სსიპ „საქართველოს სახარების რწმენის ეკლესია, ააიპ „ქართველ მუსლიმთა კავშირი“, სსიპ „ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაცია“, სსიპ „მეშვიდე დღის ქრისტიან-ადვენტისტთა ეკლესიის ტრანსკავკასიური უნიონი“, ააიპ „საქართველოს სიცოცხლის სიტყვის ეკლესია, სსიპ „საქართველოს ევანგელიურ-ლუთერული ეკლესია“, სსიპ „სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველო“, სსიპ „საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია“ და სსიპ „სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1440 |
ავტორ(ებ)ი | სსიპ „საქართველოს სახარების რწმენის ეკლესია“, სსიპ „საქართველოს სახარების რწმენის ეკლესია“,სსიპ „ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაცია“, სსიპ „მეშვიდე დღის ქრისტიან-ადვენტისტთა |
თარიღი | 12 აგვისტო 2019 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. საქართველოს კანონი „სახელმწიფო ქონების შესახებ“
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
1. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც განსხვავებით საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისა და კერძო სამართლის იურიდიულ პირად რეგისტრირებული რელიგიური ორგანიზაციებისგან, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად რეგისტრირებულ რელიგიურ ორგანიზაციებს არ აძლევს უფლებას, გახდეს სახელმწიფო ქონების შემძენი. |
1. მე-11 მუხლის პირველი პუნქტი: „ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით.“ |
2. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც, „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონითა და „მიწის მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მოთხოვნების გათვალისწინებით, განსხვავებით საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისა და კერძო სამართლის იურიდიულ პირებად რეგისტრირებული რელიგიური ორგანიზაციებისგან, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად რეგისტრირებულ რელიგიურ ორგანიზაციებს არ აძლევს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პრივატიზების შესაძლებლობას სასყიდლით და უსასყიდლოდ. ასევე, ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც, „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონითა და „მიწის მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მოთხოვნების გათვალისწინებით, არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებად რეგისტრირებულ რელიგიურ ორგანიზაციებს, განსხვავებით საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისგან, არ აძლევს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პრივატიზების შესაძლებლობას უსასყიდლოდ. |
2. მე-11 მუხლის პირველი პუნქტი: „ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით.“ |
3. მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის ის შინაარსი, რომელიც, განსხვავებით საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისა და კერძო სამართლის იურიდიულ პირებად რეგისტრირებული რელიგიური ორგანიზაციებისგან, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად რეგისტრირებულ რელიგიურ ორგანიზაციებს არ აძლევს შესაძლებლობას, სახელმწიფოსაგან მიიღოს ქონება ამ ქონების ტოლფასი ქონების სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემის სანაცვლოდ. |
3. მე-11 მუხლის პირველი პუნქტი: „ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით.“ |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი; საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის "ა" ქვეპუნქტი; "საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის "ე" ქვეპუნქტი; "საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის "ა" ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 31-ე და 31 პრიმა მუხლები.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
არ არსებობს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის არსებითად განსახილველად არმიღების საფუძველი, რადგან სარჩელი აკმაყოფილებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მოთხოვნებს, კერძოდ:
სარჩელი ფორმით და შინაარსით შეესაბამება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მოთხოვნებს - სარჩელი შედგენილია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დამტკიცებული, შესაბამისი სასარჩელო სააპლიკაციო ფორმის მიხედვით. სარჩელი ხელმოწერილია და გათვალისწინებულია 31-ე მუხლის მოთხოვნები.
სარჩელი შეტანილია უფლებამოსილი სუბიექტების მიერ, რადგან „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს, კონსტიტუციური სარჩელის შეტანის შესაძლებლობას იურიდიული პირებისათვის. მოსარჩელეები წარმოადგენენ იურიდიულ პირებს. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმით ირღვევა საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით გათვალისწინებული თანასწორობის უფლება.
სადავო საკითხი განსჯადია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, რადგან „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით: „საკონსტიტუციო სასამართლო... უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს... საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის საკითხებთან მიმართებით მიღებული ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობის საკითხი“.
საკონსტიტუციო სარჩელში მითითებული სადავო საკითხი გარკვეულწილად გადაწყვეტილია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, საქმეში N 1/1/811, 2018 წლის 3 ივლისი („სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 63 მუხლის პირველი პუნქტის სიტყვების „საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით).
სარჩელში მითითებული ყველა სადავო საკითხი გადაწყვეტილია საქართველოს კონსტიტუციით, რადგან სადავო ნორმები გასაჩივრებულია საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის კონკრეტულ მუხლებთან მიმართებით.
სადავო აქტი საკანონმდებლო აქტია და მის კონსტიტუციურობაზე სრულფასოვანი მსჯელობა შესაძლებელია ნორმატიული აქტების იერარქიაში მასზე მაღლა მდგომი იმ ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე მსჯელობის გარეშე, რომელიც კონსტიტუციური სარჩელით გასაჩივრებული არ არის.
კანონით არ არის დადგენილი კონსტიტუციური სარჩელის შეტანის ვადა.
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსით რეგისტრირებული მოსარჩელეები (შვიდი ხელმომწერი რელიგიური ორგანიზაცია) მიიჩნევენ, რომ სადავო ნორმების საფუძველზე, კერძოდ, „სახელმწიფო ქონების შესხებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 1-ლი, მე-2 და მე-5 პუნქტებით მათ მიმართ ირღვევა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლით გათვალისწინებული თანასწორობის პრინციპი, ხოლო არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სტატუსით რეგისტრირებული მოსარჩელეები (ორი ხელმომწერი რელიგიური ორგანიზაცია) მიიჩნევენ, რომ სადავო ნორმების საფუძველზე, კერძოდ, „სახელმწიფო ქონების შესხებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით, მათ მიმართ ასევე ირღვევა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლით გათვალისწინებული თანასწორობის პრინციპი.
ზემოაღნიშნულის დასასაბუთებლად, პირველ რიგში, საჭიროდ მივიჩნევთ მიმოვიხილოთ საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლით დაცული სფერო და ამ მუხლით გათვალისწინებული სუბიექტების წრე.
1. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის მიხედვით: „ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით.“
საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 მარტის გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი (დღეის მდგომარეობით მე-11 მუხლი) „ადგენს კანონის წინაშე თანასწორობის ფუნდამენტურ კონსტიტუციურ პრინციპს. მისი მიზანია, არ დაუშვას არსებითად თანასწორის უთანასწოროდ მოპყრობა ან პირიქით“. საკონსტიტუციო სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ - „კანონის წინაშე თანასწორობის უფლებისაგან მომდინარეობს ისეთი საკანონმდებლო სივრცის შექმნის ვალდებულება, რომელიც ყოველი კონკრეტული ურთიერთობისათვის არსებითად თანასწორთ შეუქმნის თანასწორ შესაძლებლობებს, ხოლო უთანასწოროებს პირიქით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის #1/1/493 გადაწყვეტილება). ამასთან, „კანონის წინაშე თანასწორობის უზრუნველყოფის ხარისხი ობიექტური კრიტერიუმია ქვეყანაში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების უპირატესობით შეზღუდული სამართლის უზენაესობის ხარისხის შეფასებისათვის. ამდენად, ეს პრინციპი წარმოადგენს დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს როგორც საფუძველს, ისე მიზანს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება).
კონსტიტუციის მე-11 მუხლით დაცულ სუბიექტებთან მიმართებით, უნდა ითქვას, რომ აღნიშნული ნორმა სახელმწიფოს ავალდებულებს, თანასწორი მოპყრობა უზრუნველყოს არა მხოლოდ არსებითად თანასწორი კერძო პირებისთვის, არამედ, არ დაუშვას დისკრიმინაცია, იურიდიული პირების მიმართაც. ამას მოწმობს საქართველოს კონსტიტუციის 34-ე მუხლიც, რომლის მიხედვით, „კონსტიტუციაში მითითებული ძირითადი უფლებანი და თავისუფლებანი, მათი შინაარსის გათვალისწინებით, ვრცელდება აგრეთვე იურიდიულ პირებზე“.
საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის შინაარსი ვრცელდება იურიდიულ პირებზეც, რადგან დისკრიმინაციის მსხვერპლი შესაძლებელია გახდეს, როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირიც. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელეები არიან იურიდიულ პირებად რეგისტრირებული რელიგიური ორგანიზაციები, უნდა ჩაითვალოს, რომ ისინი ექცევიან ზემოაღნიშნული ნორმით დაცული სფეროს ფარგლებში.
2. ა) სახელმწიფო ქონების შეძენის უფლება, ბ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პრივატიზების შესაძლებლობა და გ) სახელმწიფოსთვის ქონების გადაცემის შემთხვევაში მისი ტოლფასი ქონების მიღების შესაძლებლობა აქვს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას. ასევე, „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონითა და „მიწის მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მოთხოვნების გათვალისწინებით, კერძო სამართლის იურიდიულ პირებად რეგისტრირებულ რელიგიურ ორგანიზაციებს (ამ შემთხვევაში, ამ უკანასკნელთ მხოლოდ სასყიდლით). იგივე უფლებამოსილებით კი ვერ სარგებლობენ სხვა რელიგიური ორგანიზაციები, რომლებიც საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად არიან რეგისტრირებულები. ამიტომ, სარჩელის ერთ ნაწილში, კერძოდ, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 1-ლი, მე-2 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული რეგულაციების არაკონსტიტუციურობასთან დაკავშირებით, შესადარებლად გვყავს პირთა ორი ჯგუფი: ერთი მხრივ, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად რეგისტრირებული რელიგიური ორგანიზაციები და მეორე მხრივ, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია და კერძო სამართლის იურიდიულ პირებად რეგისტრირებული რელიგიური ორგანიზაციები. სარჩელის მეორე ნაწილში, კერძოდ, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული რეგულაციის არაკონსტიტუციურობასთან დაკავშირებით, შესადარებელი ჯგუფებია: ერთი მხრივ, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირებად რეგისტრირებული რელიგიური ორგანიზაციები და მეორე მხრივ, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია.
სსიპ რელიგიური ორგანიზაციების და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის შედარება: საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის დადებული კონსტიტუციური შეთანხმების თანახმად, საქართველოს საპატრიარქო არის საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელი, ის აღიარებულია როგორც სრულუფლებიანი საჯარო სამართლის იურიდიული პირი და ფუნქციონირებს რელიგიური მიზნების განსახორციელებლად. მოსარჩელეების ნაწილი (7 ხელმომწერი) ასევე წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად რეგისტრირებულ რელიგიურ ორგანიზაციებს, რომლებიც რელიგიურ საქმიანობას ეწევიან და რეგისტრირებულნი არიან კანონმდებლობით დადგენილი წესით. შესადარებელ პირთა ჯგუფების სამართლებრივი სტატუსი, საქმიანობა და მიზნები იდენტურია. საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად რეგისტრირებული რელიგიური ორგანიზაციები და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, სულ მცირე, სადავო ნორმების ფარგლებში, არიან არსებითად თანასწორი სუბიექტები.
სსიპ და ააიპ რელიგიური ორგანიზაციების შედარება: მოსარჩელეები სსიპ-ებს და ააიპ-ებს წარმოადგენენ. აღნიშნული სამართლებრივი სტატუსით რეგისტრირებული რელიგიური ორგანიზაციები სამართლებრივი შინაარსით ერთგვაროვანია. რელიგიური ორგანიზაციები, რომლებიც საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს წარმოადგენენ, არ არიან მოქცეულნი სსიპ-ისთვის დამახასიათებელი უფლებებისა და ვალდებულებების ტიპურ ჩარჩოში (რომელიც, თავის მხრივ, განსაზღვრულია "საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ" საქართველოს კანონში). შესადარებელი ჯგუფები იდენტური უფლებამოსილებებით და ვალდებულებებით არიან შემოზღუდულნი, რადგან კანონმდებელი, რელიგიურ ორგანიზაციებზე, რომლებიც სსიპ-ებს წარმოადგენენ, ააიპ-ების რეგისტრაციისთვის დადგენილ წესს ავრცელებს და მათი უფლებამოსილება განისაზღვრება სამოქალაქო კოდექსის პირველი კარის მეორე თავით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1509-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის დანაწესიდან გამომდინარე, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს წარმოადგენენ ამავე კოდექსის 1509-ე1 მუხლით გათვალისწინებული სუბიექტები, ხოლო, თავის მხრივ, 1509-ე1 მუხლი უთითებს, რომ საჯარო სამართლის იურიდიულ პირად შესაძლებელია დარეგისტრირდნენ რელიგიური ორგანიზაციებიც.
გამომდინარე აღნიშნულიდან, შეიძლება ითქვას, რომ რელიგიური ორგანიზაციები, რომლებსაც გააჩნიათ ერთგვაროვანი მიზნები, ეწევიან ერთგვაროვან საქმიანობას და დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპებიდან გამომდინარე, გააჩნით ერთნაირი უფლებები, შესაძლოა დარეგისტრირდნენ, როგორც კერძო, ასევე საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად, თუმცა მათი მსგავსება კვლავ დარჩება უცვლელი. ეს მიუთითებს იმაზე, რომ მნიშვნელობა არ აქვს, თუ რა სტატუსით რეგისტრირდებიან რელიგიური ორგანიზაციები. - ისინი მათი საქმიანობის, ფუნქციების და მიზნების გათვალისწინებით, მაინც უნდა ჩაითვალონ თანასწორ სუბიექტებად.
შესადარებელი ჯგუფები არსებითად თანასწორნი არიან დღეის მდგომარეობით არსებული პოლიტიკურ-სამართლებრივი მოცემულობით, რომელიც წარსულში ჩამოყალიბებული და მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარ მუხლებში არ არის გაზიარებული. - რელიგიურ ორგანიზაციებს სსიპ-ის სამართლებრივი სტატუსის მიღება 2011 წლიდან შეუძლიათ. სადავოდ გამხდარი მუხლები კი, მანამდე ჩამოყალიბდა და აცდენილია, მათ შორის, კანონმდებლის ხედვასაც რელიგიური ორგანიზაციების თანასწორუფლებიანობის შესახებ.
აქვე, უნდა აღნიშნოს, რომ საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებს ერთნაირად გააჩნიათ უფლება შეიძინონ საკუთრება, რომელსაც ისინი თავიანთი მიზნების შესრულებისთვის და ნორმალური ფუნქციონირებისთვის გამოიყენებენ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამრთლომ 2012 წლის 26 ივნისის #3/1/512 გადაწყვეტილება აღნიშნა კიდეც, რომ საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით გათვალისწინებული საკუთრების უფლების სუბიექტები არიან არა მარტო ფიზიკური პირები, არამედ იურიდიული პირებიც, რომელთა შორისაც, ცხადია, მოიაზრება არა მხოლოდ კერძო სამართლის იურიდიული პირები, არამედ საჯარო სამართლის იურიდიული პირებიც.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, უნდა ითქვას, რომ საჯარო სამართლის იურიდიული პირები და კერძო სამართლის იურიდიული პირები, როგორც მინიმუმ, ქონებაზე საკუთრების უფლების შეძენის ნაწილში, არიან არსებითად თანასწორი სუბიექტები. ეს ნიშნავს, რომ მოსარჩელეები, როგორც სსიპ-ებად რეგისტრირებული რელიგიური ორგანიზაციები არიან კერძო სამართლის იურიდიული პირებად რეგისტრირებული რელიგიური ორგანიზაციების თანასწორი სუბიექტები.
ააიპ რელიგიური ორგანიზაციების და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესის შედარება: მოსარჩელეების ნაწილი (2 ხელმომწერი) ასევე წარმოადგენენ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირებად რეგისტრირებულ რელიგიურ ორგანიზაციებს, რომლებიც რელიგიურ საქმიანობას ეწევიან და რეგისტრირებულნი არიან კანონმდებლობით დადგენილი წესით. შესადარებელ პირთა ჯგუფების სამართლებრივი სტატუსი, საქმიანობა და მიზნები იდენტურია. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირებად რეგისტრირებული რელიგიური ორგანიზაციები და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, შესაბამისად, ზემოთ უკვე განვითარებული მსჯელობებიდან გამომდინარე, ასევე არიან არსებითად თანასწორი სუბიექტები.
3. რაც შეეხება განსხვავებული მოპყრობის არსებობის დადგენას ზემოაღნიშნულ სუბიექტთა მიმართ, აღნიშნულის დასადასტურებლად მნიშვნელოვანია გათვალისწინებული იქნას თავად „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის სადავო ნორმების შინაარსი.
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „სახელმწიფო ქონების შემძენი (გარდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პრივატიზების შემთხვევისა) შეიძლება იყოს საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქე ან კერძო სამართლის იურიდიული პირი ან პირთა გაერთიანება, რომლის ქონებაშიც საქართველოს სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მონაწილეობის წილი 25%-ზე ნაკლებია, აგრეთვე სახელმწიფოს, სხვა სუბიექტის ან სახელმწიფოსა და სხვა სუბიექტის მიერ ერთობლივად დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, საქართველოს ეროვნული ბანკი, ხოლო საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით პირდაპირი მიყიდვისას − ასევე საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია.“
ნორმა ფარავს იმ ნორმატიულ შინაარსსაც, რომ სახელმწიფო ქონების შეძენა არ შეუძლიათ სსიპ რელიგიურ ორგანიზაციებს, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისგან (პირდაპირი მიყიდვით მხოლოდ) და კერძო სამართლის იურიდიულ პირებად რეგისტრირებული რელიგიური ორგანიზაციებისგან განსხვავებით, რაც მიუთითებს ამ უკანასკნელ პირთა მიმართ განსხვავებული მოპყრობის დაწესების ფაქტზე.
სადავო ნორმატიული აქტის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად: “სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პრივატიზება საქართველოს მოქალაქისთვის ან საქართველოში რეგისტრირებული კერძო სამართლის იურიდიული პირისთვის შესაძლებელია „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონითა და „მიწის მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მოთხოვნების გათვალისწინებით, სასყიდლით, ხოლო საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისა და უსახლკაროდ დარჩენილი საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ცხოვრობდნენ ან ცხოვრობენ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, – უსასყიდლოდ.”
შვიდი მოსარჩელე რელიგიური ორგანიზაცია, რომლებიც არიან საჯარო სამართლის იურიდიული პირები, არ არიან უფლებამოსილი სასყიდლით - განსხვავებით კერძო სამართლის იურიდიულ პირებად რეგისტრირებული რელიგიური ორგანიზაციებისა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისგან, ან უსასყიდლოდ - განსხვავებით საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისგან, „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონითა და „მიწის მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მოთხოვნების გათვალისწინებით, საკუთრებაში მიიღონ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რითაც სრულიად გამოირიცხება მოსარჩელეთათვის საკუთრების უფლების მოპოვება სასოფლო-სამეურნეო მიწაზე.
ამასთანავე, ის ორი მოსარჩელე რელიგიური ორგანიზაცია, რომლებიც არიან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები, არ არიან უფლებამოსილი უსასყიდლოდ - განსხვავებით საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისგან - საკუთრებაში მიიღონ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონითა და „მიწის მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მოთხოვნების გათვალისწინებით, რითაც გამოირიცხება ამ მოსარჩელეთათვის საკუთრების უფლების მოპოვება სასოფლო-სამეურნეო მიწაზე პრივატიზების გზით უსასყიდლოდ. ეს კი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სტატუსით რეგისტრირებულ რელიგიურ ორგანიზაციებს უთანასწორო მდგომარეობაში აყენებს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიასთან შედარებით.
საჯარო სამართლის იურიდიულ პირთა დიფერენცირება ხდება „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტითაც. აღნიშნული დანაწესის თანახმად, „ქონების მმართველი საქართველოს მთავრობის თანხმობით ფიზიკურ პირებს ან/ და კერძო სამართლის იურიდიულ პირებს, საქართველოს ეროვნულ ბანკს, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას საკუთრებაში გადასცემს სახელმწიფო ქონებას მისი ტოლფასი ქონების სახელმწიფო საკუთრებაში გადმოცემის სანაცვლოდ.“
სხვა სადავო ნორმების მსგავსად, ნორმა ფარავს იმ ნორმატიულ შინაარსს, რომელიც სახელმწიფო ქონების გადაცემის შესაძლებლობას არ იძლევა სსიპ-ად რეგისტრირებული რელიგიური ორგანიზაციებისთვის, მაშინ როდესაც საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური ეკლესიისთვის და კერძო სამართლის იურიდიულ პირებად რეგისტრირებული რელიგიური ორგანიზაციებისთვის ამის შესაძლებლობას უშვებს.
მიუხედავად იმისა, რომ შესადარებელ პირთა ჯგუფები თანასწორ სუბიექტებს წარმოადგენენ, ქონებაზე საკუთრების უფლების შეძენისას, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლი განსხვავებულ მიდგომას აწესებს მათ მიმართ და სახეზეა დიფერენცირება რელიგიური ნიშნით.
4. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტების მიხედვით, რელიგიური გაერთიანებების უმთავრესი მიზანი მორწმუნეთა მსახურებისთვის აუცილებელი პირობების შექმნა და რელიგიური საქმიანობის კოორდინაციაა, რაც რელიგიური მოთხოვნების შესაბამისად სამლოცველო შენობებისა და სარიტუალო ნაგებობების მშენებლობას მოიცავს. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 3 ივლისის N1/2/671 გადაწყვეტილება). მოსარჩელეებს ერთმევათ შესაძლებლობა, აწარმოონ კერძო სამართლებრივი ურთიერთობები სახელმწიფოსთან, რომელიც მათთვის აუცილებელია რელიგიური ცხოვრების წესის წარმართვის და განვითარებისთვის. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, რელიგიური საქმიანობის განხორციელებისთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებს მათ საკუთრებაში არსებული უძრავი თუ მოძრავი ქონება. საკუთრების უფლების სარგებლობით რელიგიური ორგანიზაციები უზრუნველყოფენ აღმსარებლობისთვის აუცილებელ პირობებს შესაბამისი რელიგიის მიმდევრებისთვის. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილება N1/1/811).
მოსარჩელეების პოზიციით, სსიპ სტატუსით რეგისტრირებული რელიგიური ორგანიზაციების დიფერენცირება ხდება მაღალი ინტენსივობით. საკონსტიტუციო სასამართლომ ინტენსივობაზე საუბრისას 2011 წლის 18 მარტის #2/1/473 გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ უნდა დგინდებოდეს, რომ დარეგულირებული რეჟიმი მკვეთრად განსხვავებულია. ამასთან, უნდა შეფასდეს დიფერენცირებული მოპყრობის ხასიათი დროის მხრივ. მოცემულ შემთხვევაში, ვფიქრობთ, რომ ნათელია საჯარო სამართლის იურიდიული პირების მკვეთრად დიფერენცირება მართლმადიდებელ ეკლესიასთან მიმართებით. სადავო ნორმების ფარგლებში სსიპ-ის სტატუსის რელიგიური ორგანიზაციებისთვის იგივე უფლებით სარგებლობა, რაც მინიჭებული აქვს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიას, არავითარი პირობის დადგომის შემთხვევაში არ არის შესაძლებელი. დაუშვებელია ლეგიტიმური მიზნის მიღწევა განხორციელდეს ადამიანის უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოდ 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II.60).
ადამიანის უფლებაში ჩარევა არ უნდა იყოს თვითმიზანი, იგი უნდა ემსახურებოდეს განსაზღვრული, არსებითად ღირებული ლეგიტიმური მიზნის მიღწევას. „თანაზომიერების პრინციპის გამოყენებით შეიძლება შეფასდეს კანონმდებლის მხოლოდ ლეგიტიმური მიზნის მიღწევის საშუალებათა კონსტიტუციურობა (საქართველოს სახელით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის გადაწყვეტილება №2/5/556 2014 წლის 13 ნოემბერი).
მართალია, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებული ისტორიული როლი აღიარებულია, მაგრამ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „ეკლესიის განსაკუთრებული როლის აღიარების მიზანს არ წარმოადგენს მართლმადიდებლობის როგორც რელიგიური რწმენის უპირატესობის წარმოჩენა სხვა რელიგიებთან შედარებით. ეკლესიისთვის გარკვეული უფლების მინიჭება არ გულისხმობს იმავე უფლებით სხვა რელიგიური ორგანიზაციების მიერ სარგებლობის ხელშეშლას. [...] განსაკუთრებული როლის აღიარება დაკავშირებულია მის ისტორიულ ღვაწლთან და არ ემსახურება მართლმადიდებელი ქრისტიანული რელიგიისთვის პრივილეგირებული სამართლებრივი მდგომარეობის შექმნას აწმყოში. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 3 ივლისის N1/2/671 გადაწყვეტილება).
მოცემულ შემთხვევაში მიგვაჩნია, რომ სადავო ნორმებით დაწესებულ დიფერენციაციას არცერთ შემთხვევაში გააჩნია ლეგიტიმური მიზანი. სრულიად ბუნდოვანია, რა ლეგიტიმურ მიზანს შეიძლება ემსახურებოდეს განსხვავებული მოპყრობა, რომელსაც განაპირობებენ სადავო ნორმები. გაუგებარია რა სახელმწიფო ინტერესი შეიძლება არსებობდეს, სადავო ნორმებში სსიპ-ად და ააიპ-ად რეგისტრირებულ რელიგიურ ორგანიზაციებს შორის დიფერენცირებულ მოპყრობაში და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისთვის უპირატესობის მინიჭებაში. მიგვაჩნია, ამ შემთხვევაში, არ არსებობს ლეგიტიმური მიზანი, რომელიც დიფერენცირებულ მოპყრობას გაამართლებდა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ საჯარო სამართლის იურიდიული პირისა და კერძო სამართლის იურიდიული პირის სტატუსით რეგისტრირებულ რელიგიურ ორგანიზაციებს, უნდა ჰონდეთ შესაძლებლობა, სახელმწიფოსგან შეიძნონ ქონება იმავე პირობებით, რაც დადგენილია გასაჩივრებული ნორმებით საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისთვის.
მიგვაჩნია, რომ სარჩელი სრულად უნდა დაკმაყოფილდეს და არაკონსტიტუციურად იქნას ცნობილი
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონის სადავოდ გამხდარი მუხლების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც, განსხვავებით საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისა და კერძო სამართლის იურიდიულ პირებად რეგისტრირებული რელიგიური ორგანიზაციებისა, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად რეგისტირებულ რელიგიურ ორგანიზაციებს არ აძლევს სახელმწიფო ქონების შეძენის უფლებას, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პრივატიზების შესაძლებლობას სასყიდლით ან უსასყიდლოდ და სახელმწიფოსთვის ქონების გადაცემის შემთხვევაში მისი ტოლფასი ქონების მიღების შესაძლებლობას; ასევე, ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებად რეგისტრირებულ რელიგიურ ორგანიზაციებს, განსხვავებით საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისგან, არ აძლევს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პრივატიზების შესაძლებლობას უსასყიდლოდ, („სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონითა და „მიწის მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მოთხოვნების გათვალისწინებით)
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა