საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1737 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - , , |
ავტორ(ებ)ი | საქართველოს სახალხო დამცველი |
თარიღი | 13 ოქტომბერი 2022 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. საქართველოს კანონი „საქართველოს პატიმრობის კოდექსი“
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
საქართველოს კანონის „საქართველოს პატიმრობის კოდექსის“ 173 მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც საოჯახო პაემნით სარგებლობის უფლებას ანიჭებს მხოლოდ ქალ მსჯავრდებულებს, რითაც ამ უფლებით სარგებლობის შესაძლებლობას უზღუდავს, ერთი მხრივ, ქალ ბრალდებულებს, ხოლო, მეორე მხრივ, მამაკაც მსჯავრდებულებს/ბრალდებულებს. | საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი. |
საქართველოს კანონის „საქართველოს პატიმრობის კოდექსის“ 173 მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც საოჯახო პაემნით სარგებლობის უფლებას ანიჭებს მხოლოდ ქალ მსჯავრდებულებს, რითაც ამ უფლებით სარგებლობის შესაძლებლობას უზღუდავს, ერთი მხრივ, ქალ ბრალდებულებს, ხოლო, მეორე მხრივ, მამაკაც მსჯავრდებულებს/ბრალდებულებს. | საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველი პუნქტი. |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
კონსტიტუციური სარჩელის დასაშვებობა:
მიგვაჩნია, რომ კონსტიტუციური სარჩელი:
ა) ფორმით და შინაარსით შეესაბამება „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს;
ბ) შეტანილია უფლებამოსილი სუბიექტის - საქართველოს სახალხო დამცველის მიერ (საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო სახალხო დამცველის სარჩელის საფუძველზე იხილავს ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობას კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ადამიანის ძირითად უფლებებთან მიმართებით);
გ) სარჩელში მითითებული საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი;
დ) სარჩელში მითითებული საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ;
ე) სარჩელში მითითებული საკითხი რეგულირდება საქართველოს კონსტიტუციის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადებით, მე-11 მუხლის მე-4 პუნქტით და 29-ე მუხლით.
ვ) კანონით არ არის დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა;
ზ) სადავო კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტის კონსტიტუციურობაზე სრულფასოვანი მსჯელობა შესაძლებელია ნორმატიული აქტების იერარქიაში მასზე მაღლა მდგომი იმ ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე მსჯელობის გარეშე, რომელიც კონსტიტუციური სარჩელით გასაჩივრებული არ არის.
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
დავის საგანი
წარმოდგენილ კონსტიტუციურ სარჩელში დავის საგანია საქართველოს პატიმრობის კოდექსის 173 მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც საოჯახო პაემნით სარგებლობის უფლებას ანიჭებს მხოლოდ ქალ მსჯავრდებულებს, რითაც ამ უფლებით სარგებლობის შესაძლებლობას უზღუდავს, ერთი მხრივ, ქალ ბრალდებულებს, ხოლო, მეორე მხრივ, მამაკაც მსჯავრდებულებს/ბრალდებულებს.
პატიმრობის კოდექსის მე-17 მუხლის 71 ნაწილის მიხედვით, ქალ მსჯავრდებულს შეიძლება მიეცეს საოჯახო პაემნის უფლება ამ კოდექსის 173 მუხლის შესაბამისად. რაც შეეხება 173 მუხლს, იგი აწესრიგებს საოჯახო პაემნით სარგებლობის წესსა და პირობებს. კერძოდ, განსაზღვრავს, რომ საოჯახო პაემანი არის ქალი მსჯავრდებულის ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულ პირებთან (შვილთან, ნაშვილებთან, გერთან, შვილიშვილთან, მეუღლესთან, პირთან, რომელთანაც საერთო შვილი ჰყავს, მშობელთან (მშვილებელთან), ბებიასთან, პაპასთან, დასთან, ძმასთან) შეხვედრა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტერიტორიაზე, ამისათვის სპეციალურად გამოყოფილ ოთახში, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 3 საათისა და რასაც საფუძვლად ქალი მსჯავრდებულის წერილობითი მოთხოვნისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორის შესაბამისი შუამდგომლობის შედეგად, სამსახურის გენერალური დირექტორის თანხმობა უნდა დაედოს. ამასთან, განსახილველი მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, საოჯახო პაემნის უფლების მიცემაზე სამსახურის გენერალური დირექტორის თანხმობა ან მოტივირებული უარი მსჯავრდებულს წერილობით უნდა ეცნობოს.
აღსანიშნავია, რომ საოჯახო პაემნის ინსტიტუტი განსხვავდება ხანმოკლე და ხანგრძლივი პაემნის ძირითადი მახასიათებლებისგან. განსხვავება გამოიხატება როგორც საოჯახო პაემნის ხანგრძლივობისა და ინტენსივობის, ისე შესახვედრად ნებადართულ პირთა წრისა და პაემნის ორგანიზებისთვის გათვალისწინებული სივრცის კუთხით. კერძოდ, ხანმოკლე პაემანი ეწყობა ერთიდან ორ საათამდე ვადით და მიმდინარეობს პენიტენციური დაწესებულების წარმომადგენლის ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობით (მაგრამ მოსმენის გარეშე)[1], ხოლო ხანგრძლივი პაემანი კი ეწყობა ამისათვის სპეციალურად გამოყოფილ ოთახში, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების წარმომადგენლის დაუსწრებლად და გრძელდება არაუმეტეს 23 საათისა[2]. საოჯახო პაემნის შემთხვევაში კოდექსი განსხვავებულ მოწესრიგებას აწესებს. როგორც უკვე აღინიშნა, საოჯახო პაემანი არის ქალი მსჯავრდებულის ოჯახის წევრებთან შეხვედრა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტერიტორიაზე, ამისათვის სპეციალურად გამოყოფილ ოთახში, რომელიც გრძელდება არაუმეტეს 3 საათისა. ამასთან, ხანმოკლე და ხანგრძლივი პაემნისაგან განსხვავებით, საოჯახო პაემანთან მიმართებით კოდექსი არ აკონკრეტებს დაწესებულების თანამშრომელთა მხრიდან პაემნის პროცესზე მონიტორინგის განხორციელების წესს. ამდენად, უნდა ვივარაუდოთ, რომ შეხვედრის მეთვალყურეობის საჭიროება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე უნდა შეფასდეს. აქვე, აღსანიშნავია, რომ კოდექსი საოჯახო პაემნის საკმაოდ შეზღუდულ რაოდენობას უშვებს, კერძოდ, ქალი მსჯავრდებული უფლებამოსილია 1 თვის განმავლობაში ჰქონდეს 1 საოჯახო პაემანი, ხოლო წახალისების ფორმით − თვეში 1 დამატებითი საოჯახო პაემანი.
აუცილებლად უნდა აღინიშნოს ისიც, რომ თავისუფლებააღკვეთილი პირისთვის საოჯახო პაემნის უფლების მინიჭებას განსაკუთრებული დატვირთვა გააჩნია, რასაც თავად პატიმრობის კოდექსის ანალიზიც ცხადყოფს. კერძოდ, ნიშანდობლივია, რომ ნაცვლად ქალ მსჯავრდებულთათვის მათ ხელთ დღეისთვის არსებული ხანმოკლე თუ ხანგრძლივი პაემნების ინტენსივობის ზრდისა (რითაც უდავოდ მიღწეული იქნებოდა გარესამყაროსთან კონტაქტის ზრდის მიზანი), კანონმდებელი გვთავაზობს პაემნის თვისობრივად განსხვავებულ სახეს - საოჯახო პაემანს, რითიც ხაზს უსვამს, რომ ცალკე აღებული ხანმოკლე ან ხანგრძლივი პაემანი(მიუხედავად მათი ინტენსივობისა) შეიძლება ვერ უზრუნველყოფდეს პატიმართა პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლების სათანადო რეალიზებას, და ამდენად, ფაქტობრივად, მიუთითებს, რომ პაემნის ზემოაღნიშნულ „კლასიკურ სახეობათა“ გარდა, პატიმარი აუცილებლად საჭიროებს ოჯახთან კონტაქტის სათანადო ხარისხით შენარჩუნებისთვის განკუთვნილ პაემნის სპეციალურ სახეს, რომელსაც კოდექსი სწორედ საოჯახო პაემნის სახელით მოიხსენიებს. თუმცა, როგორც დასაწყისშივე აღინიშნა, ამ უფლებით სარგებლობის შესაძლებლობას კოდექსი მხოლოდ ქალ მსჯავრდებულებს ანიჭებს, რითიც უფლებით მოსარგებლე პირთა წრიდან ავტომატურად გამორიცხავს ქალ ბრალდებულებს, კაც მსჯავრდებულებს/ბრალდებულებს.
მიგვაჩნია, რომ ზემოაღნიშნული შეზღუდვა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტს (თანასწორობის უფლება) და მე-15 მუხლის პირველ პუნქტს (ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება).
თანასწორობის უფლების დარღვევა
საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებს სამართლის წინაშე ყველას თანასწორობის პრინციპს. აღნიშნული კონსტიტუციური ნორმით აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით. მოცემულ შემთხვევაში, მიგვაჩნია, რომ დიფერენცირებული მოპყრობის საფუძველს - ნიშანს, ერთი მხრივ, ქალ ბრალდებულებთან მიმართებით, მათი საპროცესო სტატუსი, მეორე მხრივ კი, კაც მსჯავრდებულ/ბრალდებულ პირებთან მიმართებით, მათი სქესი წარმოადგენს.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „თანასწორობის ფუნდამენტური უფლების დამდგენი ნორმა წარმოადგენს თანასწორობის უნივერსალურ კონსტიტუციურ ნორმა-პრინციპს, რომელიც ზოგადად გულისხმობს ადამიანების სამართლებრივი დაცვის თანაბარი პირობების გარანტირებას. კანონის წინაშე თანასწორობის უზრუნველყოფის ხარისხი ობიექტური კრიტერიუმია ქვეყანაში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების უპირატესობით შეზღუდული სამართლის უზენაესობის ხარისხის შეფასებისათვის. ამდენად, ეს პრინციპი წარმოადგენს დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს როგორც საფუძველს, ისე მიზანს.“[3]
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებით, „(...) ნებისმიერი უფლების აღიარება აზრს დაკარგავს მასზე თანაბარი წვდომის გარანტირებული შესაძლებლობის გარეშე. ადამიანებისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია განცდა, რომ მათ სამართლიანად ეპყრობიან.“[4] „(...) თანასწორობის იდეა ემსახურება შესაძლებლობების თანასწორობის უზრუნველყოფას, ანუ ამა თუ იმ სფეროში ადამიანების თვითრეალიზაციისთვის ერთნაირი შესაძლებლობების გარანტირებას“.[5]
საკონსტიტუციო სასამართლოს პოზიციით, „თანასწორობის უფლების შეზღუდვას ადგილი ექნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აშკარაა არსებითად თანასწორი პირების მიმართ უთანასწორო მოპყრობა (ან არსებითად უთანასწორო პირების მიმართ თანასწორი მოპყრობა)“.[6] ამდენად, პირველ რიგში უნდა დადგინდეს, იწვევს თუ არა სადავო ნორმებით დადგენილი აკრძალვა არსებითად თანასწორი პირების დიფერენცირებას. რისთვისაც, უნდა გამოიკვეთოს შესადარებელი პირები.
როგორც უკვე აღინიშნა, საქართველოს პატიმრობის კოდექსის სადავო დებულება პატიმრობა შეფარდებულ ქალ ბრალდებულებსა და კაც მსჯავრდებულებს/ბრალდებულებს იმპერატიულად უკრძალავს საოჯახო პაემნით სარგებლობის უფლებას.
შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, მართებული იქნება გამოვყოთ რამდენიმე შესადარებელი ჯგუფი - ერთი მხრივ, ესენი არიან თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებული ქალები (რომლებიც სარგებლობენ საოჯახო პაემნის უფლებით), მეორე მხრივ კი ქალი ბრალდებულები (რომელთა პატიმრობა შესაძლებელია გაგრძელდეს 9 თვის განმავლობაში) და კაცი მსჯავრდებულები/ბრალდებულები. საკითხის პრობლემურობის უკეთ წარმოსაჩენად, ქვემოთ წარმოდგენილ მსჯელობაში ცალ-ცალკე იქნება შეფასებული თითოეული შესადარებელი ჯგუფის მიმართ თანასწორობის უფლების დარღვევის საკითხი.
შესადარებელ პირთა არსებითი თანასწორობა (ქალ ბრალდებულებთან მიმართებით)
უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ, ბუნებრივია, ბრალდებული თავისი სტატუსით და მდგომარეობით არ წარმოადგენს მსჯავრდებულის იდენტურ კატეგორიას. ასე, მაგალითად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, მსჯავრდებული არის პირი, რომლის მიმართაც გამოტანილია სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, იმ დროს, როდესაც იმავე მუხლის მე-19 ნაწილის თანახმად, ბრალდებულია პირი, რომლის მიმართაც არსებობს მხოლოდ დასაბუთებული ვარაუდი, რომ მან ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული. მიუხედავად აღნიშნულისა, პატიმრობა შეფარდებულ ბრალდებულს, ისევე, როგორც თავისუფლება აღკვეთილ მსჯავრდებულს გააჩნიათ ერთი საერთო ნიშანი, კერძოდ კი ის, რომ ორივეს შეზღუდული აქვთ თავისუფლება და ორივე იმყოფება სახელმწიფოს ეფექტური კონტროლის ქვეშ.
როგორც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ თანასწორობის უფლებასთან მიმართებით განაცხადა, „ანალოგიურ სიტუაციაში“ ყოფნის დემონსტრირების მოთხოვნა არ ნიშნავს, რომ შესადარებელი ჯგუფები უნდა იყვნენ იდენტური.[7] საკონსტიტუციო სასამართლოს აზრით კი, იმისთვის, რომ კონკრეტულ პირთა ჯგუფი, თანასწორობის თვალსაზრისით შესადარებელ კატეგორიებს წარმოადგენდნენ, „ისინი ამა თუ იმ შინაარსით, კრიტერიუმით მსგავს კატეგორიაში, ანალოგიურ გარემოებებში უნდა ხვდებოდნენ, არსებითად თანასწორნი უნდა იყვნენ კონკრეტულ ვითარებასა თუ ურთიერთობებში.[8]
ზემოაღნიშნულის თვალსაზრისით, მხედველობაშია მისაღები საქართველოს პატიმრობის კოდექსის მე-13 მუხლი, რომელიც ბრალდებულისა და მსჯავრდებულის სამართლებრივი მდგომარეობის საფუძვლებს განსაზღვრავს. დასახელებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო უზრუნველყოფს ბრალდებულისა და მსჯავრდებულის კანონიერი უფლებებისა და თავისუფლებების, ასევე მათი სამართლებრივი, სოციალური და პირადი უსაფრთხოების დაცვას. მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, ბრალდებულს პატიმრობის, ხოლო მსჯავრდებულს თავისუფლების აღკვეთის აღსრულებისას გარანტირებული აქვს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, ამ კოდექსით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით აღიარებული უფლებები და თავისუფლებები.
შესაბამისად, ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფილი იყოს, საცხოვრებლით, კვებით, პირადი ჰიგიენით, ტანსაცმლით, შრომით, შრომისა და პირადი უსაფრთხოებით; სამედიცინო მომსახურებით; ახლო ნათესავებთან შეხვედრით (პაემნით), დამცველთან, დიპლომატიური წარმომადგენლობის, საკონსულო დაწესებულების და სხვა დიპლომატიურ წარმომადგენლებთან (უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის) შეხვედრით; სატელეფონო საუბრებით და მიმოწერით; ამანათებისა და ფულადი გზავნილების მიღება-გაგზავნით; უფასო იურიდიული დახმარებით და სამართლებრივი კონსულტაციებით; მიიღოს ზოგადი და პროფესიული განათლება; მონაწილეობა მიიღოს სპორტულ, კულტურულ, აღმზრდელობით და რელიგიურ ღონისძიებებში; მიიღოს ინფორმაცია პრესითა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით, ისარგებლოს მხატვრული და სხვა ლიტერატურით; პენიტენციური დაწესებულების დირექტორის ნებართვითა და კონტროლით ეწეოდეს ინდივიდუალურ საქმიანობას, ჰქონდეს ამისთვის საჭირო ინვენტარი და პენიტენციური დაწესებულების ხელშეწყობით მოახდინოს ინდივიდუალური საქმიანობის შედეგად დამზადებული ნივთის (ნაკეთობის) რეალიზაცია; შეიტანოს მოთხოვნა, საჩივარი; ყოველდღიურად არანაკლებ 1 საათისა იმყოფებოდეს სუფთა ჰაერზე (ისარგებლოს გასეირნების უფლებით); განსაკუთრებულ, პირად გარემოებებთან დაკავშირებით დროებით დატოვოს პენიტენციური დაწესებულება.[9]
ამდენად, შეიძლება ითქვას, რომ როგორც ბრალდებული, ისე მსჯავრდებული თავისუფლების შეზღუდვის და მისგან მომდინარე საჭიროებების გათვალისწინებით, მსგავს ვითარებაში არიან, რის გამოც, სარგებლობენ პრაქტიკულად ერთი და იგივე უფლებებით, კანონმდებლობით გათვალისწინებული მცირე გამონაკლისების გარდა, რომლებიც, თავის მხრივ, ბრალდებულის გარდამავალ და დროში მკაცრად შეზღუდულ სტატუსს უნდა შეესაბამებოდნენ. მაშასადამე, ისინი, როგორც თავისუფლება შეზღუდული პირები, არიან თანასწორნი, მათი საჭიროებებისა და ამ საჭიროებების შესაბამისი უფლებებით სარგებლობის თვალსაზრისით. განსაკუთრებით კი ისეთი უფლებით სარგებლობის მხრივ, რომელიც საკუთარ ოჯახთან ურთიერთობის შენარჩუნების საჭიროებას უკავშირდება, რისი რეალიზაციის ყველაზე ეფექტურ ფორმას სწორედ ოჯახთან პირდაპირი, უშუალო და შეძლებისდაგვარად ინტიმურ გარემოში განხორციელებული კონტაქტის შესაძლებლობა წარმოადგენს.
აქვე, უნდა აღინიშნოს, რომ ევროპული ციხის წესების თანახმად, „გარდა იმ შემთხვევებისა, როცა სახეზეა სასამართლოს მიერ ინდივიდუალური შემთხვევის მიმართ დაწესებული კონკრეტული შეზღუდვა, ბრალდებული უნდა სარგებლობდეს პაემნის უფლებით და საშუალება უნდა ეძლეოდეს, კომუნიკაცია დაამყაროს ოჯახსა და სხვა პირებთან, სწორედ ისე, როგორც ეს მსჯავრდებული პირებისთვისაა დაშვებული“.[10] უფრო მეტიც, 99-ე მუხლის „ბ“ პუნქტი ბრალდებულისთვის დამატებითი ვიზიტების გამოყოფასა და კომუნიკაციის სხვა ფორმებზე წვდომის უზრუნველყოფასაც კი ითვალისწინებს. რაც შეეხება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას, სასამრთლომ არაერთ საქმეში მიუთითა, რომ როგორც საოჯახო პაემნის (Varnas v. Lithuania, 2013), ისე ხანგრძლივი პაემნის (Chaldayev v. Russia, 2019) უფლებით სარგებლობის მიზნებისათვის, ბრალდებული და მსჯავრდებული პირები შესადარებელ მდგომარეობაში იმყოფებიან[11].
უფლების შეზღუდვის კონსტიტუციურობა
საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული სამართლის წინაშე თანასწორობის უფლება არ არის აბსოლუტური და დემოკრატიულ სახელმწიფოში შესაძლებელია მისი შეზღუდვა. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „დიფერენცირებული მოპყრობისას ერთმანეთისაგან უნდა განვასხვაოთ დისკრიმინაციული დიფერენციაცია და ობიექტური გარემოებებით განპირობებული დიფერენციაცია. განსხვავებული მოპყრობა თვითმიზანი არ უნდა იყოს. დისკრიმინაციას ექნება ადგილი, თუ დიფერენციაციის მიზეზები აუხსნელია, მოკლებულია გონივრულ საფუძველს. მაშასადამე, დისკრიმინაცია არის მხოლოდ თვითმიზნური, გაუმართლებელი დიფერენციაცია, სამართლის დაუსაბუთებელი გამოყენება კონკრეტულ პირთა წრისადმი განსხვავებული მიდგომით. შესაბამისად, თანასწორობის უფლება კრძალავს არა დიფერენცირებულ მოპყრობას ზოგადად, არამედ მხოლოდ თვითმიზნურ და გაუმართლებელ განსხვავებას.“[12]
საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, დიფერენცირების არსებობის ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში მისი დისკრიმინაციულობის მასშტაბი იდენტური არ არის და დამოკიდებულია უთანასწორო მოპყრობის თავისებურებებზე. „ცალკეულ შემთხვევაში ის შეიძლება გულისხმობდეს ლეგიტიმური საჯარო მიზნების არსებობის დასაბუთების აუცილებლობას ... სხვა შემთხვევებში ხელშესახები უნდა იყოს შეზღუდვის საჭიროება თუ აუცილებლობა. ზოგჯერ შესაძლოა საკმარისი იყოს დიფერენციაციის მაქსიმალური რეალისტურობა.“[13]
დამკვიდრებული სასამართლო პრაქტიკის თანახმად, თანასწორობის უფლებასთან სადავო ნორმების შეფასებისას, ჩარევის ინტენსივობისა და დიფერენცირების ნიშნის გათვალისწინებით, სასამართლო იყენებს რაციონალური დიფერენცირების ან შეფასების მკაცრ ტესტს.
საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, დიფერენცირების ინტენსივობის განსაზღვრისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება იმას, თუ „არსებითად თანასწორი პირები რამდენად მნიშვნელოვნად განსხვავებულ პირობებში იმყოფებიან, დიფერენცირება რამდენად მკვეთრად დააცილებს ამ უკანასკნელთ კონკრეტულ საზოგადოებრივ ურთიერთობებში მონაწილეობის თანაბარი შესაძლებლობებიდან.“[14] განსახილველ შემთხვევაში, სადავო ნორმა ბლანკეტური შინაარსისაა და ითვალისწინებს უფლებაში მაღალი ინტენსივობით ჩარევას, ვინაიდან, პატიმრობა შეფარდებულ ქალ ბრალდებულებს სრულად გამორიცხავს საოჯახო პაემნით სარგებლობის შესაძლებლობისგან. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, თანასწორობის უფლებასთან სადავო ნორმის შესაბამისობის შეფასებისას, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს მკაცრი ტესტით.
ამდენად, ნორმის კონსტიტუციურობის შეფასებისათვის აუცილებელია, პირველ რიგში, დადგინდეს, სადავო რეგულაცია ემსახურება თუ არა ლეგიტიმური მიზნის მიღწევას. „მკაცრი ტესტის“ ფარგლებში დიფერენცირების შეფასებისას აუცილებელია დადგინდეს, რამდენად არის სახელმწიფოს მიერ უთანასწორო მოპყრობა აუცილებელი და არსებობს თუ არა დაუძლეველი სახელმწიფო ინტერესი.“[15] „(...) ასევე მნიშვნელოვანია, რომ შეზღუდვით დაცული სიკეთე უფლებაში ჩარევის შედეგად ხელყოფილ ინტერესზე აღმატებული იყოს.“[16]
ამასთან ერთად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, თანაზომიერების პრინციპის თანახმად, „უფლების მზღუდავი საკანონმდებლო რეგულირება უნდა წარმოადგენდეს ღირებული საჯარო (ლეგიტიმური) მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას. ამავე დროს, უფლების შეზღუდვის ინტენსივობა მისაღწევი საჯარო მიზნის პროპორციული, მისი თანაზომიერი უნდა იყოს. დაუშვებელია, ლეგიტიმური მიზნის მიღწევა განხორციელდეს ადამიანის უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე.“[17]
უფლების შეზღუდვის ლეგიტიმური მიზანი
უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ თავისუფლება შეზღუდული პირის შესაძლებლობა, კონტაქტი იქონიოს, თუნდაც, საკუთარ ოჯახთან და ახლობელ ადამიანებთან, ზღვარდადებულია სახელმწიფოს ხელთ ობიექტურად არსებული შესაძლებლობებით. პირადი და ოჯახური ცხოვრების კონსტიტუციური უფლება ადგენს სახელმწიფოს ვალდებულებას, უზრუნველყოს იმ პირის ოჯახის წევრებთან კონტაქტის შესაძლებლობა, რომელიც იმყოფება სახელმწიფოს ეფექტური კონტროლის ქვეშ. აღნიშნული, ცხადია, გულისხმობს არა მხოლოდ ნეგატიურ ვალდებულებებს, არამედ სახელმწიფოს მხრიდან გარკვეული პოზიტიური ქმედებების განხორციელების საჭიროებასაც. თუმცა კონსტიტუცია არ მოითხოვს ამგვარი პოზიტიური ნაბიჯების გადადგმისას სახელმწიფოსთვის არაგონივრულად მძიმე ტვირთის დაკისრებას. პენიტენციურ სისტემაში მოთავსებული პირისათვის გარე სამყაროსთან კონტაქტის უზრუნველყოფა ხშირ შემთხვევაში საჭიროებს კომპლექსურ ქმედებათა განხორციელებას, ადამიანურ, ფინანსურ, ინფრასტრუქტურულ რესურსებს ან/და ბუნებრივ ფორსმაჟორულ სიტუაციებთან გამკლავებას, რათა, ერთი მხრივ, დაცულ იქნეს პირის კერძო ინტერესები, ხოლო, მეორე მხრივ, სახელმწიფოს ლეგიტიმური მიზნები საზოგადოებრივი და პენიტენციური სისტემის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. ამდენად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მაგალითად, თავისუფლება შეზღუდული პირის პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლება არ მოიცავს საკუთარი ოჯახის წევრებთან და ახლობელ ადამიანებთან იმგვარი კონტაქტის შესაძლებლობას, რომლის განხორციელებაც შესაძლოა, ბუნებით თავსებადია თავისუფლების აღკვეთის გამოყენებასთან, თუმცა სახელმწიფოს ხელთ არსებული რესურსების და არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, სცდება გონივრულობის ფარგლებს.[18] ამდენად, პატიმრისთვის ამგვარი კონტაქტის უზრუნველყოფა სახელმწიფოსაგან არ უნდა მოითხოვდეს არაგონივრულ, გადაულახავ ძალისხმევას და მისი ადმინისტრირება არსებული რესურსების პირობებში უნდა იყოს შესაძლებელი.[19]
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ პატიმრობა-შეფარდებული ქალი ბრალდებულისთვის გარესამყაროსთან კომუნიკაციის უფლება ზღვარდადებულია, ერთი მხრივ, საზოგადოებრივი და პენიტენციური სისტემის უსაფრთხოების ინტერესებით, ხოლო, მეორე მხრივ, სახელმწიფოს ხელში ობიექტურად არსებული რესურსებით.
როგორც უკვე აღინიშნა, ბრალდებული მსჯავრდებულის თანაბრად, პრაქტიკულად, იგივე უფლებებით სარგებლობს, იმ მცირე გამონაკლისის გარდა, რაც მის საპროცესო სტატუსს შეესაბამება. კერძოდ, პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებულ ბრალდებულს, მსჯავრდებულის ანალოგიურად, სრულად აქვს უზრუნველყოფილი გარე სამყაროსთან კომუნიკაციის ისეთი ფორმები, როგორებიცაა მიმოწერა, სატელეფონო საუბარი და ოჯახის წევრებთან ხანმოკლე პაემანი.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ კოდექსი განსხვავებულად აფასებს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებული ბრალდებულისა და მსჯავრდებულის მიერ პაემნის უფლებით სარგებლობისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნის ურთიერთმიმართების საკითხს. ზოგადად, მსჯავრდებულის შემთხვევაში, გარესამყაროსთან კონტაქტის იმპერატიული შეზღუდვის ინტენსივობა პირისგან მომავალი საფრთხითაა განპირობებული (ანუ იმით, თუ თავისუფლების აღკვეთის რომელ დაწესებულებაშია იგი მოთავსებული - დაბალი რისკის, ნახევრად ღია ტიპის, დახურული ტიპის თუ განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში). ამდენად, შეიძლება ითქვას, რომ, ზოგადად, მსჯავრდებულის შემთხვევაში, უფლებებით სარგებლობის შეზღუდვა, უმთავრესად დაკავშირებულია, იმ საფრთხეების შეფასებასთან, რომლებიც გამომდინარეობს მსჯავრდებულის პიროვნებიდან და უკავშირდება თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ან გარშემომყოფთა, აგრეთვე საზოგადოების, სახელმწიფო ან/და სამართალდამცველი ორგანოების უსაფრთხოებას. ასევე, მხედველობაშია მისაღები ისიც, რომ ამ რისკების შესაბამისად, უფლებების შეზღუდვა საქართველოს პატიმრობის კოდექსით იმპერატიულადაა დადგენილი.
ბრალდებულ პირთა შემთხვევაში საქმე სხვაგვარადაა. ნიშანდობლივია, რომ პატიმრობის კოდექსი პატიმრობა შეფარდებულ ბრალდებულებს შორის მსგავს დიფერენცირებას a priori არ ახდენს. ასე, მაგალითად, პატიმრობის კოდექსის 79-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ნებისმიერი ბრალდებული თანაბრად სარგებლობს უფლებით, პენიტენციური დაწესებულების კონტროლით, საკუთარი ხარჯით აწარმოოს მიმოწერა და 1 თვის განმავლობაში სამჯერ ჰქონდეს სატელეფონო საუბარი, თითოეული - არაუმეტეს 15 წუთისა. კოდექსის 77-ე მუხლის პირველი ნაწილი კი, ნებისმიერ ბრალდებულს 1 თვის განმავლობაში უზრუნველყოფს არა უმეტეს 4 ხანმოკლე პაემნის უფლებით. პატიმრობის კოდექსის შესაბამისად, აღნიშნული უფლებები, შესაძლებელია შეიზღუდოს გამომძიებლის ან პროკურორის დადგენილებით, ხოლო ხანმოკლე პაემანი - ასევე დაწესებულების დირექტორის მოტივირებული გადაწყვეტილებით.[20] აღსანიშნავია, რომ ანალოგიურ ჩანაწერს გვთავაზობს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N5 (ქალთა სპეციალური დაწესებულების) პენიტენციური დაწესებულების დებულებაც.[21]
ამგვარად, თვითონ პატიმრობის კოდექსი იმპერატიულად არ ადგენს ბრალდებულის კომუნიკაციის უფლებების შეზღუდვის პირობებსა და ინტენსივობას და მას მთლიანად გამომძიებლის, პროკურორის და დაწესებულების დირექტორის მოტივირებულ გადაწყვეტილებას უკავშირებს, რაც ბუნებრივია ინდივიდუალურ ფაქტობრივ გარემოებებს უნდა დაეფუძნოს.
უნდა აღინიშნოს, რომ ბრალდებულის უფლებების მსჯავრდებულისაგან განსხვავებული საკანონმდებლო რეგულირება გამომდინარეობს ბრალდებულის განსაკუთრებული სტატუსიდან, რომელიც უდანაშაულობის პრეზუმფციას ეფუძნება. ბრალდებული არ ითვლება დამნაშავედ, რადგან მის მიმართ არსებობს მხოლოდ დასაბუთებული ვარაუდი, რომ მან ჩაიდინა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ქმედება. შესაბამისად, პატიმრობაში მოთავსებული ბრალდებულის მიმართ დამოკიდებულებაც ეფუძნება იმას, რომ ჯერ არ არის სასამართლოს მიერ საბოლოოდ დადგენილი არც მისი ბრალეულობა და აქედან გამომდინარე, ბრალდებულის პიროვნების საზოგადოებრივი საშიშროება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მხედველობაშია მისაღები ის მიზნები, რის გამოც ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა აქვს შეფარდებული. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 205-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, პატიმრობა, როგორც აღკვეთის ღონისძიება, გამოიყენება მხოლოდ მაშინ, თუ ეს ერთადერთი საშუალებაა, რათა თავიდან იქნეს აცილებული: ა) ბრალდებულის მიმალვა და მის მიერ მართლმსაჯულების განხორციელებისათვის ხელის შეშლა; ბ) ბრალდებულის მიერ მტკიცებულებათა მოპოვებისათვის ხელის შეშლა; გ) ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენა. ამდენად, პატიმრობა ემსახურება მხოლოდ ზემოაღნიშნული მიზნების მიღწევას, მხოლოდ ამიტომ არის იზოლირებული ბრალდებული, რომელიც უდანაშაულოდ ითვლება, სანამ გონივრულ ეჭვს მიღმა საპირისპირო არ დამტკიცდება.
როდესაც ბრალდებული პატიმრობაში იმყოფება, ბუნებრივია, ეს მიზნები მეტ-ნაკლებად მიღწეულია - მინიმუმამდეა დაყვანილი ბრალდებულის მიმალვის შესაძლებლობა, მტკიცებულებათა მოპოვებისათვის ხელის შეშლა, ახალი დანაშაულის ჩადენა. თუმცა, მათ შორის, პენიტენციურ დაწესებულებაშიც კი არსებობს იმის თეორიული რისკი, რომ ბრალდებულის გარესამყაროსთან კომუნიკაციით, რომელიმე ზემოაღნიშნულ მიზანს შეექმნას საფრთხე. კერძოდ, კომუნიკაციის საშუალებათა გამოყენებით, ბრალდებულმა შეიძლება დაგეგმოს პენიტენციური დაწესებულებიდან გაქცევა და მიმალვა, ზეგავლენა მოახდინოს მტკიცებულებათა მოპოვებაზე, დაგეგმოს ახალი დანაშაული. სწორედ ამიტომ, მისგან მომავალი რისკები, რომლებიც გარესამყაროსთან კომუნიკაციას უკავშირდება და საფრთხეს უქმნის მნიშვნელოვან საჯარო ინტერესებს, განისაზღვრება არა იმპერატიულად, არამედ, ინდივიდუალურად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, რის თაობაზეც, უფლების შეზღუდვის პროპორციულობის პრინციპის დაცვით, გადაწყვეტილებას იღებს გამომძიებელი ან პროკურორი.
გარდა ამისა, ვინაიდან ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიებად გამოყენებულია პატიმრობა, ეს თავისთავად უკვე ნიშნავს იმას, რომ იგი გარკვეული რისკის მატარებელია, სწორედ ამის საფუძველზე შეეფარდა მას პატიმრობა. ამიტომ, მან შესაძლებელია საფრთხე ასევე შეუქმნას პენიტენციური დაწესებულებისა და გარშემომყოფთა უსაფრთხოებას, სცადოს გაქცევა, პენიტენციურ დაწესებულებაში დაგეგმოს და ჩაიდინოს დანაშაული და ა.შ., რისი პრევენციის ვალდებულებაც, სწორედ პენიტენციურ დაწესებულებას და მის თანამშრომლებს გააჩნიათ. ზემოაღნიშნული ქმედებები შეიძლება ასევე დაიგეგმოს და განხორციელდეს კომუნიკაციის საშუალებათა გამოყენებითაც. მაგალითად, პაემნის დროს მოხდეს აკრძალული ნივთის გადაცემა, რომელიც საფრთხეს უქმნის გარშემომყოფთა უსაფრთხოებას, ან ბრალდებულის მხრიდან თავისი უფლებების განხორციელებისას საფრთხე შეექმნას პაემანში მონაწილე პირს, ან დაწესებულების თანამშრომელს. შესაბამისად, პენიტენციურ დაწესებულებას უნდა ჰქონდეს მოსალოდნელ საფრთხეზე ეფექტური პრევენციული რეაგირების შესაძლებლობა.
უნდა ითქვას, რომ პატიმრობას აღასრულებს სწორედ პენიტენციური დაწესებულება და იგია პასუხისმგებელი ბრალდებულის და გარშემომყოფთა უსაფრთხოებაზე, შესაბამისად, იგი ვერ იქნება შებოჭილი მხოლოდ გამოძიების მწარმოებელი ორგანოს გადაწყვეტილებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პატიმრობის კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილი, მაგალითად, ითვალისწინებს ბრალდებულისთვის ხანმოკლე პაემნის გამართვაზე პენიტენციური დაწესებულების დირექტორის მოტივირებულ უარს, რომელიც მას წერილობით ეცნობება. მხედველობაშია ასევე მისაღები პატიმრობის კოდექსის 77-ე მუხლის მე-2 ნაწილიც, რომლის თანახმად, გამოძიებისა და უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, პატიმრობის დაწესებულების თანამშრომელს, რომელიც ვიზუალურად აკვირდება ბრალდებულის ხანმოკლე პაემანს, შეუძლია დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მისი მსვლელობა.
როგორც საკონსტიტუციო სასამართლომ განაცხადა, „ნორმის მზღუდავი ეფექტის ლეგიტიმურ მიზნებთან თანაზომიერება მოითხოვს უფლებაში ჩარევის ინდივიდუალიზაციასა და საჭიროებებზე მაქსიმალურ მორგებას.“[22] თუ გავაანალიზებთ საქართველოს პატიმრობის კოდექსით დადგენილ ბრალდებულის/მსჯავრდებულის გარე სამყაროსთან კონტაქტის უფლებათა შეზღუდვის განხორციელების წესს, ისინი უმთავრესად ეფუძნება სწორედ ზემოაღნიშნულ მიდგომას. ასე, მაგალითად, მსჯავრდებულთან მიმართებით, მის უფლებებში ჩარევის ინტენსივობა, ძირითადად, ეფუძნება მისგან მომავალი რისკების შეფასებას, რომელსაც პროფესიონალთა შესაბამისი გუნდი ახორციელებს. რაც შეეხება ბრალდებულს, მისი გარესამყაროსთან კომუნიკაციის უფლებების შეზღუდვასთან დაკავშრებით, მოტივირებულ გადაწყვეტილებას იღებს გამომძიებელი ან პროკურორი, ხოლო, გარკვეულ შემთხვევებში კი, პენიტენციური დაწესებულების დირექტორი ინდივიდუალურად, უშუალოდ კონკრეტული ბრალდებულისგან მომავალი რისკების შესაბამისად.
ზემოაღნიშნული მიდგომიდან, ვიდეო-პაემნისა და ხანგრძლივი პაემნის აკრძალვასთან ერთად, ერთგვარ გამონაკლისს წარმოადგენს ქალ ბრალდებულთათვის საოჯახო პაემნის აკრძალვა, რომელიც უშუალოდ პატიმრობის კოდექსის შინაარსიდან იმპერატიულად გამომდინარეობს. ამდენად, იგი, გარკვეულწილად, ამოვარდნილია ბრალდებულისთვის კომუნიკაციის უფლების გამომძიებლის, პროკურორის ან დირექტორის მიერ შეზღუდვის ზოგადი წესიდან, რომელიც, პატიმრობის მიზნებს და ბრალდებულისგან მომავალი საფრთხის ინდივიდუალურ შეფასებას ეფუძნება. ამიტომ, მიგვაჩნია, რომ ბრალდებულის უფლებების ზემოაღნიშნული შეზღუდვა, რომელიც საოჯახო პაემნით სარგებლობის აკრძალვას უკავშირდება, არ უნდა გამომდინარეობდეს უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და პატიმრობის ლეგიტიმური მიზნებიდან, ვინაიდან, ამ მიზნების მისაღწევად ასეთი იმპერატიული აკრძალვის საჭიროება არ არსებობს. უფლებათა შეზღუდვის განხორციელების ეს მეთოდი არ არის ლოგიკურ კავშირში ზემოაღნიშნულ საჯარო ინტერესებთან.
ამას მოწმობს ის გარემოებაც, რომ აკრძალვა ბლანკეტურად ვრცელდება ნებისმიერ ბრალდებულზე მიუხედავად მისგან მომავალი პოტენციური საფრთხის შეფასებისა - ბრალდებულია იგი ნაკლებად მძიმე, მძიმე თუ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში და ზოგადად, ექმნება თუ არა რაიმე საფრთხე გამოძიების ინტერესებს თუ პატიმრობის ლეგიტიმურ მიზნებს, რის თაობაზეც გადაწყვეტილება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ინდივიდუალურად უნდა მიიღოს გამომძიებელმა, პროკურორმა ან დაწესებულების დირექტორმა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ვთვლით, რომ სადავო ნორმით გათვალისწინებული იმპერატიული აკრძალვის მიზეზი სხვა მხრივ უნდა გამოვკვეთოთ. ამდენად, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, უფრო დეტალურად გავაანალიზოთ საოჯახო პაემნის განხორციელების და მისი ადმინისტრირების წესები.
პატიმრობის კოდექსის მე-17 მუხლის მე-71 ნაწილის მიხედვით, ქალ მსჯავრდებულს შეიძლება მიეცეს საოჯახო პაემნის უფლება ამ კოდექსის 173 მუხლის შესაბამისად. კოდექსის 72-ე მუხლის მიხედვით, რომელიც „ქალი მსჯავრდებულის მიერ თავისუფლების აღკვეთის მოხდის თავისებურებებს“ გაწერს, ქალ მსჯავრდებულს უფლება აქვს, 1 თვის განმავლობაში ჰქონდეს 1 საოჯახო პაემანი, ხოლო წახალისების ფორმით − თვეში 1 დამატებითი საოჯახო პაემანი.[23] თავის მხრივ, მე-173 მუხლის მიხედვით, საოჯახო პაემანი არის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტერიტორიაზე, ამისათვის სპეციალურად გამოყოფილ ოთახში ქალი მსჯავრდებულის შეხვედრა: შვილთან, ნაშვილებთან, გერთან, შვილიშვილთან, მეუღლესთან, პირთან, რომელთანაც საერთო შვილი ჰყავს, მშობელთან (მშვილებელთან), ბებიასთან, პაპასთან, დასთან და ძმასთან. გარდა ამისა, პენიტენციური დაწესებულების დირექტორის შუამდგომლობით, წახალისების ფორმით, ქალ მსჯავრდებულს პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის თანხმობით შეიძლება მიეცეს იმ პირთან საოჯახო პაემნის უფლება, რომელიც არ შედის აღნიშნულ ნუსხაში. აღსანიშნავია, რომ საოჯახო პაემანი გრძელდება არა უმეტეს 3 საათისა. რაც შეეხება პროცედურულ ნაწილს, საოჯახო პაემნის მოთხოვნის შესახებ დაწესებულების ადმინისტრაციას წერილობით უნდა ეცნობოს 5 დღით ადრე. ამასთან, პირებმა, რომლებიც აპირებენ მსჯავრდებულთან შეხვედრას, ადმინისტრაციას უნდა წარუდგინონ ნათესაობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ადმინისტრაცია საოჯახო პაემნის მოთხოვნის შესახებ განცხადების მიღებიდან არა უგვიანეს 5 დღისა უზრუნველყოფს საოჯახო პაემნის ორგანიზებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს უარის თქმის მოტივირებული საფუძველი, რომლის თაობაზედაც განმცხადებელს იმავე დღეს უნდა ეცნობოს. საოჯახო პაემნის უფლების მიცემაზე თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორის თანხმობა ან მოტივირებული უარი მსჯავრდებულს წერილობით უნდა ეცნობოს.”[24]
გარდა ამისა, მე-173 მუხლი მე-7 ნაწილი მიუთითებს, რომ საოჯახო პაემნისათვის სპეციალურად გამოყოფილი ოთახის პირობები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებს და არ უნდა ლახავდეს ადამიანის ღირსებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საოჯახო პაემნის უსაფრთხოდ და სათანადო დონეზე განხორციელება შესაძლოა მოითხოვდეს პენიტენციური დაწესებულების როგორც საკადრო, ისე მატერიალურ-ტექნიკური რესურსების მობილიზებას. ამავე დროს, თუ მხედველობაში მივიღებთ იმ გარემოებას, რომ საოჯახო პაემნისათვის განკუთვნილი სივრცე არის სპეციალურად გამოყოფილი ოთახი, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებს და არ უნდა ლახავდეს არა მხოლოდ მსჯავრდებულის, არამედ, პაემანში მონაწილე სხვა პირების ღირსებას, განსაკუთრებით კი, პაემანზე მისულ ბავშვს არ უქმნიდეს სტრესულ გარემოს, პენიტენციურ დაწესებულებაში მათი მოწყობა და სათანადოდ აღჭურვა, იქ მოთავსებულ პირთა რაოდენობის გათვალისწინებით, ბუნებრივად შეზღუდულია. აქედან გამომდინარე, საოჯახო პაემნით სარგებლობის უფლების მიცემა მხოლოდ ქალ მსჯავრდებულთათვის, შესაძლებელია გამართლებული იყოს სწორედ მის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული სიძნელეებით.
ამდენად, სადავო ნორმით გათვალისწინებული აკრძალვის ლეგიტიმურ მიზანს, ჩვენი აზრით, წარმოადგენს საოჯახო პაემნით სარგებლობის უფლების მხოლოდ ქალ მსჯავრდებულთათვის მიცემა, იმ პირობებში, როდესაც შეზღუდულია ამ უფლებათა განსახორციელებლად საჭირო შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური რესურსები.
გამოსადეგობა
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკით, მნიშვნელოვანი ლეგიტიმური მიზნის არსებობა თავისთავად არ ნიშნავს, რომ უფლებაში ჩარევა გამართლებულია. შეზღუდვის თანაზომიერებისათვის ასევე აუცილებელია, დაკმაყოფილებული იყოს გამოსადეგობის მოთხოვნაც. თავის მხრივ, ღონისძიების გამოსადეგობაზე მსჯელობისას, „საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაადგინოს, რამდენად არსებობს ლოგიკური კავშირი ... ლეგიტიმურ მიზანსა და სადავო ნორმებით დადგენილ უფლების შეზღუდვის ფორმას შორის - რამდენად იძლევა სადავო ნორმები დასახელებული ლეგიტიმური მიზნის მიღწევის შესაძლებლობას.“[25]
როგორც უკვე ითქვა, სადავო ნორმების შინაარსიდან გამომდინარე აკრძალვის ლეგიტიმურ მიზანს წარმოადგენს მსჯავრდებულთათვის საოჯახო პაემნით სარგებლობის უფლების ეფექტური რეალიზება, იმ პირობებში, როდესაც შეზღუდულია ამ უფლებათა განსახორციელებლად საჭირო შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური რესურსები. ბუნებრივია, თუ არასწორი რეგულირება და ადმინისტრირება გამოიწვევს საოჯახო პაემნით სარგებლობის ფაქტობრივ პარალიზებას, ამან შესაძლებელია განაპირობოს, მათ შორის, იმ მსჯავრდებულთა უფლებების დარღვევა, რომლებიც, ისედაც შეზღუდული რაოდენობით სარგებლობენ კონტაქტის ამ შესაძლებლობებით, რაც, თავის მხრივ, უფლების უფრო ინტენსიურ შეზღუდვას გამოიწვევდა და პატიმრებში გააჩენდა უსამართლობის განცდას.
ასეთ ვითარებაში, კანონმდებელი ბრალდებული ქალისათვის საოჯახო პაემნით სარგებლობის ბლანკეტური აკრძალვით, უდავოდ უზრუნველყოს ქალ მსჯავრდებულთა მიერ ამ საშუალებებით უფრო ეფექტურ სარგებლობას, ვიდრე ეს ქალ ბრალდებულისთვის ამ უფლებების მიცემის შემთხვევაში იქნებოდა შესაძლებელი, რაც, თავის მხრივ, წარმოადგენს ლეგიტიმური მიზნის მიღწევის გამოსადეგ საშუალებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არსებობს ლოგიკური კავშირი სადავო ნორმით გათვალისწინებულ ღონისძიებასა და ლეგიტიმურ მიზანს შორის.
აუცილებლობა
უპირველს ყოვლისა, უნდა ითქვას, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს აზრით, პატიმრის უფლება არ მოიცავს ადამიანებთან იმგვარი გარე „...კონტაქტის შესაძლებლობას, რომლის განხორციელებაც შესაძლოა, ბუნებით თავსებადია თავისუფლების აღკვეთის გამოყენებასთან, თუმცა სახელმწიფოს ხელთ არსებული რესურსების და არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, სცდება გონივრულობის ფარგლებს.“[26]
ზემოაღნიშნულის თვალსაზრისით, გასათვალისწინებელია, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში, შეზღუდულ ტერიტორიაზე და შეზღუდული მატერიალურ-ტექნიკური რესურსების პირობებში, თავმოყრილია ადამიანთა დიდი რაოდენობა, რომლებსაც თანაბარი საჭიროებები და მოთხოვნილებები გააჩნიათ. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ მათი მართლზომიერი საჭიროებებიდან და მოთხოვნილებებიდან გამომდინარე უფლებების დაკმაყოფილება მოხდეს სამართლიანად, რისთვისაც აუცილებელია პენიტენციურ დაწესებულებაში არსებული შესაბამისი საშუალებების რაციონალური განაწილება. მოპყრობა დისკრიმინაციულია, თუ პატიმართა ერთი ჯგუფისთვის, მაგალითად, კომუნიკაციის კონკრეტული საშუალებით სარგებლობის უფლება იმდენად ფართო იქნება, რომ პრაქტიკულად გამორიცხავს, ან სერიოზულად შეაფერხებს ამ უფლებით სხვათა სარგებლობას.
როგორც უკვე ითქვა, სადავო ნორმებით გათვალისწინებული აკრძალვის ლეგიტიმურ მიზანს წარმოადგენს მხოლოდ ქალ მსჯავრდებულთათვის საოჯახო პაემნით სარგებლობის უფლების რეალიზება, იმ პირობებში, როდესაც შეზღუდულია ამ უფლებათა განსახორციელებლად საჭირო შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური რესურსები. მიგვაჩნია, რომ მართალია სადავო ნორმებით დადგენილი იმპერატიული აკრძალვა წარმოადგენს ზემოაღნიშნული ლეგიტიმური მიზნის მიღწევის გამოსადეგ საშუალებას, თუმცა, იგი არაპროპორციულად და დისკრიმინაციულად ზღუდავს ქალ ბრალდებულთა უფლებას ისარგებლონ საოჯახო პაემნის უფლებებით.
მიგვაჩნია, რომ ზემოაღნიშნული უფლებებით სარგებლობის თვალსაზრისით, ამგვარი ბლანკეტური განსხვავება, რომელსაც საქართველოს პატიმრობის კოდექსი ადგენს, ერთ მხრივ, მსჯავრდებულს, ხოლო, მეორე მხრივ კი, ბრალდებულს შორის, არ ეფუძნება მათი მდგომარეობის ობიექტურ და სამართლიან შეფასებას. კანონმდებლის ლოგიკა ეფუძნება მიდგომას, რომ ვინაიდან ბრალდებულის პატიმრობის საერთო ვადა არ აღემატება 9 თვეს, პატიმრობის ვადის გასვლის შემდეგ იგი ან გათავისუფლდება, ან შეიძენს მსჯავრდებულის სტატუსს და შესაბამისად, ისარგებლებს სადავო ნორმებით დადგენილი უფლებებით. ამდენად, კანონმდებლის აზრით, ეს საკმარისი გარემოებაა იმისთვის, რომ ბრალდებულად ყოფნის პერიოდში მას შეეზღუდოს აღნიშნული უფლება. მიგვაჩნია, რომ ეს არ არის სწორი მიდგომა, რადგან, კანონმდებელი არასათანადოდ ითვალისწინებს ბრალდებულისთვის თავისუფლების შეზღუდვით შექმნილ რეალობას. მიგვაჩნია, რომ თავისუფლება შეზღუდული პირის ოჯახის წევრებთან და ახლობელ ადამიანებთან უშუალო, პირდაპირი და შეძლებისდაგვარად ინტიმურ გარემოში განხორციელებული კონტაქტის საჭიროებას განაპირობებს არა პირის საპროცესო სტატუსი, არამედ, ის ობიექტური რეალობა, რომელშიც იგი იმყოფება, კერძოდ კი, პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსება.
ამასთან, არასწორი იქნება, შეზღუდვა დაეყრდნოს იმ მცდარ მოსაზრებას, რომ ამ უფლებით სარგებლობის მიზნებისათვის, მსჯავრდებულებსა და ბრალდებულებს შორის დიფერენცირების საფუძველი დაწესებულებაში მათი მოთავსების განსხვავებული ხანგრძლივობაა. გასათვალისწინებელია, რომ მსჯავრდებულის პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნის ვადა, შესაძლებელია, ისევე, როგორც ბრალდებულისა, არ აღემატებოდეს რამდენიმე თვეს. მიუხედავად თავისუფლების აღკვეთის ასეთი მცირე ვადისა, რომელიც ნაკლებად მძიმე დანაშაულს უკავშირდება, მსჯავრდებული ქალი თავისუფლად სარგებლობს 1 თვის განმავლობაში 1 საოჯახო პაემნის (ხოლო წახალისების ფორმით − თვეში 1 დამატებითი საოჯახო პაემნის) უფლებით, იმ დროს, როდესაც ბრალდებული ქალი პატიმრობის შესაძლო 9 თვიანი პერიოდის განმავლობაში ერთხელაც ვერ გამოიყენებს ამ უფლებას. ამდენად, მსჯავრდებულის შემთხვევაში, საოჯახო პაემნით სარგებლობის როგორც უფლება, ისე მისი გამოყენების სიხშირე არ არის დაკავშირებული თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობასთან.
ამრიგად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ქალი მსჯავრდებულის მიერ საოჯახო პაემნით სარგებლობის უფლების როგორც წარმოშობა, ისე ამ უფლებით სარგებლობის სიხშირე არ არის განპირობებული თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობით. ასეთ პირობებში, ყველა ქალი ბრალდებულისთვის საოჯახო პაემნით სარგებლობის უფლების იმპერატიული აკრძალვა, თუნდაც მისი გარდამავალი და დროში შეზღუდული სტატუსის გამო, რომლის პატიმრობის საერთო ვადაც შესაძლებელია გაგრძელდეს 9 თვე, დისკრიმინაციულია იმ ქალ მსჯავრდებულებთან შედარებით, რომელთა თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობაც შეიძლება არ აღემატებოდეს 9 თვეს.
იმ პირობებში, როდესაც პენიტენციურ დაწესებულებაში, თუნდაც დროებით, შეზღუდულია პატიმართა უფლების რეალიზაციისათვის საჭირო საშუალებები, გადამწყვეტია ამ საშუალებათა სამართლიანი განაწილება, თუნდაც სარგებლობის დროებითი წესების შემოღების მეშვეობით და არა პატიმართა ერთი ჯგუფის ამ უფლებით სარგებლობის შესაძლებლობისაგან აბსოლუტური გამორიცხვით, იმისთვის, რომ მეორე, პრაქტიკულად ანალოგიურ მდგომარეობაში მყოფ ჯგუფს მიეცეს ამ უფლებებით სარგებლობის შესაძლებლობა. ჩვენი აზრით, ეს არ წარმოადგენს პრობლემის სამართლიანი გადაწყვეტის სწორ და კონსტიტუციურ ფორმას. ამგვარი დიფერენცირება არ არის მართებული მიდგომა იმ პირობებში, როდესაც, ამ უფლებებით სარგებლობისთვის, თავისუფლების შეზღუდვის ხანგრძლივობას არ გააჩნია მნიშვნელობა.
ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში შესაძლოა იყოს საოჯახო პაემნის სივრცეების ნაკლებობა/გაუმართაობა, ჩვენი აზრით, ეს არ ამართლებს ქალ ბრალდებულთათვის ასეთი იმპერატიული აკრძალვის დადგენას. უნდა ითქვას, რომ „...სახელმწიფო ორგანოების საქმიანობის ფარგლებში გარკვეული ტექნიკური სირთულეების არსებობა/წარმოშობა ვერ გახდება კონსტიტუციის მოთხოვნების უგულებელყოფის საფუძველი.“ (mutatis mutandis საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 3 ივლისის №1/2/671 გადაწყვეტილება საქმეზე „სსიპ „საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია”, ააიპ „საქართველოს სიცოცხლის სიტყვის ეკლესია”, სსიპ „ქრისტეს ეკლესია”, სსიპ „საქართველოს სახარების რწმენის ეკლესია”, ააიპ „მეშვიდე დღის ქრისტიან-ადვენტისტთა ეკლესიის ტრანსკავკასიური იუნიონი”, სსიპ „ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაცია”, ააიპ „ქართველ მუსლიმთა კავშირი”, სსიპ „წმინდა სამების ეკლესია” საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-39), განსაკუთრებით, როდესაც საქმე ანალოგიურ მდგომარეობაში მყოფი ჯგუფების მიერ შესაბამისი უფლებით თანასწორად სარგებლობას შეეხება. მიგვაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, დისკრიმინაციულად და სრულადაა უგულებელყოფილი ბრალდებული ქალის შესაძლებლობა ისარგებლოს საოჯახო პაემნით, ვინაიდან, სახელმწიფოს შეუძლია უფლების უფრო ნაკლებად მზღუდავი საშუალებების გამოყენება. ასე, მაგალითად, შესაძლებელია ამ სახის პაემნით სარგებლობის უფლების მისაღებად დადგინდეს პატიმრობის მინიმალური ხანგრძლივობა, დავუშვათ 2 თვე - წინასასამართლო სხდომამდე.
გარდა ზემოაღნიშნულისა, მიგვაჩნია, რომ იმ პერიოდში, სანამ, ამის საჭიროების არსებობის შემთხვევაში, პენიტენციურ დაწესებულებაში მოეწყობა საკმარისი სივრცეები, შესაძლებელია, შედარებით უფრო თანაბრად მოხდეს საოჯახო პაემნით სარგებლობის შესაძლებლობების პატიმართა შორის განაწილება. კერძოდ, სამართლიანობისთვის, მიზანშეწონილი იქნებოდა, სახელმწიფოს ბრალდებულისთვის იმპერატიულად კი არ ჩამოერთვა ეს უფლებები, არამედ ორივე კატეგორიის პატიმრებისთვის შედარებით უფრო თანაბრად გაენაწილებინა ისინი და წარდგენილი განცხადებების საფუძველზე შედგენილი გრაფიკის შესაბამისად მიეცა მათთვის პაემნით სარგებლობის საშუალება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ სახელმწიფოს ხელში არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ საოჯახო პაემნის უფლებით სარგებლობის უფრო თანაბრად განაწილების შემთხვევაში, ბრალდებულ ქალ პატიმრებს მისცეს ამ უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა. ამდენად, არსებობს უფლების უფრო ნაკლებად მზღუდავი და მიზნის მიღწევის სამართლიანი საშუალებები, რის გამოც, ვთვლით, რომ სადავო ნორმებით გათვალისწინებული აკრძალვა არ წარმოადგენს ლეგიტიმური მიზნის მიღწევის აუცილებელ საშუალებას და, შესაბამისად, საჭიროზე მეტად იწვევს ქალ ბრალდებულთა უფლების შეზღუდვას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ ამ უფლებით სარგებლობის შესაძლებლობები კანონმდებელს არ აქვს არც რაციონალურად და არც სამართლიანად განაწილებული შესაბამისი კატეგორიის პატიმრებს შორის, ამიტომ, ქალ ბრალდებულებს იმ ქალ მსჯავრდებულებთან შედარებით, რომელთა თავისუფლების აღკვეთის ვადაც არ აღემატება 9 თვეს, დისკრიმინაციულად აქვთ შეზღუდული საოჯახო პაემნით სარგებლობის შესაძლებლობა. შესაბამისად, სადავო ნორმები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტს და არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი.
შესადარებელ პირთა არსებითი თანასწორობა (კაც მსჯავრდებულებთან მიმართებით)
პატიმრობის კოდექსის მე-123 მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, ქალთა სპეციალური დაწესებულება არის განსაკუთრებულად დაცული, შეიარაღებული დაცვით უზრუნველყოფილი, სპეციალური დამცავი ზღუდეებით გარშემორტყმული დაწესებულება, რომელშიც უზრუნველყოფილია მსჯავრდებულთა მუდმივი მეთვალყურეობა. ამასთან, იგი გათანაბრებულია ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებასთან (გარდა ამ კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევებისა)[27].
ბუნებრივია, ცალკეულ საკითხებთან მიმართებით შესაძლოა მართლაც არსებობდეს ქალ და კაც მსჯავრდებულებს შორის დიფერენცირების ობიექტური აუცილებლობა, მაგალითად ისე, როგორც ეს პატიმრობის კოდექსის 72-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ პირობაშია წარმოდგენილი, რომლის მიხედვითაც: „საჭიროების შემთხვევაში ქალთა სპეციალურ დაწესებულებაში ეწყობა სპეციალური განყოფილება ორსული ქალებისა და ბავშვებისათვის.“ თუმცა, მთელ რიგ საკითხებთან მიმართებით, მსჯავრდებულები ანალოგიურ პირობებში მყოფ სუბიექტებად განიხილებიან, მიუხედავად მათი სქესისა.
ოჯახის წევრებთან პირადი კავშირების შენარჩუნებას კანონმდებელი იმ კატეგორიის უფლებათა რიცხვს მიაკუთვნებს, რომელთა სათანადო რეალიზების აუცილებლობა აღიარებულია მსჯავრდებულთა ნებისმიერ კატეგორიასთან მიმართებით, მიუხედავად სქესისა და იმ დაწესებულების რისკის ხარისხისა, რომელშიც თავისუფლებააღკვეთილი პირია მოთავსებული. ასე მაგალითად, ხანმოკლე და ხანგრძლივი პაემნის უფლებით სარგებლობენ როგორც დაბალი რისკის, ნახევრად ღია თუ ქალთა სპეციალურ დაწესებულებაში, ისე დახურული და განსაკუთრებული რისკის დაწესებულებებში მოთავსებული პირები. უფრო კონკრეტულად, პატიმრობის კოდექსის თანახმად, ქალ მსჯავრდებულს უფლება აქვს, 1 თვის განმავლობაში ჰქონდეს 3 ხანმოკლე პაემანი, ხოლო წახალისების ფორმით – თვეში 1 დამატებითი ხანმოკლე პაემანი. ასევე, უფლება აქვს, 1 წლის განმავლობაში ჰქონდეს 3 ხანგრძლივი პაემანი, ხოლო წახალისების ფორმით – წელიწადში 2 დამატებითი ხანგრძლივი პაემანი.[28] შესადარებლად, მსჯავრდებულს, რომელიც სასჯელს დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში იხდის, უფლება აქვს 1 თვის განმავლობაში ჰქონდეს 4 ხანმოკლე პაემანი, ხოლო წახალისების ფორმით – თვეში 2 დამატებითი ხანმოკლე პაემანი. ასევე, 1 წლის განმავლობაში ჰქონდეს 6 ხანგრძლივი პაემანი, ხოლო წახალისების ფორმით – წელიწადში 3 დამატებითი ხანგრძლივი პაემანი.[29] ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებულ მსჯავრდებულს უფლება აქვს 1 თვის განმავლობაში ჰქონდეს 2 ხანმოკლე პაემანი, ხოლო წახალისების ფორმით – თვეში 1 დამატებითი ხანმოკლე პაემანი, ასევე, 1 წლის განმავლობაში ჰქონდეს 3 ხანგრძლივი პაემანი, ხოლო წახალისების ფორმით – წელიწადში 2 დამატებითი ხანგრძლივი პაემანი.[30] მსჯავრდებულს, რომელიც სასჯელს იხდის დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, უფლება აქვს 1 თვის განმავლობაში ჰქონდეს 1 ხანმოკლე პაემანი, ხოლო წახალისების ფორმით – თვეში 1 დამატებითი ხანმოკლე პაემანი. ასევე, 1 წლის განმავლობაში ჰქონდეს 2 ხანგრძლივი პაემანი, ხოლო წახალისების ფორმით – წელიწადში 1 დამატებითი ხანგრძლივი პაემანი.[31] განსაკუთრებულ აღნიშვნას საჭიროებს კოდექსის 663-ე მუხლი, რომლის მე-2 ნაწილსაც, 2017 წელს განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე, დაემატა „ბ1“ ქვეპუნქტი. ცვლილების მიხედვით, განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებულ მსჯავრდებულს 1 თვის განმავლობაში 1 ხანმოკლე პაემნის უფლებით (ხოლო წახალისების ფორმით – თვეში 1 დამატებითი ხანმოკლე პაემნის უფლებით) სარგებლობის გარდა, მიენიჭა 1 წლის განმავლობაში 1 ხანგრძლივი პაემანის ქონის უფლება (ხოლო წახალისების ფორმით – წელიწადში 1 დამატებითი ხანგრძლივი პაემანის უფლება). ამ ნაბიჯით კანონმდებელმა ხაზი გაუსვა პაემნის უფლების უმნიშვნელოვანეს ხასიათს და მის განსაკუთრებულ დატვირთვას თითოეული მსჯავრდებულის პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლების დაცვისა და რესოციალიზაციის პროცესში, განურჩევლად იმ დაწესებულების ტიპისა, რომელშიც კონკრეტული მსჯავრდებული იხდის სასჯელს.
შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ, თუ არ ჩავთვლით საოჯახო პაემნის უფლებით სარგებლობის კუთხით დაწესებულ შეზღუდვას, ზოგადად, პაემნის უფლებით სარგებლობის მიზნებისათვის, კოდექსი ქალ და კაც მსჯავრდებულებს თანასწორ სუბიექტებად განიხილავს, რამდენადაც აღიარებს თითოეული თავისუფლებააღკვეთილი პირის საჭიროებას - გარესამყაროსთან კონტაქტის მიზნით იყენებდეს პირისპირ კომუნიკაციის ამ უმნიშვნელოვანესი საშუალებას. მართალია, კოდექსი სხვადასხვა ტიპის დაწესებულებაში მოთავსებულ პირებს ხანმოკლე და ხანგრძლივი პაემნით სარგებლობის განსხვავებულ მასშტაბებს განუსაზღვრავს, თუმცა, რაც მთავარია, იგი ნებისმიერი ტიპის დაწესებულებაში მოთავსებულ მსჯავრდებულს ანიჭებს როგორც ერთი, ისე მეორე ტიპის პაემნის უფლებით სარგებლობის ზოგად შესაძლებლობას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შესადარებელ პირთა არსებითი თანასწორობის შესაფასებლად, მართებული იქნება, სასამართლო დაეყრდნოს თავად რეგულირების მიზანს, რომელიც ამ შემთხვევაში არის პატიმრის მნიშვნელოვანი, პერსონალური-ოჯახური ურთიერთობის შენარჩუნება სასჯელის მოხდის პირობებში. ამ კრიტერიუმზე დაყრდნობით საკითხის შეფასება უფრო ნათლად გამოკვეთს, ამ მიზანთან მიმართებით, რომელი ჯგუფები არიან ან არ არიან არსებითად თანასწორები.[32]
განსახილველ შემთხვევაში, კაც მსჯავრდებულებსა და ქალ მსჯავრდებულებს გააჩნიათ ერთი საერთო ნიშანი, კერძოდ კი ის, რომ ორივეს შეზღუდული აქვს თავისუფლება და ორივე იმყოფება სახელმწიფოს ეფექტური კონტროლის ქვეშ, საზოგადოებისგან იზოლირებულ გარემოში. შესაბამისად, ორივე მათგანს გააჩნია იდენტური ინტერესი პირადი და ოჯახური ურთიერთობების შენარჩუნებისა.
ამდენად, შეიძლება ითქვას, რომ როგორც მსჯავრდებული ქალი, ისე კაცი, თავისუფლების შეზღუდვის და მისგან მომდინარე საჭიროებების გათვალისწინებით, მსგავს ვითარებაში იმყოფებიან. სწორედ აქედან გამომდინარე, პაემნის უფლებით სარგებლობის კუთხით, მათ პრაქტიკულად ერთი და იგივე შესაძლებლობები აქვთ მინიჭებული, კანონმდებლობით გათვალისწინებული მცირე გამონაკლისების გარდა (რაც უფლებით სარგებლობის ინტენსივობაში გამოიხატება და განპირობებულია კონკრეტული პენიტენციური დაწესებულების რისკის დონით). მაშასადამე, ისინი, როგორც თავისუფლება შეზღუდული პირები, არიან თანასწორნი, მათი საჭიროებებისა და ამ საჭიროებების შესაბამისი უფლებებით სარგებლობის თვალსაზრისით. განსაკუთრებით კი ისეთი უფლებით სარგებლობის მხრივ, რომელიც საკუთარ ოჯახთან ურთიერთობის შენარჩუნებას უკავშირდება, რისი რეალიზაციის ყველაზე ეფექტურ ფორმას სწორედ ოჯახთან პირდაპირი, უშუალო და შეძლებისდაგვარად ინტიმურ გარემოში კონტაქტის შესაძლებლობა წარმოადგენს.
უფლების შეზღუდვის კონსტიტუციურობა
მართებულად მიგვაჩნია, თავი ავარიდოთ წინა თავებში უკვე განხილული საკითხების ხელახლა გამეორებას. ნაცვლად ამისა, წარმოდგენილ თავებში შევეცდებით ვკონცენტრირდეთ განსახილველ თავთან მიმართებით რელევანტური გარემოებების გამოკვეთაზე.
საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, „სადავო ნორმების შეფასებისას სასამართლო იყენებს რაციონალური დიფერენცირების ან შეფასების მკაცრ ტესტს. საკითხი, თუ რომელი მათგანით უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ, წყდება სხვადასხვა ფაქტორების, მათ შორის, ჩარევის ინტენსივობისა და დიფერენცირების ნიშნის გათვალისწინებით. კერძოდ, თუ არსებითად თანასწორ პირთა დიფერენცირების საფუძველია კონსტიტუციის მე-14 მუხლში ჩამოთვლილი რომელიმე ნიშანი ან სადავო ნორმა ითვალისწინებს უფლებაში მაღალი ინტენსივობით ჩარევას - სასამართლო გამოიყენებს შეფასების მკაცრ ტესტს“.[33]
მოცემულ შემთხვევაში, არსებითად თანასწორ პირთა შორის დიფერენცირება ეფუძნება სქესის, ანუ ე.წ. კლასიკურ ნიშანს, რომელიც პირდაპირ არის გათვალისწინებული საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლით. შესაბამისად, ამგვარი დიფერენცირების კონსტიტუციურობა უნდა შემოწმდეს მკაცრი შეფასების ტესტის საფუძველზე. როგორც უკვე აღინიშნა, ნორმის კონსტიტუციურობის შეფასებისათვის აუცილებელია, პირველ რიგში, დადგინდეს, სადავო რეგულაცია ემსახურება თუ არა ლეგიტიმური მიზნის მიღწევას. „მკაცრი ტესტის“ ფარგლებში დიფერენცირების შეფასებისას აუცილებელია დადგინდეს, რამდენად არის სახელმწიფოს მიერ უთანასწორო მოპყრობა აუცილებელი და არსებობს თუ არა დაუძლეველი სახელმწიფო ინტერესი.“[34] „(...) ასევე მნიშვნელოვანია, რომ შეზღუდვით დაცული სიკეთე უფლებაში ჩარევის შედეგად ხელყოფილ ინტერესზე აღმატებული იყოს.“[35]
თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნაა, რომ „უფლების მზღუდავი საკანონმდებლო რეგულირება უნდა წარმოადგენდეს ღირებული საჯარო (ლეგიტიმური) მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას. ამავე დროს უფლების შეზღუდვის ინტენსივობა მისაღწევი საჯარო მიზნის პროპორციული, მისი თანაზომიერი უნდა იყოს. დაუშვებელია, ლეგიტიმური მიზნის მიღწევა განხორციელდეს ადამიანის უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე“.[36] ამასთან, „კონკრეტული უფლების შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ ლეგიტიმური მიზნის არსებობისას, ლეგიტიმური მიზნის არარსებობის პირობებში ადამიანის უფლებაში ნებისმიერი ჩარევა თვითნებურ ხასიათს ატარებს და უფლების შეზღუდვა საფუძველშივე გაუმართლებელი, არაკონსტიტუციურია”.[37]
უფლების შეზღუდვის ლეგიტიმური მიზანი
როგორც უკვე აღინიშნა, თავისუფლება შეზღუდული პირის შესაძლებლობა, კონტაქტი იქონიოს, თუნდაც, საკუთარ ოჯახთან და ახლობელ ადამიანებთან, ზღვარდადებულია სახელმწიფოს ხელთ ობიექტურად არსებული შესაძლებლობებით. პირადი და ოჯახური ცხოვრების კონსტიტუციური უფლება ადგენს სახელმწიფოს ვალდებულებას, უზრუნველყოს იმ პირის ოჯახის წევრებთან კონტაქტის შესაძლებლობა, რომელიც იმყოფება სახელმწიფოს ეფექტური კონტროლის ქვეშ. თუმცა კონსტიტუცია არ მოითხოვს ამგვარი ნაბიჯების გადადგმისას სახელმწიფოსთვის არაგონივრულად მძიმე ტვირთის დაკისრებას. პენიტენციურ სისტემაში მოთავსებული პირისათვის გარე სამყაროსთან კონტაქტის უზრუნველყოფა ხშირ შემთხვევაში საჭიროებს კომპლექსურ ქმედებათა განხორციელებას, ადამიანურ, ფინანსურ, ინფრასტრუქტურულ რესურსებს ან/და ბუნებრივ ფორსმაჟორულ სიტუაციებთან გამკლავებას, რათა, ერთი მხრივ, დაცულ იქნეს პირის კერძო ინტერესები, ხოლო, მეორე მხრივ, სახელმწიფოს ლეგიტიმური მიზნები საზოგადოებრივი და პენიტენციური სისტემის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. ამდენად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მაგალითად, თავისუფლება შეზღუდული პირის პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლება არ მოიცავს საკუთარი ოჯახის წევრებთან და ახლობელ ადამიანებთან იმგვარი კონტაქტის შესაძლებლობას, რომლის განხორციელებაც შესაძლოა, ბუნებით თავსებადია თავისუფლების აღკვეთის გამოყენებასთან, თუმცა სახელმწიფოს ხელთ არსებული რესურსების და არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, სცდება გონივრულობის ფარგლებს.[38] ამდენად, პატიმრისთვის ამგვარი კონტაქტის უზრუნველყოფა სახელმწიფოსაგან არ უნდა მოითხოვდეს არაგონივრულ, გადაულახავ ძალისხმევას და მისი ადმინისტრირება არსებული რესურსების პირობებში უნდა იყოს შესაძლებელი.[39]
წინამდებარე სარჩელით გასაჩივრებული ნორმით გათვალისწინებული შეზღუდვის ლეგიტიმური მიზნის განსასაზღვრად მნიშვნელოვანია გაანალიზდეს რამდენიმე გარემოება.
პირველ რიგში, საჭიროა შეფასდეს, რამდენად შესაძლებელია, შეზღუდვის ლეგიტიმურ მიზნად თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების, გარშემომყოფთა, საზოგადოების, სახელმწიფოს და სამართალდამცავი ორგანოების უსაფრთხოების უზრუნველყოფა, დანაშაულისა და არეულობის აღკვეთა დასახელდეს. მიგვაჩნია, რომ ამგვარი დასკვნის გაკეთება არ იქნება სწორი. კერძოდ, როგორც უკვე არაერთხელ აღინიშნა, სადავო რეგულაცია საოჯახო პაემნით სარგებლობის უფლებას იმპერატიულად უზღუდავს ყველა კაც მსჯავრდებულს, განურჩევლად დაწესებულების ტიპისა (და შესაბამისად, კონკრეტული მსჯავრდებულისგან მომავალი რისკისა), რომელშიც კონკრეტული პირია მოთავსებული. როგორც უკვე ითქვა, პატიმრობის კოდექსის მე-123 მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, ქალთა სპეციალური დაწესებულება გათანაბრებულია ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებასთან (თავის მხრივ, დაწესებულებაში მოთავსებულ პირთა მხრიდან მომავალი საფრთხის კუთხით, ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებაზე უფრო მცირე რისკს შეიცავს დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება). კოდექსი, როგორც მინიმუმ, ამ ტიპის დაწესებულებებში მოთავსებულ მსჯავრდებულთაგან მომავალ საფრთხეს ერთმანეთის იდენტურად აღიქვამს, შესაბამისად, აზრს მოკლებული იქნება ჩავთვალოთ, რომ კანონმდებელმა საოჯახო პაემნით სარგებლობის უფლების შეზღუდვის ლეგიტიმურ მიზნად უსაფრთხოების უზრუნველყოფა დაისახა, იმ პირობებში, როცა შინაარსობრივად იდენტური სტატუსის/რისკის მქონე ორი დაწესებულების პატიმართა მიმართ გაავრცელა განსხვავებული მოპყრობა - ქალთა სპეციალურ დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულები აღჭურვა შესაბამისი უფლებით, ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებაში მოთავსებული კაცი მსჯავრდებულები კი უფლებით მოსარგებლე პირთა წრის მიღმა დატოვა. საპირისპირო დასკვნის გაკეთებას შესაძლებელს გახდიდა სადავო ნორმაში სხვადასხვა ტიპის პენიტენციურ დაწესებულებათა დიფერენცირება და ამდენად, შეზღუდვის სწორედ მათგან მომდინარე საფრთხესთან დაკავშირება, თუმცა, როგორც მოქმედი კანონმდებლობის ანალიზი ცხადყოფს, შეზღუდვა ბლანკეტურად ვრცელდება ყველა ტიპის პენიტენციურ დაწესებულებაზე (გარდა ქალთა სპეციალური დაწესებულებისა), მათ შორის, ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ შეზღუდვის ლეგიტიმურ მიზნად თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების, გარშემომყოფთა, საზოგადოების, სახელმწიფოს და სამართალდამცავი ორგანოების უსაფრთხოების უზრუნველყოფის, დანაშაულისა და არეულობის აღკვეთის მიჩნევა არ იქნება სწორი. მეორე მხრივ, გასათვალისწინებელია, რომ მსჯავრდებულისთვის გარესამყაროსთან კომუნიკაციის უფლება ზღვარდადებულია სახელმწიფოს ხელში ობიექტურად არსებული რესურსებით. პატიმრობის კოდექსის მე-173 მუხლის 1-ლი ნაწილი საოჯახო პაემანის უფლებად განიხილავს აღნიშნული მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულ პირებთან შეხვედრას თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტერიტორიაზე, ამისათვის სპეციალურად გამოყოფილ ოთახში. ამდენად, ბუნებრივია, რომ აღნიშნული უფლებით მსჯავრდებულთა/ბრალდებულთა მიერ სათანადო სარგებლობის შესაძლებლობის სახელმწიფოს მხრიდან უზრუნველყოფა საჭიროებს კომპლექსურ ქმედებათა განხორციელებას, შესაბამის ადამიანურ, ფინანსურ, ინფრასტრუქტურულ რესურსებს. აქედან გამომდინარე, საოჯახო პაემნით სარგებლობის უფლების მიცემა მხოლოდ ქალ მსჯავრდებულთათვის, შესაძლებელია გამართლებული იყოს სწორედ მის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული სიძნელეებით.
ამდენად, სადავო ნორმით გათვალისწინებული აკრძალვის ლეგიტიმურ მიზნად, შეგვიძლია განვსაზღვროთ, პენიტენციური სისტემის გამართული ფუნქციონირების ხელშეწყობა, იმ პირობებში, როდესაც შეზღუდულია საოჯახო პაემნის უფლებით უნივერსალური სარგებლობისთვის საჭირო შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური რესურსები.
გამოსადეგობა
როგორც უკვე ითქვა, სადავო ნორმების შინაარსიდან გამომდინარე აკრძალვის ლეგიტიმურ მიზანს წარმოადგენს პენიტენციური სისტემის გამართული ფუნქციონირების ხელშეწყობა, იმ პირობებში, როდესაც შეზღუდულია საოჯახო პაემნის უფლებით უნივერსალური სარგებლობისთვის საჭირო შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური რესურსები. ბუნებრივია, თუ საოჯახო პაემნისთვის გათვალისწინებული სპეციალური სივრცისთვის საჭირო მატერიალური რესურსებისა და უფლებით სათანადოდ სარგებლობის ადმინისტრირებისთვის აუცილებელი ადამიანური რესურსის მობილიზება პენიტენციური სისტემის გამართულ ფუნქციონირებას საფრთხის ქვეშ აყენებს, ასეთი ღონისძიების გატარებისგან თავის შეკავება ნამდვილად დადებით გავლენას იქონიებს დასახული ლეგიტიმური მიზნის მიღწევაზე, რაც პენიტენციური სისტემის გამართული ადმინისტრირების განხორციელების ხელშეწყობაში გამოიხატება.
ასეთ ვითარებაში, კანონმდებელი კაც მსჯავრდებულთათვის საოჯახო პაემნით სარგებლობის ბლანკეტური აკრძალვით, უდავოდ უზრუნველყოფს ზემოაღნიშნული მიზნის მიღწევას, ვიდრე ეს კაც მსჯავრდებულთათვის ამ უფლებების მიცემის შემთხვევაში იქნებოდა შესაძლებელი, რაც, თავის მხრივ, წარმოადგენს ლეგიტიმური მიზნის მიღწევის გამოსადეგ საშუალებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არსებობს ლოგიკური კავშირი სადავო ნორმით გათვალისწინებულ ღონისძიებასა და ლეგიტიმურ მიზანს შორის.
აუცილებლობა
როგორც უკვე ითქვა, სადავო ნორმებით გათვალისწინებული აკრძალვის ლეგიტიმურ მიზანს წარმოადგენს პენიტენციური სისტემის გამართული ფუნქციონირების ხელშეწყობა, იმ პირობებში, როდესაც შეზღუდულია საოჯახო პაემნის უფლებით უნივერსალური სარგებლობისთვის საჭირო შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური რესურსები. მიგვაჩნია, რომ მართალია სადავო ნორმებით დადგენილი იმპერატიული აკრძალვა წარმოადგენს ზემოაღნიშნული ლეგიტიმური მიზნის მიღწევის გამოსადეგ საშუალებას, თუმცა, იგი, არაპროპორციულად და დისკრიმინაციულად ზღუდავს კაც მსჯავრდებულთა უფლებას ისარგებლონ საოჯახო პაემნის უფლებებით.
გასათვალისწინებელია, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში, შეზღუდულ ტერიტორიაზე და შეზღუდული მატერიალურ-ტექნიკური რესურსების პირობებში, თავმოყრილია ადამიანთა დიდი რაოდენობა, რომლებსაც თანაბარი საჭიროებები და მოთხოვნილებები გააჩნიათ. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ მათი მართლზომიერი საჭიროებებიდან და მოთხოვნილებებიდან გამომდინარე უფლებების დაკმაყოფილება მოხდეს სამართლიანად.
მიგვაჩნია, რომ ზემოაღნიშნული უფლებით სარგებლობის თვალსაზრისით, ამგვარი ბლანკეტური განსხვავება, რომელსაც საქართველოს პატიმრობის კოდექსი ადგენს, ერთი მხრივ, ქალ მსჯავრდებულს, ხოლო, მეორე მხრივ კაც მსჯავრდებულს შორის, არ ეფუძნება მათი მდგომარეობის ობიექტურ და სამართლიან შეფასებას. აღსანიშნავია, რომ როგორც ქალი, ისე კაცი მსჯავრდებულები თანაბრად სარგებლობენ ხანმოკლე და ხანგრძლივი პაემნის უფლებით, თუმცა განსხვავებული სიხშირით, რაც კონკრეტულ დაწესებულებაში მოთავსებულ პირთა საფრთხის ხარისხიდან გამომდინარეობს. თუმცა, როგორც უკვე აღინიშნა, ქალ მსჯავრდებულს უფლება აქვს, 1 თვის განმავლობაში ჰქონდეს 3 ხანმოკლე პაემანი, ხოლო წახალისების ფორმით – თვეში 1 დამატებითი ხანმოკლე პაემანი. ასევე, უფლება აქვს, 1 წლის განმავლობაში ჰქონდეს 3 ხანგრძლივი პაემანი, ხოლო წახალისების ფორმით – წელიწადში 2 დამატებითი ხანგრძლივი პაემანი.[40] პაემნის უფლებით სარგებლობის ამ მასშტაბით იგი, ფაქტობრივად, მხოლოდ დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებულ პირთა მიერ პაემნით სარგებლობის ფარგლებს ჩამოუვარდება, რომელთაც უფლება აქვთ 1 თვის განმავლობაში ჰქონდეთ 4 ხანმოკლე პაემანი, ხოლო წახალისების ფორმით – თვეში 2 დამატებითი ხანმოკლე პაემანი. ასევე, 1 წლის განმავლობაში ჰქონდეთ 6 ხანგრძლივი პაემანი, ხოლო წახალისების ფორმით – წელიწადში 3 დამატებითი ხანგრძლივი პაემანი.[41] რომ აღარაფერი ვთქვათ დახურული ტიპისა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებზე, ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებულ მსჯავრდებულსაც კი (რომელთანაც, როგორც წესი, გათანაბრებულია ქალთა სპეციალური დაწესებულება) პაემნის უფლებით სარგებლობის უფრო ვიწრო შესაძლებლობა აქვთ მინიჭებული (კერძოდ, უფლება აქვთ 1 თვის განმავლობაში ჰქონდეთ 2 ხანმოკლე პაემანი, ხოლო წახალისების ფორმით – თვეში 1 დამატებითი ხანმოკლე პაემანი, ასევე, 1 წლის განმავლობაში ჰქონდეთ 3 ხანგრძლივი პაემანი, ხოლო წახალისების ფორმით – წელიწადში 2 დამატებითი ხანგრძლივი პაემანი[42]), ვიდრე ქალ მსჯავრდებულებს.
აქედან გამომდინარე, ქალი მსჯავრდებულისთვის საოჯახო პაემნით სარგებლობის ექსკლუზიური უფლების მინიჭება არ არის განპირობებული ქალ და კაც მსჯავრდებულთა შორის, ზოგადად პაემნის უფლებით სარგებლობის კუთხით არსებული შესაძლო უთანასწორობის აღმოფხვრისკენ კანონმდებლის სურვილით. არამედ, მეტად სავარაუდოა, რომ კანონმდებლის ლოგიკა ეფუძნება მიდგომას, რომლის თანახმად, ქალი, საზოგადოებაში ჩამოყალიბებული გენდერული სტერეოტიპის შესაბამისად, საჭიროებს და იმსახურებს ოჯახთან, განსაკუთრებით კი, შვილებთან უფრო მეტი ინტენსივობით კომუნიკაციას, ვიდრე ამის საჭიროება კაცი მსჯავრდებულის შემთხვევაში არსებობს. ამდენად, კაც მსჯავრდებულთათვის „კანონმდებლობით საოჯახო პაემნის არგათვალისწინება ქალი მსჯავრდებულებისგან განსხვავებით, ემყარება გენდერულ სტერეოტიპებს და შეადგენს სქესის ნიშნით დისკრიმინაციას. ქალების მიმართ განსხვავებული და უფრო ხელსაყრელი მოპყრობის კანონმდებლობით გათვალისწინება ვერ გამართლდება პოზიტიური დისკრიმინაციით. ქალი მსჯავრდებულების მიმართ ოჯახთან ურთიერთობასთან დაკავშირებით დაწესებული განსხვავებული მოპყრობა აშკარად არ არის მიმართული საზოგადოებაში ქალების დაჩაგრული მდგომარეობის ან ქალებსა და მამაკაცებს შორის „ფაქტობრივი უთანასწორობის“ გამოსასწორებლად. ასეთი განსხვავება ემყარება გენდერულ სტერეოტიპებს, მაშინ, როდესაც თანამედროვე საზოგადოება თანდათანობით ევოლუციას განიცდის ქალებსა და მამაკაცებს შორის, მაგალითად, ბავშვებთან ურთიერთობისას პასუხისმგებლობის თანაბრად განაწილებასთან დაკავშირებით“.[43] მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სახელმწიფო არ უნდა უწყობდეს ხელს დამკვიდრებული გენდერული როლებისა და გენდერული სტერეოტიპების გაძლიერებას. მიუღებელია, განსხვავებული მოპყრობა მართლდებოდეს ქვეყანაში ფესვგადგმული იმ ტრადიციებით, რომლებიც ოჯახურ ურთიერთობებში ქალის და მამაკაცის სტერეოტიპულ აღქმაზე იქნება დამყარებული. ამ კუთხით, საინტერესოა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განხილული საქმე, Ēcis v. Latvia (2019), რომელზეც სასამართლომ კონვენციის მე-8 მუხლთან კავშირში მე-14 მუხლის დარღვევად მიიჩნია დახურულ დაწესებულებებში მოთავსებული კაცი პატიმრებისთვის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უფლებით სარგებლობის ბლანკეტური აკრძალვა, რაც სასამართლოს მხრიდან სქესის ნიშნით დისკრიმინაციად შეფასდა.[44] გადაწყვეტილების მიხედვით, „სასამართლომ არაერთხელ მიუთითა, რომ გენდერული თანასწორობისკენ სვლა ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოების ერთ-ერთი ძირითადი მიზანია და რომ, აქედან გამომდინარე, სქესის ნიშნით პირთა დიფერენცირების კონვენციასთან შესაბამისობის მტკიცებისათვის საჭიროა განსაკუთრებული არგუმენტაცია. კერძოდ, მითითებები კონკრეტულ ქვეყანაში არსებულ ტრადიციებზე, ზოგად შეფასებებზე ან გაბატონებულ სოციალურ განწყობებზე, ცალკე აღებული, ვერ ჩაითვლება დიფერენცირებული მოპყრობის გამამართლებელ საკმარის არგუმენტად.[45]
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ სადავო რეგულაციის გამოყენების პროცესში, კანონმდებელი არასათანადოდ ითვალისწინებს მსჯავრდებულთათვის თავისუფლების შეზღუდვით შექმნილ რეალობას და ამის ნაცვლად, ხელმძღვანელობს საზოგადოებაში დამკვიდრებული გენდერული სტერეოტიპებით. მიგვაჩნია, რომ თავისუფლება შეზღუდული პირის ოჯახის წევრებთან და ახლობელ ადამიანებთან უშუალო, პირდაპირი და შეძლებისდაგვარად ინტიმურ გარემოში განხორციელებული კონტაქტის საჭიროებას განაპირობებს არა მისი სქესი, არამედ, ის ობიექტური რეალობა, რომელშიც იგი იმყოფება, კერძოდ კი, პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსება.
აღსანიშნავია, რომ პაემნის უფლებით თანაბარი სარგებლობის შესაძლებლობით უზრუნველყოფის ვალდებულებაზე ყურადღებაა გამახვილებული „ნელსონ მანდელას წესებშიც“[46], კერძოდ, 58-ე წესის მე-2 პუნქტის მიხედვით, „საოჯახო პაემნების დაშვების შემთხვევაში, უფლებით სარგებლობა ხელმისაწვდომი უნდა იყოს დისკრიმინაციის გარეშე და ქალ პატიმრებს, კაც პატიმართა თანასწორად, ამ უფლებით სარგებლობის საშუალება უნდა მიეცეთ“. ამასთან, „საოჯახო კონტაქტის საშუალებები, როგორიცაა ციხის პაემანის რომელიმე სახე ან კომუნიკაციის საშუალება, შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ მცირე დროითა და უსაფრთხოების და წესრიგის შენარჩუნების მკაცრად განსაზღვრული მიზნებიდან გამომდინარე. ეს ეხება საოჯახო კონტაქტის ყველა სახის ფორმას, მათ შორის პაემნებს, წერილებს და სატელეფონო ზარებს.[47]
ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში შესაძლოა საოჯახო პაემნის სივრცეების ნაკლებობა იყოს, ჩვენი აზრით, ეს არ ამართლებს კაც მსჯავრდებულთათვის ასეთი იმპერატიული აკრძალვის დადგენას. უნდა ითქვას, რომ „...სახელმწიფო ორგანოების საქმიანობის ფარგლებში გარკვეული ტექნიკური სირთულეების არსებობა/წარმოშობა ვერ გახდება კონსტიტუციის მოთხოვნების უგულებელყოფის საფუძველი.“ (mutatis mutandis საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 3 ივლისის №1/2/671 გადაწყვეტილება საქმეზე „სსიპ „საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია”, ააიპ „საქართველოს სიცოცხლის სიტყვის ეკლესია”, სსიპ „ქრისტეს ეკლესია”, სსიპ „საქართველოს სახარების რწმენის ეკლესია”, ააიპ „მეშვიდე დღის ქრისტიან-ადვენტისტთა ეკლესიის ტრანსკავკასიური იუნიონი”, სსიპ „ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაცია”, ააიპ „ქართველ მუსლიმთა კავშირი”, სსიპ „წმინდა სამების ეკლესია” საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-39), განსაკუთრებით, როდესაც საქმე ანალოგიურ მდგომარეობაში მყოფი ჯგუფების მიერ შესაბამისი უფლებით თანასწორად სარგებლობას შეეხება. მიგვაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, დისკრიმინაციულად და სრულადაა უგულებელყოფილი კაცი მსჯავრდებულის შესაძლებლობა ისარგებლოს საოჯახო პაემნით, ვინაიდან, სახელმწიფოს შეუძლია უფლების უფრო ნაკლებად მზღუდავი საშუალებების გამოყენება. ასე, მაგალითად, შესაბამისი ინფრასტრუქტურის („სპეციალური ოთახების“) სრულყოფილად მოწყობამდე, შესაძლებელია, ამ სახის პაემნის უფლებით სარგებლობისთვის გამოყენებულ იქნეს დაწესებულების ტერიტორიაზე უკვე არსებული სივრცეები, მაგალითად, ხანმოკლე ან ხანგრძლივი პაემნების ორგანიზებისთვის განკუთვნილი ოთახები. ამასთან, დაწესებულების ტეროტორიაზე წესრიგის შენარჩუნების მიზნით, შესაძლოა საოჯახო პაემნების დროებით ალტერნატიულ სივრცეში ჩანიშვნა დაექვემდებაროს წინასწარ შედგენილ გრაფიკს, რის საშუალებასაც თავად პატიმრობის კოდექსით გათვალისწინებული მოწესრიგება იძლევა, რამდენადაც კოდექსის მე-173 მუხლის მე-4 ნაწილი საოჯახო პაემნის უფლების მიცემაზე სამსახურის გენერალური დირექტორის თანხმობის მიღების შემდეგ, საოჯახო პაემნის ორგანიზების უზრუნველყოფას სწორედ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებას მიანდობს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ ამ უფლებით სარგებლობის შესაძლებლობის შეზღუდვა კანონმდებელს არ აქვს დაწესებული არც რაციონალურად და არც სამართლიანად. კაც მსჯავრდებულებს, ქალ მსჯავრდებულებთან შედარებით, დისკრიმინაციულად აქვთ შეზღუდული საოჯახო პაემნით სარგებლობის შესაძლებლობა. შესაბამისად, სადავო ნორმები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტს და არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი.
შესადარებელ პირთა არსებითი თანასწორობა (კაც ბრალდებულებთან მიმართებით)
როგორც წინა თავებში უკვე არაერთხელ აღინიშნა, პატიმრობის კოდექსის მე-13 მუხლი განამტკიცებს ბრალდებულის უფლებას, მსჯავრდებულის მსგავსად, გარანტირებულად სარგებლობდეს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, ამ კოდექსით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით აღიარებული უფლებებითა და თავისუფლებებით. სარჩელის პირველ ნაწილში განვითარებული მსჯელობიდან გამოჩნდა, რომ გარესამყაროსთან, და განსაკუთრებით, ოჯახთან კომუნიკაციის მიზნებისათვის, ბრალდებული და მსჯავრდებული არსებითად თანასწორ მდგომარეობაში მყოფ სუბიექტებად უნდა იქნან აღქმული. მიგვაჩნია, რომ თავისუფლება შეზღუდული პირის ოჯახის წევრებთან და ახლობელ ადამიანებთან უშუალო, პირდაპირი და შეძლებისდაგვარად ინტიმურ გარემოში განხორციელებული კონტაქტის საჭიროებას განაპირობებს არა მისი საპროცესო სტატუსი, არამედ, ის ობიექტური რეალობა, რომელშიც იგი იმყოფება, კერძოდ კი, პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსება.
უფლების შეზღუდვის კონსტიტუციურობა
წინა თავებში განხილულ შესადარებელ ჯგუფთა მსგავსად, მიგვაჩნია, რომ ბრალდებული კაცის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის დამდგენი ნორმის კონსტიტუციურობაც მკაცრი ტესტით უნდა შეფასდეს, რამდენადაც, ერთი მხრივ, ქალ ბრალდებულთა მსგავსად, სახეზეა კაც ბრალდებულთა დისკრიმინაცია მათი საპროცესო სტატუსის საფუძველზე (რა შემთხვევაშიც, ჩარევის მაღალი ინტენსივობა ნორმის კონსტიტუციურობის მკაცრი ტესტით შემოწმების საფუძველს წარმოშობს), მეორე მხრივ კი, კაც მსჯავრდებულთა მსგავსად, სახეზეა კაც ბრალდებულთა დისკრიმინაცია სქესის ნიშნით (რომელიც, როგორც უკვე აღინიშნა, მე-11 მუხლით გათვალისწინებულ ერთ-ერთ კლასიკურ ნიშანს წარმოადგენს, რაც ავტომატურად აყალიბებს „მკაცრი ტესტის“ გამოყენების საჭიროებას).
თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნაა, რომ „უფლების მზღუდავი საკანონმდებლო რეგულირება უნდა წარმოადგენდეს ღირებული საჯარო (ლეგიტიმური) მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას. ამავე დროს უფლების შეზღუდვის ინტენსივობა მისაღწევი საჯარო მიზნის პროპორციული, მისი თანაზომიერი უნდა იყოს. დაუშვებელია, ლეგიტიმური მიზნის მიღწევა განხორციელდეს ადამიანის უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე“.[48] ამასთან, „კონკრეტული უფლების შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ ლეგიტიმური მიზნის არსებობისას, ლეგიტიმური მიზნის არარსებობის პირობებში ადამიანის უფლებაში ნებისმიერი ჩარევა თვითნებურ ხასიათს ატარებს და უფლების შეზღუდვა საფუძველშივე გაუმართლებელი, არაკონსტიტუციურია”.[49]
უფლების შეზღუდვის ლეგიტიმური მიზანი და გამოსადეგობა
როგორც უკვე აღინიშნა, სადავო ნორმით ბრალდებულის შესაბამისი უფლების შეზღუდვის მიზანს შესაძლოა წარმოადგენდეს პენიტენციური სისტემის გამართული ფუნქციონირების ხელშეწყობა, იმ პირობებში, როდესაც შეზღუდულია საოჯახო პაემნის უფლებით უნივერსალური სარგებლობისთვის საჭირო შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური რესურსები. ამდენად, დაწესებულებაში წესრიგის უზრუნველყოფა და სხვათა უფლებების სრულყოფილი დაცვა უდავოდ წარმოადგენს იმ კონსტიტუციურ-სამართლებრივ მიზანს, რომელმაც შესაძლებელია გაამართლოს უფლებაში ჩარევა.
ამასთან, როგორც წინა თავში განვითარებული მსჯელობიდან გამოჩნდა, არსებობს ლოგიკური კავშირი სადავო ნორმით გათვალისწინებულ ღონისძიებასა და ლეგიტიმურ მიზანს შორის. ამდენად, იგი მიზნის მისაღწევ გამოსადეგ საშუალებად უნდა ჩაითვალოს.
აუცილებლობა
როგორც უკვე აღინიშნა, წარმოდგენილი ლეგიტიმური მიზნის თვალსაზრისით, მიგვაჩნია, რომ არ არის დაცული უფლების პროპორციულად შეზღუდვის მოთხოვნა. წინა თავებში შევეცადეთ დაგვესაბუთებინა, რომ სახელმწიფოს ხელში არსებობს საოჯახო პაემნით სარგებლობის საშუალებათა სამართლიანად გამოყენების შესაძლებლობა, რომლის დროსაც მხედველობაში მიიღება თავისუფლება შეზღუდული პირის რეალური საჭიროება და არა მხოლოდ მისი ფორმალური სტატუსი. ამდენად, ვთვლით, რომ არსებობს უფლების უფრო ნაკლებად მზღუდავი საშუალებები, რომლებიც მეტ-ნაკლებად თანაბრად დააკმაყოფილებდა ორივე კატეგორიის თავისუფლება შეზღუდული პირების ლეგიტიმურ საჭიროებებს. ამიტომ, ვთვლით, რომ სადავო ნორმებით გათვალისწინებული აკრძალვა არ წარმოადგენს ლეგიტიმური მიზნის მიღწევის აუცილებელ საშუალებას და, შესაბამისად, საჭიროზე მეტად იწვევს ბრალდებულთა უფლების შეზღუდვას.
ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევა
მიგვაჩნია, რომ სადავო ნორმით გათვალისწინებული შეზღუდვა ასევე ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველ პუნქტს და არღვევს ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას.
უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „პატიმრობაში მყოფი პირი განაგრძობს ყველა კონსტიტუციური უფლებით სარგებლობას, გარდა იმ უფლებების, რომელთა აბსოლუტურ შეზღუდვას თავად კონსტიტუცია ითვალისწინებს.“[50] საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებით, „...ადამიანის უფლებათა დაცვის არაერთი საერთაშორისო თუ რეგიონული სამართლებრივი დოკუმენტი პირდაპირ მიუთითებს თითოეული თავისუფლებააღკვეთილი პირის უფლებაზე, მოექცნენ ჰუმანურად და პატივი სცენ მის პიროვნულ ღირსებას (მაგალითისათვის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტის მე-10 მუხლი; „პატიმართა მოპყრობის ძირითადი პრინციპების შესახებ“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის 1990 წლის 14 დეკემბრის 45/111 რეზოლუციის პირველი და მე-5 მუხლები; გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის 2015 წლის 17 დეკემბრის რეზოლუციით დამტკიცებული „პატიმრებთან მოპყრობის შესახებ განახლებული მინიმალური სტანდარტული წესების („ნელსონ მანდელას წესები“)“ წესი №1).“[51]
საკონსტიტუციო სასამართლოს აზრით, „...პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლების დაცვის ფარგლები და სტანდარტები, ცხადია, განსხვავებულია თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების სპეციფიკის გათვალისწინებით. „პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული პირები, ცხადია მიეკუთვნებიან ... პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებით დაცულ სუბიექტებს. თუმცა, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ის გარემოება, რომ აღნიშნული პირები თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში იმყოფებიან, რაც პირადი ცხოვრების დაცულობის მოლოდინის ხარისხს მნიშვნელოვნად ამცირებს სხვა პირებთან შედარებით. შესაბამისად, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების ცალკეული კომპონენტების კონსტიტუციურსამართლებრივი სტანდარტები შესაძლოა განსხვავდებოდეს იმ სტანდარტებისაგან, რომლებიც ვრცელდება იმ პირებზე, რომლებიც არ იმყოფებიან პენიტენციურ დაწესებულებაში“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 26 ივლისის №2/4/665,683გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნანა ფარჩუკაშვილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის წინააღმდეგ“, II-101). მაგალითად, „პატიმარი უზრუნველყოფილია უფლებით შექმნას ოჯახი, მაგრამ შეზღუდულია შესაძლებლობაში შეხვდეს ოჯახის წევრებს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ივნისის №1/2/458 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - დავით სართანია და ალექსანდრე მაჭარაშვილი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წინააღმდეგ“, II-10). ოჯახური ცხოვრების უფლება განეკუთვნება იმ ძირითად უფლებათა კატეგორიას, რომელთა დაცვის კონსტიტუციურ-სამართლებრივი სტანდარტი განსხვავებულია თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებული პირების მიმართ. მსჯავრდებულს აქვს prima facie უფლება, დაამყაროს და შეინარჩუნოს ოჯახური ურთიერთობები, კავშირი ჰქონდეს საკუთარი ოჯახის წევრებთან პირადად თუ კომუნიკაციის დისტანციური საშუალებებით. ამავდროულად, ოჯახის წევრებთან კავშირს ვერ ექნება მუდმივი, უწყვეტი ხასიათი, ისევე როგორც კომუნიკაციის პროცესი ვერ დაექვემდებარება პრივატულობის ისეთ ხარისხს, როგორც ეს შესაძლებელია იმ პირებთან მიმართებით, რომლებიც არ არიან მოთავსებული თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში.“[52]
ამდენად, თავისუფლების შეზღუდვის გამოყენებას, თავისთავად, თან სდევს ოჯახის წევრებთან და გარესამყაროსთან კავშირის ქონის შესაძლებლობის შეზღუდვა. შესაბამისად, პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლებით დაცული არ არის თავისუფლება-შეზღუდული პირის შესაძლებლობა, რომ შეუზღუდავი კავშირი ჰქონდეს ოჯახის წევრებთან. ამავდროულად, თავისუფლების შეზღუდვის გამოყენება არ გულისხმობს პირის აბსოლუტურ იზოლირებას და მისთვის ოჯახის წევრებთან კონტაქტის სრულ აკრძალვას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კანონის საფუძველზე თავისუფლება-შეზღუდული პირის პირადი და ოჯახური ცხოვრების ძირითადი უფლებით დაცული სფერო მოიცავს პირის შესაძლებლობას, იმ ხარისხით და ინტენსივობით შეინარჩუნოს კავშირი ოჯახის წევრებთან, რაც თავსებადი იქნება თავისუფლების შეზღუდვის ღონისძიების ბუნებასთან და აღნიშნული ღონისძიების გამოყენების ლეგიტიმურ მიზნებთან.[53]
სადავო ნორმით გათვალისწინებული აკრძალვის, როგორც ლეგიტიმური მიზნის მიღწევის აუცილებელი საშუალების შეფასებისას, მხედველობაშია მისაღები, რომ თავისუფლება შეზღუდული პირის შესაძლებლობა, კონტაქტი იქონიოს, თუნდაც, საკუთარ ოჯახთან, ახლობელ ადამიანებთან და ზოგადად გარესამყაროსთან, ზღვარდადებულია სახელმწიფოს ხელთ ობიექტურად არსებული შესაძლებლობებით. პირადი და ოჯახური ცხოვრების კონსტიტუციური უფლება ადგენს სახელმწიფოს ვალდებულებას, უზრუნველყოს იმ პირის ოჯახის წევრებთან კონტაქტის შესაძლებლობა, რომელიც იმყოფება სახელმწიფოს ეფექტური კონტროლის ქვეშ. აღნიშნული, ცხადია, გულისხმობს არა მხოლოდ ნეგატიურ ვალდებულებებს, არამედ სახელმწიფოს მხრიდან გარკვეული პოზიტიური ქმედებების განხორციელების საჭიროებასაც. თუმცა კონსტიტუცია არ მოითხოვს ამგვარი პოზიტიური ნაბიჯების გადადგმისას სახელმწიფოსთვის არაგონივრულად მძიმე ტვირთის დაკისრებას. პენიტენციურ სისტემაში მოთავსებული პირისათვის გარე სამყაროსთან კონტაქტის უზრუნველყოფა ხშირ შემთხვევაში საჭიროებს კომპლექსურ ქმედებათა განხორციელებას, ადამიანურ, ფინანსურ, ინფრასტრუქტურულ რესურსებს ან/და ბუნებრივ ფორსმაჟორულ სიტუაციებთან გამკლავებას, რათა, ერთი მხრივ, დაცულ იქნეს პირის კერძო ინტერესები, ხოლო, მეორე მხრივ, სახელმწიფოს ლეგიტიმური მიზნები საზოგადოებრივი და პენიტენციური სისტემის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, თავისუფლება შეზღუდული პირის პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლება არ მოიცავს საკუთარი ოჯახის წევრებთან და ახლობელ ადამიანებთან იმგვარი კონტაქტის შესაძლებლობას, რომლის განხორციელებაც შესაძლოა, ბუნებით თავსებადია თავისუფლების აღკვეთის გამოყენებასთან, თუმცა სახელმწიფოს ხელთ არსებული რესურსების და არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, სცდება გონივრულობის ფარგლებს.[54] ამდენად, პატიმრისთვის ამგვარი კონტაქტის უზრუნველყოფა სახელმწიფოსაგან არ უნდა მოითხოვდეს არაგონივრულ, გადაულახავ ძალისხმევას და მისი ადმინისტრირება არსებული რესურსების პირობებში უნდა იყოს შესაძლებელი.[55]
უფლების დარღვევის დასაბუთება
შეზღუდვის ლეგიტიმური მიზანი და გამოსადეგობა
საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ადამიანის პირადი და ოჯახური ცხოვრება ხელშეუხებელია. ამ უფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ან სხვათა უფლებების დაცვის მიზნით“.
როგორც წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) მე-2 ზოგად ანგარიშშია აღნიშნული, „გარესამყაროსთან კონტაქტის წახალისება სახელმძღვანელო პრინციპად უნდა იქნას აღქმული. ... ამ ტიპის კონტაქტზე ნებისმიერი შეზღუდვის დაწესება უნდა გამომდინარეობდეს მხოლოდ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული არსებითი ხასიათის რისკებიდან, ანდაც რესურსებთან დაკავშირებული საკითხებიდან“.[56] ამასთან, „ადამიანური კავშირი, განსაკუთრებით მეგობრებსა და ოჯახის წევრებთან, სუბიექტის საბაზისო მოთხოვნილებაა. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების პირობებში, გარესამყაროსთან კონტაქტი თავის თავში მოიაზრებს მისი, როგორც „უფლების“ ბუნებას. ... პატიმრების გარესამყაროსთან კონტაქტის შენარჩუნებაზე მუშაობისას, დაწესებულების ადმინისტრაციას უნდა ახსოვდეს, რომ პაემანი წარმოადგენს არა მხოლოდ პატიმრის, არამედ, იმავდროულად, მისი ოჯახი წევრების, განსაკუთრებით კი ბავშვების, უფლებას.[57]
როგორც უკვე აღინიშნა, განსახილველ შემთხვევაში, საოჯახო პაემნის უფლების მომწესრიგებელი სადავო ნორმებით გათვალისწინებული შეზღუდვის მიზანს წარმოადგენს, პენიტენციური სისტემის გამართული ფუნქციონირებისა ხელშეწყობა, იმ პირობებში, როდესაც შეზღუდულია საოჯახო პაემნის უფლებით უნივერსალური სარგებლობისთვის საჭირო შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური რესურსები. ამდენად, დაწესებულების ადმინისტრირების გამართული ფუნქციონირებისა და სხვა პატიმართა უფლებების სრულყოფილი დაცვა უდავოდ წარმოადგენს იმ კონსტიტუციურ-სამართლებრივ მიზანს, რომელმაც შესაძლებელია გაამართლოს ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების შეზღუდვა.
მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ წარმოდგენილ კონსტიტუციურ სარჩელში სადავოა საქართველოს პატიმრობის კოდექსის შესაბამისი ნორმით გათვალისწინებული აკრძალვა. შესაბამისად, ბრალდებულთა ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების სადავო შეზღუდვა ხორციელდება კანონის შესაბამისად.
აკრძალვის ღონისძიების გამოსადეგობასთან დაკავშირებული არგუმენტაციის თვალსაზრისით, რელევანტურია სარჩელის წინა ნაწილის შესაბამის ქვეთავში განვითარებული მსჯელობა. ამიტომ, ტექსტის ეკონომიურობის გამო, აღარ გავიმეორებთ უკვე წარმოდგენილ არგუმენტებს.
აუცილებლობა
ზემოაღნიშნული ლეგიტიმური მიზნის თვალსაზრისით, მიგვაჩნია, რომ არ არის დაცული უფლების პროპორციულად შეზღუდვის მოთხოვნა. ჩვენ წინა თავებში შევეცადეთ დაგვესაბუთებინა, რომ სახელმწიფოს ხელში არსებობს ერთი მხრივ, ქალ მსჯავრდებულთა და მეორე მხრივ, ქალ ბრალდებულთა, კაც ბრალდებულ/მსჯავრდებულთა საოჯახო პაემნით სარგებლობის საშუალებათა თანაბრად და სამართლიანად უზრუნველყოფის შესაძლებლობა, რომლის დროსაც მხედველობაში მიიღება თავისუფლება შეზღუდული პირის რეალური საჭიროება და არა მხოლოდ მისი ფორმალური სტატუსი ან სქესი. ამდენად, ვთვლით, რომ არსებობს უფლების უფრო ნაკლებად მზღუდავი საშუალებები, რომლებიც მეტ-ნაკლებად თანაბრად დააკმაყოფილებდა ზემოთ ჩამოთვლილი კატეგორიის თავისუფლება შეზღუდული პირების ლეგიტიმურ საჭიროებებს. ამიტომ, ვთვლით, რომ სადავო ნორმებით გათვალისწინებული აკრძალვა არ წარმოადგენს ლეგიტიმური მიზნის მიღწევის აუცილებელ საშუალებას და, შესაბამისად, საჭიროზე მეტად იწვევს ქალ ბრალდებულთა, ასევე კაც მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა უფლების შეზღუდვას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ პატიმრობა შეფარდებულ ქალ ბრალდებულებს, ასევე კაც მსჯავრდებულებს/ბრალდებულებს უსამართლოდ აქვთ შეზღუდული ოჯახის წევრებთან უშუალო და პირდაპირი კონტაქტის ისეთი შესაძლებლობა, როგორსაც საოჯახო პაემანი იძლევა. ამიტომ, სადავო ნორმით დადგენილი შეზღუდვა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლით გარანტირებულ ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას, რომლითაც ასევე დაცულია პატიმრობა შეფარდებული ბრალდებულის ოჯახის წევრებთან კომუნიკაციის უფლება.
[1] საქართველოს პატიმრობის კოდექსის მე-17 მუხლის მე-7 ნაწილი.
[2] იქვე, მე-172 მუხლის 1-ლი და მე-5 ნაწილები.
[3] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის №1/1/493 გადაწყვეტილება, II. პ. 1;
[4] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 11 ივნისის №1/3/534 გადაწყვეტილება, II. პ. 3;
[5] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის №1/1/493 გადაწყვეტილება, II. პ. 1;
[6] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის №2/1/536 გადაწყვეტილება, II. პ. 10;
[7] ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე კლიფტი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (CASE OF CLIFT v. THE UNITED KINGDOM, №25091/07), § 66;
[8] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის №1/1/493 გადაწყვეტილება, II. პ. 2;
[9] საქართველოს პატიმრობის კოდექსის მე-14 მუხლის პირველი ნაწილი;
[10] ევროპული ციხის წესების 99-ე მუხლის „ა“ პუნქტი.
[11] ECHR, Guide on Article 14 of the European Convention on Human Rights and on Article 1 of Protocol No. 12 to the Convention - Prohibition of discrimination, Updated on 31 August 2021, § 56. ხელმისაწვდომია: < https://www.echr.coe.int/Documents/Guide_Art_14_Art_1_Protocol_12_ENG.pdf >
[12] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის №1/1/493 გადაწყვეტილება, II. პ. 3;
[13] იქვე, II. პ. 5;
[14] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 11 ივნისის №1/3/534 გადაწყვეტილება, II. პ. 25;
[15] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 8 ოქტომბრის №2/4/532,533 გადაწყვეტილება, II. პ. 115;
[16] იქვე, II. პ. 117;
[17] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-60;
[18] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 28 მაისის №2/1/704გადაწყვეტილება, II. პ. 17;
[19] იხ.: იქვე, II. პ. 17;
[20] საქართველოს პატიმრობის კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადება, 77-ე მუხლის პირველი ნაწილი და 79-ე მუხლის მე-2 ნაწილი;
[21] საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №116 ბრძანებით დამტკიცებული „№5 პენიტენციური დაწესებულების დებულების“ 41-ე მუხლის მე-4 პუნქტი და 42-ე მუხლის მე-5 პუნქტი.
[22] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 8 ოქტომბრის №2/4/532,533 გადაწყვეტილება, II. პ. 78;
[23] საქართველოს პატიმრობის კოდექსის 72-ე მუხლის მე-8 ნაწილი.
[24] საქართველოს პატიმრობის კოდექსის 173 მუხლის 1-6 ნაწილი.
[25] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 მაისის №3/3/600 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახა კუკავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-48;
[26] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 28 მაისის №2/1/704გადაწყვეტილება, II. პ. 17;
[27] საქართველოს პატიმრობის კოდექსის მე-123 მუხლის მე-4 ნაწილი.
[28] საქართველოს პატიმრობის კოდექსის 72-ე მუხლის მე-5 და მე-10 ნაწილები.
[29] იქვე, მე-602 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტი.
[30] იქვე, 62-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტი.
[31] იქვე, 65-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტი.
[32] ლომთათიძე ე., ხანთაძე ნ., ზედელაშვილი დ., რიჩი უ., „თანასწორობის კონსტიტუციური შემოწმება“, თბილისი, 2019, 25.
[33] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილება №2/4/603 საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, II-8
[34] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 8 ოქტომბრის №2/4/532,533 გადაწყვეტილება, II. პ. 115;
[35] იქვე, II. პ. 117;
[36] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოა 2012 წლის 26 ივნისის N3/1/512 გადაწყვეტილება „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-60.
[37] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 5 ნოემბრის N3/1/531 გადაწყვეტილება „ისრაელის მოქალაქეები – თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-15.
[38] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 28 მაისის №2/1/704გადაწყვეტილება, II. პ. 17;
[39] იხ.: იქვე, II. პ. 17;
[40] საქართველოს პატიმრობის კოდექსის 72-ე მუხლის მე-5 და მე-10 ნაწილები.
[41] იქვე, მე-602 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტი.
[42] იქვე, 62-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტი.
[43] დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD), “უვადო თავისუფლებააღკვეთილ და მაღალი რისკის პატიმართა უფლებრივი მდგომარეობა პენიტენციურ სისტემაში”, თბილისი, 2018, გვ. 12-13. ხელმისაწვდომია: < https://cdn.penalreform.org/wp-content/uploads/2019/02/IDSD.pdf >
[44] ECHR, Guide on Article 14 of the European Convention on Human Rights and on Article 1 of Protocol No. 12 to the Convention - Prohibition of discrimination, Updated on 31 August 2021, § 29. ხელმისაწვდომია: < https://www.echr.coe.int/Documents/Guide_Art_14_Art_1_Protocol_12_ENG.pdf >
[45] ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე ĒCIS v. LATVIA (Application no. 12879/09), § 84. ხელმისაწვდომია: < http://hudoc.echr.coe.int/eng?i=001-188991 >
[46] UN Standard Minimum Rules for the Treatment of Prisoners (Nelson Mandela Rules).
[47] OSCE Office for Democratic Institutions and Human Rights (ODIHR), „სახელმძღვანელო ნელსონ მანდელას წესების შესახებ“, 2018, 137, § 52.
ხელმისაწვდომია: < https://www.osce.org/files/ODIHR_MR_Guidance_Doc_Georgian_AW_WEB_MR.pdf >
[48] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოა 2012 წლის 26 ივნისის N3/1/512 გადაწყვეტილება „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-60.
[49] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 5 ნოემბრის N3/1/531 გადაწყვეტილება „ისრაელის მოქალაქეები – თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-15.
[50] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ივნისის №1/2/458 განჩინება, II-10;
[51] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 28 მაისის №2/1/704გადაწყვეტილება, II. პ. 11;
[52] იხ.: იქვე, II. პ. 14;
[53] იხ.: იქვე, II. პ. 16;
[54] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 28 მაისის №2/1/704გადაწყვეტილება, II. პ. 17;
[55] იხ.: იქვე, II. პ. 17;
[56] CPT 2nd General Report, [CPT/Inf (92) 3], para. 51. ხელმისაწვდომია: < https://rm.coe.int/1680696a3f >
[57] Penal Reform International (PRI) and The Human Rights Centre at the University of Essex, “Essex paper 3: Initial guidance on the interpretation and implementation of the UN Nelson Mandela Rules”, 2017, 43. ხელმისაწვდომია: < https://cdn.penalreform.org/wp-content/uploads/2016/10/Essex-3-paper.pdf >
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა