საქართველოს მოქალაქე ნუგზარ კანდელაკი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N2/7/598 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ოთარ სიჭინავა, ლალი ფაფიაშვილი, ზაზა თავაძე, თამაზ ცაბუტაშვილი, |
თარიღი | 25 ივლისი 2014 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ზაზა თავაძე - სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
ოთარ სიჭინავა - წევრი;
ლალი ფაფიაშვილი - წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი - წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე ნუგზარ კანდელაკი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის მე-6 პუნქტის სიტყვის „უზენაეს“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 10 ივნისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №598) მომართა საქართველოს მოქალაქე ნუგზარ კანდელაკმა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას კონსტიტუციური სარჩელი განსახილველად გადმოეცა 2014 წლის 11 ივნისს.
2. №598 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2014 წლის 25 ივლისს.
3. №598 კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის საფუძვლად მითითებულია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი და 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი, მე-15 და მე-16 მუხლები.
4. „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, ადვოკატს უფლება აქვს, მისთვის დისციპლინური სახდელის დადების შესახებ ეთიკის კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გაასაჩივროს უზენაეს სასამართლოში.
5. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ყოველ ადამიანს უფლება აქვს, თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს, ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად კი, ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე.
6. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ მოსარჩელე არის ადვოკატი და ეწევა საადვოკატო საქმიანობას. ს.ს.ი.პ. ,,საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ ეთიკის კომისიის 2013 წლის პირველი იანვრის გადაწყვეტილებით, მას დაეკისრა დისციპლინური პასუხისმგებლობა და სახდელი. მოსარჩელემ აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა უზენაეს სასამართლოში. უზენაესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა და ეთიკის კომისიის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. ამასთან, მოსარჩელე უთითებს, რომ საკასაციო ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
7. მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის პირობებში, უზენაესი სასამართლო არის საკასაციო ინსტანციის ორგანო, რომელიც არ არის უფლებამოსილი საქმე განიხილოს პირველი ინსტანციით. ამასთან, კანონმდებლობით არ არის განსაზღვრული, თუ რა წესით და პროცედურებით იხილავს უზენაესი სასამართლო ადვოკატის საჩივარს. ამის დასტურად მოსარჩელე უთითებს იმ გარემოებაზე, რომ მისი საქმე განიხილა უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატამ, რომელსაც მოქმედი კანონმდებლობით მსგავსი საქმეების განხილვის კომპეტენცია არ აქვს. შესაბამისად, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმის საფუძველზე წარმოშობილი დავის განხილვა ხდება არაუფლებამოსილი სასამართლოს მიერ, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით გარანტირებულ სამართლიანი სასამართლოს უფლებას.
8. მოსარჩელე მხარის მტკიცებით, სადავო ნორმის საფუძველზე, მას შესაძლებლობა არ აქვს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივროს, ვინაიდან საკასაციო სასამართლო თავად წარმოადგენს საბოლოო ინსტანციას. მოსარჩელის აზრით, სრულიად გაუგებარია, ადვოკატისთვის დისციპლინური სახდელის გადაწყვეტილების საერთო წესით გასაჩივრების უფლების შეზღუდვა (აკრძალვა) რა ლეგიტიმურ საჯარო მიზანს ემსახურება, რა ობიექტური აუცილებლობით არის გამოწვეული. უდავოა, რომ სადავო ნორმით გათვალისწინებული შეზღუდვა გავლენას არ ახდენს მართლმსაჯულების ხარისხზე და საერთო სასამართლოების გამართულ საქმიანობაზე.
9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებს.
10. მოსარჩელე მხარე საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად დამატებით იშველიებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკას სადავო საკითხებთან მიმართებით.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია მიიჩნევს, რომ №598 კონსტიტუციური სარჩელი აკმაყოფილებს ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის რომელიმე საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-5 და მე-8 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის, მე-18 მუხლის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის და 22-ე მუხლის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 30-ე და 31-ე მუხლების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად კონსტიტუციური სარჩელი №598 (საქართველოს მოქალაქე ნუგზარ კანდელაკი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ).
2. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.
3. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
4. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
5. საოქმო ჩანაწერი გაეგზავნოს მხარეებს.
კოლეგიის წევრები:
ზაზა თავაძე
ოთარ სიჭინავა
ლალი ფაფიაშვილი
თამაზ ცაბუტაშვილი