საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N1/3/1737 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, ვასილ როინიშვილი, გიორგი თევდორაშვილი, |
თარიღი | 22 თებერვალი 2023 |
გამოქვეყნების თარიღი | 22 თებერვალი 2023 17:55 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი - სხდომის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
გიორგი თევდორაშვილი - წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე - წევრი.
სხდომის მდივანი: მანანა ლომთათიძე.
საქმის დასახელება: საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: პატიმრობის კოდექსის 173 მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან და მე-15 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 13 ოქტომბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1737) მომართა საქართველოს სახალხო დამცველმა. №1737 კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადმოეცა 2022 წლის 17 ოქტომბერს. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2023 წლის 22 თებერვალს.
2. №1737 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი.
3. პატიმრობის კოდექსის 173 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „საოჯახო პაემანი არის ქალი მსჯავრდებულის ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულ პირებთან შეხვედრა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტერიტორიაზე, ამისათვის სპეციალურად გამოყოფილ ოთახში“.
4. მოსარჩელე მხარის მითითებით, პრობლემურია სადავო ნორმის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც საოჯახო პაემნით სარგებლობის უფლებას ანიჭებს მხოლოდ ქალ მსჯავრდებულებს, რითაც ამ უფლებით სარგებლობის შესაძლებლობას უზღუდავს, ერთი მხრივ, ქალ ბრალდებულებს, ხოლო, მეორე მხრივ, მამაკაც მსჯავრდებულებს/ბრალდებულებს.
5. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს სამართლის წინაშე ყველა ადამიანის თანასწორობის უფლებას, მე-15 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი, „ადამიანის პირადი და ოჯახური ცხოვრება ხელშეუხებელია. ამ უფლების შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ან სხვათა უფლებების დაცვის მიზნით“.
6. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, სადავო ნორმის საფუძველზე, განსხვავებით ქალი მსჯავრდებულებისგან, ერთი მხრივ, ქალი ბრალდებულების, ხოლო, მეორე მხრივ, მსჯავრდებული/ბრალდებული მამაკაცების გამორიცხვა საოჯახო პაემნის უფლებისგან, იწვევს მათ დისკრიმინაციულ მდგომარეობაში ჩაყენებას.
7. ამგვარად, მოსარჩელის პოზიციით, საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით შესადარებელ ჯგუფებს წარმოადგენენ, ერთი მხრივ, ქალი ბრალდებულები და ქალი მსჯავრდებულები, ხოლო, მეორე მხრივ, ქალი ბრალდებულები და ბრალდებული/მსჯავრდებული მამაკაცები. კონსტიტუციურ სარჩელში განვითარებული მოსაზრებით, მართალია, საზოგადოდ, თავისი საპროცესო სტატუსისა და მდგომარეობის გათვალისწინებით, ქალ ბრალდებულებს და მამაკაც ბრალდებულებს ქალი მსჯავრდებულისაგან განსხვავებული სამართლებრივი მდგომარეობა გააჩნიათ, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა არსებითად თანასწორ პირთა მიმართ განსხვავებული სამართლებრივი რეჟიმის დაწესება, ვინაიდან როგორც ქალი და მამაკაცი ბრალდებულები, ისე ქალი მსჯავრდებულები, იმყოფებიან შეზღუდული თავისუფლების პირობებში, შესაბამისად, თანაბარი ინტერესი გააჩნიათ, ჰქონდეთ პირდაპირი, უშუალო კონტაქტი თავის ოჯახთან (მათ შორის, ინტიმური კავშირის შესაძლებლობა), ნათესავებთან და ახლობელ პირთა წრესთან, რის საშუალებასაც იძლევა საოჯახო პაემანი. რაც შეეხება ქალ მსჯავრდებულებსა და მამაკაც მსჯავრდებულებს, კონსტიტუციური სარჩელის ავტორის განმარტებით, ისინი პენიტენციურ დაწესებულებაში იდენტურ სამართლებრივ მდგომარეობაში იმყოფებიან, რაც განაპირობებს მათ თანაბარ ინტერესს კანონით გათვალისწინებულ პირებთან სათანადო კომუნიკაციის დამყარების მიზნით, ისარგებლონ საოჯახო პაემნით.
8. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მსჯავრდებულ ქალებსა და ბრალდებულ ქალებს შორის დიფერენცირებული მოპყრობა ხორციელდება საპროცესო სტატუსის ნიშნით, ქალ მსჯავრდებულებსა და მამაკაც მსჯავრდებულებს შორის სქესის ნიშნით, ხოლო ქალ მსჯავრდებულებსა და მამაკაც ბრალდებულებს შორის კი როგორც საპროცესო სტატუსის, ასევე სქესის ნიშნით. ამასთან, მოსარჩელის მითითებით, დიფერენციაცია მაღალი ინტენსივობისაა, ვინაიდან სადავო ნორმა, ერთი მხრივ, ადგენს სქესის ნიშნით არათანაბარ მოპყრობას, ხოლო, მეორე მხრივ, ბლანკეტური შეზღუდვის პირობებში, სრულად ართმევს ქალ ბრალდებულებს, ისევე როგორც ბრალდებულ/მსჯავრდებულ მამაკაცებს შესაძლებლობას, ისარგებლონ საოჯახო პაემნის უფლებით.
9. კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი არგუმენტაციის საფუძველზე, ქალი მსჯავრდებულისთვის საოჯახო პაემნით სარგებლობის ექსკლუზიური უფლების მინიჭება არ არის მიმართული ქალ მსჯავრდებულთა და მამაკაც ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა შორის, ზოგადად, პაემნის უფლებით სარგებლობის კუთხით არსებული შესაძლო უთანასწორობის აღმოფხვრისკენ. მოსარჩელის პოზიციით, სადავო ნორმას საფუძვლად უდევს გენდერული სტერეოტიპი, რომლის თანახმადაც, მამაკაცი ბრალდებულისთვის/მსჯავრდებულთათვის კანონმდებლობით საოჯახო პაემნის გაუთვალისწინებლობა ქალი მსჯავრდებულებისგან განსხვავებით, ემყარება შეხედულებას, რომ ქალი საჭიროებს და იმსახურებს ოჯახთან, განსაკუთრებით კი, შვილებთან უფრო მეტი ინტენსივობით კომუნიკაციას, ვიდრე ამის საჭიროება კაცი ბრალდებულის/მსჯავრდებულის შემთხვევაში არსებობს. თავის მხრივ, ქალების მიმართ განსხვავებული და უფრო ხელსაყრელი მოპყრობის კანონმდებლობით გათვალისწინება ვერ გამართლდება პოზიტიური დისკრიმინაციით.
10. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, აკრძალვის ლეგიტიმურ მიზანს წარმოადგენს მსჯავრდებული ქალებისთვის საოჯახო პაემნით სარგებლობის უფლების ეფექტიანი რეალიზება იმ პირობებში, როდესაც შეზღუდულია ამ უფლებათა განსახორციელებლად საჭირო შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური რესურსები. ამის მიუხედავად, მოსარჩელის აზრით, გასაჩივრებული რეგულაციის საფუძველზე დადგენილი წესი ვერ პასუხობს უფლებაში ჩარევის აუცილებლობის კონსტიტუციურ მოთხოვნას და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტს. კერძოდ, სახელმწიფოს შეუძლია, რომ საოჯახო პაემნის რაციონალური, ამასთან, სამართლიანი განაწილების შემთხვევაში, ასევე აღჭურვოს ქალი ბრალდებულები ისევე, როგორც ბრალდებული/მსჯავრდებული მამაკაცები ზემოხსენებული უფლებით და შეზღუდული მატერიალურ-ტექნიკური რესურსი თანაზომიერად მიმართოს ყველა ზემოხსენებულ პირთა წრის მიმართ.
11. დამატებით, ბრალდებულ პირთა წრესთან მიმართებაში, სადავო ნორმების კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან წინააღმდეგობის წარმოსაჩენად, მოსარჩელე აღნიშნავს, რომ ქალი ისევე, როგორც მამაკაცი ბრალდებულების მიერ საოჯახო პაემნის უფლებით სარგებლობა, ვერ იქნება დაკავშირებული მხოლოდ თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობასთან. შესაძლებელია, რომ ბრალდებული (როგორც ქალი, ასევე მამაკაცი) პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდეს 9 თვემდე ვადით და ბლანკეტურად დისტანცირებული იყოს ზემოხსენებული უფლებით სარგებლობისგან მაშინ, როდესაც სავსებით შესაძლებელია, მსჯავრდებული ქალი მისთვის შეფარდებული სასჯელის საფუძველზე, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში იმყოფებოდეს უფრო ნაკლები დროით და დაუბრკოლებლად სარგებლობდეს საოჯახო პაემნის უფლებით.
12. კონსტიტუციური სარჩელის ავტორის განმარტებით, სადავო ნორმა ასევე ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველ პუნქტს. მოსარჩელის განმარტებით, საოჯახო პაემნის უფლება ქალი ბრალდებულისთვის, ისევე როგორც ბრალდებული/მსჯავრდებული მამაკაცისთვის არის შესაძლებლობა, შეინარჩუნოს და განავითაროს ოჯახური ურთიერთობები, რის საშუალებასაც სადავო ნორმა მათ მთლიანად უხშობს თავისუფლების შეზღუდვის მთელი პერიოდის განმავლობაში.
13. მოსარჩელის მითითებით, პირის მიმართ თავისუფლების შეზღუდვის გამოყენებისას ნიშანდობლივია ოჯახის წევრებთან და, ზოგადად, გარე სამყაროსთან კავშირის შესაძლებლობის თანამდევი შეზღუდვაც. თუმცა ხსენებული არ გულისხმობს ოჯახის წევრებთან და გარე სამყაროსთან კავშირის სრულ აკრძალვას. აქედან გამომდინარე, კანონის საფუძველზე თავისუფლებაშეზღუდული პირის პირადი და ოჯახური ცხოვრების ძირითადი უფლებით დაცული სფერო მოიცავს პირის შესაძლებლობას, იმ ხარისხით და ინტენსივობით შეინარჩუნოს კავშირი ოჯახის წევრებთან, რაც თავსებადი იქნება თავისუფლების შეზღუდვის ღონისძიების ბუნებასთან და აღნიშნული ღონისძიების გამოყენების ლეგიტიმურ მიზნებთან.
14. მოსარჩელე არ უარყოფს, რომ სადავო ნორმის საფუძველზე დადგენილი წესი ემსახურება ქალ მსჯავრდებულთა უფლებების დაცვას, ჰქონდეთ, საოჯახო პაემნის საშუალებით, ოჯახური ურთიერთობებით სარგებლობის ეფექტიანი შესაძლებლობა, ისევე როგორც მისი მიზანია პენიტენციური სისტემის გამართული ფუნქციონირების ხელშეწყობა იმ პირობებში, როდესაც შეზღუდულია საოჯახო პაემნის უფლებით უნივერსალური სარგებლობისთვის საჭირო შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური რესურსები. თუმცა იგი მიიჩნევს, რომ ამის მიუხედავად, იგი ვერ აკმაყოფილებს უფლებაში ჩარევის აუცილებლობის კონსტიტუციურ მოთხოვნას. კერძოდ, სახელმწიფოს აქვს შესაძლებლობა, საოჯახო პაემნით სარგებლობის საშუალებათა სამართლიანი და რაციონალური განაწილების შემთხვევაში, მხედველობაში მიიღოს ყველა თავისუფლებაშეზღუდული პირის რეალური საჭიროებები. შესაბამისად, არსებობს უფლების უფრო ნაკლებად მზღუდავი საშუალებები, რომლებიც მეტ-ნაკლებად თანაბრად დააკმაყოფილებდა ყველა კატეგორიის, როგორც ქალი მსჯავრდებულის, ისე ქალი ბრალდებულისა და ბრალდებული/მსჯავრდებული მამაკაცების ინტერესებს და მომეტებულად არ შეზღუდავდა ქალი ბრალდებულისა და ბრალდებული/მსჯავრდებული მამაკაცების პირადი და ოჯახური ცხოვრების კონსტიტუციურ უფლებას.
15. კონსტიტუციური სარჩელის ავტორი, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, მიუთითებს ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოსა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს. ამავე კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი განისაზღვრება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებათა წარდგენის ვალდებულება, რომელიც ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). ამავე დროს, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებულია, დაასაბუთოს, რომ სახეზეა სადავო ნორმიდან მომდინარე უფლებრივი შეზღუდვა, რომელიც მიემართება მის მიერ მითითებულ კონსტიტუციის დებულებებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი ჩაითვლება დაუსაბუთებლად და არ მიიღება არსებითად განსახილველად.
2. მოსარჩელე №1737 კონსტიტუციურ სარჩელში, მათ შორის, სადავოდ ხდის პატიმრობის კოდექსის 173 მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. პატიმრობის კოდექსის 173 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „საოჯახო პაემანი არის ქალი მსჯავრდებულის ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულ პირებთან შეხვედრა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტერიტორიაზე, ამისათვის სპეციალურად გამოყოფილ ოთახში“. მოსარჩელის განმარტებით, საოჯახო პაემნის უფლება ქალი ბრალდებულისთვის ისევე, როგორც ბრალდებული/მსჯავრდებული მამაკაცისთვის არის შესაძლებლობა, შეინარჩუნოს და განავითაროს ოჯახური ურთიერთობები, რის საშუალებასაც სადავო ნორმა მათ მთლიანად ართმევს თავისუფლების შეზღუდვის მთელი პერიოდის განმავლობაში და გაუმართლებლად ზღუდავს საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულ პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას.
3. საკონსტიტუციო სასამართლოს ჩამოყალიბებული პრაქტიკის მიხედვით, იმისათვის, რომ დადგინდეს სადავო ნორმასა და მოსარჩელის მიერ მითითებულ კონსტიტუციურ დებულებას შორის აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება, აუცილებელია, განისაზღვროს ნორმის მოქმედების ფარგლები და მოხდეს მისგან მომდინარე შესაძლო შეზღუდვის შინაარსის იდენტიფიცირება. მოსარჩელე ვალდებულია, სასამართლოს დაანახოს და დაუსაბუთოს, რომ მის მიერ კონსტიტუციური სარჩელის ფარგლებში მითითებული შეზღუდვა სწორედ სადავო ნორმიდან მომდინარეობს. ამისათვის აუცილებელია, რომ იგი ეყრდნობოდეს კანონის ტექსტის დასაშვები და გონივრული განმარტების მეთოდებს ან/და საერთო სასამართლოების განმარტებას ნორმის პრაქტიკაში გამოყენების საკითხზე (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 28 დეკემბრის №1/23/824 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი დგებუაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-3).
4. უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ ზემოხსენებული სადავო ნორმა ადგენს საოჯახო პაემნის დეფინიციას და უთითებს, რომ იგი არის ქალი მსჯავრდებულის შესაძლებლობა, შეხვდეს კანონით განსაზღვრულ პირებს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტერიტორიაზე, ამისათვის სპეციალურად გამოყოფილ ოთახში. სადავო ნორმის მოქმედების შინაარსობრივი დიაპაზონი შემოფარგლულია პირთა კონკრეტული წრისთვის - მსჯავრდებული ქალებისთვის საოჯახო პაემნის უფლების მინიჭებით და იგი საერთოდ არ არეგულირებს და არ განსაზღვრავს ოჯახური ცხოვრების უზრუნველყოფის ფარგლებს ბრალდებული ქალებისა და ბრალდებული/მსჯავრდებული მამაკაცებისათვის პატიმრობის პირობებში. სასამართლო არ უარყოფს, რომ სადავო ნორმა დასახელებულ პირებს გამორიცხავს ზუსტად ისეთი ოჯახური პაემნის შესაძლებლობიდან, როგორიც მსჯავრდებული ქალებისთვის არის დადგენილი. თავისთავად, ეს გარემოება - განსხვავებული მოპყრობა - შეიძლება იყოს მსჯელობის საგანი თანასწორობის უფლებასთან მიმართებით და დაექვემდებაროს კონსტიტუციურობის შეფასებას იმისათვის, რათა დადგინდეს, არსებობს თუ იმისი შესაბამისი ობიექტური და გონივრული გამართლება, რომ ასეთი პრივილეგიით მხოლოდ ქალი მსჯავრდებულები არიან უზრუნველყოფილი, ხოლო მამაკაცი პატიმრები და ქალი ბრალდებულები კი - არა. იმის გარკვევა, დისკრიმინაციულად ხომ არ მოხდა ამ პრივილეგიის დაწესება, ეს თანასწორობის ჭრილში განსახილველი საკითხია. თუმცა სადავო სამართლებრივი მოცემულობა - ქალი მსჯავრდებულებისათვის დაწესებული პრივილეგიის (ოჯახური პაემნის შესაძლებლობის) სხვა კატეგორიის პატიმრებზე გაუვრცელებლობა, საკუთრივ, ოჯახური ცხოვრების უფლებაში ჩარევადაც კი შეიძლება არ იქნეს მიჩნეული ამ პირთა მიმართ. ანუ დიფერენცირების ფაქტი ოჯახურ პაემანთან მიმართებაში ავტომატურად არ გულისხმობს სახელმწიფოს ჩარევას პატიმრების ოჯახური ცხოვრების უფლებასთან მიმართებაში. თუმცა ამის განსაზღვრა ამ ეტაპზე გადამწყვეტი არ არის. საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლი თავისი შინაარსით მატერიალური უფლებაა და მასთან სადავო ნორმის კონსტიტუციურობის შემოწმება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გასაჩივრებული ნორმატიული წესი ზღუდავს კონსტიტუციის აღნიშნული მუხლით დაცულ სფეროს. სადავო ნორმასა და კონსტიტუციის ხსენებულ დებულებას შორის მიმართების დასაბუთებისთვის აუცილებელია, ნაჩვენები იქნეს, რომ სადავო მოწესრიგება ადგენს შეზღუდვას მატერიალური უფლების რომელიმე კომპონენტით ეფექტიან სარგებლობაზე. განსახილველი საქმის ფარგლებში სადავოდ გამხდარი ნორმა, თავის არსით, უფლებააღმჭურველი ხასიათისაა საოჯახო პაემანთან მიმართებაში და იგი არ ადგენს აკრძალვებს ოჯახური ცხოვრების უფლებასთან მიმართებაში. სხვაგვარად, გასაჩივრებულ რეგულაციას არ გააჩნია ოჯახური უფლების მზღუდავი სამართლებრივი ბუნება. თავისთავად ის ფაქტი, რომ საკანონმდებლო მოწესრიგება მსჯავრდებულ ქალებს რაიმე უფლებით/შესაძლებლობით აღჭურავს, არ იძლევა კონსტიტუციურად დასაბუთებულ საფუძველს, რომ ამ მოწესრიგებიდან ამოკითხვადი იყოს სხვა პირთა წრის - ბრალდებული ქალებისა და ბრალდებული/მსჯავრდებული მამაკაცების ოჯახური უფლებების მზღუდავი შინაარსი. ამდენად, აშკარაა, რომ სასარჩელო მოთხოვნა ამ ნაწილში ემყარება მოსარჩელის მიერ სადავო ნორმების შინაარსის არასწორ აღქმას.
5. საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ საქმეზე სადავოდ გამხდარი ნორმიდან ამოკითხვადი იქნებოდა ის შინაარსი, რომელსაც გააჩნია, ერთი მხრივ, ბრალდებული ქალის, ხოლო, მეორე მხრივ, ბრალდებული/მსჯავრდებული მამაკაცების ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობის კონსტიტუციური უფლების შეზღუდვის პოტენციალი, სასარჩელო მოთხოვნა მაინც პერსპექტივას მოკლებული და დაუსაბუთებელი იქნებოდა. შესაბამისად, სასამართლოს ამ მიმართულებით რელევანტურად ესახება განმარტოს ის კონკრეტული საფუძვლები, რომლებიც, დამატებით, უფლებაშემზღუდველი წესის არარსებობასთან ერთად, სხვა მხრივაც განაპირობებს კონსტიტუციური სარჩელის დაუსაბუთებლობას.
6. უწინარეს ყოვლისა, სასამართლო აღნიშნავს, რომ, ზოგადად, პირის უფლება, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ყოფნისას ისარგებლოს პაემნის უფლებით, წარმოადგენს პატიმრობის კოდექსით აღიარებულ უფლებას. დასახელებული კანონის მე-17 მუხლის პირველი ნაწილი კრძალავს ბრალდებულის/მსჯავრდებულის სრულ იზოლაციას და ბრალდებულს/მსჯავრდებულს აძლევს გარე სამყაროსთან კონტაქტის, სოციალური კავშირების შენარჩუნებისა და განმტკიცების შესაძლებლობას. სწორედ ამ მიზნების პრაქტიკულ რეალიზებას ემსახურება პატიმრობის კოდექსის ცალკეული დებულებები და ბრალდებულს/მსჯავრდებულს კონკრეტული კრიტერიუმებისა თუ საპროცესო სტატუსის მხედველობაში მიღებით, ანიჭებს ცალკეული კატეგორიის პაემნის უფლებით სარგებლობის შესაძლებლობას. მაგალითად, პატიმრობის კოდექსის მე-17 მუხლის მე-10 ნაწილი ადგენს, რომ ბრალდებული სარგებლობს მხოლოდ ხანმოკლე პაემნის უფლებით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. ვიდეოპაემნის უფლებას პატიმრობის კოდექსის 171 მუხლი ანიჭებს პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულებს, გარდა განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულისა და ამ კოდექსის 50-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მსჯავრდებულისა. რაც შეეხება ხანგრძლივი პაემნის უფლებას, იგი გააჩნია ყველა მსჯავრდებულს. თავის მხრივ, პატიმრობის კოდექსის 17-ე მუხლის 71 ნაწილის შესაბამისად, ქალ მსჯავრდებულს შეიძლება მიეცეს საოჯახო პაემნის უფლება. ხსენებულ ნორმაზე დაყრდნობით, საქმეზე სადავოდ გამხდარი რეგულაციაც უთითებს, რომ „საოჯახო პაემანი არის ქალი მსჯავრდებულის ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულ პირებთან შეხვედრა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტერიტორიაზე, ამისათვის სპეციალურად გამოყოფილ ოთახში“.
7. პაემნის ინსტიტუტის მომწესრიგებელი რელევანტური კანონმდებლობის საფუძველზე აშკარაა, რომ ბრალდებულებს და მსჯავრდებულებს (როგორც ქალებს, ასევე მამაკაცებს), მართალია, მეტ-ნაკლები განსხვავებულობით, მაგრამ გააჩნიათ ოჯახის წევრებთან შეხვედრის შესაძლებლობები. მხედველობაშია მისაღები, რომ პრაქტიკულად ყველა კატეგორიის პაემანი გულისხმობს ოჯახის წევრებთან და ახლო ნათესავებთან შეხვედრისა და კომუნიკაციის შესაძლებლობას. გარდა ამისა, პირადი ცხოვრების ფართო განზომილებიდან გამომდინარე, პატიმრობის კოდექსის მე-17 მუხლის 21 ნაწილი ითვალისწინებს, რომ პენიტენციური დაწესებულების დირექტორის შუამდგომლობით, წახალისების ფორმით, როგორც ბრალდებულს, ასევე მსჯავრდებულს სამსახურის გენერალური დირექტორის თანხმობით, შეიძლება მიეცეს იმ პირთან ხანმოკლე პაემნის უფლება, რომელიც ოჯახის წევრებისა და ახლო ნათესავების წრეს არ მიეკუთვნება. შესაბამისად, არსებული საკანონმდებლო წესრიგი ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს აძლევს შესაძლებლობას, დაამყარონ ურთიერთობა როგორც ოჯახის წევრებთან და ნათესავებთან, ასევე სხვა პირებთანაც, რომელთა მიმართებითაც არ მოითხოვება კონკრეტული სამართლებრივი კავშირის დადასტურება. მაგრამ საკონსტიტუციო სასამართლო ამ სარჩელის ფარგლებში არ დგას იმის საჭიროების წინაშე, განსაზღვროს, ზოგადად, აკმაყოფილებს თუ არა კონსტიტუციურ სტანდარტებს ბრალდებულებისა თუ მამაკაცი მსჯავრდებულების ოჯახური ცხოვრების დაცულობისათვის პატიმრობის კოდექსით შექმნილი გარანტიები.
8. საკონსტიტუციო სასამართლოს შექმნილი იურისპრუდენციის თანახმად, კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის საკმარისი არ არის მხოლოდ ძირითადი უფლების შეზღუდვაზე მითითება, აუცილებელია, მოსარჩელემ წარმოადგინოს არგუმენტაცია, რომელიც, გარკვეული ხარისხით, მიუთითებს სადავო ნორმის არაკონსტიტუციურობაზე (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 30 აპრილის №1/4/1416 განჩინება საქმეზე „„შპს სვეტი დეველოპმენტი“, „შპს სვეტი ჯგუფი“, „შპს სვეტი“, „შპს სვეტი ნუცუბიძე“, გივი ჯიბლაძე, თორნიკე ჯანელიძე და გიორგი კამლაძე საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 29 აპრილის №2/8/1496 განჩინება საქმეზე „თეკლა დავითულიანი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“). მხოლოდ ამ შემთხვევაში მიიჩნევა, რომ კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი არგუმენტაცია ადასტურებს სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნის საფუძვლიანობას.
9. კონსტიტუციური სარჩელის ავტორის სასარჩელო ლოგიკა სადავო ნორმის საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველ პუნქტთან წინააღმდეგობის წარმოსაჩენად, მთლიანად აგებულია იმის დემონსტრირებაზე, რომ გასაჩივრებული წესის საფუძველზე, კანონმდებლობით დადგენილი პაემნის ერთი კონკრეტული კატეგორია - საოჯახო პაემანი ეზღუდებათ ბრალდებულ ქალებს და ბრალდებულ/მსჯავრდებულ მამაკაცებს, რითაც, თითქოსდა ირღვევა მათი პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება. ამასთან, მოსარჩელე მხოლოდ აბსტრაქტულად მიუთითებს სადავო რეგულაციის კონსტიტუციის ზემოხსენებულ დებულებასთან წინააღმდეგობრივ ბუნებაზე და ვერ ასაბუთებს, რომ სხვა კატეგორიის პაემნებით სარგებლობის ფონზე (რომლის ფარგლებშიც ვიზიტორ პირთა წრედ, კანონმდებლობის თანახმად, ოჯახის წევრები და ნათესავები ისედაც მოიაზრებიან), მაინცდამაინც ქალი მსჯავრდებულებისათვის უზრუნველყოფილი „საოჯახო პაემნის“ გარეშე ბრალდებული ქალის, ისევე როგორც ბრალდებული/მსჯავრდებული მამაკაცის დატოვება, რატომ გულისხმობს საქართველოს კონსტიტუციით დაცულ პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლებაში გაუმართლებელ ჩარევას. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი აბსტრაქტული, ზოგადი და ზედაპირული არგუმენტაცია ვერ გამოდგება კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის, ვინაიდან პირადი და ოჯახური უფლების ყოველგვარი შეზღუდვა როდია არაკონსტიტუციური, მით უფრო პატიმრობის პირობებში, რომელიც გარდაუვლად იწვევს ამ უფლებებით დაუბრკოლებელი სარგებლობის შესაძლებლობის შეზღუდვას. მოსარჩელეს ევალება, ნათლად წარმოაჩინოს ზემოხსენებული კონსტიტუციური უფლების მზღუდავი სადავო რეგულირების შესაძლო არაკონსტიტუციურობა. კონსტიტუციური სარჩელის ავტორმა ძირითადი უფლების შეზღუდვის ფაქტზე მითითების მიღმა უნდა მოიყვანოს არგუმენტაცია, თუ რატომ მიიჩნევს სადავო ნორმის საფუძველზე დადგენილ შეზღუდვას კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ, სადავო ნორმას კი - არაკონსტიტუციურ რეგულირებად, რაც სარჩელში ნაჩვენები არ არის. მოსარჩელეს, კონსტიტუციური სარჩელის ფარგლებში, სულ მცირე, იმის არგუმენტაცია მაინც უნდა წარმოედგინა, რომ საოჯახო პაემნის მიღმა, რომლითაც ქალი მსჯავრდებულები სარგებლობენ, დანარჩენი ბრალდებულებისა თუ მსჯავრდებულებისთვის ხელმისაწვდომი სხვა კატეგორიის პაემნები (ბრალდებულისთვის ხანმოკლე, ხოლო მსჯავრდებულისთვის ხანგრძლივი და ვიდეოპაემანი), მათი დადგენილი რაოდენობის, დროითი ხანგრძლივობის თუ შინაარსობრივი მხარის გათვალისწინებით, საკმარისი არ არის პირადი და ოჯახური ცხოვრების იმ ხარისხისა თუ ინტენსიურობის შესანარჩუნებლად და განსავითარებლად, რასაც საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის დანაწესი მოითხოვს და რომელიც შეთავსებადია პატიმრობის პირობებთან.
10. გარდა მოსარჩელის მხრიდან საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით სადავო ნორმის არაკონსტიტუციურობის თაობაზე საფუძვლიანი და რელევანტური არგუმენტაციის წარმოუდგენლობისა, საკონსტიტუციო სასამართლო იმასაც აღნიშნავს, რომ, საზოგადოდ, არ არის სავალდებულოდ აუცილებელი პატიმართა ოჯახური ცხოვრების უფლება სწორედ იმგვარი პაემნის გზით იყოს ეფექტიანად უზრუნველყოფილი, როგორიც ქალი მსჯავრდებულისთვის იქნა შემოღებული დამატებითი პაემნის სახით, რომელსაც კანონმდებელმა „საოჯახო პაემანი“ უწოდა, რაც პირობითი სახელწოდებაა და სრულებითაც არ გულისხმობს იმას, რომ სხვაგვარი პაემნები „ოჯახური“ არ არის და რომ ისინი ოჯახის წევრებთან შეხვედრებს არ ითვალისწინებს. „ოჯახური პაემანი“ პრაქტიკულად არ განსხვავდება სხვა კატეგორიის, მათ შორის, ხანმოკლე და ხანგრძლივი პაემნებისგან ოჯახური კონტაქტების დამყარების თვალსაზრისით (მათგან განსხვავებულია ვიდეოპაემანი, რომლის დროსაც უშუალო და პირდაპირი კონტაქტი პატიმარსა და სხვა პირს შორის არ მყარდება და შეხვედრა მიმდინარეობს პირდაპირი ხმოვანი და ვიზუალური ტელეხიდით). იდენტურია იმ პირთა წრეც, ვისთანაც ხანმოკლე, ხანგრძლივი თუ ვიდეოპაემნის შემთხვევაში ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, ჰქონდეს კონტაქტი და კომუნიკაცია. შესაბამისად, სასამართლოს საფუძველმოკლებულად ესახება იმის მტკიცება, რომ პატიმრობის კოდექსის 173 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი „საოჯახო პაემანი“ არსებული ნორმატიული წესრიგის ფარგლებში წარმოადგენს პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების უზრუნველყოფის ისეთ საშუალებას, ურომლისოდაც საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველი პუნქტით დაცული ოჯახური ცხოვრების უფლება ირღვევა.
11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ №1737 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება პატიმრობის კოდექსის 173 მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლები.
12. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია მიიჩნევს, რომ №1737 კონსტიტუციური სარჩელი, სხვა მხრივ, აკმაყოფილებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის რომელიმე საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 31-ე მუხლის, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის პირველი პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად №1737 კონსტიტუციური სარჩელი („საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება პატიმრობის კოდექსის 173 მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
2. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1737 კონსტიტუციური სარჩელი („საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება პატიმრობის კოდექსის 173 მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
3. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.
4. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
5. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
6. საოქმო ჩანაწერი 15 დღის ვადაში გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი
ევა გოცირიძე
გიორგი თევდორაშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე