ნატალია ფერაძე და კონსტანტინე გურული საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1730 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - , , |
ავტორ(ებ)ი | ნატალია ფერაძე, კონსტანტინე გურული |
თარიღი | 14 სექტემბერი 2022 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილი: „სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის, სამხედრო მოსამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის, აღსრულების პოლიციელის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ან ამავე სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მოსამსახურის ან მასთან გათანაბრებული პირის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, ან ამ პირის სიტყვიერი შეურაცხყოფა ან/და მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელება (გარდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევისა) –გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარიდან 3000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით. |
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი: „ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია.“ |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მეოთხე პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი, ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი, 31-ე და და 311 მუხლები.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
ა) ფორმით და შინაარსით შეესაბამება ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ" კანონის მე-16 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს;
ბ) შეტანილია უფლებამოსილი სუბიექტის მიერ;
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 10 მაისის დადგენილებით საქმე #4/3181-16-ზე (ასლი იხილეთ დანართის სახით) ნატალია ფერაძე ცნობილი იქნა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით (სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა). ნატალია ფერაძეს განესაზღვრა ჯარიმა 250 ლარის ოდენობით.
დადგენილებაში (მე-6 პუნქტი მე-2 და მე-3 გვერდები) აღნიშნულია: ,,სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება ნატალია ფერაძის მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენა და ნატალია ფერაძის ბრალეულობა შესაბამისი სამართალდარღვევის მიმართ. აღსანიშნავია, რომ სამართალდარღვევა გამოიხატა ნატალია ფერაძის მიერ პოლიციის თანამშრომლების მოთხოვნის შეუსრულებლობაში, კონკრეტულ ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვისას შეეწყვიტა საპატრულო პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევა. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო ვერ გაიზიარებს ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მოთხოვნას, კონკრეტულ ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვის თაობაზე, ნატალია ფერაძე დაემორჩილა (მიუხედავად მოთხოვნის უკანონობისა). ვინაიდან სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი და გამოკვლეული ე.წ. ,,სამხრე კამერის“ ჩანაწერი საწინააღმდეგოს ამტკიცებს. კერძოდ, მოწოდების შემდეგ, იმის ნაცვლად, რომ ნატალია ფერაძეს შეეწყვიტა კანონსაწინააღმდეგო ქმედება, ავიდა და განთავსდა საპატრულო პოლიციის ავტომანქანაზე. მის ჩამოყვანას გარკვეული დროის განმავლობაში ცდილობდა სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელი. ამასთან, რაც შეეხება ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის წარმომადგენლის განმარტებას ავტომანქანიდან ჩამოსვლისათვის დროის განსაზღვრის შესახებ, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლოს მოცემულ სიტუაციაში უსაფუძვლოდ მიაჩნია.
ამასთან, საყურადღებოა ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ პოლიციის თანამშრომლების მოთხოვნა იყო უკანონო და მისი შეუსრულებლობა არ წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას. სადავოდ არ გამხდარა ის ფაქტი, რომ პირები, რომლებსაც წინააღმდეგობას უწევდა ნატალია ფერაძე, იყვნენ პოლიციელები და ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველ მუხლს, რომლის თანახმად, ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოს პოლიციის საქმიანობის ძირითად პრინციპებს, პოლიციის ორგანიზაციული მოწყობის სამართლებრივ საფუძვლებს, პოლიციის ფუნქციებს, საპოლიციო ღონისძიებებსა და პოლიციის მიერ საკუთარი უფლებამოსილებების განხორციელების სამართლებრივ ფორმებს. ამ კანონის მიზანია, უზრუნველყოს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვა. აღნიშნული საკანონმდებლო აქტის მე-10 მუხლის მიხედვით, პოლიციელის მიერ განხორციელებული საპოლიციო ღონისძიება უნდა გამომდინარეობდეს კანონის უზენაესობისა და კანონისმიერი დათქმის პრინციპიდან. კანონის უზენაესობის პრინციპის თანახმად, პრევენციული და სამართალდარღვევაზე რეაგირების ღონისძიებები უნდა შეესაბამებოდეს კანონის მოთხოვნებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, პოლიციის თანამშრომელი უფლებამოსილია, ნებისმიერ პირს მოსთხოვოს მართლსაწინააღმდეგო ქმედების შეწყვეტა. ამასთან რაც შეეხება პოლიციელის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას კონკრეტული ქმედების კანონიერებას, საკითხი არ წარმოადგენს მოცემული სამართალდარღვევის საქმის ფარგლებში განხილვის საგანს.
სასამართლო განმარტავს, რომ პოლიციის მუშაკის საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით თვითნებური, ძალადობრივი მოქმედებები დაუშვებელია. არამედ კანონით დაშვებულია მხოლოდ პრეტენზიის საჩივრით ან/და სარჩელით გამოხატვა“
ეს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლომაც, რომელიც ასეთ საქმეებზე წარმოადგენს საბოლოო ინსტანციის სასამართლოს.
მეორე მოსარჩელეც, კონსტანტინე გურული თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 31 მაისის დადგენილებით (ასლი იხილეთ დანართის სახით) იქნა სამართალდამრღვევად ცნობილი. 2016 წლის 7 მაისს ქალაქ თბილისში კოჯრის ახალი გზატკეცილი #4-ის მიმდებარედ, საზოგადოებრივი გაერთიანება ,,ერთად“-ის ორგანიზებით (რომელიც აერთიანებდა 24 საზოგადოებრივ ჯგუფს და არასამთავრობო ორგანიზაციას) იმართებოდა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია ,,პანორამა თბილისის“ მშენებლობის, ბოტანიკური ბაღის ტერიტორიიდან 4 ჰა მიწის ნაკვეთის გასხვისებისა და ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ 30 ჰა მიწის აუქციონზე გაყიდვის გასაპროტესტებლად. აქციის მიმდინარეობისას პოლიციის თანამშრომლებმა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე დააკავა 6 მონაწილე, მათ შორის კონსტანტინე გურული (დადგენილების მე-2 გვერდი) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ კონსტანტინე გურული ცნობილი იქნა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე და დაეკისრა ჯარიმა 250 ლარის ოდენობით. ეს დადგენილება ძალაში დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 31 მარტის დადგენილებით.
საერთო სასამართლომ უარი განაცხადა, დაედგინა პოლიციის მიერ ნატალია ფერაძის და კონსტანტინე გურულის მიმართ წარდგენილი მოთხოვნის კანონიერება. სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული სცილდებოდა დავის ფარგლებს. ამით სასამართლომ ისე დააკისრა მოსარჩელეს ადმინისტრაციული სახდელი, არ შეუსწავლია ის საკითხი რამდენად კანონიერი იყო პოლიციის მიერ მომჩივანისათვის წარდგენილი მოთხოვნა. თუ მოთხოვნა უკანონოა, პოლიცია ამეტებს თავის უფლებამოსილებას, არა მხოლოდ იმის შესაძლებლობა უნდა არსებობდეს, რომ პოლიციელს დაეკისროს შესაბამისი პასუხისმგებლობა ან ცალკე წარმოებით ადამიანს ჰქონდეს შესაძლებლობა აინაზღაუროს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მისთვის მიყენებული ზიანი, არამედ პოლიციის უკანონო მოთხოვნის არსებობის დადგენის შემთხვევაში, არ დაეკისროს ადამიანს ადმინისტრაციული სახდელი. სადავო ნორმამ უშუალოდ შელახა მოსარჩელის საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლება.
გ) სარჩელში მითითებული საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი;
დ) სარჩელში მითითებული საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ.
ე) სარჩელში მითითებული საკითხი რეგულირდება კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით
ვ) კანონით არ არის დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა და შესაბამისად, არც მისი არასაპატიო მიზეზით გაშვების საკითხი დგება დღის წესრიგში;
ზ) სადავო კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტის კონსტიტუციურობაზე სრულფასოვანი მსჯელობა შესაძლებელია ნორმატიული აქტების იერარქიაში მასზე მაღლა მდგომი იმ ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე მსჯელობის გარეშე, რომელიც კონსტიტუციური სარჩელით გასაჩივრებული არ არის;
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
.ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის სადავო ნორმატიული შინაარსი
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა 2015 წლის 15 სექტემბერს მიღებულ გადაწყვეტილების მეორე თავის მე-2 პარაგრაფში საქმეზე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ განიხილა იმ ნორმის კონსტიტუციურობა, სადაც სიტყვა-სიტყვით ისეთივე ჩანაწერი იყო, როგორც კონსტიტუციაში. მიუხედავად ამისა, საკონსტიტუციო სასამართლომ მხედველობაში მიიღო გასაჩივრებულ ნორმასთან დაკავშირებით არსებული საერთო სასამართლოს პრაქტიკა, რაც განსხვავდებოდა ნორმის სიტყვა-სიტყვითი შინაარსისაგან და წინააღმდეგობაში მოდიოდა კონსტიტუციასთან. გიორგი უგულავას საქმეში საკონსტიტუციო სასამართლომ განაცხადა:
,,საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა შეაფასოს არა მხოლოდ სადავო ნორმის ფორმალური შესაბამისობა კონსტიტუციის დანაწესთან, არამედ უნდა დაადგინოს, სადავო ნორმა, თავისი შინაარსიდან გამომდინარე, რამდენად უზრუნველყოფს კონსტიტუციური უფლების არსის დაცვას. “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, „ნორმატიული აქტის შემოწმებისას საკონსტიტუციო სასამართლო მხედველობაში იღებს სადავო ნორმის არა მარტო სიტყვასიტყვით მნიშვნელობას, არამედ მასში გამოხატულ ნამდვილ აზრსა და მისი გამოყენების პრაქტიკას, აგრეთვე შესაბამისი კონსტიტუციური ნორმის არსს“. შესაბამისად, მოცემული დავის გადასაწყვეტად სასამართლომ უნდა მოახდინოს სადავო ნორმის შინაარსობრივი შესაბამისობის დადგენა კონსტიტუციის შესაბამის დებულებებთან.“
სადავო ნორმა ფორმალურად შეესაბამება კონსტიტუციის მოთხოვნებს, ვინაიდან სადავო ნორმით სამართალდარღვევის შემადგენლობის ობიექტურ მხარეს ქმნის პოლიციის მოთხოვნის ან განკარგულების კანონიერება. თუმცა ნორმის სიტყვა-სიტყვით აზრთან ერთად, საკონსტიტუციო სასამართლო მხედველობაში იღებს ამ ნორმის ნამდვილ აზრს და მისი გამოყენების პრაქტიკასაც. სარჩელს თან ერთვის პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს დადგენილებები, საიდანაც ირკვევა, რომ სასამართლო ისე სცნობს პირს სამართალდამრღვევად, რომ არ ადგენს, იყო თუ არა პოლიციის მოთხოვნა კანონიერი. სადავო ნორმის წაკითხვაც იმგვარად არის შესაძლებელი, რომ პოლიცია თავად განსაზღვრავს რა მოთხოვნაა შეიძლება იყოს კანონიერი, მოთხოვნის ადრესატი ვალდებულია დაემორჩილოს ნებისმიერ მოთხოვნას, მათ შორის ისეთს, რაც ობიექტურად შეიძლება იყოს უკანონო, მაგრამ თუნდაც პოლიციელის სუბიექტური გადმოსახედიდან შეიძლება იყოს კანონიერი.
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი მოსამართლე სრულ დისკრეციას ანიჭებს პოლიციელს იმის შეფასებისას, რამდენად კანონიერია მისი მოთხოვნა და მხოლოდ იმას განსაზღვრავს, რამდენად დაემორჩილა ადამიანი ამ მოთხოვნას. ამავე დროს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმხილველი მოსამართლე ამოწმებს რამდენად ჰქონდა პოლიციელს კონკრეტული მოთხოვნის წარდგენის უფლებამოსილება ზოგადად და არა იმ სიტუაციაში, როცა ამგვარი მოთხოვნა წარადგინა. საქმის ინდივიდუალური გარემოებების შესწავლას დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან პოლიციას ზოგადად შეიძლება ჰქონდეს განსაზღვრული შემზღუდველი ღონისძიებების გამოყენების უფლება (მაგალითად აქციის დაშლის უფლება), მაგრამ კონკრეტულ სიტუაციაში ამ ღონისძიების გამოყენება ან მოთხოვნის წარდგენა იყოს არაპროპორციული. მაგრამ საქმის ინდივიდუალური შეფასების საფუძველზე მოსამართლე არ წყვეტს საკითხს იმის თაობაზე, რამდენად იყო პოლიციის მოთხოვნა კონკრეტულ შემთხვევაში კანონიერი. სწორედ ამგვარი შეფასების გარეშე წყდება ადამიანისათვის ადმინისტრაციული პასუხისგების დაკისრება.
პოლიციის მიერ მისივე ქმედების კანონიერების შეფასების გადამოწმება არ ხდება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის სასამართლოში განხილვისას. როგორც თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველმა მოსამართლემ მიუთითა, პოლიციის ქმედების კანონიერების შემოწმება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის სამართალწარმოების დავის საგანს არ წარმოადგენდა. სავარაუდოდ, პოლიციის ქმედების კანონიერების საკითხის დადგენა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველმა მოსამართლემ შსს-ს გენერალურ ინსპექციას, პროკურატურას ან ადმინისტრაციული სარჩელის განმხილველ მოსამართლეს მიანდო.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, საქმეზე ,,ლიბერთი ბანკი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ მიღებული გადაწყვეტილების მეორე თავის მე-14 პუნქტში, განაცხადა:
,,სადავო ნორმის შინაარსის განსაზღვრისას საკონსტიტუციო სასამართლო, სხვადასხვა ფაქტორებთან ერთად, მხედველობაში იღებს მისი გამოყენების პრაქტიკას. საერთო სასამართლოები, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, იღებენ საბოლოო გადაწყვეტილებას კანონის ნორმატიულ შინაარსთან, მის პრაქტიკულ გამოყენებასთან და, შესაბამისად, მის აღსრულებასთან დაკავშირებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საერთო სასამართლოების მიერ გაკეთებულ განმარტებას აქვს დიდი მნიშვნელობა კანონის რეალური შინაარსის განსაზღვრისას. საკონსტიტუციო სასამართლო, როგორც წესი, იღებს და იხილავს საკანონმდებლო ნორმას სწორედ იმ ნორმატიული შინაარსით, რომლითაც იგი საერთო სასამართლომ გამოიყენა. თუმცა ამ ზოგადი წესიდან შეიძლება რამდენიმე გამონაკლისი არსებობდეს, მათ შორის, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლო დარწმუნდება, რომ ერთი და იგივე ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებული განმარტებები წინააღმდეგობრივია. ასეთ შემთხვევაში ვერ ჩაითვლება, რომ საერთო სასამართლოს მიერ სადავო ნორმის შინაარსი საბოლოოდ განისაზღვრა. ნორმის განმარტების არაერთგვაროვანი პრაქტიკა შესაძლოა ასევე ნორმის ბუნდოვანებაზე და მის არაკონსტიტუციურობაზეც მიუთითებდეს. გარდა ამისა, გამონაკლის შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლო ასევე უფლებამოსილია, არ მიიღოს საერთო სასამართლოს მიერ შემოთავაზებული განმარტება, თუ ის აშკარად არაგონივრულია.“
მოცემულ შემთხვევაში არა გვაქვს ვითარება, როდესაც საერთო სასამართლოების მიერ სადავო ნორმის განმარტება წინააღმდეგობრივია. საერთო სასამართლოების, კერძოდ თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების მიდგომა იმ საკითხზე, რომ პოლიციის მოთხოვნის კანონიერების შესწავლა სცილდება სამართალდარღვევის საქმის შესწავლის ფარგლებს, ერთნაირია. თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების ამგვარი მიდგომა ჰქონდათ, არა მხოლოდ ნატალია ფერაძის, არამედ ასევე კონსტანტინე გურულის საქმეშიც (სააპელაციო სასამართლოს დადგენილება კონსტანტინე გურულის საქმეზე თან ერთვის ამ სარჩელს), რომელიც ასევე ცნობილი იქნა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად 173-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენაში. სასამართლოს პრაქტიკა ამ კუთხით არის თანმიმდევრული და დადასტურებული სამართალდარღვევების საქმეზე საბოლოო ინსტანციის - სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად: ,,სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე საბოლოოა და არ გასაჩივრდება.“ ამგვარად, ის, რომ სამართალდარღვევის საქმის განმხილველ მოსამართლეს არ ევალება პოლიციის მოთხოვნის კანონიერების შესწავლა წარმოადგენს სადავო ნორმის საბოლოოდ განსაზღვრულ შინაარსს.
ამგვარად, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა შეაფასოს საერთო სასამართლოების მიერ სადავო ნორმისათვის მინიჭებული იმგვარი ნორმატიული შინაარსი, რაც არ ავალდებულებს მოსამართლეს შეისწავლოს პოლიციის მოთხოვნის კანონიერება.
2) სადავო ნორმის არსი
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის საქმის სასამართლოში განხილვის ფარგლებიდან პოლიციის ქმედების კანონიერების საკითხის გამორიცხვა აჩენს იმის შესაძლებლობას, რომ ობიექტურად უკანონო, მაგრამ პოლიციელის გადმოსახედიდან კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობისათვის ადამიანს დაეკისროს 15 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობა. ამით სამართალდარღვევის საქმის განმხილველი სასამართლო თავად ხდება ადამიანის დაუსაბუთებელი პატიმრობის თანამონაწილე. სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის სასამართლოში განხილვის ეტაპზე პოლიციელის ქმედების კანონიერების შესწავლა და ამის საფუძველზე სახდელის დაკისრება/არდაკისრების გადაწყვეტილების მიღება მომავალში თუ არ გამორიცხავდა, შეამცირებდა მაინც სახელმწიფო ორგანოს მიერ უკანონო ქმედებით მოქალაქისათვის მიყენებულ ზიანს. უკანონო მოთხოვნის შეუსრულებლობისათვის ადმინისტრაციული დაკავება, რასაც მოჰყვა ჯარიმის ან ადმინისტრაციული პატიმრობის დაკისრება, ზრდის ადამიანისათვის მიყენებული როგორც მატერიალური, ისე მორალური ზიანის ოდენობას. ამასთან ერთად სასამართლოს ეს უმოქმედობა ზიანს აყენებს მართლმსაჯულების ავტორიტეტს, აქცევს რა მოსამართლეს აღმასრულებელი ხელისუფლების უკანონო ქმედების თანამონაწილედ.
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველ მოსამართლეს თავად აქვს შესაძლებლობა, შეასრულოს პოლიციის სავარაუდო უკანონო ქმედებებზე რეაგირების ეფექტური მექანიზმის ფუნქცია, იმით, რომ სამართალდარღვევის საქმის განხილვისას განიხილოს ის საჩივარი, რაზედაც თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია საუბრობდა ნატალია ფერაძის საქმეში. სამართალდარღვევის საქმის განხილვისას დაცვის მხარის, მტკიცებულებებით გამყარებული, მითითება იმის თაობაზე, რომ პოლიციის მოთხოვნა მოცემულ ვითარებაში იყო უკანონო, სწორედ ის საჩივარი შეიძლება იყოს, რაც პოლიციის მოთხოვნის მიმართ ძალადობრივი ან თვითნებური პასუხის კანონიერ ალტერნატივად მიიჩნია თბილისის საქალაქო სასამართლომ ნატალია ფერაძის საქმეზე 2016 წლის 10 მაისის დადგენილებაში.
პოლიციის მოთხოვნის კანონიერების შესწავლით, ერთი მხრივ, სასამართლო შეასრულებდა აღმასრულებელი ხელისუფლების ქმედების კანონიერებაზე ზედამხედველის ფუნქციას, რაც გამომდინარეობს საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულით გათვალისწინებული სამართლებრივი სახელმწიფოს და კონსტიტუციის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ხელისუფლების დანაწილების ნორმა-პრინციპიდან, მეორე მხრივ, პოლიციის უკანონო ქმედების დადგენის შემთხვევაში, სასამართლო თავიდან აიცილებდა კანონდარღვევაში პოლიციასთან თანამონაწილეობას, იმ პირის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმისწარმოების შეწყვეტის თაობაზე დადგენილების მიღებით, ვინც არ დაემორჩილა პოლიციის უკანონო მოთხოვნას არაძალადობრივი გზით (მაგალითად, პოლიციელმა სთხოვა მოქალაქეს საჯარო ადგილის დატოვება, რა უფლებაც, მოცემულ სიტუაციაში და არა ზოგადად, პოლიციელს არ ჰქონდა და ამ მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო მოქალაქე იქნა ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული). აღმასრულებელი ხელისუფლების ქმედების კანონიერების შემოწმება ემსახურება სასამართლო ხელისუფლების მიერ ადამიანის უფლებების დაცვას.
მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების მომავალში გადასინჯვის შესაძლებლობა, უკანონო ქმედებისათვის პოლიციის მსჯავრდების, დისციპლინური ან დელიქტური პასუხისმგებლობის დაკისრების შემდეგ, ეს არ გამორიცხავს იმის საჭიროებას, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველმა სასამართლომ თავად დაადგინოს სამართალდამცავი ორგანოს მიერ ჩადენილი ქმედების კანონიერება ან უკანონობა. როდესაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფარგლებში მოსამართლე ნათლად ხედავს პოლიციელის მხრიდან უკანონო მოთხოვნის წარდგენის ფაქტს, ან უკანონობის დამადასტურებელ მტკიცებულებას დაცვის მხარე წარუდგენს სასამართლოს ან თავად ოქმის შემდგენელი პოლიციელი ვერ ასაბუთებს თავისი მოთხოვნის კანონიერებას, სამართალდარღვევის საქმის განმხილველმა სასამართლომ უარი არ უნდა თქვას მართლმსაჯულების განხორციელებაზე, შსს-ს გენერალური ინსპექციისათვის, პროკურატურის, სისხლის სამართლის საქმეებისა და ადმინისტრაციული სარჩელის განმხილველი სასამართლოსათვის ლოდინის გარეშე, სამართალდარღვევის საქმის განმხილველმა სასამართლომ უნდა აღმოფხვრას პოლიციელების მხრიდან უკანონობა, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტის გზით და არ დააკისროს პირს ადმინისტრაციული სახდელი. ეს არის უფრო დროული ღონისძიება ადამიანის უფლებების დასაცავად, ვიდრე დროში გაწელილი პროცედურები გენერალურ ინსპექციაში, პროკურატურას, სისხლის სამართლის საქმის თუ ადმინისტრაციული სარჩელის განმხილველ სასამართლოში. როცა სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის მიერ წარდგენილი მოთხოვნის კანონიერება ვერ დასტურდება, სასამართლოს მიერ ამ გარემოების დადგენის საფუძველზე ადმინისტრაციული საქმისწარმოების შეწყვეტა არის ადამიანის სამართლიანი სასამართლოს უფლების შემადგენელი ნაწილი, რაც დაცულია საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით. ეს უკანასკნელი მოიცავს სამართლიანი სასამართლოს უფლების ისეთ ასპექტსაც, რაც დაკავშირებულია სასამართლო დაცვის ეფექტურობასთან.
3) საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცული სფერო
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, 2016 წლის 29 დეკემბერს მიღებულ გადაწყვეტილებაში საქმეზე პარალამენტის წევრები დავით ბაქარაძე, სერგო რატიანი და სხვები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის კონტექსტში იმსჯელა საკონსტიტუციო სასამართლოს ეფექტურობაზე, გაეკონტროლებინა საკანონმდებლო ხელისუფლება. ამ საქმეში სასამართლო ხელისუფლების მიერ ადამიანის უფლებების დაცვის ეფექტურობის პრინციპები ისევე მიემართება საერთო სასამართლოსაკენ, როგორც საკონსტიტუციო სასამართლოსაკენ. ამის მიზეზია ის, რომ კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი ვრცელდება, როგორც საკონსტიტუციო, ისე საერთო სასამართლოზე.
2016 წლის 29 დეკემბერს მიღებული გადაწყვეტილების მეორე თავის მე-6 პუნქტში აღნიშნულია: ,,საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ხელისუფლება ხორციელდება ხელისუფლების დანაწილების პრინციპზე დაყრდნობით. აღნიშნული დებულება, როგორც წესი, გულისხმობს ხელისუფლების დანაწილებას საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებებად, რაც თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოს ფუნქციონირების ქვაკუთხედს წარმოადგენს. მოცემული ჩანაწერი არ არის დეკლარაციული ხასიათის და იგი მჭიდრო კავშირშია სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპთან, რომელიც გაცხადებული და განმტკიცებულია კონსტიტუციის პრეამბულით.“ ამ გადაწყვეტილების მე-7 პუნქტში აღნიშნულია: ,,აღნიშნული კონსტიტუციური დებულების დანიშნულებას არ წარმოადგენს ხელისუფლების მხოლოდ ფორმალური დაყოფა სხვადასხვა შტოებად, არამედ მისი მიზანია, აღნიშნულ შტოებს შორის შეკავებისა და გაწონასწორების რეალური და ქმედითი კონსტიტუციურსამართლებრივი მექანიზმების უზრუნველყოფა, რაც გამოხატულია კიდეც კონსტიტუციის შესაბამის თავებში მოცემული რეგულირებებით, რომლებიც განსაზღვრავს ხელისუფლების თითოეული შტოს კომპეტენციას და მის ურთიერთმიმართებას სხვა შტოებთან.“ აღნიშნული გადაწყვეტილების მეორე თავის მე-15 პუნქტში აღნიშნულია: ,,საკანონმდებლო ორგანო განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოეკიდოს სასამართლოს საქმიანობასთან დაკავშირებული რეგულირებების შემუშავებას. მნიშვნელოვანია, საკანონმდებლო ხელისუფლების ქმედებებმა არ გამოიწვიოს ... მაკონტროლებელი ორგანოს … საქმიანობის შეფერხება და პარალიზება, რაც არაეფექტურს გახდის მთლიანად კონტროლის განხორციელების პროცესს და დაარღვევს შეკავებისა და გაწონასწორების კონსტიტუციურ სტრუქტურას.“
ამ კონტექსტში ასევე საინტერესოა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე დავით ყიფიანი და ავთანდილ უნგიაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, რომლის მეორე თავის პირველ პუნქტში აღნიშნულია: ,, აზრს კარგავს სამართლებრივი წესებით ხელისუფლების შეზღუდვა, თუ არ არსებობს ამ წესების შემქმნელი და აღმასრულებელი ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მესამე ინსტანცია, რომელიც ქმედებების ამ წესებთან შესაბამისობას დაადგენდა. უფლებებისა და თავისუფლებების არსებობისა და ეფექტური რეალიზებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მათი სამართლებრივი დაცვის საშუალებების არსებობას. უფლება ის ლეგიტიმური ინტერესია, რომელიც ამართლებს დემოკრატიულ საზოგადოებაში სხვა პირის თავისუფლების შეზღუდვას. ხოლო კონკრეტული ინტერესის უფლებად განსაზღვრის შედეგი არის სწორედ ის, რომ მისი ხელყოფის ან შესაძლო ხელყოფის შემთხვევაში, უფლების სუბიექტს შეუძლია მოითხოვოს ხელყოფის საფრთხისგან დაცვა ან მიყენებული ზიანის ანაზღაურება. საკანონმდებლო ხელისუფლების მიერ სასამართლო ხელისუფლების იურისდიქციის შეზღუდვა – სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის შეზღუდვით სასამართლო კომპეტენციას განკუთვნილი საკითხების სასამართლო განსჯადობის სფეროდან გამოყვანა, prima facie საფრთხეს უქმნის როგორც ინდივიდის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას, ისე სასამართლო ხელისუფლების უნარს, შეაკავოს და გააწონასწოროს პოლიტიკური ხელისუფლება. შესაბამისად, საკანონმდებლო ორგანოს ყოველი ასეთი მოქმედება განსაკუთრებული ყურადღებით უნდა შემოწმდეს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ.“
სადავო ნორმატიული შინაარსი გვერდითი ეფექტის სახით იწვევს კონსტიტუციის მე-17 მუხლით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლების და 21-ე მუხლით გარანტირებული შეკრების თავისუფლების შეზღუდვას. სადავო ნორმა არ არის გასაჩივრებული შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლების მიმართ, თუმცა პრაქტიკაში ამ ნორმის გამოყენება შესაძლოა იმგვარად მოხდეს, რომ ზემოხსენებული კონსტიტუციური უფლებები შეიზღუდოს და მოსარჩელეების შემთხვევა ამის დასტურია. მოსარჩელეების დაკავებისას ისინი სარგებლობდნენ შეკრების კონსტიტუციური უფლებით. ამ უფლებაში დაუსაბუთებელი ჩარევისაგან დაცვის შესამოწმებლად სასამართლო უნდა იყოს აღჭურვილი პოლიციის კონტროლის სრული პროცესუალური და მატერიალურ-სამართლებრივი შესაძლებლობით. სხვაგვარად, შეკრების თავისუფლება დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ და სასამართლო არ იქნება ეფექტური, გააკონტროლოს სამართალდამცავი ორგანოს ქმედების კანონიერება, რასაც შედეგად ინდივიდის მიმართ მკაცრი სანქციები და გამოხატვის თავისუფლების დაუსაბუთებელი შეზღუდვა მოჰყვება.
4) ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ უკვე დაადგინა კონვენციის ორი მუხლის - მე-11 (შეკრების თავისუფლება) და მე-6 მუხლის პირველი პუნქტის (სამართლიანი სასამართლო) დარღვევა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის - პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის - განხილვისას, მოსამართლის მიერ პოლიციის მოთხოვნის კანონიერების შესწავლის გარეშე პირისათვის ადმინისტრაციული სახდელის - ადმინისტრაციული პატიმრობის დაკისრების გამო. ეს იყო 2014 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე ნემცოვი რუსეთის წინააღმდეგ (https://hudoc.echr.coe.int/eng?i=001-145784). ვინაიდან ეს საქმე პირდაპირ კავშირშია ამ სარჩელის დავის საგანთან, მოსარჩელე მხარეს სურს დეტალურად ისაუბროს აღნიშნულ საქმეზე.
2010 წლის 10 დეკემბერს 8 ადამიანმა, რომელთაგანაც არც ერთი არ იყო მომჩივანი აღნიშნულ საქმეში, შეიტანა გაფრთხილება მოსკოვის მერიაში დემონსტრაციის ჩატარების თაობაზე. გაფრთხილებაში აღნიშნული იყო, რომ დემონსტრაცია ჩატარდებოდა 2010 წლის 31 დეკემბერს საღამოს 6 საათიდან 6:30 საათამდე მოსკოვში, ტრიუმფალნაიას მოედანზე. 1.500-მდე ადამიანი მიიღებდა მონაწილეობას აღნიშნულ ღონისძიებაში. გაფრთხილებაში აღნიშნული იყო, რომ დაგეგმილი ღონისძიება მიზნად ისახავდა, მშვიდობიან დემონსტრაციაში და შეკრებაში მონაწილეობის კონსტიტუციური უფლების დაცვას, რაც გარანტირებულია რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციის 31-ე მუხლით. გაფრთხილებაში აღნიშნული იყო, რომ აუცილებელი იყო ტრანსპორტის მოძრაობის სხვა მიმართულებით გადატანა (მე-7 პუნქტი).
2010 წლის 22 დეკემბერს მოსკოვის მთავრობის უსაფრთხოების სამსახურთან ურთიერთობის დეპარტამენტმა აცნობა შეკრების ორგანიზატორებს, რომ ღონისძიების ჩატარებაზე თანხმობა გასცა მოსკოვის მერის მოადგილემ. შეკრებაში მონაწილეობის მიღების უფლება ჰქონდათ 1000-მდე ადამიანს, ტრიუმფალნაიას მოედნის განსაზღვრული ადგილი გამოყოფილი იყო შეკრების ჩასატარებლად. ეს ადგილი იყო: პირველი და მეორე ბრესტსკაიას ქუჩა, სასტუმრო პეკინის მოპირდაპირედ, ჩაიკოვსკის საკონცერტო დარბაზისკენ მიმავალ გზაზე (მე-8 პუნქტი).
2010 წლის 16 დეკემბერს, სამმა ადამიანმა, რომელთაგანაც არც ერთი არ იყო მომჩივანი ამ საქმეში, მოსკოვის მერიაში წარადგინეს შეტყობინება იმავე ადგილას და იმავე დროს იმავე სახელწოდების ღონისძიების ჩატარების თაობაზე. ამ მეორე ღონისძიების ჩატარების თაობაზე ნებართვა არ გაიცა, თუმცა 2010 წლის 22 დეკემბერს მის ორგანიზატორებს შეეთავაზათ ალტერნატიული დრო და ადგილი ღონისძიების გასამართად. სამი ორგანიზატორიდან, ორს აღნიშნულ ადგილზე მისვლა 2010 წლის 31 დეკემბერს არ შეეძლო, ვინაიდან გაფრთხილების შეტანის შემდეგ, მოხდა მათი დაკავება, ხოლო მესამე პირი საზღვარგარეთ წავიდა (მე-9 პუნქტი).
სანქცირებული მიტინგი დაიწყო 2010 წლის 31 დეკემბრის საღამოს 6 საათზე ტრიუმფალნაიას მოედანზე, როგორც დაგეგმილი იყო. მომჩივანის თქმით, სკვერი პოლიციის კორდონით იყო გარშემორტყმული და მას სპეცრაზმი იცავდა. შეკრებაზე მისვლა ტვრესკაიას ქუჩიდან იყო შესაძლებელი. მომჩივანის განმარტებით, ის მიტინგზე თავის ქალიშვილთან ერთად მივიდა, მომჩივანის თქმით, მან მანქანა ტვრესკაიას ქუჩაზე გააჩერა და ტრიუმფალნაიას მოედანზე ტვერსკაიას ქუჩის მხრიდან მივიდა, მას შემდეგ, რაც კორდონი გაიხსნა (10-ე პუნქტი)
აქციის მიმდინარეობისას ნემცოვმა სიტყვით მიმართა მონაწილეებს. მან გააკრიტიკა იუკოსის ყოფილი მფლობელის მიხეილ ხადარკოვსკის და მისი თანამშრომლის პლატონ ლებედევის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი. ნემცოვმა ასევე დაგმო სახელწიფო სამსახურში არსებული კორუფცია და გააჟღერა შემდეგი სლოგანი: „ხელისუფლება უნდა გადადგეს“ „გადადგეს პუტინი“ „მრავალ ახალ წელს პუტინის გარეშე“ (მე-11 პუნქტი)
მიტინგის ბოლოს, მომჩივანი თავის ქალიშვილთან ერთად ტრიუმფალნაიას მოედნიდან ტვერსკაიას ქუჩისკენ გაემართა. კორდონის გასასვლელთან მომჩივანმა ნახა, პოლიცია როგორ აკავებდა შეკრების ერთ-ერთ მონაწილეს. ცოტა ხანში, მომჩივანიც დააკავეს და ჩასვეს პოლიციის მანქანაში (მე-12 პუნქტი).
მხარეები სადავოდ ხდიან მომჩივანის დაკავებასთან დაკავშირებულ გარემოებებს (მე-13 პუნქტი).
მომჩივანის თქმით, ის მიდიოდა თავისი მანქანისაკენ. მომჩივანის და მისი ქალიშვილის მსვლელობა შეაფერხა პოლიციამ. მომჩივანი და მისი ქალიშვილი აღმოჩნდა ხალხის მასაში. მომჩივანმა მოისმინა ხმის გამაძლიერებლით პოლიციის ინსტრუქცია, შეენარჩუნებინათ სიმშვიდე და დაშლილიყვნენ. მომჩივანმა დაინახა როგორ სვამდნენ პოლიციელები აქციის ორ მონაწილეს პოლიციის მანქანაში. ამის შემდეგ, მომჩივანიც დააკავეს, წინასწარი გაფრთხილებისა და ახსნა-განმარტების გარეშე. მომჩივანი აცხადებს, რომ მას წინააღმდეგობა არ გაუწევია პოლიციის მოთხოვნისადმი, მისი მხრიდან არ ყოფილა დაუმორჩილებლობა. უფრო მეტიც, ის დაემორჩილა პოლიციის მოწოდებას, დაშლილიყვნენ. მომჩივანი დააკავა პოლიციის ოფიცერმა, რომელსაც ბეწვიანი ქუდი ეფერა, რაც მის მაღალ რანგზე მიუთითებს. ამ პირისაგან განსხვავებით, კორდონში მდგარ პირებს მყარი ჩაფხუტები ეკეთათ (მე-14 პუნქტი)
მომჩივანი აცხადებდა, რომ მისი დაკავება გადაიღო ორმა სატელევიზიო არხმა და ერთმა დამოუკიდებელმა ფოტოგრაფმა, მომჩივანი ასევე აცხადებდა, რომ დაკავება გადაღებული იყო პოლიციის მიერ და ჩანაწერი ინახებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსკოვის სამმართველოში (მე-15 პუნქტი).
მთავრობის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, სანქცირებული მიტინგის დამთავრების შემდეგ, მომჩივანი წავიდა ტვერსკაიას ქუჩაზე და გამვლელებს მოუწოდებდა, სხვა, არასანქცირებულ მიტინგში მონაწილეობისაკენ. ამ დროს მომჩივანი წარმოთქვამდა ანტი-სამთავრობო ლოზუნგებს. მთავრობის მტკიცებით, ორმა პოლიციელმა გააფრთხილეს მომჩივანი, შეეწყვიტა ხალხში აგიტაცია და დაბრუნებულიყო სანქცირებულ მიტინგზე. მთავრობის მტკიცებით, მომჩივანმა ყურადღება არ მიაქცია პოლიციის გაფრთხილებას, გააგრძელა ლოზუნგების შეძახილი და არ დაემორჩილა პოლიციას. ამის გამო, პოლიციის ორმა თანამშრომელმა დააკავეს მომჩივანი (მე-16 პუნქტი).
იმავე დღეს, საღამოს 7 საათზე მომჩივანი მიიყვანეს ტვერსკაიას რაიონის პოლიციის განყოფილებაში. 7:10 საათზე რიგითმა შეადგინა პატაკი, სადაც აღნიშნული იყო, რომ ნემცოვი პოლიციის განყოფილებაში მიყვანილი იქნა ადმინისტრაციული მასალების შესადგენად. 7:10 საათზე მორიგე ოფიცერმა შეადგინა ნემცოვის დაკავების ოქმი, სადაც აღნიშნული იყო, რომ ნემცოვის დაკავება მოხდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-19 მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისათვის. დაკავების ოქმში აღნიშნული იყო, რომ ნემცოვის დაკავება მოხდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენის მიზნით. მომჩივანმა ხელი მოაწერა ორივე დოკუმენტს, თუმცა არ დაეთანხმა მათ შინაარსს (მე-17 პუნქტი).
პოლიციის ორმა ოფიცერმა, რომელიც ირწმუნებოდა, რომ დააკავეს ნემცოვი, შეადგინეს იდენტური შინაარსი პატაკი, სადაც აღნიშნულია: 2010 წლის 31 დეკემბერს 18:30 საათზე, ბორის ელიფიმოვიჩ ნემცოვი დაკავებული იქნა პოლიციის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო. პოლიციის ორი ოფიცერი ასრულებდა მათ მოვალეობას, დაცული ყოფილიყო საზოგადოებრივი წესრიგი. ნემცოვი იდგა ტვერსკაიას #31 და ყვიროდა: „ძირს პუტინი“ „რუსეთი პუტინის გარეშე,“ შეურაცხყოფას აყენებდა პრეზიდენტ მედვედევს და ამით იქცევდა ხალხის ყურადღებას. ნემცოვი მოქალაქეებს მოუწოდებდა მაიაკოვსკის ძეგლთან მისვლას, მიტინგის გამართვის მიზნით. პოლიციის ორი ოფიცერი მიუახლოვდა ნემცოვს, საკუთარი თავი წარუდგინა და გააფრთხილა, რომ დაუშვებელი იყო ტრიუმფალნაიას მოედანზე მიტინგის ჩატარება. პოლიციის ოფიცრებმა სთხოვეს ნემცოვს დაბრუნებულიყო სანქცირებულ ღონისძიებაზე, რაც იმართებოდა ბრესტკაიას პირველ და მეორე ქუჩებს შორის, სასტუმრო „პეკინის“ მოპირდაპირე ტერიტორიაზე. ნემცოვმა ამ მოწოდებას ყურადღება არ მიაქცია და გააგრძელა ლოზუნგების შეძახილი, ხალხისთვის მიტინგის ჩატარებისაკენ მოწოდება. ნემცოვმა განზრახ უარი განაცხადა, დამორჩილებოდა კანონიერ მოთხოვნას საზოგადოებრივი წესრიგის დამრღვევი მოთხოვნის შეწყვეტის თაობაზე და აშკარად გააგრძელა უკანონო ქმედება. იმისათვის, რომ თავიდან ყოფილიყო აცილებული ტრიუმფალნაიას მოედანზე არასანქცირებული მიტინგის ორგანიზება და სხვა უკანონო ქმედებები, პოლიციამ მოუწოდა ნემცოვს პოლიციის მანქანაში ჩაჯდომა. აღნიშნულ კანონიერ მოთხოვნაზე, ჩამჯდარიყო პოლიციის მანქანაში, ნემცოვმა დაკარგა საკუთარ თავზე კონტროლი. ნემცოვმა პოლიციელებს ხელი ჰკრა და იყვირა შეურაცხმყოფელი სიტყვები: „ძირს პოლიციური სახელმწიფო“ „თავისუფლება ყველა პოლიციელს.“ ამით ნემცოვი შეეცადა უწესრიგობის გამოწვევას იქ შეკრებილ მოქალაქეებს შორის. ნემცოვმა გამოამჟღავნა თავისი უარყოფითი დამოკიდებულება პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი, შეუშალა პოლიციას ხელი თავისი ფუნქციის შესრულებაში და ჩაიდინა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-19 მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევა (მე-18 პუნქტი).
საღამოს 7:30 საათზე პოლიციის ორივე ოფიცერმა შეადგინეს მოწმის ჩვენებები, რაც მათი სამსახურებრივი პატაკის იდენტური იყო (მე-19 პუნქტი).
იმავდროულად, რაიონული პოლიციის ინსპექტორმა შეადგინა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი, რომლის მიხედვითაც ნემცოვი არ დაემორჩილა პოლიციის კანონიერ მოთხოვნას, ამით ჩაიდინა სამართალდარღვევა, რაც გათვალისწინებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტით. ნემცოვმა ოქმზე გააკეთა შემდეგი შენიშვნა: „100 პროცენტით ტყუილია“ (მე-20 პუნქტი)
2011 წლის 2 იანვარს ტვერსკაიას რაიონული სასამართლოს მომრიგებელმა მოსამართლემ ჩანიშნა მომჩივანის საქმის განხილვა იმავე დღეს (29-ე პუნქტი).
11:30 საათზე მომჩივანი მიიყვანეს მომრიგებელ მოსამართლესთან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განსახილველად (30-ე პუნქტი).
მომჩივანმა თავი უდანაშაულოდ სცნო და განაცხადა, რომ პოლიტიკური რეპრესიის გარდა, არ არსებობდა მისი დაკავების სხვა მიზეზი. მომჩივანმა სადავოდ გახადა პოლიციის მიერ შედგენილი ოქმები და პატაკები. მომჩივანი არ დაეთანხმა პოლიციას, რომ დაკავებამდე მან მიიღო პოლიციისაგან რაიმე გაფრთხილება ან მოთხოვნა, რასაც მომჩივანი არ დაემორჩილა (33-ე პუნქტი).
მომჩივანის მოთხოვნით, მომრიგებელმა მოსამართლემ გამოიძახა და დაკითხა 13 მოწმე, რომლებიც იმყოფებოდნენ სანქცირებული დემონსტრაციის ჩატარების ადგილას. მოწმეებმა განაცხადეს, რომ მათ გაიგეს როგორ მიმართა ნემცოვმა სიტყვით მიტინგს, დაემშვიდობა მიტინგის მონაწილეებს და დატოვა დემონსტრაცია. მოწმეების თქმით, ნემცოვს არ მოუწოდებია სხვა მიტინგის გამართვის თაობაზე. სამმა მოწმემ განაცხადა, რომ მათ მიტინგი იმ დროს დატოვეს, რა დროსაც მომჩივანმა და დაინახეს, როგორ დააკავეს მომჩივანი. მოწმეების განმარტებით, მიტინგიდან გასასვლელი გადაკეტილი ჰქონდა პოლიციას. ამიტომ წარმოიშვა იმ ხალხის რიგი, ვისაც ტრიუმფალნაიას მოედნის დატოვება უნდოდა. როდესაც მომჩივანი მივიდა პოლიციის კორდონთან, პოლიციელებმა ნემცოვი სხვა იმ ადამიანისაგან განაცალკევეს, ვისაც მიტინგის დატოვება უნდოდა და ამის შემდეგ, ბორის ნემცოვი დააკავეს. ერთ-ერთმა მოწმემ განაცხადა, რომ მომჩივანი პოლიციას ეკითხებოდა, რატომ იყო მიტინგიდან გასასვლელი ჩაკეტილი. ამ მოწმემ ასევე გაიგო, როგორ ყვიროდა ნემცოვი, რომ შეკრების თავისუფლება გარანტირებულია კონსტიტუციის 31-ე მუხლით. ამის მიუხედავად, ამ მომენტში ბორის ნემცოვისაგან არ ყოფილა სხვა მოწოდება ან უცენზურო გამონათქვამი გაჟღერებული. სხვა მოწმეებს არ უნახავთ დაკავების მომენტი. ნემცოვის ქალიშვილისა და მისი მეგობრის განმარტებით, მიტინგიდან ბორის ნემცოვთან ერთად მიდიოდნენ მანქანისაკენ და ისინი საუბრობდნენ ახალი წლის გეგმებზე. როდესაც ბორის ნემცოვთან ერთად პოლიციის კორდონს მიუახლოვდნენ, ნემცოვი გაქრა თავისი ქალიშვილის და მისი მეგობრის თვალთახედვის არედან და დაიკარგა ხალხის მასაში. ორი წუთის შემდეგ ქალიშვილმა დაურეკა მობილურ ტელეფონზე ბორის ნემცოვს და გაიგო, რომ ეს უკანასკნელი დაკავებული იყო (38-ე პუნქტი).
სასამართლომ დაკითხა ორი პოლიციელი: სერჟანტი და რიგითი, ისინი ვინც დაწერეს პატაკები ნემცოვის მიერ ჩადენილ სამართალდამცავების ბრძანების დაუმორჩილებლობასთან დაკავშირებით. პოლიციელებმა სასამართლოს აჩვენეს, რომ 2010 წლის 31 დეკემბერს იმყოფებოდნენ ტრიუმფალნაიას მოედანზე საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად. ამ ორმა პოლიციელემა დაინახა ნემცოვი ტვერსკაიას # 31-ში. პოლიციელების თქმით, ნემცოვი წარმოთქვამდა ანტი-სამთავრობო ლოზუნგებს და მოუწოდებდა მის გარშემო ხალხს არასანქცირებულ მიტინგში მონაწილეობისაკენ. პოლიციელები მიუახლოვდნენ ნემცოვს და მოსთხოვეს სანქცირებული მიტინგის მიღმა აგიტაციის შეწყვეტა. პოლიციელებმა ნემცოვს მოსთხოვეს მიტინგისთვის გამოყოფილ ადგილას დაბრუნება და იქ სიტყვით გამოსვლა. მომჩივანს რეაგირება არ მოუხდენია ამ მოთხოვნაზე, რის შემდეგაც ნემცოვს შესთავაზეს პოლიციის მანქანაში ჩაჯდომა. ნემცოვი არ დაემორჩილა ამ მოთხოვნას, რის შემდეგაც ის დააკავეს. დაკავებისას ნემცოვმა პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია (39-ე პუნქტი).
იმავე დღეს, მომრიგებელმა მოსამართლემ მომჩივანი ცნო ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად პოლიციის მოთხოვნის - შეწყვიტა ანტი-სამთავრობო ლოზუნგების ყვირილი და დაკავებისას წინააღმდეგობა - შეუსრულებლობის გამო. მომრიგებელმა მოსამართლემ თავისი გადაწყვეტილება დააფუძნა პოლიციელების სასამართლოში მიცემულ ზეპირ ჩვენებებზე და მათ 2010 წლის 31 დეკემბრის წერილობით პატაკებზე, დაკავების ოქმზე, 2010 წლის 16 დეკემბრის გაფრთხილებაზე დემონსტრაციის ჩატარების თაობაზე, 2010 წლის 22 დეკემბრის მერიის წერილზე ამ ღონისძიების ჩატარებაზე უარის თქმის თაობაზე. მომრიგებელმა მოსამართლემ არ გაიზიარა ნემცოვის ჩვენება, ვინაიდან ამით ის მიზნად ისახავდა, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან თავის არიდებას. მოსამართლემ ასევე არ გაიზიარა 7 თვითმხილველი მოწმის ჩვენებები, ვინაიდან ისინი ეწინააღმდეგებოდა პოლიციელების ჩვენებას, იმავდროულად ეს მოწმეები იყვნენ სამართალდამრღვევის ნაცნობები, მონაწილეობას იღებდნენ იმავე დემონსტრაციაში, ამიტომ ნემცოვის სასარგებლოდ იყვნენ მიკერძოებული. ექვსი მოწმის ჩვენება უარყოფილი იქნა, როგორც განსახილველ საქმესთან შემხებლობის არ მქონე (40-ე პუნქტი).
მომჩივანი სამართალდამრღვევად იქნა ცნობილი პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისათვის, რაც გათვალისწინებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-19 მუხლის მე-3 ნაწილით. მომჩივანს შეეფარდა ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღის ვადით (41-ე პუნქტი).
2011 წლის 12 იანვარს ტვერსკაის რაიონულმა სასამართლომ ნემცოვის საჩივარი განიხილა სააპელაციო წესით, ვინაიდან გასაჩივრებული იყო ამ სასამართლოს მომრიგებელი მოსამართლის გადაწყვეტილება. მომჩივანის მოთხოვნით შედგენილი იქნა სხდომის ოქმი (44-ე პუნქტი).
ტვერსკაიას რაიონულმა სასამართლომ დასაშვებ მტკიცებულებად სცნო ერთი ვიდეომასალა. მოწმედ გამოიძახა ფოტოგრაფი, მტკიცებულებად საქმეს დაურთო ამ ფოტოგრაფის მიერ გადაღებული ფოტო და ვიდეომასალა (46-ე პუნქტი).
ფოტოგრაფმა სასამართლოს უჩვენა, რომ პროფესიული მოვალეობის განსახორციელებლად იღებდა მიტინგის, როგორც ფოტოსურათებს, ისე ვიდეომასალას. ფოტოგრაფი ნემცოვს გასასვლელში უცდიდა, რათა ინტერვიუ აეღო მისგან. როდესაც მომჩივანი მიუახლოვდა გასასვლელს, იქ პოლიციელთა დიდ ჯგუფს ჩაკეტილი ჰქონდათ გზა და ერთ წუთში კორდონთან გაჩნდა ხალხის რიგი, რომელიც კორდონიდან ვერ გადიოდა. ამის შემდეგ, შეკრების ერთი მონაწილე დააკავეს, 30 წამის გასვლის შემდეგ - მეორე მონაწილე, ბოლოს კი - ნემცოვი. ფოტოგრაფმა დაინახა ნემცოვის დაკავების მომენტი, როცა ის ამ ფაქტს ვიდეოთი იღებდა 5-6 მეტრის მოშორებით. ფოტოგრაფს ნემცოვისაგან აშორებდა ადამიანების რამდენიმე რიგი. პოლიცია ორ რიგად იყო განლაგებული. გადაღება დაიწყო დაკავებამდე რამდენიმე წუთით ადრე და უწყვეტად გაგრძელდა მომჩივანის პოლიციის მანქანაში ჩასმამდე. ფოტოგრაფის განმარტებით, მომჩივანს დამკავებელი პოლიციისათვის არავითარი წინააღმდეგობა არ გაუწევია. მოწმემ ფოტოსურათზე უჩვენა ოფიცერზე, რომელსაც ახურავს ბეწვის ქუდი. ფოტოგრაფის განმარტებით, სწორედ ამ ოფიცერმა დააკავა მომჩივანი, გაიყვანა ხალხის მასიდან და გადასცა სხვა პოლიციის თანამშრომელს, რომელმაც თავის მხრივ, ნემცოვი პოლიციის მანქანაში ჩასვა. მომჩივანი აცხადებს, რომ ნემცოვს არ წამოუძახია რაიმე ლოზუნგი, არც ვინმესთვის მიუყენებია შეურაცხყოფა. მომჩივანი დამკავებელს მიმართავდა შემდეგ სიტყვებით: „ნელა.“ „ნელა (47-ე პუნქტი).
სასამართლომ გამოაქვეყნა ფოტოგრაფის მიერ გადაღებული ვიდეომასალა, ამის მიუხედავად, არ გაიზიარა არც ფოტოგრაფის ჩვენება, არც მის მიერ გადაღებული ვიდეოჩანაწერი, არც ფოტოსურათი, შემდეგი გარემოების გამო:
ვიდეომასალა იწყება მოსკოვში ტვერსკაიას ქუჩაზე შეკრებილი ხალხის ჩვენებით. ბატონი ნემცოვი დგას ცენტრში. პოლიციელი მოქალაქეებს ხმის გამაძლიერებლით მოუწოდებს, დაიშალონ და არ მოახდინონ გადასასვლელის ბლოკირება. ბატონი ნემცოვი რჩება ერთ ადგილას და მიმართავს იქ შეკრებილ მოქალაქეებს. ოპერატორი იმგვარად არის დაშორებული ნემცოვისაგან, რომ მათ ხალხის რამდენიმე რიგი ჰყოფს, როგორც მოქალაქეები, ისე პოლიციელები, შესაბამისად, გაუგებარია რაზე საუბრობენ მომჩივანი და მოქალაქეები. მოულოდნელად ნემცოვის გადაღება წყდება, ვინაიდან კამერის ობიექტივი გადადის პოლიციელზე, რომელიც პირველ დემონსტრანტს აკავებს, შემდეგ, კამერა იღებს, როგორ აკავებენ და პოლიციის მანქანაში სვამენ მეორე დემონსტრანტს. მხოლოდ ამის შემდეგ, ვიდეო მასალაში ნაჩვენებია ნემცოვი, რომელსაც პოლიციის მანქანაში სვამს პოლიციელი. ამ მომენტში მომჩივანი არავითარ წინააღმდეგობას არ უწევს პოლიციელს.
ამასთან დაკავშირებით, მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ ვიდეომასალაში არ ჩანს ბორის ნემცოვის ქცევა მისი პოლიციის მანქანაში ჩასმამდე. ასევე ვიდეომასალაში არ ისმის, რაზე ელაპარაკება ნემცოვი იქ შეკრებილ მოქალაქეებს მის დაკავებამდე. სასამართლო ასკვნის, რომ ამ ვიდეომასალით არ ხდება პოლიციელების ჩვენების გაქარწყლება, ვერც ფოტოგრაფის ჩვენებით ქარწყლდება პოლიციელების ჩვენებები, ვინაიდან ფოტოგრაფმა დაინახა ის, რაც ვიდეომასალაშია ასახული.
ფოტოგრაფმა სააპელაციო განხილვისას აღწერა, რომ ნემცოვი გარშემორტყმული იყო პოლიციელებით, მათგან ერთ-ერთი ატარებდა იარაღს. ეს გარემოება ვერ აქარწყლებს საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს, მათ შორის ორი პოლიციელის ჩვენებას, ვინაიდან ფოტოგრაფის ჩვენებაში არ არის მითითებული კონკრეტული დრო და ადგილი, როდესაც ფოტოგრაფის ჩვენებაში გადმოცემული მოვლენები ხდება (48-ე პუნქტი).
იმავე დღეს სასამართლომ არ დააკმაყოფილა მომჩივანის საჩივარი და ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება. სასამართლომ დაადგინა, რომ პოლიციის ორი თანამშრომლის პატაკების და ჩვენების საფუძველზე, მომჩივანი მართლაც არ დაემორჩილა პოლიციის კანონიერ მოთხოვნას. სააპელაციო ინსტანციამ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის დასაბუთება, სადაც უარყო მომჩივანის შუამდგომლობით დაკითხული 13 მოწმის ჩვენებები. რაც შეეხება ორი პოლიციელის ჩვენებას, სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს თქმით, მას არავითარი მიზეზი არ ჰქონდა, ეჭვი შეეტანა ამ ჩვენებების სანდოობაში. პოლიციელებს არავითარი პერსონალური ინტერესი არ ჰქონდათ მომჩივანის მიმართ (49-ე პუნქტი).
ევროპულმა სასამართლომ ამ საქმეზე საჭიროდ მიიჩნია არ გაეზიარებინა შიდა სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და თავად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები: ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა: რაც შეეხება 2010 წლის 31 დეკემბრის აქციას, ევროპული სასამართლო ადგენს, რომ მხარეები პირდაპირ ან არაპირდაპირ თანხმდებიან გარკვეულ ფაქტებზე, რომელიც შემდეგნაირად შეიძლება შეჯამდეს. მომჩივანმა მონაწილეობა მიიღო სანქცირებულ და მშვიდობიან დემონსტრაციაში საღამოს 6 საათიდან 6:30 საათამდე, ტრიუფალნაიას მოედანზე. მიტინგის ჩასატარებლად გამოყოფილი ადგილი პოლიციის კორდონით იყო გარშემორტყმული და მიტინგზე მოხვედრა მხოლოდ ტვერსკაიას ქუჩიდან იყო შესაძლებელი. მიტინგზე შესასვლელ ადგილს იცავდა სპეცრაზმი. მიტინგის მიმდინარეობისას მომჩივანმა დემონსტრანტებს მიმართა მწვავე პოლიტიკური განცხადებით, რაც ხელისუფლების მიერ მიჩნეული იქნა სადავოდ და პროვოკაციულადაც კი. მიმართვის დასრულების შემდეგ მომჩივანი გაემართა გასასვლელისაკენ. მას თან ახლდა ქალიშვილი და ამ უკანასკნელის მეგობარი. მომჩივანი დააკავეს ტვერსკაიას ქუჩის გასასვლელთან, სანამ დატოვებდა პოლიციის მიერ შემოსაზღვრულ ტერიტორიას. მომჩივანის დაკავება არ აღემატებოდა კორდონთან მისვლიდან ერთიდან ორ წუთს. დროის ეს მონაკვეთი, რაზეც მომჩივანის ქალიშვილი და ამ უკანასკნელის მეგობარი მიუთითებს, სადავოდ არ გამხდარა ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესის რომელიმე ეტაპზე. მხარეები თანხმდებიან ამ გარემოებაზე. ეს გარემოება შეესაბამება მოწმეთა ჩვენებას და პოლიციის პატაკებს. შესაბამისად, ევროპულ სასამართლოს მიაჩნია, რომ ეს გარემოება სათანადოდ იქნა დადგენილი (66-ე პუნქტი).
მხარეებს შორის სადავოა ფაქტები, რომელსაც ადგილი ჰქონდა მომჩივანის პოლიციის კორდონთან მისვლიდან მის პოლიციის მანქანაში მოთავსების პერიოდს შორის, ერთიდან ორ წუთამდე. მომჩივანის განმარტებით, როგორც კი ის პოლიციის კორდონთან მივიდა, სათანადო საფუძვლისა და წინაპირობის გარეშე მოხდა მისი დაკავება. მთავრობა, თავის მხრივ, იმეორებს, ორი პოლიციელის ჩვენებას, რომლის მიხედვითაც, მომჩივანი მიმართავდა ტვერსკაიას ქუჩაზე გამვლელებს, მოუწოდებდა მათ სპონტანური დემონსტრაციის ჩატარებისაკენ. მომჩივანი ყვიროდა ანტი-სამთავრობო ლოზუნგებს, არ ემორჩილებოდა პოლიციის გაფრთხილებას და მოთხოვნას, დაბრუნებულიყო სანქცირებულ მიტინგზე. მომჩივანი აგრძელებდა აგიტაციას, სანამ არ დააკავებდნენ (67-ე პუნქტი).
სახელმწიფოს ოფიციალური ვერსია ვერ ხსნის, რატომ მოუწოდებდა მომჩივანი გამვლელებს სხვა არასანქცირებული მიტინგის ჩატარებისკენ, მას შემდეგ, რაც, ცოტა ხნით ადრე, სიტყვით მიმართა სანქცირებული მიტინგის მონაწილეებს. მთავრობას არც ის აუხსნია, პოლიციის კორდონის მიღმა ვინ იყვნენ გამვლელები. მოწმეთა ჩვენებით, კორდონის შიგნით მოქცეული ხალხი იყვნენ სანქცირებული დემონსტრაციის მონაწილეები, რომლებსაც სურდათ დაეტოვებინათ პოლიციის კორდონით შემოსაზღვრული ტერიტორია. ამასთან ოფიციალური ვერსია დამაჯერებელი არ არის დროის თვალსაზრისითაც. მომჩივანის მიერ ჩადენილი ქმედებები და მისი დაკავება შეუძლებელია მომხდარიყო ერთიდან ორი წუთის ფარგლებში. უფრო მეტიც, მთელი იმ დროის განმავლობაში, რაც ასახულია ფოტოგრაფის მიერ გადაღებულ ვიდეოში, მომჩივანი აგიტაციის და დაუმორჩილებლობის არავითარ ნიშნებს არ ამჟღავნებს, თავად ტვერსკაიას რაიონული სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოების შესაბამისად (68-ე პუნქტი).
უფრო მეტიც, არც ერთ თვითმხილველს, გარდა ორი პოლიციელისა, არ უნახავს და არ მოუსმენია როგორც მოუწოდებდა მომჩივანი სხვებს სხვა მიტინგის გამართვისაკენ. ერთ-ერთმა მოწმემ განაცხადა, რომ მან გაიგონა, როგორ ჰკითხა ნემცოვმა სპეცრაზმელს, რატომ იყო ჩაკეტილი გასასვლელი და წამოიყვირა, რომ კონსტიტუციის 31-ე მუხლით დაცულია შეკრების თავისუფლება. ამის მსგავსად, ფოტოგრაფის განმარტებით, მომჩივანს გზა გადაუჭრა პოლიციამ მას შემდეგ, რაც ეს უკანასკნელი კორდონს მიუახლოვდა. ორივე მოწმის ჩვენება ემთხვევა, მომჩივანის მიერ აღწერილ ვერსიას (69-ე პუნქტი).
ქვეყნის შიდა სასამართლოების დასკვნები, რომ ამის მიუხედავად, მომჩივანს უნდა ჩაედინა სამართალდარღვევა დროის ძალიან მცირე პერიოდში, რაც არ არის ასახული ფოტოგრაფის მიერ გადაღებულ ვიდეომასალაში, ეფუძნება მხოლოდ ორი პოლიციელის ჩვენებებს და მათსავე წერილობით პატაკს. პოლიციელების ჩვენებებმა გადაწონა მომჩივანის და სხვა მოწმეების ჩვენებები. ამის მიუხედავად, მომჩივანის სამართალდარღვევის საქმეში ამ პოლიციელების როლის გათვალისწინებით, ევროპული სასამართლო ვერ გაიზიარებს ხელისუფლების ეროვნული ორგანოების დასკვნებს, რომ ეს პოლიციელები იყვნენ ნეიტრალური დამკვირვებლები. ევროპული სასამართლო ვერ ხედავს ვერავითარ დასაბუთებას, ძლიერი მტკიცებულებითი ღირებულება მიანიჭოს ამ პოლიციელების ჩვენებებს (70-ე პუნქტი).
აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, ევროპული სასამართლო თვლის, რომ ამ საქმეში არსებობს დამაჯერებელი მიზეზი, რის გამოც ეჭვი უნდა იქნეს მიტანილი მომჩივანის დაკავების და ადმინისტრაციული დევნის გარემოებებთან დაკავშირებით ოფიციალური ვერსიის დამაჯერებლობაში. საქმეში არსებული მასალები არასაკმარისი მტკიცებულებას შეიცავს იმასთან დაკავშირებით, რომ მომჩივანი ცდილობდა კანონიერი თუ უკანონო მიტინგის ჩატარებისკენ მოწოდებას და ის არ დაემორჩილა პოლიციის მოთხოვნას. მეორე მხრივ, ევროპული სასამართლო ადგენს, რომ მომჩივანის ბრალდებები სათანადოდ დამაჯერებელია და დასტურდება სხვა მტკიცებულებებით. მხარეთა მიერ წარდგენილი ყველა მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლო ადგენს, რომ მომჩივანი მიუახლოვდა პოლიციის კორდონს და აღმოჩნდა ხალხის მასაში, რომელიც ცდილობდა მიტინგის ჩატარების ადგილის დატოვებას, თუმცა ამას ვერ ახერხებდა, ვინაიდან გასასვლელი ჩაკეტილი ან გადახერგილი იყო. ამ მომენტში მომჩივანი დაინტერესდა, რატომ იყო გასასვლელი გადაკეტილი და დაიყვირა, რომ კონსტიტუციის 31-ე მუხლი იცავს შეკრების თავისუფლებას, ამის შემდეგ, მომჩივანი დააკავეს და ჩასვეს პოლიციის მანქანაში. მომჩივანს წინააღმდეგობა არ გაუწევია დაკავებისას (71-ე პუნქტი).
ევროპული სასამართლო მიუთითებს, რომ მომჩივანის დაკავების და მის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების სამართლებრივი საფუძველი იყო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტი. ამ უკანასკნელით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული სახდელი პოლიციის კანონიერი ბრძანებისადმი დაუმორჩილებლობისათვის. ამ დებულებაზე მითითებას სადავოდ ხდის მომჩივანი, იმის გამო, რომ მთავრობის მიერ დასახელებული მოვლენები არ მომხდარა. ევროპული სასამართლო ეთანხმება მომჩივანს. ევროპული სასამართლო ადგენს, რომ ხელისუფლებამ ვერ დაამტკიცა, რომ პოლიციამ ბრძანება მისცა მომჩივანს, ეს ბრძანება იყო კანონიერი და მომჩივანი მას არ დაემორჩილა. ამის საწინააღმდეგოდ, ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ მომჩივანი მივიდა პოლიციის კორდონთან და დაკავებული იქნა მას შემდეგ, რაც დაიყვირა, რომ კონსტიტუციის 31-ე მუხლი იცავს შეკრების თავისუფლებას, ამასთან, მომჩივანს, დაკავებამდე, პოლიციისაგან არ მიუღია რაიმე მოთხოვნა, რომელსაც ის არ დაემორჩილა. ევროპული სასამართლო ასკვნის, რომ მომჩივანის დაკავება და მისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება არავითარ კავშირში არ იყო პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის სამართლებრივი ნორმების მიზნებთან. ამგვარი სამართლებრივი საფუძვლით მომჩივანის შეკრების თავისუფლებაში ჩარევა ფასდება როგორც თვითნებური და უკანონო (76-ე პუნქტი).
ევროპული სასამართლოს შეფასებით მომჩივანისათვის მიწერილი ქმედებები, კერძოდ მოწოდება სპონტანური დემონსტრაციის ჩატარებისკენ და ანტი-სამთავრობო ლოზუნგების ყვირილი - დაცულია კონვენციის მე-10 და მე-11 მუხლებით. პოლიციის ბრძანება - ამგვარი ქმედების შეწყვეტის თაობაზე - იმის მიუხედავად, მოხდა თუ არა ისინი - მოითხოვს სათანადო დასაბუთებას იმისათვის, რომ ეს ბრძანება კანონიერად ჩაითვალოს. ეს გარემოება ქვეყნის შიდა სასამართლოების ყურადღების მიღმა დარჩა (77-ე პუნქტი).
საბოლოოდ, აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით ევროპულმა სასამართლომ დაადგინა კონვენციის მე-11 მუხლის დარღვევა (მე-80 პუნქტი), თუმცა ამ საქმეში მომჩივანი იმავდროულად დავობდა იმაზე, რომ დაერღვა სამართლიანი სასამართლოს უფლება (81-ე პუნქტი). ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მის მიერ ზემოთ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ფარგლებში განიხილა ნემცოვის საჩივარი სამართლიანი სასამართლოს ჭრილში და აქაც დარღვევა დაადგინა.
ევროპული სასამართლო იმეორებს, რომ იმისათვის, რომ ქმედება სისხლისსამართლებრივად იქნეს მიჩნეული, კონვენციის მე-6 მუხლის მიზნებისათვის, პირველ რიგში, უნდა გაირკვეს, ამ ქმედების ამკრძალავი ნორმა მოპასუხე ქვეყნის სამართლებრივ სისტემაში მიეკუთვნება თუ არა სისხლის სამართალს. ამ კითხვაზე უარყოფითი პასუხის გაცემის შემდეგ, უნდა დადგინდეს „ქმედების ბუნება“ და ამ ქმედების ჩადენისათვის გათვალისწინებული სასჯელის სიმკაცრე. თუკი აკრძალული ქმედების ჩადენისათვის გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა, ეს ქმედება ჩაითვლება სისხლისსამართლებრივად (82-ე პუნქტი).
აღნიშნულ საქმეში, მომჩივანი სამართალდამრღვევად იქნა ცნობილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის, რისთვისაც შეეფარდა პატიმრობა. სანქციის ბუნება აშკარად სადამსჯელო ხასიათის იყო. უფრო მეტიც, მომჩივანმა მოიხადა 15 დღიანი პატიმრობა სამართალდამრღვევად ცნობის შედეგად. ამის გამო მომჩივანის მიერ ჩადენილი ქმედება, კონვენციის მიზნებისათვის, უნდა დაკვალიფიცირდეს სისხლისსამართლებრივად. შესაბამისად, გამოიყენება კონვენციის მე-6 მუხლი (83-ე პუნქტი).
ევროპული სასამართლო იმეორებს, რომ მის ფუნქციას არ წარმოადგენს ქვეყნის შიდა სასამართლოების ჩანაცვლება. შიდა სასამართლოები უკეთეს მდგომარეობაში იმყოფებიან შეაფასონ მათ წინაშე წარდგენილი მტკიცებულებები, დაადგინონ ფაქტები და განმარტონ ქვეყნის შიდა სამართალი. ევროპული სასამართლო ამაში არ ჩაერევა, თუკი ქვეყნის შიდა სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები აშკარად თვითნებური და დაუსაბუთებელი არ არის და იმავდროულად, პროცესი მთლიანობაში არის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისი (87-ე პუნქტი).
მართალია, ევროპული სასამართლოს ფუნქციას არ წარმოადგენს ქვეყნის შიდა სასამართლოების ქმედებების კონვენციის მე-6 მუხლთან შესაბამისობის დადგენისას, მათ მიერ დაშვებული ფაქტობრივი და სამართლებრივი შეცდომების დადგენა, ამის მიუხედავად, გადაწყვეტილება, რაც თვითნებური და აშკარად არაგონივრულია, შესაძლოა მიჩნეული იქნეს სამართლიანი სასამართლოს უფლებასთან შეუთავსებლად (88-ე პუნქტი).
ევროპულმა სასამართლომ ამ საქმეში, ზემოთ, დაადგინა, რომ არსებობდა დამაჯერებელი მიზეზი, რათა ევროპულ სასამართლოს არ გაეზიარებინა ქვეყნის შიდა სასამართლოების მიერ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებული დასკვნები. ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის მომჩივანის სამართალდამრღვევად ცნობა იყო თვითნებური და კონვენციის მე-11 მუხლის დარღვევა. სასამართლომ უნდა გაარკვიოს, პროცედურა, რის შედეგადაც სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რამდენად არღვევს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნებსაც (89-ე პუნქტი).
ევროპული სასამართლო მხედველობაში იღებს ქვეყნის შიდა სასამართლოების შეზღუდულ კომპეტენციას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეების განხილვასთან დაკავშირებით. მომჩივანის მხრიდან პოლიციის მოთხოვნის დაუმორჩილებლობის განხილვისას, სასამართლოები არ სწავლობდნენ საკითხს იმასთან დაკავშირებით, რამდენად კანონიერი იყო პოლიციის მოთხოვნა (Makhmudov v. Russia, no. 35082/04, § 82, 26 July 2007). ქვეყნის შიდა სასამართლოებმა გაათავისუფლეს პოლიციელები ვალდებულებისაგან, დაესაბუთებინათ შეკრების თავისუფლებაში ჩარევა და მომჩივანი დასაჯეს ქმედებისათვის, რაც რომ მომხდარიყო, დაცულია კონვენციით (93-ე პუნქტით).
აღნიშნული გარემოებები საკმარისია ევროპული სასამართლოსათვის, რათა დაასკვნას, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის პროცესი მომჩივანის მიმართ, მთლიანობაში არღვევს კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტს (94-ე პუნქტი).
ამგვარად, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყნის შიდა სასამართლოებმა არ შეისწავლეს პოლიციის მოთხოვნის კანონიერება, მიიჩნიეს, რომ მათ მიიღეს თვითნებური გადაწყვეტილებები. ეს უკანასკნელი, თუნდაც ფორმალურად კანონიერი იყოს, არ ემსახურება რაიმე ლეგიტიმური მიზნის მიღწევას. შესაბამისად, ნემცოვის საქმეში არ გვხვდება მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, თუ რა ლეგიტიმური მიზნის მიღწევას ემსახურებოდა ის, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვისას, როდესაც მომჩივანის ქმედება კვალიფიცირებული იყო პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლით, რატომ არ დაადგინა ორი ინსტანციის სასამართლომ პოლიციის მოთხოვნის კანონიერება.
5) თანაზომიერების ტესტი
მართალია, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს საჭიროდ არ მიუჩნევია ლეგიტიმური მიზნის დადგენა საქმეში, სადაც ქვეყნის შიდა სასამართლოებმა უარი თქვეს პოლიციის ქმედების კანონიერების გამოკვლევაზე, ამის მიუხედავად, მოსარჩელე მხარე აცნობიერებს იმას, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსაგან განსხვავებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ახორციელებს აბსტრაქტულ კონტროლს და არ არის შეზღუდული კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებებით, ამიტომ ასახელებს ლეგიტიმურ მიზნებს, რასაც სავარაუდოდ შესაძლოა ემსახურებოდეს სადავო ნორმით დაწესებული შეზღუდვა სამართლიან სასამართლოზე.
შეზღუდვის ლეგიტიმური მიზანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებზე სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელება. ხშირად ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმხილველი მოსამართლე დროში შეზღუდულია, რის გამოც ყველა სამართლებრივად მნიშვნელოვანი გარემოების დადგენა შეიძლება ვერც მოესწროს. ამიტომ, განსაზღვრულ ფარგლებში, შესაძლოა გამართლებულიც იყოს ცალკეული საკითხების სასარჩელო წარმოების გზით გადაწყვეტა. ამ შემთხვევაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ,,სასამართლო სამოქალაქო საქმეს განიხილავს განცხადების მიღების დღიდან არაუგვიანეს 2 თვისა. განსაკუთრებით რთული კატეგორიის საქმეზე მისი განმხილველი სასამართლოს გადაწყვეტილებით ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 5 თვისა.” ამ შემთხვევაში როგორც მხარეებს, ისე სასამართლოს მეტი დრო ექნებათ საქმის გარემოებების დასადგენად და ქმედებისათვის სწორი სამართლებრივი კვალიფიკაციის მისაცემად.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 262-ე მუხლის პირველი პრიმა პუნქტის თანახმად, ,,ამ კოდექსის 45-ე, 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები განიხილება 3 დღის ვადაში. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი რაიონული (საქალაქო) სასამართლო ზეპირ განხილვას იწყებს დაუყოვნებლივ, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების სხვა მასალების მიღებისთანავე, თუ პირის მიმართ გამოყენებულია ადმინისტრაციული დაკავება და ამოწურული არ არის ადმინისტრაციული დაკავების ვადა.“ ამგვარად, სამართალდარღვევის ოქმის შესვლიდან მოსამართლეს აქვს სამდღიანი ვადა საქმის განხილვის დასაწყებად.
უნდა ითქვას ისიც, რომ 2014 წლის 1 აგვისტოს ცვლილებების შეტანამდე მოსამართლე ვალდებული იყო აღნიშნული სამართალდარღვევები განეხილა ერთი დღე-ღამის განმავლობაში. ეს ვადა ცვლილებების შეტანის შემდეგ გაიზარდა. შესაბამისად, გაიზარდა ყველა სამართლებრივ გარემოებების სრულყოფილად დადგენის შესაძლებლობა. აქვე უნდა გავითვალისწინოთ, რომ ,,პოლიციის შესახებ“ კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,პოლიცია უფლებამოსილია საზოგადოებრივი უსაფრთხოების დასაცავად ფორმის ტანსაცმელზე, ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე, გზასა და შენობების გარე პერიმეტრზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაამონტაჟოს/განათავსოს, აგრეთვე გამოიყენოს სხვის მფლობელობაში არსებული დამონტაჟებული ავტომატური ფოტო- და ვიდეოტექნიკა, კერძოდ: დანაშაულის პრევენციის, აგრეთვე პირის უსაფრთხოებისა და საკუთრების, საზოგადოებრივი წესრიგისა და არასრულწლოვნის მავნე ზეგავლენისაგან დაცვის მიზნებისათვის;” სამართალდამცავი ორგანოს კანონიერი წარმომადგენლის მოთხოვნის შეუსრულებლობა დაკავშირებულია საზოგადოებრივი წესრიგის დაცვასთან. შესაბამისად, ეს ნორმა ქმნის იმის შესაძლებლობას, რომ პოლიციამ ვიდეოტექნიკით სრულად ჩაიწეროს 173-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის სავარაუდო ფაქტი. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 პუნქტით ვიდეოფირი მიეკუთვნება ერთ-ერთ მტკიცებულებას, რომლითაც დგინდება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე საჭირო მონაცემი.
პოლიციელსა და მოქალაქეს შორის კონტაქტის სრულად ჩაწერა, აიოლებს საქმის ყველა გარემოების სწრაფად დადგენის შესაძლებლობას. ეს მტკიცებულება, უმეტეს შემთხვევაში, იმდენად საკმარისია ობიექტური ჭეშმარიტების დასადგენად, რომ აღარ არის საჭირო დამატებით სხვა მტკიცებულების მოპოვება და გამოკვლევა (თუმცა პრაქტიკაში შეიძლება იყოს გამონაკლისი შემთხვევები, როდესაც მაგალითად, პოლიციელი დავობს იმას, რომ მოქალაქეს სხვისი კერძო საკუთრების დატოვება მოსთხოვა და მან ეს ადგილი არ დატოვა, რის გამოც შეადგინა სამართალდარღვევის ოქმი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ვიდეომასალა საკმარისი მტკიცებულება არ იქნება პოლიციის მოთხოვნის კანონიერების დასადგენად. დამატებით აუცილებელი იქნება საჯარო რეესტრიდან წერილობითი დოკუმენტის გამოთხოვა, რომლითაც დადასტურდება, კონკრეტული მიწის ნაკვეთი სახელმწიფოს საკუთრებაში იყო თუ კერძო პირის. თუმცა ამ დოკუმენტის სამი დღის ვადაში ან იმ დრომდე გამოთხოვა, ვიდრე სამართალდარღვევის ოქმი სასამართლოში შევა და 3 დღიანი ვადის დინების ათვლა დაიწყება, სრულიად შესაძლებელია). ვიდეოფირი შესაძლებელს ხდის, როგორც საქმის ინკვიზიციური წესით განმხილველმა მოსამართლემ, ისე მხარეებმა 3 დღის ვადაში მოიპოვონ და გამოიკვლიონ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული შემადგენლობის ყველა ნიშანის არსებობის ან არარსებობის დამადასტურებელი მტკიცებულებები, მათ შორის შეისწავლონ ის საკითხი, რამდენად კანონიერი იყო პოლიციის მოთხოვნა.
ამგვარად, პოლიციელსა და მოქალაქეს შორის ურთიერთობის, რასაც მოქალაქის სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით პასუხისგებაში მიცემა მოჰყვა, სრულად ვიდეოზე გადაღება, აადვილებს საქმის გარემოებების სრულად გამოკვლევას შემჭიდროებულ ვადაში. ამგვარად, ამ ვიდეოფირის გაკეთების, მისი სასამართლოში მისი წარდგენის და გამოკვლევის შესაძლებლობა შეიძლება იყოს ნაკლებად მზღუდავი სამართლებრივი საშუალება ლეგიტიმური მიზნის - საქმის დროულად განხილვის უზრუნველსაყოფად. განხილვის ვადის დასაცავად აღარ არის აუცილებელი სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის დავის საგნიდან პოლიციის ქმედების კანონიერების საკითხის შესწავლის გამორიცხვა და ამ საკითხის მხოლოდ სისხლისსამართლებრივი, ადმინისტრაციული თუ დისციპლინური სამართალწარმოების პროცედურებში მოქცევა.
ამგვარად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის ის ნორმატიული შინაარსი, რაც მოსამართლეს არ ავალდებულებს შეისწავლოს სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის მოთხოვნის კანონიერება, ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტს. შესაბამისად, ვითხოვთ, ნორმის გასაჩივრებული ნორმატიული შინაარსის არაკონსტიტუციურად ცნობას.
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა