შპს „ბლექსი ტელეკომი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1304 |
ავტორ(ებ)ი | შპს „ბლექსი ტელეკომი“ |
თარიღი | 27 მარტი 2018 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. საქართველოს კანონი „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი |
მე-14 მუხლი ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა. |
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი |
მე-16 მუხლი ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება. |
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი |
21-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადება და მე-2 პუნქტი 1. საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. 2. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის დასაშვებია ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ უფლებათა შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, იმგვარად, რომ არ დაირღვეს საკუთრების უფლების არსი. |
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი |
30-ე მუხლის მე-2 პუნქტის პირველი წინადადება 2. სახელმწიფო ვალდებულია ხელი შეუწყოს თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებას. |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი და 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი;
2. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი;
3. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი, მე-15 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
. კონსტიტუციური სარჩელი ფორმითაც და შინაარსითაც შეესაბამება „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონის მე-16 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს. მისი მომზადებისას დაცულია მე-16 მუხლის პირველი, მე-2 და მე-7 პუნქტების ყველა ფორმალური და მატერიალური მოთხოვნა.
2. კონსტიტუციური სარჩელი შეტანილი არის უფლებამოსილი პირის მიერ:
2.1 შპს „ბლექსი ტელეკომი“ (შემდგომში - „მოსარჩელე“) არის უცხო ქვეყანაში დარეგისტრირებული იურიდიული პირი, რომელიც საქართველოში საქმიანობას ახორციელებს მისი ფილიალის (შპს „ბლექსი ტელეკომის ფილიალი საქართველოში“) საშუალებით (იხ.: დანართები №6,7,8). საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონმდებლობისა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის[1] შესაბამისად, უცხო ქვეყნის იურიდიული პირი არის კონსტიტუციური სარჩელის შეტანაზე უფლებამოსილი სუბიექტი.
2.2 მოსარჩელეს, როგორც იურდიულ პირს, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, აქვს უფლება შეიტანოს სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში, რადგანაც დარღვეულია საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავით გათვალისწინებული მისი უფლებები და თავისუფლებები. 2017 წლის 14 აპრილს მოსარჩელემ მიმართა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიას (შემდგომში - „კომისია“) რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F49 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე. ამ ლიცენზიას ის ფლობდა 2007 წლის 4 მაისიდან, 10 წლის ვადით. კომისიის პირველი სხდომა გაიმართა 2017 წლის 27 აპრილს (იხ.: დანართი №9). კომისიამ ლიცენიზიის გაგრძელების საფასურის დადგენისას იხელმძღვანელა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონის 49-ე მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წესით. მოცემულ სიხშირულ დიაპაზონში (3400-3600 მგჰც) სულ ჩატარებული იყო სამი აუქციონი (მათ შორის, ერთ-ერთი თავად მოსარჩელის მონაწილეობით). სწორედ ამ აუცქიონებზე დაფიქსირებულ საფასურთა საშუალო არითმეტიკულით დადგინდა ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების საფასური 3 წლისათვის (1096 დღე), რამაც შეადგინა 2 263 779,91 ლარი. მოსარჩელის იურისტმა ლ. გვახარიამ და მისი ფილიალის დირექტორმა ზ. ჩიგოგიძემ კომისიას ნათლად აუხსნა, რომ 2007 წელს ლიცენზიის მოპოვების შემდეგ შესაბამისი სიხშირის ტექნოლოგია (ვაიმაქსი) ვერ განვითარდა. მიუხედავად არსებული მდგომარეობისა, მოსარჩელე მაინც მიდიოდა რისკზე და თანახმა იყო ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებაზე სამომავლოდ ტექნოლოგიების განვითარების იმედით. ამავდროულად, დაუშვებელი იყო სამომავლო პერსპექტივისა და არსებული რენტაბელური სიხშირეების (მობილური კომპანიების სიხშირეები) ფასის ერთნაირი მეთოდოლოგიით დაანგარიშება. ასეთი მიდგომა შედეგად იძლეოდა არაგონივრულად მაღალ ფასს. კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე ფაქტობრივად დაეთანხმა არგუმენტაციას ფასთან დაკავშირებით. ამავდროულად, მან მიუთითა, რომ კომისია ვერ გავიდოდა საკანონმდებლო ჩარჩოებიდან. კომისიის მეორე სხდომა გაიმართა 2017 წლის 2 მაისს (იხ.: დანართი №9). მოსარჩელის იურისტმა ლ. გახარიამ დააფიქსირა კომპანიის მიერ ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების სურვილი, თუმცა იქვე განაცხადა, რომ უარს აცხადებდა ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებაზე არარაციონალური და შეუსაბამო ფასისა და ლიცენზიის მოქმედების ვადის სიმცირის გამო. 2017 წლის 2 მაისს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მიიღო №313/12 გადაწყვეტილება „რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F49 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე შპს „BLACK SEA TELECOM“-ის განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ“ (იხ.: დანართი №10). ამ გადაწყვეტილების ერთ-ერთი სამართლებრივი საფუძველია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონის 49-ე მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი (შემდგომში - „სადავო ნორმა“). აღნიშნული გადაწყვეტილების შედეგად მოსარჩელე იძულებული გახდა დაეტოვებინა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროს შესაბამისი სეგმენტი, ხოლო სპეციალურად ამ მიზნისათვის შეძენილი ძვირადღირებული ქონება (იხ.: დანართი №11) ფაქტობრივად სრულიად უსარგებლო გახდა. როგორც ვხედავთ, განხორციელდა სადავო ნორმის გამოყენება მოსარჩელის მიმართ, რითაც დაირღვა მისი კონსტიტუციური უფლებები (ამის თაობაზე კონკრეტულ არგუმენტაციას კონსტიტუციური სარჩელის შესაბამის ნაწილში შემოგთავაზებთ).
2.3 „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი მაშინაც იძლევა კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლებამოსილებას, თუ შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს მოსარჩელის კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები. მოსარჩელე სამეწარმეო საქმიანობას ეწევა ელექტრონული კომუნიკაციების სექტორში. სამომავლოდ დადგება მისი ლიცენზიების მოქმედების გაგრძელების საკითხი და არსებობს იმის რეალური შესაძლებლობა, რომ სადავო ნორმის საფუძველზე კვლავ განხორციელდეს ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების გამო არაგონივრულად მაღალი, არაექვივალენტური საფასურის გადახდის დაკისრება.
3. კონსტიტუციურ სარჩელში მითითებული სადავო საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი. სადავო ნორმა არის კანონის (ნორმატიული აქტის) შემადგენელი ნაწილი. საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ნორმატიული აქტის შესაბამისობის დადგენა კონსტიტუციის მეორე თავით გათვალისწინებულ უფლებებთან და თავისუფლებებთან საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციაშია.
4. კონსტიტუციურ სარჩელში მითითებული საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ. საკონსტიტუციო სასამართლოს თავის პრაქტიკაში ჯერ არ შეუფასებია სადავო ნორმის კონსტიტუციასთან შესაბამისობა.
5. კონსტიტუციურ სარჩელში მითითებული სადავო საკითხი არის გადაწყვეტილი საქართველოს კონსტიტუციით. სადავო ნორმის შესაბამისობა მოწმდება კონსტიტუციის მეორე თავით გათვალისწინებულ რამოდენიმე ძირითად უფლებასთან მიმართებით.
6. კონსტიტუციური სარჩელით არ არის გასაჩივრებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვერ იარსებებს განსახილველად არმიღების საფუძველი, რომელიც დადგენილია „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონის მე-18 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით.
7. არ არის დარღვეული კონსტიტუციური სარჩელის შეტანის კანონით დადგენილი ვადა. საქართველოს კანონმდებლობა არ ადგენს ამგვარ ვადას კონსტიტუციური სარჩელების შესაბამის ჯგუფთან დაკავშირებით.
[1] იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 ივნისის №1/466 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლს შემდეგი მიზეზების გამო:
1. ეკონომიკური ურთიერთობების მომწესრიგებელი ნორმების კონტექსტში კანონის წინაშე თანასწორობას არსებითი მნიშვნელობა აქვს. განსაკუთრებით მკაცრია მოთხოვნები კანონმდებლის მიერ ეკონომიკის მართვის ღონისძიებების მოწესრიგებისას და მეწარმეებზე სახელმწიფოს სასარგებლოდ გადასახდელების დაკისრებისას. რა თქმა უნდა, ამ ტიპის ნორმები a priori არ ეწინააღმდეგება თანასწორობის კონსტიტუციურ უფლებას, მაგრამ კანონმდებელი უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ საგნობრივად გამართლებული დიფერენციაციით.[1]
2. კონსტიტუციის მე-14 მუხლი მოითხოვს არა მხოლოდ თანასწორ მოპყრობას არსებითად თანასწორებისადმი, არამედ უთანასწორო მოპყრობას არსებითად უთანასწოროთა მიმართ.[2] ამასთანავე, არ არის აუცილებელი, რომ სახელმწიფო პირდაპირ ისახავდეს მიზნად ვინმეს დისკრიმინაციას. მე-14 მუხლი ირღვევა მაშინაც, თუ სადავო ნორმის მოქმედებას მოჰყვება დე ფაქტო დისკრიმინაცია.[3]
3. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკიდან გამომდინარე, არსებითად უთანასწორო პირთა მიმართ თანასწორი მოპყრობის საკითხი განიხილება შემდეგი სქემის მიხედვით: 1) სადავო ნორმის რეგულირების საგნის დადგენა; 2) სადავო ნორმის მოქმედების ფარგლების დადგენა პირთა წრის მიხედვით; 3) შესადარებელი ჯგუფების არსებითი უთანასწორობის დადგენა; 4) შესადარებელი ჯგუფებისადმი თანასწორი მოპყრობის დადგენა; 5) შესადარებელი ჯგუფებისადმი თანასწორი მოპყრობის შეფასება კონსტიტუციურ-სამართლებრივი თვალსაზრისით.[4] სადავო ნორმას განვიხილავთ და შევაფასებთ სწორედ ამ სქემის მიხედვით.
4. ზემოაღნიშნულ სქემაზე გადასვლამდე გამოვყოფთ შესადარებელ ჯგუფებს. პირველ ჯგუფს განეკუთვნება რადიოსიხშირული სპექტრის იმ ზოლით მოსარგებლე პირები (მათ შორის მოსარჩელე), რომლით სარგებლობის რეალური საფასური, ობიექტურ მიზეზთა გამო, არსებითად შემცირდა სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად გამართული ბოლო 3 (ასეთის არარსებობის შემთხვევაში - ბოლო 2) აუქციონის ჩატარების შემდეგ. მეორე ჯგუფს განეკუთვნება რადიოსიხშირული სპექტრის იმ ზოლით მოსარგებლე პირები, რომლით სარგებლობის რეალური საფასური არ შემცირებულა სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად გამართული ბოლო 3 (ასეთის არარსებობის შემთხვევაში - ბოლო 2) აუქციონის ჩატარების შემდეგ.
მოსარჩელემ 2007 წლის 4 მაისს მოიპოვა ე.წ. „ვაიმაქს“ სიხშირული სპექტრით[5] სარგებლობის №F49 ლიცენზია 10 წლის ვადით, რაშიც საფასურის სახით გადაიხადა დაახლოებით 7 მილიონი ლარი. ეს სიხშირე ლიცენზიის მოპოვებისას პერსპექტიულად ითვლებოდა, მაგრამ სათანადოდ ვერ განვითარდა მოსარჩელისაგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო. შესაბამისმა კომპანიებმა შეწყვიტეს შესაბამისი აპარატურის წარმოება და სხვა პრიორიტეტები აირჩიეს. აქედან გამომდინარე, ობიექტური მიზეზების გამო შემცირდა ამ სიხშირული სპექტრით სარგებლობის რენტაბელობა.
„ვაიმაქს“ სიხშირული სპექტრისაგან განსხვავებით, არ შემცირებულა მაგალითად, LTE მობილური სიხშირით სარგებლობის რენტაბელობა. მიუხედავად ამ პრინციპულად მნიშვნელოვანი განსხვავებისა, რადიოსიხშირული სპექტრის შესაბამისი ზოლით სარგებლობის საფასურის განსაზღვრა მოხდა ერთი და იგივე წესით, რომელსაც ადგენს სადავო ნორმა.
5. სადავო ნორმის რეგულირების საგანის დადგენისას მნიშვნელოვანია, რომ შესადარებელ ჯგუფებზე ვრცელდებოდეს ერთი და იგივე წესი ან ერთმანეთის მსგავსი რეგულირებები. მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება რაციონალური მათი შედარება. ის აზრს კარგავს, თუ შესადარებელ ჯგუფებზე ვრცელდება არსებითად განსხვავებული სამართლებრივი რეჟიმები. არსებითად უთანასწოროსადმი თანასწორი მოპყრობა უნდა ხორციელდებოდეს ერთი და იგივე სამართლებრივი ურთიერთობის ან არსებითად მსგავსი სამართლებრივი ურთიერთობების ფარგლებში.
განსახილველ შემთხვევაში სადავო ნორმას ზოგადი ხასიათისაა. ის თანაბრად ვრცელდება შესადარებელ ჯგუფებზე და აქცევს მათ ერთი და იგივე სამართლებრივი რეგულირების რეჟიმში. სადავო ნორმის მოქმედების ფარგლებშია ყველა შემთხვევა, როდესაც: 1) ხდება რადიოსიხშირული სპექტრის სათანადო ზოლით სარგებლობის ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელება და 2) რადიოსიხშირული სპექტრის სათანადო ზოლით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად ბოლო 3 წლის განმავლობაში არ გამართულა 2-ზე მეტი აუქციონი.
საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, ნორმის ზოგადი ხასიათი არ მეტყველებს მის სამართლიანობაზე, თუ ის ითვალისწინებს არათანასწორთა მიმართ თანაწორ მოპყრობას. ასეთი ნორმა შეიძლება არაპირდაპირ დისკრიმინაციული იყოს და პირთა ერთი ჯგუფისათვის სხვებთან შედარებით მძიმე ტვირთის დაკისრებით არღვევდეს თანასწორობის პრინციპს.[6]
6. პირთა წრის მიხედვით სადავო ნორმის მოქმედების ფარგლების დადგენისას საკონსტიტუციო სასამართლო აანალიზებს სადავო ნორმის შინაარსს და განსაზღვრავს, თუ რამდენად ვრცელდება ის თანაბრად შესადარებელ ჯგუფებზე.[7]
სადავო ნორმის მოქმედება თანაბრად ვრცელდება ორივე შესადარებელ ჯგუფზე. არ აქვს მნიშვნელობა, ბოლო 3 (ან 2) აუქციონის გამართვის შემდეგ გაიზარდა, შემცირდა თუ უცვლელი დარჩა რადიოსიხშირული სპექტრის შესაბამისი ზოლით სარგებლობის რენტაბელობა და რეალური საფასური.
7. შესადარებელი ჯგუფების არსებითი უთანასწორობის დადგენისას საკონსტიტუციო სასამართლო არკვევს, არსებობს თუ არა რელევანტური განმასხვავებელი ნიშანი, რომლის მიხედვითაც ისინი არსებითად უთანასწოროები არიან. ის მხედველობაში იღებს განსახილველი სამართალურთიერთობის მიზნებსა და სადავო ნორმის რეგულირების საგნის თავისებურებებს.[8]
ჩვენ მიერ დასახელებულ შესადარებელ ჯგუფებს განასხვავებს მნიშვნელოვანი ნიშანი - მათ სარგებლობაში არსებული რადიოსიხშირული სპექტრის შესაბამისი ზოლით სარგებლობის რენტაბელობა და რეალური საფასური. ლიცეზიანტისაგან დამოუკიდებელი ობიექტური მიზეზების გამო, პირველი შემთხვევაში შესაბამისი სიხშირით სარგებლობის რენტაბელობა და სარგებლობის საფასური არსებითად შემცირებულია, ხოლო მეორე შემთხვევაში კი - არ შემცირებულა ან სულაც, გაიზარდა.
სადავო ნორმის მიზანი და რეგულირების საგანია ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისას რადიოსიხშირული სპექტრის სათანადო ზოლით სარგებლობის საფასურის განსაზღვრა. ამ დროს ზემოთ მითითებული რელევანტური განმსახვავებელი ნიშნის იგნორირება და შესადარებელი ჯგუფების თანასწორ სამართლებრივ რეჟიმში მოქცევა იწვევს პირველი ჯგუფის წარმომადგენლებზე (მათ შორის მოსარჩელეზე) მეორე ჯგუფთან შედარებით არაპროპორციულად მაღალი ფინანსური ტვირთის დაკისრებას.
8. შესადარებელი ჯგუფებისადმი თანასწორი მოპყრობის დადგენისას საკონსტიტუციო სასამართლო ამოწმებს, ხომ არ ითვალისწინებს სადავო ნორმა ერთნაირ (მსგავს) რეგულირებას არებითად უთანასწორო შესადარებელი ჯგუფებისათვის. თუ ეს დადასტურდა, გამოდის, რომ ნეიტრალური შინაარსის ნორმა მათ არათანაბარ ტვირთს უწესებს. რომელიმე ჯგუფისათვის დამატებითი ტვირთის დაკისრება არათანასწორი პირების მიმართ თანასწორი მოპყრობაა.[9]
განსახილველ შემთხვევაში არსებობს შესადარებელი ჯგუფებისადმი თანასწორი მოპყრობის ყველა ნიშანი. სადავო ნორმა ადგენს საფასურის დაანგარიშების საერთო წესს არსებითად უთანასწორო ჯგუფებისათვის. ლოგიკურია, რომ ამით მოსარჩელეს (და მისი ჯგუფს მიკუთვნებულ პირებს) დამატებითი ტვირთი ეკისრება. მისთვის საფასური განისაზღვრება ბოლო 3 (ასეთის არარსებობის შემთხვევაში - ბოლო 2) აუქციონზე დაფიქსირებული საფასურთა საშუალო არითმეტიკულის მიხედვით. ყურადღების მიღმა რჩება ის გარემოება, რომ შეიძლება აუცქიონების ჩატარების შემდეგ რადიოსიხშირული სპექტრის შესაბამისი ზოლით სარგებლობის რენტაბელობა შემცირდა (როგორც ეს მოხდა მოსარჩელის შემთხვევაში). ამ ვითარებაში სადავო ნორმით გათვალისწინებული მეთოდის გამოყენებამ a priori გამოიწვია მოსარჩელისათვის დამატებითი ტვირთის დაკისრება და ამდენად, არათანასოწრი პირების მიმართ თანასწორ მოპყრობა.
9. სახეზეა არსებითად უთნასწორო ჯგუფების მიმართ თანასწორი მოპყრობა, რაც უნდა შეფასდეს კონსტიტუციურ-სამართლებრივი თვალსაზრისით. საკონსტიტუციო სასამართლო ერთმანეთისაგან ასხვავებს დისკრიმინაციულ დიფერენციაციას და ობიექტური გარემოებებით განპირობებული დიფერენციაციას. დისკრიმინაციის დროს „დიფერენციაციის მიზეზები აუხსნელია, მოკლებულია გონივრულ საფუძველს.“[10]კანონმდებლის დისკრეციის ზღვარი გადის იქ, სადამდეც შესაძლებელია დიფერენცირებული მოპყრობის ობიექტური დასაბუთება.[11]დიფერენცირებული მოპყრობის (მათ შორის არსებითად არათანასწორსადმი თანასწორი მოპყრობის) კონსტიტუციურ-სამართლებრივი შეფასებისათვის გამოიყენება ორი სახის ტესტი: 1) მცარი შეფასების ტესტი და 2) რაციონალური დიფერენციაციის ტესტი.[12] ტესტის სახის შერჩევისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს დიფერენციაციის ნიშანს.[13] თუ დიფერენცირება ეფუძნება კონსტიტუციის მე-14 მუხლით გათვალისწინებულ, ე.წ. კლასიკურ ნიშანს, მაშინ მისი შეფასება ხდება მკაცრი ტესტის საფუძველზე, რაც თანაზომიერების პრინციპთან შესაბამისობის შემოწმებას გულისხმობს.[14] განსახილველ შემთხვევაში შესადარებელ ჯგუფებს შორის განმსახვავებელი ნიშანი არ არის გათვალისწინებული კონსტიტუციის მე-14 მუხლით და მას ვერ ჩავთვლით კლასიკურ ნიშნად.
10. საკონსტიტუციო სასამართლო მკაცრ ტესტს იყენებს მაღალი ინტენსივობის დიფერენციაციის შემთხვევაშიც.[15] ინტენსივობა ფასდება დიფერენციაციის ბუნებიდან და რეგულირების სფეროდან გამომდინარე. გადამწყვეტია, თუ რამდენად აცილებს დიფერენციაცია პირებს კონკრეტულ საზოგადოებრივ ურთიერთობაში მონაწილეობის შესაძლებლობისაგან ან რამდენად განსხვავებულ პირობებში მოექცევიან ისინი.[16] საკონსტიტუციო სასამართლო აფასებს, თუ რამდენად დიდია სადავო ნორმით გამოწვეული სხვაობა შესადარებელი ჯგუფების უფლებრივ მდგომარეობას შორის.[17] დიფერენციაციის ინტენსივობის შემოწმებისათვის დგინდება შესადარებელი შემთხვევების განსხვავებულობის ხარისხი. გარდა ამისა, გაითვალისწინება სადავო ნორმის მოქმედება დროში.[18] სადავო ნორმა ფასდება მკაცრი ტესტის მიხედვით, როდესაც ის სრულად ან თითქმის სრულად გამორიცხავს პირის შესაძლებლობას, მონაწილეობა მიიღოს მისთვის რელევანტურ სამართლებრივ ურთიერთობაში.[19] „ამა თუ იმ პრივილეგიაზე, უპირატესობაზე, შესაძლებლობაზე, სიკეთეზე მკვეთრად განსხვავებული ხელმისაწვდომობა ან, მით უფრო, არსებითად თანასწორ პირთაგან მხოლოდ ნაწილისთვის ხელმისაწვდომობა, განაპირობებს დიფერენცირების მაღალ ინტენსივობას.“[20] დიფერენცირების ინტენსივობის შეფასებისას საკონსტიტუციო სასამართლო ითვალისწინებს პირის მიერ დიფერენციაციის ნეგატიური შედეგების საკუთარი ძალისხმევით აღმოფხვრის/შემცირების შესაძლებლობას.[21] ინტენსივობის საზომად ასევე გამოიყენება იმ დამატებითი ფინანსური ტვირთის მასშტაბები, რომელსაც სადავო ნორმა წარმოშობს მოსარჩელისათვის შესადარებელი ჯგუფისაგან განსხვავებით.[22]
განსახილველ შემთხვევაში გამოსაყოფია რამოდენიმე გარემოება. მოსარჩელე სარგებლობდა რადიოსიხშირული სპექტრის ზოლით, რომლის რენტაბელობა მკვეთრად იყო შემცირებული და არსებობდა მხოლოდ შესაძლო განვითარების პერსპექტივა. ამ ვითარებაში სადავო ნორმის საფუძველზე მას დააკისრეს ლიცენზიის გაგრძელებისათვის იმ საფასურის გადახდა, რომელიც დაფიქსირდა დაახლოებით 10 წლის წინ გამართულ აუქციონებზე, როდესაც შესაბამისი სიხშირული ზოლი რენტაბელურიც იყო და პერსპექტიულიც. მოსარჩელე ჩადგა თანსწორ მდგომარეობაში იმ მეწარმე სუბექტებთან, რომლებიც სარგებლობენ რადიოსიხშირული სპექტრის რენტაბელური ზოლებით (მაგალითად, მობილური სატელეფონო კავშირის სიხშირეები). სადავო ნორმით გათვალისწინებულმა თანასწორი მოპყრობამ არათუ მკვეთრად დააცილა მოსარჩელე კონკრეტულ საზოგადოებრივ ურთიერთობაში (რადიოსიხშირული სპექტრის შესაბამისი ზოლით სარგებლობა) მონაწილეობისაგან, არამედ ფაქტობრივად განდევნა იგი შესაბამისი სეგმენტიდან. მოსარჩელეს ფაქტობრივად წაერთვა შესაძლებლობა მონაწილეობა მიეღო მისთვის სასურველ სამართლებრივ ურთიერთობაში. გასათვალისწინებელია, რომ სადავო ნორმას არ აქვს დროებითი ხასიათი, რაც ამძიმებს დიფერენცირების ინტენსივობის ხარისხს. მოსარჩელე მოკლებულია გონივრულ შესაძლებლობას, საკუთარი ძალისხმევით შეამციროს ან აღმოფხვრას თანასწორი მოპყრობის ნეგატიური შედეგები. სამომავლოდ სტატუს ქვოს აღდგენა არ არის დამოკიდებული მის ძალისხმევაზე. არ არსებობს ამის ობიექტურად გამყარებული, რეალისტური მოლოდინი ან რაიმე სახის მინიმალური გარანტია მაინც. სადავო ნორმით დადგენილი წესით საფასურის დაანგარიშების შედეგად მოსარჩელეს დაეკისრა მის მიერ სახელმწიფოსაგან მისაღებ სიკეთესთან შედარებით არაპროპორციულად მაღალი ფინანსური ტვირთი, ვიდრე შესადარებელ ჯგუფს. ზემოთ ჩამოთვლილი გარემოებები ნათლად ადასტურებს, რომ სადავო ნორმით გათვალისწინებული დიფერენციაცია მაღალი ინტენსივობისაა.
11. სასამართლოს ყურადღებას მივაპყრობთ გერმანიის ფედერალური საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაში დამკვიდრებულ ე.წ. ახალ ფორმულაზე, რომელსაც ძალიან ჰგავს მკაცრი შეფასების ტესტი. ის ითვალისწინებს კონსტიტუციურ-სამართლებრივ შემოწმებას თანაზომიერების პრინციპის საფუძველზე. ფორმულის გამოყენების ერთ-ერთი უმთავრესი წინაპირობაა დიფერენციაციის გავლენა პირის რომელიმე ძირითად უფლებაზე. თანაზომიერების პრინციპის გამოყენება სწორედ ამ კონსტიტუციურ-სამართლებრივი კონტექსტითაა განპირობებული.[23]კანონმდებლისათვის დაწესებული საზღვრები მით უფრო ვიწროა, რაც უფრო ძლიერია დიფერენციაციის უარყოფითი გავლენა ძირითად უფლებებზე.[24]
თუ განსახილველ შემთხვევას ზემოაღნიშნული სტანდარტით მივუდგებით, მივიღებთ დამატებით არგუმენტს სადავო ნორმის მკაცრი ტესტით შეფასებისათვის. არსებითად უთანასწორო სუბიექტებისადმი თანასწორად მოპყრობამ დაარღვია მოსარჩელის რამოდენიმე ძირითადი უფლება - პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება, საკუთრების უფლება და სამეწარმეო საქმიანობის თავისუფლება.
12. როგორც აღინიშნა, მკაცრი შეფასების ტესტი გულისხმობს სადავო ნორმის შემოწმებას თანაზომიერების პრინციპის მიხედვით. პირველ რიგში, უნდა განისაზღვროს მისი ლეგიტიმური საჯარო მიზანი. მკაცრი შეფასების ტესტის დროს მაღალი სტანდარტი მოქმედებს - უნდა არებობდეს დაუძლეველი სახელმწიფო (საჯარო) ინტერესი.[25] ამ ფორმულირების გამოყენებით საკონსტიტუციო სასამართლო ხაზს უსვამს ინტერესის სასიცოცხლო მნიშვნელობას და უალტერნატივობას სახელმწიფოსათვის და დემოკრატიული საზოგადოებისათვის.
სადავო ნორმის ლეგიტიმურ მიზნად შეიძლება ჩაითვალოს სახელმწიფოს მიერ მისი კუთვნილი შეზღუდული რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭებისათვის ექვივალენტური საფასურის მიღება. თუ ამ კონსტრუქციას გამოვაკლებთ ექვივალენტობის მოთხოვნას, მიზანი დაკარგავს ლეგიტიმურობას. დაუშვებელია სახელმწიფო განვიხილოთ „გამომძალველად“, რომელიც ბოროტად სარგებლობს თავისი მდგომარეობით და აიძულებს დაინტერესებულ სუბიექტებს იმაზე გაცილებით მაღალი საფასურის გადახდას, ვიდრე მათ მიერ მიღებული სიკეთე რეალურად ღირს.
13. ლეგიტიმური საჯარო მიზნის მისაღწევად კანონმდებელმა უნდა შეარჩიოს თანაზომიერი, დასაშვები, აუცილებელი და პროპორციული საშუალება.[26] საკონსტიტუციო სასამართლო ლეგიტიმური საჯარო მიზნის განსაზღვრის შემდეგ ამოწმებს შერჩეული საშუალების გამოსადეგობას მის მისაღწევად. საშუალებას „გარდაუვლად, ნამდვილად უნდა შეეძლოს კონკრეტული მიზნების, ინტერესების უზრუნველყოფა.“[27] თუ მიზნის მიღწევის შესაძლებლობა გამორიცხულია, ის არ არის ვარგისი და გამოსადეგი.[28]
სადავო ნორმა მიზანს - სახელმწიფოს მიერ მისი კუთვნილი შეზღუდული რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭებისათვის ექვივალენტური საფასურის მიღებას - აღწევს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც რადიოსიხშირული სპექტრის სათანადო ზოლით სარგებლობის რენტაბელობა შესაბამისი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად გამართული ბოლო 3 (ან ბოლო 2) აუქციონის შედეგ არსებითად არ შეცვლილა. თუ ბოლო 3 (ან ბოლო 2) აუქციონის გამართვის შემდეგ რადიოსიხშირული სპექტრის სათანადო ზოლით სარგებლობის რენტაბელობა და შესაბამისად, მისი რეალური საფასური მკვეთრად შემცირდა (როგორც ეს მოხდა მოსარჩელის შემთხვევაში) ან გაიზარდა, ექვივალენტური და სამართლიანი საფასურის დადგენა თეორიულადაც გამორიცხულია. პირველ შემთხვევაში ვიღებთ არაექვივალენტურად მაღალ, ხოლო მეორე შემთხვევაში - არაექვივალენტურად დაბალ საფასურს. სადავო ნორმა არც ერთ შემთხვევაში აღწევს ლეგიტიმურ საჯარო მიზანს.
სადავო ნორმა, მისი შინაარსიდან გამომდინარე, არ იძლევა საფასურის ექვივალენტურობის შემოწმების შესაძლებლობას. შესაბამისად, ძალიან მაღალია არაპროპორციული საფასურის დადგენის რისკი. ფორმულირება - „ბოლო 3 წლის განმავლობაში არ გამართულა 2-ზე მეტი აუქციონი“ - ძალიან ფართოა. ის მოიცავს შემთხვევების ფართო სპექტრს, მათ შორის მოსარჩელის სიტუაციას, როდესაც აუქციონი არათუ ბოლო 3 წლის, არამედ ბოლო 10 წლის განმავლობაში არ გამართულა. ელექტრონული კომუნიკაციების სფერო დინამიური და ცვალებადია. ის ბევრადაა დამოკიდებული შესაბამისი ტექნოლოგიების განვითარებაზე, ეკონომიკურ, კომერციულ, დემოგრაფიულ და სხვა ფაქტორებზე. არა მხოლოდ 10 და 3 წლის, არამედ გაცილებით უფრო მოკლე დროის მონაკვეთში ეს ფაქტორები და სიტუაცია (შესაბამისად, საფასურიც) შეიძლება რადიკალურად შეიცვალოს. თუ ეს ცვლილება არ იქნება გათვალისწინებული, შეუძლებელია სამართლიანი და ექვივალენტური საფასურის დადგენა. სადავო ნორმა აშკარად არ იძლევა ამის შესაძლებლობას.
14. მკაცრია საკონსტიტუციო სასამართლოს მიდგომა დიფერენცირებული მოპყრობის აუცილებლობისდადგენისას. შერჩეული საშუალება უნდა იყოს ყველაზე ნაკლებად მზღუდავი და აბსოლუტურად აუცილებელი. მოპასუხემ სარწმუნო არგუმენტებით უნდა დაასაბუთოს, რომ არსებობს დიფერენცირებული მოპყრობის გარდაუვლად გამოყენების საჭიროება, უპირობო აუცილებლობა.[29] საკონსტიტუციო სასამართლომ „უნდა გაანალიზოს ლეგიტიმური მიზნის მიღწევის შესაძლო გზები, რადგან მას აქვს ვალდებულება, არაკონსტიტუციურად ცნოს ნორმა, რომელიც მიზნის მიღწევის ალტერნატიულ შესაძლებლობებს შორის არ არის უფლების ყველაზე ნაკლებად მზღუდავი.“[30] აუცილებელი არ არის საშუალება, რომელიც პირთა შესადარებელ ჯგუფს „სხვებთან შედარებით უფრო მძიმე ტვირთს აკისრებს.“[31]
სადავო ნორმა არ არის ყველაზე ნაკლებად მზღუდავი და მით უმეტეს, აბსოლუტურად აუცილებელი საშუალება. არ არსებობს არსებითად უთანასწორო ჯგუფებისადმი თანასწორი მოპყრობის გარდაუვალი და უპირობო აუცილებლობა. სადავო ნორმით დადგენილი წესმა მოსარჩელეს დააკისრა სხვებთან შედარებით გაცილებით მძიმე ფინანსური ტვირთი. ლეგიტიმური საჯარო მიზნის მიღწევა შეიძლებოდა ნაკლებად მზღუდავი და უფრო მსუბუქი საშუალებით. სადავო ნორმით გათვალისწინებული რეგულირება არ არის ყველაზე ნაკლებად მზღუდავი. არსებობს საფასურის დადგენის წესი, რომლის გამოყენების შემთხვევაში მოსარჩელის უფლებები არ შეილახებოდა და მას დაეკისრებოდა ექვივალენტური, სამართლიანი საფასურის გადახდა. საყოველთაოდ ცნობილია და კანონმდებლობაც იცნობს[32] ბენჩმარკინგისა და ბიზნესმოდელირების მეთოდოლოგიებს. მათი ცალკე ან კომბინირებულად გამოყენებით დგინდება რადიოსიხშირული დიაპაზონების შედარებითი ღირებულების კოეფიციენტი (მსგავსი მახასიათებლების მქონე რადიოსიხშირული დიაპაზონების 1 მჰც რადიოსიხშირული რესურსისათვის განსაზღვრული შედარებითი ღირებულების მაჩვენებელი). ბენჩმარკინგის მეთოდოლოგია ეყრდნობა საერთაშორისო მასშტაბით ანალოგიურ დიაპაზონებში ჩატარებული მსგავსი აუქციონების შედეგების მისადაგებას საქართველოს დემოგრაფიულ, ეკონომიკურ მონაცემებთან და ლიცენზიის ვადებთან. ეს მეთოდი იძლევა უახლოეს პერიოდში ჩატარებული აუქციონების შედეგების (შესაბამისად, უახლესი ტენდენციების), დემოგრაფიული და ეკონომიკური მდგომარეობის ცვლილებების გათვალისწინების შესაძლებლობას. ბიზნესმოდელირების მეთოდოლოგია გულისხმობს წარმოსახვითი ოპტიმალური ბიზნეს მოდელის აგებას ისეთი გარემოებების გათვალისწინებით, როგორიცაა საქართველოს დემოგრაფიული და ეკონომიკური მაჩვენებლები, დარგის ფინანსური მონაცემები, რადიოსიხშირული დიაპაზონების ტექნიკური და კომერციული მახასიათებლები, რადიოსიხშირული რესურსის ფლობით მიღებული ფინანსური სარგებელი. ნათელია, რომ ორივე მეთოდი ისეთ მონაცემებს ეყრდნობა, რომელთა გათვალისწინებითაც გაცილებით მაღალია ექვივალენტური საფასურის განსაზღვრის ალბათობა, ხოლო არსებითად დაბალია მოსარჩელისათვის (და მსგავს ვითარებაში მყოფი მეწარმეებისათვის) გადამეტებული ტვირთის დაკისრებისა და კონსტიტუციური უფლებების დარღვევის რისკი.
15. წარმოგიდგენთ მოსარჩელის პოზიციას იმ შემთხვევისთვისაც, თუ საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტს რაციონალური დიფერენციაციის ტესტის გამოყენებას. ამ დროს მოწმდება: 1) დიფერენცირებული მოპყრობის რაციონალურობის დასაბუთებულობა (მათ შორის, რამდენად რეალისტურია, გარდაუვალი და საჭირო დიფერენციაცია) და 2) რეალური და რაციონალური კავშირის არსებობა დიფერენციაციის ობიექტურ მიზეზსა და მისი მოქმედების შედეგს შორის.[33]
16. რაციონალური დიფერენციაციის ტესტი ძალიან ჰგავს გერმანიის ფედერალური საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაში გავრცელებულ ე.წ. თვითნებობის ფორმულას. მოწმდება, ხომ არ არის დიფერენციაცია თვითნებური. ამაში იგულისხმება თვითნებობა ობიექტური თვალსაზრისით - სადავო რეგულირების ფაქტობრივი და ცალსახა არათანაზომიერება რეგულირების საგანთან მიმართებით (კანონმდებლის ბრალეულობის ან ბოროტი განზრახვის გარეშე).[34]
17. საკონსტიტუციო სასამართლო რაციონალური დიფერენციაციის ტესტს იწყებს სადავო ნორმის მიზნის დადგენით.[35] როგორც აღინიშნა, სადავო ნორმის მიზანია სახელმწიფოს მიერ მისი კუთვნილი შეზღუდული რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭებისათვის ექვივალენტური საფასურის მიღება.
18. სადავო ნორმის მიზნის დადგენის შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლო არკვევს დიფერენციაციის საჭიროებას და ლოგიკურ კავშირს დიფერენციაციასა და დასახულ მიზანს შორის.[36] ის აანალიზებს, რამდენად არის განპირობებული სადავო რეგულაცია ობიექტური გარემოებებით.[37] თუ ვერ დასაბუთდა დიფერენცირების საჭიროება, ასევე არ არის წარმოდგენილი მისი ლოგიკური, რაციონალური ახსნა, დიფერენცირება ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მე-14 მუხლს.[38]
განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს ობიექტური გარემოება, რომელიც გაამართლებდა შესადარებელი ჯგუფების ერთიანი სამართლებრივი რეგულირების სფეროში მოქცევას. პირიქით, ობიექტური გარემოება - შესაბამისი სიხშირული ზოლით სარგებლობის რენტაბელობისა და რეალური საფასურის შემცირება - მოითხოვს განსხვავებულ მიდგომას, რათა განხორციელდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სახელმწიფოსაგან მიღებული სიკეთის პროპორციული, ექვივალენტური და რეალური საფასურის დადგენა. არსებითად არათანასწორი ჯგუფებისადმი თანასწორი მოპყრობის გამამართლებელი ობიეტური გარემოების არარსებობის გამო გამორიცხულია მისი ლოგიკური და რაციონალური ახნა. აქედან გამომდინარე, სადავო ნორმა არღვევს კონსტიტუციის მე-14 მუხლის მოთხოვნებს.
19. საკონსტიტუციო სასამართლომ რაციონალური დიფერენციაციის ტესტის ფარგლებში შეიძლება დაადგინოს, რომ სადავო ნორმა არ არის მიზნის მიღწევის აუცილებელი საშუალება და არსებობს სხვა უფრო მსუბუქი საშუალება. ამ დროს სასამართლო აცხადებს, რომ სადავო დანაწესი „საჭიროებას არ წარმოადგენს“, არ არსებობს რაციონალურად საჭირო დიფერენციაცია და ადგენს სადავო ნორმის შეუსაბამობას კონსტიტუციის მე-14 მუხლთან.[39]
ზემოთ დავასაბუთეთ, თუ რატომ არ არის სადავო ნორმა მიზნის მიღწევის აუცილებელი საშუალება. აქედან გამომდინარე, სადავო ნორმით გათვალისწინებული არსებითად უთანასწორო სუბიექტებისადმი თანასწორი მოპყრობა არ არის რაციონალურად საჭირო და ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მე-14 მუხლს.
20. თანასწორობის პრინციპი დიდ როლს თამაშობს საკუთრების უფლების შინაარსისა და ფარგლების განსაზღვრისას. ამას ხაზს უსვამს გერმანიის ფედერალური საკონსტიტუციო სასამართლო თავის გადაწყვეტილებებში.[40] სხვადასხვა მესაკუთრისათვის ერთი და იგივე ვალდებულების დაკისრებამ შეიძლება გამოიწვიოს მათი დატვირთვა განსხვავებული ინტენსივობით. საკუთრების შინაარსის დამდგენი რეგულირებების ჩამოყალიბებისას საკმარისად დიფერენცირებული ანგრიში უნდა გაეწიოს მესაკუთრეთა განსხვავებულ დატვირთვას და მათი ინტერესების განსხვავებულ წონას საჯარო ინტერესებთან მიმართებით. ამგვარად ავიცილებთ თავიდან მესაკუთრეთა ერთი ჯგუფისათვის ცალმხრივი, გადამეტებული ვალდებულებების დაკისრებას.[41] მესაკუთრეთა ვალდებულებების დადგენისას თანაზომიერების პრინციპი მოითხოვს დიფერენცირებულ მიდგომას და ამ მიმართებით, განსაზღვრავს თანასწორობის გარანტიის შინაარსს.[42]
სადავო ნორმა არ იძლევა დიფერენცირებული მიდგომის შესაძლებლობას მეწარმეთა ერთი ნაწილის გადამეტებული დატვირთვის თავიდან ასაცილებლად. კანონმდებელი ამ საკითხს სრულად ტოვებს ყურადღების მიღმა, რითაც დისკრიმინაციულ მდგომარეობაში აყენებს მოსარჩელესა და მსგავს სიტუაციაში მყოფ სუბიექტებს.
21. მნიშვნელოვანია უცხოური გამოცდილება თანასწორობასთან დაკავშირებით სახელმწიფო გადასახდელების (მათ შორის სარგებლობის საფასურის - Benutzungsgebühr) სფეროში. გერმანიის ფედერალური საკონსტიტუციო სასამართლო ამ ტიპის გადასახდელს მიიჩნევს საპასუხო შესრულებად (Gegenleistung) სახელმწიფოს მიერ განხორციელებული შესრულებისათვის (მაგალითად, გარკვეული რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭებისათვის).[43] აღსანიშნავია, რომ მსგავსია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიდგომა.[44] სახელმწიფოსა და კერძო პირს შორის ამ ურთიერთობის არსიდან გამომდინარე, სარგებლობის საფასურის განსაზღვრისას დასაცავია ე.წ. გაცვლის სამართლიანობა (Austauschgerechtigkeit), რომელიც თანასწორობის გამოხატვის ფორმად ითვლება. დაცვას ასევე ექვემდებარება თანაზომიერი თანასწორობა გადამხდელებს შორის.
გადასახდელის სამართლიანი ოდენობის განსაზღვრა შეიძლება დაეფუძნოს შემდეგ პრინციპებს: 1) ხარჯების დაფარვის პრინციპი (ჩვენს შემთხვევაში არ არის რელევანტური, რადგან საფასურის გადახდა არ ხდება სახელმწიფოს მიერ გაწეული მომსახურების ხარჯების დასაფარად); 2) ექვივალენტობის პრინციპი (მისი დაცვა სავალდებულოა ცალკეული გადასახდელის ოდენობის გამოთვლისას).[45] გერმანიის ფედერალური საკონსტიტუციო სასამართლო ექვივალენტობის პრინციპს მიიჩნევს თანაზომიერების პრინციპის გამოხატულებად გადასახდელების სფეროში. გადასახდელი არ უნდა იყოს არათანაზომიერ მიმართებაში სახელმწიფოს მიერ შემოთავაზებულ მომსახურებასთან (სიკეთესთან).[46] დაანგარიშების საფუძველი უნდა იყოს რეალისტური, არ უნდა ეფუძნებოდეს ფიქციას და აიგნორებდეს ეკონომიკურ ფაქტებს.[47]
სადავო ნორმა აშკარად არ აკმაყოფილებს ზემოთ მოყვანილ სტანდარტებს. მოსარჩელისათვის დაკისრებული საფასურის ოდენობა გაცილებით მაღალი იყო სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული სიკეთის (რადიოსიხშირული სპექტრის სათანადო ზოლით სარგებლობის უფლების) რეალურ ღირებულებაზე. ამით დაირღვა გაცვლის სამართლიანობისა და ექვივალენტობის პრინციპები. სადავო ნორმით დადგენილი დაანგარიშების მეთოდოლოგია მოსარჩელისა და მსგავს შემთხვევებში წყდება რეალობას. ის ეფუძნება განსხვავებულ ტექნოლოგიურ, ეკონომიკურ, ფინანსურ, დემოგრაფიულ და სხვა პირობებში გამართული აუქციონების შედეგებს და აიგნორებს დროთა განმავლობაში ამ ფაქტორების ცვლილების მნიშვნელობას.
22. სადავო ნორმა შეეხება საფასურის დაანგარიშების წესს. ამ კონტექსტში რელევანტურია გერმანიის ფედერალური საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა გადასახდელების დაანგარიშების მეთოდიკასთან დაკავშირებით. მან დაადგინა მემკვიდრეობის გადასახადის დაანგარიშების წესის წინააღმდეგობა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ძირითადი კანონის მე-3 მუხლის პირველ აბზაცთან (თანასწორობა კანონის წინაშე). მიწის ნაკვეთზე მემკვიდრეობის გადასახადის ოდენობის დაანგარიშების საფუძველი იყო ნაკვეთის საგადასახადო ღირებულება (Einheitswert). ის 1964-1974 წლების პერიოდის შემდეგ არ გადაუსინჯავთ და შეუსაბამებიათ მიწის ნაკვეთებზე ფასთა განვითარების დინამიკისათვის. სხვა ქონებისათვის მემკვიდრეობის გადასახადის განაკვეთის დაანგარიშება ხდებოდა ქონების მიმდინარე ღირებულების (Gegenwartswert) საფუძველზე.[48] მსგავსი გადაწყვეტილება (ანალოგიური მიზეზების გამო) მიიღო გერმანიის ფედერალურმა საკონსტიტუციო სასამართლომ ქონების გადასახადის დაანგარიშებასთან დაკავშირებითაც.[49]
განსახილველ შემთხვევას ზემოთ მოყვანილ მაგალითებთან ის აკავშირებს, რომ მოძველებულმა მეთოდიკამ და შეცვლილი რეალობის გაუთვალისწინებლობამ გამოიწვია გადამხდელთა სხვადასხვა ჯგუფების უთანასწორო მდგომარეობაში ჩაყენება. მოსარჩელეს და მსგავს მდგომარეობაში მყოფ პირებს დაეკისრა გადამეტებული საფინანსო ტვირთი.
23. მეწარმეთა განსხვავებული ჯგუფებისადმი ერთი და იგივე ვალდებულების დაკისრების კუთხით მნიშვნელოვანია გერმანიის ფედერალური საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „ნავთობპროდუქტების მინიმალური მარაგის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით. ეს კანონი მეწარმეებს აკისრებდა ნავთობპროდუქტების მომარაგების ვალდებულებას. სასამართლომ დაადგინა ძირითადი კანონის მე-3 მუხლის პირველ აბზაცისა (თანასწორობა კანონის წინაშე) და მე-12 მუხლის პირველ აბზაცის (მოიცავს მეწარმეობის თავისუფლებასაც) დარღვევა. სადავო ნორმა არ იძლეოდა დიფერენცირების შესაძლებლობას მეწარმეთა ეკონომიკური სტრუქტურისა და თავისებურებების გათვალისწინებით. მათ ნაწილს ეკისრებოდა გადამეტებული და კონკურენტუნარიანობის არსებითად გამაუარესებელი დატვირთვა. სახეზე იყო არსებითად უთანასწორო სუბიექტებისადმი თანასწორი მოპყრობა.[50]
სადავო ნორმა პრობლემატურია კონსტიტუციურ-სამართლებრივი თვალსაზრისით, თუ მას ზემოაღნიშნული სტანდარტითაც შევაფასებთ. ის არ იძლევა დიფერენცირების შესაძლებლობას ცალკეულ, ერთმანეთისაგან არსებითად განსხვავებულ შემთხვევებს შორის. საფასურის დადგენის მოქმედმა წესმა მოსარჩელეს, როგორც მეწარმეს, დააკისრა გადამეტებული დატვირთვა, რამაც საბოლოოდ გამოიწვია ბაზრის შესაბამის სეგმენტში მისი კონკურენტუნარიანობის არსებითი გაუარესება.
სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლს შემდეგი მიზეზების გამო:
1.საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციის მე-16 მუხლით დაცულ სფეროს მიაკუთვნებს პიროვნული ავტონომიურობისა და თვითგამორკვევის უფლებას, ასევე პიროვნების მოქმედების ზოგად თავისუფლებას.[51] მე-16 მუხლი იცავს მოქმედების ზოგადი თავისუფლებისა და ზოგადი პიროვნული უფლების მრავალ ასპექტს. საკონსტიტუციო სასამართლო დაცულ სფეროს მიაკუთვნებს ადამიანის თავისუფლებას ეკონომიკურ სფეროში, მის აქტივობას ეკონომიკურ ურთიერთობებში.[52]
2. საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციის მე-16 მუხლს ანიჭებს დამატებით დატვირთვას „იმ გაგებით, რომ ის ხაზს უსვამს თითოეული უფლების მნიშვნელობას ადამიანის თავისუფალი განვითარებისთვის, მაშასადამე, აჩენს ვალდებულებას, თითოეული უფლება განმარტებულ იქნეს სწორედ ადამიანის თავისუფალი განვითარების უზრუნველყოფის პერსპექტივით.“[53] ამ თვალსაზრისით, კონსტიტუციის მე-16 მუხლი დამატებით განზომილებას აძლევს მეწარმეობის თავისუფლებას. ის იცავს მეწარმეობის თავისუფლების იმ ასპექტს, რომელიც მიმართულია პიროვნების თავისუფალი განვითარებისაკენ. მეწარმეობის თავისუფლების არსი არ არის მხოლოდ მოგების მიღება. ამავდროულად, ის თავისუფალი განვითარებისა და მოქმედების თავისუფლების, პიროვნული ავტონომიის, თვითმყოფადობისა და თვითრეალიზაციის გამოხატულებაა. ამდენად, მეწარმეობის თავისუფლების აღნიშნული ასპექტი განეკუთვნება კონსტიტუციის მე-16 მუხლით დაცულ სფეროს.[54]
3. გერმანიის ფედერალური საკონსტიტუციო სასამართლო პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებით დაცულ სფეროს მიაკუთვნებს მოქმედების თავისუფლებას სამეწარმეო სფეროში. ძირითადი კანონის მე-2 მუხლის პირველი აბზაცით (პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება) დაცულია თავისუფალი მოქმედების სფერო სამეწარმეო ინიციატივის განვითარებისათვის.[55] სამეწარმეო საქმიანობა ითვლება მოქმედების ზოგადი თავისუფლების გამოვლინებად და შესაბამისი დაცვით სარგებლობს. სამეწარმეო სფეროში მოქმედების თავისუფლებაში ჩარევა შეიძლება განხორციელდეს იმ ღონისძიებებით, რომლებიც ზღუდავს ან გავლენას ახდენს ეკონომიკურ განვითარებაზე, ეკონომიკური ცხოვრების ჩამოყალიბებაზე, მოწესრიგებასა და მართვაზე.[56]
სადავო ნორმის რეგულირების საგანი უკავშირდება ეკონომიკისა და სამეწარმეო საქმიანობის ერთ-ერთი სეგმენტის - ელექტრონული კომუნიკაციების სფეროს - მოწესრიგებასა და მართვას, კერძოდ კი - რადიოსიხშირული სპექტრის სათანადო ზოლით სარგებლობისათვის ლიცენზიის ვადის გაგრძელებისას საფასურის დადგენას. აქედან გამომდინარე, გახსნილია საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლით დაცული სფერო.
4. გერმანიის ფედერალური საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, გადასახდელები სახელმწიფო ბიუჯეტში ექვემდებარება კონტროლს ძირითადი კანონის მე-2 მუხლის პირველ აბზაცთან (პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება) მიმართებით.[57] მაგალითად, პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებასთან შესაბამისობაზე შემოწმდა ნორმა, რომელიც ადგენდა მოსაკრებელს ღვინით მოვაჭრეებისათვის. მოსაკრებელი ჩაითვალა ეკონომიკური პოლიტიკის ინსტრუმენტად, რომელიც გავლენას ახდენდა, ერეოდა ბაზრის გარკვეულ სეგმენტში და შეეხებოდა მოქმედების ზოგადი თავისუფლების გამოხატულებას - სამეწარმეო-ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებას.[58] კონსტიტუციურ-სამართლებრივად კონტროლდება გადასახდელების მზღუდავი გავლენა პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებაზე და მოწმდება მათი შესაბამისობა თანაზომიერების პრინციპთან.[59]
განსახილველ შემთხვევაში სადავო ნორმა უშუალოდ არ ადგენს სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახდელის ოდენობას, მაგრამ არეგულირებს მისი განსაზღვრის წესს. ამ წესზეა დამოკიდებული გადასახდელის ოდენობა და მისი მზღუდავი გავლენის მასშტაბი პირის თავისუფალი განვითარების უფლებაზე. გარდა ამისა, საფასურის დადგენა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ეკონომიკური პოლიტიკის განხორციელების მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია. ამდენად, სახეზეა კიდევ ერთი არგუმენტი, თუ რატომ უნდა დაექვემდებაროს სადავო ნორმა შემოწმებას კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით.
5. პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება არ არის აბსოლუტურად დაცული. ის შეიძლება შეიზღუდოს სხვათა უფლებებიდან, კონსტიტუციური წესრიგიდან და ლეგიტიმური საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე.[60] შეზღუდვა ექვემდებარება შემოწმებას თანაზომიერების პრინციპის გამოყენებით.[61]
6. სადავო ნორმის შემოწმება თანაზომიერების პრინციპის სტანდარტებთან მიმართებით უკვე განვახორციელეთ მისი კონსტიტუციის მე-14 მუხლთან შესაბამისობის შემოწმების ფარგლებში და ამ თემაზე განმეორებით დაწვრილებით აღარ შევჩერდებით. როგორც შემოწმებამ ცხადჰყო, სადავო ნორმა არღვევს თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნებს.
7. მნიშვნელოვანია გერმანიის ფედერალური საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებასთან მიმართებით სახელმწიფო გადასახდელების მარეგულირებელი კანონების შეფასებისას. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ეს კანონები ერევა მოქმედების ზოგად თავისუფლებაში და პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებაში სამეწარმეო-პროფესიულ და ქონებრივ-სამართლებრივ სფეროებში. გადასახდელის დამდგენ კანონს არ უნდა ჰქონდეს „მომახრჩობელი გავლენა“ (erdrosselnde Wirkung) და ზედმეტად არ უნდა ზღუდავდეს აღნიშნულ ძირითად უფლებებს.[62]
სადავო ნორმამ და მის საფუძველზე განსაზღვრულმა რეალურზე მრავალჯერ მაღალმა საფასურმა აშკარად იქონია მომახრჩობელი ეფექტი მოსარჩელის მოქმედების თავისუფლებაზე ეკონომიკური საქმიანობის შესაბამის სეგმენტში. მან ვერ გადაიხადა არაპროპორციულად მაღალი თანხა და ვერ გაიგრძელა შესატყვისი ლიცენზიის მოქმედების ვადა.
სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებას და მე-2 პუნქტს შემდეგი მიზეზების გამო:
1. საკონსტიტუციო სასამართლო საკუთრების უფლებას მჭიროდ უკავშირებს კონსტიტუციურ პრინციპებს.წარმოუდგენელია ეკონომიკური თავისუფლების პრინციპის რეალიზება საკუთრებითი ურთიერთობების სფეროში ინდივიდის ქმედების თავისუფლების გამოვლინების გარეშე.[63] თავის მხრივ, ეკონომიკური თავისუფლების გარეშე გამორიცხულია თავისუფალი, დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბება და ფუნქციონირება. „საკუთრების უფლება წარმოადგენს თანამედროვე დემოკრატიული საზოგადოების განვითარების საყრდენს, რომელსაც ეფუძნება საბაზრო ეკონომიკა და სტაბილური სამოქალაქო ბრუნვა.“[64] საკონსტიტუციო სასამართლოს პოზიციით, საკუთრება, როგორც უფლება და ინსტიტუტი სახელმწიფოს ეკონომკური საფუძველია.[65]
2. კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების შესაბამისად, საკუთრების უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. კონსტიტუციის ეს ნორმა განამტკიცებს კერძო საკუთებას, როგორც ინდივიდუალური თავისუფლების მატერიალურ საფუძველს. საკუთრების უფლება უზრუნველყოფს ადამიანის „თავისუფლებას, მისი უნარისა და შესაძლებლობების ადეკვატურ რეალიზაციას, ცხოვრების საკუთარი პასუხისმგებლობით წარმართვას.“[66] „საკუთრება წარმოადგენს ადამიანის პირადი დამოუკიდებლობის, პიროვნული განვითარების ერთ-ერთ წყაროს.“[67] როგორც ვხედავთ, საკონსტიტუციო სასამართლო აშკარად უსვამს ხაზს კავშირს კონსტიტუციის 21-ე და მე-16 მუხლით დაცულ სიკეთეებს შორის.
3. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი იცავს კერძო პირთა საკუთრებას, მიუხედავად მისი ფუნქციური დატვირთვისა და ღირებულებისა.[68] ამ კატეგორიას, რა თქმა უნდა, განეკუთვნება მოსარჩელეც, რომელიც კერძო სამართლის იურიდიულია პირია. 21-ე მუხლით დაცულ სფეროში შედის საკუთრების უფლება ფულად სახსრებზე თუ სხვა ქონებაზე. კონსტიტუციურად გარანტირებულია საკუთრების უფლების სხვადასხვა ასპექტი, მათ შორის სარგებლობა. საკონსტიტუციო სასამართლოს პოზიციით, კანონმდებელს ეკისრება პოზიტიური ვალდებულება, შექმნას ისეთი სამართლებრივი ბაზა, „რომელიც შესაძლებელს გახდის საკუთრების უფლებით შეუფერხებელ სარგებლობას და, შესაბამისად, სამოქალაქო ბრუნვის განვითარებას.“[69] კონსტიტუციის 21-ე მუხლი ასევე იცავს მესაკუთრის უფლებას, თავისი შეხედულებისამებრ განკარგოს მის საკუთრებაში არსებული ქონება.[70]
4. კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს ფორმალურ და მატერიალურ მოთხოვნებს საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად, თუ ნორმა არღვევს 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებს, ის წინააღმდეგობაშია 21-ე მუხლის პირველ პუნქტთანაც.[71] 21-ე მუხლის მე-2 პუნქტი იცავს საკუთრების უფლებას არაკონსტიტუციური შეზღუდვისაგან. საკუთრების უფლების შეზღუდვაში მოიაზრება საკუთრების შინაარსისა და ფარგლების, საკანონმდებლო ჩარჩოების დადგენა კანონმდებლის მიერ,[72] რაც ექვემდებარება შემოწმებას კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
5. საკუთრების უფლება კანონმდებელს აკისრებს არა მხოლოდ ნეგატიურ, არამედ პოზიტიურ ვალდებულებას. საკუთრების შინაარსის რეგულირება უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას.[73]„საკუთრების კონსტიტუციურ-სამართლებრივი გარანტია მოიცავს ისეთი საკანონმდებლო ბაზის შექმნის ვალდებულებას, რომელიც უზრუნველყოფს საკუთრებითი უფლების პრაქტიკულ რეალიზებას და შესაძლებელს გახდის საკუთრების შეძენის გზით ქონების დაგროვებას.“[74]
6. საკუთრების უფლებით დაცულ სფეროს ფართოდ განმარტავს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო. საკუთრების უფლებით გარანტირებულია კერძო პირთა ქონებრივ-სამართლებრივი პოზიციები. დაცულ სფეროს მიეკუთვნება სამეწარმეო საქმიანობის დაფუძნება და განხორციელება, ასევე სამეწარმეო რეპუტაცია (goodwill) - მეწარმის მიერ წარსულში გამომუშავებული ფასეულობები, ურთიერთობები და კავშირები, რომლებიც გავლენას ახდენს მის შეფასებაზე. ამგვარი მიდგომის მაგალითია საქმე ვან მარლე და სხვები ნიდერლანდების წინააღმდეგ (№17, 26.06.1986; პუნქტები 41, 42).[75]
7. გერმანული გამოცდილების მიხედვით, საკუთრების უფლებით დაცულია საწარმოს საკუთრება, ასევე უფლება მოწყობილ და განხორციელებულ სამეწარმეო საქმიანობაზე (das Recht am eingerichteten und ausgeübten Gewerbebetrieb). სამეწარმეო საქმიანობაში გამოხატული ფასეულობებისა და მის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობის საკმარისი და ეფექტიანი საკუთრებით-სამართლებრივი უზრუნველყოფა მოითხოვს საკუთრების იმ განზომილების აღიარებას, რომელიც ცდება ცალკეულ ობიექტებზე საკუთრების უფლების დაცვას. დაცულ სფეროში მოქცეულია საწარმოს საგნობრივი და სამართლებრივი ერთიანობა (Sach- und Rechtsgesamtheit des Unternehmens).[76] საწარმოს ფასეულობა ხშირად გამოიხატება საწარმოო საშუალებათა და მათი გამოყენების განსაზღვრული ფორმის ერთობლიობაში, რაც დიდ გავლენას ახდენს საწარმოს საბაზრო ღირებულების განსაზღვრაზე და დაცულია სამართლებრივად. გერმანიის ფედერალური უზენაესი სასამართლო საწარმოს საქმიანობას, როგორც დაცულ სიკეთეს, მიაკუთვნებს არა მხოლოდ მის უძრავ ქონებას, მოწყობილობებსა თუ საქონლის მარაგს, არამედ საქმიან კავშირებს, კლიენტურას და ყველაფერს, რაც ერთიანობაში ქმნის საწარმოს ეკონომიკურ ღირებულებას.[77] დროებითი კონცესიის ან ნებართვის ჩამორთმევისას ან მოქმედების არგაგრძელებისას მხედველობაში მიიღება ნებართვის მფლობელის საკუთრების უფლება.[78] გერმანიის ფედერალურმა საკონსტიტუციო სასამართლომ სამეწარმეო საქმიანობა, როგორც საგნებისა და უფლებების ერთობლიობა (Sach- und Rechtsgesamtheit), გაუთანაბრა საკუთრების უფლებას ნივთებზე.[79] საკუთრების უფლება შეიძლება დაირღვეს, თუ ჩარევა ხორციელდება სამეწარმეო საქმიანობის, როგორც საგნებისა და უფლებების ერთობის, სუბსტანციაში.[80]
8. გერმანიის ფედერალური საკონსტიტუციო სასამართლო გადასახადებისა და გადასახდელების მარეგულირებელ ნორმებს თვლის საკუთრების შინაარსისა და ფარგლების განსაზღვრად და ამოწმებს მათ ძირითადი კანონის მე-14 მუხლთან (საკუთრების უფლება) მიმართებით.[81] საკუთრების უფლება ირღვევა, თუ სუბიექტს გადამეტებული საფინანსო ტვირთი ეკისრება და მის ქონებრივ მდგომარეობას საფუძვლიანი ზიანი ადგება.[82] სახელმწიფოს სასარგებლოდ შესასრულებელ ფულად ვაlდებულებას არ უნდა ჰქონდეს „მომახრჩობელი“ (erdrosselnd) ეფექტი.[83] ეს არაკონსტიტუციურად ხელყოფს საკუთრების უფლებას.
9. საკონსტიტუციო სასამართლო სახელმწიფოს მიერ საფასურისა და შესაბამისი მეთოდოლოგიის დამდგენ ნორმას ამოწმებს კონსტიტუციის 21-ე მუხლთან მიმართებით. ამ კონტექსტში შეიძლება დავასახელოთ ავიასაწარმოების საქმიანობის რეგულირების საფასური,[84] ბუნებრივი რესურსით სარგებლობისათვის რეგულირების საფასურის გამოთვლის წესი[85] და მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების საფასურის გამოთვლის წესი.[86] საკონსტიტუციო სასამართლოს აზრით, რეგულირების საფასურის გადახდა გავლენას ახდენს შესაბამისი სუბიექტის საკუთრების უფლებაზე.[87] საფასური ფინანსური ვალდებულება და ჩარევაა ლიცენზიის მფლობელის საკუთრების უფლებაში.[88]
10. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული რესურსით სარგებლობის უფლებაში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ხედავს საკუთრების ელემენტებს.[89] სარგებლობის ლიცენზიის ფარგლებში მოპოვებადი/მოპოვებული შემოსავალი ჩათვალა კონსტიტუციის 21-ე მუხლით დაცულ სიკეთედ, ხოლო ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გამოთვლისა და გადახდის წესი კი - საკუთრების უფლების შეზღუდვად.[90]
11. თუ სადავო ნორმას განვიხილავთ ზემოთ ჩამოყალიბებული მიდგომების გათვალისწინებით, ის უნდა შეფასდეს საკუთრების კონსტიტუციურ უფლებასთან მიმართებით. მოსარჩელის საკუთრების უფლება შეიზღუდა. ის ხანგრძლივი დროის განმავლობაში ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში. საკუთრების უფლება იცავს ამ სეგმენტში მის მიერ მოწყობილ და განხორციელებულ საქმიანობას. სადავო ნორმის გამოყენების შედეგად მოსარჩელემ ვერ მოახერხა რადიოსიხშირული სპექტრის შესაბამისი ზოლით სარგებლობის ლიცენზიის გაგრძელება. ეს ნეგატიურად აისახა მის მიერ დაფუძნებულ და წლების განმავლობაში განხორციელებულ სამეწარმეო საქმიანობაზე. აზრი დაეკარგა მოსარჩელის განხორციელებულ მრავალმილიონიან ინვესტიციას და მას შესაძლო სამომავლო წარმატების პერსპექტივაც წაერთვა.
სადავო ნორმა ადგენს რადიოსიხშირული სპექტრის სათანადო ზოლით სარგებლობის ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისათვის სახელმწიფოსათვის საფასურის გადახდის დაანგარიშების ერთ-ერთ მეთოდს. სწორედ მასზეა დამოკიდებული, თუ რა ოდენობის საფასურის გადახდა მოუწევს დაინტერესებულ პირს. სადავო ნორმა, როგორც სახელმწიფოს სასარგებლოდ გადასახდელის მარეგულირებელი წესი, არის მოსარჩელის საკუთრების ფარგლების განსაზღვრა. საფასურის გადახდის ვალდებულება გავლენას ახდენს მოსარჩელის საკუთრების უფლებაზე, რომელიც მოიცავს მის საკუთრებაში არსებული ფულადი სახსრების განკაგვის უფლებას. ამ მომენტს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს მეწარმის შემთხვევაში. მაგალითისათვის, საკუთრებაში არსებული ფულადი რესურსი მან შეიძლება გამოიყენოს საწარმოს შენარჩუნებისა და განვითარებისათვის. სახელმწიფოს სასარგებლოდ არათანაზომიერად მაღალი საფასურის გადახდის დაკისრება არაკონსტიტუციურად ზღუდავს აღნიშნულ შესაძლებლობებს და ხელყოფს მეწარმის საკუთრების უფლებას. ამდენად, სადავო ნორმა ექვემდებარება შემოწმებას მოსარჩელეზე დაკისრებული ფინანსური ტვირთის თანაზომიერების თვალსაზრისით.
მოსარჩელე სარგებლობდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული რესურსით - რადიოსიხშირული სპექტრის ზოლით. ამ ლიცენზიის ფარგლებში მის მიერ მოპოვებული ან მოპოვებადი შემოსავალი დაცულია საკუთრების უფლებით. სადავო ნორმა, რომელიც ადგენს შესაბამისი საფასურის გამოთვლის წესს, არის საკუთრების უფლების შეზღუდვა და ამ მიზეზითაც ექვემდებარება კონსტიტუციურ-სამართლებრივ შემოწმებას.
12. საკუთრება არ არის აბსოლუტური უფლება. კანონმდებელი უფლებამოსილია, რომ დაადგინოს საკუთრების შინაარსი და ფარგლები, მაგრამ ამ დროს უნდა დაიცვას კონსტიტუციის ნორმები და პრინციპები.[91] შინაარსისა და ფარგლების დადგენა არ უნდა იწვევდეს საკუთრების არსის გამოფიტვას. „საკუთრება უნდა დარჩეს საკუთრებად და მან უნდა შეძლოს ამ შეზღუდვით გამოწვეული ტვირთის ტარება.“[92]
13. საკუთრების უფლების შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის.[93] აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის მოქმედება გულისხმობს არა მხოლოდ ნეგატიური შედეგების თავიდან აცილებას, არამედ საზოგადოებისათვის ან მისი ნაწილისათვის დადებითი შედეგების მოტანას.[94]
სადავო ნორმის ლეგიტიმური საჯარო მიზანი - სახელმწიფოს მიერ მისი კუთვნილი შეზღუდული რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭებისათვის ექვივალენტური საფასურის მიღება - შეესაბამება საკუთრების უფლების შეზღუდვისას აუცილებელი საზოგადებრივი საჭიროებისათვის წაყენებულ მოთხოვნებს. რადიოსიხშირული სპექტრი არის შეზღუდული რესურსი. ამ რესურსით სარგებლობის უფლების გაცემისას სახელმწიფომ შესაბამისი საფასური უნდა მიიღოს. არაექვივალენტურად დაბალი საფასური, რა თქმა უნდა, დააზიანებს საჯარო ინტერესებს.
14. საკუთრების უფლების შეზღუდვისათვის მხოლოდ აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების არსებობა არ არის საკმარისი. კანონმდებელმა უნდა დაიცვას თანაზომიერების პრინციპი საკუთრების უფლების შეზღუდვისას.[95] თანაზომიერების პრინციპი სამართლებრივი სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი ელემენტი და მატერიალური განზომილებაა. „სამართლებრივ სახელმწიფოში კანონზომიერია იმის მოლოდინი, რომ კერძო და საჯარო ინტერესების ურთიერთმიმართება სამართლიანი იქნება. რაც უფრო მეტად ერევა ხელისუფლება ადამიანის თავისუფლებაში, მით მაღალია მოთხოვნები ჩარევის გამართლებისათვის.“[96]
15. პირველ რიგში, შემოწმებას ექვემდებარება, თუ რამდენად გამოსადეგია სადავო ნორმა ლეგიტიმური საჯარო მიზნის მისაღწევად. ამ თემას უკვე შევეხეთ კონსტიტუციის მე-14 მუხლთან სადავო ნორმის შესაბამისობაზე მსჯელობისას. ამჯერად დამატებით ყურადღებას გავამახვილებთ საკონსტიტუციო სასამართლოს მიდგომაზე საკუთრების უფლების კონტექსტში. შეზღუდვა უნდა იყოს საზოგადოებრივი საჭიროებისადმი ვიწროდ მიზანმიმართული.[97]
სადავო ნორმა ზემოაღნიშნულ სტანდარტს არ შეესაბამება. მოსარჩელის შემთხვევაში (და მსგავს შემთხვევებში) ის არ არის ვიწროდ მიზანმიმართული. პირიქით, სადავო ნორმა იწვევს ლეგიტიმური საჯარო მიზნის საპირისპირო შედეგის დადგომას. მან შექმნა ვითარება, როდესაც მოსარჩელეს დაეკისრა არაექვივალენტურად მაღალი საფასურის გადახდა. შედეგად, დაზიანდა როგორც მოსარჩელის კერძო ინტერესი, ასევე საზოგადოებისა და საჯარო ინტერესი. მოსარჩელე იძულებული გახდა, რომ უარი განეცხადებინა ლიცენზიის მოქმედების გაგრძელებაზე და გასულიყო ელექტროკომუნიკაციების ბაზრის შესაბამისი ნაწილიდან. ამან დააზარალა მისი, როგორც მესაკუთრის ინტერესი, გამოეყენებინა თავისი სპეციფიური ქონება, რომელითაც შეიძლება მხოლოდ შესაბამისი სიხშირული ზოლით სარგებლობა, სარგებლობის ლიცენზიის ფარგლებში შემოსავლის მისაღებად. დაზარალდა საზოგადოება და მომხმარებელი, რადგანაც ფაქტობრივად აღარ არსებობს ხელმისაწვდომობა რადიოსიხშირული სპექტრის შესაბამის ზოლზე (არაგონივრულად მაღალი საფასურის გამო სხვა მეწარმეებმაც უარი განაცხადეს ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებაზე). დაზარალდა სახელმწიფო ინტერესი, რადგანაც სახელმწიფო ბიუჯეტმა ვერაფერი მიიღო მაშინ, როდესაც მოსარჩელე მზად იყო გადაეხადა ექვივალენტური საფასური ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისათვის.
როდესაც საკუთრების უფლებასა და მესაკუთრის ინტერესებს ადგება მსგავსი ზიანი, საკონსტიტუციო სასამართლო სადავო ნორმას არ თვლის მიზნის მიღწევის გონივრულ საშუალებად. ამ დროს კანონმდებელი გაუცხოებულია არა მხოლოდ საშუალებისაგან, არამედ მიზნისაგანაც. საშუალებით უნდა იყოს გარანტირებული მიზნის მიღწევა და დაცული იყოს თანაზომიერების პრინციპი.[98]
გამოსადეგობის კონტექსტში საკონსტიტუციო სასამართლო აუცილებლად თვლის ლოგიკური კავშირის არსებობას საკანონმდებლო რეგულირებასა და მისაღწევ მიზანს შორის.[99] ასეთი კავშირის არარსებობა შეზღუდვას მიზნის მიღწევის გამოუსადეგარ საშუალებად აქცევს.[100] სადავო ნორმა მოსარჩელის (და სხვა ანალოგიურ) შემთხვევაში კარგავს ლოგიკურ კავშირს ლეგიტიმურ საჯარო მიზანთან. როდესაც რადიოსიხშირული სპექტრის გარკვეული ზოლით სარგებლობის რენტაბელობა სხვადასხვა ობიექტური გარემოებების გამო მცირდება, შესაბამისად მცირდება სარგებლობის ღირებულებაც. ამ ფაქტორების გაუთვალისწინებლობა ლოგიკურად იწვევს არა ექვივალენტური, არამედ არაექვივალენტურად მაღალი საფასურის დადგენას ანუ ლეგიტიმური საჯარო მიზნის საპირისპირო შედეგის დადგომას.
16. საკონსტიტუციო სასამართლო აუცილებლობის კუთხით მკაცრ მოთხოვნებს უყენებს ნორმებს, რომლებიც ზღუდავს მეწარმეობის თავისუფლებასა და საკუთრების უფლებას. კანონმდებლის მიერ შერჩეული საშუალება უნდა იყოს „ერთადერთი და გარდაუვალი გზა“, რომლითაც ყველაზე ნაკლებად შეიზღუდება შესაბამისი უფლებები. „საშუალების აუცილებლობას ობიექტური გარემოებები იწვევს და მას სხვა ალტერნატივა არ გააჩნია. საშუალებისადმი ასეთი მიდგომა გამორიცხავს შეზღუდვის ხელოვნურობას. აუცილებლობით გამოწვეული შეზღუდვა აუცილებელი საშუალების გამოყენებით გამართლდება. მხოლოდ ასეთი შეზღუდვა შეიძლება პასუხობდეს პრაქტიკული გონიერების მოთხოვნებს და სუბიექტის მზაობას, უფლების შეზღუდვა მიიჩნიოს, როგორც გარდაუვალი აუცილებლობა.“[101]
სადავო ნორმით გათვალისწინებულ წესი არ არის მიზნის მიღწევის ერთადერთი, გარდაუვალი და მით უმეტეს, უალტერნატივო საშუალება. როგორც კონსტიტუციის მე-14 მუხლთან შესაბამისობაზე მსჯელობის კონტექსტში აღინიშნა, არსებობს რადიოსიხშირული სპექტრის ზოლით სარგებლობის საფასურის დადგენის უფრო სამართლიანი და მოსარჩელის საკუთრების უფლებისათვის ნაკლებად მზღუდავი გზა. აქედან გამომდინარე, სადავო ნორმა არ აკმაყოფილებს აუცილებლობის კრიტერიუმს.
17. საკუთრების უფლების შეზღუდვა უნდა იყოს პროპორციული. კანონმდებელს ევალება კერძო და საჯარო ინტერესების გონივრული და სამართლიანი დაბალანსება.[102] არ უნდა მოხდეს ერთი სიკეთის დაცვა მეორის არაპროპორციული შეზღუდვის ხარჯზე.[103] „დაუშვებელია საკუთრების სოციალური ფუნქციის უგულებელყოფა, იმავდროულად, შეუძლებელია მესაკუთრის ზედმეტად, არათანაზომიერად შეზღუდვის გამართლება.“[104] სახელმწიფო ვალდებულია მონახოს საზოგადოებრივი ინტერესებით საკუთრების შეზღუდვის ყველაზე სწორი და ეფექტიანი გზა, რაც მძიმე ტვირთად არ დააწვება სამეურნეო ბრუნვის მონაწილეთა გარკვეულ კატეგორიას.[105]
განსახილველ შემთხვევაში საფასურის გადახდა ხდებოდა სახელმწიფოს მხრიდან საპასუხო შესრულების პირობით (რადიოსიხშირული სპექტრის სათანადო ზოლით სარგებლობის ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელება). მისი ოდენობა უნდა ყოფილიყო იმ სიკეთის ექვივალენტური, რასაც იღებდა მოსარჩელე. ამ მოთხოვნის დაუცველობამ დაარღვია სამართლიანი ბალანსი კერძო და საჯარო ინტერესებს შორის კერძო ინტერესების საზიანოდ. კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ სადავო ნორმის საფუძველზე გაანგარიშებული საფასური მოსარჩელის შემთხვევაში მრავალჯერ აღემატებოდა შესაბამისი სიხშირული ზოლით სარგებლობის რეალურ ღირებულებას. ბოლო სამი აუქციონის გამართვის შემდეგ განვითარდა მოვლენები (განსაკუთრებით ტექნოლოგიურ სფეროში), რამაც დრამატულად შეამცირა სარგებლობის რენტაბელობა. აქედან გამომდინარე, არაპროპორციულად შეიზღუდა მოსარჩელის ინტერესები და საკუთრების უფლება.
18. საკუთრების შინაარსისა და ფარგლების განსაზღვრამ არ უნდა დაარღვიოს საკუთრების უფლების არსი. აქ იგულისხმება საკუთრების უფლების ისეთი გამოფიტვა, რაც მას ფაქტობრივად აზრს დაუკარგავს და ფორმალობად აქცევს. როდესაც საკუთრების ობიექტი ფორმალურად რჩება მესაკუთრის საკუთრებაში, მაგრამ ის კარგავს სარგებლიანობას და დანიშნულებისამებრ გამოყენების შესაძლებლობას, საკონსტიტუციო სასამართლო აცხადებს, რომ ხდება საკუთრების უფლებაში არათანაზომიერი შეჭრა, შეზღუდვას დაქვემდებარებული სიკეთისა და მისი მატარებელი სუბიექტის ერთმანეთისაგან გაუცხოება და შესაბამისად, არა მხოლოდ კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, არამედ 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის პირველი წინადადების დარღვევა.[106]
გერმანიის ფედერალური საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაში დამკვიდრებული მიდგომის შესაბამისად, საკუთრების უფლების არსი და ხელშეუხებელი ბირთვი მოიცავს საკუთრების სარგებლიანობას (Privatnützigkeit) და საკუთრების ობიექტის მართვის პრინციპულ უფლებამოსილებას (die grundsätzliche Verfügungsbefugnis über den Eigentumsgegenstand).[107] მესაკუთრეს უნდა შეუნარჩუნდეს ისეთი სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც იმსახურებს სახელწოდებას „საკუთრება“. საკუთრების უფლებას არღვევს ნორმები, რომლებიც მართალია უტოვებს მესაკუთრეს გარკვეულ სამართლებრივ პოზიციას, მაგრამ საკუთრებით სათანადო სარგებლობა სრულად ან თითქმის სრულად გამოჰყავს მისი უფლებამოსილებიდან და უკარგავს მას სარგებლიანობას.[108]
სადავო ნორმა არ შეესაბამება ზემოთ ჩამოყალიბებულ სტანდარტებს. მოსარჩელემ №F49 ლიცენზიისათვის 2007 წელს გადაიხადა 6986690 ლარი და გარდა ამისა, შეიძინა 305801,4 ლარის ღირებულების ძირითადი საშუალებები.[109] ამ ძვირადღირებული ქონების სპეციფიურობის გამო, არ არსებობს მისი სხვა დანიშნულებით გამოყენების ობიექტური შესაძლებლობა. აღნიშნულ ქონებისაგან მოსარჩელე ვერც სარგებელს მიიღებს და ვერც მის შესატყვის მართვას განახორციელებს. ქონება ფორმალურად დარჩა მოსარჩელის საკუთრებაში, მაგრამ მოხდა მასზე საკუთრების უფლების გამოფიტვა ანუ შეილახა საკუთრების უფლების ხელშეუხებელი ბირთვი და დაირღვა მისი არსი.
19. როგორც კონსტიტუციის მე-14 მუხლის დარღვევაზე მსჯელობისას აღვნიშნეთ, გერმანიის ფედერალური საკონსტიტუციო სასამართლო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს თანასწორობის პრინციპს საკუთრების უფლების დაცვის კონტექსტში. საკუთრების უფლების შინაარსის განსაზღვრელ კანონმდებელს არა მხოლოდ თანაზომიერებისა და ნდობის დაცვის, არამედ თანასწორობის პრინციპიც ზღუდავს.[110] პირის ქონებრივ მდგომარეობაზე გავლენის მომხდენი რეგულირებების მიმართ მოქმედებს ე.წ. დატვირთვის თანაბრობის (Belastungsgleichheit) პრინციპი. სასამართლო ამ პრინციპის საფუძვლად ძირითადი კანონის მე-14 მუხლს (საკუთრების უფლება) თვლის. „თანასწორობის ზოგადი პრინციპი... როგორც ზოგადი სამართლებრივ-სახელმწიფოებრივი პრინციპი, დასაცავია ასევე მესაკუთრის უფლებებისა და მოვალეობების შინაარსის დადგენისას.“[111] ეს მიდგომა მყარადაა დამკვიდრებული პრაქტიკაში.[112]
ზემოაღნიშნული თვალსაზრისით მნიშვნელოვანია ე.წ. „სავალდებულო ეგზემპლარის“ (Pflichtexemplar) საქმე. სადავო ნორმა ითვალისწინებდა გამომცემლების მიერ სახელმწიფო ბიბლიოთეკებისათვის გამოცემების სავალდებულო ეგზემპლარების უფასო გადაცემას. გერმანიის ფედერალურმა საკონსტიტუციო სასამართლომ საკუთრების უფლებასთან შესაბამისობაზე მსჯელობისას მიუთითა სადავო ნორმით თანასწორობის პრინციპის დარღვევაზე. არსებითად უთანასწორო მდგომარეობაში მყოფი გამომცემლებისათვის სავალდებულო ეგზემპლარის უფასოდ წარდგენის თანაბარი ვალდებულების განსაზღვრა პრაქტიკაში იწვევდა მათთვის განსხვავებული დატვირთვის დაკისრებას (განსაკუთრებით თუ საქმე შეეხებოდა მცირეტირაჟიან და ძვირ გამოცემებს). ამის გათვალისწინება აუცილებელი იყო საკუთრების უფლების კონტექსტში. საკუთრების შინაარსის განმსაზღვრელი ნორმების ელემენტები ისე უნდა ჩამოყალიბებულიყო, რომ მომხდარიყო სათანადო ანგარიშის გაწევა მესაკუთრეთა შორის განსხვავებისათვის და თავიდან ყოფილიყო აცილებული მათი ნაწილისათვის უფრო მძიმე ტვირთის დაკისრება. ერთი შეხედვით თანაბარი რეგულირების არათანაბარი შედეგები მოითხოვდა დამატებით გამართლებას საოველთაო კეთილდღეობის განსაკუთრებული საფუძვლებით.[113]
აღწერილი საქმის მსგავსია განსახილველი შემთხვევა. სადავო ნორმა ერთსა და იმავე წესს ავრცელებს ერთმანეთისაგან არსებითად განსხვავებულ შემთხვევებზე, რითაც განსხვავებული და დამატებითი დატვირთვა დაეკისრა მოსარჩელესა და მის საკუთრებას. ამგვარი სიტუაცია არათუ საყოველთაო კეთილდღეობის რაიმე განსაკუთრებული საფუძვლითაა გამართლებული, არამედ აშკარად ვერ აკმაყოფილებს გამოსადეგობის, აუცილებლობისა და პროპორციულობის მოთხოვნებს.
სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის პირველ წინადადებას შემდეგი მიზეზების გამო:
1. საქართველოს კონსტიტუცია ამკვიდრებს ღირებულებთა წესრიგს, რომლის ცენტრალური ფასეულობაა ინდივიდუალური თავისუფლება. ინდივიდუალური თავისუფლების ერთერთი უმნიშვნელოვანესი ასპექტია თავისუფლება ეკონომიკურ სფეროში. თავისუფალი ეკონომიკის გარეშე არ არსებობს თავისუფლების მატერიალური საფუძველი. ეკონომიკური თავისუფლება კონსტიტუციის პრეამბულაში მოხსენებულია ისეთ ფუნდამენტურ ფასეულობებთან ერთად, როგორიცაა დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილება, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო, ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველყოფა.
2. ეკონომიკური თავისუფლების დამკვიდრების კონსტიტუციური მიზნის მიღწევა წარმოუდგენელია თავისუფალი მეწარმეობის განვითარების გარეშე. თავისუფლი, დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფო ვერ იქნება სიცოცხლისუნარიანი არათავისუფალი ეკონომიკისა და შეზღუდული სამეწარმეო ინიციატივის პირობებში. ამ ფონზე განსაკუთრებულად იზრდება საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის პირველი წინადადებით დაცული სამართლებრივი სიკეთის - მეწარმეობის თავისუფლების - მნიშვნელობა. საკონსტიტუციო სასამართლოს პოზიციით, მეწარმეობის თავისუფლება სამოქალაქო ბრუნვის თავისუფლების მნივნელოვანი გამოვლინება, ეკონომიკური მართლწესრიგის, ჯანსაღი და სიცოცხლისუნარიანი საბაზრო ურთიერთობების საფუძველია. „მხოლოდ თავისუფალი მეწარმეობის დროსაა შესაძლებელი, მეწარმე სუბიექტი გახდეს კომერციული ურთიერთობის სრულფასოვანი მონაწილე და შეძლოს თავისი საქმიანი უნარ-ჩვევების გამოვლინება.“[114]
3. კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის პირველი წინადადებით დაცულ სიკეთეებთან დაკავშირებით ნათელ წარმოდგენას გვიქმნის საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა. სახელმწიფოს ეკისრება პოზიტიური და ნეგატიური ვალდებულებები. პოზიტიური თვალსაზრისით, სახელმწიფო ვალდებულია ხელი შეუწყოს მეწარმეობის თავისუფლებას.[115] ყველას აქვს უფლება სამეწარმეო საქმიანობის სახის თავისუფლად შერჩევაზე და დაუბრკოლებლად განხორციელებაზე.[116]
4. რელევანტურია გერმანიის ფედერალური საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა და სამეცნიერო ლიტერატურაში გავრცელებული მოსაზრებები მეწარმეობის თავისუფლებით დაცულ სფეროსთან დაკავშირებით. მეწარმეობის თავისუფლებას იცავს ძირითადი კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტი (პროფესიული საქმიანობის თავისუფლება). სამეწარმეო საქმიანობის თავისუფლება მოიცავს სამეწარმეო სუბიექტის თავისუფალი დაფუძნებასა და საქმიანობის წარმართვას.[117] სამეწარმეო საქმიანობის თავისუფლება გულისხმობს გადაწყვეტილებების მიღების თავისუფლებას (იგულისხმება სამეწარმეო საქმიანობის დაგეგმვასთან დაკავშირებული და სხვა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები), ინვესტირების თავისუფლებას (თავისუფალი გადაწყვეტილება კაპიტალის გამოყენებასთან დაკავშირებით) და პროდუქციის თავისუფლებას (თავისუფალი გადაწყვეტილება პროდუქციის სახესა და მოცულობასთან დაკავშირებით).[118]მეწარმეობის თავისუფლებაში ჩარევა შეიძლება განხორციელდეს ეკონომიკის მარეგულირებელი ღონისძიებებით, მათ შორის, სახელმწიფოს სასარგებლოდ გადასახდელების დაწესებით.[119]ჩარევაა ის სახელმწიფო ღონისძიება, რომელიც პირდაპირ ან ირიბ გავლენას ახდენს სამეწარმეო საქმიანობაზე, იწვევს მის სრულ ან ნაწილობრივ შეწყვეტას ან სასურველი სახით განხორციელების შეუძლებლობას.[120]
5. სადავო ნორმა უნდა შეფასდეს საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის პირველი წინადადებასთან მიმართებაში. ზოგადად, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონითა და კონკრეტულად, სადავო ნორმით ხორციელდება ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით საქმიანობის რეგულირება. ამ სფეროში მოქმედ მეწარმეთა (მათ შორის მოსარჩელის) თავისუფლი მეწარმეობის უფლება შეზღუდულია სხვადასხვა ჩარჩოებით. ერთ-ერთი მათგანია რადიოსიხშირული სპექტრის ზოლით სარგებლობის ლიცენზიისათვის და მისი მოქმედების გაგრძელებისათვის გარკვეული საფასურის გადახდა. სადავო ნორმა ითვალისწინებს სახელმწიფოს სასარგებლოდ გადასახდელის განსაზღვრის წესს, რაც ელექტრონული კომუნიკაციების დარგში სამეწარმეო საქმიანობის რეგულირებისაკენ მიმართული ღონისძიებაა. საფასურის გადახდის გარეშე მოსარჩელე ვერ განახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას შესაბამის სფეროში - სადავო ნორმა ზღუდავს სამეწარმეო საქმიანობის დაუბრკოლებლად განხორციელებას. ეს შეეხება სამეწარმეო საქმიანობის თავისუფლების სამივე ასპექტს (გადაწყვეტილების მიღების, ინვესტირებისა და პროდუქციის თავისუფლებები). სადავო ნორმით განსაზღვრული წესით საფასურის დადგენამ გავლენა მოახდინა მოსარჩელის სამეწარმეო საქმიანობაზე და გამოიწვია მისი იძულებითი შეწყვეტა შესაბამის სეგმენტში, მიუხედავად გაგრძელების სურვილისა.
სადავო ნორმა კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის პირველ წინადადებასთან შესაბამისობის შემოწმებას ექვემდებარება საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვითაც. 30-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით შეაფასა სასამართლომ მსგავსი შემთხვევები, კერძოდ, ავიაციის სფეროში სატრანსპორტო საქმიანობის რეგულირების საფასური,[121] ასევე ბუნებრივი რესურსით სარგებლობისათვის რეგულირების საფასურის გამოთვლის წესი.[122]
6. მეწარმეობის თავისუფლებას არ აქვს აბსოლუტური ხასიათი და შესაძლოადაექვემდებაროსთანაზომიერ შეზღუდვას ლეგიტიმური საჯარო მიზნის მისაღწევად.[123] მეწარმეობის თავისუფლებაში ჩარევა შეიძლება მოხდეს შეზღუდული რესურსით სარგებლობისათვის საფასურის დადგენითა და შესაბამისი წესის განსაზღვრით. ამ დროს სახელმწიფოს გარკვეული ვალდებულებები ეკისრება. მან უნდა ჩამოაყალიბოს ისეთი ეკონომიკური წესრიგი, „რომელიც თავისუფალ მეწარმეობასაც ხელს შეუწყობს და ეკონომიკური უსაფრთხოებაც იქნება გარანტირებული. ფასეულობებისადმი ასეთი დამოკიდებულებით, სახელმწიფო ახდენს კერძო და საჯარო ინტერესების ერთმანეთისაგან არა გაუცხოებას, არამედ უზრუნველყოფს მათ შორის სამართლიანი ბალანსისა და მშვიდობის დამყარებას.“[124] კანონმდებელი „ვალდებულია, გაემიჯნოს ისეთ სინამდვილეს, რომლის მიხედვითაც, მიზანი ამართლებს საშუალებას. თუკი კანონმდებელი აჰყვება ამგვარ ცდუნებას, ამით დაირღვევა ღირებულებათა წესრიგი და სამოქალაქო ბრუნვაში უსამართლობა დაისადგურებს. ადვილი შესაძლებელია, რომ მაღალი ღირებულების სიკეთე შეეწიროს უმნიშვნელო ღირებულების სიკეთეს. ეს რომ არ მოხდეს და შენარჩუნდეს ღირებულებათა წესრიგი, კანონმდებელი უნდა იცავდეს თანაზომიერების კონსტიტუციური პრინციპის მოთხოვნებს. მის მიერ დასახული მიზნის მიღწევა უნდა მოხდეს ყველაზე უმტკივნეული, აუცილებელი და სამართლებრივად ვარგისი საშუალებით.“[125]
7. სადავო ნორმის ლეგიტიმურ საჯარო მიზანზე (სახელმწიფოს მიერ მისი კუთვნილი შეზღუდული რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭებისათვის ექვივალენტური საფასურის მიღება)რამოდენიმეჯერ გავამახვილეთ ყურადღება. მეწარმეობის თავისუფლების კონტექსტში საინტერესოა გერმანულ ავტორიტეტულ სამეცნიერო ლიტერატურაში დაფიქსირებული პოზიცია, რომ სახელმწიფო ხელისუფლების სწრაფვა რაც შეიძლება მეტი შემოსავლის მიღებისაკენ არ ითვლება ლეგიტიმურ მიზნად, რომელიც გაამართლებდა ჩარევას ამ ძირითად უფლებაში.[126]
8. საკონსტიტუციო სასამართლო მეწარმეობის თავისუფლებაში ჩარევას გარკვეულ მოთხოვნებს უდგენს გამოსადეგობის კუთხით. უფლების შეზღუდვას ობიექტურად უნდა ჰქონდეს ლეგიტიმური საჯარო მიზნის მიღწევის უნარი. „...საშუალება უნდა იყოს მიზნის შესაფერისი. მიზნის შესაფერისი კი ისეთი საშუალებაა, რომელიც ყველაზე ბუნებრივი და მორგებადია ამ მიზნისათვის და ყველაზე უმტკივნეულო და ასატანი შეზღუდული უფლებისათვის.“[127]
სადავო ნორმით დადგენილ წესს შეუძლია მიზნის მიღწევა გამონაკლის შემთხვევებში - თუ ბოლო 3 (ან ბოლო 2) აუქციონის გამართვის შემდეგ ის ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენენ რადიოსიხშირული სპექტრის სათანადო ზოლით სარგებლობის რენტაბელობასა და რეალურ ღირებულებაზე არსებითად არ შეცვლილა. მხოლოდ ამ დროს შეიძლება ექვივალენტური საფასურის დადგენა. როდესაც სარგებლობის რენტაბელობა და რეალური ღირებულება გაიზარდა, მაშინ სადავო ნორმის გამოყენებით ვიღებთ არაექვივალენტურად დაბალ საფასურს ანუ ვერ ვაღწევთ ლეგიტიმურ საჯარო მიზანს. ამ მიზნის მიღწევა გამოირიცხება ასევე სიხშირული ზოლით სარგებლობის რენტაბელობისა და რეალური ღირებულების არსებითი შემცირებისას. ამჯერად ვიღებთ არაექვივალენტურად მაღალ საფასურს. მოსარჩელის მსგავსი შემთხვევების დროს სადავო ნორმას ობიექტურად არ შესწევს ლეგიტიმური საჯარო მიზნის მიღწევის უნარი და ამდენად, ვერ აკმაყოფილებს გამოსადეგობისკრიტერიუმს.
9. სადავო ნორმა ეფუძნება კანონმდებლის მცდარ პროგნოზს. არ არის გამორიცხული, რომ კანონმდებელმა კანონის მიღების პროცესში წინასწარ ვერ გათვალა გარკვეულ შემთხვევებში მოვლენათა ნეგატიური განვითარებისა და ძირითადი უფლებების დარღვევის რისკი. მსგავს შემთხვევებში გერმანიის ფედერალური საკონსტიტუციო სასამართლო აცხადებს, რომ მცდარი პროგნოზი არ ათავისუფლებს კანონმდებელს ვალდებულებისაგან, გააუქმოს ან გააუმჯობესოს მის მიერ მიღებული ნორმა მოვლენათა ფაქტობრივი განვითარების გათვალისწინებით.[128]
10. საკონსტიტუციო სასამართლო განსაზღვრავს აუცილებლობის სტანდარტებს მეწარმეობის თავისუფლების შეზღუდვისას. „მეწარმის საქმიანობა არ შეიძლება იმაზე მეტად შეიზღუდოს საჯარო ინტერესებით, რაც აუცილებელია კერძო ინტერესების ნორმალური ფუნქციონირებისათვის.“[129] არ უნდა არსებობდეს ნაკლებად მზღუდავი საშუალება ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად. ამასთანავე ამ საშუალებას უნდა ჰქონდეს „რესურსი, ისევე ეფექტურად უზრუნველყოს საჯარო ინტერესის დაცვა, როგორც სადავო რეგულაციას.“[130]
როგორც უკვე მრავალჯერ აღინიშნა, არსებობს სადავო ნორმით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული მეთოდები, რომლებიც ერთის მხრივ, უზრუნველყოფს საჯარო ინტერესის დაცვას (ექვივალენტური საფასურის დადგენა), ხოლო მეორე მხრივ კი - გადამეტებულად არ ზღუდავს კერძო ინტერესების ნორმალურ ფუნქციონირებას და არაექვივალენტურ ტვირთს არ აკისრებს მეწარმეს.
11. სადავო ნორმა არ არის ლეგიტიმური მიზნის მიღწევის შესატყვისი, პროპორციული საშუალება. საკონსტიტუციო სასამართლოს პოზიციით, „უფლებაშემზღუდველი ნორმა უნდა უზრუნველყოფდეს ბალანსს კერძო და საჯარო ინტერესებს შორის. დაუშვებელია, ერთი უფლების დაცვა სხვა უფლების ხარჯზე უსაფუძვლო უპირატესობის მინიჭების გზით.“[131] სადავო ნორმამ გამოიწვია მძიმე და მაღალი ინტენსივობის ჩარევა მოსარჩელის მეწარმეობის თავისუფლებაში. რადიოსიხშირული ზოლით სარგებლობის გაგრძელებისათვის მას დაეკისრა რეალურზე მრავალჯერ მაღალი საფასური. შედეგად, მოსარჩელეს მოუწია უარის თქმა შესაბამის სეგმენტში სამეწარმეო საქმიანობის გაგრძელებაზე. აშკარაა საჯარო ინტერესის სასარგებლოდ კერძო ინტერესის გადამეტებული, არაპროპორციული შეზღუდვა. ამ შეზღუდვით არ იქნა მიღწეული რაიმე სიკეთე და მით უმეტეს ის ვერ იქნება უფრო წონადი, ვიდრე მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანი.
12. მეწარმეობის თავისუფლება სახელმწიფოს აკისრებს არა მხოლოდ ნეგატიურ, არამედ პოზიტიურ ვალდებულებებს. თავისუფალი მეწარმეობის მხარდაჭერის კუთხით მნიშვნელოვანია მეწარმეებისათვის შეთავაზებული გარანტიები.[132] სახელმწიფოს ვალდებულია შექმნას მეწარმეებისათვის ისეთი ნორმატიული გარემო, „რომელიც წაახალისებს და ბაზრიდან არ განდევნის სიცოცხლისუნარიან სუბიექტებს, იზრუნებს მათი გაჯანსაღებისათვის.“[133] სახელმწიფომ არ უნდა შექმნას ისეთი რეგულირება, რომელიც გამოიწვევს ბრუნვის მონაწილეთა გაუცხოებას ბრუნვისაგან.[134]
სადავო ნორმით სახელმწიფო არღვევს თავის პოზიტიურ ვალდებულებებს. მან, არაექვივალენტურად მაღალი საფასურის დაწესებით, არათუ წაახალისა მოსარჩელე, არამედ ფაქტობრივად განდევნა იგი ელექტრონული კომუნიკაციების ბაზრის გარკვეული სეგმენტიდან. აქვე აღსანიშნავია, რომ მოსარჩელის შემთხვევაში საქმე შეეხებოდა შესაბამის სფეროში ხანგრძლივი გამოცდილების მქონე და სიცოცხლისუნარიან სუბიექტს, რომელსაც მრავალი მილიონი ჰქონდა ინვესტირებული. მსგავს სიტუაციაში საკონსტიტუციო სასამართლო ცალსახად ხედავს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული თავისუფალი მეწარმეობის ხელშეწყობის პოზიტიური ვალდებულების დარღვევას.[135]
13. ბოლოს ყურადღებას გავამახვილებთ კავშირზე საკუთრების უფლებასა და თავისუფალი მეწარმეობის უფლებას შორის. საკონსტიტუციო სასამართლო მათ ერთმანეთთან ორგანულად აკავშირებს: „მეწარმეობის თავისუფლება არ არსებობს თავისუფალი და გარანტირებული საკუთრების უფლების გარეშე. იმდენად მჭიდროა მათი კავშირურთიერთობა, რომ ერთი სამართლებრივი სიკეთის ყოფიერებას განსაზღვრავს მეორე სიკეთე, საკუთრების თავისუფლებაში ასოცირდება მეწარმეობის თავისუფლება... თავის მხრივ, მეწარმეობა საკუთრების თავისუფლების გამოვლენის, მისი შინაარსის დემონსტრირების საუკეთესო ფორმაა.“[136] აქედან გამომდინარე, სადავო ნორმით მოსარჩელე მეწარმე სუბიექტის საკუთრების უფლების დარღვევისას (როგორც ეს მოხდა განსახილველ შემთხვევაში), იმავდროულად ირღვევა თავისუფალი მეწარმეობის კონსტიტუციური უფლება.[137]
[1] Gubelt, Manfred, Kommentar zum Art. 3 GG, in: Münch, Ingo von (Begr.)/Kunig, Philip (Hrsg.): Grundgesetz-Kommentar, Band 1, 6., neu bearbeitete Auflage, München 2012, Rn. 77.
[2] მაგ.: საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 მარტის №2/1/473 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბიჭიკო ჭონქაძე და სხვები საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის წინააღმდეგ“, II–2.
[3] საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის №2/1/536 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – ლევან ასათიანი, ირაკლი ვაჭარაძე, ლევან ბერიანიძე, ბექა ბუჩაშვილი და გოჩა გაბოძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ“, II–25.
[4] საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 22 დეკემბრის №1/1/477 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II–63,69,72,74; საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 15 თებერვლის №3/1/659 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ომარ ჯორბენაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II–50.
[5] 3483.5 მჰც. – 3494.0 მჰც. და 3583.5 მჰც. – 3594.0 მჰც. სიხშირული ზოლები ადგილობრივი ფართოზოლოვანი უსადენო დაშვების ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველსაყოფად.
[6] გადაწყვეტილება №1/1/477, II–65.
[7] გადაწყვეტილება №3/1/659, II–51.
[8] გადაწყვეტილება №1/1/477, II–73; გადაწყვეტილება №3/1/659, II–52.
[9] გადაწყვეტილება №1/1/477, II–74; გადაწყვეტილება №3/1/659, II–53.
[10] მაგ.: საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის №1/1/493 გადაწყვეტილება საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II–3; გადაწყვეტილება №3/1/659, II–54.
[11] გადაწყვეტილება №1/1/493, II–5; საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 11 აპრილის №1/1/539 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბესიკ ადამია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II–18.
[12] მაგ.: გადაწყვეტილება №1/1/539, II–19; გადაწყვეტილება №3/1/659, II–59.
[13] მაგ.: გადაწყვეტილება №1/1/477, II–75.
[14] საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის №1/7/580 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი კეკენაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II–15.
[15] მაგ.: გადაწყვეტილება №1/1/493, II–6; გადაწყვეტილება №2/1/473, II–6; საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 8 ოქტომბრის №2/4/532,533 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ირაკლი ქემოკლიძე და დავით ხარაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II–107.
[16] გადაწყვეტილება №1/1/493, II–6; გადაწყვეტილება №1/1/539, II–20.
[17] საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 28 ოქტომბრის №2/4/603 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, II–13.
[18] გადაწყვეტილება №2/1/473, II–12.
[19] გადაწყვეტილება №1/1/539, II–21; საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 11 ივნისის №1/3/534 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ტრისტან მამაგულაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II–26; გადაწყვეტილება №2/1/536, II–31,32; საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 12 სექტემბრის №2/3/540 გადაწყვეტილება საქმეზე „რუსეთის მოქალაქეები – ოგანეს დარბინიანი, რუდოლფ დარბინიანი, სუსანნა ჟამკოციანი და სომხეთის მოქალაქეები – მილენა ბარსეღიანი და ლენა ბარსეღიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II–53; საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 13 ნოემბრის №2/5/556 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ია უჯმაჯურიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II–27; საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 13 ნოემბრის №1/4/557,571,576 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – ვალერიან გელბახიანი, მამუკა ნიკოლაიშვილი და ალექსანდრე სილაგაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II–37.
[20] გადაწყვეტილება №1/4/557,571,576, II–38.
[21] გადაწყვეტილება №1/4/557,571,576, II–19; საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 19 აპრილის №2/2/565 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – ილია ლეჟავა და ლევან როსტომაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II–21.
[22] საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 23 მაისის №2/3/591 გადაწყვეტილება საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები „თავისუფალი საქართველო“ და „ახალი მემარჯვენეები“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II–17; საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 29 დეკემბრის №2/6/623 გადაწყვეტილება საქმეზე „შპს „სადაზღვევო კომპანია უნისონი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II–12.
[23] Gubelt, Manfred, Kommentar zum Art. 3 GG, in: Münch, Ingo von (Begr.)/Kunig, Philip (Hrsg.): Grundgesetz-Kommentar, Band 1, 6., neu bearbeitete Auflage, München 2012, Rn. 14; Starck, Christian, Kommentar zum Art. 3 GG, in: Mangoldt, Hermann von/Klein, Friedrich/Starck, Christian: Kommentar zum Grundgesetz, Band 1, 5., vollständig neu bearbeitete Auflage, München 2005, Rn. 22.
[24] BVerfGE 88, 87 (96) [Transsexuelle II]; BVerfGE 97, 271 (290 f.) [Hinterbliebenenrente II].
[25] გადაწყვეტილება №1/1/493, II–6; გადაწყვეტილება №2/1/473, II–6; გადაწყვეტილება №2/4/532,533, II–115,134; გადაწყვეტილება №2/3/540, II–54; გადაწყვეტილება №2/5/556, II–34.
[26] გადაწყვეტილება №1/1/539, II–27.
[27] გადაწყვეტილება №1/4/557,571,576, II–23.
[28] გადაწყვეტილება №1/3/534, II–31.
[29] გადაწყვეტილება №1/1/493, II–6; გადაწყვეტილება №1/1/539, II–31,35; გადაწყვეტილება №2/4/532,533, II–120; გადაწყვეტილება №2/1/536, II–38; გადაწყვეტილება №2/5/556, II–34; გადაწყვეტილება №1/4/557,571,576, II–26.
[30] გადაწყვეტილება №1/4/557,571,576, II–31.
[31] გადაწყვეტილება №1/4/557,571,576, II–28.
[32] საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის #13 დადგენილებით დამტკიცებული „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების“ 11 მუხლის მე-2 პუნქტი.
[33] გადაწყვეტილება №1/1/493, II–6.
[34] მაგ.: BVerfGE 2, 266 (281) [Notaufnahme]; BVerfGE 4, 144 (155) [Abgeordneten-Entschädigung].
[35] გადაწყვეტილება №2/1/473, II–17; საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 27 დეკემბრის №2/3/522,553 გადაწყვეტილება საქმეზე „სპს „გრიშა აშორდია” საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II–17.
[36] გადაწყვეტილება №2/3/522,553, II–20.
[37] გადაწყვეტილება №1/1/493, II–24.
[38] გადაწყვეტილება №2/6/623, II–19, 20.
[39] გადაწყვეტილება №3/1/659, II–63, 64, 65.
[40] BVerfGE 34, 139 (146) [Fahrbahndecke]; BVerfGE 37, 132 (143) [Vergleichsmiete I]; BVerfGE 42, 263 (305) [Contergan]; BVerfGE 52, 1 (30) [Kleingarten].
[41] BVerfGE 58, 137 (150 f.) [Pflichtexemplar].
[42] Starck, Christian, Kommentar zum Art. 3 GG, in: Mangoldt, Hermann von/Klein, Friedrich/Starck, Christian: Kommentar zum Grundgesetz, Band 1, 5., vollständig neu bearbeitete Auflage, München 2005, Rn. 80.
[43] BVerfGE 108, 1 (13 f.) [Rückmeldegebühr].
[44] საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის №1/3/611 გადაწყვეტილება საქმეზე „შპს „მადაი” და შპს „პალიასტომი 2004” საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სსიპ – გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის წინააღმდეგ“, II–55.
[45] Starck, Christian, Kommentar zum Art. 3 GG, in: Mangoldt, Hermann von/Klein, Friedrich/Starck, Christian: Kommentar zum Grundgesetz, Band 1, 5., vollständig neu bearbeitete Auflage, München 2005, Rn. 117.
[46] მაგ.: BverfGE 20, 257 (270) [Bundesrecht in Berlin]; BVerfGE 83, 363 (392) [Krankenhausumlage].
[47] Starck, Christian, Kommentar zum Art. 3 GG, in: Mangoldt, Hermann von/Klein, Friedrich/Starck, Christian: Kommentar zum Grundgesetz, Band 1, 5., vollständig neu bearbeitete Auflage, München 2005, Rn. 120, 123.
[48] BVerfGE 93, 165 (172) [Erbschaftssteuer].
[49] BVerfGE 93, 121 (142 ff.) [Einheitswerte II].
[50] BVerfGE 30, 292 (332 f.) [Erdölbevorratung].
[51] გადაწყვეტილება №2/1/536, II–55; საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 4 აგვისტოს №2/4/570 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნუგზარ ჯაყელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II–4.
[52] საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 14 აპრილის №1/1/625,640 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი, საქართველოს მოქალაქეები – გიორგი ბურჯანაძე, ლიკა საჯაია, გიორგი გოცირიძე, თათია ქინქლაძე, გიორგი ჩიტიძე, ლაშა ტუღუში, ზვიად ქორიძე, ააიპ „ფონდი ღია საზოგადოება საქართველო“, ააიპ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“, ააიპ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, ააიპ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ და ააიპ „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II–6.
[53] გადაწყვეტილება №1/1/625,640, II–15.
[54] შეადარე: გადაწყვეტილება №2/4/570, II–8; Starck, Christian, Kommentar zum Art. 2 GG, in: Mangoldt, Hermann von/Klein, Friedrich/Starck, Christian: Kommentar zum Grundgesetz, Band 1, 5., vollständig neu bearbeitete Auflage, München 2005, Rn. 50.
[55] BVerfGE 50, 290 (366) [Mitbestimmung].
[56] BVerfGE 98, 218 (259) [Rechtschreibreform].
[57] მაგ.: BVerfGE 75, 108 (154) [Künstlersozialversicherungsgesetz]; 78, 232 (245) [Landwirtschaftliche Altershilfe].
[58] BVerfGE 37, 1 (17 ff.) [Weinwirtschaftsabgabe];
[59] BVerfGE 105, 17 (32) [Sozialpfandbriefe].
[60] გადაწყვეტილება №2/1/536, II–66.
[61] გადაწყვეტილება №2/1/536, II–67.
[62] BVerfGE 87, 153 (169) [Grundfreibetrag].
[63] საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II–54.
[64] გადაწყვეტილება №2/3/522,553, II–31.
[65] გადაწყვეტილება №1/3/611, II–2.
[66] საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 2 ივლისის №1/2/384 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – დავით ჯიმშელეიშვილი, ტარიელ გვეტაძე და ნელი დალალიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II–5.
[67] გადაწყვეტილება №3/1/512, II–38.
[68] საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბრის №1/2/411 გადაწყვეტილება საქმეზე „შპს „რუსენერგოსერვისი“, შპს „პატარა კახი“, სს „გორგოტა“, გივი აბალაკის ინდივიდუალური საწარმო „ფერმერი“ და შპს „ენერგია“ საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წინააღმდეგ“, II–23.
[69] გადაწყვეტილება №3/1/512, II–33.
[70] შეადარე: გადაწყვეტილება №3/1/512, II–36.
[71] საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 18 მაისის №2/1-370,382,390,402,405 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები ზაურ ელაშვილი, სულიკო მაშია, რუსუდან გოგია და სხვები და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II–6; გადაწყვეტილება №3/1/512, II –71,72.
[72] გადაწყვეტილება №2/1-370,382,390,402,405, II–11.
[73] გადაწყვეტილება №1/2/384, II–7.
[74] გადაწყვეტილება №3/1/512, II–33.
[75] Depenheuer, Otto, Kommentar zum Art. 14 GG, in: Mangoldt, Hermann von/Klein, Friedrich/Starck, Christian: Kommentar zum Grundgesetz, Band 1, 5., vollständig neu bearbeitete Auflage, München 2005, Rn. 108.
[76] მაგ.: Wendt, Rudolf (Bearb.): Kommentar zum Art. 14 GG, in: Sachs, Michael (Hrsg.): Grundgesetz Kommentar, 6. Auflage, München 2011, Rn. 26.
[77] Depenheuer, Otto, Kommentar zum Art. 14 GG, in: Mangoldt, Hermann von/Klein, Friedrich/Starck, Christian: Kommentar zum Grundgesetz, Band 1, 5., vollständig neu bearbeitete Auflage, München 2005, Rn. 132.
[78] Wendt, Rudolf (Bearb.): Kommentar zum Art. 14 GG, in: Sachs, Michael (Hrsg.): Grundgesetz Kommentar, 6. Auflage, München 2011, Rn. 50.
[79] BVerfGE 1, 264 (277 f.) [Bezirksschornsteinfeger].
[80] BVerfGE 13, 225 (229 f.) [Bahnhofsapotheke Frankfurt].
[81] Bryde, Brun-Otto, Kommentar zum Art. 14 GG, in: Münch, Ingo von (Begr.)/Kunig, Philip (Hrsg.): Grundgesetz-Kommentar, Band 1, 6., neu bearbeitete Auflage, München 2012, Rn. 23.
[82] BVerfGE 14, 221 (241) [Fremdrenten]; BVerfGE 105, 17 (32) [Sozialpfandbriefe].
[83] BVerfGE 14, 221 (241) [Fremdrenten]; BVerfGE 23, 288 (314 f.) [Kriegsfolgelasten II]; BVerfGE 30, 250 (272 f.) [Absicherungsgesetz]; BVerfGE 95, 267 (300) [Altschulden].
[84] საკონსტიტუციო სასამართლოს 2003 წლის 10 იანვრის №2/1/187-188 გადაწყვეტილება საქმეზე „შპს „აირზენა საქართველოს ავიახაზები“ საქართველოს პარლამენტის და საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს წინააღმდეგ“.
[85] გადაწყვეტილება №1/3/611.
[86] გადაწყვეტილება №2/3/522,553.
[87] გადაწყვეტილება №2/1/187-188, პ. 7.
[88] გადაწყვეტილება №1/3/611, II–38.
[89] გადაწყვეტილება №1/3/611, II–19.
[90] გადაწყვეტილება №1/3/611, II–23,58.
[91] გადაწყვეტილება №2/1-370,382,390,402,405, II–8; საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 29 იანვრის №1/1/543 გადაწყვეტილება საქმეზე „შპს ,,მეტალინვესტი” საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II–4.
[92] გადაწყვეტილება №1/2/411, II–24.
[93] მაგ.: გადაწყვეტილება №2/3/522,553, II–58.
[94] გადაწყვეტილება №2/1-370,382,390,402,405, II–15.
[95] გადაწყვეტილება №1/2/384, II–11; გადაწყვეტილება №3/1/512, II–60.
[96] გადაწყვეტილება №1/2/384, II–19.
[97] გადაწყვეტილება №1/1/543, II–34.
[98] გადაწყვეტილება №1/2/411, II–29.
[99] გადაწყვეტილება №1/1/543, II–40.
[100] გადაწყვეტილება №3/1/512, II–63-70,81.
[101] გადაწყვეტილება №1/2/411, II–30.
[102] გადაწყვეტილება №3/1/512, II–70; გადაწყვეტილება №1/1/543, II–40; გადაწყვეტილება №1/3/611, II–18.
[103] გადაწყვეტილება №1/2/384, II–22.
[104] გადაწყვეტილება №1/2/384, II–11.
[105] შეადარე: საკონსტიტუციო სასამართლოს 2005 წლის 28 ივლისის №1/14/184,228 გადაწყვეტილება საქმეზე "სააქციო საზოგადოებები – "საქგაზი" და "ანაჯგუფი" (ყოფილი "თბილგაზოაპარატი") საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ", პ. 3.
[106] გადაწყვეტილება №1/2/411, II – 25, 26, 27.
[107] BVerfGE 42, 263 (294) [Contergan]; BVerfGE 31, 229 (240) [Schulbuchprivileg]; BVerfGE 37, 132 (140) [Vergleichsmiete I]; BVerfGE 50, 290 (339) [Mitbestimmung].
[108] BVerfGE 50, 290 (334 f.) [Mitbestimmung].
[109] დღეისათვის საერთო ნარჩენი ღირებულებაა 68487,59 ლარი.
[110] Bryde, Brun-Otto, Kommentar zum Art. 14 GG, in: Münch, Ingo von (Begr.)/Kunig, Philip (Hrsg.): Grundgesetz-Kommentar, Band 1, 6., neu bearbeitete Auflage, München 2012, Rn. 62; Wendt, Rudolf (Bearb.): Kommentar zum Art. 14 GG, in: Sachs, Michael (Hrsg.): Grundgesetz Kommentar, 6. Auflage, München 2011, Rn. 50; BVerfGE 87, 114 (138 f.) [Pachtzins für Kleingärten]; BVerfGE 100, 226 (240 f.) [Denkmalschutz].
[111] BVerfGE 34, 139 (146) [Fahrbahndecke].
[112] BVerfGE 37, 132 (143) [Vergleichsmiete I]; BVerfGE 42, 263 (305) [Contergan]; BVerfGE 52, 1 (30) [Kleingarten]; BVerfGE 70, 191 (200) [Fischereibezirke]; BVerfGE 87, 114 (139) [Pachtzins für Kleingärten].
[113] BVerfGE 58, 137 (150 f.) [Pflichtexemplar].
[114] გადაწყვეტილება №1/2/411, II–2.
[115] საკონსტიტუციო სასამართლოს 2004 წლის 12 მარტის №2/2/277 განჩინება საქმეზე „მურმან ბაკურიძე საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ“, პ.3; საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 21 აპრილის №1/5/826 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ხათუნა ფხალაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II–2.
[116] გადაწყვეტილება №1/2/411, II–2.
[117] BVerfGE 50, 290 (363) [Mitbestimmung].
[118] Manssen, Gerrit, Kommentar zum Art. 12 GG, in: Mangoldt, Hermann von/Klein, Friedrich/Starck, Christian: Kommentar zum Grundgesetz, Band 1, 5., vollständig neu bearbeitete Auflage, München 2005, Rn. 68.
[119] Gubelt, Manfred, Kommentar zum Art. 12 GG, in: Münch, Ingo von (Begr.)/Kunig, Philip (Hrsg.): Grundgesetz-Kommentar, Band 1, 6., neu bearbeitete Auflage, München 2012, Rn. 4; BVerfGE 38, 61 (79) [Leberpfennig].
[120] Gubelt, Manfred, Kommentar zum Art. 12 GG, in: Münch, Ingo von (Begr.)/Kunig, Philip (Hrsg.): Grundgesetz-Kommentar, Band 1, 6., neu bearbeitete Auflage, München 2012, Rn. 42.
[121] გადაწყვეტილება №2/1/187-188.
[122] გადაწყვეტილება №1/3/611.
[123] გადაწყვეტილება №1/5/826, II–8.
[124] გადაწყვეტილება №1/2/411, II–4.
[125] გადაწყვეტილება №1/2/411, II – 4.
[126] Manssen, Gerrit, Kommentar zum Art. 12 GG, in: Mangoldt, Hermann von/Klein, Friedrich/Starck, Christian: Kommentar zum Grundgesetz, Band 1, 5., vollständig neu bearbeitete Auflage, München 2005, Rn. 125.
[127] გადაწყვეტილება №1/2/411, II–10.
[128] BVerfGE 25, 1 (13) [Mühlengesetz].
[129] გადაწყვეტილება №1/2/411, II–17.
[130] გადაწყვეტილება №1/5/826, II–23.
[131] გადაწყვეტილება №1/5/826, II–30.
[132] გადაწყვეტილება №1/3/611, II–4.
[133] გადაწყვეტილება №1/2/411, II–3.
[134] გადაწყვეტილება №1/2/411, II–7.
[135] გადაწყვეტილება №2/1/187-188, პ.7.
[136] გადაწყვეტილება №1/2/411, II-23.
[137] გადაწყვეტილება №1/3/611, II-46.
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა