საქართველოს მთავრობა საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N3/1-1/1711 |
კოლეგია/პლენუმი | პლენუმი - მერაბ ტურავა, ირინე იმერლიშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, ევა გოცირიძე, ხვიჩა კიკილაშვილი, ვასილ როინიშვილი, გიორგი თევდორაშვილი, , , |
თარიღი | 24 ივნისი 2022 |
გამოქვეყნების თარიღი | 24 ივნისი 2022 20:21 |
პლენუმის შემადგენლობა:
მერაბ ტურავა - სხდომის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე - წევრი;
გიორგი თევდორაშვილი - წევრი;
ირინე იმერლიშვილი - წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე - წევრი;
ხვიჩა კიკილაშვილი - წევრი;
მანანა კობახიძე - წევრი;
ვასილ როინიშვილი - წევრი;
თეიმურაზ ტუღუში - წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: საქართველოს მთავრობა საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს ელჩებისა და დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელების დანიშვნისა და გათავისუფლების საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის უმოქმედობის კონსტიტუციურობა.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 10 ივნისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1711) მომართა საქართველოს მთავრობამ.
2. №1711 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი და ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ" ქვეპუნქტი, 31-ე მუხლი, 311 მუხლი და 34-ე მუხლი.
3. №1711 კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ არის გამხდარი საქართველოს ელჩებისა და დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელების დანიშვნისა და გათავისუფლების საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის უმოქმედობის კონსტიტუციასთან შესაბამისობა. კერძოდ, 2022 წლის მარტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მიმართა საქართველოს პრეზიდენტს და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე საქართველოს პრეზიდენტს დასანიშნად შესთავაზა დავით ბაქრაძე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მუდმივი წარმომადგენლის , ხოლო კახა იმნაძე კანადაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობებზე. ამავდროულად, საქართველოს მთავრობამ, მისი უფლებამოსილების ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტს მიმართა წარდგინებით, კახა იმნაძის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მუდმივი წარმომადგენლის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის თაობაზე. საქართველოს პრეზიდენტმა ხსენებული წარდგინებების დაკმაყოფილებაზე უარი განაცხადა და განმარტა, რომ არსებულ ვითარებაში, მიზანშეწონილად არ მიაჩნდა შესაბამის თანამდებობებზე მითითებული კანდიდატურების დანიშვნა. საქართველოს მთავრობის პოზიციით, საქართველოს პრეზიდენტი წარდგინებების უარყოფითა და უმოქმედობით, რაც გამოიხატა წარდგენილი კანდიდატების არდანიშვნაში, პირდაპირ შეიჭრა საქართველოს მთავრობის ექსკლუზიურ კონსტიტუციურ უფლებამოსილებაში, განახორციელოს ქვეყნის საგარეო პოლიტიკა.
4. მოსარჩელე მხარე მიუთითებს 2017-2018 წლის კონსტიტუციურ რეფორმებზე და აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუცია ადგენს საპარლამენტო მმართველობის სისტემას. ამ სისტემაში კი აღმასრულებელი ხელისუფლების ერთადერთი უმაღლესი ორგანოა საქართველოს მთავრობა, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ახორციელებს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას“. რაც შეეხება საქართველოს პრეზიდენტს, იგი არ წარმოადგენს აღმასრულებელი პრეზიდენტის ინსტიტუტს და მას ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის განხორციელებაში მონაწილეობის უფლებამოსილება არ აქვს. შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტი არ არის აღმასრულებელი ხელისუფლების ნაწილი და სრულად მოკლებულია აღმასრულებელ ძალაუფლებას. გამომდინარე იქიდან, რომ ელჩი და სხვა დიპლომატიური წარმომადგენელი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის განხორციელების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია, მისი დანიშვნა და გათავისუფლება მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით, უპირობოდ აღმასრულებელი ხელისუფლების კომპეტენციად უნდა იქნეს მიჩნეული.
5. მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ საპარლამენტო მმართველობის სისტემაში სახელმწიფოს მეთაურის სტატუსისა და უფლებამოსილებების განმსაზღვრელ კონსტიტუციურ ნორმებს ახასიათებს სიმბოლიზმის მაღალი ხარისხი. ვინაიდან ელჩი არის სახელმწიფოს წარმომადგენელი, მნიშვნელოვანია, მისი დანიშვნა იმ ორგანოს მიერ ხორციელდებოდეს, რომელიც სიმბოლური თვალსაზრისით, სახელმწიფოს მეთაურის სტატუსს ატარებს. სწორედ ამიტომ, 2017 წლის საკონსტიტუციო რეფორმის განხორციელებისას სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ და საქართველოს პარლამენტმა ელჩებისა და დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელების დანიშვნისა და გათავისუფლების სიმბოლური უფლებამოსილება, უპირობოდ, საქართველოს პრეზიდენტს მიანიჭეს, თუმცა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაშიც კი არ ყოფილა აზრთა სხვადასხვაობა იმის შესახებ, რომ ხსენებული უფლებამოსილება მხოლოდ სიმბოლური და სამართლებრივი ბუნებისა იყო. ამასთან, სწორედ ამგვარ განმარტებაზეა მითითება კონსტიტუციური კანონის განმარტებით ბარათშიც, რითაც ცალსახად დასტურდება კანონმდებლის ნება.
6. მოსარჩელე მხარე დამატებით ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ სახელმწიფოს მეთაურის სტატუსისა და უფლებამოსილებების განმსაზღვრელ ნორმებში, ზოგადად, არ გამოიყენება ისეთი ტერმინები, როგორიცაა, მაგალითად, “სიმბოლური”, სწორედ ამიტომ, უფლებამოსილებების არსი მმართველობის სისტემაზე დაყრდნობით განიმარტება. საპარლამენტო მმართველობის სისტემაში კი პრეზიდენტის ისეთი უფლებამოსილება, რომელიც აღმასრულებელი ხელისუფლების განხორციელებას უკავშირდება, სწორედ რომ სიმბოლურად უნდა განიმარტოს.
7. საქართველოს მთავრობა ასევე იშველიებს საქართველოს კონსტიტუციის ჩანაწერს, რომელიც ადგენს, რომ საქართველოს პრეზიდენტი ელჩებსა და სხვა დიპლომატიურ წარმომადგენლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერით ნიშნავს. ამასთან, თანახელმოწერილ აქტებზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა მხოლოდ საქართველოს მთავრობას ეკისრება. საქართველოს კონსტიტუცია არ ადგენს საქართველოს პრეზიდენტისთვის პოლიტიკური პასუხისმგებლობის შეფარდების არანაირ მექანიზმს, რაც, კიდევ ერთხელ, ადასტურებს, რომ საქართველოს პრეზიდენტის ხსენებულ უფლებამოსილებას მხოლოდ ფორმალური დატვირთვა აქვს, ხოლო მატერიალური თვალსაზრისით, ეს უფლებამოსილება მხოლოდ საქართველოს მთავრობას ეკუთვნის.
8. მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ საქართველოს მთავრობა პასუხისმგებელია საქართველოს პარლამენტის წინაშე. კერძოდ, თუ საქართველოს პარლამენტი უარყოფითად აფასებს საქართველოს მთავრობის საქმიანობას საგარეო პოლიტიკის სფეროში, მას შეუძლია, საქართველოს მთავრობას უნდობლობა გამოუცხადოს, რაც, კიდევ ერთხელ, ადასტურებს, რომ სწორედ საქართველოს მთავრობაა უფლებამოსილი, თავისი შეხედულებით დანიშნოს ელჩი ან დიპლომატი, რაც გამორიცხავს საქართველოს პრეზიდენტის მიერ პოლიტიკური მიზანშეწონილობის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებას.
9. მოსარჩელე მხარის აზრით, თუკი საპარლამენტო რესპუბლიკაში პრეზიდენტს ექნებოდა პოლიტიკური დისკრეცია ისეთ უფლებამოსილებებთან მიმართებით, რომლებიც ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის განხორციელებას უკავშირდება, საპარლამენტო მმართველობის არსი ეჭვქვეშ დადგებოდა.
10. ყოველივე ზემოაღნიშნულზე დაყრდნობით, საქართველოს მთავრობა მიიჩნევს, რომ საქართველოს პრეზიდენტის უმოქმედობიდან და მისი წერილობითი უარიდან თვალნათლივ ჩანს, რომ საქართველოს პრეზიდენტი მოქმედებდა არა სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური მოტივით, რაც სცდება მისი უფლებამოსილების ფარგლებს, იჭრება საქართველოს მთავრობის უფლებამოსილებაში, შესაბამისად, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი.
11. კონსტიტუციური სარჩელების, საკონსტიტუციო სამართალწარმოებით გათვალისწინებული წესით, საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიებს შორის განაწილებისას საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ მიიჩნია, რომ განსახილველმა საქმემ, თავისი შინაარსით, შეიძლება წარმოშვას საქართველოს კონსტიტუციის განმარტების ან/და გამოყენების იშვიათი ან/და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სამართლებრივი პრობლემა. კერძოდ, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის დასაბუთებულ წინადადებაში მითითებულია, რომ იმ საკითხის გამორკვევა, კონსტიტუციურია თუ არა საქართველოს პრეზიდენტის მიერ ელჩებისა და დიპლომატიური წარმომადგენლების საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი კანდიდატების დანიშვნაზე უარის თქმა და უმოქმედობა, მოითხოვს საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის უფლებამოსილებების ფარგლების განმარტებას. კერძოდ, უნდა დადგინდეს, საქართველოს პრეზიდენტის მიერ ელჩებისა და დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელების დანიშვნის უფლებამოსილება რამდენად ატარებს მხოლოდ ფორმალურ ხასიათს და, ზოგადად, როგორია ამ პროცესში საქართველოს პრეზიდენტის როლი - მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილება გულისხმობს მხოლოდ საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი კანდიდატების დანიშვნაზე აქტის გამოცემას და მის, ერთგვარად, ფორმალურად დადასტურებას, თუ კონსტიტუცია, ამგვარი საფუძვლის არსებობისას, საქართველოს პრეზიდენტისთვის ტოვებს სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღების არეალს. ამასთან, სასამართლოს თავმჯდომარის წინადადებაში აღნიშნულია ისიც, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაში აქამდე არ ყოფილა მსჯელობა საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის საგარეო პოლიტიკისა და საგარეო საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილებების ფარგლების თაობაზე. შესაბამისად, განსახილველმა საქმემ „თავისი შინაარსით შეიძლება წარმოშვას საქართველოს კონსტიტუციის განმარტების ან/და გამოყენების იშვიათი ან/და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სამართლებრივი პრობლემა“. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 212 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, 2022 წლის 16 ივნისს მიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს საქმის პლენუმის მიერ განხილვის წინადადებით.
12. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის სხდომა №1711 კონსტიტუციური სარჩელის პლენუმზე განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტის მიზნით, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2022 წლის 24 ივნისს.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი იზიარებს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოსაზრებას, რომლის თანახმადაც, იმ საკითხის გამორკვევა, კონსტიტუციურია თუ არა საქართველოს პრეზიდენტის მიერ ელჩებისა და დიპლომატიური წარმომადგენლების საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი კანდიდატების დანიშვნაზე უარის თქმა, მოითხოვს საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის უფლებამოსილებების ფარგლების განმარტებას. კერძოდ, უნდა დადგინდეს, საქართველოს პრეზიდენტის მიერ ელჩებისა და დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელების დანიშვნის უფლებამოსილება რამდენად ატარებს მხოლოდ ფორმალურ ხასიათს და, ზოგადად, როგორია ამ პროცესში საქართველოს პრეზიდენტის როლი. ამასთან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაში აქამდე არ ყოფილა მსჯელობა საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის საგარეო პოლიტიკისა და საგარეო საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილებების ფარგლების თაობაზე. შესაბამისად, განსახილველმა საქმემ „თავისი შინაარსით შეიძლება წარმოშვას საქართველოს კონსტიტუციის განმარტების ან/და გამოყენების იშვიათი ან/და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სამართლებრივი პრობლემა“.
2. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პლენუმი მიიჩნევს, რომ მართებულია №1711 კონსტიტუციური სარჩელი განხილულ იქნეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 212 მუხლის, 34-ე მუხლის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს №1711 კონსტიტუციური სარჩელი („საქართველოს მთავრობა საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ“) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმზე განსახილველად.
2. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. საოქმო ჩანაწერი 15 დღის ვადაში გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
პლენუმის შემადგენლობა:
მერაბ ტურავა
ევა გოცირიძე
გიორგი თევდორაშვილი
ირინე იმერლიშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე
ხვიჩა კიკილაშვილი
მანანა კობახიძე
ვასილ როინიშვილი
თეიმურაზ ტუღუში