რომ ის არ იცავს ცხოვრების რომელიმე განსაზღვრულ სფეროს. თანასწორობის პრინციპი მოითხოვს თანაბარ მოპყრობას ადამიანის უფლებებითა და კანონიერი ინტერესებით დაცულ ყველა სფეროში... დისკრიმინაციის აკრძალვა სახელმწიფოსგან მოითხოვს, რომ მის მიერ დადგენილი ნებისმიერი რეგულაცია შეესაბამებოდეს თანასწორობის ძირითად არსს – არსებითად თანასწორებს მოეპყროს თანასწორად და პირიქით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება №1/1/493 საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები: „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-4; საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილება №1/1/539 საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბესიკ ადამია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-4.).[10]
„საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლი კრძალავს როგორც პირდაპირ, ისე არაპირდაპირ დისკრიმინაციას. იმავდროულად, ნებისმიერი განსხვავებული მოპყრობა, თავისთავად, დისკრიმინაციას არ ნიშნავს. ცალკეულ შემთხვევაში, საკმარისად მსგავს სამართლებრივ ურთიერთობებშიც კი, შესაძლოა, დიფერენცირებული მოპყრობა საჭირო და გარდაუვალიც იყოს. ეს ხშირად აუცდენელია. შესაბამისად, დიფერენცირება საზოგადოებრივი ურთიერთობების სხვადასხვა სფეროსთვის უცხო არ არის, „თუმცა თითოეული მათგანი არ უნდა იყოს დაუსაბუთებელი“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება №1/1/493 საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები: „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-8; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 11 ივნისის №1/3/534 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ტრისტან მამაგულაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-6). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთხელ აღნიშნა, რომ დიფერენცირებული მოპყრობის დისკრიმინაციულობის შეფასებისას და დადგენისას ის მიმართავს შემდეგ ძირითად მიდგომას: „დიფერენცირებული მოპყრობისას ერთმანეთისგან უნდა განვასხვაოთ დისკრიმინაციული დიფერენციაცია და ობიექტური გარემოებებით განპირობებული დიფერენციაცია. განსხვავებული მოპყრობა თვითმიზანი არ უნდა იყოს. დისკრიმინაციას ექნება ადგილი, თუ დიფერენციაციის მიზეზები აუხსნელია, მოკლებულია გონივრულ საფუძველს. მაშასადამე, დისკრიმინაცია არის მხოლოდ თვითმიზნური, გაუმართლებელი დიფერენციაცია, სამართლის დაუსაბუთებელი გამოყენება კონკრეტულ პირთა წრისადმი განსხვავებული მიდგომით. შესაბამისად, თანასწორობის უფლება კრძალავს არა დიფერენცირებულ მოპყრობას ზოგადად, არამედ მხოლოდ თვითმიზნურ და გაუმართლებელ განსხვავებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება №1/1/493 საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები: „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-3; საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილება №1/1/539 საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბესიკ ადამია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-6).
სადავო ნორმის საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლთან მიმართებით შეფასებისათვის, პირველ რიგში, უნდა დადგინდეს, არიან თუ არა სადავო ნორმის მოქმედების ადრესატები/სუბიექტები არსებითად თანასწორნი ამ ნორმით განსაზღვრული კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში და, ასეთის დადასტურების შემთხვევაში, არის თუ არა სახეზე არსებითად თანასწორი პირების მიმართ არათანასწორი მოპყრობა.[11]
შესაბამისად, კონსტიტუციის მე-11 მუხლით დაცულ უფლებაში ჩარევის დასადგენად უპირველეს კრიტერიუმს წარმოადგენს ის, თუ რამდენად არიან კანონის საფუძველზე დიფერენცირებულ მდგომარეობაში მყოფი პირები არსებითად თანასწორნი ან თანაბარ სამართლებრივ სიტუაციაში მყოფი პირები რამდენად არიან არსებითად არათანასწორ კონკრეტულ ურთიერთობაში. ამგვარად, უნდა არსებობდეს დიფერენცირების ფაქტი არსებითად თანასწორ პირებს შორის ან არსებითად არათანასწორ პირებს სახელმწიფო ერთნაირად უნდა ეპყრობოდეს. ამ თვალსაზრისით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიდგომა ერთგვაროვანია მისი დაარსების დღიდან, რაც ნათლად ჩანს მის გადაწყვეტილებებში.
ერთ-ერთ თავის გადაწყვეტილებაში საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელემ უნდა მიუთითოს კონსტიტუციის მე-11 მუხლში ჩამოთვლილი რომელი ნიშნით დაირღვა მისი თანასწორობის უფლება, რათა სასამართლომ იმსჯელოს დარღვეული უფლების შესახებ. “სასამართლო კოლეგია აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის დასახელებული დებულება ძირითადად მოიცავს ადამიანის დაბადებით თავისუფლებისა და კანონის წინაშე თანასწორობის უფლებას. კერძოდ, უფლება დარღვეული უნდა იყოს საქართველოს კონსტიტუციის დებულებაში მოცემული ჩამონათვალიდან რაიმე ნიშნის მიხედვით“.[12]
საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლი ადგენს ადამიანთა კანონის წინაშე თანასწორობის უფლებას განურჩევლად მათი სოციალური კუთვნილებისა. კონსტიტუციის აღნიშნული დანაწესი იცავს მოქმედი საკანონმდებლო ნორმის წინაშე ადამიანთა ამ ნიშნით თანასწორობას. იგი არ მოიაზრებს ადამიანის დაცვას მისი სოციალური წარმოშობის ან სადავო ნორმატიული აქტის მიღებამდე არსებულ მათ რომელიმე სტატუსთან მიმართებით. კონსტიტუციის ხსენებული დებულების დაცვა მიმართულია იმ პირებისკენ, რომელთა სოციალური კუთვნილება არსებობს დიფერენცირების დამდგენი ნორმის მიღების ან მოქმედების რომელიმე ეტაპზე. [13]
ამ საქმეში სასამართლომ განმარტა სოციალური ჯგუფის არსებობის დადგენის კრიტერიუმები. სასამართლომ განაცხადა: იმისთვის, რომ კანონი ახდენდეს პირთა სოციალური კუთვნილების ნიშნით დიფერენცირებას, საჭიროა მისი მიღების ან მოქმედების პერიოდში არსებობდეს კონკრეტული სოციალური ჯგუფი, რომლის წევრობასაც უკავშირდება დიფერენცირება. შეიძლება თუ არა პირთა ამა თუ იმ წრის განხილვა სოციალურ ჯგუფად, უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში. სოციალური ჯგუფის არსებობის დადგენის კრიტერიუმები არ არის ცალსახა და ამომწურავი, თუმცა ზოგადი სურათის შესაქმნელად, პირობითად შესაძლებელია რამდენიმე მათგანის მითითება: 1. ჯგუფის წევრებს უნდა ახასიათებდეთ საერთო, მუდმივი ბუნება, რომელიც შეიძლება ჩამოყალიბდეს პირის არჩევანის ან მისგან დამოუკიდებელი გარემოებების (ფაქტორების) გამო. მისი შეცვლა არ არის დამოკიდებული ჯგუფის წევრებზე ან იმდენად ფუნდამენტურია მათი პიროვნებისათვის, რომ მისი შეცვლის მოთხოვნა გაუმართლებელია. 2. სოციალურ ჯგუფად შეიძლება მოვიაზროთ პირთა წრე, რომლის წევრებიც მჭიდროდ არიან დაკავშირებული მსგავსი იმიჯის, ქცევების ან/და ინტერესების საფუძველზე. ამავე დროს, ორივე შემთხვევაში ჯგუფის წევრებს უნდა ჰქონდეთ ისეთი ბუნება (თვისებები), რომელიც საშუალებას მისცემდა გარეშე პირებს, მოეხდინათ მათი როგორც კონკრეტული სოციალური ჯგუფის წევრების იდენტიფიცირება. თუმცა საკონსტიტუციო სასამართლო არ გამორიცხავს ისეთ პირთა წრის არსებობას, რომელიც ამ კრიტერიუმების დაკმაყოფილების გარეშეც შეიძლება ჩაითვალოს სოციალურ ჯგუფად.[14]
,,კანონის წინაშე თანასწორობის უფლების ბუნებიდან გამომდინარე, მასში ჩარევისას, სახელმწიფოს შეხედულების ფარგლები განსხვავებულია, განსაკუთრებით იმის მიხედვით, რა ნიშნით ან საზოგადოებრივი ცხოვრების რომელ სფეროში ახდენს ის პირთა დიფერენციაციას. შესაბამისად, განსხვავებული მოპყრობის გონივრულობის შეფასების მასშტაბიც განსხვავებულია: ცალკეულ შემთხვევაში ის შეიძლება გულისხმობდეს ლეგიტიმური საჯარო მიზნების არსებობის დასაბუთების აუცილებლობას (როგორებიცაა, სახელმწიფო უშიშროება, საზოგადოებრივი წესრიგი, კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვის კონსტიტუციითვე დასახელებული კონკრეტული საჯარო ინტერესები); სხვა შემთხვევებში ხელშესახები უნდა იყოს შეზღუდვის საჭიროება თუ აუცილებლობა; ზოგჯერ შესაძლოა საკმარისი იყოს დიფერენციაციის მაქსიმალური რეალისტურობა, მათ შორის, მაგალითად, კონკრეტული გარემოებების რეალურად თავიდან აცილების შეუძლებლობის მიზეზით გამოწვეული დიფერენციაცია. ამ უკანასკნელ შემთხვევაში დისკრიმინაციაზე საუბარი არ შეიძლება, თუ არათანასწორი მიდგომა ექვემდებარება გონივრულ ახსნას, გამართლებას, რაციონალიზაციას.”[15]
”განსხვავებულია სასამართლოს კრიტერიუმებიც დიფერენცირებული მოპყრობის დისკრიმინაციულობის შეფასებისთვის. კლასიკური, სპეციფიური ნიშნებით დიფერენციაციისას სასამართლო იყენებს მკაცრი შეფასების ტესტს და ნორმას აფასებს თანაზომიერების პრინციპის მიხედვით, ამასთან, “მკაცრი ტესტის” ფარგლებში ლეგიტიმური მიზნის დასაბუთებისას საჭიროა იმის მტკიცება, რომ სახელმწიფოს მხრიდან ჩარევა არის აბსოლუტურად აუცილებელი, არსებობს “სახელმწიფოს დაუძლეველი ინტერესი”. [16]
აღნიშნულ შემთხვევაში საქმე გვაქვს დიფერენციაციის მაღალ ინტენსივობასთან და შესაბამისად, სასამართლომ უნდა გამოიყენოს მისი შეფასების „მკაცრი ტესტი“.
აქ მნიშვნელოვანია, დამატებით აღვნიშნოთ ის, რომ სადავო დადგენილებით სტატუსშეწყვეტილი, სკოლიდან გათავისუფლებული ან გათავისუფლების საფრთხის ქვეშ მყოფი პედაგოგების დიდი ნაწილი ბევრად დისკრიმინირებულ მდგომარეობაში იმყოფებიან იმ პედაგოგებთან შედარებით, რომლებმაც გასულ წლებში, პროფესიული განვითარების სისტემის დანერგვიდან დაიწყეს გამოცდის ჩაბარების მცდელობა, გამოდის, რომ ზოგიერთ პედაგოგს წლების განმავლობაში ჰქონდათ შანსი აემაღლებინათ მასწავლებლის გამოცდით კვალიფიკაცია. ანუ, მათ შემთხვევაში, საქმე ეხებოდა მხოლოდ კვალიფიკაციის ამაღლებას, ხოლო, დღეს, სადავო ნორმის ფარგლებში პედაგოგებს, რომლებიც დარეგისტრირდნენ 2020 წლის 1 თებერვლიდან 2020 წლის 30 აპრილის ჩათვლით მასწავლებლის გამოცდაზე, გამოცდის ჩაბარების უკანასკნელი შანსი მიეცა და მოექცა დისკრიმინირებულ მდგომარეობაში.
მასწავლებელთა მდგომარეობა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ასევე უნდა შევადაროთ სხვა პროფესიის პირთა მდგომარეობას, რომელთაც უსასრულოდ აქვთ განვითარებისა და გამოცდების ჩაბარებით ცოდნის გაუმჯობესების შესაძლებლობა.
სახელმწიფო თანასწორობის პრინციპთან მიმართებით ვალდებულია თანასწორ შემთხვევებს ერთგვაროვნად მოეპყრას, ხოლო არათანასწორს – განსხვავებულად. ამასთან, იგი არ უნდა იყოს თვითნებური და არსებითად უნდა იყოს დაკავშირებული ლეგიტიმური მიზნების მიღწევასთან.[17]
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლით დაცული უფლების სფერო
საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის თანახმადაც „ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება“ ეს მუხლი განამტკიცებს დემოკრატიული საზოგადოების მთავარ მონაპოვარს, რომ ადამიანის პიროვნულობა უზენაესი ღირებულებაა. პიროვნულობა განსაზღვრავს ინდივიდის არსს, მიუთითებს ადამიანის ყველაზე მკაფიო და ტიპურ მახასიათებლებზე, რომლებიც მას სხვა ადამიანებისაგან განასხვავებს. ადამიანის პიროვნება მუდმივად იზრდება და ვითარდება, შესაბამისად, საკუთარი პიროვნების განვითარებისთვის მას ჭირდება თავისუფლება, თავისუფლების უფლების გარანტირებულობა. მე-12 მუხლი იცავს არა რომელიმე კონკრეტულ თავისუფლებას, არამედ საგანგებოდ ითვალისწინებს პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებას.[18]
ამავე განჩინებაში სასამართლომ ისაუბრა სხვა ადამიანებთან პერსონალური კავშირის შენარჩუნებაზე, როგორც პირადი ცხოვრების უფლების და პიროვნული განვითარების უფლების განსაკუთრებულ ასპექტზე: „პირადი ცხოვრების კონსტიტუციური უფლება თავისუფლების კონცეფციის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. ეს არის პიროვნების უფლება მისი შეხედულებით ჩამოაყალიბოს და განავითაროს ურთიერთობები სხვა ადამიანებთან, განსაზღვროს საკუთარი ადგილი, დამოკიდებულება და კავშირი გარე სამყაროსთან. პირადი ცხოვრების უფლება არის თითოეული ინდივიდის დამოუკიდებელი განვითარების საფუძველი. ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა არის ინდივიდის ავტონომიურობის, დამოუკიდებელი განვითარების, მისი ღირსების დაცვის წინაპირობა.“[19]
როგორც ადამიანის განვითარების შესახებ გაეროს დეკლარაციაშია აღნიშნული, „ადამიანის პიროვნება ცენტრალური საგანია განვითარებისა და სწორედ იგი უნდა იყოს განვითარების უფლების აქტიური მონაწილე და მოსარგებლე“.[20] ადამიანის პიროვნების თავისუფალი განვითარების გარეშე შეუძლებელია საზოგადოებრივი პროგრესი, თითოეული ადამიანის პიროვნული ბედნიერება. ადამიანის პიროვნების თავისუფალი განვითარება უზრუნველყოფს მისი ნიჭის, პიროვნული შესაძლებლობებისა და უნარის განვითარებას და, ამ თვალსაზრისით, იგი ადამიანის ღირსების უფლების განუყოფელი ნაწილია. შესაძლებლობების განვითარებით, ცოდნის მიღებით, გარესამყაროსთან მისი ურთიერთქმედების შედეგად ყალიბდება ადამიანი თავისუფალ პიროვნებად, რომლის გარეშეც წარმოუდგენელია დემოკრატიული საზოგადეოების არსებობა. პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება კონკრეტული უფლებების აღიარებითა და მათი დაცვითაა უზრუნველყოფილი. გაეროს დეკლარაციის (განვითარების უფლების შესახებ) მე-2 მუხლით, რომელიც გაერომ სწორედ ამ უფლების დაცვას მიუძღვნა აღნიშნულია, რომ: „ყველა ადამიანს გააჩნია პასუხისმგებლობა თავისი განვითარებისა ... ისევე, როგორც მოვალეობები საზოგადოების წინაშე, რამდენადაც მხოლოდ საზოგადოებას ძალუძს უზრუნველყოს თითოეული ადამიანის სრული და თავისუფალი განვითარება“.
პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება ადამიანის ხელშეუვალი უფლებაა, რომლის ძალითაც თითოეულ პიროვნებას საშუალება ეძლევა მონაწილეობა მიიღოს, თავისი წვლილი შეიტანოს და ისარგებლოს ეკონომიკური, სოციალური, კულტურული და პოლიტიკური განვითარებით, რომელშიც ადამიანის უფლებები და ძირითადი თავისუფლებების რეალიზაცია შეიძლება განხორციელდეს. იგი მოიცავს ადამიანის ცხოვრების სხვადასხვა სფეროს, როგორიცაა: ცოდნის შეძენა, დაქორწინების, შვილების გაჩენის, პიროვნების თვითგამორკვევის, პროფესიისა და საქმიანობის შერჩევის, საზოგადოებრივი საქმიანობის, პოლიტიკური, კულტურული, ეკონომიკური და სოციალური ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობის უფლებას, რომლებიც თავისუფალი ადამიანის განვითარებისა და მისი ბედნიერებისთვისაა აუცილებელი. იგი თანაბრად მოიცავს ადამიანის ფიზიკური, შემეცნებითი, მორალური და სოციალური განვითარების და მისი ბედნიერებისთვისაა აუცილებელი. იგი თანაბრად მოიცავს ადამიანის ფიზიკური, შემეცნებითი, მორალური და სოციალური განვითარების სფეროებს; როგორც მისი ფიზიკური ყოფიერების, ისე სულიერ, ინტელექტუალურ ასპექტებს.
5. საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველი პუნქტით დაცული უფლების სფერო
ადამიანის თავისუფლება დაცულია და იგი მოიცავს ადამიანის ცხოვრების ყველა ასპექტს, სადაც საკუთარი შეხედულებით არსებობის, ქმედებისა თუ არჩევანის გაკეთების უფლება გამართლებულია, მართლზომიერია. იგი უკავშირდება ინდივიდს, როგორც ავტონომიურ მოცემულობას, მორალურ სუბიექტს; გულისხმობს თვითგამორკვევის, საკუთარი ნების მოქმედების თავისუფლებას გარეშე კონტროლის, დაბრკოლებისა და შეზღუდვის გარეშე, გარდა ისეთისა, რომლებიც შეიძლება დაწესდეს სამართლიანი და აუცილებელი კანონებითა და სოციალური ცხოვრების ვალდებულებებით.[21] შესაბამისად, ადამიანისთვის ეს არის გარეშე თვითნებური ჩარევისაგან თავისუფალი სივრცე - არ დაექვემდებაროს უკანონო შეზღუდვებს; ისარგებლოს ყოველგვარი ცხოვრებისეული სიკეთით; განავითაროს თავისი პიროვნება; შეიძინოს ცოდნა; იცხოვროს და იმუშაოს თავისი არჩევანის შესაბამისად; ეწეოდეს ნებისმიერ კანონიერ საქმიანობას; და, საერთოდ, ეზიაროს ნებისმეირ სიკეთეს, რაც დიდი ხანია თავისუფალი ადამიანის ბედნიერებისკენ სწრაფვის კანონიერ უფლებადაა მიჩნეული.[22]
თავისუფლებაში ჩარევის ღონისძიება უნდა ითვალისწინებდეს შესაძლებლად მინიმალურ ზიანს. როდესაც კანონიერი მიზნის მიღწევა შესაძლებელია თავისუფლებისათვის ნაკლები ზიანის მიყენებით, სახლემწიფომ არ უნდა გამოიყენოს უფრო მეტი ზიანის შემცვლელი ღონისძიება.[23]
გარეთ გაშვებული „გამოცდაჩაუბარებელი“ პედაგოგების შემთხვევაში, სახელმწიფო ხელყოფს პირის თავისუფალ ნებას, დასაქმდეს თავისუფლად, მისი არჩეული და დაუფლებული პროფესიის მიხედვით. ამასთან, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე - 7 მუხლის მიხედვით, ყველა ადამიანი თანასწორია კანონის წინაშე და გააჩნია თანაბარი სამართლებრივი დაცვა კანონის საფუძველზე. ყველას გააჩნია თანაბარი დაცვა დისკრიმინაციისა და ასეთი დისკრიმინაციისაკენ წაქეზების წინააღმდეგ. კანონის წინაშე თანასწორობა მოითხოვს, რომ არცერთ ადამიანს ან ადამიანთა ჯგუფს არ შეიძლება უარი ეთქვას უფლებებთან მიმართებაში კანონით უზრუნველყოფილ ისეთივე დაცვაზე, რითაც სარგებლობენ სხვები მსგავს პირობებსა და გარემოებებში.[24]
6. საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცული უფლების სფერო
სადავო მუხლი პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის ასევე საქართველოს კონსტიტუციის 26 -ე მუხლით გარანტირებულ შრომის თავისუფლებასთან. ვინაიდან N 241 დადგენილების საფუძველზე გათავისუფლებული პედაგოგები კარგავენ კონსტიტუციით, ადამიანის ძირითადი უფლებებითა და თავისუფლებების თავით გარანტირებულ შრომის უფლებას და რჩებიან სამუშაოს, პროფესიული დასაქმების ადგილის მიღმა, რომელთაც ყველანაირ ალტერნატივას ართმევს სახელმწიფო, დასაქმდნენ თავისი პროფესიით. მოგეხსენებათ, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის და შესაბამისად ახალი კადრის დასაქმების შემდეგ შეუძლებელია და წარმოუდგენელი უკან დაბრუნება, მიუხედავად იმისა მისცემს თუ არა სახელმწიფო პედაგოგებს გამოცდების ხელახლა ჩაბარების შესაძლებლობას. აი, აქ წყდება კონსტიტუციური კავშირი კონსტიტუციით გარანტირებულ შრომით უფლებასა და მოქმედ დადგენილებას შორის. პრაქტიკაშიც, რომ განვიხილოთ სადავო დადგენილების კოქმედება, ხდება ასე: უმეტესად რაიონებში კადრების სიმცირის გამო, დირექტორები ათავისუფლებს „გამოცდაჩაუბარებელ კადრს“ და აცხადებს კონკურს, სადაც იღებს მაძიებელ პედაგოგს, რომელსაც ამ ეტაპისთვის არ აქვს გამოცდა ჩაბარებული. შრომის კოდექსი კი შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის ერთ-ერთ საფუძვლად დასაქმებულის კვალიფიკაციის ან პროფესიული უნარ-ჩვევების მის მიერ დაკავებულ თანამდებობასთან/შესასრულებელ სამუშაოსთან შეუსაბამობას განიხილავს. სადავო ნორმის ფარგლებში კი გამოდის, ამ პირობით უწყვეტს სკოლის ადმინისტრაცია პედაგოგს შრომითი საქმიანობას, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ვერ პოულობს „უკეთესს“ კადრს და ვაკანსიით იღებს მაძიებელი პედაგოგს (იხ. თანდართული დოკუმენტი გამოცხადებული ვაკანსიის შესახებ).
შრომის უფლება, რომ განვიხილოთ ტერმინოლოგიურად, კონვენცია შრომისა და დასაქმების სფეროში დისკრიმინაციის შესახებ უთითებს, რომ „ამ კონვენციის მიზნებისათვის ტერმინი „შრომა” გულისხმობს პროფესიული სწავლების, შრომისა და სხვადასხვა საქმიანობის მისაწვდომობას, აგრეთვე შრომის ანაზღაურებას და პირობებს”[25] „შრომა თავისუფალია”, რაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „იმას ნიშნავს, რომ ადამიანს მინიჭებული აქვს უფლება, თავად განკარგოს საკუთარი შესაძლებლობები შრომით საქმიანობაში, თავად აირჩიოს შრომითი საქმიანობის ესა თუ ის სფერო” (გადაწყვეტილება №2/4-24, 28.02.1997).[26]
ასევე, „შრომის თავისუფლებაში იგულისხმება სახელმწიფოს ვალდებულება, იზრუნოს მოქალაქეთა დასაქმებაზე და დაიცვას მათი შრომითი უფლებები” (გადაწყვეტილება №2/2-389, 26.10.2007).[27] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებითვე (გადაწყვეტილება №2/2-389, 26.10.2007) კონსტიტუციის 26-ე მუხლის 1-ლი პუნქტით „დაცულია არა მარტო უფლება, აირჩიო სამუშაო, არამედ ასევე უფლება განახორციელო, შეინარჩუნო და დათმო ეს სამუშაო”.[28] ეს, ამა თუ იმ დარღვევის (მაგ., დისკრიმინაციის) გამორიცხვის პირობით, მოასწავებს პროფესიისა და საქმიანობის თავისუფალი არჩევანის ხელყოფას. ამასთან, შრომის თავისუფლების ხელყოფა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით (მუხლი 168-ე) მიჩნეულია ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების საწინააღმდეგო დანაშაულად, რომელიც გულისხმობს ნებისმიერი სახის კანონიერ შრომით საქმიანობაში ხელის შეშლას ძალადობით ან ძალადობის მუქარით. აღნიშნული, "საბოლოო გამოცდით“ ჩიხში მოექცნენ პედაგოგები, რაც სწორედ მათი შრომითი უფლების ხელშეშლაა ძალადობით.
შრომის თავისუფლება და სხვა სოციალური უფლებები ადამიანის სასიცოცხლო ინტერესებს უკავშირდება და, საერთოდ, ძირითადი უფლებების განხორციელების წინაპირობაა. ასეთი უფლებების განვითარებისა და დაცვის გარეშე წარმოუდგენელია სოციალური სახელმწიფოს არსებობა. სწორედ ამ ფუნქციის შესრულებაა სოციალური სახელმწიფოს დანიშნულება.
7. საქართველოს კონსტიტუციის 34-ე მუხლის მე-3 პუნქტით დაცული უფლების სფერო
საქართველოს კონსტიტუცია იცავს ადამიანის ძირითადი უფლებების უზრუნველყოფის პრინციპებს (საქ. კონსტიტუციის 34-ე მუხლი) სადაც, ადამიანის ძირითადი უფლების შეზღუდვა უნდა შეესაბამებოდეს იმ ლეგიტიმური მიზნის მნიშვნელობას, რომლის მიღწევასაც იგი ემსახურება. იმ საჯარო მიზნის მიღწევა, რასაც ემსახურება დადგენილებით განხორციელებული ცვლილება, რომ თითქოს აღნიშნული ცვლილება მიმართულია სწავლის ხარისხის ამაღლებაზე, სახელმწიფოს შეუძლია კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების შეზღუდვის თავიდან აცილებით, კერძოდ პედაგოგთა გადამზადებით, ხარისხის ასამაღლებელი ტრენინგ კურსებით, და თუნდაც გამოცდებით, ვადის განსაზღვრის გარეშე, რომელიც მასწავლებლებს მისცემს საშუალებას გადავიდნენ მაღალ საფეხურზე და არა პირიქით, სასწავლო დაწესებულებებიდან მათი გაძევებით, მათთვის შრომის უფლების წართმევით, ერთადერთ პროფესიის ჩამორთმევით, სახელმწიფოს მიერ გაცემული დიპლომების უგულებელყოფით. ამასთან, სადავო ნორმის ფარგლებში, ნორმის მიზანი - სწავლის ხარისხის ზრდა, ფაქტიურად ნაწილობრივადაც კი არ მიიღწევა, რადგან როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, თუ შეუძლებელი გახდა ვაკანსიის შემთხვევაში ახალი კადრის მოძიება, სკოლის დირექცია კმაყოფილდება „გამოცდაჩაუბარებელი“ კადრით, ან კიდევ, სკოლის დირექცია ხშირ შემთხვევაში, იძულებულია დაასაქმოს მასწავლებლობის მაძიებელი, რომელსაც ასევე არ აქვს გამოცდა ჩაბარებული და ან კიდევ, პირი, რომელიც შესაძლოა იყოს ბუღალტერი, ჩაბარებული მათემატიკის გამოცდით, ინჟინერი, ჩაბარებული ფიზიკის გამოცდით და ა.შ. და არა პედაგოგი, პედაგოგის პროფესიის დამადასტურებელი დიპომით, შესაბამისი ცოდნითა და გამოცდილებით.
სამართლებრივი სიკეთეთა შეფასებისა და აწონ-დაწონვის საფუძველზე ნათლად ჩანს მაკა გიორგაძის და იმ პედაგოგთა კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების შეზღუდვა, რომლებიც გათავისუფლებულ იქნენ დასაქმების ადგილიდან, სადაც ასევე ნათლად ჩანს, რომ შეზღუდული უფლებების დაცვა უფრო ღირებულია მასში ჩარევის ლეგიტიმურ საჯარო მიზანთან მიმართებით, რომელიც მიღწევადია სხვა უფრო უმტკივნეულო საშუალებით. ამასთან აღსანიშნავია, ისიც, რომ სადავო ნორმით, რომ თითქოსდა შეინარჩუნონ მხოლოდ საუკეთესო კადრი და „გამოცდაჩაუბარებელი“ პედაგოგების ადგილას მიიღონ ახალი, უკეთესი კადრი არ მიიღწევა, რადგან სწორედ კადრების სიმცირის გამო, სკოლები იძულებულნი არიან მიიღონ მასწავლებლობის მაძიებლებიც კი ან კიდევ, დაკმაყოფილდნენ „გამოცდაჩაუბარებელი“ კადრით. შესაბამისად, ნორმა, რომელიც იწვევს ადამიანის ღირსების ხელყოფას, დისკრიმინაციას, პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლების ხელყოფას, თავისუფლების უფლების ხელყოფას, შრომის თავისუფლების ხელყოფას და დასახულ მიზანსაც ვერ პასუხობს, არაკონსტიტუციურად უნდა იქნას ცნობილი.
[1] საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი მე - 9, I პუნქტი
[2] საქართველოს კონსტიტუციის კომენტარი, თავი მეორე, გვ. 108
[3] საქართველოს კონსტიტუციის კომენტარები, გვ. 111
[4] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 ოქტომბრის N2/2-389 გადაწყვეტილება, II.პ.30
[5] იქვე., გვ.112
[6] საქართველოს კონსტიტუციის კომენტარები, თავი მეორე, გვ. 112
[7] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 6 აგვისტოს გადაწყვეტილება N1/4/535 საქმეზე, საქართველოს მოქალაქე ავთანდილ კახნიაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
[8] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება N2/1/392 საქმეზე „საქართველოს მოქალაქე შოთა ბერიძე და სხევი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2;
[9] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 6 აგვისტოს გადაწყვეტილება N1/4/535 საქმეზე, საქართველოს მოქალაქე ავთანდილ კახნიაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
[10] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 6 აგვისტოს გადაწყვეტილება N1/4/535 საქმეზე, საქართველოს მოქალაქე ავთანდილ კახნიაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
[11] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 6 აგვისტოს გადაწყვეტილება N1/4/535 საქმეზე, საქართველოს მოქალაქე ავთანდილ კახნიაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
[12] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2006 წლის 2 ივნისის #2/10/383 განჩინება საქმეზე საქართველოს მოქალაქეები – ნორად ცოტნიაშვილი, ბადრი მაჭარაშვილი, შოთა სომხიშვილი, პეტრე საფნიანი, დიმიტრი გოგოლაძე; ჯარიბეკ პარადიანი, ლუდვიგ გრიგორიანი, შალიკო ბეჟუაშვილი, ასიმ ჩიტრეკაშვილი, ლევან თოკმაჭიანი, ნორიკ სუმბათიანი, ივანე როსტიაშვილი, რაფილ სხვაჩხიანი, არჩილ ფუხაშვილი, სერგო ეგიაზაროვი, გივი ჭაბუკიანი –– საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, პ.1
[13] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 მარტის #2/1/473 გადაწყვტილება, II.პ.10;
[14] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 მარტის #2/1/473 გადაწყვტილება, II.პ.10
[15] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის #1/1/493 გადაწყვეტილება, II.პ.5
[16] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის #1/1/493 გადაწყვეტილება, II.პ.6
[17] Black’s Law Dictionary,Centennial edition, St. Paul, Minn. West Publishing Co. 1991, გვ. 370-1
[18] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ივნისის N1/2/458 განჩინება საქმეზე საქართველოს მოქალაქეები ალექსანდრე მაჭარაშვილი და დავით სართანია საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წინააღმდეგ.
[19] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ივნისის N1/2/458 განჩინება, II.პ.4
[20] Declaration on the Right to Development, 4 December, 1986, მუხლი 2.
[21] Black’s Law Dictionary,Centennial edition, St. Paul, Minn. West Publishing Co. 1991, გვ. 458.
[22] Black’s Law Dictionary,Centennial edition, St. Paul, Minn. West Publishing Co. 1991, გვ. 633.
[23] Salov v Ukraine, judgment of 17 December 2004; Saday v Turkey, judgment of 30 March 2006.
[24] Black’s Law Dictionary,Centennial edition, St. Paul, Minn. West Publishing Co. 1991, გვ. 371.
[25] ადამიანის უფლებათა სფეროში ძირითადი საერთაშორისო სამართლებრივი აქტების კრებული, ნაწ. II, 2001, გვ. 231.
[26] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებები (1996-1997), 2002, გვ. 57-58.
[27] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებები (2006-2007), 2009, გვ. 226.
[28] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებები (2006-2007), 2009, გვ. 249.
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: კი
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა