საქართველოს მოქალაქე ნუგზარ კანდელაკი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | 598 |
ავტორ(ებ)ი | ნუგზარ კანდელაკი |
თარიღი | 10 ივნისი 2014 |
თქვენ არ ეცნობით სარჩელის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ სარჩელის დოკუმენტი
განმარტებები სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
სარჩელის ავტორი ვარ საქართველოს მოქალაქე და ვეწევი საადვოკატო საქმიანობას. კონსტიტუციური სარჩელი შემოტანილი მაქვს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და ვასაჩივრებ ,,ადვოკატთა შესახებ" საქართველოს კანონის 35-ე მუხლის მე-6 პუნქტის სიტყვა ,,უზენაეს"-ის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის 42-ე მუხლის პირველ და მეორე პუნქტებთან მიმართებით. გასაჩივრებული ნორმით უშუალოდ შეილახა საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული და დაცული ჩემი ძირითადი უფლებები. ანალოგიური სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს არ განუხილავს და ასეთზე არ არსებობს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება. ამასთან, კონსტიტუციურ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი. აღნიშნულიდან გამომდინარე, დაცულია ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ" საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მოთხოვნები და არ არსებობს კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილვაზე უარის თქმის კანონიერი საფუძველი. |
მოთხოვნის არსი და დასაბუთება
მოვითხოვ, რომ დაკმაყოფილდეს ჩემი კონსტიტუციური სარჩელი და არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ და მეორე პუნქტებთან მიმართებით ,,ადვოკატთა შესახებ" საქართველოს კანონის 35-ე მუხლის მე-6 პუნქტის სიტყვა ,,უზენაეს", რომელიც შეეხება ადვოკატის მიერ ს.ს.ი.პ. ,,საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის" ეთიკის კომისიის გადაწყვეტილების უშუალოდ საქართველოს უზენაეს ანუ საკასაციო და საბოლოო ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრებას. ჩემი კონსტიტუციური სარჩელის მოთხოვნა ემყარება შემდეგს: მოსარჩელე ვარ საქართველოს მოქალაქე და ვეწევი საადვოკატო საქმიანობას. ს.ს.ი.პ. ,,საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის" ეთიკის კომისიის 08.01.2013წ. გადაწყვეტილებით, დამეკისრა დისციპლინური პასუხისმგებლობა და სახდელი. მას შემდეგ, რაც გადავწყვიტე ეთიკის კომისიის გადაწყვეტილების საერთო სასამართლო წესით გასაჩივრება, შევიტყვე, რომ ,,ადვოკატთა შესახებ" საქართველოს კანონის 35-ე მუხლის მე-6 პუნქტით, ადვოკატს უფლება აქვს ს.ს.ი.პ. ,,საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის" ეთიკის კომისიის გადაწყვეტილება გაასაჩივროს უშუალოდ საქართველოს უზენაეს ანუ საკასაციო და საბოლოო ინსტანციის სასამართლოში. ამ დროს, ,,ადვოკატთა შესახებ" საქართველოს კანონში და არც სხვა რომელიმე კანონში არაფერია ნათქვამი, თუ როგორი ფორმის ან შინაარსის უნდა იყოს ადვოკატის საჩივარი და უზენაესი სასამართლოს რომელმა პალატამ ან რომელი კანონით დადგენილი წესების მიხედვით უნდა განიხილოს ასეთი საჩივარი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ არ არსებობს ნორმა, რომელიც განსაზღვრავდა ,,ადვოკატთა შესახებ" საქართველოს კანონის 35-ე მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარდგენილი საჩივრის განსჯადობისა და მისი განხილვა-გადაწყვეტის წესებს. ასეთი საკანონმდებლო ვაკუუმის პირობებში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატამ, გასაჩივრებული ნორმის საფუძველზე, წარმოებაში მიიღო და 2013 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილა ჩემი ანუ ადვოკატ ნუგზარ კანდელაკის საჩივარი. შესაბამისად, უცვლელი დარჩა ს.ს.ი.პ. ,,საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის" ეთიკის კომისიის 08.01.2013წ. გადაწყვეტილება. ამასთან, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება. მიმაჩნია, რომ ,,ადვოკატთა შესახებ" საქართველოს კანონის 35-ე მუხლის მე-6 პუნქტით უხეშად დაირღვა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით აღიარებული და გარანტირებული ჩემი ,,სამართლიანი სასამართლოს უფლება" უფლება, რაც გამოიხატა შემდეგში: საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლის თანახმად, საქართველოს კონსტიტუცია ქვეყნის უზენაესი კანონია და ყველა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას. აღნიშნული იმას ნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუცია ქვეყნის უმაღლესი იურიდიული დოკუმენტია, რომელიც განსაზღვრავს ქვეყნის ძირითად ორიენტირებს. მასში ასახულია სახელმწიფოს ხელისუფლების დანაწილება, განმტკიცებულია ადამიანის უფლებები და ის ზოგადი პრინციპები, რომელიც საერთოა სამართლის ყველა დარგისთვის. ამიტომ, ნებისმიერი საკანონმდებლო აქტი, რომელიც ეწინააღმდეგება ქვეყნის კონსტიტუციას, იურიდიულ ძალას მოკლებულია. საქართველოს კონსტიტუციის 90-ე მუხლის პირველი პუნქტის 1995-2005 წლებში მოქმედი რედაქციით, საქართველოს უზენაესი სასამართლო ზედამხედველობდა მართლმსაჯულების განხორციელებას საერთო სასამართლოებში და პირველი ინსტანციით განიხილავდა კანონით განსაზღვრულ საქმეებს. საქართველოს კონსტიტუციის 90-ე მუხლის პირველ პუნქტში 2005 წელს შეტანილი ცვლილებით, საქართველოს უზენაეს სასამართლოს 2005 წლის 1 ნოემბრიდან ეწოდა ,,უმაღლესი საკასაციო სასამართლო" და მას ჩამოერთვა პირველი ინსტანციით საქმის განხილვის კონსტიტუციური უფლებამოსილება. საქართველოს კონსტიტუციის 90-ე მუხლის პირველი პუნქტში 2011 წლის 01 იანვარს შესული ბოლო ცვლილების თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლო არის საკასაციო სასამართლო, რომელსაც არ გააჩნია პირველი ინსტანციით საქმის განხილვის კონსტიტუციური უფლებამოსილება. ქვეყნის უზენაესი კანონის 90-ე მუხლში განხორციელებული ცვლილებების მიუხედავად, რატომღაც ცვლილება არ შეხებია ,,ადვოკატთა შესახებ" საქართველოს 2001 წლის კანონის 35-ე მუხლის მე-6 პუნქტს, რომელშიც წერია, რომ ადვოკატს ადვოკატთა ასოციაციის" ეთიკის კომისიის გადაწყვეტილების გასაჩივრება შეუძლია უშუალოდ უზენაეს ანუ საკასაციო და საბოლოო ინსტანციის სასამართლოში. საყურადღებოა ისიც, რომ საქართველოს კონსტიტუციის 90-ე მუხლის მესამე პუნქტის თანახმად, ,,საქართველოს უზენაესი სასამართლოს უფლებამოსილება, ორგანიზაცია და საქმიანობის წესი განისაზღვრება ორგანული კანონით". ეს თავისთავად იმას ნიშნავს, რომ საქართველოს უზენაესი ანუ საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია განახორციელოს მხოლოდ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული უფლებამოსილება. კონსტიტუციის აღნიშნული დანაწესის შესასრულებლად, ,,საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 14-ე მუხლი ადგენს, რომ ,,საქართველოს უზენაესი სასამართლო მართლმსაჯულების განხორციელების უმაღლესი და საბოლოო ინსტანციის საკასაციო სასამართლოა", რომელიც დადგენილი საპროცესო ფორმით ზედამხედველობს მართლმსაჯულების განხორციელებას საერთო სასამართლოებში და ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციით და ორგანული კანონით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს. ამ დროს, ,,საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში ,,ადვოკატთა შესახებ"საქართველოს კანონი და მისი 35-ე მუხლის მე-6 პუნქტი საერთოდ ნახსენები არაა, რაც ასევე ადასტურებს, რომ გასაჩივრებული ნორმა ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციის 90-ე მუხლის, ასევე ,,საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 14-ე მუხლის დანაწესს. აქვე, ორიოდე სიტყვით უნდა შევეხოთ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის უფლებამოსილებას, რომელმაც განიხილა ჩემი ანუ ადვოკატ ნუგზარ კანდელაკის საჩივარი ს.ს.ი.პ. ,,საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის" ეთიკის კომისიის 08.01.2013წ. გადაწყვეტილებაზე. როგორც უკვე მოგახსენეთ, საქართველოს კონსტიტუციის 90-ე მუხლის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლო 2005 წლის 1 ნოემბრიდან ჩამოყალიბდა წმინდა საკასაციო (ანუ საბოლოო ინსტანციის) სასამართლოდ, რომელსაც არ გააჩნია პირველი ინსტანციით საქმის განხილვის კონსტიტუციური უფლებამოსილება. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, ,,საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 19-ე მუხლის მე-6 პუნქტი ადგენს, რომ უზენაესი სასამართლოს ,,სადისციპლინო პალატა ,,საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი წესით განიხილავს საჩივრებს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილებებზე". ამრიგად, ,,საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 19-ე მუხლის მე-6 პუნქტი აშკარად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 90-ე მუხლის პირველ პუნქტს, ვინაიდან საქართველოს უზენაეს, საკასაციო და საბოლოო ინსტანციის სასამართლოს არ გააჩნია კონსტიტუციური უფლებამოსილება, რომ პირველი ინსტანციით ანუ არსებითად განიხილოს თუნდაც მოსამართლის საჩივარი საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილებაზე. ამასთან, იმის გამო, რომ მოსარჩელე ვარ ადვოკატი და არა საერთო სასამართლოს მოსამართლე, ორგანული კანონის მითითებული ნორმის კონსტიტუციური სარჩელით გასაჩივრების კანონიერი უფლებამოსილება არ გამაჩნია. ამიტომ, აღნიშნულზე თქვენს ყურადღებას აღარ შევაჩერებ და მხოლოდ იმას დავძენ, რომ ორგანული კანონის თუნდაც ანტიკონსტიტუციური ნორმა იმპერატიულად ადგენს, რომ უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატა უფლებამოსილია განიხილოს მხოლოდ საერთო სასამართლოების მოსამართლეთა საჩივრები და მხოლოდ საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილებებზე. ამრიგად, ყველაფერი გარკვევითაა ნათქვამი და ორგანული კანონის ნორმა ინტერპრეტირების საშუალებას არ იძლევა. მოგეხსენებათ, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტებით აღიარებული და დაცულია ,,სამართლიანი სასამართლოს უფლება". აღნიშნული გამოიხატება იმაში, რომ ,,ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს" და ,,ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე". როგორც საქართველოს საკონსიტუციო სასამართლომ არაერთხელ განმარტა, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს ყველა იმ სიკეთის სასამართლოში დაცვის შესაძლებლობას, რომელიც თავისი არსით უფლებას წარმოადგენს. სწორედ უფლების სასამართლოში დაცვის არსებული შესაძლებლობა წარმოადგენს კონკრეტული უფლებით სრულად სარგებლობის უზრუნველყოფის გარანტიას. ამიტომ, მოცემულ შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაადგინოს, რამდენად წარმოადგენს სადავო ნორმით დადგენილი რეგულაცია ჩარევას სამართლიანი სასამართლოს ძირითად უფლებაში და რამდენად შეესაბამება იგი საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით დაცულ ძირითად უფლებას. როგორც უკვე მოგახსენეთ, ,,ადვოკატთა შესახებ" საქართველოს კანონის 35-ე მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით, ადვოკატს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის გადაწყვეტილების გასაჩივრება შეუძლია მხოლოდ ,,უზენაეს" ანუ საკასაციო და საბოლოო ინსტანციის სასამართლოში". სწორედ აღნიშნულის შედეგია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატამ ჩემი ანუ ადვოკატ ნუგზარ კანდელაკის საჩივრის წარმოებაში მიღება-გადაწყვეტისას იხელმძღვანელა გასაჩივრებული ნორმით და ასევე კანონის ანალოგიით გამოიყენა ,,საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ" საქართველოს კანონის სპეციალური ნორმები, რაც ,,ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლით დაუშვებელია. ამრიგად, გასაჩივრებულმა ნორმამ განაპირობა არაუფლებამოსილი და არაგანსჯადი სასამართლოს, ანუ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის მიერ ჩემი საჩივრის განხილვა კანონდარღვევით და ამასთან, მე უფლება არ მაქვს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება თუნდაც ერთჯერადად გავასაჩივრო ზემდგომ სასამართლოში. ამ დროს, სხვა ნებისმიერი პროფესიის ადამიანს,მათ შორის საჯარო მოხელეებს და თანამდებობის პირებს აქვთ კანონიერი უფლება, რომ დისციპლინური სახდელის დადების შესახებ გადაწყვეტილება გაასაჩივრონ საერთო სასამართლო წესით. საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთგზის განმარტა, რომ პირის შესაძლებლობა მის უფლებასთან დაკავშირებული საქმე განხილული იქნეს სასამართლოში და ასევე გაასაჩივროს მის უფლებასთან შემხებლობაში მყოფი სასამართლო აქტი, დაცულია სამართლიანი სასამართლოს უფლებით. ნებისმიერი რეგულაცია, რომელიც ახდენს პირის აღნიშნული შესაძლებლობის შეზღუდვას, წარმოადგენს ჩარევას სამართლიანი სასამართლოს უფლებაში. აქედან გამომდინარე, სადავო არ უნდა იყოს, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო ნორმით შეილახა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით დაცული ჩემი უფლება. მიუხედავად იმისა, რომ უფლებას სამართლიან სასამართლოზე განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს თანამედროვე დემოკრატიული და სამართლიანი სახელმწიფოს არსებობისთვის, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით გათვალისწინებული უფლება არ არის აბსოლუტური. ეს უფლება შეიძლება შეიზღუდოს დემოკრატიულ საზოგადოებაში არსებული ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად. ამასთან, სამართლიანი სასამართლოს უფლების შეზღუდვისას კანონმდებელმა უნდა დაიცვას გონივრული ბალანსი შეზღუდვის გამოყენებულ საშუალებასა და კანონიერ მიზანს შორის. მოცემულ შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაადგინოს, რა ლეგიტიმური მიზნების მიღწევას ემსახურება ,,ადვოკატთა შესახებ" საქართველოს კანონის 35-ე მუხლის მე-6 პუნქტის რეგულაცია და რამდენად არსებობს თანაზომიერება ლეგიტიმურ მიზნებსა და გამოყენებულ საშუალებას შორის, დაცულია თუ არა კონსტიტუციის 42-ე მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების შეზღუდვის კონსტიტუციურ-სამართლებრივი სტანდარტები. ,,ადვოკატთა შესახებ" საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ადვოკატი არის თავისუფალი პროფესიის პირი, რომელიც ემორჩილება მხოლოდ კანონს, პროფესიული ეთიკის ნორმებს და გაწევრიანებულია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, სრულიად გაუგებარია, თუ რა ლეგიტიმურ საჯარო მიზანს უნდა ემსახურებოდეს ადვოკატისთვის დისციპლინური სახდელის გადაწყვეტილების საერთო წესით გასაჩივრების უფლების შეზღუდვა-აკრძალვა და ან რა ობიექტური აუცილებლობით უნდა ყოფილიყო ასეთი გამოწვეული. ფაქტია, რომ ადვოკატისათვის უფლების შეზღუდვა-აკრძალვას არანაირი ლეგიტიმური საჯარო მიზანი არ გააჩნია და მსგავსი საჩივრის საერთო სასამართლო წესით განხილვა ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს ვერც მართლმსაჯულების ხარისხზე და ვერც საერთო სასამართლოების გამართულ საქმიანობაზე. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „იმ შემთხვევაში, თუ შეზღუდვა ლეგიტიმურ მიზანს ლოგიკურად არ უკავშირდება - შეზღუდვა გაუმართლებელია (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 11 აპრილის №1/1/468 გადაწყვეტილება საქმეზე ,,საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ"). 2014 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებაში საქმეზე №2/2/558, საქართველოს მოქალაქე ილია ჭანტურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ ,,სასამართლოს განკარგულების გასაჩივრების აკრძალვა არათანაზომიერად ზღუდავს პირის სამართლიანი სასამართლოს უფლებას და არაკონსტიტუციურია". ასევე, ,,კონსტიტუციის 42-ე მუხლი მოიცავს არა მარტო ... სასამართლოს მიერ საქმის განხილვის, არამედ ზემდგომ ინსტანციებში საჩივრის შეტანის უფლებას“ (იხ.საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 15.12.2006წ. გადაწყვეტილება საქმეზე ,,ვახტანგ მასურაშვილი და ონისე მებონია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ და 2005 წლის 17 მარტის გადაწყვეტილება ,,საქმეზე ოლეგ სვინტრაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). კონსტიტუციური სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, ,,ადვოკატთა შესახებ" საქართველოს კანონის 35-ე მუხლის მე-6 პუნქტი მიიღებს შემდეგ სახეს: ,,6. ადვოკატს უფლება აქვს მისთვის გადაწყვეტილების გადაცემის დღიდან 1 თვის ვადაში გაასაჩივროს იგი სასამართლოში". ანტიკონსტიტუციური ნორმის ცვლილება გაზრდის როგორც სასამართლოს, ასევე სახელმწიფოს ავტორიტეტს და ხელს შეუწყობს ქვეყანაში კანონიერების და დემოკრატიის განმტკიცებას. |
სარჩელით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა