შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N2/2/745 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - თამაზ ცაბუტაშვილი, ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, |
თარიღი | 27 იანვარი 2017 |
გამოქვეყნების თარიღი | 27 იანვარი 2017 13:40 |
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში - სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
ირინე იმერლიშვილი - წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი - წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის 231 მუხლის მე-9 პუნქტისა და საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლთან, 30-ე მუხლის მე-2 პუნქტთან და 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
საქმია განხილვის მონაწილეები: მოსარჩელე მხარის წარმომადგენლები - მირიან ბიჭიკაშვილი და მიხეილ შათაშვილი; მოპასუხე მხარის - საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელი ქრისტინე კუპრავა; მოპასუხე მხარის - საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წარმომადგენლები - რამაზ რაზმაძე და ირაკლი თავართქილაძე; მოწმეები - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დირექტორი მალხაზ ძიძიკაშვილი და ამავე კომისიის ენერგეტიკის დეპარტამენტის დირექტორი ნუგზარ ბერიძე.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 11 აპრილს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №745) მომართა შპს „ჯორჯიან მანგანეზმა“. კონსტიტუციური სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად გადაეცა 2016 წლის 12 აპრილს. №745 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენით, გაიმართა 2016 წლის 18 ნოემბერს.
2. კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი: „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი.
3. „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის 231 მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, „ბაზრის ოპერატორისაგან გარანტირებულ სიმძლავრეს შეისყიდიან განაწილების ლიცენზიატები, პირდაპირი მომხმარებლები და ექსპორტიორები, რომლებიც არიან ბაზრის ოპერატორის მიერ დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან დარეგისტრირებული შესაბამისი ხელშეკრულების მხარეები სტანდარტული პირობებით. განაწილების ლიცენზიატები, პირდაპირი მომხმარებლები და ექსპორტიორები ვალდებული არიან, ბაზრის ოპერატორს აუნაზღაურონ გარანტირებული სიმძლავრის წყაროებისთვის გადასახდელი გარანტირებული სიმძლავრის საფასური მათ მიერ მიწოდების პუნქტებში მიღებული ელექტროენერგიის (განაწილების ლიცენზიატის შემთხვევაში - ამ კანონის 235 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად მიღებული ელექტროენერგიის გარდა) რაოდენობის პროპორციულად. გადასახდელი თანხის დარიცხვას, ამოღებას და გარანტირებული სიმძლავრის წყაროებთან ანგარიშსწორებას ახორციელებს ბაზრის ოპერატორი ამ კანონით და „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად“. „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანების 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად კი, „გარანტირებული სიმძლავრის შემსყიდველი კვალიფიციური საწარმო - განაწილების ლიცენზიატი, პირდაპირი მომხმარებელი და ექსპორტიორი ვალდებულია აუნაზღაუროს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორს გარანტირებული სიმძლავრის წყაროებისათვის შესაბამის საანგარიშო პერიოდში გადასახდელი გარანტირებული სიმძლავრის საფასური (გარანტირებული სიმძლავრის თითოეული წყაროს მიხედვით), გარანტირებული სიმძლავრის შემსყიდველი კვალიფიციური საწარმოების ფაქტობრივ ჯამურ მოხმარებასა და ექსპორტში მისი ფაქტობრივი მოხმარების ან ექსპორტის წილის პროპორციულად“.
4. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება“. 21-ე მუხლის მე-2 და მე-3 მუხლები ადგენენ აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების შეზღუდვისა და ჩამორთმევის წესებს. 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „სახელმწიფო ვალდებულია ხელი შეუწყოს თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებას. აკრძალულია მონოპოლიური საქმიანობა, გარდა კანონით დაშვებული შემთხვევებისა. მომხმარებელთა უფლებები დაცულია კანონით“. 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი, „ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს“.
5. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, წარმოადგენს კვალიფიციურ საწარმოს - პირდაპირ მომხმარებელს, რომელიც ამავე კანონის თანახმად, იხდის ელექტროენერგიის გარანტირებული სიმძლავრის საფასურს. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 15 ივლისის №193 დადგენილებით, ქვეყნის ერთიანი ელექტროენერგეტიკული სისტემის უსაფრთხო და საიმედო ფუნქციონირების მიზნით, განისაზღვრა გარანტირებული სიმძლავრის წყაროები, ამ წყაროთა მიერ უზრუნველყოფილი მინიმალური გარანტირებული სიმძლავრეები და ამგვარი სიმძლავრით უზრუნველყოფის პერიოდები. მთავრობის ზემოთ აღნიშნული დადგენილების საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2015 წლის 29 ოქტომბრის №30 დადგენილებით ცვლილებები შევიდა „ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის №33 დადგენილებაში, რის შედეგადაც, მოსარჩელის მიერ გადასახდელი გარანტირებული სიმძლავრის საფასური მხოლოდ ერთ თვეში გაიზარდა 907 955, 73 ლარით. საერთო ჯამში, 2015 წლის ნოემბერში მხოლოდ ამ კომპონენტისათვის გადასახდელმა თანხამ შეადგინა 1 230 216, 99 ლარი, რის გამოც მოსარჩელე აღმოჩნდა მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში.
6. კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, მოსარჩელე მხარემ ზემოთ აღნიშნული ვალდებულების შესრულება ვერ მოახერხა, რის გამოც, ბაზრის ოპერატორმა მის წინააღმდეგ აღძრა სარჩელი და მოითხოვა გადასახდელი თანხის და პირგასამტეხლოს დაკისრება შპს „ჯორჯიან მანგანეზისთვის“. თავის მხრივ, მოსარჩელემ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის აქტები გაასაჩივრა ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით, თუმცა მისი მოთხოვნა საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სადავო აქტების მოქმედების შეჩერების თაობაზე სასამართლომ არ დააკმაყოფილა. მოსარჩელე მხარე აგრეთვე მიიჩნევს, რომ არსებული დავის გზით საწარმოს ინტერესების სრულფასოვნად დაცვა რთულია, რადგან კომისიის სამართლებრივი აქტები ეყრდნობა კანონსა და კანონქვემდებარე აქტს: გარანტირებული სიმძლავრის წყაროსა და მოცულობას ადგენს საქართველოს მთავრობა, ტარიფების დადგენას კი კომისია უზრუნველყოფს მარტივი არითმეტიკული გაანგარიშების საფუძველზე.
7. მოსარჩელე მხარის პოზიციით, მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელის ფინანსური მდგომარეობის გაუარესება მოჰყვა გარანტირებული სიმძლავრის საფასურის კონკრეტულ მოცულობას, ეს არ მოხდებოდა იმ შემთხვევაში, თუკი კანონი და კანონქვემდებარე აქტი მისი განსაზღვრის უფლებამოსილებას არ მიანიჭებდა ჩვეულებრივ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ამგვარად, მოსარჩელისათვის პრობლემას წარმოადგენს არა კონკრეტული ციფრობრივი მონაცემები, არამედ მისი განსაზღვრის ნორმატიული თავისუფლება. ამიტომაც სადავო ნორმები უნდა შეფასდეს როგორც ერთმანეთთან დაკავშირებული ნორმატიული მოცემულობა.
8. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, პირდაპირი მომხმარებლის - მოსარჩელის მიერ გადახდილი გარანტირებული სიმძლავრის საფასური უნდა წარმოადგენდეს ერთგვარ შენატანს მთლიანად ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების ხელშეწყობის საქმეში, თუმცა, რადგან ეს შენატანი არ ატარებს ნებაყოფლობით ხასიათს და ენერგოუსაფრთხოების ფინანსურად უზრუნველყოფის ტვირთი მხოლოდ ბაზრის ცალკეულ მონაწილეებს ეკისრებათ, ასეთი შენატანი გონივრული ოდენობის და მიზნის შესაბამისი უნდა იყოს და გაუმართლებელ ტვირთად არ უნდა დააწვეს გადამხდელს.
9. მოსარჩელე მხარის თქმით, გარანტირებული სიმძლავრის საფასურის გადამხდელისათვის ასევე გასაგები უნდა იყოს ამგვარი საფასურის მიზნობრიობა. გარანტირებული სიმძლავრის ახალი წყაროს შექმნა არ შედის პირდაპირი მომხმარებლის ფუნქციებში. ამიტომ მისი მხრიდან ამგვარი საფასურის გადახდის ერთადერთ მიზანს უნდა წარმოადგენდეს გარანტირებული სიმძლავრის წყაროს - თბოელექტროსადგურის გამართულ მდგომარეობაში შენარჩუნების უზრუნველყოფა. შედეგად, გადასახდელი თანხა პროპორციულად უნდა შეესაბამებოდეს გაჩერებულ მდგომარეობაში მყოფი თბოელექტროსადგურის შენახვისა და მოვლისთვის საჭირო ხარჯებს. იმ შემთხვევაში, თუკი გარანტირებული სიმძლავრის წყარო ელექტროენერგიას თავად გამოიმუშავებს და მის რეალიზაციასაც ახდენს, პირდაპირი მომხმარებლის თანამონაწილეობა მისი საქმიანობის დაფინანსებაში შესაძლებელია საჭირო აღარ იყოს. აღნიშნულის სანაცვლოდ, მოსარჩელის აზრით, სადავო ნორმები ადგენს გარანტირებული სიმძლავრის წყაროს დაფინანსების მიზანთან შეუსაბამო წესს და ამით პირდაპირ მომხმარებლებს რთულ ფინანსურ მდგომარეობაში აყენებს.
10. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, გარანტირებული სიმძლავრის საფასურის ლოგიკური მიზნობრიობის საპირისპიროდ, პირდაპირი მომხმარებლები, მათ შორის თავად მოსარჩელეც, ვალდებულია, კომერციულ (ბაზრის) ოპერატორს გადაუხადოს საფასური მათ მიერ ჯამურად მოხმარებული ელექტროენერგიის პროპორციულად. ამასთან, თანხა გადახდილი უნდა იქნეს არა გარანტირებული სიმძლავრის წყაროს - თბოელექტროსადგურის შენარჩუნებისათვის, არამედ კომერციული ოპერატორის მიერ გადასახდელი გარანტირებული სიმძლავრის საფასურის ასანაზღაურებლად, რაც არა გარანტირებული სიმძლავრის წყაროს ხელშეწყობას, არამედ სხვა საწარმოს დაფინანსებას ნიშნავს. მოსარჩელის აზრით, კანონის ძალით, ერთი საწარმოსთვის სხვა საწარმოს სამეწარმეო საქმიანობის დაფინანსების ვალდებულება სამეწარმეო საქმიანობის თავისუფლებისა და კონკურენციის კონსტიტუციით გარანტირებულ პრინციპს ეწინააღმდეგება. გარანტირებული სიმძლავრის საფასურის გადახდა არაპროპორციულია ენერგოუსაფრთხოების მიზნის მიღწევის თვალსაზრისითაც, რადგან რეალურად სხვა საწარმოთა კომერციულ ინტერესებს ემსახურება.
11. მოსარჩელე მხარის პოზიციით, სადავო ნორმები დამატებით არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით გარანტირებულ საკუთრების უფლებას. მოსარჩელის საქმიანობა ძირითადად მოიცავს მანგანუმის მოპოვებას, გადამუშავებასა და საბოლოო პროდუქტის რეალიზაციას, რომლის დროსაც იყენებს დიდი ოდენობით ელექტროენერგიას. სადავო აქტების საფუძველზე კი, იგი ვალდებულია, გარანტირებული სიმძლავრის საფასური გადაიხადოს ჯამურად გამოყენებული ელექტროენერგიის პროპორციულად. მოსარჩელის თქმით, ელექტროენერგიის მოხმარება საწარმოს შემოსავლებთან პირდაპირ კავშირში არ არის - საწარმოს მიერ გაზრდილი მოცულობით ელექტროენერგიის გამოყენება არ იწვევს მისი შემოსავლების პირდაპირპროპორციულ ზრდას. შესაბამისად, ამგვარი საფასურის გადახდა საწარმოსთვის მხოლოდ ხარჯს წარმოადგენს და გარანტირებული სიმძლავრის საფასურის დადგენილი ოდენობით გადახდის ვალდებულებამ შესაძლებელია გამოიწვიოს მისი გადახდისუუნარობა. საპირისპიროდ, საწარმოს მიერ ელექტროენერგიის მოხმარების შემცირება პროდუქციის წარმოების მკვეთრ შეკვეცას, გასაღების ბაზრისა და კონტრაჰენტების დაკარგვას, საბოლოოდ კი, კონკურენტუნარიანობის დაკარგვას და გაკოტრებას გამოიწვევს. ყოველივე აღნიშნულის საფუძველზე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები მომეტებულად ზღუდავს მისი საკუთრების უფლებას, არღვევს რა სამართლიან ბალანსს პირდაპირი მომხმარებლის ინტერესებსა და საჯარო ინტერესებს შორის.
12. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, სადავო ნორმები ეწინააღმდეგება აგრეთვე საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტსაც, რადგან მოსარჩელეს გარანტირებული სიმძლავრის საფასურის გადახდის ვალდებულება აქვს უპირობოდ და იმგვარად, რომ სიმძლავრის მოცულობისა და მისით სარგებლობის ვადის დადგენაში ვერავითარ მონაწილეობას ვერ იღებს. მოსარჩელე მხარე მიუთითებს „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ჰ9“ პუნქტზე, 231 მუხლის მე-5 პუნქტსა და 23-ე მუხლის მე-4 პუნქტზე, აგრეთვე „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ 21-ე მუხლის პირველ პუნქტზე და აღნიშნავს, რომ კომისიის მხრიდან ტარიფების დადგენა უტოლდება მისი მხრიდან მხოლოდ მექანიკური სამუშაოს შესრულებას და პირდაპირ მომხმარებელს ამგვარად დადგენილი, თუნდაც არაგონივრული და შეუსაბამოდ მაღალი ტარიფის სასამართლო წესით შეცილების შესაძლებლობა მხოლოდ ფორმალურად აქვს.
13. მოსარჩელე მხარე საკუთარი პოზიციის გასამყარებლად მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესაბამის პრაქტიკაზე.
14. განმწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელე მხარემ დამატებით აღნიშნა, რომ სადავო ნორმები მის მიერ გარანტირებული სიმძლავრის საფასურის გადახდის ვალდებულების წარმოშობას უპირობოდ უკავშირებს მისი, როგორც პირდაპირი მომხმარებლის სტატუსს. პირდაპირი მომხმარებლის სტატუსი კი აუცილებელია იმისათვის, რომ საწარმომ მიიღოს ელექტროენერგია. იმ პირობებში, როდესაც საქართველოს მთავრობა, ერთპიროვნულად, ელექტროენერგიის მწარმოებელ, გარანტირებული სიმძლავრით უზრუნველმყოფ საწარმოსთან დებს ხელშეკრულებას ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, სადავო ნორმებიდან გამომდინარე, ამგვარი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება ირიბად ხდება სწორედ პირდაპირი მომხმარებლების, განაწილების ლიცენზიანტებისა და ექსპორტიორების მხრიდან, რომლებიც იხდიან გარანტირებული სიმძლავრის საფასურს.
15. მოსარჩელე მხარემ ასევე მიუთითა, რომ „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის სადავო ნორმასთან შედარებით „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ 21-ე მუხლის მე-3 პუნქტი განსხვავებულად განსაზღვრავს გარანტირებული სიმძლავრის საფასურის მოცულობას, რადგან მიწოდების პუნქტებში მიღებული ელექტროენერგია შესაძლებელია ყოველთვის არ იყოს ჯამურად მოხმარებული ელექტროენერგიის ტოლი.
16. მოსარჩელე მხარის განმარტებით, მის მიმართ არსებული გაზრდილი ფინანსური ტვირთი უშუალოდ უკავშირდება გარანტირებული სიმძლავრის საფასურის გადახდის კანონით განსაზღვრულ უპირობო ვალდებულებას, ისევე როგორც ამგვარი საფასურის გამოთვლის სადავო ნორმებით დადგენილ წესს და ეს არ არის გამოწვეული ისეთი გარე ფაქტორებით, როგორიცაა, მაგალითისათვის, მსოფლიო ბაზარზე პროდუქციის ფასების ვარდნა. აღნიშნული გაზრდილი ფინანსური ტვირთი უკავშირდება საქართველოს მთავრობის მიერ საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში და ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ელექტროენერგიის რეზერვების ზრდას, რომელიც, თავის მხრივ, ნაკარნახევია ქვეყანაში ელექტროენერგიის მოხმარების მაჩვენებლის ზრდით. თუმცა იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელის, როგორც პირდაპირი მომხმარებლის, მიერ ელექტროენერგიის მოხმარება არ გაზრდილა, გაუგებარია, თუ რატომ უნდა დაეკისროს მას გაზრდილი რეზერვის უზრუნველყოფისათვის საჭირო თანხების გადახდა.
17. მოსარჩელე მხარემ ასევე აღნიშნა, რომ ბაზრის კომერციული ოპერატორი წარმოადგენს სააქციო საზოგადოებას, რომელიც ბაზრის ჩვეულებრივი მოთამაშეა, ვაჭრობს ელექტროენერგიითა და გარანტირებული სიმძლავრით და განხორციელებულის საქმიანობიდან იღებს მოგებას. რაც შეეხება გარანტირებული სიმძლავრის წყაროებს, ისინი ჩვეულებრივ გამოიმუშავებენ ელექტროენერგიას და მის რეალიზაციას ახდენენ ბაზრის კომერციული ოპერატორის მეშვეობით, თუმცა მათი მხრიდან გაწეული ხარჯების ანაზღაურება ხდება გარანტირებული სიმძლავრის საფასურით.
18. მოპასუხე მხარის - საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლის პოზიციით, კონსტიტუციური სარჩელის რეგისტრაციის შემდგომ სადავო აქტებში განხორციელდა ცვლილებები, რის შედეგადაც, სადავო ნორმები ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. რამდენადაც მოცემული საქმე იმყოფება არსებითად განსახილველად მიღების ეტაპზე, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის საფუძველზე, საქმისწარმოება უნდა შეწყდეს.
19. კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულობასთან დაკავშირებით მოპასუხე მხარემ აღნიშნა, რომ დათქმა გარანტირებული სიმძლავრის საფასურის გადახდის ვალდებულების თაობაზე გამომდინარეობს არა სადავო ნორმებიდან, არამედ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2015 წლის 29 ოქტომბრის №30 დადგენილებიდან, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 30 ივლისის №14 „ელექტროენეგიის ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიების დამტკიცების შესახებ“ დადგენილებიდან, „ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემის, დისპეჩერიზაციის და ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მომსახურების ტარიფების მეთოდოლოგიიდან“ და თავად კვალიფიციური საწარმოს მიერ ხელშეკრულების სტანდარტული პირობებით ნაკისრი ვალდებულებისაგან. სადავო ნორმებს ასევე არავითარი შემხებლობა არ აქვთ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან. შესაბამისად, მოსარჩელე მხარის პოზიცია ემყარება სადავო ნორმათა შინაარსის არასწორ აღქმას.
20. მოპასუხე მხარის პოზიციით, მეწარმე სუბიექტი გარანტირებული სიმძლავრის საფასურის გადახდაზე ვალდებული ხდება მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც იგი დარეგისტრირდება პირდაპირ მომხმარებელ კვალიფიციურ საწარმოდ, რომელიც უფლებამოსილია, მონაწილეობა მიიღოს ელექტროენერგიითა და სიმძლავრით საბითუმო ვაჭრობაში. ამასთან, ამგვარი საფასურის გადამხდელი სუბიექტები პირდაპირი მომხმარებლების გარდა არიან ასევე განაწილების ლიცენზიანტები და ექსპორტიორები, შესაბამისად, არ უნდა იქნეს გაზიარებული მოსარჩელე მხარის პოზიცია, რომლის თანახმადაც ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფის ფინანსური ტვირთი ეკისრება მხოლოდ ცალკეულ სუბიექტებს - პირდაპირ მომხმარებლებს.
21. მოპასუხემ ყურადღება გაამახვილა თავად გარანტირებული სიმძლავრის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ამგვარი სიმძლავრე ახდენს მომხმარებლებისთვის სიმძლავრის წყაროს უზრუნველყოფას, რომელიც თავის მხრივ საიმედო ფუნქციონირების წყაროა. გარანტირებული სიმძლავრის ახალი წყაროს შექმნა პირდაპირ მიმართულია, მათ შორის პირდაპირ მომხმარებელთა ფუნქციების სათანადოდ შესრულებისა და ჯანსაღი ეკონომიკური წესრიგისკენ. შესაბამისად, გარანტირებული სიმძლავრის საფასურის დადგენა გამომდინარეობს თავად მეწარმე სუბიექტთა ინტერესებიდან, ხელს უწყობს მათ თავისუფალ მეწარმეობას და, ამგვარად, არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტით გარანტირებულ მეწარმეობის თავისუფლებას.
22. რაც შეეხება სადავო ნორმათა მიმართებას საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლთან, მოპასუხე მხარემ აღნიშნა, რომ მოსარჩელე მხარის, როგორც პირდაპირი მომხმარებლის, მიერ ელექტროენერგიის მოხმარება სწორედაც რომ პირდაპირ კავშირშია მის შემოსავლებთან, რადგან ელექტროენერგიის მოხმარებით ის კონკრეტული რესურსების გადამუშავების შედეგად იღებს საბოლოო პროდუქტს და ახდენს მის რეალიზაციას. გარდა ამისა, იმისათვის, რომ სახეზე იყოს ჩარევა კონსტიტუციის 21-ე მუხლით გარანტირებული საკუთრების უფლებით დაცულ სფეროში, საჭიროა დარღვეული იყოს კონსტიტუციის მოთხოვნები, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს.
23. მოპასუხე მხარის - საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის წარმომადგენლის განმარტებით, მოსარჩელის როგორც პირდაპირი მომხმარებლის მიერ გარანტირებული სიმძლავრის საფასურის გადახდა არ წარმოადგენს უპირობო ვალდებულებას, რადგან კვალიფიციურ საწარმოდ რეგისტრაცია დამოკიდებულია მის არჩევანზე. იმ შემთხვევაში, თუკი იგი არ იქნება რეგისტრირებული როგორც კვალიფიციური საწარმო, ელექტროენერგიას, ისევე როგორც გარანტირებულ სიმძლავრეს, მიიღებს განაწილების ლიცენზიანტისგან. თუმცა ეს მოსარჩელისთვის შესაძლებელია წამგებიანი იყოს, რადგან თავად განაწილების ლიცენზიანტი იხდის სიმძლავრის საფასურს და მის მიერ გაწეულ მომსახურებაში ამგვარი საფასურის გადახდის ვალდებულებაც იგულისხმება.
24. მოპასუხე მხარემ არ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია ბაზრის კომერციულ ოპერატორთან დაკავშირებით და მიუთითა, რომ ეს უკანასკნელი წარმოადგენს კანონის საფუძველზე შექმნილ სახელმწიფო საწარმოს, რომელიც კანონმდებლობის საფუძველზე არეგულირებს ბაზარზე არსებულ სიტუაციას, თუმცა გარანტირებული სიმძლავრითა თუ ელექტროენერგიით ვაჭრობის შედეგად არ იღებს არანაირ მოგებას, მხოლოდ მომსახურების საფასურს, რომელიც გათვალისწინებულია ეროვნული მარეგულირებელი კომისიის შესაბამისი დადგენილებით.
25. მოპასუხე მხარის აღნიშვნით, სადავო ნორმათა შინაარსი იდენტურია, მათ შორის გარანტირებული სიმძლავრის საფასურის გამოთვლის წესის ნაწილშიც, ამგვარად. სიმძლავრის საფასურის დაანგარიშებისას მიწოდების პუნქტებში მიღებული ელექტროენერგია ითვლება ფაქტობრივ ჯამურ მოხმარებად და ამ თვალსაზრისით, ნორმებს შორის შინაარსობრივი სხვაობა არ არსებობს. რაც შეეხება უშუალოდ საფასურის გამოთვლის წესს, იგი ყველა შემთხვევაში და სადავო ნორმათა თითოეული სუბიექტისათვის მიბმულია ამ უკანასკნელის მიერ ფაქტობრივად მოხმარებულ ელექტროენერგიაზე, მიუხედავად იმისა, საფასურის გადამხდელ სუბიექტს წარმოადგენს პირდაპირი მომხმარებელი, განაწილების ლიცენზიანტი თუ ექსპორტიორი.
26. განმწესრიგებელ სხდომაზე მოწმის სახით მოწვეულმა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა გაიზიარა საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლის პოზიცია სისტემის კომერციული ოპერატორის შესაძლო დაფინანსების თაობაზე და აღნიშნა, რომ კომერციული ოპერატორისათვის ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ყიდვა-გაყიდვა არ წარმოადგენს შემოსავლის წყაროს. იგი უბრალოდ შეისყიდის ელექტროენერგიისა თუ სიმძლავრის ბაზარზე არსებულ მოცულობას და ანაწილებს მას შესაბამის სუბიექტებზე. რაც შეეხება ბაზრის ოპერატორის მიერ მიღებულ ანაზღაურებას, ის იღებს მხოლოდ მომსახურების საფასურს, რომლის ოდენობაც დადგენილია ეროვნული მარეგულირებელი კომისიის მიერ.
27. მოწმის განცხადებით, სადავო ნორმებით არ ხდება არც საკუთრების უფლებისა და არც თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის უფლებათა შელახვა, რადგან გარანტირებულ სიმძლავრეს შეისყიდის საბითუმო ბაზრის ყველა მონაწილე. ბაზრის მონაწილეთა შორის გარანტირებული სიმძლავრის საფასურის ოდენობის კუთხით არანაირი სხვაობა არ არსებობს და საფასურის რეალური ოდენობა ყოველთვის დამოკიდებულია მათ მიერ ფაქტობრივად მოხმარებული ელექტროენერგიის მოცულობაზე. იმ შემთხვევაში, თუკი სუბიექტს არ სურს, იყოს საქართველოს ენერგოსისტემის ნაწილი და, შესაბამისად, არ გადაიხადოს სიმძლავრის დადგენილი საფასური, ასევე, არ ისარგებლოს არსებული ბენეფიტებით, მას შესაძლებლობა აქვს, პირდაპირ მიუერთდეს მის მფლობელობაში ან საკუთრებაში არსებულ კონკრეტულ სადგურს, გენერაციის ობიექტს, რომელიც ასევე არ განიხილება ერთიანი ენერგოსისტემის ნაწილად და მისგან მიიღოს კონკრეტული სიმძლავრე თუ ელექტროენერგია.
28. მოწმის სახით მოწვეულმა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ენერგეტიკის დეპარტამენტის დირექტორმა ყურადღება გაამახვილა გარანტირებული სიმძლავრის, როგორც ინსტრუმენტის მნიშვნელობაზე, რომელიც აუცილებელია იმისათვის, რათა ელექტროენერგეტიკულ სისტემაში უზრუნველყოფილი და შენარჩუნებული იქნეს ბალანსი. თბოელექტროსადგურებისა და მათ მიერ გამომუშავებული გარანტირებული სიმძლავრის მნიშვნელობა განსაკუთრებით ნათლად ჩანს ავარიული პროცესების შემთხვევაში, როდესაც განახლებად რესურსზე მომუშავე სადგურები ვერ უზრუნველყოფენ ავარიული პროცესების ეფექტურად აღმოფხვრასა და ბალანსის აღდგენას და საჭიროა იმგვარი გარანტირებული რეზერვის წყაროების არსებობა, რომელიც არ არის დამოკიდებული კონკრეტულ რესურსზე. შესაბამისად, გარანტირებული სიმძლავრის საფასურის გადახდის ვალდებულების გაუქმება, მოწმის თქმით, საფრთხეს შეუქმნის სიმძლავრის წყაროების - თბოელექტროსადგურების მუშაობის პროცესს და, შესაბამისად, შეუქცევად ზიანს მიაყენებს საქართველოს ენერგოსისტემას.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქმის განხილვის მომენტისთვის სადავო აქტის გაუქმება ან ძალადაკარგულად გამოცხადება იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას, გარდა ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა“. ხოლო ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, „საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმის არსებითად განსახილველად მიღების შემდეგ, სადავო აქტის გაუქმებისას ან ძალადაკარგულად ცნობისას, თუ საქმე ეხება საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია, გააგრძელოს სამართალწარმოება და გადაწყვიტოს გაუქმებული ან ძალადაკარგულად ცნობილი სადავო აქტის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხი იმ შემთხვევაში, თუ მისი გადაწყვეტა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველსაყოფად“.
2. №745 კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ არის გამხდარი „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანების 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლთან, 30-ე მუხლის მე-2 პუნქტთან და 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. კონსტიტუციური სარჩელის რეგისტრაციის შემდგომ, „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2016 წლის 18 აპრილის №20 ბრძანების პირველი მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე, სადავო ნორმა ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით, კერძოდ, გაიზარდა გარანტირებული სიმძლავრის საფასურის გადახდაზე ვალდებულ სუბიექტთა წრე.
3. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერდადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, „სადავო ნორმის ახალი რედაქციით ჩამოყალიბებამ, შესაძლოა, განსხვავებული სამართლებრივი მოცემულობები წარმოშვას, მისი გასაჩივრებული შინაარსი შეიძლება მნიშვნელოვნად, უმნიშვნელოდ ან საერთოდ არ შეიცვალოს. თუმცა, ნორმის ძველი, კონსტიტუციური სარჩელის რეგისტრაციის დროისთვის მოქმედი რედაქცია, ყველა შემთხვევაში ძალადაკარგულად ითვლება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 ივნისის №1/3/559 განჩინება საქმეზე შპს „გამომცემლობა ინტელექტი“, შპს „გამომცემლობა არტანუჯი“, შპს „გამომცემლობა დიოგენე“, შპს „ლოგოს პრესი“, შპს „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“, შპს „საგამომცემლო სახლი ტრიასი“ და საქართველოს მოქალაქე ირინა რუხაძე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის წინააღმდეგ; II-5).
4. ვინაიდან „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანების 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის სადავოდ გამხდარი რედაქცია ძალადაკარგულია სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებამდე, საკონსტიტუციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, ამ ნაწილში გააგრძელოს სამართალწარმოება და გადაწყვიტოს ძალადაკარგული სადავო ნორმის კონსტიტუციურობის საკითხი. შესაბამისად, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, №745 კონსტიტუციურ სარჩელზე საქმისწარმოება უნდა შეწყდეს სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც ეხება „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანების 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლთან, 30-ე მუხლის მე-2 პუნქტთან და 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
5. №745 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარე მოითხოვს „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის 231 მუხლის მე-9 პუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით. მისი აზრით, გარანტირებული სიმძლავრის საფასურის გადახდის ვალდებულების ამგვარი ფორმით არსებობა გამორიცხავს საწარმოს შესაბამისი დანიშნულებით ფუნქციონირებას, რაც ფაქტობრივად უთანაბრდება საკუთრების უფლების ჩამორთმევას.
6. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, „21-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საკუთრების ჩამორთმევის ინსტიტუტს მკვეთრად გამოხატული ფორმალური ნიშნები ახასიათებს. ამ ცნებაში ვერ თავსდება ნებისმიერი შემთხვევა, რაც პირის მიერ, მისი ნების საწინააღმდეგოდ საკუთრების დაკარგვას გულისხმობს. საკუთრების ჩამორთმევაში იგულისხმება ექსპროპრიაცია...“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 18 მაისის №2/1-370,382,390,402,405 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები ზაურ ელაშვილი, სულიკო მაშია, რუსუდან გოგია და სხვები და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-10; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 2 ივლისის №1/2/384 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - დავით ჯიმშელეიშვილი, ტარიელ გვეტაძე და ნელი დალალიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-13).
7. საკანონმდებლო ნორმები, რომლებიც განსაზღვრავენ საკუთრების უფლებით სარგებლობის, საკუთრების შეძენის და განკარგვის წესს და ამ ფორმით ადგენენ საკუთრების უფლების შინაარსსა და ფარგლებს, ექცევიან საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების რეგულირების სფეროში. კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით კი შეფასებადია იმ ნორმების კონსტიტუციურობა, რომლებიც საკუთრების ექსპროპრიაციის წესს არეგულირებენ. „საკუთრების ექსპროპრიაცია სახეზეა მაშინ, როდესაც ხდება კერძო საკუთრებაში არსებული ქონების სახელმწიფო საკუთრებაში გადასვლა, როდესაც სადავო ნორმების მიზანი საკუთრების სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამორთმევის შემთხვევების განსაზღვრაა და არა საკუთრების უფლებით თავისუფალი სარგებლობის შეზღუდვა, მისი რეგულირება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 13 ნოემბრის საოქმო ჩანაწერი საქმეზე „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-3).
8. მოცემულ შემთხვევაში სადავო ნორმით დადგენილია მოსარჩელე მხარის, როგორც პირდაპირი მომხმარებლის, მხრიდან გარანტირებული სიმძლავრის საფასურის გადახდის ვალდებულება და ამგვარი საფასურის გამოთვლის წესი. სადავო ნორმა განსაზღვრავს კერძო საკუთრებით სარგებლობის, მისი შეზღუდვის წესს. მართალია, ხსენებული ვალდებულება მოსარჩელისათვის წარმოშობს გარკვეულ ფინანსურ ტვირთს, თუმცა აღნიშნული ვერ ჩაითვლება საკუთრების ჩამორთმევად საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიზნებისათვის.
9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №745 კონსტიტუციური სარჩელი, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც ეხება „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის 231 მუხლის მე-9 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და სახეზეა მისი არსებითად განსახილველად არმიღების „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
10. მოსარჩელე მხარე „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის 231 მუხლის მე-9 პუნქტს არაკონსტიტუციურად მიიჩნევს ასევე საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. მხარის პოზიციით, იგი გარანტირებული სიმძლავრის მოცულობის, მისით სარგებლობის ვადისა და ტარიფის დადგენაში მონაწილეობას ვერ იღებს, ხოლო ამგვარად დადგენილი, არაგონივრული და შეუსაბამოდ მაღალი ტარიფის სასამართლო წესით შეცილების შესაძლებლობა მხოლოდ ფორმალურად აქვს. გარანტირებული სიმძლავრის საფასურის გადახდის კანონით დადგენილი ვალდებულების არსებობის პირობებში აზრი ეკარგება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის კანონიერებაზე მსჯელობას ადმინისტრაციული სამართალწარმოების გზით.
11. საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის შინაარსზე მსჯელობისას არაერთხელ აღნიშნა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით აღიარებული სამართლიანი სასამართლოს უფლება წარმოადგეს ინსტრუმენტულ უფლებას, რომელიც „ფორმალურად სასამართლოსადმი მიმართვის შესაძლებლობას ნიშნავს, ხოლო შინაარსობრივად - ადამიანის უფლებების სრულყოფილ სამართლებრივ დაცვას უზრუნველყოფს. სრულყოფილი დაცვა კი, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს კანონმდებლის ვალდებულებას, შექმნას ისეთი ნორმატიული წესრიგი, რომელიც უზრუნველყოფს პირის უფლებას დროულ, სამართლიან და ეფექტიან სასამართლოზე, რათა პირმა სრულყოფილად შეძლოს მისი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა სასამართლოსადმი მიმართვის გზით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 დეკემბრის №3/2/577 გადაწყვეტილება საქმეზე „ა(ა)იპ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)” და საქართველოს მოქალაქე ვახუშტი მენაბდე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-4).
12. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი ... ქმნის კონსტიტუციითა თუ კანონით დაცული, აღიარებული, რომელიმე უფლებისა თუ სამართლებრივი ინტერესის სასამართლოში დაცვის პროცესუალურ გარანტიას. სამართლიანი სასამართლოს უფლების ეფექტურობაში არ მოიაზრება სასამართლოს შესაძლებლობა, შექმნას ან გააფართოვოს მატერიალური უფლების ფარგლები, იგი მხოლოდ უკვე არსებული უფლების ეფექტური დაცვის შესაძლებლობაზე მიუთითებს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 3 აპრილის №2/2/630 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქე თინა ბეჟიტაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-4). აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი იცავს პირის საპროცესო უფლებას, მის შესაძლებლობას, საქართველოს კონსტიტუციითა და კანონმდებლობით დადგენილი მატერიალური უფლებების დასაცავად მიმართოს სასამართლოს და ჰქონდეს ამ უფლების სასამართლოს მეშვეობით დაცვის ეფექტური მექანიზმები.
13. როგორც ზემოთ აღინიშნა, სადავო ნორმა განსაზღვრავს მასში ჩამოთვლილი სუბიექტების - განაწილების ლიცენზიანტის, პირდაპირი მომხმარებლისა და ექსპორტიორის მიერ გარანტირებული სიმძლავრის საფასურის გადახდის ვალდებულებას და ამგვარი საფასურის გამოთვლის წესს. ნორმა არ არეგულირებს პირის მიერ სასამართლოსთვის მიმართვის ან სასამართლოში საკუთარი უფლებების დაცვის საკითხებს. მის საფუძველზე, არ არის შეზღუდული იურიდიული პირის უფლება, საკუთარი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დასაცავად მიმართოს სასამართლოს. კანონის მიერ პირისათვის კონკრეტული ფინანსური ვალდებულების დაწესება კავშირში არ არის ამავე პირის მიერ სასამართლოში საკუთარ უფლებებზე დავის შესაძლებლობასთან, თუკი ამგვარი ფინანსური ვალდებულების შესრულება არ წარმოადგენს სასამართლოსათვის მიმართვის ერთ-ერთ წინა პირობას.
14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის 231 მუხლის მე-9 პუნქტს არ გააჩნია შინაარსობრივი მიმართება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცულ უფლებასთან. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნის ამ ნაწილში სახეზეა კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
15. №745 კონსტიტუციური სარჩელი სხვა მხრივ სრულად აკმაყოფილებს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–16 მუხლის პირველი და მე–2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის მე–18 მუხლით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად არმიღების რომელიმე საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის, მე-18 მუხლის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის და 22-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-6 პუნქტების, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 30-ე და 31-ე მუხლების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად №745 კონსტიტუციური სარჩელი (შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც ეხება „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის 231 მუხლის მე-9 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან და 30-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
2. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №745 კონსტიტუციური სარჩელი (შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც ეხება „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის 231 მუხლის მე-9 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით.
3. შეწყდეს საქმე №745 კონსტიტუციურ სარჩელზე (შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ საქართველოს პარლამენტის და საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის წინააღმდეგ) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც ეხება „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანების 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლთან, 30-ე მუხლის მე-2 პუნქტთან და 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
4. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.
5. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
6. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
7. საოქმო ჩანაწერი გამოქვეყნდეს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში
ირინე იმერლიშვილი
თამაზ ცაბუტაშვილი