საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N2/8/1675 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, ხვიჩა კიკილაშვილი, |
თარიღი | 23 დეკემბერი 2022 |
გამოქვეყნების თარიღი | 30 დეკემბერი 2022 16:18 |
კოლეგიის შემადგენლობა:
მანანა კობახიძე – სხდომის თავმჯდომარე;
ირინე იმერლიშვილი – წევრი;
ხვიჩა კიკილაშვილი – წევრი;
თეიმურაზ ტუღუში – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე.
სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.
საქმის დასახელება: საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, ასევე „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის და 31-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 7 თებერვალს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1675) მომართა საქართველოს სახალხო დამცველმა. №1675 კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადმოეცა 2022 წლის 10 თებერვალს. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2022 წლის 23 დეკემბერს.
2. №1675 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი.
3. „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, პენსია შეჩერდება პირის წინასწარ პატიმრობაში ყოფნის ფაქტის წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, ხოლო იმავე კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ პენსია შეწყდება სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლისას, რომლითაც პირს შეეფარდა თავისუფლების აღკვეთის აღსრულება პენსიის შეჩერების დღიდან. „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, კომპენსაცია შეჩერდება პირის წინასწარ პატიმრობაში ყოფნის ფაქტის წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, ხოლო იმავე კანონის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ კომპენსაცია შეწყდება სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლისას, რომლითაც პირს შეეფარდა თავისუფლების აღკვეთის აღსრულება კომპენსაციის შეჩერების დღიდან.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით აღიარებული და უზრუნველყოფილია საკუთრების და მემკვიდრეობის უფლება. აღნიშნული მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, „საჯარო ინტერესებისათვის დასაშვებია ამ უფლების შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით“.
5. №1675კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია, რომ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონი ადგენს ე.წ. სახელმწიფო პენსიას, რომელიც ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან და ეფუძნება თაობათა შორის სოლიდარობის პრინციპს. ამ მხრივ, გადასახადის გადამხდელს გააჩნია ლეგიტიმური მოლოდინი, რომ შესაბამისი საპენსიო ასაკის მიღწევისას, სამომავლოდ, იგიც მიიღებს სახელმწიფო პენსიას. თავის მხრივ, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონი ადგენს საქართველოს მოქალაქეების სოციალური დაცვის გარანტიებს სახელმწიფოს წინაშე განსაკუთრებული სამსახურის გავლის, აგრეთვე ამ პირთა მიერ შესაბამისი ასაკის მიღწევის, შესაძლებლობის შეზღუდვის და გარდაცვალების გამო. მოსარჩელის განმარტებით, სახელმწიფო პენსიასა და კომპენსაციას აქვთ მსგავსი დანიშნულება და გულისხმობს პირთა ყოველთვიურ ფულად უზრუნველყოფას, ხოლო დანიშვნასა და გაცემასთან დაკავშირებული საკითხები შესაბამისი კანონმდებლობითაა რეგულირებული. ამდენად, მიზანშეწონილია, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნული საკითხები ერთი სარჩელის ფარგლებში განიხილოს.
6. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, გასაჩივრებული ნორმები თავისუფლებააღკვეთილ ბრალდებულ/მსჯავრდებულ პირთათვის სახელმწიფო პენსიისა და კომპენსაციის მიღების უფლების შეწყვეტასა და შეჩერებას ითვალისწინებს. მოსარჩელის არგუმენტაციით, ის ფაქტი, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში პირი იმყოფება სახელმწიფოს კმაყოფაზე, არ ცვლის ყოველთვიურად საკუთარი შემოსავლის ქონის საჭიროებას, რადგან რიგი მნიშვნელოვანი უფლებების ეფექტურად განსახორციელებლად, აუცილებელი პირობაა ფინანსური შესაძლებლობების ქონა. მოსარჩელე აპელირებს, რომ მიუღებელია, სახელმწიფოს მხრიდან, პენიტენციურ დაწესებულებაში შენახვის ხარჯი აღქმული იყოს პენსიისა და კომპენსაციის ჩანაცვლებად, რადგან პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებულ პირს არათუ ერთმევა ფინანსური სარგებლის მიღების ინტერესი, არამედ, პირიქით, განსაკუთრებულ ხასიათს იღებს.
7. მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს წინაშე განსაკუთრებული სამსახურის გაწევის ფონზე, პირს აქვს ლეგიტიმური მოლოდინი, რომ კანონით გათვალისწინებულ პირობათა დაკმაყოფილების შემთხვევაში, იგი მიიღებს სახელმწიფო კომპენსაციას. აღნიშნულ მოლოდინს ქმნის „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონის დებულებები. შესაბამისად, მოსარჩელე აპელირებს, რომ კომპენსაციის კონტექსტში უფლების შეზღუდვა საკონსტიტუციო სასამართლომ მკაცრ შემოწმებას უნდა დაექვემდებაროს.
8. კონსტიტუციურ სარჩელში, თავის მხრივ, მითითებულია, რომ სახელმწიფოს მხრიდან პენსიის გადახდა არ არის სახელმწიფოს მიერ მიღებული სარგებლის ან სახელშეკრულებო ურთიერთობისთვის დამახასიათებელი საპასუხო შესრულება. თუმცა, მოსარჩელე მხარის აზრით, გასაჩივრებული ნორმებით სახელმწიფო პენსიის მიღების შეზღუდვა ეხება განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფს (თავისუფლებააღკვეთილ მსჯავრდებულ/ბრალდებულ პირებს), რომელთა მიერ დამოუკიდებლად შემოსავლის მიღების შესაძლებლობა ძალიან მწირია. მოსარჩელე მიუთითებს, რომ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის გასაჩივრებულ ნორმათა პირობებში, მითითებული პირები ფაქტობრივად რჩებიან საარსებო მინიმუმის გარეშე, შესაბამისად, შეზღუდვა კონკრეტული კატეგორიის საპენსიო ასაკს მიღწეულ პირებს აკისრებს გადამეტებულად მძიმე ტვირთს.
9. მოსარჩელის განმარტებით, სადავო ნორმებით დადგენილი შეზღუდვის მნიშვნელოვანი საჯარო ლეგიტიმური მიზნები შეიძლება იყოს სახელმწიფო ხარჯების რაციონალიზაცია, სოციალური სამართლიანობის უზრუნველყოფა და სახელმწიფო ეკონომიკური კეთილდღეობის დაცვა. თუმცა კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია, რომ 2020 წლის რელევანტური სტატისტიკით მსჯავრდებული 12,980 ადამიანიდან მხოლოდ 66 იყო პენსიონერი. აქედან გამომდინარე, მოსარჩელე მიუთითებს, რომ პენსიისა და კომპენსაციის მიმღებ პირთა რაოდენობის სიმცირის გამო, მათთვის ყოველთვიური სარგებლის შეჩერება/შეწყვეტა ვერ ჩაითვლება საბიუჯეტო სახსრების იმგვარ დაზოგვად, რომელმაც შეიძლება არსებითი გავლენა იქონიოს სახელმწიფოს ფისკალურ და ეკონომიკურ უსაფრთხოებაზე.
10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე თვლის, რომ გასაჩივრებული ნორმები გაუმართლებლად ზღუდავს საკუთრების უფლებას და არაკონსტიტუციურად უნდა იყოს ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
11. №1675კონსტიტუციურ სარჩელში არგუმენტაციის გასამყარებლად მითითებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია მიიჩნევს, რომ №1675 კონსტიტუციური სარჩელი სრულად აკმაყოფილებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის რომელიმე საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის პირველი პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად №1675 კონსტიტუციური სარჩელი („საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.
3. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
4. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
5. საოქმო ჩანაწერი გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
მანანა კობახიძე
ირინე იმერლიშვილი
ხვიჩა კიკილაშვილი
თეიმურაზ ტუღუში