შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N745 |
ავტორ(ებ)ი | შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ |
თარიღი | 11 აპრილი 2016 |
თქვენ არ ეცნობით სარჩელის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ სარჩელის დოკუმენტი
განმარტებები სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
ა) წარმოდგენილი სარჩელი ფორმით და შინაარსით შეესაბამება „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ საქართველოს კანონის მე-16 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს; ბ) სარჩელი შეტანილი არის უფლებამოსილი პირის ან ორგანოს (სუბიექტის მიერ); გ) სარჩელში მითითებული სადავო საკითხები არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი; დ) სარჩელში მითითებული სადავო საკითხები გადაწყვეტილი არ არის საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ; ე) სარჩელში მითითებული სადავო საკითხები გადაწყვეტილია საქართველოს კონსტიტუციით; ვ) არ არის დარღვეული სარჩელის შეტანის კანონით დადგენილი ვადა; ზ) კანონქვემდებარე აქტები გასაჩივრებული არ არის. |
მოთხოვნის არსი და დასაბუთება
1. შპს ჯორჯიან მანგანეზი „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ლ“ და „ჰ10“ ქვეპუნქტების საფუძველზე არის კვალიფიციური საწარმო - პირდაპირი მომხმარებელი. ამის გამო, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების 231 მუხლის მე-9 პუნქტის საფუძველზე იგი იხდის ე.წ. გარანტირებული სიმძლავრის საფასურს (დანართი N 1 - სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის“ 2015 წლის 9 დეკემბრის N 01/1249 აქტი). 2. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 15 ივლისის # 193 დადგენილებით ქვეყნის ერთიანი ელექტროენერგეტიკული სისტემის უსაფრთხო და საიმედო ფუნქციონირების მიზნით, განისაზღვრა გარანტირებული სიმძლავრის წყაროები, ამ წყაროების მიერ უზრუნველყოფილი მინიმალური გარანტირებული სიმძლავრეები და გარანტირებული სიმძლავრით უზრუნველყოფის პერიოდები. მათ შორის, 2015 წლის 1 ნოემბრიდან 2040 წლის 1 ნოემბრამდე ერთ-ერთ ამგვარ წყაროდ განისაზღვრა შპს „გარდაბნის თბოსადგური“. გარანტირებულ სიმძლავრედ კი განისაზღვრა 162 მვტ (დანართი N 2 - საქართველოს მთავრობის 2010 წლის # 193 დადგენილება საქართველოს ელექტროენერგეტიკულ სისტემაში გარანტირებული სიმძლავრისა და გარანტირებული სიმძლავრის წყაროების განსაზღვრის შესახებ).
3. ამ დადგენილების საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2015 წლის 29 ოქტომბრის #30 დადგენილებით ცვლილებები შევიდა „ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის #33 დადგენილებაში და ამ დადგენილების მე-3 პუნქტს - „საქართველოს ერთიანი ელექტროენერგეტიკული სისტემის მარეგულირებელ სადგურად მიჩნეული ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზიატების ტარიფები“ - დაემატა შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი: „31. შპს „გარდაბნის თბოსადგური“: ა) გარანტირებული სიმძლავრის საფასური - 366 173 ლარი/დღე; ბ) გარანტირებული სიმძლავრის წყაროს ელექტროენერგიის წარმოების ზღვრული ტარიფი (ზედა ზღვარი) – 6,659 თეთრი/კვტსთ“ (დანართი N 3 - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგილირებელი ეროვნული კომისიის 2015 წლის 29 ოქტომბრის N 30 დადგენილება). ამის შედეგად, მხოლოდ ერთ თვეში, 907 955,73 ლარით გაიზარდა მოსარჩელის მიერ გადასახდელი გარანტირებული სიმძლავრის საფასური და, ჯამში, 2015 წლის ნოემბერში, მარტო ამ კომპონენტისათვის გადასახდელმა თანხამ შეადგინა 1 230 216,99 ლარი (დანართი N 1 - სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის“ 2015 წლის 9 დეკემბრის N 01/1249 აქტი), რამაც საწარმო ჩააგდო ძალზე მძიმე მდგომარეობაში. 4. ამ ვალდებულების შესრულება მოსარჩელემ ვერ მოახერხა, რის გამოც, ბაზრის ოპერატორმა მის წინააღმდეგ აღძრა სარჩელი და გარანტირებული სიმძლავრის საფასურისა და პირგასამტეხლოს დაკისრება მოითხოვა (დანართი N 4 - 2016 წლის 01 თებერვლის სამოქალაქო სარჩელი). 5. თავის მხრივ, კომისიის აქტები მოსარჩელემ გაასაჩივრა საერთო სასამართლოში (დანართი N 5 - 2015 წლის 31 დეკემბრის ადმინისტრაციული სარჩელი, დაზუსტებული სარჩელი, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 14 იანვრის განჩინება), თუმცა ამ გზით საწარმოს ინტერესების სრულფასოვანი დაცვა რთულია, რადგან კომისიის აქტები ეყრდნობა კანონსა და კანონქვემდებარე აქტს, უფრო სწორად, კი, პრაქტიკულად, წარმოადგენს ამ ნორმატიული აქტების ტექნიკურ ნაწილს - ასე, მაგ: გარანტირებული სიმძლავრის წყაროსა და მოცულობას ადგენს საქართველოს მთავრობა, კომისია კი ამას, მარტივი არითმეტიკული ანგარიშით, ყოფს სიმძლავრით უზრუნველყოფის პერიოდზე, რაც, ასევე, ნორმატიული აქტის საფუძველზე დგინდება. ამის გამო, შესაძლებელია, ბაზრის ოპერატორის სარჩელი დაკმაყოფილდეს, რაც მოსარჩელისათვის უაღრესად მძიმე ფინანსურ შედეგს გამოიწვევს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სხვა, მსგავსი კატეგორიის საქმესთან დაკავშირებული განმარტების პერიფრაზი რომ გავაკეთოთ, მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელის ფინანსური მდგომარეობის გაუარესება მოჰყვა გარანტირებული სიმძლავრის საფასურის კონკრეტულ მოცულობას, ეს არ მოხდებოდა, კანონსა და კანონქვემდებარე აქტს მისი განსაზღვრის უფლება რომ არ მიენდო ადმინისტრაციული აქტისათვის. ე.ი. მოსარჩელისათვის კონკრეტული ციფრობრივი მონაცემები კი არ არის პრობლემა, არამედ მისი განსაზღვრის ნორმატიული თავისუფლება. სწორედ ამიტომ, სადავო ნორმები უნდა შეფასდეს როგორც ერთმანეთთან ორგანულად დაკავშირებული, მიზეზშედეგობრივი ურთიერთობა (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება, საქმეზე #1/2/411 - შპს „რუსენერგოსერვისი“, შპს „პატარა კახი“, სს „გორგოტა“, გივი აბალაკის ინდ. საწარმო „ფერმერი“ და შპს „ენერგია“ საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წინააღმდეგ).
მოსარჩელე ითხოვს საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტთან, 21-ე მუხლთან და 42-ე მუხლის 1-ლ პუნქტთან (45-ე მუხლის გათვალისწინებით) მიმართებით არაკონსტიტუციურად იქნას ცნობილი: „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის 231 მუხლის მე-9 პუნქტის ის წინადადებები, რომლის თანახმად: „ბაზრის ოპერატორისაგან გარანტირებულ სიმძლავრეს შეისყიდიან განაწილების ლიცენზიატები, პირდაპირი მომხმარებლები და ექსპორტიორები, რომლებიც არიან ბაზრის ოპერატორის მიერ დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან დარეგისტრირებული შესაბამისი ხელშეკრულების მხარეები სტანდარტული პირობებით. განაწილების ლიცენზიატები, პირდაპირი მომხმარებლები და ექსპორტიორები ვალდებული არიან, ბაზრის ოპერატორს აუნაზღაურონ გარანტირებული სიმძლავრის წყაროებისთვის გადასახდელი გარანტირებული სიმძლავრის საფასური მათ მიერ მიწოდების პუნქტებში მიღებული ელექტროენერგიის რაოდენობის პროპორციულად“. ასევე ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების 21-ე მუხლის მე-3 პუნქტი, რომლის მიხედვით: „გარანტირებული სიმძლავრის შემსყიდველი კვალიფიციური საწარმო - განაწილების ლიცენზიანტი, პირდაპირი მომხმარებელი და ექსპორტიორი ვალდებულია აუნაზღაუროს სისტემის კომერციულ ოპერატორს გარანტირებული სიმძლავრის წყაროებისათვის შესაბამის საანგარიშო პერიოდში გადასახდელი გარანტირებული სიმძლავრის საფასური (გარანტირებული სიმძლავრის თითოეული წყაროს მიხედვით), გარანტირებული სიმძლავრის შემსყიდველი კვალიფიციური საწარმოების ფაქტობრივ ჯამურ მოხმარებასა და ექსპორტში მისი ფაქტობრივი მოხმარების ან ექსპორტის წილის პროპორციულად“. 1. „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ჰ9“ ქვეპუნქტის თანახმად, გარანტირებული სიმძლავრე არის გარანტირებული სიმძლავრის წყაროების მიერ უზრუნველყოფილი სიმძლავრე, რომელიც ემსახურება ქვეყნის ერთიანი ელექტროენერგეტიკული სისტემის მდგრადობას, უსაფრთხო და საიმედო ფუნქციონირებას და რომლის ოდენობასაც თითოეული გარანტირებული სიმძლავრის წყაროსთვის განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. კანონის მე-2 მუხლის „ჰ13“ ქვეპუნქტის თანახმად, გარანტირებული სიმძლავრის წყარო არის თბოელექტროსადგური, რომელმაც, ელექტროენერგეტიკულ სისტემაში კრიზისის შემთხვევაში, უნდა უზრუნველყოს ქვეყნისათვის ელექტროენერგიის მიწოდება. იგი შეიძლება იყოს გაჩერებული, თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, უნდა მოახერხოს ელექტროენერგეტიკულ სისტემასთან სინქრონიზაცია, არა უმეტეს, 24 საათისა და სიმძლავრის აღება - არა უმეტეს მომდევნო 12 საათის განმავლობაში. ლოგიკურად, პირდაპირი მომხმარებლის (აღსანიშნავია, რომ 2017 წლის 1 იანვრიდან, პრაქტიკულად, ყველა საწარმო პირდაპირ მომხმარებლად ჩაითვლება) მიერ გადახდილი საზღაური უნდა იყოს მისი ერთგვარი შენატანი მთელი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებაში; თუმცა, რადგან ეს შენატანი ნებაყოფლობითი არ არის და, ამასთან, ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების ფინანსური უზრუნველყოფის ტვირთი, რატომღაც მხოლოდ ბაზრის ცალკეულ მონაწილეებს ეკისრებათ, იგი გონივრული და მიზნის შესაბამისი უნდა იყოს და გადამხდელს გაუმართლებელ ტვირთად არ უნდა დააწვეს. ამასთან, გადამხდელისათვის ლოგიკურად გასაგებიც უნდა იყოს, თუ რისთვის იხდის იგი გადასახადს. გარანტირებული სიმძლავრის ახალი წყაროს შექმნა პირდაპირი მომხმარებლის ფუნქცია არ არის. ამიტომ, მის მიერ თანხის გადახდის ერთადერთი მიზანი უნდა იყოს გარანტირებული სიმძლავრის წყაროს, ე.ი. თბოელექტროსადგურების გამართულ მდგომარეობაში შენარჩუნება. ამის შესაბამისად, გონივრულად, თითოეული პირდაპირი მომხმარებლის მიერ გადასახდელი თანხა, პროპორციულად, უნდა შეესაბამებოდეს გაჩერებულ მდგომარეობაში მყოფი თბოელექტროსადგურის შენახვისა და მოვლისათვის საჭირო ხარჯს. ხოლო თუკი გარანტირებული სიმძლავრის წყარო ელექტროენერგიას თავადაც გამოიმუშავებს და მის რეალიზაციასაც ახდენს (რაც, ჩვეულებრივ, ხდება კიდეც), მაშინ პირდაპირი მომხმარებლის თანამონაწილეობა მისი საქმიანობის დაფინანსებაში, შესაძლოა, საჭირო აღარც იყოს. ამის ნაცვლად, კანონი ადგენს გარანტირებული სიმძლავრის დაფინანსების ყოვლად შეუსაბამო წესს, რომლის მიზანიც გაუგებარია და, ამასთან, პირდაპირ მომხმარებლებს მძიმე და, ზოგ შემთხვევაში, კრიტიკულ მდგომარეობაში აგდებს. ეს ნიშნავს, რომ პირდაპირი შემსყიდველი და, მათ შორის, მოსარჩელეც ვალდებულნი არიან სისტემის კომერციულ ოპერატორს გადაუხადონ თანხა მათ მიერ ჯამურად (არა გარანტირებული სიმძლავრის წყაროსაგან მოწოდებული) მოხმარებული ელექტროენერგიის პროპორციულად. ამასთან, თანხა გადახდილი უნდა იქნას არა გარანტირებული სიმძლავრის წყაროს შენარჩუნებისათვის, ე.ი. რეზერვის არსებობისათვის, არამედ „კომერციული ოპერატორის მიერ გადასახდელი გარანტირებული სიმძლავრის საფასურის ასანაზღაურებლად“, რაც არა გარანტირებული სიმძლავრის წყაროს არსებობას, არამედ სხვა საწარმოს დაფინანსებას ნიშნავს. მოსარჩელის აზრით, კანონის ძალით ერთი საწარმოსათვის სხვა საწარმოს სამეწარმეო საქმიანობის დაფინანსების დავალდებულება სამეწარმეო საქმიანობის თავისუფლებისა და კონკურენციის კონსტიტუციით გარანტირებულ პრინციპს ეწინააღმდეგება. მითუმეტეს, რომ ეს დაფინანსება მოსარჩელე საწარმოს მძიმე ტვირთად აწვება და, პრაქტიკულად, ბაზრიდან მის გაძევებას იწვევს. საკონსტიტუციო სასამართლომ 2008 წლის 19 დეკემბრის ზემოხსენებულ გადაწყვეტილებაში განმარტა: „სახელმწიფო ხელს უნდა უწყობდეს ისეთი ეკონომიკური წესრიგის ჩამოყალიბებას, რომელიც თავისუფალ მეწარმეობასაც ხელს შეუწყობს და ეკონომიკური უსაფრთხოებაც იქნება გარანტირებული... კონკურენციის არსებობისა და განვითარების სამართლებრივი გარანტიები გულისხმობს სახელმწიფოს მიერ ისეთი სამართლებრივი ნორმებისა და ინსტიტუტების შექმნას, რომლებიც ხელს შეუწყობენ მეწარმოების თავისუფლების განვითარებას, ქონებრივი ურთიერთობების მონაწილეთა ფორმალურ თანასწორობას, კერძო საკუთრების დაცვას, შეთანხმების თავისუფლებას, დარღვეული უფლებების დაცვის უზრუნველყოფას, მეწარმე სუბიექტების მიერ კონკურენციული ქმედებების განხორციელების შესაძლებლობის აღიარებას და, სახელმწიფოს მხრიდან, კონკურენციისადმი სხვა დახმარებებს. სწორედ ამ პრინციპებზეა დაფუძნებული სამოქალაქო და სავაჭრო სამართლის სისტემები იმ ქვეყნებში, რომლებიც ორიენტირებული არიან საბაზრო პრიორიტეტებზე ეკონომიკის რეგულირებაში... სადავო აქტების შეფასებისას, პირველ რიგში, უნდა გაირკვეს ის მიზანი, რომელიც ამოძრავებდა კანონმდებელს მათი მიღებისას. ნებისმიერ შემთხვევაში, ამ მიზნის ქვეშ მოაზრებული სიკეთე ნორმატიულად მოწესრიგებადი და ფასეული უნდა იყოს. სწორედ ასეთი შეიძლება იყოს კანონმდებლის ლეგიტიმური მიზანი და არა ისეთი, რომელიც გაუცხოებულია ნორმატიული ნებისაგან და არ შეესაბამება მას. თანაზომიერების პრინციპის გამოყენებით შეიძლება შეფასდეს კანონმდებლის მხოლოდ ლეგიტიმური მიზნის მიღწევის საშუალებათა კონსტიტუციურობა“. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ სადავო აქტებით მოსარჩელისათვის დაკისრებული ვალდებულება გადაიხადოს გარანტირებული სიმძლავრის საფასური, ამასთანავე - ფაქტობრივ ჯამურ მოხმარებასა და ექსპორტში მისი ფაქტობრივი მოხმარების ან ექსპორტის წილის პროპორციულად, ეწინააღმდეგება „მეწარმოების თავისუფლების განვითარების, ქონებრივი ურთიერთობების მონაწილეთა ფორმალურ თანასწორობის, კერძო საკუთრების დაცვის, შეთანხმების თავისუფლებისა და დარღვეული უფლებების დაცვის უზრუნველყოფის“ პრინციპებს. ამასთანავე, გარანტირებული სიმძლავრის საფასურის გადახდა არაპროპორციულია ენერგოუსაფრთხოების მიზნის მიღწევის თვალსაზრისით, რადგან იგი, სინამდვილეში, უპირატესად, არა ენერგოუსაფრთხოებას, არამედ სხვა საწარმოთა კომერციულ ინტერესებს ემსახურება. ამის შესაბამისად, მოსარჩელის აზრით, კანონისა და წესების დათქმა საფასურის გადახდის ვალდებულების შესახებ არაკონსტიტუციურია საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მუხლთან მიმართებით. 2. გარდა ამისა, სადავო აქტებით მოსარჩელეს გარანტირებული სიმძლავრის საფასურის გადახდა ეკისრება უპირობოდ, ისე, რომ ვერც გარანტირებული სიმძლავრის მოცულობისა და ვერც ვადის დადგენაში იგი ვერანაირ მონაწილეობას იღებს. „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის 231 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, „ბაზრის ოპერატორი გარანტირებულ სიმძლავრეს შეისყიდის და, შესაბამისად, გარანტირებული სიმძლავრის საფასურს აუნაზღაურებს იმ თბოელექტროსადგურს, რომელიც შესაბამის პერიოდში საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულია გარანტირებული სიმძლავრის წყაროდ და რომლის მზადყოფნაც შემოწმებული და დადასტურებულია დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ ამ კანონითა და „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებით“ დადგენილი წესითა და პირობებით. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია ბაზრის ოპერატორს „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებით“ დადგენილი წესით და დადგენილ ვადებში მიაწოდოს ინფორმაცია გარანტირებული სიმძლავრის თაობაზე, შესაბამისი გარანტირებული სიმძლავრის წყაროს მითითებით“. კანონის 23-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, კი „საქართველოში ახალი ელექტროსადგურის მშენებლობის თაობაზე საქართველოს მთავრობას, ბაზრის ოპერატორსა და შესაბამის პირს შორის შეთანხმების შემთხვევაში ბაზრის ოპერატორი ვალდებულია შესაბამის პირთან გააფორმოს პირდაპირი ხელშეკრულება ახალი აშენებული ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ან/და გარანტირებული სიმძლავრის ნასყიდობის შესახებ იმ პირობებით, რომლებზედაც შეთანხმდნენ საქართველოს მთავრობა, ბაზრის ოპერატორი და შესაბამისი პირი. ასეთ შემთხვევაში, თუ ამ კანონის შესაბამისად ახალი ელექტროსადგურების მიმართ მიღებულია გადაწყვეტილება დერეგულირების თაობაზე, შესასყიდი ელექტროენერგიის ღირებულება განისაზღვრება საქართველოს მთავრობას, ბაზრის ოპერატორსა და შესაბამის პირს შორის გაფორმებული შეთანხმებით“. ასევე, როგორც აღინიშნა, კანონის მე-2 მუხლის „ჰ9“ ქვეპუნქტის თანახმად, გარანტირებული სიმძლავრის ოდენობას თითოეული გარანტირებული სიმძლავრის წყაროსთვის განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. აქედან ნათლად ჩანს, რომ გარანტირებული სიმძლავრის წყაროს განსაზღვრავს და სიმძლავრის ოდენობას ადგენს საქართველოს მთავრობა, იგი აფორმებს შესაბამის შეთანხმებას, ამის შემდეგ, ბაზრის ოპერატორი „შეისყიდის“ გარანტირებულ სიმძლავრეს, ხოლო ამ შესყიდვის საფასურის გადახდის ვალდებულება ეკისრება პირდაპირ მომხმარებელს. მის მიერ გადასახდელი თანხის ოდენობას კი განსაზღვრავს წესების 21-ე მუხლის 1-ლი პუნქტი, რომლის თანახმადაც, გარანტირებული სიმძლავრის წყაროს გარანტირებული სიმძლავრის საფასური აუნაზღაურდება გარანტირებული სიმძლავრის შესაბამისი წყაროს მზადყოფნის დადასტურებული პერიოდის გათვალისწინებით, ყოველდღიურ ბაზისზე, მაგრამ, საბალანსო წლის განმავლობაში, არა უმეტეს გარანტირებული სიმძლავრის შესაბამისი წყაროსათვის კომისიის მიერ დადგენილი დღეებისა. გარანტირებული სიმძლავრის წყაროსათვის გარანტირებული სიმძლავრის ღირებულების ანაზღაურება ხდება მის მიერ იმავე პერიოდში ელექტროენერგიის გამომუშავების (სალტეზე მიწოდების) მიუხედავად. ხელშეკრულების სტანდარტული პირობებით ან „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში.
ამის შესაბამისად, მართალია, ელექტროენერგიის ტარიფებს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს (დანართი N 6 - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილება ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ), თუმცა, როგორც უკვე აღინიშნა, ეს ფაქტობრივად, მათემატიკური სამუშაოა და იგი სადავოდ არასწორი გაანგარიშების გამო თუ გახდება.
ამიტომ, პირდაპირ მომხარებელს არაგონივრული და შეუსაბამოდ მაღალი ტარიფის სასამართლო წესით შეცილების საშუალება, მხოლოდ, ფორმალურად აქვს.
დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, კონსტიტუციის 42-ე მუხლის 1-ლი პუნქტით გარანტირებული უფლება, არა მხოლოდ, სასამართლოსადმი მიმართვის უფლებას, არამედ სასამართლოში დარღვეული უფლების ეფექტურად დაცვის შესაძლებლობასაც მოიცავს (იხ. მაგ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები ონისე მებონია და ვახტანგ მასურაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, ასევე - კანადის მოქალაქე ჰუსეინ ალი და საქართველოს მოქალაქე ელენე კირაკოსიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ და ა.შ.).
სწორედ ამის შესაძლებლობა ერთმევა მოსარჩელეს სადავო ნორმებით. ამან კი შეიძლება გამოიწვიოს ის, რომ აშკარად გაუმართლებელი და საწარმოს ინტერესების უხეშად დამრღვევი ტარიფის დადგენის შემთხვევაშიც - რაც მოხდა კიდეც - მოსარჩელე ვერ მოახერხებს სასამართლოში თავისი უფლებების ჯეროვნად დაცვას.
ამის შესაბამისად, მოსარჩელის აზრით, სადავო ნორმებით დადგენილი გარანტირებული სიმძლავრის საფასურის უპირობოდ გადახდის ვალდებულება არაკონსტიტუციურია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის 1-ლ პუნქტთან მიმართებით. მოსარჩელის საქმიანობის საგანი არის მანგანუმის მადნის მოპოვება, მისი გადამუშავება და საბოლოო პროდუქტის - ფეროსილიკომანგანუმისა და სილიკომანგანუმის გაყიდვა და ამ საქმიანობის განხორციელების პროცესში იგი მოიხმარს დიდი ოდენობით ელექტროენერგიას. სადავო აქტებით იგი ვალდებულია გადაიხადოს გარანტირებული სიმძლავრის საფასური მის მიერ ჯამურად გამოყენებული ელექტროენერგიის პროპორციულად, ისე, რომ არც გამოყენებული ელექტროენერგიის საფასურის გადახდისაგან თავისუფლდება. ელექტროენერგიის მოხმარება საწარმოს შემოსავლებთან პირდაპირ კავშირში, ცხადია, არ არის - საწარმოს მიერ მეტი ელექტროენერგიის გამოყენება გამოყენებული ელექტროენერგიის პროპორციულად შემოსავლების გაზრდას სულაც არ ნიშნავს. გარანტირებული სიმძლავის საფასურის გადახდის სანაცვლოდ საწარმო მის ეკვივალენტურ ქონებრივ სიკეთეს არ იღებს. ამის შესაბამისად, ამ საფასურის გადახდა მოსარჩელისათვის მხოლოდ ხარჯია. ჯამურად მოხმარებული ელექტროენერგიის პროპორციულად გარანტირებული სიმძლავრის საფასურის გადახდის ვალდებულებამ, მითუმეტეს, იმ პირობებში, როცა მთავრობა სრულად არის უფლებამოსილი განსაზღვროს სიმძლავრის მოცულობა, შეიძლება გამოიწვიოს საწარმოს გადახდისუუნარობა (დანართი N 7 - შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ ფინანსური დირექტორის მოხსენებითი ბარათი; შპს „ATA Partners“-ის 2016 წლის 6 აპრილის დასკვნა დადგმული სიმძლავრეების ელექტროენერგიის ტარიფის ზრდის დაგეგმილი პოლიტიკის პროდუქციის თვითღირებულებაზე მოსალოდნელი გავლენის თაობაზე). ამის შედეგად, კი მოსარჩელე შეწყვეტს სამეწარმეო საქმიანობას. ამ საფრთხის თავიდან ასაცილებლად, საწარმოს მიერ ელექტროენერგიის ჯამური მოხმარების შემცირება პროდუქციის წარმოების მკვეთრ შეკვეცას, გასაღების ბაზრისა და კონტრაჰენტების დაკარგვას, საბოლოოდ, კი კონკურენტუუნარობასა და გაკოტრებას გამოიწვევს (დანართი N 7 - შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ ფინანსური დირექტორის მოხსენებითი ბარათი; შპს „ATA Partners“-ის 2016 წლის 6 აპრილის დასკვნა დადგმული სიმძლავრეების ელექტროენერგიის ტარიფის ზრდის დაგეგმილი პოლიტიკის პროდუქციის თვითღირებულებაზე მოსალოდნელი გავლენის თაობაზე). ამრიგად, ნებისმიერ შემთხვევაში, სადავო ნორმატიული აქტებით მოსარჩელე კარგავს საკუთრებას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე დასახელებულ გადაწყვეტილებაში საქმეზე შპს „რუსენერგოსერვისი“, შპს „პატარა კახი“, სს „გორგოტა“, გივი აბალაკის ინდ. საწარმო „ფერმერი“ და შპს „ენერგია“ საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წინააღმდეგ განმარტა, რომ: „მეწარმეობის თავისუფლება არ არსებობს თავისუფალი და გარანტირებული საკუთრების უფლების გარეშე. იმდენად მჭიდროა მათი კავშირურთიერთობა, რომ ერთი სამართლებრივი სიკეთის ყოფიერებას განსაზღვრავს მეორე სიკეთე, საკუთრების თავისუფლებაში ასოცირდება მეწარმეობის თავისუფლება“; საკუთღების უფლების დაცვა: „გულისხმობს არა მხოლოდ მესაკუთრისათვის უფლების დაცვის სამართლებრივი შესაძლებლობების მინიჭებას, არამედ საკუთრების დაცვას ისეთი ხელყოფისაგან, რომელიც არ თავსდება ამავე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტით დადგენილ ფარგლებში“; „შეზღუდვის ნებისმიერ შემთხვევაში, "საკუთრების არსება უნდა შენარჩუნდეს და მისი შინაგანი შინაარსი არ უნდა დაზიანდეს“; და, რომ „ის ფაქტი, რომ შეზღუდვის შედეგად ფორმალურად მესაკუთრეს რჩება საკუთრების შინაარსისათვის დამახასიათებელი ელემენტები, სრულიადაც არ ნიშნავს იმას, რომ საკუთრებაში ჩარევა გამართლებულია. უფლების შინაარსის შეზღუდვის ფარგლებზეა დამოკიდებული ამ უფლების არსის შენარჩუნება, ვინაიდან სწორედ შინაარსია არსის განმსაზღვრელი გარემოება. საკუთრების შინაარსის შეზღუდვის ნებისმიერ შემთხვევაში, საკუთრება უნდა დარჩეს საკუთრებად და მან უნდა შეძლოს ამ შეზღუდვით გამოწვეული ტვირთის ტარება“. ამავე გადაწყვეტილებაში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა: „კონსიტიტუციის აღნიშნულ პუნქტებთან მიმართებით, სადავო აქტები უნდა შეფასდეს 30-ე მუხლთან ერთად და უნდა გაირკვეს ამ უკანასკნელის დარღვევას მოსდევს თუ არა შედეგად, იმავდროულად, საკუთრების უფლებაში გადამეტებული შეჭრა“. ამ საქმეში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ საკუთრების უფლების დარღვევად მიიჩნია ის, რომ „მოსარჩელეთა მიერ განხორციელებული სამეწარმეო საქმიანობის თავისებურებითაა განპირობებელი ის, რომ ერთი უფლების დარღვევას შედეგად მოსდევს მეორის არათანაზომიერი შეზღუდვა. ამ შეფასების გაკეთებისას, გასათვალისწინებელია მოსარჩელეთა ქონების ფუნქციური, მიზნობრივი დანიშნულება. მათ ეს ქონება შეიძინეს კონკრეტული სამეწარმეო საქმიანობის განსახორციელებლად და იმთავითვე იცოდნენ, რომ მხოლოდ ამ მიზნით იყო შესაძლებელი მისი ეფექტური გამოყენება. ელექტროენერგიის განაწილების საქმიანობიდან მათ ჩამოცილებას შედეგად მოჰყვა ის, რომ ისინი პირდაპირი დანიშნულებისამებრ ვეღარ იყენებენ აღნიშნულ ქონებას, მიუხედავად იმისა, რომ, ფორმალურად, მათ არც სარგებლობისა და არც განკარგვის უფლებამოსილებანი არ წართმევიათ (კერძოდ, შეუძლიათ ეს ქონება იჯარით გასცენ ან საერთოდ გაასხვისონ). ეს ფაქტი არ ნიშნავს, რომ მათი საკუთრებითი უფლებამოსილებანი მომეტებულად არ შეზღუდულა. ქონების ფლობას აზრი დაეკარგება, თუკი სუბიექტის ქონებრივი უფლებები შინაარსგამოცლილი გახდება“. აღშანიშნავია, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ საჯარო ინტერესსა და კერძო ინტერესებს შორის სამართლიანი ბალანსის დაცვის აუცილებლობაზე მიუთუთა იმ საქმეშიც, რომელშიც საკუთრების უფლების დარღვევის ფაქტი არ დაადგინა („როდესაც საჯარო ინტერესის მიღწევა ხდება კერძო ინტერესში ინტენსიური ჩარევით, კერძო და საჯარო ინტერესებს შორის გონივრული ბალანსის შესანარჩუნებლად, განსაკუთრებით აუცილებლია კონკრეტული უფლების სრულფასოვანი დაცვის ყველა აუცილებელი საკანონმდებლო ბერკეტის შექმნა“ - საქართველოს მოქალაქეები – დავით ჯიმშელეიშვილი, ტარიელ გვეტაძე და ნელი დალალიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ). მოსარჩელეს მიაჩნია, რომ სადავო ნორმები მომეტებულად ზღუდავს მოსარჩელის საკუთრების უფლებას და არღვევს სამართლიან ბალანსს პირდაპირი მომხმარებლის ინტერესებსა და საჯარო ინტერესებს შორის, რადგან ამ ნორმებით გათვალისწინებული პირობების შესრულება მისი საქმიანობის შეწყვეტას იწვევს. ამის შესაბამისად, მოსარჩელის აზრით, სადავო ნორმები არაკონსტიტუციურია საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლთან მიმართებით. |
სარჩელით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: კი
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა