შალვა ნათელაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N1/4/1688 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, ვასილ როინიშვილი, გიორგი თევდორაშვილი, |
თარიღი | 16 ივნისი 2022 |
გამოქვეყნების თარიღი | 16 ივნისი 2022 19:31 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი – სხდომის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
გიორგი თევდორაშვილი – წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი.
სხდომის მდივანი: მანანა ლომთათიძე.
საქმის დასახელება: შალვა ნათელაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „შალვა ნათელაშვილისათვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2022 წლის 15 თებერვლის №1362-VIIIმს-Xმპ დადგენილების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შალვა ნათელაშვილმა 2022 წლის 28 თებერვალს მომართა (კონსტიტუციური სარჩელი ფოსტას ჩაბარდა 2022 წლის 22 თებერვალს) კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1688). №1688 კონსტიტუციური სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, გადმოეცა 2022 წლის 14 მარტს. საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2022 წლის 16 ივნისს.
2. №1688 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტი და 23-ე მუხლის მე-6 პუნქტი.
3. საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, პარლამენტის წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, თუ იგი მორიგი სესიის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით არ დაესწრო მორიგი სხდომების ნახევარზე მეტს.
4. კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ არის გამხდარი დადგენილება, რომლითაც საქართველოს პარლამენტმა მოსარჩელე შალვა ნათელაშვილს ვადამდე შეუწყვიტა საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება. დადგენილების მიხედვით, მოსარჩელეს საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება შეუწყდა მორიგი სესიის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით მორიგი სხდომების ნახევარზე მეტზე არდასწრებისათვის.
5. მოსარჩელის განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში საქმე შეეხებოდა არა უბრალოდ არასაპატიო მიზეზით პარლამენტის სხდომების არდასწრებას, არამედ იგი იმყოფებოდა საპარლამენტო ბოიკოტის რეჟიმში. ამასთან, მას საკუთარი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის მოთხოვნა წარდგენილი ჰქონდა პარლამენტისათვის დიდი ხნის წინ, რაზეც უარი ეთქვა. ხოლო მას შემდეგ, რაც დასრულდა საპარლამენტო ბოიკოტის რეჟიმი და მოსარჩელემ საქართველოს პარლამენტში საკუთარი საქმიანობის განხორციელება გადაწყვიტა, მას ვადამდე შეუწყდა უფლებამოსილება. ამასთანავე, მოსარჩელის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას თანმდევ შედეგად ასევე მოჰყვა მისი პოლიტიკური პარტიისათვის სახელმწიფო დაფინანსების შეწყვეტა. მოსარჩელის პოზიციით, ზემოაღნიშნული გარემოებები ნათლად მიუთითებს, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის მექანიზმი გამოყენებული იქნა პოლიტიკური მიზანშეწონილობის და არა ობიექტური საჯარო ინტერესების შესაბამისად.
6. ამდენად, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ „შალვა ნათელაშვილისათვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2022 წლის 15 თებერვლის №1362-VIIIმს-Xმპ დადგენილება არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი.
7. მოსარჩელე მხარე შუამდგომლობს სადავოდ გამხდარი აქტის მოქმედების შეჩერების თაობაზე. მისი განმარტებით, თუკი დადგენილების მოქმედება არ იქნება შეჩერებული საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, აღნიშნული სამართლებრივი დავა აზრს დაკარგავს, რაც გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს როგორც მოსარჩელის, ასევე მისი ამომრჩევლის ინტერესებს. ამრიგად, მოსარჩელე მოითხოვს სადავო დადგენილების მოქმედების შეჩერებას საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია მიიჩნევს, რომ №1688 კონსტიტუციური სარჩელი სრულად აკმაყოფილებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის რომელიმე საფუძველი.
2. განსახილველ საქმეზე მოსარჩელე მხარე შუამდგომლობს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სადავო დადგენილების მოქმედების შეჩერების თაობაზე. მოსარჩელის არგუმენტაციით, თუკი სადავო დადგენილების მოქმედება არ იქნება შეჩერებული, აღნიშნული სამართლებრივი დავა აზრს დაკარგავს, რაც გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს როგორც მოსარჩელის, ასევე მისი ამომრჩევლის ინტერესებს.
3. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ან უფრო ნაკლები ვადით შეაჩეროს სადავო აქტის ან მისი სათანადო ნაწილის მოქმედება, თუ მიიჩნევს, რომ მის მოქმედებას შეუძლია, გამოიწვიოს ერთ-ერთი მხარისათვის გამოუსწორებელი შედეგები.
4. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „გამოუსწორებელი შედეგის დადგომა ნიშნავს ისეთ ვითარებას, როდესაც ნორმის მოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს უფლების შეუქცევადი დარღვევა და დამდგარი შედეგის გამოსწორება შეუძლებელი იქნება ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაშიც კი. ამასთან, პირს ასეთი შედეგის თავიდან აცილების სხვა სამართლებრივი შესაძლებლობა არ გააჩნია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 20 მაისის №1/3/452,453 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2).
5. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეს ვადამდე შეუწყდა პარლამენტის წევრის უფლებამოსილება, შესაბამისად, იგი ვერ ახორციელებს საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილებებს, მათ შორის, ვერ წარმოადგენს საკუთარი ამომრჩევლის ინტერესებს საქართველოს პარლამენტში. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „ის ფაქტი, რომ მოსარჩელე მხარის უფლებების შესაძლო დარღვევა ხორციელდება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საოქმო ჩანაწერის მიღებიდან საქმის საბოლოოდ გადაწყვეტამდე არსებულ პერიოდში თავისთავად ვერ გამოდგება გამოუსწორებელი შედეგის არსებობის დამადასტურებელ გარემოებად. უფლების შესაძლო შეზღუდვა, როგორც წესი, ყველა იმ საქმეზე არსებობს, რომელსაც საკონსტიტუციო სასამართლო არსებითად განსახილველად იღებს. უფლების შეზღუდვის განგრძობადი ხასიათი არ გულისხმობს, რომ არსებობს სადავო ნორმით გამოუსწორებელი შედეგი. ცხადია, შეუძლებელია უფლების ნებისმიერი შეზღუდვის სრული ფაქტობრივი გამოსწორება. გამოუსწორებელი შედეგი, რომლის არსებობის შემთხვევაშიც ხდება ნორმის მოქმედების შეჩერება, გულისხმობს ისეთ კრიტიკულ შემთხვევებს, როდესაც ნორმის არაკონსტიტუციურად გამოცხადების შემთხვევაშიც კი შეუძლებელი იქნება ნორმით გამოწვეული უარყოფითი შედეგების აღმოფხვრა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 29 დეკემბრის №2/8/665,683 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნანა ფარჩუკაშვილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის წინააღმდეგ”, II-16).
6. აღსანიშნავია, რომ „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 23-ე მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ კონსტიტუციური სარჩელის დაკმაყოფილება, რომელიც შეეხება საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს, იწვევს შესაბამისი დადგენილების ძალადაკარგულად ცნობას მისი ძალაში შესვლის მომენტიდან და პარლამენტის წევრის უფლებამოსილების აღდგენას, თუ პარლამენტმა მას ვადამდე შეუწყვიტა უფლებამოსილება. ამდენად, კონსტიტუციური სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში მოსარჩელე კვლავ შეძლებს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების განხორციელებას. ამრიგად, არ არსებობს მოსარჩელის მიმართ გამოუსწორებელი ზიანის დადგომის საფრთხე.
7. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების თაობაზე მოსარჩელის შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 31-ე მუხლის, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის პირველი პუნქტის, მე-40 მუხლის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად №1688 კონსტიტუციური სარჩელი („შალვა ნათელაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.
3. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
4. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
5. საოქმო ჩანაწერი გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის წევრები:
ვასილ როინიშვილი
ევა გოცირიძე
გიორგი თევდორაშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე