საქართველოს მოქალაქე ნუგზარ ნაჭყებია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/4/644 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - კონსტანტინე ვარძელაშვილი, ქეთევან ერემაძე, მაია კოპალეიშვილი, მერაბ ტურავა, |
თარიღი | 14 აპრილი 2016 |
გამოქვეყნების თარიღი | 14 აპრილი 2016 15:59 |
კოლეგიის შემადგენლობა:
კონსტანტინე ვარძელაშვილი – სხდომის თავმჯდომარე;
ქეთევან ერემაძე – წევრი;
მაია კოპალეიშვილი – წევრი;
მერაბ ტურავა – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე ნუგზარ ნაჭყებია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „საჯარო სამსახურის შესახებ” 1997 წლის 31 ოქტომბრის საქართველოს კანონის 111-ე მუხლის პირველი პუნქტის სიტყვების: „ანაზღაურებად შვებულებაში ყოფნისას; სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის, სასწავლო შეკრების, რეზერვისტთა მობილიზაციის დროს; საპრეზიდენტო ან წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნებში კანდიდატად წამოყენებისას, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტთან, 82-ე მუხლის მე-2 პუნქტთან და 84-ე მუხლის მე-5 პუნქტთან მიმართებით.
I.
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 20 აპრილს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №644) მიმართა საქართველოს მოქალაქე ნუგზარ ნაჭყებიამ. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადაეცა 2015 წლის 21 აპრილს. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2016 წლის 14 აპრილს.
2. №644 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილი და 89-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ” ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის „ე” ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა” ქვეპუნქტი; „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
3. მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის „საჯარო სამსახურის შესახებ” 1997 წლის 31 ოქტომბრის საქართველოს კანონის 111-ე მუხლის პირველი პუნქტის სიტყვების: „ანაზღაურებად შვებულებაში ყოფნისას; სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის, სასწავლო შეკრების, რეზერვისტთა მობილიზაციის დროს; საპრეზიდენტო ან წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნებში კანდიდატად წამოყენებისას, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტთან, 82-ე მუხლის მე-2 პუნქტთან და 84-ე მუხლის მე-5 პუნქტთან მიმართებით.
4. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 111-ე მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, დაუშვებელია შტატების შემცირების ან ატესტაციის შედეგების გამო მოხელის სამსახურიდან გათავისუფლება იმ დროის განმავლობაში, როდესაც მისი სამსახურებრივი ურთიერთობები შეჩერებულია: ანაზღაურებად შვებულებაში ყოფნისას, სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის, სასწავლო შეკრების, რეზერვისტთა მობილიზაციის დროს, საპრეზიდენტო ან წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნებში კანდიდატად წამოყენებისას.
5. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი ადგენს, რომ „ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან“. 82-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, „სასამართლოს აქტები სავალდებულოა ყველა სახელმწიფო ორგანოსა და პირისათვის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე“, ხოლო 84-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, „სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება, შეცვლა ან შეჩერება შეუძლია მხოლოდ სასამართლოს კანონით განსაზღვრული წესით“.
6. №644 კონსტიტუციური სარჩელის თანდართული მასალიდან ირკვევა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 11 აგვისტოს სასამართლოს ბრძანებით ნუგზარ ნაჭყებია გადაყენებულ იქნა საქართველოს კონტროლის პალატის სოფლის მეურნეობის და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობიდან სასამართლოს მიერ საქმის განხილვამდე. საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2007 წლის 3 ივლისის Nგან-590 ბრძანებით ნუგზარ ნაჭყებია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 96-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 97-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად გათავისუფლდა სამსახურიდან. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 7 დეკემბრის N1/1975-06 დადგენილებით, მოსარჩელის მიმართ შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა მარეაბილიტირებელი გარემოებებით.
7. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ კონტროლის პალატის 2007 წლის 3 ივლისის ბრძანება Nგან-590 გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში და მოითხოვა მისი ბათილად ცნობა. სასამართლოს 2007 წლის 17 სექტემბრის გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის 111-ე მუხლის პირველი პუნქტი და ამ კანონის რომელიმე სხვა ნორმა არ ზღუდავს საჯარო დაწესებულების ადმინისტრაციას, რეორგანიზაციისა და შტატების შემცირების შემთხვევაში გაათავისუფლოს დაკავებული თანამდებობიდან საჯარო მოხელე, რომელსაც სამსახურეობრივი ურთიერთობა შეჩერებული აქვს სასამართლო ბრძანების საფუძველზე თანამდებობიდან დროებით გადაყენების გამო. თბილისის საქალაქო სასამართლოს ზემოაღნიშნული არგუმენტაცია გაიზიარეს სააპელაციო და უზენაესმა სასამართლოებმაც. მოსარჩელის განმარტებით, სასამართლო აღნიშნულ პოზიციას სადავო ნორმიდან გამომდინარე ავითარებს.
8. მოსარჩელე მხარისთვის პრობლემატურია ის გარემოება, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, მიყენებული მატერიალური ზიანის ოდენობა გამოითვლება 2005 წლის 11 აგვისტოდან (როდესაც მოსამართლის ბრძანების საფუძველზე მოხდა მოსარჩელის დაკავებული თანამდებობიდან გადაყენება) 2007 წლის 3 ივლისამდე (როდესაც მოხდა მოსარჩელის დაკავებული თანამდებობიდან განთავისუფლება), მაშინ როდესაც, მისი აზრით, მიუღებელი შემოსავლის გამოთვლის მიზნებისათვის განაცდური პერიოდი უნდა ყოფილიყო 2005 წლის 11 აგვისტოდან 2012 წლის 7 დეკემბრამდე (როდესაც მოსარჩელის მიმართ შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა მარეაბილიტირებელი გარემოებებით).
9. მოსარჩელე თვლის, რომ საერთო სასამართლოების ზემოთ ხსენებულ პოზიციას განაპირობებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის სადავოდ გამხდარი სიტყვების რედაქცია, რადგან იგი სამსახურებრივი ურთიერთობების შეჩერების იმ საფუძვლებს შორის, რომელთა არსებობის პერიოდშიც დაუშვებელია შტატების შემცირების, ასაკის ან ატესტაციის შედეგების გამო მოხელის სამსახურიდან განთავისუფლება არ მოიაზრებს სასამართლოს განჩინებით ბრალდებული მოხელის თანამდებობიდან გადაყენების შემთხვევას, რამაც საშუალება მისცა კონტროლის პალატის ხელმძღვანელობას გაეთავისუფლებინა მოსარჩელე დაკავებული თანამდებობიდან.
10. ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 111-ე მუხლის პირველი პუნქტის გასაჩივრებული სიტყვები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტს.
11. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2007 წლის 3 ივლისის Nგან-590 ბრძანებით ფაქტობრივად გაუქმდა სასამართლოს ზემოაღნიშნული ბრძანება, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 82-ე მუხლის მე-2 პუნქტსა და 84-ე მუხლის მე-5 პუნქტს. მოსარჩელის მითითებით, აღნიშნულის განხორციელების საშუალებას სწორედ სადავო ნორმა იძლევა.
12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ” 1997 წლის 31 ოქტომბრის საქართველოს კანონის 111-ე მუხლის პირველი პუნქტის სიტყვები: „ანაზღაურებად შვებულებაში ყოფნისას; სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის, სასწავლო შეკრების, რეზერვისტთა მობილიზაციის დროს; საპრეზიდენტო ან წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნებში კანდიდატად წამოყენებისას, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა“ არაკონსტიტუციურია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტთან, 82-ე მუხლის მე-2 პუნქტთან და 84-ე მუხლის მე-5 პუნქტთან მიმართებით.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღება, თუ ის აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. მათ შორის „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნას, რომლის თანახმადაც, სარჩელი შეტანილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის (სუბიექტის) მიერ.
2. მოცემულ საქმეზე მოსარჩელე არის საქართველოს მოქალაქე. შესაბამისად, მას უფლება აქვს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელით მიმართოს საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე. აღნიშნული ნორმების თანახმად, საქართველოს მოქალაქეებს (ისევე როგორც ამავე ნორმებით გათვალისწინებულ სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებს) მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვთ უფლება, მიმართონ სარჩელით საკონსტიტუციო სასამართლოს, თუ მიაჩნიათ, რომ ნორმატიული აქტით ან მისი ნაწილით დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი ძირითადი უფლებები და თავისუფლებები. ამავე კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლო იხილავს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის საკითხებთან მიმართებით მიღებული ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობის საკითხს. დასახელებულ ნორმებზე დაყრდნობით, საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთხელ დააფიქსირა, რომ აღნიშნული კომპეტენციის ფარგლებში სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის საჭიროა, მოსარჩელე მოითხოვდეს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით გათვალისწინებულ ნორმებთან მიმართებით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 დეკემბრის განჩინება №2/5/492 საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2,3; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 22 დეკემბრის განჩინება №1/5/517 საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ჯუმბერ თავართქილაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 27 თებერვლის განჩინება №1/2/541 საქმეზე „მაია ხელაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2).
3. მოსარჩელე სადავო ნორმას კონსტიტუციის 82-ე მუხლის მე-2 პუნქტთან და 84-ე მუხლის მე-5 პუნქტთან მიმართებითაც ასაჩივრებს. საქართველოს კონსტიტუციის აღნიშნული ნორმები მოქცეულია საქართველოს კონსტიტუციის არა მეორე, არამედ მეხუთე თავში. შესაბამისად, მოსარჩელე არ წარმოადგენს უფლებამოსილ სუბიექტს, იდავოს სადავო ნორმის არაკონსტიტუციურობაზე საქართველოს კონსტიტუციის დასახელებულ დებულებებთან მიმართებით.
4. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საჯარო სამსახურის შესახებ” 1997 წლის 31 ოქტომბრის საქართველოს კანონის 111-ე მუხლის პირველი პუნქტის სიტყვების: „ანაზღაურებად შვებულებაში ყოფნისას; სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის, სასწავლო შეკრების, რეზერვისტთა მობილიზაციის დროს; საპრეზიდენტო ან წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნებში კანდიდატად წამოყენებისას, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 82-ე მუხლის მე-2 პუნქტთან და 84-ე მუხლის მე-5 პუნქტთან მიმართებით შემოტანილია არაუფლებამოსილი სუბიექტის მიერ და არსებობს მისი არსებითად განსახილველად არმიღების „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
5. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს“. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი განისაზღვრება კონსტიტუციურ სარჩელში იმ მტკიცებულებათა წარმოდგენის ვალდებულება, რომელიც ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას. საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). ამავე დროს „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე ,,საქართველოს მოქალაქეები შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-9). წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი მიიჩნევა დაუსაბუთებლად და, შესაბამისად, არ მიიღება არსებითად განსახილველად.
6. №644 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე სადავო ნორმას ასევე ასაჩივრებს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტთან მიმართებით. მოსარჩელე უთითებს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს განჩინებით მოხდა მისი თანამდებობიდან გადაყენება საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, ხოლო ამ განჩინების მოქმედების პერიოდში იგი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან კადრების შემცირების გამო. მოსარჩელე სადავო ნორმას არაკონსტიტუციურად მიიჩნევს იმდენად, რამდენადაც თვლის, რომ იგი ქმნის საჯარო მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველს ამავე კანონის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის საფუძველზე სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერების პერიოდში, ხოლო სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერების პერიოდში მოხელის სამსახურიდან გათავისუფლება გამორიცხავს მისთვის მიყენებული ზიანის სრულად ანაზღაურების ვალდებულებას.
7. აშკარაა, რომ სასარჩელო მოთხოვნის ამგვარად დაყენება ეფუძნება მოსარჩელის მიერ სადავო ნორმების შინაარსის არასწორ აღქმას. „საჯარო სამსახურის შესახებ” 1997 წლის 31 ოქტომბრის საქართველოს კანონის 111-ე მუხლის პირველი პუნქტი ადგენს იმ გარემოებების ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში დაუშვებელია შემცირების ან ატესტაციის შედეგების გამო მოხელის სამსახურიდან გათავისუფლება. სადავო ნორმა არ განსაზღვრავს მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების სამართლებრივ საფუძველს და უკანონოდ გათავისუფლების შედეგად მოხელისათვის მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურების წესს. ამის საპირისპიროდ სადავო ნორმა ადგენს მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების აკრძალვას კონკრეტული გარემოებების არსებობისას. აღნიშნულიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ მხარე არაკონსტიტუციურად მიიჩნევს სადავო ნორმის ისეთ შინაარსს, რომელიც მას საერთოდ არ გააჩნია. შესაბამისად, N644 კონსტიტუციურ სარჩელში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად არ შეეხება სადავო ნორმას.
8. იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე თვლის, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 89-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერების პერიოდში დაუშვებელი უნდა იყოს მოხელის სამსახურიდან გათავისუფლება, მაშინ მან კანონის ის ნორმები უნდა გაასაჩივროს, რომელიც სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველს ადგენს.
9. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტთან მიმართებით, №644 სარჩელი დაუსაბუთებელია და სახეზეა მისი არსებითად განსახილველად არმიღების „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 43-ე მუხლის მე-5, მე-7 და მე-8 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის, მე-18 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების და 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. კონსტიტუციური სარჩელი №644 (საქართველოს მოქალაქე ნუგზარ ნაჭყებია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინების ასლი გაეგზავნოს მხარეებს.
კოლეგიის შემადგენლობა:
კონსტანტინე ვარძელაშვილი
ქეთევან ერემაძე
მაია კოპალეიშვილი
მერაბ ტურავა