საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | გადაწყვეტილება |
ნომერი | N1/6/1737 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, ვასილ როინიშვილი, გიორგი თევდორაშვილი, |
თარიღი | 27 ივლისი 2023 |
გამოქვეყნების თარიღი | 27 ივლისი 2023 18:40 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი - სხდომის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
გიორგი თევდორაშვილი - წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე - წევრი.
სხდომის მდივანი: მანანა ლომთათიძე.
საქმის დასახელება: საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: პატიმრობის კოდექსის 173 მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელე მხარის, საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლები - მიხეილ შარაშიძე და ეკა მამრიკიშვილი; მოპასუხის, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები - ლევან ღავთაძე, ნინო შარმანაშვილი და თამარ შავგულიძე; საჯარო დაწესებულების წარმომადგენელი, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ხელშეკრულებათა ექსპერტიზისა და სასამართლო წარმომადგენლობის დეპარტამენტის უფროსი - ნინო მინდიაშვილი.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 13 ოქტომბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1737) მომართა საქართველოს სახალხო დამცველმა. №1737 კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადმოეცა 2022 წლის 17 ოქტომბერს. №1737 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2023 წლის 22 თებერვალს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 22 თებერვლის №1/3/1737 საოქმო ჩანაწერით, №1737 კონსტიტუციური სარჩელი ნაწილობრივ იქნა არსებითად განსახილველად მიღებული. №1737 კონსტიტუციური სარჩელის არსებითი განხილვის სხდომა, ზეპირი მოსმენით, გაიმართა 2023 წლის 14 ივნისს.
2. №1737 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი.
3. პატიმრობის კოდექსის 173 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „საოჯახო პაემანი“ არის ქალი მსჯავრდებულის ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულ პირებთან შეხვედრა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტერიტორიაზე, ამისათვის სპეციალურად გამოყოფილ ოთახში“.
4. მოსარჩელე მხარის მითითებით, პრობლემურია სადავო ნორმის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც „საოჯახო პაემნით“ სარგებლობის უფლებას ანიჭებს მხოლოდ ქალ მსჯავრდებულებს, რითაც ამ უფლებით სარგებლობის შესაძლებლობას უზღუდავს, ერთი მხრივ, ქალ ბრალდებულებს, ხოლო, მეორე მხრივ, მამაკაც მსჯავრდებულებს/ბრალდებულებს.
5. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს სამართლის წინაშე ყველა ადამიანის თანასწორობის უფლებას.
6. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, სადავო ნორმის საფუძველზე, განსხვავებით ქალი მსჯავრდებულებისგან, ერთი მხრივ, ქალი ბრალდებულების, ხოლო, მეორე მხრივ, მსჯავრდებული/ბრალდებული მამაკაცების გამორიცხვა „საოჯახო პაემნის“ უფლებისგან, იწვევს მათ დისკრიმინაციულ მდგომარეობაში ჩაყენებას.
7. ამგვარად, მოსარჩელის პოზიციით, საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, ქალ მსჯავრდებულებთან შესადარებელ ჯგუფებს წარმოადგენენ, ერთი მხრივ, მამაკაცი მსჯავრდებულები, ხოლო, მეორე მხრივ, ბრალდებული (ორივე სქესი) პირები. კონსტიტუციურ სარჩელში განვითარებული მოსაზრებით, მართალია, საზოგადოდ, თავისი საპროცესო სტატუსისა და მდგომარეობის გათვალისწინებით, ქალ ბრალდებულებს და მამაკაც ბრალდებულებს ქალი მსჯავრდებულისაგან განსხვავებული სამართლებრივი მდგომარეობა გააჩნიათ, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა არსებითად თანასწორ პირთა მიმართ განსხვავებული სამართლებრივი რეჟიმის დაწესება, ვინაიდან როგორც ქალი და მამაკაცი ბრალდებულები, ისე ქალი მსჯავრდებულები, იმყოფებიან შეზღუდული თავისუფლების პირობებში, შესაბამისად, თანაბარი ინტერესი გააჩნიათ, იქონიონ პირდაპირი, უშუალო და შეძლებისდაგვარად ინტიმური კონტაქტი თავის ოჯახთან, ნათესავებთან, ისევე როგორც ახლობელ პირთა წრესთან, რის საშუალებასაც იძლევა „საოჯახო პაემანი“. რაც შეეხება ქალ მსჯავრდებულებსა და მამაკაც მსჯავრდებულებს, კონსტიტუციური სარჩელის ავტორის განმარტებით, ისინი პენიტენციურ დაწესებულებაში იდენტურ სამართლებრივ მდგომარეობაში იმყოფებიან, რაც განაპირობებს მათ თანაბარ ინტერესს, კანონით გათვალისწინებულ პირებთან სათანადო კომუნიკაციის დამყარების მიზნით, ისარგებლონ „საოჯახო პაემნით“.
8. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მსჯავრდებულ ქალებსა და ბრალდებულ ქალებს შორის დიფერენცირებული მოპყრობა ხორციელდება საპროცესო სტატუსის ნიშნით, ქალ მსჯავრდებულებსა და მამაკაც მსჯავრდებულებს შორის სქესის ნიშნით, ხოლო ქალ მსჯავრდებულებსა და მამაკაც ბრალდებულებს შორის კი როგორც საპროცესო სტატუსის, ასევე სქესის ნიშნით. ამასთან, მოსარჩელის მითითებით, დიფერენციაცია მაღალი ინტენსივობისაა, ვინაიდან სადავო ნორმა, ერთი მხრივ, ადგენს სქესის ნიშნით არათანაბარ მოპყრობას, ხოლო, მეორე მხრივ, ბლანკეტური შეზღუდვის პირობებში, სრულად ართმევს ქალ ბრალდებულებს, ისევე როგორც ბრალდებულ/მსჯავრდებულ მამაკაცებს შესაძლებლობას, ისარგებლონ „საოჯახო პაემნის“ უფლებით.
9. კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი არგუმენტაციის თანახმად, ქალი მსჯავრდებულისთვის „საოჯახო პაემნით“ სარგებლობის ექსკლუზიური უფლების მინიჭება არ არის მიმართული პაემნის უფლებით სარგებლობის სფეროში ქალ და მამაკაც მსჯავრდებულებს შორის არსებული გარკვეული უთანასწორობის აღმოფხვრისაკენ. შესაბამისად, ქალების მიმართ განსხვავებული და უფრო კეთილმოსურნე მოპყრობის კანონმდებლობით გათვალისწინება ვერ გამართლდება პოზიტიური დისკრიმინაციით. მოსარჩელის პოზიციით, სადავო ნორმას საფუძვლად უდევს გენდერული სტერეოტიპი, რომლის თანახმადაც, მამაკაც მსჯავრდებულთათვის კანონმდებლობით „საოჯახო პაემნის“ გაუთვალისწინებლობა ქალი მსჯავრდებულებისგან განსხვავებით, ემყარება შეხედულებას, რომ ქალი საჭიროებს და იმსახურებს ოჯახთან, განსაკუთრებით კი, შვილებთან უფრო მეტი ინტენსივობით კომუნიკაციას, ვიდრე მამაკაცი და რომ ასეთივე საჭიროება მამაკაცი ბრალდებულის/მსჯავრდებულის შემთხვევაში არ არსებობს.
10. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, აკრძალვის ლეგიტიმურ მიზანს წარმოადგენს მსჯავრდებული ქალებისთვის „საოჯახო პაემნით“ სარგებლობის უფლების ეფექტიანი რეალიზება იმ პირობებში, როდესაც შეზღუდულია ყველა კატეგორიის პატიმრისათვის ამ უფლების განსახორციელებლად საჭირო შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური რესურსები. ამის მიუხედავად, მოსარჩელის აზრით, გასაჩივრებული რეგულაციის საფუძველზე დადგენილი წესი ვერ პასუხობს უფლებაში ჩარევის აუცილებლობის კონსტიტუციურ მოთხოვნას და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტს. კერძოდ, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს შეუძლია, საოჯახო პაემნის განხორციელებისათვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური რესურსების რაციონალური და სამართლიანი განაწილების შემთხვევაში, საოჯახო პაემნის უფლებით ასევე აღჭურვოს ქალი ბრალდებულები, ისევე როგორც ბრალდებული/მსჯავრდებული მამაკაცები და არსებული შეზღუდული რესურსი თანაბრად მოახმაროს ყველა ზემოხსენებულ პირთა წრეს.
11. დამატებით, ბრალდებულ პირთა წრესთან მიმართებით, სადავო ნორმების კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან წინააღმდეგობის წარმოსაჩენად, მოსარჩელე აღნიშნავს, რომ ქალი, ისევე, როგორც მამაკაცი ბრალდებულების მიერ „საოჯახო პაემნის“ უფლებით სარგებლობა, ვერ იქნება დაკავშირებული მხოლოდ თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობასთან. შესაძლებელია, რომ ბრალდებული (როგორც ქალი, ასევე მამაკაცი) პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდეს 9 თვემდე ვადით და ბლანკეტურად დისტანცირებული იყოს ზემოხსენებული უფლებით სარგებლობისგან, მაშინ, როდესაც სავსებით შესაძლებელია, მსჯავრდებული ქალი მისთვის შეფარდებული სასჯელის საფუძველზე, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში იმყოფებოდეს უფრო ნაკლები დროით და დაუბრკოლებლად სარგებლობდეს „საოჯახო პაემნის“ უფლებით.
12. მოსარჩელე მხარემ, საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე აღნიშნა, რომ ცალკეულ შემთხვევაში, შესაძლებელია, მსჯავრდებულ ქალსა და მამაკაცს შორის დაწესდეს დიფერენცირებული მიდგომა და იგი ობიექტურად გამართლებადი იყოს, თუმცა „საოჯახო პაემანი“ მისი ხანგრძლივობისა და ინტენსივობის გათვალისწინებით, არის ოჯახის წევრებთან ურთიერთობის განსაკუთრებული საშუალება, რომლით სარგებლობის ინტერესი თანაბრად გააჩნია ყველა პატიმარს, მიუხედავად სქესისა თუ საპროცესო სტატუსისა. შესაბამისად, „საოჯახო პაემნის“ უფლებისგან მსჯავრდებული მამაკაცისა და ბრალდებული ქალის/მამაკაცის იმპერატიულად გამორიცხვა, მიუხედავად საჯარო ლეგიტიმური მიზნის არსებობისა, არღვევს სამართლის წინაშე თანასწორობის კონსტიტუციურ უფლებას.
13. მოსარჩელის, საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლების პოზიციით, სადავო წესის საფუძველზე დადგენილი დიფერენცირება ერთ მიმართებაში ეფუძნება სქესის კლასიკურ ნიშანს, ხოლო მეორე მიმართებაში - საპროცესო სტატუსს და არის ბლანკეტური ხასიათის. იგი არ იძლევა კონკრეტული შემთხვევის ინდივიდუალურად შეფასების შესაძლებლობას და პატიმრობის მაქსიმალური ვადის (რომელიც შეიძლება გაგრძელდეს 9 თვე) განმავლობაში, „საოჯახო პაემნის“ უფლებით სარგებლობისგან სრულ დისტანცირებას აწესებს მსჯავრდებული მამაკაცებისთვის და ორივე სქესის ბრალდებული პირებისათვის, რაც თანასწორობის უფლებაში ჩარევას ინტენსიურ ხასიათს სძენს. შესაბამისად, მოსარჩელის მოსაზრებით, საკონსტიტუციო სასამართლომ, გასაჩივრებული რეგულაციით დადგენილი უთანასწორო მოპყრობის კონსტიტუციურობა, მკაცრი ტესტის საფუძველზე, თანაზომიერების პრინციპზე დაყრდნობით უნდა შეამოწმოს.
14. დამატებით, მოსარჩელე მხარემ მსჯავრდებული ქალისა და ბრალდებული ქალის/მამაკაცის არსებითად თანასწორობის კონტექსტში აღნიშნა, რომ, მართალია, მათ განსხვავებული საპროცესო სტატუსი გააჩნიათ, თუმცა ყველა ზემოხსენებულ პირთა კატეგორია ექცევა „პატიმრის“ ცნების ქვეშ და, მიუხედავად თავისუფლების შეზღუდვის განსხვავებული მიზნებისა, ისინი პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებიან სახელმწიფოს განსაკუთრებული გამგებლობისა და ზედამხედველობის ქვეშ. გარდა ამისა, ეს ორი კატეგორია (მხედველობაშია მსჯავრდებული და ბრალდებული პატიმრები) ხშირ შემთხვევაში, მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე, სარგებლობენ თანაბარი უფლებებით, მათ შორის, ხანმოკლე პაემნითა და სატელეფონო საუბრის შესაძლებლობით. აღნიშნული გარემოება კიდევ უფრო მეტად აძლიერებს არგუმენტს, რომლის თანახმადაც, ბრალდებული და მსჯავრდებული პატიმრები სადავო ურთიერთობის მიზნებისთვის არსებითად თანასწორ სუბიექტებს წარმოადგენენ.
15. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, მოსარჩელემ ბრალდებულ ქალთა/მამაკაცთა მიმართ დაწესებული განსხვავებული მოპყრობის ლეგიტიმურ მიზნად ასევე დაასახელა გამოძიების ეფექტიანად წარმართვა. კერძოდ, მოსარჩელის წარმომადგენლების პოზიციით, სადავო წესის საფუძველზე, საუბარია არა ზოგადად ბრალდებულებზე, არამედ მათ იმ ნაწილზე, რომლებსაც, აღკვეთის ღონისძიების სახით, შეფარდებული აქვთ პატიმრობა. შესაბამისად, არ გამოირიცხება, რომ პირთა ამ წრის მიმართ არსებობდეს „საოჯახო პაემნის“ შეზღუდვის აუცილებლობა იმ თვალსაზრისით, რომ არ დაზიანდეს ის მიზანი/მიზნები, რაც გახდა, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის შეფარდების საფუძველი, კერძოდ, მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედების, მტკიცებულებათა განადგურების ან/და ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილების ლეგიტიმური ინტერესი. მიუხედავად ამისა, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ ამ ინტერესების არსებობა თუ არარსებობა უნდა შეფასდეს, ყოველ ცალკეულ შემთხვევაში და მის საფუძველზე უნდა დასაბუთდეს ბრალდებულთა (მხედველობაშია როგორც მამაკაცი ასევე ქალი) „საოჯახო პაემნის“ შეზღუდვის ინდივიდუალური საჭიროება. აღნიშნულის საპირისპიროდ, სადავო ნორმა ბლანკეტურად გამორიცხავს ბრალდებულ პირთა წრეს „საოჯახო პაემნის“ უფლებით სარგებლობისგან.
16. ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარე, კონსტიტუციური სარჩელის ავტორი მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა ეწინააღმდეგება სამართლის წინაშე ყველა ადამიანის თანასწორობის უფლებას. ამავდროულად, მოსარჩელე მხარე საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე.
17. მოპასუხის, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელთა განმარტებით, ქალ და მამაკაც მსჯავრდებულებს შორის დაწესებული დიფერენცირებული მოპყრობა გამართლებულია ქალ მსჯავრდებულთა ფაქტობრივად უთანასწორო მდგომარეობის აღმოფხვრის ლეგიტიმური მიზნით, რომელიც, თავის მხრივ, უკავშირდება სახელმწიფო ბიუჯეტის ოპტიმალური ხარჯვის საჯარო ინტერესს. კერძოდ, მოპასუხის მითითებით, საქართველოში მსჯავრდებულ ქალთა მცირე კონტიგენტიდან გამომდინარე, ქალთა მხოლოდ ერთი პენიტენციური დაწესებულება ფუნქციონირებს, რომელიც გათანაბრებულია ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებასთან (გარდა პატიმრობის კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევებისა). თავის მხრივ, ქალ მსჯავრდებულებთან შედარებით, მამაკაც მსჯავრდებულთა დიდმა რაოდენობამ განაპირობა ის, რომ არსებობს სხვადასხვა რისკის პენიტენციური დაწესებულება, სადაც მსჯავრდებული მამაკაცები, დაწესებულების ტიპის მიხედვით, შესაბამისი რეჟიმიდან გამომდინარე, სარგებლობენ გარე სამყაროსთან კომუნიკაციისათვის განსხვავებული რაოდენობის (მეტი ან ნაკლები) შესაძლებლობით. ამავდროულად, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 8 მაისის №395 ბრძანების საფუძველზე, მამაკაცი მსჯავრდებულები, წელიწადში ერთხელ, ექვემდებარებიან რისკის გადაფასების პროცედურას, რაც მათ აძლევთ შესაძლებლობას, რომ შეიცვალონ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტიპი და შეიმსუბუქონ მდგომარეობა. კერძოდ, უფრო დაბალი რისკის დაწესებულებაში გადასვლა პირდაპირ დაკავშირებულია გარე სამყაროსთან კომუნიკაციის სფეროში რაოდენობრივად და თვისობრივად ახალი საშუალებების გაჩენასთან. შესაბამისად, ვინაიდან ქვეყანაში ქალ მსჯავრდებულთა მხოლოდ ერთი დაწესებულება ფუნქციონირებს, მათთვის არ არსებობს ასეთი რისკის გადაფასების მექანიზმი და მის საფუძველზე პენიტენციური დაწესებულების შეცვლის შესაძლებლობა, რაც ქალ მსჯავრდებულებს საშუალებას მისცემდა, რომ ქცევის კორექტირების საფუძველზე, შეეცვალათ დაწესებულების ტიპი და, მამაკაცი მსჯავრდებულების მსგავსად, გაეუმჯობესებინათ თავიანთი მდგომარეობა პაემნებისა და სხვა საშუალებებით, კომუნიკაციის სიხშირის გაზრდის თვალსაზრისით.
18. მოპასუხის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ საბიუჯეტო რესურსების ოპტიმალური ხარჯვა და მსჯავრდებულ ქალთა ფაქტობრივი უთანასწორობის აღმოფხვრა ერთმანეთთან არსობრივად დაკავშირებული ლეგიტიმური მიზნებია. კერძოდ, ქალ მსჯავრდებულთა მცირე რაოდენობიდან გამომდინარე, სახელმწიფო არ ქმნის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების სხვადასხვა ტიპს, რაც რისკის გადაფასების მექანიზმის საფუძველზე, გამოიწვევდა პაემნის ინსტიტუტთან დაკავშირებული საკითხების იმის ანალოგიურად მოწესრიგებას, რაც მამაკაც მსჯავრდებულთა შემთხვევაში არსებობს. ამავდროულად, გასაჩივრებული ნორმა ითვალისწინებს, რომ ქალ მსჯავრდებულებს, მამაკაცი მსჯავრდებულებისაგან განსხვავებით, არ აქვთ შესაძლებლობა, მათი ქცევის შეფასების შედეგებზე დაყრდნობით შეიცვალონ დაწესებულების ტიპი და ჰქონდეთ შანსი, ისარგებლონ გაზრდილი რაოდენობის პაემნებით (მხედველობაშია ხანმოკლე და ხანგრძლივი პაემანი). ამგვარად, მოპასუხე მხარის არგუმენტაციით, სადავო რეგულაციის მიზანია ქალი მსჯავრდებულების წახალისება და იგი მიმართულია მათ მიმართ პაემნების სფეროში ნაკლებად კეთილმოსურნე ვითარების დაბალანსებისკენ ანუ de facto დისკრიმინაციული ვითარების არსებული შედეგების აღმოფხვრისკენ. მოპასუხე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა ამავე მიზნის მიღწევის საშუალებას წარმოადგენს.
19. პროპორციულობის ნაწილზე მსჯელობისას, მოპასუხის წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს იმ გარემოებას, რომ „საოჯახო პაემნის“ ცნება პირობითია. იგი როგორც ოჯახის წევრებთან შეხვედრის შესაძლებლობა, არსობრივად არ განსხვავდება პაემნის სხვა სახეებისგან (მხედველობაშია ხანმოკლე და ხანგრძლივი პაემანი). კერძოდ, ხანმოკლე, ხანგრძლივი, ისევე როგორც „საოჯახო პაემანი“, მასში მონაწილე სუბიექტთა წრის, დროის ხანგრძლივობისა და კონტროლის მექანიზმების გათვალისწინებით, ოჯახის წევრებთან და გარე სამყაროსთან კომუნიკაციის მსგავს საშუალებებს წარმოადგენს. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც მამაკაც მსჯავრდებულებს აქვთ ხანმოკლე და ხანგრძლივი პაემნით სარგებლობის შესაძლებლობა, მხოლოდ და მხოლოდ იმ ფაქტზე დაყრდნობით, რომ „საოჯახო პაემანი“ მამაკაც მსჯავრდებულებზე არ ვრცელდება, შეუძლებელია ვიგულვოთ, რომ საქმე შეეხება მათი პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლებაში იმგვარი ინტენსივობით ჩარევას, რომელსაც ძალუძს, არსი დაუკარგოს და ილუზორული გახადოს ზემოხსენებული კონსტიტუციური უფლებით პრაქტიკული სარგებლობა.
20. მოპასუხემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ხანმოკლე პაემანზე და აღნიშნა, რომ იგი მხოლოდ 1 საათის ხანგრძლივობით განსხვავდება „საოჯახო პაემნისაგან“. მანვე აღნიშნა, რომ მამაკაც მსჯავრდებულებს დაბალი რისკის პენიტენციურ დაწესებულებაში გააჩნიათ თვეში 4 ხანმოკლე პაემნის უფლება (წახალისების ფორმით დამატებით თვეში 2 ხანმოკლე პაემნის უფლება), ხოლო ქალ მსჯავრდებულებს კი - თვეში მხოლოდ 3 (წახალისების ფორმით, დამატებით თვეში 1 ხანმოკლე პაემნის უფლება). შესაბამისად, სწორედ იმის გათვალისწინებით, რომ ქალ მსჯავრდებულებს არ გააჩნიათ უფრო მსუბუქი რეჟიმის დაწესებულებაში გადასვლის შესაძლებლობა ასეთი დაწესებულების არარსებობის გამო, „საოჯახო პაემანი“ სწორედ ამ განსხვავებულობის შესამცირებლად იქნა შემოღებული. „საოჯახო პაემნის“ შემოღების შემდეგ კი სურათი ასეთია: მსჯავრდებულ ქალებს გააჩნიათ თვეში 3 ხანმოკლე (წახალისების ფორმით, დამატებით თვეში 1 ხანმოკლე პაემნის უფლება) და თვეში 1 „საოჯახო პაემნის“ უფლება (წახალისების ფორმით, დამატებით, თვეში ასევე 1 „საოჯახო პაემნის“ უფლება). ასე რომ, მათთვის, ერთი თვის განმავლობაში უზრუნველყოფილი ხანმოკლე და „საოჯახო პაემნების“ საერთო რაოდენობა, (ძირითადი და დამატებითი) ერთობლიობაში (6 პაემანი), არ აღემატება, არამედ უტოლდება დაბალი რისკის დაწესებულებაში მამაკაცი მსჯავრდებულებისათვის უზრუნველყოფილი ძირითადი და, დამატებით, ხანმოკლე პაემნების (6 პაემანი) ოდენობას.
21. ბრალდებულ ქალებთან/მამაკაცებთან დაკავშირებით, მოპასუხე მხარემ განმარტა, რომ მათი საპროცესო სტატუსის გათვალისწინებით, ისინი არ შეიძლება მსჯავრდებულ ქალებთან მიმართებით არსებითად თანასწორ სუბიექტად იყვნენ მიჩნეული. მოსარჩელის წარმომადგენელთა მითითებით, მსჯავრდებული და ბრალდებული პირები მათთვის შეფარდებული თავისუფლების შეზღუდვის მიზნებიდან გამომდინარე, ზოგადად, განსხვავებულ ვითარებაში იმყოფებიან, რაც მათ არათანასწორ სუბიექტებად აქცევს კონკრეტულ სამართალურთიერთობასთან მიმართებით.
22. მოპასუხის წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ ბრალდებულ პირთა წრეზე (მხედველობაშია როგორც ქალი, ასევე მამაკაცი) „საოჯახო პაემნის“ უფლების გაუვრცელებლობა გამართლებულია გამოძიების სრულყოფილად და ეფექტიანად ჩატარების ლეგიტიმური მიზნით. მოსარჩელე მხარის პოზიციით, „საოჯახო პაემნის“ უფლებით ვერ სარგებლობენ ის ბრალდებულები, რომლებსაც აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდათ პატიმრობა, რაც იმას ნიშნავს, რომ, სავარაუდოდ. არსებობს მათი მხრიდან, მიმალვის, მტკიცებულების განადგურების, მოწმეებზე ზემოქმედებისა ან/და ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი. თავის მხრივ, ეს რისკები ინდივიდუალური ბრალდებულის მიმართ ასევე ინდივიდუალურად არის შეფასებული სასამართლოს მხრიდან. შესაბამისად, დაწესებული შეზღუდვა ბლანკეტურად არ უნდა იქნეს მიჩნეული. დამატებით, მოპასუხემ აღნიშნა, რომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის განმაპირობებელი საფუძვლების ცვლილებისას ბრალდებულს უფლება აქვს, სასამართლოში შუამდგომლობა დააყენოს გამოყენებული საპროცესო ღონისძიების - პატიმრობის შეცვლის თაობაზე, ისევე, როგორც საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს მოსამართლის ვალდებულებას, თვითინიციატივით, ყოველ ორ თვეში ერთხელ შეამოწმოს, რამდენად ინარჩუნებს აქტუალურობას ის ფორმალური საფუძველი/საფუძვლები, რომელიც/რომლებიც გახდა, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის გამოყენების მიზეზი. შესაბამისად, ზემოხსენებული შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში, ბრალდებული საერთოდ თავისუფლდება პატიმრობიდან და მისი ოჯახური ცხოვრების უფლებებში სახელმწიფოს ჩარევა წყდება, ხოლო შუამდგომლობის დაუკმაყოფილებლობა კი პირიქით, ადასტურებს პატიმრობის გაგრძელების საფუძველს და მასთან, იმ რისკების კვლავ არსებობას, რომელიც გამართლებულს ხდის ოჯახური და სხვაგვარი კონტაქტების რამდენადმე შეზღუდვის საჭიროებას.
23. მოპასუხე მხარის განმარტებით, ის გარემოება, რომ ბრალდებულებს გააჩნიათ ხანმოკლე პაემნის უფლება, აიხსნება ბრალდებულის სრული იზოლაციის დაუშვებლობით. სახელმწიფო ერთგვარად აბალანსებს ბრალდებულის კომუნიკაციის უფლებების დაცვისა და გამოძიების ეფექტიანობის ლეგიტიმურ მიზნებს, ამასთანავე, ხანმოკლე პაემნის დროს არსებული რისკი გადაზღვეულია სხვა საკანონმდებლო მექანიზმით, კერძოდ, პროკურორს/გამომძიებელს უფლება აქვს, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, შეზღუდოს ბრალდებულის სატელეფონო საუბრის თუ ხანმოკლე პაემნის უფლება. ამგვარად, ასეთ დროს არ არის გამორიცხული, რომ გამოძიების, ისევე როგორც არსებული საფრთხეების აღკვეთის ინტერესმა გადაწონოს ბრალდებულის ინტერესი, იქონიოს გარე სამყაროსთან და ოჯახის წევრებთან კონტაქტი. ამავდროულად, მოპასუხე მხარემ აღნიშნა, რომ, საზოგადოდ, რაც უფრო მეტი საშუალებაა კანონმდებლობით დადგენილი, ბრალდებულის გარე სამყაროსთან კომუნიკაციისათვის, პირდაპირპროპორციულად გაზრდილია გამოძიების ინტერესებისთვის ზიანის მიყენების საფრთხეც.
24. მოპასუხე მხარემ ასევე განმარტა, რომ მსჯავრდებული მამაკაცების და ბრალდებული პატიმრების პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლება დაცულია კანონმდებლობით, მათთვის უზრუნველყოფილი კომუნიკაციის ყველა საშუალების (პაემნები, სატელეფონო კავშირები და სხვა) გათვალისწინებით. თუ საკონსტიტუციო სასამართლო სადავო ნორმას არაკონსტიტუციურად ცნობს იმის გამო, რომ ასეთი „საოჯახო პაემანი“ ქალი მსჯავრდებულებისთვის არის გათვალისწინებული, ხოლო მამაკაცი მსჯავრდებულისა და, ზოგადად ბრალდებული პირებისთვის კი არა, სახელმწიფო ვერ შეძლებს მათთვის ამგვარი პაემნის უზრუნველყოფას, რადგან ეს მოითხოვს, დამატებით, ძალზე მნიშვნელოვან ფინანსურ, ადამიანურ და ორგანიზაციულ რესურსებს (მათ შორის, შეხვედრის დამატებით ოთახებს ყველა ტიპის საპატიმრო ადგილებზე, რისთვისაც შეიძლება საჭირო გახდეს ახალი ნაგებობების აშენებაც). ამიტომ დიდი ალბათობით, სახელმწიფო იძულებული გახდება მწირი მატერიალური და ადამიანური რესურსის გამო, პაემნის ეს კატეგორია ქალ მსჯავრდებულებსაც გაუუქმოს. შესაბამისად, სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის რეალური შედეგი იქნება არა „საოჯახო პაემნის“ შემოღება მოსარჩელის მიერ დასახელებული კატეგორიის პატიმრებისთვისაც, არამედ ქალი მსჯავრდებულებისათვის გაუქმება. მოპასუხე მხარემ განმარტა, რომ „საოჯახო პაემნის“ შემოღება წარმოადგენდა სახელმწიფოს კეთილი ნების გამოხატულებას და ვინაიდან, მის გარეშეც, კანონმდებლობით ყველა პატიმრისთვის გარე სამყაროსთან და ოჯახის წევრებთან ურთიერთობისთვის ისედაც საკმარისი კომუნიკაციის საშუალებებია დაწესებული, სახელმწიფო არ არის ვალდებული, რომ პაემნის ეს კონკრეტული კატეგორია - „საოჯახო პაემანი“ აუცილებლად არსებობდეს პატიმრებისთვის და სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაში, არ გახდება ვალდებული, ყველა პატიმრისთვის, სქესისა და საპროცესო სტატუსის მიუხედავად, უზრუნველყოს ის.
25. ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარე, მოპასუხე მიიჩნევს, რომ კონსტიტუციური სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს. ამავდროულად, მოპასუხე მხარე, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე.
26. არსებითი განხილვის სხდომაზე მოწვეული საჯარო დაწესებულების, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლის განმარტებით, სადავო ნორმა არ ახდენს ქალი და მამაკაცი მსჯავრდებულების განსხვავებულ მდგომარეობაში ჩაყენებას, არამედ იგი მიმართულია უკვე არსებული de facto უთანასწორობის აღმოფხვრისაკენ. კერძოდ, იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელი დაეთანხმა მოპასუხის პოზიციას და მიუთითა, რომ ქალ მსჯავრდებულთა მცირე რიცხოვნობიდან გამომდინარე, სახელმწიფო რესურსების ოპტიმალურად ხარჯვის გათვალისწინებით, საქართველოში მოქმედებს მხოლოდ ქალთა ერთი სპეციალური დაწესებულება, სადაც მსჯავრდებულები არ ექვემდებარებიან რისკის გადაფასებას. შესაბამისად, განსხვავებით მსჯავრდებული მამაკაცებისგან, მათ არ აქვთ შესაძლებლობა, თუნდაც სანიმუშო ქცევის შემთხვევაში, შეიცვალონ დაწესებულების ტიპი და გადავიდნენ უფრო მსუბუქი რეჟიმის, მათ შორის, დაბალი რისკის დაწესებულებაში, რაც დაკავშირებული იქნებოდა გარე სამყაროსთან კომუნიკაციის თვისებრივად და რაოდენობრივად უფრო გაზრდილი საშუალებების გაჩენასთან. შესაბამისად, სადავო ნორმა სწორედ ამგვარ უთანასწორო საწყისი პირობების გათანაბრებასა და დისპროპორციული ვითარების დაკომპენსირებას ისახავს მიზნად.
27. ქალი მსჯავრდებულებისა და ქალი/მამაკაცი ბრალდებულების არსებითად თანასწორობასთან დაკავშირებით, საჯარო უწყების წარმომადგენელი ასევე დაეთანხმა მოპასუხის, საქართველოს პარლამენტის პოზიციას და განმარტა, რომ სადავო ურთიერთობის მიზნებისთვის, ქალი მსჯავრდებულები და ბრალდებული პირები (მხედველობაშია როგორც ქალი, ასევე მამაკაცი ბრალდებული) მათი საპროცესო სტატუსის გათვალისწინებით, განსხვავებულ მდგომარეობაში იმყოფებიან და კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობის მიზნებისთვის არ შეიძლება არსებითად თანასწორ პირებად იყვნენ მიჩნეული. ამავდროულად, საჯარო დაწესებულების წარმომადგენელმა განმარტა, რომ იმ დაშვების შემთხვევაშიც კი, თუ ზემოხსენებულ პირთა ჯგუფები არსებითად თანასწორ სუბიექტებად იქნებოდნენ მიჩნეული, დადგენილი დიფერენცირება მაინც გონივრული და კონსტიტუციურსამართლებრივად გამართლებულია. კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში, გამოძიებისა და სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვების ეფექტიანად წარმართვის ინტერესი, რომელიც ცალკეულ შემთხვევაში შეიძლება უკავშირდებოდეს მიმალვის, მტკიცებულებათა განადგურების, მოწმეებზე ზემოქმედებისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეს, გადაწონის ბრალდებულთა ინტერესს, სწორედ „საოჯახო პაემნის“ მეშვეობით იქონიონ გარე სამყაროსთან, მათ შორის ოჯახის წევრებთან კონტაქტი იმ პირობებში, როდესაც მათთან კომუნიკაციის შესაძლებლობა ხანმოკლე პაემნების და სხვა კომუნიკაციის საშუალებებით ისედაც არის უზრუნველყოფილი.
28. ყოველივე ზემოხსენებულის გათვალისწინებით, საჯარო დაწესებულების წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა სრულ შესაბამისობაშია საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებთან და კონსტიტუციური სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით დაცული სფერო
1. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით“. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „თანასწორობის ფუნდამენტური უფლების დამდგენი ნორმა წარმოადგენს თანასწორობის უნივერსალურ კონსტიტუციურ ნორმა-პრინციპს, რომელიც ზოგადად გულისხმობს ადამიანების სამართლებრივი დაცვის თანაბარი პირობების გარანტირებას. კანონის წინაშე თანასწორობის უზრუნველყოფის ხარისხი ობიექტური კრიტერიუმია ქვეყანაში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების უპირატესობით შეზღუდული სამართლის უზენაესობის ხარისხის შეფასებისათვის. ამდენად, ეს პრინციპი წარმოადგენს დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს როგორც საფუძველს, ისე მიზანს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის №1/1/493 გადაწყვეტილება საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1).
2. დასახელებული კონსტიტუციური დებულება ადგენს თანასწორობის კონსტიტუციურ უფლებას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, „კანონის წინაშე თანასწორობის უფლება არ გულისხმობს, ბუნებისა და შესაძლებლობების განურჩევლად, ყველა ადამიანის ერთსა და იმავე პირობებში მოქცევას. მისგან მომდინარეობს მხოლოდ ისეთი საკანონმდებლო სივრცის შექმნის ვალდებულება, რომელიც ყოველი კონკრეტული ურთიერთობისათვის არსებითად თანასწორთ შეუქმნის თანასწორ შესაძლებლობებს, ხოლო უთანასწოროებს პირიქით“ (საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 მარტის №2/1/473 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბიჭიკო ჭონქაძე და სხვები საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის წინააღმდეგ“, II-2). თანასწორობის უფლების ძირითადი არსი და მიზანია, ანალოგიურ, მსგავს, საგნობრივად თანასწორ გარემოებებში მყოფ პირებს სახელმწიფო მოეპყროს ერთნაირად და არ დაუშვას არსებითად თანასწორი პირების დიფერენცირება (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 31 მარტის №2/1-392 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე შოთა ბერიძე და სხვები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2).
3. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნების შეზღუდვა სახეზე იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ნორმა გულისხმობს, მსგავს ვითარებაში მყოფი, არსებითად თანასწორი პირებისადმი განსხვავებულ მოპყრობას, უქმნის მათ განსხვავებულ შესაძლებლობებს, აღჭურავს განსხვავებული უფლებებითა თუ ვალდებულებებით, აგრეთვე, საპირისპირო შემთხვევაში, კერძოდ, მაშინ, როდესაც ნორმა გულისხმობს, განსხვავებულ ვითარებაში მყოფი, არსებითად უთანასწორო პირებისადმი ერთგვაროვან მოპყრობას, მათ მიმართ ავრცელებს ერთნაირ სამართლებრივ რეჟიმს. თუმცა ერთგვაროვან ვითარებაში განსხვავებული მოპყრობის ანდა განსხვავებულ ვითარებაში ერთგვაროვანი მოპყრობის ფაქტები, ჯერ კიდევ არ წარმოადგენს საკმარის საფუძველს კონსტიტუციის მე-11 მუხლით აკრძალული დისკრიმინაციის აღიარებისათვის. ამისათვის აუცილებელია, დადგინდეს, რომ შესაბამის შემთხვევებში, განსხვავებული ანდა ერთგვაროვანი მოპყრობა არ იყო გამართლებული, არ გააჩნდა შესაბამისი ობიექტური და გონივრული საფუძველი“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 4 ივნისის №1/1/1404 გადაწყვეტილება საქმეზე „ნანა სეფაშვილი და ია რეხვიაშვილი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ“, II-44).
2. სადავო ნორმის შინაარსისა და განსხვავებული მოპყრობის იდენტიფიცირება
4. პატიმრობის კოდექსის 173 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „საოჯახო პაემანი“ არის ქალი მსჯავრდებულის ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულ პირებთან შეხვედრა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტერიტორიაზე, ამისათვის სპეციალურად გამოყოფილ ოთახში. დასახელებული კოდექსის მე-2 ნაწილი ექსპლიციტურად ჩამოთვლის პირთა წრეს, რომლებთანაც შეიძლება, რომ ქალ მსჯავრდებულს „საოჯახო პაემნის“ ფარგლებში ჰქონდეს კონტაქტი. ამ სუბიექტებს წარმოადგენენ: შვილი, ნაშვილები, გერი, შვილიშვილი, მეუღლე, პირი, რომელთანაც ქალ მსჯავრდებულს საერთო შვილი ჰყავს, მშობელი, მშვილებელი, ბებია, პაპა, და და ძმა.
5. „საოჯახო პაემანი“ პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი ქალი მსჯავრდებულისათვის გარე სამყაროსთან (ოჯახის წევრებთან და ნათესავებთან) კონტაქტის ერთ-ერთი საშუალებაა, კერძოდ, სადავო ნორმის ცალსახა ფორმულირება, ისევე როგორც მისი გრამატიკული განმარტება ცხადყოფს, რომ „საოჯახო პაემანი“ არის ექსკლუზიურად ქალი მსჯავრდებულებისთვის დაწესებული პაემნის კატეგორია, რომლითაც ვერ სარგებლობენ, ერთი მხრივ, მამაკაცი მსჯავრდებულები, ხოლო, მეორე მხრივ, ქალი/მამაკაცი ბრალდებულები. თავის მხრივ, სადავო ნორმით დადგენილი მოწესრიგების მიღმა, პატიმრობის კოდექსის არც ერთი დებულება არ ითვალისწინებს „საოჯახო პაემნის“ უფლებით სარგებლობის შესაძლებლობას მამაკაცი მსჯავრდებულებისა და, ზოგადად, ბრალდებულებისთვის (მხედველობაშია როგორც ქალი, ასევე მამაკაცი ბრალდებული).
6. სადავო ნორმის ანალიზით ერთმნიშვნელოვნად დგინდება, რომ იგი, ერთი მხრივ, აღჭურავს მსჯავრდებულ ქალებს „საოჯახო პაემნის“ უფლებით, თუმცა, ამავდროულად, გამორიცხავს მსჯავრდებულ მამაკაცებს და ქალ/მამაკაც ბრალდებულებს ზუსტად ასეთივე „საოჯახო პაემნის“ შესაძლებლობიდან. სადავო ნორმა „საოჯახო პაემნის“ უფლების ექსკლუზიურად ქალი მსჯავრდებულებისთვის დაწესებით, კეტავს სივრცეს მისი სხვა (მამაკაცი) მსჯავრდებულების და, ზოგადად, ბრალდებულების (როგორც ქალი, ასევე მამაკაცი) მიმართ გამოყენებისთვის. პირთა ეს წრე, განსხვავებით ქალი მსჯავრდებულებისგან, სრულად დისტანცირებულია სადავო ნორმით გათვალისწინებული „საოჯახო პაემნის“ უფლებით სარგებლობისგან. შესაბამისად, სახეზეა განსხვავებული მოპყრობა შესადარებელ პირებს შორის. ამასთან, განსხვავებული მოპყრობა მამაკაც მსჯავრდებულ პატიმრებთან მიმართებით ხორციელდება სქესის ნიშნით, ხოლო ბრალდებულ პატიმრებთან მიმართებით - საპროცესო სტატუსის ნიშნით.
7. თუმცა, როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთხელ აღუნიშნავს, უთანასწორო მოპყრობის არსებობა, თავისთავად, საკმარისი არ არის კონსტიტუციით აკრძალული დისკრიმინაციული მოპყრობის დასადგენად. „დისკრიმინაციულ მოპყრობაზე მსჯელობა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ პირები კონკრეტულ სამართლებრივ ურთიერთობასთან დაკავშირებით შეიძლება განხილულ იქნენ როგორც არსებითად თანასწორი სუბიექტები“ (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის №2/1/536 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ლევან ასათიანი, ირაკლი ვაჭარაძე, ლევან ბერიანიძე, ბექა ბერუჩაშვილი და გოჩა გაბოძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ“, II-19). ამდენად, აუცილებელია, რომ განსხვავებული მოპყრობა ხორციელდებოდეს არსებითად თანასწორი პირების მიმართ. მოცემულ შემთხვევაში, შესადარებელ ჯგუფებს მიეკუთვნებიან, ერთი მხრივ, პატიმრობაში მყოფი ქალი და მამაკაცი მსჯავრდებულები, ხოლო, მეორე მხრივ, პატიმრობაში მყოფი ქალი მსჯავრდებულები და ბრალდებული პირები (როგორც ქალი ასევე მამაკაცი). საკონსტიტუციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს თითოეული შესადარებელი ჯგუფების არსებითად თანასწორობის საკითხი ინდივიდუალურად შეაფასოს და დაადგინოს, რამდენად წარმოადგენს შესადარებელ პირთა წრე, კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობის მიზნებისთვის, არსებითად თანასწორ სუბიექტებს.
3. შესადარებელ პირთა ჯგუფების არსებითად თანასწორობა
3.1. არიან თუ არა პატიმრობაში მყოფი ქალი და მამაკაცი მსჯავრდებულები არსებითად თანასწორი სუბიექტები ოჯახური კავშირების შენარჩუნების ინტერესთან მიმართებით
8. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, საზოგადოდ, სქესობრივი განსხვავება გამორიცხული არ არის, რომ იყოს ქალთა და მამაკაცთა მიმართ განსხვავებული მოპყრობის გამამართლებელი საფუძველი. ობიექტურად არსებული ბიოლოგიური განსხვავებიდან გამომდინარე, კონკრეტული ურთიერთობების თავისებურებათა გათვალისწინებით, ქალი და მამაკაცი შეიძლება არ წარმოადგენდნენ ისეთ არსებითად თანასწორ პირებს, რაც ერთგვაროვან მოპყრობას მოითხოვდეს.
9. თუმცა მოცემულ სამართალურთიერთობაში, რომელიც შეეხება პატიმრობის პირობებში ოჯახური კონტაქტების შენარჩუნების ლეგიტიმურ ინტერესს, საკონსტიტუციო სასამართლო ვერ ხედავს მათ არათანასწორ სუბიექტებად მიჩნევის რაიმე საფუძველს. ასეთ შემთხვევაში, უნიადაგო იქნებოდა მტკიცება იმისა, რომ პატიმრობაში მყოფი ქალი და მამაკაცი მსჯავრდებულები განსხვავებული სქესის გამო, არსებითად უთანასწორო სუბიექტებს წარმოადგენენ. განსახილველ საქმეში ასეთი ობიექტურად არსებული ბიოლოგიური განსხვავება სრულიად ირელევანტურია სასამართლოს წინაშე დასმული საკითხის - თუ რამდენად არიან ქალი და კაცი მსჯავრდებულები არსებითად თანასწორი სუბიექტები ოჯახთან კომუნიკაციის შენარჩუნების ინტერესთან მიმართებით შესაფასებლად. სადავო ურთიერთობის მიზნებისთვის, პირთა ორივე წრეს გააჩნია იდენტური საპროცესოსამართლებრივი სტატუსი და, ამასთან, მათი თავისუფლების შეზღუდვა ხორციელდება სასამართლოს მიერ, თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელის აღსრულების მიზნით. ასეთ ვითარებაში, მსჯავრდებულ ქალებს და მამაკაცებს გააჩნიათ თანაბარი ინტერესი, სასჯელის აღსრულების პერიოდში იქონიონ ოჯახის წევრებთან კონტაქტი, მათ შორის, „საოჯახო პაემნის“ მეშვეობით, რომელიც ოჯახის წევრებთან ურთიერთობის შენარჩუნების, ისევე როგორც, საზოგადოდ, მათი რესოციალიზაციის, ერთ-ერთ საშუალებას წარმოადგენს. თავის მხრივ, მსჯავრდებულის რესოციალიზაცია სასჯელის აღსრულების უპირველესი მიზანია და, ბუნებრივია, თანაბრად მიემართება ყველა სასჯელშეფარდებულ სუბიექტს, განურჩევლად სქესისა. სასამართლოს აზრით, გამონაკლისი შეიძლება უკავშირდებოდეს მხოლოდ ახალდაბადებულ, 2 წლამდე ბავშვების დედასთან მუდმივად, მათ შორის, პატიმრობის ადგილებში, ცხოვრების განსაკუთრებულ საჭიროებას, რაც წინამდებარე სარჩელის ფარგლებში არ წარმოადგენს სპეციფიკურ გარემოებას და განსახილველ საკითხს.
10. ამგვარად, განსახილველ შემთხვევაში, სქესის ნიშანი არ ქმნის რელევანტურ საფუძველს, რომელიც პატიმრობაში მყოფ ქალ და მამაკაც მსჯავრდებულებს არსებითად უთანასწორო სუბიექტებად წარმოაჩენდა ოჯახთან კომუნიკაციის შენარჩუნების ინტერესთან მიმართებით. შესაბამისად, სასამართლო ასკვნის, რომ სადავო ნორმით გათვალისწინებულია არსებითად თანასწორი პირების (პატიმრობაში მყოფი ქალი და მამაკაცი მსჯავრდებულების) მიმართ უთანასწორო მოპყრობა და სახეზეა სამართლის წინაშე თანასწორობის უფლებით დაცულ სფეროში ჩარევა.
3.2. არიან თუ არა პატიმრობაში მყოფი ქალი მსჯავრდებული და ბრალდებული პირები (ორივე სქესისა) არსებითად თანასწორი სუბიექტები ოჯახური კავშირების შენარჩუნების ინტერესთან მიმართებით
11. პატიმრობაში მყოფ ქალ მსჯავრდებულებს და ბრალდებულებს, როგორც უკვე აღვნიშნეთ, განასხვავებთ კონკრეტული საპროცესო სტატუსი. კერძოდ, ქალი მსჯავრდებულების მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი კანონიერ ძალაშია შესული და თავისუფლების შეზღუდვის მიზანიც სწორედ შეფარდებული სასჯელის პრაქტიკულ აღსრულებაში ვლინდება. განსხვავებული მოცემულობაა ბრალდებულების შემთხვევაში, მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ აქ შესადარებელ ჯგუფს წარმოადგენენ ის ბრალდებულები, რომელთაც აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდათ პატიმრობა და მათი თავისუფლების შეზღუდვის მიზანი არის არა სასჯელის აღსრულება და, უპირატესად, მათი რესოციალიზაცია, არამედ გამოძიებისა და მართლმსაჯულების ინტერესების დაცვა იმ საფრთხეებისაგან, რომლებიც საფუძვლად დაედო, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის გამოყენებას. ამგვარი საფრთხეები, ჩვეულებრივ, უკავშირდება ხოლმე ბრალდებულის მიმალვის, მის მიერ მტკიცებულებების განადგურების, მოწმეებზე ზემოქმედებისა და ახალი დანაშაულის ჩადენის რისკებს, რომლებმაც ზიანი შეიძლება მიაყენოს გამოძიების ეფექტიანობასა და მართლმსაჯულების განხორციელებას. ამის მიუხედავად, ის ფაქტი, რომ ბრალდებულთა საპროცესო სტატუსი არ არის მსჯავრდებულის სტატუსის ანალოგიური, ეს საფუძველშივე არ გამორიცხავს შესადარებელ პირთა ჯგუფების არსებითად თანასწორობას და რელევანტურობას არ უკარგავს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის გამოყენებადობას.
12. მოცემულ შემთხვევაში, სადავო ნორმა გულისხმობს ბრალდებულის უფლების შეზღუდვას, აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის პერიოდში ისარგებლოს სადავო ნორმით გათვალისწინებული კონკრეტული ტიპის პაემნით, კერძოდ, „საოჯახო პაემნით“. ამრიგად ის შეეხება საკითხს, რომელიც აქტუალურია პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი ყველა თავისუფლებაშეზღუდული პირისთვის, რადგან ის განსაზღვრავს პატიმრობის პირობებში პირადი და ოჯახური ცხოვრების უზრუნველყოფის საკითხს, რომლის შეძლებისდაგვარად დაცვის ინტერესი პატიმრებს თანაბრად გააჩნიათ, მიუხედავად იმისა, უკვე მსჯავრდებულები არიან, თუ ჯერ კიდევ ბრალდებულის სტატუსი გააჩნიათ და გამოძიების დასრულების ან სასამართლოს ვერდიქტის მოლოდინში იმყოფებიან. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ურთიერთობის მიზნებისთვის ქალი მსჯავრდებულები და ბრალდებულები (როგორც ქალი ასევე მამაკაცი) არსებითად თანასწორ სუბიექტებს წარმოადგენენ ოჯახური კავშირების შენარჩუნების ინტერესთან მიმართებით. უფრო მეტიც, ის გარემოება, რომ ბრალდებული პირები ჯერ კიდევ უდანაშაულობის პრეზუმფციის დაცვის ქვეშ არიან, შეიძლება ერთგვარ ლეგიტიმურობასაც კი სძენდეს მათ მოლოდინს, რომ მეტი თუ არა, იმაზე ნაკლები ოჯახური კონტაქტები მაინც არ გააჩნდეთ, ვიდრე ეს მსჯავრდებულების ანუ უკვე დამნაშავედ ცნობილი პირებისთვის არის უზრუნველყოფილი.
13. ამგვარი მიდგომა ერთმნიშვნელოვნად აღიარებულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. სასამართლო, თანმიმდევრული პრაქტიკის საფუძველზე უთითებს, რომ მიუხედავად პატიმრობის, როგორც საპროცესო ღონისძიების დროებითი ხასიათისა, ის წარმოადგენს ადამიანის პირად გარემოებებთან და არსებობასთან განუყოფლად დაკავშირებულ სამართლებრივ მდგომარეობას. ამ პირობებში, პატიმრობაშეფარდებულ ბრალდებულებს და მსჯავრდებულებს, მიუხედავად თავისუფლების შეზღუდვის საფუძვლებისა, აქვთ თანაბარი ინტერესი, ოჯახის წევრებთან იქონიონ კონტაქტი, რაც პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ ყველა პატიმართან მიმართებით რელევანტურ საკითხს წარმოადგენს. (იხ. ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს 2013 წლის 9 ივლისის №42615/06 გადაწყვეტილება საქმეზე VARNAS v. LITHUANIA §113; 2011 წლის 13 დეკემბრის №31827/02 გადაწყვეტილება საქმეზე LADUNA v. SLOVAKIA §57 და §58). საკონსტიტუციო სასამართლო აქვე აზუსტებს, რომ ოჯახთან კომუნიკაციის შენარჩუნების ინტერესთან მიმართებით, მსჯავრდებული და ბრალდებული პირების არსებითად თანასწორ სუბიექტებად ცნობა არ გულისხმობს, რომ მათი განსხვავებული სტატუსი პირდაპირ თუ ირიბად, გავლენას არ მოახდენს მათ მიმართ განსხვავებული მოპყრობის ობიექტური და გონივრული საფუძვლის შეფასებაზე.
14. ყოველივე ზემოხსენებულის გათვალისწინებით, სადავო ნორმის საფუძველზე დაწესებული დიფერენცირებული მოპყრობით, სახეზეა სამართლის წინაშე ყველა ადამიანის თანასწორობის უფლებით დაცულ სფეროში ჩარევა.
4. სასამართლოს მიერ შესაფასებელი მოცემულობა
15. თანასწორობის უფლებით დაცულ სფეროში ჩარევის იდენტიფიცირების შემდეგ, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა შეაფასოს, არის თუ არა მსჯავრდებული მამაკაცების, ისევე როგორც ბრალდებულების (მხედველობაშია როგორც ქალი, ასევე მამაკაცი ბრალდებული) „საოჯახო პაემნის“ უფლებით მოსარგებლე პირთა წრისგან გამორიცხვა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებთან შესაბამისობაში. საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაადგინოს, რამდენად არსებობს ობიექტური და გონივრული გამართლება, რომ „საოჯახო პაემნის“ შესაძლებლობით მხოლოდ ქალი მსჯავრდებულები არიან უზრუნველყოფილი, ხოლო მამაკაცი მსჯავრდებულები კი არა და ხომ არ მოხდა ამ პრივილეგიის დისკრიმინაციულად დაწესება. სასამართლომ ამ კონტექსტში უნდა გაარკვიოს, ქალი მსჯავრდებულებისათვის „საოჯახო პაემნის“ შემოღება ეს მართლაც სქესის გამო დაწესებულ პრივილეგიას შეეხებოდა თუ სქესთან დაკავშირებულ განსხვავებულ მოპყრობას, რომელიც ერთ-ერთი სქესის მიმართ მეტად კეთილმოსურნე ვითარების შექმნას კი არ ისახავდა მიზნად, არამედ გარკვეულ ობიექტურ გარემოებებს უკავშირდებოდა და მათ მიმართ არსებული ვითარებების (რომლებშიც ისინი იმყოფებიან ოჯახური კავშირების უზრუნველყოფის თვალსაზრისით) განსხვავებულობის შემცირებას ემსახურებოდა, როგორც ამას მოპასუხე მხარე მიიჩნევს.
16. სასამართლომ ასევე უნდა გაარკვიოს, არსებობს თუ არა ობიექტური და გონივრული გამართლება იმისა, რომ ბრალდებულ პირებს, მიუხედავად მსჯავრდებულებთან მათი არსებითი თანასწორობისა ოჯახური კავშირების შენარჩუნების ინტერესებთან მიმართებით და მიუხედავად უდანაშაულობის პრეზუმფციის დაცვის ქვეშ ყოფნისა, არ უნდა გააჩნდეთ კანონმდებლობით დადგენილი ოჯახთან კომუნიკაციის სადავო ნორმით გათვალისწინებული კონკრეტული საშუალება იმგვარ პირობებში, როდესაც მისით სარგებლობა ნებადართულია პატიმართა ერთ-ერთი კატეგორიისათვის. ამისათვის სასამართლოს მოუწევს იმის შემოწმება, მართლაც გადასძალავს თუ არა ბრალდებული პატიმრების ოჯახური კავშირების შენარჩუნების ინტერესს მოპასუხის მიერ დასახელებული ლეგიტიმური მიზნები და რა როლს თამაშობს საპროცესო სტატუსთა განსხვავებულობა განსხვავებული მოპყრობის კონსტიტუციურობის შეფასებაში. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო თითოეულ შესადარებელ პირთა ჯგუფის მიმართ დაწესებული უთანასწორო მოპყრობის კონსტიტუციურობას ცალ-ცალკე შეაფასებს.
5. „საოჯახო პაემნით“ მოსარგებლე სუბიექტთა წრიდან მამაკაცი მსჯავრდებულების გამორიცხვის კონსტიტუციურობა
17. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „დიფერენცირებული მოპყრობისას ერთმანეთისაგან უნდა განვასხვავოთ დისკრიმინაციული დიფერენციაცია და ობიექტური გარემოებებით განპირობებული დიფერენციაცია. განსხვავებული მოპყრობა თვითმიზანი არ უნდა იყოს. დისკრიმინაციასთან გვექნება საქმე, როდესაც დიფერენციაციის მიზეზები აუხსნელია, მოკლებულია გონივრულ საფუძველს. მაშასადამე, დისკრიმინაცია არის მხოლოდ თვითმიზნური, გაუმართლებელი დიფერენციაცია, სამართლის დაუსაბუთებელი გამოყენება კონკრეტულ პირთა წრისადმი განსხვავებული მიდგომით. შესაბამისად, თანასწორობის უფლება კრძალავს არა დიფერენცირებულ მოპყრობას ზოგადად, არამედ მხოლოდ თვითმიზნურ და გაუმართლებელ განსხვავებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის №1/1/493 გადაწყვეტილება საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები: „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-3).
18. სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, „სადავო ნორმების შეფასებისას სასამართლო იყენებს რაციონალური დიფერენცირების ან შეფასების მკაცრ ტესტს. საკითხი, თუ რომელი მათგანით უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ, წყდება სხვადასხვა ფაქტორების, მათ შორის, ჩარევის ინტენსივობისა და დიფერენცირების ნიშნის გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 28 ოქტომბრის №2/4/603 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, II-8). კერძოდ, თუ არსებითად თანასწორ პირთა დიფერენცირების საფუძველია კონსტიტუციის მე-11 მუხლში ჩამოთვლილი რომელიმე ნიშანი ან სადავო ნორმა ითვალისწინებს უფლებაში მაღალი ინტენსივობით ჩარევას - სასამართლო გამოიყენებს შეფასების მკაცრ ტესტს.
19. განსახილველ შემთხვევაში ქალი და მამაკაცი მსჯავრდებულების მიმართ განსხვავებული უფლებრივი რეჟიმის განსაზღვრა უკავშირდება სქესს. შესაბამისად, დიფერენცირება ხორციელდება სქესის ნიშნით, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლში სახელდებით არის მოხსენიებული. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა დიფერენცირების შესაფასებლად მკაცრი ტესტის გამოყენების საფუძველი.
20. მოპასუხე მხარემ სადავო ნორმის საჯარო ლეგიტიმურ მიზნად დაასახელა, ერთი მხრივ, საბიუჯეტო რესურსების ოპტიმალური ხარჯვა და, მეორე მხრივ, ამ პირობებში მსჯავრდებულ ქალთა ფაქტობრივი უთანასწორობის აღმოფხვრა. მოპასუხე მხარის პოზიციით, ქალ მსჯავრდებულებს, მამაკაცი მსჯავრდებულებისაგან განსხვავებით, არ აქვთ შესაძლებლობა, მათი ქცევის შეფასების შედეგებზე დაყრდნობით შეიცვალონ დაწესებულების ტიპი, გაიუმჯობესონ მდგომარეობა და ჰქონდეთ შანსი, ისარგებლონ გაზრდილი რაოდენობის ხანმოკლე თუ ხანგრძლივი პაემნებით. სადავო ნორმა კი ამ ფაქტობრივი უთანასწორობის დაკომპენსირებას ისახავს მიზნად. თავის მხრივ, იგი დაკავშირებულია საბიუჯეტო რესურსების რაციონალურ განაწილებასთან იმ თვალსაზრისით, რომ ქალ მსჯავრდებულთა მცირე რაოდენობიდან გამომდინარე, არ ხორციელდება, რისკის მიხედვით, რამდენიმე განსხვავებული დაწესებულების ფუნქციონირება და, რისკის გადაფასების საფუძველზე, გარე სამყაროსთან/ოჯახის წევრებთან კომუნიკაციის რაოდენობრივი და თვისებრივი საკითხების იმგვარად განსაზღვრა, როგორც ეს მამაკაცი მსჯავრდებულების შემთხვევაში არის დადგენილი.
21. საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კონსტიტუცია გამორიცხავს საბიუჯეტო რესურსის დაზოგვის ლეგიტიმური მიზნის თვითკმარ არგუმენტად მიჩნევას დიფერენცირების გამართლებისათვის. ამისათვის, რესურსების არასაკმარისობის დასაბუთებასთან ერთად (როდესაც ეს გარემოება სახეზეა), საკუთრივ დიფერენცირების რაციონალურობა უნდა წარმოჩინდეს. პირთა გარკვეული წრისადმი მეტად ან ნაკლებად კეთილმოსურნე მოპყრობა უნდა ეფუძნებოდეს გონივრულ საფუძველს. ამ თვალსაზრისით, მოცემული საქმის კონტექსტში წამყვან საკითხს წარმოადგენს იმის შეფასება, მართლაც წარმოადგენს თუ არა ქალი მსჯავრდებულებისათვის დაწესებული ე.წ. „საოჯახო პაემნის“ შემოღება პაემნების სფეროში მათი de facto უთანასწორო მდგომარეობის აღმოფხვრისაკენ მიმართულ ღონისძიებას, რომლის წარმოშობაც ქალ და მამაკაც მსჯავრდებულთა შორის დიდ რაოდენობრივ განსხვავებას და საბიუჯეტო რესურსების რაციონალური გამოყენების ლეგიტიმურ მიზანს უკავშირდება.
22. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, საზოგადოდ, ძალზე მწირი შეიძლება იყოს ის საჯარო ლეგიტიმური მიზნები, რომლებიც შეიძლებოდა სქესის ნიშნით დიფერენცირების კონტექსტში თვითმიზნურად არ მიჩნეულიყო. როგორც წესი, მცირეა ლეგიტიმურ მიზანთა წრე, რომელიც კონსტიტუციურსამართლებრივად დასაშვებ პირობებში მიღწევადი შეიძლება იყოს სქესის ნიშნით უთანასწორო მოპყრობის შედეგად. ამის მიუხედავად, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გამორიცხული არ არის, სქესთა მიმართ განსხვავებული მოპყრობით, მნიშვნელოვანი ლეგიტიმური მიზნები იქნეს მიღწეული. ჩვეულებრივ და ყველაზე უფრო ხშირად, ეს სწორედ სქესთა შორის არსებული de facto უთანასწორო ვითარების აღმოფხვრას შეიძლება ემსახურებოდეს დაჩაგრული სქესის მიმართ მეტად კეთილმოსურნე მოპყრობის დაწესების მეშვეობით. სწორედ ამ არგუმენტს დაეყრდნო მოპასუხე მხარე სადავო ნორმის კონსტიტუციურობაზე მსჯელობისას. საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საზოგადოდ, ცხადია, იგი ეჭვის ქვეშ არ აყენებს არც de facto დისკრიმინაციული ვითარების აღმოფხვრის და არც განსაზღვრულ გარემოებებში საბიუჯეტო სახსრების რაციონალური გამოყენების მიზანთა ლეგიტიმურობას. როგორც საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, დაუშვებელია სახელმწიფოს დავალდებულება, გასწიოს არაგონივრული ხარჯები. საბიუჯეტო სახსრების რაციონალურად ხარჯვის ინტერესისთვის საფრთხის შექმნა, თავისთავად, ვერ იქნება მოაზრებული ადამიანის რომელიმე ძირითადი უფლებით დაცული სფეროს ნაწილად (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 1 ივნისის №1/3/1591,1605 გადაწყვეტილება საქმეზე „მერაბ მურადაშვილი და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წინააღმდეგ“, II-41). სასამართლო მიიჩნევს, რომ მსჯავრდებული ქალებისთვის შექმნილი de facto უთანასწორობის აღმოფხვრა და მსჯავრდებულ მამაკაცებთან მიმართებით არსებული მდგომარეობის დაბალანსება დასაშვებ ლეგიტიმურ მიზანს წარმოადგენს, რომლის მისაღწევადაც შესაძლებელია მეტად კეთილმოსურნე მოპყრობის დაწესება ქალთა მიმართ. ამიტომ მოცემულ საქმეში სასამართლო დგას იმ ამოცანის წინაშე, გამოიკვლიოს, ნამდვილად ემსახურებოდა თუ არა სადავო რეგულაცია ამ ლეგიტიმურ მიზნებს და არის თუ არა სქესის ნიშნით განსხვავებული მოპყრობა, მოცემულ შემთხვევაში, ობიექტურად და გონივრულად გამართლებული ამ ლეგიტიმური მიზნებით. ამასთან, აუცილებელია, არსებობდეს ლოგიკური კავშირი გამოყენებულ განსხვავებულ მოპყრობასა და ლეგიტიმურ საჯარო მიზნებს შორის. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩაითვლება, რომ განსხვავებული მოპყრობა არ არის ლეგიტიმური მიზნის მიღწევის საშუალება და იგი განხორციელდა სოლიდური ლეგიტიმური მიზნის გარეშე, რაც მისი არაკონსტიტუციურად ცნობის საფუძველია. როგორც საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთხელ აღნიშნა, უნდა დადგინდეს, „ ...რამდენად არსებობს ლოგიკური კავშირი საქართველოს პარლამენტის მიერ დასახელებულ ლეგიტიმურ მიზნებსა და სადავო ნორმებით დადგენილ უფლების შეზღუდვის ფორმას შორის – რამდენად იძლევა სადავო ნორმები დასახელებული ლეგიტიმური მიზნების მიღწევის შესაძლებლობას“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 მაისის №3/3/600 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახა კუკავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-48).
23. იმისათვის, რათა საკონსტიტუციო სასამართლომ შეაფასოს, ემსახურებოდა თუ არა ქალი მსჯავრდებულებისათვის „საოჯახო პაემნის“ შემოღება მამაკაც მსჯავრდებულებთან შედარებით ნაკლებად კეთილმოსურნე ვითარების სრულ ან ნაწილობრივ გამოსწორებას, ამისათვის აუცილებელია, ერთი მხრივ, შედარებით ასპექტში გაანალიზდეს „საოჯახო პაემნის“ შემოღებამდე ქალი და მამაკაცი მსჯავრდებულებისთვის დადგენილი გარე სამყაროსთან/ოჯახის წევრებთან პაემნის სახით უზრუნველყოფილი კომუნიკაციის საშუალებები, ხოლო მეორე მხრივ - დღეს არსებული რეალობა და, საბოლოო ჯამში, გაკეთდეს დასკვნა, „საოჯახო პაემანი“ წარმოადგენს გარე სამყაროსთან კომუნიკაციის სფეროში ქალი მსჯავრდებულებისათვის უზრუნველყოფილ დამატებით პრივილეგიას თუ მამაკაც მსჯავრდებულებთან თანასწორობის მისაღწევად გადადგმულ ნაბიჯს, რაც სახელმწიფოს მხრიდან თავისი პოზიტიურ ვალდებულების შესრულებად შეიძლება იქნეს მიჩნეული. სასამართლო განმარტავს, რომ ამ შედარებისას, საერთო ფონის გასარკვევად, იგი მხედველობაში მიიღებს, პაემნის სახით, გარე სამყაროსთან კანონით გათვალისწინებული კომუნიკაციის ყველა საშუალებას და, განსაკუთრებით, სხვადასხვა ტიპის პაემნებს, როგორც ცალკე აღებული, ასევე ერთობლიობაში, რაოდენობრივი და თვისებრივი თვალსაზრისით, რაც ქალი და მამაკაცი მსჯავრდებულების მიმართ იყო/არის უზრუნველყოფილი სადავო „საოჯახო პაემნის“ შემოღებამდე და მის შემდეგ.
24. მამაკაცი მსჯავრდებულები, კანონმდებლობის შესაბამისად, სასჯელის მოსახდელად განაწილებული არიან სხვადასხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში. კერძოდ, ამ თვალსაზრისით, საქართველოში ფუნქციონირებს დაბალი რისკის, ნახევრად ღია ტიპის, დახურული ტიპის და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებები, სადაც მსჯავრდებული მამაკაცების განთავსებას წინ უძღვის მათგან მომდინარე რისკების წინასწარი შეფასების სპეციალური პროცედურა. თითოეულ დაწესებულებაში, პატიმრებისთვის უზრუნველყოფილია გარე სამყაროსთან/ოჯახის წევრებთან სხვადასხვა სახის კომუნიკაციის საშუალებები. რაც შეეხება უშუალოდ პაემნებს, სხვადასხვა ტიპის დაწესებულებების მიხედვით, მამაკაცი მსჯავრდებულები სარგებლობენ ხანმოკლე, ხანგრძლივი და ვიდეოპაემნით. პატიმრობის კოდექსის მიხედვით, იკვეთება, რომ განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მსჯავრდებული მამაკაცები სარგებლობენ მხოლოდ ხანმოკლე და ხანგრძლივი პაემნით. ამ კატეგორიის პაემნებით მათ შესაძლებლობა აქვთ, ჯამურად, წლის განმავლობაში ოჯახის წევრებთან შეხვედრები იქონიონ 26 ჯერ (წახალისების ფორმით გაცემული დამატებითი, ხანმოკლე და ხანგრძლივი პაემნების ჩათვლით). დახურული ტიპის, ნახევრად ღია ტიპისა და დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მსჯავრდებული მამაკაცები სარგებლობენ ხანმოკლე, ხანგრძლივი და ვიდეოპაემნით, თუმცა განსხვავებულია მათი რაოდენობა. დახურული ტიპის დაწესებულებაში წლის განმავლობაში მათ უფლება აქვთ ხანგრძლივი, ხანმოკლე და ვიდეოპაემნის მეშვეობით ოჯახის წევრებთან კომუნიკაცია იქონიონ ჯამურად 75 ჯერ (წახალისების ფორმით გაცემული დამატებითი ხანმოკლე, ხანგრძლივი და ვიდეოპაემნების ჩათვლით), ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებაში - 99 ჯერ (წახალისების ფორმით გაცემული დამატებითი ხანმოკლე, ხანგრძლივი და ვიდეოპაემნების ჩათვლით), ხოლო დაბალი რისკის დაწესებულებაში - 129 ჯერ (წახალისების ფორმით გაცემული დამატებითი ხანმოკლე, ხანგრძლივი და ვიდეოპაემნების ჩათვლით). ამავდროულად, საგულისხმო და აღსანიშნავია, რომ მამაკაცი მსჯავრდებულების მიმართ, სავალდებულო წესით, წელიწადში ერთხელ, ხდება რისკების გადაფასება, რაც მათ აძლევთ შესაძლებლობას, კარგი ქცევისა და ციხის წესების დაცვისას, მიუხედავად ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა, შეიცვალონ დაწესებულების ტიპი, გადავიდნენ მსუბუქი რეჟიმის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში და ისარგებლონ პაემნების გაზრდილი რაოდენობით.
25. ქალი მსჯავრდებულების შემთხვევაში არსებობს მხოლოდ ერთი, ქალთა სპეციალური დაწესებულება, რაც, როგორც მოპასუხე მხარემ აღნიშნა, აიხსნება ქალ მსჯავრდებულთა მცირე რაოდენობით. კერძოდ, მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა განმარტა, რომ, ჩვეულებრივ, მამაკაცი მსჯავრდებულების რაოდენობა მრავალჯერ აღემატება ქალი მსჯავრდებულების რაოდენობას. მაგალითად, საქმის არსებითი განხილვის დროისათვის, მამაკაცი მსჯავრდებულების რაოდენობა დაახლოებით 8 ათასს აღწევდა, ხოლო ქალი მსჯავრდებულების რაოდენობა კი მხოლოდ 268-ს შეადგენდა, შესაბამისად, მამაკაც მსჯავრდებულებთან შედარებით თითქმის 30 ჯერ ნაკლები იყო. სწორედ ამ მიზეზით, საქართველოში ფუნქციონირებდა მხოლოდ ერთი ქალთა სპეციალური დაწესებულება, რომელიც პატიმრობის კოდექსის 123 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, გათანაბრებული იყო ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებასთან, გარდა ამ კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ვინაიდან უფრო მსუბუქი რეჟიმის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება არ არსებობდა, ქალ მსჯავრდებულებს, სანიმუშო ქცევის შემთხვევაშიც კი, არ გააჩნდათ სასჯელის მოსახდელად შედარებით მსუბუქი რეჟიმის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადასვლის პრაქტიკული შესაძლებლობა.
26. საკონსტიტუციო სასამართლო რელევანტურად მიიჩნევს, ოჯახთან ურთიერთობის თვალსაზრისით გაანალიზოს თითოეული პაემნის კატეგორია. მსჯავრდებული მამაკაცები გარე სამყაროსთან/ოჯახის წევრებთან კომუნიკაციის თვალსაზრისით სარგებლობენ ხანმოკლე და ხანგრძლივი პაემნის, ასევე, ვიდეოპაემნის უფლებით, გარდა განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულებისა, თუმცა ეს უკანასკნელნი ისევე ექვემდებარებიან რისკის ყოველწლიურ გადაფასებას, როგორც სხვა ყველა მამაკაცი მსჯავრდებული. შესაბამისად, მათ აქვთ შესაძლებლობა, შეიცვალონ დაწესებულების ტიპი და ისარგებლონ ვიდეოპაემნის უფლებითაც. მამაკაც მსჯავრდებულებს, დაწესებულების ტიპის მიხედვით, მართალია, მეტ-ნაკლები რაოდენობით, მაგრამ აქვთ უფლება, ოჯახის წევრებთან კომუნიკაცია იქონიონ და მათთან კონტაქტი დაამყარონ პაემნის ზემოხსენებული ფორმების მეშვეობით. ქალ მსჯავრდებულებს კი ხანმოკლე, ხანგრძლივი და ვიდეოპაემნის გარდა, ასევე აქვთ უფლება, ისარგებლონ „საოჯახო პაემნით“.
27. პატიმრობის კოდექსის 172 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხანგრძლივი პაემანი არის მსჯავრდებულის შვილთან, ნაშვილებთან, გერთან, შვილიშვილთან, მეუღლესთან, პირთან, რომელთანაც საერთო შვილი ჰყავს, მშობელთან (მშვილებელთან), ბებიასთან, პაპასთან, დასთან და ძმასთან ერთად ცხოვრება თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტერიტორიაზე, ამისათვის სპეციალურად გამოყოფილ ოთახში თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების წარმომადგენლის დაუსწრებლად. ამავე მუხლის მე-5 ნაწილი ადგენს, რომ ხანგრძლივი პაემანი მიმდინარეობს 23 საათის განმავლობაში, ხოლო გამონაკლის შემთხვევაში შეიძლება გაგრძელდეს 47 საათამდე. რაც შეეხება კონტროლის მექანიზმებს, როგორც აღინიშნა, ხანგრძლივი პაემანი მიმდინარეობს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების წარმომადგენლის დაუსწრებლად და ყოველგვარი (აკუსტიკური თუ ვიზუალური) კონტროლის გარეშე. თავის მხრივ, ხანმოკლე პაემანს და მისი განხორციელების წესს არეგულირებს პატიმრობის კოდექსის მე-17 მუხლი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ბრალდებულს/მსჯავრდებულს მისი წერილობითი თხოვნის საფუძველზე, შეიძლება მიეცეს თავის ახლო ნათესავებთან (შვილი, მეუღლე, პირი, რომელთანაც საერთო შვილი ჰყავს, მშობელი (მშვილებელი), დედინაცვალი, მამინაცვალი, მეუღლის მშობელი, გერი, ნაშვილები და მისი შთამომავალი, შვილიშვილი, და, ძმა, დისწული, ძმისწული და მათი შვილები, ბებია, პაპა, ბებიის დედ-მამა, პაპის დედ-მამა (როგორც დედის, ისე მამის მხრიდან), ბიძა (დედის ძმა, მამის ძმა), დეიდა, მამიდა, ბიძაშვილი, დეიდაშვილი, მამიდაშვილი, აგრეთვე პირი, რომელთანაც ცხოვრობდა და საერთო მეურნეობას ეწეოდა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხვედრამდე ბოლო 1 წლის განმავლობაში) ხანმოკლე პაემნის უფლება. რაც შეეხება ხანმოკლე პაემნის მიმდინარეობის ვადას და კონტროლის მექანიზმებს, პატიმრობის კოდექსის მე-17 მუხლის მე-7 ნაწილი ადგენს, რომ ხანმოკლე პაემანი ეწყობა ერთიდან ორ საათამდე ვადით. ხანმოკლე პაემანი მიმდინარეობს პენიტენციური დაწესებულების წარმომადგენლის ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობით, მაგრამ მოსმენის გარეშე. „საოჯახო პაემანი“ კი პატიმრობის კოდექსის 173 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, არის ქალი მსჯავრდებულის შვილთან, ნაშვილებთან, გერთან, შვილიშვილთან, მეუღლესთან, პირთან, რომელთანაც საერთო შვილი ჰყავს, მშობელთან (მშვილებელთან), ბებიასთან, პაპასთან, დასთან, ძმასთან შეხვედრა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტერიტორიაზე, ამისათვის სპეციალურად გამოყოფილ ოთახში. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, იგი გრძელდება არა უმეტეს 3 საათისა, რაც შეეხება კონტროლის მექანიზმებს, იგი მიმდინარეობს პენიტენციური დაწესებულების წარმომადგენლის ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობით, მაგრამ მოსმენის გარეშე. ეს გარემოება ასევე დაადასტურა საქმის არსებით განხილვაზე მოწვეულმა იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელმაც.
28. პაემნის ზემოხსენებული კატეგორიების შინაარსობრივი ურთიერთშედარების პრიზმაში აშკარაა, რომ „საოჯახო პაემნის“ ცნება მხოლოდ პირობითია. ყველა კატეგორიის პაემანი, ხანმოკლე იქნება ის, ხანგრძლივი თუ სადავო ნორმით გათვალისწინებული „საოჯახო“, ითვალისწინებს ოჯახის წევრებთან შეხვედრის შესაძლებლობას. განსხვავებანი ვლინდება მხოლოდ დროის ხანგრძლივობასა და იმ გარემოებაში, შეხვედრა მეთვალყურეობით ხორციელდება თუ მის გარეშე. საკუთრივ სახელწოდება - „საოჯახო პაემანი“ მხოლოდ ადეკვატური შინაარსის შემთხვევაში იქნებოდა მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი. იგულისხმება ვითარება, როდესაც მხოლოდ ამ სახელწოდების პაემნის მეშვეობით იქნებოდა შესაძლებელი ოჯახის წევრებთან შეხვედრები. განსახილველ შემთხვევაში კი საქმე არა გვაქვს ამგვარ ვითარებასთან და მხოლოდ „საოჯახო პაემანი“ როდი ანიჭებს მსჯავრდებულებს ოჯახის წევრებთან შეხვედრის შესაძლებლობას. ამგვარად, სადავო ნორმით გათვალისწინებული პაემნის სახელწოდებას სასამართლო არ მიიჩნევს გადამწყვეტად, პაემნების მეშვეობით ოჯახური კავშირების უზრუნველყოფის თვალსაზრისით, განსხვავებული მოპყრობის შეფასებისას.
29. რაც შეხება „საოჯახო პაემნის“ შედარებას დანარჩენი ორი კატეგორიის პაემანთან სხვა კომპონენტების მიხედვით, ზემოთ გადმოცემული აღწერილობიდან ირკვევა, რომ „საოჯახო პაემანი“ არსობრივად თითქმის არ განსხვავდება ხანმოკლე პაემნისაგან. ერთგვაროვანი და იდენტურია მათზე კონტროლის განხორციელების მექანიზმი. ორივე ხორციელდება მხოლოდ ვიზუალური კონტროლით. ამ ორ პაემანს შორის განსხვავება მდგომარეობს მხოლოდ დროის ხანგრძლივობაში. ხანმოკლე პაემანი გრძელდება 2 საათი, ხოლო „საოჯახო პაემანი“ – 3 საათი, თუმცა, როგორც იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელმა განუმარტა სასამართლოს, ორივე მათგანი, ჩვეულებრივ, შეიძლება დასრულდეს მაქსიმალურად დაშვებულ ვადაზე უფრო ადრე და რომ ეს ძალზე ხშირადაც ხდება პრაქტიკაში. რაც შეხება ხანგრძლივ პაემანთან შედარებას, სასამართლო აღნიშნავს, მასთან მიმართებით „საოჯახო პაემნის“ განსხვავება რადიკალურია ორივე კომპონენტის მიხედვით, ჯერ ერთი, ხანგრძლივი პაემანი ხორციელდება ყოველგვარი ვიდეო ან აუდიო კონტროლის გარეშე. რაც მთავარია, იგი გულისხმობს არა მარტო შეხვედრას ოჯახის წევრებთან, არამედ მათთან თანაცხოვრებას - საკმაოდ ხანგრძლივი ვადის - 23 საათის, ხოლო გამონაკლის შემთხვევაში 47 საათის განმავლობაში. ამავდროულად, ამგვარი ხანგრძლივი პაემნები ხორციელდება პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე სპეციალურად მოწყობილ სივრცეში, სადაც ოჯახური გარემოა შექმნილი და ყველა სხვა პირობა, რაც საჭიროა ამ პერიოდის განმავლობაში ოჯახური თანაცხოვრებისა და სრულფასოვანი ურთიერთობისათვის. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო ასკვნის, რომ „საოჯახო პაემანი“ თავისი მახასიათებლებით (დროის ხანგრძლივობა, გარემო, მეთვალყურეობის არსებობა და მისი ფორმა, ოჯახის წევრებთან კონტაქტის ინტენსივობა და ა.შ.) რადიკალურად განსხვავდება „ხანგრძლივი პაემნისაგან“, თუმცა თითქმის იდენტურია „ხანმოკლე პაემნისა“. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ლოგიკურად დასაშვებად მიიჩნევს ამ ორი პაემნის ერთმანეთით ჩანაცვლებასა თუ რაოდენობრივ კომპენსირებას, როდესაც სახეზეა ამ ტიპის შეხვედრებთან მიმართებით გარკვეული დისპროპორცია პირთა ჯგუფებს შორის. ამისგან განსხვავებით, ხანმოკლე ან „საოჯახო პაემანი“, თუნდაც ასეთი ერთი შეხვედრის მაგივრად რამდენიმე მათგანი ერთობლივად, ვერასოდეს ჩაანაცვლებს ხანგრძლივ პაემანს. შესაბამისად, იმის გასარკვევად, არსებობდა თუ არა შესადარებელ ჯგუფებს შორის განსხვავებული de facto ვითარების გამოსწორების საჭიროება და შეიძლებოდა თუ არა არსებული განსხვავების შემცირება „საოჯახო პაემნის“ შემოღების მეშვეობით, სასამართლო რელევანტურად მიიჩნევს, გამოიკვლიოს, თუ რა ვითარება არსებობდა შესადარებელ ჯგუფებს შორის „ხანმოკლე პაემნების“ რაოდენობასთან მიმართებაში.
30. საკონსტიტუციო სასამართლო, იმის გათვალისწინებით, რომ ხანმოკლე და „საოჯახო პაემანი“ მსჯავრდებულებისთვის ოჯახის წევრებთან კომუნიკაციის თვალსაზრისით, მსგავსი საშუალებებია, ერთმანეთს შეადარებს „საოჯახო პაემნის“ შემოღებამდე ქალთა სპეციალურ დაწესებულებაში ქალი მსჯავრდებულებისთვის დადგენილი ხანმოკლე პაემნის რაოდენობასა და დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მამაკაცი მსჯავრდებულებისთვის დადგენილი ხანმოკლე პაემნების რაოდენობას, რადგან, როგორც საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე გაირკვა, ქალთა პენიტენციური დაწესებულების რეჟიმი უტოლდება მამაკაცთა ნახევრად ღია დაწესებულების რეჟიმს, ოღონდ იმ განსხვავებით, როდესაც მამაკაცებს, სანიმუშო ქცევისა და ციხის წესების ზედმიწევნით შესრულებისას შეუძლიათ უფრო მსუბუქი რეჟიმის, კერძოდ, დაბალი რისკის დაწესებულებაში გადასვლა, ქალები კი ასეთ შესაძლებლობას მოკლებულნი არიან ამგვარი უფრო მსუბუქი რეჟიმის ქალთა დაწესებულების არარსებობის გამო. ამგვარად, prima facie, ლოგიკურად და გამართლებულად უნდა ჩაითვალოს ქალთა აღჭურვა იმგვარი საშეღავათო, საკომპენსაციო საშუალებებით, რომლებიც მათ პირობებს, შესაბამის ადეკვატურ შემთხვევებში, მამაკაცთა დაბალი რისკის დაწესებულებაში არსებული რეჟიმის პირობებს დაუახლოვებს ხანმოკლე პაემნების სიხშირის თვალსაზრისით.
31. „საოჯახო პაემნის“ შემოღებამდე ქალი მსჯავრდებულები, პატიმრობის კოდექსის 72-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად სარგებლობდნენ (და სარგებლობენ დღესაც) 1 თვის განმავლობაში 3 ხანმოკლე პაემნით, ხოლო წახალისების ფორმით – თვეში 1 დამატებითი ხანმოკლე პაემნით, შესაბამისად, ჯამურად, წლის განმავლობაში 48 ხანმოკლე პაემნით. რაც შეეხება დაბალი რისკის ,თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებულ მამაკაც მსჯავრდებულებს, მათ ქალი მსჯავრდებულებისთვის „საოჯახო პაემნის“ შემოღებამდე ჰქონდათ და აქტუალური მდგომარეობითაც, პატიმრობის კოდექსის 602 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, აქვთ 1 თვის განმავლობაში 4 ხანმოკლე პაემანი, ხოლო წახალისების ფორმით – თვეში 1 დამატებითი ხანმოკლე პაემანი. შესაბამისად, ჯამურად წლის განმავლობაში 72 ხანმოკლე პაემანი. ამგვარად, ქალ მსჯავრდებულებს გააჩნდათ 24 ერთეულით უფრო ნაკლები ხანმოკლე პაემნის შესაძლებლობა დაბალი რისკის დაწესებულებაში მოთავსებულ მამაკაც მსჯავრდებულებთან შედარებით.
32. „საოჯახო პაემნის“ შემოღების შედეგად, ქალ მსჯავრდებულებს, პატიმრობის კოდექსის 72-ე მუხლის მე-8 ნაწილის საფუძველზე, უფლება მიეცათ, 1 თვის განმავლობაში ჰქონდეთ 1 „საოჯახო პაემანი“, ხოლო წახალისების ფორმით − თვეში 1 დამატებითი „საოჯახო პაემანი“, შესაბამისად, წელიწადში 24 საოჯახო პაემანი. ჯამურად, ქალ მსჯავრდებულებს წელიწადის განმავლობაში აქვთ 48 ხანმოკლე და 24 „საოჯახო“ პაემანი, ხოლო, ერთობლიობაში, სულ 72 პაემანი. ასე რომ, „საოჯახო პაემნის“ შემოღების შედეგად, რომლის არსებითად მსგავსი ბუნება ხანმოკლე პაემანთან მიმართებით ზემოთ უკვე დაადასტურა საკონსტიტუციო სასამართლომ (იხ. გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის 29 -ე პარაგრაფი), მოხდა ქალი მსჯავრდებულების გათანაბრება მამაკაც მსჯავრდებულებთან, რომლებიც სასჯელს იხდიან დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში. ამჟამად ქალი მსჯავრდებულები ერთობლიობაში სარგებლობენ 72 „საოჯახო“ და ხანმოკლე პაემნით, ხოლო მამაკაცი მსჯავრდებულები დაბალი რისკის დაწესებულებაში 72 ხანმოკლე პაემნით. ვინაიდან „საოჯახო“ და ხანმოკლე პაემანი, ოჯახთან კომუნიკაციის თვალსაზრისით, არსებითად მსგავსი, ერთგვაროვანი საშუალებებია, განხორციელებული საკანონმდებლო ღონისძიების შედეგად, ქალი და მამაკაცი მსჯავრდებულები (რომლებიც სასჯელს იხდიან დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში) სრულ თანაფარდობაში იმყოფებიან. რაც შეეხება, სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებულ მამაკაც მსჯავრდებულებს, მათ აქვთ შესაძლებლობა, სანიმუშო ქცევის შედეგად, შეიცვალონ დაწესებულების ტიპი და ქალი მსჯავრდებულების თანაფარდ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ პაემნებით სარგებლობის კონტექსტში.
33. საკონსტიტუციო სასამართლო, მხედველობაში მიიღებს აგრეთვე საერთო სურათს ოჯახთან/გარე სამყაროსთან პაემნის მეშვეობით, კომუნიკაციის გათვალისწინებით, რაც შეიქმნა ქალი მსჯავრდებულებისთვის „საოჯახო პაემნის“ შემოღების შემდეგ. დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებულ მამაკაც მსჯავრდებულებს გააჩნიათ წლის განმავლობაში, ჯამურად, 129-ჯერ, ხოლო ქალთა სპეციალურ დაწესებულებაში მოთავსებულ ქალ მსჯავრდებულებს 125-ჯერ, პაემნების მეშვეობით, ოჯახის წევრებთან კომუნიკაციის შესაძლებლობა (მხედველობაშია პაემნის ყველა კატეგორია). შესაბამისად, ნათელია, რომ, მათ შორის, „საოჯახო პაემნის“ შემოღების შედეგად, პაემნებთან დაკავშირებული საერთო საკანონმდებლო სურათის მხედველობაში მიღებით, ქალი მსჯავრდებულებისთვის უზრუნველყოფილი პირობები ოჯახური კავშირების შენარჩუნების თვალსაზრისით არ არის უფრო უკეთესი დაბალი რისკის დაწესებულებაში განთავსებულ მამაკაც მსჯავრდებულებთან შედარებით და, რაოდენობრივად, მცირედით ჩამორჩება კიდეც მამაკაცებისთვის გათვალისწინებულ შესაბამისი საშუალებების რაოდენობას. ყოველივე ზემოაღნიშნული იმაზე მეტყველებს, რომ ქალი მსჯავრდებულებისათვის სადავო ნორმით უზრუნველყოფილი „საოჯახო პაემნის“ შემოღება ნამდვილად ემსახურებოდა, დაბალი რისკის დაწესებულებაში მოთავსებულ მამაკაც მსჯავრდებულებთან შედარებით, ნაკლებად კეთილმოსურნე de facto ვითარების შეცვლას, დისპროპორციის აღმოფხვრას და ქალი და მამაკაცი მსჯავრდებულების პირობების ერთმანეთთან დაახლოვებას ოჯახური კავშირების შენარჩუნების ინტერესების რეალიზებასთან მიმართებით. ამგვარად, „საოჯახო პაემნის“ შემოღება წარმოადგენდა არა ქალი მსჯავრდებულებისთვის რაიმე პრივილეგიის დაწესებას მამაკაც მსჯავრდებულებთან შედარებით, არამედ, de facto უთანასწორობის აღმოფხვრისაკენ მიმართულ სახელმწიფოს პოზიტიურ ქმედებას. შესაბამისად, სასამართლო იზიარებს მოპასუხის პოზიციას ამ საკითხზე. სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს იმასაც, რომ ამ პოზიტიურ ნაბიჯს ქალი მსჯავრდებულების სასარგებლოდ, არ მოჰყოლია ახალი დისპროპორცია და თანასწორობის დარღვევა მამაკაცთა საზიანოდ. უთანასწორობის აღმოფხვრისაკენ მიმართული ღონისძიება არ განხორციელებულა ექსცესიურად და არ გამოუწვევია მამაკაც მსჯავრდებულთა უკუდისკრიმინაცია. იგი განხორციელდა გონივრულ ფარგლებში, მხოლოდ იმ ზომით, რაც საჭირო იყო ობიექტურად არსებული უთანასწორო მდგომარეობის აღმოსაფხვრელად. საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქალი მსჯავრდებულებისათვის სადავო ნორმით გათვალისწინებული დამატებითი პაემნის შემოღების ობიექტური და გონივრული გამართლება არსებობდა, ხოლო საკანონმდებლო ღონისძიების შედეგად დამდგარი შედეგი პასუხობს როგორც დისკრიმინაციის, ისე უკუდისკრიმინაციის აკრძალვის მოთხოვნებს და არ არღვევს არსებითად თანასწორ სუბიექტებს შორის თანასწორი მოპყრობის ვალდებულებას.
34. დამატებით, საკონსტიტუციო სასამართლო უპასუხებს მოპასუხის მიერ საქმის არსებითი განხილვის დროს წამოყენებულ არგუმენტს იმის თაობაზე, რომ თუკი de facto უთანასწორო ვითარება არსებობდა ხანმოკლე პაემნებთან მიმართებაში, სახელმწიფოს შეეძლო, ახალი კატეგორიის ე.წ. „საოჯახო პაემანი“ კი არ შემოეღო მხოლოდ ქალი მსჯავრდებულებისათვის, არამედ, უბრალოდ, გაეზარდა მათთვის ხანმოკლე პაემნების რაოდენობა, რაკი მათ უფრო მსუბუქი რეჟიმის დაწესებულებაში გადასვლის შესაძლებლობა არ გააჩნდათ. ამასთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ ზემოხსენებული საკითხის მოწესრიგების სფეროში სახელმწიფოს გააჩნია შეფასების, პროგნოზირების და მიხედულების ფართო არეალი, ცხადია, პატიმართა უფლებების, მათი თანასწორუფლებიანობის გათვალისწინებით. ამ თვალსაზრისით, საზოგადოდ, საკონსტიტუციო სასამართლოს ამოცანას არ შეადგენს იმის შემოწმება, შეარჩია თუ არა კანონმდებელმა ყველაზე ოპტიმალური და მიზანშეწონილი გამოსავალი. სასამართლო იხილავს არსებულ მოცემულობას და ამ კონტექსტში, უფლებამოსილია, მხოლოდ ის შეაფასოს, თუ რამდენად არის დაცული გარე კონსტიტუციური ზღვარი და არის თუ არა ამ მიზნით შერჩეული ღონისძიება შეთავსებადი კონსტიტუციის მე-11 მუხლით განმტკიცებულ თანასწორობის უფლებასთან. მოცემულ საქმეში, სასამართლომ უკვე დაადასტურა გამოყენებული ღონისძიების თავსებადობა თანასწორობის კონსტიტუციურ მოთხოვნასთან, ხოლო ჰიპოთეზურად იმის დაშვება, რომ, სავარაუდოდ, არსებობდა უთანასწორობის აღმოფხვრის უფრო სწორი, ეფექტიანი, გონივრული ან სამართლიანი გზა, ვერ იქნება თავისთავად საკმარისი და არსებითი არგუმენტი შერჩეული ღონისძიების არაკონსტიტუციურობის საჩვენებლად.
35. ზემოხსენებულის გათვალისწინებით, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ნორმის მიზანს არ წარმოადგენდა პატიმრობაში მყოფი მამაკაცი მსჯავრდებულების დისკრიმინაცია და მას არც შედეგობრივად გამოუწვევია ასეთი მდგომარეობა. იგი მიზნად ისახავდა ქალი მსჯავრდებულებისთვის ობიექტური გარემოებებით განპირობებული ნაკლებად კეთილმოსურნე ვითარების გამოსწორებას ოჯახური კავშირების დაცულობის თვალსაზრისით და ბალანსის აღდგენას, ხოლო შერჩეული ღონისძიება წარმოადგენს ამ ლეგიტიმური მიზნის მიღწევის გამოსადეგ, აუცილებელ და პროპორციულ საშუალებას. გასაჩივრებული რეგულაცია ინარჩუნებს თავსებადობას თანასწორობის უმთავრეს, პრინციპულ მოთხოვნებთან და არ გულისხმობს, უპირატესობის მინიჭების გზით, გაუმართლებელ, თვითმიზნურ, განსხვავებულ მოპყრობას არსებითად თანასწორ სუბიექტებს შორის. საკონსტიტუციო სასამართლომ ვერ პოვა ვერანაირი საფუძველი, რომელიც სადავო ნორმის საფუძველზე, მსჯავრდებული მამაკაცების „საოჯახო პაემნის“ უფლებისგან გამორიცხვის არაკონსტიტუციურობაზე მიუთითებდა. შესაბამისად, სადავო ნორმა, ამ თვალსაზრისით, არ არღვევს თანასწორობის კონსტიტუციურ მოთხოვნებს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის გაგებით.
6. „საოჯახო პაემნით“ მოსარგებლე სუბიექტთა წრიდან ბრალდებული პირების გამორიცხვის კონსტიტუციურობა
36. სასამართლომ, მამაკაც მსჯავრდებულებთან მიმართებით სადავო ნორმის კონსტიტუციურობის შეფასებისას უკვე მიუთითა, რომ სამართლის წინაშე თანასწორობის უფლება არ ირღვევა, თუკი პირთა ჯგუფების მიმართ განსხვავებულ მოპყრობას გააჩნია ობიექტური და გონივრული საფუძველი. განსახილველ შემთხვევაში დიფერენციაცია კონკრეტული ტიპის პაემანთან (სადავო ნორმით გათვალისწინებულ „საოჯახო პაემანთან“) მიმართებით, უკავშირდება შესადარებელ პირთა განსხვავებულ საპროცესო სტატუსს, კერძოდ, ორივე სქესის ბრალდებულებს, ვის მიმართაც ჯერ სასამართლოს განაჩენი გამოტანილი არ არის და მსჯავრდებულ ქალებს, ვინც სასამართლოს განაჩენით უკვე ცნობილია დამნაშავედ. შესაბამისად, ვინაიდან დიფერენცირება ხორციელდება პირთა ჯგუფის სამართლებრივი სტატუსის ნიშნით, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლში სახელდებით მოხსენიებული არ არის, სახეზე არ არის დიფერენცირების შესაფასებლად მკაცრი ტესტის გამოყენების პირველი საფუძველი. ამასთან, სასამართლო უარყოფს, რომ ქალ მსჯავრდებულებისა და მამაკაც ბრალდებულების შესადარებელ ჯგუფებში დიფერენციაციის ნიშანი, სტატუსთან ერთად, სქესიც არის. მართალია, ეს ჯგუფები სქესითაც განსხვავდებიან ერთმანეთისგან, მაგრამ დიფერენცირებული მოპყრობა მოცემულ მიმართებაში მხოლოდ მათ განსხვავებულ სამართლებრივ სტატუსს უკავშირდება და არა, იმავდროულად, მათ სქესობრივ კუთვნილებას, რაზეც ის გარემოებაც მეტყველებს, რომ ქალი ბრალდებულებიც გამორიცხული არიან „საოჯახო პაემნით“ მოსარგებლე სუბიექტთა წრიდან და არა მხოლოდ მამაკაცი ბრალდებულები.
37. როდესაც სადავო ნორმით დადგენილი დიფერენცირება არ უკავშირდება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლით გათვალისწინებულ რომელიმე კლასიკურ ნიშანს, სასამართლოს მიერ მკაცრი შეფასების ტესტის გამოყენებადობა დამოკიდებული ხდება დიფერენცირების ინტენსივობაზე. საკონსტიტუციო სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით, დიფერენცირების ინტენსივობის განსაზღვრისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება იმას, თუ „არსებითად თანასწორი პირები რამდენად მნიშვნელოვნად განსხვავებულ პირობებში იმყოფებიან, დიფერენცირება რამდენად მკვეთრად დააცილებს ამ უკანასკნელთ კონკრეტულ საზოგადოებრივ ურთიერთობებში მონაწილეობის თანაბარი შესაძლებლობებიდან“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 11 ივნისის №1/3/534 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ტრისტან მამაგულაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-25).
38. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებული პირები (როგორც ქალი ასევე მამაკაცი) გამორიცხული არიან „საოჯახო პაემნით“ მოსარგებლე სუბიექტთა წრიდან და პირთა აღნიშნული წრე, განსხვავებით ქალი მსჯავრდებულებისგან, სრულად მოკლებულია შესაძლებლობას, ოჯახის წევრებთან კონტაქტი იქონიოს სადავო ნორმით გათვალისწინებული „საოჯახო პაემნის“ საფუძველზე. ამის მიუხედავად, საკონსტიტუციო სასამართლო, უპირობოდ, დადასტურებულად ვერ მიიჩნევს დიფერენციაციის ინტენსიურ ბუნებას და ვერ მიემხრობა მკაცრი ტესტის გამოყენებას, რადგან მოცემულ შემთხვევაში, გამართლებულად მიაჩნია საერთო ვითარებისა და კონტექსტის გათვალისწინება, რომლითაც ხასიათდება ბრალდებულებისა და მსჯავრდებულებისათვის უზრუნველყოფილი ოჯახური კავშირების შესაძლებლობები. სასამართლომ წინამდებარე გადაწყვეტილებაში უკვე გამოიკვლია „საოჯახო პაემნის“ შინაარსი, ბუნება და აღნიშნა, რომ იგი კანონმდებლობით გათვალისწინებული „ხანმოკლე პაემნის“ მსგავსია (იხ. გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის 29-ე პარაგრაფი). ხანმოკლე პაემნის ფარგლებში ბრალდებულებს უფლება აქვთ, შეხვდნენ და შინაარსიანი კონტაქტი დაამყარონ, მათ შორის, ოჯახის წევრებთან. როგორც ზემოთ აღნიშნა, ერთგვაროვანია პაემანზე მონიტორინგის მეთოდიც და ორივე მათგანი ხორციელდება ვიდეო მეთვალყურეობით. განსხვავებულია მხოლოდ პაემნის დროის ხანგრძლივობა - 1 საათი. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც შესადარებელი ჯგუფებისთვის უზრუნველყოფილია ოჯახის წევრებთან შეხვედრების ძალზე მსგავსი შესაძლებლობები, „ხანმოკლე“ და „საოჯახო“ პაემნების სახით, საკუთრივ პაემნის განსხვავებული სახელწოდება ვერ დაედება საფუძვლად განსხვავებული მოპყრობის ინტენსიურად მიჩნევას. შესაბამისად, სასამართლო იმ აზრისაა, რომ სადავო ნორმით გამოწვეული დიფერენცირების ინტენსივობა, ბრალდებულებთან მიმართებით, არ არის მაღალი ხარისხის, რომელიც მკაცრი ტესტის გამოყენების საჭიროებას თვალნათლივს გახდიდა. ასე რომ, საკონსტიტუციო სასამართლო უთანასწორო მოპყრობის გამართლებულობას რაციონალური დიფერენცირების ტესტის საფუძველზე შეამოწმებს.
39. როდესაც საკონსტიტუციო სასამართლო დიფერენცირებული მოპყრობის კონსტიტუციურ-სამართლებრივ გამართლებულობას იკვლევს რაციონალური ტესტის საფუძველზე, საჭიროა, „სადავო ნორმამ დააკმაყოფილოს რაციონალური დიფერენცირების ტესტის მოთხოვნები, რომლის მიხედვითაც ა) საკმარისია დიფერენცირებული მოპყრობის რაციონალურობის დასაბუთება, მათ შორისაა შემთხვევა, როდესაც აშკარაა დიფერენციაციის მაქსიმალური რეალისტურობა, გარდუვალობა ან საჭიროება; ბ) რეალური და რაციონალური კავშირის არსებობა დიფერენციაციის ობიექტურ მიზეზსა და მისი მოქმედების შედეგს შორის“ (საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის №1/1/493 გადაწყვეტილება საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები: „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-6). შესაბამისად, განსახილველ საქმეზე უნდა დადგინდეს სადავო ნორმით დადგენილი დიფერენციაციის საჭიროება და ის გარემოება, არსებობს თუ არა რეალური და რაციონალური კავშირი დიფერენციაციის ობიექტურ მიზეზსა და სადავო ნორმების მოქმედებით მიღწეულ შედეგს შორის.
40. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განხილვის სხდომაზე, როგორც საქართველოს პარლამენტის, ასევე საჯარო უწყების წარმომადგენელმა, სადავო ნორმით გათვალისწინებული განსხვავებული მოპყრობის ლეგიტიმურ მიზნად ეფექტიანი გამოძიებისა და მართლმსაჯულების განხორციელების ინტერესების დაცვა დაასახელეს. კერძოდ, მათი პოზიციით, ბრალდებულისთვის, რომლებიც ისედაც სარგებლობენ ხანმოკლე პაემნის უფლებით, დამატებით, სადავო ნორმით გათვალისწინებული „საოჯახო პაემნის“ უფლების მინიჭება დააზარალებს გამოძიების იმ ინტერესს, რომელიც კონკრეტულ შემთხვევაში საფუძვლად დაედო ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას. ეს შეიძლება იყოს ბრალდებულის მიმალვის, მის მიერ მოწმეებზე ზემოქმედების, მტკიცებულებების განადგურების საფრთხეების ან/და ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილების საჯარო ინტერესი.
41. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის შედეგიანად წარმართვა, ისევე როგორც მართლმსაჯულების ეფექტიანად განხორციელება, წარმოადგენს საზოგადოებისათვის მნიშვნელოვან, მისი თითოეული წევრის უპირობო ინტერესს, რამდენადაც დანაშაულზე სათანადო რეაგირება ემსახურება საზოგადოებრივი უსაფრთხოების, წესრიგის, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას. შესაბამისად, სახელმწიფოს პასუხისმგებლობა და ვალდებულებაა, უზრუნველყოს იმგვარი სისტემის არსებობა, რომლის ფარგლებშიც ეფექტიანად წარიმართება სისხლის სამართლის საქმის გამოძიება და სამართლიანად აღსრულდება მართლმსაჯულება.
42. ამ თვალსაზრისით, საზოგადოდ, პენიტენციურ დაწესებულებაში ბრალდებულების და მსჯავრდებულებისთვის ვერ იქნება ერთნაირი უფლებრივი რეჟიმი დაწესებული, რადგან გარე სამყაროსთან ბრალდებულების ნებისმიერი კომუნიკაცია მომეტებულ რისკებს შეიცავს გამოძიების ინტერესებისთვის. შესაბამისად, რაც მეტია კომუნიკაცია, მით მეტია გამოძიებისათვის საფრთხის შექმნის რისკიც. ამიტომ სახელმწიფოს მიზანი ვერ იქნება იმაზე კონცენტრირებული, რაც შეიძლება ფართოდ უზრუნველყოს ბრალდებულის კონტაქტები, რადგან ყოველი კონტაქტი გამოძიების ინტერესებისთვის პოტენციური საფრთხის შემცველია. ის გარემოება, რომ ბრალდებულებს აქვთ ხანმოკლე პაემნის უფლება, იმით აიხსნება, რომ ბრალდებული პატიმრის ოჯახისგან სრული იზოლაცია დაუშვებელია და მნიშვნელოვანია, რომ მან შეინარჩუნოს თავის ოჯახთან ურთიერთობის გარკვეული შესაძლებლობები ისე, რომ მინიმუმამდე იყოს დაყვანილი გამოძიებისა და მართლმსაჯულების ინტერესებისთვის ხელის შეშლის რისკი, მაშინ, როდესაც მსჯავრდებულებთან მიმართებით, ეს რისკები აღარ არსებობს. მსჯავრდებულთან მიმართებით სახელმწიფოს ვალდებულება იმით გამოიხატება, რომ გონივრულ ფარგლებში და სახელმწიფო რესურსების გათვალისწინებით, რაც შეიძლება მეტი კომუნიკაცია უზრუნველყოს პატიმრებისათვის ისე, რომ საფუძველი არ გამოეცალოს სასამართლოს მიერ დანიშნული თავისუფლების აღკვეთის სასჯელის არსსა და დანიშნულებას. მხედველობაში ის გარემოებაც არის მისაღები, რომ ბრალდებულებს ხანმოკლე პაემნის უფლება არ ეკუთვნით უპირობოდ, მისი შეზღუდვა დასაშვებია გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე. მართალია, ყველა პატიმარ პირს - ბრალდებულებს და მსჯავრდებულებს - ოჯახთან კონტაქტის ინტერესი ერთნაირად გააჩნიათ, მაგრამ ამ საკითხში მათდამი განსხვავებული მოპყრობის ლეგიტიმური საფუძვლებიც არსებობს. მოცემულ შედარებითსამართლებრივ კონტექსტში, საკონსტიტუციო სასამართლო ბრალდებულებზე „საოჯახო პაემნის“ უფლების გაუვრცელებლობას აფასებს, როგორც მომეტებულ რისკზე უარის თქმას, რაც გამოძიებისა და მართლმსაჯულების ეფექტიანად განხორციელების ხელშეშლას უკავშირდება. ამდენად, გამოძიების ინტერესების დაცვის მოტივი, ისევე როგორც მართლმსაჯულების ეფექტიანი განხორციელება, მნიშვნელოვანი, ღირებული კონსტიტუციური სიკეთეებია, რომელთა დასაცავადაც დასაშვებია პატიმრობაში მყოფი ბრალდებული პირებისათვის მსჯავრდებული პატიმრებისაგან განსხვავებული უფლებრივი რეჟიმის დაწესება გარე სამყაროსთან, მათ შორის, ოჯახის წევრებთან კონტაქტის თვალსაზრისით.
43. ზოგადად, სისხლისსამართლებრივი დევნის წარმოება და გამოძიების მიმდინარეობა კომპლექსური და დინამიკური პროცესია, რომლის განმავლობაშიც გამოძიების ინტერესების დაცვა მრავალი ფაქტორის ერთობლიობაზეა დამოკიდებული. გამოძიების ინტერესებსა და სათანადოდ წარმართვაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ბრალდებულისთვის იმ შესაძლებლობის აღკვეთა, რომ მან მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედების, მტკიცებულებათა განადგურებისა თუ ახალი დანაშაულის ჩადენის გზით, ხელი შეუშალოს გამოძიების ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად ჩატარებას ისევე, როგორც სასამართლო განხილვის სათანადოდ განხორციელებას. აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებაც ზუსტად ამ საფრთხეების დაძლევისკენ არის მოწოდებული. ყოველივე ეს იმის პრეზუმფციას გულისხმობს, რომ რაკი ბრალდებულ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული, მაშასადამე, სასამართლოს მხრიდან დანახული იქნა ამ პირის მიმალვის, მისი მხრიდან მოწმეებზე ზემოქმედების, მტკიცებულებათა განადგურებისა თუ ახალი დანაშაულის ჩადენის გარკვეული რისკი. შესაბამისად, გარე სამყაროსთან ასეთი პირების ყოველი კონტაქტი პოტენციურად ზრდის ამ რისკს. სადავო ნორმით გათვალისწინებული „საოჯახო პაემნის“ უფლების პატიმრობაშეფარდებულ ბრალდებულებზე გაუვრცელებლობის ლეგიტიმური მიზანიც სწორედ ამ საფრთხეებისა და რისკების შემცირებას უკავშირდება, რაც აძლიერებს და თვალსაჩინოს ხდის იმ არგუმენტს, რომ გასაჩივრებული რეგულაციის საფუძველზე დადგენილი შეზღუდვა ლოგიკურად უკავშირდება დადგენილი დიფერენცირებით მისაღწევ ლეგიტიმურ მიზანს, ამცირებს პოტენციურ საფრთხეს და ამ გზით ხელს უწყობს გამოძიებისა და მართლმსაჯულების ეფექტიანად წარმართვის ინტერესებს.
44. საკონსტიტუციო სასამართლო არ უარყოფს, რომ, მსჯავრდებულისა და ბრალდებულის რეაბილიტაციისა და რეინტეგრაციის პროცესში მათ გარე სამყაროსთან/ოჯახის წევრებთან კონტაქტს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ოჯახის წევრებთან შინაარსიანი ურთიერთობა ეხმარება პატიმრებს ოჯახთან მჭიდრო კავშირის შენარჩუნებაში. მათთან რეგულარული კონტაქტები ხელს უწყობს პატიმარს, მუდამ აცნობიერებდეს ოჯახის წინაშე პასუხისმგებლობას მათ შორის, საპატიმრო ადგილის დატოვების შემდეგ. ამ ურთიერთობის შენარჩუნება პატიმრებს საშუალებას აძლევს, მონაწილეობა მიიღონ ოჯახურ და საზოგადოებრივ ცხოვრებასთან დაკავშირებულ დისკუსიებსა და გადაწყვეტილებებში, რაც ამცირებს მათი იზოლირებულობის ხარისხს და ზრდის საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი თანამონაწილეობის ფარგლებს, აგრძნობინებს თავს ოჯახისა და საზოგადოების სრულყოფილ წევრად. ამავდროულად, ოჯახის წევრებთან კონტაქტის შენარჩუნება და მათთან ინტერპერსონალური ურთიერთობები მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური თვალსაზრისითაც, პატიმრებისა და, იმავდროულად, მათი ოჯახის წევრების სულიერი კეთილდღეობისთვის. ამ თვალსაზრისით, როგორც აღინიშნა, ბრალდებულები, რომელთაც აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ და იმყოფებიან პენიტენციურ დაწესებულებაში, სარგებლობენ ხანმოკლე პაემნის უფლებით. საკონსტიტუციო სასამართლომ წინამდებარე გადაწყვეტილებაშიც უკვე დაადგინა, რომ ხანმოკლე პაემანი მასში მონაწილე სუბიექტების, დროითი ხანგრძლივობისა და კონტროლის მექანიზმების გათვალისწინებით, არსობრივად არ განსხვავდება „საოჯახო პაემნისგან“ (იხ. გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის 29-ე პარაგრაფი).
45. თუმცა სადავო ნორმის კონსტიტუციურობაზე მსჯელობისას სასამართლოსთვის ამოსავალი ვერ იქნება „საოჯახო პაემნის“ არსებითად მსგავსი პაემნების უზრუნველყოფის ფაქტი ბრალდებულებისათვის. სასამართლო ვერ მოახდენს იმის უგულებელყოფას, რომ შესადარებელი ჯგუფები (ქალი მსჯავრდებულები) და ორივე სქესის ბრალდებული პირები (მიუხედავად იმისა, რომ ყველანი პატიმრები არიან და ოჯახური კონტაქტების შენარჩუნების თანაბარი ინტერესი გააჩნიათ, რის გამოც ისინი სასამართლომ არსებითად თანასწორ პირებად მიიჩნია), განსხვავებულ მდგომარეობაში იმყოფებიან. ამ ვითარებათა განსხვავებულობა განსხვავებულ ღირებულებათა კონფლიქტებს გულისხმობს და, მათ შორის, იმასაც განაპირობებს, რომ მათი ოჯახური ცხოვრების უფლებაში ჩარევის გამართლებულობა ჩარევის სხვადასხვა ინტენსიურობას შეიძლება უკავშირდებოდეს, ჩარევის ხარისხისა თუ ბუნების მხედველობაში მიღებით. კერძოდ, თუ მსჯავრდებულ პატიმრებთან მიმართებით ოჯახური ცხოვრების უფლებაში ჩარევის გამამართლებელი საფუძვლები უკავშირდება თავისუფლების აღკვეთის სასჯელის მიზნებსა და სახელმწიფო რესურსების საკითხებს, ბრალდებულ პატიმრებთან მიმართებით წამყვანი ლეგიტიმური საფუძველი სისხლისსამართლებრივი გამოძიებისა და სასამართლო პროცესის იმ საფრთხეებისგან დაცვაა, რომელიც ბრალდებულის თავისუფლებაში ყოფნამ შეიძლება ამ ინტერესებს შეუქმნას. სწორედ ამიტომ მიიჩნევს საკონსტიტუციო სასამართლო, რომ შედარებით ასპექტში, ლოგიკურია, რომ შეიძლება არსებობდეს ობიექტური და გონივრული გამართლება იმისა, რომ ბრალდებული პატიმრის ოჯახური კავშირები უფრო მაღალი ხარისხით იყოს შეზღუდული, ვიდრე მსჯავრდებული პატიმრებისა, ვის მიმართაც უკვე განაჩენი არის დადგენილი.
46. ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო წესის საფუძველზე დადგენილი დიფერენცირება ქალ მსჯავრდებულებსა და ორივე სქესის ბრალდებულებს შორის, როდესაც ამგვარი საჭიროება გამომდინარეობს ობიექტური გარემოებებიდან, უნდა ჩაითვალოს ლოგიკური და რაციონალური მექანიზმის გამოყენებად სახელმწიფოს მხრიდან, რომელიც ვალდებულია, არ დაუშვას გამოძიების ინტერესებისთვის, ისევე როგორც მართლმსაჯულების ჯეროვნად განხორციელებისთვის საფრთხის შექმნა. ამდენად, დაწესებული უთანასწორო მოპყრობა ქალ მსჯავრდებულებსა და ბრალდებულ პირებს შორის ნამდვილად ხელს უწყობს მოპასუხის მიერ დასახელებული ლეგიტიმური მიზნის მიღწევას. შესაბამისად, არსებითად თანასწორ პირებს შორის დადგენილ დიფერენცირებულ მოპყრობას გააჩნია რაციონალური საფუძველი.
47. ამავდროულად, საკონსტიტუციო სასამართლოს სურს, ყურადღება გაამახვილოს მოპასუხის მიერ საქმის არსებითი განხილვის დროს გაკეთებულ განმარტებაზე, რომ სადავო ნორმის საფუძველზე ბრალდებულების გამორიცხვა „საოჯახო პაემნის“ უფლებით სარგებლობისგან, ინტენსიურად ზღუდავს მათი ოჯახური ცხოვრების დაცულობის კონსტიტუციურ უფლებას და, ამავდროულად, ბლანკეტურად დადგენილი აკრძალვის პირობებში, იგი, თავისთავად, წარმოშობს კონსტიტუციურსამართლებრივ წინააღმდეგობას სამართლის წინაშე ყველა ადამიანის თანასწორობის უფლებასთან. სწორედ ამ არგუმენტებზე დაყრდნობით ითხოვდა მოპასუხე მხარე გასაჩივრებული რეგულაციით დადგენილი დიფერენცირებული მოპყრობის კონსტიტუციურობის შეფასებას მკაცრი ტესტის გამოყენების ფარგლებში. ამიტომაც, საკონსტიტუციო სასამართლოს რელევანტურად ესახება, პასუხი გასცეს მოპასუხის თითოეულ არგუმენტს სადავო ნორმით დაწესებული შეზღუდვის სავარაუდო ინტენსივობასა და ბლანკეტურობასთან დაკავშირებით. კერძოდ, ერთი მხრივ, საქმე შეეხება პასუხს კითხვაზე - ქალ მსჯავრდებულებსა და ბრალდებულ პირებს შორის დადგენილი უთანასწორო მოპყრობა შესაძლო ინტენსიურობის გათვალისწინებით, რამდენად განსხვავებული სტანდარტით უზრუნველყოფს პატიმრობაში მყოფი შესადარებელი ჯგუფების ოჯახური ცხოვრების კონსტიტუციური უფლებით სარგებლობას და ლეგიტიმური ინტერესის არსებობის მიუხედავად, ხომ არ ქმნის სადავო ნორმის კონსტიტუციურობის პრობლემას (რასაც ნაწილობრივ გასცა პასუხი სასამართლომ), ხოლო, მეორე მხრივ, ბრალდებულთა გამორიცხვა „საოჯახო პაემნის“ უფლებით სარგებლობისგან არის თუ არა ბლანკეტური და რამდენად იძლევა სადავო წესი ინდივიდუალური გარემოებების შეფასების შედეგად გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას. ამავდროულად, ხომ არ ზღუდავს ის ბრალდებულთა უფლებებს იმაზე მეტად, ვიდრე ეს აუცილებელია ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო რაციონალური დიფერენცირების ტესტის მიღმა, ქალ მსჯავრდებულებსა და ბრალდებულებს შორის დაწესებული უთანასწორო მოპყრობის ობიექტურ და გონივრულ გამართლებულობას, მოპასუხის არგუმენტებზე პასუხის გაცემით, ასევე შეაფასებს მკაცრი ტესტის ფარგლებში. ამ კონტექსტში საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაადგინოს, უზრუნველყოფს თუ არა სადავო ნორმა სამართლიან ბალანსს დაპირისპირებულ ინტერესებს - პატიმრობაში მყოფი ბრალდებულის ოჯახური კავშირების შენარჩუნების ინტერესსა და გამოძიებისა და მართლმსაჯულების სათანადო წარმართვის საჯარო ინტერესს შორის. როგორც საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, „უფლების შეზღუდვისას კანონმდებელმა უნდა დაადგინოს სამართლიანი ბალანსი შეზღუდულ და დაცულ ინტერესებს შორის“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 ოქტომბრის №3/4/550 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნოდარ დვალი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-43).
48. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, განსხვავებული მოპყრობის ინტენსიურობის შეფასებისას, სასამართლოსთვის ამოსავალი უნდა იყოს არა ის გარემოება, რომ სადავო ნორმით გათვალისწინებული „საოჯახო პაემნის“ სახელწოდების პაემანი შესადარებელი ერთი ჯგუფისთვის უზრუნველყოფილია და მეორისთვის კი არა, არამედ საერთო ვითარება მთლიანობაში. კერძოდ, სასამართლომ უნდა გაარკვიოს, არის თუ არა ამ ორი ჯგუფისთვის ოჯახის წევრებთან არსობრივად მსგავსი და კანონით უზრუნველყოფილი შეხვედრების სიხშირე იმდენად განსხვავებული, რომ ერთ ჯგუფს ამყოფებს მეორესთან შედარებით აშკარად უპირატეს ან დაჩაგრულ მდგომარეობაში ოჯახური კავშირების შენარჩუნების თვალსაზრისით. ვინაიდან საკითხი შეეხება თანასწორობის კონტექსტს და შედარებით ასპექტს, სასამართლო არ დგას იმ ამოცანის წინაშე, აბსოლუტურ განზომილებაში შეაფასოს, არის თუ რა ბრალდებული ან მსჯავრდებული პირებისთვის უზრუნველყოფილი საოჯახო შეხვედრების ბუნება და სიხშირე შესაბამისობაში პატიმრების პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლებასთან კონსტიტუციის მე-15 მუხლის გაგებით და არც მოსარჩელეს დაუყენებია ეს საკითხი. თუმცა, ცხადია, რომ თანასწორობის სამართლებრივი საკითხი ყოველთვის შეეხება სწორედ ამა თუ იმ უფლებასთან მიმართებით პირთა ან პირთა ჯგუფების თანასწორობას, როგორც ეს მოცემულ შემთხვევაშია და ეს ასპექტი არაპირდაპირ მაინც მონაწილეობს თანასწორობის საკითხზე მსჯელობისას. ამიტომ სასამართლო შემოიფარგლება იმის აღნიშვნით, რომ ბრალდებული პირებისათვის კანონმდებლობით უზრუნველყოფილი ხანმოკლე პაემნების რაოდენობა (1 თვის განმავლობაში, არა უმეტეს 4 ხანმოკლე პაემანი), რომელიც არსობრივად არ განსხვავდება „საოჯახო პაემნისაგან“, prima facie, აბსოლუტურ განზომილებაში არ არის ისეთი ცოტა, რომელიც შეუძლებელს გახდიდა ოჯახური კავშირების შენარჩუნებას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის პერიოდში. ხოლო შედარებით განზომილებაში კი, ის მკვეთრად არ აცილებს შესადარებელ სუბიექტებს ზემოხსენებული კონსტიტუციური უფლებით სარგებლობისგან. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც საოჯახო პაემანი ბრალდებულებისათვის ჩანაცვლებადია ხანმოკლე პაემნით, დაწესებული შეზღუდვა არ არის ისეთი ინტენსიური ბუნების, რომ ქალი მსჯავრდებულებისგან განსხვავებით, ბრალდებულთა პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლებას გამოაცალოს ყოველგვარი შინაარსი, მისით სარგებლობა გახადოს ილუზორული და არ დააკმაყოფილოს ის მინიმალური გარანტიები, რაც ამ უფლებით არის ყოველ დემოკრატიულ სახელმწიფოში აღიარებული.
49. რაც შეეხება საკუთრივ „საოჯახო პაემნის“ ბლანკეტურ გაუვრცელებლობას ყველა ბრალდებულზე და მოსარჩელის მოსაზრებას, რომ სავარაუდო რისკებისა და საფრთხეების გათვალისწინება ხანმოკლე პაემნის მსგავსად, აქაც თითოეულ პატიმართან მიმართებით ინდივიდუალურ შეფასებას უნდა ექვემდებარებოდეს, სასამართლო აღნიშნავს შემდეგს: საზოგადოდ, პატიმრობაში ყოფნის ფაქტი, უკვე არის ობიექტური მიმანიშნებელი, რომ გამოძიების ინტერესების დამაზიანებელი საფრთხე, ინდივიდუალურ შემთხვევაში, კონკრეტულ ბრალდებულთან მიმართებით უკვე არსებობს, ვინაიდან სწორედ ამგვარი საფრთხეების სასამართლოს წინაშე დადასტურებაა საჭირო, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის გამოყენებისთვის. შესაბამისად, ივარაუდება, რომ თუკი ბრალდებულს პატიმრობა აქვს შეფარდებული, მაშასადამე, საფრთხე არსებობს და ეს სწორედ ინდივიდუალური შეფასების საგანი იყო. შესაბამისად, სასამართლო ვერ დაეთანხმება მოპასუხეს, რომ დაწესებული შეზღუდვა ბლანკეტურობის გამო ინდივიდუალური შემთხვევის თავისებურებებს არ ითვალისწინებს. როგორც ზემოთაც აღინიშნა, ზემოხსენებული ინდივიდუალური გარემოებები გამოკვლეულია სასამართლოს მიერ და სწორედ მათი არსებობა (მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედების, მტკიცებულებების განადგურების ან/და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე) უდევს საფუძვლად, აღკვეთის ღონისძიების სახით, კონკრეტული ღონისძიების - პატიმრობის გამოყენებას და მის საფუძველზე ბრალდებულისთვის თავისუფლების შეზღუდვას.
50. იმ საფრთხეების არსებობა, რომლებიც პატიმრობის საფუძველია, ინდივიდუალური შეფასების საგანი რომ არის, ამას ის გარემოებაც ადასტურებს, რომ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა და, ზოგადად, მისი შემდგომი გამოყენებადობის აუცილებლობა, მუდმივი ინდივიდუალური მონიტორინგის საგანია სასამართლოს მხრიდან. კერძოდ, ბუნებრივია, არ გამოირიცხება, რომ ის კონკრეტული საფრთხე, რომლის არსებობის ფაქტიც საფუძვლად დაედო ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას, გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ აღარ არსებობდეს. ასეთ დროს ბრალდებულის პატიმრობაში ყოფნის აუცილებლობასაც ეცლება ლეგიტიმური საფუძველი. მოცემულ შემთხვევაში, ერთი მხრივ, ბრალდებულს შეუძლია დააყენოს შუამდგომლობა სასამართლოს წინაშე, შეფარდებული პატიმრობა შეეცვალოს უფრო მსუბუქი სახის აღკვეთის ღონისძიებით, ხოლო, მეორე მხრივ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოსამართლეც ვალდებულია, პირველივე წინასასამართლო სხდომაზე, თავისი ინიციატივით, განიხილოს პატიმრობის ძალაში დატოვების აუცილებლობის საკითხი, მიუხედავად იმისა, დააყენა თუ არა მხარემ შუამდგომლობა პატიმრობის შეცვლის ან გაუქმების შესახებ. ამის შემდეგაც, სასამართლო ვალდებულია, თავისი ინიციატივით, ორ თვეში ერთხელ მაინც განიხილოს პატიმრობის ძალაში დატოვების აუცილებლობის საკითხი. თავის მხრივ, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 2301 მუხლის თანახმად, „თუ ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობაა გამოყენებული, სასამართლო სხდომის თავმჯდომარე განაჩენის გამოტანამდე თავისი ინიციატივით პერიოდულად, ორ თვეში ერთხელ მაინც განიხილავს აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობის ძალაში დატოვების აუცილებლობის საკითხს. ეს ორთვიანი ვადა აითვლება წინასასამართლო სხდომის მოსამართლის მიერ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობის ძალაში დატოვების შესახებ გადაწყვეტილების მიღების დღიდან. ამ ნაწილით გათვალისწინებული საკითხის გადაწყვეტისას სასამართლო ხელმძღვანელობს ამ კოდექსის 206-ე მუხლით დადგენილი წესითა და სტანდარტით.“ ამგვარად, დასახელებული ნორმები ავალდებულებს სასამართლოს, სავალდებულო წესით, თვითინიციატივის საფუძველზე გადასინჯოს პატიმრობის მიზანშეწონილობა ყოველ ორ თვეში ერთხელ. ამასთან, ეს იმას არ გულისხმობს, თითქოს მოსამართლეს არ შეუძლია, უფრო მცირე ინტერვალებითაც განახორციელოს ასეთი შეფასება. ამგვარად, კანონმდებლობით უზრუნველყოფილია პროცესუალური შესაძლებლობები, სისტემატურად მოწმდებოდეს ბრალდებულის პატიმრობაში დატოვების აუცილებლობა, რაც სწორედ ზემოთ მითითებული საფრთხეების შემოწმებას გულისხმობს. თუ შუამდგომლობა დაკმაყოფილდება ან სასამართლო საკუთარი ინიციატივით მივა კონკრეტულ დასკვნამდე, რომ არ არსებობს პატიმრობის გამოყენების არც ერთი საფუძველი, ბრალდებული თავისუფლდება და მისი ოჯახური ცხოვრების უფლებებში ჩარევაც წყდება. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ კონკრეტული საფრთხე/საფრთხეები კვალავ აქტუალურია, იგი არ აკმაყოფილებს შუამდგომლობას ან საკუთარი ინიციატივით შეფარდებული პატიმრობის გადასინჯვისას გადაწყვეტს, რომ ბრალდებული უნდა დარჩეს პატიმრობაში, ასეთ დროს, მიღებული გადაწყვეტილება ისევ ინდივიდუალურ პატიმართან დაკავშირებული კონკრეტული საფრთხეების არსებობის შეფასებას ეფუძნება. ამრიგად, სასამართლო ხაზს უსვამს, რომ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული ყოველი პატიმრობა, ინდივიდუალური შეფასების საგანი და მუდმივად გადამოწმებადი გარემოებაა. შესაბამისად, რაკი ყოველი შეფარდებული პატიმრობა სწორედ დასახელებულ საფრთხეებს უკავშირდება, ამიტომ ბრალდებული პატიმრების ოჯახური ცხოვრების უფლებაში ჩარევებიც, მათ შორის, სადავო ნორმით გათვალისწინებული „საოჯახო პაემნის“ უფლების შეზღუდვაც, მხოლოდ ამგვარი საფრთხეების არსებობის შემთხვევაშია სამართლებრივად დაშვებული. ასეთი ლოგიკური და მიზეზ-შედეგობრივი ჯაჭვი, ერთი მხრივ, გამორიცხავს სადავო შეზღუდვის ბლანკეტურ ხასიათს (იმ გაგებით, რომ იგი ინდივიდუალურ შეფასებას არ ეყრდნობა), მეორე მხრივ, თავისთავად მიუთითებს განსხვავებული მოპყრობის ნაკლებ ინტენსიურ ბუნებაზე, ხოლო, მესამე მხრივ, მინიმუმამდე ამცირებს ბრალდებულის ოჯახური ცხოვრების უფლებაში იმაზე მეტად ჩარევის ალბათობას, რაც აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის პირობებისათვის შესაბამისი საფრთხეების გათვალისწინებით შეიძლება იყოს დასაშვები.
51. სასამართლო ასევე უპასუხებს მოსარჩელის არგუმენტს, რომ საფრთხეების რეალიზაცია შეიძლება მოხდეს ოჯახის წევრებთან ბრალდებულების ხანმოკლე პაემნის დროსაც. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ რაკი უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, ხანმოკლე პაემნის უფლება პროკურორის ან გამომძიებლის დადგენილების საფუძველზე შეიძლება შეიზღუდოს, შესაბამისად, შესაძლებელია, ანალოგიურად გადაწყვეტილიყო საკითხი „საოჯახო პაემანთან“ დაკავშირებითაც. საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, თავისთავად, ამ გარემოებაზე აპელირება ვერ გახდება ვერც სადავო ნორმის ბლანკეტურობის, ვერც ჩარევის ინტენსიურობისა და ვერც მისი არაკონსტიტუციურობის მტკიცებისთვის თვითკმარი არგუმენტი. სასამართლომ ზემოთ უკვე ისაუბრა იმაზე, გამოძიებისა და მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე, თუ რატომ შეიძლება იყოს პატიმარი ბრალდებულების ოჯახურ უფლებებში უფრო მეტი ჩარევა გამართლებული პატიმარ მსჯავრდებულებთან შედარებით (იხ. გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის 45-ე პარაგრაფი). დაცულობის აუცილებელი მინიმალური სტანდარტი ბრალდებულ პატიმრებთან მიმართებით ვერ იქნება ისეთივე, როგორიც ეს მსჯავრდებულ პატიმართან მიმართებაშია. სახელმწიფოს მოეთხოვება, არ დაუშვას ბრალდებულის სრული იზოლაცია გამოძიებასთან დაკავშირებული საფრთხეების მიუხედავად. ხანმოკლე პაემნის უფლება სწორედ ამ მიზანს ემსახურება, მაშინ, როდესაც მსჯავრდებული პატიმრების ოჯახური ცხოვრების უფლების შეზღუდვის რაიმე დამატებითი ლეგიტიმური საფუძველი, გარდა იმისა, რაც თავისუფლების აღკვეთის სასჯელის მიზნების ეფექტიან განხორციელებას და სახელმწიფო რესურსების საკითხებს უკავშირდება, არ არსებობს. ცხადია, გამოძიებისათვის ხელის შეშლის საფრთხე ხანმოკლე პაემნის შემთხვევაშიც არსებობს, მაგრამ საფრთხის აღკვეთის მიზანი ვერ გაამართლებს ბრალდებულის სრულ იზოლაციაში მოქცევას, ისევე, როგორც „საოჯახო პაემნის“ შეზღუდვაც, საფრთხის აღკვეთას კი არ ისახავს მიზნად, არამედ მის შემცირებას. თავის მხრივ, მოსარჩელეს არ წარმოუდგენია რელევანტური არგუმენტაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ბრალდებულის სრული იზოლაციის აკრძალვის მიზნის მიღწევა, მისთვის სადავო ნორმით გათვალისწინებული ე.წ. „საოჯახო პაემნის“ უზრუნველყოფის გარეშე შესაძლებელი არ არის.
52. სასამართლო მართებულად მიიჩნევს, მხედველობაში მიიღოს მოპასუხის მითითება იმის თაობაზე, რომ სადავო ნორმით დადგენილი შეზღუდვის (როგორც მამაკაცი მსჯავრდებულების, ასევე ქალი/მამაკაცი ბრალდებულების მიმართ) არაკონსტიტუციურად ცნობა სახელმწიფოს ხელთ არსებული მწირი რესურსების ფონზე, დიდი ალბათობით, გამოიწვევს „საოჯახო პაემნის“ უფლების გაუქმებას ქალი მსჯავრდებულებისთვისაც. როგორც აღინიშნა, ხსენებული არგუმენტი მიემართება როგორც მამაკაცი მსჯავრდებულების, ასევე, ზოგადად, ბრალდებულების (ორივე სქესი) მიმართ უთანასწორო მოპყრობას. შესაბამისად, მოპასუხის ამ მითითებას ორივე შედარებითსამართლებრივ მიმართებაში სასამართლო ერთობლივად უპასუხებს. საზოგადოდ, საკონსტიტუციო სასამართლო პრინციპულად იზიარებს იმ მოსაზრებას, რომ სახელმწიფო რესურსების ნაკლებობა ვერ გაამართლებს ადამიანის უფლებათა დარღვევას, სახელმწიფოს უმოქმედობასა და პოზიტიური ვალდებულებების შეუსრულებლობას, ყოველგვარი პირობა შექმნას ამ უფლებათა ეფექტიანი სარგებლობისათვის. თუმცა, გარკვეულ შემთხვევაში, საკითხი შესაძლოა სხვაგვარად იდგეს. თუკი სახელმწიფო არსებითად თანასწორი ორივე შესადარებელი ჯგუფიდან ერთ-ერთ მათგანს რაიმე პრივილეგიას უწესებს რომელიმე მატერიალურ უფლებასთან მიმართებით ისეთ პირობებში, როდესაც ამ პრივილეგიის დაწესებამდე შესადარებელი ორივე ჯგუფისათვის ეს უფლების დაცულობისათვის მინიჭებული შესაძლებლობები აბსოლუტურ განზომილებაში საკმარისი იყო ამ უფლების დაცულად მიჩნევისათვის კონსტიტუციის გაგებით და არაკონსტიტუციურობა მხოლოდ დაცულობის განსხვავებული ხარისხით გამოიხატება, სახელმწიფოს არაფერი უშლის ხელს, თანასწორობა აღადგინოს როგორც პირველი მხარისათვის იგივე პრივილეგიის მინიჭებით, ისე მეორე მხარისათვის ამ პრივილეგიის ჩამორთმევით. ყოველ შემთხვევაში, იგი არ არის ვალდებული, სწორედ პირველ გზას მიმართოს. თუმცა იმგვარ შემთხვევაში, როდესაც ერთ-ერთი შესადარებელი ჯგუფის იგივე მატერიალური უფლება, რომელთან მიმართებაშიც ხდება ორი ჯგუფის შედარება, მეორე მხარისათვის პრივილეგიის მინიჭებამდეც, აბსოლუტურ განზომილებაში არ აკმაყოფილებდა დაცულობის კონსტიტუციურ სტანდარტებს, ცხადია, თანასწორობის აღდგენა მხოლოდ ამ ჯგუფისათვის იგივე პრივილეგიის მინიჭებით არის შესაძლებელი. სასამართლოს, ამ სარჩელის ფარგლებში, არსებითად არ უმსჯელია იმაზე, შესაბამება თუ არა ბრალდებული პატიმრების ან მსჯავრდებული პატიმარი მამაკაცებისთვის უზრუნველყოფილი საოჯახო კონტაქტები (აბსოლუტურ განზომილებაში) კონსტიტუციის მე-15 მუხლს. თუმცა სასამართლო ადასტურებს იმგვარი შედეგის შესაძლებლობას, რომ სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას, თუკი სასამართლო მიიჩნევდა, რომ ეს იყო გაუმართლებელი პრივილეგია და არა უთანასწორობის აღმოფხვრისაკენ მიმართული პოზიტიური ნაბიჯი (მამაკაც მსჯავრდებულებთან მიმართებით) და გამართლებული დიფერენციაცია გამოძიებასთან დაკავშირებული საფრთხეების გათვალისწინებით (ბრალდებულ პატიმრებთან მიმართებით), მართლაც შეიძლება, მოჰყოლოდა ქალი მსჯავრდებულებისათვის „საოჯახო პაემნის“ უფლების გაუქმება, სხვაგვარად - ფორმალური თანასწორობის აღდგენა ქალი მსჯავრდებულების უფლებრივი მდგომარეობის გაუარესების ხარჯზე და არა რეალური უფლებრივი თანასწორობის უზრუნველყოფა ან ლეგიტიმურ ინტერესთა სამართლიანი დაბალანსება.
53. საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ იგი არ იზიარებს „თანასწორობის“ ფორმალურ, არსებით შინაარსს მოკლებულ ვიწრო გაგებას და ვერ დაადასტურებს ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლებასთან მიმართებით თანასწორობის დარღვევას მხოლოდ ერთი რომელიმე ტიპისა თუ დასახელების პაემნის საფუძველზე, საერთო კონტექსტისა და კანონმდებლობით რეალურად უზრუნველყოფილი ოჯახური კონტაქტების ყველა შესაძლებლობის ერთობლივად მხედველობაში მიღების გარეშე. სასამართლო იმ აზრისაა, რომ „საოჯახო პაემნის“ მხოლოდ ქალი მსჯავრდებულებისათვის მინიჭება ნამდვილად უკავშირდებოდა მთელ რიგ ობიექტურ გარემოებებს, მათ შორის, ქალი მსჯავრდებულების რაოდენობრივ სიმცირეს და ძალზე მნიშვნელოვან რაოდენობრივ განსხვავებას მამაკაცებთან შედარებით, ამ მიზეზის გამო რისკის ხარისხის მიხედვით ქალთა განსხვავებული პენიტენციური დაწესებულებების არარსებობას და უფრო მსუბუქი რეჟიმის დაწესებულებაში ქალი მსჯავრდებულების გადასვლის შეუძლებლობას, ხოლო ბრალდებულებთან მიმართებაში კი - გამოძიებასთან დაკავშირებული საფრთხეების არსებობას და სხვა ობიექტურ მიზეზებს. სასამართლოს არ მიაჩნია, რომ ქალი მსჯავრდებულებისათვის ე.წ. „საოჯახო პაემნის“ უფლების შემოღებით, სახელმწიფო მამაკაცი მსჯავრდებულების ანდა ბრალდებული პატიმრების დისკრიმინაციას ისახავდა მიზნად ან რომ ამან არსებითად ასეთი შედეგი გამოიწვია. მიუხედავად მოპყრობის ერთგვარი განსხვავებულობისა, სასამართლო ვერ დარწმუნდა იმაში, რომ არსებობს სოლიდური საფუძველი სადავო ნორმის დისკრიმინაციულად მიჩნევისათვის როგორც მამაკაც მსჯავრდებულებთან, ისე ბრალდებულ პირებთან მიმართ გამოყენებული დიფერენცირებული მოპყრობის დროს, რომელიც პატიმრობის პირობებში „საოჯახო პაემნით“ სარგებლობის უფლებას შეეხება. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს და სადავო ნორმა აკმაყოფილებს საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით დაცულ უფლებაში ჩარევის კონსტიტუციურ სტანდარტს.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-5 პუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2, მე-5, მე-8 და მე-11 პუნქტების, 25-ე მუხლის პირველი, მე-3 და მე-6 პუნქტების, 27-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის და 45-ე მუხლის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ დაკმაყოფილდეს №1737 კონსტიტუციური სარჩელი („საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. გადაწყვეტილება ძალაშია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან.
3. გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
4. გადაწყვეტილების ასლი გაეგზავნოს მხარეებს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს მთავრობას და საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
5. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე და გაეგზავნოს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს “.
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი
ევა გოცირიძე
გიორგი თევდორაშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე