შალვა ნათელაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1688 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - , , |
ავტორ(ებ)ი | შალვა ნათელაშვილი |
თარიღი | 11 მარტი 2022 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. „შალვა ნათელაშვილისათვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის N1362-VIIIმს-Xმპ დადგენილება
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
„შალვა ნათელაშვილისათვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2022 წლის 15 თებერვლის N 1362-VIIIმს-Xმპ დადგენილება. |
საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ,,პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის ან ვადამდე შეწყვეტის საკითხს წყვეტს პარლამენტი. პარლამენტის ეს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკონსტიტუციო სასამართლოში. პარლამენტის წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, თუ იგი: მორიგი სესიის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით არ დაესწრო მორიგი სხდომების ნახევარზე მეტს. |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად ,,პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის ან ვადამდე შეწყვეტის საკითხს წყვეტს პარლამენტი. პარლამენტის ეს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკონსტიტუციო სასამართლოში“, ასევე საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 ნაწილის „ზ“ პუნქტის მიხედვით საკონსტიტუციო სასამართლო პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთი მეხუთედის ან შესაბამისი პირის სარჩელის საფუძველზე იხილავს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის ან ვადამდე შეწყვეტის შესახებ პარლამენტის გადაწყვეტილების კონსტიტუციურობის საკითხს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ პუნქტი. ამავე ორგანული კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტი. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 23-ე მუხლის მე-6 პუნქტი. მოცემულ შემთხვევაში საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანული კანონის აღნიშნული დებულებები შალვა ნათელაშვილს ანიჭებს უფლებას იდავოს გასაჩივრებული დადგენილების კონსტიტუციურობაზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
არსებობს კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საფუძველი, რადგან ,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის მოთხოვნები არის მკაცრად დაცული, კერძოდ:
ა) სარჩელი ფორმით და შინაარსით შეესაბამება ამ კანონის 311 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს;
ბ) სარჩელი შეტანილია უფლებამოსილი პირის მიერ:
სარჩელს თან ერთვის „შალვა ნათელაშვილისათვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2022 წლის 15 თებერვლის N1362-VIIIმს-Xმპ დადგენილება.
დადგენილების ტექსტის მიხედვით:
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. შალვა ნათელაშვილს ვადამდე ადრე შეუწყდეს საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება.
1. ეს დადგენილება ამოქმედდა მიღებისთანავე.
ამდენად, დადგენილების მიხედვით საქართველოს პარლამენტმა მოსარჩელეს ვადაზე ადრე შეუწყვიტა პარლამენტის წევრის უფლებამოსილება, რის გამოც იგი უფლებამოსილი პირია იდავოს წინამდებარე სარჩელში სადავოდ გამხდარი დადგენილების კონსტიტუციურობის თაობაზე.
გ) სარჩელში მითითებული საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი;
დ) სარჩელში მითითებული საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ;
ე) დაცულია სარჩელის წარდგენის ორკვირიანი ხადაზმულობის ვადა.
„საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-40 მუხლის მე-3 ნაწ. თანახმად, საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილების კონსტიტუციურობის შესახებ კონსტიტუციური სარჩელის შეტანის ვადა არ უნდა აღემატებოდეს ორ კვირას საქართველოს პარლამენტის შესაბამისი გადაწყვეტილების ამოქმედებიდან. სადავოდ გამხდარი დადგენილება ამოქმედდა მისი მიღების დღეს, კერძოდ 2022 წლის 15 თებერვალს.
ვ) დავის საგანს წარმოადგენს ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტი, რომელიც მიღებულია კონსტიტუციის საფუძველზე და ამიტომ კონსტიტუცია არ ითხოვს ამ სამართლებრივ აქტზე ზემდგომი ნორმატიული აქტის გასაჩივრებას. საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 ნაწ. თანახმად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში საჩივრდება თავად დეპუტატისათვის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება და არა ის კანონმდებლობა, რასაც ეს გადაწყვეტილება ეფუძნება. ამიტომ ამ დავის ფარგლებში შესაბამისი ნორმატიული აქტების გასაჩივრების აუცილებლობა არ არსებობს.
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად ,,პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის ან ვადამდე შეწყვეტის საკითხს წყვეტს პარლამენტი. პარლამენტის ეს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკონსტიტუციო სასამართლოში. პარლამენტის წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, თუ ის მორიგი სესიის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით არ დაესწრო მორიგი სხდომების ნახევარზე მეტს.
წინამდებარე სარჩელის მიზნებისთვის მნიშვნელოვანია დადგინდეს: რა პერიოდი არ ესწრებოდა შალვა ნათელაშვილი სესიებს, და რა იყო აღნიშნულის მიზეზი, ასევე საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ საკითხი ეხება არა არასაპატიო მიზეზის გამო სესიების გაცდენას, არამედ ბოიკოტს და ბოიკოტის რეჟიმში ყოფნას, რის შესახებაც შალვა ნათელაშვილმა მრავალჯერ განაცხადა საჯაროდ და ასევე საჯაროდ მოაწერა ხელი ბოიკოტის შესახებ შეთანხმებას (სხვა პარლამენტის წევრებთან ერთად), რაც კარგად იყო ცნობილი, როგორც პარლამენტისათვის, ასევე საზოგადოებისათვის, რადგან აღნიშნული მრავალჯერ იყო გაცხადებული საჯაროდ. გარდა აღნიშნულისა, ასევე საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ ჯერ კიდევ 2021 წლის დასაწყისში შალვა ნათელაშვილმა ოფიციალურად მიმართა პარლამენტს განცხადებით და მოითხოვა მისთვის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტა, რაზეც პარლამენტმა იმსჯელა და თავისი დადგენილებით 2021 წლის 2 თებერვალს უთხრა უარი უფლებამოსილების შეწყვეტაზე. მაშინ საქართველოს პარლამენტმა კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მოცემული პროცედურა განმარტა არა როგორც ფორმალური შინაარსის პროცედურა, როდესაც განცხადების მიმართვის საფუძველზე პარლამენტის მიერ პარლამენტარისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა წარმოადგენს ვალდებულებას, არამედ ისე, რომ პარლამენტს გააჩნია უფლებამოსილება პარლამენტის წევრს პირადი განცხადების საფუძველზე უფლებამოსილების ვადამდე ადრე შეწყვეტის საკითხი გადაწყვიტოს პოლიტიკურ მიზანშეწონილობაზე დაფუძნებით, ანუ მაშინ პარლამენტმა არამიზანშეწონილად მიიჩნია შალვა ნათელაშვილისათვის უფლებამოსილების შეწყვეტა, მიუხედავად იმისა, რომ მაშინაც ის არ ესწრებოდა სესიებს და ოფიციალურად აცხადებდა, რომ იმყოფებოდა ბოიკოტის რეჟიმში. საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ იმ პერიოდში გარდა მოსარჩელისა კიდევ 60 პარლამენტის დეპუტატი არ ესწრებოდა სესიებს, საიდანაც ნაწილი იმყოფებოდა ბოიკოტის რეჟიმში, მაგრამ არცერთი დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა არ განხორციელებულა. ამის შემდეგ 2021 წლის ზაფხულზეც განხორციელდა ანალოგიური საკითხის განხილვა პარლამენტის მიერ და მაშინაც პარლამენტმა არამიზანშეწონილად მიიჩნია მოსარჩელისათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტა, მიუხედავად იმისა, რომ მაშინაც შალვა ნათელაშვილი იმყოფებოდა ბოიკოტის რეჟიმში და არ ესწრებოდა პარლამენტის სხდომებს. მას შემდეგ რაც საზოგადოებამ და შალვა ნათელაშვილის ამომრჩეველმა მოითხოვა, რომ ის შესულიყო პარლამენტში და განეხორციელებია თავისი უფლებამოსილება, შალვა ნათელაშვილმა, ასევე ოფიციალურად განაცხადა რომ წყვეტს ბოიკოტს და აპირებს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების განხორციელებას, რის შედეგადაც პარლამენტმა მოულოდნელად გადაწყვიტა, რომ მისთვის შეეწყვიტათ უფლებამოსილება ვადაზე ადრე, რაც ეწინააღმდეგება როგორც კონსტიტუციას, ასევე პარლამენტის რეგლამენტს.
სასარჩელო მოთხოვნის არსი:
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით კონსტიტუციურ ტერმინებს აქვთ ავტონომიური სამართლებრივი მნიშვნელობა და მათი შინაარსი არ განისაზღვრება ქვემდგომ ნორმატიულ აქტებში გამოყენებული განმარტებებით. კონსტიტუცია თავადვე განსაზღვრავს მასში რეგლამენტირებული უფლების შინაარსსა და მოცულობას. კონსტიტუციური უფლებების შინაარსზე, ისევე როგორც კონსტიტუციური უფლების აღსაწერად გამოყენებულ ტერმინთა მნიშვნელობაზე, ზეგავლენას ვერ მოახდენს ის, თუ როგორ ხდება კანონმდებლობით მათი რეგლამენტაცია. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის კანონი შესაფასებელ მოცემულობას წარმოადგენს და არა კონსტიტუციური სტანდარტების განმსაზღვრელ ინსტრუმენტს. კონსტიტუციური ტერმინის განმარტებისას, სასამართლომ შეიძლება იხელმძღვანელოს უფლების არსით, რომელთან მიმართებაშიც არის გამოყენებული ესა თუ ის ტერმინი, კონსტიტუციური ნორმ(ებ)ის სტრუქტურით, კონსტიტუციის სხვა ნორმებში მოცემული მსგავსი ტერმინების შინაარსის ანალიზით და სხვა.
კონსტიტუციური მართლმსაჯულების განხორციელებისას საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციას განიხილავს როგორც ერთიან ორგანიზმს. შეუძლებელია, სადავო საკითხის კონსტიტუციურობის სრულფასოვანი გადაწყვეტა, თუ სასამართლო კონსტიტუციის ნორმებს ერთმანეთთან კავშირში არ წაიკითხავს/განმარტავს. ამდენად, წინამდებარე სარჩელის მიზნებისთვის კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 ნაწილის „გ“ პუნქტის ავტონომიური შინაარსის დასადგენად მნიშვნელოვანია კონსტიტუცია გააზრებულ იქნას როგორც ერთი მთლიანი ორგანიზმი. საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს პარლამენტი არის ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო. იგი უშუალოდ ხალხის მიერ დელეგირებული უფლებამოსილების პირობებში ახორციელებს საკანონმდებლო ხელისუფლებას და უზრუნველყოფს კონსტიტუციით განმტკიცებული დემოკრატიის პრინციპის ეფექტურ რეალიზებას. მისი წევრები თანამდებობაზე აირჩევიან საყოველთაო, თავისუფალი, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, 4 წლის ვადით. საქართველოს პარლამენტის მიერ საკუთარი ფუნქციების ეფექტიანად განხორციელება წარმოუდგენელია პარლამენტის წევრის, როგორც ხალხის მიერ დელეგირებული უფლებამოსილების უშუალოდ განმახორციელებელი პირის, დამოუკიდებლობისა და საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების კონსტიტუციური გარანტიების არსებობის გარეშე. სწორედ საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის, ფუნქციური მნიშვნელობისა და უმაღლესი ლეგიტიმაციის წყაროს გათვალისწინებით, საქართველოს კონსტიტუცია განსაზღვრავს პარლამენტის წევრთა უფლებების დაცვის კონკრეტულ საშუალებებს. საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის წევრი არის სრულიად საქართველოს წარმომადგენელი, სარგებლობს თავისუფალი მანდატით და მისი გაწვევა დაუშვებელია. კონსტიტუციის აღნიშნული დებულება განამტკიცებს პარლამენტის წევრის დამოუკიდებლობის, მის საქმიანობაში ჩაურევლობისა და უფლებამოსილების თავისუფლად განხორციელების საფუძველს. სწორედ ამავე მიზანს ემსახურება საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებული სხვა გარანტიებიც, მაგალითად, პარლამენტის წევრის ხელშეუხებლობა, იმუნიტეტი, პირადი უსაფრთხოების დაცვისა და უფლებამოსილების დაუბრკოლებლად განხორციელების საკითხი და სხვ. პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა კომპლექსური საკითხია, რომელიც, ერთი მხრივ, დემოკრატიის უშუალო მოთხოვნაა, რათა არ მოხდეს უმრავლესობის ნების თავად დემოკრატიის საწინააღმდეგოდ გამოყენება და საფრთხე არ შეექმნას პარლამენტის ეფექტიან ფუნქციონირებას, ხოლო, მეორე მხრივ, ამ უფლებამოსილების ბოროტად ან არასწორად გამოყენება შეიცავს ძალაუფლების უშუალო წყაროს - ხალხის ნების დაძლევის რისკებს. პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხისადმი უკიდურესად ფრთხილი მიდგომის საჭიროებას წარმოშობს, ერთი მხრივ, თავად ეს ინსტიტუტი და მისგან მომდინარე შესაძლო რისკები, ხოლო, მეორე მხრივ, საქართველოს პარლამენტის წევრის როლი, ფუნქცია და ლეგიტიმაციის წყაროს მნიშვნელობა დემოკრატიულ საზოგადოებაში. შესაბამისად, საკუთრივ დემოკრატიის ეფექტიანი ფუნქციონირება მოითხოვს, რომ არსებობდეს ხალხის წარმომადგენლისათვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის მექანიზმი, რომელიც გამოყენებული უნდა იქნეს მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს შესაბამისი საფუძველი, კერძოდ, როდესაც უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა გამართლებულია ხელისუფლების სიჯანსაღის დაცვისა და მისდამი ხალხის ნდობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით. მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტის წევრისათვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესაძლებლობა მართლაც არის გარკვეული რისკების შემცველი. სწორედ აქედან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტი ექსკლუზიურად და ამომწურავად ჩამოთვლის იმ საფუძვლებს, რომელთა არსებობაც იწვევს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას და მინიმუმამდე ამცირებს ამ გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს დისკრეციის ფარგლებს. პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლებს თავად კონსტიტუცია განსაზღვრავს, ჩამონათვალი არ ექვემდებარება გაფართოებას ქვემდგომი საკანონმდებლო აქტებით. ნებისმიერი სხვა საფუძვლით პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტა თავისთავად შეეწინააღმდეგება კონსტიტუციას. ამიტომ სხვა სახელმწიფო თანამდებობისაგან განსხვავებით, პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის კონსტიტუციურობის შემოწმებისას სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს არა შეზღუდვის პროპორციულობის ან/და გათავისუფლების დასაბუთებულობის გზით, არამედ იმის შეფასებით, თუ რამდენად სწორად გამოიყენა საქართველოს პარლამენტმა კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის ესა თუ ის დებულება, რომელიც სადავო დადგენილების მიღებას დაედო საფუძვლად.
გარდა პარლამენტის ფუნქციების და საქმიანობის მნიშვნელობისა, აუცილებელია, ყურადღება მიექცეს პარლამენტის წევრის ლეგიტიმაციის წყაროს. პარლამენტის წევრი აირჩევა 4 წლის ვადით საყოველთაო, თავისუფალი, თანასწორი და პირდაპირი არჩევნების შედეგად. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაში განუმარტავს, რომ არჩევნები დემოკრატიის განუყოფელი მოთხოვნაა და ამ გზით თანამდებობის დაკავება - უშუალოდ ხალხისგან მანდატის მიღება, ამგვარი თანამდებობის პირების უფლებათა დაცვისა და რეალიზაციის განსაკუთრებულ პირობებს ქმნის. წინამდებარე დავისთვის არსებით საკითხს წარმოადგენს იმის გამორკვევა თუ რას გულისხმობს საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის გათვალისწინებული პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე ადრე შეწყვეტის მექანიზმი და როგორ მოხდა პარლამენტის მიერ მისი გამოყენება, რათა განისაზღვროს დაარღვია თუ არა საქართველოს პარლამენტმა კონსტიტუცია მაშინ, როდესაც მოსარჩელეს ჯერ საკუთარი განცხადების საფუძველზე არ შეუწყვიტა პარლამენტის წევრის უფლებამოსილება, ხოლო შემდეგ როდესაც მან შეწყვიტა ბოიკოტი და გადაწყვიტა შეუდგეს თავის უფლებამოსილებას სწორედ მაშინ გადაწყვიტა მისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა .
საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტში ჩამოთვლილი პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე ადრე შეწყვეტის საფუძვლები არსებითად შეგვიძლია დავყოთ ორ კატეგორიად. ერთ შემთხვევაში საქართველოს კონსტიტუცია ითვალისწინებს პარლამენტის წევრისთვის ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხს, როდესაც პარლამენტის წევრის მიერ ადგილი აქვს კონსტიტუციის ან/და კანონმდებლობის დარღვევას (39-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“, „გ“, „დ“, „თ“), ხოლო მეორე შემთხვევაში, პარლამენტის წევრისთვის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხი დამოკიდებულია იმაზე პარლამენტის წევრს ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო შეუძლია თუ არა განახორციელოს დაკავებული თანამდებობისთვის საჭირო ფუნქციები (კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“, „ვ“, „ზ“ ქვეპუნქტები). მოცემულ შემთხვევაში ფაქტია რომ საქმე არ გვაქვს პარლამენტის წევრის მიერ უბრალოდ უპასუხისმგებლოდ სესიების გაცდენასთან, საკითხი ეხება ბევრად უფრო რთულ და საყურადღებო გარემოებას, როდესაც თავიდანვე ცნობილია პარლამენტისათვის, რომ დეპუტატი იმყოფება ბოიკოტის რეჟიმში , მაგრამ მთელი ბოიკოტის მანძილზე არ ხდება უფლებამოსილების შეწყვეტა, ხოლო როგორც კი პარლამენტის წევრი ამომრჩეველთა ,,დავალებით“ წყვეტს ბოიკოტს, მაშინვე ხდება უსაფუძვლოდ მისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა, ტერმინი უსაფუძვლო იმითაც არის განმტკიცებული, რომ იმავე საფუძველით პარლამენტს უფლებამოსილება მისთვის უნდა შეეწყვიტა მრავალი თვის წინ, რაც პარლამენტმა არ გააკეთა, რადგან მიიჩნია რომ პოლიტიკურად ეს იქნებოდა არასწორი გადაწყვეტილება, ამ დროს საყურადღებოა რატომ გახდა პოლიტიკურად მიზანშეწონილი ამ უფლებამოსილების შეწყვეტა მაინცდამაინც ახლა.
ფაქტია, რომ მოცემულ შემთხვევაში პარლამენტმა არ იზრუნა იმაზე, რომ პარლამენტს როგორც სახალხო სუვერენიტეტის განმახორციელებელ კონსტიტუციურ ორგანოს არ შეელახოს საზოგადოებისადმი ნდობა და ისე ნაჩქარევად მიიღო გადაწყვეტილება, რომ საერთოდ არ გაითვალისწინა იმ ამომრჩევლის პოზიცია და ნება ვინც ხმა მისცა შალვა ნათელაშვილის კანდიდატურას და ისურვა მისი საქართველოს პარლამენტში საქმიანობა.
შევეხოთ პარლამენტის რეგლამენტის მე-7 მუხლის 2 ნაწილის ვ) პუნქტს, პარლამენტის წევრს ამ რეგლამენტით დადგენილი წესით უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, თუ არასაპატიო მიზეზით 4 თვის განმავლობაში არ მონაწილეობდა პარლამენტის მუშაობაში; აღნიშნულიდან გამომდინარე თუ პარლამენტი გამოიყენებდა ამ დანაწესს, მაშინ ის ვალდებული იყო შალვა ნათელაშვილისათვის მაშინვე როგორც კი ის 4 თვის განმავლობაში არ მიიღებდა მონაწილეობას პარლამენტის მუშაობაში მაშინვე შეეწყვიტა მისთვის უფლებამოსილება , მაგრამ პარლამენტმა ეს არ გააკეთა და მიუხედავად 4 თვეზე ბევრად მეტი დროის გასვლისა მოსარჩელეს უფლებამოსილება შეუწყვიტა მხოლოდ მაშინ, როდესაც მან გამოხატა სურვილი შეეწყვიტა ბოიკოტი და დაიწყოს პარლამენტში საქმიანობა.
იმავე რეგლამენტის მე- 8 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად ,,თუ პარლამენტის წევრი არასაპატიო მიზეზით 4 თვის განმავლობაში არ მონაწილეობდა პარლამენტის მუშაობაში, შესაბამისი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი ინფორმაციის მიღებიდან 10 დღის ვადაში გამოარკვევს გაცდენის მიზეზს და თუ დადასტურდა, რომ მიზეზი არასაპატიოა, ამზადებს შესაბამის დასკვნას“ . შესაბამისად ინფორმაცია რომ შალვა ნათელაშვილი იმყოფებოდა ბოიკოტის რეჟიმში პარლამენტის სრულ შემადგენლობას ჰქონდა პირველი სხდომის ჩატარებისთანავე, რის გამოც მას 10 დღის განმავლობაში უნდა მიეღო ის დადგენილება რაც მან არ გააკეთა და დადგენილება მიიღო მხოლოდ 2022 წლის თებერვალში, რაც სცილდება ყოველგვარ სამართლებრივ ჩარჩოებს. ფაქტია, რომ ჯერ კიდევ 1 წლის წინ მათ ჰქონდათ შალვა ნათელაშვილის განცხადება, სადაც ის ითხოვდა მისთვის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტას და ადასტურებდა, რომ ბოიკოტს უცხადებდა პარლამენტს და არ აპირებდა სესიებში მონაწილეობის მიღებას, რაზეც მას უთხრეს უარი .
საყურადღებოა ისიც, რომ კონსტიტუცია ითვალისწინებს პოლიტიკური კრიზისის დაძლევის განსხვავებულ მეთოდებსა და ბერკეტებს, არეგულირებს როგორია პოლიტიკური კრიზისის დაძლევის გზები, მაგალითად, მაშინ, როდესაც პარლამენტი ვერ აყალიბებს მთავრობას, ანდა მთავრობა კარგავს პარლამენტის ნდობას და სხვ. კონსტიტუცია ითვალისწინებს, რა პროცედურული გაგრძელება შეიძლება მოჰყვეს ამგვარ კრიზისებს პოლიტიკურ ხელისუფლებაში, კონსტიტუცია ასევე ითვალისწინებს საომარი და საგანგებო მდგომარეობის დროს შესაბამის, მშვიდობიანი დროისაგან განსხვავებულ უფლებამოსილებებსა და პროცედურებს სახელმწიფო ორგანოებისა თუ თანამდებობის პირებისათვის, მაგრამ იგი პროცედურულად არ არეგულირებს, თუ როგორ უნდა მოიქცეს ახლად არჩეული პარლამენტი პარლამენტის წევრთა საკმაოდ დიდი ნაწილის მიერ გამოცხადებული პოლიტიკური ბოიკოტის შემთხვევაში, როდესაც ისინი კატეგორიულად მოითხოვენ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას, და უარზე არიან, განახორციელონ ხალხის მიერ მინდობილი მანდატი, რის გამოც საფრთხის ქვეშ დგება პარლამენტის ქმედითობა. შესაბამისად, რაკი არც კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტი და არც რომელიმე სხვა ნორმა არ არეგულირებს პარლამენტის ბოიკოტის რეჟიმში მყოფი პარლამენტის წევრებისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს, არ არსებობს კონსტიტუციური ნორმა, რომელთან მიმართებაშიც შეიძლება პარლამენტის წევრს რომელიც იმყოფება ბოიკოტის რეჟიმში შეუწყვიტო უფლებამოსილება. უდავოა, რომ პარლამენტის სადავო გადაწყვეტილება არის პოლიტიკური მიზანშეწონილობით ნაკარნახევი გადაწყვეტილება და მიმართულია ურჩი ოპოზიციონერის დასასჯელად. სადაო დადგენილება მიღებულია სწორედაც რომ, შალვა ნათელაშვილის პოლიტიკური აქტიურების გამო. ფაქტია, რომ პარლამენტის სადაო დადგენილება სწორედ ბოიკოტზე საპასუხო ქმედებაა და ბოიკოტის ფაქტით არის განპირობებული.
შალვა ნათელაშვილისათვის დეპუტატის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხზე საუბრისას არ შეიძლება ყურადღება არ გავამახვილოთ პარლამენტის ამ გადაწყვეტილებით ლეიბორისტული პარტიის ფაქტიურად გაუქმებაზე, რაც ასევე პოლიტიკური აქტივობისათვის გარკვეული სადამსჯელო ღონისძიებაა, რადგან შალვა ნათელაშვილისათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე ადრე შეწყვეტით, ასევე ლეიბორისტული პარტია კარგავს დაფინანსებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან, რაც გულისხმობს ასობით დასაქმებული ადამიანის უმუშევრობას და პარტიის უკიდურეს ფინანსურ სიდუხჭირეში ჩაგდებას, რაც ბუნებრივია გახლავთ ურჩი ოპოზიციური პარტიის დასჯის მაგალითი, რადგან თანახმად ,,მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონის 30-ე მუხლის მე- 5 ნაწილისა ,,პარტია კარგავს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების მიღების უფლებას, თუ ამ პარტიის წარდგენით არჩეულ საქართველოს პარლამენტის წევრთა ნახევარს ან ნახევარზე მეტს ვადამდე შეუწყდა პარლამენტის წევრის უფლებამოსილება და შეუძლებელია მისი/მათი ადგილმონაცვლე იმდენი პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობა, რომ აღნიშნული პარტიის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრთა რაოდენობა იმავე პარტიის მიერ მიღებული პარლამენტის წევრთა მანდატების ნახევარზე მეტი იყოს. ამ გარემოების წარმოშობის შემთხვევაში პარტიას საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება შეუწყდება მომდევნო კალენდარული თვის პირველი დღიდან“, სწორედ აღნიშნული დანაწესის ამოქმედება გახლდათ ერთერთი მიზანი იმისა, რომ მოსარჩელისათვის შეეწყვიტათ პარლამენტის წევრის უფლებამოსილება და ამით შური ეძიათ როგორც შალვა ნათელაშვილზე, ასევ მთლიანად ლეიბორისტულ პარტიაზე და ყველა მის მხარდამჭერზე. აღნიშნულიდან გამომდინარე სადაო საკითხის განხილვისას აუცილებელია სასამართლომ მხედველობაში მიიღოს ეს მეტად მნიშვნელოვანი საკითხიც. არ შეიძლება იმის არ აღიარება, რომ პოლიტიკურ ხელისუფლებას, რომელიც პასუხისმგებელია ქვეყანაში პოლიტიკურ სიმშვიდესა და სტაბილურობაზე, უნდა ჰქონდეს უფლებაც, შესაძლებლობაც და ვალდებულებაც, პოლიტიკური კრიზისის პრიზმაში განიხილოს საკითხი და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება თავისი პასუხისმგებლობის ფარგლებში. სწორედ ზემოთ აღწერილ მოსაზრებათა გამო მიმაჩნია, რომ საკითხი, რომელსაც პარლამენტი იხილავდა - შეეწყვიტოს თუ არა წარსულში ბოიკოტის მომხრე პარლამენტის წევრისთვის უფლებამოსილება, რამდენადაც, თავის არსით, პოლიტიკურია როგორც სტრატეგიის, ისე ტაქტიკის თვალსაზრისით, უნდა დარჩენილიყო პოლიტიკური ხელისუფლების პრეროგატივაში და მისი კონსტიტუციურობის შემოწმება მოსარჩელის მიერ მოხმობილი კანონმდებლობის საფუძველზე უნდა განხორციელდეს.
როდესაც ვსაუბრობთ გასაჩივრებული დადგენილების კანონიერებაზე ელემენტარულად არ შეიძლება არ აღვნიშნოთ ისიც, რომ მოსარჩელისათვის ისე განხორციელდა უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტა, რომ ელემენტარულად ავადმყოფობის გამო, არ მიეცა შესაძლებლობა გამოსულიყო სიტყვით და დაეფიქსირებინა თავისი პოზიცია. მიუხედავად იმისა, რომ სხდომამდე მოსარჩელემ განცხადებით მიმართა პარლამენტს და წარადგინა შესაბამისი დოკუმენტი, რომ იყო covid ინფიცირებული, რის გამოც ითხოვა რამდენიმე დღით სხდომის გადადება, რათა გამოეყენებინა თავისი უფლება და წარდგენილიყო პარლამენტის წინაშე სიტყვით, რაც მას უკანონოდ შეუზღუდეს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს მიაჩნია, რომ საქართველოს პარლამენტის გასაჩივრებული დადგენილება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და პარლამენტის რეგლამენტს რის გამოც არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი.
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: კი
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა