საქართველოს მოქალაქე ნუგზარ ნაჭყებია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | 644 |
ავტორ(ებ)ი | ნუგზარ ნაჭყეპია |
თარიღი | 20 აპრილი 2015 |
თქვენ არ ეცნობით სარჩელის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ სარჩელის დოკუმენტი
განმარტებები სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
წარმოდგენილი კონსტიტუციური სარჩელი დასაშვებია, რადგან იგი აკმაყოპილებს ”საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონით და ”საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” კანონით დადგენილ დასაშვებობის მოთხოვნებს. სახელდობრ, არსებობს აშკარა მიმართება სადაო ნორმასა და კონსტიტუციის 42-ე, 82-ე და 84 მუხლებს შორის, რადგან სადაო ნორმით იზღუდება ჩემი უფლება მივიღო სახელმწიფოს უკანონო ქმედებით მიყენებული ზიანის სრული ანაზღაურება. აგრეთვე, ა) სარჩელი ფორმითა და შინაარსით შეესაბამება ”საკონსტიტუციუ სასამართალწარმოების შესახებ” კანონის მე-16 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს; ბ) სარჩელი შეტანილია უფლებამოსილი პირის მიერ, ვინაიდან მიმაჩნია, რომ სადაო ნორმით დარღვეულია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტით აღიარებული ჩემი უფლებები; გ) სარჩელში მითითებული საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი, რადგან იგი ეხება ნორმატიული აქტის კონტიტუციორობის შემოწმებას კონსტიტუციის მეორე თავთან მიმართებით; დ) სარჩელში მითითებული სადაო საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ; ე) სარჩელში მითითებული საკითხი გადაწყვეტილია საქართველოს კონსტიტუციით; ვ) კონსტიტუციური სარჩელის შეტანის ვადა არ არის დარღვეული, რადგან კანონმდებლობით არ არის განსაზღვრული რაიმე ვადა მოცემული საკითხის განხილვისათვის; ზ) არ არსებობს გასაჩივრებულ საკანონმდებლო აქტზე იერარქიულად უფრო მაღლა მდგომი ნორმატიული აქტი, რომლის კონსტიტუციურობაზე მსჯელობის გარეშეც შეუძლებელი იქნებოდა სადაო აქტის კონსტიტუციურობაზე სრულფასოვანი მსჯელობა. |
მოთხოვნის არსი და დასაბუთება
"საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის 111-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებაში მითითებულია, რომ "მოხელე არ შეიძლება განთავისუფლებული იქნეს სამსახურიდან შტატების შემცირების, ასაკის ან ატესტაციის შედეგების გამო იმ დროის განმავლობაში, როდესაც სამსახურეობრივი ურთიერთობები შეჩერებულია" მეორე წინადადება ადგენს შემთხვევებს, როდესაც სამსახურეობრივი ურთიერთობა შეჩერებული მოხელე არ შეიძლება განთავისუფლდეს სამსახურიდან - "ანაზღაურებად შვებულებაში ყოფნისას, სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის, სასწავლო შეკრების, რეზერვისტთა მობილიზაციის დროს; მოხელის კანდიდატად წამოყენებისას საპრეზიდენტო ან წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნებში, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა." აღნიშნული ჩამონათვალი შეუსაბამოა კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტთან, 82-ე მუხლის მე-2 პუნქტთან და 84-ე მუხლის მე-5 პუნქტთან, შემდეგ გარემოებათა გამო. მოხელის სამსახურეობრივი ურთიერთობის შეჩერება ნიშნავს მოხელის დროებით გათავისუფლებას სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისაგან ("საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის 88-ე მუხლის პირველი პუნქტი), ხოლო მოხელის სამსახურეობრივი ურთიერთობის შეჩერების ერთ-ერთი საფუძველია მოხელის დროებით განთავისუფლება კანონის შესაბამისად ("საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის 89-ე მუხლის "ი" ქვეპუნქტი). ეს ის შემთხვევაა, როდესაც ხდება სასამართლოს განჩინებით ბრალდებული მოხელის თანამდებობიდან გადაყენება სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს მიერ შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე (სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 160, 161 მუხლები). სასამართლოს განჩინება ბრალდებულის თანამდებობიდან გადაყენების თაობაზე სასამართლოს აქტია, რომელიც კონსტირუციის 82-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად სავალდებულოა ყველა სახელმწიფო ორგანოსა და პირისათვის. სასამართლოს განჩინებით თანამდებობიდან გადაყენება მოხელის სამსახურეობრივი უფლება-მოსილების შეჩერებაა განჩინებაში მითითებული ვადით _ შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე, რის შემდეგაც აღმოიფხვრება სამსახურეობრივი ურთიერთობის შეჩერების საფუძველი: გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისას მოხელე გათავისუფლდება სამსახურიდან, ხოლო გამამართლებელი განაჩენის დადგენისას ან სხვა მარეაბილიტირებელი გარემოებებით სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტისას, მოხელეს აღუდგება სამსახურეობრივი ურთიერთობა. გარდა ამისა, უკანონოდ თანამდებობიდან გადაყენებისას, მოხელისათვის გარანტირებულია მიყენებული ზარალის სასამართლოს წესით სრული ანაზღაურება, რაც დადგენილია კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტით. კონსტიტუციის 84-ე მუხლის მე-5 პუნქტი ადგენს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება, შეცვლა ან შეჩერება შეუძლია მხოლოდ სასამართლოს კანონით განსაზღვრული წესით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ა) სასამართლოს განჩინებით მოხელის თანამდებობიდან გადაყენება ნიშნავს მოხელის სამსახურეობრივი ურთიერთობის შეჩერებას განჩინებაში მითითებული ვადით; ბ) ამ განჩინების გაუქმება, შეცვლა ან შეჩერება შეუძლია მხოლოდ სასამართლოს დადგენილი წესით და გ) უკანონოდ გადაყენებული მოხელე მიიღებს მისთვის მიყენებული ზიანის სრულ ანაზღაურებას სასამართლოს წესით. მიუხედავად კონსტიტუციის 84-ე მუხლის მე-5 პუნქტის იმპერატიული მოთხოვნისა, სახელმწიფო დაწესებულება შტატების შემცირების გამო ანთავისუფლებს მოხელეს, რომელიც სასამართლოს განჩინებით (მოსამართლის ბრძანებით) გადაყენებული არის თანამდებობიდან სასამართლოს შემაჯამაბელი გადაწყვეტილების მიღებამდე, (ე.ი. სამსახურეობრივი ურთიერთობები შეჩერებული აქვს სასამართლოს მიერ განჩინებაში მითითებული ვადით), რითაც აუქმებს სასამართლოს განჩინებას (მოსამართლის ბრძანებას), რაც შეუსაბამოა კონსტიტუციის 82-ე მუხლის მე-2 ნაწილის და 84-ე მუხლის მე-5 პუნქტის (აგრეთვე "საერთო სასამართლოების შესახებ" ორგანული კანონის მე-4 მუხლის პირველი და მეორე) მოთხოვნებთან. ამასთან ასეთი განთავისუფლების სასამართლოს წესით გასაჩივრების შემთხვევაში, მომჩივანს უარს ეუბნებიან "საჯარო სამსახურის შესახებ"კანონის 111-ე მუხლის პირველი პუნქტის მეორე წინადადების საფუძველზე. მე ვმუშაობდი საქართველოს კონტროლის პალატაში 1993 წლიდან, ხოლო 2004 წლის აგვისტოდან კონტროლის პალატის სოფლის მეურნეობისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტემენტის უფროსის მოადგილედ და ვითვლებოდი მოხელედ. 2005 წლის აგვისტოში ქ. თბილისის პროკურატურის მიერ მიცემული ვიქენი სისხლის სამართლის პასუხისგებაში და 11 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლის ბრძანებით #14/1323-05 გადაყენებული ვიქენი დაკავებული თანამდებობიდან სასამართლოს მიერ საქმის განხილვამდე. აღნიშნული ბრძანების საფუძველზე კონტროლის პალატის 2005 წლის 19 აგვისტოს გან-428 ბრძანებით გადაყენებული ვიქენი თანამდებობიდან სასამართლოს მიერ საქმის განხილვამდე. ჩემი სისხლის სამართლის საქმის განხილვა გაჭიანურდა და მხოლოდ 2012 წლის 07 დეკემბერს განიხილა სასამართლომ, რომლის დადგენილებით ჩემს მიმართ შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა მარეაბილიტირებელი გარემოებებით. სისხლის სამართლის კოლეგიაში საქმის განხილვამდე, კოტროლის პალატის ხელმძღვანელობამ, შტატების შემცირების მოტივით, 2007 წლის 3 ივლისს გან-520 ბრძანებით გამათავისუფლა სამსახურიდან, ამასთან მოსამართლის ბრძანების საფუძველზე გამოცემული 2005 წლის 19 აგვისტოს გან-428 ბრძანება თანამდებობიდან გადაყენების თაობაზე, რომელიმე აქტით არ გაუქმებულა. 2007 წლის 3 ივლისის გან-590 ბრძანებით ფაქტობრივად შეიცვალა ჩემი სამართლებრივი მდგომარეობა: ამ ბრძანების გამოცემამდე მოსამართლის ბრძანებით (და კონტროლის პალატის შესაბამისი ბრძანებით) გადაყენებული ვიყავითანამდებობიდან და სამსახურეობრივი ურთიერთობა შეჩერებული იყო სასამართლოში საქმის განხილვამდე, აღნიშნული ბრძანებით კი მე გამანთავისუფლეს სამსახურიდან, რითაც არსებითაც გაუქმდა მოსამართლის 2005 წლის 11 აგვისტოს ბრძანება თანამდებობიდან გადაყენების თაობაზე, მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუციის 84-ე მუხლის მე-5 პუნქტის და "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონის მე-4 მუხლის პირველი და მეორე ნაწილების შესაბამისად, სასამართლოს აქტის-მოსამართლის ბრძანების გაუქმება მხოლოდ სასამართლოს პრეროგატივაა. ამით კონტროლის პალატის მაშინდელმა ხელმძღვანელობამ, მე როგორც რეაბილიტირებულ პირს, წამართვა კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული უფლება სრულად ავინაზღაურო მოყენებული ზიანი. კონტროლის პალატის 2007 წლის 3 ივლისის ბრძანება გან-590, მისი ბათილად ცნობის მოთხოვნით, ჩემს მიერ გასაჩივრებული იქნა ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში, რომლის 2007 წლის 17 სექტემბრის გადაწყვეტილებაში მითითებულია: "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის 111-ე მუხლის პირველი პუნქტი და ამ კანონის რომელიმე სხვა ნორმა არ ზღუდავს საჯარო დაწესებულების ადმინისტრაციას რეორგანიზაციისა და შტატების შემცირების შემთხვევაში გაათავისუფლოს დაკავებული თანამდებობიდან საჯარო მოხელე, რომელსაც სამსახურეობრივი ურთიერთობა შეჩერებული აქვს სასამართლო ბრძანების გამო თანამდებობიდან დროებით გადაყენების გამო”. სასამართლო ამ მოსაზრებას აფუძნებს ჩვენს მიერ სადაოდ გამხდარ 111-ე მუხლის პირველი პუნქტის მეორე წინადადებას. პირველი ინსტანციის სასამართლოს ეს დებულება არ შეუცვლია, არც სააპელაციო და არც უზენაეს სასამართლოებს. როდესაც მე მივმართე სასამართლოს ჩემს მიერ მიღებული მატერიალური ზარალის ანაზღაურების შესახებ - 2005 წლის 11 აგვისტოდან 2012 წლის 7 დეკემბრამდე მოსამართლის ბრძანებით თანამდებობიდან გადაყენების გამო მიუღებელი ხელფასის სახით, ქ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის გადაწყვეტილებით უარი მეთქვა მოთხოვნილი თანხის სრულად ანაზღაურებაზე: სასამართლომ მომაკუთვნა მიუღებელი ხელფასი 2005 წლის 11 აგვისტოდან 2007 წლის 3 ივლისამდე პერიოდით. ვინაიდან კონტროლის პალატის გან-590 ბრძანებით განთავისუფლებული ვიყავი სამსახურიდან. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მიმაჩნია რომ "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის 111-ე მუხლის პირველი პუნქტის მეორე წინადადება შეუსაბამოა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის, აგრეთვე 82-ე მუხლის მე-2 პუნქტის და 84-ე მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნებთან და მისი გამოყენებით ირღვევა სახელმწიფო ორგანოთა უკანონო მოქმედებით დაზარალებულ პირთა უფლებები, რის გამოც გთხოვთ: ბათილად იქნეს ცნობილი ”საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 111-ე მუხლის პირველი პუნქტის მეორე წინადადება - ”ანაზღაურებად შვებულებაში ყოფნისას; სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის, სასწავლო შეკრების, რეზერვისტთა მობილიზაციის დროს; მოხელის კანდიდატად წამოყენებისას საპრეზიდენტო ან წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნებში, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა”, როგორც კონსტიტუციის შეუსაბამო ნორმა. |
სარჩელით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა