საქართველოს მოქალაქე ნუგზარ კანდელაკი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | გადაწყვეტილება |
ნომერი | N2/1/598 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - თამაზ ცაბუტაშვილი, ირინე იმერლიშვილი, მანანა კობახიძე, თეიმურაზ ტუღუში, |
თარიღი | 21 ივლისი 2017 |
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში - სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
ირინე იმერლიშვილი - წევრი;
მანანა კობახიძე - წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი - წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე ნუგზარ კანდელაკი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის მე-6 პუნქტის სიტყვის „უზენაეს” კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელე - ნუგზარ კანდელაკი; მოპასუხის წარმომადგენელი - ზურაბ მაჭარაძე.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 10 ივნისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №598) მომართა საქართველოს მოქალაქე ნუგზარ კანდელაკმა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას კონსტიტუციური სარჩელი განსახილველად გადმოეცა 2014 წლის 11 ივნისს. №598 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2014 წლის 25 ივლისს. 2014 წლის 25 ივლისის №2/7/598 საოქმო ჩანაწერით, №598 რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად იქნა მიღებული. საქმის არსებითი განხილვა გაიმართა 2014 წლის 25 დეკემბერს.
2. №598 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი და 89-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი, მე-15 და მე-16 მუხლები.
3. „ადვოკატთა შესახებ” საქართველოს კანონის 35-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, ადვოკატს უფლება აქვს, მისთვის დისციპლინური სახდელის დადების შესახებ ეთიკის კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გაასაჩივროს უზენაეს სასამართლოში.
4. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ყოველ ადამიანს უფლება აქვს, თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე.
5. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ მოსარჩელე არის ადვოკატი და ეწევა საადვოკატო საქმიანობას. სსიპ ,,საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის” ეთიკის კომისიის (შემდეგში - „ეთიკის კომისია”) 2013 წლის პირველი იანვრის გადაწყვეტილებით, მას დაეკისრა დისციპლინური პასუხისმგებლობა და სახდელი. მოსარჩელემ, სადავო ნორმის საფუძველზე, აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა საქართველოს უზენაეს სასამართლოში. იქიდან გამომდინარე, რომ კანონმდებლობით არ არის გაწერილი შესაბამისი პროცედურები, რითაც უნდა იხელმძღვანელოს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ადვოკატის საჩივრის განხილვისას, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატამ (შემდგომში „სადისციპლინო პალატა”) გამოიყენა კანონის ანალოგია და „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე და 62-ე მუხლებზე დაყრდნობით ცნო მოსარჩელის საჩივარი დასაშვებად. საჩივრის განხილვისა და საქმის გადაწყვეტის შემდგომი პროცედურაც „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 თავის მიხედვით წარიმართა, რომელიც განსაზღვრავს სადისციპლინო პალატის მიერ დისციპლინური საქმეების განხილვის პროცედურას. საბოლოოდ, სადისციპლინო პალატამ მხარეთა ახსნა-განმარტების მოსმენის, საქმის მასალების შესწავლის, საჩივრის მოტივების საფუძვლიანობის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმებისა და საქმის სასამართლო განხილვის შედეგად არ დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა და ეთიკის კომისიის გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა.
6. კონსტიტუციურ სარჩელში განმარტებულია, რომ საქართველოს კონსტიტუციის 90-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლო საკასაციო სასამართლოა, რაც გამორიცხავს ამ ორგანოს მიერ პირველი ინსტანციით საქმის განხილვისა და გადაწყვეტის შესაძლებლობას. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის თავდაპირველი რედაქციით, საქართველოს უზენაეს სასამართლოს პირველი ინსტანციით საქმის განხილვის შესაძლებლობა სახელდებით ჰქონდა მინიჭებული, თუმცა ეს უფლებამოსილება მას 2005 წლის კონსტიტუციური ცვლილებებით ჩამოერთვა და საქართველოს უზენაესი სასამართლო ჩამოყალიბდა საკასაციო ინსტანციად. თავის მხრივ, სადავო ნორმა ეთიკის კომისიის გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობას საქართველოს უზენაეს სასამართლოში უშვებს, რომელიც მოსარჩელის მტკიცებით, არ არის უფლებამოსილი საქმე განიხილოს პირველი ინსტანციით. ამასთან ერთად, მოსარჩელე მიუთითებს, რომ კანონმდებლობით არ არის განსაზღვრული, თუ რა წესითა და პროცედურებით იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო ადვოკატის საჩივარს, რაც მისი სასამართლო უფლებების უხეშ დარღვევას წარმოადგენს. კონსტიტუციურ სარჩელში ასევე აღნიშნულია, რომ სადავო ნორმის საფუძველზე, ადვოკატს შესაძლებლობა არ აქვს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივროს, ვინაიდან საკასაციო სასამართლო თავად წარმოადგენს საბოლოო ინსტანციას. მოსარჩელის აზრით, სრულიად გაუგებარია, ადვოკატისთვის დისციპლინური სახდელის გადაწყვეტილების საერთო წესით გასაჩივრების უფლების შეზღუდვა (აკრძალვა) რა ლეგიტიმურ საჯარო მიზანს ემსახურება. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებს.
7. მოსარჩელე მხარე საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად დამატებით იშველიებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკას სადავო საკითხებთან მიმართებით.
8. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლი არ დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნას და აღნიშნა, რომ საქართველოს კონსტიტუცია და „საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონი საქართველოს უზენაეს სასამართლოს ანიჭებს უფლებამოსილებას, განახორციელოს არასაკასაციო ფუნქციაც. კერძოდ, მოპასუხე მხარე მიუთითებს, საქართველოს კონსტიტუციის 90-ე მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის თანახმადაც, „საქართველოს უზენაესი სასამართლოს უფლებამოსილება, ორგანიზაცია, საქმიანობისა და უზენაესი სასამართლოს წევრთა უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის წესი განისაზღვრება ორგანული კანონით”. თავის მხრივ კი, „საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლი განსაზღვრავს, რომ „უზენაესი სასამართლოს პალატა (გარდა სადისციპლინო და საკვალიფიკაციო პალატებისა) არის საკასაციო ინსტანციის სასამართლო, რომელიც საქართველოს საპროცესო კანონით დადგენილი წესით განიხილავს საკასაციო საჩივრებს სააპელაციო სასამართლოების გადაწყვეტილებებზე, კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით განიხილავს მის განსჯადობას მიკუთვნებულ სხვა საქმეებს, ასევე განიხილავს საჩივრებს რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიის გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით „ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი პროცედურების დარღვევის შემთხვევაში“. ამდენად, მოპასუხის აზრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს კომპეტენცია, პირველი და საბოლოო ინსტანციით განიხილოს და გადაწყვიტოს დისციპლინური საჩივრები, სრულ შესაბამისობაშია საქართველოს კონსტიტუციასთან.
9. მოპასუხე მხარე აღნიშნავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლო წარმოადგენს საერთო სასამართლოების სისტემაში შემავალ სასამართლოს, რომელიც სასამართლო სისტემის უმაღლეს საფეხურზე იმყოფება. ის განიხილავს საქმეებს, მათ შორის, საკასაციო წესით და მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები არის უმაღლესი ინსტანციის მიერ მიღებული აქტები. აქედან გამომდინარე, ის გარემოება, რომ ადვოკატი უფლებამოსილია, მისთვის დისციპლინური სახდელის დადების შესახებ ეთიკის კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გაასაჩივროს საქართველოს უზენაეს სასამართლოში, იმავე ადვოკატისთვის დაცულობის კიდევ უფრო მეტ სტანდარტსა და გარანტიას ითვალისწინებს.
10. საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელის განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის 90-ე მუხლით საქართველოს უზენაეს სასამართლოს მინიჭებული აქვს საკასაციო ფუნქციის განხორციელების ექსკლუზიური უფლებამოსილება. ამავე დროს, აღიშნული ფუნქციის განხორციელება არ გამორიცხავს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ სხვა ფუნქციების შესრულებას, რომელიც ამ უკანასკნელს „საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლით აქვს მინიჭებული. მოპასუხის განმარტებით, საქართველოს უზენაეს სასამართლოს კანონმდებლობით აკისრია მართლმსაჯულებას განკუთვნილი სხვადასხვა ფუნქციების განხორციელება და ამ უკანასკნელს არ აქვს მართლმსაჯულების განხორციელებაზე უარის თქმის უფლება.
11. რაც შეეხება საქმისწარმოების პროცედურებს, მოპასუხის განმარტებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ ჩამოყალიბებულია ეთიკის კომისიის გადაწყვეტილების განხილვის ცალსახა პრაქტიკა, რაც განჭვრეტადობის პრობლემას არ უნდა ქმნიდეს მოსარჩელისთვის. მისი განმარტებით, „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს, რომ საქმე უნდა განიხილოს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ, ხოლო საქართველოს უზენაეს სასამართლოში დისციპლინური კატეგორიის საქმეების განსახილველად შექმნილია შესაბამისი სადისციპლინო პალატა, რომელიც ვალდებულია, განიხილოს ეთიკის კომისიის გადაწყვეტილებები. გარდა ამისა, მოპასუხე აღნიშნავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის მიერ საქმის განხილვა მიზანშეწონილია, რამდენადაც სწორედ ეს პალატა წარმოადგენს იმ ერთადერთ სტრუქტურას საერთო სასამართლოების სისტემაში, რომელიც უფლებამოსილია, განიხილოს დისციპლინური დევნის საკითხები.
12. გასაჩივრების ნაწილთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელმა აღნიშნა, იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება, რომ სახეზეა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით განსაზღვრულ უფლებაში ჩარევა, ნორმა კონსტიტუციურად უნდა ჩაითვალოს. მოპასუხის აზრით, გასაჩივრებული რეგულირება უზრუნველყოფს მართლმსაჯულების სწრაფ და ეფექტიან განხორციელებას. ნორმით უზრუნველყოფილია საქმეების განხილვა უმაღლესი ინსტანციის სასამართლოს მიერ, რაც, ერთი მხრივ, მხარის, იგივე ადვოკატის დაცვის კიდევ უფრო მეტ სტანდარტს ადგენს და, მეორე მხრივ, კიდევ უფრო მეტად უზრუნველყოფს საკითხის მაღალკვალიფიციურ დონეზე განხილვას. ამ თვალსაზრისით, შეუძლებელია სხვა ნაკლებად მზღუდავი საშუალების განსაზღვრა და კიდევ უფრო ვიწროდ მიმართული რეგულირების დადგენა.
13. ამის გარდა, მოპასუხე მხარე პარალელს ავლებს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპულ კონვენციაზე და აღნიშნავს, რომ მე-7 პროტოკოლის მე-2 მუხლის მე-2 პარაგრაფის თანახმად, უფლება გასაჩივრებაზე შეიძლება ექვემდებარებოდეს გამონაკლისებს იმ შემთხვევაში, თუ პირის განსჯა მოხდა უმაღლესი სასამართლოს მიერ პირველი ინსტანციით.
14. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელი მიიჩნევს, მოსარჩელის მიერ გასაჩივრებული ნორმა არათუ არღვევს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებას, არამედ მისივე უფლების დამდგენი და დამცავი ეფექტური საშუალებაა.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. მოცემული დავის ფარგლებში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაადგინოს, კონსტიტუციურია თუ არა „ადვოკატთა შესახებ” საქართველოს კანონის 35-ე მუხლის მე-6 პუნქტი, რომლის თანახმად, სსიპ „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ ეთიკის კომისიის გადაწყვეტილება ადვოკატისთვის დისციპლინური სახდელის დაკისრების შესახებ საჩივრდება უშუალოდ საქართველოს უზენაეს სასამართლოში. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, საქართველოს უზენაეს სასამართლოს არ აქვს საქმის პირველი ინსტანციით განხილვის უფლებამოსილება. ამავე დროს, ეთიკის კომისიის გადაწყვეტილების გასაჩივრების წესად უშუალოდ საქართველოს უზენაესი სასამართლოსთვის მიმართვის განსაზღვრა მას ართმევს პირველი ინსტანციით მიღებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების სხვა სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობას. მოსარჩელე ასევე მიუთითებს, რომ კანონმდებლობით არ არის გაწერილი ეთიკის კომისიის გადაწყვეტილების გასაჩივრებისა და საჩივრის განხილვის პროცედურა. ხსენებულ სამ არგუმენტზე დაყრდნობით, კონსტიტუციური სარჩელის ავტორი მიიჩნევს, რომ ირღვევა სამართლიანი სასამართლოს უფლების ცალკეული კომპონენტები, რომლებიც დაცულია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებით.
2. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო სადავო ნორმის შესაბამისობას პირის სამართლიანი სასამართლოს უფლებასთან შეაფასებს სამი სხვადასხვა კუთხით. ესენია: აქვს თუ არა საქართველოს უზენაეს სასამართლოს კომპეტენცია პირველი ინსტანციით განიხილოს დავა, ეთიკის კომისიის გადაწყვეტილების გასაჩივრების პროცედურა რამდენად პასუხობს კანონის განჭვრეტადობის მოთხოვნებს, პირველი ინსტანციით მიღებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობის არარსებობა არღვევს თუ არა სამართლიანი სასამართლოს უფლებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს კომპეტენცია, პირველი ინსტანციით განიხილოს დავა (სადავო ნორმის შესაბამისობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-2 პუნქტთან)
3. როგორც აღინიშნა, სადავო ნორმის არაკონსტიტუციურობის ერთ-ერთ არგუმენტად კონსტიტუციურ სარჩელში დასახელებულია, რომ მოსარჩელის საქმე განიხილა საამისოდ არაუფლებამოსილმა სასამართლომ. შესაბამისად, პირველ რიგში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო სადავო ნორმის კონსტიტუციურობას შეაფასებს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით, რომლის თანახმად, „ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე”.
4. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-2 პუნქტის დებულება „იცავს სამართლიანი სასამართლოს უფლების ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს - სასამართლო განხილვა მოხდეს განსჯადობის წესების დაცვით... ამ [სამართლიანი სასამართლოს] უფლებით სარგებლობისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ სამართალწარმოება განხორციელდეს განსჯადობის წესების დაცვით, საქმის განხილვა და გადაწყვეტა მოხდეს იმ სასამართლოს მიერ, რომელსაც კონსტიტუციისა და კანონის მიხედვით, შესაბამისი უფლებამოსილება, კომპეტენცია გააჩნია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 13 ნოემბრის №1/4/557,571,576 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ვალერიან გელბახიანი, მამუკა ნიკოლაიშვილი და ალექსანდრე სილაგაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-106).
5. შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-2 პუნქტი ქმნის გარანტიას, რომ პირის საქმის განხილვა მოხდება საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი იურისდიქციის ფარგლებში, რათა გამოირიცხოს ყოველგვარი თვითნებობა და არ მოხდეს პირის უფლებებთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა იმ სასამართლოს მიერ, რომელსაც კანონმდებლობით მისი საქმე არ ექვემდებარება.
6. სადავო ნორმის, „ადვოკატთა შესახებ” საქართველოს კანონის 35-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, ადვოკატს უფლება აქვს, მისთვის ადვოკატთა ეთიკის კომისიის გადაწყვეტილების გადაცემის დღიდან 1 თვის ვადაში გაასაჩივროს იგი უზენაეს სასამართლოში. ამ მხრივ ცალსახაა, რომ კანონმდებლობა ეთიკის კომისიის გადაწყვეტილების გადასინჯვას საქართველოს უზენაესი სასამართლოს იურისდიქციას უქვემდებარებს, რაც გამორიცხავს სხვა სასამართლოს მიერ ეთიკის კომისიის გადაწყვეტილების გადასინჯვის უფლებამოსილებას.
7. ამასთანავე, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნაა, რომ პირის საქმის განხილვა მოხდეს კონსტიტუციურ ჩარჩოში მოაზრებული საამისო კომპეტენციის მქონე სასამართლოების მიერ, რათა პირს შესაძლებლობა ჰქონდეს ეფექტურად ისარგებლოს სამართლიანი სასამართლოსთვის დადგენილი კონსტიტუციურსამართლებრივი გარანტიებით უფლების იმ სასამართლოში დაცვის გზით, რომელსაც ექვემდებარება საქმე საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნების შესაბამისად.
8. შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაადგინოს, საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, აქვს თუ არა საქართველოს უზენაეს სასამართლოს ეთიკის კომისიის გადაწყვეტილების კანონიერების პირველი ინსტანციით შემოწმების უფლებამოსილება. საქართველოს უზენაესი სასამართლოს კომპეტენცია განსაზღვრულია საქართველოს კონსტიტუციის მე-5 თავში. ამდენად, ზემოაღნიშნული საკითხის გადაწყვეტა უნდა მოხდეს სწორედ საქართველოს კონსტიტუციის მეხუთე თავის დებულებების გათვალისწინებით.
9. საქართველოს კონსტიტუციის 82-ე მუხლის პირველი პუნქტი განსაზღვრავს სასამართლო ხელისუფლების განხორციელების ფორმებს. ესენია: საკონსტიტუციო კონტროლი, მართლმსაჯულება და კანონით დადგენილი სხვა ფორმები. ამდენად, საქართველოს კონსტიტუცია სახელდებით სასამართლო ხელისუფლების განხორციელების ორ ფორმას - საკონსტიტუციო კონტროლს და მართლმსაჯულების განხორციელებას იცნობს.
10. ამავე დროს, საქართველოს კონსტიტუცია განსაზღვრავს სასამართლო ხელისუფლების ხსენებული ფორმების განმახორციელებელ სუბიექტებს. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის 83-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საკონსტიტუციო კონტროლის სასამართლო ორგანოა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო. ხოლო, სასამართლო ხელისუფლების განხორციელების მეორე ფორმას - მართლმსაჯულებას, საქართველოს კონსტიტუციის 83-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ახორციელებენ საერთო სასამართლოები.
11. აღსანიშნავია, რომ საქართველოს კონსტიტუცია თავად არ ახდენს საერთო სასამართლოების სისტემის შიგნით მართლმსაჯულების განმახორციელებელ სასამართლო ორგანოთა სპეციალიზაციის ან მათ შორის იერარქიის განსაზღვრას. აღნიშნული საკითხის მოწესრიგების უფლებამოსილებას საქართველოს კონსტიტუცია ანიჭებს საკანონმდებლო ხელისუფლებას. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის 83-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საერთო სასამართლოების სისტემა დადგენილია ორგანული კანონით.
12. აღნიშნული წესიდან გამონაკლისს წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის 90-ე მუხლი, რომელიც სახელდებით გამოყოფს საქართველოს უზენაეს სასამართლოს. ამავე მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლო საკასაციო სასამართლოა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს საქმიანობის მომწესრიგებელ კანონმდებლობაზე მსჯელობისას აღნიშნავს, რომ „ფაქტების დამდგენი სასამართლოსგან განსხვავებით, საკასაციო სასამართლო ძირითადად არკვევს სამართლის ნორმების დარღვევას ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ... საკასაციო სასამართლო საჩივრის განხილვისას ამოწმებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერებას...“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2003 წლის 3 ივლისის №2/6/205,232 გადაწყვეტილება საქმეზე „1. მოქალაქე ავთანდილ რიჟამაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ; 2. მოქალაქე ნელი მუმლაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, 2).
13. ამდენად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს უმნიშვნელოვანესი ფუნქციიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის ნებაა, რომ მართლმსაჯულების განმახორციელებელი უმაღლესი სასამართლო ორგანო და მისი კონსტიტუციურსამართლებრივი ფუნქცია თავად კონსტიტუციითვე იყოს განსაზღვრული. სიტყვა „უზენაესი” კი თავისთავად მიუთითებს, რომ მართლმსაჯულების განმახორციელებელ საერთო სასამართლოთა შორის უმაღლეს და საბოლოო ინსტანციას საქართველოს უზენაესი სასამართლო წარმოადგენს.
14. შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციის მიზნებისთვის საქართველოს უზენაესი სასამართლო წარმოადგენს მართლმსაჯულების განხორციელების საბოლოო, უზენაეს ინსტანციას, რომელიც საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებებს ამოწმებს კანონიერების თვალსაზრისით. ამ მხრივ, საქართველოს უზენაესი სასამართლო ასრულებს უმნიშვნელოვანეს კონსტიტუციურ ფუნქციას, ხელს უწყობს კანონის განმარტების სწორი და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბებას, რომელიც სამართლებრივი უსაფრთხოების პრინციპის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. თავისთავად ცხადია, რომ კანონის განმარტების ერთგვაროვანი პრაქტიკის უზრუნველყოფა, პირველ რიგში, კანონის ბუნდოვანების და მისი არაერთგვაროვანი გამოყენების პრევენციისთვის არის გამიზნული, რაც, საბოლოო ჯამში, ადამიანის უფლებების ეფექტურად დაცვას ემსახურება.
15. სადავო ნორმის საფუძველზე ეთიკის კომისიის გადაწყვეტილების საქართველოს უზენაეს სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატა ადვოკატის საჩივარს იხილავს „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 თავით დადგენილი წესების დაცვით, რაც, მათ შორის, მოიცავს სადისციპლინო პალატის მიერ საჩივრის ფარგლებში როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი და, დაკისრებული სახდელის სამართლიანობის თვალსაზრისით, ეთიკის კომისიის გადაწყვეტილების შემოწმებას. როგორც ზემოთ აღინიშნა, საქართველოს კონსტიტუციის 90-ე მუხლი ექსპლიციტურად მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს საკასაციო ბუნებაზე. მიუხედავად ამისა, სადავო ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატა, რომელიც „საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად იქმნება საქართველოს უზენაეს სასამართლოში, ახორციელებს ფუნქციას, რომელიც არ არის დაკავშირებული საკასაციო საქმიანობის განხორციელებასთან, ანუ ისეთ ფუნქციას, რომელიც უზენაეს სასამართლოს საქართველოს კონსტიტუციით სახელდებით პირდაპირ არ აქვს მინიჭებული.
16. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მარტოოდენ ეს მოცემულობა საკმარისი არ არის იმისათვის, რომ დადგინდეს სადავო ნორმის შეუთავსებლობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-2 პუნქტთან. იმის დასადგენად, კონსტიტუციური უფლებამოსილების განხორციელების პარალელურად შესაძლებელია თუ არა, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განახორციელოს მართლმსაჯულებას მიკუთვნებული სხვა საქმიანობა, აუცილებელია ამ ორგანოს მარეგლამენტირებელ კონსტიტუციურ ნორმებზე მსჯელობა ერთიან კონტექსტში წარიმართოს. „...კონსტიტუციური მართლმსაჯულების განხორციელებისას იგი [საკონსტიტუციო სასამართლო] კონსტიტუციას განიხილავს როგორც ერთიან ორგანიზმს. შეუძლებელია, სადავო საკითხის კონსტიტუციურობის სრულფასოვანი გადაწყვეტა, თუ სასამართლო კონსტიტუციის ნორმებს ერთმანეთთან კავშირში არ წაიკითხავს/განმარტავს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 15 თებერვლის №3/1/659 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ომარ ჯორბენაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-20).
17. როგორც ზემოთ აღინიშნა, საქართველოს კონსტიტუციის 90-ე მუხლის პირველი პუნქტი საქართველოს უზენაეს სასამართლოს აღჭურავს კონსტიტუციური კომპეტენციით, განახორციელოს საკასაციო ფუნქცია, რაც მართლმსაჯულების განხორციელების უმნიშვნელოვანეს კომპონენტს წარმოადგენს. ამის პარალელურად, საქართველოს კონსტიტუციის 90-ე მუხლის მე-3 პუნქტი ადგენს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს უფლებამოსილება, ორგანიზაცია, საქმიანობის წესი განისაზღვრება ორგანული კანონით. შესაბამისად, მაშინ როდესაც საქართველოს კონსტიტუციის 90-ე მუხლის პირველი პუნქტი საქართველოს უზენაეს სასამართლოს აღჭურავს კონსტიტუციური კომპეტენციით - განახორციელოს საკასაციო ფუნქცია, ამავე მუხლის მე-3 პუნქტი, იმისათვის რომ მართლმსაჯულების განმახორციელებელ უმაღლეს ორგანოს მიეცეს მისი ინსტიტუციური შესაძლებლობის სრულყოფილად რეალიზების საშუალება, კანონმდებელს ანიჭებს კონსტიტუციურ დისკრეციას, კანონმდებლობით, დამატებით განსაზღვროს მისი უფლებამოსილება, ორგანიზაცია და საქმიანობა. ასეთი კონსტიტუციური დისკრეციის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობის გამოხატულებას წარმოადგენს სადავო ნორმით საქართველოს უზენაესი სასამართლოსთვის მინიჭებული ეთიკის კომისიის გადაწყვეტილების გადასინჯვის შესაძლებლობა.
18. მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ საქართველოს კონსტიტუცია საქართველოს უზენაეს სასამართლოს განიხილავს როგორც უმაღლესი ლეგიტიმაციისა და კვალიფიკაციის მქონე მართლმსაჯულების განმახორციელებელ ორგანოს და არა სასამართლოს, რომელიც სპეციალიზებულია მხოლოდ კასაციის განხორციელებაზე. თუმცა, როგორც ითქვა, საქართველოს კონსტიტუციით საქართველოს უზენაესი სასამართლოს საკასაციო სასამართლოდ განსაზღვრა უკავშირდება თავად კასაციის უმნიშვნელოვანეს ფუნქციას. ხსენებული მიდგომით კონსტიტუცია უზრუნველყოფს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მნიშვნელოვანი რესურსის მიმართვას და კონცენტრაციას საკასაციო საქმიანობის განხორციელებაზე.
19. ამდენად, სადავო ნორმის საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით საკითხის გადაწყვეტის კონსტიტუციურობის შესახებ კითხვებს შეიძლება აჩენდეს არა ის, თუ რამდენად შეძლებს საქართველოს უზენაესი სასამართლო კვალიფიციურად შეაფასოს მართლმსაჯულებას მიკუთვნებული ესა თუ ის საქმე, არამედ დამატებითი კომპეტენციის მინიჭებით კითხვის ნიშნის ქვეშ ხომ არ დგება სხვა საქმეებზე მის მიერ საკასაციო საქმიანობის ეფექტიანად განხორციელება. სწორედ აღნიშნულ ტესტს გამოიყენებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო საქართველოს უზენაესი სასამართლოსათვის ისეთი უფლებამოსილების მიმნიჭებელი კანონის საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-2 პუნქტთან შესაბამისობის დადგენისას, რომელიც არ არის დაკავშირებული მის საკასაციო საქმიანობასთან.
20. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში საქართველოს კონსტიტუციის ზემოხსენებული დებულება დაირღვევა, თუ ადვოკატთა ეთიკის კომისიის გადაწყვეტილების კანონიერების პირველი ინსტანციით შემოწმების უფლებამოსილების საქართველოს უზენაესი სასამართლოსათვის მინიჭება, ამ კომპეტენციის შინაარსიდან ან/და მოცულობიდან გამომდინარე, ეჭვქვეშ დააყენებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო ფუნქციის ეფექტიანად განხორციელების ინსტიტუციურ შესაძლებლობას.
21. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-2 პუნქტს არღვევს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მისი საქმის პირველი ინსტანციით განხილვა. იგი არ დავობს იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ სადავო ნორმით განსაზღვრული უფლებამოსილების საქართველოს უზენაესი სასამართლოსათვის მინიჭებამ, ამ ორგანოს სხვა საქმეებზე კასაციის ეფექტურად განხორციელებაში შეიძლება შეუშალოს ხელი. აღნიშნული არ ყოფილა სასარჩელო მოთხოვნის ნაწილი და ამასთან დაკავშირებით მოსარჩელის მიერ არც შესაბამისი არგუმენტაცია წარმოდგენილა სასამართლოს წინაშე. ამავე დროს, თავისი შინაარსიდან გამომდინარე, ადვოკატთა დისციპლინური კოლეგიის გადაწყვეტილების კანონიერებაზე დავა არ არის იმ ტიპის სტანდარტული დავა, რომელიც ხშირია პრაქტიკაში და ამ ან/და სხვა ფაქტორების გამო შეიძლება გამოიწვიოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს გაუმართლებელი გადატვირთვა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო საფუძვლიანად მიიჩნევს მოპასუხის პოზიციას, რომლის თანახმადაც, ხსენებული კომპეტენციის საქართველოს უზენაესი სასამართლოსათვის მინიჭება მიზნად ისახავს ადვოკატებთან მიმართებით სწრაფი მართლმსაჯულების უზრუნველყოფას და არა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სტანდარტული დავებით გადატვირთვას. არც საქმის განხილვის პროცესში გამოკვლეული სხვა გარემოებები მიუთითებს საპირისპიროს. ამდენად, სადავო ნორმა არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-2 პუნქტს.
ეთიკის კომისიის გადაწყვეტილების გასაჩივრების პროცედურის შესაბამისობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან
22. საქართველოს უზენაესი სასამართლოსათვის ისეთი უფლებამოსილების მინიჭება, რომელიც არ არის დაკავშირებული მის მიერ საკასაციო საქმიანობის განხორციელებასთან, არ ათავისუფლებს კანონმდებელს იმ პროცესუალური უფლებების უზრუნველყოფის ვალდებულებისაგან, რომლებიც, ზოგადად, მომდინარეობს სამართლიანი სასამართლოს უფლებიდან. უმაღლესი მართლმსაჯულების ორგანოს მიერ მართლმსაჯულებას დაქვემდებარებული საქმის განხილვა წარმოადგენს მისი იურისდიქციის განუყოფელ ნაწილს. თუმცა, როგორც აღინიშნა, ამ ფუნქციის განხორციელებამ ხელი არ უნდა შეუშალოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციური ვალდებულების განხორციელებას. ამასთანავე, იმ შემთხვევაში, თუკი მოხდება ამა თუ იმ უფლებამოსილების კონკრეტული სასამართლო ინსტიტუციისთვის მინიჭება, იმთავითვე უნდა იყოს უზრუნველყოფილი შესაბამისი პირობები, რომ დაბრკოლების გარეშე, სრულყოფილად მოხდეს პირის სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზაცია.
23. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, ხელისუფლების ვალდებულებაა, უზრუნველყოს მართლმსაჯულების სისტემის ადეკვატურობა მართლმსაჯულების ფუნქციის სრულყოფილი განხორციელებისა და, შესაბამისად, სამართლიანი სასამართლოს უფლებით ეფექტურად სარგებლობის გარანტირებისათვის. „42-ე მუხლით სრულყოფილად და ეფექტურად სარგებლობა წარმოადგენს კონსტიტუციით სასამართლო ხელისუფლების უფლებამოსილების ... დადგენის როგორც საფუძველს, ისე მიზანს. ამ თვალსაზრისით, კონსტიტუციის 42-ე მუხლი მოითხოვს, რომ სახელმწიფომ უზრუნველყოს სასამართლო ხელისუფლების კომპეტენციის იმგვარად განსაზღვრა, რომელიც პასუხობს სასამართლოს გზით კონსტიტუციური უფლებების ადეკვატურ დაცვას. სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება და ამ გზით უფლების დაცვის ეფექტური სამართლებრივი საშუალების მოთხოვნა თანმხვედრი უნდა იყოს სასამართლოს კომპეტენციისა, ადეკვატურად მოახდინოს უფლების დარღვევაზე რეაგირება. წინააღმდეგ შემთხვევაში, თავად უფლებით სარგებლობა დადგება საფრთხის ქვეშ. ... ამიტომ სასამართლო ხელისუფლების ... უფლებამოსილება უნდა წარმოადგენდეს 42-ე მუხლის რეალიზაციის ეფექტურ შესაძლებლობას და, იმავდროულად, სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლებით სრულყოფილად სარგებლობის კონსტიტუციურ გარანტიას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 ივნისის №1/466 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-22).
24. შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ კანონმდებლობით საქართველოს უზენაესი სასამართლოსთვის ხდება პირველი ინსტანციით საქმის განხილვის ფუნქციის მინიჭება პროცესის მონაწილე უნდა სარგებლობდეს შესაბამისი პროცედურული გარანტიებით, რომლებიც თანხვედრაში იქნება მის სამართლიანი სასამართლოს უფლებასთან.
25. მოსარჩელის მტკიცებით, კანონმდებლობით არ არსებობს ეთიკის კომისიის გადაწყვეტილების გასაჩივრების რაიმე პროცედურა, რაც, უდავოდ, ხელყოფს მის უფლებას სამართლიან სასამართლოზე.
26. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთხელ აღუნიშნავს სასამართლოსადმი მიმართვის კონსტიტუციური უფლების მნიშვნელობის თაობაზე. „სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლება ინდივიდის უფლებების და თავისუფლებების დაცვის, სამართლებრივი სახელმწიფოსა და ხელისუფლების დანაწილების პრინციპების უზრუნველყოფის უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური გარანტიაა. ის ინსტრუმენტული უფლებაა, რომელიც, ერთი მხრივ, წარმოადგენს სხვა უფლებებისა და ინტერესების დაცვის საშუალებას, ხოლო, მეორე მხრივ, ხელისუფლების შტოებს შორის შეკავებისა და გაწონასწორების არქიტექტურის უმნიშვნელოვანეს ნაწილს” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილება №1/3/421,422 საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – გიორგი ყიფიანი და ავთანდილ უნგიაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-1).
27. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „სამართლიანი სასამართლოს უფლება არაერთი უფლებრივი კომპონენტისგან შედგება, რომელთა ერთობლიობამაც უნდა უზრუნველყოს, ერთი მხრივ, ადამიანების რეალური შესაძლებლობა, სრულყოფილად და ადეკვატურად დაიცვან, აღიდგინონ საკუთარი უფლებები, ხოლო, მეორე მხრივ, სახელმწიფოს მიერ ადამიანის უფლება-თავისუფლებებში ჩარევისას, დაიცვას ადამიანი სახელმწიფოს თვითნებობისაგან. შესაბამისად, სამართლიანი სასამართლოს უფლების თითოეული უფლებრივი კომპონენტის, როგორც ფორმალური, ისე მატერიალური შინაარსით საკმარისი პროცედურული უზრუნველყოფა სახელმწიფოს კონსტიტუციური ვალდებულებაა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 23 მაისის №3/2/574 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-59).
28. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ „კონკრეტული დავების გადაწყვეტისას, საკონსტიტუციო სასამართლო ვალდებულია როგორც კონსტიტუციის შესაბამისი დებულება, ისე სადავო ნორმა გააანალიზოს და შეაფასოს კონსტიტუციის ძირითადი პრინციპების კონტექსტში, რათა ეს ნორმები, განმარტების შედეგად, არ დაცილდნენ მთლიანად კონსტიტუციაში გათვალისწინებულ ღირებულებათა წესრიგს. მხოლოდ ასე მიიღწევა კონსტიტუციის ნორმის სრული განმარტება, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს კონკრეტული სადავო ნორმის კონსტიტუციურობის სწორ შეფასებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 დეკემებრის №1/3/407 გადაწყვეტილება საქმეზე ,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს მოქალაქე - ეკატერინე ლომთათიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II- 1).
29. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპები უმნიშვნელოვანესია კონსტიტუციურ პრინციპებს შორის. ისინი პრაქტიკულად ყველა კონსტიტუციური ნორმის, მათ შორის დანარჩენი კონსტიტუციური პრინციპების საფუძველს წარმოადგენენ. ამ პრინციპებს ეყრდნობა მთლიანად კონსტიტუციური წყობა. ამასთან, ისინი ავალდებულებენ ხელისუფლებას, შეიზღუდოს კონსტიტუციური წყობით, რაც გულისხმობს იმას, რომ ხელისუფლების არც ერთ შტოს არა აქვს უფლება, იმოქმედოს მხოლოდ მიზანშეწონილობის, პოლიტიკური აუცილებლობის ან სხვა მოტივაციის საფუძველზე. ხელისუფლება უნდა ეყრდნობოდეს კონსტიტუციას, კანონს და მთლიანად სამართალს. მხოლოდ ასე იქმნება სამართლიანი მართლწესრიგი, რომლის გარეშეც ვერ შედგება დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფო“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 დეკემებრის №1/3/407 გადაწყვეტილება საქმეზე ,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს მოქალაქე - ეკატერინე ლომთათიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II- 2).
30. სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი სამართლებრივი უსაფრთხოების პრინციპია, რომელიც სახელმწიფოს ადამიანის უფლებათა დაცვასთან დაკავშირებით მნიშვნელოვან მოთხოვნებს უდგენს. განსაზღვრულობის პრინციპი სწორედ ერთ-ერთი იმ მოთხოვნათაგანია, რომელსაც ხელისუფლების განხორციელებისას სახელმწიფო უნდა დაეყრდნოს. „სამართლებრივი უსაფრთხოების პრინციპი სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპიდან მომდინარეობს. საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაში განიმარტა სამართლებრივი უსაფრთხოების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი – განსაზღვრულობის პრინციპი, რომელიც განამტკიცებს კანონმდებლობის განჭვრეტადობის გარანტიებს” (საქართველოს საკონსტიტუციო სასმართლოს 2013 წლის 27 დეკემებრის №2/3/522/553 გადაწყვეტილება საქმეზე სპს „გრიშა აშორდია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41). „ზოგადად, კონკრეტული კონსტიტუციური უფლების შინაარსის კონსტიტუციით დასაშვებ ფარგლებში განსაზღვრისთვის კანონმდებელი ვალდებულია, მიიღოს ზუსტი, მკაფიო, არაორაზროვანი, განჭვრეტადი კანონმდებლობა (ნორმები), რომელიც პასუხობს კანონის განსაზღვრულობის მოთხოვნას. ეს გარემოება ერთ-ერთი გადამწყვეტი კრიტერიუმია ნორმის კონსტიტუციურობის შეფასებისას. კანონმდებლის ასეთი ვალდებულება კი სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპიდან მომდინარეობს. „კანონად” შეიძლება ჩაითვალოს საკანონმდებლო საქმიანობის მხოლოდ ის პროდუქტი, რომელიც პასუხობს კანონის ხარისხის მოთხოვნებს. ეს უკანასკნელი კი გულისხმობს კანონის შესაბამისობას სამართლის უზენაესობისა და სამართლებრივი უსაფრთხოების პრინციპებთან. ამ პრინციპების რეალური დაცვისთვის პრაქტიკული და გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს კანონის ხელმისაწვდომობასა და განჭვრეტადობას. კანონის ხარისხი მოითხოვს, რომ საკანონმდებლო რეგულაცია იყოს იმდენად მკაფიო, რომ პირმა, რომლის უფლებაში ჩარევაც ხდება, შეძლოს სამართლებრივი მდგომარეობის ადეკვატურად შეცნობა და საკუთარი ქმედების შესაბამისად წარმართვა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 დეკემებრის №1/3/407 გადაწყვეტილება საქმეზე ,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს მოქალაქე - ეკატერინე ლომთათიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II- 11).
31. ამა თუ იმ კანონის განსაზღვრულობის უზრუნველყოფაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს სასამართლო ხელისუფლება, ვინაიდან სწორედ ამ უკანასკნელის ფუნქციაა ნორმათა განმარტება და შეფარდება ამა თუ იმ სამართლებრივი ურთიერთობებისთვის, ასევე კანონის გამოყენების სწორი და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბება, რამაც, საბოლოო ჯამში, კანონის ბუნდოვანების თავიდან აცილება უნდა უზრუნველყოს. აღნიშნულს, სასამართლო, როგორც წესი, კანონის ინტერპრეტაციის, ასევე კანონის ანალოგიის გამოყენებით აღწევს. გამომდინარე იქიდან, რომ სამართლებრივ მოწესრიგებას საჭიროებს ურთიერთობათა ფართო სპექტრი, ბუნებრივია, კანონმდებლობაში შეიძლება არსებობდეს გარკვეული ხარვეზები, მათ შორის საკანონმდებლო ვაკუუმი, რომელთა აღმოფხვრა მიიღწევა სამართალშემფარდებლის მიერ კანონის ინტერპრეტაციის, კანონის ან/და სამართლის ანალოგიის გამოყენების გზით. მხოლოდ ზემოთ ხსენებული მიდგომა უზრუნველყოფს სამართლებრივ მოწესრიგებას დაქვემდებარებულ ურთიერთობათა სრულ სპექტრთან მიმართებით მართლმსაჯულების განხორციელების გარანტიას.
32. კანონის ანალოგია წარმოადგენს სამართლებრივი ნორმების ფაქტობრივი გარემოებებისადმი მისადაგების, სასამართლოს მიერ გამოყენებად, მნიშვნელოვან მეთოდს, რომელიც სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას, არსებული სამართლებრივი მოწესრიგება გაავრცელოს მსგავს ფაქტობრივ გარემოებაზე და გადაწყვიტოს მის წინაშე არსებული დავა. ამასთან, რაც უფრო ხანგრძლივი და თანმიმდევრულია სასამართლოს მიერ ამა თუ იმ კანონის ანალოგიით გამოყენების პრაქტიკა, მით უფრო მაღალია კანონის განჭვრეტადობის ხარისხი.
33. ამასთანავე აღსანიშნავია, რომ, რიგ შემთხვევებში, ამა თუ იმ ურთიერთობის სამართლებრივი მოწესრიგებისათვის საქართველოს კონსტიტუცია და მასში განმტკიცებული კონსტიტუციური პრინციპები შეიძლება მოითხოვდეს კონკრეტული ურთიერთობის მომწესრიგებელი კანონმდებლობის უპირობო არსებობას. მაგალითად, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, არავინ არ აგებს პასუხის იმ ქმედობისათვის, რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა. კანონს, თუ ის არ ამსუბუქებს ან არ აუქმებს პასუხისმგებლობას უკუძალა არ აქვს. “საქართველოს კონსტიტუციის აღნიშნული დებულება განამტკიცებს კანონიერების პრინციპს... კანონიერების პრინციპი (nullum crimen, nulla poena sine lege) სამართლის საგარანტიო ფუნქციას უზრუნველყოფს ხელისუფლების შემდეგი ძირითადი მოთხოვნით უპირობოდ შებოჭვის გზით: ქმედებისთვის პასუხისმგებლობის დასაკისრებლად, ქმედება მისი ჩადენის დროს მოქმედი კანონით უნდა იყოს გათვალისწინებული, როგორც სამართალდარღვევა და დასჯადი ქმედება; შესაბამისად, ეს პრინციპი კრძალავს პირის პასუხისგებაში მიცემას იმ ქმედებისათვის, რომელიც მისი ჩადენის დროს კანონით არ წარმოადგენდა დასჯად ქმედებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 13 ნოემბრის №1/4/557/571/576 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები ვალერიან გელბახიანი, მამუკა ნიკოლაიშვილი და ალექსანდრე სილაგაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-48). ამდენად, პასუხისმგებლობის დაკისრების კონტექსტში, კონსტიტუციის მოთხოვნაა, არსებობდეს კონკრეტული, მკაფიოდ განსაზღვრული საკანონმდებლო ნორმა, რომლის საფუძველზეც, შესაძლოა მოხდეს პირისათვის პასუხისმგებლობის დაკისრება.
34. განსახილველ შემთხვევაში სადავო ნორმა არ განსაზღვრავს პირის მიმართ პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს. იგი ეხება პირის პროცესუალურ უფლებას, ეთიკის კომისიის გადაწყვეტილების საქართველოს უზენაეს სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობას. ამ კონტექსტში მოსარჩელისთვის სადავოა ის გარემოება, რომ, მისი აზრით, არ არსებობს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი საჩივრის მიმართვისა და განხილვის კანონით დადგენილი შესაბამისი განჭვრეტადი პროცედურული ნორმები.
35. პრინციპი nullum juridicum sine lege, რომელიც წარმოადგენს სამართლებრივი უსაფრთხოებისა და განსაზღვრულობის პრინციპის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს, სახელმწიფოსგან მოითხოვოს სასამართლო სამართალწარმოების პროცედურის განჭვრეტადობის უზრუნველყოფას. იმისათვის, რომ პირმა შეძლოს საკუთარი უფლებების ჯეროვნად დაცვა, უნდა არსებობდეს სასამართლოსადმი მიმართვის და საქმის განხილვისთვის დადგენილი განჭვრეტადი წესები, რომელიც პირის სამართლიანი სასამართლოს ეფექტურად რეალიზაციის მნიშვნელოვანი წინაპირობაა. საგულისხმოა, რომ სამართალწარმოების პროცესში პროცედურული წესების მთავარ მიზანს პირის სამართლიანი სასამართლოს უფლების დაცვა წარმოადგენს, რომლის დარღვევა შეიძლება გამოწვეული იყოს სასამართლო პროცედურების ნაკლებობითა თუ ბუნდოვანებით.
36. მოცემულ შემთხვევაში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაადგინოს, მოხდა თუ არა სადავო ნორმით პირის სამართლიანი სასამართლოს უფლების ხელყოფა იმ საფუძვლით, რომ ეთიკის კომისიის გადაწყვეტილების გასაჩივრების პროცედურები არ არსებობდა და, შესაბამისად, დაირღვა თუ არა nullum juridicum sine lege პრინციპის მოთხოვნები.
37. სადავო ნორმის, „ადვოკატთა შესახებ” საქართველოს კანონის 35-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, ადვოკატს უფლება აქვს, მისთვის ადვოკატთა ეთიკის კომისიის გადაწყვეტილების გადაცემის დღიდან 1 თვის ვადაში გაასაჩივროს იგი საქართველოს უზენაეს სასამართლოში. ამდენად, კანონმდებლობა ადვოკატთა ეთიკის კომისიის გადაწყვეტილების გასაჩივრებას პირდაპირ საქართველოს უზენაეს სასამართლოში უშვებს. მიუხედავად ამისა, მოსარჩელისთვის ბუნდოვანია, თუ რომელი პალატის მიერ და რა პროცედურების დაცვით უნდა მომხდარიყო მისი საქმის განხილვა, რამაც, მისი აზრით, დაარღვია მისი უფლება სამართლიან სასამართლოზე.
38. აღსანიშნავია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის მიერ დამკვიდრებულია ეთიკის კომისიის გადაწყვეტილების საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატაში გასაჩივრებისა და განხილვის მრავალწლიანი პრაქტიკა. მაგალითისთვის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 19 თებერვლის №ს-07 განჩინებაში აღნიშნავს „საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ვინაიდან საქართველოს საკანონმდებლო ორგანომ კანონით „ადვოკატთა შესახებ“ განსაზღვრა რა საქართველოს უზენაესი სასამართლოს იურისდიქცია ადვოკატის მიერ კვაზისასამართლო ორგანოს (ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის) მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებებზე საჩივრის განხილვის უფლებამოსილების თაობაზე, უდავოა, რომ საქმე განხილულ უნდა იყოს საკასაციო სასამართლოს მიერ, ამასთან, რაკი „საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ“ კანონით არ არის განსაზღვრული საკასაციო სასამართლოს თუ რომელი პალატის კომპეტენციას წარმოადგენს ამ კატეგორიის საქმის განხილვა, საკანონმდებლო ხარვეზი უნდა აღმოიფხვრას (შეივსოს) სასამართლოს მიერ კანონის ლოგიკური ინტერპრეტაციის საფუძველზე, კერძოდ ადვოკატის დისციპლინური საკითხის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების გადასინჯვა ლოგიკურად უზენაეს სასამართლოს სადისციპლინო პალატის განსახილველ საქმეს განეკუთვნება, რადგან „საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ“ კანონის 81.6 შესაბამისად, უზენასი სასამართლოს სადისციპლინო პალატის კომპეტენციას განეკუთვნება „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილებებზე საჩივრების განხილვა“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 19 თებერვლის №ს-07 განჩინება).
39. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით „„ადვოკატთა შესახებ“ და „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ” კანონი, რომლითაც ხელმძღვანელობს სადისციპლინო პალატა, განსაზღვრავს ადვოკატისთვის და მოსამართლისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის განხილვისა და გადაწყვეტის მსგავს წესსა და პროცედურას. კერძოდ, „ადვოკატთა შესახებ” კანონის VII თავი განსაზღვრავს ადვოკატის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძვლებს (კანონით გათვალისწინებულ მოვალეობათა შეუსრულებლობა, ადვოკატთა პროფესიული კოდექსის დარღვევა), ადვოკატის მიმართ დისციპლინური დევნის აღძვრის უფლებამოსილება კანონით მინიჭებული აქვს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიას, კანონი ასევე განსაზღვრავს დისციპლინური სახდელების სახეებს, ეთიკის კომისიის მიერ სახდელის შეფარდების წესს, აღნიშნულზე გადაწყვეტილების მიღების პროცედურას და ეთიკის კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების წესსა და ორგანოს რომელიც უფლებამოსილია განიხილოს საჩივარი. ანალოგიურ წესსა და პროცედურას განსაზღვრავს „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ” კანონი მოსამართლეთა მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის შეფარდების შემთხვევაში. ამდენად, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ადვოკატის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ ეთიკის კომისიის გადაწყვეტილება და საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადიციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმება თვისობრივად იდენტურ საქმეებს განეკუთვნება, რა დროსაც სადისციპლინო პალატა უფლებამოსილი იქნება სსსკ-ის მე-7 მუხლიდან გამომდინარე განიხილოს ადვოკატის სადისციპლინო სამართალწარმოების საქმე” (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 19 თებერვლის №ს-07 განჩინება).
40. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, მართალია, სადავო ნორმით გაწერილი არ არის საქართველოს უზენაესი სასამართლოს რომელ პალატაში უნდა მოხდეს ეთიკის კომისიის გადაწყვეტილების გასაჩივრება და ამ ორგანოში როგორ უნდა წარიმართოს საქმის განხილვის პროცესი, რაც, უდავოდ, საკანონმდებლო ხარვეზად უნდა ჩაითვალოს, თუმცა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მრავალწლიანი პრაქტიკის გათვალისწინებით, მოსარჩელისთვის ბუნდოვანი არ უნდა ყოფილიყო ის, თუ რომელი პალატის მიერ და რა წესების დაცვით მოხდებოდა ეთიკის კომისიის გადაწყვეტილების განხილვა და გადაწყვეტა, მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელე თავად ადვოკატია და მისდევს საადვოკატო საქმიანობას.
41. აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც მოსარჩელემ „ადვოკატთა შესახებ” საქართველოს კანონის 35-ე მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე გაასაჩივრა ადვოკატთა ეთიკის კომისიის გადაწყვეტილება საქართველოს უზენაეს სასამართლოს სადისციპლინო პალატაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატამ სწორედ სადავო ნორმისა და „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე და 62-ე მუხლებზე დაყრდნობით ცნო საჩივარი დასაშვებად. „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-60 მუხლი ეხება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატაში მოსამართლის მიერ სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების გასაჩივრებას. აღნიშნული კანონის 61-ე მუხლი განსაზღვრავს საჩივრის შინაარსს, ხოლო 62-ე მუხლი სადიციპლინო პალატის მიერ საჩივრის დასაშვებობის შემოწმებას. კონსტიტუციურ სარჩელზე თანდართული მასალებიდან ირკვევა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატამ „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე და 62-ე მუხლები კანონის ანალოგიით გაავრცელა ადვოკატთა ეთიკის კომისიის გადაწყვეტილების საჩივარზე და დასაშვებად ცნო მოსარჩელე ნუგზარ კანდელაკის საჩივარი.
42. ამდენად, საკანონმდებლო დონეზე შესაბამისი სამართალწარმოების პროცედურების გაუწერლობა, მართალია, შეიძლება წარმოადგენდეს გარკვეულ საკანონმდებლო ხარვეზს, რაც შესაძლოა, საჭიროებდეს საკანონმდებლო ორგანოს მიერ გამოსწორებას, თუმცა მოცემული სამართლებრივი რეალობიდან გამომდინარე, აღნიშნულს პირის სამართლიანი სასამართლოს უფლების კომპონენტების დარღვევა არ გამოუწვევია, ვინაიდან, როგორც აღინიშნა, ეთიკის კომისიის გადაწყვეტილების გადასინჯვის პროცედურა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილია მრავალწლიანი პრაქტიკით, რომელსაც ეს უკანასკნელი ახორციელებს „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის ანალოგიის გამოყენებით.
პროცედურული უფლებები/გასაჩივრების უფლება (საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი)
43. კონსტიტუციური სარჩელის ავტორის აზრით, იქიდან გამომდინარე, რომ ეთიკის კომისიის გადაწყვეტილებას ადვოკატისთვის დისციპლინური სახდელის დაკისრების შესახებ, აფასებს მხოლოდ საქართველოს უზენაესი სასამართლო და მას არ აქვს სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება, ირღვევა მოსარჩელის სამართლიანი სასამართლოს უფლება.
44. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „პირის შესაძლებლობა, მის უფლებასთან დაკავშირებული საქმე განხილულ იქნეს საჯარო მოსმენით და ჰქონდეს საკუთარი მოსაზრებების წარდგენის შესაძლებლობა, ასევე, გაასაჩივროს მის უფლებასთან შემხებლობაში მყოფი აქტი, დაცულია სამართლიანი სასამართლოს უფლებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 27 თებერვლის №2/2/558 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ილია ჭანტურაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-5). პირის მიმართ გამოტანილი კონკრეტული გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობა ემსახურება სამართლიანი სასამართლოს უფლების ეფექტური რეალიზებას.
45. საქმის განხილვის პროცესში გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს მიერ შეცდომების დაშვების პრევენციასა და კანონიერი გადაწყვეტილების მიღების ალბათობის ზრდასთან ერთად, გასაჩივრების უფლება უზრუნველყოფს პირის განცდის ჩამოყალიბებას, რომ მას სამართლიანად მოექცნენ. კონკრეტული გადაწყვეტილების გასაჩივრება პირს შესაძლებლობას აძლევს, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ორგანოს წინაშე კიდევ ერთხელ წარმოადგინოს საკუთარი პოზიციები და დაუპირისპირდეს მოპასუხე მხარეს, რაც ზრდის პირის სანდოობის აღქმას სასამართლო გადაწყვეტილების შედეგისადმი. ამდენად, თუ გასაჩივრების უფლების მთავარი დანიშნულება ზემოაღნიშნული ასპექტების დაკმაყოფილებაა, რაც, საბოლოო ჯამში, უზრუნველყოფს პირის სამართლიანი სასამართლოს უფლების ეფექტურ დაცვას, სადავო ნორმით პირისთვის ეთიკის კომისიის გადაწყვეტილების საქართველოს უზენაეს სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობის მინიჭება სწორედ ამ მიზნების მიღწევას უნდა ემსახურებოდეს.
46. პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ სადავო ნორმით დადგენილ შემთხვევაში უზრუნველყოფილია ეთიკის კომისიის გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრება, ანუ პირს აქვს შესაძლებლობა, კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით მიუკერძოებელი სასამართლოს წინაშე წარადგინოს თავისი არგუმენტები და ამტკიცოს გადაწყვეტილების უკანონობა. ამდენად, ეს ის შემთხვევა არ არის, როდესაც პირის მიერ სანქციის გამომყენებელი ორგანოს გადაწყვეტილება საბოლოოა და მისი გადახედვის სასამართლო მექანიზმები არ არსებობს. აღნიშნული მნიშვნელოვნად განასხვავებს №598 კონსტიტუციურ სარჩელში შესაფასებელ მოცემულობას, მაგალითად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2005 წლის 17 მარტის №2/3/286 (საქართველოს მოქალაქე ოლეგ სვინტრაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ), 2006 წლის 15 დეკემბრის №1/3/393/397 (საქართველოს მოქალაქეები ვახტანგ მასურაშვილი და ონისე მებონია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) და 2014 წლის 27 თებერვლის №2/2/558 (საქართველოს მოქალაქე ილია ჭანტურაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) გადაწყვეტილებებში განხილული შემთხვევებისაგან. ხსენებულ გადაწყვეტილებებში პირს არ ჰქონდა უფლება, გაესაჩივრებინა მის მიმართ გამოტანილი სასამართლო განკარგულება, ანუ წართმეული ჰქონდა მის მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილების, თუნდაც, ერთჯერადად გადასინჯვის შანსი.
47. მოცემულ შემთხვევაში პირის დისციპლინური გადაცდომის საქმის განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება ხდება ადვოკატთა ეთიკის კომისიის მიერ, ხოლო სადავო ნორმა მოსარჩელეს ანიჭებს უფლებას, ამ ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება გაასაჩივროს საქართველოს უზენაეს სასამართლოში. შესაბამისად, მას არ აქვს წართმეული შესაძლებლობა, წარდგეს ობიექტური სასამართლოს წინაშე, წარადგინოს მისი არგუმენტები და მიიღოს დასაბუთებული პასუხი მოთხოვნის დაკმაყოფილების ან უარის თქმის შესახებ. აღნიშნული იძლევა როგორც გადაწყვეტილების მიღების პროცესში დაშვებული შეცდომის გამოსწორების შესაძლებლობას, ისე პირისთვის სამართლიანობის განცდის უზრუნველყოფას.
48. ამავე დროს, მნიშვნელოვანია პასუხი გაეცეს მოსარჩელის მიერ პრობლემურად მიჩნეულ კიდევ ერთ საკითხს. კერძოდ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ ხსენებული საკითხის ერთჯერადად განხილვა და გადაწყვეტა უზრუნველყოფს თუ არა სამართლიანი სასამართლოს უფლების სრულყოფილს რეალიზებას.
49. სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების მიზნებთან დაკავშირებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა: „...გასაჩივრების უფლება ასრულებს პრევენციულ ფუნქციას და, ერთი მხრივ, წარმოადგენს მოსამართლის მხრიდან თვითნებობის თავიდან აცილების მექანიზმს და მოსამართლეს უბიძგებს, თავიდან აიცილოს შესაძლო შეცდომები, ხოლო, მეორე მხრივ, ქმნის დაშვებული შეცდომების გამოსწორების შესაძლებლობას. ამასთანავე, გასაჩივრების უფლების სრულყოფილი რეალიზაცია ხელს უწყობს ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბებას და მნიშვნელოვან როლს ასრულებს სამართლებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფაში“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 27 თებერვლის №2/2/558 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ილია ჭანტურაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-55). მნიშვნელოვანია, შემოწმდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებასთან მიმართებით რა ხარისხით იკვეთება ხსენებული მიზნები.
50. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „კონსტიტუციით აღიარებული სამართლიანი სასამართლოს უფლება არსებობს სწორედ კონსტიტუციით დამკვიდრებულ ინსტიტუციურ სისტემაში. კერძოდ, უფლება სამართლიან სასამართლოზე არ არის აბსტრაქტული და მოიაზრებს უფლების დაცვის შესაძლებლობას კონსტიტუციის ინსტიტუციური სისტემით განსაზღვრული სასამართლო ხელისუფლების ორგანოების მეშვეობით, კონსტიტუციაში მოცემული ინსტიტუციური მოთხოვნების გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 29 დეკემბრის №3/5/768,769,790,792 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი(დავით ბაქრაძე, სერგო რატიანი, როლანდ ახალაია, ლევან ბეჟაშვილი და სხვები, სულ 38 დეპუტატი), საქართველოს მოქალაქეები - ერასტი ჯაკობია და კარინე შახპარონიანი, საქართველოს მოქალაქეები - ნინო კოტიშაძე, ანი დოლიძე, ელენე სამადბეგიშვილი და სხვები, აგრეთვე, საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი (ლევან ბეჟაშვილი, გიორგი ღვინიაშვილი, ირმა ნადირაშვილი, პეტრე ცისკარიშვილი და სხვები, სულ 38 დეპუტატი) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II- 68).
51. აღსანიშნავია, რომ საქართველოს კანონმდებლობა იმგვარად არის მოწყობილი, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლო წარმოადგენს მართლმსაჯულების განმახორციელებელ საბოლოო ინსტანციას და სწორედ მას ეკუთვნის საბოლოო სიტყვა ამა თუ იმ საქმის გადაწყვეტასთან დაკავშირებით. გადაწყვეტილების საბოლოობა თავისთავშივე გამორიცხავს ამ გადაწყვეტილების სიმცდარის შესაძლებლობას, ვინაიდან იმისთვის, რომ დადგინდეს ამა თუ იმ გადაწყვეტილების სიმცდარე, აუცილებელია იმ ორგანოს არსებობა, რომელიც ხელახლა შეისწავლის საქმეს და დაადგენს ზემოაღნიშნულ გარემოებას. მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, არ არსებობს ორგანო, რომელიც შეამოწმებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერებასა და დასაბუთებულობას. შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ „შეცდომის დაშვების რისკი“ თან სდევს საკანონმდებლო სისტემას და თავად ამ სისტემიდან მომდინარეობს. საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციური ფუნქციის საწინააღმდეგო იქნებოდა იმის დაშვების შესაძლებლობა, რომ მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში მის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები კანონიერებისა და დასაბუთებულობის კუთხით გადასინჯვას დაქვემდებარებოდა.
52. ამდენად, გასაჩივრების უპირველესი მიზანი, სასამართლოს მიერ დაშვებული შეცდომების გამოსწორება არარელევანტურია საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებასთან მიმართებით. ამავე დროს, ცხადია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებისას, არც ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის განვითარების ინტერესი არსებობს.
53. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საქმის განხილვისა და გადაწყვეტის შემთხვევაში, მისი გადაწყვეტილების გასაჩივრების ინტერესი მინიმალიზებულია. ამავე დროს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო არ გამორიცხავს, რომ რიგ, შემთხვევებში, საქმის სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე, სამართლიანი სასამართლოს უფლების სრულყოფილი რეალიზებისთვის აუცილებელი იყოს პირს ჰქონდეს შესაძლებლობა, მისი საქმე ერთზე მეტ სასამართლო ინსტანციაში გაასაჩივროს, რაც გამორიცხავს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საქმის პირველი ინსტანციით განხილვას. თუმცა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ საქმეში ასეთი აუცილებლობა არ დგინდება.
54. ცხადია, ზემოაღნიშნული გარემოება არ უნდა გამორიცხავდეს პირის უფლებას, ისარგებლოს სამართლიანი სასამართლოს სხვა უფლებრივი კომპონენტებით, რომლებიც უზრუნველყოფენ ამ უკანასკნელის სრულ სამართლებრივ დაცვას. ამ მხრივ, საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნები კანონმდებლის მიმართ საკმაოდ მკაცრია. „ნებისმიერი სახელმწიფოს მიხედულების ფარგლები ფართოა სასამართლო სისტემის მოწყობასთან დაკავშირებით. მთავარი მოთხოვნა, რომლითაც დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს ხელისუფლებები მკაცრადაა შებოჭილი, არის ის, რომ სასამართლო ხელისუფლება მთლიანობაში პასუხობდეს მის წინაშე მდგარ მთავარ გამოწვევას – უზრუნველყოს სამართლიანი მართლმსაჯულება, რისთვისაც ის აღჭურვილი უნდა იყოს სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზაციისთვის აუცილებელი ყველა საჭირო, ადეკვატური და საკმარისი ბერკეტით. თავისთავად ცხადია, რომ არ არსებობს სასამართლო ხელისუფლების სისტემის ერთი მოდელი, რომელიც უზრუნველყოფს ქმედით, დამოუკიდებელ, მიუკერძოებელ, კვალიფიციურ და სამართლიან მართლმსაჯულებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 13 ნოემბრის №1/4/557,571,576 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ვალერიან გელბახიანი, მამუკა ნიკოლაიშვილი და ალექსანდრე სილაგაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-91).
55. შესაბამისად, იმ შემთხვევაში, როდესაც კანონმდებლობით, საქართველოს უზენაეს სასამართლოს ენიჭება პირველი ინსტანციით საქმის განხილვის კომპეტენცია, უდავოა, რომ ამას თან უნდა სდევდეს პირის სასამართლო უფლებების დაცვის ჯეროვანი და ეფექტური გარანტიები, რომელებიც უზრუნველყოფენ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცული უფლების რეალიზებას.
56. მოსარჩელეს ეჭვქვეშ არ დაუყენებია იმ პროცესის სამართლიანობა, რომელიც „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის მიერ მოსამართლეთა დისციპლინური საქმეების განხილვას შეეხება. ამდენად, მოცემული დავის ფარგლებში ვერ მოხდება ამ პროცედურების კონსტიტუციურობის შეფასება.
57. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის მე-6 პუნქტის სიტყვა „უზენაეს” არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებს.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ” ქვეპუნქტისა და მე-2 პუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე” ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 25-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების, 27-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა” ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-2, მე-4, მე-7, მე-8, მე-11 და მე-13 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 24-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 30-ე, 31-ე, 32-ე და 33-ე მუხლების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ დაკმაყოფილდეს კონსტიტუციური სარჩელი №598 („საქართველოს მოქალაქე ნუგზარ კანდელაკი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”).
2. გადაწყვეტილება ძალაშია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან.
3. გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
4. გადაწყვეტილების ასლი გაეგზავნოს მხარეებს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს მთავრობას და საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
5. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე და გაეგზავნოს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის წევრები:
თეიმურაზ ტუღუში
ირინე იმერლიშვილი
მანანა კობახიძე
თამაზ ცაბუტაშვილი