შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | გადაწყვეტილება |
ნომერი | N2/9/745 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - თამაზ ცაბუტაშვილი, ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, |
თარიღი | 28 დეკემბერი 2017 |
გამოქვეყნების თარიღი | 28 დეკემბერი 2017 17:23 |
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში - სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
ირინე იმერლიშვილი - წევრი;
მანანა კობახიძე - წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი - წევრი.
სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.
საქმის დასახელება: შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის 231 მუხლის მე-9 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან და 30-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელე მხარის წარმომადგენლები - მირიან ბიჭიკაშვილი, მიხეილ შათაშვილი და სანდრო სუბელიანი; საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები - ქრისტინე კუპრავა და თინათინ ერქვანია; მოწმეები: საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის იურიდიული დეპარტამენტის დირექტორი - მალხაზ ძიძიკაშვილი, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტის დირექტორი - ნუგზარ ბერიძე, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი - ირაკლი თავართქილაძე, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ რეაბილიტაციის მმართველის კონსულტანტი - უჩა უჩანეიშვილი, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ წარმომადგენელი - ლერი ქათამაძე, შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ ენერგეტიკის დირექტორი - დავით ჭანტურია; მოწმე - სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის“ გენერალური დირექტორი - ვახტანგ ამბოკაძე.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 11 აპრილს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №745) მომართა შპს „ჯორჯიან მანგანეზმა“. კონსტიტუციური სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად გადაეცა 2016 წლის 12 აპრილს.
2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 27 იანვრის №2/2/745 საოქმო ჩანაწერით №745 კონსტიტუციური სარჩელი მიღებული იქნა არსებითად განსახილველად სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის 231 მუხლის მე-9 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან და 30-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით. №745 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განხილვის სხდომა გაიმართა 2017 წლის 4 ივლისს.
3. კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი.
4. „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის 231 მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, „ბაზრის ოპერატორისაგან გარანტირებულ სიმძლავრეს შეისყიდიან განაწილების ლიცენზიატები, პირდაპირი მომხმარებლები და ექსპორტიორები, რომლებიც არიან ბაზრის ოპერატორის მიერ დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან დარეგისტრირებული შესაბამისი ხელშეკრულების მხარეები სტანდარტული პირობებით. განაწილების ლიცენზიატები, პირდაპირი მომხმარებლები და ექსპორტიორები ვალდებული არიან, ბაზრის ოპერატორს აუნაზღაურონ გარანტირებული სიმძლავრის წყაროებისთვის გადასახდელი გარანტირებული სიმძლავრის საფასური მათ მიერ მიწოდების პუნქტებში მიღებული ელექტროენერგიის (განაწილების ლიცენზიატის შემთხვევაში - ამ კანონის 235 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად მიღებული ელექტროენერგიის გარდა) რაოდენობის პროპორციულად. გადასახდელი თანხის დარიცხვას, ამოღებას და გარანტირებული სიმძლავრის წყაროებთან ანგარიშსწორებას ახორციელებს ბაზრის ოპერატორი ამ კანონით და საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს N77 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებით“ განსაზღვრული პირობების შესაბამისად.
5. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებს საკუთრებისა და მემკვიდრეობის საყოველთაო უფლებას, მე-2 პუნქტი კი ადგენს აღნიშნულ უფლებათა შეზღუდვის საფუძვლებს. საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტი განსაზღვრავს სახელმწიფოს ვალდებულებას, ხელი შეუწყოს თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებას.
6. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, წარმოადგენს კვალიფიციურ საწარმოს - პირდაპირ მომხმარებელს, რომელიც ამავე კანონის თანახმად, იხდის ელექტროენერგიის გარანტირებული სიმძლავრის საფასურს (შემდგომში „საფასური“). საქართველოს მთავრობის 2010 წლის 15 ივლისის №193 დადგენილებით, ქვეყნის ერთიანი ელექტროენერგეტიკული სისტემის უსაფრთხო და საიმედო ფუნქციონირების მიზნით, ახლებურად განისაზღვრა გარანტირებული სიმძლავრის წყაროები (თბოელექტროსადგურები), ამ წყაროთა მიერ უზრუნველყოფილი მინიმალური გარანტირებული სიმძლავრეები და ამგვარი სიმძლავრით უზრუნველყოფის პერიოდები. მთავრობის ზემოაღნიშნული დადგენილების საფუძველზე, ცვლილებები შევიდა „ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (შემდგომში „კომისია”) 2008 წლის №33 დადგენილებაში, რის შედეგადაც, მოსარჩელის მიერ გადასახდელი საფასური მხოლოდ ერთ თვეში გაიზარდა 907 955, 73 ლარით. საერთო ჯამში, 2015 წლის ნოემბერში მხოლოდ ამ კომპონენტისათვის გადასახდელმა თანხამ შეადგინა 1 230 216, 99 ლარი, რის გამოც იგი აღმოჩნდა მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში.
7. მოსარჩელე მხარის პოზიციით, ელექტროენერგიით საბითუმო ვაჭრობისა და მისი შესყიდვისათვის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს მისი კვალიფიციურ საწარმოდ, პირდაპირ მომხმარებლად რეგისტრაცია. აღნიშნული სტატუსი უპირობოდ წარმოშობს ამგვარი საწარმოების მიერ გარანტირებული სიმძლავრის შესყიდვის ვალდებულებას. მოსარჩელისათვის პრობლემას არ წარმოადგენს სახელმწიფოს უფლებამოსილება, თავად უზრუნველყოს ქვეყნის ენერგოუსაფრთხოება და ამ მიზნით განახორციელოს საჭირო ღონისძიებები, მოიზიდოს ინვესტიციები. იგი არც გარანტირებული სიმძლავრის საჭიროებას აყენებს ეჭვქვეშ, თუმცა პრობლემურია ის ასპექტი, როდესაც ამგვარი სიმძლავრის უზრუნველყოფის მიზნით ქვეყანაში კერძო ინვესტიციების განხორციელების შემთხვევაში, მისი ამოღების ვალდებულება უპირობოდ გადადის რიგ კერძო საწარმოებზე, მათ შორის მოსარჩელეზე.
8. მოსარჩელე მხარის მტკიცებით, პრობლემურია ასევე ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების ფინანსური უზრუნველყოფისათვის გამოყენებული საშუალების გონივრულობა და მიზანთან შესაბამისობა. კერძოდ, გარანტირებული სიმძლავრის ახალი წყაროს შექმნა სახელმწიფოს და არა პირდაპირი მომხმარებლის ფუნქციას წარმოადგენს. ამიტომ მომხმარებლის მიერ თანხის გადახდის ერთადერთი მიზანი უნდა იყოს თბოელექტროსადგურის გამართულ მდგომარეობაში შენარჩუნება და თითოეული პირდაპირი მომხმარებლის მიერ გადასახდელი თანხა პროპორციულად უნდა შეესაბამებოდეს გაჩერებულ მდგომარეობაში მყოფი თბოელექტროსადგურის შენახვისა და მოვლისთვის საჭირო ხარჯს. თუმცა იმ შემთხვევაში, თუკი ეს უკანასკნელი ელექტროენერგიას თავად აწარმოებს და ყიდის, მაშინ პირდაპირი მომხმარებლის თანამონაწილეობა მისი საქმიანობის დაფინანსებაში საჭირო აღარ უნდა იყოს.
9. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, საფასურის გადასახდელი ოდენობის მიბმა მოხმარებული ელექტროენერგიის მოცულობაზე იმგვარად, რომ პირდაპირი მომხმარებელი არ თავისუფლდება მოხმარებული ელექტროენერგიის ხარჯების გადახდისგან, გაუმართლებლად მძიმე ფინანსურ ტვირთს აკისრებს ამ უკანასკნელს. მოსარჩელის მტკიცებით, ელექტროენერგია არსებით როლს ასრულებს შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ განხორციელებულ საქმიანობაში, თუმცა მის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ოდენობა არ არის პირდაპირ კავშირში მიღებული მოგების მოცულობასთან, შესაბამისად, ელექტროენერგიის მოხმარებაზე გადასახდელი საფასურის რაოდენობის მიბმა არაგონივრულია. იმ პირობებში, როდესაც საქართველოს მთავრობას აქვს ფართო დისკრეციული უფლებამოსილება, სიმძლავრის საფასურის გადამხდელი სუბიექტების ჩართულობის გარეშე და საკუთარი მიხედულებით განსაზღვროს ქვეყანაში გარანტირებული სიმძლავრის წყაროთა და საჭირო სიმძლავრის ოდენობა, წინასწარ განუჭვრეტელი ხდება მოსარჩელის მსგავს საწარმოთა ფინანსური ტვირთი. შესაბამისად, სადავო ნორმით გათვალისწინებული პროპორციით საფასურის გადახდამ შესაძლოა, გამოიწვიოს საწარმოს გადახდისუუნარობა და, საბოლოო ჯამში - გაკოტრება. აღნიშნული ფაქტობრივად აზრს უკარგავს ამ უკანასკნელის საკუთრებაში ქარხნის არსებობას, რადგან იგი საკუთარ ქონებას დანიშნულებისამებრ ვეღარ გამოიყენებს.
10. მოსარჩელე მხარის პოზიციით, კონსტიტუციურობის თვალსაზრისით პრობლემურია სადავო ნორმის ის ნაწილიც, რომლის თანახმადაც, საფასურის გადახდა ხდება არა პირდაპირ თბოელექტროსადგურებისათვის, არამედ ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორისათვის, ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სიმძლავრის საფასურის ასანაზღაურებლად. ამასთან, გადახდილი საფასურით ანაზღაურდება ყველა ხარჯი, რასაც თბოელექტროსადგური სწევს მისი აშენებიდან შემდგომ მუშაობის პროცესის ჩათვლით, მათ შორის, თავად ბაზრის ოპერატორის მომსახურების ხარჯები და ასევე გარანტირებული მოგება. შესაბამისად, საფასურის გადახდის ამგვარი წესი არაპირდაპირ სხვა ორი საწარმოს (გარანტირებული სიმძლავრის წყაროს და ბაზრის ოპერატორის) დაფინანსებას ნიშნავს და ეწინააღმდეგება საკუთრების უფლებისა და მეწარმეობის თავისუფლებისა და კონკურენციის განვითარების ხელშეწყობის კონსტიტუციურ გარანტიებს.
11. საქმის არსებითად განხილვის სხდომაზე მოსარჩელე მხარის წარმომადგენელმა დამატებით მიუთითა, რომ სადავო ნორმით განსაზღვრული ვალდებულების არარსებობის პირობებში მოსარჩელეს, როგორც პირდაპირ მომხმარებელს, ექნება შესაძლებლობა, თავად განსაზღვროს, სჭირდება თუ არა და რა პერიოდულობით ერთიანი სისტემის მომსახურება და გარანტირებული სიმძლავრე. მოსარჩელე მხარის წარმომადგენლის მტკიცებით, მხოლოდ ამგვარი საჭიროების შემთხვევაში იქნება მიზანშეწონილი მისთვის შესაბამისი საფასურის გადახდის ვალდებულების დაწესება. აღნიშნულის საპირისპიროდ, გაუმართლებელია საფასურის გადახდის ვალდებულების მოქმედება იმ პირობებშიც, როდესაც მოსარჩელე კუთვნილ ელექტროსადგურ„ვარციხჰესიდან“ იღებს ელექტროენერგიას და დამატებითი საჭიროებების გარეშე იკმაყოფილებს საკუთარ მოთხოვნას, მიუხედავად იმისა, რომ იგი კუთვნილ ენერგიას იღებს სწორედ ერთიანი სისტემის გავლით.
12. მოსარჩელის წარმომადგენლის პოზიციით, საფასურის გადამხდელი სუბიექტებიდან მნიშვნელოვანი სხვაობაა, ერთი მხრივ, პირდაპირ მომხმარებლებსა და, მეორე მხრივ, განაწილების ლიცენზიატებსა და ექსპორტიორებს შორის, რაც ეჭვქვეშ აყენებს მათ მიმართ საფასურის გადახდის თანაბარი ვალდებულების არსებობის საკითხს. კერძოდ, მოსარჩელე მხარისთვის, როგორც პირდაპირი მომხმარებლისთვის, წინასწარ იოლად გამოთვლადია საჭირო ელექტროენერგიის ოდენობა. იგი საფრთხეს არ უქმნის სისტემის მდგრადობას, განსხვავებით დანარჩენი სუბიექტებისგან, რომლებისთვისაც წინასწარ უცნობია საკუთარ მომხმარებელთა საჭიროებები და, შესაბამისად, მათ მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ოდენობა, რაც სისტემის მდგრადობის მიმართ მათ ინტერესს ობიექტურად ზრდის. მოსარჩელე მხარის მტკიცებით, არსებულ სხვაობაზე მიუთითებს ის ფაქტიც, რომ შპს „ჯორჯიან მანგანეზი“, როგორც პირდაპირი მომხმარებელი, ელექტროენერგიას მოიხმარს მხოლოდ წარმოების პროცესში, შესაბამისად, მასთან დაკავშირებული ყველა ტიპის საფასური მისთვის მხოლოდ ხარჯია, განსხვავებით დანარჩენი სუბიექტებისგან, რომელთა შემოსავლის ძირითადი წყარო სწორედ ელექტროენერგიით ვაჭრობაა.
13. მოპასუხე მხარის პოზიციით, სადავო ნორმის საჯარო ლეგიტიმურ მიზანს წარმოადგენს ერთიანი ელექტროენერგეტიკული სისტემის მდგრადობის, უსაფრთხოებისა და საიმედოობის უზრუნველყოფა, ასევე საჭიროების შემთხვევაში ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდება-მოხმარების დაბალანსება, რომელიც ხორციელდება სისტემაში არსებული გარანტირებული სიმძლავრით. ახალი თბოელექტროსადგურის შექმნა უპირველესად ემსახურება პირდაპირი მომხმარებლის ფუნქციების სათანადოდ შესრულებას, მიმართულია სახელმწიფოს მხრიდან ჯანსაღი ეკონომიკური წესრიგის ჩამოყალიბებისკენ და ემსახურება მეწარმეთა ინტერესებს.
14. მოპასუხის მტკიცებით, გარანტირებული სიმძლავრის მნიშვნელობა განსაკუთრებით ნათლად ჩანს ავარიული პროცესების შემთხვევაში, როდესაც განახლებად რესურსზე მომუშავე ელექტროსადგურები ვერ უზრუნველყოფენ ავარიული პროცესების ეფექტურად აღმოფხვრასა და ბალანსის აღდგენას. თბოელექტროსადგურების მუშაობა არ არის დამოკიდებული კონკრეტულ რესურსზე და სწორედ აღნიშნული კომპონენტი ერთმნიშვნელოვნად გამოკვეთს მათი შექმნის სახელმწიფოებრივ ლეგიტიმურ მიზანს.
15. მოპასუხემ ასევე ყურადღება გაამახვილა სიმძლავრის წყაროთა რაოდენობის ზრდის საჭიროებაზე. ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მოხმარება მუდმივად იზრდება, რაც აუცილებელს ხდის შესაბამისი რეზერვების მობილიზაციას. თბოელექტროსადგურების არარსებობის პირობებში საქართველო დამოკიდებული გახდებოდა მეზობელი ქვეყნების საიმპორტო ელექტროენერგიაზე, რაც დაკავშირებულია გაზრდილ ხარჯებთან და დროში არაეფექტურია. დამატებით საფრთხის ქვეშ დადგებოდა ასევე ექსპორტის და იმპორტის განხორციელება, რაც გამოიწვევდა საქართველოს მიერ ნაკისრი ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებების დარღვევას. შესაბამისად, საფასურის გადახდის ვალდებულების გაუქმება საფრთხეს შეუქმნის თბოელექტროსადგურების მუშაობის პროცესს, გამოიწვევს ენერგეტიკული ბაზრის შეფერხებას და შეუქცევად ზიანს მიაყენებს საქართველოს ენერგოუსაფრთხოებას.
16. მოპასუხე მხარის მტკიცებით, პირდაპირი მომხმარებლის მიერ საფასურის გადახდა არ წარმოადგენს უპირობო ვალდებულებას, რადგან კვალიფიციურ საწარმოდ რეგისტრაცია დამოკიდებულია მის არჩევანზე. მოსარჩელეს, კანონმდებლობის საფუძველზე, ასევე აქვს შესაძლებლობა, პირდაპირ მიუერთდეს მის მფლობელობაში ან საკუთრებაში არსებულ კონკრეტულ ელექტროსადგურს, გენერაციის ობიექტს, რომელიც არ განიხილება ერთიანი სისტემის ნაწილად და მისგან მიიღოს საჭირო ელექტროენერგია თუ სიმძლავრე. სხვა შემთხვევაში, თუკი იგი არ იქნება რეგისტრირებული როგორც კვალიფიციური საწარმო, ელექტროენერგიას, ისევე როგორც გარანტირებულ სიმძლავრეს, მიიღებს განაწილების ლიცენზიანტისგან, რაც მოსარჩელისთვის შესაძლებელია წამგებიანი იყოს, რადგან თავად განაწილების ლიცენზიანტიც იხდის სიმძლავრის საფასურს. აღნიშნულისგან განსხვავებით კი, კვალიფიციურ საწარმოდ რეგისტრაცია და ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებთან მიერთება მოსარჩელე მხარისთვის წარმოშობს როგორც ვალდებულებებს, ასევე კონკრეტულ უფლებებსა და კონკრეტული შეღავათებით სარგებლობის შესაძლებლობას, რადგან ეს უკანასკნელი ხდება ერთიანი სისტემის ნაწილი, უფლებამოსილია, მონაწილეობა მიიღოს ელექტროენერგიით საბითუმო ვაჭრობაში და მისთვის მისაღებ ფასად შეიძინოს იგი.
17. მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ საფასურს იხდიან არა მხოლოდ სადავო ნორმაში სახელდებით ჩამოთვლილი სუბიექტები (მათ შორის პირდაპირი მომხმარებლები), არამედ საქართველოს ყველა მოსახლე - არაპირდაპირი წესით. კერძოდ, საფასური მოაზრებულია ელექტროენერგიის ტარიფში, რომელსაც ისინი იხდიან. შესაბამისად, სამართლიანად უნდა ჩაითვალოს აღნიშნული საფასურის გამოთვლის სადავო ნორმით დადგენილი წესი, რომელიც მიბმულია ფაქტობრივად მოხმარებული ელექტროენერგიის ოდენობაზე. საფასურის ანაზღაურების მიზნებისათვის ყველა პირი არსებითად თანასწორია, რადგან აღნიშნული ფინანსური ვალდებულება მათ შორის სამართლიანად და პროპორციულად არის განაწილებული.
18. რაც შეეხება ბაზრის ოპერატორის მონაწილეობას გარანტირებული სიმძლავრით ვაჭრობაში, მოპასუხე მხარის პოზიციით, იგი წარმოადგენს კანონის საფუძველზე შექმნილ საწარმოს, რომელიც, კანონმდებლობითვე დადგენილი წესით, ფინანსური და ადმინისტრაციული კუთხით აწესრიგებს ბაზარზე არსებულ სიტუაციას. აღნიშნული ფუნქციების განხორციელება, მათ შორის, სიმძლავრით ვაჭრობაში მონაწილეობა მისთვის არ წარმოადგენს შემოსავლის წყაროს. ბაზრის ოპერატორი მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებათა განხორციელებისას იღებს მხოლოდ მომსახურების საფასურს, რომლის ოდენობაც დადგენილია კომისიის მიერ.
19. ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე, მოპასუხე მხარის პოზიციით, სადავო ნორმა აკმაყოფილებს საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით, ასევე 30-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ კონსტიტუციურსამართლებრივ მოთხოვნებს. შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
20. საქმის არსებითად განხილვის სხდომაზე მოწმის სახით მოწვეულმა, სს „სისტემის კომერციული ოპერატორის“ გენერალურმა დირექტორმა ისაუბრა გარანტირებული სიმძლავრით ვაჭრობაში კომერციული ოპერატორის მნიშვნელობასა და ძირითად ფუნქციებზე და განმარტა, რომ მის ძირითად საქმიანობას ელექტროენერგიით (სიმძლავრით) ვაჭრობა და შესაბამისი ერთიანი ბაზის შექმნა/წარმოება წარმოადგენს. სწორედ ბაზრის ოპერატორი განსაზღვრავს თითოეული სუბიექტის მიერ ელექტროენერგიის მოხმარების მოცულობას და, შესაბამისად, მის წილს ერთიანი სისტემით სარგებლობაში, უზრუნველყოფს მხარეთა შორის კომუნიკაციას და ინფორმაციის გაცვლას, რაც ,საბოლოო ჯამში, ქმნის ერთიან და გამჭვირვალე ბაზარს. რაც შეეხება ოპერატორის მიერ მიღებულ შემოსავალს, მოგების ერთადერთი წყარო მის მიერ განხორციელებული ექსპორტია. გარანტირებული სიმძლავრით ვაჭრობისას კი ის მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილ მომსახურების საფასურს იღებს.
21. მოწმის მტკიცებით, გარანტირებული სიმძლავრის ახალი, ადგილობრივი წყაროების შექმნა განპირობებულია, მათ შორის, ევროკავშირთან დადებული ასოცირების ხელშეკრულებით და ენერგეტიკის სფეროში საქართველოს მიერ აღებული რიგი საერთაშორისო ვალდებულებებით. აღნიშნული ვალდებულებები გულისხმობს გენერაციის სტაბილური წყაროების შექმნას და სისტემის გამართულ ფუნქციონირებას ადგილობრივ დონეზე. საერთო სარგებელს ამ პროცესში იაფი ელექტროენერგია და სტაბილური, ეფექტური ენერგომომარაგება წარმოადგენს, რაც დასაწყისში დაკავშირებულია ბევრ ხარჯებთან (როგორიც მაგალითისათვის გარანტირებული სიმძლავრის საფასურის ოდენობაა), თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში ამგვარ ხარჯებს ამცირებს.
22. მოწმის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებისა და სტატისტიკური მონაცემების თანახმად, „ვარციხჰესი“ არ იმყოფება შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ საკუთრებაში, არამედ იგი როგორც პირდაპირი მომხმარებელი, „ვარციხჰესთან“ დადებული გრძელვადიანი პირდაპირი ხელშეკრულების საფუძველზე მისთვის მისაღებ ფასად შეისყიდის ელექტროენერგიას. აღნიშნულის მიუხედავად, იგი საჭიროების შემთხვევაში ჩვეულებრივ შეისყიდის ერთიან ელექტროენერგეტიკულ სისტემაში არსებულ საბალანსო ელექტროენერგიას და, შესაბამისად, სარგებლობს გარანტირებული სიმძლავრით, რომლის წილი მოხმარების საერთო მოცულობაში, რიგ შემთხვევებში, 50 %-საც აჭარბებს.
23. საქმის არსებითად განხილვის სხდომაზე მოწმის სახით მოწვეული კომისიის იურიდიული დეპარტამენტის დირექტორის განმარტებით, ევროპის მასშტაბით არსებობს გარანტირებული სიმძლავრით ვაჭრობისა და მისი საფასურის გამოთვლის განსხვავებული მოდელები, თუმცა ეჭვქვეშ არსად დგას ამგვარი სიმძლავრის, როგორც სტრატეგიული რეზერვის, საჭიროება და შესაბამისი საფასურის გადახდის საბოლოო ვალდებულება მომხმარებელთა მიერ. მოდელი, რომელიც დღეის მდგომარეობით საქართველოში არსებობს, განპირობებულია საჭირო ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობის სირთულით, თუმცა სამომავლოდ იგეგმება არსებული სისტემური მოწყობის ცვლილებები, რომლებიც ძირითადად დაეყრდნობა ბაზრის წესებს და იქნება ბევრად მოქნილი. აღნიშნული ცვლილებები, მათ შორის, ნაკარნახევია ევროპარლამენტისა და ევროკავშირის საბჭოს 2009 წლის 13 ივლისის 2009/72/EC დირექტივით ელექტროენერგიის შიდა ბაზრის რეგულირების საერთო წესების შესახებ, რომელიც აუქმებს დირექტივას 2003/54/EC. აღნიშნული დირექტივა მოითხოვს სისტემის ოპერატორის მიერ საჭირო ოდენობის ელექტროენერგიის შესყიდვას სისტემაში არსებული დანაკარგების დაფარვისა და სარეზერვო სიმძლავრის შენარჩუნების მიზნით „გამჭვირვალე, არადისკრიმინაციული და საბაზრო პრინციპებზე დაფუძნებული პროცედურების შესაბამისად“.
24. მოწმემ არ გაიზიარა მოსარჩელე მხარის პოზიცია სადავო ნორმაში ჩამოთვლილი გარანტირებული სიმძლავრის შემსყიდველ სუბიექტთა შორის არსებულ სხვაობაზე მათი საქმიანობის შინაარსის გათვალისწინებით და მიუთითა, რომ კანონმდებლობა თანაბრად ავალდებულებს ყველა სუბიექტს, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს, როგორც სისტემის ტექნიკურ ოპერატორს, წარუდგინოს მომდევნო წლის პროგნოზი, ერთი მხრივ, ელექტროენერგიის წარმოების, ხოლო, მეორე მხრივ, მოხმარების ოდენობის თაობაზე. შესაბამისად, წლის განმავლობაში მოხმარებული ელექტროენერგიის პროგნოზირება თანაბრად ხდება როგორც განაწილების ლიცენზიატებისა და ექსპორტიორების, ასევე პირდაპირი მომხმარებლების მიერ.
25. რაც შეეხება გარანტირებული სიმძლავრით ვაჭრობაში ბაზრის ოპერატორის მონაწილეობის საკითხს, მოწმემ მიუთითა 2006 წელს მიღებულ სტრატეგიულ გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმად, აღნიშნულ ბაზარზე არსებული ტექნიკური და ფინანსურ-ორგანიზაციული ფუნქციები განაწილდა დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატსა და ბაზრის ოპერატორს შორის. აღნიშნულმა ცვლილებამ ბევრად გამჭვირვალე გახადა ფინანსური ნაწილი და გააუმჯობესა სფეროს ადმინისტრაციული მართვა. ამასთან, მოწმის მტკიცებით, ბაზრის ოპერატორის მიერ სიმძლავრის საფასურის გადამხდელი სუბიექტებიდან აღებული საფასურის ოდენობასა და სიმძლავრის წყაროსთვის გადასახდელ ოდენობას შორის სხვაობა არ არსებობს.
26. მოწმის სახით მოწვეული, კომისიის ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტის დირექტორის მტკიცებით, სადავო ნორმაში არსებული საგამონაკლისო წესი, რომელიც ეხება კონკრეტულ შემთხვევაში განაწილების ლიცენზიატის გათავისუფლებას საფასურის გადახდის ვალდებულებისგან, წარმოადგენს წამახალისებელ რეგულირებას განახლებადი ენერგიის წყაროს მფლობელი სუბიექტებისათვის, რათა განახლებადი ენერგიის წარმოება გაიზარდოს ქვეყნის მასშტაბით. ამასთან, ამგვარი სუბიექტები შეღავათებით სარგებლობენ ასევე საგადასახადო სფეროშიც.
27. მოწმის სახით მოწვეულმა საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა არ გაიზიარა მოსარჩელე მხარის წარმომადგენლის პოზიცია საფასურის გადამხდელ სუბიექტთა შორის ფუნქციურ სხვაობაზე და აღნიშნა, რომ სადავო ნორმის მიზნებისათვის არარელევანტურია, რა ტიპის საქმიანობას ეწევა და რა მოცულობის მოგებას იღებს განხორციელებული საქმიანობიდან საფასურის გადამხდელი სუბიექტი. საფასურის გამოთვლის სადავო ნორმით დადგენილი წესი სამართლიანია და უზრუნველყოფს ერთიანი ელექტროენერგეტიკული სისტემის მდგრადი და საიმედო ფუნქციონირებისათვის საჭირო ფინანსური ხარჯების სისტემით მოსარგებლე ყველა სუბიექტზე თანაბრად გადანაწილებას.
28. მოწმის სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ რეაბილიტაციის მმართველის კონსულტანტის განცხადებით, რამდენადაც ელექტროენერგეტიკული სისტემა ერთიანია, ნებისმიერი სუბიექტის მხრიდან/მიმართ გამოწვეული პრობლემა გავლენას არ უნდა ახდენდეს მთლიან პროცესზე. სწორედ აღნიშნულის თავიდან აცილებას ემსახურება გარანტირებული სიმძლავრის არსებობა, რომელიც დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის განკარგულებაშია. შესაბამისად, შეუძლებელია სისტემის მონაწილე სუბიექტებს, მოსარჩელე მხარის ჩათვლით, ჰქონდეთ სისტემის მდგრადობის და განგრძობადი ფუნქციონირების განსხვავებული ინტერესი.
29. აღნიშნული პოზიცია გაიზიარა სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ წარმომადგენელმა და დამატებით მიუთითა საფასურის გამოთვლის წესის სამართლიანობაზე. მოწმის მტკიცებით, მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის ზრდა პირდაპირპროპორციულად აისახება მომხმარებელი სუბიექტის მიერ წარმოებული პროდუქციის ოდენობაზე და შესაბამისად, მისაღებ მოგებაზეც.
30. საქმის არსებითად განხილვაზე მოსარჩელე მხარის მიერ მოწმის სახით მოწვეული შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ ენერგეტიკის დირექტორის მოსაზრებით, სისტემის საიმედო ფუნქციონირების თვალსაზრისით ეჭვქვეშ არ დგას გარანტირებული სიმძლავრის საჭიროება, თუმცა აუცილებელია ამგვარი სიმძლავრის გადამხდელ სუბიექტთა მაქსიმალური ჩართულობა საქართველოს მთავრობის მიერ გარანტირებული სიმძლავრის ახალი წყაროების შექმნისა თუ მათთვის გადასახდელი საფასურის მოცულობის დაანგარიშების პროცესში. მნიშვნელოვანია, გათვალისწინებულ იქნეს კერძო ბიზნესის ინტერესები იმგვარად, რომ მათ შეძლონ სადავო ნორმით დაკისრებული ვალდებულების ჯეროვნად შესრულება.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. მოსარჩელე მხარე ითხოვს „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის 231 მუხლის მე-9 პუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან (საკუთრების უფლება) და 30-ე მუხლის მე-2 პუნქტთან (მეწარმეობის თავისუფლება) მიმართებით. ამიტომ, საკონსტიტუციო სასამართლო სადავო ნორმის კონსტიტუციურობას თითოეულ კონსტიტუციურ უფლებასთან მიმართებით ცალ-ცალკე შეაფასებს.
სადავო ნორმის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით
2. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება“. აღნიშნული კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს საკუთრების ინსტიტუტის როგორც დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთი საფუძვლის კონსტიტუციურ მნიშვნელობას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტების თანახმად, „საკუთრების უფლება ადამიანის არა მარტო არსებობის ელემენტარული საფუძველია, არამედ უზრუნველყოფს მის თავისუფლებას, მისი უნარისა და შესაძლებლობების ადეკვატურ რეალიზაციას, ცხოვრების საკუთარი პასუხისმგებლობით წარმართვას. ყოველივე ეს კანონზომიერად განაპირობებს ინდივიდის კერძო ინიციატივებს ეკონომიკურ სფეროში, რაც ხელს უწყობს ეკონომიკური ურთიერთობების, თავისუფალი მეწარმეობის, საბაზრო ეკონომიკის განვითარებას, ნორმალურ, სტაბილურ სამოქალაქო ბრუნვას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 2 ივლისის №1/2/384 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – დავით ჯიმშელეიშვილი, ტარიელ გვეტაძე და ნელი დალალიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-5).
3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „იმისათვის, რომ პირმა შეძლოს საკუთრების უფლებით პრაქტიკული სარგებლობა, არ არის საკმარისი მისთვის აბსტრაქტული საკუთრებითი გარანტიის მინიჭება. მან ასევე უნდა ისარგებლოს იმგვარი სამოქალაქო, კერძოსამართლებრივი წესრიგით, რომელიც შესაძლებელს გახდის საკუთრების უფლებით შეუფერხებელ სარგებლობას და, შესაბამისად, სამოქალაქო ბრუნვის განვითარებას. საკუთრების კონსტიტუციურ-სამართლებრივი გარანტია მოიცავს ისეთი საკანონმდებლო ბაზის შექმნის ვალდებულებას, რომელიც უზრუნველყოფს საკუთრებითი უფლების პრაქტიკულ რეალიზებას და შესაძლებელს გახდის საკუთრების შეძენის გზით ქონების დაგროვებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის N3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-33).
4. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით განმტკიცებული საკუთრების უფლება გულისხმობს პირის შესაძლებლობას, საკუთარი სურვილის შესაბამისად, თავისუფალი ნების საფუძველზე, შეიძინოს და გაასხვისოს ქონებრივი უფლებები. ქონებრივი უფლებების განკარგვისა და შეძენის ყველაზე ფართოდ გავრცელებული საშუალებაა ხელშეკრულება. ხელშეკრულების დადების თავისუფლება წარმოადგენს სამოქალაქო ბრუნვის საფუძველს. სახელშეკრულებო თავისუფლებით დაცულია პირის შესაძლებლობა, გადაწყვიტოს, დადოს თუ არა ხელშეკრულება ამა თუ იმ ქონებრივ უფლებასთან დაკავშირებით, აირჩიოს ხელშეკრულების მხარე და განსაზღვროს ხელშეკრულების პირობები. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლიდან გამომდინარე, სახელმწიფო ვალდებულია, გაუმართლებლად არ შეზღუდოს თავისუფალი ნების საფუძველზე შეთანხმების დადების უფლება და შექმნას ამგვარი შეთანხმებების სამართლებრივი შედეგების ცნობისა და აღსრულების სათანადო გარანტიები.
5. ხელშეკრულებები მათი მოქმედების ფარგლების მიხედვით განსხვავდებიან ერთმანეთისგან და ფარავენ სამართლებრივი ურთიერთობების საკმაოდ ფართო სპექტრს. უნდა აღინიშნოს, რომ შეუძლებელია, სახელშეკრულებო თავისუფლების სფეროს ამომწურავი განსაზღვრა. განსახილველ საქმეზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო არ დგას სახელშეკრულებო ურთიერთობებთან დაკავშირებული კონსტიტუციურსამართლებრივი სტანდარტების ამომწურავი განმარტების საჭიროების წინაშე. ცალკეულ სახელშეკრულებო ურთიერთობებთან დაკავშირებული კონსტიტუციური სტანდარტები შესაძლოა, ასევე მოცემული იყოს საქართველოს კონსტიტუციის იმ დებულებებში, რომლებიც განამტკიცებენ, მაგალითად, შრომის თავისუფლებას, ქორწინების თავისუფლებას და ა.შ. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით განმტკიცებულია ქონებრივი უფლებებისა და ვალდებულებების შეძენა-განკარგვასთან დაკავშირებული ხელშეკრულებების თავისუფლად დადების უფლება.
6. „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის 231 მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, განაწილების ლიცენზიატები, პირდაპირი მომხმარებლები და ექსპორტიორები შეისყიდიან გარანტირებულ სიმძლავრეს ბაზრის ოპერატორისაგან და იხდიან მის საფასურს მათ მიერ მიღებული ელექტროენერგიის რაოდენობის პროპორციულად. ამდენად, სადავო ნორმა გარანტირებული სიმძლავრის საფასურის გადახდას აწესებს ელექტროენერგიის შეძენის აუცილებელ პირობად. როგორც უკვე აღნიშნა, ხელშეკრულების თავისუფლების მნიშვნელოვანი კომპონენტი, ქონებრივი სიკეთეების, მათ შორის ელექტროენერგიის შეუფერხებლად შეძენა და გასხვისება დაცულია საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით. მოცემულ შემთხვევაში ელექტროენერგიის შეძენისათვის სავალდებულო პირობის განსაზღვრა წარმოადგენს ბარიერს საკუთრების შეძენისა და გასხვისების უფლების განხორციელებაზე. შესაბამისად, სადავო ნორმა ახდენს ჩარევას საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დაცულ უფლებაში.
7. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, საკუთრების უფლება მისი მაღალი კონსტიტუციური მნიშვნელობის მიუხედავად, არ ატარებს აბსოლუტურ ხასიათს. საქართველოს კონსტიტუციის „21-ე მუხლი უარყოფს იმგვარ საკუთრებით წესრიგს, რომელშიც კერძო საკუთრებითი ინტერესი საჯარო ინტერესთა მიმართ უპირობო, აბსოლუტური უპირატესობით სარგებლობს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 2 ივლისის N1/2/384 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – დავით ჯიმშელეიშვილი, ტარიელ გვეტაძე და ნელი დალალიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-8). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „მესაკუთრემ უნდა გაითავისოს, რომ არა მხოლოდ მას აქვს ინტერესები, არამედ ის იმყოფება სხვა ინტერესთა გარემოცვაში, რომელთაგანაც ის იზოლირებული არ არის და სადაც აუცილებელია ინტერესთა გონივრული ბალანსის დაცვა. ამ ფონზე კანონმდებელი უფლებამოსილია, კონსტიტუციურ-სამართლებრივი ნორმებისა და პრინციპების დაცვით, დაადგინოს ნორმები, რომლებიც განსაზღვრავენ საკუთრების შინაარსსა და ფარგლებს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 18 მაისის გადაწყვეტილება №2/1-370,382,390,402,405 საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ზაურ ელაშვილი, სულიკო მაშია, რუსუდან გოგია და სხვები და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-8).
8. საკუთრების უფლებასთან მიმართებით სადავო ნორმით განსაზღვრული შეზღუდვის კონსტიტუციურობა უნდა შეფასდეს თანაზომიერების პრინციპის საფუძველზე. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „უფლების მზღუდავი საკანონმდებლო რეგულირება უნდა წარმოადგენდეს ღირებული საჯარო (ლეგიტიმური) მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას. ამავე დროს, უფლების შეზღუდვის ინტენსივობა მისაღწევი საჯარო მიზნის პროპორციული, მისი თანაზომიერი უნდა იყოს. დაუშვებელია ლეგიტიმური მიზნის მიღწევა განხორციელდეს ადამიანის უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-60).
9. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საკუთრების უფლების შეზღუდვა დაიშვება აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „საკუთრების კონსტიტუციური უფლების შეზღუდვისთვის საჭიროა აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებით განპირობებული შეზღუდვის წესის კანონით რეგლამენტირება. სწორედ აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების არსებობა იძლევა საკუთრების უფლების შეზღუდვის კონსტიტუციურსამართლებრივ ლეგიტიმაციას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-58). ამგვარად, საკუთრების კონსტიტუციური უფლების შეზღუდვისათვის, პირველ რიგში, საჭიროა საზოგადოებრივი საჭიროებით განპირობებული შეზღუდვის წესის კანონით რეგლამენტირება. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „„აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების“ შინაარსს კონკრეტულ შემთხვევაში კანონმდებელი განსაზღვრავს. მოქმედება „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის“ არ ნიშნავს, რომ ის არის მიმართული საზოგადოებისათვის გარკვეული და გარდაუვალი უარყოფითი შედეგების თავიდან ასაცილებლად. კანონმდებელი „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის“ შეიძლება მოქმედებდეს, როდესაც მას ამოძრავებს საზოგადოებისათვის ან მისი ნაწილისათვის დადებითი შედეგების მომტანი მიზნები“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 18 მაისის N2/1-370,382,390,402,405 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ზაურ ელაშვილი, სულიკო მაშია, რუსუდან გოგია და სხვები და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-15).
10. ამასთანავე, საკუთრების უფლების შეზღუდვის გამართლებისათვის აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების არსებობასთან ერთად დაცული უნდა იყოს თანაზომიერების პრინციპი. „თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნაა, რომ უფლების მზღუდავი საკანონმდებლო რეგულირება უნდა წარმოადგენდეს ღირებული საჯარო (ლეგიტიმური) მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას. ამავე დროს, უფლების შეზღუდვის ინტენსივობა მისაღწევი საჯარო მიზნის პროპორციული, მისი თანაზომიერი უნდა იყოს. დაუშვებელია ლეგიტიმური მიზნის მიღწევა განხორციელდეს ადამიანის უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-60). მოპასუხე მხარის მითითებით, სადავო ნორმა ემსახურება ელექტროსისტემის სტაბილური ფუნქციონირების უზრუნველყოფას. ხსენებული უმნიშვნელოვანეს საზოგადოებრივ სიკეთეს წარმოადგენს და უდავოა, რომ მის მისაღწევად ხელშეკრულების თავისუფლების შეზღუდვა დასაშვებია. თუმცა პროპორციულობის ტესტის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ასევე უნდა შემოწმდეს სადავო ნორმა რამდენად წარმოადგენს ხსენებული ლეგიტიმური მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას. ამდენად, უნდა მოხდეს სადავო ნორმის რეგულირების სფეროს გაანალიზება და მისი მოქმედების მიზნების განსაზღვრა.
11. როგორც უკვე აღინიშნა სადავო ნორმა ელექტროენერგიის მომხმარებლებს უდგენს გარანტირებული სიმძლავრის საფასურის გადახდის ვალდებულებას. ამდენად, ხსენებული ნორმის მიზნების გასარკვევად, პირველ რიგში, უნდა განისაზღვროს თავად გარანტირებული სიმძლავრის არსი და ის საჭიროება, რომლითაც ხსენებული ინსტიტუტის არსებობაა ნაკარნახევი. „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ9 ქვეპუნქტის თანახმადაც, გარანტირებული სიმძლავრე წარმოადგენს “გარანტირებული სიმძლავრის წყაროების მიერ უზრუნველყოფილი სიმძლავრე, რომელიც ემსახურება ქვეყნის ერთიანი ელექტროენერგეტიკული სისტემის მდგრადობას, უსაფრთხო და საიმედო ფუნქციონირებას“. ხოლო ამავე მუხლის ჰ13 ქვეპუნქტის თანახმად, გარანტირებული სიმძლავრის წყაროს წარმოადგენს „ქვეყნის ერთიანი ელექტროენერგეტიკული სისტემის უსაფრთხო ფუნქციონირებისა და საჭირო მინიმალური გარანტირებული სიმძლავრით უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული თბოელექტროსადგური ან თბოელექტროსადგურები (წარმოების ლიცენზიატი ან წარმოების ლიცენზიატები), რომელსაც/რომლებსაც გაჩერებული მდგომარეობიდან ელექტროენერგეტიკულ სისტემასთან სინქრონიზაცია შეუძლია არაუმეტეს 24 საათისა და სიმძლავრის აღება – არაუმეტეს მომდევნო 12 საათის განმავლობაში“. ამდენად, გარანტირებული სიმძლავრე არის სიმძლავრე, რომელიც იწარმოება საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული თბოელექტროსადგურების მიერ ელექტროენერგიის დეფიციტის არსებობისას.
12. როგორც საქმის არსებითი განხილვისას გამოიკვეთა, ელექტროენერგიის დროებითი დეფიციტი შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა ფაქტორებმა, მათ შორის ბუნებრივმა პირობებმა. საქართველოში სეზონურად განსხვავებულია ელექტოენერგიის წარმოებაც და მოხმარებაც. მდინარეებში წყლის რესურსის მატებასთან ერთად იზრდება ჰიდროელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის მოცულობა, ხოლო წყლის რესურსის დაკლებისას კი - მცირდება. ამავე დროს, ზამთრის მოახლოებასთან ერთად იზრდება ელექტროენერგიის მოხმარება წლის თბილ პერიოდებთან შედარებით. შესაბამისად, გარკვეულ შემთხვევებში მუდმივ რეჟიმში მომუშავე ელექტროენერგიის მწარმოებლების მიერ წარმოებული ენერგია ვერ უზრუნველყოფს მოთხოვნის დაკმაყოფილებას, შესაბამისად, სისტემის მდგრადობისათვის აუცილებელია დამატებითი ელექტროენერგიის დროებითი წყაროების მოძიება. ხსენებული დეფიციტის არსებობისას ელექტროენერგიის დამატებითი სიმძლავრის მოძიება ხორციელდება მისი იმპორტირებით ან/და გარანტირებული სიმძლავრის წყაროებიდან. ამდენად, გარანტირებული სიმძლავრის წყაროების არსებობა წარმოადგენს ელექტროსისტემის სტაბილური ფუნქციონირებისათვის უმნიშვნელოვანეს ინსტრუმენტს.
13. გარანტირებული სიმძლავრის, როგორც ელექტროენერგიის დამატებითი რეზერვის არსებობის აუცილებლობაზე ასევე მიუთითებს „საქართველოს ენერგეტიკის დარგში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიმართულებების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის 2015 წლის 24 ივნისს 3758-IIს დადგენილებაც. ენერგეტიკაში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიზნად გაცხადებულია „ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაუმჯობესება, რაც უზრუნველყოფს ეროვნული ინტერესების განხორციელებას საკმარისი რაოდენობის, მაღალი ხარისხის, სხვადასხვა სახის ენერგიის უწყვეტად და მისაღებ ფასად მიწოდებას“. ამავე პოლიტიკის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებად კი დასახელებულია ადგილობრივი ენერგეტიკული რესურსების ეფექტიანი ათვისება და ქვეყანაში ელექტროენერგიაზე არსებული მოთხოვნილების საკუთარი ენერგეტიკული რესურსებით დაკმაყოფილება იმპორტირებული ენერგომატარებლების ეტაპობრივი ჩანაცვლებით. ერთიანი ელექტროენერგეტიკული სისტემის მდგრადობის, უსაფრთხო და საიმედო ფუნქციონირების უზრუნველყოფა წარმოადგენს სახელმწიფოს სტრატეგიულ მიზანს. ქვეყნის ტერიტორიაზე გარანტირებული სიმძლავრის ადგილობრივი წყაროების შექმნა და მათი ეფექტური ფუნქციონირება სწორედ აღნიშნულ სტრატეგიულ მიზანს ემსახურება.
14. საიმედო და მდგრადი ელექტროენერგეტიკის სისტემა, რომლის მუშაობის შეფერხება მინიმუმამდეა დაყვანილი ალტერნატიული რეზერვების არსებობის გათვალისწინებით, უპირველეს ყოვლისა, ემსახურება მომხმარებელთა ინტერესების დაცვას. აღნიშნული განსაკუთრებით აქტუალურია მოსარჩელის კატეგორიის პირებთან მიმართებით, რომელთა საქმიანობის თავისებურება განაპირობებს, მათი მხრიდან, დიდი ოდენობითა და სპეციფიკური სიმძლავრით ელექტროენერგიის სტაბილურად მიღების საჭიროებას და, შესაბამისად, პირდაპირპროპორციულად ზრდის მათ ობიექტურ დაინტერესებას სისტემის გარანტირებული სიმძლავრით უზრუნველყოფის მიმართ. სადავო ნორმით გათვალისწინებული გარანტირებული სიმძლავრის საფასური ხსენებული თბოელექტროსადგურების შენახვასთან დაკავშირებული ხარჯების დასაფარად არის განკუთვნილი. შესაბამისად, საფასურის არსებობა ემსახურება იმავე მიზნებს, რასაც თავად გარანტირებული სიმძლარის არსებობა. ამდენად, სადავო ნორმა წარმოადგენს მოპასუხის მიერ დასახელებული ლეგიტიმური მიზნის მიღწევის ვარგის საშუალებას.
15. როგორც უკვე აღინიშნა, გარანტირებული სიმძლავრის წყაროების არსებობა საქართველოს ელექტროსისტემის ფუნქციონირებისათვის აუცილებლობით არის განპირობებული. მისი არსებობის საჭიროებაზე მოსარჩელეც არ დავობს. ამავე დროს, თბოელექტროსადგურების ექსპლუატაცია მნიშვნელოვან ხარჯებთან არის დაკავშირებული, ამდენად, ასევე ბუნებრივი აუცილებლობით არის გამოწვეული გარანტირებული სიმძლავრის საფასურის გადახდის საჭიროება. მოსარჩელე ასევე არ დავობს, რომ ხსენებული ხარჯი უნდა გასწიოს ელექტროენერგიის მომხმარებელმა და არა სახელმწიფომ (ანუ თითოეულმა გადასახადის გადამხდელმა). ამდენად, სადავო ნორმით განსაზღვრული საფასურის ზოგადი აუცილებლობა მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს არ წარმოდგენს. მოსარჩელე არაკონსტიტუციურად მიიჩნევს არა თავისთავად გარანტირებული სიმძლავრის გადასახადის არსებობას, არამედ ამ გადასახადის გამოთვლის წესთან, მოცულობასთან, მომხმარებლებს შორის საფასურის ტვირთის განაწილებასთან და მისი გადახდის ზოგადი ვალდებულების დადგენასთან დაკავშირებულ რიგ გარემოებებს. თითოეულ ამ გარემოებასთან მიმართებით მოსარჩელის არგუმენტაციის საფუძვლიანობას სასამართლო ცალ-ცალკე შეაფასებს.
16. მოსარჩელე მიუთითებს, რომ გარანტირებული სიმძლავრის შესყიდვა არ უნდა ატარებდეს სავალდებულო ხასიათს და უნდა წარმოადგენდეს პირდაპირი მომხმარებლის არჩევანის შედეგს. მისი პოზიციით, გარანტირებული სიმძლავრის შემსყიდველ და შესაბამისი საფასურის გადახდაზე ვალდებულ სუბიექტებს უნდა ჰქონდეთ არჩევანის შესაძლებლობა, მიიღონ თუ არა მონაწილეობა გარანტირებული სიმძლავრის, როგორც ელექტროენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველმყოფი ერთ-ერთი საშუალების შექმნასა და ფუნქციონირებაში, მათ შორის, ფინანსური სახსრების გაღების გზით.
17. მოსარჩელის ხსენებული არგუმენტაცია ვერ იქნება გაზიარებული საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ რიგი ფაქტორების გამო. გარანტირებული სიმძლავრის საფასურის გადახდის ნებაყოფლობითობა არ არის თავსებადი არც გარანტირებული სიმძლავრის არსთან და არც ელექტროსისტემის არსებულ მოდელთან. როგორც უკვე აღინიშნა, გარანტირებული სიმძლავრის შენახვის ხარჯები წარმოადგენს სტაბილური ელექტროსისტემის არსებობის აუცილებელ ხარჯს. შეუძლებელია, მოსარჩელის ან მის კატეგორიაში მყოფი პირების მიერ შესყიდული ელექტროენერგია ადრესატამდე მივიდეს სისტემის მეშვეობით, თუკი ეს უკანასკნელი გამართულად ვერ ფუნქციონირებს. მაგალითისთვის, ეს ხარჯი შედარებადია თავად ელექტროსისტემის ქსელის შენახვის ხარჯებთან. შესაბამისად, იგი წარმოადგენს მოხმარებული ელექტროენერგიის ფასის ნაწილს, რომელსაც ელექტროენერგიის ზოგიერთი მომხმარებელი (მაგალითად, საცალო მომხმარებელი) ელექტროენერგიის ტარიფში ასახული ფორმით იხდის, ზოგი კი - განცალკევებულად. ეკონომიკური თვალსაზრისით გარანტირებული სიმძლავრის შენახვის ხარჯები ელექტროენერგიის მომხმარებლამდე მიწოდების საფასურის ნაწილია. გარანტირებული სიმძლავრე უზრუნველყოფს ელექტროსისტემის სტაბილურობას, შესაბამისად მისი არსებობით ელექტროენერგიის მომხმარებელი სარგებელს იღებს სისტემის სარგებლობის ნებისმიერ პერიოდში. გარანტირებული სიმძლავრით სარგებლობა ფაქტობრივად ხორციელდება ელექტროენერგიით სარგებლობასთან ერთად.
18. გარანტირებული სიმძლავრის საფასურის უშუალოდ ელექტროენერგიის, ელექტროენერგეტიკის სისტემის მოხმარების საფასურია, მისი გადახდის ნებაყოფლობითობა თავად ელექტროენერგიის საფასურის გადახდის ნებაყოფლობითობის მსგავსი მოთხოვნაა. გარანტირებული სიმძლავრის არსებობა უზრუნველყოფს მთლიანად სისტემის მდგრადობას, უსაფრთხოებას, ელექტროენერგიის მოთხოვნა-მიწოდების დაბალანსებას და მომხმარებლების მოთხოვნების სათანადოდ დაკმაყოფილებას. იმ პირობებში, როდესაც პირი ერთიან ელექტროენერგეტიკულ სისტემაზე მიერთების მომენტიდან იღებს ყველა იმ სარგებელს, რაც ამ უკანასკნელს გააჩნია, გაუმართლებელი იქნება შემხვედრი ვალდებულებების დაკისრება დამოკიდებული იყოს მის არჩევანზე. ცხადია, სისტემაში ჩართული მომხმარებლებისათვის სტაბილური ენერგომომარაგება, იმავდროულად, მოიაზრებს შესატყვის ვალდებულებებსაც, მათ შორის, გარანტირებული სიმძლავრის წყაროების შექმნასა და სათანადო ფუნქციონირებაში მონაწილეობის მიღებისა და ფინანსური ტვირთის განაწილების გზით. ელექტროენერგეტიკის სისტემის სტაბილურობა ეჭვქვეშ დადგება, თუკი მისი ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების გაღება მომხმარებლის არჩევანის ნაწილი იქნება. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ შემოთავაზებული, ნებაყოფლობით გადახდაზე დამოკიდებული მოდელის პირობებში შეუძლებელი იქნება ელექტროსისტემის გამართული ფუნქციონირების ლეგიტიმური მიზნის მიღწევა. ასევე აღსანიშნავია, რომ გარანტირებული სიმძლავრის საფასურის გადახდა წარმოადგენს ელექტროენერგიის ქსელის საშუალებით ელექტროენერგიის შესყიდვის წინაპირობას. სხდომაზე დაკითხული მოწმეების ჩვენებიდან დადასტურდა, რომ ხსენებული ქსელიდან ელექტროენერგიის ყიდვა დამოკიდებულია მოსარჩელის არჩევანზე. თუ იგი უზრუნველყოფს ელექტროენერგიის სხვა ფორმით მიღებას მაშინ მას გარანტირებული სიმძლავრის საფასურის გადახდის ვალდებულებაც არ ექნება.
19. მოსარჩელე მხარე ასევე მიუთითებს, რომ მთავრობა ფართო დისკრეციის ფარგლებში განსაზღვრავს გარანტირებული სიმძლავრის წყაროთა ჩამონათვალს და მათ მიერ უზრუნველყოფილი მინიმალური გარანტირებული სიმძლავრის მოცულობას. შესაბამისად, წინასწარ განუჭვრეტელია გარანტირებული სიმძლავრის ექსპლუატაციისათვის საჭირო მთლიანი ხარჯების და, შესაბამისად, სიმძლავრის საფასურის გადახდაზე ვალდებულ სუბიექტთა ფინანსური ვალდებულების მოცულობა.
20. საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით დისკრეციული უფლებამოსილების არსებობის მიუხედავად, საქართველოს მთავრობა გარანტირებული სიმძლავრის წყაროებს განსაზღვრავს საჭიროებიდან გამომდინარე. „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ13 ქვეპუნქტით განსაზღვრული გარანტირებული სიმძლავრის წყაროს განმარტებაც მიუთითებს, რომ საქართველოს მთავრობის მიერ გარანტირებული სიმძლავრის წყაროების განსაზღვრა „ქვეყნის ერთიანი ელექტროენერგეტიკული სისტემის უსაფრთხო ფუნქციონირებისა და საჭირო მინიმალური გარანტირებული სიმძლავრით უზრუნველყოფის მიზნით“ ხორციელდება. ამდენად, თვალსაჩინოა კანონდებლობით დადგენილი ვალდებულება, რომ მთავრობამ თბოელექტროსადგურების რაოდენობა და სიმძლავრე სისტემის საჭიროებიდან გამომდინარე უნდა განსაზღვროს. ამავე დროს, მოსარჩელეს არ წარმოუდგენია შესაბამისი მტკიცებულებები, რაც მიუთითებდა, რომ მთავრობის მიერ გარანტირებული სიმძლავრის წყაროები განსაზღვრულია სისტემური საჭიროების არსებობის გარეშე. მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა, რომ მთავრობის მოქმედების შედეგად ელექტროსისტემის შენახვას იმაზე მეტი ფინანსური რესურსი სჭირდება, ვიდრე ამას ობიექტური საჭიროება მოითხოვს. ამასთან, გარანტირებული სიმძლავრის წყაროების განსაზღვრის თვალსაზრისით, სადავო ნორმა არ ადგენს არასაჭირო ხარჯების გადახდის ვალდებულებას. ამავე დროს, არც მოსარჩელეს არ წარმოუდგენია არგუმენტაცია, რომლიდან გამომდინარეც იგი დაასაბუთებდა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის იცავს პირების შესაძლებლობას, ელექტროენერგია თვითღირებულებაზე ნაკლებ ფასად შეისყიდონ. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც მთავრობა გარანტირებული სიმძლავრის წყაროებს სისტემის საჭიროებიდან გამომდინარე განსაზღვრავს, თავისთავად, გარკვეული დისკრეციის არსებობის ფაქტი არ გამოდგება სადავო ნორმის არაკონსტიტუციურობის სამტკიცებლად.
21. მოსარჩელე მხარის პოზიციით, კომისიის მიერ საფასურის დადგენისას მხედველობაში მიიღება როგორც სიმძლავრის მწარმოებელი თბოელექტროსადგურის მიერ გაწეული სხვადასხვა სახის ხარჯები, ასევე ბაზრის ოპერატორის მიერ მისაღები მოგება ზრდის გარანტირებული სიმძლავრის ღირებულებას. ელექტროენერგიის გარანტირებული სიმძლავრის საფასურს კომისია ადგენს „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე და 431 მუხლებით განსაზღვრული მეთოდოლოგიის გამოყენებით. კანონის ხსენებული დებულებები N745 კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ არ არის გამხდარი. შესაბამისად, არსებული დავის ფარგლებში საკონსტიტუციო სასამართლო ვერ იმსჯელებს „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე და 431 მუხლებით დადგენილი მეთოდოლოგიის რომელიმე ასპექტის კონსტიტუციურობაზე. ამ თავლსაზრისით, სადავო ნორმა მიუთითებს მხოლოდ ბაზრის ოპერატორის არსებობაზე და გარანტირებული სიმძლავრის წყაროებისთვის გადასახდელი გარანტირებული სიმძლავრის საფასურის ანაზღაურების ვალდებულებაზე. მოსარჩელეს არ წარმოუდგენია არგუმენტაცია, რომელიც დაადასტურებდა, რომ ელექტროსისტემის ფუნქციონირებისათვის ბაზრის ოპერატორის საჭიროება არ არსებობს და მისი არსებობა თავისთავად ქმნის გაუმართლებელ ხარჯებს. შესაბამისად, მისი არგუმენტაცია არ მიემართება სადავო ნორმით რეგულირებულ საკითხებს.
22. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე აშკარაა, რომ არ უნდა იქნეს გაზიარებული მოსარჩლის არგუმენტაცია, რომელიც შეეხება გარანტირებული სიმძლავრის ღირებულების არაადეკვატურად განსაზღვრის საკითხის. სადავო ნორმა ადგენს ელექტროენერგიის მომხმარებელთა ვალდებულებას, აანაზღაურონ ის ხარჯები, რომელიც ობიექტურად არის საჭირო გარანტირებული სიმძლავრის არსებობისათვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა შეაფასოს, რამდენად სამართლიანად ხდება გარანტირებული სიმძლავრის არსებობისათვის აჭირო ხარჯების გადანაწილება მომხმარებლებს შორის და ხომ არ ხდება მოსარჩელისათვის სხვებთან შედარებით უსამართლო ტვირთის დაკისრება.
23. მოსარჩელე მიუთითებს, რომ გარანტირებული სიმძლავრის საფასური არ უნდა დგინდებოდეს მთლიანად მოხმარებული ელექტროენერგიის პროპორციულად. მისი გადახდა უნდა მოხდეს მხოლოდ იმ პერიოდში მოხმარებული ელექტროენერგიის მოცულობის გათვალისწინებით, რომლის დროსაც გარანტირებული სიმძლავრის წყაროები სინქრონიზებულია სისტემასთან. ზოგადად გარანტირებული სიმძლავრის საფასურის გადახდის პრინციპებს კანონმდებელი განსაზღვრავს და ამ თვალსაზრისით მას გარკვეული დისკრეცია გააჩნია. საკონსტიტუციო სასამართლო კი აფასებს დადგენილი კრიტერიუმის გონივრულობას და ადგენს ხომ არ განაპირობებს იგი საკუთრების უფლების მომეტებულ შეზღუდვას. სწორედ ამ ფაქტორების გათვალისწინებით შეაფასებს სასამართლო გარანტირებული სიმძლავრის საფასურის ელექტროენერგიის მომხმარებლებზე განაწილების ხსენებული კრიტერიუმის კონსტიტუციურობას.
24. გარანტირებული სიმძლავრის საფასურის ზოგადად მოხმარებული ელექტროენერგიის პროპორციულად განაწილებასთან დაკავშირებით პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ გარანტირებული სიმძლავრის წყაროს შექმნა და შენახვა ხარჯებთან არის დაკავშირებული ნებისმიერ დროს, მათ შორის იმ შემთხევაში როდესაც თბოელექტროსადგური გაჩერებულია. თითოეული ამ ხარჯის ასახვა ხდება თბოელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ტარიფში და ეკონომიკური თვალსაზრისით წარმოადენს ელექტროენერგიის სისტემის გამართული ფუნქციონერებისათვის ზოგადად და არა კონკრეტულ მომენტში გაწეულ ხარჯს. შესაბამისად, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის პოზიციას, რომლის თანახმადაც მათ მუდმივი სიმძლავრის გადასახადი აუცილებლად უნდა გადაიხადოთ მხოლოდ იმ დროს მოხმარებული ელექტროენერგიის მიხედვით როდესაც თბოელექტროსადგური სინქრონიზებულია სისტემასთან. რაც უფრო დიდია გარანტირებული სიმძლავრის საფასურის გადამხდელი სუბიექტის მიერ სრულად (და არა დროის რომელიმე კონკრეტულ პერიოდში) მოხმარებული ელექტროენერგიის წილი, მით უფრო მეტია ის სარგებელი, რომელსაც იგი იღებს სტაბილური და შეუფერხებელი ერთიანი ელექტროენერგეტიკული სისტემის არსებობიდან. შესაბამისად, გარანტირებული სიმძლავრის საფასურის განსაზღვრა მოხმარებული ელექტროენერგიის მოცულობის პროპორციულად არ უნდა ჩაითვალოს არაგონივრულ, არაადეკვატურ რეგულაციად. აქედან გამომდინარე, მოხმარებული ელექტროენერგიის მოცულობა შესაძლოა, იყოს საფასურის განსაზღვრის კრიტერიუმი და წესი ამ თვალსაზრისით არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მოთხოვნებს.
25. მოსარჩელე მხარის პოზიციით, იგი ელექტროენერგიას მოიხმარს მხოლოდ წარმოების პროცესში, მისი ძირითადი საქმიანობის განსახორციელებლად, მაშინ როდესაც განაწილების ლიცენზიატისა და ექსპორტიორებისათვის ელექტროენერგიით ვაჭრობა შემოსავლის ძირითადი წყაროა, შესაბამისად, მოსარჩელის კატეგორიის პირებს ნაკლები ინტერესი აქვთ ერთიანი ელექტროენერგეტიკული სისტემის უსაფრთხოების მიმართ, რაც გაუმართლებელს ხდის მათთვის საფასურის გადახდის უპირობო ვალდებულების დაკისრებას.
26. პირდაპირი მომხმარებელი სხვა მომხმარებელთა მსგავსად იღებს ელექტროენერგიას და სარგებლოს ელექტროსისტემის სტაბილურობიდან მომდინარე სიკეთეებით. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში არარელევანტურია მისი საქმიანობის თავისებურება და ის გარემოება, თუ რა მოცულობის მოგებას იღებს ეს უკანასკნელი სხვა სუბიექტებთან მიმართებით. როგორც უკვე აღინიშნა კონსტიტუციის 21-ე მუხლი არ იცავს პირის უფლებას, რომ მან თვითღირებულებაზე იაფად იყიდოს ესა თუ ის პროდუქტი, მათ შორის იმ შემთხვევაში, როდესაც იგი თვითღირებულებით პროდუქტის შეძენის პირობებში სასურველ მოგებას ვერ აღწევს.
27. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე არ მიუთითებს, რომ იგი სხვა მომხმარებლებთან შედარებით დისკრიმინაციულ მდგომარეობაშია ჩაყენებული და ბაზრის სხვა მოთამაშეს მასზე უკეთესი პირობები აქვს დადგენილი ელექტროენერგიის შესაძენად. ამის საპირისპიროდ იგი მოითხოვს ელექტროენერგიის სხვა პირებთან, მათ შორის განაწილების ლიცენზიატთან შედარებით პრივილეგირებულ მდგომარეობაში შესყიდვის უფლებას. მისი პოზიციით, საერთო საზოგადოებრივი სიკეთის, გარანტირებული სიმძლავრის შექმნაში განაწილების ლიცენზიატმა მასზე მეტი ხარჯი უნდა გასწიოს. ამ თვალსაზრისით აღსანიშნავია, რომ კანონმდებლობის თანახმად, განაწილების ლიცენზიატის მიერ გადასახდელი გარანტირებული სიმძლავრის საფასური შეიტანება ელექტროენერგიის ტარიფში და ანაზღაურდება, მათ შორის, იმ საცალო მომხმარებელთა მიერ, რომლებიც ელექტროენერგიას მოიხმარენ საყოფაცხოვრებო მიზნებისათვის. ამდენად, მოსარჩლე ფაქტობრივად მოითხოვს, რომ მის მიერ ელექტროენერგიის თვითღირებულებაზე ნაკლებ ფასად შესყიდვა უნდა დააფინანსონ სხვადასხვა პირებმა, მათ შორის საყოფაცხოვრებო მომხმარებლებმა. აღნიშნული მოთხოვნა, არაგონივრულია და ვერ იქნება განხილული როგორც საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით დაცული მოსარჩლის უფლების სფეროს ნაწილი.
28. როგორც აღინიშნა, გარანტირებული სიმძლავრე აუცილებელია ელექტროენერგეტიკის სისტემის გამართული ფუნქციონირებისათვის. დღეის მდგომარეობით გარანტირებული სიმძლავრის არსებობის ხარჯი და მისგან მომდინარე ეკონომიკური ტვირთი სხვადასხვა ფორმით თანაბრადაა გადანაწილებული ელექტროენერგიის ყველა მომხმარებელზე. კერძოდ, მომხმარებლების გარკვეული კატეგორია პირდაპირ იხდის გარანტირებული სიმძლავრის საფასურს, ნაწილისთვის კი ირიბად, მათთვის ეს საფასური გათვალისწინებულია ელექტროენერგიის ტარიფში. იმ შემთხვევაში, თუ გარკვეული კატეგორიის ელექტროენერგიის მომხმარებელთა მიერ გარანტირებული სიმძლავრის საფასურის გადახდა ნებაყოფლობითი იქნება ან, თუ რომელიმე კატეგორია გათავისუფლდება გარანტირებული სიმძლავრის საფასურის გადახდის ეკონომიკური ტვირთისგან, აუცილებელი გახდება ამ ტვირთის გადანაწილდება სხვა მომხმარებლებზე. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ამგვარი მიდგომის საქართველოს კონსტიტუციით დაცულობას. მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა არგუმენტები, რომელიც სასამართლოს დაანახვებდა, თუ რატომ მომდინარეობს საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით გარანტირებული საკუთრების უფლებიდან ის ინტერესი, რომ პირი, რომელიც იღებს იმ სარგებელს, რაც გარანტირებულ სიმძლავრეს და გამართულ ელექტროენერგეტიკის სისტემას ახლავს, უნდა გათავისუფლდეს გარანტირებული სიმძლავრის საფასურის გადახდისაგან და მისი ვალდებულება გადანაწილდეს ელექტროენერგიის სხვა მომხმარებლებზე.
29. აღნიშნულიდან გამომდინარე აშკარაა, რომ სადავო ნორმის არაკონსტიტუციურობის სამტკიცებლად მოსარჩელის მიერ მითითებული არც ერთი გარემოება არ არის საფუძვლიანი და ვერ მიუთითებს საკუთრების უფლების დარღვევაზე. სადავო ნორმით დადგენილი ღონისძიება წარმოადგენს ლეგიტიმური მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას. ამავე დროს, სადავო ნორმა ესწრაფვის უაღრესად მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესის, ენერგოუსაფრთხოების დაცვას და ამ მიზნის ფარგლებში მოსარჩელეს ხარჯების სამართლიანი ნაწილის ანაზღაურების ვალდებულებას უდგენს. შესაბამისად, სადავო ნორმით სამართლიანად არის დადგენილი ბალანსი კერძო და საჯარო ინტერესებს შორის.
30. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის სადავო 231 მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული წესი წარმოადგენს საკუთრების უფლების გამართლებულ შეზღუდვას, ეფუძნება ქვეყნის ერთიანი ელექტროენერგეტიკული სისტემის მდგრად, უსაფრთხო და საიმედო ფუნქციონირებასთან დაკავშირებული საჯარო და კერძო ინტერესების სამართლიან დაბალანსებას და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტის მოთხოვნებს.
სადავო ნორმის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით
31. საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტით გარანტირებული მეწარმეობის თავისუფლება მჭიდროდ უკავშირდება საკუთრების უფლების, როგორც ადამიანთა თანაარსებობის ეკონომიკურ ბაზისს. „მეწარმეობის თავისუფლება წარმოადგენს სამოქალაქო ბრუნვის თავისუფლების მნიშვნელოვან გამოვლინებას, ეკონომიკური მართლწესრიგის, ჯანსაღი და სიცოცხლისუნარიანი საბაზრო ურთიერთობების საფუძველს ... მხოლოდ თავისუფალი მეწარმეობის დროსაა შესაძლებელი, მეწარმე სუბიექტი გახდეს კომერციული ურთიერთობის სრულფასოვანი თანამონაწილე და შეძლოს თავისი საქმიანი უნარ-ჩვევების სრულყოფილი გამოვლინება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბრის №1/2/411 გადაწყვეტილება საქმეზე შპს „რუსენერგოსერვისი”, შპს „პატარა კახი”, სს „გორგოტა”, გივი აბალაკის ინდივიდუალური საწარმო „ფერმერი” და შპს „ენერგია” საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წინააღმდეგ, II-2). საქართველოს კონსტიტუცია, აკისრებს რა, სახელმწიფოს თავისუფალი მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის ვალდებულებას, აღნიშნულით „მხარს უჭერს თავისუფალი ეკონომიკის პრინციპს, რომელშიც არა მარტო მეწარმეობის ასპარეზია თავისუფალი ნებისმიერი ქმედუნარიანი სუბიექტისთვის, არამედ, თავად მეწარმეობაა თავისუფალი“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბრის №1/2/411 გადაწყვეტილება საქმეზე შპს „რუსენერგოსერვისი”, შპს „პატარა კახი”, სს „გორგოტა”, გივი აბალაკის ინდივიდუალური საწარმო „ფერმერი” და შპს „ენერგია” საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წინააღმდეგ, II-2).
32. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთხელ მიუთითა საკუთრებს უფლებასა და მეწარმეობის თავისუფლებას შორის მნიშვნელოვან კავშირზე. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „ხელშეკრულების, საკუთრებისა და მეწარმეობის თავისუფლება წარმოადგენს იმ ერთმანეთთან ორგანულად დაკავშირებულ პრინციპულ ფასეულობებს, რაც დამახასიათებელია საბაზრო ეკონომიკის ქვეყნებისათვის... მეწარმეობის თავისუფლება არ არსებობს თავისუფალი და გარანტირებული საკუთრების უფლების გარეშე.... მეწარმეობა საკუთრების უფლების გამოვლენის, მისი შინაარსის დემონსტრირების საუკეთესო ფორმაა. საკუთრებაში ვლინდება ადამიანი, როგორც მეწარმე სუბიექტი...“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბრის №1/2/411 გადაწყვეტილება საქმეზე შპს „რუსენერგოსერვისი”, შპს „პატარა კახი”, სს „გორგოტა”, გივი აბალაკის ინდივიდუალური საწარმო „ფერმერი” და შპს „ენერგია” საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წინააღმდეგ, II-4,23).
33. ზემოაღნიშნულ ორ ძირითად უფლებას შორის არსებული მჭიდრო კავშირის მიუხედავად, არასწორი იქნება მსჯელობა იმის თაობაზე, რომ რომელიმე ერთ უფლებაში ჩარევა უცილობლად გულისხმობს მეორე ძირითადი უფლებით დაცულ სფეროში ჩარევას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, „საქართველოს კონსტიტუციის სულისკვეთება მოითხოვს, რომ თითოეული უფლების დაცული სფერო შესაბამის კონსტიტუციურ დებულებებში იქნეს ამოკითხული. კონსტიტუციის განმარტების პროცესში საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა უზრუნველყოს კონსტიტუციით დადგენილი წესრიგის დაცვა, კონსტიტუციის დებულებების გააზრება მათი მიზნებისა და ღირებულებების შესაბამისად“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 14 აპრილის №3/2/588 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – სალომე ქინქლაძე, ნინო კვეტენაძე, ნინო ოდიშარია, დაჩი ჯანელიძე, თამარ ხითარიშვილი და სალომე სებისკვერაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-12). „ბუნებრივია, ერთი და იგივე სამართლებრივი ურთიერთობა შესაძლოა კონსტიტუციის სხვადასხვა მუხლით დაცულ სფეროში მოექცეს, ისევე, როგორც კონსტიტუციის სხვადასხვა მუხლებით დაცული სფეროები გარკვეულწილად ფარავდეს (მოიცავდეს) ერთმანეთს. თუმცა კონსტიტუციის განსხვავებული ნორმებით დაცული უფლებების ფარგლების ხელოვნური გაფართოება, უფლებებს შორის კონსტიტუციით გავლებული ზღვრის წაშლა, ვერც უფლების დაცვას მოემსახურება და ვერც კონსტიტუციით დადგენილ წესრიგს უზრუნველყოფს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 20 დეკემბრის №1/7/561,568 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქე იური ვაზაგაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-11). საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „ყოველი კონკრეტული შემთხვევის თავისებურებაზე, საკუთრების ობიექტის ფუნქციურობაზე და სამეწარმეო საქმიანობის ხასიათზეა დამოკიდებული, 30-ე მუხლის დარღვევის შემთხვევაში დაირღვევა თუ არა 21-ე მუხლიც“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბრის №1/2/411 გადაწყვეტილება საქმეზე შპს „რუსენერგოსერვისი”, შპს „პატარა კახი”, სს „გორგოტა”, გივი აბალაკის ინდივიდუალური საწარმო „ფერმერი” და შპს „ენერგია” საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წინააღმდეგ, II-25).
34. ზემოაღნიშნული განმარტებებიდან ირკვევა, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სამართლებრივი ურთიერთობის თავისებურების გათვალისწინებით, უნდა დაადგინოს სადავო ნორმით განსაზღვრული რეგულირება შეფასებადია თუ არა საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით. კერძოდ, შესაძლებელია სახეზე იყოს მეწარმე სუბიექტი, რომლის საკუთრების უფლებაც იზღუდება სადავო რეგულირებით, თუმცა აღნიშნულს თავისთავად კავშირი არ ჰქონდეს ასეთი სუბიექტის მეწარმის სტატუსთან და მის მიერ განხორციელებულ საქმიანობასთან, შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლით დაცულ სფეროსთან. განსახილველ შემთხვევაში სადავოდ გამხდარი ნორმის შინაარსის, ფარგლებისა და მიზანმიმართულების გათვალისწინებით აშკარაა, რომ აღნიშნული რეგულირებით დადგენილი შეზღუდვის მიზნებისათვის პირის სამეწარმეო სტატუსი არარელევანტურია. ამ შემთხვევაში საკუთრების უფლების შეზღუდვა არ უკავშირდება პირის მიერ სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებას. მართალია, მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე წარმოადგენს მეწარმე სუბიექტს, თუმცა სადავო ნორმით განსაზღვრული ვალდებულება მას ეკისრება როგორც ელექტროენერგიის მომხმარებელს და არა როგორც მეწარმეს. საფასურის გადამხდელი სუბიექტების ჩამონათვალი სადავო ნორმით ამომწურავად არის განსაზღვრული და მოიცავს განაწილების ლიცენზიატებს, ექსპორტიორებსა და პირდაპირ მომხმარებლებს. თუმცა როგორც სხდომაზე მოწმეებმა და მოპასუხე მხარემ დაადასტურეს, გარანტირებული სიმძლავრის არსებობიდან მომდინარე ფინანსური ტვირთი აწევს როგორც პირდაპირ მომხმარებლებს, ასევე საცალო მომხმარებლებს (მათ შორის ფიზიკურ პირებს), რომლებიც იღებენ ელექტროენერგიას განაწილების ლიცენზიატების მეშვეობით და მას მოიხმარენ სხვადასხვა, მათ შორის, საყოფაცხოვრებო მიზნებისათვის. ამგვარად, აშკარაა, რომ მოსარჩელის როგორც მეწარმის სტატუსი და მის მიერ სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება არ არის კავშირში სადავო ნორმით გათვალისწინებულ შეზღუდვასთან.
35. სამეწარმეო თავისუფლების შეზღუდვაზე ასევე არ მიუთითებს ის გარემოება, რომ მოსარჩელეს როგორც მეწარმე სუბიექტს ელექტროენერგია შესაძლოა სჭირდებოდეს სამეწარმეო მიზნებისთვის. ზოგადად, ელექტროენერგიის როგორც ენერგიის უმნიშვნელოვანესი ალტერნატივის მოხმარება არაერთი სიკეთის გამოყენების წინაპირობაა. შესაძლოა, მის გამოყენებას უკავშირდებოდეს საყოფაცხოვრებო, სამეცნიერო, სამეწარმეო და სხვა არაერთი მიზანი. აღნიშნული, ცხადია, იმას არ ნიშნავს, რომ ნებისმიერი ბარიერი ელექტროენერგიასთან დაკავშირებით ხელშეკრულების თავისუფლად დადებაზე, თავისთავად ჩაითვლება იმ უფლებრივი სიკეთის შეზღუდვად, რომლისთვისაც პირს ელექტროენერგია სჭირდება.
36. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის არგუმენტაციას, რომლის თანახმადაც, სადავო ნორმის შესაბამისად საფასურის გადახდა ხდება არა პირდაპირ იმ გარანტირებული სიმძლავრის წყაროსთვის (თბოელექტროსადგურისათვის), რომელიც გამოიმუშავებს ამგვარ სიმძლავრეს, არამედ ბაზრის ოპერატორისათვის, რაც არაპირდაპირ სხვა საწარმოს დაფინანსებას წარმოადგენს და ეწინააღმდეგება თავისუფალი მეწარმეობის და კონკურენციის განვითარების კონსტიტუციით გარანტირებულ პრინციპებს.
37. წინამდებარე გადაწყვეტილებით უკვე დადგინდა, რომ გარანტირებული სიმძლავრის საფასურის გადახდის ვალდებულების დაწესება წარმოადგენს სახელშეკრულებო თავისუფლების გამართლებულ შეზღუდვას. ამ ღონისძიების დაწესებით სახელმწიფო ავალდებულებს შესაბამის სუბიექტებს, დადონ ხელშეკრულება გარკვეული პირობებით და გადაიხადონ გარანტირებული სიმძლავრის საფასური, რაც, საერთო ჯამში, გამართულ და სტაბილურ ელექტროენერგეტიკის სისტემას ემსახურება. გარანტირებული სიმძლავრის წყარომდე საფასურის ადმინისტრირებას ახდენენ ბაზრის ოპერატორები. სადავო ნორმის თანახმად, გადასახდელი თანხის დარიცხვას, ამოღებას და გარანტირებული სიმძლავრის წყაროებთან ანგარიშსწორებას ახორციელებს ბაზრის ოპერატორი ამ კანონითა და „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებით“ განსაზღვრული პირობების შესაბამისად. სადავო ნორმა არ ითვალისწინებს, რომ საფასური გადაიხდება ბაზრის ოპერატორების სასარგებლოდ ან მათ დასაფინანსებლად. ნორმა ადგენს გარანტირებული სიმძლავრის წყაროებთან ანგარიშსწორების ადმინისტრირებასთან დაკავშირებულ წესებს და არა რომელიმე საწარმოს დავალდებულებას, დააფინანსოს სხვა მეწარმე სუბიექტები.
38. მოსარჩელეს არ წარმოუდგენია რაიმე დამატებითი არგუმენტი, რომელიც სასამართლოს დაანახვებდა, რომ ამ შემთხვევაში გაიწევა დამატებითი, არასაჭირო ხარჯი ან რაიმე ფორმით იზღუდება თავისუფალი მეწარმეობა და კონკურენცია. განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს არ წარმოადგენს ის წესი, თუ როგორ, რა კრიტერიუმებზე დაყრდნობით აირჩევიან ბაზრის ოპერატორები. მოსარჩელე არ მიუთითებს, რომ ის კონკურენციაში იმყოფება ბაზრის ოპერატორებთან და სადავო რეგულაცია რაიმე ფორმით ზღუდავს ამ კონკურენციას. იმ პირობებში, როდესაც წინამდებარე გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ გარანტირებული სიმძლავრის შესყიდვის ვალდებულება წარმოადგენს კონსტიტუციით გარანტირებული საკუთრების უფლების გამართლებულ შეზღუდვას, აღნიშნული სიმძლავრის შესყიდვასთან დაკავშირებული ხარჯების, მათ შორის, მისი ადმინისტრირებისთვის აუცილებელი დანახარჯების ანაზღაურება შესაბამისი სუბიექტისთვის, თავისთავად, არ მიუთითებს მეწარმეობის თავისუფლებაში ჩარევაზე.
39. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმა არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებს.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ” ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 25-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, 27-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-4, მე-7, მე-8, მე-11 და მე-13 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 24-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 30-ე, 31-ე, 32-ე და 33-ე მუხლების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ დაკმაყოფილდეს კონსტიტუციური სარჩელი №745 („შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. გადაწყვეტილება ძალაშია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან.
3. გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
4. გადაწყვეტილების ასლი გაეგზავნოს მხარეებს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს მთავრობას და საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
5. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე და გაეგზავნოს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის წევრები:
თეიმურაზ ტუღუში
ირინე იმერლიშვილი
მანანა კობახიძე
თამაზ ცაბუტაშვილი