შალვა ნათელაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | გადაწყვეტილება |
ნომერი | N1/7/1688 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, ვასილ როინიშვილი, გიორგი თევდორაშვილი, |
თარიღი | 4 ნოემბერი 2022 |
გამოქვეყნების თარიღი | 4 ნოემბერი 2022 20:29 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი – სხდომის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
გიორგი თევდორაშვილი – წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი.
სხდომის მდივანი: მანანა ლომთათიძე.
საქმის დასახელება: შალვა ნათელაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „შალვა ნათელაშვილისათვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2022 წლის 15 თებერვლის №1362-VIIIმს-Xმპ დადგენილების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილენი - მოსარჩელე შალვა ნათელაშვილი; მოპასუხის, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები - ქრისტინე კუპრავა, ნინო შარმანაშვილი და ლევან ღავთაძე.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შალვა ნათელაშვილმა 2022 წლის 28 თებერვალს მიმართა (კონსტიტუციური სარჩელი ფოსტას ჩაბარდა 2022 წლის 22 თებერვალს) კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1688). №1688 კონსტიტუციური სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, გადმოეცა 2022 წლის 14 მარტს. საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2022 წლის 16 ივნისს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 16 ივნისის №1/4/1688 საოქმო ჩანაწერით, №1688 კონსტიტუციური სარჩელი არსებითად იქნა განსახილველად მიღებული. №1688 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განხილვის სხდომა, ზეპირი მოსმენით, გაიმართა 2022 წლის 27 ივლისს.
2. №1688 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტი და 23-ე მუხლის მე-6 პუნქტი.
3. საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, პარლამენტის წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, თუ იგი მორიგი სესიის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით არ დაესწრო მორიგი სხდომების ნახევარზე მეტს.
4. კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ არის გამხდარი დადგენილება, რომლითაც საქართველოს პარლამენტმა მოსარჩელე შალვა ნათელაშვილს ვადამდე შეუწყვიტა საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება. დადგენილების მიხედვით, მოსარჩელეს საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება შეუწყდა მორიგი სესიის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით მორიგი სხდომების ნახევარზე მეტის არდასწრებისათვის.
5. მოსარჩელის განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში საქმე არ შეეხებოდა პარლამენტის სხდომებზე დაუსწრებლობას უბრალოდ არასაპატიო მიზეზით, არამედ იგი იმყოფებოდა საპარლამენტო ბოიკოტის რეჟიმში. ამასთან, მას საკუთარი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის მოთხოვნა წარდგენილი ჰქონდა პარლამენტისათვის დიდი ხნის წინ, რაზეც უარი ეთქვა. ხოლო მას შემდეგ, რაც დასრულდა საპარლამენტო ბოიკოტის რეჟიმი და მოსარჩელემ საქართველოს პარლამენტში საკუთარი საქმიანობის განხორციელება გადაწყვიტა, მას ვადამდე შეუწყდა უფლებამოსილება. ამასთანავე, მოსარჩელის განმარტებით, მისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას თანმდევ შედეგად მოჰყვა საქართველოს ლეიბორისტული პარტიისთვის, რომლის თავმჯდომარეც არის, სახელმწიფო დაფინანსების შეწყვეტა. მოსარჩელის პოზიციით, ზემოაღნიშნული გარემოებები ნათლად მიუთითებს, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის მექანიზმი გამოყენებული იქნა პოლიტიკური მიზანშეწონილობის და არა ობიექტური საჯარო ინტერესების შესაბამისად.
6. მოსარჩელემ საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე აღნიშნა, რომ მართალია, მას შესაბამისი ფორმალური პროცედურის დაცვით არ მიუმართავს პარლამენტისთვის ბოიკოტის გამოცხადებასთან დაკავშირებით, თუმცა ამის თაობაზე არაერთხელ გააკეთა შესაბამისი განცხადება საჯაროდ, მათ შორის, სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს. გამომდინარე აქედან, იგი ფაქტობრივად და შინაარსობრივად იმყოფებოდა ბოიკოტის რეჟიმში, რაც მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით, არ ცვლის საქმის არსს და ქმნის მის მიერ მორიგი სესიების ფარგლებში გაცდენილი სხდომების საპატიოდ მიჩნევის საფუძველს.
7. მოსარჩელე მხარემ დამატებით მიუთითა, რომ მის მიმართ ასევე დაირღვა პროცედურული წესები, ვინაიდან, ერთი მხრივ, პარლამენტის მიერ არ იქნა დაცული გაცდენის მიზეზის გამოსარკვევად რეგლამენტით დადგენილი ვადები, ხოლო, მეორე მხრივ, იგი არ იქნა მოწვეული იმ სხდომაზე, სადაც მას, როგორც პარლამენტის წევრს, ვადამდე შეუწყვიტეს უფლებამოსილება. შესაბამისად, მას არ მიეცა ამ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი არგუმენტირებული პოზიციის პარლამენტის წინაშე წარდგენის შესაძლებლობა, რაც კიდევ უფრო ამყარებს მის ეჭვს, რომ პარლამენტმა სადავო დადგენილება მიიღო პოლიტიკური მიზანშეწონილობის საფუძველზე.
8. კონსტიტუციური სარჩელის ავტორმა საპარლამენტო ბოიკოტთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ იგი არის პოლიტიკური ბრძოლის ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რომლის მიზანიც, მათ შორის, შეიძლება იყოს ხელისუფლების იძულება, დანიშნოს ვადამდელი არჩევნები, რომელიც იქნება დემოკრატიული და ხალხის რეალური ნების ამსახველი და იგი სწორედ ასეთი, კონსტიტუციურსამართლებრივად დასაშვები ბოიკოტის რეჟიმში იმყოფებოდა. თავის მხრივ, ბოიკოტის ამგვარი ფორმის გამოყენების ლეგიტიმაცია ეფუძნებოდა მისი ამომრჩევლების სურვილს, მოსაზრებებსა და პოლიტიკურ ნებას, რაც მისთვის ცნობილი იყო მათთან სათანადო კომუნიკაციის მეშვეობით.
9. ამდენად, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ „შალვა ნათელაშვილისათვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2022 წლის 15 თებერვლის №1362-VIIIმს-Xმპ დადგენილება არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი.
10. მოპასუხე მხარის, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელმა საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე აღნიშნა, რომ, მართალია, ბოიკოტის რეჟიმში ყოფნა შეიძლება ჩაითვალოს გაცდენის საპატიო მიზეზად, თუმცა აუცილებელია, რომ იგი განხორციელდეს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესების საფუძველზე. კერძოდ, აუცილებელია, ამის თაობაზე წერილობითი განცხადება წარედგინოს პლენარული სხდომის თავმჯდომარეს ან სესიის ფარგლებში გაკეთდეს ზეპირი განცხადება სხდომაზე დაუსწრებლობის მიზეზების თაობაზე. მოსარჩელე მხარემ კი მხოლოდ საჯარო განცხადებით დააფიქსირა საპარლამენტო ბოიკოტის თაობაზე თავისი განზრახვა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მან არ დაიცვა ბოიკოტის გამოცხადების კანონიერი პროცედურა, რაც გამორიცხავს სხდომებზე მისი დაუსწრებლობის საპატიოდ მიჩნევის შესაძლებლობას.
11. მოპასუხის წარმომადგენლის მითითებით, წინა ორ შემთხვევაში, კერძოდ, 2021 წლის 2 თებერვალს და იმავე წლის 18 ივლისს მოსარჩელისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობას არ შეეძლო, მისთვის გაეჩინა ლეგიტიმური მოლოდინი, რომ პარლამენტი ამჯერადაც იდენტურ გადაწყვეტილებას მიიღებდა. კერძოდ, მაშინ პარლამენტის წევრთა მიერ უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე კოლექტიური მომართვიანობისას, საკანონმდებლო ორგანომ გაითვალისწინა შექმნილი ვითარება, რა დროსაც სერიოზული საფრთხის ქვეში იდგა ქვეყანაში პლურალისტული პარლამენტის არსებობა. შესაბამისად, საკითხის პოლიტიკური ბუნებიდან გამომდინარე, სწორედ პოლიტიკური მიზანშეწონილობისა და არსებული საფრთხეების გათვალისწინებით, მიიღო საქართველოს პარლამენტმა კონკრეტული გადაწყვეტილება საქართველოს კონსტიტუციის მიზნებიდან გამომდინარე და მათ შესაბამისად. მოცემულ სადავო შემთხვევაში, პარლამენტი არ იდგა ამგვარი არაორდინარული პოლიტიკური ვითარების წინაშე და უნდა ემოქმედა შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების მიხედვით, კონსტიტუციისა და კანონმდებლობის, მათ შორის, პარლამენტის რეგლამენტის საფუძველზე.
12. მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელე არასწორად აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის დადგენილების მიღებისას მის მიმართ დაირღვა პროცედურული წესები. კერძოდ, მოპასუხის წარმომადგენელთა მითითებით, საკითხის განხილვის 10 დღიანი ვადა დაკავშირებულია სამუშაო დღეებთან, შესაბამისად მისი ათვლა დაიწყო არა სესიის დამთავრებიდან, არამედ მორიგი სესიის დაწყების დღიდან. მეორე მხრივ, მართალია, მოსარჩელეს გააჩნდა ობიექტური მიზეზი, რის გამოც მან ვერ მოახერხა მის მიმართ პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე გამართულ სხდომაზე დასწრება, თუმცა დაუბრკოლებლად შეეძლო საკუთარი წერილობითი მოსაზრების წარმოდგენა.
13. მოპასუხის, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლებმა დამატებით აღნიშნეს, რომ, მათ შორის, კონსტიტუციის მიზნებისთვის, ბოიკოტის არსის გასაგებად უნდა დავეყრდნოთ მის რეგლამენტისეულ განმარტებას. კერძოდ, პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, ბოიკოტი გულისხმობს პარლამენტის წევრის მიერ პლენარულ სხდომაზე კონკრეტული საკითხების გადაწყვეტასა და განხილვაზე უარის თქმას გარკვეული პოლიტიკური შეხედულებებიდან და პოზიციიდან გამომდინარე. ამასთან, „ბოიკოტი“ არ შეიძლება განიმარტოს ისე, თითქოს იგი გულისხმობდეს იმას, რომ ბოიკოტის რეჟიმში მყოფ სუბიექტს უფლება აქვს, იმავე მოწვევის ფარგლებში, განუსაზღვრელი და, მით უფრო, მთელი უფლებამოსილების ვადით, ბოიკოტი გამოუცხადოს ყველა სხვა საკითხს, პარლამენტის ყველა სხდომას და მთელ საპარლამენტო საქმიანობას. ამასთან, „ბოიკოტის“ თუნდაც ამგვარი ფართო განმარტების პირობებშიც კი, მოცემულ შემთხვევაში, ის გარემოებაც საკმარისია, რომ მოსარჩელემ არ დაიცვა მისი გამოცხადებისთვის აუცილებელი ფორმალურსამართლებრივი პროცედურის მოთხოვნები, რის გამოც, მის მხრიდან ბოიკოტის რეჟიმში ყოფნაზე აპელირება ვერ იქნება რელევანტურად მიჩნეული.
14. ამდენად, მოპასუხე მხარის პოზიციით, „შალვა ნათელაშვილისათვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2022 წლის 15 თებერვლის №1362-VIIIმს-Xმპ დადგენილება სრულიად შეესაბამება კონსტიტუციას და, ამ მხრივ, კონსტიტუციური სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. განსახილველი საკითხის არსი და შესაფასებელი მოცემულობის იდენტიფიცირება
1. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო დადგენილების მიღებით, საქართველოს პარლამენტმა დაარღვია საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მოთხოვნა და მას შეუწყვიტა პარლამენტის წევრის უფლებამოსილება მაშინ, როდესაც არ არსებობდა საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული საფუძვლები. კერძოდ, კონსტიტუციური სარჩელის ავტორი მიუთითებს, რომ იგი იმყოფებოდა კონსტიტუციურად დასაშვები საპარლამენტო ბოიკოტის რეჟიმში, რომელიც, თავის მხრივ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 91-ე მუხლის მე-9 პუნქტის საფუძველზე, გაცდენის საპატიო მიზეზად არის მიჩნეული. ამგვარად, მოსარჩელე აპელირებს, რომ კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ქვეპუნქტი, რომლის თანახმადაც, პარლამენტის წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, „თუ მორიგი სესიის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით არ დაესწრო მორიგი სხდომების ნახევარზე მეტს“, არაკონსტიტუციური განმარტების პირობებში იქნა მის მიმართ გამოყენებული.
2. კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე, მათ შორის, მიუთითებს, რომ სადავო დადგენილება როგორც ცალკე აღებული, ასევე კუმულაციურად იმ ორ წინა დადგენილებასთან ერთობლიობაში, რომელთა ფარგლებშიც, მას სხვა პარლამენტის წევრებთან ერთად, კოლექტიური მომართვიანობის პირობებში ეთქვა უარი პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, არის კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საწინააღმდეგო (მხედველობაშია საქართველოს პარლამენტის 2021 წლის 2 თებერვლის №125-IVმს-Xმპ და 2021 წლის 18 ივლისის №752-Vრს-Xმპ დადგენილებები). მოსარჩელის პოზიციით, მათ შორის, ამ გარემოებათა ერთობლივად მხედველობაში მიღებით, იკვეთება, რომ საქართველოს პარლამენტი, მისი უფლებამოსილების საკითხების განხილვისას, სამივე შემთხვევაში, მოქმედებდა მხოლოდ და მხოლოდ წმინდა პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე ისე, რომ არ არსებობდა შესაბამის გადაწყვეტილებათა მიღების ობიექტური, საჯარო ინტერესი.
3. საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, იგი დგას იმ საჭიროების წინაშე, რომ სწორად განსაზღვროს განსახილველი საკითხის არსი და მოახდინოს შესაფასებელი მოცემულობის იდენტიფიციფირება. როგორც აღინიშნა, მოსარჩელის მხრიდან სადავო დადგენილების არაკონსტიტუციურად შეფასება უკავშირდება 2020 წლის მოწვევის პარლამენტში არჩეული პარლამენტის წევრების უფლებამოსილების საკითხის პრეისტორიას, კერძოდ, მისთვის (პარლამენტის სხვა წევრებთან ერთად) უფლებამოსილების შეწყვეტაზე ორჯერ უარის თქმას, მიუხედავად იმისა, რომ იგი მაშინაც იმყოფებოდა ბოიკოტის რეჟიმში და პირიქით, თავად ითხოვდა მისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას. მოსარჩელის მითითებით, ერთი და იმავე გარემოებებში პარლამენტმა საპირისპირო გადაწყვეტილებები მიიღო და, რადგან მანამდე უარი თქვა ბოიკოტის რეჟიმში მყოფი მოსარჩელისთვის შეეწყვიტა უფლებამოსილება, მისი მოთხოვნის მიუხედავად, ახლა აღარ ჰქონდა უფლება, იმავე გარემოებებში საპირისპირო გადაწყვეტილება მიეღო. ამგვარად, მოსარჩელის აზრით, სადავო აქტის არაკონსტიტუციურობა, გარდა იმისა, რომ კანონმდებლობის არასწორ ინტერპრეტაციას ემყარება, იმავდროულად, პარლამენტის იმ ძველი გადაწყვეტილებებიდანაც წარმოდგება, რომელთა საფუძველზეც, მას შეექმნა ლეგიტიმური მოლოდინი იმისა, რომ ბოიკოტის გამო უფლებამოსილების შეწყვეტას არ დაექვემდებარებოდა.
4. იმისათვის, რათა პარლამენტის სადავო დადგენილების კონსტიტუციურობა (რომლითაც მოსარჩელეს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება შეუწყდა) პარლამენტის სხვა, წინა დადგენილებებთან მიმართებაში (რომლებითაც მას ორჯერ უარი ეთქვა უფლებამოსილების შეწყვეტაზე) იქნეს შეფასებული, საკონსტიტუციო სასამართლომ ჯერ უნდა გამოარკვიოს, არის თუ არა ეს კონსტიტუციურსამართლებრივად შესაძლებელი; დასაშვებია თუ არა წინამდებარე სარჩელის ფარგლებში განხორციელებულმა შემოწმებამ მოიცვას წარსულის ის ფაქტები, რომლებიც არ დასდებია საფუძვლად მისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტას და ის სახელისუფლებო აქტები, რომლებიც განსახილველ საქმეში არ წარმოადგენენ „სადავო აქტებს“.
5. საკონსტიტუციო სასამართლოს აზრით, ზემოაღნიშნულის დასაშვებობაზე დათანხმება იმის მაუწყებელი იქნებოდა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს წინამდებარე სარჩელის ფარგლებში გაეფართოვებინა კონსტიტუციური კონტროლის არეალი, განევრცო იგი პარლამენტის სხვა, ძველ აქტებზე (რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტაზე) და სადავო აქტის კონსტიტუციურობის შეფასება დაეფუძნებინა არა საკუთრივ სადავო აქტის კონსტიტუციასთან შესაბამისობის შეფასებაზე, არამედ სწორედ ამ სხვა აქტების კონსტიტუციურ ღირსებებზე.
6. საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეზე უშუალოდ დავის საგანს წარმოადგენს კონსტიტუციური სარჩელის ავტორისათვის „საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2022 წლის 15 თებერვლის №1362-VIIIმს-Xმპ დადგენილება. მოსარჩელე, კონსტიტუციურ სარჩელში დავის საგნის იდენტიფიცირებისას ექსპლიციტურად მიუთითებს ზემოხსენებული დადგენილების წინააღმდეგობაზე საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტთან მიმართებით. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 16 ივნისის №1/4/1688 საოქმო ჩანაწერით, №1688 კონსტიტუციური სარჩელიც არსებითად განსახილველად სწორედ ამ ფარგლებში არის მიღებული. ამგვარად, ბუნებრივია, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ვერ გასცდება ზემოხსენებული დავის საგანის ფარგლებს და თვითინიციატივის, ისევე როგორც მოსარჩელის მიერ მითითებული არგუმენტაციის საფუძველზე, ხელოვნურად ვერ გააფართოებს შესაფასებელ საკითხთა წრეს წინამდებარე კონსტიტუციურ სარჩელზე.
7. უფრო მეტიც: ჰიპოთეტიურად კიდევაც რომ დავუშვათ, რომ საკონსტიტუციო კონტროლის ფარგლების ამგვარი გაფართოება დასაშვებიც არის და გონივრულიც, მოსარჩელის მიერ შემოთავაზებული ეს შედარებითი ასპექტი მაინც არარელევანტური იქნებოდა არსებულ კონტექსტში, ვინაიდან, სინამდვილეში, საქმე არ შეეხება ერთგვაროვან გარემოებებში მიღებულ პარლამენტის საპირისპირო გადაწყვეტილებებს იმ გაგებით, რომ სწორედ წინა გადაწყვეტილებების გამო გასჩენოდა მოსარჩელეს ლეგიტიმური მოლოდინი იმისა, რომ გაცდენების მიუხედავად, მას პარლამენტის წევრის უფლებამოსილებას არ შეუწყვეტდნენ. საქმე ისაა, რომ წინა დადგენილებები, რომლის დროსაც მოსარჩელეს (პარლამენტში არჩეულ სხვა პირებთან ერთად) კოლექტიური მიმართვიანობის ფარგლებში უარი ეთქვა საპარლამენტო უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტაზე (2021 წლის 2 თებერვალს და 2021 წლის 18 ივლისს), პარლამენტის მიერ მიღებული იქნა რადიკალურად განსხვავებულ პოლიტიკურ რეალობაში და სრულიად არაორდინარულ ვითარებაში, როდესაც პარლამენტში არჩეულ წევრთა, დაახლოებით 1/3, ფაქტობრივად მთელი ოპოზიციური ფლანგი, საჯაროდ უარს აცხადებდა პარლამენტში შესვლასა და საქმიანობაზე ხელახალი არჩევნების მოთხოვნით, რის გამოც, ეგზისტენციური საფრთხის წინაშე დადგა პარლამენტი და პლურალისტური წარმომადგენლობითი ხელისუფლება საქართველოში. მაშინ, როდესაც მოსარჩელისათვის უფლებამოსილების შეწყვეტის დროს (2022 წლის 15 თებერვალს) ამგვარი საფრთხე მთლიანად იყო გამქრალი.
8. ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ პარლამენტის ანალოგიური დადგენილება, რომლითაც პარლამენტის რამდენიმე წევრს, მოსარჩელის მსგავსად, მოთხოვნის მიუხედავად, უარი ეთქვა უფლებამოსილების შეწყვეტაზე, სხვა სასარჩელო დავის საგანია საკონსტიტუციო სასამართლოში (მხედველობაშია №1565, №1568 და №1569 კონსტიტუციური სარჩელები, რომლებიც ერთ საქმედ არის გაერთიანებული) და, ჯერჯერობით, უცნობია, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს მასზე საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი, თუმცა კიდევაც რომ არ დააკმაყოფილოს მან პარლამენტის წევრთა სარჩელები და სადავო დადგენილებები, უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის თაობაზე უარის შესახებ, კონსტიტუციურად ცნოს, ეს გარემოება მაინც ვერ გახდება ამ სარჩელის ფარგლებში განსახილველი სადავო აქტის არაკონსტიტუციურობაზე მიმანიშნებელი ფაქტორი თუ სამართლებრივი არგუმენტი. თავისთავად ფაქტი, რომ პარლამენტმა თავის დროზე უარი თქვა (მნიშვნელობა არა აქვს, სწორად თუ არასწორად) პარლამენტის წევრებისათვის უფლებამოსილების შეწყვეტაზე, მიუხედავად საპარლამენტო სხდომებზე მათი დაუსწრებლობისა, ვერ გახდება, სამომავლოდ, არასაპატიო გაცდენების მიუხედავად, მათთვის უფლებამოსილების შეუწყვეტელობის გარანტია. სხვა სიტყვებით, ის გარემოება, რომ მანამდე პარლამენტმა მოსარჩელეს არ შეუწყვიტა უფლებამოსილება, მიუხედავად შესაბამისი საფუძვლის არსებობისა, ვერ იქნება მოსარჩელის ან ვინმეს მიერ მიჩნეული თუ აღქმული როგორც პარლამენტის წევრებისათვის ბოძებული ერთგვარი პრივილეგია თუ სამომავლო ლიცენზია საპარლამენტო სხდომების გაცდენისა. შესაბამისად, ვერ აღჭურავს მათ არასაპატიო გაცდენების უფლებით, კონსტიტუციის, პარლამენტის რეგლამენტისა და სხვა კანონმდებლობის მოთხოვნათა საპირისპიროდ.
9. საკონსტიტუციო სასამართლო იმასაც იღებს მხედველობაში, რომ წინა ორი დადგენილების მიღებისას საქართველოს პარლამენტის იმ წევრებს, რომლებმაც ორჯერ უარი თქვეს თავიანთი კოლეგებისათვის, კერძოდ, პარლამენტის წევრისათვის უფლებამოსილების შეწყვეტაზე (2021 წლის 2 თებერვალს 51 პარლამენტის წევრს არ შეუწყდა ვადამდე უფლებამოსილება, ხოლო იმავე წლის 18 ივლისს - 52 პარლამენტის წევრს), არ მოუხდენიათ იმაზე ფოკუსირება (ამასთან, არც უშულოდ დადგენილების ტექსტში და არც საჯარო გამოსვლების დროს), რომ მათი გადაწყვეტილება ეფუძნებოდა მათი კოლეგების მიერ ე.წ. „ბოიკოტის“ გამოცხადების ფაქტს და, ამასთან, „ბოიკოტის“ ცნების იმაზე ფართო გაგებას, ვიდრე ეს კანონმდებლობით არის გათვალისწინებული. ამგვარად, საქართველოს პარლამენტს თავისი პრაქტიკით არ დაუნერგავს „ბოიკოტის“ იმგვარი ფართო შინაარსობრივი გაგება (რომელზედაც ფაქტობრივად მოსარჩელე განსახილველი საქმის ფარგლებში აპელირებს), თითქოს იგი გულისხმობდა პარლამენტის წევრის უფლებას, პოლიტიკური მოტივით მთლიანად უარი ეთქვა ყოველგვარ საპარლამენტო საქმიანობაზე უფლებამოსილების მთელი ვადის განმავლობაში და, ამის მიუხდავად, შეენარჩუნებინა პარლამენტის წევრის სტატუსი. ამგვარად, პარლამენტს არ დაუმკვიდრებია „ბოიკოტის“ თემაზე ისეთი პოლიტიკურსამართლებრივი მიდგომა, რომლის საფუძველზეც, პარლამენტის წევრებს შეიძლებოდა წარმოშობოდათ ლეგიტიმური მოლოდინი იმისა, რომ საპარლამენტო სხდომების ყოველგვარი გაცდენა და პარლამენტის წევრის მოვალეობების შეუსრულებლობა, ნებისმიერ გარემოებებში, ყოველთვის საპატიოდ ჩაითვლებოდა და არასდროს შექმნიდა მათთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძველს, თუკი ეს გაცდენები პოლიტიკურ ბოიკოტს გამოხატავდა, იმის მიუხედავად, ეს ბოიკოტი რომელიმე კონკრეტული საკითხის განხილვას მიემართებოდა თუ საზოგადოდ მთელ საპარლამენტო საქმიანობას და პარლამენტის წევრის უფლებამოსილების მთელ ვადაზე ვრცელდებოდა.
10. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ საქმეზე შესაფასებელ მოცემულობას წარმოადგენს მხოლოდ „შალვა ნათელაშვილისათვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2022 წლის 15 თებერვლის №1362-VIIIმს-Xმპ დადგენილების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტთან მიმართებით. სასამართლო მხოლოდ იმაზე იმსჯელებს, რამდენად არის ზემოხსენებული დადგენილება კონსტიტუციის მოთხოვნების შესაბამისად მიღებული და შექმნა თუ არა მოსარჩელემ მისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
2. საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებათა დაცვის კონსტიტუციური გარანტიები უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისას
11. საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის კონსტიტუციით დასაშვები ფარგლების ანალიზი უნდა განხორციელდეს, პარლამენტის, როგორც ინსტიტუტის შინაარსისა და დანიშნულების, პარლამენტის წევრის სტატუსისა და ფუნქციების გათვალისწინებით. ხსენებული ფაქტორები ერთობლივად განაპირობებს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების სათანადოდ განხორციელების მყარი კონსტიტუციურსამართლებრივი გარანტიების შექმნის აუცილებლობას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს იურისპრუდენციის თანახმად, „ამა თუ იმ სახელმწიფო თანამდებობის მიმართ მოქმედი უფლების დაცვის კონსტიტუციური სტანდარტები შეიძლება გამომდინარეობდეს მისი კონსტიტუციური სტატუსიდან. ამასთან, მაღალი კონსტიტუციური სტანდარტის აუცილებლობა შეიძლება განსახორციელებელი საქმიანობის თავისებურებას უკავშირდებოდეს, რამდენადაც განსაზღვრული ტიპის სახელმწიფო თანამდებობა, მისი შინაარსით და დანიშნულებით განსაკუთრებულ კონსტიტუციურ დაცვას საჭიროებს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 11 აპრილის №1/2/569 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - დავით კანდელაკი, ნატალია დვალი, ზურაბ დავითაშვილი, ემზარ გოგუაძე, გიორგი მელაძე და მამუკა ფაჩუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-27). სწორედ ამიტომ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო პრინციპულად დგას იმ საჭიროების წინაშე, რომ დასმული საკითხის სწორად გადაწყვეტისთვის, განმარტოს პარლამენტთან და პარლამენტის წევრის სტატუსთან დაკავშირებული კონსტიტუციური გარანტიების შინაარსი, მათი დანიშნულება და მიზანმიმართულება კონსტიტუციით დადგენილი წესრიგის ფარგლებში.
12. საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლის თანახმად, „საქართველოს პარლამენტი არის ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო, რომელიც ახორციელებს საკანონმდებლო ხელისუფლებას, განსაზღვრავს ქვეყნის საშიანო და საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებს, კონსტიტუციით დადგენილ ფარგლებში კონტროლს უწევს მთავრობის საქმიანობას და ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს“. შესაბამისად, პარლამენტი არის ის კონსტიტუციური ორგანო, რომელიც ხალხის პოლიტიკური შეხედულებებისა და ნების თავისუფლად ჩამოყალიბების პროცესს, რომელსაც მმართველობის დემოკრატიულ ფორმაში სახელისუფლებო ძალაუფლების განხორციელება და კანონის ფორმირება ეფუძნება, პრაქტიკულად ასახავს საზოგადოებრივი ურთიერთობის სხვადასხვა სფეროში. იგი წარმოადგენს კონსტიტუციურ პლატფორმას, როდესაც ხალხის, როგორც ხელისუფლების წყაროს პოლიტიკური ნების გარდაქმნა ხორციელდება სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიმართულებად. კანონშემოქმედეობითი საქმიანობით პარლამენტი ქმნის სოციალური, ეკონომიკური, პოლიტიკური თუ სხვა სფეროს განვითარების ძირითად მიმართულებებს. ამასთან, ნორმატიულად სავალდებულო ქცევის წესების დადგენით შემოსაზღვრავს სამართლებრივ ჩარჩოს საზოგადოებრივი ურთიერთობის კონსტიტუციურსამართლებრივი წესრიგის ფარგლებში განვითარებისთვის. ამავე დროს, იგი ახორციელებს აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობის კონტროლს, ქმნის რა მყარ საფუძველს სახელისუფლებო შტოებს შორის ურთიერთშეკავებისა და გაწონასწორების კონსტიტუციური მექანიზმის პრაქტიკაში სათანადო არტიკულირებისთვის, რითაც გამოირიცხება ერთი ორგანოს ხელში მთელი ან ჭარბი ძალაუფლების კონცენტრაცია. საქართველოს პარლამენტის ზემოხსენებულ ფუნქციათა დაუბრკოლებელი და ეფექტიანი განხორციელება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ფუნდამენტური წინაპირობაა.
13. ბუნებრივია, საქართველოს პარლამენტი საკუთარ ფუნქციებს ვერ შეასრულებს პარლამენტის წევრთა გარეშე, რომლებიც პოლიტიკური ნების თავისუფალი გამოვლენის პირობებში არიან ხალხის მიერ არჩეული. ამასთან, ცხადია, რომ კონსტიტუციური წესრიგი უნდა ითვალისწინებდეს მყარ საფუძვლებს პარლამენტის წევრის დამოუკიდებლობისა და საქმიანობის შეუფერხებელი განხორციელებისათვის, რომელიც დაცული უნდა იყოს არამართლზომიერი და არაგონივრული ბარიერებისაგან. ამ თვალსაზრისით, პარლამენტის წევრის კონსტიტუციით დადგენილი სამართლებრივი სტატუსი, რომლის ბირთვი თავისუფალი საპარლამენტო მანდატია, ქმნის გარანტიას, რომ საკანონმდებლო ორგანო შეძლებს მასზე დაკისრებული ამოცანების კონსტიტუციის მოთხოვნათა შესაბამისად განხორციელებას. პარლამენტის წევრის ფუნქციური დატვირთვის, მისი უმნიშვნელოვანესი სტატუსისა და როლის გათვალისწინებით, საქართველოს კონსტიტუცია განსაზღვრავს პარლამენტის წევრთა უფლებების დაცვის კონკრეტულ ინსტრუმენტებს. საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის წევრი არის სრულიად საქართველოს წარმომადგენელი, სარგებლობს თავისუფალი მანდატით და მისი გაწვევა დაუშვებელია. კონსტიტუციის აღნიშნული ჩანაწერი ქმნის პარლამენტის წევრის დამოუკიდებლობის, მის საქმიანობაში ჩაურევლობის ნორმატიულ საფუძველს, რომელთანაც ორგანულ კავშირშია, ასევე, კონსტიტუციის ტექსტით გათვალისწინებული სხვა გარანტიებიც, როგორებიცაა: პარლამენტის წევრის ხელშეუხებლობა, იმუნიტეტი, პირადი უსაფრთხოების დაცვისა და უფლებამოსილების დაუბრკოლებლად განხორციელების საკითხი და სხვა.
14. საქართველოს პარლამენტის წევრის მიერ საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების კონსტიტუციური გარანტიის განუყოფელი ნაწილია მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისგან დაცვა. პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა მის უფლებებში ჩარევის ყველაზე ინტენსიური ფორმაა, რომელსაც პირდაპირი კავშირი აქვს სადეპუტატო მანდატის თავისუფლების შეზღუდვასთან. პარლამენტის წევრის დამოუკიდებლობა, რომელიც დაფუძნებულია თავისუფალ მანდატზე, ნიშნავს, რომ იგი მთელი ქვეყნის წარმომადგენელია და არა მხოლოდ იმ ამომრჩევლებისა, რომლებმაც მას არჩევნებში დაუჭირეს მხარი. გარდა ამისა, იგი არ არის დავალებული მისი მხარდამჭერების კონკრეტული დავალებებითა და განაწესებით. მანდატის თავისუფლება, გარდა ამისა, იცავს პარლამენტის წევრს სადეპუტატო უფლებამოსილების არანებაყოფლობით დათმობისა თუ დაკარგვისაგან. ეს იმას ნიშნავს, რომ აკრძალულია მისი გაწვევა ამომრჩევლების მხრიდან, თუნდაც იგი მათი აზრით, არ ამართლებდეს მათ წინასწარ მოლოდინს, რისთვისაც მხარი დაუჭირეს. ამასთან, ბუნებრივია, „თავისუფალ მანდატი“ არ შეიძლება, გაგებულ იქნეს როგორც მოქმედების შეუზღუდავი თავისუფლება, რომელიც შეიძლება, გულისხმობდეს ან ემიჯნებოდეს თვითნებობას, როგორც პარლამენტის წევრის უფლებას, იმოქმედოს კონსტიტუციური წესრიგის, წარმომადგენლობითი ხელისუფლების ფუნქციებისა და დანიშნულების საკითხში ფუნდამენტური დემოკრატიული პრინციპების საწინააღმდეგოდ.
15. თავის მხრივ, მანდატის თავისუფლებას, სუბიექტურთან ერთად, ასევე ობიექტური განზომილებაც გააჩნია. იგი საფუძველშივე აუცილებელი წინაპირობაა ხალხის მიერ დაფიქსირებული პოლიტიკური არჩევანის პრაქტიკული რეალიზაციისთვის. მანდატის თავისუფლების კონსტიტუციური დატვირთვის უგულებელყოფითა და შესაბამისი გამამართლებელი საფუძვლის გარეშე პარლამენტის წევრისათვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა წარმოადგენს ხალხის პოლიტიკური ნების საწინააღმდეგოდ გადადგმულ ნაბიჯს. ბუნებრივია, ელექტორატს, რომელიც ირჩევს კონკრეტულ პოლიტიკურ სუბიექტს, აქვს და უნდა გააჩნდეს კიდეც იმის მოლოდინი, რომ, სამომავლოდ, არ მოხდება მის მიერ აქტიური საარჩევნო უფლების ფარგლებში გამოხატული ნების იგნორირება და დაძლევა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს იურისპრუდენციის თანახმად, „ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების წარმომადგენლები არა მხოლოდ საკუთარ უფლებას განახორციელებენ, არამედ, პირველ რიგში, ხალხის მანდატის მატარებლები არიან, მათი სახელით მოქმედებენ და საკუთარი სამსახურებრივი უფლებამოსილება ამომრჩეველთა ინტერესებისთვის უნდა გამოიყენონ. ეს ფუნქცია მათ დემოკრატიული სახელმწიფოსგან აქვთ დაკისრებული. სწორედ დემოკრატიის მოთხოვნაა, რომ არ მოხდეს ხალხის ნების იგნორირება, მათ მიერ მინიჭებული მანდატი არ იქნეს დაძლეული“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 23 მაისის №3/2/574 გადაწყვეტილება საქმეზე "საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ", II-13).
16. ყოველივე ზემოხსენებულის გათვალისწინებით, პარლამენტის წევრისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა უნდა ხდებოდეს, ზოგადად, პარლამენტისა და პარლამენტის წევრის სტატუსის, როლისა და ფუნქციის სათანადო კონსტიტუციურსამართლებრივი შეფასებისა და გაანალიზების საფუძველზე. მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ის შესაძლო რისკები, რომლებიც შეიძლება თან ახლდეს ამ პროცესს, ისევე, როგორც გათვალისწინებული უნდა იყოს შესაბამისი კონსტიტუციური სიკეთეების დაცვის აუცილებლობა. ეს ყველაფერი განაპირობებს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხისადმი ფაქიზი, სკრუპულოზური მიდგომის საჭიროებას და ამ მიზნით, იმგვარი ნორმატული ჩარჩოს შექმნას, რომლის ფარგლებშიც აღკვეთილი იქნება ყოველგვრი თვითნებობის რისკი, რაც შეიძლება, შეექმნას პარლამენტის წევრის უფლებასა და უნარიანობას, პრაქტიკული თუ სამართლებრივი თვალსაზრისით, სრულყოფილად განახორციელოს ხალხის წარმომადგენლის მანდატი მათივე ინტერესების რეალიზაციისათვის. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად: „პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა კომპლექსური საკითხია, რომელიც, ერთი მხრივ, დემოკრატიის უშუალო მოთხოვნაა, რათა არ მოხდეს უმრავლესობის ნების თავად დემოკრატიის საწინააღმდეგოდ გამოყენება და საფრთხე არ შეექმნას პარლამენტის ეფექტიან ფუნქციონირებას, ხოლო, მეორე მხრივ, ამ უფლებამოსილების ბოროტად ან არასწორად გამოყენება შეიცავს ძალაუფლების უშუალო წყაროს - ხალხის ნების დაძლევის რისკებს. პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხისადმი უკიდურესად ფრთხილი მიდგომის საჭიროებას წარმოშობს, ერთი მხრივ, თავად ეს ინსტიტუტი და მისგან მომდინარე შესაძლო რისკები, ხოლო, მეორე მხრივ, საქართველოს პარლამენტის წევრის როლი, ფუნქცია და ლეგიტიმაციის წყაროს მნიშვნელობა დემოკრატიულ საზოგადოებაში. შესაბამისად, საკუთრივ დემოკრატიის ეფექტიანი ფუნქციონირება მოითხოვს, რომ არსებობდეს ხალხის წარმომადგენლისათვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის მექანიზმი, რომელიც გამოყენებული უნდა იქნეს მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს შესაბამისი საფუძველი, კერძოდ, როდესაც უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა გამართლებულია ხელისუფლების სიჯანსაღის დაცვისა და მისდამი ხალხის ნდობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით, მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტის წევრისათვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესაძლებლობა მართლაც არის გარკვეული რისკების შემცველი. სწორედ აქედან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტი ექსკლუზიურად და ამომწურავად ჩამოთვლის იმ საფუძვლებს, რომელთა არსებობაც იწვევს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას და მინიმუმამდე ამცირებს ამ გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს დისკრეციის ფარგლებს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 სექტემბრის №3/2/1473 გადაწყვეტილება საქმეზე "ნიკანორ მელია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ", II-7).
17. საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, პარლამენტის წევრისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის წინაპირობებს საკუთრივ კონსტიტუცია არეგულირებს. კონსტიტუციის ტექსტშივეა მითითებული პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლების ჩამონათვალი, რომელიც ამომწურავია და იგი განვრცობას თუ გაფართოებას, ისევე როგორც შევიწროებას, ქვემდგომი აქტების საფუძველზე არ ექვემდებარება. პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის კონსტიტუციურობის შემოწმება არსებითად განსხვავდება იმ შემთხვევებისგან, როდესაც სასამართლოს უწევს სხვა სახელმწიფო თანამდებობების განხორციელების უფლების შეზღუდვის კონსტიტუციურობაზე მსჯელობა, შეფასების კლასიკური ტესტების საფუძველზე. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, „ ...სხვა სახელმწიფო თანამდებობისაგან განსხვავებით, პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის კონსტიტუციურობის შემოწმებისას სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს არა შეზღუდვის პროპორციულობის ან/და გათავისუფლების დასაბუთებულობის გზით, არამედ იმის შეფასებით, თუ რამდენად სწორად გამოიყენა საქართველოს პარლამენტმა კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის ესა თუ ის დებულება, რომელიც სადავო დადგენილების მიღებას დაედო საფუძვლად“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 სექტემბრის №3/2/1473 გადაწყვეტილება საქმეზე "ნიკანორ მელია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ", II-8).
18. სადავო დადგენილების მიღებისას საქართველოს პარლამენტი დაეყრდნო საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის იმ ნორმას, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის ტექსტობრივად იდენტური ტერმინების გამოყენებით განსაზღვრავს საქართველოს პარლამენტის წევრისათვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს. კერძოდ, როგორც კონსტიტუციის ზემოხსენებული დებულება, ასევე რეგლამენტის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ პარლამენტის წევრს ვადამდე უწყდება უფლებამოსილება, თუ იგი მორიგი სესიის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით არ დაესწრო მორიგი სხდომების ნახევარზე მეტს. როგორც კონსტიტუცია, ასევე კანონმდებლობა, უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლად მხოლოდ ობიექტურად არსებულ გაცდენათა რაოდენობაზე კი არ მიუთითებს, არამედ მათი მიზეზების არასაპატიო ხასიათზე. დამატებით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 91-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, პარლამენტის წევრს პარლამენტის სხდომის გაცდენა ჩაეთვლება საპატიოდ, თუ იგი იმყოფება ბოიკოტის რეჟიმში. იმავე დებულების თანახმად, „ბოიკოტად“ მიიჩნევა შემთხვევა, როდესაც ფრაქცია ან უფრაქციო პარლამენტის წევრი პოლიტიკური შეხედულებების გამო, უარს აცხადებს პლენარულ სხდომაზე საკითხების განხილვასა და გადაწყვეტაში მონაწილეობაზე.
19. საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ კონსტიტუციურ ტერმინებს აქვს ავტონომიური სამართლებრივი მნიშვნელობა (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 8 ოქტომბრის №2/4/532,533 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ირაკლი ქემოკლიძე და დავით ხარაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-63; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 8 ოქტომბრის N2/4/532,533 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - დავით კანდელაკი, ნატალია დვალი, ზურაბ დავითაშვილი, ემზარ გოგუაძე, გიორგი მელაძე და მამუკა ფაჩუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-3; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 31 ივლისის N2/2/579 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე მაია რობაქიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-19), რომლებიც შესაძლოა ემთხვეოდეს ან არ ემთხვეოდეს კანონმდებლობაში არსებული ანალოგიური ტერმინების განმარტებებს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს იურისპრუდენციის შესაბამისად, „კონსტიტუციური დებულებებისა და კონსტიტუციაში არსებული ტერმინების შინაარსი თვითმყოფადია და არ არის დამოკიდებული კანონმდებლობაში არსებულ დეფინიციებზე. წინააღმდეგ შემთხვევაში კონსტიტუციის შინაარსი კანონმდებლობაზე დამოკიდებული გახდებოდა და ნაყოფიერი ნიადაგი შეიქმნებოდა თვითნებობისთვის“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 14 აპრილის №3/2/588 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - სალომე ქინქლაძე, ნინო კვეტენაძე, ნინო ოდიშარია, დაჩი ჯანელიძე, თამარ ხითარიშვილი და სალომე სებისკვერაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-15). ამდენად, საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი უნდა განიმარტოს მისი ავტონომიური მნიშვნელობით, იმისგან დამოუკიდებლად, თუ რა შინაარსი მიენიჭა სიტყვებს - „პარლამენტის სხდომის არასაპატიო გაცდენა“ - ქვემდგომი საკანონმდებლო აქტით, კერძოდ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისი მუხლით. გარდა ამისა, სასამართლომ უნდა იმსჯელოს, რამდენად შეესაბამება „ბოიკოტის“ ის გაგება, რომელზედაც მოსარჩელე აპელირებს, რეგლამენტის 91-ე მუხლის მე-9 პუნქტში ნაგულისხმებ „ბოიკოტს“, რომელსაც რეგლამენტი გაცდენების საპატიოდ მიჩნევის შესაძლებლობას უკავშირებს ანდა კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტს ამ კონსტიტუციური ნორმის მიზნებიდან გამომდინარე. ამგვარად, სასამართლომ უნდა გაარკვიოს, არის თუ არა „ბოიკოტის რეჟიმში ყოფნა“ მოსარჩელისეული ფართო გაგებით, კონსტიტუციური მართლწესრიგის ფარგლებში მოაზრებული როგორც „თავისუფალი მანდატის“ კომპონენტი ანდა როგორც წინაპირობა პარლამენტის სხდომების გაცდენების საპატიოდ მისაჩნევად კონსტიტუციის მიზნებისათვის.
20. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო დადგენილების კონსტიტუციურობის შესამოწმებლად საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაადგინოს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი შემდეგი გარემოებები: შეუწყდა თუ არა მოსარჩელეს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ვადამდე, რეგლამენტის მოთხოვნის საფუძველზე, უკავშირდებოდა თუ არა უფლებამოსილების შეწყვეტა კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ არასაპატიო გაცდენებს და იმოქმედა თუ არა საქართველოს პარლამენტმა ზემოხსენებული კონსტიტუციური დებულების მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ.
3. შეუწყდა თუ არა მოსარჩელეს საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ვადამდე, რეგლამენტის მოთხოვნათა საფუძველზე
21. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი ადგენს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისთვის შესაბამის ნორმატიულ საფუძვლებს როგორც მატერიალურსამართლებრივი, ასევე პროცედურული თვალსაზრისით, რომლებიც ერთობლივი მოქმედების პირობებში ქმნის სამართლებრივ ნიადაგს კონკრეტული გადაწყვეტილების მისაღებად. ცხადია, რომ პარლამენტის წევრისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის, როგორც მატერიალური, ასევე პროცედურული ასპექტი მიზნად ისახავს სწორედ იმას, რომ ერთი მხრივ, პარლამენტის წევრისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა თვითნებურ, დაუსაბუთებელ წინაპირობებს არ დაეფუძნოს, ხოლო, მეორე მხრივ, დაცული იყოს აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების გამჭვირვალობა, რომლის ფარგლებშიც მინიმუმადე იქნება დაყვანილი შესაძლო შეცდომის დაშვების რისკი. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს მნიშვნელოვნად ესახება, გააანალიზოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისი ნორმები, რათა, უწინარესად, დაადგინოს ის ფაქტი, შეუწყდა თუ არა მოსარჩელეს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ვადამდე, რეგლამენტის მოთხოვნათა შესაბამისად.
22. აღსანიშნავია, რომ განსახილველი საქმის ფარგლებში, მოსარჩელის, როგორც პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას მატერიალურსამართლებრივ საფუძვლად დაედო საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის ჩანაწერი, რომლის თანახმადაც, პარლამენტის წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, თუ „მორიგი სესიის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით არ დაესწრო მორიგი სხდომების ნახევარზე მეტს“. ამასთან, გაცდენების არასაპატიო მიზეზის გამოსარკვევად, მხედველობაში იქნა მიღებული რეგლამენტის 91-ე მუხლი, რომელიც ამომწურავად ჩამოთვლის გაცდენათა საპატიოდ თუ არასაპატიოდ მიჩნევის კონკრეტულ შემთხვევებს. კერძოდ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 91-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, განსხვავებით ბოიკოტის მოსარჩელისეული ფართო გაგებისგან, საპატიოდ არის მიჩნეული მხოლოდ ბოიკოტის იმგვარი ფორმა, რომლის ფარგლებშიც, პარლამენტის წევრი არა, საზოგადოდ, მთელ საპარლამენტო საქმიანობას უცხადებს ბოიკოტს, არამედ პოლიტიკური შეხედულებების გამო უარს აცხადებს კონკრეტულ პლენარულ სხდომაზე საკითხების განხილვასა და გადაწყვეტაში მონაწილეობაზე. ამასთან, ვინაიდან სახეზეა მოსარჩელის მხრიდან გაცდენილ სხდომათა შესაბამისი რაოდენობა, რაც, რეგლამენტის 91-ე მუხლის თანახმად, არც ერთ გარემოებაზე დაყრდნობით არ შეიძლება საპატიოდ იქნეს მიჩნეული, აშკარაა, რომ მოსარჩელის მიმართ წარმოიშვა პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისთვის შესაბამისი მატერიალურსამართლებრივი საფუძველი.
23. თავის მხრივ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-6 მუხლის მე-8 პუნქტის თანხმად, თუ პარლამენტის წევრი მორიგი სესიის განმავლობაში არ დაესწრო მორიგი სხდომების ნახევარზე მეტს, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი მორიგი სესიის დასრულებიდან 10 დღის ვადაში გამოარკვევს გაცდენის მიზეზს და, თუ დადასტურდა, რომ მიზეზი არასაპატიოა, ამზადებს შესაბამის დასკვნას. გარდა აღნიშნულისა, დასახელებული მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად, პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის ან ვადამდე შეწყვეტის საკითხს, გარდა რეგლამენტის 86-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა, რეგლამენტით დადგენილი წესით შეისწავლის და განიხილავს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი, რომელიც ამზადებს შესაბამის დასკვნას და წარუდგენს პარლამენტის ბიუროს. პარლამენტის ბიუროს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის ან ვადამდე შეწყვეტის საკითხი განსახილველად შეაქვს უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში. პარლამენტი ვალდებულია, დაუყოვნებლივ განიხილოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის ან უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი. პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის ან ვადამდე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე, პლენარული სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე კენჭისყრა დაუშვებელია. ზემოხსენებული პროცედურის დაცვის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტი იღებს გადაწყვეტილებას, შეუწყვიტოს თუ არა იმ პარლამენტის წევრს უფლებამოსილება ვადამდე, რომლის მიმართაც არსებობს საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლები.
24. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ერთმნიშვნელოვნად იკვეთება, რომ მოსარჩელის მიმართ რეგლამენტის მოთხოვნათა შესაბამისად, წარმოიშვა უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის მატერიალურსამართლებრივი წინაპირობა, რამაც პარლამენტის მიერ შესაბამისი პროცედურული ნორმების გამოყენების საფუძველზე, მისი, როგორც პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის დადგენილების მიღება განაპირობა. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო ასკვნის, რომ კონსტიტუციური სარჩელის ავტორს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდა რეგლამენტის მოთხოვნათა საფუძველზე, რაც კონსტიტუციურობის თვალსაზრისით, შეფასებადია კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მოთხოვნებთან მიმართებით.
4. არასაპატიო მიზეზით მორიგი სესიების ნახევარზე მეტის გაცდენა კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით
25. საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, პარლამენტის წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, თუ მორიგი სესიის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით არ დაესწრო მორიგი სხდომების ნახევარზე მეტს. ხსენებული კონსტიტუციური ჩანაწერი ადგენს პარლამენტის წევრის, როგორც ხალხის მიერ არჩეული წარმომადგენლის ზოგად ვალდებულებას, საპარლამენტო საქმიანობაში აქტიური ჩართულობით, მიიღოს მონაწილეობა პოლიტიკურ პროცესებში და ამით ხელი შეუწყოს საზოგადოების პოლიტიკური ნების პრაქტიკულ რეალიზაციას. კონსტიტუციური კანონმდებელი ადგენს იმგვარ წესრიგს, რომლის ფარგლებშიც არსებობს ზოგადი, სავსებით ლეგიტიმური მოლოდინი, რომ პარლამენტის წევრი ხალხის მიერ მინიჭებულ მანდატს ფაქტობრივად განახორციელებს, ხოლო მის განუხორციელებლობას კი მოჰყვება კონკრეტული პოლიტიკურსამართლებრივი შედეგი.
26. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, საპარლამენტო საქმიანობაში პარლამენტის წევრთა სათანადო თანამონაწილეობის გარეშე, იმთავითვე სერიოზული საფრთხე ექმნება პარლამენტის, როგორც უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური ორგანოს ფუნქციაუნარიან, გამართულ საქმიანობას. ასეთ დროს მნიშვნელოვანი რისკების ქვეშ დგება პარლამენტის მიერ მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილების შესაბამისი პასუხისმგებლობით განხორციელება, რაც ბუნებრივია, ნეგატიურად აისახება წარმომადგენლობითი დემოკრატიის ფუნქციონირებაზე და, მასთან ერთად, საზოგადოებრივი ურთიერთობის ფართო სპექტრზე. სწორედ პარლამენტია ის უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური ორგანო, რომელიც პოლიტიკური დებატების შედეგად შეიმუშავებს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითად განმსაზღვრელ მიმართულებებს. აღნიშნული კი, ბუნებრივია, ძნელად მისაღწევია პარლამენტის წევრთა შესაბამისი ჩართულობის გარეშე. ამ თვალსაზრისით, ძალიან დიდია პარლამენტის წევრის როლი, ვინაიდან საპარლამენტო საქმიანობაში მისი აქტიური მონაწილეობით ხორციელდება ხალხის მმართველობა, წარმომადგენლობითი ხელისუფლება, საზოგადოებრივი ინტერესის საკითხებზე პოლიტიკური დებატები და განსხვავებულ აზრთა ურთიერთჭიდილის პირობებში, კონკურენტულ გარემოში მიიღება საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები.
27. საკონსტიტუციო სასამართლო ხაზს უსვამს, რომ პარლამენტის წევრის ვალდებულება, მონაწილეობა მიიღოს საპარლამენტო საქმიანობაში, მჭიდრო კავშირშია დემოკრატიულობის პრინციპთან და მის ყველაზე პირდაპირ და უშუალო გამოხატულებას წარმოადგენს. საზოგადოდ, დემოკრატიული სახელმწიფოსთვის იმანენტურია, რომ პარლამენტში ხალხის პოლიტიკური ნება და პოზიციები წარმოდგენილია პარლამენტის წევრებით. საპარლამენტო დემოკრატია მხოლოდ იმ შემთხვევაში ფუნქციონირებს სრულყოფილად და ადეკვატურად, როდესაც ხალხის წარმომადგენლები მთლიანად ჩართული არიან ზემოხსენებული ნების ფორმირებისა და კანონად გარდაქმნის პროცესში. როგორც ცალკეული პარლამენტის წევრი დამოუკიდებლად, ისე მთლიანად პარლამენტი, როგორ პარლამენტის წევრთა ერთობა, ახორციელებენ ხალხისგან წარმომდგარ სუვერენიტეტსა და სახელმწიფო ძალაუფლებას. შესაბამისად, ხალხის თითოეული წარმომადგენლის საპარლამენტო საქმიანობაში ჩართულობა და ხალხის მიერ მინდობილი მანდატის განხორციელება არის უაღრესად მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი წარმომადგენლობითი დემოკრატიის ეფექტიანი ფუნქციონირებისათვის. სწორედ ასე და მხოლოდ ამ გზით არის შესაძლებელი, რომ საკანონმდებლო ორგანომ, პარლამენტმა, თავისი დანიშნულება განახორციელოს.
28. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბუნებრივია და გამართლებული, რომ საქართველოს კონსტიტუცია და სხვა კანონმდებლობა შეუწყნარებელ დამოკიდებულებას ამკვიდრებს პარლამენტის წევრების მიერ თავიანთი მოვალეობებისადმი უპასუხისმგებლო დამოკიდებულების მიმართ და ითვალისწინებს პარლამენტის მანდატის შეწყვეტის წესს. კერძოდ, უწინარესად, მხედველობაშია კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი, რომელიც ადგენს პარლამენტის წევრისათვის უფლებამოსილების შეწყვეტის წესს მის მიერ საპარლამენტო სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენის შემთხვევებში. ხოლო ის, თუ რა არის მიჩნეული გაცდენის საპატიო თუ არასაპატიო მიზეზებად, ეს საკუთრივ პარლამენტის რეგლამენტით არის გადაწყვეტილი. რეგლამენტის 91-ე მუხლის თანახმად, გაცდენის საპატიო გარემოება შეიძლება დაკავშირებული იყოს ჯანმრთელობასთან, ოჯახურ გარემოებასთან, სამსახურებრივ მივლინებასთან და სხვა.
29. გარდა ზემოხსენებულისა, პარლამენტის რეგლამენტი გაცდენას საპატიოდ მიიჩნევს აგრეთვე მაშინ, როდესაც ის კონკრეტულ განსახილველ საკითხზე პარლამენტის წევრის პოლიტიკურ შეხედულებასა და პოზიციას უკავშირდება. კერძოდ, რეგლამენტის 91-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, პარლამენტის წევრს პლენარული სხდომა არასაპატიო მიზეზით გაცდენილად არ ჩაეთვლება, თუ ფრაქცია ან უფრაქციო პარლამენტის წევრი პოლიტიკური შეხედულებების გამო უარს აცხადებს პლენარულ სხდომაზე საკითხების განხილვასა და გადაწყვეტაში მონაწილეობაზე (ბოიკოტი). აღსანიშნავია, რომ რეგლამენტი ითვალისწინებს სპეციალურ პროცედურას, რომელსაც პარლამენტის წევრმა უნდა მიმართოს, თუკი პოლიტიკური შეხედულების გამო, პლენარულ სხდომაზე საკითხის განხილვას ბოიკოტს უცხადებს. სახელდობრ, რეგლამენტის მიხედვით, პლენარულ სხდომაზე დაუსწრებლობის თაობაზე პარლამენტის შესაბამისი წევრის წერილობითი განცხადება წარედგინება პლენარული სხდომის თავმჯდომარეს ან კეთდება ზეპირი განცხადება რეგისტრაციის დასრულების შემდეგ.
30. ამ კონტექსტში აღსანიშნავია, რომ მოსარჩელე არ უარყოფს არც პარლამენტის პლენარული სხდომების გაცდენის შესაბამის რაოდენობას და არც იმ გარემოებას, რომ არც ერთხელ არ მიუმართავს ზემოთ აღწერილი პროცედურისათვის. თუმცა, ამის მიუხედავად, იგი მისი მხრიდან სხდომებზე დაუსწრებლობას მაინც საპატიოდ მიიჩნევს, რამდენადაც აღნიშნავს, რომ იგი სწორედ საპატიო ბოიკოტის რეჟიმში იმყოფებოდა. იგი არ ეთანხმება ბოიკოტის, როგორც საპატიო გარემოების რეგლამენტისეულ განმარტებას და მას უფრო ფართო შინაარსს ანიჭებს. კერძოდ, მისი მოსაზრებით, ბოიკოტის უფლებით სარგებლობა არ შემოიფარგლება მხოლოდ კონკრეტულ სხდომაზე დაუსწრებლობის საპატიოდ მიჩნევით და რომ „ბოიკოტს“ გააჩნია გაცილებით მასშტაბური ხასიათი. მისი აზრით, „ბოიკოტი“ შეიძლება ხორციელდებოდეს განუსაზღვრელი ვადით და გულისხმობდეს ყველა იმ პლენარულ სხდომაზე დაუსწრებლობას, რაც შეიძლება პარლამენტში გაიმართოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების მთელი ვადის განმავლობაში. შესაბამისად, მოსარჩელეს მიაჩნია, რომ იგი „ბოიკოტის“ რეჟიმში იმყოფებოდა და ამიტომ მისი გაცდენები საპატიოდ უნდა მიჩნეულიყო. ამგვარად, საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე დგას ამოცანა, გამოიკვლიოს საპარლამენტო ბოიკოტის არსი კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მიზნებისთვის და იმსჯელოს, შეესაბამება თუ არა „ბოიკოტის“ რეგლამენტისეული გაგება კონსტიტუციის მიზნებს, რა ფარგლებშია პარლამენტის სხდომებზე დაუსწრებლობა ბოიკოტის პრივილეგიით დაცული და, საერთოდ, რამდენად გონივრულია, რომ მოსარჩელის მიერ დასახელებული შემთხვევა კონსტიტუციური მართლწესრიგით დაცულად ვიგულოთ.
5. საპარლამენტო ბოიკოტი, როგორც საპატიო მიზეზი და მისი კონსტიტუციურსამართლებრივი ფარგლები
31. კონსტიტუციური სარჩელის ავტორის სასარჩელო ლოგიკა მთლიანად ფოკუსურებულია იმის მტკიცებაზე, რომ კონსტიტუცია ადგენს პარლამენტის წევრის ბოიკოტის უფლებას (რომელიც გაცდენების საპატიო მიზეზია) ფართო გაგებით და რომ იგი კონსტიტუციის მიზნებისთვის შეუძლებელია დავიწროვდეს ბოიკოტის რეგლამენტისეული განმარტების ფარგლებში. მოსარჩელის არგუმენტაციით მას, ისევე როგორც პარლამენტის სხვა წევრებს, აქვთ, განუსაზღვრელი ვადით, მათ შორის, საპარლამენტო მანდატის მთელი ვადის განმავლობაში პარლამენტის საქმიანობისათვის ბოიკოტის გამოცხადების უფლება, რაც არ შეიძლება ჩაითვალოს „არასაპატიოდ“ და საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გახდეს უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი.
32. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, საპარლამენტო ბოიკოტი თანამედროვე დემოკრატიულ სახელმწიფოში, რიგ შემთხვევებში - გარკვეული ფორმითა და გარკვეულ ფარგლებში - პოლიტიკური ბრძოლის დაშვებული ფორმაა, რომელიც შეიძლება პოლიტიკოსის მიერ იქნეს გამოყენებული საპარლამენტო ცხოვრებაში როგორც პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე ზეგავლენის მოხდენის ქმედითი ბერკეტი საზოგადოების ინტერესების სასიკეთოდ. გარდა ამისა, პოლიტიკური ბოიკოტის ფარგლებში გამოხატული აზრი, ცალკეულ შემთხვევაში, შეიძლება დამატებით სტიმულს აძლევდეს გარკვეული პოლიტიკური შეხედულებების სააშკარაოზე გამოტანას, აქტუალიზაციასა და მასზე ხალხის ყურადღების მიპყრობას, ხელს უწყობდეს ამ აზრის გარშემო საზოგადოებრივი დისკუსიების წარმართვასა და საკითხების ახლებურ გააზრებას, რაც არსებითი და მნიშვნელოვანია დემოკრატიული პროცესისათვის საზოგადოდ. იგი, როგორც პოლიტიკური პოზიციის გამოხატვის მწვავე და რადიკალური ფორმა, უთუოდ უნდა გააჩნდეს ხალხის წარმომადგენელს თავისი პოლიტიკური ბრძოლის საშუალებათა არსენალში და მას, ზოგჯერ, გარკვეულ პოლიტიკურ კონტექსტში შესაძლოა, ეგზისტენციალური მნიშვნელობაც კი გააჩნდეს დემოკრატიული და პლურალისტული პოლიტიკური გარემოს შენარჩუნების თვალსაზრისით.
33. პოლიტიკური ბოიკოტის რეჟიმში ყოფნა, ჩვეულებრივ, განპირობებულია იმით, რომ უმცირესობაში მყოფი და, ამასთანავე, განსხვავებული აზრის მქონე ცალკეული პარლამენტის წევრები, ტაქტიკური თუ სტრატეგიული თვალსაზრისით, ირჩევენ პოლიტიკური ბრძოლის სწორედ ამგვარ პლატფორმას, რამდენადაც იგი, შესაბამის გარემოებებში, ყველაზე ეფექტიანად ესახებათ. ამა თუ იმ საკითხის განხილვასა და გადაწყვეტაში მონაწილეობის არმიღებით, პარლამენტის წევრები გამოხატავენ თავიანთ პროტესტს, ცდილობენ რადიკალურად გაემიჯნონ გარკვეულ პოზიციებსა და მიდგომებს, რეზონანსი შესძინონ გარკვეულ საკითხებს შიდა თუ საერთაშორისო დონეზე და ა. შ. ამგვარად, პოლიტიკური ბოიკოტი საპარლამენტო საქმიანობის ფარგლებში წარმოადგენს პოლიტიკური სუბიექტების, განსაკუთრებით, უმცირესობაში მყოფი პარლამენტის წევრების უფლებას, საპარლამენტო დემოკრატიის პირობებში არა მარტო გამოხატონ თავიანთი მკვეთრი პოზიციები და გააპროტესტონ სახელისუფლებო გადაწყვეტილებები, არამედ, რაც მთავარია, გავლენა მოახდინონ ამ გადაწყვეტილებათა რაობაზე.
34. საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, წინამდებარე სარჩელის კონტექსტში, იგი არ დგას კონსტიტუციური წესრიგის ფარგლებში მოაზრებული და დასაშვები საპარლამენტო ბოიკოტის ყველა შესაძლო ვარიაციის ამომწურავი იდენტიფიცირების საჭიროების წინაშე. ამასთან აღნიშნავს, რომ მიუხედავად საპარლამენტო ბოიკოტის უფლებისათვის უდავოდ დიდი მნიშვნელობის მინიჭებისა, იგი კონსტიტუციის მიზნებისთვის არ იზიარებს მის იმგვარ ფართო ხედვას, როგორსაც მოსარჩელე ემხრობა. სასამართლოს აზრით, ამგვარი ხედვა არ შეიძლება შეთავსებადი იყოს კონსტიტუციით დადგენილ მართლწესრიგთან იმ საფრთხეების, რისკებისა და ზიანის გათვალისწინებით, რაც მან შეიძლება წარმოშვას წარმომადგენლობითი დემოკრატიის თავისუფალი და დაუბრკოლებელი ფუნქციონირებისათვის იმ შესაბამისი პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, რომლის გარეშეც მისი არსებობა შეუძლებელი გახდებოდა.
35. საპარლამენტო ბოიკოტის უფლების ფარგლების განუსაზღვრელობა და პარლამენტის წევრის უფლებამოსილების მთელ ვადაზე მისი განვრცობა იმის გონივრულად მიჩნევა იქნებოდა, რომ პარლამენტის ერთი ან რამდენიმე წევრი, შესაძლოა მთელი პოლიტიკური ოპოზიციის უკლებლივ ყველა წარმომადგენელი, მთლიანად ჩამოშორდეს საპარლამენტო საქმიანობას და მონაწილეობა არ მიიღოს არც ერთი კანონპროექტისა თუ სხვა საკითხის განხილვასა და გადაწყვეტაში ხანგრძლივად და, იქნებ, უფლებამოსილების მთელი ვადის განმავლობაშიც. ცხადია, ეს ვერ იქნება მისაღები, რადგან ასეთ დროს სწორედ პოლიტიკური დებატების თავისუფლება ზარალდება და პარლამენტი, რომელიც უნდა წარმოადგენდეს სწორედ განსხვავებული პოლიტიკური მოსაზრებებისა და პოზიციების წარმოდგენის ყველაზე მნიშვნელოვან და საჯარო ფორუმს ქვეყანაში, კარგავს ამ დანიშნულებას. სხვაგვარად, ეს გულისხმობს პარლამენტის დატოვებას პოლიტიკური ოპოზიციის ჩართულობის გარეშე, მაშასადამე - პლურალისტურ პარლამენტზე ნებაყოფლობით უარის თქმას, რაც აუნაზღაურებელ ზიანს მიაყენებს დემოკრატიულ პოლიტიკურ პროცესს და გამოიწვევს პარლამენტის როგორც დემოკრატიული ლეგიტიმაციით აღჭურვილი და ფუნქციაუნარიანი კონსტიტუციური ორგანოს მუშაობის შეფერხებას. ამასთან ერთად, წარმოიშობა დიდი საფრთხე, რომ პარლამენტის გადაწყვეტილებები მიღებულ იქნეს ცალმხრივად, ერთპარტიულად, პოლიტიკური დისკუსიის, ჯანსაღ, კონკურენტულ გარემოში გამოთქმულ, განსხვავებულ მოსაზრებათა ურთიერთგაცვლის და, მაშასადამე, უმნიშვნელოვანესი ფილტრის გარეშე, რომელიც სწორედ დაუსაბუთებელი და თვითნებური გადაწყვეტილების თავიდან აცილებას ემსახურება. უფრო მეტიც, შესაძლოა, ისეც მოხდეს, რომ პარლამენტმა, პარლამენტის წევრთა მასობრივი ბოიკოტის პირობებში, საერთოდ დაკარგოს გადაწყვეტილებათა მიღების უნარიანობა, მათ შორის, გადაუდებელ და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომლებიც პოლიტიკური და საზოგადოებრივი ცხოვრების საკმაოდ ფართო და რელევანტურ სპექტრს შეიძლება შეეხებოდეს. ამგვარად, ბოიკოტის ამგვარი ფართო გაგება სერიოზული საფრთხეების მატარებელია სახალხო სუვერენიტეტის კონსტიტუციური პრინციპებისთვის და შეიცავს საშინაო და საგარეო, სამართლებრივი თუ პოლიტიკური ხასიათის სერიოზული პრობლემებისა და გართულებების წარმოშობის მომეტებულ რისკებს, რაც შეუძლებელია, ნებადართული ვიგულოთ კონსტიტუციური მართლწესრიგით, რომელიც კონსტიტუციონალიზმის სტაბილური ფუნქციონირების უზრუნველყოფაზე არის და უნდა იყოს ორიენტირებული.
36. საკონსტიტუციო სასამართლო ასევე ხაზს უსვამს, რომ კონსტიტუციის მიზნებისთვის, ბოიკოტის ფართო ცნების დაშვება, დამატებით, სწორედ უშუალოდ იმ ამომრჩეველთა უფლებების სავარაუდო დარღვევასაც გამოიწვევს, რომელთაც სწორედ იმ პიროვნებებს/პოლიტიკურ პარტიებს მისცა ხმა, ვინც შემდგომ ბოიკოტის პოლიტიკა აირჩია. ამომრჩევლებმა, რომლებმაც მათ მისცეს ხმა, განახორციელეს თავიანთი აქტიური საარჩევნო უფლება, რომლის მიზანი იმ შედეგის მიღწევა იყო, რომ ჰყოლოდათ მათი პოლიტიკური შეხედულებების გამომხატველი და მათი ინტერსების დამცველი წარმომადგენლები ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, რომლებიც განასახიერებდნენ მათ პოლიტიკურ ნებას და წარმოადგენდნენ მათ ხედვას სამომავლო პოლიტიკურ პროცესებში. თუმცა პარლამენტის წევრის/წევრების მუდმივად ბოიკოტის რეჟიმში ყოფნა და ყოველდღიური საპარლამენტო საქმიანობიდან ჩამოშორება, ამომრჩეველთა ამ ლეგიტიმურ მოლოდინს აქარწყლებს. სასამართლოს აზრით, საპარლამენტო საქმიანობაზე და გადაწყვეტილებათა მიღებაში მონაწილეობაზე უარის თქმა მიღებული მანდატის შესრულებაზე უარის თქმას და, მასთან ერთად, მათი უშუალო ამომრჩევლების აქტიური საარჩევნო უფლების ფაქტობრივ განუხორციელებლობასაც გულისხმობს, რამდენადაც ისინი რჩებიან პარლამენტში მათი პოლიტიკური შეხედულებების გამზიარებელი წარმომადგენლების გარეშე, რომლებისგანაც სამართლიანად მოელოდნენ, რომ ისინი მათ პოლიტიკურ ნებას პრატიქიკულად განახორციელებდნენ ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში.
37. საკონსტიტუციო სასამართლო ამასთანავე განმარტავს, რომ აღნიშნული, იმავდროულად, არჩევნებში მონაწილე ყველა ამომრჩევლის ნების უგულებელყოფადაც უნდა ჩაითვალოს, იმის მიუხედავად, თუ ვის - რომელ ცალკეულ კანდიდატსა თუ პარტიას მისცეს მათ ხმა, რამდენადაც დემოკრატიულ არჩევებში მონაწილეობის ფაქტით, ამომრჩევლებმა, მათი პოლიტიკური გემოვნებისა და პრეფერენციების განურჩევლად, დაადასტურეს უმთავრესი რამ - თავიანთი პოლიტიკური ნება და უფლება - იცხოვრონ დემოკრატიულ სახელმწიფოში და ჰყავდეთ პოლიტიკურად პლურალისტური საკანონმდებლო ორგანო, სადაც მათი რჩეულები საჯარო დისკუსიებისა და დებატების მეშვეობით იღებენ გადაწყვეტილებებს საზოგადოებისათვის სასიცოცხლო საკითხებზე. ამგვარად, ზემოხსენებულ არგუმენტაციაზე დაყრდნობით, საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ბოიკოტის ისეთი ფართო გაგება, რომელზედაც მოსარჩელე მიუთითებს, არ არის და არც შეიძლება იყოს კონსტიტუციით დადგენილი მართლწესრიგის ფარგლებში მოაზრებული.
38. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მიერ არსებითი განხილვის დროს გამოთქმულ მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მისი მხრიდან საპარლამენტო საქმიანობის მიმართ ბოიკოტის გამოცხადება და პარლამენტის სხდომებზე დაუსწრებლობა (რომელიც ფაქტობრივად უწყვეტად გრძელდებოდა პარლამენტის წევრად მისი უფლებამოსილების ცნობიდან (2020 წლის 11 დეკემბერი) მისთვის უფლებამოსილების შეწყვეტამდე – 2022 წლის 15 თებერვალამდე, 14 თვის განმავლობაში), თითქოს ლეგიტიმაციას, ერთი მხრივ, მისი ელექტორატიდან იღებდა, ხოლო, მეორე მხრივ, სწორედ პარლამენტის წევრის თავისუფალი მანდატიდან. მოსარჩელის განმარტებით, მას ამ საკითხთან დაკავშირებით, მუდმივი კომუნიკაცია ჰქონდა ამომრჩეველთან და ბოიკოტის გამოცხადებით, სწორედ მათ პოლიტიკურ დაკვეთას აღასრულებდა. ამასთან დაკავშირებით, სასამართლო აღნიშნავს, რომ იმგვარი მოცემულობის ჰიპოთეტური დაშვების შემთხვევაშიც კი, რომ მოსარჩელე მართლაც დაეკონტაქტა მის ყველა მხარდამჭერს და მათთან შეათანხმა პარლამენტის სრული ბოიკოტის გადაწყვეტილება, მაინც ვერ იარსებებს ამგვარი ბოიკოტის ლეგიტიმურობის საფუძველი და კონსტიტუციურსამართლებრივი გამართლება. მოსარჩელეს მხედველობის არეალიდან რჩება ის გარემოება, რომ პარლამენტის წევრის თავისუფალი მანდატი იმას გულისხმობს, რომ იგი სრულიად საქართველოს ხალხის წარმომადგენელია და არა მარტო იმ ამომრჩევლებისა, ვინც საპარლამენტო არჩევნებში უშუალოდ მას მისცა ხმა. შესაბამისად, ლეგიტიმაციის წყარო ამგვარ შემთხვევებში, თეორულად, მხოლოდ ყველა ამომრჩეველი შეიძლებოდა ყოფილიყო და არა მხოლოდ მოსარჩელის უშუალოდ მხარდამჭერი. საპარლამენტო არჩევნების სოციალური ფუნქცია წარმომადგენლობითი ხელისუფლების შექმნაა. სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულებებისა და გემოვნების მოქალაქეებს, რომლებიც მონაწილეობენ არჩევნებში, გააჩნიათ სავსებით ლეგიტიმური მოლოდინი, რომ, ამ გზით, შეიქმნება პოლიტიკურად პლურალისტური წარმომადგენლობითი ორგანო, სადაც საკითხები პოლიტიკური დისკუსიისა და დებატების გზით გადაწყდება. შესაბამისად, ვერც ამომრჩევლებთან შეთანხმება და ვერც თავისუფალი მანდატი ვერ გახდება საპარლამენტო სხდომებზე დაუსწრებლობის საპატიოდ მიჩნევის სერიოზული გამართლება.
39. საკონსტიტუციო სასამართლო ასევე ეხმაურება მოსარჩელის კიდევ ერთ არგუმენტს იმის თაობაზე, რომ კონსტიტუცია და კანონმდებლობა არ შეიცავს კონკრეტულ დებულებას იმის თაობაზე, რომ შესაძლებელია, საპარლამენტო სხდომების გაცდენისათვის პარლამენტის წევრს შეუწყდეს უფლებამოსილება, როდესაც ამ პირის მხრიდან გამოცხადებული ბოიკოტი უკავშირდება ჩატარებული არჩევნების არალეგიტიმურად მიჩნევას და ხორციელდება ხელახალი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით. მოსარჩელის აზრით, ვინაიდან კონსტიტუცია ამგვარ დებულებას არ შეიცავს, მისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა ეწინააღმდეგება მას. ამასთან დაკავშირებით, სასამართლო აღნიშნავს, რომ ჩატარებული არჩევნების ლეგიტიმურობის შესამოწმებლად, კონსტიტუცია და კანონმდებლობა ითვალისწინებს არაერთი კონტროლის მექანიზმს, მათ შორის, დავის სასამართლოებში განხილვის შესაძლებლობას, ისევე, როგორც საარჩევნო კანომდებლობისა თუ პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების ცნობის ან უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებების საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრების პროცედურებს. რაც შეეხება სპეციალური რეგულაციების დაწესებას პარლამენტის იმ წევრებისათვის უფლებამოსილების შეწყვეტისა თუ შენარჩუნების საკითხზე, რომლებიც არჩევნების გაყალბების მოტივით თავად უარყოფენ პარლამენტის ლეგიტიმურობას და ბოიკოტს უცხადებენ მის საქმიანობას, სასამართლოს არ ესახება ლოგიკურად, რამდენადაც პარლამენტის არალეგიტიმურობის მტკიცება, იმავდროულად, საკუთარი არალეგიტიმურობის მტკიცებასაც წარმოადენს. შესაბამისად, კონსტიტუცია და კანონმდებლობა არ შეიძლება არეგულირებდეს ამგვარ ალოგიკურ შემთხვევებს ანდა რაიმე ფორმით დასაშვებად მიიჩნევდეს პარლამენტის იმ წევრთა მიმართ პარლამენტის წევრის სტატუსის უფლებამოსილების ვადის დასრულებამდე შენარჩუნებას, რომლებიც არჩევნების გაყალბების მოტივით, უარს აცხადებენ პარლამენტის ლეგიტიმურად აღიარებაზე, სრულ ბოიკოტს უცხადებენ მის საქმიანობას, არ მონაწილეობენ არც ერთი საკითხის განხილვასა თუ გადაწყვეტილების მიღებაში და, იმავდროულად, სურთ შეინარჩუნონ როგორც პარლამენტის წევრის სტატუსი, ისე მასთან დაკავშირებული სიკეთეები, მათ შორის, გასამრჯელო თუ პოლიტიკური პარტიის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების უპირობო შესაძლებლობა.
40. ამგვარად, საკონსტიტუციო სასამართლო არ იზიარებს, რომ კონსტიტუციურ მართლწესრიგთან და უშუალოდ კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტთან შეთავსებადია „პოლიტიკური ბოიკოტის“ ზემოთ აღწერილი ფართო გაგება და ამგვარი ბოიკოტის ფარგლებში საპარლამენტო სხდომებზე მუდმივი დაუსწრებლობის საპატიოდ მიჩნევა. საკონსტიტუციო სასამართლო იმ აზრისაა, რომ პარლამენტის რეგლამენტით განსაზღვრული რეგულაცია სამართლიან ბალანსს აწესებს პარლამენტის წევრის მიერ პოლიტიკური ბოიკოტის გამოხატვის უფლებასა და მნიშვნელოვან საჯარო ინტერესს შორის, საფრთხე არ შეექმნას პოლიტიკურად პლურალისტური უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს ეფექტიან ფუნქციონირებასა და მასთან დაკავშირებულ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სხვა საჯარო ინტერესებს. საქართველოს კონსტიტუციის სამართლებრივი ღირებულებების წიაღში გასაქანი ვერ ექნება თავისუფლების იმგვარ გაგებას, რომელიც თვითნებობას ემიჯნება და ეგზისტენციურ საფრთხეებს წარმოშობს პოლიტიკური დემოკრატიის სტაბილური ფუნქციონირებისა და სახელმწიფოში სამართლებრივი უსაფრთოებისათვის. ამგვარად, პოლიტიკური ბოიკოტისა და ამ მიზეზით სხდომების გაცდენის უფლება, კონსტიტუციის მიზნებისათვის, ვერ გასცდება იმ ფარგლებსა და შინაარსს, რაც საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით არის დადგენილი და ვერ შეიძენს იმგვარ ფართო გაგებას, რომ იგი მოიცავდეს უფლებამოსილების განუსაზღვრელი ან მთელი ვადის განმავლობაში ბოიკოტის გაგრძელების შესაძლებლობას და მთელ საპარლამენტო საქმიანობაზე უარის თქმის საპატიოდ მიჩნევის გარანტიას.
41. საკონსტიტუციო სასამართლო მხედველობაში იღებს, რომ კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვლისწინებული სხდომათა გაცდენის შესაბამისი რაოდენობა, რომელიც საფუძვლად დაედო მოსარჩელისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტას, ცალკე აღებული, არ გამხდარა დავის საგანი და მოსარჩელე არ უარყოფს მათ (მოითხოვს რა მხოლოდ მათ საპატიოდ მიჩნევას). სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელემ თავისი ქმედებით შექმნა მისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის კონსტიტუციურსამართლებრივი საფუძველი და მის მიმართ პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისი მუხლის ამოქმედება იყო რელევანტური და გამართლებული. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო ასკვნის, რომ „შალვა ნათელაშვილისათვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2022 წლის 15 თებერვლის №1362-VIIIმს-Xმპ დადგენილება არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მოთხოვნებს და მისი კონსტიტუციური სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-5, მე-6 და მე-11 პუნქტების, 212 მუხლის, 25-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-6 პუნქტების, 27-ე მუხლის მე-5 პუნქტის, მე-40 მუხლის, 43-ე და 44-ე მუხლების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ დაკმაყოფილდეს №1688 კონსტიტუციური სარჩელი („შალვა ნათელაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. გადაწყვეტილება ძალაშია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან.
3. გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
4. გადაწყვეტილების ასლი გაეგზავნოს მხარეებს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს მთავრობას და საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
5. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე და გაეგზავნოს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის წევრები:
ვასილ როინიშვილი
ევა გოცირიძე
გიორგი თევდორაშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე